შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამილახვარი (თავი 9)


23-09-2019, 17:00
ავტორი abezara98
ნანახია 1 758

დავითი ამილახვარს უკანდაბრუნებისთანავე დაეთხოვა. კაცმაც უარი არ უთხრა და იმდენი ხნით გაათავისუფლა, რამდენითაც საჭირო გახდებოდა, რადგან მოურავს სახეზევე ეწერა, რომ ვერ იყო კარგად. აქამდე მშრომელ და თავდადებულ დავითს მისთვის ჯერ არაფერი ეთხოვა და უარის სათქმელად მიზეზსაც ვერ ხედავდა. თავადი გაოცებული უყურებდა ეზოდან გამავალ კაცს, რომელიც დილის შემდეგ რამდენიმე საათში გადასხვაფერებულიყო და ჩვეულებრივი დავითისგან სრულად განსხვავდებოდა.
ჭიშკარს მძიმე ნაბიჯებით გასცდა და სახლისკენ აიღო გეზი. ცხენიც თითქოს პატრონის გუნებას ხვდებოდაო, ხმასაც კი არ იღებდა და ნელი ნაბიჯებით მიჰყვებოდა. მხოლოდ ნაცნობ ეზოში შესვლისას წაიხვიხვინა და დავითს ოდნავ გაჰკრა თავი მხარში. კაცმა მხოლოდ ხელი გადაუსვა, იქვე ჩრდილში მიაბა, თივა დაუყარა, წყალიც გამოუცვალა და სახლში შეიკეტა. შინ შესულმა მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ კართან ახლოს მდგარ ტახტზე განრთხმულიყო. ძირს გადმოვარდნილი მუთაქის აღების აღარც ძალა ჰქონდა და არც მონდომება. ფიქრებით დამძიმებულმა არ იცოდა რა ექნა, რომელი კედლისთვის ეხალა თავი ან რომელ წყალში გადამხტარიყო.
უკვე დიდი ხანი იყო რაც ხვდებოდა, რომ ნინოს მხოლოდ როგორც კარგ მეგობარსა და მეზობელს უყურებდა და არა როგორც ქალს, მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ იყო ასე გუნებამოშხამული. ფრანგი ქალბატონის ჩამოსვლაც თითქოს ამ ყველაფერს დაემთხვაო. თავს არ უტყდებოდა, მაგრამ ძალიანაც სიამოვნებდა, როცა ალისა ანთებული თვალებით უყურებდათ ხოლმე, როცა ნინოს სულ ოდნავ მაინც ჩაჰკიდებდა ხელს. ახლა კი ცოტა ხნით აღარავის დანახვა არ სურდა. ნინოს წასვლით მართალია რაღაც ჩასწყდა, ეწყინა, რომ ვერაფერი შეატყო ქალს, მაგრამ გულის მიმალულ კუნჭულში მაინც გრძნობდა თავისუფლების მარცვალს, რომელიც ნელ-ნელა ფესვებს იდგამდა და მალე ალბათ მთლად მოიცავდა კიდეც.
ერთი ამოიოხრა და გვერდი იცვალა. მაშინაც ასეთი დღე იყო, ძია გიორგიმ რომ სული დალია. ცა თითქოს თავიდანვე გლოვობდაო კიდევ ერთი პატიოსანი ადამიანის დაკარგვას, შავი ღრუბლები ერთად შეჯგუფებულიყვნენ და მთელ ქარლთს წარღვნით ემუქრებოდნენ. ახლაც დასავლეთი მთლად შეწითლებულ-გაშავებულიყო. ვერ გაიგებდით, რომელი გაიმარჯვებდა ამ ჭიდილში მზის ბოლო სხივები, რომლებიც ჯიუტად არ თმობდნენ პოზიციებს თუ ახლადშეკრული საავდრო ღრუბლები. მაგრამ პოზიციების დათმობა კვლავ მზეს მოუწია და ავისმომასწავლებლად დაბნელდა.
დავითს კი თავში კვლავ ძია გიორგის ბოლო წუთები უტრიალებდა. ერთადერთ იმედს უტოვებდა ქალიშვილს. იცოდა, დავითი მიხედავდა და თვალის ჩინივით მოუფრთხილდებოდა, მაგრამ, ნუთუ დააღალატა მოხუცებული? მაშინ სინდისის მცირე ქენჯნას მაინც რატომ არ გრძნობდა? არეული გრძნობები დაუფლებოდა ამილახვრების მოურავს. თავსაც ვერ პატიობდა ნინოს გაშვებას, მაგრამ თან გრძნობდა, რომ თავისთან დატოვებით გააუბედურებდა ქალს. უკვე თავი უსკდებოდა ამდენი ფიქრით, მაგრამ ხსნაც რომ ვერ ეპოვა ამ ლაბირინთიდან?
ბოლოს ერთ დასკვნამდე მივიდა. აცდიდა ნინოს მშვიდად ცხოვრებას და შორიდან დააკვირდებოდა. აი, შეატყობდა თუ არა, რომ ნინო ბედნიერი არ იყო ოსთან, მაშინვე ჩაჰკიდებდა ხელს და თავისთან დააბრუნებდა. არ ანაღვლებდა ამას რის ფასად მიაღწევდა. გაიფიქრა ეს თუ არა, თითქოს სულ ოდნავ გამოუკეთდა გუნება, მაგრამ როგორც იმ ღამით არ გამოდარებულა, ასევე დარჩა თავადაც. ერთი კი მოახერხა. ძირსგადავარდნილ მუთაქას მისწვდა და თავის ადგილას დააბრუნა.
ლამის ორი კვირა იწურებოდა, რაც დავითს სახლი არ დაეტოვებინა, ალისას კი მოსვენება ჰქონდა დაკარგული. თვალი წამდაუწუმ გზისკენ გაურბოდა და ეჭირა, მაგრამ ამილახვრების მოურავი არა და არ ჩანდა ჰორიზონტზე. ფერისცვალებაც გადავიდა და ქართლში რთველი დაწყო. მართალია, ფრანგი ქალბატონი თავიდან კარგადაც ერთობოდა გაბრიელის ამ პროცესში ჩართვით, მაგრამ ახლა ესეც უინტერესო გამხდარიყო.
არა და როგორ გახალისდა გაბრიელის გაფართოებული თვალები რომ დაინახა ვაზის ამდენი რიგისა და შემდეგ სავსე გოდრების დანახვისას. თავად ბიძინას რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული ვენახი ჰქონდა და ლამის მთელი კვირა მის დაკრეფას შეალიეს. მანამდე კი უფრო სახალისო ერთი კვირა ჰქონდათ, როცა საღვინედ ქვევრებს ამზადებდნენ და გაბრიელი ერთ-ერთ მათგანში ლამის ძალით ჩასვა, მიდი და მიეხმარე ხალხს გარეცხვაშიო. კაცმა ჯერ ყოყმანით ჩახედა ქვევრს ძირიც რომ არ მოუჩანდა, მძიმედ გადააგორა ნერწყვი და შემდეგ ლამფით შეიარაღებულ დას გახედა.
-მიდი, მიდი, ჩადი. ამ ლამფას ჩამოგაწვდი და გპირდები, არც კიბეს ამოგაცლი. საერთოდაც უკან გავდგები და გიყურებ.
გაბრიელს რა თქმა უნდა ამის და კიდევ მრავალი სხვა დავალების შესრულება მოუწია. ის არ ეყოფოდა, რომ დილიდან მზის ჩასვლამდე ფეხზე იდგა და ყურძენს კრეფდა, ალისამ ვენახიდან უკან დაბრუნებულს ამჯერად საწნახელში ჩასვლა დაავალა. თავად უკვე მოელია ეს პროცესი და ახლა გაბრიელის ჯერი დამდგარიყო. კარგად დაღამებულზე კი მისცა დასვენების უფლება.
სამაგიეროდ მეორე დღეს თათარას მოხარშვა დაავალა. იდეა დილაადრიან ეზოში დაწყებულმა ფუსფუსმა მიაწოდა. მამაკაცები ჯერ ისევ დაკრეფილ ყურძენს წურავდნენ, სამაგიეროდ ქალებს რამდენიმე ადგილას კოცონი გაეჩაღებინათ, ზედ სპილენძის დიდი ქვაბები შემოედგათ და ბადაგს ადუღებდნენ ჩურჩხელისთვის. თავიდან მსახურები უარობდნენ, როგორ გეკადრებათ, ჩვენით გავაკეთებთო, მაგრამ ალისამ ისე დაუბღვირათ, მაშინვე ხმა გაწყვიტეს და ხის დიდი ჩამჩა, რომლითაც უკვე ოფნავ შესქელებულასას ურევდნენ, გაბრიელს გადაულოცეს. იმაზე უფრო დამღლელი და შრომატევადი პროცესი გამოდგა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. კაცს მთელი სხეული დაეჭიმა, ხელები ლოდებივით დაუმძდა და მთლად ოფლიში გაიღვითქა, მაგრამ მასა არა და არ აღწევდა სასურვწლ შედეგს. ბოლოს ალისა მელანომ იხმო და გაბრიელმაც ქალებს დაუთმო ადგილი, თორემ აშკარა იყო, ვეღარ უძლებდა. სამაგიეროდ ფრანგი ქალბატონი ხალისობდა და წამითაც არ აშორებდა ხოლმე მზერას. თან გამხნევების საოცარი ფორმა ჰქონდა, მაშინვე მუშაობის გაგრძელებას რომ მოგანდომებდა ადამიანს - მათრახის ჰაერში ერთი გაქნევა და ყველა მისი მსახური ფეხზე იდგა ხოლმე.
იმ დღეს კი ალისამ ვეღარ მოითმინა და თავად გადაწყვიტა დავითის მონახულება. თავს არწმუნებდა რომ სუფთა ადამიანური ფაქტორი ამოძრავებდა. უბრალოდ უნდოდა გაეგო, ჯანმრთელად იყო და რამე ხომ არ სჭირდებოდა.
დიდხანს ატარა დავითის ჭიშკართან ცხენი, მაგრამ სახლიდან ჩამიჩუმიც არ გამოდიოდა. კაცს კარგადმოვლილი კარ-მიდამო ჰქონდა, ვერაფერს დაუწუნებდი. ეზოს ერთ მხარეს ჭა და საჩრდილობლად დარგული ხეები იწონებდნენ თავს, მეორე მხარეს კი პატარა ბაღი თალარითა და ხილის ხეებით.
ბოლოს ნერვები რომ დააწყდა და შორიდან ყურებამაც დაღალა, გადაწყვიტა შიგნით შესულიყო. ჭიშკარს მიაწვა კიდეც მათრახის ტარით, როცა ერთ-ერთი ეზოდან ბავშვმა ჩამოიქროლა და ცხენზეამხედრებული ქალი შენიშნა თუ არა, მაშინვე გამობრუნდა.
-დათოსთან მოხვედით, არა? - იკითხა და ცხენს მიუახლოვდა.
ქალმა მხოლოდ ახლაღა იცნო. ეს ის ბავშვი იყო, მაშინ დავითს ამბავი რომ მოუტანა ნინოზე.
-დიახ, მასთან ვარ, - ქართულად გაეპასუხა ალისა და ბავშვის გაოცებული სახეც დაიმსახურა.
-თქვენ... თქვენ... თქვენ ქართული იცით... - ენა დაება ბავშვს.
ალისამ მხოლოდ გადაიკისკისა და თავი გადააქნია.
-აბა, ქართულად რომ მეკითხებოდი წეღან, როგორ უნდა გამეგო შენი, ძალიან მიკვირს.
-მაგდენი ვეღარ მოვიფიქრე, - დაიბნა ბავშვი და წამით უკანაც დაიხია.
-კარგი, ახლა მითხარი, სადაა დავითი? - და თან მათრახის ტარით სახლისკენ ანიშნა.
-რაში გჭირდებათ დათო? მაგ მათრახოთ უნდა სცემოთ?
-რაა? - ამჯერად თვალები ალისას გაუფართოვდა, შემდეგ კი ისევ აკისკისდა.
-ასეთი ხმები დადის ჩემზე დავიჯერო? ალისა ხალხს მათრახით სცემსო?
ბავშვმა მხოლოდ თავი დაუქნია.
-ეს თუ დაგამშვიდებს, გეტყვი, რომ სულ სხვა რამის გამო ვეძებ შენს დათოს.
-მართლა?
-მართლა, მართლა.
-კარგი, მაშინ გეტყვით. აი, იმ დიდ ხეს ხომ ხედავთ, მაგის გვერდით ბილიკს დაინახავთ და იმას გაუყევით. თავად იპოვით შემდეგ.
ბიჭს მადლობა გადაუხადა და მაშინვე იქით წავიდა. ბავშვი მართალი იყო. ხის გვერდით ბილიკი გამოჩნდა და ქალმაც მაშინვე იქით გადაუხვია. ხეები ჯერ გახშირდა, შემდეგ კი აღმართს რომ აუყვა ხეებიც შეთხელდა და დავითის ცხენიც გამოჩნდა. თავად პატრონი კი იქვე ახლოს ჩამომჯდარიყო შემაღლებულიდან ხელის გულივით გადაშლილ სოფელს გადაჰყურებდა. ქალის მიახლოებაც არ გაუგია, იჯდა თავისთვის ფიქრებში ჩაფლული და ვერავის ამჩნევდა. ალისამაც იქვე მიაბა ცხენი, შემდეგ კი მათრახი ხელიდან არ გაუშვია, ისე მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუჯდა.
-გამარჯობა, მიქელანჯელოს ბიჭო!
დავითმა მხოლოდ წამით შეხედა, შემდეგ კი ისევ გატრიალდა და ოდნავ ჩაეღიმა. ალისას ამჯერად ყავისფერი საჯირითო ტყავკაბა მოერგო ტანზე და არც თავისი განუყრელი ფეხზემომდგარი ჩექმა დავიწყებოდა. ხელში ისევ მათრახს ატრიალებდა ოსტატურად. არც ერთი არ იღებდა ხმას. ისხდნენ და აფუსფუსებულ სოფელს გასცქეროდნენ.
-ასეთი რა მოხდა, რომ აღთქმადადებული ბერივით ყველას ჩამოსცილდი და დაიმალე? არ იცი, რომ გაქცევა არასდროსაა გამოსავალი? - სიჩუმე ისევ ალისას ხმამ დაარღვია.
-ვინ გითხრა, რომ გავიქეცი ან სადმე დავიმალე?
-ღმერთო ჩემო, - ზეცას ახედა ქალმა და გაიცინა, - ხმა ამოიღო, ლაპარაკობს! თუ მჯეროდეს, რომ ცოცხალია.
ალისას რეპლიკაზე დავითსაც ჩაეცინა, მაგრამ ისევ არაფერი შეიმჩნია.
-გტკივა, ხომ ასეა?
-რა? - ქალის კითხვამ გააოცა დავითი.
-გტკივა და სწორედ ამიტომ იქცევი ასე. ადამიანის პირველადი ინსტიქტი სწორედ ტკივილისგან გაქცევის ინსტიქტია. არც თვითგადარჩენის ანდაც სხვა რომელიმე, არა. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ტკივილს გაექცეს, მაგრამ როცა ამასაც ვერ ახერხებს, მაშინ უბრალოდ სხვებს ეთიშება და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ცდილობს შვება მოიპოვოს. შენც ასე იქცევი.
-მართლა? იქნებ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებისგან დასვენება მინდოდა? ამაზე არ გიფიქრია?
-არა, რადგან მგონია, რომ ჩემი ვერსია უფრო ახლოსაა სიმართლესთან. ნინოს დასაბრუნებლად გაიქეცი, მაგრამ უკან მაინც მარტო დაბრუნდი. ვიცოდი, რომ ის ქალი შენთვის ახლობელი იყო, - არაფრის დიდებით არ წარმოთქვა, რომ საცოლე იყო და ეჭვიანობდა. იმ მომენტშიც სულ სხვა მხარეს გაიხედა და მათრახის ტარს ხელები მაგრად მოუჭირა, - აქედან ვასკვნი იმას, რომ ან ვერ დაეწიე, რაც შენი ცხენის მყოლი ადამიანისთვის შეუძლებლად მიმაჩნია, ანდაც ისეთი რამ მოხდა, რამაც ძალიან გატკინა. ხომ მართალი ვარ?
მაგრამ დავითს ხმა არ ამოუღია. კვლავ დუმილი ამჯობინა, შემდეგ კი მოულოდნელად თქვა:
-რა იცი ჩემი და ნინოს შესახებ?
-რა? როგორ თუ რა ვიცი? რა შუაშია ახლა აქ ეგ?
-არ მიპასუხებ?
-მე არ... - დაიბნა ქალი და თავი დახარა.
-ნინო ჩემთვის ჯერ ბავშვობის მეგობარი იყო, მერე მიჯნური, საცოლეც კი, მაგრამ ახლა...
-ახლა რა? - დაიძაბა ქალიც.
-ახლა აღარ ვიცი.
-იცი, მაგრამ გაცნობიერების გეშინია. არ გინდა, რომ უფრო გეტკინოს. მე კი გეუბნები, რომ სიყვარული ტკივილის გარეშე არ არსებობს. და საერთოდაც არ მესმის ვინ მოიგონა სისულელე, რომ ეს გრძნობა მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაშიო. სიყვარული მრავალნაირია და ერთ ჯერზე უფრო მეტჯერ შეუძლია მოსვლა. ადამიანები ჩვენი ცხოვრებიდან მიდიან და მოდიან, მაგრამ მათ მიმართ გაჩენილი გრძნობა ყოველთვის ხელუხლებლად ინახება. დრო მათ არ აუფერულებთ. იმ ადამიანის მსგავსად შეგიძლია სხვაც შეიყვარო მეტადაც ან ნაკლებად, მაგრამ მის ადგილს გულში ვერასდროს სხვა ვერ დაიჭერს. მეორეს სულ სხვა ადგილი ეკავება, მას კი თავისი სამუდამოდ დარჩება. თუ საჭიროა, უნდა გაუშვა კიდეც, დათმო და დროს მიენდო. აცადო თავად იპოვოს ბედნიერება და თუ შეცდომას დაუშვებს, თავადვე გამოასწოროს. თუ შენი ბედია, ბოლოს ხომ მაინც აუცილებლად დაგიბრუნდება. რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოხდება ეს. მთავარია, რომ მოხდეს და ბოლოს შენთან იყოს.
-და სიყვარულზე მორალს მიკითხვას ის ადამიანი, რომელმაც თავად არ იცის რას ნიშნავს ეს გრძნობა.
-რატომ ფიქრობ მასე? - ალისა დაზაფრა კაცის ნათქვამმა და მათრახზე ჩაჭიდული ხელები მთლად გაუთეთრდა.
-ვინც უყვართ, მას ისე არასდროს ექცევიან, როგორც თავად ექცევი გაბრიელს. შენი უმცროსი ძმაა და იმის ნაცვლად, რომ სულ ცოტაოდენი სითბო გამოავლინო და აგრძნობინო, რომ მასზე ღელავ, გიყვარს და ნერვიულობ, ყველაფერს პორიქით აკეთებ. შენ მხოლოდ მაგ მათრახის ქნევა იცი. დასაშვებია, რომ ისეთი პიროვნება იყო, ვისაც საკუთარი გრძნობების გამოხატვის უცნაური ხერხი აქვს, მაგრამ ზედმეტი მოგდის. მე დიდი ხნის წინ ამომივიდოდა ყელში მსგავსი საქციელი და ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენდი, მაგრამ მე მე ვარ და ვერასდროს გავუგებ შენს ძმას.
ქალი კვლავ იჯდა ერთ ადგილას და ხმასაც ვერ იღებდა. მზერა გადადღაბვნოდა და მზის სხივების კიაფზეც კი კარგად ჩანდა, რომ თვალები ცრემლის ბურთებს დაეფარათ, რომლებსაც არაფრის დიდებით აძლევდათ გადმოღვრის საშუალებას. დავითი კი არა და არ ჩუმდებოდა.
-თავად მითხარი წეღან, რომ როცა საჭიროა უნდა გავუშვა და თუ ნამდვილად ჩემი ბედია, უკან დამიბრუნდება. რატომ ხარ დარწმუნებული, რომ სწორედ ასე არ ხდება? მაგრამ არ მიპასუხო, არ გინდა. გგონია, რომ შენთან უნდა ვიყო, შენ გემორჩილებოდე მთლიანად და სხვისკენ გახედვის უფლებაც არ მქონდეს. მე კი მასეთი ვერასდროს გავხდები. შენ შენი მსახურების მსგავსი მონები გჭირდება სხვა არაფერი. გინდა გითხრა, მაშინ რატომ მაკოცე? რადგან გაბრაზებული იყავი და მხოლოდ საკუთარი თავის დამშვიდებაზე ფიქრობდი. იმ წამს არანაირი გრძნობა არ გაგაჩანდა ჩემ მიმართ. მართალია, გრძნობ რაღაცებს, მაგრამ ეს ყველაფერი სიბრაზის საზღვრებს ვერ ცდება, მაქსიმუმ სიძულვილამდე მიაღწიოს. მაგრამ შენ წარმოდგენაც არ გაქვს იმ თბილ და სათუთ გრძნობაძე, რასაც სიყვარული ჰქვია. სრიყვარული არ იცი და ვერც იმას ხვდები, რომ მას დათმობა სჭირდება ორივე მხრიდან. შენ კი მხოლოდ მიღებას ხარ ჩვეული და არანაირ დათმობაზე არასდროს წახვალ. ჩემთან ურთიერთობა რომც წამოიწყო, მაშინვე თუ არა, ცოტა ხანში აუცილებლად მიხვდები, რომ ეს უბრალოდ აღფრთოვანება იყო და მეტი არაფერი. ახლა კი, გთხოვ, დამტოვო. არ მინდა შენგან არც თანაგრძნობა და არც დამშვიდება. სიყვარულის უცოდინარი ადამიანისგან არაფრის მიღება არ მსურს.
კაცი გაჩუმდა და ამჯერად თავად აარიდა მზერა. იცოდა და მშვენივრადაც ხვდებოდა, რომ თავისი სიტყვებით ძალიან სტკენდა ქალს, მაგრამ თითქოს კონტროლი დაეკარგაო, ვერც ერთ სიტყვას ენის წვერზე ვერ იმაგრებდა. თავისით ამოდიოდნენ და ჰაერში იფრქვეოდნენ. მანამ არ გაჩუმებულა, სანამ ბოლომდე არ ამოთქვა და თავში ერთი აზრის ჭაჭანებაც კი აღარ დარჩა.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც ჯერ ალისას გახშირებული სუნთქვა არღვევდა, შემდეგ კი მტვრევის ხმა გაისმა და ქალიც ალაპარაკდა.
-პირველივე შეხვედრაზე გითარი, რომ ბევრს ლაპარაკობ და ახლაც ამ აზრზე ვარ. მაგრამ აქ შენთვის რჩევა-დარიგებების მოსაცემად არ მოვსულვარ, - ქალს ლაპარაკი თანდათან უფრო უჭირდა და მთელი სხეულით თრთოდა, მაგრამ არ ჩერდებოდა, - უკან დაბრუნება უნდა მეთხოვა. ნურავის გამო გააკეთებ ამას, უბრალოდ გაითვალისწინე, რომ მელანო ნერვიულობს შენზეც და ერეკლეზეც. შენ კი ამ შემთხვევაში მათი დამაკავშირებელი ერთადერთი რგოლი ხარ. უბრალოდ დიდ ხანს ნუღარ დააგვიანებ. ბოლო დროს ბიძინა ძალიან ბედნიერი დაიარება და მელანოს ეს აშფოთებს. მადლობა, რომ გამიზიარე, რეალურად რას ფიქრობ ჩემზე, რომ უგულო არსება გგონივარ, მაგრამ გაფრთხილებ. ადიამიანებთან საუბრისას ფრთხილად უნდა შეარჩიო ხოლმე სიტყვები, რომ მერე პატიების თხოვნა არ დაგჭირდეს. სიყვარულზე კი იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ წარმოგიდგენია, დავით.
ქალი უკვე ფეხზე იდგა და არეული ნაბიჯებით მიიწევდა თავისი ცხენისკენ. მოუხერხებლად შემოჯდა უნაგირზე და თავის შემაგრებაც ძლივს შეძლო. მაგრამ ბოლომდე მაინც არ დაუყრია ფარ-ხმალი. ნაზად უბიძგა ცხოველს ფერდებში და ბილიკზე შეაყენა. უკან კი დავითის წინ დაგდებული გადამტვრეული მათრახი და გაოცებული კაცი დატოვა.
***
დავითი არც მეორე დღეს დაბრუნებულა და არც მესამე დღეს. მაგრამ ბოლოს როგორღაც მოერია საკუთარ თავს და დილაადრიან ამილახვრების მამულს მიადგა. მთელი დღე მუხლჩაუხრელად მუშაობდა. თითქოს გაცდენილი დროის ანაზღაურებას ცდილობდაო, მთელი დღე არ დაუსვენია. მაინც ყველას არიდებდა თავს, განსაკუთრებით კი ფრანგ ქალბატონს, მაგრამ ალისას მისკენ ერთხელაც კი აღარ გაუხედავს. ასე კი მთელი კვირა გაგრძელდა. კაცი გრძნობდა თავის დანაშაულს, მაგრამ თითქოს რაღაც აბრკოლებდა. მაგრამ იმ დღეს გარდატეხა მოხდა, როცა ალისამ მეჯინიბეს სთხოვა მისთვის ცხენის შეკაზმვა და არა დავითს. გვერდი ისე აუარა, გეგონებოდათ კაცი საერთოდ არ მდგარიყო იქვე. აქამდე თუ ყველა წვრილმანზე მას უხმობდა ხოლმე, დავითის დაბრუნების შემდეგ ყურადღებასაც აღარ აქცევდა. ხოდა, ადგა და იმ დღეს მელანოსთან მივიდა. მელანოს რამდენიმე დღის წინ გაეგო ჭორი, რომ „პოსეიდონი“ ზღვაში ჩაძირულიყო, ხოლო ბიძინამ დილით ახარა, შენი გამტაცებლები სათანადოდ არიან დასჯილებიო. თავადის ასული მართლა ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ დავითს მაინც ყურადღებით მოუსმინა და ბოლოს გაოცებულმა შეხედა.
-შენ რა ეს ყველაფერი მართლა უთხარი ალისას და ცოცხალი ხარ? მოიცადე, დასახიჩრებულიც არ ხარ?
-არა. საერთოდ რას მეკითხები მელანო?
-დარწმუნებული ხარ, რომ ახლა ორივე იმ ალისაზე ვლაპარაკობთ, ახლა ცხენზე რომ ზის და სადღაც აპირებს გასვლას?
-დარწმუნებული ვარ.
-მაშინ გასაგებია, რატომ დაბრუნდა ასე განადგურებული იმ საღამოს და საერთოდ არავინ გაგვიკარა ახლოს. რაზე ფიქრობდი, გამაგებინე, იმ სიტყვებს რომ ეუბნებოდი?
-მე მეგონა...
-რომ ალისას არ ეწყინებოდა? ქალებს ყველაფერი ძალიან მარტივად გვწყინს, ცნობისთვის. რაც არ უნდა ძლიერ ქალად გეჩვენებოდეს, ერთი არასწორი სიტყვა და მორჩა. იმ წამს არაფერს შეიტყობს, ვერც შენ შეამჩნევ, მაგრამ შემდეგ...
დავითი კვლავ იდგა და ალისას უყურებდა. რაღაცის სათქმელად დააღო პირი, ისევ მელანომ რომ გააწყვეტინა.
-არ თქვა ახლა, რომ როგორ მალე მოსულა ფერზეო. ალისა ასეთია. ერთ დღეს გამოიტირებს ყველაფერს და მეორე დღეს კვლავ ჩვეულებრივი ხდება. რა გეგონა, რომ მთელ დღეებს შენი სიტყვების გამო გლოვაში გაატარებდა? მწარედ შემცდარხარ. იცი, არ მესმის, რატომ გგონიათ მამაკაცებს თავები სამყაროს ცენტრი და რატომ გინდათ, რომ ყველა თქვენ დაგფოფინებდეთ თავს. აი, შენ კი, მეტის ღირსიც ხარ. რამ გათქმევინა, რომ სიყვარული არ იცის. წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა მდგომარეობაში იყო მე რომ გავიცანი, - მელანომაც ქალს გახედა, რომელსაც უკვე მოესწრო ჭიშკრიდან გასვლა და ამჯერად ორღობეში მოაქროლებდა ცხენს, - ალისა დანიშნული იყო და საქმრო ჰყავდა. ერთმანეთი ისე ძალიან უყვარდათ და იმდენად ბედნიერები იყვნენ, ზოგჯერ არ მეჯერა ხოლმე მათნაირი წყვილი როგორ შეიძლებოდა არსებულიყო დედამიწაზე. მაგრამ მოხდა ისე, რომ დიონი ჯარში გაიწვიეს და იქიდან აღარასდროს დაბრუნებულა. დღემდე ვერ გაარკვია ნორმალურად რა მოხდა, როგორ გაუჩინარდა და რა დაემართა. მხოლოდ კაცის სისხლისგანდაცლილი გვამი ჩამოუსვენეს. მაშინ რომ გლოვობდა დიონს, მგონი, საკუთარი ბაბუაც კი არ უგლოვია მასე. გაბრიელსაც სულ სხვანაირად ექცეოდა, როცა ის მის გვერდით იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ისევ შეიცვალა და გახდა აი ასეთი, როგორსაც დღეს ხედავ.
-კარგი, მე ცოტა ხნით გავალ...
-როგორც გინდა, მაგრამ ერთ რამეს გთხოვ, კარგი?
-გისმენ.
-ერეკლეზე სიმართლეს გამირკვევ? გული რაღაც ცუდს მიგრძნობს, მაგრამ ბოლომდე არც მამაჩემის და არც ამ ჭორების დაჯერება არ მინდა.
-დამშვიდდი, ყველაფერს გავარკვევ.
***
მელანოსთვის წარმოუდგენელი რამ მოხდა. ვერ მიხვდა დავითმა ასეთი რა გააკეთა, მაგრამ ალისა იმ დღეს ისე მალე დაბრუნდა შინ თანაც გაბადრული, რომ ასეთი მხიარული ბოლოს როდის ნახა, ისიც კი აღარ ახსოვდა. არავისთვის გაუმხელია თუ რა მოხდა, უბრალოდ აქეთ-იქით გაბადრული დადიოდა და ხანდახან თავისთვის ღიღინებდა კიდეც. იმ საღამოს კი ამილახვარმა ქალს შეატყობინა, რომ რამდენიმე დღეში ტფილისს მოუწევდათ გამგზავრება თავადების სანახავად. ალისაც უპრობლემოდ დასთანხმდა. ხოლო სწორედ იმ დღეს, როცა წასვლას აპირებდნენ, დილაადრიან მელანოს საძინებლის კარზე კაკუნი ატყდა. მართალია, ქალს დიდი ხანია ეღვიძა, მაგრამ მაინც გაოგნება ეწერა სახეზე, როცა კარი გამოხსნა.
-ვაიმე, ალისა, რა გჭირს, დაეცი? - მეგობრის დანახვისას წამოიკივლა მელანომ ლამის მთელი სახლიც გააღვიძა.
ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენებული. მზეს პირველი სხივები ახლა ამოეწვერა და ნელ-ნელა იწყებდა მთა-ბარის გათბობას. ალისა კი ღაწვებავარდისფერებული, ბედნიერი ღიმილით იდგა მელანოს ოთახის კართან და სულ არ აინტერესებდა მტვრით დასვრილი კაბა, აბურდული ვარცხნილობა და თმასა და ტანსაცმელზე შერჩენილი ბალახის ღეროები.
-სწრაფად შემოდი ჩემს ოთახში, არავინ დაგინახოს! - ხელი ჩაავლო და ოთახის კარი ჩაკეტა, - აღარ იტყვი, რა მოხდა?
-ისეთი არაფერი, - ყურებამდე გაიბადრა ალისა, - უბრალოდ მე და დათომ თივის ზვინი დავათვალიერეთ. გამძლე თივის ზვინების აგება გცოდნიათ, ხომ იცი შენ?! - ამოილაპარაკა და ხელით დაინიავა.
-რა ქენით? - თვალები შუბლზე აუვიდა მელანოს, - კი, მაგრამ... ჰა? - გაოცებული დადიოდა აქეთ-იქით და გაბადრულ ალისას თვალს ვერ აშორებდა, - დათო როგორ დაითანხმე? - ბოლოს დაუსვა ყველაზე ლოგიკური შეკითხვა და ერთ ადგილას გაჩერდა.
-დეტალებში მოგიყვე? - თვალები დაუბრიალა მეგობარმა და წამოდგა.
-კარგი, ხო, ბოდიში, მაგრამ ვერ ვიჯერებ. მოიცადე და ასე აწითლებული რატომ ხარ ჯერ კიდევ? ვერ გამოხვედი იმ ბურანიდან, რაც დათომ შეგყარა?
-მაქედან რაღა გამომიყვანს, მითუმეტეს როცა მისი გემო გავიგე, - შეიცხადა ქალმა და თან სარკეში ჩაიხედა, - ვაიმე, მართლა რას ვგავარ. თივის ზვინის პატრონმა ლამის წაგვასწრო, ხოდა ჩვენც გამოვიქეცით. აქამდე სულ სირბილით მოვედით და ამიტომ ვარ ჯერ ისევ აწითლებული.
-ჩვენ რა საკმარისი თივის ზვინები არ გვქონდა, რომელიმე გლეხს რომ არ შევარდნოდით და არ აგერიათ?
-ვაიმე, მელანო! ან გაჩუმდი და მოწესრიგებაში მომეხმარე, ან კიდევ წავალ, იცოდე!
-ვაიმე, როგორ მოლბი და მოტყდი, რომ იცოდე, - გადაიკისკისა ქალმა და ალისას დაბღვერილ სახეზე კიდევ უფრო მეტად აუტყდა სიცილი, - მათრახიც რომ დაიჭირო ხელში, მაშინაც კი აღარ შემეშინდება შენი. იმდენად ბედნიერი იყურები, სადღა შეგიძლია სიბრაზე. ყოჩაღ დავით, რაა! გეთაყვანები. როგორ უცბად მოგარჯულა და ჩამოგაგდო კვარცხლბეგიდან?!
-სანამ შენ ჩამომიგდიხარ მაგ სავარძლიდან, გირჩევნია, დამეხმარო! თორემ მართლა დავიბრუნებ პლანტატორი ალისას სახეს და მერე, ვაი შენი ტყავის ბრალი!
მელანო მართლაც მიეშველა თავის მოწესრიგებაში, შემდეგ კი მეტად საჭირბოროტო კითხვა დაუსვა.
-ახლა რას აპირებ?
-რას გულისხმობ?
-ხომ ხვდები, რომ ერთ დღესაც აქედან წასვლა მოგიწევს. მაშინ რას იზამ?
-დავითის მიტოვებას არასდროს ვაპირებ. ძლივს ცხოვრებაში სრულყოფილად ბედნიერი ვარ და ამ ყველაფერს არაფრის დიდებით არ დავკარგავ!



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

ამ თავში კიდევ მომითეხე ერეკლეეე მაგრამ არაუშავს რაც მთავარია დავითს და ალისას ეშველათ არადა მეგონა ქალბატონი დავითს გააწვალებდა, მაგრამ ჩვენმა დათომ ისე მოარჯულა ფრანგი ქალბატონი გაბადრული კი დადის, თივის ზვინზე ბევრი ვიცინეეე.

 


№2  offline მოდერი abezara98

სტუმარი დარინა
ამ თავში კიდევ მომითეხე ერეკლეეე მაგრამ არაუშავს რაც მთავარია დავითს და ალისას ეშველათ არადა მეგონა ქალბატონი დავითს გააწვალებდა, მაგრამ ჩვენმა დათომ ისე მოარჯულა ფრანგი ქალბატონი გაბადრული კი დადის, თივის ზვინზე ბევრი ვიცინეეე.

შემდეგი თავიდან კვლავ გვიბრუნდება ერეკლე და აღარსად აღარ წავა, ასე რომ არ ინერვიულო მასზე ❤❤❤ ძალიან გამახარეე ❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

abezara98
სტუმარი დარინა
ამ თავში კიდევ მომითეხე ერეკლეეე მაგრამ არაუშავს რაც მთავარია დავითს და ალისას ეშველათ არადა მეგონა ქალბატონი დავითს გააწვალებდა, მაგრამ ჩვენმა დათომ ისე მოარჯულა ფრანგი ქალბატონი გაბადრული კი დადის, თივის ზვინზე ბევრი ვიცინეეე.

შემდეგი თავიდან კვლავ გვიბრუნდება ერეკლე და აღარსად აღარ წავა, ასე რომ არ ინერვიულო მასზე ❤❤❤ ძალიან გამახარეე ❤❤❤

ერთი სული მაქვს ბიძოს საკუთარ ადგილს როდის მიუჩენს

 


№4  offline მოდერი abezara98

სტუმარი დარინა
abezara98
სტუმარი დარინა
ამ თავში კიდევ მომითეხე ერეკლეეე მაგრამ არაუშავს რაც მთავარია დავითს და ალისას ეშველათ არადა მეგონა ქალბატონი დავითს გააწვალებდა, მაგრამ ჩვენმა დათომ ისე მოარჯულა ფრანგი ქალბატონი გაბადრული კი დადის, თივის ზვინზე ბევრი ვიცინეეე.

შემდეგი თავიდან კვლავ გვიბრუნდება ერეკლე და აღარსად აღარ წავა, ასე რომ არ ინერვიულო მასზე ❤❤❤ ძალიან გამახარეე ❤❤❤

ერთი სული მაქვს ბიძოს საკუთარ ადგილს როდის მიუჩენს

ოოო, ეგ ნამდვილად რთული, მაგრამ შესრულებადი მოთხოვნაა :D როდის და როგორ მოხდება ყველაფერი მაგას მალე გაიგებ ❤❤❤

 


№5  offline მოდერი N1penguin

ნწ ნწ ნწ, ეს უუტაქტო დავითი. უნამუსოოო, ახლა საჩუქარს ვეღარ მიიღებ. ეს როგორ აკადრა ჩემს ალისას ჰააა? scream ქალს მასე ვინ ელაპარაკება, ტუტუცი, ტუტუცი confused კიდე მეტის ღირსი ხარ ზედ რო არ გადაგალეწა ის მათრახი smirk ერეკლეს თავს რაღა ხდება? რა ჩაიდინა ბიძინამ? ხომ ყველაფერი რიგზეა? scream astonished

 


№6  offline მოდერი abezara98

N1penguin
ნწ ნწ ნწ, ეს უუტაქტო დავითი. უნამუსოოო, ახლა საჩუქარს ვეღარ მიიღებ. ეს როგორ აკადრა ჩემს ალისას ჰააა? scream ქალს მასე ვინ ელაპარაკება, ტუტუცი, ტუტუცი confused კიდე მეტის ღირსი ხარ ზედ რო არ გადაგალეწა ის მათრახი smirk ერეკლეს თავს რაღა ხდება? რა ჩაიდინა ბიძინამ? ხომ ყველაფერი რიგზეა? scream astonished

გამოჩნდება შემდეგ თავში, არ ინერვიულო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent