შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„ვენერას ცრემლი“ - 5


11-09-2019, 00:01
ავტორი omexi
ნანახია 9 119

**********

ფურგონმა, ხრიგინით შემოუხვია ჩაბნელებულ გზატკეცილზე, მისმა ჩაბჟუტულმა შუქფარებმა უმალ გამოგლიჯა სიბნელეს ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებული მეძავი ქალები, რომლებიც გამვლელ-გამომვლელს ვნებიანად ათვალიერებდნენ... «ფარვანები»... ასე ეძახდნენ მეძავების ამ კატეგორიას, რადგან ისინი «სამუშაოდ» ყოველთვის ღამ-ღამობით გამოდიოდნენ და როგორც ფარვანა პეპელა აწყდება ანთებულ ლამპარს, ისე აწყდებოდნენ ხოლმე ავტომობილებისა თუ ანტიგრავიტომობი-ლების განათებულ კაბინებს, ახლაც მეძავთა მთელი ასეული მიეხალა ფურგონს, თუცა ფურგონი არ გაჩერებულა, გაუთავებელი რწევით გასცილდა მათ და ქუჩის კუთხეში მოთავსებულ ტელეფონავტომატთან შეჩერდა.
ლერიმ ძრავი ჩააქრო, ორთავე ხელით დაეყრდნო საჭეს და გვერდით მჯდომთ გადახედა. მაკი დაღლილობისგან ამთქნარებდა, უაზრო თვალებით მისჩერებოდა ჩაბნელებულ ქუჩას, ტანიას კი თავი კაბინის თეთრღრუბელგადაკრულ კედელზე მიედო და სიზმრების სამყაროში ჩაძირულიყო, თუცა როგორც ლერიმ შეამჩნია, სიზმრები ალბათ კოშმარულნი ეზმანებოდა ქალს, რადგან წამდაუწუმ კრუსუნებდა და მოუსვენრად წრიალებდა, გადატნილი სტრესი მის ქვეცნობიერებაში დამახინჯებულად აღბეჭდი-ლიყო.
ლერი ზღვაურმაც ბევრი რამ გადაიტანა დღეს, თუმცა მისი თანამგზავრებისგან განსხვავებით სასოწარკვეთას არ მისცემია და დეპრესიაში მყოფი ხსნას ძილში როდი ეძებდა, იჯდა საჭესთან და დედამიწას წყევლიდა, თუმცა მის უბედურებაში მარტო დედამიწა როდი იყო დამნაშავე.
დიდი სიამოვნებით დაამსხვრევდა «ვენერას ცრემლს», მაგრამ საუბედუროდ ამის ძალა არ შესწევდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ «ვენერას ცრემლი» დედამიწაზე არსებული ყველაზე უმყარესი ელემენტი იყო და მეორეც სიტყვა ჰქონდა მიცემული მომაკვდავისათვის, რომ კრისტალს დოქტორ არეს სერას გადასცემდა.
ზღვაურმა ხმამაღლა ამოიოხრა, - «ეშმაკსაც წაუღია ის შეშლილი პროფესორი», - თავისთვის გაიფიქრა, არ იცის რას წარმოადგენს ეს კაცი, იქნებ რომელიმე დამნაშავეობრივი დაჯგუფების ხელმძღვანელია?, რომელიც ცდილობს არალეგალურად გახდეს «ვენერას ცრემლის» მფლობელი, - «მაგრამ რისთვის დასჭირდა მზის სისტემის ფედერაციას მისი აწმყოს გასაიდუმლოება»? - საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვა და პასუხს, რომ ვერ მიაგნო ხელი ჩაიქნია.
რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა საჭესთან, შემდეგ გადაწყვიტა «ვენერას ცრემლი» მისი მფლობელისათვის დაებრუნებინა, სისულელედ ჩათვალა მიცვალებულისადმი მიცემული დაპირება, ბოლოს და ბოლოს რა მოხდებოდა რომ არ შეესრულებინა? მისთვისაც და დედამიწისთვისაც აჯობებს «ვენერას ცრემლს» კვლავ გეოლოგიური კომპანია «გალაქტიკ მინერალზი» დაეპატრონოს.
გადაწყვიტა ახლავე დაკავშირებოდა კომპანიის ოფისს და გაწეული სამსახურის სანაცვლოდ რამდენიმე ათასი სპეციალი გამოეცინცლა, კომპანიის ბიუჯეტი ხომ მილიარდობით სპეციალს შეადგენს, ეს დანაკლისი მათ არაფერს ავნებთ, ლერის ცხოვრებას კი აშკარად გადაწონის უკეთესობისკენ, დღევანდელ ყოფაში თუკი ფული გაქვს, ესე იგი ბედნიერიც ხარ.
ავტომობილის კარი ისე ფრთხილად გააღო, რომ ნახევრად ძილბურანში მყოფი მაკის ყურადღება არ მიეპყრო. კაბინიდან გადახტა, ჩაბნელებული ქუჩა სირბილით გადაკვეთა და ტელეფონავტომატის ჯიხურში შევიდა.
ფიჭური კავშირგაბმულობის დაბლოკვის შემდეგ, სმარტფონები და მობილური ტელეფონები ისეთივე უმაქნისი გამხდარიყო, როგორც ინტერნეტს მოკლებული პლანშეტური კომპიუტერები, ამიტომ დედამიწის მოსახლეობა ომის შემდგომ ძველთაძველ სადენიან კავშირგაბმულობას იყენებდა.
ლერის ტელეფონ-ავტომატით სარგებლობით ანონიმურობის შეინარჩუნებაც შეეძლო, თუმცა ბოლო მომენტში, როდესაც ყურმილს დასწვდა სულის სიღრმეში დანაშაულის გრძნობამ გაიღვიძა, შემინულ კედელზე მიმონტაჟებულ სატელეფონო ქსელის კიბერნეტიკული ცნობარიდან, დოქტორ არეს სერას ტელეფონის ნომრის ამოქექვა სცადა, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გახდა ისევ აიღო ნამუსზე ხელი, კომპანია «გალაქტიკ მინერალზის» ნომერი ამოიწერა და ნერვული მოძრაობით ტელეფონის კლავიატურაზე აკრიბა.
- გეოლოგიური კომპანია «გალაქტიკ მინერალზის» სათავო ოფისი გისმენთ, - ყურმილიდან ქალის წრიპინა ხმა გაისმა.
- უფროსს სთხოვეთ... ახლავე, - უხეშად ჩასძახა ლერიმ.
- შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინება, მას მოგვიანებით ზემდგომი ორგანოები განიხილავენ.
- ჯანდაბამდეც გზა გქონიათ! - დაიღრიალა ლერიმ, - ახლავე დამაკავშირეთ უფროსთან.
- შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინება...
- წყეული ავტომატი, - გაბრაზებულმა ლერიმ ყურმილი მინის კედელს მიანარცხა, შემდეგ ნომერი ხელმეორედ აკრიბა და ყურმილში ხმამაღლა ჩაჰყვირა, - საქმე «ვენერას ცრემლს» ეხება.
პირველად, ყურმილში ავტომატის ხმა გაისმა, მაგრამ მომენტალურად მიწყდა, დინამიკი ჩხაკუნმა და შიშინმა აავსო, შემდეგ ყურმილი ერთბაშად აზუზუნდა და ლერის ვიღაცის ბოხი ხმა ჩაესმა.
- დოქტორი აარონ კერიპი გისმენთ.
- თქვენი თანამდებობა ბატონო? - ეჭვიანად ჰკითხა ლერიმ, სურდა თავის-თავში ბოლომდე დარწმუნებული ყოფილიყო და ტყუილად არ დაეკარგა დრო.
- კომპანია «გალაქტიკ მინერალზის» ვიცეპრეზიდენტი გახლავართ, - უცნობი წამით შეჭოჭმანდა, შემდეგ კი ინტერესით დაუმატა, - თქვენ მგონი «ვენერას ცრემლი» ახსენეთ.
- დიახ «ვენერას ცრემლი» მე მაქვს, - მოკლედ და პირდაპირ უპასუხა ლერიმ.
- მადლობა ღმერთს, - ყურმილის ბოლოდან ნეტარების ოხვრა გაისმა, - როგორც იქნა დაგვიკავშირდით, თქვენ ალბათ ხვდებით თუ რაოდენ საშიშ იარაღს ფლობთ, ფრთხილად მოეპყარით მას, - ვიცეპრეზიდენტს ხმა აუთრთოლდა.
- მე არც ვაპირებ მის გამოყენებას, - მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა.
- ასეც ვიცოდი, - ყურმილში შრიალი გაისმა, ალბათ დოქტორ კერიპმა შვებით თუ ამოისუნთქა, - რამდენს ითხოვთ?, ჩვენი კომპანია შეეცდება თქვენი მოთხოვნა შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს, ოღონდ «ვენერას ცრემლი» დაგვიბრუნეთ.
- საკმაოდ მიხვედრილი ყოფილხართ, - ზღვაური წამით დაფიქრდა, შემდეგ კი თვალებმოჭუტულმა წარმოსთქვა, - ორმოცდაათი ათასი მოიტანეთ და კრისტალიც თქვენი იქნება.
- ორმოცდაათი ათასი? - ყურმილიდან კითხვით აღსავსე ხმა გაისმა.
- რაო! - ლერიმ ნერვულად გაიცინა, - ხომ არ გეძვირათ?, მე თუ მკითხავთ ეს თანხა ძალიან იაფია იმ ზარალთან შედარებით, რაც მე «ვენერას ცრემლმა» მომაყენა, მან ერთ დღეში მთელი ჩემი ცხოვრება თავუკუღმა დააყენა. მესვროდნენ ეშმაკმა დალახვროს, ჩემს თვალწინ კაცი მოჰკლეს, სახლ-კარი გადამიწვეს და ამის შემდეგ თქვენ ეს თანხა გეძვირებათ, - ლერის ხმა შეეცვალა, შემდეგ კი დამარცვლით წარმოსთქვა, - ახლავე მოიტანეთ ორმოცდაათი ათასი თორემ ვერასოდეს ეღირსებით «ვენერას ცრემლს».
- დაწყნარდით, ბატონო დაწყნარდით, - ყურმილში ხმამ უცნაურად დაიფრუტუნა, - ძალიან მწყინს ასეთი რამ რომ დაგემართათ, მაგრამ ჩვენი გარიგება რომ შედგეს, უნდა ვიცოდე სად იმყოფებით.
ლერიმ ყურმილი მოიშორა და არე-მარე მოათვალიერა, არც კი იცოდა სად იმყოფებოდა, მაშინ მხოლოდ ერთი აზრით იყო შეპყრობილი, როგორმე მოშორებოდა ალმოდებულ კოტეჯს, რათა არ დაენახა თუ როგორ იწვოდა ის რაც უყვარდა, ახლა წამსვე იცნო უბანი, ყურმილი ისევ ყურზე მიიბჯინა და ჩასძახა.
- «მთვარეულთა კვარტალის» ცენტრალურ რაიონში ვიმყოფები: ფულს ნახევარმთვარის ობელისკთთან დატოვებთ, როგორც კი დავრწმუნდები, რომ გარიგებას პატიოსნად ასრულებთ, პირადად გადმოგცემთ «ვენერას ცრემლს».
- ჩვენ, პატიოსანი ხალხი ვართ ბატონო, ყველაფერს პატიოსნად შევასრულებთ, ათ წუთში თქვენთან გავჩნდებით ორმოცდაათი ათასი სპეციალით.
- ძალიან კარგი, მხოლოდ ათ წუთს დაგელოდებით, თუკი დააგვიანებთ შემდეგ ვეღარასოდეს მიხილავთ, - ლერიმ ყურმილი ხმაურით ჩამოკიდა ბერკედზე, ისე რომ კომპანიის ვიცეპრეზიდენტს არც გამომშვიდობებია.
ასე იმიტომ ფრთხილობდა, რომ ეშინოდა კომპანიას მისთვის პოლიციელები არ მიექსია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მხოლოდ 10 წუთი დაეცადა, ხოლო თუკი ისინი დააგვიანებდნენ სამუდამოდ გაცლოდა «მთვარეულთა კვარტალს» და დოქტორ არეს სერა ეპოვნა.
ლერი კმაყოფილი გამოვიდა ჯიხურიდან, თუმცა თავისთვის სინანულით გაიფიქრა, 100 000-ად რატომ არ შევაფასე «ვენერას ცრემლიო», მაგრამ თავი იმით ინუგეშა რომ ჯერ ყველაფერი წინ ჰქონდა, ქუჩა სირბილით გადმოკვეთა და ფურგონში მოკალათდა.
ტანიას ისევ ეძინა, მაკი კი გაფართოებული თვალებით შემოსცქეროდა.
- სად იყავი? - ბოლოს ძლივს ამოღერღა ბარმენმა ორად-ორი სიტყვა.
- დავრეკე, ათ წუთში კომპანია «გალაქტიკ მინერა-ლზის» წარმომადგენლები მოვლენ და «ვენერას ცრემლს» წაიღებენ, - ლერიმ ჯიბიდან მარსული სიგარა ამოიღო და გააბოლა, - ბოლოს და ბოლოს ეს კოშმარი დამთავრდება... თუმცა დაკარგულს ვერავინ დაგვიბრუნებს, - ის წამით დადუმდა.
შემდეგ, ძრავი დაქოქა, ფურგონი ერთ ვიწრო, ჩაბნელებულ ჩიხში შეაყენა, რათა უცხო თვალისგან დაფარული ყოფილიყო და დაწყებული წინადადება გულსაკლავი ტონით დააბოლავა.
- ეჰ საცოდავი «ქეთი».
- ჯობდა გადაგეგდო ეს ცოდვით სავსე კრისტალი, მისგან ზარალის მეტი მაინც არაფერი გვინახავს, - მაკი სავარძელზე აწრიალდა, შემდეგ თავი მოიქექა და ნაღვლიანად დაუმატა, - რაღაც არ მჯერა, რომ ყველაფერი ასე იოლად დამთავრდეს.
- კარგი წინასწარმეტყველი კი ხარ, - გულმოსულმა ლერიმ ნაფაზი დაარტყა, - მაინც რატომ ფიქრობ მასე?.
- სანამ საკუთარი ყურით არ მოისმენ ვერაფერს გაიგებ, - მაკი წინ გადაიხარა, რადიომიმღები ჩართო, საჭირო სიხშირე მოძებნა და დაასკვნა, - ღმერთმა იცის უკვე მერამდენედ გადმოცემენ ამ ინფორმაციას.
ლერი სმენად იქცა და რადიომიმღების დინამიკებიდან დაბრკოლებების შიშინთან შერწყმულ დიქტორის კარგად დაყენებულ ხმას დაუგდო ყური.
- დილა მშვიდობისა, - დიქტორი სასიამოვნო ხმით მიესალმა რადიომსმენელთ, - მე ამჯერად ჩრდილოეთის «დამშრალ სანაპიროზე» ვიმყოფები, სადაც მიტოვებული მცირე ქარხანა დგას. ეს ადგილი რაღაცნაირად იდუმალია ამ გამთენიისხანს. იდუმალებას კი მომხდარი ფაქტიც ამძაფრებს.
რამდენიმე საათის წინ ადგილობრივმა ღამის პატრულმა «დამშრალ სანაპიროზე» ქვიშაში ჩაფლული უცნობი მამაკაცის გვამი აღმოაჩინა. ყველასათვის ცნობილია რომ დღეს-დღეობით დედამიწაზე დამნაშავეობრივი სამყარო მომძლავრებულია, ამიტომ მკვლელობა დედამიწელთათვის ახალ ხილს როდი წარმოადგენს, მაგალითად თუნდაც დღევანდელ დანაშაულთა ნუსხა ავიღოთ, დღეს «შავი ქალაქის» ტერიტორიაზე 600-მდე დანაშაულებრივი ფაქტია დაფიქსირებული, აქედან 190 მკვლელობაა, თუმცა მკვლელობათა უმრავლესობა განგსტერულ დაჯგუფებათა შორის შეხლა-შემოხლის ხარჯზე მოდის, საინფორმაციო საშუალებებიც ამიტომ უთმობენ მათ ნაკლებ ყურადღებას.
ეს მკვლელობა კი თავიდანვე აღმოჩნდა «დამსჯელების» ყურადღების ცენტრში, რადგან აშკარად გამოირჩევა თავისი ორიგინალურობით, კრიმინალისტების სპეციალურად გამოგზავნილი ჯგუფი, მკვლელობის გამოძიებაზე მუშაობს, აღსანიშნავია რომ მოკლულის პიროვნება ჯერაც არ დაზუსტებულა, მონაცემები კიბერნეტიკულ არქივში გასაიდუმლოებული იყო, კრიმინალისტთა ვარაუდით მოკლული არ არის დედამიწის მოქალაქე, ის შეიძლება რომელიმე დასახლებული პლანეტიდან არალეგალურად შემოიპარა დედამიწაზე, ნაპოვნი გვამი ამოუხსნელ ამოცანას წარმოადგენს სამართალდამცავთათვის, თუმცა კრიმინალურ ექსპერტთა ჯგუფმა, დანაშაულის ადგილზე თვალშისაცემი სამხილი აღმოაჩინა... ყვითელი მარსული სიგარა, რომლის ექსპერტიზის შედეგად, სიგარაზე მიკვლეული ნერწყვის ნიშნებიდან დეზიქსომ ნუკლეინი მჟავის (დნმ) ფორმულა გამოიყვანეს, საინტერესო კი ის არის, რომ სიგარაზე აღმოჩენილი ფორმულა, მოკლულის ფორმულას არ შეესაბამება და სამართალდამცველების აზრით ის მკვლელს ეკუთვნის.
გაჩნდა უამრავი ჰიპოთეზა, ზოგის მტკიცებით მკვლელობა დეიმოსელი სერიული მკვლელის ჩადენილია, კრიმინალისტების უმეტესობა კი მეორე ვარაუდს ემხრობა, უმრავლესობის აზრით მკვლელობა მაფიოზურ სინდიკატ «სატანის შვილებმა» აღასრულეს, რომელიღაც უცნობი თავკაცის დაკვეთით, - დიქტორის ხმა წამით მიწყდა, ფურგონის კაბინა რადიომიმღების დინამიკებიდან გამოღწეულმა შრიალმა აავსო, შემდეგ შრიალი თანდათან მიილია და რადიომიმღები კვლავ დიქტორის ხმით ალაპარაკდა, - სწორედ ეს წუთია მივიღეთ სენსაციური ინფორმაცია, რომელიც ყოველგვარ მოსაზრებებს აბათილებს. ექსპერტების ჯგუფმა გაარკვია, რომ დნმ-ის ფორმულის მფლობელია ვინმე ლერი ზღვაური, დედამიწის მოქალაქე დაბადებული 2354 წელს, მცხოვრები «ქართული კვარტალის» ცენტრალურ რაიონში თღ-495-ე კვადრატზე, დამნაშავის შესაპყრობად «დამსჯელები» ხელისუფლებიდან აშკარა მოქმედებას მოითხოვენ, რაც ნამდვილად უცხოა დედამიწის ომისშემდგომ რეალობაში, საჰაერო და სახმელეთო პატრული დამნაშავეს დაეძებს, ასევე მობილიზებულია საპლანეტაშორისო პატრულიც იმ შემთხვევისთვის თუ დამნაშავე შეეცდება დედამიწის ფარგლები დატოვოს...
ლერიმ რადიომიმღები გამორთო, დაფიქრებულმა შეიჭმუსნა შუბლი.
- ოჰ ლერი, პოლიცია აბათ უკვე გვეძებს, - ზღვაურს ტანიას ნამძინარევი ხმა ჩაესმა, ქალი თვალების ფშვნეტით უმზერდა.
- ო ღმერთო ჩემო, ნეტა რით იყო ასე გამორჩეული ის მოხუცი, მისით «დამსჯელები» რომ დაინტერესდნენ? - დაბნეულად იკითხა მაკმა და ნაწყენი ტონით განაგრძო, - ხომ გირჩევდი ლერი, გაანებე მაგ კაცს თავი მეთქი, დაე მომკვდარიყო კაფეში, პოლიცია ყოველ შემთხვევაში შენ არ დაგაბრალებდა მკვლელობას, არც ამ წყეულ «ვენერას ცრემლს» გადააწყდებოდი, - მაკმა თავი დანანებით გადააქნია.
- გეყო წუწუნი მაკ, - ლერიმ ბარმენს ხელი აუქნია, - რაც მოხდა, მოხდა.
- «გეყო წუწუნი» - გამოაჯავრა მაკმა ლერი, - კარგი სათქმელია შენმა მზემ, «დამსჯელები» ხომ დედამიწელი კორუმპირებული პოლიციელები არ არიან, დაგეშილი მწევრებივით ჩაგიდგებიან კვალში და აუცილებლად მიაღწევენ საწადელს, მერე კი მეყოლე კარგად... «ლაზერის მუზარადი» არ აგცდება, - მაკი ნერვულად აცქმუტდა სავარძელში, - მათ დაწყებულ საქმეს კი ჩვენი «საამაყო» პოლიციელები დაასრულებენ, გონება დაუშლით თუ რა, სადაც სუსტ ადგილს ნახავენ ზედ მიახოცავენ ხელს, შენთან ერთად კი მეც უნდა გავიჭყლიტო ამ გაუგებრობაში.
- მოკეტე, - ლერიმ კბილები გაახრჭიალა, - თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია წახვიდე არავინ გაკავებს, შენ შენთვის მე ჩემთვის. შენ ამ საქმეში მაინც სუფთა ხარ.
- გეყოთ რა ბიჭებო, - ტანიამ საბრძოლველად შემართულ ლერის ნაზად მიმართა.
- ეგ ჩვენ ვიცით რომ სუფთა ვარ, მაგრამ იმათ იციან? - თავისას არ იშლიდა მაკი, - ძაღლივით მიმაკლავენ სადმე, მირჩევნია ისევ თქვენთან დავრჩე, თქვენთან ერთად თავს მშვიდად ვგრძნობ.
- ჰოდა ენის ტარტარს მოუკელი, გირჩევნია ჩუმად იჯდე.
ლერიმ ნიშნის მოგებით მოუჭრა მაკს, შემდეგ ტანიას გაუღიმა, რომელიც ისევ ცდილობდა მის დაწყნარებას და კვლავ ბარმენს გახედა. გულმოსული მაკი გაბერილი გომბეშოსავით იჯდა სავარძელში და უვარსკვლავო, აისშეპარულ ცას უმოძრაო თვალებით მისჩერებოდა.
- ნეტა რას ვუცდით აქ? - ინტერესით იკითხა ტანიამ.
სწორედ ამ კითხვისთანავე გაკრთა ქუჩის ბოლოში მძლავრი შუქფარების შუქი, თითქოსდა მხოლოდ ტანიას შეკითხვის დასმას უცდიდნენო, ჩაბნელებული ქუჩა ერთიანად განათდა, გამოჩნდა ნახევარმთვარის ფოსფორისებული ობელისკი, შორს კი ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივებული «ფარვანა» მეძავები.
ქუჩაში სამმა ანტიგრავიტომობილმა შემოუხვია, ჩუმი შრიალით შედგნენ მთვარის ობელისკის მახლობლად, ერთ-ერთი მობილიდან კი მაღალი მამაკაცი საქმიანად გადმოვიდა, სწრაფად მიუახლოვდა ნახევარმთვარის ობელისკს და ბეტონის პაწაწინა კვარცხლბეკზე ნაცრისფერი, ოთკუთხა საგანი დადო.
ლერიმ კარგა ხანს უმზირა მაღალ მამაკაცს, რომელიც ნერვულად ცქმუტავდა ნახევარმთვარის ობელისკთან, სიბნელეში ვერ ხედავდა მის სახეს, მაგრამ გუმანით ხვდებოდა, რომ ის პოლიციელი არ უნდა ყოფილიყო.
- როგორც იქნა ეღირსათ მოსვლა, - წაიბურტყუნა მან.
- ვის ელოდით? - ისევ ცნობისმოყვარედ იკითხა ტანიამ.
მაგრამ ლერის ქალის შეკითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია, კაბინიდან გადახტა და ჩაბნელებულ ქუჩას ქურდულად გაუყვა.
მხოლოდ მოგვიანებით როდესაც მაკმა ტანიას ყველაფერი აუხსნა, ლერის ყურთასმენას ქალის გაბრაზებული სიტყვა მისწვდა.
- იდიოტი, - ტანიას ხმაში სისინი გარეოდა.
ლერის უკვე აღარ ეცალა მისთვის, ფეხაკრეფით უახლოვდებოდა მისგან ზურგით მდგარ მამაკაცს, რომელსაც ფეხებსშორის უზარმაზარი ნაცრისფერი ჩემოდანი ჩაედგა. დააპირა კიდეც უცნობ მამაკაცს უკნიდან მიპარვოდა, რომ მოულოდნელად ტანიას მიერ წარმოთქმული სიტყვა... «იდიოტი»... გაათვითცნობიერა, მიხვდა მართლაც იდიოტივით რომ იქცეოდა, რადგან ნახევარმთვარის ობელისკთან მდგარ მამაკაცში სილვიო ტრავინა შეიცნო, განგსტერი ბრაზმორეული სცემდა ბოლთას, თან ნერვულად უჭერდა ხელს იღლიასთან დაკიდებულ პისტოლეტს.
ლერი მიხვდა რომ მახეში გააბეს, ადამიანები, რომლებიც მეგობრები ეგონა თურმე მტრები ყოფილან, კომპანია «გალაქტიკ მინერალზი» კი არამზადათა ბუნაგი, ჯერაც ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა, რატომ დასდევდა «გალაქტიკ მინერალზი» მისივე საკუთრებაში მყოფ «ვენერას ცრემლს» შეიარაღებული ტერორისტებით, ლერი ვერ ხვდებოდა ვინ იყო მომხრე და ვინ მოწინააღმდეგე.
ზღვაურმა ფეხაკრეფით, ნელ-ნელა დაიხია უკან და ერთ-ერთი შენობის ბნელ კუთხეს შეაფარა თავი, იჭვნეულად უმზერდა განგსტერს, როცა უკნიდან მაკის ხმამაღალი ყვირილი გაიგონა.
- ჰეი ლერი სად ჯანდაბაში დაიკარგე აქამდე, - ხმამაღლა უხმობდა ბარმენი.
უკან მიტრიალდა, მაკი ფურგონიდან გადმოსულიყო და ნახევარმთვარის ობელისკისკენ სწრაფი ნაბიჯით მოემართებოდა. ზღვაურს თავზარი დაეცა... «ყველგან ეს იდიოტი გამოეჩხირება»... ბრაზმორეულმა გაიფიქრა, შემდეგ ტრავინას გახედა, მაგრამ ესპანელს უკვე ყოველგვარი ზომა მიეღო, მაკის ყვირილს მისი ყურადღებაც მიექცია, ამიტომ გულმოდგინედ უმიზნებდა პისტოლეტს მისკენ მომავალ ბარმენს.
- მაკ მოერიდე, - გამაფრთხილებლად დაუძახა ლერიმ მეგობარს, მაგრამ დააგვიანა, მის სიტყვებთნ ერთად ტრავინას პისტოლეტის გასროლის ხმაც გაისმა.
ფეთქებადი ჭურვი მაკს მკერდში მოხვდა, ნეკნებში გაიჭედა და გასკდა, ბარმენი შეტოტმანდა, ხელები უმწეოდ აიქნია ჰაერში და მტვრიან ასფალტზე მძიმედ ჩაიჩოქა.
- ნაძირალა, - ხმადაბლა ჩაისისინა ლერიმ და სამალავი მიატოვა, სირბილით მიუახლოვდა მაკს, ბეჭებში ხელი ჩაავლო და ჩიხში შეათრია.
- ლერი, - ხმადაბლა ამოიკვნესა ბარმენმა.
- ცოცხალი ხარ მაკ? - ლერიმ ბარმენს ლოყაზე ხელი მოუთათუნა, თუმცა მიხვდა ახლა ამის დრო არ იყო.
ანტიგრავიტომობილებიდან თანამედროვე კოსტიუმებში გამოწყობილი ათიოდე მამაკაცი გადმოვიდა, წუთით ქუჩა ტყვიამფრქვევების საბრძოლო მზადყოფნეში მოყვანის ხმამ აავსო, განგსტერებმა იარაღები ჩხაკუნით შემართეს და ჩიხში შეყუჟულ ლერის სეტყვასავით დაუშინეს მსკდომადი ტყვიები, რომლებიც ბათქა-ბუთქით სკდებოდნენ და შუქფარებიდან განათებულ ასფალტზე პაწაწინა ღრმულებს ტოვებდნენ.
- დაქოქე, ძრავი დაქოქე ტანია! - ხმამაღლა დაიყვირა ლერიმ, შემდეგ დაჭრილ მაკს დასწვდა, ბეჭებზე მძიმედ შეიგდო და ფურგონისაკენ მოკურცხლა.
მის ფეხებთან ხმაურით ფეთქდებოდნენ მსკდომადი ჭურვები, ის კი მიუხედავად ყველაფრისა შეუჩერებლივ გარბოდა.
ტანიას უკვე მოესწრო ძრავის ამუშავება, ფურგონი თუხ-თუხებდა, ქალს მანქანა უკანსვლით გამოჰყავდა ჩიხიდან. ლერიმ წაიბორძიკა, კინაღამ წაიქცა თუმცა რაღაც სასწაულით მოახერხა წონასწორობის შენარჩუნება, ფურგონის საბარგულის კარი გამოაღო და იატაკზე ფრთხილად დაასვენა დაჭრილი მაკი, თან თვალმოუშო-რებლივ უმზერდა ანტიგრავიტომბილთან ჩაცუცქულ ტრავინას, რომელსაც ხელში მსხვილკარიბლიანი პისტოლეტი ეჭირა. ლერი სწრაფად შეხტა ავტომობილში და ტანიას გვერდით სავარძელში მოკალათდა.
საბურავების წივილით მოსწყდა ადგილს ძველთაძველი ფურგონი, ტანია გამოცდილი პულტიორივით მართავდა მანქანას, ხრიგინით შეუყვა ჩაბნელებულ ქუჩას, თან ერთ ანტიგრავიტომობილს გვერდი წამოსდო, რომელიც ბზრიალით ჩამოშორდა ფურგონს და ღამის განათების ბოძს შეასკდა.
- ძაღლებივით მოგვიქსიეს ეს კაცისმკვლელები, - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ლერიმ, შემდეგ მაკს გადახედა, რომელიც საბარგულში იწვა და ტანიას გასაგონად წარმოსთქვა, - მაკი მძიმედაა დაჭრილი.
- საწყენია, - ქალმა თავი მწუხარედ დახარა და აქსელატორს ფეხი მძლავრად დააჭირა.
ლერი საბარგულში გადაძვრა, მაკს თავს დაადგა და სინანულით დააცქერდა მის ფეთქებადი ჭურვებიდან შელეწილ გულ-მკერდს, დასცქეროდა დაჭრილ მეგობარს და ხმამაღლა იკურთხებოდა, მრავალსართულიან გინებას უგზავნიდა სილვიო ტრავინას, კომპანია «გალაქტიკ მინერალზს» და თვით დედამიწის ხელისუფლებასაც, მაგრამ მისი სიტყვები არც მაკს ესმოდა და არც ტანიას, მაკი იატაკზე უგონოდ იწვა და საწყალობლად კვნესოდა, ტანია კი მთელი თავისი არსებით ავტომობილის მართვაში გარდასახულიყო.
შესანიშნავად მართავდა მანქანას, ფურგონი გზატკეცილზე მიჰქროდა, ცდილობდა წინ გასწრების საშუალება არ მიეცა ანტიგრავიტომობილებისათვის, რომლებიც მშიერი მწევრებივით ჩასდგომოდნენ კვალში. ყოველთვის გზას უღობავდა თანამედროვე მობილებს, თუმცა საპასუხოდ მსკდომადი ტყვიების ზათქს ღებულობდა, მაგრამ ტანიას დახვრეტილი კორპუსი აღარ ადარდებდა, შეუჩერებლივ მიაქროლებდა მანქანას.
ახლაც ხრიგინით შეუხვია რომელიღაც ჩაბნელებულ ქუჩაზე, წამით მბჟუტავი შუქფარების შუქზე რაღაც უბადრუკად შეკოწიწებულმა ხარიხებმა გაიელვეს, ქალმა საკმაოდ გვიან შეამჩნია ისინი.
- ღმერთო ჩემო, - შეჰკივლა და მუხრუჭს ფეხი დააჭირა, მაგრამ ფურგონი უკვე მთელი სიჩქარით დაეჯახა ხარიხებს, ხის ნამტვრევები კაბინაში შემოცვივდა, ხარიხები კი ხრიგინით ჩამოიშალა.
ფურგონმა დაუბრკოლებლად გაიარა ხარიხები, მის სახურავზე რახა-რუხით ცვიოდა ფიცრების ნამტვრევები, მაგრამ მანქანამ მაინც მოახერხა ამ საბედისწერო ადგილიდან გამოსვლა, რადგან ზემოთ, სახლის სახურავების სიმაღლეზე წამოწეული უზარმაზარი ალუმინის ცისტერნა, რომელსაც თურმე ხარიხები აკავებდნენ, ხმაურით ჩამოვარდა, ზანტად, ზრიალით დაგორდა და შხუილით მქროლავ ანტიგრავიტომობილებს გზა ჩაუღობა, ისე რომ დევნის გაგრძელების საშუალება მოუსპო.
ლერიმ უკან გაიხედა, შემდეგ კმაყოფილმა ხელები მოიფშვნიტა, წამით ტანიას შეავლო თვალი, არ ეგონა ის ასეთი ვირტუოზი მძღოლი თუ იქნებოდა, გაუხარდა კიდეც, ეს ხომ მისთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო. წამიერად დაჭრილი მაკიც გადაავიწყდა, გაიღიმა და ქალს ბეჭზე ხელი დაჰკრა.
- ყოჩაღ, - ლაკონურად შეაქო.
ქალმა, ლერის მხარზემოდან გადახედა საჭე ოსტატურად მოაბრუნა და ფურგონი გზატკეცილზე გაიყვანა.
- გავექეცით თუ არა მაგ სულთამხუთავებს, - წკრიალა ხმით ჩაილაპარაკა ტანიამ.
შემდეგ, ჩაბნელებული ქუჩა მოათვალიერა, რაღაც ეუცხოვა.
- ნეტა სადა ვართ? - იკითხა ქალმა, ქუჩა ისევ მოათვალიერა, მაგრამ სახეზე რატომღაც შიში გამოესახა, ფერი დაეკარგა და აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა, - ღმერთო ჩემო ეს ხომ «ჩიხია»... ლერი ჩვენ «ჩიხში» ვიმყოფებით, გესმის ლერი «ჩიხში».
ლერიმ თვალები მოჭუტა, კისერი წაიგრძელა, ჩამსხვრეული მინიდან, ჩაბნელებულ ქუჩას გახედა და უდარდელად წარმოსთქვა.
- ძალიან კარგი ტანია... ახლა «ჩიხსაც» ვესტუმროთ.

**********

«ჩიხი» ასე ეძახდნენ ამ უბანს, ის «შავი ქალაქის» განაპირას უკიდურეს დასავლეთით მდებარეობდა, ერთი შეხედვით მისმა ყველასაგან გაცალკავებულობამ განაპირობა ასეთი უცნაური სახელწოდების წარმოქმნა და ამასთან ერთად მისმა პირქუშობამაც.
უბანი ჩაბნელებული ქუჩებით, ნანგრევებად ქცეული უღიმღამო შენობებით და საშინელი სიჩუმით, მართლაც ჩიხი გახლდათ ნორმალური, თანამედროვე ადამიანისათვის.
«ჩიხი» პირველად რომელიღაც ბანდიტური დაჯგუფების შეხლა-შემოხლის ობიექტი შეიქმნა, რამაც კატასტროფული შედეგი გამოიღო, სისხლიანი ორგიები და ყაჩაღების თარეში, რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა, უბანი გამოეყო ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც, უბნელებს საკუთარი უბნის დატოვება აღარ შეეძლოთ, ხოლო ქალაქელებს სურვილი არ უჩნდებოდათ «ჩიხში» შესულიყვნენ, დაზიანდა ელექტროკავშირის სისტემები, გაითიშა სატელეფონო და კიბერნეტიკული ქსელები... უბანი დაბრმავდა, უბანი დაყრუვდა... დაინგრა შენობები, გაპარტახდა ყოველგვარი ღირშესანიშნაობა.
ადამიანებისთვის აუტანელი გახდა უბანში ცხოვრება, სადაც განგსტერები დაპარპაშობდნენ, ამიტომ თავს საფრთხეში იგდებდნენ და სიკვდილის ფასად ტოვებდნენ, სასაკლაოდ გადაქცეულ უბანს, მალე «ჩიხი» მთლიანად დაცარიელდა, ადგილობრივი ყაჩაღების, ქურდ-ბაცაცების და მაწანწალების ბუნაგად იქცა.
თუმცა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ისინიც უგზო-უკვლოდ გაქრნენ, «ჩიხი» ნაქალაქარს დაემსგავსა, სადაც მოლასლასე მაწანწალა ძაღლების გარდა სულიერის ნასახი არ ჩანდა, მის ირგვლივ უფრო გამძაფრდა შემაძრწუნებელი შიში, ის «თეთრ ლაქად» გამოცხადდა «შავი ქალაქის» ტერიტორიაზე და მას შემდეგ ადამიანებიც უფრთხოდნენ «ჩიხს».
ათასობით ლეგენდადქცეულ ამბავს ყვებოდნენ ამ უბნის შესახებ. ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობა «ჩიხის» ბინადართა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებას, გაურკვეველ სიკვდილის მთესველ ეპიდემიას აბრალებდა, რომელმაც ამ ოთხიოდე წლის წინ იფეთქა მარსზე და წითელი პლანეტის მცხოვრებნი თითქმის გაანახევრა, ისინი ფიქრობდნენ, რომ მარსიდან ვიღაც არალეგალურად ლტოლვილმა ეპიდემია ჩამოიტანა და «ჩიხის» მოსახლეობა დააავადა.
მეორე ვარაუდის თანახმად «ჩიხელები» ოთხიოდე წლის წინ ჩამოყალიბებული მაფიოზური სინდიკატ «სატანის შვილების» წევრებმა ამოჟუჟეს.
მესამე ვერსია კი საკმაოდ უცნაური იყო, ქალაქელები თვლიდნენ რომ «ჩიხის» უბედური ბინადარნი დეიმოსელმა სერიულმა მკვლელმა აკუწა, რომელიც სხვათა შორის ზუსტად ოთხი წლის წინ გამოიქცა დეიმოსის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან.
და «ჩიხი» ბოროტების სიმბოლოდ იქცა, მისი საიდუმლოებების ამოსაცნობად დედამიწის ხელისუფლებას აღარ ეცალა, უფრო საჭირბოროტო პრობლემებით იყო დაკავებული ჰქმნიდა ბირთვულ იარაღს და მეოთხე მსოფლიო ომისთვის ემზადებოდა.
დედამიწელები არც მარსელებს და არც ვენერელებს ანებებდნენ შინაურ საქმეებში ჩარევას და საცოდავი ხალხი «ჩიხის» ამოუცნობი საშინელებების წინაშე თრთოდა.
უბანმა მისტიური შიში ჩაუნერგა ადამიანებს, პოლიციელთა საპატრულო მობილები ყოველთვის ფართე წრეს ურტყამდნენ «ჩიხს», ჯერ-ჯერობით არ გამოჩენილა ისეთი თავზეხელაღებული ადამიანი, რომელიც «ჩიხში» შესვლას გაბედავდა, პირიქით როდესაც ქალაქელები «ჩიხიდან» შიმშილისაგან ძალაწართმეული ძაღლების ყმუილს მოჰკრავდნენ ყურს, შეშინებულნი პირჯვარსაც კი ისახავდნენ.
მზრუნველი დედები პატარებს ყოველთვის «ჩიხით» აშინებდნენ... «ჭამე თორემ «ჩიხში» წაგიყვან და დაგტოვებ»... «დაიძინე თორემ «ჩიხელი» ბებერი მანიაკი შეგაშინებს»... და აკანკალებული პატარებიც უჯერებდნენ დედებს.
«ჩიხი» კი გარინდებული, შიშის თესლს აღვივებდა დედამიწელთა სულში.
ახლადამოწვერილი მზის სუსტ შუქზე «ჩიხი» უფრო პირქუშად გამოიყურებოდა, რადგან ღამე მის საშინელებას შავი საბურველით მალავდა, მკვეთრად მოჩანდა დანგრეული, გარუჯულკედლებიანი შენობები, სისხლისაგან გამუქებული გზატკეცილი და... უამრავი გვამი... თუმცა გვამი კი არა, ის რაც გვამებისაგან დარჩენილიყო.
მაწანწალა ძაღლებს გვამები პირწმინდად გამოეხრათ, მთელი «ჩიხი» ადამიანთა თეთრად მოელვარე ძვლებით მოფენილიყო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩანდა კბილებდაკრეჭილი თავის ქალები, რომლებიც მზის შუქზე აბრჭყვიალებულ თოვლის საფარს მოგაგონებდათ.
«ჩიხის» მდუმარება ძაღლების ყეფამ, გნიასმა და წკავ-წკავმა დაარღვია.
ნახევრადდანგრეული შენობიდან ხრიგინით გადმოხტა უშველებელი ნაცრისფერი ნაგაზი, რომელსაც საიდანღაც დაუხრავი ძვალი დაეთრია და ყურებდაცქვეტილი გასცქეროდა ნანგრევებს.
ნაგაზს კვალდაკვალ ძაღლების მთელი არმადა დაედევნა, ასამდე მაინც იქნებოდნენ, ყოველი მხრიდან მოძვრებოდნენ, მშიერი, გაძვალტყავებული არსებანი, მათმა გამოჩენამ «ჩიხის» სიპირქუშე ერთიორად გაამძაფრა, ხაზი გაუსვა მის უკაცურობას.
ქოფაკები ღრენით მიიწევდნენ ნაგაზისკენ, ერთი ქეჩოში ეცა და ძვლის წართმევა დაუპირა, მაგრამ ნაგაზმა უშველებელი ღოჯები გაჰკრა ქეციან ყელზე, იქვე მიაგდო და ღრენა-ღრენით მეორე ნანგრევებად ქცეულ შენობაში შევარდა.
ძაღლების ყეფამ და გოდებამ ლერის ფიქრები დაურთხო, იმ მხარეს გაიხედა საიდანაც ხმა მოისმოდა და ფურგონის კარი ფრთხილად გააღო... «ისე ბედს უნდა ვუმადლოდეთ, რომ შემთხვევით «ჩიხში» მოგვიყვანა ტანიამ», - გაუელვა გონებაში, - «ჩიხში» ჩვენი მოძებნა არავის არ მოუვა აზრად», - მან კმაყოფილმა ჩაიფრუტუნა, შემდეგ უზარმაზარი, ნახევრადდანგრეული რკინაბეტონის შენობა მოათვალიერა, რომელშიც მისი ფურგონი ეყენა და ღია კარიდან, რკინის ნამტვრევებით მოფენილ იატაკზე გადააფურთხა.
მას სხვა თანაქალაქელებისგან განსხვავებით «ჩიხი» შიშის ზარს არ სცემდა, თუმცა შიგ შესვლის იდეაც არასოდეს მოსვლია თავში და ალბათ კიდევ ათასი წელიც რომ ეცოცხლა, ერთხელაც არ შეაბიჯებდა ამ დაწყევლილ უბანში.
ახლა «ჩიხში» იმყოფებოდა, შიშის სიმბოლოდ ქცეულ უბანში, თუმცა მას მაშინ «ჩიხი» კი არა, ტრავინას სისხლიმსმელი მკვლელები და დედამიწის კანონდამცველები უფრო აშინებდნენ, ახლაც მკვეთრად გრძნობდა თუ რას განიცდიდა მაშინ, როდესაც პოლიციელთა თანამედროვე ვერტფრენებმა გადაუფრინეს თავზე და პროჟექტორების მძლავრი შუქით მოათვალიერეს მთელი უბანი, მაგრამ ვერ შეამჩნიეს, ისინი ამ ნახევრადდანგრეუმა შენობამ იხსნა.
ლერის მოუნდა გადმოსულიყო მანქანიდან და «ჩიხის» მისტიური მიწა დაეკოცნა, მაგრამ თავი შეიკავა, რადგან მთელი ღამის უძინარს ამის არც ძალა შესწევდა და არც სურვილი ჰქონდა, უბადრუკი ნანგრევები კიდევ ერთხელ მოათვალიერა, საზურგეს ნეტარებით მიაწვა და თავისთვის წაიბურტყუნა.
- ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა, დღე კი მოჩვენებები ქრებიან.
ლერიმ დაამთქნარა, მისთვის ის სამი საათი რომელიც «ჩიხში» გაატარა, ყველაზე საშინელი იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველაზე დაწყევლილ უბანში იმყოფებოდა და მეორეც მისი უახლოესი მეგობარი მისსავე ფურგონში ეთხოვებოდა სიცოცხლეს.
ამოტომაც იყო რომ ასე ელოდა გათენებას.
ლერიმ ამოიოხრა, ფურგონის საბარგულისკენ მიტრიალდა, რომლის სიღრმეში აშკარად ჩანდა იატაკზე გაწოლილი მაკი, დაჭრილი გაჭირებით სუნთქავდა, თავს ტანია ედგა, რომელსაც მისი ძალაგამოცლილი მარჯვენა, ორივე ხელით ჩაებღუჯა.
- ტანია... როგორ არის? - დაღლილი ხმით იკითხა ლერიმ.
ქალმა წამით თვალი მოსწყვიტა დაჭრილს, ზღვაურს მიაცქერდა და ნაღვლიანად უპასუხა.
- ცუდად, - ტანია დადუმდა, შემდეგ კი ხმადაბლა დაუმატა, - კვდება.
- ჯანდაბა, - დაბოღმილად წარმოსთქვა ლერიმ.
- ჭრილობა საკმაოდ მძიმეა, თანაც ბევრი სისხლი დაკარგა, - ტანიამ დაჭრილს თავქვემოთ სწორედ ის ჩანთა ამოუდო, რომელშიც «ვენერას ცრემლი» იყო მოთავსებული, - უცნაურია ამდენ ხანს როგორ მოატანა.
- უკუღმართი საუკუნე, - გესლიანად ჩაისისინა ლერიმ, «ვენერას ცრემლს» მიაცქერდა და ძლივს სძლია ცდუნებას, თავქვემოდან არ გამოეცალა და შორს არ მოექნია სისხლიანი კრისტალი.
შემდეგ ზანტად წამოდგა, საბარგულში გადაძვრა და მაკთან ჩაცუცქდა, ბარმენი გაუნძრევლად იწვა იატაკზე, გასისიხლიანებული სახე გაფითრებოდა, ღიად დარჩენილი თვალებით უაზროდ მისჩერებოდნენ ლერის, ზღვაური სინანულით დაიხარა მისკენ და გასისხლიანებულ სახეზე მეგობრულად მოეფერა.
მოელოდნელად მაკმა უსიცოცხლო სახე ნებისყოფის დაძაბვით დამანჭა, ტუჩები აუთრთოლდა, თვალმოუშორებლივ მიაჩერდა ლერის და ხრინწიანი ხმით ჩაილუღლუღა.
- ჯინს დალევ ლერი...? - ეს იყო უკანასკნელი რაც მან წარმოსთქვა, რადგან სიტყვის დამთავრებისთანავე ნერვულად შეტოკდა, ამოისუნთქა და თვალები უსიცოცხლოდ გადაატრიალა.
ზღვაურს გააჟრჟოლა, შეებრალა საწყალი მაკი.
- მაკ, - თავზარდაცემულმა ჩაიბურტყუნა და მეგობრის უსიცოცხლო სხეულს საყელოში ჩააფრინდა, ზემოთ წამოსწია, მსუბუქად შეანჯღრია და ისევ დაბნეულად წარმოსთქვა, - მაკ...
- ის მოკვდა ლერი, - ლაკონურად აუწყა ტანიამ, შემდეგ ხელები ნაზად შემოაჭდო ყელზე და მამაკაცი მიცვალებულს მოარიდა.
ლერის თავგზა აებნა, გუშინს შემდეგ მისი ფურგონი ორი ადამიანისათვის გამხდარიყო უკანასკნელი სასუფეველი, ჯერ უცნობი მოხუცი მიიცვალა ფურგონში, ახლა კი მაკიც. ერთადერთი ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ამ ქვეყნად, - «ნეტავ მართლაც გადამეგდო «ვენერას ცრემლი», - გულსაკლავად გაიფიქრა ზღვაურმა, შემდეგ ბარმენის გვამს თვალი შეავლო და ფურგონიდან რკინაბეტონის იატაკზე გადახტა.
მაწანწალა ძაღლებს დაუწყო თვალთვალი, რომლებიც ნანგრევებად ქცეულ შენობაში ხტუნვა-ხტუნვით შემოდიოდნენ. შემდეგ მისი ყურადღება პატარა ჩქამმა მიიქცია, უკან მიტრიალდა და ტანია დაინახა, ქალი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, გვერდით მიუჯდა და სინანულით წარმოსთქვა.
- ძალიან მწყინს ლერი, - ქალი თანაგრძნობით მოეხვია მამაკაცს, - მაკი ძალზედ ახალგაზრდა იყო.
- მაკი დღევანდელი წყეული დრო-ჟამის უდანაშაულო მსხვერპლია, - ლერიმ თავის კანტუნით წარმოსთქვა, შემდეგ ხელი უღონოდ ჩაიქნია, - ჩვენ ღირსეულად უნდა დავკრძალოთ ის, როგორც პატიოსან ადამიანს შეშვენის.
ზღვაური დადუმდა, მკერდზე უფრო მაგრად მიიხუტა ტანია, თითქოსდა ეშინოდა ისიც არ გამოცლოდა ხელიდან, მას ხომ ტანიაზე უახლოესი ადამიანი აღარავინ დარჩენოდა დედამიწის ზურგზე, ის არავის არ მისცემდა ნებას, წაერთმიათ მისთვის, ამიტომაც იხუტებდა მკერდზე და წყევლიდა იმ წამს, როცა მდიდრულ სპორტულ ჩანთაში ჩადებული «ვენერას ცრემლი» იხილა.

**********

ლერიმ მაკი საღამო ხანს დაკრძალა, შენობაში უთავბოლოდ მიყრილ რკინის ნამტვრევებს შორის, ნიჩაბივით ფართეპირიანი ლითონის ნამსხვრევი იპოვა და მისი დახმარებით ღრმა საფლავი გათხარა, ის უკვე გაწაფულიყო კიდეც საფლავების თხრაში, სწრაფად ყრიდა მიწას აქეთ-იქეთ, ერთსაათიანი მუშაობის შემდეგ საფლავიც მზად იყო.
ლერიმ და ტანიამ ფრთხილად ჩაასვენეს ბარმენის უსიცოცხლო სხეული ახალგათხრილ სამარეში და მიწა მიაყარეს, შემდეგ რბილი, ნესტიანი მიწით დაფარულ საფლავს ზემოდან რკინაბეტონის ნამტვრევები დააფინა, რათა წამდაუწუმ მოყმუილე მაწანწალა ძაღლებს არ ამოეთხარათ საფლავი და მყუდროება არ დაერღვიათ მაკის განაწამები სულისთვის.
უხმაუროდ გაირინდა საფლავთან და გულშიჩამწვდომი სიჩუმით პატივი მიაგო მეგობრის ხსოვნას.
ქალი და მამაკაცი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ მდუმარედ და რკინაბეტონის ფილებით დაფარულ საფლავს დასცქეროდნენ, ირგვლივ გამეფებულ დუმილს მხოლოდ მაწანწალა ძაღლების ყმუილი არღვევდა, გაძვალტყავებული ქოფაკები ნელ-ნელა იკრიბებოდნენ მათ ირგვლივ და შემზარავად ყმუოდნენ.
- ჭირისუფლებივით არ ყმუიან ეს ეშმაკის კერძები, - თავისთვის ჩაიბურტყუნა ლერიმ, შემდეგ რკინაბეტონის უზარმაზარ ნამტვრევს ხელი დაავლო და ძაღლებისკენ მთელი ძალით მოიქნია, - დაიკარგეთ აქედან, - ხმამაღლა დაუცაცხანა.
ნაგაზები საცოდავად აყმუილდნენ, ერთი რკინაბეტონის ნამტვრევსაც კი სწვდა ჰაერში, მაგრამ როდესაც ნამტვრევმა კბილები ჩაულეწა, ისიც ხმამაღალ ყმუილს მოჰყვა და ქოფაკების გვერდით დასკუპდა.
ლერი აღაშფოთა ძაღლების დაუსრულებელმა ყმუილმა, ცრუმორწმუნე არასოდეს ყოფილა, მაგრამ მაწანწალა ძაღლების ყმუილში, რატომღაც უბედურების მაუწყებელი გოდება ესმოდა, ის ისევ დასწვდა რკინაბეტონის ნამტვრევს და მოყმუილე ქოფაკებს ესროლა.
ძაღლები წკავ-წკავით გაერიდნენ ლერის და ნანგრევებში მიიმალნენ.
- წავედით ლერი, დავისვენოთ, - ტანიამ ნაზად მოხვია ხელი ზღვაურს, - ჩვენ მისთვის ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო.
ქალი, მავედრებლად მიაცქერდა მამაკაცს. მოულოდნელად ლერიმ გაათვითცნობიერა, რომ მუხთალმა ბედისწერამ დაიმორჩილა, ახლა სარკეში რომ ჩაეხედა განაწამებ თვალებს, დანაოჭებულ შუბლსა და დაღლილ გამოხედვას შეეფეთებოდა, არადა ლერის ყოველთვის შესწევდა ძალა ერთი ნაბიჯით წინ გაესწრო უბედურებისთვის, თუცა მას შემდეგ რაც მისი ცხოვრება «ვენერას ცრემლს» დაუკავშირდა, ის და უბედურება გვერდიგვერდ მიაბიჯებდნენ, ამიტომაც იყო საკუთარი თავი ხელში რომ აიყვანა, უკანასკნელად შეავლო თვალი მაკის საფლავს, ერთი გულიანად ამოიოხრა და ტანიასთან ერთად ნახევრადდანგრეულ შენობაში შეყენებული ფურგონისაკენ გაემართა.
მზე უკვე დასალიერს გადაწვერილიყო, «ჩიხის» ნანგრევებად ქცეულ შენობებს ეფარებოდა, დაბზარულ კედლებს შორის გამოკრთებოდა ხოლმე მისი მისუსტებული წითელი სხივები.
- ტანია შეეცადე დაიძინო ძვირფასო, - ლერიმ დაისის ჭვრეტას თავი ანება და ფურგონის კაბინაში მოკალათდა.
- ხვალ გრძელი გზა გველის, - ტანიამ თავი სავარძლის საზურგეზე გადადო, - ქალაქი უნდა მოვატოვოთ, - დაღლილი ხმით წარმოსთქვა.
ლერიმ ქალს გაოცებული მზერა მიაპყრო, რომელიც მშვენივრად მოწყობილიყო სავარძელში და ცდილობდა დაეძინა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა, შეიძლება ყველაფერში გადატანილი სტრესი იყო დამნაშავე, შეიძლება ლერის დაჟინებული მზერა.
ქალმა თვალები გაახილა, როგორც კი მამაკაცის მზერას წააწყდა, მაშინვე წამოიწია სავარძლის საზურგედან და ლერის მომხიბვლელად გაუღიმა.
- ქალაქის მიტოვება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ლერი, - ქალმა მშვიდად უპასუხა მის უსიტყვო შეკითხვას, - შენც მოვალე ხარ ასე მოიქცე, მხოლოდ იმიტომ სიცოცხლე რომ შემინარჩუნო.
- მართალს ამბობ საყვარელო, - ლერიმ ტანია მიიზიდა და ხელები ყელზე მოხვია, - რომ შემეძლოს შენი გულისათვის მარტო «შავ ქალაქს» კი არა დედამიწასაც მივატოვებდი, - გულში ჩაიკრა ქალი, თმაზე სიყვარულით ეფერებოდა და ყურში ეჩურჩულებოდა, - შენ... შენღა დამრჩი ამქვეყნად ტანია.
ქალმა მკერდზე მიადო თავი, ქვემოდან ახედა და ხმადაბლა წარმოსთქვა.
- ქალაქ ვენ-ტელუსამდე მხოლოდ ხუთიოდე დღის სავალია, ალბათ იქეთ აჯობებს წასვლა.
- ვენ-ტელუსი? - ლერი დაფიქრდა, კითხვით სავსე თვალებით დახედა ქალს, - რჩეულთა ქალაქი?... თუმცა ის «შავ ქალაქთან» ყველაზე ახლოსაა, მაგრამ იქ მოხვედრა გარკვეული პროცედურების შესრულებას მოითხოვს.
- რა თქმა უნდა ვენ-ტელუსში მოხვედრა ძნელია, მაგრამ, - ტანიამ მხრები აიჩეჩა, - «შავი ქალაქის» შემდეგ ის არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც რადიაცისგანაა დაცული.
ლერი დადუმდა, უაზროდ გახედა ჰორიზონტს მიღმა გადამალულ მზეს და თავი დაფიქრებით გდააქნია. ქალაქი ვენ-ტელუსი ხმელთაშუა ზღვის მახლობლად, სულ ახალთახალი გაშენებული იყო, ის ხუთიოდე წლის წინ ააგეს ვენერადან მოწვეულმა სპეციალისტებმა, მისი უცნაური სახელწოდებაც ვენერელებმა შეარჩიეს, რომელიც ვენერასა და დედამიწის ლათინური დასახელებებიდან შეაკოწიწეს.
დედამიწის მოსახლეობას შორის ისეთი ჭორიც კი დაირხა, თითქოს ვენ-ტელუსი საზოგადოება «დამსჯელების» შეკვეთით აშენდა, რაღაც გაურკვეველი მისიის აღსასრულებლადო, თუმცა მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ვენ-ტელუსს არც არავითარი როლი შეუსრულებია დედამიწის შემდგომ განვითარებაში.
ჩვეულებრივ ქალაქად იქცა, თუმცა გარეგნულად აშკარად განსხვავდებოდა დედამიწის სხვა ქალაქებისგან, რადგან იქ უშველებელი, პრიალა ცათამბჯენები, ექვსრიგად მიმავალი, დაკლაკნილი გზატკეცილები და ათასობით კვარტალი, მინის გუმბათის ქვეშ, ჰერმეტულად იყო დახურული.
ქალაქი ვენ-ტელუსი ერთი შეხედვით ბროლის ბურთულაში ჩაშენებული გეგონებოდათ.
პოლიმერიზირებული ფულერიტიდან 1 ჩამოსხმული გამჭვირვალე გუბათი, ქალაქს ძლიერი გამოსხივებებისგან იფარავდა, ამიტომაც იყო, რომ იქ საცხოვრებლად მოხვედრა «შავი ქალაქისაგან» განსხვავებით უფრო რთული იყო, ყოველ ახალ მცხოვრებს, სპეციალური სამედიცინო ჯგუფის წინაშე, რომლებშიც ფსიქოლოგები სჭარბობდნენ, დაწვრილებითი გამოკვლევა უნდა გაეარა, დაეფიქსირებინა მისი აგრესიისა და ინტელექტის დონე.
ლერიმ ტანიას დახედა, ქალს ჩასძინებოდა. ის ისეთი უმანკო მოეჩვენა, რომ შეებრალა ასეთ უკუღმართ დროში რომ ცხოვრობდა, თანაც დედამიწაზე, ძალიან მოუნდა დაეცვა იმ ძალისაგან რომლისგან ვერც უცნობი მამაკაცი და ვერც მაკი ვერ დაიცვა, - «ჯანდაბამდეც გზა ჰქონია დოქტორ არეს სერას», - თავისთვის გაიფიქრა ლერიმ, ქალი უფრო მოხერხებულად მიიხუტა და ჩახუტებულმა სცადა დაძინება, უნდოდა აენაზღაურებინა ის დაკარგული ძალები რაც ბოლო ორი დღის მანძილზე დაკარგა, ხვალ კი ისევ საკეთილდღეოდ დაეხარჯა.


1 ფულერიტი - ყველაზე მყარი ნივთიერება დედამიწაზე, მისი კვანძები არა ცალკეული ატომებისგან, არამედ მთლიანი სტრუქტურიზებული მოლეკულური კრისტალებისგან შედგება, მისი სიმყარე 310 გიგაპასკალს უტოლდება, ის ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ალმასი ჩვეულებრივი პლასტმასივით გაკაწროს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent