შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„ვენერას ცრემლი“ - 3


9-09-2019, 00:08
ავტორი omexi
ნანახია 9 379

მე-20 საუკუნის დროინდელმა ტელეფენმა მკვეთრად დაირახრახა, ლერი ზღვაური უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, თვალები მძიმედ გაახილა და ძველებურ ტელეფონს, რომელიც კვლავ დაუღალავად რეკავდა მოსისხლე მტერივით მიაჩერდა.
ღამის სამი საათი იდგა, მთვარის სუსტი სხივები ოთახში ურცხვად იჭყიტებოდნენ, ჯიქურ ეფინებოდნენ საწოლს და სასიამოვნოდ ბზინავდნენ.
ზღვაურმა მადიანად დაამთქნარა, გვერდით მწოლიარე ტანიას სიყვარულით გადახედა, მისი ლამაზი სახე შეათვალიერა, თვალებმოჭუტულმა ნეტარებით გაიხსენა განვლილი წუთები და ზარმაცად გაიზმორა.
ქალს უშფოთველად ეძინა, აბრეშუმივით ბულულა შავი თმა, მამაკაცს მკერდზე დაჰფენოდა, აბურდული კულულები ყოველ ამოსუნთქვაზე ნარ-ნარად ირხეოდა და სასიამოვნოდ უღიტინებდა გაშიშვლებულ მკერდზე, ამიტომ ზღვაური ისევ ჩაიძირა ძილის დამათრობელ ბურუსში და თვალები მილულა.
მოულოდნელად, დადუმებულმა ტელეფონმა ისევ შეახსენა თავი, ზარმა გაბმულად დარეკა, ლერი ნერვულად შეხტა საწოლზე, შემდეგ სწრაფად წამოიწია, ლოგინზე წამოჯდა და გაბრაზებულმა დაიყვირა.
- «ქეთი» ვინ რეკავს?
მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, მხოლოდ მაშინ მოაგონდა, რომ დაწოლის წინ კომპიუტერი ელექტროქსელიდან გამორთო, რათა მას და ტანიას თავი მარტოდ ეგრძნოთ, გულმოსულმა ხმადაბლა შეიკურთხა, თბილი საწოლი სინანულით მიატოვა და ყურმილს დასწვდა.
- ლერი ზღვაური გისმენთ, - უსიამოვნოდ ჩასძახა მიკროფონში და უზარმაზარი ყურმილი ხელში ნერვიულად შეათამაშა.
- ლერი ეს მე ვარ, - ყურმილიდან მაკის შეშინებული ხმა გაისმა.
- ჯანდაბამდეც გზა გქონია მაკ, რა ეშმაკი შეგიჯდა ამ ნაშუაღამევს რომ მირეკავ? - ზღვაური გაბრაზდა.
- ისე ჩემთვის... ვიფიქრე დავრეკავ, მოვიკითხავ მეთქი...
- რას მიედ-მოედები მაკ, - ლერიმ აგდებული ტონით შეაწყვეტინა საუბარი ბარმენს.
- ლერი გესმის ჩემი, - მაკს ხმა აშკარად შეეცვალა, აღელვებულმა სულმოუთქმელად წარმოსთქვა, - ახლავე გაიქეცი აქედან, მიატოვე ქალაქი... - მოულოდნელად ყურმილში მაკის ხმა შეწყდა, ჯერ ხრიგინი და რახა-რუხი გაისმა, ბოლოს როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდა, ლერის ჩახლეჩილი, ესპანური აქცენტით გაჯერებული ხმა ჩაესმა - ახლავე მოეთრიე კაფე «მეოცე საუკუნეში»... Amigo 1 ... თან ის კრისტალი წამოიღე, თორემ შენს იდიოტ მეგობარს მაცხოვართან გავისტუმრებ.
ლერი დაიბნა, შემდეგ ყურმილს გაოცებულმა დახედა და გაუბედავად ჩასძახა.
- ვინა ხარ ეშმაკმა დაგწყევლოს.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ... Amigo ... - ყურმილიდან კვლავ უცნობის არასასიამოვნო ხმა გაისმა, - ნახევარ საათში «ვენერას ცრემლთან» ერთად კაფეში გაჩნდი, თორემ ამ მხდალი ბარმენიდან სველ ადგილსაც არ დავტოვებთ, - ყურმილიდან მკვეთრი ჩხაკუნი გაისმა.
- მოიცა, მოიცა ყურმილი არ დაკიდო, - ხმამაღლა ჩაჰყვირა ლერიმ მიკროფონში, მაგრამ უკვე გვიან იყო ყურმილიდან ზუმერის წყვეტილი, ტუტუნა ხმა მოისმოდა.
ლერი დაბნეული იდგა შუა ოთახში, ხელში უზარმაზარი ყურმილი ჩაებღუჯა და ტელეფონს დასცქეროდა, შემდეგ მისი ყურადრება ტანიამ მიიპყრო, ქალს ხმამაღალ ლაპარაკზე გამოღვიძებოდა, საწოლიდან სანახევროდ წამოწეულიყო, იდაყვებზე მსუბუქად დაყრდნობილი მამაკაცს უმზერდა, ბოლოს თვალები მოიფშვნიტა და ნამძინარევი ხმით იკითხა.
- ვინ იყო საყვარელო?
ლერიმ, ქალს უაზროდ გაუღიმა ტელეფონოს ყურმილი ბერკეტზე დააგდო და დაბნეულმა ჩაილაპარაკა.
- წავედი ძვირფასო, არ შეგეშინდეს მალე დავბრუნდები.
ფაცხა-ფუცხით ჩაიცვა ტანზე, «ვენერას ცრემლი» სპორტულ ჩანთაში ჩაუძახა და ფურგონში მოკალათდა, რამდენიმე წუთი მწყობრიდან გამოსული ძრავი უღონოდ ათუხთუხა, ბოლოს როდესაც ძრავი ამუშავდა აქსელატორს ფეხი მთელი ძალით დააჭირა და თავისთვის ჩაიბურტყუნა.
- გამაგრდი მაკ... მოვდივარ.
ნახევარ საათში უკვე კაფე «მეოცე საუკუნესთან» იდგა და თვალებმოჭუტული ათვალიერებდა ჩაბნელებულ შენობას, სარეკლამო ნეონის ნათურები ჩაექროთ, მხოლოდ შენობის სიღრმეში ბჟუტავდა ობლად დარჩენილი ერთადერთი ნათურა.
ლერი, რამდენიმე წამი კაბინაში იჯდა, ღმერთმა იცის გონებაში მერამდენედ აწყობდა მოქმედების გეგმას, უეცარი გამოჩენის ეფექტის გამოეყენებას ვარაუდობდა. ამიტომ, თავდაჯერებული გადმოხტა კაბინიდან და კაფის მოლაყლაყებული კარი შეაღო.
პირველად რაც თვალში მოხვდა გაკოჭილი მაკი იყო, რომელიც ანთებული ნათურის პირდაპირ ეგდო იატაკზე, ბარმენს სამი იარაღმომარჯვებული მამაკაცი დადგომოდა თავზე, ორ მათგანში ლერიმ ადრინდელი მდევრები შეიცნო, მელოტი და ხუჭუჭა, რომლებიც კარგა გვარიანად მიბეგვა ამ რამდენიმე ხნის წინ, მესამე კი სახენაიარევი შავგვრემანი ტიპი გახლდათ, გრძელი, უსწორმასწოროდ ჩამოშლილი შავი თმა და მუდამ დამცინავი ღიმილისაგან შუაგაპობილი სქელი ტუჩები ჰქონდა.
ამ სურათის შემხედვარემ, მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებისგან თავი შეიკავა, თამამად გამოვიდა სიბნელედან და გამართული ნაბიჯით შენობის სიღრმისკენ გაემართა.
პირველად, მისი რკინის ქუსლებიანი ჩექმების კაკუნი სახენაიარევმა გაიგონა, ნერვულად აცქმუტდა, სიბნელედან მოჩვენებასავით გამოსულ ლერის გახედა და პისტოლეტი დაუმიზნა.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება... Amigo ... - ესპანური აქცენტით წარმოსთქვა მან, თან წვრილი, ეშმაკური თვალები ლერის ხელში ჩაბღუჯულ სპორტულ ჩანთას მიაყინა.
- მაკ როგორ ხარ? - ლერიმ ისე მიმართა იატაკზე გაწოლილ ბარმენს, თითქოს იქ მდგომი ავაზაკები არც შეემჩნიოს.
ბარმენმა, ლერის ხმის გაგონებისთანავე თავი წამოსწია და საწყალობრად წაისლუკუნა.
- გაიქეცი ლარი... - მაგრამ სიტყვის დამთავრება არ დასცალდა, ხუჭუჭამ ფერდში წიხლი ჩასცხო.
- Habla español? 2 - მოულოდნელად სახენაიარევმა ლერის მჭახე ხმით მიმართა და მისკენ რამდენიმე ნაბიჟი გადადგა, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო თავი სინანულით გადააქნია, - დასანანია, - სიცილით ჩაილაპარაკა, - ვერც თქვენი მეგობარი ლაპარაკობს ესპანურად, მე კი ვერ ვიტან მას ვინც ესპანურად ვერ ლაპარაკობს, რადგან თავად მიჭირს ამ წყეულ საერთაშორისო ენაზე საუბარი.
- არ ვიცი ვინა ხარ, მაგრამ გააფრთხილე ის იდიოტი, მოეშვას მაკის ცემას, - ლერიმ ხუჭუჭას მრისხანედ გახედა, რომელიც ისევ გამეტებით განაგრძობდა ბარმენის ცემას, დაბეგვილ მაკს უკვე წარბიდან სისხლიც სდიოდა.
- სილვიო ტრავინა, - უაზროდ გაიღრიჭა სახენაიარევი, მან ლერის თავი დამცინავად დაუკრა, - ახლა კი შევეშვათ სისულელეებს... Amigo ... - ესპანელმა ხმას დაუწია და ოფიციალური ტონით წარმოსთქვა, - მოიტანე «ვენერას ცრემლი»?
- რა თქმა უნდა მოვიტანე, - ლერიმ საპასუხოდ ჩანთა ზემოთ წამოსწია და ტრავინას უკეთ დაანახა, - ოღონდ ჯერ მაკი გაათავისუფლეთ, კრისტალს კი შემდეგ მიიღებთ, - საკმაოდ მშვიდად და აუღელვებლად წაუყენა ულტიმატუმი.
სახენაიარევმა ხმამაღლა გადაიხარხარა, ლერის მიაჩერდა და დამარცვლით წარმოსთქვა.
- ჯერ-ჯერობით ფორტუნა ჩემს მხარეზეა... Amigo ... ამიტომ ბრძანებებსაც მე ვიძლევი, - ტრავინამ პისტოლეტი ლერის შუბლს მიუმიზნა, - ჯო, - მელოტს მიმართა მან, რომელიც ბრაზიანი თვალებით უმზერდა ლერის, - მიდი და ჩვენს... Gaballero 3 ... ჩანთა აართვი, ოღონდ ფრთხილად იყავი, როგორც შენგან გამიგია, თურმე მუშტებს იქნევს.
მელოტი მედიდური ნაბიჯით მიუახლოვდა ლერის, ერთი ხელით უშველებელი პისტოლეტი დაუმიზნა, მეორეთი კი მაგრად ჩაბღუჯული ჩანთა აართვა.
ლერი მხოლოდ ახლა მიხვდა თუ რაოდენ დიდი სისულელე ჩაიდინა, როცა «ვენერას ცრემლი» თან წამოიღო, უმჯობესი იქნებოდა სადმე საიმედო ადგილას გადაემალა, ერთი სული ქონდა იმ ეშმაკ ესპანელს ყელში სწვდომოდა, მაგრამ გვიანი იყო, უკვე სამი იარაღის ჩაშავებული ლულა აჩერებდა ერთ ადგილზე, საიდანაც ბნელი თვალებით სიკვდილი იმზირებოდა.
ჯომ, ჩანთა ტრავინას გადასცა, რომელმაც ელვა შესაკრავი სულმოუთქმელად გახსნა, შიგ თვალებმოჭუტულმა ჩაიხედა და კმაყოფილებით წარმოსთქვა.
- ძალზედ შეცდი... Amigo ... ასე ადვილად რომ დაგვითმე კრისტალი, - ტრავინამ იარაღი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, - მართლაც... nada 4 …ყოფილხარ... Amigo …მე კი მეგონა წინააღმდეგობას გამიწევდით, ახლა კი შენ და შენს მეგობარს გულარხეინად მიგაკლავთ, მშვიდობით... Amigo …
ლერი, გაოცებული მიჩერებოდა პისტოლეტის შავ ლულას, პირველად შესცქეროდა სიკვდილს თვალებში.
- შეგვიბრალეთ, - მოულოდნელად, საწყალობლად ამოიკნავლა მაკმა და იატაკზე სასოწარკვეთილი აფართხალდა.
- ხმა ჩაიწყვიტე ძაღლისშვილო, - ხუჭუჭამ, ბარმენს ისევ წიხლი ჩააზილა.
- თქვენ ვერ ეღირსებით ჩემგან შებრალებას, - ტრავინა ლერის მიუახლოვდა და პისტოლეტის ლულა მის შუბლს უსწორა, - ალბათ მიხვდი, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას კარგი არაფერი მოაქვს, მშვიდობით... Amigo … ჯოჯოხეთში სატანას ჩემგან მოკითხვა გადაეცი, - ესპანელმა ლერის შუბლს პისტოლეტის ლულა მიაბჯინა და ხრინწიანი ხმით წარმოსთქვა, -… Adiós querida! 5 …
ლერიმ ესპანელის სიახლოვით ისარგებლა, არაადამიანური სისწრაფით პისტოლეტი ხელიდან გამოგლიჯა, მუხლი ცხვირ-პირში ამოჰკრა და იარაღი ამჯერად ტრავინას მიაბჯინა საფეთქელზე.
- არ გაინძრეთ, - დაუყვირა ჯოსა და ხუჭუჭას, რომლებთაც უკვე მისკენ მიემართათ იარაღები, - თორემ ამ ენადგაკრეფილ ესპანელს პირდაპირი რეისით ჯოჯოხეთში გავამგზავრებ.
ისინი გაშეშდნენ და ორთავემ გაურკვევლად დაუშვა იარაღი.
- პისტოლეტები ჩემსკენ გადმოყარეთ, - ლერიმ კუშტად ბრძანა, შემდეგ კაფეს თვალი მოავლო და როცა შეამჩნია ისინი ბრძანების ასრულებას არ აპირებდნენ, პისტოლეტის ლულა საფეთქელზე უფრო მაგრად მიაჭირა ტრავინას, - ჰე დაუჩქარეთ, რაღას უცდით, - ჯოსა და ხუჭუჭას შეუძახა მან.
პირველად, ხუჭუჭას იარაღი დავარდა იატაკზე, მან ფეხის კვრით ლერისაკენ გააცურა, შემდეგ კი მეგობარს ჯომაც მიბაძა.
- ძალიან კარგი, - ლერიმ მოწონებით დახედა იარაღებს და ჯოს მიმართა, - გაათავისუფლე მაკი - განგსტერს, იატაკზე მიწოლილ ბარმენზე ანიშნა, მაგრამ მელოტი მრისხანე სახით შეაჩერდა მას და ადგილიდან ფეხიც არ მოიცვალა, ლერიმ ცივად ჩაიცინა, შემდეგ ტრავინასკენ დაიხარა და ყურში ჩაშჩურჩულა, - ესპანელო, გააგებინე შენს ძნელად მოაზროვნე გორილებს, რაც ვუთხარი ის შეასრულონ, თორემ მაგ გამოტვინებულ თავს სიამოვნებით გაგიხვრიტავ.
- გაანთავისუფლე, იდიოტო! - ხმამაღლა დაიჩხავლა ტრავინამ და ერთიანად აცახცახდა.
ჯო სწრაფად მივარდა მაკთან, თოკი შეუხსნა. მაკი კი ბორძიკით წამოდგა ფეხზე და ლერის გვერდით ამოუდგა.
- იარაღი აიღე, - ზღვაურმა მაკს პისტოლეტებზე ანიშნა, თვითონ კი ტრავინას ხელში ჩაბღუჯული ჩანთა ააცალა, - ეს ჩემია ესპანელო, - ღიმილით უთხრა და ხელის კვრით თავიდან მოიშორა, - გაეთრიე... გირჩევ სხვა დროს, დროზე გააკეთო საქმე და ცოტა ილაპარაკო.
- Amigo, en silencio amigo, 6 - ტრავინამ ესპანურად რაღაც ჩაილაპარაკა და ნელი ნაბიჯით უკან დაიხია.
ლერი და მაკი იარაღშემართულნი იდგნენ გვერდიგვერდ, მაკი სასაცილოდ გამოიყურებოდა უშველებელი პისტოლეტით ხელში, მაგრამ ლერის დიდი იმედი ჰქონდა მისი, მან ბარმენს დამახასიათებელი ჟესტიკულაციით რაღაც ანიშნა, პისტოლეტი ზემოთ წამოსწია, ობლად მანათობელ ერთადართ ნათურას დაუმიზნა და სახლეტს თითი გამოსდო... ტყვიამ ნათურა ჩაამსხვრია, კაფეში ჩამობნელდა... ლერისაც ეს უნდოდა, სიბნელე მისდა სასარგებლოდ გამოიყენა, მაკს ხელი გამოსდო.
ორთავე სირბილით გავარდა შენობიდან და იქვე მიყენებულ ფურგონში მოკალათდნენ.
კაფეში ჩოჩქოლი ატყდა, პირველად შენობიდან ჯო გამოვარდა, მას საიდანღაც პისტოლეტი დაეთრია და იარაღმომარჯვებული გამართული ნაბიჯით მოემართებოდა ფურგონისკენ.
ლერიმ ძრავი დაქოქა, ავტომობილი აძიგძიგდა, შეტოკდა, ერთი ამოიოხრა და დადუმდა... ზღვაურმა გულიანად შეიკურთხა, აწრიალებულ მაკს გახედა, რომელსაც სპორტული ჩანთა ჩაებღუჯა და შიშისაგან აკანკალებული სავარძლის გვერდით იმალებოდა, კვლავ აამუშავა მოტორი, ფურგონი არაფლისმაქნისად აჭრიალდა, იზუზუნა, იზუზუნა და ჩაქრა... იმავდროულად ჯომ პისტოლეტს თითი გამოსდო, ფეთქებადი ტყვია წივილით გამოიჭრა ავტომობილისაკენ, ლერიმ გვერდზე გადაწოლა მოასწრო, რომ ტყვიამ პირწმინდად ჩაამსხვრია სამზერი მინა და ჭერში უზარმაზარი ხვრელი გააკეთა.
მაკმა ისტერიული ყვირილი ატეხა.
ლერი ჯიუტად წაეპოტინა გასაღებს, გადაატრიალა, კვლავ უხალისოდ აზუზუნდა ძრავი, ისევ აძაგძაგდა ავტომობილი, ისევ ამოიჭრა შავი კვამლის ბოლქვები დაზიანებული მოტორიდან, შემდეგ უეცრად ფურგონი შეტოკდა, ძრავი გამოცოცხლდა, ენერგია მოიკრიბა და მხიარული თუხთუხით ამუშავდა.
ზღვაურმა, სიჩქარის ბერკეტი ნერვულად გადაანაცვლა, აქსელატორს ფეხი მთელი ძალით დააჭირა და საჭე ჯოსკენ მიმართა, რომელიც შუა ქუჩაში იდგა და ცდილობდა პისტოლეტი უფრო გულმოდგინედ დაემიზნებინა.
ფურგონი საბურავების წივილით მოსწყდა ადგილს... ჯომ იარაღი გაისროლა, ტყვია ავტომობილის სახურავში გაიჭედა და გასკდა, სახურავი სანახევროდ აიგლიჯა, თუნუქის წვეტიანი ნამტვრევები ლერის სახეში შეეყარა, მან საჭე ნერვულად შეათამაშა, ავტომობილი მელოტისკენ მიმართა.
ჯომ, მესამედაც გაისროლა, თუმცა უშედეგოდ შემდეგ მისკენ მქროლავ ფურგონს გვერდი უქცია, ასფალტზე გადაკოტრიალდა და ჩაბნელებულ ქუჩაზე გარახრახებულ ავტომობილს ტყვიების ჯერი დაადევნა.
ფურგონი ძაგძაგით გაუყვა უკაცურ გზატკეცილს.
ჩაბნელებულ ქუჩებში სულიერის ჭაჭანება არ იყო, საერთოდ ეს უბანი მკვეთრად გამოირჩეოდა თავისი დანაშაულებრივი ნუსხით, ამიტომ ადგილობრივები შებინდებისთანავე სახლებში იყუჟებოდნენ, ლერის არ აინტერესებდა უბნის კრიმინალური მხარე და არც უბნელების შეხედულება, დედამიწის დაძაბული პოლიტკური მდგომარეობის შესახებ, საჭეს ჩაფრენოდა და რაც შეეძლო სწრაფად მიაქროლებდა ფურგონს, ჩამსხვრეული მინიდან შემოჭრილი ცივი ჰაერი, სახეს უყინავდა და ისიც მოჭუტული თვალებით გასცქეროდა ჩაბჟუტული შუქფარებით განათებულ ქუჩას.
მოულოდნელად, მის ყურთასმენას ანტიგრავიტომო-ბილისათვის დამახასიათებელი წივილის ხმა მისწვდა, უკანხედვის სარკეში მკვეთრად გამოჩნდა ზეთანამედროვე ანტიგრავიტომობილის ორი აბრდღვიალებული შუქფარი, რა თქმა უნდა ესენი ტრავინა და მისი ძმაბიჭები იყვნენ.
ლერიმ აქსელატორს ფეხი მძლავრად დააჭირა, მაგრამ საცოდავად მოთუხთუხე ფურგონს სიჩქარისათვის არ მოუმატია.
ფურგონის სარკეში ანტიგრავიტომობილის შუქფარების შუქი ერთიორად გაფართოვდა, მდევარი აშკარად ეწეოდა მოჩაკჩაკე ავტომობილს, ბოლოს შუქმა თვალისმომჭრელად გაიბრჭყვიალა და ფურგონს გვერდით ლურჯი ფერის, სპორტული ანტიგრავიტომობილი ამოუდგა, მობილს თვალე-ბდაქაჩული ხუჭუჭა მართავდა, რომლის გვერდით ტრავინა იჯდა, იგი ცბიერი თვალებით შემოსცქეროდა ლერის.
ხუჭუჭამ, მკვეთრი მოძრაობა გაკეთა, ანტიგრავიტომო-ბილი გვერდულად დაეჯახა ფურგონს. ლერის საჭე აღარ დაემორჩილა, ავტომობილი შეძაგძაგდა, მკვეთრად გადაუხვია გზიდან, ანტიგრავიტომობილი მეორედ დაეჯახა მანქანას, ისე რომ ზღვაურს მიმართულების აღდგენის საშუალება არ მისცა, ფურგონი ტროტუარზე გადავიდა და სიმეტრიულად ჩალაგებულ პლასტმასის ნაგვის ურნებს შეეჯახა, ნაგავი ჩამსხვრეული მინიდან კაბინაში შემოცვივდა. მეორე აზრი არ არსებობდა ტრავინა ცდილობდა, ფურგონი რომელიმე ღამის განათების ბოძს შესკდომოდა, ლერიმ ნაცვლად იმისა რომ მანქანა შეეჩერებინა, დამსხვრეულ ნაგვის ურნებს გადაატარა, ანტიგრავიტომობილს გზა გადაუჭრა და მკვეთრი დამუხრუჭებით ფურგონი სწრაფად მქროლავი ანტიგრავიტომობილისაკენ მიაბრუნა.
- რას სჩადიხარ ლერი, - იყვირა შეშინებულმა მაკმა, როდესაც ჩამსხვრეული სამზერი მინის მიღმა, ანტიგრავიტომობილის ორ აბრდღვიალებულ შუქფარს მოჰკრა თვალი.
- მომეშვი, - ლერიმ ბარმენი ხელის აქნევით შეაჩერა და ფურგონი საბურავების წივილით მოსწყვიტა ადგილს.
- დავიღუპეთ... ორთავე დავიმტვრევით, - მაკმა სასოწარკვეთილმა თვალებზე აიფარა ხელი.
ლერი, ორივე ხელით ჩაფრენოდა საჭეს, ხედავდა როგორ უახლოვდებოდა ანტიგრავიტომობილის მოკაშკაშე შუქფარები, მაგრამ სიჩქარის შენელებას არ აპირებდა, ფურგონის გაბარიტების იმედი ჰქონდა, ამიტომაც მიაქროლებდა ასე თავგამოდებით.
- ლერი, დავეჯახებით! - ისტერიულად იყვირა მაკმა და საჭეს წაეპოტინა, რათა მანქანა გვერდზე გადაეხვია.
ლერიმ ხელის კვრით მოიშორა იგი, შემდეგ შარვალში გარჭობილი პისტოლეტი ამოაძვრინა და მაკს ხელებში შეაჩეჩა.
- აბა მაკ ერთი შენებურად დაიფრინე ეს არამზადები, - შეაგულიანა ბარმენი და თავის აქნევით ანტიგრავიტომობილისკენ ანიშნა.
მობილი სულ ახლოს იყო მათგან, ამიტომ იარაღით გამხნევებული მაკი დაფაცურდა, ჩამსხვრეული მინიდან პისტოლეტი ანტიგრავიტომობილს დაუმიზნა და სასხლეტს თითი გამოჰკრა.
სროლის სიზუსტით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა, თუმცა პირველი გასროლა ურიგო არ გამოუვიდა, აბრდღვიალებული მარჯვენა შუქფარი ჩაუმსხვრია, მეორე გასროლით კი გაპრიალებულ კორპუსში უშველებელი, აბოლებული ნახვრეტი დატოვა, თუმცა ანტიგრავიტომობილს სვლა არ შეუნელებია, ისევ მოჰქროდა ფურგონისაკენ, სამზერი მინიდან აშკარად ჩანდა თუ როგორ უყვიროდა განრისხებული ტრავინა, სახეგაფითრებულ ხუჭუჭას.
ბოლო მომენტში კი, როცა ზეთანამედროვე ანტიგრა-ვიტომობილი და ძველთაძველი ავტომობილი ერთმანეთს უნდა შესკდომოდნენ, ლერიმ ფურგონს გვერდზე გადაახვევინა, მანქანამ კუდი გაჰკრა ანტიგრავიტომობილის წამახულ წვერს, მობილი გვერდზე გადაქანდა, დარტყმიდან არასიმეტრიული პარაბოლა მოხაზა ჰაერში, თავზე გადაევლო ფურგონს და ამოტრიალებული დაენარცხა ასფალტს.
ლერი ელოდა კიდეც ასეთ დასასრულს, არაფერი გაჰკვირვებია, გაოცებული მხოლოდ მაკი იყო, ამიტომ როცა ზღვაურმა ავტომობილი შეაჩერა, ბარმენი თვალებგაფარ-თოებული მიაჩერდა დამსხვრეულ ანტიგრავიტომობილს, რომლის დაჭმუჭნულ კორპუსზეც ელექტროდენის ცისფერი, დაკლაკნილი ნაპერწკლები დახტოდნენ, ხოლო შეტ....ჟილი ძრავიდან რუხი კვამლი მოიკლაკნებოდა.
- აი ეს მესმის, - მაკმა თავი მოიქექა და გაოცებულმა დაუსტვინა.
მობილის ჩაჭ....ტილი კაბინიდან ხვნეშით და კრუსუნით მიძვრებოდნენ, თავპირგასისხლიანებული ტრავინა და ხუჭუჭა, ხელმოცარული განგსტერები თავ-ბედს იწყევლიდნენ, ელდანაკრავ ტრავინას საერთაშორისო ენა მთლად დავიწყებოდა, ის ესპანურად იკურთხებოდა და პირიდან სისხლს აფურთხებდა.
ლერიმ ჩანთიდან «ვენერას ცრემლი» ამოიღო, კაბინიდან გადმოხტა და ტანსაცმელშემოფლეთილ განგსტერს დაანახა.
- დატკბი ესპანელო მშვენებით, - ხმამაღლა დაუყვირა, - შენი სისხლიანი თვალები უკანასკნელად ხედავენ «ვენერას ცრემლს».
ტრავინა წამოიმართა და ზღვაურს მიაჩერდა, ნაიარევი სახე უფრო დამახინჯებოდა, გრძელი, შავი თმა კი ალქაჯივით გაწეწოდა.
- Me lo pagaras, 7 - ესპანურად რაღაც დაიყვირა.
მაგრამ ლერი, მას აღარ უსმენდა, უკვე ფურგონში მოკალათებულიყო, ავტომობილს ჩაბნელებულ ქუჩაზე მიარახრახებდა, ზღვაური შინისაკენ მიისწრაფვოდა, თან ცნობისმოყვარე მაკს სვენებ-სვენებით უყვებოდა «ვენერას ცრემლის» უცნაურ ისტორიას.


1 Amigo (ესპ) - მეგობარი.
2 Habla español (ესპ) - ლაპარაკობ ესპანურად?
3 Gaballero (ესპ) - რაინდი.
4 nada (ესპ) - არარაობა.
5 Adiós querida (ესპ) - მშვიდობით ძვირფასო
6 Amigo, en silencio amigo - (ესპ) მეგობარო, მშვიდად მეგობარო.
7 Me lo pagaras (ესპ) - გადაგიხდი სამაგიეროს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent