შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა. თავი 7. წარსული. ნაწილი 3.


8-10-2019, 19:43
ავტორი Whisper
ნანახია 1 284

ივნისის მშვიდი საღამო იყო...ჩემს სულში კი ედემის ბაღივით გაფერადდა სამყარო...სამყარო, სადაც ამდენი წელი გაუჩერებლად თოვდა...
ის დაბრუნდა...
ის აქ არის...
რეალურია? არ ვიცი...მაგრამ, თუ სიზმარია, მინდა რომ არასდროს დასრულდეს...მინდა რომ აღარ გავიღვიძო და ამ სიზმარში დავრჩე...
"ეგოისტი ვარ" გავიფიქრე ჩემთვის და გამეცინა.
მაგრამ...მომენატრა ეს ბედნიერება. წამის ბედნიერება...
რა უცნაურია. თითქოს არც არსებობს 10 წელი...10 აუტანელი წელი ნოეს გარეშე...
ახლა, როცა მის ძლიერ მკლავებში ვარ მოქცეული, ვგრძნობ...ეს სამყარო მხოლოდ ჩვენია...
და მის ჩახუტებას კვლავ ნოემბრის გამაბრუებელი სურნელი ასდის...თითქოს...
ჰო...ზაფხულია...თუმცა ჩემს სულში ნოემბრის ზღვა ღელავს...და ეს ზღვა ისევ თბილია...თბილი და მოსიყვარულე...
როგორც მაშინ...
სახურავი...
ხედი...
მიყვარხარ!
10 წელი თითქოს სადღაც გაქრა...არ არსებობდა...
ჩვენ ისევ გვიყვარდა ერთმანეთი...იმ სიყვარულით, რომლის ნაპრალშიც დრომ ვერ გაიარა...
და ეს ნაპრალი ამოვავსეთ. სამუდამოდ ამოვქოლეთ, რომ აღარასდროს...აღარასდროს დაგვეკარგა ერთმანეთი...
ეს სიყვარულზე მეტია...
-სიყვარულზე მეტი ხარ...-ჩამჩურჩულა.
მისი დაბალი, ხავერდოვანი ხმა სხეულზე მომეხვია და მღელვარე, მაგრამ თბილ ტალღებში შემიტყუა...
არ მინდა გაღვიძება...
არ მინდა გაღვიძება!...
არ მინდა გაღვიძება!
არ მახსოვს როგორ გავიარეთ გზა სახლამდე...ჩვენს გარშემო არაფერს ჰქონდა აზრი...მხოლოდ ჩვენ...ამდენი წლის მერე, კვლავ ერთად...
სახლის კარი გრძნობებით გაბრუებულმა შევაღე.
რომელი საათია?
არ ვიცი...
-მარია...-შემომესმა ანას ძილმორეული ხმა.
თბილად გავუღიმე.
-რა გჭირს?-ჩემი სახე შეათვალიერა.-რატომ იტირე?
-ნოე...-ოთახის შუქი სველ თვალებზე ათამაშდა.
ანამ გამიღიმა და ლოყაზე მომადო ხელი.
-ნოე!
მისი სახელი ხმამაღლა წამოვიძახე და წარსულისგან გაქანცულმა სულმა სიცოცხლით სავსე, ბედნიერი სიცილი ამოუშვა მთელი სხეულიდან.
ანა ძალიან...ძალიან მაგრად ჩამეხუტა.
უბრალო კაფე, სახლის გვერდით.
ივნისის წვიმის სურნელი მიყვარს...სიცხისგან გათანგულს ერთიანად რომ გაგრძნობინებს შვებას...
მშვიდად ვსვამდით ყავას. ანა სიგარეტს გემრიელად ეწეოდა, მე კი, ალბათ სხვისთვის ამოუცნობი ფიქრიანი თვალებით ვიხედებოდი დიდ ფანჯარაში, რომელზეც წვიმის წვეთები თითქოს ცეკვავდნენ.
თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა. ათასი და არეული...არეული და უცნაური...
-რაზე ფიქრობ?-მკითხა ანამ.
-როგორც არაფერზე, ისე ყველაფერზე.-ოდნავ მძიმედ ამოვისუნთქე.
ფიქრები მამძიმებდნენ. ჯერ ვერ გავრკვეულვარ...ასე მგონია ისევ მესიზმრება...
-ასეთი ზოგადი პასუხი?-ანას ჩაეცინა.-არ გჩვევია არასდროს, ახლა რა დაგემართა?
-არაფერი, უბრალოდ როგორ დაგიკონკრეტო ის, რაც ჩემთვისაც ვერ გამირკვევია.-საპასუხოდ გავუცინე.
წამიერი დუმილი...
და კვლავ აბურდული აზრების მორიგი შემოტევა...
-როგორ ფიქრობ, გიყვარს?-მკითხა უცებ ანამ.
-მგონია, რომ ჩემი გრძნობა უკვე გასცდა სიყვარულის საზღვრებს. უკვე არაამქვეყნიურ სულიერ კავშირს ვგრძნობ მასთან როცა ვარ.-ჩამეღიმა.
-მგონი, ბედზე შევედით მაშინ წიგნების მაღაზიაში.-ანას ჩაეცინა.
-ბედზე თუ უბედობაზე, მაგრამ მაინც...სიყვარულზე მეტია ეს...სიყვარულზე მეტი...-ნელ-ნელა გავჩუმდი...
-რატომ მგონია, რომ რაღაც გაკლია? რატომ არ ხარ ბედნიერი?-ანას ხმას სევდა შეეპარა.
-ბედნიერი ვარ...იმდენად ბედნიერი, რომ ვერ ვიჯერებ...
-რატომ?-გაუკვირდა.
-მგონია, რომ სიზმარია...მგონია რომ ისევ გაქრება...-თვალები ამიცრემლიანდა.
-არ არის სიზმარი.-ანას ჩაეცინა.-დამიჯერე...ვიცი...-მის სახეზე თბილმა და მაცდურმა ღიმილმა გადაითამაშა.
და უეცრად...მივხვდი...
ყველაფერს მივხვდი...
-იცოდი, არა?-გაღიმებულმა შევხედე.
-ის, რომ წიგნების გამყიდველი ნოე იყო?-მასაც გაეღიმა.
ჩუმად ჩავიცინე...მერე კი გულიან სიცილში გადაიზარდა ჩემი უცნაური ბედნიერება.
-იცოდი...იცოდი!-გახარებულმა ოდნავ ხმამაღლა წამოვიყვირე.-მაგრამ...
-მაგრამ?-ანას ყურებამდე ასული ბედნიერი ღიმილი ოდნავ შეკრთა.
-რატომ არ მითხარი?-თითქოს შენიშვნით სავსე თვალები მივაპყრე.
-მაშინ არ ექნებოდა აზრი...-გამიღიმა.-შენით უნდა მიმხვდარიყავი. მე უბრალოდ მიგიყვანე იქ, სადაც საჭიროა...მაგრამ, თავიდანვე რომ მეთქვა სიმართლე, ასე არ გაბედნიერდებოდი. მინდოდა შენით გეგრძნო ეს ყველაფერი...მინდოდა შენით მისულიყავი პასუხამდე. ამდენი წელი ყველანაირად ცდილობდი, რომ მასზე არ გეფიქრა. თავიდან იგდები ყველანაირ აზრს, რაც კი ნოეს უკავშირდებოდა, მაგრამ მოგონებები არ გასვენებდნენ. სწორედ ამიტომ ელოდებოდი ამდენი წელი ამ მომენტს...და გამოჩნდა...დაბრუნდა...როგორ უნდა გამებედა ამ საოცარი შეხვედრის სიტყვებით გაუბრალოება. ამიტომ...ველოდებოდი...ველოდებოდი, როდის მიხვდებოდი, რომ მთელი სულით, მთელი არსებით შეგეგრძნო ის ტკბილი წამი, როცა გაიგებდი, რომ დაბრუნდა...
ტუჩებზე ხელაფარებული, ცრემლმორეული, ბედნიერებისგან ვიცინოდი...ვუყურებდი ადამიანს, რომელმაც უძვირფასესი რამ მაჩუქა...სიყვარული და ბედნიერება...ვუყურებდი ადამიანს, რომელმაც გამიფერადა მარტოობის წლები...ვუყურებდი ადამიანს...საოცარ ადამიანს...
-იცი...-ჩაიღიმა.-ამ ცხოვრებაში 3 რაღაცას გისურვებ...
-მხოლოდ სამს?-ღიმილნარევი დაეჭვებით ავხედე.
თვალებში ჩამხედა.
-სიხარულს...ბედნიერებას და უპირველეს ყოვლისა...-გაჩუმდა.-სიყვარულს...-გამიღიმა.
და ეს ღიმილი იყო უმშვენიერესი...
სიტყვები კი უბრალოდ ზედმეტად მომეჩვენა...
არ მჯერა, რომ ჩვენს უხილავ კავშირს რამე შეარხევს...
ვერასდროს...ვერაფერი შეცვლის ჩემს სიყვარულს მისდამი. რაც არ უნდა მოხდეს, უბრალოდ ვხვდები, რომ მასზე ძვირფასი, მე არავინ მყავს...
-ანა...-ცრემლები ვეღარ შევიკავე.
-მეც მიყვარხარ.-მხიარულად გამიღიმა.-ახლა კიდევ, უბრალოდ მიეცი თავს ბედნიერების უფლება.
ღრმად ჩავისუნთქე და აღელვებულმა ძლივს ამოვილუღლუღე...
-მადლობა...მადლობა რომ ხარ ჩემს ცხოვრებაში...
და ეს დღე იყო ზაფხულის ცხელ დღეს მონაბერი გრილი სიო...
ივლისის ცხელი საღამო...და მე...კვლავ თავბრუდახვეული...
ის დაბრუნდა...
მე და ნოე ვსეირნობდით...
და კვლავ...
უცნობი გზა...
ძველი შენობა...
ერთ-ერთი კორპუსის სახურავი...
თვალებზე ხელებახვეული მე...
ღამე...
ხედი...
მე...
ნოე...
ჩვენ...
-აქ გინდა?-გამეღიმა.
-ცუდი ადგილია?-ნოე უსიამოვნოდ შეიშმუშნა.
-არა, მეც მომწონს, თან ლამაზია.
-მეც ეგრე ვფიქრობ.
წამიერი დუმილი...
-10 წლის წინ...-ამომხედა.-მაშინ უფრო აღგაფრთოვანა ამ სანახაობამ.-სევდიანად გამიღიმა.
-ახლაც აღმაფრთოვანებს...
-მაგრამ, თითქოს რაღაც გაკავებს.-ნოე მომიახლოვდა.
-იცი...შენს გარეშე 10 წელი უფსკრულად მექცა...შენს გარეშე უბრალოდ ვერ ვგრძნობდი...მეგონა, რომ ვეღარასდროს შევძლებდი სიყვარულს...და ახლა...ახლა ვხვდები, რომ ისევ შემიძლია...ახლა ვხვდები, რომ ყოველთვის მიყვარდი. არც ერთი წამით არ დამვიწყებიხარ, არ დამვიწყებია ეს გრძნობა. უბრალოდ, იმედი მიქრებოდა...იმედი, რომ ისევ დაბრუნდებოდი...
-მაგრამ დავბრუნდი და აღარ ვაპირებ წასვლას...
-ვიცი...-გავუღიმე.
ნოე ნაზად მომეხუტა.
ყურს ვუგდებდი მის აჩქარებულ გულისცემას. ჩამეღიმა.
დუმილი...
ეს სიჩუმე მე დავარღვიე.
-იმ წიგნზე არაფერი გითხარი, ჰო?
-არც ერთი სიტყვა.
-ჩემი საყვარელი გახდა.-საყვარლად და დარცხვენილად გამეღიმა.
-ეგრეც ვიფიქრე.-ნოემ თმაზე ნაზად გადამისვა ხელი.
-მეგონა, რომ სადღაც სხვა სამყაროში აღმოვჩნდი.
-მეც ეგრე ვიყავი, თითქოს არაამქვეყნიურ ბედნიერებას ვგრძნობდი...
-თითქოს მავსებდა ყველანაირი ემოცია...
-და მერე ერთიანად დამცალა ყველაფრისგან.
აღარაფერი მითქვამს. უბრალოდ თავი ჩავხარე. ოდნავ აწითლებულ სახეზე ნაზი ღიმილი გამომესახა.
-ძალიან ლამაზი ხარ.-თითქმის ჩურჩულით მითხრა ნოემ.
კიდევ უფრო გავწითლდი და ახლა გულისცემაც ამიჩქარდა.
-შემომხედე.-ნოეს ხმა უკვე ძალიან ახლოს იყო ჩემს სახესთან, მისი ცხელი სუნთქვა კი მხოლოდ მატებდა ამ მომენტს ინტიმურობასა და რომანტიზმს.
თავი ძალიან ფრთხილად ავწიე. წამის მეასედში უნაზესი კოცნის სურნელი დატრიალდა ჰაერში...
მენატრებოდა...სიგიჟემდე მენატრებოდა ნოეს ტუჩები...
აგვისტოს დასაწყისი...ღამე...მე და ანა...სახლი...
მყუდრო ოთახი.
-წაიკითხე, როგორც იქნა?-გამეცინა, როცა ანას ხელში ნაცნობი წიგნი დავინახე.
-კი, რამდენი ხანია, მაგრამ ჯერ კიდევ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვარ.-გაეღიმა.
-ეგეთია...მეორეჯერ რომ წაიკითხავ, უფრო მსუბუქად გადაიტან.
-ჯერ ვერ მოვკიდებ ამ წიგნს ხელს მეორედ.
-გავა დრო, სურვილი გაგიჩნდება ხელმეორედ წაკითხვის.
-ვიცი, კარგი წიგნი ყოველთვის ასეთია.
წამიერი დუმილი...
-იცი, ჩემი და დანიელის ურთიერთობა გამახსენა...-თქვა ჩურჩულით.-ძალიან ახლო და მტკივნეული შეგრძნებები გამიღვიძა, თუმცა, ბოლოს მაინც კმაყოფილს გამეღიმა.
-ალბათ, იმიტომ რომ რეალური დასასრული აქვს...
-და ეს დასასრული ზუსტად გადმოსცემდა ჩემს ყველა განცდას, როცა დანიელმა ჩემგან ჩამოშორება დაიწყო, თუმცა...ჩვენი ახლანდელი ისტორია ამ წიგნის გაგრძელებაა...
-მიხარია, რომ მაშინ არ დამიჯერე და არ დაასრულე ურთიერთობა.-გავუღიმე.-შეცდომას დაგაშვებინებდი.
-რეალურად, თავისუფალი ვიქნებოდი. ურთიერთობა რომ გამეწყვიტა, საერთოდ სხვა ცხოვრება მექნებოდა. შენც იცი, როგორ მიყვარს სიგიჟეები.-გაეცინა.-დანიელთან...დანიელთან ისეთი ვარ, როგორიც მინდა რომ ვიყო. მის გარეშე თავს ვერ შევიკავებდი და ბევრ სისულელეს გავაკეთებდი, მერე ვინანებდი და თავს დავადანაშაულებდი. ახლა კი, ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში სტაბილურობას ვგრძნობ. ძალიან მიჭირს ამ სტაბილურობის დამოუკიდებლად შენარჩუნება. უბრალოდ საშინელი ადამიანი ვიქნებოდი, ალბათ ამაზრზენიც.
-შენ და ამაზრზენი?-გამეცინა.
-შენთვის ვიცი რომ არა.-ეშმაკურად ჩაიცინა.-ვიცი რომ ყველანაირს მიმიღებ და რამდენი სისულელეც არ უნდა გავაკეთო, ყოველთვის მექნება შენი იმედი. ყოველთვის მეცოდინება, რომ მყავხარ და ეს მაბედნიერებს. საკუთარი თავისთვის ვიქნებოდი ამაზრზენი, მაგრამ ისე ღრმად შევტოპავდი, დაბრუნებას ვერ შევძლებდი...
-უბრალოდ სიგიჟემდე გიყვარს თავისუფლება.
-ზედმეტად თავაშვებული თავისუფლება მიზიდავს...ზომა არ ვიცი და ეს მაშინებს...
-არ მინდა შენი პიროვნება დათრგუნო.
-არ ვთრგუნავ, დამიჯერე, ახლა კარგად ვარ. იმაზე კარგად, ვიდრე წარმოგიდგენია.-ანამ გამიღიმა, წიგნი მაგიდაზე დადო და საძინებლისკენ წავიდა.
წამიერ სიჩუმეში წარსულის აჩრდილად ამოტივტივდა ჩემი ბავშვობა...და ჯაჭვები, რომლებიც მოვიხსენი...
და წამიერ სიჩუმეში მომავლის იმედმა გაიკვალა გზა...სიყვარულის ტყვემ უკანასკნელი რკინის კარი შევამტვრიე...
ჰო...ეს მე ვარ...თავისუფალი და ბედნიერი...
ჰო...ეს მე ვარ...სიყვარულით სავსე გულით და მხიარული ღიმილით.
არ მინდა დამავიწყდეს...
სექტემბრის გრილი საღამო იყო...მე და ნოე ვსეირნობდით...
თავის დიდ, ძლიერ ხელში კომფორტულად მოეთავსებინა ჩემი პატარა მტევანი.
უცნაურად მიცემდა გული...პატარ-პატარა, თუმცა ხმამაღალი სიყვარულის ბიძგებით ჰყვებოდა შემოდგომის სურნელის რომანტიკას...
-წამოდი.-ნოემ გამიღიმა.
ხელჩაკიდებულმა ფრთხილად გადამადგმევინა ნაბიჯები ჩემთვის ამოუცნობი ქუჩისკენ.
-სად მივდივართ?-გავიკვირვე.
-გიტაცებ.-გამიცინა და მეორე ხელით ნაზად შემეხო ლოყაზე.
-წლები გავიდა და შენ არ შეცვლილხარ.-მეც ავყევი.
-ჰმმ...მაგასაც ვნახავთ.-ვნებიანი მზერა მაცდურად გამოაპარა ჩემკენ.
შენობის წინ გავჩერდით. საცხოვრებელ კორპუსს ჰგავდა.
-ნოე?-დაეჭვებულმა ავხედე.
-ნუ გეშინია, არაფერს გიპირებ.-ჩაიცინა.-ისევ ისეთი ბავშვი ხარ.-სიცილს მოუმატა.-არადა, კარგად მახსოვს, პირველად სახლში შენ შემიპატიჟე...-ეშმაკურად გამიღიმა.
ჩემი ყურისკენ დაიხარა.
-მარტო როცა იყავი...-ჩამჩურჩულა.
ერთიანად დამიარა სიმხურვალემ და სიცივემ მთელს სხეულში და აწითლებული სახე გრძელ თმებში ჩავმალე. ნოეს კი გაეცინა. მთელი გულით და არსებით...თბილად...
პატარა ბავშვივით წარბებშეკრულმა ავხედე, მერე კი ჩავიცინე.
ჰო...ჩვენ ისევ ბავშვები ვართ...
კვლავ ის 16 წლის ბავშვები...რომლებსაც პირველად შეუყვარდათ.
ოდნავ ჩაბნელებული სადარბაზო ფრთხილად ავიარეთ. ნოეს ხელს მყარად ვეჭიდებოდი, რომ სადმე არ წავქცეულიყავი, ის კი იცინოდა. მთელი სულით...მთელი გულით...სიყვარულით...უბრალოდ იცინოდა და ხელს არ მიშვებდა...
-დროა, რომანტიკული ვახშამი მოგიმზადო.-გამიღიმა.
სახლში შევედით.
სახლი..."შინ"...
უცნაურმა სიმძიმემ გადამირბინა სახეზე.
-ნუ ხარ დაძაბული.-ნოეს გაეცინა.
-უბრალოდ მოულოდნელი იყო.-უხერხულად გავუღიმე.
-პირველად ხარ ბიჭთან სახლში?
-არა, მაგრამ რომანტიკული ვახშამი...
-რესტორანს მაინც არ გირჩევნია?-მითხრა ნოემ თითქოს ნაწყენი ხმით.
-ბევრად.-ვუთხარი დაუფიქრებლად.
-მაშინ მოდუნდი, არ შეგჭამ.-გაეცინა.
მხრები ავიჩეჩე.
-ისე...-დაიწყო ნოემ გაუბედავად.-რომელ ბიჭთან იყავი კიდევ სახლში?-მის თვალებში ეჭვიანობა ამოვიკითხე და გამეცინა.
-ჰმმ...-ცალყბად ჩამეღიმა.
-ჰმმ?-ნოემ ცალი წარბი აწია.
ახლა ნამდვილად ეჭვიანობდა. იმდენად საყვარლად მომეჩვენა ამ მომენტში, მისი გაწვალების სურვილი გამიჩნდა.
-არა...ანუ, მესმის 10 წელი არაა ცოტა...უბრალოდ...-თავი ჩახარა და ბავშვივით შეიშმუშნა.
-რა სულელი ხარ.-ხმამაღლა გამეცინა.-შენ თვითონ შემახსენე წეღან ჩემთან მარტო ყოფნაზე.-მაცდურად გავუღიმე.
ნოემ ამოისუნთქა და მომიახლოვდა...მხრებზე მოგდებული მოსაცმელი ნაზად მომხადა. მისი ვნებიანი გრძელი თითების შეხება ვიგრძენი. მხოლოდ წამით...თვალები დავხუჭე და მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე.
-როგორ მენატრებოდი...-ვთქვი ჩურჩულით.
ნოე ფრთხილად მომეხუტა. ასე მეგონა მე კი არა, ფაიფურის თოჯინას ეხებოდა.
თავბრუ დამეხვა...
-დროა ვივახშმოთ.-მითხრა ჩუმად, მხრებზე ნაზად დაწყობილი ხელები აიღო და სამზარეულოსკენ გაემართა.
იმ საღამოს მხოლოდ ნოეს სურნელს ვგრძნობდი...
სექტემბერი დასასრულს უახლოვდებოდა...გრილი და ფერადი დღე იყო...
აივნების ქუჩა.
გარშემო პატარ-პატარა სახლების მოპირკეთებული აივნები იყო. არავინ იყურებოდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა ადამიანების სურნელი. მე და ნოე ვსეირნობდით. უბრალოდ მივუყვებოდით ამ ლამაზ ქუჩას და ვფიქრობდით. არ ვსაუბრობდით, მაგრამ გვესმოდა...
მყუდრო დუმილი ნოეს ხავერდოვანმა ხმამ ნაზად გააპო.
-მინდა რომ დღეს ყველაფრისგან გათავისუფლდე და უბრალოდ ისიამოვნო.-ნოემ გამიღიმა.-მხოლოდ მე და შენ...
ხელი მომკიდა და გზა გამაგრძელებინა.
მუსიკოსების ქუჩა.
მუსიკას აყოლილები უნაზესად ვცეკვავდით. ეს მელოდია რაღაც სასწაულ სიამოვნებად იღვენთებოდა ჩვენს სხეულებში. არ ვსაუბრობდით. ვიცოდით, მხოლოდ ჩვენი შეხებაც კი საკმარისია, რომ ერთმანეთი ვიგრძნოთ. ამ ყველაფერს ეს არაამქვეყნიური მუსიკა უფრო ღრმას და ინტიმურს ხდიდა. მართალაც, მუსიკა იწყება იქ, სადაც მთავრდება სიტყვები...
მოედანი "ლიბერტანგო".
მეცეკვება. ისე, როგორც არავინ არავის. ვნებების მორევი იგრძნობა თითოეულ მოძრაობაში. ემოციების უფსკრულია. არა და არ მთავრდება ეს...ეს ცეცხლოვანი სიყვარული თუ უკვე მის საზღვრებს გაცდენილი ჩვენი გულისცემა. მეცეკვება და თითოეული მოძრაობა აღტკინებაა. ჩვენ გარშემო ყველაფერი გამქრალია. "მხოლოდ მე და შენ" ეს ჩურჩული ისმის ჩვენს გულებში. სხვები ვერ იგებენ, ჩვენ კი ვგრძნობთ...ერთმანეთს ვგრძნობთ.
ამ დღეს...ამ საოცარ საღამოს თავისუფლებას ვგრძნობდი...ბედნიერების მონაბერ თავისუფლებას, რომელსაც სიყვარულის უნაზესი მელოდია ეფერებოდა.
-იცი...-დაიწყო გაუბედავად.-შენი დაკრული მომენატრა...ჩვენი მელოდია...-გამიღიმა.
-გახსოვს?-გაკვირვებულმა შევხედე.
-როგორ უნდა დამვიწყებოდა.-შენიშვნით გადმომხედა.-როცა სიგიჟემდე მჭირდებოდი...როცა უშენობა უკვე გაუსაძლისი ხდებოდა...შენს მელოდიას ვატრიალებდი გონებაში და ვმშვიდდებოდი. წარმოვიდგენდი, რომ ჩემ გვერდით იყავი, როიალთან იჯექი და უკრავდი...როგორც მაშინ...შენს სახლში...
-დიდი ხანია არ დამიკრავს...-სევდიანად წავიჩურჩულე.-როცა წახვედი, იმდენად მტკიოდა, როიალს ვერ ვეკარებოდი. ის დღე მახსენდებოდა, როცა ჩემთან იყავი...და მეტირებოდა. ყველაფერს ვგრძნობდი...წყენას, სინანულს, გაბრაზებას, ტკივილს...ამ ყველაფრის ატანას შევძლებდი...მაგრამ, უშენობა მტანჯავდა. უშენო მარტოობა...სად იყავი 10 წელი?...-ცრემლები მომადგა.
-ვეძებდი...საკუთარ თავს ვეძებდი...და როცა შევძელი ჩამოყალიბება, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა შევხვედროდით ისევ. დარწმუნებული ვიყავი რომ ახლა აღარ გაგანადგურებდი...
-მაშინ არ უნდა წასულიყავი...არა, მაშინ...არ უნდა გამეშვი...
ვიგრძენი როგორ ჩამოსრიალდნენ გრილი ცრემლები ჩემს სახეზე...
ნოეს ხელი...თბილი შეხება ლოყაზე და სიყვარულით სავსე გამოხედვა.
დასრულდა...ჩვენი მარტოობა სამუდამოდ დასრულდა.
-წამოდი.-გავუღიმე.
-სად მიგყავარ?-გაუკვირდა.
მაცდურად შევხედე და ნაცნობი გზით წავიყვანე.
ვიწრო ქუჩა იყო. ლამაზად მოპირკეთებულ ასფალტზე მივაბიჯებდით. კუთხეში კი ძველი, ლამაზად მოხატული პიანინო იდგა.
-მარია...-ნოემ გამიღიმა.
ინსტრუმენტს მივუახლოვდით. ხმისამოუღებლად დავჯექი და რამდენიმე წამით თვალები დავხუჭე.
ვნერვიულობდი...
რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად დავუკარი და ახლა...ამ ძველ პიანინოს ვუყურებდი და გული ამიფორიაქდა.
ბევრი ხალხი იყო, თუმცა...მე მხოლოდ ნოეს ვხედავდი.
-ჩვენი...-ვთქვი ჩურჩულით და თითებით ნაზად შევეხე კლავიშებს.
და გაჟღერდა პირველი ბგერა...
ჩემი და ნოეს "ნოემბრის ღამე"...
და მივხვდი...
მე არ ვარ მე, თუ არ გადმოვეცი პიანინოს ჩავარდნილი კლავიშის ბგერა გრძნობით...
ისე დავუკრავ, რომ ყველა კლავიში ვიგრძნო...თითებიდან დაწყებული გულამდე მივიტან გრძნობებს...ყველა ჩავარდნილ ბგერას გავაჟღერებ სადღაც სიღრმეში და მთელს სხეულში გავფანტავ...გადავიკარგები...გადავეშვები...
გადავეშვები ჩემი და ნოეს სამყაროში...
ჩვენს სამყაროში...
ჰო...მე არ ვარ მე, თუ არ დავუკარი...
სულიდან ამოსული ყველა ემოცია ჩავაქსოვე ამ უბრალო, სევდიან, მაგრამ სიყვარულით გაჟღენთილ პატარა ნაწარმოებში.
როცა წამოვდექი, ცრემლმორეულ ნოეს შევხედე და გამეღიმა.
ჩავეხუტე...
მან კი, ჩურჩულით...შემოდგომის მონაბერი ქარის ჩუმად აშრიალებული ფოთლების სიმშვიდით მითხრა...
-მიყვარხარ, მარია...
ოქტომბერი იყო...
შემოდგომის ქუჩა.
ხელჩაკიდებულები მივუყვებოდით გრძელ, ყვითელი ფოთლებით მოფენილ ბილიკს. გარშემო მაღალი, თითქოს გაფერადებული ხეები იყო. მომწვანო, მოყვითალო...ფორთოხლისფერი და წითელიც კი ერია. ცა მოღრუბლული. ციოდა, მაგრამ არ ყინავდა. ქარი იყო, მაგრამ ვერ ვგრძნობდით.
-რა ლამაზი ადგილია.-ვთქვი ჩურჩულით.
-ვიცი...შემოდგომის ქუჩა შევარქვი.-ნოეს გაეღიმა.
-უხდება.-დარცხვენილმა დავიხედე ძირს.
-ამ ადგილის სიმყუდროვე მიყვარს. მერე რა, რომ გრძელი და ფართოა, ხალხიც დადის...-ნოე უცებ გაჩუმდა.-მაინც მყუდროა...-ჩაილაპარაკა ჩუმად და ჩემი ხელი უფრო მაგრად დაიჭირა.
-არ გაგექცევი.-ჩამეცინა.
-ასე მგონია, თუ მაგრად არ დაგიჭირე, ერთხელ შენც შემოდგომის ფოთოლივით ქარს აჰყვები, ის კი აგიტაცებს მაღლა, ცაში და მე ვერ დაგეწევი...
-ნუ ფიქრობ ეგრე...შემომხედე.-ნოეს სახე მოვაბრუნებინე.-მყარად ვდგავარ მიწაზე.-და ორივეს გაგვეცინა.
სიჩუმით შეცვლილი სიცილი...
-მეშინია შენი დაკარგვის...-ნოეს ხმაში სევდამ გაიკვალა გზა.
-არ დამკარგავ...
-ერთხელ უკვე დაგკარგე...და როცა შეხვედრისას ვერ მიცანი, მეგონა რომ სამუდამოდ გამაქრე შენი ცხოვრებიდან. მეგონა, რომ ვეღარასდროს შევძლებდი შენთან ყოფნას და მაშინ ვიგრძენი თავი უდიდეს დამნაშავედ...დამნაშავედ, რომ უფრო ადრე არ გიპოვე...
-იცი...ვფიქრობ, ვერასდროს დამავიწყდებოდი...უბრალოდ შეუძლებელია...
-მინდა რომ მუდამ ჩემს გვერდით იყო და არსად გაგიშვა...ეგოისტი ვარ...ისევ ისეთი ეგოისტი...
მის სიტყვებზე ჩამეღიმა. გავჩერდი და წინ დავუდექი. მის ხელს ჩემი მეორე მტევნით ნაზად შევეხე...
ღრმად ჩავისუნთქე...
-უბედნიერესი ვიქნები, თუ აღარასდროს გამიშვებ ხელს...-ეს სიტყვები ფილტვებიდან ამოშვებულ ჰაერს ამოჰყვა და ვიგრძენი, როგორ დაუარა ნოეს ჟრუანტელმა მთელს სხეულზე.
თვალები გაუბრწყინდა...
წამი...მთელი ძალით მიმიკრო გულმკერდზე. მისმა გულისცემამ საოცარი სიმტკიცით გამოაბიჯა გარეთ და ერთიანად მომიცვა.
რომანტიკულ ფილმებში, როცა ხელის სათხოვნელად ემზადებიან, თითქმის ყოველთვის რაიმე განსაკუთრებულის მომზადებას ცდილობენ...თუმცა, ასეთი სიურპრიზები არასდროს მიზიდავდა...
ჩემთვის განსაკუთრებული ნოე იყო...ჩვენი გრძნობა...ჩვენი სიყვარული...
და ახლა...
უბედნიერესი ვარ...
უბედნიერესი ვარ, რადგან...მე და ნოემ გადავწყვიტეთ სამუდამოდ დაგვეკავშირებინა ჩვენი სიყვარული...
მე და ნოემ გადავწყვიტეთ...
რომ აღარასდროს დავტოვებდით ერთმანეთს...
სახლში მისულმა, მაშინვე მივაგდე ყველა ნივთი და ანასკენ გავექანე. ისე ჩავეხუტე, ალბათ სუნთქვა შეეკრა...
-მარია...მახრჩობ...-თქვა მოგუდული და სიცილნარევი ხმით.
ხელები გავუშვი, მან კი ღრმად ჩაისუნთქა და მხიარული თვალებით მომაშტერდა.
-კაბის შერჩევა დაიწყე, მეჯვარე ხარ.-ხმამაღლა გავიცინე.
ანა გაშტერებული მიყურებდა.
-ერთი წამი...ერთი წამი...რა?-გაკვირვებას ვერ მალავდა.
მერე კი...სიხარულის კივილი მოედო ჩვენს სახლს...
ოქტომბრის დასასრული...გრილი შუადღე...
პატარა კაფე წიგნების მაღაზიის კუთხეში.
მე ნოე და ანა ვისხედით და ყავას ვსვამდით.
-რამე გრანდიოზული არ დაგეგმოთ.-გამეცინა.
-მეც არ მინდა აურზაური.-ნოემ ნაზად დამადო ხელი და გამიღიმა.
-ჰმმ...მაშინ...-ანა დაფიქრდა.-მაშინ, მთებში რომ ვიყავით დასასვენებლად, იქ პატარა ეკლესიაა. მშვენიერი ადგილია ჯვრის დასაწერად.-სახე ღიმილით უციმციმებდა.
მე და ნოემ ერთმანეთს გადავხედეთ.
-რას იტყვით?-ანამ ენთუზიაზმით აღსავსე გამომეტყველებით შემოგვხედა.
-მგონი არაა ცუდი იდეა.-თბილად გავუღიმე.
-მეც არ ვარ წინააღმდეგი.-თავდაჯერებული ხმით თქვა ნოემ.
-მაშინ, გადაწყვეტილია!-ანამ ბედნიერი სახით შემოგვანათა.
ასე დაიგეგმა ჩვენი ქორწილი...
მარტივად...
იდეალურია...
ნოემბრის დასაწყისი...
მე და ანა სახლში ვისხედით...გარეთ წვიმდა.
-კაბა!-უცებ წამოიყვირა ანამ.
შევშფოთდი. გაკვირვებისგან დავიბენი.
-რა კაბა?-ვკითხე შეწუხებულმა.
-საქორწილო, მარია!-გაეცინა.
-სულ დამავიწყდა.-უხერხულად შევიშმუშნე და დარცხვენილს ჩამეცინა.
-კარგი, კაბა მე მომანდე.-ფართედ გამიღიმა.-უკვე მაქვს იდეა.-მაცდურად ჩაიცინა.
-ძალიან გთხოვ, ფრთების და კუდების გარეშე...-შეშინებულმა ავხედე.
-სიცოცხლეს მანდობ და კაბაზე ეჭვი გეპარება?-ხმამაღლა და გულიანად გადაიხარხარა.-ნუ გეშინია, ისეთი იქნება, შეგიყვარდება.
და კვლავ ნოემბერი...მზე...
მე და ნოე ანას შესახვედრად გავემართეთ.
პატარა ბაღი.
-ყველაფერი მზადაა.-ანა ღიმილით შეგვეგება.
-შენ რა სწრაფი ხარ.-ნოეს გაეღიმა.
-მე აღარ მიკვირს.-გამეცინა.
-მიყვარს ჩვენი სპონტანური გადაწყვეტილებები.-მხიარულად თქვა ანამ და გრძელ ხის სკამზე მშვიდად და მსუბუქად დაეშვა.
ყველაფერი იდეალურად იყო...
მაგრამ...
ნოემბერი...გამგზავრებამდე ორი დღე იყო დარჩენილი...
სულ ცოტაც...
ძალიან მალე...
ბედნიერი ფიქრებით თავბრუდახვეული ოთახში ვტრიალებდი და უაზროდ მეღიმებოდა.
სიყვარულით სავსე ფიქრები არ მასვენებდნენ, როცა...
ზარი გაისმა და გამოვერკვიე...
გაკვირვებულმა ვუპასუხე.
-გისმენთ?
სრული სიჩუმე.
-გისმენთ.-ვთქვი ოდნავ ხმამაღლა.
-მარია...-დედაჩემი იყო.
მისი ხმის გაგონებისას ცივმა ოფლმა დამასხა. კანკალმა ამიტანა.
-მარია...-ტიროდა.
-დედა...-ამოვილუღლუღე.-დედა, რა გჭირს?
-გარდაიცვალა...
სიცარიელე...
ტკივილი...
ცრემლები...
ცრემლები!...
ცრემლები!
მამა!
არ მახსოვს როგორ გავედი სახლიდან. არც ის, თუ როგორ მივედი სადგურამდე.
როცა აზრზე მოვედი, უკვე სკამზე ვიჯექი და ჩემს რიგს ველოდებოდი ბილეთის ასაღებად.
-შემდეგი.-გაისმა ხმა არსაიდან.
გაბრუებული, ერთ წერტილს მივშტერებოდი და არ ვიცი...არ ვიცი რაზე ვფიქრობდი...
-შემდეგი.-ხმა გამეორდა.
გაშეშებული ვიჯექი.
-ქალბატონო!-უცნობის ხმა გამკაცრდა.
ფიქრებიდან გამოვერკვიე.
ბარბაცით მივედი სალარომდე და ბილეთი ხელის კანკალით გამოვართვი.
უეცრად ყველაფერი დატრიალდა...ადამიანები და ნივთები ერთმანეთში აიზილა. თავბრუ დამეხვა და ვიღაც უცნობი ქალი რომ არა, ალბათ წავიქცეოდი...
-კარგად ხართ?-შორიდან მომესმა მისი შეშფოთებული ხმა.
თვალები გავახილე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-ძალიან გაფითრებულია.-მომესმა მეორე ქალის ხმადაბალი და სასიამოვნო ხმა.
თვალები მისკენ შევატრიალე.
-უკაცრავად, მიირთმევთ რამეს?-მკითხა განერვიულებულმა და შუბლზე დამადო ხელი, თან წყალი გამომიწოდა.-ეს მაინც დალიეთ.
ძალა მოვიკრიბე, გრილი წყალი მოვსვი და ღრმად ჩავისუნთქე.
-გმადლობთ, უკეთ ვარ.-სუსტად გავუღიმე და წამოვდექი.
შევბარბაცდი, თუმცა ამჯერად, წაქცევისგან თავის შეკავება შევძელი.
სამგზავრო ავტობუსში ავედი.
-თუ შეიძლება, თქვენი ადგილები დაიკავეთ.-მესმის ქალის ნაცნობი ხმა.
ჩემს ბილეთს დავხედე და უკან დასაჯდომად გავემართე.
ქალმა გამაჩერა.
-აქ დაჯექი, საყვარელო. უკან ჩახუთულობაა.-თბილად გამიღიმა და ფანჯარასთან თავისი ადგილი დამითმო.
-უღრმესი მადლობა.-ცრემლმომდგარმა ძლივს გავუღიმე და სკამზე მძიმედ დავეშვი.
პატარა ბავშვი კალთაში ეჯდა დედას და მხიარულად ტიტინებდა. ორი სათნო ბებია ძველი ისტორიების გახსენებით გართულიყო. შუახნის კაცი ფანჯარასთან თვლემდა. ახალგაზრდა გოგონა ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა. მძღოლი გასამგზავრებლად ემზადებოდა...
გარეთ კი წვიმდა...და ასე მეგონა, ცამ ჩემი ყველა ტკივილი ერთად შეაგროვა და წვიმად გაფანტა...
მამა...
არ მახსოვს როგორ დავიძარით...
ტკივილად იფანტებოდა რუხი ღრუბლები...
ფერადი ხეები ნაღვლიანი თვალებით მიცქერდნენ...
და უეცრად...
შეჯახება...
კივილი...
სიჩუმე...
წყვდიადი...
ნოემბერია. ისევ მარტო ვხვდები შემოდგომის ბოლო თვეს და ვიცი რომ დეკემბერიც მარტოობის სიცივით დაიწყება. როგორც ყოველთვის, არავინ იქნება ჩემს გვერდით, რომ გამათბოს. რა ბანალურად ჟღერს, თუმცა მაინც რეალობაა.
რეალობაა კი?



№1  offline წევრი Niniko11

აუ რაკარგი წყვილიააა ნოე და მარიაა...
ბოლოში რა მოხდა ვერ მივხვდიიი
აუ როგორ მაინტერესეებს
ველი ახალ თავს მოუთმენლადდ
მალე დადე რააა♡♡
წარმატებები♡♡♡♡

 


№2  offline წევრი Whisper

Niniko11
აუ რაკარგი წყვილიააა ნოე და მარიაა...
ბოლოში რა მოხდა ვერ მივხვდიიი
აუ როგორ მაინტერესეებს
ველი ახალ თავს მოუთმენლადდ
მალე დადე რააა♡♡
წარმატებები♡♡♡♡

დიდი მადლობა❤

 


№3  offline წევრი Rania

Zalian magrad cere. Ai sulshi chamcvdomad. Moutmenlad veli gagrzelebass. Imedia gamova komidan mariaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline წევრი Whisper

Rania
Zalian magrad cere. Ai sulshi chamcvdomad. Moutmenlad veli gagrzelebass. Imedia gamova komidan mariaaa

უღრმესი მადლობა❤

 


№5  offline წევრი izabella

ძლივს ბედნიერად იგრძნო თავი ამ გოგომ და ყველაფერი ამოუყირავდა. თითქოს საკმარისი არ იყო ამხელა ტრაგედია, რომ ახლა თვითონ. კულმინაციურ მომენტს მივუახლოვდით მგონი და მოუთმენლად ველოდები ❤❤❤

 


№6  offline წევრი Whisper

izabella
ძლივს ბედნიერად იგრძნო თავი ამ გოგომ და ყველაფერი ამოუყირავდა. თითქოს საკმარისი არ იყო ამხელა ტრაგედია, რომ ახლა თვითონ. კულმინაციურ მომენტს მივუახლოვდით მგონი და მოუთმენლად ველოდები ❤❤❤

უღრმესი მადლობა, რომ ისევ ისეთი ინტერესით კითხულობ და ელოდები❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent