შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა. წარსული. თავი 4. ნაწილი 1.


28-09-2019, 16:20
ავტორი Whisper
ნანახია 1 298

მაშინ 21 წლის ვიყავი...
მე და ანა ერთად გადავედით საცხოვრებლად. ერთადერთი ადამიანია, რომელიც არასდროს ჩამომშორებია. რომელიც მუდამ მხარში მიდგას და უბრალოდ არ მტოვებს. ერთადერთია, ვისაც ვენდობი...ახლა ერთადერთია, ვინც არ მაძლევს მარტოობის უფლებას და მაძლიერებს. პატარა გოგონა, რომელმაც პირველმა გადმოდგა ნაბიჯი ჩვენი მეგობრობისკენ...
-დედას ალბათ ძალიან არ მოეწონა ცალკე გადასვლის იდეა.-ანამ სევდიანი თვალებით შემომხედა.
-არაუშავს...იმედია ოდესღაც გამიგებს.
-ბავშვობიდან ზრდასრულად გაქცია.
-ბავშვობიდანვე ჩარჩოებში გამომკეტა და მკაცრად მომისაზღვრა ჩემი ცხოვრება, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.-გავუღიმე.-არ ინერვიულო, ვიცი რომ გამიგებს და ისევ მიმიღებს.
ნოემბრის ცივი საღამო იყო...მაშინ 23 წლის ვიყავი...
-იცი, არ მინდა ეს ნოემბერი აქ გავატაროთ.-ანას გავუღიმე.
-გინდა სადმე გავემგზავროთ?-თვალები გაუბრწყინდა.
-რატომაც არა.-ჩამეცინა.
-ლონდონზე რას იტყვი?-პატარა ბავშვივით აათამაშა ხელები.
-დარწმუნებული ვარ, უკვე ყველაფერი წარმოიდგინე და დაგეგმე.-ხმამაღლა და მხიარულად გავიცინე.
-ასე მეტყობა?-ამყვა.
-ყველაფერი სახეზე გაწერია.
-უკვე ვეღარ ვითმენ.-სავარძლიდან წამოდგა და მოუსვენრად დაიწყო აქეთ-იქით სიარული.
-ჯერ დაჯექი.-გამეცინა.-მოვიფიქროთ.
და კვლავ ნოემბრის ცივი ღამე...
მე და ანა აივანზე ვისხედით.
-როდის წავალთ.-სიცილით წამოიძახა ანამ.
-ძალიან მალე, რაღა დარჩა.
-ვეღარ ვძლებ...
-სიმართლე გითხრა, ვეღარც მე. წვიმა მომენატრა.-გავუღიმე.-წელს მშრალი ნოემბერია.
-რატომ გიყვარს წვიმა ასე ძალიან?
-უბრალოდ მიყვარს. მსიამოვნებს. ასე მგონია ჩემი ტკივილი იფანტება წვიმად და მეც ვთავისუფლდები.
-მე მზე მიყვარს. კაშკაშა, ცოცხალი...წვიმიან ამინდში ძალიან ვიწყენ და თითქოს ხალისს ვკარგავ. ასე მგონია, მთელი ენერგია მეხარჯება, როცა წვიმს...თითქოს რაღაცას მაცლის. თითქოს ჩამწყდება ხოლმე რაღაც გულში და მერე ვწუხვარ.
-ამბობენ, წვიმა სევდიანიაო.-გამეღიმა.-ყველა თავისებურად აღიქვამს წვიმას. ჩემთვის...წვიმა სიყვარულია...ვნება...გრძნობები...
როცა წვიმს...
როცა მაწვიმს...
როცა მიყვარს...
როცა მწამს...
რისი მწამს?
დაბრუნების...
დაბრუნდება?
არ ვიცი...თუმცა მწამს...
წვიმა...
გაქცევა...
წვიმა...
ერთი...ორი...სა...
კოცნა...
სინაზე...
ვნება...
სიყვარული...
მშვენიერია...
უცნაური სევდა დამჩემდა...
ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდით და ვტკბებოდით.
ანას მხიარულება უცნაურმა ბურუსმა მოიცვა. მისკენ გავაპარე მზერა.
ღრმად ჩაისუნთქა და ფართო თვალებით ისე დააკვირდა ცას, თითქოს რაღაცას ეძებდა.
-საინტერესოა, რამდენი ვარსკვლავია ცაზე?-უეცრად იკითხა.
-ალბათ რამდენი პრობლემაც გვაქვს.-რატომღაც ჩამეცინა.
-ბედნიერებას გაუტოლდეს, არ ჯობია?-ამყვა ანაც.
-ძალიან ბევრსაც ნუ მოინდომებ.-გამეღიმა და ანას ჩაფიქრებული სახიდან თვალები ცისკენ გავაპარე.
ნოემბერი...ლონდონი.
ახალი ქალაქი...
ახალი ემოცია...
ახალი თავისუფლება...
სილამაზე...
მშვენიერება...
ბედნიერება...
გრძელ და სევდიან ქუჩას მივუყვებოდით. ჰო...იყო რაღაც სევდიანი ლონდონშიც, მაგრამ ეს სევდა აღმაფრთოვანებდა...
ცას ავხედე...რუხ ღრუბლებს შეემოსათ ცისფერი ჰორიზონტი.
-ალბათ დღესაც იწვიმებს.-ღიმილით ვუთხარი ანას.
-და, რა თქმა უნდა, შენ გაგიხარდება.-მას გაეცინა.
-ეჭვი გეპარება?-"მკაცრად" შევხედე.
-ჰო იცი, რომ არა.-რატომღაც, სიცილს აგრძელებდა.
მიყვარს მისი მხიარულება. გადმომდებია. თითქოს მმუხტავს. ბედნიერებას მიწილადებს. არასდროს ვავიწყდები.
-როგორ მიხარია, რომ გამოვაღწიეთ.
-გითხარი, სულ ცოტა დრო დარჩა-მეთქი.
-ვიცოდი, მაგრამ მოუთმენლად ველოდი.-ანას ჩაეცინა.
-ბედნიერი ვარ.
-მეც.-ანამ გამიღიმა.-შენთან ერთად ყველგან ბედნიერებაა. შენთან თავს მუდამ "შინ" ვგრძნობ.
ანას სიტყვები იისფერ ფიფქებად მიმოიფანტა სულში.
"შინ"...სად არის ჩემი "შინ"?...
წავიდა და აღარ დაბრუნდება...
დეკემბერი. ბუხარი, სავარძლები.
კაფეში ვიყავით. მშვიდი და მყუდრო გარემო გვაბედნიერებდა. ცივ საღამოს ცხელი ყავით ვითბობდით და ერთმანეთს გაყინვის უფლებას არ ვაძლევდით.
ტკბილად ვსაუბრობდით...სასიამოვნოდ გვეთამაშებოდა ბუხრიდან წამოსული სითბო სახეზე.
-იცი...-ანამ გამიღიმა.
გაკვირვებულმა ავხედე.
-სიკვდილზე გიფიქრია?-იკითხა უეცრად.
მისმა შეკითხვამ წამიერად შემაკრთო.
-ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ყოველთვის თავს ვარიდებდი.
-მე არა. რატომ უნდა მეფიქრა?-ანას ჩაეცინა.
-აბა ამ წამს არ იფიქრე?-უნებურად გამეღიმა.
-უბრალოდ, გამახსენდა.
-სიკვდილი დავიწყებულიც კი გქონდა?-ჩემი ღიმილი სიცილში გადაიზარდა.
-აზრადაც არ მომდიოდა.-ანა შეიშმუშნა.
-სიკვდილი ასეთ უყურადღებობას ვერ აიტანს, ფრთხილად იყავი.-გავუღიმე.
-ასე მგონია დამწყევლე.-გაეცინა.
-არა...-წამიერად სრულიად სერიოზული სახით ვუპასუხე, მერე კი კვლავ გავუღიმე.-უბრალოდ, უცნაურია. ყველა ადამიანი ფიქრობს სიკვდილზე...
-მე არ მიფიქრია.-უცნაურად შემომხედა.-თუმცა არა, მიფიქრია, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. არ მინდა ვიფიქრო იმაზე, თუ რა მოხდება მერე. უბრალოდ ამ მომენტით ტკბობა მიყვარს.
-მე...ხანდახან ვფიქრობ, რომ ბავშვობიდანვე მქონდა დაგეგმილი ჩემი ცხოვრების გზა. სიკვდილიც კი...
მომენტი...
მოგონება...
დრო...
სიკვდილი...
მომავალი...
ტყვე...
-სიკვდილი როგორ უნდა დაგეგმო.-ანას გაეცინა.
-სულელი ვიყავი...მეგონა რომ ყველაფრის დაგეგმვა შემეძლო. მეგონა რომ ყოველთვის უნდა განმესაზღვრა თითოეული დეტალი...მაგრამ ამასობაში ვერც კი ვხვდებოდი, როგორ ვკარგავდი რეალობას...
ახლა...
წამი...
1 წამის წინ მომხდარი უკვე წარსულია. წამში ვცხოვრობთ ადამიანები. წამია ჩვენი "ახლა". ამის იქით კი მხოლოდ წარსული და მომავალია...
სექტემბრის ფერადი საღამო...მაშინ 23 წლის ვიყავი...
-მარია!-ანა გახარებული შემოვარდა სახლში და სავარძელს შეეჯახა.
-ფრთხილად გაიარე, სადმე არ წაიქცე.-მეცინება და ხელს ვაშველებ.
-იცი რა მოხდა? იცი...იცი...-თვალები უბრწყინავდა.
იმდენად გახშირებულად სუნთქავდა, მის ნაცვლად დაღლილობა მე ვიგრძენი და გამეცინა. ასეთი აღელვებული ანა დიდი ხანია არ მინახავს.
-ჯერ ყავას გავაკეთებ, შენ იქამდე სული მოითქვი.-გავუღიმე და სამზარეულოსკენ წავედი.
მალე ორი ყავის ჭიქით დავბრუბდი.
-ჩემი ბედნიერება ხარ.-გამიცინა.
-ახლა შეგიძლია მითხრა, რა დაგემართა.-გავუღიმე.
-რა და...-ღიმილი ყურებამდე გადაეჭიმა.-სასწაული პიროვნება გავიცანი.-ღიმილი არ შორდება.-ყველანაირად საოცარია. გეფიცები, მთელი საღამო მასთან საუბარში გავატარე. უბრალოდ ვერ მოვწყდი. და...გამოიცანი...-მისი ღიმილი ყურებს გასცდა.-პაემანზე დამპატიჟა.-ჩაიცინა.
როცა რაღაც აღაფრთოვანებდა, მუდამ ანათებდა და ბედნიერებას ასხივებდა. პატარა ბავშვს ემსგავსებოდა, რომელიც რაიმე სასურველის დანახვისას ბედნიერდება და მისკენ მიიწევს. უზომოდ ემოციური და ლაღი. ნათელი, კაშკაშა.
დეკემბრის მხიარული საღამო...
-მე და დანიელი...
-შენ და დანიელი?-გამეღიმა.
-ჰო...მე და დანიელი...
თბილად ჩავეხუტე.
თებერვლის სუსხიანი საღამო...მაშინ 25 წლის ვიყავი...
-წავიდეთ რა...-წამეწუწუნა ანა.
-კარგი, კარგი.-გამეცინა.-მაგრამ მხოლოდ ორი დღით. მერე აღარ მეცლება.
-ვიცი, მეც არ მცალია მერე...-უცებ ანას სახე გაუნათდა.-ერთი პატარა თხოვნა მაქვს.-გამიღიმა.
-მგონი ვხვდები რისი თხოვნაც გინდა.-ჩავიცინე.
-შეიძლება?-თავი დარცხვენით ჩახარა.
-რატომ უნდა გითხრა უარი ბედნიერებაზე.-გავუღიმე.
პატარა ქოხი მთებში...
თოვლიან საღამოს, სიცივეში, გაჩახჩახებული ბუხრის წინ მე ანა და დანიელი კომფორტულად ვისხედით და წითელ ღვინოს ვწრუპავდით.
ერთმანეთს ჩახუტებულ წყვილს ვუყურებდი და მათი სითბო მეც მიღვიძებდა სიყვარულის სურვილს. მინდოდა კვლავ შემყვარებოდა და თითქოს მივიწყებული წარსული, სამუდამოდ დამევიწყებინა. მსურდა ხელახლა მეგრძნო ყველაფერი...
-ალბათ ესაა ბედნიერება, არა?-ანას ჩაეცინა.
-ჩემთვის ყველგან ბედნიერებაა, თუ იქ შენ ხარ.-დანიელმა მას მხარზე დაადო თავი და ნაზად მიეხუტა.
-მეც გამითვალისწინეთ.-სასაცილოდ შევნიშნე და ღვინო მოვსვი.
-არც დაგვვიწყებიხარ.-ანას ჩაეცინა.
-თუ დროზე არ გაგახსენეთ თავი, ალერსში საერთოდ დაგეკარგებით თვალსაწიერიდან.-მეც ავყევი.
-ნუ ხარ სულელი.-დანიელმა გამიღიმა.
მარტივი ბედნიერება...უბრალოდ სასიამოვნო წამი და შენ ბედნიერი ხარ...ვიცი, საშინლად ჟღერს, მაგრამ თითქოს მშურს მათი ბედნიერების. ჩახუტების სურვილი მკლავს...წარსულის მოგონებები მანადგურებენ...მინდოდა მუდამ ჩემს გვერდით ყოფილიყო, მაგრამ...
დიდი, ნათელი, თოვლიანი ტყე.
უბრალოდ ვერთობოდით. ვგუნდაობდით, ვცანცარებდით. თავი პატარა ბავშვი მეგონა. თუმცა, მთელი ბავშვობის განმავლობაში ბევრი მხიარული მოგონება ვერ შევაგროგე...და ვნანობ...ვნანობ, რომ თავისუფლებაზე უარს ვამბობდი...ვნანობ, რომ ბედნიერებას საკუთარი ხელით ვახრჩობდი მაშინ, როცა შემეძლო ფერადი ბავშვობის დახატვა.
მოვდუნდი და სულის სიღრმით შევიგრძენი ბედნიერება.
აზრებიდან დანიელის სიცილნარევმა წამოყვირებამ გამომაფხიზლა.
-ფრთხილად!-გაიცინა დანიელმა.-კინაღამ თვალის გარეშე დამტოვე.
-მაპატიე.-ანასაც გაეცინა.
-მაპატიე არ უშველის.-დანიელმა ჩაიცინა და ანა ჰაერში აიტაცა.
-რას მიკეთებ?-წამოიყვირა გაკვირვებულმა.
-ნუ გეშინია.-დანიელმა ცბიერად ჩაიცინა და ანა თოვლის გორაში ჩააგდო.
სიცილისგან ცრემლები მომდიოდა...მერე კი, არ ვიცი რატომ, უბრალოდ ჩემი პირველი გაპარვა გამახსენდა.
შემდეგ...უკანასკნელიც...
პარკში ვისხედით ივნისის ცხელ საღამოს...მე და ნოე...მაშინ 17ის ვიყავი...
"-რა სასიამოვნო საღამოა...-ნოემ სევდიანად ჩაიღიმა.
-ჰო...-ხმაშემკრთალმა ვუპასუხე.
იმ საღამოს საშინელ ხასიათზე ვიყავი.
-არ მინდა ჩემ გამო დედასთან გაგიფუჭდეს ურთიერთობა.-თბილად გამიღიმა.
-გადაუვლის. აღარ ვარ პატარა.-შევეცადე რაც შეიძლება მხიარულად მეთქვა ეს სიტყვები, თუმცა ტკივილის დამალვა არც ისეთი რთულია.
-დაბრკოლება ვარ.-მის ხმაში იმედგაცრუებამ გაიკვალა გზა.
-არანაირად!-თვალებზე ცრემლები მომადგა.
-მგონი აჯობებს თუ...
-არა!-ვუთხარი მკაცრად.
-არა...ცხოვრება აგირიე. ვიცი, ყოველთვის გეუბნებოდი, რომ ამ მომენტით უნდა დატკბე. ისიც ვიცი, რომ შენთვის ყველაფერი შეიცვალა. ბედნიერი ხარ, მე კი ეს ყველაზე მეტად მსურდა ყოველთვის. მაგრამ...
-მაგრამ?-ცრემლები მომადგა.
-პატარები ვართ. არ მინდა გული გატკინო. მეშინია. ვიცი, ალბათ ახლა შეგძულდები. იფიქრებ, რომ საერთოდ არ ღირდა ჩემთან ურთიერთობის დაწყება...თუმცა...მიყვარხარ...სიგიჟემდე მიყვარხარ, მაგრამ მეც მეშინია. მეშინია შენი სამყარო არ დავანგრიო.
-უკვე საკმაოდ ღრმად შევტოპეთ...და ახლა ამბობ რომ ჯობია დავასრულოთ?-ცრემლი ხმაშიც გამეპარა.
-შენთვის ასე აჯობებს. არ ვარ საუკეთესო ადამიანი. სახიფათოც ვარ. მე კი არ მინდა ჩემ გამო ოდესღაც რამე მოგივიდეს...
-ნოე...-ვტიროდი.
-მაპატიე...-თავი ჩახარა.-წლების მერე თუ ისევ შევხვდებით, მინდა რომ გიმსახურებდე. მინდა ღირსეულ ადამიანად ვიქცე, რომელიც ნამდვილ ბედნიერებას გაჩუქებს...
-ახლაც ეგეთი ხარ...
-ახლა...არა...უბრალოდ შენ გიყვარვარ უზომოდ და ჩემს ბევრ ნაკლს ვერ ამჩნევ...დრო რომ გავა, მიხვდები...მიხვდები რომ ასე უკეთესია...
-მეც არ ვარ უნაკლო...ერთად გავაკეთებთ ყველაფერს...
-ცხოვრებას დაგინგრევ...გაგანადგურებ...არ მინდა ეს ტვირთი შენც გათრევინო. ეგოისტი ვარ...ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემი ყოფილიყავი...მაგრამ არც დავფიქრებულვარ იმაზე, რამდენად დაგაზიანებდი ჩემი ეგოისტობით...
ნოე წამოდგა. მაჯაზე ხელი დავავლე და წინ დავუდექი. თვალებში არ მიყურებდა.
-გთხოვ...-ვთქვი ჩურჩულით.
ნოემ ხელი გამაშვებინა. თავის დიდ ხელისგულში ჩემი პატარა მტევანი მოიქცია. მზერა გამისწორა.
-წლების მერე, თუ ისევ შევხვდებით...მინდა რომ გიმსახურებდე...-გამიღიმა.
მის თვალებში ტკივილი გამოიპარა.
-წლების შემდეგ...-გაიმეორა.-ისევ შევხვდებით.-ტკივილნარევმა ღიმილმა გადაირბინა მის სახეზე.
ხმას ვერ ვიღებდი. გაშეშებული ვუყურებდი ჩემს საყვარელ ადამიანს და ფეხები მიკანკალებდა.
-მიყვარხარ.-ნაზად დაიხარა ჩემკენ და შუბლზე მაკოცა.
ხელი გამიშვა და...წავიდა.
სული ამომეცალა. ვგრძნობდი როგორ კიოდა ჩემში ტკივილი. წამში ათასმა აზრმა გამიელვა თავში....თუმცა ერთადერთმა დაიბუდა სამუდამოდ.
-არ წახვიდე...-ვთქვი ჩუმად.
-არ წახვიდე!-ვიყვირე, თუმცა ნოე არ გამობრუნებულა.
მინდოდა გავკიდებოდი და მთელი სხეულით გულში ჩამეკრა, მაგრამ ვერ ვმოძრაობდი. ქანდაკებასავით გავქვავდი...
და ეს ქანდაკება ინგრეოდა..."
ნელი ნაბიჯები...
მოხრილი ზურგი...
ვგრძნობდი...ტკიოდა...
უნდა გავყოლოდი...
უნდა გავკიდებოდი...
უნდა გამეჩერებინა...
მაგრამ...
ერთადერთი ვინც გაჩერდა, მე ვიყავი...
ვნანობ...
აპრილის თბილი საღამო...მაშინ 27 წლის ვიყავი...
-ნერვებს მიშლის!-ბრაზით წამოიყვირა ანამ და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა.
-რა აზრი აქვს ეგეთ ურთიერთობას?-თითქოს "ვუსაყვედურე"-აშკარად ვერ უგებთ ერთმანეთს და ორივე იტანჯებით, გამუდმებით ჩხუბობთ.
-მგონი გადავიწვით.-ცრემლები მოადგა.-მართლა მიყვარს...უბრალოდ...
ანას თვალიდან კენტი ცრემლი გადმოგორდა, ლოყაზე ჩამოსრიალდა და გაქრა...სველი კვალი დატოვა სევდისა და დაღლილობისგან გატანჯულ სახეზე.
-უბრალოდ...-ანამ ძალა მოიკრიბა და საუბარი განაგრძო.-ვხვდები, რომ ჩემ მიმართ გაცივდა...იმდენად შეიცვალა...თითქოს არასდროს ვყვარებივარ...
-მართლა არ მესმის რატომ იტანჯავ თავს.-უიმედოდ ამოვისუნთქე.-რა აზრს პოულობ ასეთ ურთიერთობაში?
-შევეჩვიე...ზედმეტად შევეჩვიე, რომ ახლა გავუშვა. უბრალოდ არ შემიძლია...
-უნდა შეძლო. უბრალოდ გაუშვა ხელი და გათავისუფლდე. მაგრამ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს შენ თვითონ არ გინდა გაყინული ჯაჭვების ჩამოშორება და უფრო მძლავრად ეჭიდები...
-შენც ეგრე ეჭიდებოდი ჯაჭვებს მთელი ბავშვობა...
-მაგრამ გავთავისუფლდი.
-ნოე...
-ჰო...-სახეზე სევდანარევმა ღიმილმა გადამირბინა.-ნოემ მასწავლა თავისუფლება...
-რატომ წავიდა?
-10 წლის მერე ეს შეკითხვა ცოტა დაგვიანებულია.-ჩამეცინა.
-მაშინ ვერ ვბედავდი, მერე როცა გამოკეთდი, არ მინდოდა გამეხსენებინა და ახლა...-ანამ თავი ჩახარა.
-ახლა...-ჩამეცინა.-ალბათ იმ დროს ასე იყო უკეთესი. ბავშვები ვიყავით.
-სიგიჟემდე გიყვარდათ ერთმანეთი.
-შეიძლება ჩვენც გადავიწვით...
ტკივილმა გზა გულიდან სულამდე გაიკვალა.
ღიმილი...
სევდა...
თვალები...
მოგონებები...
მონატრება...
სიცივე...
ყინვა...
წავიდა...წავიდა და აღარ დაბრუნდა. თითქოს ჩემი ნაწილი თან წაიყოლა და გაქრა.
სიღრმეში...
თითქოს სადღაც, უსასრულო სიღრმეში ტივტივებს ჩემი სხეული.
სილურჯე...
ოდნავ აღწევს მზის სხივი ჩემამდე.
თითქოს ახლოსაა ზედაპირი...თუმცა არა, შორს...ძალიან შორსაა.
ცისფერი ნელ-ნელა ლურჯით იმოსება...ჩემს ქვევით კი სიშავე...
უკუნით სიბნელეში...სულ მარტო...მე...
ვცდილობ რომ გავინძრე, მაგრამ არც ერთი კიდური არ მემორჩილება...თითქოს ჯაჭვებით გამაკავეს...მაგრამ არ ჩანს...ხელებს ვუყურებ და თავისუფალია...მაგრამ ვერ ვმოძრაობ...
სული მეხუთება...თუმცა არა...
შიში მიპყრობს...თუმცა...არა...
ამოუცნობი სიცარიელეა გარშემო.
სიჩუმე...მკვდარი სიჩუმე...
თითქოს მცივა...ვგრძნობ წყლის შეხებას სხეულზე, მაგრამ თითქოს არაფერი მეხება...რბილია...
უწონობა...უგრძნობლობა...სიმშვიდე...და ქაოსი, რომელიც არ მესმის.
თითქოს დავყრუვდი. ყველა ხმა დაგუბდა ყურში. არაფერი ისმის. ვერაფერს ვგებულობ და...მეშინია მარტოობის, თუმცა აღმაფრთოვანებს.
მინდა გამოვგლიჯო ხელები უხილავ ჯაჭვებს და ამოვყვინთო. ჩავისუნთქო ჰაერი. მაგრამ ვერ ვმოძრაობ.
თვალები დავხუჭე და კვლავ დავიკარგე დაგლეჯილი სულის მკვდარ სიმშვიდეში.
აქ არაფერია...
აქ...არაფერია...
სიყვარულის ნაჩუქარი ნოემბრის თბილი ზღვის ტყვე გავხდი. ამ ზღვაში მის გარეშე ყინავდა. ათი წლის მერეც...ჩემს სულში მარტოობის შემაძრწუნებელმა სიცივემ გამოიღვიძა.
მან მასწავლა სიცილი...
მან მასწავლა თავისუფლება...
მაგრამ მანვე გამხადა სიყვარულის ტყვე...
და დღეს...
10 წლის შემდეგ...
კვლავ...
მის გარეშე კვლავ მარტო ვარ.
-მარია...-ლოყაზე ანას თბილი ხელის შეხება ვიგრძენი.-ბოდიში, არ მინდოდა...
გაკვირვებულმა ავხედე და მხოლოდ მისი ერთიანად დანაღვლიანებული და შეშფოთებული მზერის დანახვისას მივხვდი რომ ცხარე ცრემლებით ვტიროდი...
-ბოდიში, ეგოისტურად მოვიქეცი.
სახეზე მიყინული ცრემლების კვალს თითებით დავუყევი, მერე კი ნაზად შევიმშრალე და ანას გავუღიმე.
-ისევ გიყვარს...-ანა გვერდით მომიჯდა და მუხლებზე დამადო თავი.
-აღარ მინდა წარსულის გახსენება.-გავუღიმე და თავზე ნაზად გადავუსვი ხელი.
-რომ გავუშვა, მეც იგივე სიცივეს ვიგრძნობ, მეც გავიყინები...არ მინდა.-ანამ გამიღიმა.-უბრალოდ შევეცდები ყველაფერი გავაცოცხლო. მხოლოდ ერთი მცდელობა...გთხოვ, არ გამკიცხო.-ანას ჩაეცინა.
მაისის ბოლო დღე...შუადღის სიცხე...
-ძალიან დაღლილი ხარ?-ანა მხარზე დამეკიდა და ტკბილად გამიღიმა.
-არც ისე, დღეს ბევრი ბავშვი არ მყავდა.-გავუღიმე.
-მაშინ...-თვალებით უსასრულო წერტილისკენ მანიშნა.
-მაშინ?-გავიოცე და მის მზერას ჩემი გავაყოლე.
-ამ ქუჩის ბოლოს ლიტერატურული კაფე გაუხსნიათ, ზევით ბიბლიოთეკაა.-მხრიდან არ მშორდებოდა.
-გინდა გავიაროთ?-ჩამეცინა, როცა მის მუდარით სავსე სახეს შევხედე.
-ჩემზე მეტად შენ გიყვარს წიგნები, მეგონა აქეთ მთხოვდი.-ხმამაღლა გაიცინა.
-არც ვიცოდი ამის შესახებ.
-ზედმეტად დაკავებული ხარ ამ ბოლო დროს, არც მიკვირს.-გამიღიმა.-წამოდი.-ხელი ჩამავლო.
საკმაოდ ფართო და ლამაზი ქუჩაა. ქუჩის ბოლოს კი...ლამაზად მიყუჩებული პატარა ორსართულიანი შენობა მოჩანდა. ფერად-ფერადი ყვავილებით მორთული შესასვლელი. კარებზე წარწერა "ღიაა".
ლიტერატურული კაფე.
ყავისა და წიგნების სურნელი ერთმანეთში აირია. თავბრუ დამეხვა. ნაცნობმა აურამ, სახლოს სურნელმა გამირბინა მთელს სხეულში. სასუნთქი გზებიდან ძარღვებს მიწვდა სიამოვნება და სისხლი ამიდუღა.
-მშვენიერია...-ჩავილაპარაკე ჩუმად.
სრული სიმშვიდე. აქ ნამდვილად კითხულობდნენ...აქ ნამდვილად მოგზაურობდნენ სხვა სამყაროში...
-მეორე სართულზე ბიბლიოთეკაა. თან შეგვიძლია ჩვენც დავსხდეთ და წავიკითხოთ.-ანამ გამიღიმა და ხელი მაჯაში ჩამავლო.-წამოდი.
ჩამეცინა და მორჩილად ავყევი სპირალურად დახვეულ კიბეზე.
წიგნების სამყაროში აღმოვჩნდით. უზარმაზარი თაროები...ლამაზად მიწყობილი წიგნები...
"იდეალურია" გავიფიქრე ჩემთვის და ჩამეღიმა.
დიდი ინტერესით ვათვალიერებდით წიგნებს.
-ამის წაკითხვას ვგეგმავ.-თქვა ანამ, მომხიბვლელად და საყვარლად.
-ზაფხულში გადავაწყდი მაგ წიგნს, მოგეწონება.-გავუღიმე.
-რომ წავიკითხავ, გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს.-ანამაც ღიმილით მიპასუხა.
-მოუთმენლად ველი.-მეც არ მშორდებოდა სახიდან ჩაღიმება.
წინა ზაფხული იმდენად მშვიდი იყო...მე და წიგნები...წიგნები და მე...
-ისე, აქვე წიგნების მაღაზიაა. შევიაროთ? თან მითხრეს რომ ძალიან მიმზიდველი წიგნების გამყიდველი ჰყავთ. საკუთარი თვალითაც ვნახე. დამიჯერე არ ინანებ.-ანამ მაცდურად შემომხედა.
-სიამოვნებით, თან რაიმე ახლის წაკითხვა მინდა. შევარჩევ და ვიყიდი.-გავუღიმე.
-მე შენს მომავალ ბედზე ვზრუნავ და შენ მარტო წიგნის საყიდლად აპირებ შესვლას?-ჩაეცინა.
-ნუ ცანცარებ.-მეც ავყევი.
კაფედან გამოვედით, იქვე გვერდით იყო მაღაზია. როგორც ჩანს, ლიტერატურული კაფეს ნაწილი იყო.
წიგნების მაღაზია...
წიგნებს მუდამ აღფრთოვანებული ვუყურებ...ახლაც, ამ პატარა და ლამაზ მაღაზიაშიც...სახლად მექცა ეს სამყარო...
წიგნებს ვარჩევდით, თან ვჩურჩულებდით.
-მეჩვენება, თუ ის გამყიდველი მომაშტერდა?-ჩუმად გამეცინა.
-მეც შევამჩნიე.-ანამ გამიღიმა.
-ისე კარგი ბიჭია, არა?- ნელა გავაპარე მზერა წიგნების გამყიდველისკენ.
-საკმაოდ. მოსაწევად გავალ, შენ აქ იტრიალე.
-არ დამტოვო.
-ნუ ხარ მშიშარა.-ანას გაეცინა და მალე მომშორდა.
მაღაზიაში დარჩენილმა ნერვულად გავაგრძელე წიგნების თვალიერება.
ვცდილობდი გამყიდველისკენ არ გამეხედა, თუმცა მის დაჟინებულ, მაგრამ სასიმოვნო მზერას ვგრძნობდი.
უეცრად...
-დაგეხმაროთ?-წიგნების გამყიდველი მომხიბვლელი ღიმილით მომიახლოვდა.
წამიერად სუნთქვა შემეკრა და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
-თუ არ შეწუხდებით.-გავუღიმე.
-რა ჟანრის წიგნს ეძებთ?
იმდენად მომხიბვლელად საუბრობდა, გულმა არითმულად დაიწყო თამაში. ღრმად ჩავისუნთქე და ნერვიულობისგან თავის დაღწევა ვცადე.
-ვფიქრობ, რაიმე ძალიან ჩამთრევი მჭირდება. ისეთი, რომელიც გადამავსებს ემოციებით და მერე ერთიანად დამცლის.-ვთქვი თავდაჯერებულმა, თუმცა გამყიდველს არ ვუყურებდი.
-მაშინ, ამას გირჩევდით.-ბიჭმა ხელი ერთ-ერთი წიგნისკენ წაიღო.
-ასე მალე?-ჩამეცინა.
-ჩემი საყვარელი წიგნია.-გამყიდველს გაეღიმა.
-მშვენიერი. გენდობით. ხვალ შემოვივლი საყიდლად.-გაუაზრებლად ვუთხარი.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ყიდვა იმ მომენტში თავისუფლად შემეძლო, რაღაც ამოუცნობმა ძალამ მიბიძგა, ასე მეპასუხა. თითქოს მინდოდა ამ ბიჭის მეორედ ნახვა.
-გელით.-ისევ მომხიბვლელად გამიღიმა წიგნების გამყიდველმა.
სახეზე ოდნავმა სიმხურვალემ გადამკრა. თავჩახრილმა ფრთხილად გავიარე წიგნებით გადატენილი კარადები და კარებთან მისულმა, დარცხვენილმა ჩავილაპარაკე:
-ხვალამდე.
და ისე, რომ ბიჭის პასუხს არ დავლოდებივარ, გარეთ გამოვედი. შეიძლება ვერც გაიგო ჩემი დამშვიდობება წიგნების გამყიდველმა, თუმცა არა...რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ გაიგო.
უცნაურმა გრძნობამ გამირბინა გულში...თითქოს...არა...შევცდი...უბრალოდ ძალიან ნაცნობი ღიმილი ჰქონდა...და თვალები? არა...ნამდვილად გავგიჟდი...
ანა იქვე იდგა.
-რატომ აღარ შემოხვედი?-ვკითხე გაკვირვებულმა.
მან კი მხოლოდ მაცდურად გამიღიმა და სახლისკენ გაუყვა გზას.



№1  offline წევრი Rania

Is bichi noaaa. Vaime zalian magariaaa. Gamorcheuli ceria stili gaqvt
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი Whisper

Rania
Is bichi noaaa. Vaime zalian magariaaa. Gamorcheuli ceria stili gaqvt

ძალიან მიხარია რომ მოგწონს❤ დიდი მადლობა❤

 


№3  offline წევრი Niniko11

ძალიაან მომწოონსს... რაღაც განსხვავებულად წერრ და დამაინტერესაა მოვლენები როგორ განვითარდება დაა რანიასი არიყოოს ეჭვი მაქვს რომ ის ბიჭი ნოეაა...
ბევრი კითხვა მიტრიალებს თაავშიი
ველი ახალ თავს მოუთმენლად♡♡♡
წარმატებები♡♡

 


№4  offline წევრი izabella

უძლიერესი გრძნობა -სიყვარული.
ძალიან მყარი -მეგობრობა, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო.
იმედგაცრუება,
ტკივილი,
სევდა,
მოგონებები რომელიც გკლავს და თან გაცოცხლებს.
იმედი რომელიც არ კვდება და სინათლე ბნელი გვირაბის ბოლოს.
მომენტებში ძლივს შევიკავე თავი არ ავტირებულიყავი.
ემოციების ზღვაა თითოეული ახალი თავი, ფსკერამდე გითრევს და ისევ უკან ამოყავხარ, კი არ იხრჩობი, ივსები და ბედნიერდები.
ისევ სავსე და ისევ ცარიელი მე, ახალი თავის მოლოდინში❤❤❤

 


№5  offline წევრი Whisper

Niniko11
ძალიაან მომწოონსს... რაღაც განსხვავებულად წერრ და დამაინტერესაა მოვლენები როგორ განვითარდება დაა რანიასი არიყოოს ეჭვი მაქვს რომ ის ბიჭი ნოეაა...
ბევრი კითხვა მიტრიალებს თაავშიი
ველი ახალ თავს მოუთმენლად♡♡♡
წარმატებები♡♡

ძალიან მიხარია, რომ ასე დაგაინტერესა. იმედია შენს ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. დიდი დიდი მადლობა❤

izabella
უძლიერესი გრძნობა -სიყვარული.
ძალიან მყარი -მეგობრობა, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო.
იმედგაცრუება,
ტკივილი,
სევდა,
მოგონებები რომელიც გკლავს და თან გაცოცხლებს.
იმედი რომელიც არ კვდება და სინათლე ბნელი გვირაბის ბოლოს.
მომენტებში ძლივს შევიკავე თავი არ ავტირებულიყავი.
ემოციების ზღვაა თითოეული ახალი თავი, ფსკერამდე გითრევს და ისევ უკან ამოყავხარ, კი არ იხრჩობი, ივსები და ბედნიერდები.
ისევ სავსე და ისევ ცარიელი მე, ახალი თავის მოლოდინში❤❤❤

არ ვიცი რამდენჯერ წავიკითხე ეს კომენტარი, მგონი დავიზეპირე:დ უღრმესი მადლობა ასეთი ამაღელვებელი შეფასებისთვის❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent