შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„ვენერას ცრემლი“ - 6


12-09-2019, 01:14
ავტორი omexi
ნანახია 540

**********

შუაღამისას გავიდა ქალაქიდან, დაღლილსა და დაქანცულს ძილი ართმევდა თავს, მაგრამ თავს ძალა დაატანა და ისე რომ ტანია არ გაუღვიძებია ფურგონი ადგილიდან დასძრა.
დასავლეთის «დამშრალი სანაპიროდან” გავიდა და შეუმჩნევლად დატოვა ქალაქი, დასავლეთისაკენ მიაქროლებდა ავტომობილს, ერთ დროს უნაკლო გზატკეცილზე, ახლა კი სადღა იყო გზატკეცილი, ირგვლივ რადიაქტიური უდაბნო გადაშლილიყო, რადიაქტიურ მტვერს ერთიანად დაეფარა გზატკეცილი და ისიც უდაბნოს გაუთავებელ დიუნებს შერწყმოდა.
«შავი ქალაქი» თითქოს ნელ-ნელა იძირებოდა, დამშრალ ზღვის ფსკერს თვალდათვალ ეფარებოდა რადიაქტიური ზეგანი.
ძველთაძველმა ავტომანქანამ ღმუილით ამოათავა მტვრიანი ზეგანი და უსასრულო დიუნებს შეუყვა.
ლერი სინანულით შესცქეროდა გადახრუკულსა და გაუდაბურებულ არემარეს, სწორედ ეს რადიაქტიური უდაბნოღა დარჩენილიყო ოდესღაც ლამაზი, მწვანით მოსილი დედამიწისგან.
ფურგონის მბჟუტავი შუქფარების შუქზე ზოგჯერ გაიელვებდნენ, გვერდზე გადაბრეცილი და ჟანგისგან გაშავებული აფიშები, რომლებიც მგზავრებს აუწყებდნენ... «შეიძინეთ ფირმა «ელექტრონიკსის» მიერ დამზადებული ვიდეოპლეერები»... ან კიდევ... «ყველაზე მყუდრო, ყველაზე ლამაზი და ყველაზე განთქმული პლაჟები მთელ დედამიწაზე».
- ეეჰ, - ამოიოხრა ლერიმ, სადღა იყო ახლა პლაჟები, მისგან მხოლოდ და მხოლოდ ეს უბადრუკი აფიშაღა შემორჩენილიყო.
ზღვაურმა აფიშას თვალი გააყოლა, მის დაბრეცილ და სანახევროდ საღებავგადაცლილ ზედაპირზე, მწვანე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ლამაზი ქალი ეხატა, რომელიც დამატყვევებლად იღიმოდა.
მანქანამ ხრიგინით ჩაუქროლა აფიშას, ჩამსხვრეული მინიდან კაბინაში რადიაქტიური მტვერი და ცივი ქარი შემოიჭრა, ლერის კბილებში ქვიშამ გაიხრჭიალა, უხერხულად მოხუჭა რადიაქტიური მტვერიდან დაბინდული თვალები და ფურგონის მბჟუტავი შუქფარების მიერ სიბნელედან გამოგლეჯილ შემხვედრ აფიშას მიაცქერდა... «გზა მშვიდობისა»... დრო-ჟამისგან გაფერმკრთალებული წარწერა კეთილ მგზავრობას უსურვებდა გამვლელ-გამოვლელეს.
- დედამიწის ხელისუფლება ზრუნავს მოსახლეობისა-თვის, - ლერიმ თავისთვის ჩაიბურტყუნა და გუნებაში შეიკურთხა.
ფურგონი მიჯაყჯაყებდა ქვიშით დაფარულ გზატკეცი-ლზე, ლერის სურდა რაც შეიძლება მალე გაშორებოდა «შავ ქალაქს», ბოროტების ბუდისათვის განერიდებინა ტანია და პირში ჩალაგამოვლებული დაეტოვებინა ტრავინა მისი სულთამხუთავებით.
ხმელთაშუა ზღვისკენ კი მიისწრაფოდა, თუმცა ხმელთაშუა ზღვა კარგ ფიქრებს როდი აღუძრავდა, რადგან სწორედ ხმელთაშუა ზღვა გახლდათ მესამე მსოფლიო ომის გამომწვევი მიზეზი, ამ ომმა ერთიანად გააპარტახა დედამიწა, მისი დაცემა «ხმელთაშუა ზღვის კონფლიქტიდან» დაიწყო, ვენერელმა სოციოლოგებმა ეს კონფლიქტი დედამიწის დეგენერირების საწყის ეტაპად მონათლეს, «ხმელთაშუა ზღვის კონფლიქტმა» ძალიან სავალალო შედეგები მოიტანა, მკვდარ უდაბნოდ და უპატრონო საფლავების კერად გადაქცია დედამიწა.
ზღვაურმა ხმამაღლა ამოიოხრა, ჯერ დედ-მამა გაახსენდა, რომლებიც მესამე მსოფლიო ომმა შეიწირა, შემდეგ საცოდავი მაკი დაუდგა თვალწინ, ადამიანი რომელიც მესამე მსოფლიო ომის შემდეგ დედამიწაზე ჩამოყალიბებული განუკითხაობის მსხვერპლი იყო.
- სისხლიანი საუკუნე, - დაბოღმილმა ჩაიბურტყუნა, - რამდენი კარგი ადამიანის სიცოცხლე წაიღო, - გულმოსულად დაამატა და ხელი საჭეს დაჰკრა.
შემდეგ ჯიბეები მოიქექა, ნახევრადდამწვარი მარსული სიგარა ამოიღო და გააბოლა.
მთელი ღამე მიაქროლებდა ფურგონს, თვალსა და ხელსშუა ილეოდა ღამე, თანდათან ვარდისფერდებოდა ჩაბნელებული, უვარსკვლავო ზეცა, ლერი ვეღარც კი ხვდებოდა თუ როგორ გარბოდნენ წუთები უსასრულო უდაბნოში, როგორ გადაიქცეოდნენ საათებად.
მან მხოლოდ განთიადისას იგრძნო თუ რაოდენ დაღლილიყო, ამიტომ ყოველთვის შურით გადახედავდა ხოლმე ტანიას, რომელსაც გემრიელად ეძინა სავარძლის საზურგეზე თავგადადებულს, ძალიან სურდა მასაც დაეძინა, ქალის მუხლებზე თავდადებულს, მაგრამ მაინც ფურგონის მართვას ამჯობინებდა, ის გაურბოდა ბედუკუღმართ ცხოვრებას, გაურბოდა განუკითხაობას, გაურბოდა დამნაშავეობას და თან მიჰქონდა სიკვდილივით ცივი «ვენერას ცრემლი», მიჰქონდა ქლაქ ვენ-ტელუსში იქ სადაც ტრავინას სისხლიანი ხელები ვერასოდეს მიაგნებდნენ.
დიუნების თავზე ნელ-ნელა ამოგორდა სისხლისფერი მზე.
გათენდა უდაბნოში.
ლამაზი იყო აქაური განთიადი, წითელი მზე თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა უღრუბლო ცაზე, თუმცა ლამაზი იყო, მაგრამ ამავე დროს მომაკვდინებელიც.
ერთ დროს სიცოცხლის წყარო, ახლა ცეცხლმფრქვეველ ურჩხულად გადაქცეულიყო, მზე უარყოფითად მოქმედებდა რადიაქტიურ და დაბინძურებულ დედამიწაზე, ატომური ომიდან შეთხელებული ოზონის ფენა, ვეღარ აკავებდა ულტრაიისფერი სხივების ძლიერ ნაკადებს და დედამიწაც მზის ყოველი ამოკიაფებისას, ყოვლისმმუსრავი გამოსხივების ახალ-ახალ ულუფას იღებდა.
ლერიმ მთელი სხეულით შეიგრძნო როგორ იმატა გამოსხივებამ, როგორ შეიჭრა მის ორგანიზმში და ცხოველმოქმედი პროცესები დაამუხრუჭა, რადიაქტიური უდაბნო მზის მწველ სხივებზე თვალისმომჭრელად აბრჭყვიალდა და ზღვაურსაც სხეულში გაუჯდა სიკვდილისმ-თესველი რადიაცია.
შორს, უდაბნოს შუაგულში შავად გაკრთა რაღაც ნაგებობა. ლერიმ მხედველობა დაძაბა, რადიაციიდან დასუსტებული თვალები მოჭუტა და აშკარად დაინახა პატარა, ჭუჭყიანი შენობა. გიჟი უნდა ყოფილიყო ის ვინც ასეთ მიყრუებულ უდაბნოს აირჩევდა საცხოვრებლად, თუმცა ლერიმ გამჩენს მადლობა შესწირა, მაინდამაინც ახლა რომ გადააწყდა მას, რადგან ზღვაურს სწორედ ამ უბადრუკ შენობაში შემალვით შეეძლო ცოტათი მაინც დაეცვა თავი რადიაციისაგან და სანახევროდ დაცლილი საწვავის მარაგი შეევსო.
ფურგონი უკვე საკმაო მანძილით მიუახლოვდა ნაგებობას. აშკარად ჩანდა მისი დაპერტყნილი, ოდნავ გაწელილი სილუეტი, ის ერთსართულიანი იყო, განსაკუთრებით ნაგები სქელი, რკინაბეტონის ფილებით, რომ რადიაციას შიგ არ შეეღწია.
ნაგებობის წინ ქვიშაში ჩაბეტონებულ ალუმინის მოლაყლაყებულ აბრაზე ბატიფეხურით ეწერათ... ტავერნა-გარაჟი «100 რენტგენი»... ალბათ ტავერნის მეპატრონე ორიგინალური იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა, რადგან თავისებურად გამოეყენებინა დღევანდელი დედამიწის უმთავრესი უბედურება... რადიაცია... რომელიც ასე რომ ვთქვათ იმ წუთას რეკლამასაც კი უწევდა მის უღიმღამო დაწესებულებას.
ლერიმ თავი უიმედოდ გადააქნია, ფურგონი ტავერნასთან შეაჩერა და შენობას გახედა, პაწაწინა ბრაზიანი ქარიშხალი, რომელიც თითქმის ყოველთვის დამახასიათებელი იყო რადიაქტიური უდაბნოსთვის, ავტომობილის წინ ქვიშას აფრიალებდა და მოლაყლაყებულ აბრას ჭრიალით ახეთქებდა აქეთ-იქეთ.
ზღვაური ნელა მიტრიალდა ტანიასაკენ.
- გაიღვიძე ძვირფასო, - ნაზად შეანჯღრია ქალი.
- სადა ვართ? - მთქნარებით იკითხა ტანიამ და თვალები მოიფშვნიტა.
- ადგილობრივ ტავერნაში, - ზღვაურმა ხმაურით გააღო ფურგონის კარი, - წავიდეთ ძვირფასო, ცოტა დავისვენოთ, რადიაციას შევაფაროთ თავი, საღამოს კი ისევ გავაგრძელოთ გზა.
ქალი სავარძლიდან წამოიწია, ცოტა ხანი უდაბნოს ათვალიერებდა, შემდეგ ტავერნას გახედა, მოქანავე აბრასაც დააკვირდა და კითხვით აღსავსე ტონით ჩაილაპარაკა.
- «100 რენტგენი»?
ლერიმ არაფერი უპასუხა, მანქანიდან გადმოხტა, ფურგონს მეორე მხრიდან მოუარა, ქალს კაბინიდან ჩამოსვლაში მიეშველა.
ტავერნაში შევიდნენ.
ოთახი ცარიელი იყო, უსწორმასწოროდ დალაგებულ პლასტმასის მაგიდებს არავინ უჯდა, უმაქნისად იდგნენ სათამაშო ავტომატებიც, მხოლოდ მსუქანი, ერთიანად გამელოტებული, თეთრ ხალათში გამოწყობილი ბარმენი იდგა დახლთან და დახლზე ჩამოყრდნობილი, რომელიღაც თანამედროვე მუსიკის ჰანგებს უსტვენდა.
ლერიმ პლასტმასის დახლზე დამაგრებულ პაწაწინა ზანზალაკს ხელი დაჰკრა, წკრიალზე ბარმენმა ყურები ცქვიტა, მხიარული მუსიკის სტვენას თავი ანება, ცოტა ხანი უტიფარი თვალებით უმზირა მომხვდურთ, შემდეგ კი ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა.
- რა გნებავთ?
- გვაჭამეთ რამე, - ლერი დახლის წინ მოთავსებულ ტაბურეტზე მოკალათდა და ტანიას მიუბრუნდა, - ძვირფასო რას დალევ?
ტანიამ მხრები აიჩეჩა, ისიც დახლის წინ მოეწყო და ბარმენს უთხრა.
- ძალიან გთხოვთ, ფინჯანი ყავა მომიტანეთ.
ბარმენი ზოზინით გავიდა გვერდით ოთახში, იქედან ხრიგინი და უწმაწური გინება ისმოდა, შემდეგ ისევ დახლს მოადგა, ტანიას პატარა ფინჯანით ყავა დაუდგა, რომელსაც ოშხივარი ასდიოდა, თვითონ კი ლერისკენ გადაიხარა და მელანქოლიური ტონით უთხრა.
- თუ ინებებთ ჩვენს საფირმო კერძს მოგართმევთ ბატონო, - ბარმენი უზარმაზარი, პუტკუნა თითით კბილების ჩიჩქნას მოჰყვა, - რატიფიცირებული ხორცის ღვეზელი, რომელსაც პიტნის არომატი აქვს დამატებული და ბიონიკური ტომატის საწებელი, რადიაციის წინააღმდეგ პირდაპირ მისწრებაა.
- მოიტა, - ლერიმ ჯიბეები მოიქექა და ერთი სპეციალი დახლზე დადო - ერთი ჭიქა ჯინიც მოაყოლე, - დაუმატა.
ბარმენი ხარბად ეცა ფულს, შემდეგ ისევ მეორე ოთახში გავიდა და ორი თეფში საფირმო კერძი გამოიტანა.
ღვეზელი საშინელი შესახედავი იყო. უშნოდ გაბრტყელებული, თანაც ცივი, ალბათ წინა დღით მომზადებული, არც საწებელი იყო უკეთესი, ტანიამ ცივად გააჩოჩა თეფში გვერდზე და შეგრილებული ყავა მოხვრიპა. ლერიმ კი პირიქით, მადიანად ამოაწო ტომატის საწებელში ღვეზელი და გემრიელად ჩაკბიჩა, ესიამოვნე პიტნის უცნაური არომატი, მას ხომ გუშინს შემდეგ ლუკმა არ ჩაედო პირში. სიამოვნებით შესანსლა ღვეზელი და ზედ მწარე, ცეცეხლივით მწველი ჯინიც მიაყოლა.
- ქალაქ ვენ-ტელუსამდე მალე მივალთ? - ბარმენს ჰკითხა ლერიმ და დანაყრებულმა მარსული სიგარა გააბოლა.
- ოთხი დღის სავალი კიდევ დაგრჩათ, - ბარმენმა ხმაურით აალაგა თეფშები, - მე თქვენ არ გირჩევთ დღისით მგზავრობას ბატონო, - გააფრთხილა ისინი, - გეტყობათ «შავი ქალაქიდან» მოდიხართ, იქ კი არ გაწუხებთ რადიაცია, ალბათ გადაეჩვიეთ კიდეც მას, - ბარმენმა მსუქანი კეფა მოიქექა, - ჩვენთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა, დღისით რადიაცია მკვეთრად იმატებს, ამიტომ ღამ-ღამობით ჯობს მგზავრობა, - ნელი ნაბიჯით დაიძრა მეორე ოთახისაკენ, მაგრამ ზედ ზღურბლთან შედგა და ლერის მიმართა, - თუკი დაბინდებამდე მოსვენებას ინებებთ, ჩვენ შესანიშნავი ოთახები გვაქვს, თითო საათი ერთი სპეციალი დაგიჯდებათ.
ლერიმ დაფიქრებით გააყოლა თვალი გვერდით ოთახში გამავალ ბარმენს, მისი ქცევა არ იყო უცნაური, ის უბრალოდ კლიენტს იზიდავდა. რა თქმა უნდა უდაბნოში რადიაცია ბობოქრობდა, მაგრამ არც იმდენად საშიში იყო, ბარმენი რომ აუღწერდა.
- თუ არ ვცდები თქვენ პატარა გარაჟის მფლობელიც უნდა იყოთ? - ხმამაღლა მიმართა ლერიმ ბარმენს.
- პატარაო? - ბარმენმა გვერდითი ოთახიდან თავი გამოყო, - პატარა კი არა კარგა მოზრდილი გარაჟი მაქვს, შემიძლია თქვენს ავტომობილს გარკვეული ტექმომსახურება ჩავუტარო.
- შესანიშნავია, - ლერი ტაბურატიდან წამოდგა, - ბენზინს რამდენად მოგვცემთ?
ბარმენმა მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გამოვიდა.
- ბენზინს უკვე დიდი ხანია რაც აღარ ვყიდი, ვერავითარი მოგება ვერ ვნახე იქედან. ყველა დედამიწელი დღეს თანამედროვე მობილებით დაჰქრის, ისინი კი მშრალ საწვავზე მუშაობენ.
ზღვაურმა ტანიას დახედა, რომელსაც ყავის ხვრეპა დაემთავრებინა და მათ საუბარს უგდებდა ყურს.
- ესღა გვაკლდა - ამოიოხრა დაბოღმილმა, - იქნებ რომელიმე ავტომანქანაში გადაგვიცვალოთ?... მე შესანიშნავი ფურგონი მყავს.
- ფურგონი? - მეპატრონემ სქელი კისერი წაიგრძელა და ფანჯარაში ცნობისმოყვარედ გაიჭვრიტა, შემდეგ დახლიდან ძლივს გამოძვრა, გარეთ გავიდა და ავტომობილს შემოუარა ირგვლივ.
ლერი და ტანია უკან გამოჰყვნენ ბარმენს, რომელიც მისი სხეულისათვის შეუფერებელი სისხარტით დახტოდა ფურგონის ირგვლივ, რამდენჯერმე ქვემოდან შეჭვრიტა, ერთი-ორჯერ სახურავზეც კი დაჰკრა ხელი, შემდეგ ჩაიმუხლა საბურავებს ახლოდან მიაცქერდა და ხრინწიანი ხმით იკითხა.
- თვლიანი ავტომობილი? - ბარმენი დადუმდა და თვალებმოჭუტულმა დაუმატა, - რა სჭირს თქვენს მანქანას?.
- საწვავი უთავდება, - მშვიდად აუხსნა ლერიმ.
მეპატრონემ ეჭვის თვალით ახედა ზღვაურს, შემდეგ მხრები აიჩეჩა და ხმამაღლა თქვა.
- რამდენს დაამატებთ?
- 20 სპეციალს, - ლერიმ ჯიბიდან ფული ამოაძვრინა.
- 50 იყოს, - ბარმენმა მანქანისაკენ გაიშვირა ხელი, - ხომ ხედავთ ფურგონი ძლიერ დაზიანებულია, მინა ჩანსხვრეული აქვს და სახურავი დაჭეჭყილი.
- ნუ იწუწკებ იკმარე ოცი, - ლერიმ მიმტევებელი ხმით ჩაილაპარაკა, შემდეგ ლაბადის კალთა გადაიწია, ისე რომ ქამარში გარჭობილი პისტოლეტის პრიალა ტარი სანახევროდ გამოუჩნდა, - მოაგორე აქ შენი ურიკა, - მტკიცედ უბრძანა მან.
ბარმენმა თვალი ჰკიდა პისტოლეტის პრიალა ტარს, ჯერ გაფითრდა, შემდეგ შეშინებულმა გადადგა უკან რამდენიმე ნაბიჯი და ხმადაბლა ჩაიჩიფჩიფა.
- თანახმა ვარ, თანახმა ვარ, - ის ერთიორად დაპატარავდა, წელში მოიხარა, - შესანიშნავ ანტიგრავიტო-მობილში გადაგიცვლით, მშრალ საწვავზე მუშაობს, ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ახალივით გამოიყურება, მშვენიერი სალონი და საკმაოდ მდგრადი გამოსხივების საწინაარმდეგო ეკრანი აქვს კორპუსს შიგნით შემოკრული, ასე რომ დღისით რადიაცია ვერას დაგაკლებთ, თანაც მშრალი საწვავის მარაგი კიდევ ნახევარი წელი იკმარებს შეუვსებლად, - ბარმენმა ლერის თვალი აარიდა და ხმამღალ ღრიალს მოჰყვა, ვიღაც ბიჭს უხმობდა, - ბილ... ბილ გამოეთრიე ოთახიდან შე ძილისგუდავ, - ხმის ჩაწყვეტამდა გაჰყვიროდა მანამ, სანამ ტავერნის გვერდით მიშენებული ფარღალალა შენობიდან, ჭუჭყიან კომბიზონში გამოწყობილი 17 წლის ბიჭი არ გამოვიდა.
ბიჭი ელამ თვალებს იფშვნეტდა და დაბნეულ სახეს უშნოდ მანჭავდა, ბანცალით გამოემართა მათკენ, ბარმენმა ორიოდე ნაბიჯის გადმოდგმაც არ აცალა ისე მიაძახა.
- ბილ... ამ ბატონს ჩვენი ცისფერი AღI-10 მოუყვანე... ახლავე...!
ბიჭი დაბნეული შედგა, ბარმენის სიტყვები ნელა, სვენებ-სვენებით გაიაზრა, შემდეგ ცხვირი უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა, სწრაფად მოკურცხლა და შენობის უკან მიიმალა.
- ძალიან კარგი, - ლერიმ კმაყოფილმა წარმოსთქვა, ლაბადის კალთები შეისწორა და ბარმენს 20 სპეციალი მიაწოდა, - აჰა გამომართვი.
- გმადლობთ, - ბარმენს თვალები გაუბრწყინდა, ხარბად წასტაცა ფული ხელიდან.
რამდენიმე წამით უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა, მსუქანი ბარმენი ცნობისმოყვარედ ითვლიდა ფულს, ტანია კი მდუმარედ მდგარ ლერის მიჰკროდა და მის მკლავზე ჩაფრენილი, ინტერესით ათვალიერებდა ტავერნას დაბალ, ჭუჭყიან შენობას.
შემდეგ სადღაც ეზოს სიღრმიდან ანტიგრავიტომობილისათვის დამახასიათებელი სტვენის ხმა გაისმა. ოღონდ შედარებით ძლიერი რომელსაც შიგადაშიგ ყურისწამღები ტკაცანი გამოერეოდა ხოლმე და დაბალ შენობას სწრაფად ჩამოუქროლა, ერთ დროს ცისფერმა, ახალა კი დრო-ჟამისაგან და ცუდი მოპყრობისაგან გაყვითლებულმა ანტიგრავიტომობილმა. მანქანამ გადმოჭრა ეზო და ზუზუნით გაჩერდა ტავერნას წინ.
ბიჭმა მსტვინავი ძრავი ჩააქრო და მანქანაც მომენტალურად დადუმდა, ანტიგრავიტაციული ველი გამოირთო, ჰაერში წამოწეული მობილი ქვემოთ დაეშვა და რბილად დაჯდა ქვიშით დაფარულ მიწაზე.
ლერიმ მანქანა შეათვალიერა, ეს იყო ყველაზე პირველი თაობის ანტიგრავიტომობილი, რაც კი ოდესმე აუწყვიათ ვენერელ კონსტრუქტორებს. ერთი შეხედვით მინიატურულ, კოსმოსურ გამანადგურებელს წააგავდა. წვეტიანი ცხვირი ჰქონდა და აპრეხილი უშველებელი კუდი ამშვენებდა, ანტიგრავიტაციულ რეაქტორებს მთლად დაეკავებინა მობილის უკანა ნაწილი, რისი წყალობითაც მისი წვეტიანი წვერი ოდნავ ზემოთ წამოწეულიყო და ისეთ შეგრძნებას ტოვებდა, სადაცაა ისკუპებსო.
მანქანა იმდენად შელახული იყო, რომ ლერის ფურგონთანაც კი ვერ მოვიდოდა, მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, ლერიმ გულმოდგინედ გააღო ჭრიალა კარი და კაბინა მოათვალიერა, კაბინაში ორი ადამიანი თუ ჩაეტეოდა, თუკი კაცი გაიჭირვებდა სამნიც კი მოახერხებდნენ ჩაჯდომას.
ლერიმ გულზე ხელები დაიკრიფა და ტანიას ღიმილით მიმართა.
- რას ფიქრობ ძვირფასო?
ქალმა საქმის მცოდნე ოსტატივით შეათვალიერა მობილი და ლაკონურად მიუგო.
- არა უშავს.
პასუხით კმაყოფილმა ლერიმ, ბარმენს თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მობილის ციცქნა საბარგული გააღო, ფურგონიდან «ვენერას ცრემლი» და ყველა საჭირო ნივთი თუ ინსტრუმენტი გამოიტანა და საბარგულში ჩაუძახა, შედეგ ტანიას მიეხმარა, რომელიც ფურგონიდან უშველებელ ჩემოდანში ჩალაგებულ თავის ბარგს მოათრევდა. ლერიმ შუბლი მოწკურა, ვეღარ გაიხსენა თუ როდის მოახერხა ქალმა ჩემოდნის ფურგონშიGჩადება, მაგრამ ზედმეტი ფიქრით თავი არ შეუწყენია, საბარგული დახურა და კაბინაში მოკალათდა. როგორც კი ტანიამ კარი ჭახანით მოხურა ანტიგრავიტომობილის კაბინა ავტომატის მჭახე ხმამ აავსო.
- გთხოვთ დაიცვათ მოძრაობის ელემენტალური წესები... და ისარგებლეთ RI-10 მოდელის ანტიგრავიტომო-ბილის მომსახურებით, იმედია თავს კომფორტულად იგრძნობთ, - მოულოდნელად დინამიკმა ხმამაღლა დაიშიშინა და ავტომატმა სწრაფად იწყო ბოლო სიტყვების გამეორება, - იმედია თავს კომფორტულად იგრძნობთ... იმედია თავს კომფორტულად იგრძნობთ... იმედია თავს კომფორტულად იგრძნობთ... - შემდეგ ავტომატი დადუმდა, რაღაცამ გაკვესა, გაისმა ხმამაღალი ჭახანი, ლერის თავზე ცისფერი ნაპერწკლები გადმოეყარა, მთელი კაბინა კი დამწვარი პლასტმასის სუნმა აავსო.
- დასწყევლოს ეშმაკმა, - ლერიმ შეშინებულმა ახედა თავს ზემოთ გამოჩრილ ელექტროსადენებს, მაგრამ კაბინის მიტოვება არც უფიქრია, ძრავი დაქოქა და ტანიას გადაულაპარაკა, - მშვენიერი ურიკაა.
შემდეგ როცა მობილი დასძრა და გზატკეცილზე გასვლის წინ, მანქანამ ტავერნასთან მდგარ მსუქან ბარმენს გვერდი ჩაუარა, ლერიმ ჩამოწეული გვერდითა მინიდან მუშტი მუქარით გამოიშვირა და თვალებდაქაჩულ ბარმენს ხმამაღლა მიაყვირა.
- არამზადა...!

**********

ანტიგრავიტომობილი ცხვირაპრეხილი მიისწრაფოდა, ისე მიიჩქაროდა დასავლეთისკენ, როგორც ფოტომიგრაციით შეპყრობილი მწერები ეშურებიან მოგიზგიზე კოცონისაკენ, მიჰქროდა უკანმოუხედავად თითქოსდა «შავი ქალაქის» სახით, შემზარავ ურჩხულს ტოვებდა, არადა სისხლისმსმელი ურჩხული მარტო «შავი ქალქი» როდი იყო, არამედ სრულიად დედამიწა, მთელი თავისი მოსახლეობით.
ლერი და ტანია ოთხი დღე და ღამე გვერდიგვერდ იჯდნენ ანტიგრავიტომობილის ვიწრო, მოუხერხებელ კაბინაში, თუმცა აუტნელ დისკომფორტს განიცდიდნენ, მაგრამ ერთმანეთთან სიახლოვე ძალიან სიამოვნებდათ.
ზღვაური მსუბუქად ეხებოდა ქალის მხარს.
მობილი სტვენით მიქროდა უდაბნოს უსასრულო დიუნებზე. დაღლილი ტანია თავს ნაზად დაადებდა მამაკაცს და განაწამები ხმით საყვარლად ეტიტინებოდა, ეს იყო ნამდვილი იდილია 24-ე საუკუნის ქალსა და მამკაცს შორის, რომლებიც სწორედ ამ საუკუნის უსამართლობას გაურბოდნენ.
ლერის იმ წუთას ყველაფერი მიმზიდველი ეჩვენებოდა, დედამიწაც, ადგილობრივი ხელისუფლებაც და პირქუში რადიაქტიური უდაბნოც კი, მაგრამ მუდმივი ხომ არაფერია ამ ქვეყანაზე, ასე რომ გზა ქალაქ ვენ-ტელუსამდე თანდათან გაილია.
ლერიმ პიველად რადიაქტიური უდაბნოს რუხ დიუნებს მიღმა ქალაქ ვენ-ტელუსის მკრთალი მოხაზულობა დალანდა, რომელიც რადიაციით გაჟღენთილ მირაჟში, მოჩვენებასავით ცახ-ცახებდა, ქალაქი ერთი შეხედვით საპნის ბუშტში ჩაშენებული გეგონებოდათ, მისი გამჭვირვალე გუმბათი ახლადამოწვერილ მზის შუქზე თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა, ლერის საოცრად სიფრიფანა და თხელი ეჩვენა იგი, ამიტომ შეეჭვდა კიდეც როგორ უნდა დაეცვაო მინისებრ გუმბათს ქალაქი, ძლიერი გამოსხივებისაგან?
შემდეგ ზღვაურს სახეზე ხმელთაშუა ზღვიდან მონაბერი სიო მიელამუნა, ზღვის სურნელოვანი ოდნავ მარილიანი სუნი მოიტანა და ლერიმაც ღრმად ჩაისუნთქა არომატული ჰაერი, ისე რომ ყურადღებაც არ მიუქცევია გვერდითა საქარე მინიდან კაბინაში შემოფრენილი რადიოაქტიური მტვერისათვის, რომლის პაწაწინა ნამცეცებიც მდორედ ეფინებოდნენ მანქანის სამართავ პანელს.
ლერიმ თვალი ძლივს მოსწყვიტა მოკაშკაშე ქალაქს, შემდეგ დოზიმეტრს დახედა და ტანიას მიმართა.
- უცნაურია, რადიაციამ იკლო.
ქალმა მხრები აიჩეჩა და უბრალოდ მიუგო.
- ალბათ ესეც იმათი დამსახურებაა, - ხელი ქალაქისკენ გაიშვირა, - ვენერელი არქიტექტორების, - შემდეგ ქალაქ ვენ-ტალუსს მზერა მოსწყვიტა და აღტაცებულმა ჩაილაპარაკა, - ძალიან ლამაზია.
მართლაც ლამზი იყო ქალაქი ვენ-ტელუსი, ფულერიტის გუმბათის ქვეშ გაშენებული და ათვისებული მილიონობით აკრი მიწა, მწვანედ ჰყვაოდა, იგი არაფრით წააგავდა რუხ და უღიმღამო «შავ ქალაქს», ცოცხალი იყო, ხალისიანი, დეკორატიული ბუჩქებითა და უშველებელი, ტანაყრილი ჭადრებით დამშვენებული, რომელსაც ოსტატურად შერწყმოდა, ცადატყორცნილი ცათამბჯენები, გუმბათს ზემყარი გალავნის მიღმა მოექცია ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლი, ისიც ქალაქისათვის შეერწყა.
ვენერელ მშენებლებს სასწაული მოეხდინათ, მესამე მსოფლიო ომიდან დაბინძურებული და სანახევროდ დამშრალი ხმელთაშუა ზღვა, კვლავ გაეცოცხლებინათ, გუმბათს მიღმა მოქცეული მისი ტალღები უკვე მაცოცხლებელი და მარგებელი გამხდარიყო, სანაპირო ზოლზე კი ძველებურად ჰყვაოდა თავქოჩორა პალმები.
აქ, ზემყარი გუმბათის მიღმა მარტო უპრობლემოდ აყვავებულ მცენარეულ საფარს კი არ იხილავდა კაცი, არამედ თანამედროვე არქიტექტურის შემოქმედებით ნაყოფსაც, ვენერელ მშენებლებს მინისა და ზეგამძლე პლასტმასისაგან არქიტექტორული შედევრები აეგოთ, მილიონობით ცათამბჯენს შორის, ძველთაძველი ბაროკოსა თუ როკოკოს სტილში აგებული შენობებიც იწონებდნენ თავს, რომლებიც თავისი ორიგინალურობით ანაქროიზმულ სულს აღვივებდნენ ქალაქში.
ანტიგრავიტომობილი ქალაქის კარიბჭეს მიადგა, ვენ-ტელუსის მაღალი ცათამბჯენები რომლებიც შორიდან ერთი ციდად მოჩანდა, ახლა გოლიათებად ქცეულიყვნენ, ფულერიტის დამცავი გუმბათი კი ქოლგასავით გადმოემხო მობილს თავზე.
ზღვაურმა ქალაქს დაფიქრებული მზერა სტყორცნა, დაინახა როგორ გამოცოცხლდა კარიბჭესთან დამონტაჟებული ფოტოელექტრული დარაჯები, ამუშავდა ქალაქის დამცავი ელექტრონული სისტემა და უშველებელმა ქვემეხებმა მისი მობილი მიზანში ამოიღო, შემდეგ ხმამაღალი წივილით ჩაირთო საგანგაშო საყვირი, გამჭვირვალე გუმბათს აჩრდილივით გამოეყო შავი ვერტმფრენი, რომელმაც ხმამაღალი გრუხუნით შემოუფრინა ქალაქს და მობილის თავთან გაუნძრევლად დაეკიდა.
- აი ჩვენი მასპინძლებიც, იმედია მტრულად არ შეგვხვდებიან, - ირონიულად ჩაილაპარაკა ლერიმ.
ვერტმფრენი რბილად დაეშვა ქალაქის წინ და მანქანას ქალაქისაკენ მიმავალი გზა მოუჭრა, ლერიმ ანტიგრავიტომობილი შეაჩერა, ჯერ გაოცებულმა გადახედა ტანიას, შემდეგ თვალები მოჭუტა და ვერტმფრენის ბირთვული რეაქტორებიდან წამოფრენილი ქვიშის ღრუბლების მიღმა ძლივს დაინახა, როგორ გადმოხტა კაბინიდან ვიღაც მაღალი, მდიდრულ კოსტიუმში გამოწყობილი, მსუქანი მამაკაცი და მათკენ გამოემართა.
- ნეტა ვინ უნდა იყოს? - თავისთვის იკითხა ლერიმ. თუმცა პასუხად ტანიას ხმადაბალი სიტყვები ჩაესმა.
- მაპატიე ძვირფასო, - რატომღაც მოიბოდიშა ქალმა.
ლერის ეუცნაურა ტანიას სიტყვები, მაგრამ მისკენ მიბრუნებაც ვერ მოასწრო, რომ ყურის ძირში მტკივნეული ჩხვლეტა იგრძნო, თვალწინ რაღაცამ გაიელვა, ანტიგრავი-ტომობილის კაბინა ოზონის სუნმა აავსო და საიდანღაც წარმოქმნილი აუტანელი ტკივილის გამო, გრძნობა დაკარგა... ის უღონოდ გადაემხო ანტიგრავიტომობილის წაგრძელებულ საჭეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent