შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„ვენერას ცრემლი“ - 7


13-09-2019, 00:05
ავტორი omexi
ნანახია 9 092

**********

გრძნობა რომ დაუბრუნდა, პირველად დიდრონი თაფლისფერი თვალები და გრძელი, შავი თმა დაინახა, - «აი თურმე როგორები ყოფილან ანგელოზები», - გაუელვა გონებაში, მაგრამ როდესაც ლამაზ «ანგელოზს» დააკვირდა, შეამჩნია, რომ საოცრად ნაცნობი სახე ჰქონდა, ხოლო როცა «ანგელოზმა» თავი გვერდზე მიაბრუნა და ხმამაღლა დაიძახა.
- დოქტორ არეს იგი გონზე მოვიდა.
ლერი ზღვაურმა მხოლოდ მაშინ შეიგრძნო: - კვლავ ცოცხალი იყო.
გონება დაძაბა, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა, ამიტომ ბედისწერას მინებებულმა ირგვლივ მიმოიხედა, აღმოაჩინა რომ თეთრად შეღებილ ოთახში წევს, ფუმფულა საწოლში, რომლის ქათ-ქათა ზეწარი ელექტროშუქზე თვალისმომჭრელად ბზინავს.
საწოლის კიდეში მსუბუქად ჩამომჯდარიყო ლამაზი «ანგელოზი», რომელიც მისკენ გადმოხრილიყო და მომხიბვლელად უღიმოდა, ზღვაური გაოცებული მისჩერებოდა, ბოლოს რაღაც გაურკვეველი ძალით ფუნქციადაკარგულ გონებაში, უსუსური აზრი ჩაესახა, მან იცნო «ანგელოზი»... ეს ხომ ტანია იყო... მისი საყვარელი ტანია, მშვენიერი ტანია.
- ტანია, - ძლივს წარმოსთქვა ქალის სახელი და მოკუმული ტუჩები ოდნავმა ღიმილმა შეუთრთოლა.
ქალი მისკენ დაიხარა და ნაზად ეამბორა შუბლზე.
- სად ვარ? - იკითხა ლერიმ, მას ჯერ ისევ სჯეროდა, რომ ტანიას სახით მოვლენილი «ანგელოზს» ერთადერთი სიტყვა დასცდებოდა... «საიქიოში».
მაგრამ «ანგელოზმა» თავი წამოუწია და ესოდენ ნაცნობი, ჟღურტულა ხმით მიუგო.
- ქალაქ ვენ-ტელუსის სამედიცინო ცენტრში.
ლერიმ ყრუდ ამოიოხრა, მხოლოდ ახლა შეიგრძნო თუ რაოდენ დასუსტებულიყო, ტკიოდა მთელი სხეული, ტეხდა სახსრებში, გაოცება არ გამოუხატავს, უბრალოდ თვალები მოხუჭა და მოკლედ იკითხა.
- უკვე ქალაქში ვიმყოფებით?.
- დიახ ძვირფასო, - ღიმილით უპასუხა ტანიამ და ხელი მსუბუქუდ გადაუსვა თავზე.
- ბატონო ლერი თქვენ უკვე ნახევარი საათია რაც ვენ-ტელუსის ტერიტორიაზე ხართ, - მოულოდნელად ოთახში ვიღაცის ბოხი, ბუბუნა ხმა გაისმა.
ზღვაურმა მძიმედ წამოსწია თავი, ოთახში ტანიას გარდა კიდევ ერთი იდგა, მაღალი, მსუქანი მამაკაცი, რომელსაც სქელი ულვაში და ჭაღარა თმა ამშვენებდა, უცნობი ზურგსუკან ხელებდაწყობილი ნელა დააბიჯებდა ერთი კუთხიდან მეორე კუთხისაკენ.
ლერის წამით გონება გაუბრწყინდა თვალწინ ამოუტივტივდა ერთხელ ნანახი ფოტოსურათი, შემდეგ თავი დამაჯერებლად დაიქნია, - «დიახ რა თქმა უნდა, ის არის», - გაიფიქრა, შემდეგ ნერვულად ჩაიცინა და გულმოსულმა ხმადაბლა ჩაისისინა.
- დოქტორ არეს სერა?
- გამოიცანით, ბატონო, - მსუქან მამაკაცს სახე გაებადრა, ლერისკენ გადაიხარა, - მოხარული ვარ თქვენი ნახვით.
- მე კი პირიქით ეშმაკმა დალახვროს... მეზიზღებით, - ლერი არაადამიანური სისწრაფით წამოიწია საწოლიდან და არეს სერას საყელოში სწვდა, - წყეულიმც იყავით თქვენც და თქვენი «ვენერას ცრემლი».
- დაწყნარდით ჩემო ძვირფასო, - არეს სერამ ლერის ხელები საყელოდან მოიცილა და უკან გადგა, - თქვენთვის ამჟამად მკვეთრი მოძრაობების გაკეთება რეკომენდებული არ არის, თქვენი თავის ტვინი საკმაოდ ძლიერი ელექტროფსიქოტროპული შეტევის ობიექტი აღმოჩნდა, ამიტომ მოერიდეთ ძალების უაზრო ხარჯვას.
- ჯანდაბამდეც გზა გქონიათ, - ლერიმ კბილებში გამოსცრა.
- ჩვენ კი საზოგადოება «დამსჯელების» წევრები, თქვენსავით არ ვფიქრობთ, - არეს სერამ ხელები ზურგსუკან შემოიწყო, - პირიქით გიფრთხილდებით კიდეც... სწორედ «ინტელექტუალთა» ზედმეტი სიფრთხილის წყალობაა, ასე მოულოდნელად რომ აღმოჩნდით ქალაქ ვენ-ტელუსში.
- რაღაც ვერ გაგიგეთ, - ლერი საწოლზე წამოჯდა და არეს სერას მრისხანე მზერა მიაპყრო.
- თქვენთვის ჯერ-ჯერობით ბევრი რამ არის გაუგებარი, - არეს სერამ სქელი, კოტიტა თითებით ჯაგრისივით ულვაში ჩამოივარცხნა, - ბევრი გაოცება და ბევრი რამის შეცნობა მოგიწევთ, - ის ტანიას მიუბრუნდა, - ძვირფასო სოი, - საზეიმო ტონით წარმოსთქვა, - გაარკვიე ყველაფერში ბატონი ლერი და ნახევარ საათში სათათბირო ოთახში გამოცხადდით, ბოლოს და ბოლოს მთელ პროექტს დაწვრილებით დავგეგმავთ, ბატონი ლერის დახმარებით უკვე გაგვაჩნია ამის საშუალება: «ვენერას ცრემლი», - არეს სერა თავის დაკვრით გამოეთხოვა ლერის და ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ ზღვაურის გაოცებულმა სახემ აიძულა გადაწყვეტილება შეეცვალა.
ლერიმ მამაკაცს დაბნეული მზერა მოაშორა და ამჯერად კითხვით აღსავსე თვალები ტანიას მიაპყრო.
- სოი? - მრავალმნიშვნელოვანი ტონით იკითხა მან, - როგორ გავიგო ეს ტანია?
ქალს ხმა არ ამოუღია, სამაგიეროდ კარის ზღურბლთან მდგარმა არეს სერამ გასცა პასუხი.
- მგონი ცოტას ხვდებით რაშიც მდგომარეობს საქმე, ამიტომ აჯობებს ახლავე შევეშვათ დამალობანას, - მძიმედ, სვენებ-სვენებით წარმოსთქვა მან, - ქალს, რომელსაც თქვენ ტანიას სახელით იცნობთ, სინამდვილეში სოი ფი ჰქვია, ის ვენერას მოქალაქე და საზოგადოება «დამსჯელების» ოპერატიული აგენტია.
ლერიმ გაოცებიდან პირი დააღო, ოპერატიული აგენტი: - ესე იგი სპეცსამსახურების მიერ განსაკუთრებით მომზადებული მუშაკი, რომელსაც მტრულ გარემოში ოპერატიულად შეუძლია მოქმედება, თავდაცვაც შესანიშნავად ეხერხება და თავდასხმაც.
ლერის მწარედ ჩაეცინა, ყოველთვის ეგონა, რომ ტანია სუსტი და უსუსური იყო, სინამდვილეში კი... უეცრად თვალწინ ერთი სურათი დაუდგა, როცა ქალმა მის სახლში დაუკითხავად შეპარული დაქირავებული მკვლელი განგმირა, მაშინ შესანიშნავად ითამაშა შეშინებული ქალის როლი, ამაში ახლა დარწმუნდა, რადგან შეშინებული ადამიანი მკვლელს აუცდენლად ვერ ჩააჭედებს ტყვიას მკერდში.
მერე ისიც გაიხსენა, ვირტუოზულად რომ მართავდა ფურგონს და ოსტატურად იტოვებდა უკან მდევრებს, სინანულით გადააქნია თავი, მაშინვე უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ ყველაფერში სპეცსამსახურების ხელი ერია, როგორ გამორჩა მხედველობიდან ეს ნიუანსი?
ხმამღლა ამოიოხრა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არეს სერას ბოხ ხმაზე წარმოთქმულმა სიტყვებმა აიძულა გაჩუმებულიყო.
- ქალბატონი სოი ერთ-ერთი საუკეთესო ოპერაგენტია, სპეციალური საბრძოლო მომზადებასთან ერთად, საკონტროლო ობიექტზე ფსიქოლოგიური მანიპულაციის საბაზო კურსებიც აქვს გავლილი, თუმცა მისი მთავარი კოზირი გარდასახვის არაჩვეულებრივი ნიჭია, რაც არაერთხელ დაგვხმარებია გაჭირვების ჟამს, - არეს სერამ სოის მადლიერად შეჰღიმა თვალებში, - ალბათ გახსოვთ გრეგორების გახმაურებული საქმე, ის სწორედ სოის წყალობით გავხსენით, რომელიც რამდენიმე თვე ბანდაში გახლდათ ჩანერგილი.
ლერის გონება ერთბაშად ვერ იტევდა ამდენ ინფორმაციას, მაგრამ მაინც შეძლო გაეხსენებინა, დედამიწიდან არარეგალურად მიგრირებული ფანატიკოსი ძმების მიერ მოწყობილი აფეთქებების სერია, რომელმაც მარსსიტი მთელი წლის განმავლობაში უპატრონო საფლავების კერად აქცია.
მაშინ ყველა საინფორმაციო გადაცემა უცნობ ინფორმატორზე ლაპარაკობდა, რომელმაც ბოლო მოუღო ძმების თარეშს, ლერიმ გაოცებულმა ახედა მის წინ მდგარ ქალს, რომელსაც თითქმის ნახევარი წელი ხვდებოდა, ეგონა სრულყოფილად იცნობდა, სინამდვილეში კი მის შესახებ არაფერიც არ იცოდა: - ვინ იყო ეს ქალი? სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტი თუ გმირი? რა დარჩენოდა დედამიწაზე? ან რა მიზეზით დაუახლოვდა მას? ლერი ხვდებოდა, რომ ამ გაუთავებელ შეკითხვებს ერთ მიზნამდე მიჰყავდა, «ვენერას ცრემლი» პირდაპირ კავშირში იყო ყველაფერთან, როგორც საზოგადოება «დამსჯელებთან» ასევე გარდასახვების ოსტატ სპეცაგენტთანაც.
- ქალბატონი სოი დედამიწაზე საზოგადოება «დამსჯელების» დავალებით იმყოფება, - კვლავ საუბარს აგრძელებდა არეს სერა, - მის კომპეტენციაში შენზე თვალ-ყურის დევნება და შენი პიროვნების კონტროლირება შედიოდა...
ლერიმ მოულოდნელად გააცნობიერა, რომ ადამიანი რომელთანაც ნაზი გრძნობები აკავშირებდა, სინამდვილეში ერთ-ერთი უძლიერესი სპეცსამსახურების მიერ დაკისრებულ დავალებას ასრულებდა, ამიტომ ქალს შეუბღვირა და დაბოღმილმა ჩაისისინა.
- მჯაშუშობდი?
- ეს საკმაოდ უხეში სიტყვაა, - პროტესტი განაცხადა ქალმა.
- სრულიადაც არა ძვირფასო... ზედგამოჭრილია, - ლერიმ თავი ნაღვლიანად გადააქნია, მოულოდნელად ის ბრაზმა მოიცვა, როგორც ხშირად ემართება მოტყუებულ ადამიანს, - ნუთუ ის მხურვალე სიყვარული ჩვენს შორის მხოლოდ მოჩვენებითი იყო? ნუთუ ის სასიყვარულო ვნების აღმძვრელი სიტყვები, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით წარმოითქმებოდა? - ლერი საწოლიდან წამოდგა და ქალს თვალებში მიაცქერდა, იგი ახლა მისთვის შორეული და მიუწვდომელი გამხდარიყო, იდგა შუბლშეკრული და ტუჩებმოკუმული.
არეს სერა თვალებმოჭუტული შეჰყურებდა ამ სცენას, შემდეგ სქელი ულვაში კოტიტა თითებით ჩამოივარცხნა და ქალს აგდებული ტონით მიმართა.
- სოი ძვირფასო, როცა ბოლოს და ბოლოს თქვენს გრძნობებში გაერკვევით, სათათბირო ოთახში გამოცხადდით და გთხოვ ვალდებულებებს, პირად ურთიერთობებში ნუ აურევ, - ბოლო სიტყვები გამოკვეთილად წარმოსთქვა, ქუსლებზე შეტრიალდა და ოთახიდან დარბაისლური ნაბიჯით გავიდა.
როცა მარტო დარჩნენ, რამდენიმე წუთი უტყვად უმზირეს ერთმანეთს, შემდეგ ჯაშუში ქალის მრავალწლიანი წვრთნიდან გამოწრთობილ ბუნებას, წუთით მამაკაცთან ერთად გატარებულმა გრძნობებმა სძლია, გული მოულბო, ლერის მიუახლოვდა, ბეჭზე ნაზად შეეხო და მომნუსხველი ხმით ჩაილაპარაკა.
- მაპატიე ლერი, მაპატიე ძვირფასო, მაპატიე მოტყუებისთვის, ბევრჯერ გამითამაშებია შეყვარებული ქალის როლი, თუმცა არასდროს დამიყენებია გრძნობები სამსახურზე წინ, ახლა არ ვიცი რა დამემართა, გეფიცები მართლა მიყვარხარ, არ მეგონა თუ ასეთ სერიოზულ ძვრებს მოახდენდა ჩემში ეს დავალება, არ მეგონე თუ შემიყვარდებოდი... მაგრამ, - ტანია ზღვაურს ცივად მოშორდა, თავი დაბლა დახარა და ხმადაბლა დაუმატა, - მაგრამ ახლა სიყვარულის დრო არ არის.
ლერი უხმოდ უმზერდა, ხანდახან გაწბილებული გადააქნევდა ხოლმე თავს და საკუთარ მიამიტობაზე ბრაზი მოსდიოდა, როგორ მოტყუვდა? ბრმად მიენდო ლამაზი ქალის მომხიბვლელობას
- ძალიან კარგი, - მხრები აიჩეჩა მან, - მაშინ, კეთილი ინებე და ყველაფერში გამარკვიე.
- რა თქმა უნდა ძვირფასო, მე ყოველთვის მომწონხარ, როცა ასეთ ოფიციალურ ტონს იღებ ხოლმე, - ტანიამ მომხიბვლელად გაიღიმა, - მაშ ასე... პროექტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ, ზუსტად ხუთი წლის წინ ჩაისახა და მოევლინა კიდეც ქვეყნიერებას, საზოგადოების ინჟინრებმა პროექტის განსახორციელებლად პირველი ნაბიჯი გადადგეს, ხმელთაშუა ზღვის მახლობლად ფულერიტის ზემყარი გუმბათით შეჯავშნული ქალაქი ვენ-ტელუსი გააშენეს: - ეს იყო ახალშობილის პირველი ნაბიჯი, მეორე ნაბიჯი კი თავად შენ იყავი ერთადერთი დედამიწელი მოკავშირე, საზოგადოების ანალიტიკოსებმა თავიდანვე აღმოგაჩინეს, ადამიანი, რომელიც უკმაყოფილო იყო დედამიწის დღევანდელი მდგომარეობით და თანამზრახველად ჩაგთვალეს. თანამგზავრული სათვალთვალო სისტემებით თვალ-ყურს გადევნებდნენ, მინიატურული ჯაშუში ჩიპებით ისმენდნენ სატელეფონო საუბრებს, ინიშნავდნენ ყოველ ნაბიჯს, სწავლობდნენ ყოველ ჩვევას, საზოგადოების ჰაკერებმა მოახერხეს შენს კომპიუტერში შემოძრომა, საკმაო ინფორმაცია შეაგროვეს, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა, რადგან «ინტელექტუალებისთვის» მაინც ამოუცნობი იყავი, ამიტომ ზემდგომმა ორგანოებმა, შენი პიროვნების შესწავლა პროფესსიონალ ოპერატიულ აგენტს, ესე იგი მე მომანდო... - ტანიამ თავი თავმომწონედ აიქნია და ღიმილით განაგრძო, - გარდასახვა გამიჭირდა მეთქი ვერ ვიტყვი, რადგან უარესი როლებიც მომირგია: მეძავიც ვყოფილვარ, პირადი დაცვის უფროსიც, წამალს გადაყოლილი ნარკომანიც, მხატვარი ავანგარდისტიც და შენ წარმოიდგინე დამწყები კლასის პედაგოგიც კი, - ქალი დადუმდა, ალბათ ნეტარებით გაიხსენა მისი ყველა როლი და მხოლოდ რამდენიმეწამიანი დუმლის შემდეგ განაგრძო, - მაშინ გაცილებით მარტივი მისია მეკისრა, რადგან ქარაფშუტა ტანიად გადაქცევა არ იყო რთული, ზერელედ გავიარე ეგზოტიკური ცეკვების სწრაფი კურსი და ოსტატურად მოვახერხე შენთან დაახლოვება, გამუდმებით ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იყავი მოქცეული და ჩემგან გაგზავნილი ინფორმაციის წყალობით «დამსჯელების» ანალიტიკოსებმა, შენი ფსიქოლოგიური პორტრეტი შექმნეს, გაირკვა, რომ ხარ მეოცნებე, თანამედროვეობაზე ხელჩაქნეული ადამიანი, ძალიან გინდა შეცვალო დედამიწის დღევანდელი რეალობა, მაგრამ როდესაც ხვდები რომ უძლური ხარ, ნოსტალგიას განიცდი, მისტირი ძველ დროს, მე-20 საუკუნეს, შეპყრობილი ხარ ამ საუკუნეთი ისე რომ თავადაც ვერ გრძნობ, შენს გრძნობებს სიძველისადმი ტრფობაში რომ კლავ.
სოი ფი, ტანია თუ ღმერთმა იცის კიდევ ვინ წამით დადუმდა, ლერი მიხვდა, რომ ეს ლამაზი ქალი მისთვის ნამდვილი გამოცანა იყო, ადრე უდარდელი და ყურებამდე შეყვარებული, ახლა კი საქმიანი და ძლიერი, რომელიც სრულ სიმართლეს ლაპარაკობდა, ლერი ხვდებოდა რომ თანამედროვეთაგან განსხვავებით, მოძველებული ტიპი იყო, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია ყოველივე.
- შენ ხშირი სტუმარი იყავი კაფე «მეოცე საუკუნისა», - საუბარი გააგრძელა ქალმა, - იქ მხოლოდ და მხოლოდ მეოცე საუკუნის დროინდელი გარემო გიზიდავდა, უსმენდი მეოცე საუკუნისეულ მუსიკას, სვამდი ძველ ჯინს, ბინაც კი მეოცე საუკუნის დროინდელი ავეჯით გქონდა გაწყობილი, ვერ იტანდი თანამედროვეობას, ყელში ამოგივიდა სისხლიანი ომები მაფიოზუდ დაჯგუფებებს შორის, გული გაგიწყალა მეძავების, მათხოვრების და ნარკომანების გაუთავებელმა ყიალმა ჩაბნელებულ ქუჩებში, გძულდა დედამიწა რადგან ზნეობა იქ ნულს ქვემოთ დაეცა, აღმერთებდი მარსს და ვენერას და შენთვის უფლება რომ მოეცათ, დიდი სიამოვნებით მიატოვებდი დედამიწას, ოღონდ წასვლის წინ სულ ერთიანად გადაბუგავდი აქაურობას.
ლერიმ ყურადღება მიაქცია თუ როგორ გამომცდელად მიაცქერდა ქალი თვალებში და პირველად ისიც კი გაიფიქრა... «ტელეპატი ხომ არ არისო»... რადგან დაუფარავად გაიგო მისი ნაფიქრალი, მას მართლაც სძულდა დედამიწა, რამდენჯერმე სცადა ამ სიძულვილისგან თავი დაეღწია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ის მწყობრიდან გამოჰყავდა დუჟმორეულ ფსიქოპატებს, დაკონკილ მაწანწალებს და მდიდრულად ჩაცმულ მაფიოზებს, რითაც ყოველთვის სავსე იყო ღარიბი კვარტლები, ლერი ალბათ დიდი სიამოვნებით მოგუდავდა დედამიწას, საკუთარი ხელებით მოაშთობდა ჯოჯოხეთად ქცეულ სამოთხეს, მაგრამ ძალა არ შესწევდა და ყოველთვის ბრაზი მოსდიოდა საკუთარ თავზე, ახლა კი ერთბაშად გადასხვაფერებულმა ტანიამ რატომღაც დაამშვიდა მისი აფორიაქებული გონება.
- და საზოგადოების წევრებმა, - ტანიამ დამარცვლით წარმოსთქვა, - თანამზრახველთა სიაში შეგიყვანეს, შენ პროექტის ეგრეთწოდებული სათადარიგო გეგმა იყავი, რომლის გამოყენებაც მოგვიხდა, ასე რომ «ინტელექტუალები» არაფერში არ შემცდარან, შენ შესანიშნავად გაართვი თავი დავალებას.
- მაინც ვერ გავიგე რაზე ლაპარაკობ ტანია, - ლერიმ უხეშად აიქნია ხელი, - მე არავის დავალებას არ ვასრულებდი, - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მოუსვენრად, - და გამაგებინე რა ჯანდაბის პროექტზეა საუბარი.
- ახლავე აგიხსნი ყოველივეს, - სოი ფიმ თვალები დაფიქრებით მოჭუტა, - პროექტის მთავარი კვანძი ერთი კვირის წინ შეიკრა, როცა საზოგადოების ფიზიკოსებმა, ლაბორატორიულ პირობებში ბოლომდე შეუსწავლელი თვისებების მქონე ჰიპერმეტრიული რადიოიმპულსი გამოიყვანეს, რომელსაც პირდაპირი გარკვეულხნიანი ბომბარდირების შემდეგ შეეძლო «ვენერას ცრემლის» კრისტალური სტრუქტურის დაშლა და მისი კრიოგენულ აირად ქცევა. სწორედ ეს აღმოჩენა გახდა პროექტის ბოლო გამართული ნაბიჯი, რომლის შემდეგ «ინტელექტუალებს» პროექტის განსახორციებლად უკვე «ვენერას ცრემლი» სჭირდებოდათ, ამიტომ საზოგადოების დავალებით დედამიწაზე საიდუმლოდ ჩანერგილი ძველი აგენტი გააქტიურდა, მას კომპანია «გალაქტიკ მინერალზის» საცავიდან კრისტალი უნდა გამოეტანა, მაგრამ გაირკვა, რომ კომპანია «გალაქტიკ მონერალზი» სხვა არაფერია თუ არა შესანიშნავად შენიღბული ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც კომპანიის ემბლემის ქვეშ იმალება, მათ ხარჯზე უკვე ათობით ტერორისტული აქტი მოდიოდა. კომპანიას შექმნილი ჰქონდა რამდენიმე საიდუმლო ლაბორატორია სადაც დედამიწის საუკეთესო ქიმიკოსები და ფიზიკოსები «ვენერას ცრემლის» კრიოგენულ აირად აქტივირებაზე მუშაობდნენ, სურდათ ამ ორიგინალური იარაღით მოემარაგებინათ ტერორისტული ორგანიზაცია, მაშინ კი ცუდი დღე დაუდგებოდა მზის სისტემას. ალბათ იცი ლერი, რომ «ვენერას ცრემლის» კრისტალი მაქსიმალურად შეკუმშული კრიოგენული აირია, მისი გაშლის შემთხვევაში გარკვეული ტერიტორია შეიძლება ათასობით გრადუს ყინვაში მოექცეს, რაც ყოველი ცოცხალი არსების სიკვდილს გამოიწვევს, ის ეგრეთწოდებული «კრიოგენული ბომბია», სწორედ ამდაგვარი ბომბების შექმნაზე მუშაობდნენ კომპანიის ლაბორატორიებში. საბედნიეროდ საზოგადოების აგენტმა დროზე მიიღო ეს ინფორმაცია, მან კომპანიის საიდუმლო საცავიდან კრისტალი გამოიტანა, მაგრამ «გალაქტიკ მინერალზმა» მკვლელები მიუსია. აგენტმა როდესაც იგრძნო საქმეს ცუდი «სუნი» ასდიოდა, მოგძებნა, შენ ხომ პროექტის სათადარიგო გეგმა იყავი და რადგანაც «ინტელექტუალები» შენზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, სიკვდილის წინ «ვენერას ცრემლი» გადმოგცა.
ლერიმ დაბნეულმა მოიკვნიტა ტუჩი.
- აი ეს მესმის, - თავისთვის ჩაიბურტყუნა და უდარდელი კაცივით დაუსტვინა.
- მოგვიანებით კი პროცესში მეც ჩავერთე, - ტანიამ ლერის მკაცრი სახით შეხედა და სერიოზული ტონით განაგრძო, - ზემდგომი ორგანოების ბრძანებით საშუალება მომეცა, ჩემი პირველადი დავალება, ესე იგი შენი პიროვნების კონტროლირება შემეწყვიტა და პროექტის მთავარი მოქმედი წევრი გავმხდარიყავი. თავიდანვე მოვახერხე ორიგინალი «ვენერას ცრემლის» დუბლიკატით შეცვლა, რათა შემთხვევით კრისტალს საფრთხე არ შექმნოდა, შემდეგ კი პატარა ფსიქოლოგიური სცენების მოწყობით, მოვლენების ცენტრში აღმოვჩნდი და გაიძულე ქალაქ ვენ-ტელუსისაკენ წამოვსულიყავით, სადაც არეს სერა გველოდა. ქალაქის მისადგომებთან კი ელექტროფსიქოტროპული იმპულსატორის წყალობით შენი პიროვნება სრულად კონტროლირებადი გავხადე, რათა ზედმეტად დასმული შეკითხვებით თავი არ შეგეწყინა «დამსჯელებისთვის», სანამ ისინი ყოველივეს არ მოაგვარებდნენ და თავად არ ისურვებდნენ შენს მიმდინარე პროცესებში ჩართვას.
ზღვაურმა თვალები ეჭვიანად მოჭუტა, ნელ-ნელა გაიხსენა, როგორ დაკარგა გონი ქალაქ ვენ-ტელუსის მისადგომებთან, შემდეგ მწარედ ჩაიცინა და ტანიას გახედა, მას ყოველთვის სჯეროდა რომ ზედმიწევნით შეეძლო ადამიანის ხასიათის გამოცნობა, მაგრამ თურმე სასტიკად ცდებოდა.
ლერიმ ხელი ჩაიქნია.
- ეს იყო მთელი პროექტი? - მხრების აჩეჩვით იკითხა, - ახლა არ მითხრა ტანია ძვირფასო, პირნათლად შესრულებული სამუშაოსთვის უნდა დაგაჯილდოვოთო.
ქალმა ლერის სიტყვებზე ხმამაღლა გადაიკისკისა.
- არა ლერი ჯილდო შემდეგისთვის იყოს, რადგან პროექტის მთავარი დამაგვირგვინებელი ნაწილი, ჯერ ისევ წინაა, - ქალმა შავი თმა აიჩეჩა და დინჯად ჩაილაპარაკა, - რადგან მთელ პროექტში დაწვრილებით უნდა გაგარკვიო, ცოტა წარსულსაც გადავავლოთ თვალი... მაშ ასე... 65 000 000 წლის წინ დედამიწაზე გამყინვარება მოხდა, რამაც დედამიწაზე იმ დროს გაბატონებული გიგანტური ქვეწარმავალები მოსპო. გამყინვარება განსაკუთრებულმა მეტეორიტის ვარდნამ გამოიწვია, მეცნიერებმა ბევრი კვლევისა და ძიების შემდეგ დაადასტურეს, რომ მეტეორიტის შუაგულში კრიოგენულმა აირი იყო ჩაკრისტალებული, ატმოსფეროს მკვრივ ფენებთან შეჯახებისას მეტეორიტი დაიშალა, კრისტალი კი გაურკვეველი პროცესების შედეგად აირად იქცა და დადგა გამყინვარების ხანა, რომელიც ასობით წელი გაგრძელდა, - სოი ფიმ ნელა გაიარ-გამოიარა, - ასტრონომების გამოთვლით, მაშინ მზის სისტემა კრიოგენული მეტეორიტების განსაკუთრებულ წვიმაში მოხვდა, მეტეორიტი ჩამოვარდა მარსზე, რომელზეც ახლაც არის შემორჩენილი ამის დამადასტურებელი საბუთები, მარსის პილარული ქუდები და ვენერაზეც...
- ნუთუ «ვენერას ცრემლი»? - გაოცებულმა ლერიმ სიტყვა შეაწყვეტინა ქალს.
- დიახ ლერი, - თავის მხიარული დაკვრით დაეთანხმა ტანია და თხრობა განაგდძო, - თუმცა ვენერას ზედაპირზე დაცემისას მეტეორიტი დაშლას გადაურჩა, ამის მიზეზი კი საზოგადოების გეოლოგების აზრით, პლანეტის ასაკი იყო, ვენერა მაშინ ძალიან ახალგაზრდა გახლდათ, ირგვლივ საკმაოდ თხელი ატმოსფეროს გარსი ეკრა, ამიტომაც ვერ მოახერხა მან მეტეორიტის დაშლა, ხოლო «მტირალა ველი» სადაც «ვენერას ცრემლი» იპოვეს, მაშინ მეტეორიტის ჩამოვარდნის დროს, ესე იგი 65 000 000 წლის წინ უზარმაზარი ჭანჭრობი იყო.
- გამოდის რომ «ვენერას ცრემლი» საკმაოდ საშიში რამ არის, - ლერიმ ფილოსოფოსის ტონით ჩაილაპარაკა, - თუკი შემთხვევით მისი კრისტალური სტრუქტურა აირად დაიშლება, დედამიწაზე გამყინვარება დაიწყება და თქვენც სწავლულ არამზადათა ბანდა იცავთ დედამიწას გამყინვარებისაგან, - ლერიმ, ტანიასკენ ხელი გაიშვირა და ინტერესით დაუმატა, - ხომ ასეა ძვირფასო?
- თითქმის, - ქალი კედელს ზურგით მიეყრდნო, - ოღონდ ერთი განსხვავებით, ჩვენ «ინტელექტუალები» გამყინვარებისგან დედამიწას კი არა, ვენერასა და მარსს ვიცავთ.
- ეს როგორ? - ლერიმ უაზროდ იკითხა.
- სულ უბრალოდ, - სოი ფი ზღვაურს მიუახლოვდა, - პროექტის მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ «ვენერას ცრემლი» დედამიწაზე უნდა გადაიქცეს კრიოგენულ აირად, რის შემდეგაც დედამიწა მთელი თავისი საშინელებებით სასიკვდილოდ გაიყინება.
- რაო? - ზღვაურმა ისე ხმამაღლა დაიყვირა, რომ საკუთარმა ხმამ შეაკრთო.
- 65 000 000 წლის შემდეგ, დედამიწაზე ისევ დადგება გამყინვარება, ოღონდ ამ განყინვარებას ჩვენ «ინტელექტუალები» გამოვიწვევთ, - ტანიამ დამარცვლით წარმოსთქვა, შემდეგ გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ კარის ზღურბლთან შედგა და ლერის მიმართა, - შენი დახმარებით ლერი, - ამ სიტყვების შემდეგ მკვეთრად მიტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
ზღვაური კი დარჩა მარტო საკუთარ ფიქრებთან, შეძრწუნებული მაგრამ თითქოს კმაყოფილიც, მოულოდნელად ყველაფერს მიხვდა, მიხვდა თუ რაოდენ საჭირო იყო დედამიწისთვის «ვენერას ცრემლი», დროზე უნდა ამოეძირკვათ სარეველა თორემ სულ მოკლე ხანში მხვიარა ბალახივით მოედებოდა მარსსა და ვენერას დედამიწიდან არალეგალური გზით ლტოლვილი ნარკომანები, მეძავები, ქურდ-ბაცაცები, ფსიქოპატები, ჩამოაყალიბებდნენ: - მაფიოზურ სინდიკატებს, ტერორისტულ ორგანიზაციებს, გაჩნდებოდნენ ნარკო-ბიზნესის მაგნატები, განგსტერული ოჯახების მამები, შეშლილი სერიული მკვლელები.
ნელ-ნელა გავრცელდებოდა ბოროტების თესლი და მარსიც და ვენერაც დროთა განმავლობაში დედამიწას დაემსგავსებოდა, ამიტომ დროზე უნდა ეშველათ ჭირისათვის, ბუდეში ჩაესრისათ გველი, სანამ გაიზრდებოდა, მოძლიერდებიდა და პირიქით გადასანსლავდა მათ.
დედამიწა სასიკვდილოდ იყო განწირული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent