შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„ვენერას ცრემლი“ - დასასრული


14-09-2019, 18:10
ავტორი omexi
ნანახია 835

**********

თათბირი უზარმაზარ ოთახში შედგა. ფანჯრებზე სქელი, ხავერდოვანი ფარდები ეკიდა, ბუნდოვანი ვარდისფერი შუქი კი ძლივს ანათებდა ოთახში მყოფთა სახეებს.
უზარმაზარ, ბუმბულა სავრძლებში ოთხნი იჯდნენ. ლერი, სოი ფი, დოქტორ არეს სერა და სუფთად გაპარსული, ოდნავ ჩასუქებული შავგვრემანი მამაკაცი, რომელსაც იატაკამდე დაშვებული გრძელი, თეთრი ანაფორა ემოსა და ბეჭებზე ლურჯი ჯვრებით მოხატული, თეთრი მანტია მოესხა. ეს უკანასკნელი როგორც არეს სერამ ლერის წარუდგინა, სრულიად მზის სისტემის კათალიკოს-პატრიარქი მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მიქაელ-იაკობ ფობოსელი გახლდათ.
სრულიად მზის სისტემის ქრისტიანულ ეკლესიათა ავტოკეფალიის რეზიდენცია, დიდი ხანია რაც მარსის ბუნებრივ თანამგზავრზე ფობოსზე გახლდათ მოთავსებული, ამიტომ სრულიად მზის სისტემის ყველა კათალიკოს-პატრიარქი «ფობოსელად» იწოდებოდა. ეს გამოთქმა დროთა განმავლობაში დამკვიდრდა ქრისტიქნულ ლექსიკონში და შეცვალა გამოთქმა - პაპი.
- მაშ ასე «ინტელექტუალებო», - ოთახში ჩამოწოლილი სიჩუმე არეს სერამ დაარღვია, ის ნელა წამოდგა ფეხზე და ოთახში მყოფთ მედიდურად გადახედა, - ბატონი ლერი ზღვაურის დახმარებით, კვლავ ვფლობთ «ვენერას ცრემლს», ამიტომ შეგვიძლია შევუდგეთ საქმიანობას.
- მე შვილნო ჩემნო, მოხარული ვარ თქვენი გადაწყვეტილებით, - კათალიკოს-პატრიარქმა მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და ხელები გულზე დაიკრიფა, - რადგან იოანე ამბობს... «თაყვანი სცეს გველეშაპს, რადგან ხელეწიფება მისცა მხეცს, თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ, ვინ არის ამ მხეცისთანან და ვის ძალუძს მასთან შებრძოლება»... - მიქაელ-იაკობი წამით დადუმდა, შემდეგ კი ღვთიური ხმით განაგრძო, - დედამიწელებმა ზურგი შეაქციეს მაცხოვარს, ისინი სატანას ეთაყვანებიან, ქედს იხრიან მის წინაშე, ჩვენ კი ვიქნებით პირველნი ვინც სატანას შეებრძოლება.
- ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას დედამიწის და დედამიწელთა წინააღმდეგ, - სოი ფიმ წკრიალა ხმით ჩაილაპარაკა, ლერიმ შეამჩნია რომ მას არაფერი შემორჩენოდა ადრინდელი ტანიასაგან, გამოცვლილიყო, - მაგრამ ეს ბრძოლა ერთიანად როდი გაანადგურებს დედამიწის მოსახლეობას, - ქალის ხმაში ფოლადმა გაიჟღრიალა, - საზოგადოების ფსიქოლოგების მიერ დედამიწის 2 000 000 000 მოსახლეობიდან გამორჩეულია, იდეალური აღნაგობისა და არარაციონალური აზროვნების 1 000 000 ქალი და მამაკაცი, რომლებთაც ინფრა-ლაზერული ნეიროთერაპიის საშუალებით ჩაუკლეს სულის სიღრმეში მბჟუტავი აგრესიის ჰორმონი, ისინი უკვე სულ სხვა ადამიანები არიან, არა აქვთ ძალადობისკენ მიდრეკილება, არ გვანან თანამემამულეებს, ისინი ახალი დედამიწის მოქალაქენი გახდებიან, იცხოვრებენ მომავლის დედაქალაქში, ქალაქ ვენ-ტელუსში, რომელიც სწორედ სიცოცხლის განახლების მიზნით გააშენეს საზოგადოების ინჟინრებმა. იქ ადამიანები ფულერიტის გუმბათის საშუალებით თავდაცულნი იქნებიან გამყინვარებისაგან, უშფოთველად განაგრძობენ ცხოვრებას, გამრავლდებიან და ახალ დედამიწას, ახალ თაობებს მოუვლენენ, რომლებიც არაფრით დაემსგავსებიან თავიანთ წინაპრებს.
- დედამიწა, ახალ ცხოვრებას დაიწყებს, - ორაზროვნად წარმოსთქვა არეს სერამ.
- რა თქმა უნდა დედამიწა განახლდება, - სოი ფი გრაციოზულად წამოდგა, - არა მხოლოდ მოსახლეობის მშვიდობისმოყვარეობის მხრივ. ამას საზოგადოების ქიმიკოსები თავგამოდებით ამტკიცებენ, მათ «ვენერას ცრემლის» შემადგენლობაში განსაკუთრებული ნივთიერებები აღმოაჩინეს, რომლებთაც რადიაქტიური ნივთიერებების შთანთქმის უნარი შესწევთ. ასე განსაჯეთ ბატონებო, რამდენიმე ასეული წლის შემდეგ, როდესაც დედამიწა გათავისუფლდება კრიოგენული აირით გამოწვეული გამყინვარებისაგან, მაშინ დედამიწის ნიადაგი ყოველგვარი რადიაქტიური ნივთიერებებისაგან გაიწმინდება და განოყიერდება, მისი ატმოსფერო კი ყინულის კრისტალების ზემოქმედებით, ისეთივე მარგებელი გახდება, როგორიც პლანეტის ახალგაზრდობისას იყო.
- ნიადაგი კი ალბათ იმ 1 999 000 000 ადამიანის ხარჯზე განოყიერდება, რომლებიც ცოცხლად დასამარდებიან ყინულის სქელი ფენის ქვეშ, - სხვათაშორის შენიშნა ლერიმ.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ლერის სიტყვებმა საგონებელში ჩააგდო ადამიანები, «ინტელექტუალებს» სინდისი ქეჯნიდათ, უმძიმდათ ასეთი მძიმე დანაშაულის ჩადენა, დედამიწის ბედ-იღბლის გადაწყვეტა და მთელი ერის ერთი ხელის მოსმით განადგურება, შემდეგ სიჩუმეში მოულოდნელად კათალიკოს-პატრიარქის გალობისებური ხმა გაისმა, ის ლერის მიაცქერდა თვალებში.
- «თქვენ გსმენიათ უთქვამთ ძველებისათვის... არა კლა! ვინც მოჰკლავს სასჯელი თანმდები იქნება»... სახარება მათესი თავი მე-5, მუხლი 21-ე, - მიქაელ-იაკობი დადუმდა, შემდეგ კი მედიდურად დაუმატა, - დედამიწელები მკვლელები არიან, ჩვენ კი უბრალოდ მკვლელებს ვსჯით.
- დედამიწის დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკულია, - ენერგიული ხმით წამოიწყო არეს სერამ, - საზოგადოების პოლიტოლოგების აზრით, დედამიწაზე მეოთხე მსოფლიო ომის თავიდან აცილება შეუძლებელია, რაც კატასტროფულად იმოქმედებს მზის სისტემაზე, დედამიწა ამ ომში ავტომატურად მარსაც და ვენერასაც ჩაითრევს, ამიტომ დაიწყება ახალი ერა, კოსმოსური ომების ეპოქა, რაც დადებითს არაფერს მოგვიტანს. მე რა თქმა უნდა მარტო მარსის შეხედულებებს არ გიზიარებთ, არამედ სრულიად მზის სისტემის სახელით გელაპარაკებით და თან ჩვენს მოსაზრებებს ეკლესიაც ეთანხმება, - არეს სერა წამით დადუმდა, კათალიკოს-პატრიარქისკენ მიტრიალდა და დაბალი ხმით ჰკითხა, - ასე არ არის უწმინდესო და უნეტარესო?.
- ასეა შვილნო ჩემნო, - ბუტ-ბუტით წარმოსთქვა კათალიკოს-პატრიარქმა.
- დედამიწის ხელისუფლება კონტროლს ვერ უწევს საკუთარ მოსახლეობას, - არეს სერამ ისევ ენერგიულად განაგრძო, - მკვეთრად იმატა დანაშაულებებმა, დედამიწის თითქმის 99% მკვლელი, მძარცველი და მეძავია. ხელისუფლება უძლურია, მაგრამ ჯიუტი, არავის ანებებს შინაურ საქმეებში ჩარევას, არადა უფსკრულისაკენ მიექანება, ჩვენც ამ უფსკრულისკენ წაგვიყოლებს. ამიტომ მარსის, ვენერას, საპლანეტაშორისო ეკლესიათა ავტოკეფალიის და თვით დედამიწის რამდენიმე წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, დედამიწის მართვის სადავეები «დამსჯელებმა» უნდა აიღონ ხელში... ესე იგი ჩვენ, - არეს სერამ ოთახს თვალი მოავლო და მრისხანედ დაუმატა, - «ინტელექტუალების» პირველი და უმთავრესი გადაწყვეტილებაა ის, რომ მზის სისტემის უსაფრთხოების თვალსაზრისით, პირწმინდად განადგურდეს დედამიწის მოსახლეობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს ბოროტების კერა.
- ესე არს ნება უფლისა, - წარმოსთქვა კათალიკოს-პატრიარქმა, - ჩვენ კი შემოქმედის მახვილი ვართ, ჩვენ თუ არა ადრე თუ გვიან, სხვა გააკეთებს ამას, რამეთუ იოანე ამბობს... «როცა მეორე ბეჭედი გახსნა, ვიხილე, აჰა მოხდა დიდი მიწისძვრა, მზე გაშავდა როგორც ბალნის ძაძა და მთვარე მთლად სისიხლივით გახდა».
- დედამიწის მოსახლეობა ფსკერისაკენ დაეშვა, ძირგახვრეტილი ნავივით, - არეს სერამ მჭერმეტყველება მოიშველია, - აბა დაფიქრდით «ინტელექტუალებო» და გაიხსენეთ, ამ ერთი საუკუნის მანძილზე, დედამიწაზე თუ შექმნილა რამე ღირებული, თუ დაწერილა შედევრები, თუ გაჩენილან ვუნდერკინდები, თუ გაუოცებიათ მზის სისტემა ჭკვიან პოლიტიკოსებს და ბოლოს და ბოლოს თუ მოხიბლულხართ დედამიწური თანამედროვე მუსიკით... არა და არა... დედამიწა მხოლოდ ომებზე, კაცის კვლაზე და სისხლის ღვრაზე ფიქრობდა. ვენერა და მარსი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში აყვავების გზას ადგნენ, მაგალითად ავიღოთ თუნდაც ის, რომ პირველი ანტიგრავიტომობილი ვენერაზე გამოიგონეს, «მოციმციმე საგა» მარსელმა პოეტმა დაწერა, რომელიც ახლა მზის სისტემის ჰიმნია, ხოლო საპლანეტაშორისო ხელოვნური ენა ისევ მარსელმა პოლიგლოტმა შექმნა, მე არაფერს ვამბობ პოლიტიკოსებსა და მომღერლებზე, - არეს სერამ თითი ქარის წისქვილივით დაატრიალა, - და რას აკეთებდა ამ ხნის განმავლობაში დედამიწა?... თვლემდა?... არა ბატონებო ომობდა, კლავდა, წვავდა და ჰკუწავდა. დამიჯერეთ «ინტელექტუალებო» ჩვენი მხრივ ასეთი ურჩხული შებრალების ღირსი არაა.
- დედამიწა შერისხულია, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ შერისხა იგი, - კათალიკოსმა ნეტარი სახით წარმოსთქვა, - მისმა რისხვამ შეშალა დედამიწელები და ატომური ომებით საკუთარი თავის განადგურებას ცდილობენ. სავალალო მდგომარეობამდეა მისული დედამიწა... «ყოველი კუნძული გაიქცა და მთები აღარ იპოვებოდა»... გამოცხადება იოანე მოციქულისა თავი მე-17, მუხლი 20-ე, ატომური ომის წყალობით ყოველივე აღიგავა პირისაგან მიწისა, მაგრამ ბოროტება მაინც შემორჩა და ჩვენ უნდა დავამთავროთ უფლის დაწყებული საქმე, თავად ღმერთის საჩუქარით «ვენერას ცრემლით» დავუსვათ წერტილი.
- მაგრამ ასეთი ქმედება ხომ ბარბაროსობაა, ნუთუ თქვენ «ინტელექტუალებს» სინდისის გრძნობა საეთოდ არ გაწუხებთ? - ლერი ნერვული მოძრაობით წამოიმართა სავარძლიდან - დავიჯერო არ შეიძლება იმ საცოდავებს უბრალოდ ჩავუკლათ აგრესიის ჰორმონი, ინფრა-ლაზერული ნეიროთერაპიით?.
- ჩვენ მთელი კაცობრიობის ბედ-იღბალი გვაწუხებს შვილო ჩემო...
- რასაც ამბობთ ეს თითქმის შეუძლებელია ბატონო ლერი, - არეს სერამ მოწიწებით ჩამოართვა სიტყვა მიქაელ-იაკობს, - საზოგადოებას უბრალოდ ძალა არ შესწევს 2 000 000 000 ადამიანს ჩაუკლას აგრესიის ჰორმონი, პრიმიტიული არითმეტიკული გაანგარიშებების შედეგად ამ პროცესს ასობით წელი დასჭირდება, თანაც ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც არამზადა, რომელიც შეეცდება თავი აარიდოს ნეიროთერაპიას, რაც რა თქმა უნდა დიდ პრობლემებს შეგვიქმნის, ამიტომაცაა, რომ საზოგადოებამ პრიმიტიული, თითქმის პირველყოფილი გადაწყვეტილება მიიღო... დედამიწელები უბრალოდ უნდა განადგურდნენ.
- შეუწყნარებელი გადაწყვეტილებაა, - ლერი ისევ სავარძელში ჩაეშვა, გონებაში აზრები ერეოდა.
- ასე აჯობებს სრულიად მზის სისტემისთვის შვილო ჩემო, - კათალიკოს-პატრიარქი მედიდური სახით გადაიხარა ლერისაკენ, - რამდენიმე ასეული წლის შემდეგ კი აყვავებულ დედამიწაზე, განსხვავებული ჰუმანური ცივილიზაცია იარსებებს და არა აგრესიული.
- შენ ხომ წინააღმდეგი არა ხარ ლერი? რომ ითანამშრომლო ჩვენთან? - სოი ფიმ მომაჯადოებელი ხმით მიმართა ზღვაურს, ის მკაცრი და მიუკარება სწავლულიდან, კვლავ მოსიყვარულე ქალად ქცეულიყო.
ლერის წინ ისევ ძველებური ტანია იდგა, ქალი რომელიც უყვარდა და მის სიყვარულს იზიარებდა.
- რა თქმა უნდა არა, - ზღვაურმა მხრები აიჩეჩა, - პირიქით მე მძულს ეს პლანეტა, აქ სიმწარის მეტი არაფერი გადამიტანია, მხოლოდ ტანიამ გაამრავალფეროვნა ცოტა ხნით, ჩემი რუხი წუთისოფელი, - ლერი ინტერესით მიაცქერდა მის წინ მჯდომ ქალს და თავის კანტუნით განაგრძო, - თუმცა ბოლო ხანს მანაც გამიწბილა იმედები, - ის ვერც კი ამჩნევდა თუ როგორ ლაპარაკობდა ტანიაზე, ისე როგორც შორეულ წარსულზე, - ამიტომ მთელი ჩემი არსებით თქვენს განკარგულებაში ვარ ბატონებო, მაგრამ ერთი რამ მაინც ვერ გამიგია, - ლერი დაფიქრდა თუმცა იცოდა, ქვეცნობიერად გრძნობდა რასაც უპასუხებდნენ, მაგრამ მაინც იკითხა, - რა როლი მიმიძღვის მე თქვენს ჩანაფიქრში?
- თქვენ, განსაკუთრებული ახლორადიუსიანი დისტანციური პულტით ჰიპერმეტრიული რადიოიმპულსი უნდა აამოქმედოთ, რომელიც მცირეხნიანი ბომბარდირების შემდეგ «ვენერას ცრემლს» კრიოგენურ აირად გადააქცევს, - უპასუხა არეს სერამ, - ჰიპერმეტრიული რადიოიმპულსი კრისტალის აირად გადაქცევის ერთადერთი გზაა, მაგრამ მისი ამოქმედება მხოლოდ ახლო რადიუსიდანაა შესაძლებელი მოკლეტალღოვანი ტელემეტრიული სიგნალების საშუალებით, ამიტომაც დაგვჭირდით ბატონო ლერი, თქვენ პროექტის მთავარი მოქმედი პირი ხართ.
ლერის ვარაუდი გამართლდა, მწარედ ჩაიცინა და ჩაილაპარაკა.
- ასე გამოდის რომ ჯალათის როლი მაკისრია, - ზღვაური გამომცდელად მიაცქერდა სამთავეს და მხრები აიჩეჩა, - გადარჩენის შანსი მაქვს? - ბავშვურად იკითხა.
- რა თქნა უნდა, - არეს სერამ თითები გაატკაცუნა, - განსაკუთრებულ, თერმულ კომბინიზონით შეგმოსავენ, რომელიც ორგანიზმის თერმორეგულაციას აძლიერებს და სპეციალურ ჰერმეტულად დახურულ ანტიგრავიტომობილში მოგათავსებენ, თქვენი დავალებაა «ვენერას ცრემლი» «შავ ქალაქში» ჩაიტანოთ და ჰიპერმეტრიული რადიოიმპულსებით მისი კრისტალური სტრუქტურა დაარღვიოთ, საზოგადოებამ ასე იმიტომ გდაწყვიტა, რომ სურთ გამყინვარება ბოროტების ბუდიდან, დედამიწის დედაქალაქიდან დაიწყოს.
- ძალიან კარგი, - ლერი ანთებულ ნათურას მიაჩერდა, - მე უთვისტომო კაცი ვარ: ვინც და რაც მიყვარდა ყველაფერი წყეულმა დრომ გამიცამტვერა, «ვენერას ცრემლმა» ცხოვრება დამინგრია, ამიტომ დიდი სიამოვნებით ავაორთქლებ მას, თან «შავ ქალაქში» ბევრი მტერი მყავს და სიამოვნებით ვუყურებ, როგორ გაიყინებიან სასიკვდილოდ, - ზღვაურმა ნაღვლიანად ჩაჰკიდა თავი, იგრძნო როგორ შემოაწვა გულზე ნაღველი.
- მე ვილოცებ შვილო ჩემო შენი სულის გადარჩენისთვის, - კათალიკოს-პატრიარქი გადაეხვია ლერის და გულში ჩაიკრა, - «ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს»... გამოცხადება იოანე მოციქულისა თავი მე-6, მუხლი მე-17, - ბუტ-ბუტით დაუმატა და ლერის თავზე ხელი მამაშვილურად გადაუსვა.
- «ინტელექტუალები» არასოდეს ცდებიან და დამიჯერეთ არც ახლა შეცდებიან, - არეს სერამ ბოხი ხმით დაასკვნა და ოთახის განაპირას გადგა.
ლერი კი გაოცებული შესქეროდა ამ სამ ადამიანს და იცოდა, რომ მის წინაშე სამი სამყაროს აზრი იყო გამოხატული, იცოდა რომ ეს სამი სამყარო, თავის გადარჩენის მიზნით მეოთხე სამყაროს ღუპავდა.
შვილები კლავდნენ დედას.
სამყაროს რომელმაც ისინი შობა, აღზარდა, ჩამოაყალიბა, მისი მკვლელი კი თავად მისსავე კალთაში შეყუჟული ადამიანი იყო... ლერი ზღვაური... რომელსაც ცივად უნდა ჩაესცხო ხანჯალი, გაეპო გული, გაენგმირა მშობელი პლანეტა.
ის გულცივი ჯალათი გახლდათ.
დედამიწა მისი არსებობის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა.

**********

ანტიგრავიტომობილი უკანასკნელი მოდელის გახლდათ, საოცრად მიმიზიდველი ფორმა და ვერცხლისფრად მოლაპლაპე კორპუსი ჰქონდა, არც უშველებელი ანტიგრავიტაციული რეაქტორები გააჩნდა და არც ფართე, აპრეხილი კუდი, როგორც RI-10 მოდელის ანტიგრავიტო-მობილს.
ის უფრო სადა იყო, დაბალი, კოხტა, სიფრიფანა, ბრტყელი და ოვალური, ლერი როგორც კი მის კომფორტულ კაბინაში მოკალათდა, თავი მშვიდად იგრძნო, რადგან ანტიგრავიტომობილი სანახევროდ კიბერნეტიზირებული იყო, ისე ეხმიანებოდა პულტიორს, როგორც ერუდირებული თანამესაუბრე, კაბინაში ყოველ წამს ისმოდა ავტომატის სასიამოვნო ხმა.
- თანამგზავრული მონაცემების მიხედვით, «შავ ქალაქამდე» 500 კილომეტრი დარჩა, მობილის სიჩქრე საათში 300 კილომეტრია, უბერავს ჩრდილო დასავლეთის ქარი, რადიაციის დონე –1 რენტგენია, ატმოსფეროს ტემპერატურა +35 გრადუსია ცელსიუსით, ისარგებლეთ SS-200 მოდელის ანტოგრავიტომობილის მომსახურეობით... ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.
ლერისთვის მარტო ანტიგრავიტომობილში ჩამონტა-ჟებულ კიბერნეტიკულ ავტომატთან ურთიერთობა კი არ იყო სასიამოვნო, არამედ თავად მობილის მართვაც, მანქანა ყოველგვარი ხმაურის გარეშე მიჰქროდა გზატკეცილზე, ზუზუნით გადაევლებოდა თავზე რადიოაქტიური უდაბნოს დიუნებს და მიისწრაფვოდა «შავი ქალაქისაკენ», რომლის შორეული კონტურები ნელ-ნელა იკვეთებოდა ამომავალი მზის შუქზე.
«შავი ქალაქი» როგორც ყოველთვის, ახლაც კუშტად შეხვდა ლერის, თავიდან-ბოლომდე გაჟღენთილი დედამიწისა-თვის დამახასიათებელი საშინელებებით, ლერი ზღვაური თავდაჯერებით მიაქროლებდა მანქანას, თუმცა სანამ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, სანამ ჩაერთვებოდა «დამსჯელთა» მიერ წამოწყებულ პროექტში, ღმერთმა იცის რამდენი მშფოთვარე ღამე გაათენა თეთრად, ახლა კი საჭეს უჯდა და ქალაქისკენ მიისწრაფვოდა.
ნორმალურად ვერც ერკვეოდა თავის განზრახვაში, არ იცოდა რომელი გრძნობა ასულდგმულებდა, შურისძიების წყურვილი თუ უშფოთველი ცხოვრების სურვილი და საერთოდ რისთვის მიდიოდა ან ვისთვის მიდიოდა? მთელი კაცობრიობის ბედ-იღბალი ამოძრავებდა თუ ვიღაც ფსიქოპატების თავსმოხვეული იდეები? თუმცა იცოდა, ყველაფერი იცოდა, მაგრამ საუთარი თავისთვის გამხელა ეშინოდა, ამიტომ ხშირ-ხშირად გადახედავდა ხოლმე, გვერდით სავარძელზე დასვენებულ ვერცხლისფერ კონტეინერს, რომლის სიღრმეშიც ამაყად ბზინავდა, სიკვდილივით ცივი კრიოგენული კრისტალი... «ვენერას ცრემლი».
კონტეინერი განსაკუთრებული დანადგარით იყო აღჭურვილი, რომელიც ძლიერი ჰიპერმეტრიული რადიოიმპულსით «ვენერას ცრემლის» კრისტალის ბომბარდირებას მოახდენდა, რის შემდეგაც კრისტალური სტრუქტურა დაირღვეოდა და კრისტალი კრიოგენულ აირად გადაიქცეოდა.
ეს მეთოდი მისი დაშლის ერთადერთი საშუალება იყო, დანადგარი იდეალური გახლდათ, საზოგადოება «დამსჯელების» უნიჭიერესი ინჟინრების მიერ დამზადებული, ინჟინრები მას მოფერებით «დეტონატორსაც» ეძახდნენ, თუმცა ის იყო კიდეც დეტონატორი, მისი ამოქმედებით გამყინვარების ერა დადგებოდა.
ჰიპერმეტრიული რადიოიმპულსის ამოქმედება, მოკლეტალღოვანი ტელემეტრიული სიგნალების საშუალებით შეიძლებოდა, რომელსაც დანადგარის მგრძნობიარე დეტექტორები მხოლოდ ახლო რადიუსიდან აღიქვამდნენ, ტელემეტრიული სიგნალების წყარო კი დისტანციური დეტონაციური პულტი გახლდათ, რომლის ერთი წყვილი ლერის გადასცეს, მეორე კი საზოგადოება «დამსჯელების» საიდუმლო საცავში ინახებოდა, მას იმ შემთხვევაში გამოიყენებდნენ, თუკი ლერი ზღვაური დაკისრებულ ვალდებულებებს თავს ვერ გაართმევდა.
ლერის კი ყოველთვის ჰქონდა საკუთარი თავის იმედი.
ყვითელ, ტანზე მოტმასნილ, თერმოიზოლირებულ კომბინიზონით იყო შემოსილი, სპეცკოსტიუმი მის ჯანმრთელ ორგანიზმს ძლიერი ყინვისგან დაიცავდა, რომელიც გარდაუვლად დადგებოდა «ვენერას ცრემლის» გარდაქმნის შემდეგ.
სავარძლის საზურგეზე პირდაპირ ლერის თავთან, უზარმაზარი ყვითელი ჩაფხუტი ეკიდა, იგი ანტიგრავიტომობილის მოძრაობაზე ოდნავ შესამჩნევად ირხეოდა და მსუბუქად ეხლებოდა სავარძლის ზედაპირს. ზღვაურს ათასჯერ მაინც აუხსნა არეს სერამ ჩაფხუტის გამოყენების პრინციპი, ლერი კი მის ყოველ დარიგებას ღიმილით იღებდა, მთელი იმ ერთი კვირის განმავლობაში სანამ ლერი თავის გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებდა, მან ასე რომ ვთქვათ დაჩქარებული მეთოდით, მთელი კურსი გაიარა ჩაფხუტების, თერმოიზოლაციური კომბინიზონების და ჰიპერმეტრიული იმპულსების შესახებ, რა თქმა უნდა «ვენერას ცრემლს» თავისთავად მხედველობაში არ იღებს, რადგან მის შესახებ იმ მცირე დროში იმდენი რამ გაიგო, რომ სულ თავისუფლად შეეძლო კოსმოლითური მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატურაზე პრეტენზია წარედგინა.
ქალაქ ვენ-ტელუსში გატარებული ეს ერთი კვირა, მისთვის ყველაზე დაუვიწყარი იყო, მეფესავით ცხოვრობდა, საზოგადოების შტაბბინაში მოწყობილ ხუთვარსკვლავიან ნომერში, ლერის გაეღიმა, წამით დადარდიანებული ტანია გაახსენდა, რომელსაც გულცივი სპეცაგენტის იმიჯიც ვერ უფარავდა მისდამი ნოსტალგიას, სოი ფიც ჩვეულებრივი ქალი იყო და მასაც სჭირდებოდა გვერდით საყვარელი მამაკაცი, მართალია ქალმა მხოლოდ ერთხელ სთხოვა პატიება, მაგრამ ლერისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა, ყველა წყენა დაივიწყა, ტანია ისევ თავის უსაყვარლეს ქალად აღიარა და ერთად მხურვალე ღამეც გაატარეს.
ახლა უკვე «შავ ქალაქში» იყო, ლერი სწრაფად მიაქროლებდა მობილს ნაცნობ ქუჩებში, ხარბად ათვალიერებდა ყოველ შემხვედრ ქუჩას: აი «სიზმრების პარკი» სწორედ ამ პარკში მოჰკლეს უკანასკნელი დედამიწელი მონარქი, იორდანიის პრინცი ჰაშიმიტების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი სელიმ-ჯაფარ მე-VIII, მას ჰეროინისგან გაბრუებულმა ნარკომანებმა თავი გაუჩეჩქვეს, უკანასკნელმა მონარქმა საზიზღრად დაასრულა სიცოცხლე და დაასამარა ყველე მონარქის ხსოვნა.
აი «ფერიების სასახლე» მთელს მზის სისტემაში განთქმული ბორდელი, სადაც მარსიდან ან ვენერადან ჩამოსული ექსტრიმის მოყვარული ქარაფშუტა ტურისტები, სიამოვნებით ატარებენ უიღბლო დღეებს.
აი კაფე «მეოცე საუკუნე».
ლერიმ მეხდაკრულივით შეაჩერა მობილი, ნოსტალგიის გრძნობით გახედა ესოდენ ნაცნობ შენობას, შეამჩნია რომ კაფეს ნეონის ნათურები უბრჭყვიალებდა, მოღიავებული კარიდან კი მუსიკის ხმა ისმოდა.
- მაკ, - ჩაიბურტყუნა თავისთვის და კაფეში გიჟივით შევარდა.
სადღა იყო მისთვის საყვარელი მე-20 საუკუნის დროინდელი კაფე, მისგან მხოლოდ სახელი შემორჩენილიყო, აღარც ძველებური დახლი, აღარც ძველებური სცენა, აღარც შავ-თეთრი ტელევიზორი, ვიღაც გრძელცხვირა ბარმენს სულ გადაესხვაფერებინა კაფე, გაეთანამედროვებინა, ახლა «სტრიპტიზ შოუს» ტანწერწეტა გოგონების ნაცვლად, ჰოლოგრამული ფსევდოგოგონები ასრულებდნენ, რომლებიც ზოგჯერ ტკაცუნით ცახ-ცახებდნენ და მათი მოჩვენებითი ილუზიაც თვალთახედვის არედან ქრებოდა.
კაფე დაცარიელებულიყო, ლერიმ ვერც ნაცნობი მოცეკვავე გოგონები დაინახა და ვერც ჯუჯას მოჰკრა თვალი, ამიტომ გაგულისებული კვლავ ანტიგრავიტომობილში მოკალათდა და მანქანა ისევ ქალაქის ქუჩებში გააქროლა.
ხასიათი მოეძმარა, უღიმღამო თვალებით გასცქეროდა ქუჩას... აი მისი სახლი, უფრო სწორად ის რაც მისი სახლიდან დარჩენილიყო, ლერიმ ილაჯწართმეულმა ტუჩი მოიკვნიტა, რუხი ფერფლის უშველებელ გროვად გადაქცეულიყო მისი სახლი, სწორედ ამ ფერფლის გროვაში განისვენებდა «ქეთის» დაფერფლილი, ინტელიგენტირებული სული. ო როგორ ენატრება «ქეთი» მისი მუხლჩაუხრელი შრომის ნაყოფი, იდეალური მანქანა, უნდა გაფრთხილებოდა მას.
ლერიმ საკუთარ თავს უსაყვედურა, შემდეგ შეამჩნია მისი სახლის ნამსხვრევებზე როგორ დააბიჯებდნენ ჭვარტლით გამურული მაწანწალები, რომლებიც ნაცარში იქექებოდნენ, ღმერთმა იცის რას დაეძებდნენ.
ზღვაურს გუნება წაუხდა, წამით გადაწყვიტა მანქანა შეეჩერაბინა და სულ კეტით დაეფრინა ეს არამზადები, ისინი ხომ «ქეთის» საფლავზე დააბიჯებდნენ, მის სულს არ ასვენებდნენ, ბინძური ხელებით იქექებოდნენ შიგ.
მობილი შეაჩერა, კაბინიდან გადმოხტა და ხმამაღლა დაუღრიალა, საქმეში გართულ მაწანწალებს.
- გაეთრიეთ აქედან.
ჩამოკონკილი მაწანწალები ჯერ გაოცებული გაშეშედნენ, შემდეგ როცა მათკენ მომავალი განრისხებული მამაკაცი დაინახეს ფაცხა-ფუცხით მოჰკურცხლეს.
ზღვაური კი გაოგნებული შედგა საკუთარი სახლის ნანგრევებზე, ჩაიჩოქა, ფერფლი მუშტში მოიქცია, ცრემლი მოერია. აქ განისვენებდა ყველაფერი რაც მას ახარებდა, დადარდიანებულმა ჯიბეებში ჩაიტენა ფერფლი, შემდეგ ფეხაკრეფით მოშორდა ნანგრევებს, თითქოს ფრთხილობდა მყუდროება არ დაერღვია «ქეთის» სულისთვის და ანტიგრავიტომობილი ადგილიდან დასძრა.
ლერის მანქანა ისევ ქალაქის ქუჩებში გასრიალდა, ის ხედავდა უთავბოლოდ მავალ ხალხს, ტყვიასავით მქროლავ მობილებს, ღამის განათების ბოძებზე მიყრდნობილ მეძავებს, ჩამოფხრეწილ, თვალებდაქაჩულ მათხოვრებს, რომლებიც რამდენიმე სპეციალის საფასურად, საკუთარ დედას გამოსჭრიან ყელს. აგერ ორმა პოლიციელმა რეზინის ხელკეტები დასცხო, ვიღაც წვერმოშვებულ ახალგაზრდას, მანამ ურტყეს სანამ სიკვდილის კარს არ მიაყენეს, ახალგაზრდა ძლივს სუნთქავს, მოასფალტებულ ტროტუარზე სისხლს აფურთხებს, ისინი კი ურტყამენ ულმობლად, გამეტებით ურტყამენ, ვითომ კანონს იცავენ ეს პოლიციელები?, არა პირიქით... ისინი დამნაშავეებს თავიანთი საქციელით ახალი დანაშაულებების ჩადენის სტიმულს აძლევენ.
- ეს სამყარო ნამდვილად გასანადგურებელია, - ლერიმ თავისთვის ჩაილაპარაკა, - აქ ადამიანები კი არა ურჩხულები ცხოვრობენ, ეშმაკსაც წაუღია მათი თავი.
ანტიგრავიტომობილის სამზერი მინის წინ კვლავ გაკრთდა «ჩიხის» პირქუში, შიშის მომგვრელი ქუჩები, სადაც რკინაბეტონის ფილების ქვეშ საუკუნო ძილით დაიძინა, ფეთქებადი ჭურვებისაგან ნეკნებჩალეწილმა მაკმა.
გამოჩნდა «მდიდართა კვარტალი» ლამაზად მოვლილი ქუჩებით, გაქათქათებული სავაჭრო ცენტრებით, რომლის წინ ძვირადღირებული მეძავები იდგნენ, შორს კი კომპანია «გალაქტიკ მინერალზის» კოშკისებური შენობა გამოიკვეთა.
ლერის გონებაში რაღაც აზრმა გაიბრწყინა, ქარაფშუტულმა აზრმა, რომელიც რისკით იყო გაჯერებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ანტიგრავიტომობილი ტელეფონ-ავტომატთან შეაჩერა, ძალიან კარგად ახსოვდა «გალაქტიკ მინერალზის» ოფისის ნომერი, კლავიატურაზე ციფრები აკრიბა და კომპანიას დაუკავშირდა.
- გეოლოგიური კომპანია «გალაქტიკ მინერალზის» სათავე ოფისი გისმენთ, - ყურმილში ნაცნობი ავტომატის წრიპინა ხმა გაისმა.
ლერიმ წამით შეიცადა, შემდეგ კი გადაჭრით ჩასძახა.
- საინტერესო ინფორმაცია მაქვს «ვენერას ცრემლის» შესახებ.
- შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი შეტყობინება, მათ... - ავტომატის წრიპინა ხმა მოულოდნელად მიწყდა და ლერის ვიღაცის ბოხი, ჩახლეჩილი ხმა ჩაესმა, - კომპანიის დაცვის აგენტი გისმენთ... რაშია საქმე?.
- უბრალოდ მინდა სამსახური გაგიწიოთ, - ლერიმ გაიცინა, - თქვენს ტერორისტულ ორგანიზაციას ფასდაუდებელი სამსახური უნდა გავუწიო.
- როგორ ბედავ! - დაიჩხავლა ყურმილიდან უცნობმა, შემდეგ რაღაც ჩაიბლუკუნა და ხმადაბლა დაუმატა, - ვიღაც გიჟია.
- ძალიან კარგი, - ყურმილიდან მეორე განსხვავებული, მშვიდი ტონის ხმა გაისმა, - მე კომპანიის ვიცეპრეზიდენტი გახლავართ, გამარკვიეთ რისთვის დაგჭირდით.
- აჰ ეს თქვენა ხართ დოქტორო, - ლერიმ ბოლო სიტყვა დამცინავად წარმოსთქვა, - ნუთუ ვერ მიცანით, ორი კვირის წინ პატივი მქონდა თქვენთან მესაუბრა.
- ვერაფერს ვხვდები?.
- არა უშავს... მალე გონება გაგეხსნებათ, - ლერი დადუმდა, შემდეგ კი დამარცვლით დაუმატა, - თუ გსურთ რომ «ვენერას ცრემლი» მიიღოთ, გულდასმით მომისმინეთ.
- «ვენერას ცრემლი»? ახლა კი ყველაფერს მივხვდი, - ყურმილიდან ტკაცუნი გაისმა, ალბათ გახარებულმა ვიცეპრეზიდენტმა თითები თუ გაატკაცუნა, - თქვენი ადგილსამყოფელი შემატყობინეთ და ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოთ.
- კიდევ რას მიბრძანებთ თქვენო აღმატებულებავ, - ლერიმ ხმადაბლა ჩაიცინა, - არ ვაპირებ მეორეჯერაც ისეთივე იდიოტურ მდგომარეობაში აღმოვჩნდე, როგორშიც მაშინ ვიყავი, უბრალოდ მინდა თქვენი მკვლელები ჩრდილოეთის «დამშრალ სანაპიროზე» მოთავსებულ მიტოვებულ ქარხანაში გამოუშვათ, კრისტალს პირადად ჩემგან იქ მიიღებთ, აბა მარდად პროფესორო საქმეს შეუდექით, - ლერიმ გესლიანი შეკურთხებით დააბოლავა და ისე რომ კომპანიის ვიცეპრეზიდენტის ყვირილისათვის ყურადღება არ მიუქცევია, ყურმილი დაკიდა, მანქანაში ჩაჯდა და ანტიგრავიტომობილი ადგილიდან დასძრა.
სურდა საკუთარი თვალით ემზირა, როგორ მიაბარებდა ეშმაკს სულს სილვიო ტრავინა, თუმცა დარწმუნებული არ იყო, რომ ის გაიძვერა ესპანელი შეხვედრის ადგილზე მოვიდოდა, მაგრამ იმედი მაინც ჰქონდა, ერთდროულად ორ ვინმეზე იძიებდა შურს, სილვიო ტრავინაზე მისი უახლოესი მეგობრის მკვლელზე და «ვენერას ცრემლზე» დაწყევლილ კრისტალზე, რომელმაც მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადააქცია, ამიტომ შურისძიების გრძნობით შეპყრობილი, რამდენიმე წუთში მიტოვებულ ქარხანაში გაჩნდა, მიჩვეული მოძრაობით თავზე ყვითელი ჩაფხუტი ჩამოიგო, რომელიც ავტომატურად გაჰერმეტულდა და შენობაში შეაბიჯა.
«ვენერას ცრემლი» ქარხნის შუაგულში დადო, თვითონ კი ცოტა ხნის ფიქრისა და მყუდრო ადგილის შერჩევის შემდეგ, შენობის ერთ კედელზე ამართულ ამწეს კაბინაში მოკალათდა და ნახევრადჩამსხვრეული, გაყვითლებული მინიდან დაიწყო თვალ-თვალი.
ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია, მისდა გასახარად ნახევარ საათში, შენობაში ტრავინამ და მისმა სულთამხუთავებმა შემოაბიჯეს. ესპანელი მედიდურად გამოიყურებოდა, უკან გადავარცხნილი თმა გრძელ კუდად შეეკრა, ხელები გულ-მკერდზე შემოეჭდო და მოჭუტული თვალებით ათვალიერებდა შენობას, უეცრად სახეზე გაოცება გამოეხატა, მისმა დაკვირვებულმა თვალმა იატაკზე მოთავსებული კონტეინერი დაინახა, წამსვე შეიცნო «ვენერას ცრემლი», ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა დასწვდა, გამჭვირვალე სახურავიდან მოკაშკაშე კრისტალი შეათვალიერა და კბილებში ჩაიღრინა.
- სულელი ძაღლისშვილი.
ტრავინამ უხეში ჟესტით თავის ხალხს უბრძანა შენობა დაეთვალიერებინათ, თვითონ კი «ვენერას ცრემლს» დაუწყო ჭვრეტა.
ზღვაური ცოტა ხანი უმზერდა განგსტერის საქმიანობას, ხვდებოდა თუ როგორ ევსებოდა გული ბრაზით, გრძნობდა რომ საოცრად სძულდა ეს მამაკაცი, იმდენად რომ ამ სიძულვილს გულში ვერ დაიტავდა, ის ვინმესთვის უნდა გაემჟღავნებინა, ალბათ აჯობებდა ყველაფერი მისთვის მიეხალა პირში, ამიტომ სწრაფად ჩართო, ჩაფხურის კორპუსზე მიმონტაჟებული რეპროდუქტორი, რომელიც გარე სამყაროსთან კომუნიკაციურ ურთიერთობას უზრუნველყოფდა, ამწეს ჩამსხვრეულ მინას გადააწვა და «ვენერას ცრემლის» მზერაში გართულ განგსტერს გადახედა.
- ესპანელო თავს როგორ გრძნობ სიკვდილის წინ! - დაუღრიალა მან.
ტრავინა ელნაკრავივით შეხტა, «ვენერას ცრემლს» თავი ანება, კონტეინერი იღლიაში ამოიჩარა და თვალები ცეცებით მოავლო შენობას, ცდილობდა გაეგო ხმა საიდან მოდიოდა, მაგრამ ხმა ყველა მხრიდან მოისმოდა, ლერის ნათქვამს ქარხნის რკინის კედლები, ექოდ იმეორებდნენ, ტრავინამ გაწბილებულმა მწარედ გაიცინა და ბრმად დაიყვირა.
- Senor gaballero ... მე კი მეგონა რომ მფრთხალი მელიასავით გაიპარე, მაგრამ ეტყობა შევცდი.
- შენ ბევრ რამეში შეცდი, - ლერიმ დაიღრიალა, შემდეგ კომბინიზონის ჯიბიდან, დისტანციური დეტონაციური პულტი ამოიღო და ხელში მოიმარჯვა, - და ახლაც ცდები, - ცივი, მჭახე ხმით დაუმატა მან.
- ნუთუ მართლა? - ტრავინამ საზიზღრად გადაიხარხარა, - გეტყობა რომ ჭკუა ისწავლე, ყოველ შემთხვევაში თამამად აღარ მეჩვენები თვალწინ, იმალები ეს კი კარგის ნიშანია, თუ იმალები ესე იგი გეშინია კიდეც ჩემი.
ლერის ბრაზისაგან ყოველი კუნთი დაეჭიმა, ამწეს კაბინიდან უფრო გადაიხარა, რათა ტრავინას უკეთ დაენახა და ისტერიულად დაუყვირა.
- მხედავ ესპანელო?... ახლა შენს აღსასრულსაც ნახავ, - პულტს დახედა საჭირო ღილაკს თითი დაადო და ის იყო უნდა დაეჭირა, რომ უკნიდან ძლიერი დარტყმა იგრძნო.
წაბარბაცდა, პულტი ხელიდან გაუვარდა და მთელი ტანით მიასკდა კედელს, წამით თვალთ დაუბნელდა, მაგრამ მაინც მკვეთრად დაინახა ჯო, რომელსაც ხელში უზარმაზარი რკინის ჭოკი ეჭირა და მრისხანედ უღერებდა.
- გახსოვარ, ძაღლის დაგდებულო? - ჯომ ჩახრინწული ხმით ჩაისისინა და წიხლი მუცელში უთავაზა.
ლერი ჩაიკეცა, ტკივილმა წამით ქარიშხალივით მოიქროლა მისი სხეული, ჯო კი მთელი ძალით გამოექანა, რათა რკინი ჭოკზე წამოეგო, მაგრამ ლერიმ სიმწრით მოასწრო გვერდზე გადახოხვა, ჯო ინერციით ამწეს ნახევრადჩამსხვრეულ ფანჯარას გადააწვა, ზღვაურმა განგსტერს აზრზე მოსვლა არ აცალა, მთელი ძალა მოიკრიბა, ფეხებში ხელი ჩაავლო და ფანჯარაში გადაკიდებული, ამწედან თავით გადაუშვა.
როგორც კი ჯოს უსულო სხეული ყრუ ბრაგვანით დაენარცხა რკინის იატაკს, ტრავინამ ესპანურად შეიკურთხა, იღლიის ქვემოთ მიმაგრებული პლასტმასის ბუდიდან, მსხვილკალიბრიანი პისტოლეტი ამოაძრო და ლერის დაუშინა, თან ჭკუიდან გადასული, მკვლელობის ეშმაკებით შეპყრობილი ბილწად იკურთხებოდა და ღრიალებდა.
- მოკვდი ძაღლისშვილო... ჩაძაღლდი .
ფეთქებადი ჭურვები ხმამაღალი ტკაცანით სკდებოდნენ ამწეს რკინის კორპუსზე, იმსხვრეოდა ისედაც დამსხვრეული მინა, ლღვებოდა და ტყდებოდა ამწეს ძველი, ჟანგიანი კაბინა, ის ვერ გაუძლებდა ფეთქებადი ჭურვების ცეცხლოვან წვიმას.
ყრუ ტკაცანით იხვრიტებოდა თუნუქის სიფრიფანა კედლები, კაბინაში დაუბრკოლებლივ შემოღწეული ჭურვები, სადღაც ზემოთ რკინის ძელებში ეჭედებოდნენ და სკდებოდნენ, ამწეს იატაკზე მიწოლილილ ზღვაურს კი თავზე აციოდა თუნუქის გავარვარებული ნამსხვრევები.
მოულოდნელად ყრუ ბრაგვანით ჩამოიშალა, ჟანგიან ძელთა მთელი წყება, ლერი სწრაფად გადახოხდა გვერდით, დაინახა როგორ ზრიალით დაეშვა კაბინაზე უშველებელი ძელები, რომლებმაც ქაღალდივით დაფლითეს ამწეს თუნუქის კორპუსი, გვერდი უქცია დაჟანგულ ძელს, იქვე კაბინის კუთხეში მიგდებულ დისტანციურ პულტს გადასწვდა და ღილაკს თითი ნერვულად დააჭირა.
სადღაც ქვემოთ სუსტი ტკაცანი და ოდნავ გასაგონი შიშინი გაისმა.
ზღვაურმა ამწედან მკვეთრად დაინახა, როგორ მინასავით დაიფშვნა ტრავინას ხელში ჩაბღუჯული კონტეინერი და მისი ფოლადის ნამტვრევები როგორ მიმოიფანტა იატაკზე.
ის რაღაც საშინელებას ელოდა, მაგრამ არაფერი მომხდარა, უბრალოდ სროლა მიწყდა მეყსეულად, იატაკზე დავარდნილი «ვენერას ცრემლი» კი თვალდათვალ დაპატარავდა, კრიოგენულ აირად გადაიქცა.
ჰიპერმეტრიული რადიოიმპულსით ბომბარდირებამ მისი კრისტალური სტრუქტურა დაარღვია, შენობაში ჯერ თეთრი ბურუსი წარმოიშვა, რომელიც ნელ-ნელა გაიწელა და მთელ ქარხანას მოედო.
შემდეგ, უფერული აირი შიშინით აიჭრა ზემოთ და იმავდროულად, სილვიო ტრავინას პისტოლეტი ხელიდან გაუვარდა.
- Que Dios me ayude! - ესპანურად რაღაც ჩაიბურტყუნა მან.
ზღვაური ვერ ხედავდა მაგრამ რომელიღაც მეექვსე გრძნობით ხვდებოდა თუ როგორ იფანტებოდა უფერული კრიოგენული აირი ატმოსფეროში, მან მკვეთრად დაინახა როგორ გალურჯდა ტრავინა სახეზე, როგორ მოეყინა ორთავე ფეხი.
- ეს მაკისაგან! - დაუყვირა ლერიმ, სანახევროდ მოყინულ განგსტერს.
მთელი შენობა თეთრმა თრთვილმა მოიცვა, ნელ-ნელა გათეთრდნენ ლითონის გაუთავებელი კონსტრუქციები, გაიყინენ შავად ალაპლაპებული კედლები, ლითონთან ერთად კი ტრავინაც თეთრდებოდა, მისი სხეული თრთვილით იფარებოდა, ლერიმ შეამჩნია როგორ გაეყინა და არაფლისმაქნისად ჩამოეკიდა ესპანელს ორთავე ხელი.
- ეს «ქეთისგან», - ისევ ნიშნისმოგებით დაუღრიალა ლერიმ.
და მოულოდნელად შენობაში თოვლი წამოვიდა, მსხვილი ფანტელები ნაზად ეფინებოდნენ იატაკს, ზღვაური ფანტელებს აკვირდებოდა და ხვდებოდა, რომ ეს ჟანგბადის გაყინული კრისტალები იყო, ის ხელით იჭერდა კრისტალებს და უკვირდა ხელთათამანებზე რომ არ დნებოდნენ.
ლერი ფრთხილად ჩამოვიდა ამწედან, მსუბუქად გასრიალდა მოლიპულ იატაკზე და ტრავინას უსიცოცხლო სხეულს მიუახლოვდა, რომელიც ყინულის ქანდაკებასავით იდგა გაშეშებული, მისი გაყინული, შუშისებრი თვალები უსასრულობაში იმზირებოდნენ.
- ეს ჩემგან, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლერიმ, ტრავინას გაყინული იარაღი იატაკიდან ააგლიჯა, განგსტერს დაუმიზნა და გამშვებს თითი გამოსდო.
ფეთქებადი ჭურვი წივილით გამოვარდა გაყინული ლულიდან, ესპანელს დაეჯახა, მის გაქვავებულ მკერდში გაიჭედა, გასკდა და ნამსხვრევებად აქცია სილვიო ტრავინას უსიცოცხლო სხეული.
ლერიმ უმაქნისი პისტოლეტი შორს მოისროლა, ქარხნიდან გამოვიდა და საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, გარეთ მსხვილი ფანტელებით ბარდნიდა, მთელი დედამიწა გადათეთრებულიყო, თოვლის საფარი ყოველ წამს იმატებდა სიმაღლეში და ცაზე საოცრად თეთრი, უზარმაზარი ღრუბელი გაწოლილიყო, ეს კრიოგენული ღრუბელი გახლდათ, რომელიც გველეშაპივით შემოხვეოდა დედამიწას.
ლერი რამდენიმე წუთი თოვლის კაშკაშა შუქის წყალობით თვალებმოჭუტული ათვალიერებდა გარემოს, უმოძრაობიდან მისი სქელლანჩიანი ჩექმები ასფალტსაც კი მიეყინა, ფრთხილად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ანტიგრავიტომობილისკენ, რომელიც მთლიანად თოვლს დაეფარა და მხოლოდ ახლა შეიგრძნო რაოდენ სციოდა.
უეცრად დაღლილობამ შემოუტია, მთელი მხნეობა წაართვა, წარიტაცა ლერიმ დაინახა, როგორ დაიფარა ჩაფხუტის გამჭვირვალე მინა ყინულის თხელი ფენით, ყინული თანდათან გასქელდა და... ტკაც... ყურისწამღები ტკაცანით გაიბზარა მინა.
იგრძნო როგორ შემოიჭრა კომბინიზონში ცივი ჰაერი, სახე ერთიანად წაეყინა, მოძრაობის უნარი წაერთვა, სიცივემ დაატყვევა, ყინულის ალყაში მოაქცია და ერთბაშად ყინულის ქანდაკებად გადაიქცა.
გაქვავდა, გაირინდა, ატროფირებულ გონებაში შემორჩენილი ცოტაოდენი ცნობიერების წყალობით, მომხდარი გაიზრა და ბოლოს და ბოლოს ყველაფერს მიხვდა.
მოაგონდა მიქაელ-იაკობ ფობოსელის სიტყვები... «მე ვილოცებ შვილო ჩემო შენი სულის გადარჩენისთვის»... მიხვდა, რომ მარიონეტი იყო, მესამე პირი, რომელსაც «ინტელექტუალები» უხილავი ძაფებით მართავდნენ, მიხვდა გაება «დამსჯელთა» ოსტატურად მოფიქრებულ ინტრიგებში, მიხვდა იმ გადარჩეულ მილიონ ადამიანთა რიცხვში არ შედიოდა, რომელთაც ახალ დედამიწაზე ქალაქ ვენ-ტელუსში ახალი ცხოვრება უნდა დაეწყოთ, მიხვდა ისიც ამ წყეული საუკუნის შვილი იყო, მკვლელი და არამზადა, თავიდანვე სასიკვდილოდ განწირული ცოფიანი ძაღლივით, რომელიც იარაღად გამოიყენეს, რათა დედამიწის და არა მარტო დედამიწის, არამედ სრულიად მზის სიტემის მომავალი ეხსნათ.


1 Senor gaballero (ესპ) - ბატონო რაინდო.
2 Que Dios me ayude (ესპ) - ღმერთო დამეხმარე.

**********

დედამიწაზე კი გამყინვარება დამდგარიყო, დამდგარიყო სუსხიანი პერიოდი, ყინვანარევი ქარი სტვენით დაჰქროდა მკვდარ, ყინულოვან უდაბნოებზე და ადამიანებს მუსრს ავლებდა.
იყინებოდა ატმოსფეროს ქვედა ფენები, მილიარდობით ტონა ყინულის მასის ქვეშ ინგრეოდა ქალაქები, იჭყლიტებოდა თანამედროვე ტექნიკა, კვდებოდნენ ადამიანები. გამყინვარება კვლავ ზეიმობდა თავის გამარჯვებას, არსებებს რომლებთაც შეეძლოთ დედამიწა დაეღუპათ, სიცოცხლეს უსწრაფავდა, ადამიანები გადაშენებული ქვეწარმავალებისამებრ ემშვიდობებოდნენ სიცოცხლეს. დედამიწა მკვდარ, ყინულოვან სფეროდ გადაქცეულიყო... და ეს იყო დასასრული.
მაგრამ შორს დედამიწის ერთ მიყრუებულ კუთხეს, ყინულის უდაბნოს შუაგულში ჩაყინულ ქალაქ ვენ-ტელუსში სიცოცხლე ჰქუხდა, იბადებოდა ახალი თაობა, ენერგიული, ნათელი გონების. თაობა რომელიც ახალ დედამიწას ააყვავებდა, ააღორძინებდა, თაობა რომელიც ადრე თუ გვიან კვლავ საკუთარი ხელით გაუღეღავდა გამყინვარებიდან შეკინძულ საყელოს დედამიწას, თაობა რომელიც ნეტარებით ელოდა დასასრულს, რათა ახალი ცხოვრება დაეწყო... და ეს იყო დასაწყისი.



№1  offline წევრი ვიპნი

ეს რა იყო,ბოლომდე მეგონა რომ რაღაც გეგმა ექნებოდა და გადარჩებოდა :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent