„ვენერას ცრემლი“ - 1
«და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, მზად იყვნენ ყოველ საათსა და დღეს, თვესა და წელიწადს... ადამიანთა მესამედის ამოსაწყვეტად». გამოცხადება იოანე მოციქულისა: თავი 9, მუხლი 15 ავტომობილი აღარაფრად ვარგოდა, ძველი იყო, საღებავგადაცლილი, უშნო. მეოცე საუკუნის მიწურულს გახლდათ დამზადებული. სწორედ ეს იყო ყოველივეს მიზეზი, რადგან მისი აღმავლობა განლეულ საუკუნეს ჩაბარდა. ახლა ამგვარი მოდელის ავტომობილებს არ ამზადებდნენ, ქუჩებში ერთსაც ვერ ნახავდით თვლიან ავტომანქანებს, პირიქით მთელი ქალაქი ანტიგრავიტომობილებით იყო გაჭედილი. აპარატებით, რომლებიც თვლების გარეშე ანტიგრავიტაციის წყალობით გადაადგილდებოდნენ. დედამიწის მოსახლეობას, მსხვილი საავტომობილო ფირმების წარმომადგენლები ყოველწამს ჩასჩიჩინებდენ ამ აპარატების დადებით მხარეებს: - ,,ანტიგრავიტომობილები ჩვეულებრივი თვლიანი ავტომობილებიდან ბევრი რამით განსხვავდებიან» - ხშირ-ხშირად იმეორებდნენ სარეკლამო აგენტები - ,,სისწრაფით, კომფორტით, დიზაინით და ბოლოს მათ მთავარ პრივილეგიას ანტიგრავიტაცია წარმოადგენს, როცა თქვენ ანტიგრავიტომობილით მგზავრობთ და 400 კილომეტრ საათში სიჩქარით მიჰქრით ულევ გზატკეცილზე, თქვენ ვერ გრძნობთ ჯაყ-ჯაყს, რყევას, არ შეგაწუხებთ საბურავების წივილი, რაც ესოდენ დამახასიათებელია თვლიანი ავტომობილებისთვის, ამიტომ გირჩევთ შეიძინოთ ანტიგრავიტომობილი, შეიქმენით კომფორტი და ცისფრად შეღებეთ ცხოვრების შავი ზოლი.» Dრაც არ უნდა გულსატკენი იყოს, აღსანიშნავია რომ, კომპანიების დაქირავებული აგენტები სრულ სიმართლეს გაიძახოდნენ, ანტიგრავიტომობილები ასი თავით სჯობდნენ ჩვეულებრივ ავტომობილებს, არ საჭიროებდნენ საწვავის ხშირ შევსებას, რადგან უფრო მოსახერხებელი მშრალი, ნახევრად ბირთვული საწვავიდან იღებდნენ ენერგიას, რომელიც რამდენიმე წელი კმაროდათ, ისინი განსაკუთრებული, მინიატურული ანტიგრავიტაციული რეაქტორების წყალობით, დედამიწიდან განიზიდებოდენ და ორმცდაათიოდე სანტიმეტრის სიმაღლეზე ,,მიფრინავდენ», დიახ მიფრინავდენ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ტრანსპორტირების ამგვარ საშუალებას, სხვა სახელს ვერც უწოდებს ადამიანი. ხოლო ყველას მიერ მიტოვებული თვლიანი ავტომობილები, ობლად ეყარნენ ქალაქის მიყრუებულ უბნებში, საგულდაგულოდ შექმნილ ავტომანქანების სასაფლაოებზე. ********** ლერი ზღვაური ნერვულად შეტოკდა, შემდეგ გაცვეთილ, ფერდაკარგულ სავარძელში ღრმად ჩაეფლო და ქალაქის მოკაშკაშე ნათურებს გახედა. ის თავის ავტომობილთან ერთად ქალაქის განაპირას იდგა და ფიქრობდა, ფიქრობდა თვლიან ავტომობილებზე და ჰიპერთანამედროვე ანტიგრავიტომობილებზე, შემდეგ ხმამაღლა ამოიოხრა, მანქანის ღია კარი მოიჯახუნა და ძრავი დაქოქა. მცირეხნიანი დასვენების შემდეგ, დრო იყო სამუშაოს შესდგომოდა, თუმცა სამუშაო არც თუ ისე სახარბიელო ჰქონდა. ლერი კარგად ერკვეოდა კიბერნეტიკაში და ეხერხებოდა პატარ-პატარა ტექნიკურ-ელექტრონული «სასწაულების» მოხდენა, ის ელექტროკიბერნეტიკოსი იყო, თავის დანჯღრეულ საბურავებიან ფურგონს მთელ ქალაქში დააჯაყჯაყებდა და ქალაქის მცხოვრებლებს სამსახურს სთავაზობდა, ხან პირად კომპიუტერს შეაკეთებდა, ხან კიბერნეტიკულ სამზარეულო ,,კომბაინს» აახლებდა და ასეთ უწყინარ სამსახურში გვარიან გასამრჯელოს იღებდა. დღეს არ გაუმართლა... რის სამუშაო, რა სამუშაო... მუშაობა კი არა მთელი დღე მანქანაში უქმად მჯდარმა გაატარა, ერთი სპეციალის გაკეთებაც ვერ მოახერხა. მართლაც ანდამანტივით მიმზიდველი ძალა გააჩნდა ამ სპეციალურად შექმნილ საპლანეტაშორისო ვალუტას, რომელიც სრულიად მზის სისტემის უმთავრეს ვალუტად ითვლებოდა, მან თავისი დიდებით ფულის ყოველგვარი ერთეული დაჩრდილა, მზის სისტემის ყოველი მოქალაქე ერთხმად აღიარებდა სპეციალს დღემდე არსებული ვალუტების მეფედ. ლერიც იზიარებდა ადამიანთა უმეტესობის აზრს, ისიც თვლიდა სპეციალს არსებობის ერთადერთ წყაროდ და ახლა საკუთარ თავზე ბრაზი მოსდიოდა, უქმად გაცდენილი დღე კარგს არაფერს მოუტანდა. ამიტომ დაძაბული ჩაბჯენოდა საჭეს და ფურგუნის ათუხთუხებულ ძრავს უსმენდა. ძრავმა მხოლოდ ორიოდე წუთი ითუხთუხა, ბევრი იწვალა, ავტომანქანაც ბნედიანივით აცახცახდა და ღონემილეული ჩაჩუმდა. - წყეული ჯაბახანა, - ლერიმ თავისთვის ჩაიბურტყუნა და ჯიუტად გადააბრუნა სტარტერი, კვლავ საცოდავად აბუყბუყდა ძრავი, უმაქნისად იზუზუნა, იხრიგინა და დადუმდა. - არა, ღმერთმანი, თუკი საშუალება მომეცა, ანტიგრავიტომობილს ვიყიდი, - გულმოსულმა დაჰკრა ხელი საჭეს, მან იცოდა, რომ ამ პლანეტაზე არასოდეს ექნებოდა ანტიგრავიტომობილის ყიდვის საშუალება. ცოტა ხანი შეიცადა თითქოს მანქანის შემზადებას აპირებსო, შემდეგ კი ისევ დაქოქა ძრავი, მოტორი ხმამაღლა აზუზუნდა, აძაგძაგდა და მისდა გასაკვირად ამუშავდა. ლერი წამით გაირინდა, გაისუსა, ყური დაუგდო მომუშავე ძრავს, ეგონა ისევ წყვეტდა თავის არსებობას, მაგრამ მოტორი მუშაობას განაგრძობდა, ავტომობილს საკვამურიდან ბოლქვა-ბოლქვად ეჭრებოდა რუხი კვამლი, რომელიც ღამეულ ცაში იფანტებოდა. გახარებულმა რაღაც ჩააღიღინა, აქსელატორს ფეხი ფრთხილად დააჭირა. ფურგონი ხრიგინით გადაგორდა თავდაღმართზე და ღამის ლამპიონებით განათებულ ქალაქისაკენ დაეშვა. მართლაც რომ თვალწარმტაცი იყო ღამით ქალქი, სიმეტრიულად ჩამწკრივებული ლამპიონები, გეომეტრიულ ფიგურებს ქმნიდნენ, მშვენებას მატებდენ განათებულ ქუჩებს. ოღონდ ქალაქი მხოლოდ ღამით იყო ლამაზი, რადგან როგორც კი მზე ცის კაბადონზე გამოაჭყიტებდა, სიმეტრიულად ჩამწკრივებული მომნუსხველად მოკაშკაშე ლამპიონების ნაცვლად, ადამიანი რუხ, უფორმო და ულამაზო ქალაქს დაინახავდა, რომელიც ათასფრად აჭრელებულიყო ჭყეტელა საღებავებით შეღებილი, მყვირალა რეკლამებით. ქალაქს რომელშიც მილიონობით ადამიანი «ბედნიერად» ცხოვრობდა, თუკი ასეთ ცხოვრებას ბედნიერს უწოდებს კაცი, რადგან ბედნიერებას თავისი პირდაპირი გაგება დაეკარგა, ადამიანები თავს ბედნიერად მაშინ გრძნობდნენ, როცა სიკვდილის მომტანი რადიაცია და ძლიერი ყოვლისმმუსვრელი ნეიტრონების ნაკადები აღარ აწუხებდათ. ეს ქალაქიც დედამიწის ყოველ კუთხე-კუნჭულში გაბნეული ქალაქებისგან განსხვავებით ამ «სიკეთეს» მოკლებული გახლდათ, აქ არ ჰკლავდა რადიაცია მოსახლეობას, რადგან ის ზღვის დონიდან რამდენიმე ათასი მეტრით დაბლა იყო გაშენებული, რადიაცია კი სიკვდილთან ერთად სადღაც ზემოთ დარჩენილიყო... და ქალაქელებიც უბრალოდ შეგუებოდნენ ამგვარ ,,ბედნიერ» ყოფას. ,,შავი ქალაქი», ასე ეძახდნენ მას, ის მესამე მსოფლიო ომის შემდეგ გაშენდა, ომმა პირწმინდად აღგავა პირისაგან მიწისა აყვავებული დედამიწა, დაიწვა და გაპარტახდა შვიდივე კონტინენტი, ზღვამ შთანთქა გრელანდია და იაპონია, არარსებულივით გაჰქრნენ მსოფლიოს უმშვენიერესი ქალაქები: - თბილისი, პარიზი, ლონდონი, რომი, ნიუ-იორკი, სიდნეი, ქაირო, რიო-დე-ჟანიერო... და ეს ქალაქი როგორც აყვავებული ქალაქების შემცვლელი ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით ჩაისახა. ის საქართველოს მახლობლად გააშენეს, რომელიც ახლა გადახრუკულ უდაბნოს წარმოადგენდა. რადიაქტიურ უდაბნოს, სადაც ადამიანის გავლა, გამოსხივებად საწინააღმდეგო დამცავი სკაფანდრების გარეშე რეკომენდირებული არ იყო. ლერის ბუნდოვნად აგონდებოდა ის დღეები, როდესაც მთაგორიან სოფელში მწვანე ბალახით მოსილ მინდორზე დარბოდა, მაგრამ სადღა იყო ახლა მისი მთაგორიანი სოფელი? მისი სამშობლო - საქართველო. ბუმბერაზი მყინვარებიც კი ძლევამოსილი ატომის წყალობით ქვიშად ქცეულიყო. ლერიმ ამოიოხრა, მის თვალწინ მომენტალურად გაიელვა, მესამე მსოფლიო ომის ყოველმა კოშმარმა, გაახსენდა ბედუკუღმართი დრო, როცა მფრინავი ავტომატური გამანადგურებლები უსულგულოდ წყვეტდნენ უდანაშაულო მოსახლეობას. მაშინ ლერი მხოლოდ 8 წლის იყო, მაგრამ იწვნია ომის საშინელება, ყოველთვის გულს უხეთქავდა იმის გახსენება, თავ-თავიანთი სამშობლოდან გამოძევებული საცოდავი ლტოლვილები, როგორ მიდიოდნენ ფეხშიშველნი გაუთავებელ რადიაქტიურ უდაბნოში, გამოსხივებიდან უშრებოდათ სისხლი, უსივდებოდათ სხეული, უწყლულდებოდათ შიგნეულობა და კვდებოდნენ... კვდებოდნენ უაზროდ, უმიზნოდ და ნეტა რისთვის? ლერიმ ავტომობილი დაამუხრუჭა და ლამპიონებით განათებულ ქალაქში ფრთხილად შევიდა. ქალაქის სახელს თავისი წარმოშობის ისტორია გააჩნდა: - «შავი ქალაქი», შავი ზღვის ფსკერზე იყო წამოჭიმული, სწორედ აქედან წარმოიშვა მისი სახელიც: შავი ზღვა, «შავი ქალაქი», ოღონდ ზღვა ახლა სრულიად დამშრალიყო, ნახევრად ატომური ომის წყალობით და ნახევრად დაუცხრომელი კოსმოსელების დახმარებით. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა რაც ინჟინრებმა, შავ ზღვას ოკეანესთან დამაკავშირებელი ბოსფორის სრუტე გადაუკეტეს და გიგანტური ცისტერნებით, შავი ზღვის წყალი მარსისკენ გააქანეს, რათა წითელი პლანეტა დედამიწისეული წყლით მოერწყოთ. მათ შრომას უნაყოფოდ არ ჩაუვლია, მარსზე ახლა სიცოცხლე ჩქეფდა, ადამიანთა პაწაწინა კოლონიები უზარმაზარ ქალაქებად გადაქცეულიყვნენ, უფრო მეტიც დედამიწაზე მარსიდან საუკეთესო თამბაქო შემოჰქონდათ, მაგრამ ამ სიკეთეს შავი ზღვა შეეწირა, ჯერ ტალახიან შორეთად იქცა, შემდეგ კი დაშრა და მის ნოყიერ შლამით დაფარულ ფსკერზე მრავალმილიონიანი ქალაქი წამოიჭიმა... დედამიწის დედაქალაქი! ********** ლერიმ ზანტად ჩართო ძველი მე-20 საუკუნის დროინდელი რადიომიმღები, ტრიალა ბერკეტი ნელ-ნელა გადააბრუნა და წითელი, მოძრავი ხაზი საჭირო სიხშირეზე დააყენა. რადიომიმღებიდან უხეირო, თანამედროვე მუსიკის ჰანგები გაისმა, უყურადღებოდ უსმენდა მუსიკას, ის რამდენჯერმე ეცადა სასიამოვნო ჰანგების დაჭერას, ჭყვიტინა ინსტრუმენტების ამ გაუთავებელ დომხალს შორის, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ამიტომ გაწბილებულმა მოავლო თვალი ქალაქის ქუჩებს. ყველაზე პრესტიჟულ «მდიდარ კვარტალში» იმყოფებოდა, აქ ცხოვრობდნენ ომის შემდეგ წელწამოდგმული მილიონრები, კომერსანტები, პოლიტი-კოსები: მოკლედ კაცობრიობის ნაღები საზოგადოება, რომლებიც პაწაწინა რადიაციით გაჟღენთილ ქალაქებში ცხოვრებას, სადაც სიკვდილი ყოველ მოქალაქეს აჩრდილივით ედგა ზურგსუკან, ყოველთვის «შავ ქალაქში" ცხოვრებას ამჯობინებდა. «მდიდარი კვარტალის» ქუჩები, ღარიბ კვარტლებთან შედარებით, ბრწყინვალედ გამოიყურებოდა სუფთად დაგვილი, მოპრიალებული. ელექტროშუქით გაჩახჩახებულ მაღაზიების ვიტრინებში მომხიბველად მოძრაობდნენ, ლამაზად გამოპრან-ჭული რობოტი-მანეკენები და მაღაზიის საქონელს რეკლამას უწევდნენ. საროსკიპოებსა და კაზინოების თავზე ჰოლოგრამული ილუზიით ისახებოდა ყბადაღებული ციტატები: «მობრძანდით კაზინო «კიბერში» ერთს წააგებთ, ასს მოიგებთ» ან კიდევ «ყველაზე საუკეთესო გოგონები მხოლოდ ერთი ღამით». ლერი ღიმილით კითხულობდა ამ ბრდღვიალა ასოებს და იცოდა, კაზინოში თუკი შეხვიდოდი, მოგების ნაცვლად პროფესიონალი შულერები, უკანასკნელ გროშამდე გაგატყავებდნენ, საროსკიპოებში კი «ყველაზე საუკეთესო გოგონები» ათასჯერ ნაოპერაციები და გამოსხივებისაგან დაძაბუნებული დედაბრები იყვნენ. სწორედ აქ წყდებოდა «მშვენიერი» იდილია «მდიდარი კვარტალისა», რადგან ქალაქის მცხოვრებნი აშკარად ამჟღავნებდნენ თავიანთ უზნეო ხასიათს, ლამაზად გაწყობილ ქუჩებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იდგნენ კაბაწამოხდილი მეძავი ქალები. სავაჭრო ცენტრის წინ კი სახეგაფითრებული ნარკომანები მიყრილიყვნენ, რომლებიც გამოლენჩებული თვალებით ათვალიერებდნენ ამვლელ-ჩამომვლელს... და რას აკეთებდა ამ დროს პოლიცია? ჰმ, პოლიცია არაფერსაც არ აკეთებდა, პირიქით თავად ერთობოდა მეძავებთან ძვირადღირებულ ბორდელებში და ჩამოკონკილ მაწანწალებთან ერთად ეწეოდა ქალაქის ბნელ ჩიხებში ს. ომმა ძალიან დააზარალა დედამიწა, მოსახლეობის ნახევარი ბირთვული შეტევის დროს დაიღუპა, მეორე ნახევარი კი რადიაქტიურმა გამოსხივებამ იმსხვერპლა, მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილი გადაურჩა ყოვლისმმუსვრელ რადიაციას. დედამიწა ომის შემდგომ ნელ-ნელა იმართებოდა მხრებში, ცხოვრება ინერციით მიდიოდა, მოსახლეობა ავტომატურად ასრულებდა ლამის ინსტიქტად ქცეულ მოვალეობას, მაგრამ დროთა განმავლობაში უკონტროლო მოსახლეობა არასწორი მიმართულებით განვითარდა, მათ ცივილიზებურობა დაკარგეს, ძალადობა დედამიწური ყოფისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მოსახლეობა ნელ-ნელა ძირს დაეშვა, ისე როგორც დედაქალაქმა გადაინაცვლა რადიაქტიური მაღლობიდან, დამშრალი ზღვის ფსკერისაკენ. მოქმედი ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა პლანეტაზე მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას, ქალაქებში მკვეთრად იმატა დანაშაულებებმა, მომრავლდნენ ქურდ-ბაცაცები, ამოქმედდა მე-20 საუკუნის დროინდელი მაფია, კრიმინალმა მოაშთო ხელისუფლება, დამნაშავეებმა მაღალ ეშელონებში გადაინაცვლეს, პოლიტიკოსები თავად გახდნენ კრიმინალები და ტერორის ქარ-ცეცხლში მოაქციეს პლანეტა. დედამიწა წახდა, თითქმის გაველურდა. ლერიმ ახლაც მოჰკრა თვალი ვიღაც თანამედროვედ ჩაცმულ ახალგაზრდას, ვერცხლისფერი სათვალითა და პირწმინდად გადაპარსული ბზიალა თავით, რომელმაც მოხუც ქალს ხელიდან პატარა ხელჩანთა გამოსტაცა და ხალხით გატენილ ტროტუარზე მოჰკურცხლა. - ნაძირალების ქალაქი! - ამ სურათის შემხედვარემ დაბოღმილმა ჩაისისინა ლერიმ, - დიდი სიამოვნებით გადავბუგავდი ძირფესვიანად ისე, რომ ერთ სულიერსაც არ დავტოვებდი ცოცხალს... მაგრამ...? - ღმერთმა იცის მერამდენედ ამბობდა ამ სიტყვებს, მაგრამ ყოველთვის ხელის ჩაქნევით დააბოლავებდა ხოლმე ნაფიქრალს... ახლაც უღონოდ ჩაიქნია ხელი. ადამიანები მართლაც ნაძირალებად ქცეულიყვნენ. უფრო სწორად დედამიწელები, რადგან ვენერაზე და მარსზე წამოჭიმული ქალაქები, თავიანთი მცხოვრებლებით არსებობის უმაღლეს წერტილს უახლოვდებოდნენ. იქ მაღალ დონეზე იდგა ზნეობა, კულტურა. ვენერელები და მარსელები ძალიან განსხვავდებოდნენ დედამიწელებისგან - ხასიათით, ჩვევებით, მსოფლმხედველობით თუმცა სამთავეს ერთი წინაპარი ჰყავდა... ადამიანი... «ვენერბურგი» და «მარსსიტი» «შავ ქალაქთან» შედარებით ნამდვილი სამოთხე იყო, იქ არ სჩადიოდნენ დანაშაულს, პირწმინდად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას კანონის დამცველები და დედამიწელების მარსზე ან ვენერაზე ემიგრირება რთული პროცესი გახლდათ, რადგან პლანეტების ხელისუფლება ერიდებოდა დედამიწელთა აგრესიის შემოტანას თავიანთ საბრძანებელში. მიუხედავად ყოველივე ამისა თუ სავალდებულო გახდებოდა დედამიწელის, მარსზე ან ვენერაზე გადაბარგება, მაშინ განსაკუთრებული სამედიცინო ჯგუფი ემიგრანტს ინფრა-ლაზერული ნეიროთერაპიით აგრესიის ჰორმონს ჩაუკლავდა, რის შედეგად დედამიწელს ძალადობის ყოველგვარი სურვილი გაუქრებოდა, გახდებოდა უწყინარი, მშვიდობისმოყვარე ადამიანი და დედამიწის საზღვრების დატოვების საშუალება მიეცემოდა. ეს დადგენილება სრულიად მზის სისტემის ფედერაციის სახელით იქნა დამტკიცებული, რამაც ვენერასა და მარსისაკენ მიგრირების სულ სხვა არალეგალური ფორმა გააჩინა, დედამიწელები ორიგინალური საშუალებებით იპარებოდნენ დადამიწიდან და აყვავებულ პლანეტებს თავს აფარებდნენ. ლერიმ მანქანა უზარმაზარ, თვალიმომჭრელი შუქით განათებულ სავაჭრო ცენტრთან დაამუხრუჭა. ტროტუარის განაპირას ჩამწკრივებული მეძავი ქალების გვერდით, პრიალა მოდურ კოსტიუმში გამოწყობილი ვიღაც ახმახი იდგა და კბილებში გაჩრილ მწვანედ აბოლებულ სიგარეტს ნერვიულობის თუ მოზღვავებული ენერგიის წყალობით ღეჭდა. ლერიმ სწორედ ახმახის წინ დააყენა ფურგონი, თავი ფანჯარაში გაჰყო და უცნობს დათაფლული ტონით ჰკითხა. - ელეკტროტექნიკოსი არ გჭირდებათ ბატონო? ელექტრო ნივთს შეგიკეთებთ, საოჯახო კომპიუტერს დაგიმონტაჟებთ და ეს მხოლოდ ათი სპეციალი დაგიჯდებათ. ახმახმა ლერის გაოცებით შეხედა, შემდეგ სიგარეტი ასფალტზე დააგდო, პრიალა, ბრტყელცხვირიანი ფეხსაც-მელით დასრისა, ზურგი შეაქცია და სხვა ადგილზე გადაინაცვლა. ლერიმ დაღვრემილმა დასძრა მანქანა... და ასე იყო მთელი დღე, კეთროვანივით ერიდებოდნენ გამვლელები, ვიღაც მდიდრულად ჩაცმულმა ლამაზმა ქალმა, რომელიც ჰაერში მოლივლივე ანტიგრავიტომობილს მიყრდნობოდა, ისიც კი უთხრა... - ათ სპეციალად ძვირფასო, შენს საძინებელში მთელ ღამეს გავატარებ და თან ისე გაგაოცებ ჩემი ხელოვნებით, რომ სულ დაგავიწყდება ეგ ელექტრონული მახინაციები. რა უნდა ექნა ასეთი უიღბლო დღის შემდეგ? წამით ისევ მოერია მრისხანება, უკუღმართი საუკუნე დასწყევლა, არასწორად განვითარებული საზოგადოებრივი წყობაც ზედ მიაყოლა და ახლა მუქთახორა ხელისუფლებაც შეამკო მრავალსართულიანი შეკურთხებებით, ბოლოს როდესაც გული იჯერა ბილწსიტყვაობით, მანქანა ერთ-ერთი ღარიბი კვარტალისკენ გადაუხვია და იაფფასიან კაფე «მეოცე საუკუნესკენ» გაეშურა. ის ამ კაფეს ხშირი სტუმარი იყო, იცოდა რომ მთელი ღამით მუშაობდა ამიტომ აუჩქარებლად მიჰყავდა ფურგონი. ზანტად უქცევდა გვერდს ტყვიასავით მქროლავ ანტიგრა-ვიტომობილებს და კმაყოფილი იყო, რომ იმ ანტიგრავიტო-მობილების მფლობელებივით არსად არ ეჩქარებოდა. რადიომიმღებმა მოულოდნელად შრიალით ამოიხრიალა, თანამედროვე ჭყვიტინა მუსიკა შეწყდა და კაბინა დინამიკებიდან გამოღწეულმა დაბრკოლებების შიშინმა აავსო. ლერი რადიოსაკენ გადაიხარა, ტრიალა ბერკეტი ოდნავ დააბრუნა, შიშინმა მკვეთრად იკლო და რადიომიმღებიდან, დიქტორის ხავერდოვანი, სასიამოვნო ხმა გაისმა. ლერიმ ავტომობილის სვლას უკლო და სმენად გადაიქცა. - პატივცემულო რადიომსმენელნო, დროებით ვწყვეტთ საესტრადო გადაცემას, - კარგად დაყენებული ხმით წარმოთქვა დიქტორმა, - რადიოეთერშია ექსპრეს საინფორმაციო პროგრამა, დღეს სასიამოვნო ფაქტი უნდა გახაროთ. უფრო მეტად ისინი უნდა აღვაფრთოვანო ვინც ასტეროიდ ვონის ბედით არის დაინტერესებული, ასტეროიდ ვონის მარშრუტი კი ალბათ მთელ კაცობრიობას აინტერესებს. მაშ ასე ასტეროიდ ვონმა გუშინ ღამის 3 საათსა და 35 წუთზე მშვიდობიანად ჩაუარა დედამიწას 3 000 000 კილომეტრის დაშორებით და გეზი მზისკენ აიღო. ბოლოს და ბოლოს მთელი ეს ერთწლიანი კოშმარი დამთავრდა, ასტეროიდმა ისე ჩაიარა მზის სისტემა, რომ არცერთ დასახლებულ პლანეტას არ შეხებია, ის ახლა დედამიწიდან 12 000 000 კილომეტრით იმყოფება და მზისკენ მიისწრაფვის, მზემდე კი ზუსტად 74 დღე-ღამეში ჩააღწევს, ეს მინიმალური დრო მარსელმა ასტრონომებმა გაიანგარიშეს, ისინი იუწყებიან, უფრო სწორად ვენერას მკვიდრთ აიმედებენ, რომ ასტეროიდი ვონი პლანეტას საკმაოდ ფართე ელიფსით დაარტყამს წრეს, რომლის რადიუსი დაახლოებით 42 000 000 კილომეტრი იქნება. ეს რაც შეეხება დღევანდელობას, ახლა კი ცოტა ისტორიასაც გადავავლოთ თვალი, იმ პატივცემულ მსმენელთა გასაგონად, რომლებიც ასტეროიდ ვონის წარმოშობის ისტორიას არ იცნობენ. მაშ ასე ასტეროიდი ვონი გასულ წელს პლანეტა სატურნის მახლობლად აღმოაჩინა ვენერელმა ასტრონომმა ლი იუინ ვონმა, სწორედ მის საპატივცემულოდ უწოდეს ასტეროიდს ეს სახელი. ახალგაზრდა მეცნიერმა გაარკვია, რომ ასტეროიდი საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა, მისი სიჩქარე მესამე კოსმოსურ სიჩქარეს უტოლდებოდა, ოღონდ ყველაზე საზარელი ის აღმოჩენა იყო, რომ პრიმიტიული არითმეტიკული გაანგარიშებებით ასტეროიდი ერთი წლის შემდეგ დედამიწის ორბიტას გადაკვეთდა, თანაც ზუსტად იმ წერტილში სადაც დედამიწას უნდა გაევლო, ასე რომ შეტაკება გარდაუვალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენდა სასიკეთოდ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, ასტეროიდმა დედამიწას საკმაოდ შორი მანძილით ჩაუარა. ამ კოლოსალური შეცდომის მიზეზი კი რამაც დედამიწის მოსახლეობა მთელი წელი დაზაფრა, მხოლოდ ახლა გაარკვიეს ასტრონომებმა, როცა ვონმა ასტეროიდების სატყელი გაიარა, რამდენიმე წვრილ კოსმოსურ სხეულთან შეჯახების შემდეგ უმნიშვნელოდ შეიცვალა ტრაექტორია., ალბათ მოგეხსენებათ ვონი წაგრძელებულ კონუსს წარმოადგენს, თანაც ჩქარა და ორიგინალურად ბრუნავს ღერძის გარშემო, კონუსის ფართე ბოლოს ღერძად იყენებს, წვრილი, წაგრძელებული წვერი კი რამდენიმე კილომეტრიან წრეს შემოხაზავს, სწორედ ასტეროიდის ეგეთი უთავბოლო «დავლური» გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ასტრონომებმა დროულად ვერ შენიშნეს ტრაექტორიის ცვლილება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა... ძვირფასო რადიომსმენელნო, ასტეროიდი უკვე ჩვენგან შორსაა, საფრთხემ ჩაიარა, ასე რომ... – ლერიმ რადიომიმღები გამორთო და მანქანა ძველებური ნეონის ნათურებით განათებულ, ჭუჭყიან შენობასთან შეაჩერა. ********** უკვე კაფე «მეოცე საუკუნესთან» იდგა, რომელსაც აშკარად შემორჩენოდა გასული საუკუნის ეშხი და ლაზათი, მისი შემხედვარე ადამიანი თავს უძველეს ხანაში იგრძნობდა. - კიდევ ასტეროიდი უნდოდა ისედაც ომით გაპარტახებულ და განადგურებულ დედამიწას? - ბუზღუნით ჩაილაპარაკა, - თუმცა აჯობებდა დასჯახებოდა და ნაცარ-ტუტად ექცია ბოროტების ბუდე, სამაგიეროდ მზის სისტემა მოითქვამდა სულს, უკვე მოახრჩვეს კიდეც დედამიწელმა ტერორისტებმა, მზის სისტემაში დადგენილი წესი და კანონი, ვერც საპლანეტაშორისო პატრული ახერხებს ვერაფერს და ვერც «დამსჯელთა» ჭკვიანურად მოფიქრებული კონტრშე-ტევები... დედამიწა წყლულია, გადამდები წყლული! - ლერი ხმაურით გადმოვიდა ავტომობილიდან. ცოტა ხანი მანქანასთან იდგა ტალახით დათითხნილ მინას წმენდდა, თან კაფეს თავზე განათებულ ასოებს კითხულობდა... «მეოცე საუკუნე»... კაფეს დასახელებას ამცნობდნენ მანათობელი ასოები. «ს» და «ა» ასოთნიშანი გადამწვარი გახლდათ, ამიტომ ამ დაბალი შენობის თავზე «საუკუნეს» ნაცვლად «უკუნე» ეწერა, თუმცა ზოგჯერ «ს» და «ა» ასოთნიშანი რაღაც სასწაულით აციმციმდებოდნენ, განათდებოდნენ, წამით შეავსებდნენ კაფეს სრულ დასახელებას, მაგრამ ეს მხოლოდ წამით ხდებოდა, მეორე წამს ნათურები კვლავ ჩაქრებოდნენ და ჩაბნელებულ ქუჩაზე კანტი-კუნტად მიმავალი გამვლელების თვალწინ კაფე «მეოცე საუკუნე», ისევ კაფე «მეოცე უკუნედ» გადაიქცეოდა. ლერიმ მინის წმენდას თავი ანება, ნელი, მძიმე ნაბიჯით გაემართა კაფესაკენ და იქვე მოლაყლაყებული კარის ძირში მიწოლილ, ჭუჭყიან ძონძებში გამოწყობილ, უფეხო ხეიბარს დააცქერდა, რომელსაც მტვრიან ასფალტზე, ალუმინის ჯამით რაღაც მწვანე საზიზღრობა დაედგა და მადიანად თქვლეფდა. - ჯუჯას სალამი, - მხიარულად მიესალმა ლერი. - ჩვენს ელექტროჯადოქარს გაუმარჯოს, - ჯუჯამ ქვემოდან ახედა და მწვანე საზიზღრობის თქვლეფა შეწყვიტა, - მძიმე დღე გქონდა? - თანაგრძნობით ჰკითხა. - შენ როგორც ყოველთვის გულთმისანი ხარ, დღეს არ გამიმართლა, - ლერიმ გრძელი, მიწამდე დაშვებული ლაბადა შეისწორა, ჯუჯას დაკვირებით ჩააცქერდა... «ერთ დროს ესეც ჩვეულებრივი დედამიწელი იყო, მაგრამ წყეული ომი, მუხთალი რადიაცია» - გაუელვა. ჯუჯას საკმაოდ კარგად იცნობდა, რაც თავი ახსოვს სულ ამ კაფეს კიდესთან იყო მიწოლილი. დაბადებიდან ხეიბარი ეგონა, მაგრამ თურმე ცდებოდა, ომს დაემჩნია დაღი, ბრმად აფეთქებულ ყუმბარას წაეწყვიტა ორთავე ფეხი, უპატრონო იყო ეს საცოდავი, თორემ ფული რომ ჰქონოდა ხელოვნური, ნახევრადავტომატური ფეხები ექნებოდა იმპლანტირებული... ლერიმ ამოიოხრა. - რამ ჩაგაფიქრა? - მოგუდული ხმით ჰკითხა ჯუჯამ, - ისეთი სახე გაქვს, რომ გულში ნადები უმნიშვნელო ტკივილიც, უნაკლოდ აღიბეჭდება ზედ. - ისე ჩემთვის, - ლერიმ ხელი ჩაიქნია, შემდეგ ჯიბიდან დაჭმუჭნილი სპეციალი ამოიღო დ ჯუჯას ჯიბეში ჩაუჩურთა, - ჩემს ბებრუხანას თვალ-ყური ადევნე, ვინმე იდიოტს მისი გაჯირითება არ მოუნდეს, - თვალით იქვე მდგარი ავტომობილზე ანიშნა და რკინის ქუსლიანი ჩექმების კაკუნით კაფეს შესასვლელისკენ გაემართა. - დარდი ნუ გაქვს ლერი, - ჯუჯამ შენობაში შემავალს მიაძახა და კვლავ თავის სალაფავს მიუბრუნდა. ლერიმ კარი შეაღო და ქვის იატაკზე ფეხი ჭახანით შედგა, რკინის ქუსლიანმა ჩექმებმა ხმამაღალი წკაპანი გაიღო. ახლა ასეთი ჩექმები ძალიან დიდი იშვიათობა იყო, არავინ იცმევდა, ლერი კი ყველასაგან განსხვავებით, ძველს ეტანებოდა, მას თავიდან-ბოლომდე სიძველის სუნი ასდიოდა, თუმცა თავად ვერაფერს ამჩნევდა. საერთოდ მას არა დიზაინი არამედ ხარისხი აინტერესებდა, ეს რკინის ქუსლიანი ჩექმებიც მხოლოდ მაგარი, გამძლე ქუსლებისათვის შეიძინა. არ აინტერესებდა თანამედროვე რბილი, უხმაურო მოკასინები, არც მდიდრულ ვერცხლიფრად მოლაპლაპე პიჯაკებს იცმევდა, თუმცა თავისუფლად შეეძლო შეეძინა, მაგრამ პრიალა პიჯაკს ყოველთვის გრძელი, გაცვეთილი ლაბადა ერჩია. ახლაც გრძელი, იატაკამდე დაშვებული, ნაცრისფერი ლაბადა ემოსა და ჩექმების წკაპუნით დახლისკენ მიემართებოდა. კაფე «მეოცე საუკუნე» ძველებურად იყო მოწყობილი, თითქოს გასული საუკუნის პატარა ნაგლეჯიაო, სწორედ სიძველე გახლდათ მიზეზი ლერის ხშირი სტუმრობისა, კაფეში შესულს ყოველთვის თვალში ხვდებოდა, მეოცე საუკუნის დროინდელი დიზაინი, ძველებური სტილი, რაც ყოველ საგანში იგრძნობოდა. მაგიდები ძველებური პრინციპით განელაგებინათ, მოკაშკაშე ნათურებიც კი ძველებურ ბროლის ჭაღებზე ეკიდა. შენობაში უსაქმურთა ტევა არ იყო. მთელი ოთახი სიგარეტის კვამლით გაბოლილიყო, რისი წყალობითაც ისედაც მბჟუტავი შუქით განათებული კაფე, ლურჯ ბურუსში ჩაძირულიყო, საგნები ბუნდოვნად მოჩანდა. პაწაწინა ძველებურ პლასტმასის მაგიდებს ლოთები და მაწანწალები შემოსხდომოდნენ. უკრავდა ნელი, გასული საუკუნის დროინდელი მუსიკა. ხოლო შედარებით ძლიერი ვარდისფერი შუქით განათებულ სცენაზე «სტრიპტიზ შოუ» მიდიოდა, ისე როგორც მეოცე საუკუნეში, ცოცხალი შესრულებით, შიშველი ქალები პიკანტურ ცეკვებს ცეკვავდნენ, მომხიბვლელად იგრიხებოდნენ და სცენასთან მიცვენილ, ალკოჰოლიდან გამობჟუტურებულ მაწანწალებს, მდიდრულ მკერდს ცხვირწინ უტრიალებდნენ. ლერიმ მოკლედ შეკრეჭილ, ზღარბივით აბურძგნულ ქერა თმაზე, ხელი გადაისვა. აქ თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. შემდეგ მუჯლუგუნებით გაიარა სცენასთან მიხორხლილი უსაქმურების ბრბო და ძველებური დახლის წინ, მაღალ ასევე ძველებურ ლითონისფეხებიან ტაბურეტზე მოკალათდა. - საქმეები როგორ მიდის მაკ? - კითხვით მიმართა დახლს მიღმა მოფუსფუსე მეოცე საუკუნის დროინდელ პიჯაკში გამოწყობილ მაღალ, მხარბეჭიან ბარმენს. - გამარჯობა ლერი - ბარმენი დახლთან მიმჯდარ მეგობარს მიაჩერდა, შემდეგ დახლს ქვემოდან ქარვისფერი სითხით სავსე ბოთლი გამოაძვრინა, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა «1996 წელი» და ლერის თვალი ჩაუკრა, - როგორც ყოველთვის არა? ორმაგი ჯინი ყინულით? - ჩუმი ქირქილით ჩაიბურტყუნა და ძველებური მუცელგამობერილი გამჭვირვალე ჭიქა შეავსო. სხვათა შორის კაფეში სასმელებიც და კულინარიული რეცეპტებიც მეოცე საუკუნის დროინდელი იყო, რაც მას დედამიწის მოსახლეობის თვალში პრესტიჟს მატებდა. რა თქმა უნდა სიტყვა «დედამიწის მოსახლეობაში» მხოლოდ ადგილობრივი მაწანწალები იგულისხმებოდა, რომლებიც კაფეს ხშირი სტუმრები იყვნენ, რამეთუ დედამიწის ნაღები საზოგადოება, ამდაგვარ იაფფასიან დაწესებულებას, ყოველთვის ძვირადღირებულ რესტორნებს ამჯობინებდა. ლერი ჭიქას დასწვდა და ჯინი სულმოუთქმელად გამოსცალა. - ახალი ამბავი თუ იცი? - ჰკითხა მაკმა და ჭიქა ისევ შეავსო. - რომელი ამბავი? - ასტეროიდმა ვონმა დედამიწას გვერდი ჩაუარა - უკვე მოვისმინე, - ლერიმ უგულოდ ჩაილაპარაკა, შემდეგ კი თითქოს სხვათაშორის დაუმატა, - სჯობდა დასჯახებოდა. - რას ამბობ ლერი? - გაოცდა მაკი, მას ხელში ჩაბღუჯული უზარმაზარყელიანი თასიც კი გაუშეშდა, რომელსაც ჭრელი ხელსახოცით წმენდდა. - ჰმ დედამიწა, - ლერი ისევ ჭიქას დასწვდა, - უკვე ყელში ამომივიდა ეს ბუნაგი. - დაბოღმილს ძალიან სურდა თრობამდე დაელია, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა, ჭიქა ფრთხილად გააცურა დახლზე და ღვინის ბოთლებს შორის გამომწყვდეულ ძველებურ, შავ-თეთრ ტელევიზორს გახედა, რომელიც სხვათა შორის კაფე «მეოცე საუკუნის» სიამაყე გახლდათ. ეკრანზე გამოსახული ლამაზი დიქტორი სხაპასხუპით ამცნობდათ ახალ ამბებს. - დღეს დილით საკუთარ ოფისში, - ხმამაღლა წარმოსთქვამდა ის, - მოკლული იპოვეს სოციოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი კრისტიან ო’ჰარა, რომელსაც ვენერელი სოციოლოგიის ექსპერტები დედამიწის პოლიტიკურ ასპარეზზე ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. დანაშაულის მოტივი გაურკვეველია, კრიმინალისტები ვარაუდობენ, რომ საქმე ისევ დეიმოსელ სერიულ მკვლელთან აქვთ. - წყეული ფსიქოპატი! - მაკმა დაბოღმილი ტონით ტელევიზორს ხმა ჩაუწია, - არადა რა გახდა ასეთი, რომ ვერ შეიპყრეს და ისევ უკან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვერ ჩაამწყვდიეს დეიმოსში. ის ხომ მთელს მზის სისტემაში ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქიატრიული საავადმყოფოა, უცნაურია საერთოდ როგორ მოახერხა გამოქცევა, ბოლოს და ბოლოს ხუმრობა ხომ არ არის მარსის ბუნებრივი თანამგზავრიდან გამოპარვა, ნეტა რას აკეთებდნენ იმ დროს მარსელები ან სად იყო ათასჯერ ნაქები საპლანეტაშორისო პატრული? ლერის ხმა არ ამოუღია თავდახრილი იჯდა და დახლს ჩასცქეროდა; - ფსიქოპატები, ნარკომანები, მეძავები, თაღლითები, მკვლელები, აი ვინ იყო იყო დღევანდელი დედამიწის მოსახლეობა. ზღვაურს უკვე მოსწყინდა დედამიწა, დიდი ხანია განზრახული ჰქონდა, როგორმე მიეტოვებინა ის და ვენერაზე ან მარსზე გადაბარგებულიყო, მაგრამ ამ განზრახვის განხორციელებას ყოველთვის აგვიანებდა. მიზეზი კი? თუმცა არავითარი მიზეზი არ არსებობდა, შეიძლება ყველაფერში სამშობლოს სიყვარული იყო დამნაშავე, თუმცა სადღა ჰქონდა მას სამშობლო, ომმა ხომ საქართველო უზარმაზარ უდაბნოდ აქცია, ამიტომ ჩაიკლა გულის სიღრმეში სამშობლოს სიყვარულის გრძნობა. ის ახლა უთვისტომო კაცი იყო, არც სამშობლო გააჩნდა და არც ამ პლანეტაზე ცხოვრების სურვილი, მაგრამ სურვილი სურვილადვე რჩებოდა, ლერი ხვდებოდა, რომ დედამიწიდან თავს ვერ დააღწევდა, ის სატუსაღოდ გადაქცეულიყო მისთვის და არა მარტო მისთვის, ყველა დედამიწელისთვის. ბოლოს და ბოლოს ტერორისტივით ხომ არ შევარდებოდა საპლანეტაშორისო ლაინერის ბორტზე და იარაღის მუქარით ხომ არ აიძულებდა პილოტებს დედამიწის დატოვებას? ლერი გულის ნადებს გულში იკლავდა, თუმცა ძალიან იზიდავდა ვენერას მდიდრული პლაჟები, სუფთა აგარაკები, მარსს ყოველთვის ვენერა ერჩია, რადგან მარსი თითქმის აუთვისებელი იყო, იქ ქალაქები უზარმაზარ «სათბურებში» გახლდათ გამოკეტილი. ვენერა კი უკვე დანებებოდა კაცობრიობას, ხელოვნური ატმოსფერო მყარად შემოჰკვროდა ირგვლივ და ადამიანი ვენერაზე ისე თავისუფლად სუნთქავდა როგორც დედამიწაზე, თუცა ვენერაზე შედარებით უკეთ იგრძნობდა თავს, რადგან იქ სუფთა, ჟანგბადით მდიდარი ატმოსფერო გამეფებულიყო, დედამიწაზე კი ერთ დროს სიცოცხლისმომტანი ჰაერი ახლა ნელ-ნელა საწამვლავად იქცეოდა, რადიაქტიური მტვერი და მომწამვლელი გამონაბოლქვი ბოლოს უღებდა მას. ლერიმ ხმამაღლა ამოიოხრა და მოცეკვავე გოგონებს გახედა, რომლებიც სისტემატურად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, დაღლილები სცენიდან ჩამოდიოდნენ, მათ ადგილს კი დასვენებულები იკავებდნენ, ახლაც ერთმა მოცეკვავე გოგონამ სცენა დატოვა, ირგვლივ შემოხვეული თაყვანისმცემლები, რომლებიც უშნოდ ეღლაბუცებოდნენ აქეთ-იქეთ დაიფრინა, შიშველი სხეული თხელი, სიფრიფანა ხალათით შეიმოსა და ლერისკენ ტანის მომხიბვლელი რხევით გამოემართა. - გამარჯობა ლერი, ისევ ჩაფიქრებული ხარ ფიქრიავ? - ჟრურტულა ხმით მიმართა მამაკაცს და დაკუნთულ ყელზე ნაზად მოეხვია. - ტანია შენ კი ყოველთვის მხიარული ხარ, - ლერიმ მოცეკვავეს ხელები ყელიდან მოიშორა და დიდრონ თაფლისფერ თვალებში ჩახედა, - დაიღალე? - სევდიანად ჰკითხა თან პატარა, კოპწია ცხვირზე თითი აჰკრა. - იმდენად არ დავღლილვარ შენ რომ დამვიწყებოდი, - ქალმა ვნებიანად ჩახედა თვალებში, ბეჭებამდე დაშვებული შავი თმა ხელით აიჩეჩა და ლამაზ სახეზე უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო, - ისევ უხასიათოდ ხარ? - იმდენად უხასიათოდ არა შენ რომ დამავიწყდე, - ლერიმ ღიმილით გაიმეორა ტანიას სიტყვები, თან ქალს ხელები დაუკოცნა, შემდეგ ბარმენისკენ მიტრიალდა და ხალისიანად ჰკითხა, - მაკ ჩვენი ოთახი თავისუფალია? - რა თქმა უნდა ლერი, თუმცა ათი წუთის წინ შიგ კრისი და ლოლა იყვნენ. - იმედია ლოგინს მაინც გაასწორებდნენ, - ლერიმ გაიცინა, შემდეგ ტანიას წელზე ხელი მოხვია, - წავიდეთ ძვირფასო, - ყურში ჩასჩურჩულა ქალს. - ოღონდ ჯერ არა, - ტანია, ლერის ხელიდან დაუსხლტდა, - ჯერ უნდა ვიცეკვო, ერთ საათში თავისუფალი ვიქნები, - ის მამაკაცისკენ დაიხარა, მსუბუქად ეამბორა შუბლზე, - არ მოიწყინო, - ხმადაბლა ჩაუჩურჩულა, აბურძგნულ თმაზე ხელი გადაუსვა და სწრაფი ნაბიჯით სცენისკენ გაემართა. ლერიმ ცოტა ხანი უმზირა ტანიას, ერთხელ კიდევ გააოცა მისმა სილამაზემ, მისმა დახვეწილმა ფიგურამ და არისტოკრატულმა ნაკვთებმა. შემდეგ მათი შეხვედრის პირველი დღე გაიხსენა, როცა სამუშაოს ძიებაში გართული ქალი შემთხვევით წააწყდა კაფე «მეოცე საუკუნეში" დახლთან მიმჯდარ ლერის, ზღვაურმა წამსვე გამოარჩია ის კაფეში მოფუსფუსე ხალხისაგან, ლამაზი, მოხდენილი, ეშხიანი, არამიწიერი იერით დაჯილდოვებული და ფინჯან ყავაზე მიიპატიჟა. ეს ყოველივე ხუთიოდე თვის წინ იყო... ეეჰ მშვენიერი დღე იყო მაშინ, შეიძლება ეჩვენებოდა კიდეც ყოველივე, რადგან მაშინ კარგად მუშაობდა, გვარიან თანხას იჯიბავდა და ყურებამდე შეყვარებული, ყოველ დღე ქრიზანთემების უშველებელ თაიგულს ჩუქნიდა ცეკვიდან დაღლილ ტანიას, ო რა ბედნიერნი იყვნენ, საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას დედამიწაზე გამეფებულ განუკითხაობას. ახლაც ბედნიერად თვლიდა თავს, ასეთი ქალის გულში რომ დაიდო ბინა, დაიმსახურა მისი სიყვარული, მაგრამ ყოველთვის ფიქრობდა უფრო ბედნიერი ვენერაზე იქნებოდნენ. ლერიმ სინანულით ჩაიცინა, შემდეგ ისევ ტანიას გახედა, რომელმაც ვიღაც ქერა მოცეკვავე გოგონა შეცვალა, ქერა კი სცენიდან ჩამოსვლისთანავე წვეროსან, მაღალ მამაკაცთან ერთად ვიწრო, ჭრაჭუნა კიბით მეორე სართულისაკენ გაემართა, სადაც რამდენიმე ოთახი იყო მოწყობილი. - შენ აქ ნამდვილი საროსკიპო გაგიმართავს მაკ, მე ამას ყოველთვის გეუბნებოდი, - ლერიმ, ბარმენს ღიმილით მიმართა და ცალი თვალით ქერა მოცეკვავეზე ანიშნა. - ჩემი ბრალი არ არის, - მაკმა მხრები აიჩეჩა, - კლიენტებს გართობა სურთ, მე კი მათ გართობის ფართე არჩევანს ვთავაზობ, ისე როგორც მე-20 საუკუნეში ვისკის, მუსიკას და ქალებს. ლერი წამით გაყუჩული უსმენდა ბარმენს, შემდეგ ხელი ჩაიქნია და გულიანად გადაიხარხარა. - უცნაური ტიპი ხარ მაკ, - სიცილ-სიცილით წარმოსთქვა და თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. - მე ვარ უცნაური ტიპი? - მაკმა ხელები უარყოფის ნიშნად გააქნია, შემდეგ თვალი კაფეში მოფუსფუსე ხალხს მოავლო, - უცნაური მე კი არა შენ ხარ, ამ კაფეში მყოფ ყოველ ვიგინდარას, რომ ჰკითხო, ლერი ზღვაური ვინ არისო, ყველა ასე გიპასუხებს, ერთი გულჩათხრობილი და იდუმალი ადამიანიაო და მართალიც იქნებიან. უკვე რვა წელია გიცნობ, მაგრამ შენს შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, გარდა მაგ შენი ელექტროკიბერნეტიკოსობისა, არ ვიცი სად ცხოვრობ, დედ-მამა გყავს თუ არა, ცოლ-შვილს მოკიდებული ხარ თუ არა? მოკლედ ჩვენთვის გამოცანას წარმოადგენ, იმ უცხოპლანეტელივით, ამ ათიოდე წლის წინ კომპანია «უსის» ექსპერტებს რომ ჩაუვარდათ ხელში. უცხოპლანეტელი მაშინ ისე მოკვდა კომპანიის ლაბორატორიაში, რომ ექსპერტებმა ერთი სიტყვაც ვერ დააცდევინეს, თუმცა ტელეპატიური კონტაქტის დამყარება მოახერხეს. შენც იმ უცხოპლანეტელს ჰგავხარ, არაფერს ამბობ საკუთარ თავზე. - დღეს კი რატომღაც ისეთ ხასიათზე ვარ, მინდა გულახდილად ვილაპარაკო, - ლერიმ ჯინით სავსე ჭიქა ასწია და სასმელი ოდნავ მოწრუპა, - თუკი ჩემი მშობლები გაინტერესებს მაკ გეტყვი, ისინი ომში დაიღუპნენ... ხოლო რაც შეეხება ჩემს ოჯახურ მდგომარეობას... მე ჯერჯერობით მარტოხელა ვარ. - ეშმაკსაც წაუღია შენი თავი და ტანი ლერი, მე საერთოდ არ მაინტერესებს შენი ცხოვრების ისტორია. მოვრჩეთ მაგას, უმჯობესია ჩვენს თვალში დარჩე ისეთი, როგორც მუდამ იყავი... იდუმალი ელექტროჯადოქარი. - როგორც გენებოს, მე არც მიხარია უაზროდ ენის ტარტარი, - ლერი გაჩუმდა, რადგან მაკის მოწკურულმა შუბლმა, მისი ყურადღება მიიქცია. ბარმენი მოლაყლაყებული კარისკენ იმზირებოდა, გარედან გაურკვეველი ხმაური შემოდიოდა. - ვინ ეშმაკია ასე თავგამოდებით რომ წივის? - იკითხა ვიღაც ალკოჰოლიდან გამობჟუტურებულმა ახმახმა. იმავ წამს კაფეს კარი მკვეთრი ლაწანით გაიღო, ოთახში აქოშინებული, სუფთად და მდიდრულად ჩაცმული მოხუცი შემოვარდა, რომელსაც მარჯვენა ხელში ძვირადღირებული სპორტული ჩანთა ჩაებღუჯა. კაფე შეშინებულმა მოათვალიერა და ბარბაცით წამოვიდა დახლისაკენ, გზად შემხვედრ ხალხს ეჯახებოდა, რაღაცას ხმამაღლა უყვიროდა, მაგრამ რატომღაც ყველა მუჯლუგუნით იცილებდა თავიდან. ბოლოს უცნობი გაწბილებული თუ ძალადაკარგული, ძლივს მილასლასდა დახლთან, ცოტა ხანი სული მოითქვა, შემდეგ ძალამოკრე-ბილმა მავედრებელი თვალები მიანათა მაკს და არასასიამოვნო ხმით ჩაისისინა. - მიშველეთ დამმალეთ სადმე ან პოლიცია გამოიძახეთ, უთხარით აქ კაცს ჰკლავენ... გესმით მკლავენ!. - რა ბრძანეთ? - მაკმა გაოცებისგან პირიც კი დააღო. - გამაპარეთ, - უცნობი დახლზე გადაიხარა, შემდეგ დაფეთებული თვალები მოავლი ოთახს, - ამ შენობას მეორე გასასვლელი აქვს? - ჩვენ პრობლემები არ გვჭირდება ბატონო, - მაკმა ოფიციალური კილო მიიღო, - ძალიან გთხოვთ დატოვოთ კაფე, - მკაცრად შეხედა აქოშინებულ უცნობს, შემდეგ კი ლერის გადახედა, რომელსაც აქაოდა საგანგაშო არაფერი ხდებაო თავი დაეხარა, უცნობის ყვირილზე ყურს არ აპარტყუნებდა და ცნობისმოყვარედ აკვირდებოდა დახლზე დაწყობილ საკუთარ ხელებს. ასეთი მოქმედება მისგან გასაკვირიც არ იყო, რადგან ამ მიყრუებულ უბანში ხშირი გახლდათ ბანდიტური შეხლა-შემოხლა, პირადად ის ათასჯერ მაინც შესწრებია კაფე «მეოცე საუკუნეში» მაწანწალებისა და ქურდ-ბაცაცების ცემა-ტყეპას, ხშირი იყო დანების ტრიალი, ზოგჯერ კი რომელიმე თავზეხელაღებული არამზადა, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევის მსკდომელი ჭურვებითაც დაიფრენდა ხოლმე უსაქმურებს, ამიტომ იჯდა ლერი გაუნძრევლად, თავის ფიქრებში ჩაძირული და ზერელედ უგდებდა ყურს უცნობის სიტყვებს. - მიშველეთ ხალხნო, გადამარჩინეთ, დამმალეთ, - უცნობი მოუსვენრად აწრიალდა ლითონისფეხებიან ტაბურეტზე, დახლს თავი ჩამოადო და დაბლი ხმით ჩაილაპარაკა, - ან ლერი ზღვაური მოძებნეთ, შემახვედრეთ მასთან, - შემდეგ ნერვულად შეტოკდა, თავი დახლიდან წამოსწია, უკან ხალხით გატენილი ოთახისკენ მიიხედა და წუთით გაშრა, გაქვავდა, ხმა ჩაუწყდა, თვალები საცოდავად ააფახულა, ნაპირზე ამოგდებული თევზივით აამოძრავა პირი და მხოლოდ ორად-ორი სიტყვა ამოიკნავლა, - ღმერთო ჩემო, უკვე გვიანია. ახლა კი ინება ლერიმ თავის წამოწევა, მასზე მაგიურად იმოქმედა უცნობის სიტყვებმა, ნეტა ვინ უნდა ყოფილიყო? რომელიც ასე დაჟინებით დაეძებდა... ლერი ზღვაურს?... «ალბათ პერსონალური კომპიუტერი თუ გაუფუჭდა», ცოტა არ იყოს უკბილოდ იხუმრა, მაგრამ შემდეგ ხუმრობას თავი ანება, დინჯად ახედა შიშისაგან თვალებგაფართოებულ უცნობს, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა მაწანწალას, არც მისთვის ნაცნობ ადამიანთა სიაში ეწერა. მერე კაფეს შესასვლელს მიაცქერდა, ზუსტად იმ ადგილს რომელსაც თვალებგაშტერებული მისჩერებოდა უცნობი. ოთახში პრიალა, თანამედროვე კოსტიუმებში გამოწყო-ბილი ორი მამაკაცი შემოსულიყო, კაფეს შუაგულში იდგნენ და ხალხს ათვალიერებდნენ, ეჭვი არ იყო ვიღაცას ეძებდნენ. ბოლოს ერთმა ცივი, გველისებური თვალები ლერის გვერდით ტაბურეტზე საცოდავად მიკუჭულ უცნობს მიაყინა, მეორეს რაღაც გადაულაპარაკა და მედიდური ნაბიჯით დახლისკენ გამოემართა. ტაბურეტზე მჯდმი მოხუცი შიშისგან სულ დაილია, ნელ-ნელა ჩამოსრიალდა ტაბურეტიდან და დახლქვეშ ჩაიკუჭა, ლერი ხედავდა, როგორ უახლოვდებოდა მას მაღალი მამაკაცი, ბოლოს უცნობმა განწირულად ამოიზმულა, თავი ჩაღუნა, ადგილის მოსწყდა, მთელი ძალით დაეჯახა მაღალ მამაკაცს, გადააკოტრიალა, მოხერხებულად გადაახტა თავზე და გასასვლელისკენ მოჰკურცხლა. - სად წამიხვალ ძაღლისშვილო! - ხმამაღლა დაიღრიალა იატაკზე გაშხლართულმა მამაკაცმა, პრიალა პიჯაკის კალთა გვერდზე გადაიკეცა, იღლიის ქვემოთ დამაგრებული პლასტმასის ბუდიდან უშველებული იარაღი ამოაძრო და უცნობს დაუმიზნა. კაფეში ვიღაცამ ყურისწამღებად იყვირა. - მათ პისტოლეტები აქვთ... ! და წამსვე აირია მთელი ეს კომპანია, შეშინებული მაკი დახლს უკან ჩაიმალა, მოცეკვავე გოგონები კი წივილ-კივილით ჩამორბოდნენ სცენიდან, ისინი შიშველი ფეხების ტყაპა-ტყუპით, მეორე სართულზე არბოდნენ. მთვრალი და ალკოჰოლისაგან გამობჟუტურებული მაწანწალები ბრბოსავით მიაწყდნენ გასასვლელს, შიშისაგან აცახცახებული უცნობი ხომ გადათელეს და გასრისეს, მაგრამ ეს როდი იკმარეს, კაფეს მორყეული კარიც ხმაურით ჩამოაგდეს. 10 წამში მთელი კაფე დაცარიელდა, მხოლოდ ოთახის შუაგულში იდგა იარაღშემართული ორი ადამიანი, რომლებიც იატაკზე გაშხლართულ, ერთიანად მტვერში ამოგანგლულ უცნობს პისტოლეტებს უმიზნებდნენ და მხოლოდ ლერი ზღვაური იჯდა გაუნძრევლად თავის ტაბურეტზე, ისევ ორმაგ ჯინს წრუპავდა. არ გეგონოთ, რომ ლერი გმირი იყო, პირიქით მას საერთოდ არ გასჩენია გმირობის ჩადენის სურვილი, არც ახლა იყო გმირობის ჩადენის იშტაზე, უბრალოდ მოხუცი შეეცოდა, ადამიანი რომელიც მას ეძებდა, ლერი ზღვაურში ხედავდა საფრთხისგან დაღწევის ერთადერთ გზას, ამიტომ ძალიან მოუნდა დაეცვა ის ორი შეიარაღებული ტიპისგან, რომლებიც უკვე იატაკზე უძალოდ მიგდებულ უცნობს თავს დადგომოდნენ. სხვათა შორის ლერის სუსტთა დაცვა საკმაოდ კარგად გამოსდიოდა, სიძველის სიყვარულმა ძველი აღმოსავლური, უკვე მივიწყებული ორთაბრძოლის ხელოვნება ტაე-კვან-დო შეასწავლა, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ატომური ომის დაწყებამდე აითვისა ეს ხელოვნება, გულმოდგინედ ვარჯიშობდა მთაგორიან სოფელში, სუფთა კრისტალურ ჰაერზე და მწვანე ხასხასა ბალახზე იღებდა ორთაბრძოლის პირველ გაკვეთილებს. ახლა კი საკუთარ თავში დაჯერებული მთელი ტანით მიტრიალდა შეიარაღებული მომხვდურებისკენ და ორთავეს შემფასებელი მზერა მიაპყრო. მდევრები მდიდრულ ვერცხლისფერ კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი, რომელიც საუცხოოდ ადგათ ტანზე, ერთი მაღალი, ბეჭებში თამამად გაჯგიმული უკანასკნელი მოდის თანახმად პირწმინდად თავგადაპარსული მამაკაცი გახლდათ, სწორედ ის რომელიც წეღან ოსტატურად გადააკოტრიალა დევნილმა მოხუცმა, მელოტი გველისებური, ჭროღა თვალებით იატაკზე გაწოლილ უცნობს დასცქეროდა და ნერვულად იკვნეტდა ტუჩს, მეორე მდევარი კი პირველის ნამდვილი ანტიპოდი იყო, შედარებით დაბალი და ბეჭებგანიერი გრძელი, ხუჭუჭა თმით და ყურებს ჩამოცილე-ბული სქელი ბაკენბარდებით, ის წვრილი, მონღოლოიდური რასისთვის დამახასიათებელი თვალებით ლერის მისჩე-რებოდა და ფართე, მიბრტყელებულ ცხვირს მოუსვენრად ამოძრავებდა. ლერიმ თვალის ერთი შევლებით შეამჩნია განსხვავება ორ მამაკაცს შორის, შემდეგ იატაკზე გაშხლართულ უცნობსაც სინანულით დახედა და მომხვდურების გასაგონად უდარდელი ტონით ჩაილაპარაკა. - ბატონებო თუ არ გეწყინებათ, ერთი თხოვნა შემისრულეთ, გაანებეთ მაგ უბედურს თავი, - ლერი ზანტად წამოდგა ტაბურეტიდან და ხელი იატაკზე საცოდავად მოკრუნჩხულ უცნობისკენ გაიშვირა. შეიარაღებულ მამაკაცებზე ამ სიტყვებმა ფანტასტიური ეფექტი მოახდინა, ხუჭუჭა რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ეჭვიანი თვალებით უმზერდა ლერის, მრისხანედ გამოემართა, პისტოლეტის პრიალა ლულა ლერის შუბლს უსწორა და მჭახე ხმით ჩაისისინა. - რაინდო, გინდა შენი ნეკროლოგი ტელევიზიაში წაიკითხონ? - გამოიცანი, - ლერი უშნოდ გაიღრიჭა, დამცინავი თვალები შეავლო იარაღის ჩაშავებულ ლულას. - ძმობილო გირჩევ ენის ტარტარს მოუკლო და ნაბიჯს მოუჩქარო, - ხუჭუჭამ მარცხენა ხელი ნერვულად აიქნია, - ახლავე გაეთრიე აქედან, - დაიღრიალა მან. - კარგი, კარგი რა მოგივიდა, - ლერიმ ხელები დანებების ნიშნად ასწია, ბედს შერიგებული ადამიანის იერი მიიღო, - მორჩა მივდივარ, - დაუმატა და ნელი ნაბიჯით გაემართა კარისკენ. გაღიმებული სახით გვერდი ჩაუარა ხუჭუჭას, მისი რკინის ქუსლიანი ჩექმების კაკუნი მკვეთრად ისმოდა კაფეში, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გზა გასასვლელისკენ განეგრძო, მოულოდნელად შედგა და თვალშეუვლები სისწრაფით დააცხრა ხუჭუჭას იარაღიან ხელზე. პისტოლეტი ჭახანით დაეცა იატაკზე. ლერიმ განიარაღებულ მოწინააღმდეგეს მარჯვენა გადაუგრიხა, ცხვირ-პირში ერთი-ორჯერ მუშტიც უთავაზა და თითქმის უგრძნობლად მყოფი წინ ცოცხალი ფარივით აიფარა, რათა მეორე მდევარის პისტოლეტისგან თავი დაეცვა, რომელსაც ხმაურის გაგონებისთანავე, იატაკზე დავარდნილი მოხუცი-სთვის თავი მიენებებინა და ლერის იარაღს უმიზნებდა. - არ გირჩევთ ბატონო იარაღის გამოყენებას, - მშვიდად მიმართა ლერიმ მელოტს. - არ მჭირდება შენი მითითება, - მელოტმა გაღიზიანებული ხმით ჩაილაპარაკა, ლერისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა, - ჩვენ მხოლოდ ჩვენი საკუთრების დაბრუნება გვინდა, რომელიც ამ ნაბიჭვარმა ქურდ-ბაცაცამ აგვწაპნა, - მან იატაკზე საცოდავად მოკრუნჩხულ უცნობისკენ გაიშვირა პისტოლეტი, - ამიტომ გაუშვი ჩემი მეგობარი, უბრალოდ ავიღებთ რაც გვერგება და წავალთ. - გგონია მაგ სისულელეს დავიჯერებ? - ლერიმ ცივად გაიღიმა, ის გონებაში მოქმედების გეგმს ადგენდა თუ როგორ გამომძვრალიყო იმ ჩახლართული სიტუაციიდან, რომელშიც მისი მოუსვენრობის წყალობით გაეხლართა. მოულოდნელად მისი ყურადღება, რაღაც მოძრაობამ მიიქცია, მელოტის ზურგსუკან იატაკზე გაწოლილი უცნობი, ფრთხილად წამოდგა, მადლიერი თვალები მიანათა ლერის, ხელი იქვე მიგდებულ სპორტულ ჩანთას დასტაცა და ფაცხა-ფუცხით მოჰკურცხლა გასასვლელისკენ. ნაბიჯების ხმა ოთახში ექოდ გაისმა. შემდეგ ყველაფერი წამიერად მოხდა, მელოტი ნაბიჯების ხმამ გამოარკვია, ის ელვისებურად შეტრიალდა უკან, გაქცეულს პისტოლეტი დაუმიზნა და გამშვებს თითი გამოსდო, ბუნდოვანი ვარდისფერი შუქით განათებული სივრცე, წუილით გაკვესა მსხვილკალიბრიანმა, ფეთქებადმა ჭუვრმა, ჭუვრი უცნობს ზურგში დაეჯახა, სხეულში ღრმად ჩაერჭო და ყრუ ტკაცანით გასკდა, დარტყმიდან მოხუცი გულ-მკერდით მიასკდა კედელს, წამით ფეხზე იდგა მომაკვდავივით ხროტინებდა, შემდეგ მძიმედ ჩასრიალდა იატაკისკენ, თეთრად შეღებილ კედელზე კი სისხლის ალისფერი კვალი დარჩა. ოთახი მელოტის გიჟურმა ხარხარმა აავსო. - იდიოტი, გაქცევა მოინდომა, - მელოტი ლერის მიუბრუნდა, - ჩვენს საქმეებში ნუ ჩაერევი რაინდო, თორემ...! - მაგრამ მუქარა ვერ დაამთავრა, ლერიმ უგონოდ მყოფ ხუჭუჭას ხელი ჰკრა, მოწინააღმდეგეს მიაჯახა, შემდეგ ერთ ადგილზე ელვისებურად დაბზრიალდა ჯერ ფეხი სთხლიშა სახეში, მერე კი მუშტი ქვემოდან ამოსცხო, ეს ტაე-კვან-დოს კლასიკური ილეთი იყო. სახეგასისხლიანებულმა მელოტმა ასეთ მრისხანე შეტევას ვერ გაუძლო, ხელები მარიონეტივით გაშალა, სასოწარკვეთილმა დაიღრიალა, ჰაერში მალაყი გააკეთა და იატაკზე მოწყვეტით დაენარცხა. ლერიმ წაქცეულებს დახედა, ორთავე მდევარი ერთმანეთის გვერდიგვერდ დასვენებულიყო, კარგა ხანს ვერ მოვიდოდნენ გონს, თუმცა ზღვაურმა ყოველი შემთხვევისთვის ორივეს თითო-თითო მუშტი კიდევ უთა-ვაზა, იარაღები აართვა, ჯიბეები გაუჩხრიკა და როცა ვერაფელი ყურადსაღები აღმოაჩინა, რაც მათი ვინაობის დადგენაში დაეხმარებოდა, გაწბილებული გაემართა კედელზე მიყრდნობილი დაჭრილისაკენ, რომელსაც უკვე მოესწრო პირაღმა ამობრუნება და სპორტულ ჩანთას ხელიდან არ უშვებდა. - როგორ ხართ ბატონო? - უცნობს მიმართა ლერიმ, - თქვენ მგონი მე მეძებდით? დაჭრილმა თვალები ოდნავ გაახილა, ლერის უაზროდ მიაცქერდა და ძლივს გასადონად ჩაილაპარაკა. - ლერი... ზღვაური, ლერი... ზღვაური... მოძებნეთ... - მე ვარ ლერი ზღვაური ეშმაკმა დასწყევლოს, - ლერი უცნობისკენ დაიხარა და სახეზე დააკვირდა. უცნობს აუტანელი ტკივილი გამოესახა სახეზე, ტუჩები დამანჭა და ძლივს გასაგონად ამოთქვა. - ლერი... ზღვაური... - შემდეგ ტუჩები გაულურჯდა, გაფითრებულ სახეზე მკვდრის ფერი დაედო და გული წაუვიდა. ლერი დაღვრემილი დასცქეროდა უცნობი მამაკაცის დანაოჭებულ სახეს, უკან გადავარცხნილ გრძელ ჭაღარა თმას და უკვირდა, საიდან იცოდა მოხუცმა მისი სახელი, ვინ იყო? საიდან მოვიდა? რა უნდოდა მისგან?... გონების ჭ....ტვით აკვირდებოდა მოხუცის სახეს, ცდილობდა როგორმე გაეხსენებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ეს კაცი უცნობი გახლდათ მისთვის. ლერის გუნება წაუხდა, მის თვალწინ კაცი კვდებოდა, რომელიც ვიღაც არამზადებმა გაიმეტეს სასიკვდილოდ, მომაკვდავი კი სიკვდილის წინ მას უხმობდა, აბა როგორ შეიძლებოდა ასეთი ამბის შემდეგ ადამიანს გუნება-განწყობილება არ გაფუჭებოდა. ის კბილებს აღრჭიალებდა ბრაზმორეული, როცა მაკის უხალისო ხმა ჩაესმა. - გაგონილი მქონდა ლერი ზღვაური გიჟიაო, მაგრამ არ ვიჯერებდი, - შეშინებულ ბარმენს უზარმაზარი, გაბურძგნული თავი დახლსქვემოდან ამოეყო და დადარდიანე-ბული მსჯელობდა, - ახლა კი მჯერა, რადგან ასეთ კაცისმკვლელებთან შერკინებას, თანაც შიშველი ხელებით, თავის-თავზე ან გიჟი ან «სუპერმენი» აიღებდა და რადგანაც შენ «სუპერმენი» არ ხარ, გამოდის რომ გიჟი ყოფილხარ... უბრალოდ გიჟი და მეტი არაფერი. - მაკ შეეშვი ფილოსოფოსობას, - ლერიმ ხმადაბლა ჩაიღრინა, შემდეგ თვალებმილულულ უცნობს დახედა, რომელიც მწარედ კვნესოდა, მთელი სხეული და სახე სისხლში მოთხვროდა, ზურგი კი ხერხემლის გასწვრივ პირდაპირ გაგლეჯილი ჰქონდა, ირგვლივ სისხლისა და დანწვარი ხორცის სუნი ტრიალებდა, - მაკ ახლავე გამოიძახე სასწრაფო დახმარება, - ლერი წამოდგა, - მოხუცს დროზე თუ არ ვუშველეთ, აუცილებლად წაიღებს წერილს. - შენ რა მთვარედან ჩამოვარდი ლერი? ნუთუ არ იცი, რომ ისეთ მიყრუებულ უბნებს, როგორიც ჩვენი უბანია, არავითარი სასწრაფო დახმარება არ ემსახურება? - მაკი დახლიდან გამოვიდა, იატაკზე გაწოლილ მდევრებს დახედა და მოწონების ნიშნად წარმოსთქვა, - ყოჩაღ, კარგი ნამუშევარია, ჩინებულად ხმარობ მუშტებს. - აბა რა ვქნათ? - ლერიმ მოკლე თმაზე ხელი ნერვულად გადაისვა, - მოდი მაკ მომეხმარე, მანქანამდე მიმაყვანინე, დედამიწის ხელისუფლების იმედზე ჩემი მტერი იქნა, - ის დაჭრილს დასწვდა. - რას აპირებ? - მაკს ფერი ეცვალა. - საავადმყოფოში წავიყვან, - ლერიმ ცალი თვალით ახედა მეგობარს. - ხომ არ შეიშალე, - მაკმა დოინჯი შემოირტყა და ისე დააცქერდა დაჭრილს, - ამას ისეთი პირი უჩანს, რომ უკვე ამქვეყნიური აღარ არის, გზაში რომ მოკვდეს, შენ კი პატრულმა ფურგონში გვამი გიპოვოს, გეფიცები «ლაზერის მუზარადი» არ აგცდება. ლერი მაკის სიტყვებმა დააბნია, «ლაზერის მუზარადი» ხომ სიკვდილით დასჯის გაუმჯობესებული და უსასტიკესი ფორმა იყო, სრულიად მზის სისტემის ერთმხრივი გადაწყვეტილებით დამტკიცებული, მასთან შედარებით «ელექტროსკამი» ან «გაზის კამერა» საბავშვო თამაშებად მოეჩვენებოდა ადამიანს. დასჯის ეს უმაღლესი ზომა დამნაშავეს საზიზღარი წამებით ჰკლავდა, თავზე ჩამოცმისას, ლაზერის ძლიერი ნაკადებით სახეს უხრუკავდა, სიკვდილი კი მთელი 4 საათის შემდეგ დგებოდა, ასე რომ დამნაშავე 4 საათის განმავლობაში ჯოჯოხეთურად იტანჯებოდა. ლერის გაარჟრჟოლა, როდესაც წარმოიდგინა საკუთარი თავი «ლაზერის მუზარადის» ქვეშ მოფართხალე, დედამიწის ხელისუფლებას ისე კარგად არაფერი გამოდიოდა, როგორც ადამიანის სიკვდილით დასჯა, ისინი დიდი სიამოვნებით ახურავდნენ თავზე უდანაშაულო დამნაშავეებს «ლაზერის მუზარადს». ზღვაური წამით ჩაფიქრდა, მეორე წამს მისი ყურადღება რაღაც ჩქამმა მიიპყრო, უკან მიტრიალდა, მელოტი შოკიდან გამოფხიზლებულიყო, იატაკზე იჯდა და ნაგვემ სახეს ორივე ხელით იზელდა. ლერი პისტოლეტს დასწვდა, ის საკმაოდ კარგად იცნობდა ამ ტიპის იარაღს, იცოდა რომ ასამდე მსკდომადი ჭურვით იყო დამუხტული, ამიტომ იარაღი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და მელოტს დაუმიზნა, იგი იმდენად ახლოს იდგა მელოტთან, რომ თუკი იარაღის გამოყენება მოუხდებოდა, მაშინ მსკდომადი ტყვიებით დაცხრილური მდევარი, საპნის ბუშტივით გასკდებოდა. - დილა მშვიდობისა მძინარე მზეთუნახავო, - დამცინავად დაიმანჭა ის, - ახლავე წაეთრიეთ აქედან შენ და შენი «დაქალი», სანამ მთელები ხართ. მელოტი ფეხზე გაჭირვებით წამოდგა, ლერის მტრული, გველისებული თვალებით მიაცქერდა, იქვე მდგომ პირდაღებულ მაკსაც დააკვირდა და მხოლოდ შემდეგ მიტრიალდა იატაკზე მწოლიარე ხუჭუჭასაკენ, მასთან ჩაიმუხლა და დაბეგვილ სახეზე ხელი მიუთათუნა. - მე, შენთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა კი არ მითხოვია, - ლერის ხმაში ფოლადმა გაიჟღრიალა, პისტოლეტი ხელში ავად შეათამაშა, - ახლავე თავი მიანებე მაგ სისულელეებს და როგორც გინდა ისე გაათრიე ეგ ნაგავი აქედან! მელოტმა განრისხებით შეხედა ზღვაურს, ძირს დავარდნილი მეგობარი წამოაყენა, მძიმედ მოიგდო ბეჭებზე და ნელი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ. - მადლობა გვითხარით, ცოცხლებს რომ გიშვებთ, - ეს სიტყვები მაკს ეკუთვნოდა, მან თვალი გააყოლა კაფედან გამავალ მელოტს, რომელიც მძიმე ნაბიჯით შეუყვა ჩაბნელებულ ტროტუარს. ლერი კარებთან იდგა, ის მეორე სართულიდან ფეხაკრეფით ჩამომავალ მოცეკვავე გოგონებს უყურებდა, გოგონები ალბათ ამ ორთაბრძოლას მალულად ადევნებდნენ თვალს და როდესაც ყველაფერი დამთავრდა მხოლოდ მაშინ გაბედეს სამალავების მიტოვება. გოგონებს ტანია გამოეყო, ლერის მივარდა, მოეხვია და მინაზებული ხმით ჩაილაპარაკა. - ოჰ ლერი, რა მოუსვენარი ხარ, ნუთუ არ შეგეძლო სხვებივით გასცლოდი ამ ადგილს? ზღვაურმა, ტანიას სიტყვებს ყური არ ათხოვა, მხოლოდ თმაზე მიეალერსა და მრისხანედ ფეხებგაჩაჩხულ მაკს მიმართა. - არ იცნობ ამ ბიჭებს? - ჰკითხა. - წარმოდგენა არა მაქვს, იმედია სინდიკატ «სატანის შვილებიდან» არ იქნებიან, - მაკმა შეშინებული თვალები მიაპყრო ზღვაურს. ლერის კი თვალწინ წარმოუდგა მაფიოზურ სინდიკატ «სატანის შვილების» მიერ ჩადენილი პირსისხლიანი ბოროტ-მოქმედებანი, თავი უძლურადაც კი იგრძნო იმის გაფიქრებაზე, რომ ამ ბანდიტური დაჯგუფების წევრებთან მოუხდა შეხლა-შემოხლა. ღმერთმა ისე ქნას, რომ ეს ბიჭები «სატანის შვილებიდან» არ იყვნენ, ისინი ხომ არავის არაფერს პატიობენ და ალბათ მასაც არ აპატიებენ ამ თავხედობას, ეს სინდიკატი ყველაზე ძლევამოსილია, დედამი-წაზე დღემდე ჩამოყალიბებულ მაფიოზულ სინდიკატებს შორის, ძალიან გრძელი და სისხლიანი ხელები აქვთ, ამიტომ სახარბიელო არ იქნება თუ მისი და «სატანის შვილების» გზები, ერთ გზაჯვარედინში გადაიკვეთებიან. - შესანიშნავია, - ლერიმ, ტანია ფრთხილად მოიცილა თავიდან, შემდეგ შეეცადა ავი ფიქრებიდან გათავისუფლებუ-ლიყო და უგონოდ მყოფ უცნობს გახედა, - ახლა კი დაჭრილი მანქანაში ჩავაწვინოთ, - დინჯად დაუმატა. - მაინც არ იშლი შენსას? ხომ გითხარი ქალაქის ცენტრალურ კვარტალში ასეთი საშიში ტვირთით გასვლა, თვითმკვლელობაზე ხელის მოწერაა-მეთქი, - მაკმა კუშტად შემოიჭდო მკერდზე ხელები. - ჩემი დარდი ნუ გექნება, მე როგორმე მივხედავ თავს, - ლერიმ დაჭრილს იღლიებში ამოსდო ხელი, - ჰე რაღას უცდით, საქმეს შევუდგეთ, ბოლოს და ბოლოს ესეც ხომ ადამიანია, დახმარება უნდა, თანაც მის წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობ, რადგან მიხმობდა გაჭირვების ჟამს. მაკმა ფეხებში ჩაავლო ხელი უცნობს და ზემოთ წამოსწია, ისე რომ ლერის ბოლო სიტყვებისთვის არც დაუგდია ყური, მოხუცმა საწყალობლად ამოიკვნესა, მარჯვენა ხელში ჩაბღუჯული სპორტული ჩანთა იატაკზე დაუვარდა. ტანია ჯერ ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა, ის ავტომატურად დასწვდა ძირს დავარდნილ ჩანთას და გაოცებულმა ორივე ხელით ჩაბღუჯა. - ნუთუ მოკვდა? - თავისთვის ბუტბუტებდა ქალი და უკან მისდევდა ლერის. ამასობაში ზღვაურმა ფურგონის უკანა საბარგული გააღო, დაჭრილი ფრთხილად დაასვენეს საბარგულის იატაკზე, ლერი კაბინაში მოკალათდა და დიდი წვალების შემდეგ მანქანის ძრავი აარახრახა. - ფრთხილად იყავი ლერი, - ტანიამ გაბუტული ხმით მიმართა და უცნობის ჩანთა გაუწოდა. - ნუ ნაღვლობთ - ლერიმ ქალს ჩანთა ჩამოართვა, გვერდით სავარძელზე მიაგდო და მაკს მიუბრუნდა, - აჰა გამომართვი - პისტოლეტი გადასცა ბარმენს, - იქნებ ის ტიპები ისევ დაბრუნდნენ, ამ სათამაშოთი კი აშკარად დაუფრთხობ მათ ანგელოზებს, აბა ყოჩაღად, წავედი - ზღვაურმა ფანჯრიდან თავი გამოჰყო, ჯუჯას ეძებდა, მაგრამ ეშმაკი ხეიბარი სადღაც გაპარულიყო - მოგვიანებით გნახავ ტანია - ლერიმ ხალისიანად ჩაილაპარაკა, შემდეგ აკანკალებულ ქალს თვალი ჩაუკრა, აქსელატორს ფეხი დააჭირა და ფურგონიც ღრჭიალით მოსცილდა კაფე «მეოცე საუკუნის» ნეონის ნათურებით განათებულ შენობას. P.S. მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ჩემი ერთ-ერთი ნაწარმოები შემოგთავაზოთ, რომელიც სამეცნერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება. რაც შეეხება „დეტექტივობანას“ ახლა მის დასასრულზე ვმუშაობ, ასე რომ გარკვეული ხანი ლოდინი მოგიწევთ სანამ საბოლოოდ დავდებ. მადლობა რომ კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.