Per te! (სრულად)
დილის ოთხი საათი იყო დაწყებული, როდესაც ღამის კლუბიდან გამოსული, გვარიანად შემთვრალი ოთო ხუციშვილი ახლადგაცნობილ, მორიგ გოგოსთან ერთად ტაქსში ჩაჯდა და სახლისკენ დაიძრა: -მშვენიერო, - ვნებააშლილი ეტმასნებოდა ქერათმიან ლამაზმანს და თავს ძლივს იკავებდა, რომ როგორმე სახლამდე მიეღწია და მისთვის ტანზე მომდგარი, წითელი კოქტეილის კაბა სწრაფად შემოეძარცვა. ქალი მაცდური ღიმილით და მზერით კიდევ უფრო იწვევდა ხუციშვილს. ერთი შეხედვითაც იგრძნობოდა, რომ მასაც აშლილი ჰქონდა საღერღელი სიმპათიურ მამაკაცთან ყოფნისა და ყველანაირად აძლევდა საშუალებას, სექსუალური ფანტაზიები გაეღვივებინა: -როგორი გემრიელი ტუჩები გაქვს, ალუბლის და ვისკის არომატით,- მამაკაცის ტუჩებზე ჩურჩულებდა და თან, გრძელი თითებით პერანგის ღილებს უხსნიდა, რომ ყელზე უფრო თავისუფლად და ნაზად შეჰხებოდა. -საინტერესო დასაწყისია,- სიგარით და ალკოჰოლით გაბრუებული ოთო ცბიერი თვალებით უყურებდა ერთი ღამისთვის წამოყვანილ მორიგ მსხვერპლს და მის თმებში ხლართავდა თითებს. ___ -ღმერთო ჩემო, სად გდია ეს ბიჭი? ამან უნდა შემიწიროს?- ქალბატონ ზიზის სიგარეტის ღერი ჩამქრალი არ ჰქონდა, უკვე მეორეს უკიდებდა და ისევ უშედეგოდ ცდილობდა, შვილს მობილურით დაჰკავშირებოდა. -დაანებე თავი, ვითომ არ იცნობდე შენს ბედოვლათ ბიჭს! სამსახურის შემდეგ სადმე ძმაკაცებთან ერთად წავიდოდა, ერთობა და ხმამაღალი მუსიკის ფონზე ტელეფონის ზარი არ ესმის. გამოჩნდება, სად წავა? -დაანებე თავი! -სასაცილოდ გააჯავრა ქმარს ქალბატონმა ზიზიმ და სიბრაზის ნთხევა განაგრძო: -ერთხელაც იქნება, მოგვადგება აჯანყებული ქალების არმია ბავშვებითურთ და გეტყვის, თქვენი შვილიშვილები არიან და გაიცანითო, ვნახოთ ერთი რა ჭკუაზე დადგები. - დადგა სპექტაკლები, წავიდა ფანტაზიებში. ამას რაღა გააჩერებს? -ტყუილს ვამბობ, თუ?!- ხელები გაუშალა თვალებდაჭყეტილმა ქალმა მამაკაცს. -მე წავედი დასაძინებლად და შენი არ ვიცი, - ამოიოხრა ცოლის ლაპარაკით შეღონებულმა ბატონმა გივიმ და საძინებელში შევიდა. ___ -საყვარელო, გაიღვიძე,- ნაზი კოცნებით გააღვიძა ქერათმიანმა ხუციშვილი და სექსუალურად აუცურა მკერდზე თითები. როგორც კი მამაკაცმა თვალები გაახილა, თავის საშინელი ტკივილი იგრძნო და სახე დაემანჭა: -რომელი საათია?-ძლივს იკითხა და საწოლთან დაგდებულ შარვალს ხელით გადასწვდა, რომ მობილურისთვის დაეხედა. -რა მნიშვნელობა აქვს, როცა ერთად ვართ,-ისევ იწვევდა ქალი და ცდილობდა, რამდენიმე წუთით საწოლში შეეტყუებინა. აღარც ქერათმიანის გვერდზე ყოფნა სიამოვნებდა და არც მისი მოფერება აღაგზნებდა ხუციშვილს: -ჩაიცვი და წადი! სამსახურში მაგვიანდება,- მხოლოდ ეს უთხრა და მისთვის აღარც შეუხედავს, სრულიად შიშველი წამოდგა და სააბაზანოში შხაპის მისაღებად შევიდა. ქალს უმალ სახე შეეცვალა და მოღუშულმა ხმამაღლა მიაძახა: -ჩემი სახელი მაინც გეკითხა. ხუციშვილს არაფერი ესმოდა, უკვე წყლის ქვეშ იდგა და გონებაში უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრას და წარსადგენი პრეზენტაციის დეტალებს განიხილავდა. ___ საღამო იყო, როდესაც სამსახურიდან დაღლილი საგურამოში, მშობლების სახლში დაბრუნდა და ვიდრე მანქანიდან გადმოვიდოდა, თავს ქალბატონი ზიზის ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილის მოსასმენად ამზადებდა. -რა გეჩქარებოდა, ვაჟბატონო? - თავი გამოჰყო სამზარეულოდან პრეტენზიების ხასიათზე დამდგარმა ზიზიმ. -ახლა არა, რა, დედა. ოღონდ ახლა არა!- თვალები აატრიალა ოთომ. -აბა, როდის? აღარ უნდა დაჭკვიანდე ამხელა კაცი? -რა გინდა, ზიზი? შენი თეატრალური გამოსვლების თავი არ მაქვს. -სად იყავი წუხელ? სახლში რატომ არ მოხვედი? -მეგობრებთან ერთად რესტორანში ვიყავი, ცოტა დავლიეთ და გვიანი იყო, აზრი აღარ ჰქონდა აქეთ წამოსვლას. ჩემს ბინაში მივედი. -ჰმ! ბინაში,-ტუჩები დაბრიცა ქალმა,-კარგად ვიცი რისთვისაც იყიდე, ბინა კი არა, ბოზების ბუნაგია! -დედა!- ხმას აუწია ოთომ. -ნუ მეკამათები იმაზე, რაც კარგად ვიცი. სხვათაშორის, შენ რომ მიდიოდი მისტერ მაჩო, მე მოვდიოდი, -ირონიულად ჩაეცინა ქალს და ტაფაზე დაწყობილი ბლინების გადასაბრუნებლად შებრუნდა სამზარეულოში. -უფ!- მძიმედ ამოისუნთქა ოთომ, მანქანის გასაღები ჟურნალების მაგიდაზე მიაგდო და სავარძელში ჩაეშვა. -ოჰ! გამოჩნდა როგორც იქნა. კიდევ კარგი, თორემ დედაშენს წნევა დაარტყამდა,- გაეცინა ბატონ გივის. -შენც უნდა აჰყვე? -შეწუხებული ხმით მიუგო შვილმა მამამისს და თვალები სამზარეულოში მოფუსფუსე დედამისისკენ გააპარა. გივის ულვაშებში ჩაეცინა და მხოლოდ თავის კანტურით შემოიფარგლა: -ჰო, მართლა, გითხრა დედაშენმა, რომ სამ დღეში ბათუმში მივდივართ? -ბათუმში რა გვინდა? -ნინელის და ზურას გოგო იტალიიდან ჩამოსულა და პიაცას მოედანზე მეგობართან ერთად კონცერტს მართავს. -რა? ის უსახური, სათვალეებიანი გოგო? -რა ვიცი, სათვალეებს მგონი აღარ ატარებს და უშნოც არ უნდა იყოს, -უხერხულად მოიქექა კეფა მამაკაცმა. -ვინ არის, რას წარმოადგენს? ბავშვობაში მახსოვს, მაგარი იდიოტკა იყო. -დედაშენმა არ გაგიგოს, მთელი დღე იმის ქება-დიდებაშია,- შვილს გადახედა და ჩუმად ჩაიქირქილა მამამისმა. -აუ, ზიზი, -შუბლზე შემოირტყა ხელი ოთომ. ვიცი უკვე რაშიც არის საქმე და ახლავე გაფრთხილებ, არსად წამომსვლელი არ ვარ. უჩემოდ წახვალთ და დაესწრებით იმ კონცერტს,-ხმამაღლა გასძახა დედამისს. -ვერ დააჭირე ენას კბილი, ხომ?- ტუჩები დაპრუწა ქალმა და წყრომით გადახედა მეუღლეს. -მაინც უნდა გაეგო და შენ ეტყოდი თუ მე, რა მნიშვნელობა ჰქონდა?-გაკვირვებული სახით შეხედა გივიმ. -ჰქონდა! -ფეხები დააბაკუნა ზიზიმ და განერვიულებულმა დააზღერთა ბლინებით სავსე თეფში მაგიდაზე. -და რა კონცერტია ასეთი, რომ თავს იკლავთ იქ წასვლაზე?-იკითხა ოთომ. -ახლავე მოვრჩები სუფრის გაწყობას, დავსხდებით მაგიდასთან და ყველაფერს აგიხსნი,-უპასუხა დედამისმა და მეუღლეს ისეთი სახით გადახედა, აგრძნობინა, მეტი არაფერი ეთქვა შვილისთვის. ცოტა ხანში, ნაირ-ნაირი კერძებით დამშვენებულ მაგიდას შემოუსხდნენ და ქალბატონი ზიზის გემრიელ ნახელავებს სიტყვის გარეშე შეექცეოდნენ. საუბარი ზიზიმ წამოიწყო: -მოკლედ, სანამ სიტყვას არ დავამთავრებ, არ გამაწყვეტინო! -გააჩნია რის თქმას აპირებ,-ცნობისმოყვარე მზერით ახედა დედამისს ოთომ, თუმცა სავარაუდოდ უკვე იცოდა საითაც მიჰყავდა დედამისს საუბარი. - ლილუ გახსოვს ალბათ, ნინელის და ზურას გოგო. უკვე რამდენიმე წელია, იტალიაში ცხოვრობს. იქ დაამთავრა უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი. -ჰო, მახსოვს. ყვავივით რომ ჩხაოდა ის ბავშვია, არა? -რაო? არც კი გრცხვენია. ამ სიტყვებს როგორ ამბობ? ულამაზესი გოგოა. განათლებული, ზრდილობიანი და წესიერი. შენს ბოზებს კი არ ჰგავს. ნეტა განახა ჩელოზე როგორ უკრავს. ერთი სიამოვნებაა იმის მოსმენა. -ჩელოზე? აუ, აუ, აუ! -ხმა! კრინტი! თავი არ მომჭრა! იციან, რომ მთელი ოჯახით მივდივართ. კონცერტის შემდეგ მათთან ერთად სოჭის მიმართულებით კრუიზში მივდივართ. ერთი დიდი კლასიკური კონცერტი გემზეც იგეგმება. ბილეთების ფული უკვე გადავიხადეთ. ერთი სიტყვით, გააფრთხილე თანამშრომლები, რომ რამდენიმე დღით თავის ბოსი არ ეყოლებათ და თავად მოუწევთ კომპანიის საქმეებისთვის გამკლავება. -ბილეთებს უჩემოდ რომ ყიდულობთ, რატომ არაფერს მეკითხებით?- გამწყრალმა გადახედა მშობლებს,- კარგად იცით ჩემი ხასიათი, ვერ ვიტან კლასიკურ მუსიკას, სიმფონიურ ორკესტრს, სიგიჟის ზღვრამდე მისულ, მუსიკით შეშლილ ხელოვანებს და მათი თავების უგზო-უკვლოდ, აქეთ-იქით ქნევას. -რაღა დაგიმალო და მეც გუშინ გავიგე ამ ყველაფრის შესახებ. არ იცნობ დედაშენს? ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდა, -მხრები აიჩეჩა გივიმ. -ძალიან გთხოვ, ოთიკო, ნუ მეტყვი უარს და ერთხელ მაინც დამიჯერე, ხათრი არ გამიტეხო, რა. -კარგი, ვიფიქრებ, თუმცა ვერ შეგპირდები,- ბოლომდე არ გადაუწურა ქალს იმედი. კარგად იცოდა, მხოლოდ სერიოზული მიზეზი იხსნიდა შექმნილი ვითარებიდან და სანამ ის სამი დღე მიილეოდა, ტვინის ყველა უჯრედი აამუშავა, რომ გამოსავალი მოეძებნა. ___ კუს ტბაზე ახლად გახსნილ რესტორანში მეგობრებთან ერთად იჯდა ხუციშვილი და მძიმე სამუშაო დღისგან მიღებული სტრესისგან იტვირთებოდა, როდესაც მოულოდნელად, შენობაში ლილუ გამოჩნდა და ისე, რომ იქ მყოფებისთვის არც კი შეუხედავს, ცარიელი მაგიდისკენ აიღო გეზი. -ოჰა! -გაოცებისგან პირი დააღო ოთომ, როდესაც მოხდენილად ჩაცმული, ყვითელსარაფნიანი გოგო დაინახა და მის სავსე მკერდს, რომელსაც ბიუსტჰალტერი არ უფარავდა და მოშიშვლებულ, ლამაზ ზურგს ლამის თვალები ზედ დააწება. ლილუმ მზის შავი სათვალე მოიხსნა, ჩანთა სკამზე გადაკიდა და მენიუს დააცქერდა. -რა უღმერთოდ ლამაზია!- აღმოხდა ოთოს და ის იყო, მის უკან მდგარი მაგიდისკენ ახლადშემოსულის გასაცნობად უნდა გადაენაცვლა, რომ ორი გოგონა შემოვარდა და ლილუს გვერდზე მოკალათდა: -ჩვენც მოვედით. დიდხანს ხომ არ გალოდინეთ? -არა, ახლახან შემოვედი, - ეშხიანად გაუღიმა ლილუმ და გოგოები გადაკოცნა. -რაო, კაზანოვა, ჩაგივარდა კოვზი ნაცარში?- სიცილი დააყარა ერთ-ერთმა მეგობარმა. -მაგასაც დავინახავთ, ვის ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, ბატონო ირაკლი, - თვალი ჩაუკრა მეგობარს ხუციშვილმა. -შენსას რომ მაინც არ იშლი, - გააგრძელა დაცინვა ირაკლიმ. -გინდა დაგენიძლავო, რომ ამ საღამოს მინიმუმ სახლამდე მივაცილებ და მაქსიმუმ გავჟ.მავ! -ერთხელაც იქნება ამდენი გულგატეხილი ქალის ცოდვები მოგეწევა და იქნებ მერე მაინც შეჩერდე. -Come om! შენც რა დედაჩემივით ჭკუის დამრიგებელი გამომიხვედი. ამასობაში ლილუს მეგობრები ტუალეტში გავიდნენ და გოგონა მარტო აღმოჩნდა მაგიდასთან. ვიდრე კუს ტბის ხედებით ტკბებოდა, ძალაუნებურად მის წინ მყოფების საუბარი ჩაესმოდა ყურებში: -არ გჭირდება, თუ? - თვალები დააწვრილა ირაკლიმ. -აუ! რა ტვინი წაიღე შენ კიდევ? ნუ შ..ცი, რა!- ხელები გაუშალა შეზარხოშებულმა დიმამ, რომელიც გემრიელად შეექცეოდა მეოთხე კათხა ლუდს. -აუ, სულ დამავიწყდა, თქვენთვის მეთქვა. მაგარ შარში ვარ და რაღაც უნდა მოვიფიქროთ. -რა ჯანდაბა მოხდა? -ყურები დაძაბა ირაკლიმ. -თქვენ არ იცით რა მელის, თუ არ გადამარჩინეთ. -ბაზარი არაა, მზად ვართ!- სერიოზული სახით მიუგო დიმამ. -მოკლედ, ჩვენი ოჯახის მეგობრები არიან და მათი გოგო ჩამოვიდა იტალიიდან. იქ დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი და ჩელოზე უკრავს. რაც თავი მახსოვს, მაგარი მახინჯი გოგო იყო. -მერე? არ თქვა ახლა, რომ ზიზი ჩალიჩობს, გაგირიგოს,- ჩაიხითხითა ირაკლიმ. -ჰო, ტო. მართლა ეგ ბაზარია, რას გამომაპარებს. ვიღაც იტალიელ მეგობართან ერთად კონცერტს მართავს ჯერ ბათუმში, შემდეგ კრუიზში მიმავალ გემზე და ესენი მეხვეწებიან, წავყვე. -უკვე წარმოვიდგინე შენი სახე იმ კონცერტზე, აჰაჰაჰ! - ახარხარდა დიმა. ლილუ მიხვდა, რომ მის კონცერტზე იყო საუბარი და მხოლოდ ახლაღა შეხედა მის წინ მყოფთ, რომლებიდანაც მხოლოდ ირაკლი ჩანდა სახით, ხოლო დანარჩენები მისგან ზურგით ისხდნენ. მწარედ ჩაეცინა და თავისთვის ჩაილაპარაკა: -რადგან ზიზი ახსენა, ამ იშვიათი სახელიდან თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ ის თავკერძა ოთო უნდა იყოს, ვინც მთელი ბავშვობა თავის უაზრო გამოხტომებით გამიმწარა! ისევ ისეთივე დეგენერატია, რაც იყო. ნეტა კაცს მაინც თუ დაემსგავსა,-დააინტერესდა ლილუს. ვიდრე ხუციშვილი და მისი მეგობრები მასლაათობდნენ, ამასობაში ლილუს მეგობრებიც დაბრუნდნენ. მათმა შეკვეთამაც დიდხანს არ დააყოვნა და სულ მალე, ლანგარზე დალაგებული აჭარული ხაჭაპურებით და ნატურალური წვენით სავსე ჭიქებით ახალგაზრდა მიმტანი ბიჭიც გამოჩნდა. რამდენიმე წუთში ხუციშვილი სალაროსკენ წავიდა, გოგოების გადასახდელი თანხა გადაიხადა და ისე, რომ ახლად თვალს დადგმული გოგონასათვის არც შეუხედავს, თავის ადგილი დაიკავა. სამაგიეროდ, ლილუს არ გამორჩენია მისტერ უსიმპათიურესობა თავისი მიხვრა-მოხვრებით და ორიგინალური სიარულის მანერით, რომელიც გულგრილს ნამდვილად არცერთ ქალს არ დატოვებდა: -Mamma Mia! ახლა გასაგებია, რაც აბლატავებს ამ თავმომწონეს,- გაიფიქრა ლილუმ და ისევ დაქალებისკენ გადაიტანა ყურადღება. ცოტა ხანში, ალკოჰოლით გათამამებული იქ მყოფები ფეხზე წამოდგნენ და მხიარულ მუსიკას ტანის მოძრაობებით აჰყვნენ. ოთომ ლილუს გახედა, გამჭოლი მზერა ესროლა და მოჩვენებითი მოწიწებით საცეკვაოდ ხელი გაუწოდა: -ნება მომეცით, საცეკვაოდ გაგიწვიოთ. გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით, მშვენიერო ქალბატონო! -სამწუხაროდ, ვერ გაგახარებთ, უარი უნდა გითხრათ. -შეიძლება, მიზეზი გავიგო? -უბრალოდ არ მომწონხართ და არც თქვენთან ცეკვის იდეა მხიბლავს. პირველად მოისმინა ქალების ყურადღებისგან განებივრებულმა ოთომ ასეთი პასუხი ასეთი გარეგნობის მანდილოსნისგან და გულზე ცუდად მოხვდა, თუმცა ჩათვალა, რომ ახალი მოსანადირებელი ცოტა რთულად დამყოლი ხასიათის იყო, ან ასეთ ტაქტიკას იყენებდა მამაკაცების შესაბმელად და ფარ-ხმალი არ დაუყრია: -კარგი, რადგან ასეა, მაშინ აგერ, ტერასაზე გავიდეთ და ვისაუბროთ,-ხელით ანიშნა ოთომ. ირაკლი და დიმა ლუდის სმას აგრძელებდნენ და ხანდახან ძმაკაცისკენ აპარებდნენ თვალს. -მადლობა. თქვენს ადგილს დაუბრუნდით, ასე აჯობებს, -მაპატიეთ, მაგრამ ჩემთვის რა აჯობებს, ჩემზე უკეთ არავის ესწავლება. სულ ორ წუთს წაგართმევთ, მეტს - არა. -უკვე მაწუხებთ,- ღრმად ამოისუნთქა ლილუმ და შეღონებულმა შეხედა. -იცით, მეცნობით, მაგრამ ვერ ვხვდები საიდან. ლილუმ საუბარს სხვა მიმართულება მისცა, თუმცა არ გაჰკვირვებია მისი სიტყვები, ნამდვილად შესაძლებელი იყო, რომ ამდენი წლის შემდეგ ოთოს ეცნო: -რა თქმა უნდა, ვინ იცის კიდევ რამდენი გეცნობათ ჩემნაირად. -დედას ვფიცავარ, მართლა მეცნობი,-არ ეშვებოდა ხუციშვილი. -ლილუ, ჩვენ მივდივართ, -წამოდგნენ დაქალები, რომ მომაბეზრებელი სტუმრისგან ეხსნათ. -მეც მოვდივარ, -გაეპასუხა გოგოებს ლილუ და ჩანთას მოჰკიდა ხელი, რომ ანგარიში გადაეხადა. -თქვენი ანგარიში გადახდილია,- ხელით შეაკავა მიმტანმა გოგონა. -კი, მაგრამ ვინ... აჰ, გასაგებია, -უცებ მიხვდა ლილუ და მიმტანისთვის გადამხდელის ვინაობის დასადგენად კითხვა აღარ გაუგრძელებია. გვერდში მდგომ ხუციშვილს მიუბრუნდა და შავი თვალები შეანათა: -დიდი მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო, -უთხრა და გოგოებთან ერთად რესტორნის გასასვლელს მიაშურა. -გაგაცილებთ მაინც, თქვენნაირი გოგო ქუჩაში ასეთ დროს მარტო არ უნდა დადიოდეს,-ეშმაკურად გახედა თავის ძვირადღირებულ მანქანას და თავის მოწონება ახალი ჟესტით განაგრძო. -მერე და ვინ თქვა, რომ მარტო დავდივარ? აქეთ გაგაცილებდით თქვენდამი ინტერესი რომ მქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებით. ჩაო, არივედერჩი, ჯოვანი,- თვალი ჩაუკრა ქალმა და ჩანთიდან გასაღები ამოიღო, რომ დისტანციურად გაეღო მანქანის კარები. ამასობაში, მისმა მანქანამაც დაიწრიპინა და კვლავინდებური, დახვეწილი სიარულით გაუყვა ავტოსადგომისკენ. დაქალები ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ერთ-ერთმა თავის ავტომობილში ჩაისვა მეორე, ლილუ კი მარტო გაუშვეს. -აი, ეს მესმის,- ჩაეცინა პირში ჩალაგამოვლებულ, მარტოდ დარჩენილ ოთოს და რაც მოასწრო, ლილუს მანქანის ნომრებს ფოტო გადაუღო, მერე კი რესტორანში შებრუნდა, პოლიციელ ძმაკაცს მიადგა, წუთის წინ გადაღებული სურათი ვაიბერით გაუგზავნა და დასძინა:- დიმა, სასწრაფოდ დამიდგენ ამ მანქანის პატრონის ვინაობას. ამას ვაჩვენებ რეალურ ოთოს,-ნერვიულად მოისრისა ნიკაპი ხუციშვილმა. -აჰაჰაჰ! არ მინდიხარო? -დასცინა ირაკლიმ. -აუ, შენ მაინც ნუღარ მიმატებ! -ჩაფლავდი, ტო?- ხუმრობაში აჰყვა დიმაც. -ჯანდაბა!- გამწარებულმა ოთომ მუხლის თავზე დაირტყა ხელი და გუნებაგაფუჭებული წასასვლელად მოემზადა: - ჯერ ყველაფერი წინ არის,-თითის აწევით თქვა და ორივე სუფრას შეატოვა. *** უკვე სახლს უახლოვდებოდა, როდესაც მესენჯერში დაქალისგან ხმოვანი შეტყობინება შევიდა: -„ლილუ, არადა, შენს ადგილას, მე ნაღდად არ გავუშვებდი იმ სიმპო ტიპს ხელიდან.“ ლილუს ჩაეცინა და საპასუხო შეტყობინება გაუგზავნა: -„ის სიმპო ტიპი, როგორც შენ უწოდებ, მეტისმეტად დიდი წარმოდგენის მქონეა თავის თავზე. ვიცნობ და ამიტომ ვამბობ. ვერ მიხვდა, რომ მისი მშობლების მეგობრების შვილი ვარ, თუმცა ვერ გავამტყუნებ, ბავშვობის შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს. დარდი გაუშვი, თამაში მხოლოდ ახლა იწყება, მეგობარო.“ -„როგორ, როგორ? მოიცა, მეღადავები?“ -„არა, მალე განახებთ მაგ ნაბიჭ*ვარს ჩემს ფეხებთან ძაღლის ლეკვივით აწკმუტუნებულს,“- ბოლო შეტყობინებაც გააგზავნა და მანქანა ავტოფარეხში შეაყენა. ___ მეორე დილით ხასიათწახდენილი წამოდგა საწოლიდან, ზიზის მიერ გამზადებული კლასიკური სტილის სამოსი მოიხდინა, როგორც სჩვეოდა, ნახევარი ფლაკონი საყვარელი სუნამო დაიცალა და საძინებლიდან პირველ სართულზე ჩამავალ კიბეებს ჩაუყვა. -მოიცადე, ჩვენთან ერთად არ უნდა ისაუზმო?- გასძახა მანქანაში მჯდომ შვილს ქალბატონმა ზიზიმ. -უჩემოდ რა, ზიზი. არაფერი მინდა,- უპასუხა ოთომ და მანქანა ჩქარი სისწრაფით მოსწყვიტა იქაურობას. -რა ეტაკა?..- ჩაფიქრებული სახით მიიხურა კარი ქალმა და ჩაისთვის გამზადებული ჩაიდანი სასადილო ოთახის მაგიდაზე დადგა. ___ ხუციშვილმა ქალაქის გარეუბანში აგებულ ერთ-ერთ ულამაზეს შენობასთან გააჩერა მანქანა და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა საკუთარ კომპანიაში. -როგორც იქნა, ქალების რისხვაც გამოჩნდა,- სიბრაზისგან წაიბურდღუნა საშუალო ასაკის ბუღალტერმა ქალბატონმა, რომელიც ფანჯარასთან იდგა და უკვე ნახევარ საათზე მეტ ხანს უცდიდა კაბინეტთან, რომ ფინანსურ საკითხებში გაპარული უზუსტობები ერთად დაედგინათ და ჩაესწორებინათ. -დილა მშვიდობისა, - მიესალმა ხუციშვილი ქალბატონ ლეილას და სამუშაო მაგიდასთან უხმო. ქალმა წინასწარ მომზადებული ქაღალდების დასტა ხელში აიღო, ხუციშვილს მაგიდაზე დაუწყო და სათვალეები მოიმარჯვა, რომ ციფრებისთვის მეტი ყურადღებით, მასთან ერთად ხელმეორედ გადაეხედა. მოულოდნელად, კარი გაიღო და ყავის ფინჯნებით ხელში, თეთრ, ჩაღილულ პერანგში და მოკლე, ლურჯ, მომდგარ ქვედაბოლოში გამოწყობილმა მდივანმა შემოჰყო თავი. თეძოების რხევით და გრძელი ფეხების დემონსტირებით გართული, კეკლუცი მზერით სჭამდა ხუციშვილს, მაგრამ მამაკაცს მისთვის არ ეცალა. სერიოზული სახით ჩაჰკირკიტებდა მის წინ გაბნეულ საქაღალდეებს და მასში ჩამაგრებულ თითოეულ ფურცელს ზედმიწევნით ეცნობოდა: -მადლობა. დადე ფინჯნები და გადი,- ცივად უთხრა თავის მდივანს და ბუღალტერს მიუბრუნდა. ოთოს საქციელით დაბნეული მდივანი განაწყენებული გაეცალა მის ოთახს და მისაღებში გაბუტული სახით დაუბრუნდა თავის მაგიდას: -რომ ჰკითხო, მისი შოკოლადი ვარ. არადა, მთელი ღამე ვგეგმავდი დღეისთვის რა სიახლე შემეთავაზებინა მისთვის,- სალონში საგანგებოდ დავარცხნილ, ხვეულ თმაში თითი შეჰყო და წვალება დაუწყო. ___ კონცერტის რეპერტუარის სიას ჩასცქეროდა და თავდაჯერებული იმეორებდა პირველ კომპოზიციას, რომლითაც საღამოს გახსნას აპირებდა. ის იყო, ჩელო ხელში აიღო, რომ ოთახში თავის გადარეული დაქალები შემოცვივდნენ. -ასე იოლად ვერ დაგვიძვრები, ყველაფერს გვიამბობ იმ ყმაწვილის შესახებ. -მაინცდამაინც ახლა, როცა რეპეტიციას გავდივარ? -ჰო, ჰო, ზუსტად ახლა,- ანიტამ ხელიდან წაართვა ჩელო და გვერდზე გადადო. -დამიჯერეთ, მოსაყოლი არაფერი მაქვს. ერთი ჩვეულებრივი, თავმომწონე ვირია. -მომწონს მე ეგ ვირი, იცი?- საუბარში ჩაერთო დიანაც. -ჰოდა გყავდეს, გინდა? -ენა გამოუყო მეგობარს ლილუმ. -სიამოვნებით, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ იმას შენ უნდიხარ. -კარგი, რა. არც ისეთი სიმპათიურია, როგორც თქვენ გგონიათ, ან მე მგონია ასე, რა ვიცი. -ღმერთო ჩემო, ეს რა თქვი? გემოვნება შვებულებაში გაქვს გაშვებული, თუ თვალები მიგახატეს? ჰო, უეჭველი ან ერთი, ან მეორე,- დოინჯი შემოირტყა ანიტამ და ეშმაკურად გახედა. -კი ბატონო, ქარიზმატული არის, თავის ბიზნესისაც გაეგება, მაგრამ მე კიდევ რაღაცებს ვეძებ მამაკაცში. ასე, რომ ეგ პიროვნება ჩემს მოთხოვნილებებს არ აკმაყოფილებს. -ასეთი რა მოთხოვნილებები გაქვს? გაგვანდე ერთი,- გადაიკისკისა დიანამ. -დიკო, აი, რაზე უნდა ველაპარაკო ფულით გათავხედებულ, ქალების ყურადღებით განებივრებულ და მოსიარულე ბრენდებით დახუნძლულ, ერთ გაბღენძილ მამაკაცს? რომელი მაღალი სულიერი ღირებულებების მატარებელი ეგ მყავს? დარწმუნებული ვარ, რაც ბავშვობაში მოასწრო, ტომ სოიერის თავგადასავლის და ბიძია თომას ქოხის მეტი არაფერი წაუკითხავს. -კარგი ახლა, რა. რად გინდა, ქალო წიგნები და ბიბლიოთეკა? როგორ დავიჯერო, შენ და ალესანდრო საბნის ქვეშ სულ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაზე“ მსჯელობდით? -აუ, რა გიჟი ხარ,- პატარა ბალიში გაუქანა მეგობარს ლილუმ. -მოგვიყევი, ვინ არის? გაზით უნდა გგლიჯოთ სიტყვები? -ხომ გითხარით, ჩემი მშობლების მეგობრების შვილია. ჩემი და ოთოს მშობლები სტუდენტობის დროიდან იცნობენ ერთმანეთს. მერე იტალიაში წავედით საცხოვრებლად და დრომ და მანძილმა დაგვიკარგა კავშირი. გასულ წელს რომ ჩემი მშობლები საქართველოში დაბრუნდნენ, ისევ შემოიკრიბეს ძველი მეგობრები და ურთიერთობაც აღდგა. სულ ეს არის. -კი, მაგრამ გუშინ როგორ ვერ გიცნო თუ ასე ახლოს იყავით ოჯახებით ერთმანეთთან? -რას მიცნობდა, ანიტა? შვიდი-რვა წლის ვიყავი, როცა წავედით. ოთოც დაახლოებით თორმეტი წლის მაინც იქნებოდა. მას შემდეგ ჩვიდმეტმა წელმა განვლო. -მდა! ახლა რას აპირებ? -რას ვაპირებ? კარგი კითხვაა. ვიდრე იტალიაში დავბრუნდები, იმ ვაჟბატონს თავის ადგილს მივუჩენ. რაღაცით ხომ უნდა გავერთო? -რა მელაკუდა გოგო ხარ. უეჭველი რაღაც საშინელება ჩაიფიქრე, - წარბები აათამაშა დიანამ. ლილუმ ცბიერი გამოხედვა მიიღო და ავგურის ღიმილით გადახედა მეგობრებს: -გეფიცები, არ შევარჩენ, რომ მახინჯად მომიხსენია. -რა? -რა და რაც გაიგეთ. გუშინ, ვიდრე თქვენ ტუალეტში იყავით გასულები, თავის ძმაკაცებს უყვებოდა, როგორ არ უნდოდა ჩემნაირი მახინჯი ქალის კონცერტს დასწრებოდა. თავი მოჰქონდა, რომ მის მშობლებს ჩემი გარიგება უნდოდათ და დახმარებას სთხოვდა, რამე მიზეზი მომაფიქრებინეთ, რომ ბათუმში და კრუიზში მათ არ წავყვეო. -ოჰო! ეს გოგონა სერიოზულ შურისძიებას აპირებს,- თვალები გაუფართოვდა ანიტას. -ვთქვათ და ბათუმში არ წამოვიდა, მერე? -წამოვა კი არა, ცხვირ-პირის მტვრევით გამოიქცევა. -რა დარწმუნებული ხარ? -ალბათ, ვიცი,- თვალები გაუბრწყინდა ლილუს. -დაგერხა, ოთიკო,- ხელები მოიფშვნიტა დიანამ. -ოღონდ ფრთხილად, საკუთარ მახეში თავად არ გაება,- ჩაეცინა ანიტას. -ეგრე მიცნობ? -რა ვიცი, რა ვიცი,- მხრები აიჩეჩა მეგობარმა. ___ ხუციშვილი ჯერ კიდევ კომპანიაში იყო და საბუთებში იქექებოდა, როდესაც ირაკლიმ დაურეკა და წინა დღის დაუმთავრებელი საუბარი გაუხსენა: -ბატონ ოთარს გაუმარჯოს. -თუ ისევ გუშინდელი დღის გახსენებას მიპირებ, ძმრად ამოგადენ, იცოდე!- მუქარაზე თავადვე ჩაეცინა ხუციშვილს. -არა, არა. ვიღაცის კონცერტზე რომ გვიყვებოდი და ჩვენი დახმარება გჭირდებოდა, იმაზე გირეკავ. -ჰო, იმდენი საქმე მაქვს, აღარც კი გამხსენებია,- შუბლი მოისრისა გონებადაღლილმა ოთომ. -მე რით შემიძლია, დაგეხმარო? მითხარი და არ დაგზარდები. -მოდი, ასე მოვიქცეთ. მე ვეტყვი, რომ საგადასახადო ინსპექცია შემოდის კომპანიაში და ჩემი აქ დარჩენის აუცილებლობას ხაზს ამით გავუსვამ. -ჰოდა, უთხარი, მშვენიერი იდეაა. - მაგრამ მეორე მიზეზიც მჭირდება, მოხარშულს ვცნობ ზიზის, მხოლოდ ეს არ დააკმაყოფილებს. -აბა, რა უნდა ქნა? -ამიტომ მჭირდები შენ. ვითომ ცოლი მოგყავს და მეჯვარედ მიგყავარ. რომ დაგირეკავს და მოგილოცავს, არ გაიკვირვო. ჩვეულებრივად მიიღე დედაჩემის მილოცვა. -კაი, ტო. ნორმალური ხარ შენ? საბავშვო ბაღია? ჯერ ერთი ტყუილში დაგვიჭერს, მერე მეორე- წინა დღეს გაიგე, რომ ცოლი მომყავს? რა სისულელეს როშავ? -ვითომ უცბად გადაწყვიტე ცოლის მოყვანა და ყოველგვარი დიდი წვეულებების და სტუმრების გარეშე, მხოლოდ რამდენიმე მეგობართან ერთად, სადღაც მთაში იწერ ჯვარს. -ბარონ მიუნჰაუზენი ხარ, რა. ცხავივით გაგდის ტყუილები. მეტი ვერაფერი მოიფიქრე? არ მომწონს მე ეგ აზრი. -ირაკლი, მოგწონს, თუ არა, ეს ერთადერთია, რაც იქ წასვლისგან მიხსნის. -მერე? აბა, პატარძალი? რა ვუთხრა დედაშენს, ქორწილიდან გამექცა-თქო? -მოვიფიქრებთ რამეს. -ოთიკო, რას მერჩი? რატომ უნდა შეაძულო იმ ქალს ჩემი თავი? სხვა რამე მოვიფიქროთ. -სხვა რა უნდა მოვიფიქრო, აბა? ამოყარე შენი გოგრა თავიდან უკეთესი აზრები და ბაზარი არ არის, დაგეთანხმები. -ვახ! კაი, ჯანდაბას შენი თავი, იყოს ეგრე. -აღარ მცალია, დაგირეკავ საღამოს. -მოიცა, მოიცა, არ გათიშო. -გისმენ. -ის მაინც მითხარი ვის მრთავ და რა ჰქვია ჩემს საცოლეს?- ახითხითდა ირაკლი. -ანჯელინა ჯოლი. -ჯანდაბა! იდიოტი ხარ, მე მოვკვდე. -მორჩი ახლა და გამიშვი. ყელამდე საქმეში ვარ. -კეთილი, მიბრძანდი და იმუშავე, ხელს აღარ შეგიშლი,-დაემშვიდობა ირაკლი. -ეს საქმეც მოგვარდა, -შვებით ამოისუნთქა ხუციშვილმა და კმაყოფილი ათამაშებდა თითებს მაგიდაზე,- ახლა, ზიზის წიკვინსაც როგორმე გავუძლებ და ეგ არის, რა. --- -გაიგე, შენმა შვილმა რა მითხრა? -წინ და უკან დააბიჯებდა განერვიულებული ზიზი ოთახში და ბოლთას სცემდა. -აბა, საიდან უნდა ვიცოდე? -არ მოვდივარ, საქმეები მაქვსო. საგადასახადო ინსპექცია შემოდის და კომპანიას ასეთ დროს ვერავის შევატოვებო, თან ირაკლის ცოლი მოჰყავს და მეჯვარედ მე მივყავარო. რა ყველას ყველაფერი მაშინ მოუნდება ხოლმე, როცა ასეთი ლამაზი და მნიშვნელოვანი გეგმები გაქვს ადამიანს? -რას იზამ? რაც არის, არის. წავიდეთ ჩვენ ორნი. მეც უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ უარს როგორ გეტყვი? არ ჩაგაშხამებ,- თბილად მიუგო გივიმ მეუღლეს და დასამშვიდებლად გულზე მიიკრა. -გივიკო, ნეტა ჩვენი შვილი გონს მოეგებოდეს, წესიერი ვინმე მოძებნოს, ოჯახი შექმნას და მეტი არაფერი მინდა. -შენ ოთიკო მართლა სულელი ხომ არ გგონია? ალბათ, ვერ შეხვდა ისეთს, ვინც გულთან მიუვიდოდა, თორემ ვერავინ დაასწრებდა ცოლის მოყვანას. მორჩი ახლა წუწუნს და წამოდი, ერთი გემრიელი ჩაი დავლიოთ და ბელგიურ ვაფლსაც მოვულხინოთ,- თვალი ჩაუკრა მეუღლეს მამაკაცმა. ___ თბილისი მოლის მაღაზიებში მარტო დადიოდა, ბათუმისთვის და კრუიზისთვის ახალ ტანსაცმელს არჩევდა და თან დრო გაჰყავდა, როდესაც სრულიად შემთხვევით, სათამაშოების მაღაზიასთან მისდა მოულოდნელად ოთო ხუციშვილს გადააწყდა: -ოჰ, ქალბატონ ნაცნობ უცნობს ვახლავარ, -ნათლულისთვის ნაყიდი დიდი, ფუმფულა უნიქორნი მარცხენა ხელში გადაიტანა და მარჯვენით თმა შეისწორა. -გამარჯობა,- სუსტად გაუღიმა ლილუმ და გვერდი აუქცია. -ჯანდაბა, ისევ უკარება ქალის როლს თამაშობს. ამას ვუჩვენებ სეირს, -თავში მზაკვრულმა აზრმა გაუელვა და ყავის დასალევად დამჯდარი ლილუ ერთ-ერთ კაფეში რომ დაიგულა, სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ერთ საათში მანქანების ავტოსადგომის მეორე სართულზე ლილუც გამოჩნდა და მწვანე ზოლში დაყენებულ მანქანას თვალის ცეცებით დაუწყო ძებნა. ოთო იქვე, შორიახლოს ჩასაფრებულიყო და ბოროტული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. როგორც კი ლილუმ საბარგულში ნაყიდი სამოსი და ნივთები ჩააწყო, ის იყო, საჭესთან უნდა დამჯდარიყო, დისკებამდე დაშვებულ ბორბალს მოჰკრა თვალი და სახე შეეცვალა: -Oh mio Dio! -ამოილაპარაკა და მანქანის კაპოტს სიმწრისგან ხელი მთელი ძალით დაარტყა. -რაო, პატარავ, გაბრაზდი? - გახალისდა ხუციშვილი, რომელიც აფორიაქებულ ლილუს მეტისმეტი სიამოვნებით და ინტერესით ადევნებდა თვალს. ლილუმ ჩანთიდან მობილური ამოიღო და დიდხანს დასცქეროდა ეკრანს. საძიებო სისტემაში ასეთი სიტუაციების დროს დამხმარე ტექნიკურ პერსონალს ეძებდა, მაგრამ ამაოდ. ზოგი ეუბნებოდა, რომ დამხმარე ბრიგადები გასულები იყვნენ და ორ საათში ნაკლებ დროში ვერ შეძლებდნენ დახმარებას, ზოგი ურჩევდა, საევაკუაციო მანქანისთვის გამოეძახა და მათ პროფილაქტიკამდე მიეყვანა მანქანა, ზოგიც სამუშაო დღის დასრულებას იმიზეზებდა. -ცოტაც და შენი მშველელი რომეოც გამოჩნდება. მანამდე კიდევ იწვალე, ჩიტუნავ,- ხელები კეფასთან მიიდო და სავარძლის საზურგეზე კომფორტულად გადაწვა ხუციშვილი. რამდენიმე წუთში მოთმინებადაკარგულ ლილუს წინ აესვეტა: -დახმარება ხომ არ გჭირდებათ? -შენღა მაკლდი სრული ბედნიერებისთვის,- გაიფიქრა ლილუმ და ნაძალადევად გაუღიმა:- არა, იცით, პატარა ამბავია, დამხმარე პერსონალი უკვე გზაშია და რამდენიმე წუთში აქ გაჩნდება. -ჰო, რა ვიცი, თქვენ იფიქრეთ და თუ რამეა, თხუთმეტი-ოცი წუთი კიდევ დავრჩები ამ ტერიტორიაზე, მოლში უნდა შევბრუნდე, რაღაცის ყიდვა დამავიწყდა,- თვალი ჩაუკრა ოთომ და მიატოვა. ლილუმ აცნობიერებდა, რომ ხუციშვილი ერთადერთი ხსნა იყო, რომელიც შექმნილი მდგომარეობიდან იხსნიდა, მაგრამ თავმოყვარეობა მაინც უკან ახევინებდა. -იფიქრე, პატრავ, იფიქრე, სანამ ჯერ კიდევ დრო გაქვს, თორემ დიდხანს მოგიწევს ავტოსადგომზე ყურყუტი,- თავისთვის ჩურჩულებდა მოლში უაზროდ მობოდიალე ოთო და თან საათს დასცქეროდა, რომ დაახლოებით ოც წუთში ლილუსთან დაბრუნებულიყო. -ახლა რა უნდა ვქნა?- ნერვიულობისგან ადგილს ვეღარ პოულობდა ლილუ და მობილურს იმედგაცრუებული უყურებდა,- ამხელა ქალაქში როგორ დავიჯერო, რომ ერთი ორგანიზებულად მომუშავე კომპანია არ არის, რომელიც საგანგებო სიტუაციებში მძღოლებს მსუბუქი სახის ტექნიკური დახმარებებით უზრუნველყოფენ?- ნერვიულად ისწორებდა სახესთან ჩამოყრილ წაბლისფერ თმას და ის იყო, უკვე საჭესთან უნდა დამჯდარიყო და დაშვებული ბორბლით უნდა გაერისკა ახლომდებარე პროფილაქტიკაში წასვლა, რომ კვლავ ოთო დალანდა. -არ მოსულან? -სერიოზული სახით შეიცხადა ხუციშვილმა. -არა,- მოკლედ მიუგო შეწუხებულმა ლილუმ და მობილური ტელეფონი ჩანთაში ჩააბრუნა. -დაელოდები, თუ დაგეხმარო? -კარგი, რა გაეწყობა. რადგან ასე ძალიან გსურთ... -კი, ვკვდები, ისე ძალიან მინდა მანქანის ძუნძგლიან ბორბლებთან დროის გატარება, მაგრამ თუ თქვენსავით ლამაზი ქალი მთხოვს, მაშინ ღირს დაფიქრებად, - ჩაეცინა ხუციშვილს. -თუ ეს თქვენი კეთილი ნებაა, მაშინ დამეხმარეთ, შემიძლია გადაგიხადოთ კიდეც, მაგრამ ამის იქით, თუ რამეს ფიქრობთ, ტყუილად არაფრის იმედი გქონდეთ. -რა გქვია? -ლილუ. -ლილუ,- გაიმეორა ოთომ,- არც ისეთი ლამაზი სახელია, მაგრამ წავა,- სასაცილოდ დაიღმიჭა ხუციშვილი. -წადი შენი!- გულში გაიფიქრა ლილუმ და მთელი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ისეთი სახე მიეღო, თითქოს აინუნშიაც არ ჩაუგდია მისი სიტყვები. -თქვენ რა გქვიათ? -ოთო. -არ გეწყინოს, მაგრამ არც შენი სახელია დონე, ამ სახელის გაგონებაზე ჩემს სოფელში რომ გიჟი ოთარი იყო, სულ ის მახსენდება. საწყალს მენახირეები სამადლოდ ატარებდნენ სმენის დროს და ხან საჭმლით, ხან ფულით ეხმარებოდნენ ხოლმე. როგორც ვიცი, ნახირში დალია სული, - მაქსიმალურად მოწყენილი სახე მიიღო ლილუმ. -ალქაჯი, - გაიფიქრა და სახეზე შავმა ღრუბელმა გადაუარა მამაკაცს. გაბრაზებულმა ამოაწყო საბარგულიდან პირველადი დახმარების ხელსაწყოები, ბორბალს ჰაერი დაუმატა, ცივად დაემშვიდობა და საშინელი გამომეტყველებით დაუბრუნდა თავის ავტომობილს. -ოთო, ოთიკო, ოთარიკო, - იმეორებდა მარტოდ დარჩენილი ლილუ კნინობით სახელებს. საყვარელი სახელი კი გქვია, მაგრამ როცა ცეცხლს ეთამაშები, საკმარისად მომზადებული უნდა იყო,- ახლა უკვე ლილუ აღმოჩნდა დაწინაურებულ მდგომარეობაში და კმაყოფილებისგან შვებით ამოისუნთქა. -ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს, გპირდები, კარგად გაიცნობ ოთარის და ამის შემდეგ გიჟი კი არა, არამედ გულის გამტეხი ოთარი გაგახსენდება ჩემი სახელის გაგონებაზე,- კბილებში გამოსცრა ხუციშვილმა და ნელ-ნელა გაეცალა თბილისი მოლის ავტოსადგომს. ___ საგურამოს სახლში მისულმა ოთომ მშობლები მოიკითხა და მაშინვე თავის ოთახისკენ აიღო გეზი. -რა დაემართა ამ გადარეულს? გუშინდელი დღიდან ცხირჩამოშვებული დადის,- უცნაურად გადახედა მეუღლეს ზიზიმ. -ერთობა, რატომ იმხობს თავზე ყველაფერსო, დასერიოზულდება, ასე რატომ იქცევაო. შენი ვერაფერი გავიგე. აცალე კაცს ცხოვრება, თავად მიხედავს საკუთარ ცხოვრებას,- შეუღრინა გივიმ. -ერთი -ორი შენნაირი კუდის ამწევი და მალე წმინდანადაც შერაცხავთ,-ირონიულად ჩაილაპარაკა ზიზიმ. -აუფ! დაიწყო ისევ,- ნერვიულად ჩაიქნია ხელი მამაკაცმა და საუბარი რომ აღარ გაეგრძელებინათ, ეზოში გავიდა. -გამიშრეს სისხლი ამ კაცებმა!- წაიბურდღუნა ქალმა და საგარდერობე ოთახს მიაკითხა. მერე ერთ ადგილას დაწყობილი ჩემოდნები გამოაგორა და დაკვირვებით შეათვალიერა მათში ჩასალაგებელი კაბები, ჩანთები და ფეხსაცმელი. ___ მეორე დღეს ოთო სამსახურში აღარ წასულა. კარგად გამოიძინა და საწოლში გვიანობამდე შემორჩენილი აუჩქარებლად წამოდგა. ზლაზვნით გავიდა აივანზე და მომნუსხველი ბუნების მწვანე ხედებს გახედა. შესანიშნავი დღე იყო. მეორე სართულიდან ლამაზად მოპირკეთებულ საცურაო აუზში ეულად ლივლივებდა ცისფერი წყალი და მასზე ათამაშებული მზის სხივები მაცდუნებლად იხმობდნენ. ბევრი აღარ უფიქრია, ეზოში ჩავიდა და პირდაპირ თავით გადაეშვა აუზში. ნახევარ საათზე მეტს ხანს დაჰყო ცურვაში გართულმა და როცა მოიბეზრა, შეზლონგზე მზის სხივებს მიეფიცხა. მშობლები უკვე კარგა ხნის წასულები იყვნენ ბათუმში. დილით, ადრიანად დაეტოვებინათ იქაურობა და ბედნიერი იყო, რომ ასე მშვიდად გადაურჩა იმ მახინჯი გოგოს კონცერტის მოსმენას. სამაგიეროდ, ლილუზე ფიქრი არ ასვენებდა. რა დროს კლასიკური მუსიკა იყო, როცა მორიგ მოსანადირებელ ქალს ჟინმორეული დასდევდა და ყოველგვარი ხერხით ცდილობდა ხელში ჩაგდებას? თორმეტი ხდებოდა, როდესაც სახლში შებრუნდა და მობილურ ტელეფონს ძებნა დაუწყო, რომ დიმასთვის დაერეკა. ვიდრე ზუმერი გავიდოდა, პულტით ტელევიზორი ჩართო და არხების თვალიერებას მოჰყვა. ამასობაში, ძმაკაცის ხმაც გაისმა: -ბიჭო, რა შვრები როგორ ხარ? -არამიშავს. შენ როგორ ხარ? -მეც ვარ, რა. სწორედ ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას, დამასწარი. შენთვის ახალი ამბავი მაქვს. -აბა, გისმენ. -მანქანის ნომრები, რომლის სურათიც იმ დღეს გამომიგზავნე, ეკუთვნის იტალიის და საქართველოს ორმაგ მოქალაქეს, ვინმე ლილუ ციცაგს, მცხოვრებს ვაკის რაიონში, კერძოდ ყიფშიძის ქუჩა N10-ში. -ერთი წუთი გაჩუმდი!- გაოგნებული სახით თქვა ხუციშვილმა და ტელევიზორში გამოტანილ ლილუ ციცაგის სურათს მიაშტერდა, რომლის ფონზეც საინფორმაციო გადაცემის წამყვანი აცხადებდა, რომ ბათუმში, კერძოდ პიაცას მოედანზე კლასიკური მუსიკის ჩასატარებლად სცენის მონტაჟი დასასრულს უახლოვდებოდა და ჩელოს ქალღმერთად წოდებულ ლილუ ციცაგს და მის იტალიელ მეგობარს, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავდა, მთელი ქართული მუსიკალური წრე, მელომანები და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები დიდი აღტაცებით ელოდებოდნენ. -ჯანდაბა! ბედის ირონიაც ამას ჰქვია!-ყბა ჩამოუვარდა ოთოს. -ალო, სად დაიკარგე?- უკვე მესამედ იმეორებდა სიტყვებს დიმა. -აქ ვარ. -გაიგე რაც გითხარი? -ყველაფერი გავიგე, - მეტყველების უნარწართმეული ძლივს პასუხობდა მეგობარს. -ჰოდა, იმოქმედე. თუ რამეა, კიდევ გავიქექებით და ტელეფონის ნომერსაც მალე დავადგენთ. -უკვე აღარ არის საჭირო, მადლობა დახმარებისთვის,- გონზე მოსული მეგობარს დაემშვიდობა, ტელეფონი გათიშა და სასწრაფოდ ირაკლის გადაურეკა. აცნობა, რომ გეგმებს ცვლიდა, დასამახსოვრებლად მორიგი ტყუილი ჩამოურაკრაკა, ვითომ ქორწილი გადაიდოო და ვერ აცნობიერებდა რას იცმევდა, ან რას ალაგებდა ბარგად, ისე გაუდგა ბათუმის გზას. გზაში მშობლებსაც გადაურეკა, ახარა, რომ მალე შეუერთდებოდა, სასტუმროს სახელი და მისამართიც ჰკითხა, სთხოვა, ერთი ნომერი მისთვისაც აეღოთ და ჯერ კიდევ ახალ ემოციებში გახვეული მთელი მოლოდინებით უქცევდა მის გვერდით მიმავალ მანქანებს გზას. ___ დაახლოებით შუადღის 12:30 საათზე დაეშვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში იტალიიდან მომავალი თვითმფრინავი. ნახევარი საათი დასჭირდა, რომ მგზავრები თავიანთი ბარგითურთ გამოსულიყვნენ მომლოდინე ხალხთა რიგებში. -ფრანჩესკა, -ხმამაღლა დაიძახა მეგობრის სახელი ლილუმ და ხელი დაუქნია. შავთმიანმა ლამაზმანმა როგორც კი ლილუ დაინახა, სახე გაებადრა და მისკენ წავიდა. გულთბილი მოკითხვები რომ დაამთავრეს, ლილუ ჩემოდნების საბარგულში ჩალაგებაში დაეხმარა და ბათუმისკენ დაიძრნენ. ახლადჩამოსული სტუმარი დიდი ყურადღებით აკვირდებოდა გზის შემოგარენს და გონებაში საქართველოს ბუნებას იტალიისას ადარებდა: -საინტერესო ქვეყანა ჩანს, -გაუღიმა საჭესთან მჯდომ მეგობარს და თვალიერება განაგრძო. -დრო რომ მქონოდა, ქუთაისს დაგათვალიერებინებდი, ნამდვილი ისტორიული ქალაქია, მაგრამ ვფიქრობ, ბათუმითაც არანაკლებ მოიხიბლები. -არაუშავს, სხვა დროს იყოს. ბათუმი ტროპიკული ქალაქია, არა? ვიდრე წამოვიდოდი, ცოტა რაღაცებს ინტერნეტში გავეცანი. -მთლად ტროპიკული არ არის, სუბტროპიკულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულგრილს არ დაგტოვებს, აუცილებლად მოგეწონება. -ერთი სული მაქვს, ვნახო. ჰო, მართლა, ჩვენი სცენა უკვე მზად არის? -კი, ორგანიზატორები ყველაფერს გულისყურით ეკიდებიან. ახლა ბოლო დეტალებზე მუშაობენ. თითქმის უკვე მზად არის კონცერტისთვის. ვიდრე სასტუმროში მივალთ, იმ ადგილას მიგიყვან და შეგახედებ, თუ გინდა. -არაჩვეულებრივია. რა თქმა უნდა, მინდა. თან, ფორტეპიანოსაც შევამოწმებ, გამართულობაში რამე ხარვეზი არ ჰქონდეს. ორგანიზატორებს სად ვნახავთ? არ გამაცნობ? -სხვათაშორის, დახვედრა უნდოდათ, მაგრამ მე არ მივეცი უფლება. ავუხსენი, რომ არ გიყვარს განსაკუთრებული და არაბუნებრივი მანერებით გაჯერებული შეხვედრები. -კარგად მოქცეულხარ,- მიუგო ფრანჩესკამ, მერე დაღლილობის მოსახსნელად სპორტული ფეხსაცმელი გაიხადა, ცალი ფეხი სავარძელზე შემოიკეცა, კომფორტულად მოთავსდა და ფანჯრიდან ყურება განაგრძო. ___ ბათუმის მოვლილმა ქუჩებმა, ულამაზესმა ბუნებამ, თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ნაზავმა და ზღვის სანაპირო ზოლმა იტალიელი მეგობარი იმდენად დადებითი ენერგიით აავსო, სასტუმროში მისვლას აჭიანურებდა. ყველაზე დიდად ფიგურატული მარმარილოს მოზაიკით მოიხიბლა, რომელიც პიაცაზე შესვლისთანავე თვალში მოხვდა და აღფრთოვანებულმა მაშინვე კითხვები დააყარა ლილუს: -ეს ვისი ნამუშევარია? ძველია, თუ ახალი? -გულწრფელად გეტყვი, ეს მოზაიკა მეც გუშინ, გვიან ღამით რომ ჩამოვედი, მაშინ შევნიშნე და შენსავით შთაბეჭდილებების ქვეშ დარჩენილი დავცქეროდი. ბევრი არაფერი ვიცოდი, ვიდრე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ქალმა არ ამიხსნა, რომ 2010 წლის ნამუშევარია. აქ თავმოყრილი მარმარილო თხუთმეტ ქვეყანაში შეგროვდა და შემდეგ ქართველ-შვეიცარიელი დიზაინერის, ნატალი დე პიტა-ამირეჯიბის ორიგინალური ესკიზის მიხედვით, ქალაქ აბუ-დაბიში, ერთ-ერთ სახელოსნოში აეწყო და მოგვიანებით ბათუმში იქნა გადმოტანილი. -სასწაული ნამუშევარია. მომაჯადოვა ზღვის ქალღმერთების ხილვამ და საერთოდ, აქ გამოსახულ ყველა ფიგურათა იდეალურმა შერწყმამ და ფერთა გამამ. -კი, ვერ ვუარყოფ, მართლაც ჩინებული ნაშრომია, -დაეთანხმა ციცაგი. ორგანიზატორებთან შეხვედრის და საღამოს პროგრამის კიდევ ერთხელ გადახედვა-შეჯერების შემდეგ მეგობრები სასტუმროში დაბრუნდნენ და 21:00 საათამდე დარჩენილი საათები დასვენებას და კონცერტისთვის მომზადებას დაუთმეს. --- შხუილით შევარდა ხუციშვილის მანქანა სასტუმროს ავტოსადგომზე, სასწრაფოდ ავიდა მისთვის განკუთვნილ ოთახში, შორტი და მაისური გაიძრო, შხაპი მიიღო, საყვარელი ბრენდის „John Varvatos”-ის კლასიკური სტილის ტანსაცმელში და ფეხსაცმელში გამოეწყო, მაჯაზე „Rolex”-ის ძვირადღირებული საათი მოირგო, სუნამოს დასხმის სტილსაც არ უღალატა და ბოლოს ყველაზე მეტად რაც ეჯავრებოდა, ყელზე ბაფთაც დაიმაგრა: -ეჰ, ლილუ, ლილუ, მოდის შენი სულთამხუთავი ოთარი. ვიცი, არც ისე ძალიან გაგიხარდება ჩემი დანახვა, მაგრამ რას იზამ? შენი მშობლების მეგობრების შვილი ვარ და მოგიწევს მისტერ უსიმპათიურესობის ყურება, თუ რა თქმა უნდა, ჩემს დანახვაზე გულყრა არ დაგეწყო,- საკუთარ თავს კმაყოფილმა გაუღიმა, პიჯაკი გაისწორა და მოხდენილი სიარულის მანერით გაუყვა სასტუმროს დერეფანს. სასტუმროს ფოიეში ნინელი და ზურა ციცაგები ხუციშვილებს ელოდებოდნენ. როგორც კი ოთო დაინახეს, მაშინვე სიხარულით გადაეხვივნენ: -ოჰ, ეს ბიჭი ვინ არის? - ტუჩების პრუწვით გადასაკოცნად წავიდა ოთოსკენ ვერცხლისფერ კაბაში აბრჭყვიალებული ქალბატონი ნინელი,- როგორ გამახარე, დრო რომ გამოძებნე, მოიცალე და ჩვენი ლილუს კონცერტზე დასასწრებად ჩამოხვედი. -როგორ გეკადრებათ, ასეთ საღამოს ნამდვილად ვერ დავაკლდებოდი,- ჩაეცინა ოთოს. მერე ბატონ ზურას მიუბრუნდა და მოწიწებით მოიკითხა: -თქვენ როგორ ბრძანდებით? -კარგად ვარ, მადლობა,- გაუღიმა ზურამ. მამაკაცს სახეზე გამოესახა, რომ ესიამოვნა მისგან თბილი მოკითხვა. -ლილუ სად არის?- უხერხულად იკითხა ბიჭმა. -ლილუ და მისი მეგობარი ფრანჩესკა უკვე პიაცას მოედანზე არიან. რამდენიმე წუთის წინ წავიდნენ,- მიუგო ნინელიმ. -გასაგებია. ამასობაში ზიზი და გივიც გამოჩნდნენ, ასევე დამშვენებულები. -აბა, მზად ვართ წასასვლელად?- ყველას გადახედა აღელვებულმა ზურამ. -რა იყო, რას ნერვიულობ, შე კაცო? ყველაფერი კარგად იქნება,- მისი მღელვარება არ გამოჰპარვია ნინელის და მეუღლეს აწყნარებდა. -წავიდეთ, წავიდეთ,- საუბარში ჩაერთო გივიც და გარეთ გასულ სტუმრებს ყველაზე ბოლოს ის გაჰყვა. ___ კონცერტის დაწყებამდე სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც საპატიო სტუმრების გვერდით ადგილები დაიკავეს ოჯახის წევრებმა და მათმა მეგობრებმა. სიმფონიური ორკესტრის წარმომადგენლები უკვე ადგილზე იყვნენ და ემზადებოდნენ. ოთო წარამარა დასცქეროდა საათს, ეჩქარებოდა ლილუს სცენაზე გამოსვლა. როგორც იქნა, საღამოს წამყვანიც გამოჩნდა, დამსწრე საზოგადოებას საგანგებოდ მომზადებული სიტყვით მიმართა, მოკლე წარდგინება გააკეთა კონცერტზე გამომსვლელთა შესახებ და საღამოც გაიხსნა. გაბრდღვიალებული სცენაზე გრძელი, წითელი, ღრმა დეკოლტიანი კაბით ეშხიანად გამოვიდა ლილუ ციცაგი, სწორი თმა მხრებზე ჩამოჰყროდა, თვალის ჩრდილები და აპრეხილი წამწამები კიდევ უფრო მეტად უსვამდნენ ხაზს შავი თვალების სილამაზეს, წითელი ტუჩსაცხი კი გარდა იმისა, რომ გამომწვევს ხდიდა, ღიმილის დროს მის კბილებს ბროლივით ლამაზს აჩენდა. ტაშის ფონზე თავი დაუკრა მსმენელებს, შემდეგ ჩელოსკენ მოხდენილად გაემართა და ახლა ფრანჩესკას დაუთმო აუდიტორიის წინაშე გამოსვლის რიგი. ოთო ვეღარც ფრანჩესკას ხედავდა, ვეღარც გვერდით მყოფ ხალხს, მხოლოდ ლილუს უყურებდა და კიდევ უფრო ტყვევდებოდა მისი მშვენიერებით. შოკისმომგვრელი მომენტი იყო, როდესაც ქალმა ჩელო ხელში აიღო, გრძელ ფეხებს შორის მოიქცია და გვერდებში შეხსნილმა წითელმა კაბამ ნახევრად მოუშიშვლა მუხლის ზედა ნაწილამდე. თავს ატყობდა, რომ ვნება ერეოდა, სუნთქვა ეკვროდა და გული უჩქარდებოდა. ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ჩელოსთან მჯდარი ქალი ყველაზე დიდ სექსუალურ ფანტაზიებს გაუღვიძებდა: -აი, ეს მესმის,- გაიფიქრა, თვალები დახუჭა და ყურებამდე მოსულ საკუთარ გულის ცემის სმენად გადაიქცა, თუმცა ვინ დააცალა? ფორტეპიანოზე ნაზად ათამაშებულ ნოტებს ჩელოსგან წარმოქმნილი მელოდიაც შეერწყა და ჰარმონიულად შეზრდილი ბგერები ირგვლივ მყოფ მელომანებს გულზე მალამოდ დაეფინათ. შემდეგი კომპოზიციებიც არანაკლებ ლამაზი აღმოჩნდნენ, მაგრამ შოსტაკოვიჩის „მეორე ვალსმა“ და სეკრეტ გარდენის „Song from a Secret Garden”-მა შოუ სრულ კულმინაციამდე მიიყვანა და იქამდე შესრულებული მუსიკა სადღაც შორს, ზღვის ნაპირისკენ განდევნა და მშვიდად მოთამაშე ტალღებში გადაკარგა. ეს იყო ნამდვილი ცეცხლის დანთება სცენაზე, გაგიჟებული ნოტების ვალსი, სევდაც, ნოსტალგიაც და აღმაფრენამდე მისული სიყვარულიც. მუსიკოსების შესრულებით აღფრთოვანებული ხალხი არ წყვეტდა „ბრავოს“ და „ბრავისიმოს“ ხმამაღლა ძახილს. ოთო კი ვეღარც ტაშს უკრავდა, ვერც შეძახილებში ჰყვებოდა დამსწრეებს და საერთოდაც, სულ გადაავიწყდა, რომ სცენაზე უნდა ასულიყო და ლილუსთვის წითელი ვარდების პატარა კალათი გადაეცა. -ოთიკო,-ოდნავ წაჰკრა იდაყვი მის გვერდით მჯდომმა მამამისმა და ნახევრად გათიშული გონზე მოიყვანა,- სანამ სცენიდან არ გავლენ, მაგ ყვავილებს იქამდე უნდა უყურო? -კინაღამ დამავიწყდა, -თავი იმართლა ბიჭმა, ნაყიდ ყვავილებს დასწვდა და სცენისკენ გაემართა. ლილუმაც და ფრანჩესკამაც მადლობა გადაუხადეს ყვავილებისთვის ხუციშვილს, შემდეგ კი ბისზე გამოწვეულებმა სხვების მირთმეულ თაიგულებთან ერთად ფორტეპიანოზე დააწყვეს და მქუხარე აპლოდისმენტებით აღტკინებული აუდიტორია კვლავ შოსტაკოვიჩის „მეორე ვალსით“ ჩაახშეს. კმაყოფილი ხალხი მხიარული სახეებით შესცქეროდნენ სიმფონიურ ორკესტრს, დირიჟორს და რა თქმა უნდა, საღამოს ორ ვარსკვლავს- ლილუს და ფრანჩესკას, რომელთა ტანდემი ნამდვილად შედგა. ორი აზრი არ იყო, რომ საღამოსგან მიღებული სიამოვნება ნამდვილად დიდხანს გაჰყვებოდა თითოეულ იქ მყოფს და განსაკუთრებით კი ოთო ხუციშვილს, რომლისთვისაც ჰაერში გაფრქვეულ ვალსის ბგერებს წარმოსახვაში წინა საუკუნის მდიდრული სასახლის წვეულება გაეცოცხლებინა და ლილუსთან ერთად არაჩვეულებრივი შესრულებით ცეკვავდა. -სასწაული ხარ, პატარავ,- კონცერტის დასრულებისას ჩუმად აღმოხდა, ღრმად ამოისუნთქა და ხალხს აპლოდისმენტებში აჰყვა. ___ კონცერტის წარმატებით ჩატარება სასტუმროს რესტორანში აღნიშნეს. ოთოს არაფერი უთქვამს ლილუსთვის, არც იყო იმის დრო, რადგან ოჯახის წევრების გარდა, სუფრაზე ორგანიზატორები და ქალაქის მერის ოჯახიც იმყოფებოდა. მხოლოდ დაჟინებული მზერით სწვავდა და თვალებით ეუბნებოდა სათქმელს. ლილუს მისი ამღვრეული თვალები შეუმჩნეველი არ დარჩენია და კიდევ რომ გაეგიჟებინა, იშვიათად, ზრდილობის გამო, როგორც მაგიდის დანარჩენ წევრებს, მასაც გადახედავდა ხოლმე. ლილუს საქციელის გამო, ოთომ თავი არაკომფორტულად იგრძნო, ბოდიშის მოხდით სუფრა დატოვა და სასტუმროს ნომერში გაცეცხლებული ავარდა: -მაიგნორებ ხომ? კარგი, ვითამაშოთ და ბოლოს ვნახოთ, ვინ გამოვა გამარჯვებული,- ყელთან დაბნეული ბაფთა ნერვიულად მოიგლიჯა, საწოლზე მიაგდო და სწრაფად გაიხადა ტანსაცმელი. დაღლილი იყო, თუმცა გონებას მაინც ვერ თიშავდა და საწოლზე წამოწოლილს კვლავ არ ამოსდიოდა კონცერტის კადრები, რომლებიც რამდენიმე საათის წინ, ბათუმის უმშვენიერეს მოედანზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ___ როგორც კი ირიჟრაჟა, ახლად ჩაძინებული ოთო დედამისის ზარმა გააღვიძა. სთხოვა, რომ ვიდრე ფრანჩესკას საღამოსთვის ფრენის რეისი მოუწევდა, გოგოები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში წაეყვანა. -სად არიან გოგოები? -სასტუმროს კაფეში საუზმობენ. -მე უნდა შევთავაზო იქ წასვლა, თუ იციან, რომ მივდივართ. -გუშინ, როცა რესტორნიდან წახვედი, მოვილაპარაკეთ, რომ დღეს ყველა ერთად ბოტანიკურ ბაღში წავიდოდით, მაგრამ ნინელის, ზურას, გივის და მე პლაჟისკენ გასეირნება გვირჩევნია, თან ბევრჯერ გვაქვს ნანახი იქაურობა და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იქიდან ეგრევე ქუთაისის აეროპორტისკენ მოგიწევთ წასვლა და მერე უკან წამოსვლა, მეტისმეტია ჩვენთვის, დავიღლებით. არადა, უხერხულია, რომ თუ თქვენთან ვიქნებით, აეროპორტამდე არ გამოგყვეთ. -ბოტანიკურ ბაღში წასვლის იდეა ვის ეკუთვნის? -მე. -კარგი, ჩავიცმევ და ჩავალ გოგოებთან,- მიუგო შვილმა და ტელეფონი გათიშა. რამდენიმე წუთი აცალა თავს გამოფხიზლებულიყო და მოწესრიგებას შეუდგა: -ყოჩაღ, ზიზი, შენც არანაკლებ მუშაობ,- წარმოთქვა და ღიღინით დატოვა სასტუმროს ნომერი. ___ -გამარჯობა, გოგოებო, - ინგლისურად მიესალმა ორივეს, მერე პირზე აკრული ღიმილით მიუახლოვდა ლილუს, მისკენ ლოყაზე საკოცნელად რომ გადაიხარა, გაითამაშა, თითქოს ბუნებრივად მოუხვდა ყელთან თითები. რამდენიმე წამი დაუტოვა თბილი ბაგეები და ცხელი სუნთქვა შეაფრქვია. ქალს მყისიერად გააჟრჟოლა. მის მეგობართან კი მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა. ლილუმ თვალი გააყოლა სხვა მაგიდისკენ სკამის მოსატანად წასულ ოთოს, რომელიც ყველგან ტოვებდა თანმდევ, გამაბრუებელ სურნელს. ხუციშვილი თამამად დაჯდა მაგიდასთან: -აბა, როგორ ხართ? ემზადებით ბოტანიკურ ბაღში წასასვლელად? -ორივეს ჰკითხა და პარალელურად ხელში მენიუ აიღო, რომ თავისთვისაც შეეკვეთა რამე. -რა თქმა უნდა,-მხიარულად მიუგო ფრანჩესკამ. -შენ?- თავისებურად, ისეთი გამჭოლი მზერით ახედა ლილუს, ქალს კვლავ ტანში გასცრა, მაგრამ მალევე მოერია წამიერ სისუსტეს და უპასუხა, რომ თავადაც მზად იყო წასასვლელად. -ძალიან კარგი. ჰო, მართლა, როგორც ვიცი, მხოლოდ ჩვენ სამი მივდივართ, მშობლებმა გადაიფიქრეს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ერთი მანქანით წავალთ, ფრანჩესკას ბარგი ჩემს მანქანაში ჩავაწყოთ და იმით წავიდეთ. ასე უფრო კომფორტულადაც ვიმგზავრებთ და თან შენც არ მოგიწევს დიდ მანძილზე საჭესთან ყოფნა. -მშვენიერი იდეაა. როგორი ჯენტლმენური შემოთავაზება იყო,- მოიწონა ფრანჩესკამ. -ჯანდაბა! კარგად იცი საშენოდ როგორ შემოაბრუნო სიტუაცია,- გაიფიქრა ლილუმ და უღიმღამოდ დაეთანხმა:-კარგი, ასე იყოს, მადლობა. -საუკეთესო დიპლომატი ის არის, ვინც ჯოჯოხეთში ისე გაგამგზავრებს, რომ ამისთვის მადლობასაც გადაგახდევინებს,- გულში თქვა ოთომაც და მიმტანს მენიუდან არჩეული სეზამის მარცვლებიანი ბეიგალი, შებოლილი ორაგულის ფილეთი ნაზავი მდნარი ყველი და ლიმონიანი ჩაი შეუკვეთა. --- ბათუმის რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილის დათვალიერების შემდეგ ბოტანიკური ბაღისკენ დაიძრნენ. ფრანჩესკა კვლავ ცნობისმოყვარე თვალებით იყურებოდა ფანჯრიდან და გზად რასაც საინტერესოდ მიიჩნევდა, ყველაფერზე კითხვას სვამდა. რა თქმა უნდა, როგორც იტალიელი სტუმრისთვის, ასევე ლილუსთვისაც ბევრი რამ უცნობი იყო და ოთოს უწევდა პასუხების გაცემა, თუმცა ჯერ-ჯერობით არ იზარებდა და მთელი გამძლეობით, დეტალურად უხსნიდა ორივეს ალაგ-ალაგ აღმართული, საინტერესო ნაგებობების დანიშნულებებს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მისი სუბტროპიკული ბუნების ნაირსახეობა მასში შესვლისთანავე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველებზე. იდეალური შეხამებებით და გათვლებით იყო გადანაწილებული მწვანე გარემოში ჩაფლული უნიკალური ჯიშის მცენარეები. ბაღის ფლორისტულმა სიმდიდრემ ფრანჩესკა იმდენად გააოგნა, ფოტოაპარატი ხელიდან არ გაუშვია. ყველაფერს კადრებად აღბეჭდავდა. ბოლოს ისეთ ეშხში შევიდა, მასპინძლებთან ერთად თითქმის ყველა ხესთან და ყვავილთან იღებდა სურათებს და კარგ ხასიათზე დამდგარი, ოთოს და ლილუსაც სდებდა განწყობას. ვიდრე ყველა ადგილს მოივლიდნენ, დასასვენებლად გრძელი ხის სკამზე ჩამოსხდნენ და გადაღებული სურათების თვალიერებას მოჰყვნენ. ფრანჩესკამ შეატყო, რომ ოთო ლილუს მიმართ გულგრილი არ იყო, ეშმაკური მზერით შეხედა და ჰკითხა: -დიდი ხანია, რაც ერთმანეთს იცნობთ? -დიახ, ბავშვობიდან,- ოთომ ლილუს შიშველ მხრებზე მოჰხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა. -ხელი აიღე და ნუ თვალთმაქცობ, რომ კარგად მიცნობ!- კუშტი სახით, ქართულად უთხრა ლილუმ და ისე შეხედა, ვინმეს ეგონებოდა, პირსისხლიან მტერს ეჭიდებოდა. ფრანჩესკას ლილუს სახის დანახვაზე გამომეტყველება შეეცვალა, მიხვდა, რაღაც უცნაური ხდებოდა მათ შორის, რაც აშკარად არ ჰგავდა მეგობრულ ურთიერთობას. ოთომ ლილუს ხელი გაუშვა და შექმნილი მდგომარეობა შემდეგი ფრაზით განმარტა: -უყვარს „უჟასი“ ქალის როლის თამაში. პატარაობიდან ასე მასხარაობს ხოლმე. -გაიძვერა! მოიცადე, მოვიცლი შენთვის, სად წამიხვალ?- უხმოდ ლანძღავდა ლილუ და ნაპერწკლებს აფრქვევდა თვალებიდან. ცხრა ფლორისტული განყოფილებიდან დარჩენილ აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის დამახასიათებელ მცენარეულ საფარებსაც ეწვივნენ. ფრანჩესკას ყველაზე მეტად მაგნოლიის უამრავი სახეობები, მარადმწვანე სექვოიას ხეები, მექსიკური ტაქსოდიუმი და კაქტუსების მრავალფეროვნება მოეწონა და რომ არა შეზღუდული დრო, ალბათ, კიდევ დიდხანს ივლიდა საუცხოო ბუნებაში. ___ რეგისტრაცია ახალი დაწყებული იყო, როდესაც აეროპორტში შევიდნენ. ფრანჩესკამ გულწრფელი მადლობა გადაუხადა ორივეს ყველაფრისთვის, არც საქართველოს საქებარი სიტყვები დაიშურა და მათთან განშორებით გულაჩუყებული მიეფარა ოთოს და ლილუს თვალთახედვის არეს. ლილუს არაფერი უთქვამს ოთოსთვის, შენობიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა და ავტოსადგომისკენ დაიძრა. არც ხუციშვილი იყო საუბრის ხალისზე, უბრალოდ უკან გაჰყვა და მანქანაში ჩასაჯდომად ჯენტლმენივით გაუღო კარი. -მადლობა,- უცხვირპიროდ უთხრა ლილუმ და ღვედი შეიკრა. -არაფრის,- ასევე დაბღვერილი სახით მიუგო ხუციშვილმა და მანქანას წინიდან მოუარა, რომ თავის ადგილი დაეკავებინა. დიდხნიანი დუმილის შემდეგ საუბარი ოთომ წამოიწყო: -რატომ ხარ უხასიათოდ? -დავიღალე. -დაღლილობის დროს მჟავენაჭამივით არ გამოიყურებიან ადამიანები. არასწორად გავაკეთე რამე და ვერ ვხვდები? ლილუს პასუხი არ გაუცია, სახე ფანჯრისკენ მიაბრუნა და გაიყურსა. -როცა გელაპარაკებიან, ყველასთან ასე ავლენ ხოლმე შენს ზრდილობას? -ჩემს ზრდილობას თავი დაანებე!- კიდევ მეტად გაწიწმატდა ლილუ, მაგრამ შეეცადა, შინაგანი სიბრაზე კვლავ მაქსიმალური დახვეწილობით და მშვიდი ხმით გამოეხატა. -აბა, რას ნიშნავდა შენი გამოხტომა ბოტანიკურ ბაღში? სტუმარმაც კი შეგამჩნია, რომ „მეიაზვებოდი“. -სტყუოდი და იმიტომ! -რა მოვატყუე? ის რომ ბავშვობიდან გიცნობ? -არა! ის, რომ იმდენად კარგად მიცნობ, ერთმანეთთან ძალიან ფამილიარული დამოკიდებულება გვაქვს. -აჰა, გასაგებია რატომაც მიჭედავ. მხარზე ხელის დადების გამო, თუ ამხელა ამბავს ატეხავდი, ნამდვილად არ მეგონა, თორემ აუცილებლად გავითვალისწინებდი. მიიღე უბრალოდ ისე, როგორც ჩემგან გამოხატული თბილი ჟესტი და სხვა არაფერი. -„უჟასი“ ქალის როლის თამაშის სიყვარულიც თბილ დამოკიდებულებად მივიღო?- ირონიულად ჩაეცინა ლილუს. -აუ, შენ ვინ ყოფილხარ! ხუმრობაზე აგცრეს? აშკარად დიდი დოზა მოსვლიათ. -არ გინდა ეგეთი ლაპარაკი და თავს ნუ მაჩვენებ, თითქოს ცაში გასაფრენად მომზადებული ანგელოზი მყავდე! მახსოვს, იმ დღეს კუს ტბაზე როგორც იქცეოდი. -და როგორ ვიქცეოდი? რამე შეურაცხყოფა მოგაყენე და არ მახსოვს? ჯერ ერთი, ვერ გიცანი, მერე მეორე, თუ სწორად მახსოვს, მხოლოდ ცეკვაზე დაგპატიჟე, შენი უკეთესად გაცნობა მოვინდომე და სახლამდე გაცილება შემოგთავაზე. მივქარე რამე? რაღაც არა მგონია. -კარგად გავიგონე, რას ეუბნებოდი ჩემზე შენს მეგობრებს. -რას ვეუბნებოდი? -მახინჯი მიწოდე. -რა არ ხარ? - მკრთალად გაეღიმა ხუციშვილს. ლილუს კინაღამ გული გაუსკდა: -რა თქვი? -ჰო, ნეტა შენი თავი დაგანახა რას ჰგავხარ, როცა „მეიაზვები.“ ლილუმ ყელს მოწოლილი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და ბოღმის გორგალი უსიტყვოდ გადააგორა. -რატომ გაჩუმდი?- ცნობისმოყვარე თვალებით გადახედა ოთომ. -უტაქტო ხარ და არ მინდა შენთან საუბრის გაგრძელება! -უტაქტო ნაკლებად ითქმის ჩემზე, გულწრფელი კი ნამდვილად ვარ. ლილუ თავს ძლივს იკავებდა, რომ ხუციშვილზე ფიზიკურად არ ეყარა ჯავრები. ამჯობინებდა, დამცხრალიყო და გონებრივი იერიშით დაემარცხებინა. იცოდა, რომ ასე ბევრად მტკივნეულად დაანარცხებდა ზურგზე გვერდით მყოფ მეტოქეს. ბათუმში ახალი შესულები იყვნენ, როდესაც ლილუს კრუიზის ხომალდზე გასამართი კონცერტის ორგანიზატორები დაუკავშირდნენ და სასწრაფოდ მასთან შეხვედრა მოისურვეს. ქალმა სასტუმროში დაიბარა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ახლადმომხდარი დანაშაულის შემთხვევის გამო, შენობასთან მდებარე მისადგომები პოლიციელებს ჰქონდათ გადაკეტილი და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. შეთანხმდნენ, რომ ქალს თავად მიაკითხავდნენ, სადაც იყო. ლილუმ ტელეფონი გათიშა და ოთოს სთხოვა, რომ მანქანა სადმე, ადვილად მისადგომ ადგილას გაეჩერებინა. ხუციშვილმა ქალაქში ერთ-ერთ კარგად ცნობილ სახაჭაპურეს მოჰკრა თვალი და მის წინ გააჩერა: -რამდენ ხანში მოვლენ? -ახლავე გადავურეკავ, ვეტყვი, სადაც ვართ და დავადგენ, როდის მოვლენ. ორგანიზატორებმა უთხრეს, რომ მაქსიმუმ ნახევარ საათში გაჩნდებოდნენ დათქმულ ადგილას. ლილუმ ხუციშვილს უხერხულად გაუღიმა და მხრების აჩეჩვით შეატყობინა: -ნახევარ საათშიო. -კარგი, დაველოდოთ,-მოკლედ უთხრა ოთომ და ძრავა გამორთო. -მადლობა,-კვლავ მხრებში აიწურა ლილუ. -შენი არ ვიცი და მე ძალიან მომშივდა,- აღნიშნა ოთომ. ლილუსაც შიოდა, მაგრამ არ გამოტყდა. უბრალოდ, უპასუხოდ შემოიფარგლა. -მანქანიდან გადავიდეთ, აჭარულ ხაჭაპურზე გეპატიჟები. ვიცი, რომ გიყვარს და არ უარყო. ციცაგს თავისთვის ჩაეცინა: -გმადლობთ, მაგრამ არ მინდა. -მაშინ ისე მაინც გამიწიე კომპანიონობა. გამოგიტყდები და მაგიდასთან მარტო ჯდომა არ მიყვარს. -კარგი, რადგან ასეა, ხათრს აღარ გაგიტეხავ,-მიუგო და სახაჭაპურეში შეჰყვა. მიუხედავად იმისა, ციცაგმა ხელმეორედ შეთავაზებაზე კვლავ იუარა, ხუციშვილმა მაინც შეუკვეთა მისთვის ხაჭაპური, მაგრამ თავმოყვარე ხასიათის გამო, ხელს არ აკარებდა მის წინ მიმზიდველად მომზირალ, დაბრაწულ ხაჭაპურს. უყურებდა ხუციშვილს, რომელიც გემრიელად შეექცეოდა და ნერწყვებს ყლაპავდა. შიმშილის გრძნობა ოდნავ რომ დაიკმაყოფილა, ოთოს კვლავ საუბრის ხალისი დაუბრუნდა: -საერთოდ, ქალებს ასეთ ადგილებში არ ვეპატიჟები ხოლმე. ვიცი, მათ ბევრად უფრო რომანტიკული ადგილები ხიბლავთ. -ჰოდა, რატომ წამომიყვანე? -შენ ხომ ქალი არა ხარ?- მორიგი სიტყვის ტყვია ესროლა ციცაგს და გულში ახარხარდა. კვლავ არ მოელოდებოდა ასეთ დარტყმას ციცაგი, მაგრამ შიმშილისგან ისე ჰქონდა გონება დაბინდული, რევანშისთვის აზრებს ვეღარ იკრებდა. მხოლოდ ეს მოახერხა, რომ ეკითხა: -აბა, ვინ ვარ? -მუსიკოსი,- სერიოზული სახით უპასუხა ხუციშვილმა. -ღმერთო, ოღონდ ახლა ეს სულით წაწყმედილი მომაშორე და მეტს არასოდეს აღარაფერს გთხოვ,- გაიფიქრა ლილუმ და კიდეც გაიგონა მობილურზე ორგანიზატორებისგან შემავალი ზარის ხმა. მაშინვე უპასუხა და მათთან შესახვედრად ელდანაკრავივით გარეთ გავარდა. --- ვიდრე ლილუ ორგანიზატორებს მოულოდნელ ცვლილებაზე ესაუბრებოდა და ფორმალური მხარეების ახალ დეტალებს არკვევდა, ამასობაში, ოთოც გამოვიდა და ხელით ანიშნა, რომ მანქანაში დაელოდებოდა. მათთან საუბრის დასრულებისთანავე, სწრაფად დაიძრა ხუციშვილის მანქანისკენ და როგორც კი სავარძელზე მოთავსდა, კმაყოფილმა ამოისუნთქა: -არაჩვეულებრივ ხასიათზე ვარ, ვიდრე ჩემს გვერდზე მყოფი ბულდოგი ისევ ღრენის ხასიათზე დადგებოდეს, იმედი მაქვს, სასტუმრომდე მალე მივაღწევ და ცოტა ხნით მაინც დავიხსნი მისგან თავს. ხუციშვილს აშკარად არ ესიამოვნა ლილუსგან წარმოთქმული სიტყვები. თავი ოდნავ გვერდზე გადაწია და კარგად დააკვირდა: -ასე უცებ რამ გაგამხიარულა? -კრუიზი ჩაიშალა. -რა?- თვალები გაუფართოვდა ხუციშვილს. -ჰო, სამაგიეროდ, უკეთესი შემოთავაზება მივიღე. ჩემი გამოსვლა არა სტამბოლიდან სოჭში, არამედ კუშადასიდან საბერძნეთის მიმართულებით მიმავალ ლაინერზე შედგება. -მოიცა, მოიცა, ვერაფერი გავიგე, -ხელი ასწია ოთომ. ვისაც შენი კონცერტის ხათრით გვქონდა ბილეთები ნაყიდი, იმ ხალხს რას გვიშვრებიან? მაინც სოჭში გვიშვებენ და ზრდილობიანი ბოდიშით ფეხებს გამოგვიყოფენ? -არა, ვერ მიმიხვდი. მხოლოდ ჩემი კონცერტი კი არ ჩაიშალა, ლაინერის ტექნიკური გაუმართავობის გამო, მთლიანად კრუიზი ჩაიშალა და ყველას უკან უბრუნებენ მთლიან თანხას. -მდა! როდის არის ეგ კრუიზი? -ზეგ ტოვებს თურქეთის საკრუიზო პორტს. -რაც არის, არის. ვეღარაფერს შევცვლით. დროა, სასტუმროსკენ გავგაზოთ და ალბათ, დანარჩენზე იქ მოვილაპარაკებთ,- აფორიაქება დაეტყო ხუციშვილს. სამაგიეროდ, ლილუ იყო ძალიან კარგ პოზიციაში, დარწმუნებული იყო, ოთოს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებდა და ასე მოიშორებდა თავიდან. მისი წამხდარი ხასიათის შემხედვარე, გულში ბედნიერებისგან კისკისებდა. ___ სასტუმროში მისვლისთანავე ხუციშვილი ლეპტოპს ეძგერა და კუშადასიდან საბერძნეთის მიმართულებით გამავალი საკრუიზო ლაინერის შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეუდგა. ვიდრე წასვლის ამბებს არკვევდა, ტელეფონზე მამამისმა დაურეკა, რომ მისთვის ახალი ამბავი ეცნობებინა. ისიც დასძინა, რომ ლილუს მშობლები მაინც აპირებდნენ შვილთან ერთად საბერძნეთში გამგზავრებას და აინტერესებდა, თავად ოთო რა აზრის იყო, რომ მიმართულება მათაც შეეცვალათ. -მამა, სწორედ ახლა ვიძიებდი მაგ კრუიზზე ინფორმაციას. მხოლოდ ძვირიანი ბილეთებია დარჩენილი. თქვენ არ დაიხარჯოთ, მე გეპატიჟებით. -არაა პრობლემა, მე ვიყიდი. -მამა,- ხმას აუწია ოთომ. -კარგი, შენ როგორც გინდა, ისე იყოს. ყაბულს ვარ,- შვილისგან შეთავაზებული წინადადება ძალიან ესიამოვნა ბატონ გივის. -შევთანხმდით. ჰო, მართლა, შემთხვევით ხომ არ იცი, ლილუს მშობლებმა ბილეთები შეიძინეს, თუ არა ჯერ? -აბა, ისე როგორ იქნებოდა? სწორედ რამდენიმე წუთის წინ იყიდეს. -გასაგებია. მოკლედ მე მივხედავ ბილეთების ამბავს, თქვენ არაფერზე იდარდოთ,-მშვიდად მიუგო მამამისს. -დროებით,- დაემშვიდობა შვილს გივი და ტელეფონი გათიშა. მამამისთან საუბრის შემდეგ ოთომ ონლაინით მოძიებული ბილეთების თანხა გადაიხადა და მეორე დღისთვის გასამგზავრებლად ჩემოდნიდან ამოლაგებული ნივთების და ტანსაცმლის ნაწილის ჩაბრუნებას შეუდგა. მერე კმაყოფილი გაირთხა საწოლზე და ლილუსთან ურთიერთობის დათბობის მორიგი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო. --- ბათუმის ალექსანდრე ქართველის აეროპორტი სავსე იყო უამრავი უცხოელი ტურისტით, რომლებიც აღმა-დაღმა დააგორებდნენ ჩემოდნებს და ფრენასთან დაკავშირებულ დეტალებს არკვევდნენ. ლილუს მშობლებთან ერთად რეგისტრაცია უკვე გავლილი ჰქონდა და სამივე ხუციშვილებს უცდიდა: -მაინც არ ამცდა იმ ამაზრზენი ტიპის დამგზავრება, თუმცა მეც ეს არ მინდოდა? წამობრძანდი, ბატონო ოთარ, კიდევ ერთხელ მიიღებთ დიდ იმედგაცრუებას,- ფიქრობდა გონებაში და თან წარამარა ელექტრონულ დაფას ამოწმებდა, სადაც ავიარეისების შესახებ აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია იყო გამოტანილი. რამდენიმე წუთში ხუციშვილებიც გამოჩნდნენ, ფრენისთვის ყველა საჭირო პროცედურა გაიარეს და ჩასხდომის გამოცხადებისთანავე თვითმფრინავისკენ დაიძრნენ. როდესაც ბორტზე აღმოჩნდნენ, მშობლები ერთმანეთის გვერდით დასხდნენ, ხოლო ლილუმ თავის ადგილი იპოვა, ხელბარგი მისთვის განკუთვნილ ადგილას შეინახა და მშვიდად მოთავსდა თავის ადგილას. -აი, გამართლებაც ამას ჰქვია. თავი ყველაზე უნიჭო სცენარისტის დაწერილ ფილმში მგონია,- გულში გაიფიქრა და ჩაეცინა ოთოს, როდესაც თავის ბილეთს დახედა. აუღელვებლად მოიხსნა ზურგჩანთა, ლილუს ბარგის გვერდით დადო და გოგონას მიუჯდა. ციცაგმა გაკვირვება ვერ დამალა: -შენ აქ რა გინდა? -ჩემი ადგილი ეს არის,-თითით ანიშნა სკამზე. -ხუმრობ, ხომ? -შენ წარმოიდგინე, არა. -Diavolo,- წაიბურდღუნა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა? როგორმე ორი საათი უნდა აეტანა. ლილუს გასაოცრად, ყოველგვარი შეწუხების და თავის მობეზრების გარეშე დაიწყო ფრენა. ოთომ ყურსასმენები დაიმაგრა, კომედიური ჟანრის ფილმი მოძებნა და სერიოზული სახით შეუდგა ყურებას. -ნეტა რა მოუვიდა? სიცხე ხომ არ აქვს? - თავის ეჭვებში იყო ციცაგი. ნახევარი საათი უყურა გაუნძრევლად მყოფ ხუციშვილს, რომელსაც ერთი სიტყვაც არ დაუძრავს იმ ხნის განმავლობაში. როცა მოიწყინა, მისი ყურადღება რომ მიექცია, ტუალეტში გასვლა მოიმიზეზა და ადგილიდან წამოაყენა. დაბრუნების შემდეგ კვლავ იგივე გაგრძელდა. ვინმეს რომ ჩაფიქრებული ოთოსთვის შეეხედა, იტყოდა, არა კომედიას, არამედ შედევრს უყურებდა. ლილუმ დარჩენილი ფრენის მანძილზე კიდევ ორჯერ შეაწუხა ტუალეტში გასასვლელად. ხუციშვილიც მორჩილად დგებოდა, ატარებდა და კვლავ მშვიდად იკავებდა თავის ადგილს. -მართლა რაღაცაშია საქმე. ნეტა თვალებგახელილი ძილი ხომ არ იცის და მე მგონია, რომ ყურადღებას არ მაქცევს?- არ ასვენებდნენ კითხვები. ორმა საათმაც მალე გაიარა და თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტში დაეშვა. ოთომ ყურსასმენები მოიხსნა და წყნარად გადახედა გვერდით მჯდომს: -კარგი იყო ტუალეტით ფრენა? -რა? -ჰო, რა ვიცი. იმდენჯერ წამომაყენე და დამსვი, თავისუფლად შეგიძლია თქვა, რომ შენ ტუალეტით იფრინე და მე- თვითმფრინავით. -გრძნეულებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით, სიგრძე-სიგანის მიხედვით დაეწყვეთ, ჩემთან გაჩნდით და ყველამ თითო ხრიკი მაინც მასწავლეთ, ამას როგორ მოვუღო ბოლო,- ფიქრობდა ლილუ. მერე ცივად გამოსცრა: -შენ სულ ასე ცანცარებ? -შენგან განსხვავებით, იუმორის გრძნობა არ მღალატობს. სულ ეს არის,- მხრები აიჩეჩა ოთომ, ზურგჩანთა მხრებზე მოიკიდა და ისე, რომ არც დალოდებია, უხმოდ გაუყვა გასასვლელისკენ. -ჯანდაბა,- გამწარდა ლილუ,- არ მეგონა, თუ ამდენად მოტვინული და ენამოსწრებული იყავი, მაგრამ არაუშავს, დაგაკარგვინებ სადავეებს,- ჩუმად თქვა და წითელი ზურგჩანთით მოჩვენებითი სიმშვიდით ამოუდგა მის წინ მიმავალ მგზავრებს. სტამბოლიდან კუშადასში ჩასულები იმდენად დაღლილები აღმოჩნდნენ, არაფერი მნიშვნელოვანი და საინტერესო არ დაუგეგმავთ, მხოლოდ სავახშმოდ შეიკრიბნენ და მალევე გაუყვნენ სასტუმროს ნომრებისკენ გზას. მეორე დღეს, დაახლოებით რვა საათზე დატოვეს სასტუმრო და საკრუიზო პორტისკენ დაიძრნენ. ლაინერი საკმაოდ დიდი და კეთილმოწყობილი აღმოჩნდა. საცურაო აუზი, შეზლონგები, კაზინო, ბარ-რესტორანი, სპა-სალონი და კიდევ უამრავი რამ იყო, სადაც ნამდვილად არავინ მოიწყენდა. საინტერესო თავგადასავების მოლოდინებით აღსავსე მგზავრებმა საკუთარ კაიუტებს მიაშურეს. ოთომ ინტერიერს თვალი მოავლო და ჯერ კიდევ დაღლილი და გამოუძინებელი საწოლზე თვალის მოსატყუებლად წამოწვა. რამდენიმე საათში დედამისის მიერ ატეხილმა კარზე კაკუნმა გააღვიძა. ნამძინარევი შვილს პრეტენზიები დააყარა: -აქ ძილისთვის თუ მოდიოდი, დარჩენილიყავი საქართველოში, საწოლს იქაც ნახავდი. -აუ, ზიზი, მართლა მჭირდებოდა გამოძინება, დაღლილობისგან გათიშული ვიყავი. რა ხდება გარეთ? მოიხოდა სიტუაცია? -აბა, შენ დაგელოდებოდნენ? გარეთ სიცოცხლე ჩქეფს, შენ კი ვაჟბატონო სიზმარას როლის შესრულება მომინდომე. არ გშია მაინც? დილიდან არაფერი გიჭამია. - ნუ აქოთქოთდები ხოლმე, რა. ჩავიცმევ და გამოვალ,- სახე დაეღმიჭა ახლადგაღვიძებულს. -ყველა შენ გელოდებით. არ ვიწყებთ უშენოდ სადილს,- მიაძახა და გავიდა. ოთომ ჯინსის შორტი და თეთრი სპორტული მაისური გადაიცვა და დინჯად გაუყვა რესტორნისკენ. ლილუს თეთრი, მოშიშვლებულ ზურგიანი სარაფანი მოერგო და იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა, წამით უმცროსი ხუციშვილი შეჩერდა და გული შეეკუმშა. სადილის დროს არც ლილუს და არც ოთოს არ გამოუჩენია ინიციატივა, სალაპარაკოდ რამე საკითხი წამოეწიათ. ძირითადად, მშობლებს უსმენდნენ და თუ რამეს ჰკითხავდნენ, მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდნენ. ხანდახან თუ შეხედავდნენ ერთმანეთს, ისიც, საკუთარ თავებს მზერაში თუ გამოიჭერდნენ, უმალვე არიდებდნენ თვალებს. სადილის შემდეგ ოთო საცურაო აუზს მიადგა, დიდხანს იცურავა და შეზლონგზე გაწოლილმა თავის მეგობრებთან მესენჯერში მიმოწერა გააჩაღა. ჯერ ირაკლი მოიკითხა და მასთან ჩვეული, ხუმრობანარევი დიალოგებით გაიხალისა თავი, შემდეგ დიმა და ასე გაიყვანა რამდენიმე საათი. რატომღაც ელოდებოდა, რომ საცურაო კოსტუმებში გამოწყობილ გოგონებში ლილუსაც დალანდავდა, მაგრამ ამაოდ. უამრავი გოგონადან არავის გაცნობა არ მოუწადინებია, რაც მისთვის ნამდვილად არადამახასიათებელი იყო. ბოლოს, შეზლონგზე წოლა მოიბეზრა, თავის კაიუტას მიაკითხა და ელექტრონული მეილის შემოწმება დაიწყო. სამსახურის საქმეებით გართულს რამდენიმე საათი თვალსა და ხელს შუა გაეპარა. როდესაც ლეპტოპიდან თავი ასწია, უკვე საღამო იყო. გარეთ გასულმა ალკოჰოლისთვის განკუთვნილ ადგილს მიაკითხა, საყვარელი ლუდის ბოთლს დასწვდა და ეგეოსის ზღვის ხედებით დასატკბობად გემბანისკენ გაემართა. მზე ცოტა ხნის წინ ჰორიზონტზე სადღაც დამალულიყო, ცას კი მუქი იისფერი და ცეცხლისფერი შეჰპარვოდა. გემბანზე ლილუს მოჰკრა თვალი. მარტო იდგა, წელში გამართულიყო, ხელები მოაჯირისთვის დაეყრდნო და მის წინ გაშლილ ლურჯ სივრცეს გასცქეროდა. ქარი თეთრ კაბას უფრიალებდა და თმებს უწეწავდა. ტალღები ლაინერის მოძრაობისგან თეთრად აქაფებულიყო და ყრუ ხმებს გამოსცემდნენ. აქა-იქ თოლიების ჭყივილიც არღვევდა წყლის სამყაროში შექმნილ უცნაურ და იდუმალ გარემოს. ოთო გოგონას მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუდგა. მაშინვე არაფერი უთქვამს, თავადაც ზღვის სივრცეს უყურებდა. წყლის სურნელს წყალმცენარეების და თევზის სუნი მოჰქონდა. რამდენიმე ყლუპი ცივი სითხე დალია და საუბარი წამოიწყო: -მიყვარს ზღვის სურნელი და საერთოდ წყალი. მაგრად მამშვიდებს. -მეც,-მოკლედ უპასუხა ციცაგმა, ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ტალღებისთვის. -შენი კონცერტი როდის არის? -ხვალ. -რამდენიმე წუთში ძალიან საკაიფო შოუს გვპირდებიან, DJ და რამე. -ვიცი. -მე დავესწრები, შენც ხომ წამოხვალ? -ალბათ. -არ ხარ საუბრის ხასიათზე? თუ გინდა, პრობლემა არ არის, წავალ. -წადი, არც აქ მოსვლაზე გეპატიჟებოდა ვინმე. -ისე შენნაირი ქალის კვალობაზე, ძალიან სერიოზული ხარ. -შენ კი ბიზნესმენის კვალობაზე -ძალიან ჭკუამსუბუქი. -მადლობა შეფასებისთვის,- ნაწყენმა მიუგო ხუციშვილმა და ცივად გაეცალა. --- ვიდრე ციცაგების და ხუციშვილების უფროსი თაობის წარმომადგენლები კაზინოში ფულს ხარჯავდნენ, ღამის გასართობი შოუ რამდენიმე ხნის წინ დაწყებულიყო. ლილუს შემთხვევით ახალგაზრდა იტალიელი ტურისტები გაეცნო, მათთან ერთად წამყვანების მიერ წამოწყებულ აქტივობებში ჩართულიყო და მშვენივრად ატარებდა დროს. მოულოდნელად ოთოც გამოჩნდა და როდესაც მხიარულ განწყობაზე მყოფი, ახალ გაცნობილებთან მოკისკისე ლილუს მოჰკრა თვალი, სიბრაზით ჩაილაპარაკა: -დროს ტყუილად არ კარგავ! ციცაგმა შესვლისთანავე შენიშნა ოთო, მაგრამ რატომღაც თავი არ შეუწუხებია, მისთვის დაეძახა და იტალიელი ახალგაზრდები გაეცნო. უმისოდაც შესანიშნავად გრძნობდა თავს. კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ხუციშვილს მისმა საქციელმა. არც მას შეუწუხებია თავი, მათთან მისულიყო და ძალით გასცნობოდა. ალკოჰოლური სასმელებით გადაჭედილ დახლთან მივიდა, ჭიქაში ვისკი დაისხა, რამდენიმე კუბიკი ყინული ჩაიმატა და იქვე მდგარ, თავისუფალ სკამზე მოკალათდა. ხუთი წუთი არ იყო გასული, როდესაც გვერდით ლამაზმანი მიუჯდა და ციცაგისთვის მწველი მზერით მომზირალ ხუციშვილს გაცნობა შესთავაზა. ვისკით გაბრუებული ახალგაზრდა მამაკაცი ერთი-ორჯერ უღიმღამოდ წაეცეკვა, შემდეგ ორი ჭიქა ალკოჰოლი ზედიზედ სწრაფად გამოცალა და იქაურობა დატოვა. მისი წასვლის მერე ლილუ ცოტა ხნით კიდევ დარჩა და პირველი საათისთვის თავის კაიუტას დასაძინებლად მიაკითხა. იმ ღამეს ხუციშვილთან მიმართებაში თავს მომგებიან პოზიციაში თვლიდა და არაჩვეულებრივადაც დაეძინა. სამაგიეროდ, არ ეძინა ოთოს. მთელი ღამე კაიუტის აივანზე იჯდა და აღელვებას ვერ იცხრობდა. --- გემი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში შეიჭრა და ოდესღაც ეგეოსის კულტურის მნიშვნელოვან ცენტრ, კუნძულ კრეტაზე გაჩერდა. უძველესი, ისტორიული ქალაქი ჰერაკლიონი უამრავ სანახაობას სთავაზობდა ტურისტებს. მოინახულეს უმშვენიერესი სანაპიროები, გაეცნენ ჰერაკლიონის არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც არაერთი უნიკალური ექსპონატი იხილეს. იქ არსებული არტეფაქტები, ფესტოს დისკო, მალიის ოქროს გულსაბამი და კამილარიის ტერაკოტის მოცეკვავეების ფიგურები უამრავ ისტორიულ ამბავს ჰყვებოდნენ. დააბიჯებდნენ წარსულის ბილიკებზე და თანდათან უფრო დაწვრილებით იგებდნენ ოდესღაც არსებული ცივილიზაციების შესახებ, რომლებიც აქაველების, დორიელების, რომის, ბიზანტიელების, ეგვიპტელების, ოსმალთა და ბერძნების კულტურებს მოიცავდა. თავისთავად ცხადი იყო, რომ ყველა დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა. ერთი სიტყვით, იქაურობა ხანგრძლივი დროით სიარულად და დაქანცვად ნამდვილად ღირდა. წინა დღისით მიღებული დარტყმის შემდეგ უმცროსი ხუციშვილი ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსულიყო და ლილუზე ნაწყენი მის სიახლოვესაც არ ეკარებოდა. თავად ლილუ კი კვლავ მშვენიერ ხასიათზე იმყოფებოდა. ახარებდა, როდესაც მათ შორის გაჩაღებულ, საიდუმლო თამაშში წაგებულ ოთოს უყურებდა და გამარჯვების წუთებს გულში ზარ-ზეიმით აღნიშნავდა. უამრავი სამახსოვრო სურათის გადაღება მოასწრეს ციცაგებმა და ხუციშვილებმა, მაგრამ რატომღაც მათგან მხოლოდ უმცროსი ხუციშვილი ამბობდა უარს საერთო კადრებში მოხვედრაზე. მიზეზს კი იმით ხსნიდა, რომ არ უყვარდა მათი გადაღება. --- ლაინერზე დაბრუნებული მოგზაურების კრეტის კუნძულიდან მიღებული ემოციები ამჯერად კლასიკური მუსიკის კონცერტს უნდა ჩაენაცვლებინა. თავის კაიუტაში მყოფ ლილუ ციცაგს ულამაზესი შავი კაბა ჩაეცვა, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარიყო და მაკიაჟის ბოლო შტრიხებს ასრულებდა, როდესაც დედამისმა დაურეკა და ჰკითხა, ოთოს გაუჩინარების მიზეზის შესახებ რამე ხომ არ იცოდა: -დედიკო, უკვე ერთი საათია, შეშლილებივით ვეძებთ. არავინ არაფერი იცის,- ქალს ხმაზე ძლიერი შიში დაჰკრავდა. ლილუს უმალ ცუდმა აზრმა გაუელვა თავში და ხმა შეეცვალა: -წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა წასულიყო. მართლა არაფერი ვიცი. -ზიზი და გივი ლამის არის გაგიჟდნენ.. -დიდი ლაინერია. შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს. სად უნდა წასულიყო? როგორც მახსოვს, სანამ კრეტას დავტოვებდით, აქ ნამდვილად ამოვიდა,- თავადაც შეშფოთებულმა დაუწყო დამშვიდება დედამისს. -ეგ ჩვენც ვიცით. კარგი, იმედი ვიქონიოთ, გამოჩნდება,- დამწუხრებული ხმით თქვა ქალმა, -აღარ მოგაცდენ, მუსიკალური საღამო გაქვს ჩასატარებელი და ვიცი, არ გცალია. -არა, არ მაცდენ. თითქმის უკვე მზად ვარ. -კარგი, დედიკო, მე და მამაშენი იქ დაგელოდებით, ხალხი უკვე იკრიბება. -დროებით,-მიუგო და ტელეფონი გათიშა. მოულოდნელმა ამბავმა გული ლამის შუაზე გაუპო. წამით გაშეშდა და მერე საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. სხეულში შეპარულმა შიშმა გული აუჩქარა. -ამის დრო ნამდვილად არ იყო ახლა!- ამოილუღლუღა და მოსაძლიერებლად საფეთქლების დაზელვა დაიწყო. შემდეგ საათს დახედა, ღრმად ამოისუნთქა და იქაურობა დატოვა. --- მუსიკალური საღამო დიდი ოვაციებით გაიხსნა. ლილუს თვალშისაცემმა გარეგნობამ და შარმმა დამსვენებლები მაშინვე დაატყვევა. ყველა სულგანაბული უსმენდა ახალგაზრდა მუსიკოსის მიერ წამოწყებულ ჰანგებს. ციცაგს თავი მხნედ ეჭირა, ბოლომდე გადაშვებულიყო ნოტებში და მთელ სხეულს გაჟღერებულ ბგერებს აყოლებდა. რიგით მესამე კომპოზიციას ასრულებდა, როცა ოთო გამოჩნდა. ძალიან სერიოზული სახე ჰქონდა. ირგვლივ მყოფებს თვალი გადაავლო და დინჯად ჩამოჯდა სცენასთან ახლოს მდებარე რიგში. ლილუს მისი შემოსვლა შეუმჩნეველი არ დარჩენია. წუთების წინ მიღებული ვნებათაღელვა ჩაიცხრო და კიდევ მეტი შემართებით ჩაეფლო საყვარელ საქმეში. კლასიკური მუსიკის პარალელურად, თანამედროვე, გემოვნებიანი მუსიკაც შეურია და გახალისებული აუდიტორია საცეკვაო განწყობაზე დააყენა. ოთომ მობილური ჩართო და მშობლებისგან გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებები რომ დაინახა, ორივეს მაშინვე მისწერა სადაც იყო. შემდეგ მშვიდად ჩაიბრუნა ტელეფონი ჯიბეში, მკლავები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა, ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალი არ მოუშორებია ლილუსთვის. ბიჭის დაჟინებულმა მზერამ ვერაფერი დააკლო მუსიკოსს, თუმცა არც ისეთი სასიამოვნო იყო მასზე მიშტერებით მომზირალი ხუციშვილის გაძლება. მალე ზიზი და გივიც გამოჩნდნენ. სახეზე ფერი არ ედოთ, თუმცა შვილის დანახვაზე, სიმშვიდე დაეტყოთ და მსმენელთა რიგებს შეუერთდნენ. მუსიკალური საღამო ნამდვილად შედგა და თანაც დიდი წარმატებით. ყველა ნასიამოვნები დარჩა. მხოლოდ ოთოს არ შეცვლოდა სახეზე მოქუფრულობა, კვლავინდებურად სერიოზული იყო და არც ტაშით ანებივრებდა მუსიკოსს. პროგრამის დასრულებისთანავე ლილუმ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და იქაურობის დატოვება გადაწყვიტა. ოთო სკამიდან წამოდგა და დინჯად გაჰყვა შავ კაბაში მოფრიალე ქალს. თავის კაიუტას უახლოვდებოდა, როდესაც უკნიდან ხუციშვილის ტაშის კვრამ შეატორტმანა, გაჩერდა და უკან მიიხედა. მამაკაცი არც იღიმოდა, არც ენაწყლიანობის და მითუმეტეს, არც იუმორის ხალისზე იყო. -როგორ გავიგო უკან დაწეული აპლოდისმენტები? ალბათ, საღამო მოგეწონა და ახლა გაგახსენდა, რომ მადლიერების გრძნობა დაგვიანებული აპლოდისმენტებით გამოგეხატა,- კმაყოფილმა უთხრა და თმა შეისწორა. -ჰო, შეიძლება, ასეც ითქვას. მოსმენილისგან პირდაპირ ორგაზმი განიცადეს ჩემმა ყურებმა,-უემოციოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა. -რა გეშველება?- ცალყბად გაიცინა ლილუმ და ზურგი აქცია. განრისხებულმა ხუციშვილმა ქალი მისკენ მიიბრუნა: -როდის მორჩები სწერვობას? -რაო? არ მოგწონს, როცა ყურადღების მიღმა რჩები?- თვალები დაიწვრილა და სექსუალური ხმით მიუგო ქალმა. ოთომ ამოიხვნეშა და მზერა მის თვალებზე, ტუჩებზე და გამომწვევად მოშიშვლებულ მკერდზე გადაიტანა. იმ წამს ძალიან უნდოდა, რომ მისთვის ეკოცნა, მაგრამ თავს იკავებდა. ლილუ გრძნობდა, მამაკაცის მზერა ძალიან შორს იყო მეგობრულისგან. მას ცუნამივით მოვარდნილი ვნება დაჰყვებოდა, რომელიც მის წინ მდგომში ჩაბუდებულიყო და ერთი სული ჰქონდა, როგორმე ჯებირებიდან გადმოხეთქილიყო. ქალს სიამოვნებდა ასეთი ოთოს ყურება. მოსწონდა, რომ მისთვის მიუღწეველი იყო და ეს ფაქტი თვითშეფასების უნარს კიდევ მეტად უმაღლებდა: -თუ რამის თქმა გინდა, დროულად მითხარი, დიდი დრო არ მაქვს, მეჩქარება. -რას ჰგავს შენი საქციელი? -ვერ მიგიხვდი,- წარბები აუზიდა ქალმა. -კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ. -მართლა ვერ ვხვდები, რა გინდა,- მის გრძნობებზე თამაშს აგრძელებდა ციცაგი. -შენ სულ ასე ჭინჭარივით ისუსხები? -ყველასთან არა. -მაშინ მე რა მიზეზით ამომიღე მიზანში? -სიმართლე გაინტერესებს? -დაიწყე! -შეხვედრის პირველივე წუთიდან ვგრძნობ შენს თახსირ დამოკიდებულებას ჩემდამი, რაც ძალიან არ მომწონს. ის გბოღმავს, შენი რომ ვერ გაისწორე. ქალებს ხორციელი სიამოვნების მისაღებად იყენებ. მე კი შენნაირ მექალთანე კაცებზე ალერგია მჭირს და გული მერევა! მირჩევნია, ყოველი ჩემი დანახვისას ეგრე დაგადუღო ადგილზე, ვიდრე გაგეკარო! ამ სიტყვების გაგონებაზე ოთოს მოთმინებამ უმტყუვნა, მკლავზე ხელი წაავლო და დამსვენებლებისთვის შესასვლელად აკრძალულ ზონაში შეათრია, სადაც მხოლოდ გემზე მომუშავე პერსონალი საქმიანობდა. იქ რამდენიმე ხნის წინ, ყველასგან მალულად განმარტოვებულიყო და გემის მოაჯირზე გადაყუდებული ლილუსთან შექმნილ გაურკვევლობაზე ფიქრობდა. ერთ-ერთი კარი გააღო, ჩაკეტა, ერთ მხარეს მიიმწყვდია, სახე ახლოს მიუტანა და თვალები დაუბრიალა: -თავში ძალიან ხომ არ აგივარდა ამდენი ხალხისგან წამოსული ქება და ყიჟინა? კი, შეიძლება კარგად უკრავ კიდეც, მაგრამ შენნაირი ამაზრზენი და ქედმაღალი პიროვნებისთვის ჩელოს ქალღმერთად მოხსენიება ცოტა პათეტიკურად მეჩვენება. ნეტა ის ტიპი დამანახა, ვინც შენ ღვთაებად მოგნათლა და მეტი არაფერი მინდა. პირველი იმას ვკითხავდი, ასეთ ღვარძლიანს რა დამსახურებისთვის მოგანიჭა შეუფერებელი სტატუსი. -როგორც შენ ამბობ, ეს შეუფერებელი სტატუსი, ჩემმა მასწავლებელმა, ღრმად პატივცემულმა მაესტრო, ანტონიო მორეტმა მიბოძა. რატომ? არ ვიცი, ამას სამოთხეში რომ წავალ, უფრო დაწვრილებით გამოვკითხავ. -დიდი ცოდვა ჩაუდენია! დარწმუნებული ვარ, შენზე ბევრად უკეთესებიც არსებობენ, რომლებიც მართლა იმსახურებდნენ ამ სახელს. სწორედ ამის გამო, ეგ შენი მაესტრო შესაძლოა ჯოჯოხეთში მოხვედრილიყო. -თუ ასეა, მაშინ გიხაროდეს, შესაძლებლობა მოგეცემა, თავად ჰკითხო, რატომ მიწოდა „ჩელოს ქალღმერთი“. ლილუს პასუხზე მთლად აიჯაგრა ხუციშვილი: -კიდევ დაგრჩა შხამი გადმოსანთხევად, თუ დაამთავრე?! -შემეშვი, რა,-მობეზრებულად აარიდა მზერა. -იცი რისი ღირსი ხარ? თავზე ხელი ავიღო, ძალიან ცუდი რაღაც გაკადრო და სამუდამოდ მოგაკეტინო, მაგრამ არ გავაკეთებ. რატომ, იცი? იმიტომ, რომ ჩვენი მშობლების მეგობრობას პატივს ვცემ. ჰო, არ დავმალავ და ვაღიარებ, მომწონდი, მაგრამ ისეთი აუტანელი ხასიათი გამოავლინე, რომც მეხვეწო, ფეხსაცმელსაც აღარ გაგაწმენდინებ. წადი ახლა და გამასწარი აქედან, სანამ ჯერ კიდევ კარგი ბიჭი ვარ!- კარის სახელური დაქაჩა და მისი გაშვება დააპირა, მაგრამ სამწუხაროდ, საკეტი ვერ გახსნა. -ნაბიჭ*ვარი ხარ!- გამწარდა ლილუ. -ხმა!- დაიღრიალა ოთომ. -ვერ გიტან! -არ მაინტერესებს შენი გრძნობები, საუბარი დასრულებულია! -კვლავ აწვალებდა სახელურს ხუციშვილი. -ჯანდაბა, გავიყინე,- ქალმა შეციებულ მკლავებზე მოიკიდა ხელი და კანკალი ატეხა. მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს ორივემ, რომ სურსათისთვის განკუთვნილ დიდ მაცივარში იდგნენ, სადაც ოთხდღიანი კრუიზისთვის სამყოფი, კაუჭებზე ჩამოკიდებული ხორცი და კიდევ უამრავი მალფუჭადი პროდუქტი ინახებოდა. -დედაც მოვტყ*ნ! -დაიყვირა ოთომ და მთელი ძალით დაარტყა კარს წიხლი. -აქ თუ დავრჩებით, ორივე გავიყინებით,-შეშინებული იყურებოდა ლილუ და კბილს კბილზე აკაწკაწებდა. ამის შემხედვარე ხუციშვილმა დაუფიქრებლად გაიხადა პერანგი და ციცაგს გაუწოდა: -ჩაიცვი! -არ მინდა! -გაითოშები! -შენი ბრალია ყველაფერი. -აუ, პრეტენზიებს მორჩი და ჩაიცვი, რა! -არ მჭირდება!- კვლავ აგრძელებდა სიჯიუტეს ლილუ. ამასობაში, სამზარეულოში მომუშავე ერთ-ერთმა მზარეულმა ქალმა გარედან კარი გააღო და წელს ზევით გაშიშვლებული ხუციშვილი ციცაგთან ერთად რომ დაინახა, გაოცებისგან თვალები დაჭყიტა და პირზე ხელი აიფარა. ლილუ სირცხვილისგან გაწითლდა და თავდახრილი გავარდა. ოთომ ბოდიში მოუხადა მზარეულს, მოკლედ აუხსნა სიტუაცია და უკან დაედევნა ციცაგს: -ლილუ, მოიცადე!- დაუძახა, რომ დაეწყნარებინა. -შენი ერთი სიტყვის მოსმენაც არ მინდა! თვალით აღარ დამენახო!- წყობიდან გამოვიდა და პირველად უყვირა ხუციშვილს. მერე კედელს აეკრო და ათრთოლებულმა ამოილუღლუღა:- ღმერთო, ჩემო, როგორ მრცხვენია. ვინ იცის, ჩემზე რა იფიქრა იმ ქალმა. ალბათ, თვლის, რომ მუსიკოსი, რომელმაც ამ საღამოს მთელი პუბლიკა აღაფრთოვანა, უკანასკნელი დონის კახპაა და მორიგი სექსუალური თავგადასავლისთვის ლაინერის მაცივარში მოინდომა სექსი. -დამშვიდდი და პანიკაში ნუ ვარდები,- გაეცინა ოთოს. -საერთოდ დაივიწყე ლილუ ციცაგი, თორემ გეფიცები, საკუთარ საქციელზე პასუხს აღარ ვაგებ!- შეშლილი სახით დაემუქრა გაშმაგებული ქალი და სწრაფი ნაბიჯებით გაშორდა. --- ადრიანი დილა იყო, როდესაც საკრუიზო ლაინერი საბერძნეთის დედაქალაქის პორტში ჩამოდგა. წინასწარ გაფრთხილებულ ტურისტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ათენის გასაცნობად მათ განკარგულებაში მხოლოდ ერთი დღე და ღამე იყო, მეორე დღეს კი განსაზღვრულ დროს ყველა ისევ აღნიშნულ ადგილას უნდა შეკრებილიყო. დამსვენებლები თანდათან მითებისა და ლეგენდების სამყაროში, ანტიკურ ათენში სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ნაწილდებოდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ იქაურობის სრულად შესწავლას და ათვისებას ოცდაათი საათი ნამდვილად არ ეყოფოდა, ყველას ინდივიდუალურად, თავის ინტერესების გათვალისწინებით ჰქონდა შედგენილი საექსკურსიო მარშრუტი. -აბა, პირველად სად წავიდეთ? -ერთმანეთს გადახედეს ორივე გვარის წარმომადგენლებმა. -ამ ქალაქში ორჯერ ვარ ნამყოფი. თქვენთან ერთად ექსკურსიაზე წასასვლელად ნუ გამითვალისწინებთ, - თავის სათქმელი პირველივე წუთებიდან დააფიქსირა ოთომ. -მოიცადე. აბა, სად იქნები?-შეიცხადა ზიზიმ. -რომელიმე კარგ სანაპიროს ავირჩევ და იქ გავატარებ დროს. საღამოს კი თუ არ დამეზარება, შოპინგზე წავალ. ლილუ სხვადასხვა ტურ-ოპერატორებს ჩამოსდგომოდა და შეთავაზებებს ეცნობოდა. ყურიც არ მოუკრავს, რომ ოთო მათთან დარჩენას არ აპირებდა. გივიმ გვერდზე გაიყვანა შვილი და მხრებში აწურულმა უსაყვედურა: -ამ ახალგაზრდა გოგოს ჩვენ რომ გვიტოვებ და სადღაც გასართობად გარბიხარ, იქნებ არ უნდა ამ ასაკის ხალხთან დარჩენა? უხერხულია. -არ მინდა ეს ექსკურსიები. გარკვევით ვახსენე, რომ ქალაქს უკვე ვიცნობ. -შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ ეს არ არის ლამაზი საქციელი. -აუ, მოდით, რა. ნუ მექცევით ისე, თითქოს ხუთი წლის ხელჩასაჭიდი ბიჭუნა ვიყო, რომელმაც აუცილებლად მშობლების გვერდით უნდა იაროს. წადით თქვენ და ისიამოვნეთ. არავინ გაკავებთ და ნურც მე მაიძულებთ ის გავაკეთო, რაც არ მინდა. -რამე მოხდა? რამ გაგიფუჭა ხასიათი? -არაფერი მომხდარა. უბრალოდ, პლაჟზე ყოფნა და მარტო გართობა მინდა. არ შეიძლება? -როგორ არ შეიძლება, მაგრამ... -არანაირი მაგრამ, მამა. არც ეგ გოგოა პატარა და თუ თქვენთან ყოფნა არ უნდა, მასაც შეუძლია მოძებნოს რამე თავშესაქცევი. არავინ არავის წინაშე ვალდებული არ ვართ და არც მე ვარ კლოუნი, მაგის განწყობაზე და ხალისზე ვიზრუნო. -ძალიან ხარ გაღიზიანებული. რა ბზიკმა გიკბინა? -გივი, მიხედეთ საქმეს, ნუღარ ცდებით,-უთხრა შვილმა, მერე დანარჩენებს დაემშვიდობა და იქაურობას გაეცალა. ლილუმ კერძო ტურზე გააკეთა არჩევანი, რომელიც რვასაათიანი იყო და ყველა იმ ძირითად ღირსშესანიშნავი ადგილის ნახვას ითვალისწინებდა, როგორებიც იყვნენ: აკროპოლისი, პართენონის ქათქათა კოლონები, ჰეფესტოს დიდებული ტაძარი, რამდენიმე მუზეუმი, გალერეა, მთავარი პარკი და გამორჩეული საცხოვრებელი უბნები. ყველამ ერთხმად მოუწონა არჩევანი და ის იყო, მინი ვენში ჩასასხდომად უნდა დაძრულიყვნენ, როდესაც ოთო მოისაკლისა. -ოთო არ მოდის? -კითხვით მიუბრუნდა ხუციშვილებს. -იცი, დედიკო, ოთიკოს ნანახი აქვს ეს ყველაფერი და ვიდრე ჩვენ ექსკურსიაზე ვიქნებით, სხვაგან გადაწყვიტა წასვლა,- გაამართლა თავის შვილი ზიზიმ. -გასაგებია. მაშინ დრო აღარ დავკარგოთ და შევუდგეთ ამ ტურს, -თქვა ლილუმ და ტურ-ოპერატორს გაჰყვა. --- ათენიდან ორმოცი კილომეტრის მოშორებით, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას, ლაგონისის პლაჟზე იჯდა და ფიქრებში ჩაძირული წინ გადაშლილ წყლის სივრცეს მიშტერებოდა. უნდოდა, დაგროვილი შფოთვა როგორმე გაექარვებინა, მაგრამ ამაოდ. ვერაფრით ივიწყებდა ქალს, რომელთანაც წამოწყებულ რომანტიკული ურთიერთობის მცდელობას კრახით ამთავრებდა. არ იცოდა რა უფრო აწვალებდა -იმ ფაქტთან შეგუება, რომ ქალების ყურადღებით განებივრებული პირველად მარცხდებოდა, თუ ის, რომ ლილუ ციცაგის სახე სულ უფრო ღრმად იჭრებოდა მასში. მოსვენება დაკარგული წამოდგა და ზღვის ტალღები გადასერა. ძლიერად იქნევდა მკლავებს და ცდილობდა, მეხსიერებაში ჩაბეჭდილი ჩელოსთან მჯდარი გოგონა სამუდამოდ ამოეგდო გონებიდან: -უნდა მოვერიო ამ სიგიჟეს, სხვა გზა არ მაქვს,- საკუთარ თავს გამუდმებით უმეორებდა. გათანგული ამოვიდა წყლიდან და ქვიშიან პლაჟზე გასაშრობად დაწვა. ირგვლივ ვერავის ამჩნევდა, რაც მისთვის ნამდვილად არადამახასიათებელი იყო და უფრო მეტიც, ძველ სახეს აკარგვინებდა. აცნობიერებდა, რომ ლილუსგან შორს ყოფნა და სიმარტოვე მაინც ვერ შველიდა. ყველანაირად ეძებდა გამოსავალს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, მაგრამ ბოლოს ისევ ერთ წერტილამდე მიდიოდა, რომელსაც ლილუ ციცაგის სახელი ერქვა. ისიც კარგად იცოდა, რომ თავმოყვარეობა იმის უფლებას არ მისცემდა, ვინმეს მუხლებში ჩავარდნოდა, ამიტომ არჩია, ყველაფერი ისევ ისე დაეტოვებინა, როგორც იყო და მისგან თავი შორს დაეჭირა. საღამოვდებოდა, როცა სანაპიროზე ყოფნის სურვილი გაუქრა და კვლავ ათენს დაუბრუნდა. არც სასტუმროში უნდოდა მისვლა, ან რა უნდა გაეკეთებინა? ფიქრები კვლავ მოსვენებას დაუკარგავდნენ. მოვარდნილი აზრები რაღაცით უნდა უკუეგდო, სხვა რამით ჩანაცვლება მოიწადინა და სავაჭრო ცენტრისკენ აიღო გეზი. --- დედაქალაქში ჯერ კიდევ ექსკურსიაზე მყოფი ხუციშვილები და ციცაგები ფეხით მიუყვებოდნენ ათენის უძველეს, კოლორიტულ კვარტლად წოდებულ პლაკას. ვიწრო ბილიკების ლაბირინთები თითოეულს იდუმალ შორეულ კუნძულზე აგრძნობინებდა თავს. არაჩვეულებრივი კიკლადური სახლები და ათასფერი ყვავილებით მორთული ქუჩები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდნენ და სიძველეში სძირავდნენ მნახველებს. პატარა კაფეები ნელ-ნელა ხალხით ივსებოდნენ და ბერძნულ სიმღერებთან ერთად მათში მყოფების ჟივილ-ხივილსაც ირწყავდნენ. დაღლილობის მოსახსნელად ერთ-ერთი კაფე აირჩიეს და უმშვენიერესი ხედებით ტკბებოდნენ. მიუხედავად იმისა, ლილუ კარგად ხვდებოდა, ოთოს მათთან არ ყოფნა მისი დამსახურება იყო, თავს აჯერებდა, რომ სწორად მოიქცა და უკეთესი იყო, ყველანაირად მორიდებოდა მასთან სიახლოვეს. თვლიდა, რომ ჭკუა უკვე ასწავლა, ადგილიც მიუჩინა და პრინციპში, მისდამი სხვა ინტერესი აღარ გააჩნდა. ალესანდროსთან სასიყვარულო კავშირის შემდეგ გულში იმდენი ტკივილი დარჩენოდა, ახალი ურთიერთობისთვის ჯერ მზად არ იყო და არც ქალების გულთა მპყრობელი უმცროსი ხუციშვილი ესახებოდა იდეალურ კანდიდატად. ასე, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა, რომ შექმნილი კომფორტის ზონიდან არ გამოსულიყო და სიმშვიდე შეენარჩუნებინა. --- იმ ქუჩაზე, სადაც ხუციშვილების და ციცაგების ღამის გასათენებელი სასტუმრო მდებარეობდა, ლილუმ რამდენიმე პატარა მაღაზიას მოჰკრა თვალი. მშობლებს სასტუმროში აღარ შეჰყოლია, უთხრა, რომ ცოტა ხანს ქუჩაზე არსებულ სავაჭრო პუნქტებს გაეცნობოდა და გეზი მათი მიმართულებით აიღო. ნომერში ასული ქანცგაწყვეტილი ციცაგები სავარძელში მოკალათდნენ და მთელი დღის სიარულისგან დასივებულ ფეხებს ასვენებდნენ. ზურამ ღრმად ჩაფიქრებულ ცოლს გადახედა და კითხვით მიმართა: -ისეთი სახე გაქვს, კაცს ეგონება მთელი ქვეყნის დარდები ზედ აიკიდე და მიათრევ. -საგონებელში ვარ. -რა მოხდა? -არ ვიცი, ხვალ ლილუსაც დაველაპარაკები და ვკითხავ, მაგრამ მეჩვენება, რომ ხუციშვილების შვილი რაღაცაზეა ნაწყენი და თავს გვარიდებს. -ნუ გამოაბამთ ხოლმე ეს ქალები ყველაფერს კუდებს. გივიმ თქვა, მესამედ არის ათენში და აღარ უნდა იგივე ნახოსო. -მე გეუბნები შენ, რომ ნაწყენია-თქო. ეს ისე ვიცი, როგორც ორჯერ ორი, ოთხი. -ჩვენგან რა უნდა სწყენოდა? -ჩვენგან არა, მაგრამ ლილუსგან-კი. -ან იმას რა უნდა ეწყენინებინა? ერთმანეთს წესიერად არც იცნობენ. -იმისთანა ინტუიცია მაქვს, ვერაფერს გამომაპარებენ. მას შემდეგ, რაც ფრანჩესკა აეროპორტში გააცილეს, ჩემი შვილი იმ ბიჭს წესიერად არც უდგება სალაპარაკოდ. გემზე ჩატარებული კონცერტის მერე კი ერთმანეთის დანახვაც არ უნდათ. -ოჰოჰოჰ, გაჰყვა ფანტაზიებს. ისე გაიჭერი, ვერტმფრენითაც ვეღარ დაგეწევი,- მობეზრებულად ჩაიქნია ხელი მამაკაცმა. -თავი მომაჭერი, თუ რამე მეჩვენება. ხვალ აუცილებლად უნდა დაველაპარაკო ჩვენ გოგოს. აქ რაღაც ამბავია და მე არ ვიცი,-აგრძელებდა ნინელი. -თავი ნუ ამატკიე შენი ვარაუდებით,-მაინც არ უჯერებდა მეუღლე. მოსვენებადაკარგული ქალი წამოდგა და პატარა ოთახში გადი-გამოდიოდა, მერე ფანჯარასთან მივიდა, მასთან ჩამოდგა და დიდხანს იდგა ხმაგაკმენდილი. --- ოთო ხუციშვილი უკვე სასტუმროს უახლოვდებოდა, როცა შემთხვევით, საიუველირო მაღაზიაში მყოფ ლილუს მოჰკრა თვალი. ქალი იმდენად იყო გართული ოქროს სამკაულების თვალიერებაში, ვერ შენიშნა, რომ გარედან ვიღაც უყურებდა. განსაკუთრებით ერთი ყელსაბამი მოეწონა, რომელსაც ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ზღვის ვარსკვლავის კულონი მოჰყვებოდა. ყელზე მოირგო და დიდხანს აკვირდებოდა, მაგრამ როდესაც ღირებულებით დაინტერესდა, ცივად მოიხსნა და გამყიდველს უკან დაუბრუნა. ოთო იქაურობას მოშორდა, რომ ციცაგს არ შეემჩნია და გზა გააგრძელა. ლილუს ნომერში ასვლა და იქ მარტო ყურყუტი არ სურდა, ამიტომ სხვა მაღაზიებშიც შეიარა და რამდენიმე ხელ ტანსაცმელთან და სუვენირებთან ერთად ბერძნული ყავაც შეიძინა. ბოლოს, შიმშილის გრძნობამ შეაწუხა, ნაყიდი ნივთები სასტუმროს ნომერში აიტანა და ნავიგაციით სხვა ქუჩაზე გადავიდა. სადღეღამისო სუპერმარკეტში პლასტმასის ერთჯერად კონტეინერში შეფუთულ ქათმის ფახიტასს მოჰკრა თვალი. მაშინვე ხელი დასტაცა, მანგოს ნატურალური წვენიც გაიყოლა და სასტუმროს გზას დაადგა. ვერც მაშინ შეამჩნია მის კვალს მიდევნებული ოთო, რომელიც უცხო ქალაქში მარტოდ მოსიარულე გოგონას არ სცილდებოდა: - მსუნაგი!- ჩუმად წარმოთქვა და გაეცინა. ოთახში ასულმა ქალმა შიმშილის გრძნობა რომ დაიკმაყოფილა, სააბაზანოში შხაპის ქვეშ დადგა და დაღლილობა წყლის თერაპიით მოიხსნა. შემდეგ პირდაპირ საწოლისკენ წავიდა და როგორც კი თავი ბალიშზე დადო, მაშინვე ძილმა წაიღო. ერთი დღეც მიიწურა. ზოგისთვის ნაყოფიერად, ზოგისთვის- არა. --- ტურისტები დათქმულ დროს და ადგილას ყოველგვარი დაგვიანების და ექსცესების გარეშე აღმოჩნდნენ. ლაინერი კვლავინდებური ხმაურით აივსო და სრულ მზადყოფნაში იყო, უკან დასაბრუნებლად, თურქეთის მიმართულებით აეღო გეზი. ოთო სერიოზული სახით მიესალმა მშობლებს, მათ მეგობრებს და ლილუს. მხოლოდ ზრდილობიანი მოკითხვით შემოიფარგლა და კუთვნილ კაიუტას მიაკითხა. არაფრის ხალისზე იყო, მაშინვე საწოლზე წამოწვა და დაღონებულმა გაუშტერა კედელზე მიმაგრებულ სანათს თვალი. გული ათას ნაწილად ეგლიჯებოდა და სხეულში წარმოქმნილი ბოღმა ყელში უჭერდა. დაძინება სცადა, მაგრამ რამდენჯერაც თვალი დახუჭა, იმდენჯერვე ლილუს სახე გაუცოცხლდა წარმოდგენებში: -ამის დედაც მოვტყ*ან! რა ჯანდაბა მჭირს? - საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები და მობილური ტელეფონი მთელი ძალით შეალეწა კედელს. მერე საწოლიდან წამოდგა და გარეთ გავარდა, რომ მოსადუნებლად ალკოჰოლი მიეღო. ___ ბარში იჯდა და სევდიანი თვალებით დასცქეროდა ვისკით სავსე ჭიქას. ვერც მხიარულმა მუსიკამ და ხალხის ჟრიამულმა გამოიყვანა მდგომარეობიდან. არ ასვენებდნენ კითხვები იმის შესახებ, თუ სად შეცდა ლილუსთან მიმართებაში. პასუხს კი ვერ პოულობდა. -აი, თურმე სად ყოფილხარ. ძალიან ბევრ ხანს გეძებდი,- მისდა მოულოდნელად, ლილუ ციცაგი გამოჩნდა. ოთოს ზედაც არ შეუხედავს მისთვის, მაგრამ ამ ფაქტს ქალისთვის ხელი არ შეუშლია, გვერდით თამამად მისჯდომოდა. წინასწარ შეათვალიერა, დააკვირდა და რომ შეატყო, მამაკაცი საუბრის ხასიათზე არ იყო, ასაყოლიებლად კვლავ წამოიწყო : -არ გეგონოს, რომ სიტყვები უკან მიმაქვს, ან გეტენები. უბრალოდ ახლა ასე აწყობს სიტუაციას. ოთოს მხრიდან კვლავ აუტანელი სიჩუმე მოდიოდა. -იქნებ იკადრო და პასუხი მაინც დამიბრუნო,-გაბრაზდა ბიჭის მხრიდან ცივ დამოკიდებულებაზე. ოთომ ერთი ყლუპი დალია, მერე მისკენ მიბრუნდა, თვალი თვალში გაუსწორა და გაურკვეველი გამომეტყველებით ჰკითხა: -რა გინდა, ლილუ? რა არ გასვენებს? ეს არ გინდოდა, რომ შენგან თავი შორს დამეჭირა? ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც ჩემი ერთი სიტყვის გაგონებაც აღარ უნდოდა? დაგავიწყდა, არა? -ჩვენი მშობლები ეჭვობენ, რომ უსიამოვნება მოგვივიდა. -ჭკვიანი ხალხია, სწორად მიმხვდარან,-თავი ჩაღუნა ხუციშვილმა. -მე კი არ მინდა იფიქრონ, რომ ასეა. მერე დაიწყება კითხვები, რატომ ვიჩხუბეთ, რისთვის... ერთი სიტყვით, იმედი მაქვს, როგორმე თბილისამდე ნორმალურ ურთიერთობას შევინარჩუნებთ. ვისაუბრებთ კიდეც, ოღონდ ამის იქით, ზედმეტის იმედი არ გქონდეს. -და თბილისში რა მოხდება? -იქ ერთმანეთს ასე იძულებით აღარ შევხვდებით, როგორც მაგალითად, ამ ლაინერზე. -მე ამ ფარსში არ აგყვები! გამორიცხულია! -რატომ ხედავ ამაში ფარსს? -ლილუს ასე აწყობს და მშობლებმა ჩვენი დაძაბული ურთიერთობის შესახებ არაფერი უნდა იცოდნენ, მაპატიე, მაგრამ მაგრად მკიდ*ია. ამის გამო, მსახიობობას არ დავიწყებ. -ღმერთო ჩემო, ამას ვინ ამბობს? ადამიანი, რომელსაც ალბათ, სათვალავიც კი აერია რამდენი ქალისთვის მოუტყუებია ლოგინში შეთრევის მიზნით. -რა? აი, ამაზე კი ახლა პასუხს აგებ! შენ რა იცი, ან ვინ გკითხავს ვის რას ვეუბნები და როგორ ვექცევი? ან რა შენი გრძელი ცხვირის საქმეა? - თვალები აენთო ოთოს, ადგილიდან არწივივით წამოფრინდა და ხელის გულებით დაეყრდნო მაგიდას: -პირადად შენ რა მოგატყუე? -ნერვები დაიოკე და ისე მელაპარაკე. -გეკითხები და მიპასუხე!- ხმა აიმაღლა ხუციშვილმა. -ტონს დაუწიე. -სანამ არ მიპასუხებ, ვერსად ფეხს ვერ გაადგამ! დაიწყე! ოღონდ ჩემს ხუმრობებს და ლაპარაკში გამოსაწვევად ჩაგდებულ სიტყვებს ნუ წამომაძახებ. -სანამ არ დაწყნარდები, არაფერს გიპასუხებ. -რა უნდა მიპასუხო, რაზეც პასუხი არ გაქვს? შეგპირდი რაღაცას და გადაგაგდე, თუ რამეში სერიოზულად მივქარე შენთან? რომელი ერთი, აჰ? -ასე ვერ ვილაპარაკებთ. -აბა, როგორ ვილაპარაკებთ? ოთომ ცუციკივით უკან გდიოს, ყველაფერზე თავი გიქნიოს და შენ ტუალეტის ქაღალდივით ერთ ადგილში ამოისვა? -ეგ რა შუაშია? -შუაში კი არა, თავშია. წადი და ვისთანაც გაგსვლია, იმას დაუწყე კაკანი, მაგრად დამღალე უკვე! -ძალიან შორს მიგყავს საუბარი. მხოლოდ ერთი კონკრეტული წინადადებით მოვედი. -სულ გადაესვა ხაზი ჩემს თავდაპირველ შთაბეჭდილებას შენზე. მარტო იმაზე ხარ ორიენტირებული, მესწერვო, რაც შეიძლება მეტი გულზე მოსახვედრი სიტყვა მითხრა და ტვინი მიბურღო. კარგია, რომ გაგიცანი. თუნდაც იმიტომ ღირდა შენთან ურთიერთობა, მივმხვდარიყავი, რატომ არ ღირდა რამის წამოწყება. თუ კიდევ გაქვს სათქმელი, გისმენ, თუ არა, შეგიძლია დამტოვო!- თავი იბრუნა ოთომ და მზერა აარიდა. ციცაგი არ მოელოდებოდა ოთოსგან ასეთ პრინციპულობას. რატომღაც ეგონა, დაიყოლიებდა. ის ხუმარა, თბილად მომღიმარი და მის გამოწვევებზე ფოკუსირებული ბიჭი სადღაც გამქრალიყო და ახლა მასში არა რბილი ხასიათის, არამედ სხვა პიროვნული შტრიხების მატარებელ ადამიანს ხედავდა. აშკარად ვერ დამალა ხუციშვილთან საუბარში მარცხის სიბრაზე და გაწიწმატებული გაეცალა. ბარში დარჩენილი ოთო, იქ კიდევ ერთ საათს დარჩა. რამდენიმე ჭიქა დაამატა და კარგად შემთვრალი გაუყვა გზას კაიუტებისკენ. უკვე კარგად დაღამებულიყო, დაღლილი და ძილმორეული დამსვენებლები თვალთახედვის არიდან გაუჩინარებას იწყებდნენ. ლაინერი თანდათან მშვიდდებოდა და დინჯად მიაპობდა ზღვის ტალღებს. ვიდრე ხუციშვილი თავის ოთახში შევიდოდა, ლილუს კაიუტას მიუახლოვდა. დიდხანს იდგა კართან და ფიქრობდა შესულიყო, თუ არა. იქიდან გამოსულმა „The Song from Secret Garden”-ის ჰანგებმა მაგნიტივით მიიზიდეს. გაჟღერებული მუსიკა თითქოს გულის ამოძახილს ეხმაურებოდა და ჯადოსნურ ნოტებში ობობის ქსელში მომწყვდეული მსხვერპლივით ჰხვევდა. როგორც იქნა, სახელური დაბლა ჩამოწია და ისე, რომ ციცაგისთვის დაკვრაში ხელი არ შეეშალა, მალვით შეიპარა. ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ ერთი სანათი ანათებდა. მის ქვეშ კონიაკის პატარა ბოთლი, ნახევრამდე ავსებული ჭიქა და რამდენიმე ფილა შოკოლადი უსწორმასწოროდ ეწყო. ლილუს ატლასის ქსოვილის გრძელი, აქვამარინის ფერი პერანგი ამშვენებდა, რომლის ზონარი ცალი მხრიდან გვერდზე ჩამოვარდნოდა და ნახევარ დეკოლტეს უშიშვლებდა. ფეხშიშველი იჯდა, თმა როგორც ყოველთვის გაშლილი ჰქონდა და ღაწვებს უფარავდა. ფეხებს შუა ჩელო ედგა და გრძელ თითებს მასზე იმდენად ნაზად დაატარებდა, დანახვისთანავე ოთოს გული პულსი აუჩქარდა. -ჯანდაბა, რა ლამაზია!- გაიფიქრა და სხეულში სითბო ჩაეღვარა, რომელიც ნელ-ნელა ცხელდებოდა და სუნთქვას უკავებდა. მუსიკამ ახლო წარსული შორეულ ფიქრებთან გააერთიანა. მოუკრიბა შემოდგომის ფოთლებივით ფერადი და ლამაზი მოგონებები და ქარში ატაცებული ფარფატა ფოთლებივით დააყარა თავზე. დააბიჯებდნენ ორივენი მეხსიერების დერეფნებში და მხოლოდ იმ ტომარაში გამომწყვდეულ ამბებს ჰკიდებდნენ ხელებს, რომლებიც მხოლოდ დადებითი, ნამდვილი, უბრალო და სიყვარულით გაჯერებული თავგადასავლებით შედგებოდა. იქ ყოფნა იმდენად მოეწონათ, კვლავ მთელი მონდომებით აგრძელებდნენ ხეტიალს და სულაც არ ეჩქარებოდათ რომ რეალურ სამყაროს დაბრუნებოდნენ. როდესაც ქალმა კომპოზიციის შესრულება დაამთავრა, ნაღვლიანი გამომეტყველებით კონიაკით სავსე ჭიქისკენ გადაიხარა. სწორედ იმ დროს შეამჩნია ხუციშვილი და გაკვირვებულმა ჰკითხა: -აქ რა გინდა? ოთო ძლივს მოსწყდა ახლად დამთავრებული მელოდიის ნოტებს, მისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა, კიდევ ერთხელ დააკვირდა სექსუალური გარეგნობის ქალს და თავგზაარეულმა ძლივს უპასუხა: -აი, ეს დაგრჩა ბარში. მერე მობილური ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო, სანათის ქვეშ დაუტოვა და გასვლა რომ დააპირა, გულმა ვეღარ გაუძლო, რომ არ ეთქვა: -მართალია, შენი წარმოდგენებით ძალიან ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ამ მუსიკის შესრულება არაჩვეულებრივად გამოგდის. მიუხედავად სევდიანი და ნოსტალგიური ჟღერადობისა, მაინც დიდებულია და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიციაა. ლილუმ კონიაკის ჭიქა მთლიანად გამოცალა. ალკოჰოლის სიმხურვალემ ყელი ისე ჩასწვა, თვალები დახუჭა და გააჟრჟოლა. მერე შოკოლადის ფილა მიაყოლა და დაბალ ხმაზე წამოსცდა: -ალესანდროსაც უყვარდა. ჰაერში ბგერებად დაჭერილი სახელი „ალესანდრო“ მოულოდნელი პასუხი იყო ხუციშვილისთვის: -ეგ ვინ არის? -ჩემი საქმრო იყო. -ახლა სად არის? -აღარ არის,- ხელები გაშალა ქალმა და ჩელო გვერდზე გადადგა. მამაკაცმა ამოისუნთქა, ოდნავ გულზე მოეშვა და თავისებურად მიუგო: -ალბათ, ვეღარ გაუძლო შენნაირ დრაკონს და გაიქცა, არც მიკვირს. ლილუს თვალებში ცრემლი ჩაუდგა და ხმას აუწია: -ყველაფერზე ასეთი აგდებული დამოკიდებულება არ შეიძლება! მითუმეტეს, როცა საქმე გარდაცვლილ ადამიანს ეხება! ხუციშვილი ვერ წარმოიდგენდა, რომ სიტყვა „აღარ არის“ იმ წამს ვიღაცის სიკვდილს მოასწავებდა და ლილუს წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნო: -მაპატიე, არ მინდოდა. მერე კარი გააღო, რომ კიდევ უფრო არ გაემწვავებინა სიტუაცია და გასვლა დააპირა, როდესაც ქალის სიტყვებმა ადგილზე გააშეშა: -დარჩი! ციცაგის სიტყვები ზარივით ჩაესმა დაგუბებულ ყურებში. ერთხანს კიდეც იფიქრა, რომ რაღაც არასწორად მოესმა და გაოგნებულმა ჰკითხა: -რა? -ერთ წუთს დარჩი, რაღაც უნდა გადმოგცე, -ქალმა ტუმბოს უჯრიდან მუსიკალური ალბომი ამოიღო, ორივე ხელის გულზე დაიდო და მამაკაცისკენ წავიდა. ოთომ მკრთალ სინათლეზე მის თვალებში აბრჭყვიალებული ცრემლები შენიშნა. უნდოდა მკერდზე მიეკრა და დაემშვიდებინა, მაგრამ თანაგრძნობის სურვილს მოერია და მზერა ქალის გაწვდილი ხელისგულებისკენ წაიღო. -Per te!*- აღმოხდა ლილუს და გულაჩუყებულს თვალებზე მომდგარი ცრემლი ღაწვებზე სანთლის წვეთებივით ჩამოეღვენთა. -ეს რა არის? -ჩურჩულით ჰკითხა ხუციშვილმა და მუსიკალურ ალბომს დახედა, სადაც რიგით პირველი სწორედ ცოტა ხნის წინ მოსმენილი, ლილუ ციცაგის მიერ შესრულებული მელოდიის სახელი ამოიკითხა. -ის, რაც შენ ძალიან მოგწონს,-უპასუხა ქალმა და თვალები გაუსწორა. იმ მომენტში, ორივე ახლოს და ამავდროულად ძალიან შორს იდგნენ ერთმანეთისგან. ალბათ, ერთმანეთთან შეხება და გრძნობებისგან დაცლა დაამშვიდებდათ, მაგრამ არცერთი ახტებოდა მათ შორის აღმართულ ჯებირებს. -მადლობა,-მიუგო ოთომ და საჩუქარი ისე გამოართვა, თვალი არ მოუწყვეტია მისთვის. -ღამე მშვიდობისა,- ასრუტუნებულმა თბილი ხმით უთხრა მამაკაცს. -ღამე მშვიდობისა,- იგივე სიტყვები გაიმეორა ოთომაც და იქაურობას გაეცალა. --- საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი ლილუ გულისთქმას აჰყვა, ის ავბედითი დღე გაახსენდა, როდესაც სიკვდილთან მებრძოლი ალესანდრო საავადმყოფოს პალატაში იწვა და აქეთ ანუგეშებდა ცრემლმორეულ მეორე ნახევარს: -არ გაბედო და არასოდეს იტირო სხვებთან! მაშინაც კი, როცა თავს ყველაზე უბედურ ადამიანად იგრძნობ. ცრემლები გამოსავალს ვერასოდეს გაპოვნინებენ, ისინი სუსტი ადამიანების ხვედრია. სანამ ქვითინში ჩაკლულს თავზე ძლიერები წამოგადგებიან, ძალა მოიკრიბე და სწორედ მაშინ გაიცინე, როცა შენგან ამას არავინ მოელოდება, და თუ ასე არ მოხდება, მოვლენ, მოჩვენებითი თანაგრძნობით შემოგხედავენ, მერე ზურგს უკან დაგცინებენ, ან უბრალოდ საწყლობისთვის შეგიძულებენ! არ გაბედო და როცა ცაზე მთვარე გამოჩნდება, გაიფიქრო, რომ მზე აღარ ამოვა! ყოველ ღამეს მოჰყვება დღეც და მეტწილად მზეც, რომელიც ოღრო-ჩოღროდ დაგებულ, მტვრით დაფენილ გზებს გაგინათებს. არ გაბედო და არც მაშინ იტირო, როცა შენს გვერდით საყვარელი ადამიანები აღარ იქნებიან, ყველა ტკივილს აქვს თავისი ახსნაც და დამარცხების გასაღებიც, რომელიც თავად უნდა მოძებნო. არ გაბედო და არასოდეს იტირო! აღარ გაბედო!.. სწრაფად მოიწმინდა ცრემლები, წარსულზე ფიქრს შეეშვა და კვლავ დაუბრუნდა აწმყოში ასაშენებელ რეალობას. თავი ხელში აიყვანა, დაწყნარდა, სანათი გამორთო და საწოლის გადასაფარებელში მდუმარედ გაეხვია. გემი მშვიდად ირწეოდა ეგეოსის ზღვის ტალღებზე. ღამესაც ნელ-ნელა დღის შუქი ეპარებოდა და მზეს იწვევდა ამოსაწვერად. --- პაპანაქება სიცხე იყო. კიდევ რამდენიმე საათი აშორებდათ კუშადასის საკრუიზო პორტამდე ტურისტებს. ახლადგაღვიძებული ოთო კაიუტიდან გამოვიდა და გემბანისკენ დაიძრა. საცურაო აუზს რომ ჩაუარა, შეზლონგზე გაწოლილ ლილუს მოჰკრა თვალი. მზის სხივების ქვეშ ნებივრობდა, თან წიგნს კითხულობდა და შინაარსში ჩაძირულს ხუციშვილი არც კი შეუნიშნავს. -დილა მშვიდობისა, ნაბახუსევზე ანანასის წვენი ყოფილა მისწრება, - მიესალმა გოგონას და ცივი წვენით სავსე მაღალი ჭიქა გაუწოდა. -დილა მშვიდობისა. მადლობა, -გაუღიმა ლილუმ და ჭიქა გამოართვა. ბიჭმა ოდნავ მოშორებით მდგარი თავისუფალი შეზლონგი ხელით მოითრია და ციცაგის გვერდით ჩამოჯდა. -ანანასი ძალიან მიყვარს,- წამოიწყო ლილუმ. -მართლა? შემიძლია კიდევ მოგიტანო. -არა, მეტი არ მინდა, - წიგნი დახურა, გვერდზე გადადო და ნეტარებით დაუწყო წრუპვა საყვარელი ხილის წვენს. -ვიფიქრე შენს სიტყვებზე. იგივე აზრზე ვარ, ფარსში ვერ აგყვები, მაგრამ თუ რა თქმა უნდა, შენც თანახმა იქნები, ვფიქრობ, ჩვენს შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება შეიძლება. რას იტყვი?- ინტერესით სავსე მზერით ახედა ოთომ. ლილუმ თვალი თვალში გაუყარა, ცოტა ხანს დაფიქრდა და თავი დაუქნია: -კი ბატონო, ცუდი სიზმრები ნამდვილად არ მესიზმრება, რომ ტყუილად რამეს გერჩოდე. შეგვიძლია, ვცადოთ. -კარგი, რითი დავიწყოთ ერთმანეთის გაცნობა? რა თემაზე ვისაუბროთ? -ინიციატივას შენ გითმობ. -მოდი, იტალიაზე და იტალიელებზე მომიყევი. -კონკრეტულად რა გაინტერესებს? -მაგალითად მათი ყოველდღიური ცხოვრება, რით განსხვავდებიან ქართველებისგან, ან თუნდაც რაში გვგვანან? -კარგი კითხვაა, -ჩაფიქრდა ლილუ. -არ გთხოვ დეტალურად, ისე, ზოგადად მიამბე. -ჰო, მივხვდი. მოდი, დავიწყებ იმით, რომ ძალიან მეგობრული, სტუმართმოყვარე, გულუხვი, დახვეწილი მანერების, იუმორის გრძნობის მქონე, კარგი ჩაცმულობის მოყვარულნი და მეოჯახეები არიან. ასევე სისხლში აქვთ გამჯდარი იმპულსურობა, ხმამაღლა საუბრის სიყვარული და სხვათაშორის, ხელებსაც ხშირად იყენებენ ლაპარაკის დროს. ეს არის მათი ძირითადი დახასიათება. კიდევ რა გაინტერესებს?- საუბრის ხალისზე მოვიდა ციცაგი. -შენ რომელ ქალაქში ცხოვრობ? -ამჟამად ნეაპოლში. -მანდ ნამყოფი ვარ. საინტერესო ქალაქია, ბევრი ღირსშესანიშნაობით. -ნამდვილად ასეა, თუმცა იტალიაში თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული ისტორიაა და ყოველთვის ღირს სანახაობად. -გეთანახმები. ბევრი მაკარონი, ყველი და პომიდვრის საწებელი რომ უყვართ, ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ არის კიდევ რამე, რასაც მათი სამზარეულოდან გამოარჩევდი? -ზღვის პროდუქტების მომზადება ეხერხებათ არაჩვეულებრივად. განსაკუთრებით პოპულარულია თეთრ ღვინოში მომზადებული Zuppa di Pesce. -პირველად მესმის. ალბათ, იმიტომ, რომ თევზეულობა და ნიჟარებში ჩაბუდებული ლორწოვანი მასები ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. -ეგ ლორწოვანი მასები, როგორც შენ უწოდებ, დელიკატესებად ითვლებიან. -რაც გინდა, ის უწოდე და როგორი სიტყვებითაც გინდა, ისე შეფუთე, ბავშვობიდან ვერ ვიტან მაგ არსებებს. -არ გიყვარს, ნუ გიყვარს. აი, მე კი ვგიჟდები,- ნიშნის მოგებით გადახედა ქალმა. -ჰო, რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ყველაფრით განსხვავებულები ვართ,- მკრთალად გაიღიმა ხუციშვილმა და ნიკაპის სრესვას მოჰყვა. -სანამ კარგ ხასიათზე ვარ, კიდევ მკითხე რამე. -რამე განსაკუთრებული დღესასწაულები აქვთ? ლილუ კვლავ ჩაფიქრდა და ისევ ალაპარაკდა: -ისეთი გრანდიოზული არაფერი მახსენდება, რომელიც სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევთ, თუმცა პირველ ნოემბერს ყველა წმინდანის დღეს აღნიშნავენ. მას Ognissanti-ის ეძახიან და წმინდა კათოლიკური დღესასწაულია. ორ ნოემბერს კი ყველა გარდაცვლილი სულისთვის ლოცულობენ. Giorno dei Morti- ასე მოიხსენიებენ ამ დღეს. -ჰელოუინს თუ აღნიშნავენ? -არც ისე ძალიან. -იქაც ზუსტად ისე ყოფილა, როგორც საქართველოში. -და არა ისე, როგორც ამერიკაში, კანადასა და ინგლისში. -ჰო. 31 ოქტომბერს აქ იქნები? -კი, რატომ მეკითხები? -დიდი და განსაკუთრებული საღამო მაქვს გეგმაში, დაგპატიჟებდი. -მართლა? უკვე დავინტრიგდი,- გაეცინა ლილუს. -მაშინ მოდი. -მოვალ. -მპირდები? -გპირდები. -ძალიან კარგი, შევთანხმდით,-კმაყოფილი სახით მიუგო ოთომ. -ახლა, ბოდიში, უნდა დაგტოვო,- ფეხზე წამოდგა ლილუ, -ცარიელი ჭიქა დაანახა და გაუღიმა:- ანანასის წვენისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი. -არაა საჭირო ამდენი მადლობა,- ყველანაირად ცდილობდა, ქალს მასთან რაც შეიძლებოდა შინაურულად ეგრძნო თავი. -კარგი, დროებით. -დროებით, ლილუ,- დაემშვიდობა ხუციშვილიც და თვალი გააყოლა საცურაო კოსტუმში გამოწყობილ ქალს, რომელსაც გამჭვირვალე მოსასხამი შემოეცვა და მადისაღმძვრელ ტანს მხოლოდ აქა-იქ, უფარავდა. ციცაგის წასვლის შემდეგ დიდხანს აღარც ხუციშვილი დარჩენილა აუზთან. გემბანზე იდგა და ხარბად სუნთქავდა ზღვის სურნელით გაზავებულ ჰაერს. ახარებდა ის ფაქტი, რომ რაც ჩაიფიქრა გამოუვიდა. უპოვა თავის ამოცანას ამოხსნის ხერხი, სიტუაცია გამოასწორა და ახლა ერთადერთი რაც დარჩენოდა, ის იყო, რომ კიდევ უფრო ფრთხილად მოქცეულიყო მასთან მიმართებაში. კრუიზის დასრულების შემდეგ ხუციშვილები და ციცაგები ბოლო დღეეების განმავლობაში ერთად ყოფნით მიღებულ სასიამოვნო წუთებს ვეღარ ელეოდნენ. ძველი მეგობრობა თანდათან მეტ სიცოცხლეს იბრუნებდა და კვლავინდებურად შეკრული ხდებოდა. ოთოს და ლილუს შორის დამცხრალი მდგომარეობა უფროსი თაობის წარმომადგენლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და ეტყობოდათ, რომ ეს ფაქტი ძალიან ახარებდათ. ახალგაზრდები სახალისო ამბებსაც ჰყვებოდნენ, ერთმანეთის მიმართ ყურადღებასაც იჩენდნენ და ახალი შთაბეჭდილებები უყალიბდებოდათ. თბილისში ჩასვლის შემდეგ ოჯახები კმაყოფილები ემშვიდობებოდნენ და იმედს გამოსთქვამდნენ, რომ მომავალში კიდევ მოაწყობდნენ მსგავსი ტიპის შეხვედრებს. --- -ესე იგი, შენ გინდა, თქვა, რომ ერთი კვირა იმ გოგოსთან ერთად იყავი, ყოველ დღე მას უყურებდი და ვერ დაკერე? აბა, აქეთ მოდი, კარგად შეგათვალიერო, შენ ოთო ხარ, თუ მეჩვენება? - გაოცებული თვალებით უყურებდა ლაზღანდარაობის ხასიათზე მოსული დიმა. -არ მოვწონვარ. -რა? დაუჯერებელია. -რამ გაგაკვირვა? ჰო, როგორც მამაკაცი, ლილუ ციცაგს არ მოვწონვარ,- ხელები გაშალა და გაბრაზებულმა მაგიდაზე დაგროვილი საბუთები ცალი ხელით ნერვიულად გვერდზე მიყარა. -მდა! ახლა რას აპირებ?- თვალები დააწვრილა დიმამ და მის პასუხს ინტერესით დაელოდა. -გადავდივარ გეგმა „ბ“-ზე. -და თუ არც გეგმა „ბ“-მ გაჭრა? ძნელია, როცა ქალს არ უნდიხარ, ვერაფერს დააძალებ. -მაშინ გადავალ გეგმა „გ“, „დ“, „პ“, „ჟ“, „ჭ“-ზე და რა ვიცი, კიდევ რა სირ*ობას აღარ მოვიგონებ. საბოლოოდ გაამართლებს რომელიმე,- კბილებში სცრიდა ხუციშვილი. -როგორც ვატყობ, ამოჩემებაში გადაგდის, ან უფრო უარესი- გიყვარდება. -მე?- საჩვენებელი თითი მიიდო გულთან და გაეცინა. -დიახ, შენ. ასეთი გაცეცხლებული არასოდეს მახსოვხარ, რომელიმე ქალზე ყოფილიყო. -არ ვიცი რაც მჭირს ამას რა ჰქვია, მაგრამ ვინ მინდა, ეს ნამდვილად ვიცი. -ყურები არ ჩამოყარო, ბოლო-ბოლო გეგმა „ჭ“ წინ გვაქვს. იმას კი ნამდვილად ვეღარ დაუძვრება, -ახარხარდა დიმა. -აუ, შენ ხომ არაფერი არ უნდა გითხრას კაცმა. ყველაფერი ღადაობაში გადაგაქვს. -არა, ძმაო, რა მაქვს საღადაო? სრული სერიოზულობით ვუყურებ გეგმა „ჭ“-ს და უკვე იმის სურვილი მკლავს გავიგო, რას მოიცავს. -წამოვა მავაშიგერი ბზრიალში და მერე გეგმა „ჭ“-ც სულ ფრაგმენტ-ფრაგმენტად წაგიმღერებს ყურთან. -კარგი, კარგი, არ ხარ დღეს ხასიათზე, -სულს ძლივს ითქვამდა დიმა სიცილისგან, -წავალ მე, სამსახური მეძახის. -იცოდე, ირაკლის არაფერს მოუყვები, მე ვეტყვი ყველაფერს, თორემ იმის ცინიკური სიფათის ყურებას ნაღდად ვეღარ გავუძლებ. - ეგრე იყოს,- დაპირდა მეგობარი და კაბინეტიდან გავიდა. რამდენიმე წუთში ოთახში მდივანმა შეიჭყიტა და ჩვეული მანერებით ცდილობდა ხუციშვილის ყურადღება მიექცია. დოკუმენტებში თავით ჩარგულ ოთოს ქალისთვის არ ეცალა. ყველანაირად აგრძნობინებდა, რომ მის ხასიათზე არ იყო, მაგრამ მდივანი მაინც არ ეშვებოდა, მაგიდის კიდეზე ჩამოუჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და სექსუალური ხმით ჰკითხა: -აბა, ვინ ვარ დღეს ჩემი აფთრისთვის? მზრუნველი მედდა, მორჩილი მოსამსახურე, დასჯილი მდივანი, უბედური მონა, თუ... ფანტაზიის უნარი არ ეყო და სექსუალური თამაშის უფრო ფართო არჩევანი რომ შეეთავაზებინა, გონება დაძაბა და ტუჩების პრუწვა დაუწყო. ოთომ ცდუნებას ვეღარ გაუძლო, თეთრ პერანგზე სწვდა და გახდა დაუწყო, მაგრამ ქალის სახეს რომ შეხედა, უმალ ლილუ ციცაგის სიტყვები გაახსენდა: „ქალებს ხორციელი სიამოვნების მისაღებად იყენებ. მე კი შენნაირ მექალთანე კაცებზე ალერგია მჭირს და გული მერევა!“ ცივად გაუშვა ხელი მის მდივანს, ძირს დაგდებული პერანგი მიაწოდა და მკაცრად უბრძანა: -ადექი და გადი აქედან! -არსად წასვლას არ ვაპირებ, მომენატრე, გიჟო,- კვლავ აგრძელებდა მის გამოწვევას. ხუციშვილს სიბრაზის პიკი დაეწყო და თმებში სწვდა, რომ ძალით გაეთრია ოთახიდან. ქალი ჯერ ვერ მიხვდა, რას აკეთებდა მისი უფროსი. ასეთი უხეში არასოდეს ყოფილა მასთან. მერე კვლავ ღიმილი დაიბრუნა სახეზე: -აჰა, დღეს აგრესიულ ბოსთან მექნება სექსი. უკვე მომწონს. -რომ გეუბნები, რომ უნდა გახვიდე, ესე იგი, კარი უნდა გაიხურო! -ასეთი რა დავაშავე?- გული მოუვიდა ქალსაც. -არაფერი, უბრალოდ აღარ მინდიხარ და თუ კიდევ გააგრძელებ ჩემი ტვინის ტყ*ნას, სამუდამოდ წახვალ აქედან! -გასაგებია, -უკან დაიხია მდივანმა, პერანგი ჩაიცვა და ქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნით დატოვა იქაურობა. --- თავის სახლის წინ მდებარე სკვერში იჯდა, მის წინ საქანელაზე მჯდომ ბავშვს შესცქეროდა და ცდილობდა, ტანს მოტმასნილი მელანქოლია როგორმე უკუეგდო. უკვე ერთ წელზე მეტი იყო გასული, რაც ლილუს გულიანად აღარ გაეცინა. უყურებდა წითელთმიან, თმაგაწეწილ საყვარელ გოგონას, რომელსაც ყოველ ჰაერში ასვლაზე გული ლამის მიწაზე რჩებოდა და უნდოდა, მასაც ზუსტად ისევე ეკისკისა, როგორც საქანელაზე მჯდომ ბავშვს, რომელსაც ახლად გამოცვლილი კბილები ისე სასაცილოდ და უსწორ-მასწოროდ ამოსვლოდა, მისი ყურება კიდევ უფრო შეგმატებდათ ხალისს. -„სად ხარ? მოვედი და კარებთან ვდგავარ“- დაიწკაპუნა ტელეფონმა. ტექსტური შეტყობინება ანიტასგან იყო. -როგორ დამავიწყდა,- ქვედა ტუჩზე იკბინა, ფეთიანივით წამოდგა და სადარბაზოში შევიდა. -რაო? დაგავიწყდი?- ლიფტთან იდგა ანიტა. -სულ ამომივარდა თავიდან,-შეწუხებული სახით მიუგო ლილუმ და რკინის კარებს გასაღებით დაუწყო ჯაჯგური. -გადავირიე, ვიფიქრე, ასე ყველა ერთად სად გაქრა, რომ ჩამი-ჩუმიც კი არ გამოდის ბინიდან-თქო? -ნინელი და ზურა სადღაც დაპატიჟეს და ქალაქგარეთ არიან. მე კი სახლში ჯდომა მომბეზრდა და ცოტა ხნით სასეირნოდ გავედი. -ყავა გაქვს? -კი, როგორ არა. მოგიდუღო? -ჰო და რომ არ მოვცდეთ, თან დაიწყე. -რა დავიწყო? -ვითომ არ იცის,- ცალყბად ჩაეცინა ანიტას. -სალაპარაკო დიდი არაფერია. ოთო ხუციშვილს თავის ადგილი მივუჩინე. იცის, რომ ჩემით, როგორც ქალით აღარ უნდა დაინტერესდეს, შანსი არ აქვს. -მასთან დაწოლა შემოგთავაზა? -არა, მანდამდე არ მივსულვართ, მაგრამ არც უარს არ იტყოდა. -მომიყევი, რა. რას დაგიგუბებია პირში წყალი? -ხომ გითხარი, სალაპარაკო არაფერია-მეთქი? ვუთხარი, რომ მისნაირი ტიპები არ მაინტერესებს. -ეგრევე პირში მიახალე? -დიახ. -მერე, მერე? -ჯერ ეწყინა, ცუდ ხასიათზე დადგა, აღარ გვეკარებოდა. მერე ალბათ მიხვდა, რომ არც განდეგილივით მარტო ყოფნა იყო მისთვის მომგებიანი და ბოლოს დავზავდით. -მოიცა, მოიცა. ვერაფერი გავიგე. -შევთავაზე, რომ მშობლების დასანახად მაინც გვქონოდა ნორმალური ურთიერთობა. ეს არ მოინდომა, ფარსში არ აგყვებიო. მერე კი მეც ვერ მივხვდი როგორ, მაგრამ სიტუაცია თავისით დალაგდა. ახლა კატა-თაგვივით აღარ ვართ, ასე თუ ისე, ერთმანეთი გავიცანით და ვიცით, რომ არც თუ ისე ცუდი ხალხი ვართ. -შენ ამბობ, რომ მხოლოდ მეგობრულად ხართ ერთმანეთში? -ნუ, მთლად მეგობრულადაც არა, მაგრამ დაახლოებით ასეა. -საინტერესოა,- ტუჩები დაბრიცა ანიტამ და ახლადმოდუღებულ თურქულ ყავას რამდენიმე ყლუპი ამოაკლო. -რას ვფიქრობ იცი? -აბა, საიდან უნდა ვიცოდე? -ჩემში ალესანდრო ისეა შემოხიზნული, ვერასოდეს ამოვიგლიჯავ ჩემი სამყაროდან. -დაიწყო ისევ,-თვალები აატრიალა მეგობარმა. -ყველა მამაკაცში მას ვეძებ. იცი ეს რას ნიშნავს? იცი? -ვიცი და თან არ მინდა, ვიცოდე,- სინანულით იქნევდა თავს ანიტა და დარდისგან და ტკივილისგან გამორეცხილ თვალებში ჩასცქეროდა მეგობარს. -ჩემი იარები ჯერ კიდევ გახსნილია, არ მოშუშებულან,- ხელები დახუჭულ თვალებზე აიფარა, რომ წამოსული ცრემლი დაეფარა. -კარგი, რა, საყვარელო. ასეც ნუ განიცდი. შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ? -სანუგეშოდ ხელი ჩასჭიდა მეგობარმა. -დავიღალე ამ ძლიერი ქალის როლის თამაშით. ზოგჯერ მგონია, რომ ეს სიძლიერე თავადვე მიღებს ბოლოს. მინდა, ვიღრიალო, ვიტირო, დავიცალო, რომ იქნებ მიშველოს, მაგრამ ლილუ ციცაგს ეს ისტერიკები და ნამდვილობა როგორ ეკადრება? მისი იმიჯი არ უნდა დაიმსხვრეს, ისევ რკინის ლედი უნდა იყოს, რომელსაც ცხოვრებაში მიზანსწრაფულობის მეტი არაფერი დარჩენია. -და მაინც, მე ასეთი ლილუ უფრო მირჩევნია, როგორიც ხარ, ან თავს გვაჩვენებ. -ჰო, ვიცი, ასეთი ლილუს არსებობაც და მეგობრობაც უფრო მომგებიანია, ვიდრე სუსტის და დაუცველის. მეც რაღა დამრჩენია? როცა მარტო ვრჩები, მხოლოდ მაშინ ვიბრუნებ ჩემს თავს და მომინდება- ვტირი, მომინდება- ვყვირი და მომინდება-ვიცინი. -უფ! ლილუ, შენი პრობლემა ის არის, რომ იმდენად ლექავ შენში წარსულს, აწმყოსთვის ადგილს აღარ იტოვებ. გარისკე და შემოუშვი ახალი ადამიანები, იქნებ ბევრად უკეთესადაც იგრძნო თავი? -არ შემიძლია. არ ვარ მზად ახალი სასიყვარულო ურთიერთობისთვის, თან უკვე ვთქვი, ოთო ჩემი გემოვნების მამაკაცი არ არის. -მე კი ტყუილად მგონია, რომ ხელს ჰკრავ. -ანიტა, გესმის რას მეუბნები? ოთოსთან როგორ გავაბა სასიყვარულო კავშირი? დღეს შეიძლება მე ვუყვარდე, ხვალ ვიღაც თეკა და ზეგ კიდევ ჯესიკა. თავად შენ ენდობოდი ასეთ ადამიანს, რომელსაც გულის ნაცვლად საერთო საცხოვრებელი აბია? -იქნებ გულწრფელად შეუყვარდი? მიეცი საშუალება, რომ დაგიმტკიცოს და თავადაც დარწმუნდე. -კარგი რა. გამოდი ბავშვობის ასაკიდან, თორემ დავიჯერებ, რომ ზღაპრების კიდევ გჯერა. -ოჰ, გამიცრუვდა იმედები. არადა, დარწმუნებული ვიყავი, უფრო დიდხანს გაგიგრძელდებოდათ ეგ სახიფათო თამაშები. რატომ მოსვი ასე ადრე თავის ადგილზე? -დაიწყო ისევ ახალი სერია,- მობეზრებულად გააქნია თავი ლილუმ. -რაღაც მჯერა, რომ ვეღარ გაუძელი მისტერ უსიმპათიურესობას და თავი დამარცხებულად რომ არ გეგრძნო, დროზე ადრე დაასრულე წამოწყებული ფანდები. -აუ, ანიტა, მოდი, ამ ოთოს თავი დაანებე და ტურისტულ სააგენტოში გამომყევი. -იქ რა გვინდა? -აღარ გახსოვს, ლაშქრობაში რომ ვაპირებდით წასვლას? ცოტა გავმხიარულდეთ, რა. -ვაი, სულ გადამავიწყდა,-თვალები დაჭყიტა მეგობარმა. მერე ეშმაკურად გადახედა, ბოლო ყლუპი ყავა დალია და წამოხტა:- ახლა წავიდეთ და ლაშქრობის მარშრუტიც ერთად ავარჩიოთ. შორს არ არის ის კომპანია. -ძალიან კარგი,-გამხიარულდა ლილუ, ჩანთას ხელი დაავლო და ანიტასთან ერთად ახალი თავგადასავლების მოლოდინით სახლი დატოვა. --- -არ ხარ ღირსი, მაგრამ აჰა, ძმაო, ალალი და უსაყვედურო იყოს,- ოთხად გაკეცილი ფურცელი ესროლა ირაკლიმ ოთოს. -ეს რა არის?- გაკვირვებული სახით იკითხა ხუციშვილმა. -წამომსვლელთა სია, რომლებიც ზეგ სალაშქროდ ძამის ხეობაში მიგვყავს. ოთომ სიას დახედა და ლილუ ციცაგის გვარი რომ ამოიკითხა, სახე გაებადრა: -შენ საიდან გაიგე ეს ინფორმაცია? -რას ჰქვია, საიდან? თავად მე შევარჩევინე ტური. გუშინ თავის დაქალთან ერთად მესტუმრა სამსახურში. კიდევ ერთი მეგობარიც მოჰყავთ. -ესე იგი, ლაშქრობაში წასვლა მოინდომე, ქალბატონო?- ჩაეცინა გახარებულ ხუციშვილს,-მაშინ მოემზადე, კიდევ ერთხელ მოგიწევს ჩემი ატანა. მერე ირაკლის მიუბრუნდა: -და ღირსი რატომ არ ვიყავი, რომ ეს მცოდნოდა? -იმიტომ, რომ მესამე დღეა აქ ხარ და არც კი შემხმიანებიხარ. -ჰო, ერთი კვირის საქმეები რომ დაგროვდება, ძმაკაცი კი არა, ჩემი სახელი რომ გავიხსენო, გამიკვირდება. გადასატვირთი კომპიუტერივით ვჭედავ. -ჯანდაბას შენი თავი, მიპატიებია,-სერიოზული სახით უთხრა ირაკლიმ და საათზე დაიხედა:- ეს დიმა სადღა გაქრება ხოლმე? -მოვა, სად წავა? -ტაქსით მივდივართ? -ჰო, აბა? -კი მეზარება ახლა წყნეთში ასვლა, მაგრამ იუბილარი გაგვიწყრება და იმის ბუტიაობის თავი არ მაქვს. -ადექი, ადექი, გავიდეთ. დიმა სადაც არის, მოვა,-შეუძახა ძმაკაცს ხუციშვილმა და კოსტუმი შემოიცვა. დიმა უკვე კომპანიასთან მისულიყო, როდესაც მეგობრები შენობიდან გავიდნენ: -აი, ისიც,- წამოიძახა ირაკლიმ. მეგობარმა მანქანის კარი გააღო და უხასიათოდ გადავიდა. -სახე ჩამოგტირის, თუ მეჩვენება? -არ გეჩვენება,- უპასუხა ოთოს ძმაკაცმა. -დაფქვი, რა მოხდა? -სამსახურის ამბებია, ამაზე ლაპარაკის ნერვი არ მაქვს. დავწყნარდები და მერე მოგიყვები. რას ვშვებით, მივდივართ? -მივდივართ,-დაუდასტურეს ირაკლიმ და ოთომ. ვიდრე ტაქსი მოვიდოდა, ოთო ლაშქრობაზე ფიქრობდა. გონებაში ათას გეგმას წერდა და შლიდა. უცებ ისეთმა აზრმა გაუელვა, საკუთარმა იდეამ თვითკმაყოფილებისგან ღიმილი მოჰგვარა. მერე მობილურ ტელეფონში საკონტაქტი სიას ჩაუყვა და ზარის ღილაკს დააჭირა: -კუცია, როგორ ხარ? -კუციას მოგცემ, თუ მოვედი მანდ,- მეორე მხრიდან ვიღაც გოგოს სასიამოვნო ტემბრის ხმა გაისმა. -შენთან საქმე მაქვს, ახლავე უნდა გნახო. -ახლავე? სამსახურში რომ ვარ? -ცოტა ხნით დაგელაპარაკები. -მაშინ იცი, სადაც უნდა მომაკითხო, ძვირფასო. -კარგი, მაქსიმუმ ათ წუთში შენთან გავჩნდები. -გელოდები,-სწრაფადვე უპასუხა და გაუთიშა. ტაქსიც გამოჩნდა. ოთომ მეგობრებს აუხსნა, რომ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და ჯერ ერთ ადგილზე უნდა მისულიყვნენ, მალევე მოაგვარებდა ყველაფერს და მერე ავიდოდნენ წყნეთში. ცოტა ხანში ტაქსის მძღოლმა ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრის წინ გააჩერა. -აქ რა გვინდა, ტო?-იკითხა დიმამ. -თქვენ მანქანაში დამელოდეთ, მე მალევე დავბრუნდები,-მიაძახა მეგობრებს ხუციშვილმა და გადავიდა. დაახლოებით ორ წუთში პრინცესა ელზას ცისფერი კაბით და მისივე ვარცხნილობის თმის პარიკით მკვეთრი მაკიაჟით გაგლესილი ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა, ოთოს შესცინა და გადაეხვია. -ეს ვინღაა, ტო?- ცალყბად გაეცინა დიმას და გაოგნებული უყურებდა ირაკლის. -ამ ორიდან, რომ ერთერთი ოთოა, ნამდვილად ვიცი, მაგრამ ეს გაყინული ელზა სად მოძებნა, ნამდვილად ვერ გეტყვი,-მხრებს იჩეჩავდა ირაკლი და გაურკვევლობაში ჩავარდნილი ხან თავის ძმაკაცს მისჩერებოდა, ხან უცხო გოგონას. --- ერთმანეთის მოკითხვა რომ დაამთავრეს, გოგონამ ხუციშვილი სადღესასწაულო ცენტრში, ერთ-ერთ ოთახში შეიპატიჟა: -აბა, გისმენ. რაზე გინდოდა ჩემთან საუბარი? -მოკლედ, კუცი, სხვა რომ ნამდვილად ვერ შეძლებს და მხოლოდ შენ გამოგივა, ზუსტად ის საქმეა. -ოჰო! განა რა დავიბადე ასეთი მნიშვნელოვანი? ოთო პირდაპირ საქმეზე გადავიდა: - ორი დღით ჩემი შეყვარებული უნდა გახდე. გოგონა ჯერ დაიბნა, მერე სიცილი აუტყდა: -შენ ხომ არ გაჟრიალებს? -არც მაჟრიალებს და არც მეცინება. -ორი დღით შენი შეყვარებული რანაირად უნდა გავხდე? ამიხსენი ერთი, რას ხლართავ? -არის ერთი გოგო, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ მას არ ვუნდივარ. -ოთო ხუციშვილს ვინმემ უარი უთხრა? ცოტა დაუჯერებელია,-შეიცხადა კუციამ. -ხარ, თუ არა ჩემი მეგობარი? -კი ვარ, მერე? რა უნდა გავაკეთო? ან ჩემი შეყვარებულობა შენ რა ხეირს მოგიტანს? -უნდა ვაეჭვიანოთ. -თუ არ უნდიხარ, არც იეჭვიანებს. სიმართლე გითხრა, შენი იდეა არ მომწონს. არ გეწყინოს, მაგრამ ჩანასახიდანვე არ ვარგა. -გთხოვ, უარი არ მითხრა,- ბიჭმა ვედრების თვალებით შეხედა გოგონას. -უფ!-ღრმად ამოისუნთქა და მეგობარს შეწუხებული სახით გადახედა:- კონკრეტულად რა გინდა, რომ გავაკეთო? როგორ დაგეხმარო? -არაფერი, ორი დღით უნდა წამომყვე ლაშქრობაში და სულ ჩემს გვერდით უნდა იყო, არ მომშორდე. -ეგ როდის? -ზეგ მივდივართ. -გაგიჟდი? არ გამოვა. -რატომ? - სამი დაბადების დღე მაქვს წასაყვანი. -ეგ არაფერი. -და რა ვუთხრა ამდენ ატირებულ ბავშვს, რომლებსაც ზეგ დაბადების დღე აქვთ? პრინცესა ელზა ოთო ბიძიას სამასხარაოდ ლაშქრობაში მიჰყვება და თქვენი იუბილე ჩაიშალა-თქო? -ჰო, ისიც დასძინე, რომ ან სულ გადაყინავს ძამის ხეობას და ოთოსაც დედა ეტირება, ან ისე გაათბობს, გაზაფხული, ჩიტები-გვრიტები და მინდვრის ყვავილები მოგონება იქნებაო. -როდის უნდა დაჭკვიანდე, აჰ? ქალები დაგღუპავენ შენ,- თავი გაიქნია კუციამ. -მოკლედ, მოდიხარ, თუ არა? -რატომ მაინცდამაინც მე? მიდი თეატრალურ უნივერსიტეტში, ვინმე ახალგაზრდა მსახიობი გოგო შეარჩიე და ის წაიყვანე. მენდე, თანხის სანაცვლოდ ბევრი დაგთანხმდება. -სულელი მნახე? მერე ლილუმ მართლა რომ იეჭვიანოს? შენს შემთხვევაში სათქმელად მაინც მექნება, რომ ჩემი მეგობარი ხარ. -ოთო, ამაზე უკეთესი ქალის შესაბმელი ხერხი ვერაფერი მოიფიქრე? -ვერა. -ამას რას მოვესწარი? ამოგეწურა რესურსი? -სამწუხაროდ კი. სხვა ყველაფერი ვცადე. -მდა! -ვიდრე ხუციშვილს პასუხს ეტყოდა, გოგონა ნერვიულად იფშვნეტდა თითებს. -აღარ უნდა რა, მაგას ბევრი ფიქრი. შეუძლებელს არაფერს გთხოვ. წამოდი, ჩვეულებრივად მოიქეცი. უბრალოდ, გვერდიდან არ მომშორდე. სულ ეს არის. -როგორი ურთიერთობა გაქვთ? რა ეტაპზე ხართ? - არ ვხოცავთ ერთმანეთს. ვურთიერთობთ, მაგრამ ამ ჩვეულებრივის იქით, ზედმეტად აღარ მიშვებს. -გითხრა რამე, არ მინდიხარო? -ამიხსნა, რომ მასთან შანსი არ მაქვს, მაგრამ არ მჯერა. -და ჩემი იქ წამოთრევით გინდა, დააჯერო, რომ შენს მიმართ გულგრილი არ არის? -ნუ, ჰო, რაღაც ეგეთი. გოგონა წამოდგა და ოთახში ნერვიულად დაიწყო სიარული. -დაჯექი, თორემ თავბრუ დამეხვა. -ხათაბალა ხარ, რა,- გრძელი ფრჩხილები კისერში ჩაავლო და ძლიერად ჩაუჭირა. -ეი, შემეშვი,- ახარხარდა ოთო. -ეს კიდევ ცოტაა. რა ვქნა ახლა მე, რომ ვერც უარს გეუბნები და ვერც კის. ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდე. -რა უნდა ქნა და უნდა დამთანხმდე. -იმ გოგომ, რომ მართლა იეჭვიანოს და რამე გამომიქანოს თავში, მერე სად მიდიხარ? შენს ხუშტურებს უნდა შემწირო ეს კეთილი და პატიოსანი ქალი? - არ არის ეგეთი გიჟი, გაიცნობ და ნახავ,- გაეცინა ხუციშვილს. -უფ! უფ!-ხელები გაშალა გოგონამ,- სულ ჩემს ნერვებზე როგორ უნდა უკრავდე? ოთოს არაფერი აღარ უთქვამს. მის პასუხს მთელი ინტერესით ელოდებოდა, თუმცა სავარაუდოდ იცოდა, რომ ცოტაც და დაითანხმებდა. -კარგი, ჯანდაბას, ვიქნები შენი შეყვარებული და თუ საჭირო გახდება, ქორწილიდან გაქცეული პატარძალიც, მაგრამ ის მაინც მომიგვარე, რომ იმ გოგომ ისე არ შემიძულოს, თქვენ ქორწილში აღარ მომესვლებოდეს. -მაგაზე ერთი წუთით არ იფიქრო. სულ ჩემი კუცია იქნები. -ადექი და გაეთრიე ახლა, იუბილარი მოდის და ელზა დეიდას აღარ სცალია. -როგორც იტყვით, თქვენო უდიდებულესობავ,- კმაყოფილი სახით წამოდგა ხუციშვილი და პრინცესას ხელზე ემთხვია. გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად გაეცინა: -ვაი, რა საცემი ხარ და პატრონი არა გყავს, რომ მოგხედოს. ხუციშვილი ერთხელ კიდევ გადაეხვია და გადაკოცნა: -მადლობა, დაო. არ დაგივიწყებ. -მოუსვი აქედან! -წესიერად ილაპარაკე, თორემ პრინცი ოთო პრინცესა ელზას ორ წუთში კონკიად გადააქცევს,- თვალი ჩაუკრა მეგობარმა. -ვაიმე, გამასწარი, თორემ გაგბრდღვნი!- ისევ ასწია გრძელი ფრჩხილები და უკან გაეკიდა. ხუციშვილმა ხელები დაუჭირა და ღიმილით მიუგო: -მოკლედ, ხვალ საღამოს ლაშქრობაზე ყველა დეტალი მეცოდინება და მოგწერ, მანამდე კი მოემზადე. -აუტანელი!- გაეცინა კუციასაც, მისგან თავი გაითავისუფლა და მეტი აღარაფერი უთქვამს, დარბაზში მოგროვილ ბავშვებთან გავიდა და დაბადების დღის პროგრამის გასახსნელად მოემზადა. ხუციშვილმა დინჯად დატოვა ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრი. მანქანაში ჩაჯდა და ტაქსის მძღოლს სერიოზული სახით უკარნახა მეგობრის აგარაკის მისამართი. --- წყნეთის გრილი ნიავი ალკოჰოლით გახურებულ სუფრის წევრებს სასიამოვნოდ ელამუნებოდათ სახეზე. სასიამოვნო სიტუაციის მიუხედავად, ოთო ხასიათზე არ იყო. არც საერთო მხიარულებამ და არც რამდენიმე ჭიქა ძალით მიღებულმა სასმელმა გამოიყვანა მდგომარეობიდან. დაბადების დღეზე განვითარებულმა მოვლენებმა ვერაფრით გადაუწონეს ლილუს მონატრება. ირაკლი რომ მარტო დაიგულა, კუციასთან წამოწყებული ოინები საიდუმლოს სახით გაანდო და მერე ლაშქრობასთან დაკავშირებით კითხვების კორიანტელი დააყარა. მეგობარმაც ყველაფერი დეტალურად განუმარტა: -მოკლედ, ჩვენი მარშრუტია თბილისი-ქარელი-ბატეთის ტბა- თბილისი. ქალაქს დილის 08:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დავტოვებთ. მოგემსახურებათ ევროკლასის კომფორტული ტრანსპორტი, რომელშიც მუშაობს კონდიციონერი და სიცხე არ შეგაწუხებთ. -ჰო, ვიცი მე თქვენი კონდიციონერის მუშაობა. -ჰმ! გაფრთხილებ, რამე მოსაცმელი წამოიღე, თორემ საყინულეში შეგდებული ქათამივით გაფშეკილი რომ გადმოხვალ იქიდან, მერე კარგად გაგახსენებ ჩემს სიტყვებს. -კიდევ რა გავითვალისწინო? -ტურის ხანგრძლივობაა ორი დღე. სანახავი ობიექტებია: მზოვრეთის ციხე, ბატეთის ტბა, ძამის ხეობა. ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ინსტრუქტორთა ჯგუფი, განთავსება კარვებში, ბუნებაში თვითგადარჩენის სწავლება, ფოტოგადაღება. გვაქვს თამაშები, სახალისო აქტივობები და ბოლოს მოხდება აქტიური მოლაშქრის დაჯილდოვება. -ვაჰ, შენ აღარ ხუმრობ, ხომ იცი? ახლა გასაგებია, რატომ გაქვს ასეთი პოპულარული და მოთხოვნადი კომპანია. -ასეა, კლიენტი იქ მიდის, სადაც მისაღებ ფასში უკეთეს პირობებს სთავაზობენ. როგორც კი პროდუქციას არარეალურ თანხას დაადებ, სამშენებლო კომპანიები მაშინვე შეწყვიტავენ შენთან ურთიერთობას და სხვა მიმწოდებელს მოძებნიან. ასე არ არის? იგივეა ჩვენს შემთხვევაშიც. -რა წამოვიღო? -ფანარი, ასანთი, სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, ზურგჩანთა, კოღოს საწინააღმდეგო სფრეი, ან კრემი, პირველადი საჭიროების ნივთები. -საჭმელი? -ყველაფერზე კომპანია იზრუნებს. -შენც წამოხვალ? -ძალიან ვეცდები, მაგრამ თუ ვერ მოვახერხე, გულით და სულით შენთან ვიქნები და გიგულშემატკივრებ,- გაიკრიჭა ირაკლი და მეგობარს გაეცალა. ცოტა ხანს კიდევ დარჩა ხუციშვილი წყნეთში, მაგრამ გული ვერაფერს დაუდო და მალევე დატოვა იქაურობა. --- 07:45 საათი იყო, როდესაც კუცია და ოთო სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგნენ. ავტობუსში ავიდნენ და დანარჩენ მოლაშქრეებს გადახედეს. ლილუ და მისი მეგობრები ჯერ არ მისულიყვნენ. -როგორი ბოჩოლას თვალებით ეძებს და ღელავს ჩემი ბიჭი,- თავს იქნევდა კუცია და ჩუმად ეცინებოდა. -იდიოტკა!- ჩაილაპარაკა ხუციშვილმა და იქაურობის თვალიერება განაგრძო. ამასობაში ლილუ, ანიტა და დიკოც გამოჩნდნენ. ოთიკოს მაშინვე თვალები აუციმციმდა და მძიმედ დაწოლილი სიმძიმე სადღაც გადააგორა. -მოვემზადოთ, ახალი თავგადასავლები იწყება,- ჩაიბურტყუნა კუციამ და სამ გოგოს გახედა: - რომელი? -მოკლედ ჰკითხა მეგობარს და ცნობისმოყვარე მზერით აათვალიერა სამივე. -შუაში რომ დგას. -ოჰა! გემოვნება ისევ არ გღალატობს. ოთოს აღარაფერი ესმოდა. მისი გონების ყველა ნაწილი ლილუთი იყო შეპყრობილი. როდესაც გოგონები ავტობუსს მიუახლოვდნენ, ციცაგმა მაშინვე შენიშნა მეგობართან მყოფი ხუციშვილი და მიესალმა: -დილა მშვიდობისა. -დილა მშვიდობისა. -შენც ლაშქრობაში მოდიხარ? -დიახ. -რა დამთხვევაა,- სათვალეები მოიხსნა, მის პარტნიორს ნიშნისმოგებით გადახედა და ორივეს გაუღიმა. -ოჰ, არა! სად ხარ ღმერთო? ჩამოდი,- ხელებით დაინიავა კუციამ,- ამ ჩემ შტერ ძმაკაცს უნდა, რომ მე, ერთმა გალეულმა და ცანცარა ქალმა ასეთ ქალღმერთს კონკურენცია გავუწიო?- აბურდული, ხვეული თმები გადაისწორა და წელში გაიმართა. -ჰო, მართლა. ეს თაიაა, - მეგობარზე ანიშნა ოთომ. -ესენი კი ჩემი მეგობრები -ანიტა და დიკო,-არც ციცაგი ჩამორჩა მეგობრების წარდგენაში. -სასიამოვნოა,- ხელი ჩამოართვა ორივე მეგობარს. -უკაცრავად, მალე დავბრუნდებით,-საუბარში ჩაერთო კუცია და ხუციშვილი იქაურობას გაარიდა. -რატომ წამომიყვანე?-გაკვირვებული მიუბრუნდა გოგონას ხუციშვილი. -იმიტომ, რომ სულელი ბავშვივით არ დაბნეულიყავი. -რატომ უნდა დავბნეულიყავი? -გატყობდი, რომ სალაპარაკო აღარაფერი გქონდა, ან იტყოდი რამე უაზრობას და მერე თავი უნდა მემტვრია, როგორ გამოგვესწორებინა. ასე კი წყალს, ბანანს და სნიკერსს მაინც გაყიდინებ, თან რაღას ვუცდით? ჩავრთოთ ეჭვიანობის წამზომი. დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკვე კითხვის ნიშნები ამოუტივტივდათ,- ცხვირი ასწია კუციამ და ყელმოღერებული მიჰყვებოდა მეგობარს მაღაზიისკენ. -პატარა გაიძვერა,- ჩაილაპარაკა ოთომ და უკან გაიხედა, -აინტერესებდა ლილუ და გოგოები ხომ არ უყურებდნენ. -უკან ნუ იყურები და დამშვიდდი, ტყუილად ნერვიულობ, ყველაფერი კარგად არის და გიყურებენ,- კმაყოფილი სახით მიუგო კუციამ და მეტი კითხვის ნიშნებისთვის ოთოს მხარზე თავი დაადო და შესცინა. -ჯანდაბა! ასეთ მდგომარეობაში პირველად აღმოვჩნდი. თავი იდიოტი მგონია. -იდიოტი ხარ. აბა, ვინ ხარ?- დაეთანხმა კუციაც და მაღაზიაში შესაყვანად მხარზე უბიძგა. --- -ეს გოგო ვინ არის?- ინტერესით მისჩერებოდა ხუციშვილთან მყოფ კუციას ანიტა. -თაია,- ღიმილით მიუგო დიკომ. -არ ვიცი,-მშვიდად უპასუხა ლილუმ და ჩანთაში საღეჭ რეზინს დაუწყო ძებნა. -შენს ადგილას ასე არ ვიჯდებოდი,-თვალები დაჭყიტა და ნერვიულად გაპარჭყა თითები ანიტამ. -რატომ? -ვერ უყურებ იმ ორკილოიან ქალს რა დღეშია? -და რა დღეშია? -ოხ, ლილუ, ოხ! ლამისაა ზედ შეახტეს. -შეახტეს, ვინ უშლის?-მხრები აიჩეჩა ლილუმ. -შენი ვერაფერი გამიგია. პირადად მე, ღერა-ღერა დავაპუტავდი იმ თაიას თავის კუწუწა თმებს. -რა ჩემი საქმეა ოთოსთან ერთად ვინ იქნება? -აბა, ჩემი საქმეა? -ქალების გარეშე რომ ვერ ძლებს, ახლა გაიგეთ? მე მასთან სასიყვარულო კავშირი არ მაქვს. ასე, რომ სრული უფლება აქვს ვისთანაც უნდა, იმასთან იყოს. -კარგი, დაანებე თავი. თითქოს ლილუს არ იცნობდე. ტყუილად ცდილობ მის პროვოცირებას,- საუბარში ჩაერთო დიკო. ვიდრე დაქალები ცხარე კამათში იყვნენ, ოთო და კუციაც დაბრუნდნენ. ადგილი ლილუს და ანიტას უკან დაიკავეს და წყნარად ელოდებოდნენ ავტობუსის დაძვრას. -ცოტა ხანში მხარზე თავს ჩამოგადებ და გავითამაშებ, რომ ჩამომეძინა. არ გაბედო და ხელი არ შემიშალო. ვიცი, რასაც ვაკეთებ,-ხმადაბლა უთხრა მეგობარმა. -ჯანდაბას შენი თავი, რაც გინდა, ის ქენი,-დაეთანხმა ხუციშვილი. -მთავარია, არ აღელდე და რასაც გავაკეთებ, ჩვეულებრივად მიიღო. არ უნდა შეგამჩნიონ, რომ უხერხულად ხარ და რაღაცას განიცდი. -შევეცდები. -არ შეეცდები და შენი აჯობებს,- ჩაიფხუკუნა გოგონამ. -ეე, შენ რაღაც ძალიან იჭრები როლებში. -დაუჯერე ელზა დეიდას და არ ინანებ. დიკო ხანდახან გადახედავდა ხოლმე ჩურჩულით მოსაუბრე წყვილს და მათი მხიარული სახეების დანახვაზე ნელ-ნელა ბრაზი ერეოდა. როგორც იქნა, ავტობუსი შეივსო და ადგილიდან დაიძრა. -ახლა იწყება, არ დავიწყება. მოემზადე, ლილუ, -ეშმაკურად ჩაეღიმა კუციას და ოთიკოს გადახედა. -ვერ გადარჩება, შანსი არა აქვს,- ფეხი ფეხზე გადაიდო ოთომ და წარბები აათამაშა. -დაარტყი, ვიწყებთ,- ხელის გული გაუშალა მეგობარმა. ოთომაც არ დააყოვნა, მეგობარს ხელი დაურტყა, თვალი ჩაუკრა და დიდი მოლოდინებით სავსემ ღრმად ამოისუნთქა. ავტობუსი საშუალო სიჩქარით მიდიოდა. უკვე თბილისს გასცდა და მცხეთასთან იყო, როდესაც ლილუ წამოდგა, მის უკან მჯდომ წყვილს გადახედა, სკამების ზევით განთავსებული საბარგულიდან ზურგჩანთა ჩამოიღო და წიგნს დაუწყო ძებნა. მეორეჯერაც მიუბრუნდა ხუციშვილს და მასთან ბედნიერი სახით მჯდომ მეგობარს. ოთიკომ სერიოზული სახით შეხედა, ვითომ ვერაფერს ხვდებოდა, რატომ უყურებდა ციცაგი. ქალმა სწრაფად მოარიდა მზერა, თითქოს საკუთარი თავი ცნობისმოყვარეობაში გამოიჭირა და ნერვები მოეშალა. ბოლოს, როგორც იქნა, წიგნი ამოიღო და თავის ადგილს დაუბრუნდა. -ახლა, გადავდივართ შემდეგზე,-უჩურჩულა კუციამ, როგორც მანამდე შეუთანხმდა, მხარზე თავი ჩამოადო და თვალები დახუჭა. ცალკე მჯდომ დიკოს ყურადღების მიღმა არ დარჩენია წყვილის მოქმედება. მობილური ტელეფონი ამოიღო და ტექსტური შეტყობინება მისწერა ლილუს: -„ვიდრე შენ მსოფლიო კლასიკას თავში იტენი, ხომ არ სჯობია, უკან მიიხედო და ცალი თვალით მაინც დაინახო რა ხდება?“ -„არ მაინტერესებს!“-უმალ დაუბრუნა პასუხი ციცაგმა. -„გეფიცები, ჩემი ხელით ჩავიდენ მკვლელობას. თუ ავფეთქდი, იმ თმაგაწეწილს ხელიდან ვეღარავინ გამაგდებინებს.“ -„ტყუილად იძაბები. მოდუნდი და რასაც ხედავ, ფეხზე დაი*კიდე!“ -„უხ, შენი! მასწავლე ეს სიმშვიდე როგორ გამოგდის.“ -„უბრალოდ მიზეზი არ მაქვს ასაღელვებლად.“ მეგობარი რომ ვერ აიყოლია, დიკო ტექსტური შეტყობინებების წერას შეეშვა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა და ბუნების ხედებზე გადაიტანა ყურადღება. ამასობაში კუციას ცომივით გაფუებული და კუწუწა თმის ღერები თამამად მიძვრებოდნენ ხუციშვილის ცხვირის ნესტოებისკენ და უღიტინებდნენ. -კუცი, თავი გასწიე, თორემ ამომევსო ცხვირი შენი თმის ღერებით. -მაგ სახელს ნუ მეძახი-მეთქი, ათასჯერ მაინც მითქვამს,-შეუბღვირა მძინარე სახით თავმოკატუნებულმა გოგონამ. -ნუ ატრა*ებ, რა! გიხდება. -ხმა, თორემ თუ წამოვდექი, ყველა გეგმას ერთ წუთში ჩაგიშლი. წადი მერე და მდიე!-პირთან მიიფარა ხელი, რომ სიცილი დაეფარა. -საზიზღარი არსება ხარ, რა! ეს თმები მაინც გასწიე, ნერვებზე მოქმედებს, ტო. გოგონამ შეძლებისდაგვარად თავი ოდნავ დააშორა ოთოს, მაგრამ ისევ მისწვდნენ თმის ღერები მამაკაცის სახეს და უფრო მეტად უღიტინებდნენ. -ახლა თმებით გითრევ!-კბილებში გამოსცრა ხუციშვილმა. -ბოდიში, ძმაო, მაგრამ შენი ნევროზის გამო, ასე სათუთად გაზრდილ თმებს ვერ გადავიპარსავ. მორჩა, მძინავს და ნუღარ მელაპარაკები! -ვახ, ჩემი. ეს ვინ არის?- გაგულისებული ბურტყუნებდა და სადაც უხერხდებოდა, მეგობრის გაფუებულ თმებს თავისი ხელით კეცავდა და ტენიდა. სოფელ წეროვანთან ყველასგან მოულოდნელად ავტობუსი გაჩერდა, კარები გაიღო და გაჯგიმული სახით ამოვიდა ირაკლი. ოთოს მეგობრის დანახვაზე სახე გაებადრა. ახალმა სტუმარმა ბოდიში მოიხადა, ყველას გამოუცხადა, რომ ექსკურსიამძღოლი შეიცვალა და თავად შეასრულებდა მის მოვალეობას. მერე უცბად მოავლო მგზავრებს თვალი, თავისებური ჟესტით ანიშნა ხუციშვილს, რომ მასთან ერთად იყო და წინა ადგილი დაიკავა. ორ წუთში კი ტექსტურმა შეტყობინებამაც არ დააყოვნა: „სამი სამზე, ძმაო. მეგობრები შენს გვერდით არიან!“ ამ სიტყვების წაკითხვისთანავე ჩაახველა ხუციშვილმა და თვითდაჯერებულობა ერთი ორად გაეზარდა. ლილუ ციცაგთან მოთამაშე და ოთოს დახმარებით გულანთებული მეგობრები დიდ აზარტში შედიოდნენ. ___ დაახლოებით ერთი საათი მოუნდნენ ქარელის რაიონში, კერძოდ სოფელ ორთუბანამდე მისვლას. ქალაქის თავში მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მზოვრეთის ციხე მედიდურად იყურებოდა მთის კალთიდან. ავტობუსიდან გადასული მოლაშქრეები ნელ-ნელა აუყვნენ მთის ბილიკებს. წინ ირაკლი მიუძღოდათ, რომელიც ციხის ისტორიის მოსაყოლად ემზადებოდა და რამე რომ არ დავიწყებოდა, მალ-მალე დახედავდა ხოლმე ტელეფონში მონიშნულ სახელწოდებებს და თარიღებს. ნავარჯიშევი სხეულების წყალობით, ოთოც და ირაკლიც დაუღლელად ართმევდნენ თავს ბუნებაში ხეტიალს, კუცია კი ძლივს სუნთქავდა: -რომ მიკუნტრუშობ იმ ქალბატონისკენ და უკან აღარ იყურები, ასე უნდა? მე ვარ შენი შეყვარებული, მე!-თითით ანიშნებდა სუნთქვაშეკრული გოგონა და გათანგული სახით სასაცილოდ იჯღანებოდა. -გამოადგი ფეხი, რა ვქნა ზურგზე მოგიკიდო? -მოგიწევს,- ენა გამოუყო გოგონამ. -აუ, კუცი, გთხოვ, ახლა არ გაჭედო მოძველებული მანქანასავით. -აჰაჰაჰ, რა გეშველება? შენი არჩევანიც ეს იყო. ორი დღით რომ შეიყვარე დაფახფახებული ქალი, აბა, რა გეგონა? -მოგაწვე? რა ჯანდაბა გავაკეთო? -თუ რამის თავი გაქვს, იმ ქალბატონს მიაწექი, მე არ მჭირდება,- ხელით ანიშნა წინ მიმავალ ლილუზე და სიცხისგან დაცვარული ნიკაპი ერთჯერადი ხელსახოცით შეიმშრალა. -მიდი, მიდი, წამოდი, საკმაოდ კომფორტული ფეხსაცმელი გაცვია და უცებ ავივლით ამ გზას. სირცხვილია, მაჩანჩალებივით დავდივართ. -კარგი, ჰო, მოვდივარ,- ძალა მოიკრიბა კუციამ და ხელჩაჭიდებული გაჰყვა ხუციშვილს. ირაკლი ციხესთან იდგა და დანარჩენ მოლაშქრეებსაც ელოდებოდა, რომ ისტორიული წყაროებიდან გარკვეული ინფორმაცია მიეწოდებინა. ლილუ და მისი მეგობრები ინტერესით ათვალიერებდნენ განახლებულ და დამშვენებულ ნაგებობას, რომელიც არცერთ მნახველს არ ტოვებდა გულგრილს. ყველა რომ შეიკრიბა, წინამძღოლი სიტყვით გამოვიდა: -რასაც ახლა ხედავთ, ყოფილი ნაქალაქარის ტერიტორიაა. სახელწოდება „მზოვრეთი“ წარმოდგება სიტყვა „ საზუერედან“ (ზუერის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს. საქართველოს ისტორიასა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ გზაზე. X საუკუნეში ძამელი მთავრის ადარნესეს რეზიდენცია იყო. XIV-XVII საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. XVIII საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და „მცირე ქალაქად“ იწოდება. XIX საუკუნეში ციციშვილებმა ეს ადგილი მიატოვეს და ქალაქიც საბოლოოდ წყვეტს მის არსებობას. ნანგრევებზე კი ახალი სოფელი- ორთუბანი გაშენდა. 2008 წლიდან მზოვრეთის ციხე ასურელ მამათა სახელობის მონასტრად იკურთხა და ხედავთ კიდეც რამდენი სამუშაო ჩატარდა, რომ ნაგებობა ასეთ მდგომარეობამდე მისულიყო. ყველაფერი კი უმძიმესი საცხოვრებელი პირობებით დაიწყო. სამმა მონაზონმა ბერი იოანეს წინამძღოლობით კედელში ჩაშენებულ საპირფარეშოებში და ბუხარში დაიდეს ბინა. არც წყალი ჰქონდათ, არც ელექტროენერგია. წვიმის წყალს აგროვებდნენ და მას იზოგავდნენ. შემდეგ ნელ-ნელა გამოჩნდნენ შეძლებული შემომწირველნი, მუშაობის მსურველნი და საერთო ძალებით აღადგინეს უძველესი ძეგლი, რომელიც დღეს არაერთ მნახველს იზიდავს. მოდი ახლა შევიდეთ, უკეთესად გავეცნოთ და სურათებიც გადავიღოთ. მოლაშქრეები ციხის კონსტრუქციით იმდენად მოიხიბლნენ, თითოეულ ნაწილს გულდასმით ეცნობოდნენ. -აქეთ მობრძანდით. მინდა წარმოგიდგინოთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიგნებული ნივთებიც, რომლებიც საუკუნეებს ითვლიან,- ხელით ანიშნა ირაკლიმ მუზეუმისკენ და განაგრძო: -სამშენებლო სამუშაოების პარალელურად აქ გათხრებიც მიმდინარეობდა. ციხის ეზო მიწის ფენისგან ნელ-ნელა გაიწმინდა და აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის მოჭიქული ნამტვრევები, ქვევრები, საბრძოლო გამოყენების თლილი, მრგვალი ქვები და სხვა, მონასტრის მუზეუმში გამოფინეს. -საინტერესო ციხეა, აქაურობა ყველამ უნდა ნახოს,- აღტაცებული ამბობდა ლილუ. -მართლაც სასწაულია. მკვდარი ნაქალაქარიდან აღმდგარი მზოვრეთი ვიხილეთ,-ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა დიკო. ანიტა ხუციშვილისკენ და მისი მეწყვილისკენ აპარებდა თვალებს. ცდილობდა, გამოეცნო, რა ურთიერთობა აკავშირებდათ იმ ორს ერთმანეთთან. -აგერ, მოეწონა შენს ქალბატონს. შეხედე როგორ უვლის გარშემო ყველაფერს,- თვალით ანიშნა კუციამ და ხელკავი გაუყარა. -ვხედავ, ბრმა არ ვარ,- ჩუმად გადაულაპარაკა მეგობარს ბიჭმა. -ნუ ბურდღუნებ დათვივით. -ახლა აირტყამ. -ვის ეუბნები? -მაჯაზე უპწკინა გოგონამ. ხუციშვილი სიმწრისგან გაწითლდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ყრუდ ამოიგმინა: -„მზოვრეთი“ ხომ?-თითით ანიშნა ციხეზე მეგობარს. -ჰო, -თავის ქნევით დაუდასტურა გოგონამ. -რატომ ქაჯეთის ციხე არა? ერთ-ერთი ქაჯი აქ გვყავს. სიამოვნებით გამოვკეტავდი. სერიოზული სახით მოსიარულე კუციამ ხელმეორედ უპწკინა და ღიმილით ახედა კიდევ ერთხელ გამწარებულ ხუციშვილს. -ჯანდაბა! რა მწარე ხელი გაქვს. -ენაც სხვათაშორის. თუ არ დამემორჩილები, შენი ქაჯი ლილუსთან მივა და ერთ წუთში შეაძულებს ოთარია ნაბიჭ*ვარს. -ერთადერთი ქალი ხარ, ვინც ასე საუბარს მიბედავს. რა გაჩნდი ამისთანა, რომ ღუნავ ყველაფერს? -დღეს გამიცანი? -ჰო, მაგრამ ასე უნდა გამიშრო სისხლი? -სისხლი უკვე გაგიშრო იმ ქალბატონმა. სად არის საჩემოდ დარჩენილი, თორემ კი... -ჰმ! -რა ჰმ? ტყუილს ვამბობ?- ისედაც დიდი თვალები კიდევ უფრო დაუჭყიტა კუციამ. -მორჩი ახლა კაკანს და რაც გთხოვე, გამაკეთებინე. გამიცინე და თბილად წამომყევი, თორემ ვეღარ გიძლებ, მოგისვრი ამ მთის კალთიდან. -კარგი ჰო, წელზე მომკიდე ხელი და წავიდეთ. ოთომ ხელი მოჰხვია და ციხის სხვა ნაწილების გაცნობას შეუდგნენ. -ჩვენკენ მოდიან!- აღმოხდა ანიტას, როდესაც ხუციშვილი თავის მეგობართან ერთად დაინახა. -ვინ?- არც გაუხედია ლილუს, ისე იკითხა. -ის პუწიაა, თუ კუწია და შენი ვაჟბატონი. ჩუმად გავიგონე, რომ რაღაც მსგავს სახელს ეძახდა. -ჯერ ერთი , იმ გოგოს კუცია ჰქვია, მერე მეორე, შეიგნე, რომ ოთარ ხუციშვილი ჩემი ვაჟბატონი არ არის! -ამ მელაკუდას უყურეთ! ჩუმად მიაყურადე, არა? მეტსახელი კარგად დაგიმახსოვრებია და კაცმა რომ გკითხოს, ოთოს ქალები არ გაღელვებენ. -ჰო, ყური მოვკარი და დამამახსოვრდა. შენსავით სკლეროზი არ მაქვს, ანიტა და შეეშვი ეგეთ ლაპარაკს,-უსაყვედურა ლილუმ. -მოგწონს „მზოვრეთის“ ციხე?- სალაპარაკოდ ჩამოუდგა ხუციშვილი ლილუს. -კი, რატომაც, არა? ციხეც ძალიან ლამაზია და ბუნებაც,- აუღელვებლად უპასუხა ლილუმ. კუცია ტკიპასავით მიეტმასნა ოთიკოს და ლილუს ნეტარი სახით წამწამები აუფახულა, მაგრამ ციცაგს ჯერ არაფერი ეტყობოდა გატეხვის. კვლავ მშვიდი სახით იდგა და იქაურობის დათვალიერებას განაგრძობდა. -ხომ არ დაიღალე? -არა, საიდან მოიტანე? -ისე გკითხე. -კარგი, წავიდეთ ოთიკო. იქ მინდა, რომ სურათი გადამიღო,-თითით ანიშნა კუციამ. ხუციშვილი იმ ადგილისკენ გაჰყვა, სადაც მეგობარმა ანიშნა. -„კარგი, წავიდეთ, ოთიკო. იქ მინდა სურათი გადამიღო“-ხმა დაიწვრილა ანიტამ და სასაცილოდ გააჯავრა გოგონას. -ანიტა!-ხმას აუწია ლილუმ და ანიშნა, რომ ენისთვის კბილი დაეჭირა. -უფ! როგორ ვერ ვიტან!- ცალი ფეხი მიწას დაარტყა ანიტამ და ამოიქშინა. ლილუს მეგობრის საქციელზე ჩუმად ჩაეცინა. -მოვრჩით ფოტოსესიას?- მობეზრებით უღებდა ხუციშვილი სურათებს ერთსა და იმავე ადგილას, სხვადასხვა პოზებში დამდგარ მეგობარს. -ერთიც რა, ერთიც. იმ წინა სურათში ღაბაბი მიჩანს. არადა, არ მაქვს. -აუ, ეს ვინ არის?-ნერვებს ვეღარ იმორჩილებდა ოთო,- ხან თმა გაქვს ცუდად, ხან თვალები გაქვს მიბნედილივით, ხან ნაოჭი გიჩანს ცხვირთან. გამაგებინე, კიდევ რამდენი სურათი უნდა გადამაღებინო? -ორმოცდაათი გადაღებული სურათიდან ხუთი ან ივარგებს, ან არა. ამდენ წუწუნს ის გირჩევნია, წესიერი სურათების გადაღება ისწავლო. -რაც ხარ ეგ ხარ! კუზანოვი ვარ, თუ ფოტოგრაფი? როგორ უნდა შეგცვალო? -გეხვეწები, კიდევ გადამიღე, რა. -აუფ! ავადმყოფი ხარ? რად გინდა ამდენი სურათი?-თან საყვედურობდა, თან კიდევ ერთხელ ამზადებდა კამერას სურათის გადასაღებად. როგორც კი კადრი აღბეჭდა, მასთან მივიდა, რომ ეჩვენებინა:-შეხედე, მოგწონს? -არაუშავს. -ჰო, რა თქმა უნდა, ამჯერად, მარჯვენა თვალის წამწამები უფრო გრძელი გიჩანს, ვიდრე მარცხენასი. -აი, ახლა ვიცი, რატომაც არ ევასები ლილუს. -რატომ? -შხამიანი კაცი ხარ. -შხამიანიც ხარ და... -და რა? დაასრულე. -არც ის ქალბატონია ნაკლები გველი. იმასაც ოხრად აქვს დასანთხევი შხამი. -ნეტა გისმენდეს. -წამოდი, მგონი მიდიან,-ოთომ თვალი გააყოლა მოლაშქრეებს. -მოვდივარ!- მარდად ჩამოხტა ქვაზე ასული კუცია და სირბილით დაედევნა ლილუსკენ მიმავალ ხუციშვილს. --- დიდი ხნის სიარულის შემდეგ მოლაშქრეები ბატეთის ტბის მიმდებარედ დაბანაკდნენ. მოშიებულები იყვნენ, მაგრამ ჯერ კარვები უნდა გაეშალათ და მოსასვენებელი ადგილები შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოეწყოთ. ყველა ერთდროულად ჩაერთო კარვების აწყობაში და საერთო ჟრიამულში იყვნენ, როდესაც ოთომ ლილუს კივილის ხმა გაიგონა. მაშინვე ყველაფერს შეეშვა და საშველად მისკენ დაიძრა. -რა მოგივიდა?- ფერდაკარგული უყურებდა თითიდან წამოსულ სისხლს დიკო და დაბნეულმა არ იცოდა რით დახმარებოდა. ანიტა წყ*ლის ბოთლს დასწვდა და თითი ჩამობანა, რომ ჭრილობაში ინფექცია არ შესვლოდა. სისხლი არ წყდებოდა. -მაჩვენე,- ხელში სწვდა შეშფოთებული ოთო და თითზე დააკვირდა: -აუ, ეს როგორ მოახერხე?- გული შეეკუმშა ჭრილობის დანახვაზე. -მეც არ ვიცი, კარვის გაშლის დროს რკინაში მომყვა და კანი ამეგლიჯა,- შეშინებული სახით უპასუხა ციცაგმა. აშკარა იყო, რომ ტკივილს ითმენდა და ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე უმკლავდებოდა. -კუც... -პირზე შეახმა ბავშვობიდან შეჩვეული სახელი და სწრაფადვე გამოასწორა,- თაია, ჩემი რუკზაკი გახსენი, თეთრი, პატარა პარკი ამოიღე და მომიტანე. კუციამ მაშინვე შეუსრულა თხოვნა. ლილუ სისხლს ვერ იტანდა და ჭრილობა რომ არ დაენახა, გვერდზე გაიხედა: -ნუ გეშინია. არც ისე ღრმაა. მალე შეწყდება სისხლდენა,- ოთო ხელს არ უშვებდა და სანუგეშო სიტყვებსაც არ იშურებდა მისთვის. -არ მეშინია,- იცრუა ლილუმ, თუმცა გული გაორმაგებით უცემდა და ფაქტი საკუთარ ტყუილში ამხელდა. -მეც შემიძლია დახმარება,- თქვა ანიტამ, მაგრამ ოთომ თავი მოაჩვენა, რომ ვერ გაიგონა, რაც უთხრა. ხუციშვილმა ჭრილობა ანტისეპტიკური საშუალებით დაუმუშავა და ჰიგიენური სამედიცინო ზეწარი გადაახვია. მერე სახე ხელით მოაბრუნებინა, თვალებში ჩახედა და დაბალი ხმით უთხრა: -მორჩა. -მადლობა,- ფერდაკარგული სახით მიუგო და მასთან სიახლოვეს რომ გაქცეოდა, ფეხზე წამოდგა. -ოთო, რაღაც მინდა გკითხო, აქეთ წამოდი,- კუციამ მაშინვე გაარიდა სიტუაციას. -რა გინდა? -არც არაფერი. ნამეტანი ნუ დადნები. ემოციები აკონტროლე, თორემ დაიწვები და გეგმა ჩაგვეშლება. -და როდის დაგნიშნე ჩემი ემოციების კონტროლიორად? -მაშინ, როცა შენი შეყვარებული გავხდი,- გოგონამ ირონიულად გადახედა მეგობარს. ოთოს აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ამოიქშინა და თვალები დაუბრიალა, მაგრამ მის გაბრაზებას კუცია ჩვეული კისკისით შეხვდა. --- ვახშმის შემდეგ მოლაშქრეები აქა-იქ მიმოიფანტნენ. ირაკლი, ოთო, კუცია და კიდევ რამდენიმე კი კოცონის დასანთებად ფიჩხებს და ხის ტოტებს აგროვებდნენ. შეგროვება რომ დაამთავრეს, ირაკლი მეგობართან და მის გვერდზე მყოფ გოგონასთან მივიდა და სალაპარაკოდ ჩამოუდგა: -ძლივს არ მოვიცალე თქვენთვის. -ჰო, მართლა. გაიცანი. ეს თაიაა, მაგრამ არ გაგიკვირდეს, რომ კუციას ვეძახი. ორივე ღრმა ბავშვობიდან მოვდივართ და და-ძმასავით ვართ გაზრდილები, -განუმარტა ოთომ. -კუციას რატომ ეძახი? -ვუთხრა?-შეუბრუნდა მეგობარს. -დამალვას რაღა აზრი აქვს? -პატარა რომ იყო, ლიყიანი ბავშვივით სიტყვებს ხშირად ამახინჯებდა. ერთ დღეს კვიცს რომ კუცია უწოდა, ისე მოიხდინა, მანდ მიხვდა ყველა, რომ ეს სახელი ცხოვრების ბოლომდე აღარ მოშორდებოდა. მხოლოდ მე არა, ოჯახის წევრებიც ასე ეძახიან. -ღმერთო ჩემო, რა კარგი წარდგენა იყო,- თვალები აატრიალა გოგონამ. -მე როგორ მოგმართო?- დაინტერესდა ირაკლი. -თაია მირჩევნია. -არადა, მეც კუცია მომწონს. -ვაიმე, აღარ მინდა არაფერი. ორივე შემეშვით,- ცაში აღმართა ხელები. -ისინი სად არიან?-იკითხა ირაკლიმ. -ვინ? -ლილუ და მისი მეგობრები. -იმის ნაცვლად, რომ ის გოგო აეჭვიანოს, ეს აუტანელი ჩემს გაბრაზებაზე ფიქრობს. -ტბისკენ წავიდნენ,-უპასუხა ოთომ. -რომ დამდგარხართ აქ და მთავარი საქმე აღარ გახსოვთ, წადით ბიძია თქვენც იქით და იღლაბუცეთ, ან რამე ქენით. -მართალს ამბობს ეს ბიჭი, წამოდი, ვიღლაბუცოთ,- თავით ანიშნა ტბის მიმართულებით. მის შემყურე ხუციშვილს აღმოხდა: -ღმერთო მოთმინება მომეცი. მერე ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ტბისკენ წაჰყვა. ___ ცას მუქი ფერები შეჰპარვოდა. ლილუ ტბასთან ახლოს იჯდა და ბუნების წიაღში ფიქრებს წაჰყოლოდა. წყალი საღამოს ტყეს სარკესავით ირეკლავდა და მუქ ფერებში ბინდისფრად ხატავდა. შესანიშნავი ადგილი იყო განსამარტოვებლად. -დაინახე როგორი სახით გამოვარდა შენი კავალერი, როდესაც თითი იტკინე?- საუბარი წამოიწყო დიკომ. -რა დროს ეგ არის? ნახე რა სილამაზეა,-ლილუ საუბრის სხვა თემაზე გადატანას შეეცადა. -ისეთი თვალებით გიყურებდა, მე დავდნი და შენ როგორ უძლებ, აჰ?-საუბრის თემა აიტაცა ანიტამაც. -არაფერია გასაძლები. ვისაც სისხლის დანახვაზე ელეთ-მელეთი არ მოსდის, ყველას შეეძლო მსგავსი ტიპის დახმარება გაეწია. -დაუნახავი ხარ. -შენ ჩემი მეგობარი ხარ, თუ ხუციშვილის, ანიტა? -შენი, მაგრამ თვალები მინდა, აგიხილო. -რას გადამეკიდეთ? არ მომწონს ეგ ბიჭი და ძალაა? -შენ გულის ნაცვლად შემთხვევით ქვა ხომ არ გადაგინერგეს?- გამწყრალი სახით უსაყვედურა დიკომ. -გითხარით, რომ ჯერ კიდევ ალესანდრო მიყვარს და წერტილი! -ღმერთო შენ მიშველე. სად არის ალესანდრო? აბა, ალესანდრო? წავიდა ლილუ, წა-ვი-და! რატომ არ გინდა, რომ აწმყოს კარი გაუღო? ისევ იმ დროში ხარ ჩარჩენილი და ადგილიდან არ იძვრი. იცი ეს რას ნიშნავს? იმას, რომ სიკვდილს უახლოვდები. -შემეშვი, დიკო, თორემ გაწყენინებ. -აი, მე კი ვიცი, რომ მოგწონს და საკუთარ თავს არ უტყდები,- დაურთო ანიტამ. -რა? შენ რა იცი, მე რას ვგრძნობ? -დარწმუნებული ვარ, რომ მოგწონს, მაგრამ შენში დაბადებულ გრძნობას ძალით აჩერებ და საშუალებას არ აძლევ, რომ შორს წავიდეს. -ასე არ არის. ცდები. -არ ვცდები. სხვათაშორის, ოთოს გრძნობები შენს მიმართ ყალბი არ არის. დავიჯერო ამას ვერ ხვდები? მე ვხვდები და შენ ვერა? -ჰმ! მოდი ერთხელაც ვიტყვი ჩემს სათქმელს და ამის შემდეგ გიკრძალავთ, რომელიმე თქვენგანმა ამ საკითხზე ზედმეტი რამე წამოროშოს. ის ავარია, რომელმაც საყვარელი ადამიანი შეიწირა, მისი უკანასკნელი სიტყვები, ჩვენი სიყვარული, მისი კანის სურნელი, შეხების დროს ნათქვამი თითოეული სიტყვა, მისი ცისფერი და ღრმა თვალები, ფორტეპიანოდან ჩემი მიმართულებით წამოსული, თბილი გრძნობებით გამთბარი მზერა ჯერ კიდევ აქ მაქვს და აქ! - საჩვენებელი თითი ჯერ თავზე მიიდო , მერე გულზე. მძიმედ ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა:- მორჩით ოთოზე საუბარს, თორემ გეფიცებით, უკვე იმ ჭკუაზე ვარ, ჩავშალო ეს ლაშქრობა და ფეხით წავიდე ხეობიდან. -სად უნდა წახვიდე? უკვე ღამდება. -თქვენ რომ მოგშორდეთ, წავალ. რა ტვინი წაიღეთ? ერთი თითი გადამიხვია და ამაში სიყვარულიც დაინახეთ, სინამდვილეც, თოვლიც, წვიმაც, ყვავილებიც და რომანტიკული ვახშამიც. ვერ უყურებთ? ვიღაც გოგოსთან ერთად არის და რაღაც მეეჭვება, ახლა ლილუ ახსოვდეს. -ეჭვიანობს,- ანიტამ იდაყვი გაჰკრა დიკოს და მრავალმეტყველი მზერით გაიღიმა. -აუფ! მოდით, რა. თქვენ თავებს მიხედეთ,- ზურგი აქცია მეგობრებს და კარვებისკენ გაეშურა. კუციამ სადღაც მიმავალი ლილუ რომ შენიშნა, მის დასანახად მაშინვე ხელკავი გაუყარა ხუციშვილს და ძალიან ტკბილად დაუწყო საუბარი. არც ოთო ჩამორჩა. თავს არ ზოგავდა, რომ ციცაგის თვალში სასიამოვნოდ მოუბარი წყვილი გამოჩენილიყვნენ. -სადმე თავი შეაფარეთ, ფუტკრები არ დაგესიონ, ტკბილებო!- წყობიდან გამოსულმა ლილუმ თავისთვის ჩაიბუტბუტა, თავი ჩაღუნა და ისე აუქცია გვერდი ორივეს. -რა დაემართა?- გაოგნებულმა ხუციშვილმა თვალი გააყოლა გაცხარებულს. -მგონი ჩვენი ტანდემი შედგა,- გოგონას ხმაში ხალისი შეემატა. -აშკარად გაბრაზებული იყო. -გეთანხმები. -მე ასე არ მინდოდა. -მაშ, როგორ გინდოდა? -უბრალოდ დამენახა, რომ მისთვის რიგითი მამაკაცი არ ვიყავი. -ჰოდა, არ ხარ. შეგიძლია დამშვიდდე. კარგი, მოდი გავყვეთ და ვნახოთ, რას აკეთებს შენი ტურფა,-თვალი ჩაუკრა კუციამ. მეგობრებმა მიმართულება იცვალეს და ციცაგს მალულად დაედევნენ. --- კარვებთან მისულებს შეატყობინეს, რომ კოცონის დანთების და თამაშების დაწყების დრო ახლოვდებოდა. ლილუ სხვა მოლაშქრეებს შეუერთდა, ერთი ადგილი შეარჩია და მოკალათდა. მალე მისი მეგობრებიც გამოჩნდნენ და გვერდით მიუსხდნენ. ოთო და კუცია მათ საპირისპირო მხარეს დასხდნენ და მალულად ადევნებდნენ თვალყურს. ცოტა ხანში კოცონიც აბრიალდა. ხმელი ტოტები ტკაცა-ტკუცით იწვებოდნენ და გარშემო მყოფებს თავის სითბოს და სიმხურვალეს უნაწილებდნენ. სახეაალებული და მხიარულების განწყობაზე მოსული მოთამაშენი ირაკლის მოსასმენად ემზადებოდნენ: -მოკლედ, სულ ვითამაშებთ სამ თამაშს. ჯერ წესებს გაგაცნობთ, მერე უშუალოდ აქტივობებზე გადავალთ. მოსულა? -მოსულა,-ერთხმად წამოიძახეს მოლაშქრეებმა. ირაკლიმ ხელში ტუალეტის ქაღალდის ორი ხვეულა დაიჭირა და დაიწყო: -თამაში N1 სადავო რომ არ გახდეს, კენჭისყრის პრინციპით ავირჩევთ გუნდის წევრებს, ჟიურის და მოთამაშეებს თავისი როლების მიხედვით. ამ ტუალეტის ქაღალდით გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან მუმიის შექმნაში. დროში შეზღუდულები იქნებით. გამარჯვებულად დასახელდება ის გუნდი, რომელიც უმოკლეს დროში, წუნის გარეშე შექმნის მუმიას და წარუდგენს ჟიურის. -ისეთი ბედი მაქვს, ერთ-ერთი მუმია „ცვეტში“ მე ვიქნები,- ჩაილაპარაკა კუციამ. -ისე უნდა შეგფუთოთ, პატრონმაც ვერ გიცნოს,- თვალი ჩაუკრა ოთომ. -რა ხანია ტუალეტის ქაღალდში გახვევაზე ვოცნებობ. რა კარგია, დღეს ამიხდება ოცნება,- თითები ერთმანეთზე მიაბჯინა და მოჩვენებითი სიხარულით აატყაპუნა. -თამაში N2 ,-აგრძელებდა ირაკლი: -დაგვჭირდება მინიმუმ ორი მოხალისე და ორი ზურგჩანთა, რომლებშიც სხვადასხვა ნივთები და ძირითადად ტანსაცმელი იქნება. მათ შორის, მამაკაცის და ქალის ქვედა საცვლებიც. ჩემს მიერ დანიშნული გუნდის ლიდერები ჩამოივლიან, მოაგროვებენ ნივთებს და ტანსაცმელს, თანაბრად გაანაწილებენ ორ ზურგჩანთაში, შემდეგ მოხალისე მსურველებს აუხვევენ თვალებს და მისცემენ გატენილ ზურგჩანთებს. როგორც კი სიგნალის ხმას გაიგონებენ, მაშინვე გადავლენ მოქმედებაზე და ხელში მოხვედრილ ნივთებს, თუ ტანსაცმელს სათანადოდ დაუწყებენ გამოყენებას. გესმით ალბათ, რომ ეს თამაში თქვენს მიხვედრილობაზე და ფანტაზიაზეა აწყობილი. მოგებულად ჩაითვლება ის, ვინც ყველაზე მიხვედრილი და ორიგინალური გამოდგება. -ოჰო! როგორ მაინტერესებს ვის ძუძუებზე დაიდებს ბინას ჩემი ვარდისფერი „კრუჟავო, ჟაბო“ ბიუსტჰალტერი,-კომენტარი გააკეთა კუციამ. -ენა გააჩერე, თორემ ვეღარ გიძლებ. ამოგარტყამ წიხლს და გაგისვრი აქედან,- სიცილს ძლივს იკავებდა ოთო. -თამაში N3,- ისევ აგრძელებდა ირაკლი:- თამაშს ჰქვია „ნდობის ფაქტორი“. ორგანიზატორები მოთამაშეებს აწყვილებენ. აქ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მეწყვილეები ერთმანეთისთვის უცხო პირები იყვნენ. -ეჰ, არ გაქვს შენ ლილუსთან მოხვედრის შანსი,-ხელი ჩაიქნია კუციამ და იმედგაცრუებული სახით გახედა მეგობარს. ხუციშვილი ყურადღებით უსმენდა ირაკლის, რომელიც მაქსიმალურად გარკვევით და დაწვრილებით უხსნიდა მოლაშქრეებს: -წყვილიდან ერთ-ერთს მჭიდროდ უხვევენ თვალებს და თვალხილული მეწყვილის მიზანია, უსაფრთხოდ წაიყვანოს თვალებახვეული ყოველგვარი ვერბალური კომუნიკაციის გარეშე იმ მარშრუტზე, რასაც ორგანიზატორი დაანახებს. ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა, მარშრუტია. თავიდან ის შედარებით იოლად მისადგომი გზებით შემოიფარგლება, ხოლო შემდეგ კი გართულდება. სირთულეებში იგულისხმება ხიდები, პატარა კლდეები, ნაკადულები და სხვა წინაღობები. წესების ახსნა რომ დაასრულა, უშუალოდ თამაშებზე გადავიდნენ. ატყდა მთელი ამბები და ხალისი. მოსაწყენად ვის ეცალა? მთელი ძამას ხეობა მოლაშქრეთა ხარხარს მიჰქონდა. ღამის ბუნება მათი წყალობით სიფხიზლეს მოეცვა. ლილუ და ოთო დროდადრო შეაგებებდნენ ხოლმე ერთმანეთს თვალებს. ლილუ მალევე არიდებდა, ხუციშვილი კი მწველი მზერით მიშტერებოდა და სულაც არ ეჩქარებოდა, რომ ყურადღება სხვა ვინმეზე გადაეტანა. თამაშები რომ დაამთავრეს, უკვე გვიანი იყო. კოცონსაც მოჰკლებოდა სიძლიერე და ნელ-ნელა იკლებდა ტემპერატურას. კუციამ ხელი წაჰკრა ხუციშვილს. -რა გინდა? -ყველას დასანახად კარავში უნდა შევიდეთ,- დაბალ ხმაზე უპასუხა. -რატომ? -ასეა საჭირო,- თქვა, წამოდგა, ჯინსის შარვალი ჩამოიფერთხა და კარავისკენ წავიდა. - მოუთმენელი ახალდაქორწინებულებივით კარავში რომ გავრბივართ, რას იფიქრებენ?-უკან დაეწია ოთო. -დაიკიდე რა. ლილუს ეჭვიანობა თუ გინდა, გააკეთე რასაც გეუბნები. -დაიკიდე კარგია,- ცალყბად ჩაილაპარაკა ოთომ. -მოდი აქა!- სიტყვა „აქა“-ზე ხმა ისე სასაცილოდ დაიწვრილა, ხუციშვილმა ძლივს მოითმინა, რომ არ გასცინებოდა. გოგონა ხელით დაეჯაჯგურა და კარავში ძალით შეითრია. -აჰა, ხომ ვამბობ. ყველა ქალი ბო*ზია!- ბიჭმა უხერხულობისგან სახეზე დაისვა ხელი. -ბო*ზს გაჩვენებ თუ ჩაგცხე ეს კარავი თავში. -ვის ეუბნები, გოგო? სიტყვები შეარჩიე,- თმებში სწვდა გახალისებული ოთო. კუციამ ისეთი ყვირილი ატეხა, გარეთ ყველას ესმოდა. მისი წვალების ხასიათზე დამდგარი ოთო არ ეშვებოდა, ახლა ჩქმეტაზე გადავიდა და უფრო მეტად ააკივლა. -დაგლიჯეს კარავი,- ჩაბჟირდა ირაკლი, ვეღარ ასულიერებდნენ. -რას უშვრება ამისთანას?- გაოცებული იყურებოდა დიკო. -ყოჩაღ, ოთო. შენ ყოფილხარ, ვინც ყოფილხარ. წავალ მე, მივუკაკუნებ და შევეკითხები მშვიდობა აქვთ? - წამოიძახა ანიტამ. -დაეგდე, არსად არ წახვალ!- ხელი გადააფარა სახეაალებულმა ლილუმ. -ამანაც როგორ დაიჯერა. არიქა, ოთხით გავრბივარ და დამიჭირე! -მგონი ერთი სულიერი ეჭვიანობს,- ჩასჩურჩულა დიკომ ანიტას. -მგონი კი არა, ასი პროცენტით,-ჩურჩულითვე უპასუხა ანიტამ. --- დიდხანს აღარ გაუგრძელებიათ კოცონის გარშემო შეკრებილებს ლაზღანდარაობა. ძილმა თავის საქმე გააკეთა და ყველა დაჯაბნა. თანდათან ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ და თავის ქანქარით და მთქნარებით მიუყვებოდნენ კარვებისკენ. საძილე ტომარაში გახვეული ლილუ უცნაურად წრიალებდა. ბოლოს ვეღარ გაძლო კარავში და გარეთ გავიდა. მხოლოდ ღამის ცა, მასზე მოკიაფე ვარსკვლავები, სავსე მთვარე და მდუმარე ხეობა დარჩენილიყვნენ ერთმანეთთან. და კიდევ მისი ფიქრები... იყო რაღაც, რაც აწუხებდა და გონებას უფრთხობდა. არ უნდოდა, მის სამყაროში ცვლილებები მომხდარიყო, დიდი ხნის წინ დაგეგმილი ფაქიზი ოცნებები საპნის ბუშტებივით გამსკდარიყვნენ და ყველაფერი თავდაყირა დამდგარიყო. ყველანაირად იბრძოდა, აღელვებული გული დაეშოშმინებინა და სიტუაცია ცივი გონებით ემართა. ჯერ-ჯერობით გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ ატყობდა, გრძნობებსა და აზრებს შორის ატეხილი ომი სულ უფრო მეტად იძაბებოდა. -შეგცივდება,- ზურგს უკან მოესმა ოთოს ჩურჩული, რომელიც გრილ ნიავს ყურებამდე მთელი სითბოთი მოეტანა. ლილუს მისი ხმის გაგონებაზე გული შეეკუმშა და მუცელში უცნაურმა შეგრძნებამ დაუარა. ხუციშვილმა პლედი მხრებზე შემოახვია და ჰკითხა: -შეიძლება, შენს გვერდით დავჯდე? ციცაგმა პასუხის ნიშნად თავი დაუკრა. -როგორ გაქვს თითი? -უკეთესად. მადლობა ყურადღებისთვის. -არაფრის. ვერ იძინებ, არა? -ვერა. -ლაშქრობაში პირველად ხარ? -კი. -კარავში ძილს მიჩვეული არ ხარ და იმიტომ. -შენ რატომ არ გეძინება? შენც პირველად ხარ? -არა, მაგრამ მეც შენსავით ვერ ვიძინებ. -რა გავაკეთოთ? ცეცხლიც გვიქრება,- გრძელი ჯოხი აიღო ლილუმ და გაღვივებული ნაკვერჩხალი მოჩხრიკა. -კიდევ გცივა? -წამოდგა ხუციშვილი და აქა-იქ მოღავებულ ტოტებს დაუწყო შეკრება. -არ გინდა, დაჯექი. -მოიცადე, ცოტა ხნის სამყოფს მაინც მოვიტან. -ტყუილად ნუ ირჯები, მალე უნდა შევბრუნდე კარავში. ოთო მაინც არ უსმენდა. რაც სიბნელეში მოძებნა, ნაკვერჩხალს დააყარა. ტოტებს ნელ-ნელა მოეკიდა ცეცხლი და იქაურობა უკეთესად განათდა. -მადლობა,- გაუღიმა ლილუმ. -არაფრის,-კვლავ გვერდზე მიუჯდა ხუციშვილი და ცეცხლს მიაშტერდა. არც ლილუ იღებდა ხმას, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა. -გინდა მე და შენ ვითამაშოთ? -ვითამაშოთ? -ჰო, ვიდრე ძილი მოგვერევა, რაღაცით გავიყვანთ დროს. -რა ჰქვია თამაშს? -სიმართლის დრო. -და რას მოიცავს? -განსაკუთრებულს არაფერს. თითოეულ ჩვენგანს ათი კითხვის დასმის უფლება აქვს. არცერთმა ტყუილი არ უნდა ვთქვათ. -რომ მოგატყუო? -მივხვდები. -საიდან? -შენი თვალები გაგყიდიან. მზად ხარ? -რა უნდა მკითხო? -ჯერ არ ვიცი. -შენ მზად ხარ? -დიახ. -პირველი ვინ იწყებს? -შენ გითმობ. -არ მინდა. შენ დაიწყე,- კითხვების მოსასმენად მოემზადა ციცაგი. -კარგი. თვალებში მიყურე და ისე მიპასუხე. მარტივით დავიწყებ, მერე ოდნავ გავართულებ. -გისმენ. - კლასიკური მუსიკის გარდა, ალბათ სხვა ჟანრსაც უსმენ და საყვარელი მომღერლებიც გეყოლება. დაასახელე ისინი. -კონკრეტულად ერთ ჟანრს არ ვუსმენ. გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ. შესაბამისად, ძალიან ბევრი საყვარელი მომღერალი მყავს, მაგრამ მათში ემი უიანჰაუსს და LP-ის გამოვარჩევ. -ფილმი, რომელსაც აუტირებიხარ. -„შენ შენ არ ხარ“. -ადამიანი, რომელსაც აუტირებიხარ. -ალესანდრო. -ადამიანები, რომლებიც შენთვის გულწრფელ სიყვარულთან ასოცირდებიან. -მშობლები, ალესანდრო და მეგობრები. -ისევ ალესანდრო,- გაიფიქრა ოთომ. მეორედ მისი სახელის გაგონება აშკარად აღარ ესიამოვნა. -ადამიანი, რომელსაც შენში ბევრი კითხვის ნიშნები შემოაქვს. -ასეთი ადამიანი არ არსებობს. -იტყუები. -შენ რა იცი? -თვალები სხვას ლაპარაკობენ. -არ გცოდნია ჩემი თვალების წაკითხვა, შეცდომაში შეგიყვანეს. -მაშინ რატომ აღელდი? -ესეც თამაშის კითხვაა და უნდა ვუპასუხო? -დიახ,- სერიოზული სახით უთხრა ხუციშვილმა, ისე, რომ სახე უფრო ახლოს მიუტანა და თვალს არ აშორებდა. -არ ავღელებულვარ. -შენი გულისცემა ჩემამდე აღწევს. -უი, კარდიოლოგთან ვყოფილვარ მისასვლელი. -ნუ მატყუებ, ლილუ. -რას გატყუებ? -იცი შენ რასაც. -ამოგეწურა კითხვები? -არა. -მაშინ გააგრძელე. -ვინ არის ოთო ხუციშვილი შენთვის? ლილუ წამით დაფიქრდა და შემდეგ უპასუხა: -მშობლების მეგობრების შვილი. -ისევ იტყუები. -როცა პასუხი არ გაკმაყოფილებს, მაშინვე მატყუარას მიწოდებ. -იმიტომ რომ მატყუარა ხარ. -კიდევ გაქვს კითხვა? -გეჩქარება, რომ თამაში დამთავრდეს? -არა. -მაშინ ამაზეც მიპასუხე: - რა აზრის ხარ, რომ ლაშქრობის შემდეგ სადმე შემხვდე და მხოლოდ მე და შენ, განმარტოვებით უფრო კარგად გავიცნოთ ერთმანეთი. -სურვილი არ მაქვს. ამ სიტყვებმა ძალიან ატკინეს გული. თითქოს მასში არსებული ყველა იმედი სადღაც მოკვდა და უფსკრულში გადაიჩეხა. ძალა მოიკრიბა და შიგნით წარმოქმნილი სიბრაზე მხოლოდ ყელზე მოწოლილი ნერწყვის გადაგორებით გამოხატა. შემდეგ წვალებით ამოთქვა: -კარგი, როგორც შენ გინდა. -მომდევნო კითხვა დამისვი. -მეტი კითხვა არ მაქვს. -ახლა ჩემი დროა? -დიახ. -შენც თვალებში მიყურე და ისე მიპასუხე. -ვერ გაუძლებ ჩემი თვალების ყურებას. -რატომ? -იმიტომ, რომ მანამდეც ძლივს უძლებდი. -დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. ისე, თუ შენს სახეს ცხვირზე არ დამადებ და ერთ ლიტრ სუნამოს არ მასუნთქებ, გასაძლები არაფერი გაქვს,-უკან დაიხია ლილუმ. ლილუს საქციელზე ოთოს ჩაეღიმა: -დაიწყე. -ვიდრე გაიგებდი, რომ კუს ტბაზე ნანახი გოგონა ლილუ ციცაგი იყო, მანამდე მართლა მახინჯად მთვლიდი? -დიახ. -რატომ? -ბავშვობაში უშნო იყავი. -ამაზრზენი!- გაიფიქრა ლილუმ და შემდეგ კითხვაზე გადავიდა: -როდესაც კუს ტბაზე დამინახე და გაცნობა მოინდომე, რა განზრახვა გამოძრავებდა ჩემს მიმართ? -კარგად იცი, რაც. -შენი პირით აღიარე. -შენთან ერთად ღამის გატარება მინდოდა. -ვინ არის შენთვის ლილუ ციცაგი? -ქალი, რომელიც მაღელვებს. -და მეტი არაფერი? -უფრო ახლოს რომ მიმიშვას, დანარჩენსაც გავაგებინებ. -ოდესმე წრფელი გულით თუ შეგყვარებია ქალი? -დიახ. მოულოდნელად, ახლადგაღვიძებულმა კუციამ კარვიდან თავი გამოჰყო: -ოთიკო, სად დაიკარგე? -მალე მოვალ,- გასძახა მეგობარს. -წადი, შენი წრფელი სიყვარული გეძახის,- ლილუმ ცინიზმით გაჟღენთილი სიტყვები ესროლა ხუციშვილს. -ეგ სიტყვები მეორედ აღარასოდეს გაიმეორო! მე და თაია და-ძმასავით ვართ,-მხოლოდ ეს უთხრა, დაღონებული შებრუნდა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა კარვისკენ. არ უნდოდა მიეტოვებინა, მაგრამ ხედავდა, რომ მასთან დარჩენასაც არ ჰქონდა აზრი. საყვარელმა ქალმა ისევ უარი უთხრა, ისევ უკუაგდო, ისევ ხელი ჰკრა... შიგნიდან ყველაფერი სტკიოდა, სულის წვა იგრძნო და ცრემლი მოადგა. -პლედი გრჩება,- შეახსენა და მხრებიდან მოიხსნა, რომ გადაეცა. -არ მჭირდება და არც მისი დაბრუნება მეჩქარება,-უკანმიუხედავად უპასუხა. ლილუმ თვალი გააყოლა. იქამდე უყურა, ვიდრე კარავში არ შევიდა. -რა ხდება? რატომ გამეპარე?- ბურდღუნებდა ძილბურანში მყოფი კუცია. -არ მეძინებოდა და ვიფიქრე ლილუსთან ერთად ვისაუბრებდი. -მერე? მოიწყეთ რომანტიკა? -რომელი რომანტიკა? მოიცა რა. არ ვუნდივარ. -ტუტუცი. გამიბრაზა ჩემი „კრასავჩიკი“. მოდი კუციასთან, ისევ მე თუ მიგიწვენ გვერდზე... - თვალდახუჭულს ეღიმებოდა. -ეს ვინ არის? ძილშიც კი არ აჩერებს ენას. -მოდი, მოდი. დაეგდე და დაიძინე. არ უნდიხარ, ნუ უნდიხარ. ძილს მაინც ნუ მოიკლებ. ოთოს აღარაფერი უთქვამს. ამოიოხრა და თავის თავზე ნერვებმოშლილი საძილე ტომარაში გაეხვია. იჯდა ლილუ ღია ცის ქვეშ და სევდისფერი თვალებით ვარსკვლავებით აციმციმებულ ცას შესცქეროდა. საკუთარ სურვილებს უყვებოდა და ისევ მარწუხებში აქცევდა ახალ გრძნობას, რომელიც დალაგებული ცხოვრების აწეწვას უქადდა. ნამდვილად არ უნდოდა ახალი სიყვარული, მითუმეტეს ისეთ ადამიანთან, როგორი წარმოდგენაც ხუციშვილზე ჰქონდა. სჯეროდა, რომ სიყვარულზე მაღლა იდგა, აუცილებლად დაამარცხებდა და საფლავსაც საკუთარი ხელით გაუთხრიდა ახლადდაბადებულ გრძნობას, რომელიც ნელ-ნელა ცდილობდა, მთლიანად მოსდებოდა და წაელეკა. ყველას ეძინა, მაგრამ საეჭვოდ ფხიზლობდა სიყვარული. მდუმარე არემარეში თავისუფლად დააბიჯებდა და ჭკვიანი გონებით უფრო სასტიკ ხაფანგს ამზადებდა იქ მყოფი ორი ადამიანისთვის. --- დაახლოებით დილის რვა საათი იქნებოდა, როდესაც კუციას გაეღვიძა და ოთოს გახედა. ეძინა, მაგრამ ღამის განმავლობაში მიღებული ტკივილი ჯერ კიდევ სახეზე ეწერა. -რით გიშველო, მეგობარო?- გულმოკლულმა შეხედა და ფიქრებს გაჰყვა. გარეთ ნელ-ნელა ახმაურდა დროებითი მოსახლეეების კარვების სოფელი. დილა ნელ-ნელა იკრებდა ძალებს ხალისიანი დღის შესაქმნელად. უეცრად ვიღაცების ჩოჩქოლი და ფრაზები მოესმა: „მართლა?“ „რა მაგარია;“ „რა მოვიფიქროთ?“ „ჩამოყარეთ ორიგინალური აზრები.“ კუციას ცნობისმოყვარეობამ სძლია და ამბის გასაგებად გარეთ გავიდა. -არა რა, ყველაზე ჭკვიანი, გამორჩეული, თბილი და მოსიყვარულე ხალხი სექტემბერში იბადებიან, -თავმომწონედ აღნიშნა დიკომ. -შენც სექტემბერში გაქვს დაბადების დღე?-ჰკითხა ერთ-ერთმა. -დიახ, -ამაყად უპასუხა გოგონამ. -ე, რა მაგარია. მეც სექტემბრის გოგო ვარ. -Queens are born in September!- გამხიარულდნენ თვის იუბილარები. -რა ხდება?- მოსაუბრეებს მიუახლოვდა კუცია. -დღეს ლილუს დაბადების დღეა,-ცხვირაბზუებით უთხრა ანიტამ. -აღვნიშნავთ? -დიახ. -როგორ? -კარავში უნდა დავადგეთ და სიმღერით გავაღვიძოთ. ჯერ-ჯერობით სხვა იდეა არ გვაქვს. -რა ტვინდახშულები ხართ, ნეტა იცოდეთ, რომ დაბადების დღის ექსპერტი გვერდზე გიდგათ და თქვენს უნიჭო იდეაზე გულში ხარხარებს, მაგრამ კარგად მოგიხდებათ, მეტის ღირსები არც ხართ. არა, თქვენ რა შუაში ხართ? ის ქალბატონი არ არის ჩემი ოთოს წამებისთვის მეტის ღირსი, -გაიფიქრა კუციამ და მეგობრის გასაღვიძებლად კარავში დაბრუნდა. ხუციშვილს კვლავ ეძინა. -ოთო, ადექი. ბიჭი ხმას არ სცემდა. -ოთო, ყველამ გაიღვიძა. კვლავ სიჩუმე იყო. გოგონა მხარზე ხელით შეეხო და ოდნავ შეაჯანჯღარა:-დღეს ლილუს დაბადების დღე ყოფილა და გარეთ რაღაც იგეგმება. სიტყვა ლილუმ მაღვიძარასავით იმოქმედა ხუციშვილზე და თვალების ფშვნეტით წამოდგა: -რა თქვი? -რაც გაიგონე. ყველაზე ჭკვიანი, გამორჩეული, თბილი და მოსიყვარულე ხალხი სექტემბერში იბადებიან, -ასე მომახალა თავისმა დაქალმა. რატომ ვითომ? რადგან შობა-ახალი წლის სეზონზე სადღესასწაულო განწყობით ჩასახულები მყვანან? Queens are born in September! უი, იმის უტაქტო თავი მომცა სულ ერთი წუთით და ვასწავლიდი რომელ თვეში იბადებიან ნამდვილი დედოფლებიც და იდიოტებიც. -მორჩი ახლა ლაქლაქს და გადი კარავიდან, ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალო. -ტყუილს ვამბობ რამეს? მე და შენ თუ სხვა თვეში დავიბადეთ, ვისზე ნაკლებები ვართ? არა, ისე შენ კი ხარ გოთვერანის ერთი, მაგრამ მე... -ვაიმე, რამდენი ლაპარაკი გიყვარს. წამოგიხტები და ვეღარავინ გამაგდებინებს შენს თავს ხელიდან! იცოდე, მთელ ჯავრებს შენზე ვიყრი, -საუბარი შეაწყვეტინა ხუციშვილმა. -კარგი, ჰო. დროზე გამოდი,- გარეთ გავიდა კუცია და ლილუს კარავთან მოგროვილ მომღერალთა გუნდს შეუერთდა, რომლებიც ხმამაღლა უმღეროდნენ დაბადების დღის სიმღერას მძინარე იუბილარს. სიმღერის ხმაზე ლილუს გაეღვიძა და სასიამოვნოდ გაოცებული გარეთ გავიდა: -მადლობა,-სახეგაბადრული იუბილარი მოლაშქრეების მიმართ სათითაოდ გამოხატავდა მადლიერების გრძნობას. ბოლოს ოთო მიუახლოვდა, გადაეხვია, ტუჩები ლოყაზე ნაზად დააწება და ყურში ჩასჩურჩულა: -გილოცავ შენს დღეს. -მადლობა, -არ დააყოვნა პასუხმაც. იუბილარს სახე ვარდისფრად შეეფაკლა და თვალები დახარა. უხერხული სიტუაციის გასაფანტად ირაკლიმ ყველა საუზმეზე მიიწვია. წინა დღიდან დიდი არაფერი იყო მორჩენილი, მსუბუქად ისაუზმეს და კარვების დაშლას შეუდგნენ. დაახლოებით შუადღის თორმეტი საათი იქნებოდა, როდესაც დარჩენილი სანახაობებისთვის ხეობაში გაიჭრნენ. ოთოს ხასიათი წაუხდა, დიდად ვეღარც იქ ყოფნა და ლილუსთან სიახლოვე უმშვიდებდა აფორიაქებულ სულს. -რა გჭირს? ხმას რატომ არ იღებ?- ჰკითხა მისი მდგომარეობით შეწუხებულმა კუციამ. -ლილუმ ყველაფერი იცის შენზე. -მაინც რა იცის? -ის, რომ მეგობრები ვართ. -შენ უთხარი? -კი. -რატომ? -აზრი არ ჰქონდა. -ვაჰ! იქნებ ჰქონდა? -გუშინ ერთხელ კიდევ მითხრა, რომ არ მოვწონვარ და მისთვის მხოლოდ მშობლების მეგობრების შვილი ვარ. -მდა! რთული სიტუაციაა. ახლა რას აპირებ? -რა უნდა დავაპირო? არის სხვა გამოსავალი? -ირაკლიმ იცის, რაც ლილუს უთხარი? -კი. -რა გითხრა? -არ უნდა გეთქვაო. -და რას შეცვლიდა? -რატომღაც ჰგონია, რომ ლილუ ეჭვიანობდა. სახეზე ეწერაო,-ასე მითხრა. -მეც ვფიქრობ, რომ ეჭვიანობდა, მაგრამ ერთი რამ მაფიქრებს. თუკი ასეა, რატომ არ ტყდება, რომ მასაც მოსწონხარ და უნდა შენთან ყოფნა? -რა გითხრა? მგონი, არ მენდობა. -მერე მოიპოვე მისი ნდობა. -როგორ? ყველანაირ გზას მიკეტავს მასთან მისასვლელად. -ჰმ! არც კი ვიცი რა გირჩიო. მოდი, დროებით თავი დაანებე და ნუღარ გამოიჩენ მის მიმართ ყურადღებას. -და ეგ როგორ მომაპოვებინებს მის თვალში ნდობას? -გავიდეს დრო, ცოტა დაცხრეს სიტუაცია და მერე იქნებ გამოჩნდეს კიდეც ახალი სამოქმედო გეგმა. -რომელ სიტუაციის დაცხრობაზე მელაპარაკები, რაც საერთოდ არ არსებობს? -რაღაც მაინც ხომ არსებობს? როგორ დავიჯერო, ვერ ხვდება, რომ შენთვის რიგითი ქალი არ არის? -ხვდება? ეგეც არ ვიცი. -რა მიხვედრა უნდა? შუბლზე გაწერია ყველაფერი. -მგონი, დროა, მართლა შევეშვა, მაგრამ რომ არ გამომდის? -თავს ნუღარ იმცირებ. ის ახლა მომგებიან პოზიციაშია, შენ კი ყველანაირად გამინუსებული. მორჩი ხვეწნა-მუდარას, უფრო მეტ შეცდომას დაუშვებ. -მომიწევს,-ხელი ჩაიქნია და ერთ-ერთი ხის ძირში ჩამოჯდა. -აღარ გინდა გზის გაგრძელება? -არა. წადი შენ თუ გინდა, შეუერთდი დანარჩენებს. -არსადაც არ წავალ. აქ ვიქნები, შენთან ერთად. -მაშინ აღარაფერი მითხრა, გონება მინდა გავთიშო და ყველაფერზე კარგად დავფიქრდე. -კარგი, -დაეთანხმა კუცია და გვერდით მიუჯდა. ტყეში მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. მოლაშქრეები უკვე დიდი მანძილით იყვნენ დაშორებულები ჩამორჩენილ მეგობრებს. კუციამ ზურგჩანთიდან მორჩენილი ორცხობილები ამოიღო და და უთვალავ აზრს აყოლილი ნელ-ნელა შეექცეოდა. ხუციშვილს თავი ხეზე მიედო, თვალები დაეხუჭა და თავის თავთან მარტოდ დარჩენილს მწუხარე სახე კიდევ მეტად დაემძიმებინა. --- -სად დაიკარგნენ გვრიტები?-ანიტამ ოთოს და კუციას არ ყოფნა შეამჩნია. -წარმოდგენა არ მაქვს, -აუღელვებლად უპასუხა ლილუმ. -ყინულის დედოფალი. ნეტა ამას, რომ არაფერი ანაღვლებს,-თქვა დიკომ. -არის რაღაცები, რაც მანაღვლებს, მაგრამ ოთო არა. -სულ რომ არავინ იყოს შენთვის, როგორც ერთ-ერთი დაკარგული მოლაშქრე , ისე მაინც არ გაღელვებს? -არა. -რატომ? -ვიცი, არსად დაიკარგება. ამას სპეციალურად აკეთებს, რომ ყურადღება მიიქციოს. -ჰაიმეეე... ეს ვინ არის? -ოხ, ლილუ, ოხ!-ამოიოხრა ანიტამ და მეტი აღარაფერი უთქვამს, გაბრაზებული გაეცალა მეგობარს და ირაკლისთან წავიდა, რომ მათი გაუჩინარების ამბავი შეეტყობინებინა. --- ცოტა ხნის შემდეგ ირაკლიმ ოთოს დაურეკა. არ უნდოდა ეპასუხა, მაგრამ იცოდა, ასე რომ არ მოქცეულიყო, ყველა ერთად მათ ძებნას დაიწყებდა. მოკლედ უთხრა სადაც იყვნენ და გაუთიშა. ასე ისხდნენ გარინდულები. ბოლოს, გამოსავალი რომ ვერაფერი იპოვეს, ფიქრიც მობეზრდათ და ტვინის ჭყ.ლეტვას თავი დაანებეს. ჩუმად შესცქეროდნენ ტყეში აღმართულ მაღალ, ხშირფოთლებიან ხეებს, რომლებიც თანდათან იწყებდნენ ხასხასა მწვანე ფერის დაკარგვას და მხატვრის პალიტრაზე გამზადებული საღებავებივით შემოდგომის ლამაზი ფერების შესაქმნელად ემზადებოდნენ. --- ამასობაში, მოლაშქრეებმა ირაკლის არაჩვეულებრივი გიდობის წყალობით, ბუნების მორიგი საოცრებები მოინახულეს და სამი საათისთვის უკანა გზაზე სხვა ბილიკებით დაბრუნდნენ. -მგონი გზა აგვერია, ეს იგივე ბილიკები არ არის,-შეწუხდა ირაკლი. -რომ დავურეკოთ?-ჰკითხა ერთ-ერთმა. -ტელეფონი დამიჯდა, ნომერი კი ზეპირად არ მახსოვს. -აუფ! მაშ, რა უნდა ვქნათ?-აღელდა ანიტაც. -მოდი, ავტობუსამდე ჩაგიყვანთ, მერე უკან დავბრუნდები და მოვძებნი. -ჩვენც დაგეხმარებით,-შესთავაზეს ბიჭებმა. -არა, არ მინდა, უფრო ავირევით და დავიკარგებით. დამიჯერეთ, ასე სჯობს, რასაც ვამბობ. თუ დახმარება დამჭირდება, არ მომერიდება და გეტყვით,- თქვა ირაკლიმ და გზა გააგრძელა. -Always something!-ჩაილაპარაკა სასოწარკვეთილმა დიკომ და ირაკლის აედევნა:- ამხელა ტყეში სად უნდა ეძებო? უამრავი საცალფეხო ბილიკია. -აქ პირველად ხომ არ ვარ? -კი ბატონო, რაკი ასეა... -რადგან ამბობს, მოვძებნიო, ესე იგი, მოძებნის!- არამკითხე მოამბეებივით ნუ გამოხტებით ხოლმე!- ჩუმად უსაყვედურა დიკოს ციცაგმა. ანიტამ და დიკომ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ. -რა გაცინებთ?-მეგობრებს შეუბღვირა. -ისემც შენს ცხვირს რა ვუთხარი, რომ არ ნერვიულობ,- უთხრა ანიტამ. -ჰო, ვნერვიულობ, მაგრამ ოთოს დაკარგვაზე არა. მისი უპასუხისმგებლო საქციელი უფრო მაგიჟებს. მის გამო, თბილისში გვიან უნდა ჩავიდეთ. -ლილუ, უკვე ზედმეტები მოგდის. გადახედე, ვინ იქცევა შენნაირად? ყველა ღელავს,- მდგომარეობიდან გამოვიდა ანიტა. ციცაგი აღარ შეჰპასუხებია, თავადაც კარგად იცოდა, რომ ოთოს დაკარგვის ამბავს უფრო განიცდიდა, ვიდრე თბილისში გვიან ჩასვლას. --- -ოთო, რაღაც ძალიან იგვიანებენ,-მაჯის საათს დახედა კუციამ. -მოვლენ, აბა, სად წავლენ?-დაღონებული სახით გახედა ხუციშვილმა. -ეს ამბავი არ მომწონს. -ნუ პანიკიორობ. -რას ვპანიკიორობ, ადამიანო? ვინ იცის, სხვა გზით დაეშვნენ და აგვცდნენ. -ნუ გეშინია. -ეეეჰ, ადექი, რაღაც ვიღონოთ, თორემ ვატყობ, დავრჩებით აქ! -უჩვენოდ არ წავლენ. -დაურეკე და გაიგე მაინც. ხუციშვილმა მობილურს დახედა, ბატარეა დატენვას საჭიროებდა: -ვერ დავრეკავ, ტელეფონი დაჯდა. -ბედი არ გინდა?-აფორიაქდა კუცია. -ადექი რა, იქნებ სადმე მათი ხმა მაინც გავიგონოთ და ექოს გავყვეთ. -არა-მეთქი! იცის ირაკლიმ სადაც ვართ, მოვა. კუცია აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, მაინც არ ისვენებდა. -ახლა რომ წავიდეთ, უფრო დიდია ალბათობა, რომ ავცდეთ. შეიძლება კიდეც გვეძებენ და უფრო გავართულებთ ყველაფერს,-მშვიდად პასუხობდა ხუციშვილი. --- მეგობრების მოსაძებნად წასული ირაკლი საეჭვოდ იგვიანებდა. ავტობუსში ვნებათაღელვა არ ცხრებოდა. ყველას აინტერესებდა დაკარგული მოლაშქრეების ბედი. ლილუ ფანჯარასთან იჯდა და ტყისკენ იყურებოდა. იმედი ჰქონდა, რომ ოთო და მისი მეგობრები წუთი-წუთზე გამოჩნდებოდნენ. -ჯანდაბა! სად არიან ამდენ ხანს? -როგორ ჩამოგვრჩნენ? - ნუ ღელავთ, მალე გამოჩნდებიან,- წარა-მარა ჩაესმოდა იქ მყოფთა ხმები. მათი კომენტარები კიდევ უფრო ნერვებს უშლიდნენ ლილუს. ყურადღება სხვა რამეზე რომ გადაეტანა, თითზე გაკეთებულ ბეჭედს უკვე მეასედ იხსნიდა და მეასეჯერვე ხელში ატრიალებდა. -აი, მოდიან,-აღტაცება ვერ დამალა ანიტამ, როდესაც ტყიდან გამოსულები დაინახა. ციცაგმა ავტობუსისკენ მომავლებს გახედა და ღრმად ამოისუნთქა. როგორც კი ოთო, კუცია და ირაკლი ავტობუსში ავიდნენ, მათი ამბით შეწუხებულმა მოლაშქრეები მივარდნენ და მაშინვე კითხვები დააყარეს. ლილუმ მშვიდად ამოიღო წიგნი, გადაშალა და მათკენ აღარ გაუხედავს. -მოკლედ, მეგობრებო, რაც მთავარია, ყველაფერი მშვიდად დასრულდა და სანერვიულო არაფერია. ახლა, გავაგრძელებთ გზას და ერთ საათში თბილისში ვიქნებით,-თქვა ირაკლიმ და მძღოლის წინ თავისი ადგილი დაიკავა. არც ოთოს შეუხედავს ლილუსთვის, კუციასთან ერთად დაჯდა და მთელი გზა ისე იმგზავრა, ხმა არ ამოუღია. --- -ოთომ დარეკა, რომ სახლში მოდის,- თავის მეუღლეს ახარა გივიმ. -კიდევ კარგი,-პირჯვარი გადაიწერა ზიზიმ,- სად დადის ეგ ბიჭი? ან მობილური ჩართოს, ან ერთი მესიჯი გამომიგზავნოს, რომ ცოცხალია და სუნთქავს. მეტი აღარ შემიძლია. სანამ ძირს არ დავენარცხები და გავფშიკავ ფეხებს მაგდანას ლურჯასავით, მანამდე არ გაახსენდება ხოლმე, რომ დედა ჰყავს. -ლაშქრობაში ყოფილა. -სად? -ძამის ხეობიდან ვბრუნდებითო,- ასე მითხრა. -მოიცა, მოიცა! აქ უთუოდ რაღაცაშია საქმე,- შეცბუნდა ზიზი,- დღეს ველაპარაკე ნინელის და მითხრა, ლილუ ლაშქრობაშია მეგობრებთან ერთადო. თუ ჩვენი შვილიც იქ არის, ესე იგი, ერთად არიან. რადგან ერთად არიან, მგონი რაც თავიდან ჩავიფიქრეთ, ის გეგმა მუშაობს. -რას ჩმახავ? ოთო როდის იყო ჩვენს ჭკუაზე დადიოდა? რაც თავი მახსოვს, მუდამ თავად იღებს გადაწყვეტილებებს. -რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, ჩვენი და მისი სურვილები ემთხვევა. -რომც არ დაემთხვეს, არც მაგაშია ტრაგედია. ჩემს შვილს ვენდობი. ყოველთვის იცის, რას და რატომ აკეთებს. -მაგაში გეთანხმები. -ჰოდა, რა გაქვს სანერვიულო? ნუ იცი ხოლმე უაზრო ფორიაქი. გადმომდებ, ივიშვიშებ და მერე შენ მშვიდდები, მე ვრჩები ასე განადგურებული. -რამდენ ხანში მოვა? -ნახევარ საათში აქ იქნება. ზიზი ტელევიზორს მიუჯდა და მშვიდი სახით დაუწყო სატელევიზიო არხებს თვალიერება. რამდენიმე წუთში კარი ოთომ შეაღო: -რაღა გვიჭირს!- შვილის დანახვაზე ფეხზე წამოდგა ზიზი. -როგორ ხართ? -შენ როგორ ხარ?- კითხვა შეუბრუნა მამამისმა. -არამიშავს. -კარგად ვართ, მაგრამ უფრო კარგად ვიქნებით, თუ მშობლები და სახლის მისამართი მეტი სიხშირით გაგახსენდება ხოლმე. ასე უნდა?- შუბლი შეკრა დედამისმა. -დავიწყეთ უკვე?- აღმოხდა ოთოს. -მართალს ამბობს ეს ქალი. დარეკე რა და შენც მშვიდად იქნები და ჩვენც. რომ გირეკავს, გაუთიშე მაინც, რომ მიხვდეს, ცოცხალი ხარ, მაგრამ სალაპარაკოდ არ გცალია. მომდგება მერე მე და კარგი ფანტაზიის მქონე მწერალივით ხან სად მოგკლავს და დაგაგდებს, ხან პოლიციის შენობაში გაყურყუტებს, ხან კიდევ სად... ვისმენ ამას და წარმოიდგინე რა დღეში ვარ. მე მაინც შემიბრალე. -ზიზი, ზიზი... ნერვიულობასთან ერთად დაიბადე რა...- თავს აქნევდა ოთო. -ბევრს რომ ლაპარაკობ, არ გშია?- სამზარეულოში შევიდა ქალი. -მშია. -მოდი, დედიკო. მე და მამაშენი შენ გელოდებოდით,-ხმა დაუტკბა ზიზის. ოთომ სააბაზანო ოთახს მიაკითხა. ხელები დაიბანა, პირზე წყალი შეისხა და მშობლებთან ერთად მიუჯდა სასადილო ოთახის მაგიდას. დაღლილი იყო და ბევრი არაფერი უჭამია. შიმშილის გრძნობა დაიკმაყოფილა და საძინებელში ავიდა. ვიდრე დაიძინებდა, მობილური ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და კონცერტის, კრუიზის და ლაშქრობის სურათებს დაუწყო თვალიერება. იმ კადრებს, სადაც ლილუ ჩანდა, რამდენიმე წუთი დასცქეროდა და გონებაში იმ მომენტებს აცოცხლებდა, რომლებიც ამეტყველებულ სურათებს მოჰქონდათ. --- სამსახურში დაბრუნებულს მთელი დღის განმავლობაში არ აუწევია თავი კომპიუტერიდან და მის წინ მოღავებული დოკუმენტებიდან, რომლებიც უამრავ ციფრს, მოლაპარაკებებს და შეკვეთებს მოიცავდნენ. ერთი თვისება ჰქონდა, ვიდრე ჩაფიქრებულს ბოლომდე არ მიიყვანდა და დაგროვილ საქმეებს არ ამოწურავდა, ღამის თორმეტი საათიც რომ ყოფილიყო, ისევ კაბინეტში იჯდა და მთელი რიგი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თითოეულ დეტალს. სხვათაშორის, იგივეს მოითხოვდა თანამშრომლებისგანაც, რაც ხშირად ხდებოდა უთანხმოებების და მათი დათხოვნის მიზეზი. -ბატონო ოთარ, შეიძლება?- კარი შეაღო მდივანმა. -მოდი, თეა,- სერიოზული სახით გახედა გოგონას, რომელსაც ხელში თეთრი ფურცელი ეჭირა. -პირველ რიგში, მინდა შეგახსენოთ, რომ ერთ საათში სამშენებლო კომპანია „Mano Construction Group” -ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაქვთ და მეორე, ეს განცხადება ჩემი გათავისუფლების შესახებ არის და გთხოვთ, რაც შეიძლება, მალე დააკმაყოფილოთ. ხუციშვილმა ცივად ახედა, ფურცელი გამოართვა, სწრაფად გადახედა და ხელით ანიშნა, რომ მის წინ ადგილი დაეკავებინა. მდივანი დაემორჩილა და დაღონებული სახით ჩამოჯდა სკამზე: -ამ განცხადებას ახლავე დავაკმაყოფილებ, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ შეიძლება, გავიგო რატომ გინდა აქედან წასვლა? -ჩვენს გამო,- მოკლედ უპასუხა თეამ. -საინტერესო პასუხია. იქნებ უფრო განავრცო, ქარაგმულ საუბარს ვერ ვიტან,- წარბი ასწია ხუციშვილმა. -არ შემიძლია შენს გულგრილობას მშვიდად ვუყურო, როცა ვიცი, რომ თავად არ ვარ შენს მიმართ გულგრილი. -სულ ეს არის? -დიახ. ოთომ თანაგრძნობით შეხედა. მსგავს რამეს უკვე მიჩვეული იყო მისი პარტნიორებისგან, მაგრამ სანამ მასთანაც ურთიერთობას წერტილს საბოლოოდ დაუსვამდა, საჭიროდ ჩათვალა, ბოლო სიტყვის თქმა და არც ეშინოდა, რადგან როგორც ყოველთვის, არც თეასთვის და არც დანარჩენი სექსუალური პარტნიორებისთვის ტყუილი არასოდეს ეთქვა და არცერთის გრძნობები აეგდო აბუჩად: -მაშინ კარგად მომისმინე. ჩემს მიმართ რამე პრეტენზია გაქვს? თეამ თვალები დახარა. სიტყვა ვერ თქვა. -კარგი, ასე გკითხავ: -იმის იქით, რა ურთიერთობაც გვქონდა, შეგპირდი რამეს და არ შეგისრულე? გოგონამ თავი გაიქნია. -მაშინ რა ხდება? -შემიყვარდი. -გითხარი, რომ შენთან თავს კარგად ვგრძნობ, მომწონხარ და კარგი სექსიც გვაქვს-მეთქი? -დიახ. -ისიც ხომ გითხარი, რომ ამის იქით სხვა რამის იმედი არ გქონოდა? -დიახ. -და მაინც გაბრაზებული ხარ ჩემზე? -არა, უბრალოდ არ მინდა, თავი გამოყენებულად ვიგრძნო. -აუ, მაგრად ვერ ვიტან ამ სიტყვას,- შუბლი შეკრა ხუციშვილმა,- რას ეძახით ეს ქალები „გამოყენებას“? როგორც მახსოვს, არაფერი დამიძალებია. ორივეს სურვილი იყო, გვქონოდა პერიოდულად სექსი და მერე დავშლილიყავით. სიამოვნებას ორივე ვიღებდით. თუ ჩემი მხრიდან შენგან მიღებულ სიამოვნებას გამოყენებას ეძახი, მაშინ სიამოვნებას ჩემგან შენც იღებდი და ახლა ავდგე და ვთქვა, რომ მეც მიყენებდი? ვერ ვხვდები, რა ლოგიკა და რა მიდგომაა? -ნუ მიბრაზდები. -არ გიბრაზდები, უბრალოდ ვცდილობ, აგიხსნა, რომ წყენის მიზეზი არ გაქვს. -ვიცი. შენ მართალი ხარ. ბრალს ვერ დაგდებ, არაფერი მოგიტყუებია ჩემთვის, მაგრამ რა ვქნა? შემიყვარდი. ალბათ, იმაზე მეტი დავინახე ამ ურთიერთობაში, ვიდრე იყო, ან მომეჩვენა, რომ ჩემზე ზრუნავდი და კარგად მექცეოდი. არ ვიცი, ავირიე. ყოველ შემთხვევაში, ვიცი ერთი, არ მინდა, უიმედო ურთიერთობაში ვიყო და სული მტკიოდეს. -თეა, ვერაფერს ვხედავ იმაში ცუდს, რომ შენს მიმართ ყურადღებას ვიჩენდი. ბოლო ბოლო, ერთმანეთისთვის უცხოები ხომ არ ვიყავით? -არა, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. ალბათ, ჩემი ბრალია. შენი საჩუქრები და პატივისცემა სხვანაირად გავიგე. -ჯანდაბა! ასე ყველას როგორ ვუყვარდები?- გაიფიქრა ოთომ და გულწრფელად შეეცოდა მოწყენილი გოგონა, რომელიც წუთიც და ცრემლებს ვეღარ შეიკავებდა,- მოკლედ, ეს არის შენი ბოლო სიტყვა?- ქაღალდი ხელში აიღო და განცხადება ცხვირწინ აუფრიალა. -დიახ,-ძლივს წარმოთქვა თეამ. -კარგი, რადგან ასე გინდა, ასე იყოს,- სწრაფად მოაწერა ხელი და გაუწოდა:- იცი სადაც უნდა მიიტანო და ვისაც უნდა ჩააბარო. -კარგად იყავი, -დაემშვიდობა ქალი და სწრაფად დატოვა იქაურობა. ხუციშვილს იმ წამს კარგად ესმოდა მისი და ზუსტად ისე სტკიოდა, როგორც მას, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ ისევე როგორც სხვა ყოფილებთან, ასევე თეასთანაც მართალი იყო. --- ხანგრძლივი სამუშაო დღის შემდეგ ხუციშვილი მეგობრებს შეხვდა. საკმაოდ გვიანი იყო. დაახლოებით ღამის პირველი საათი დაწყებულიყო, როდესაც დიმას სახლში ესტუმრა. ირაკლი მასზე ადრე მისულიყო და უკვე მოესწრო ლაშქრობის შესახებ მისთვის ყველაფრის მოყოლა. -გავიგე, ლილუმ კიდევ ერთხელ უარი გითხრა,- საუბარი დაიწყო დიმამ. ოთოს არაფერი უთქვამს, ირაკლის გადახედა. -რა მაინტერესებს იცი? ეს ლაშქრობა გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად რას მოჰკრა ყური ლილუმ, როდესაც კუს ტბაზე მის შესახებ გველაპარაკებოდი? ოთომ ღრმად ამოისუნთქა და შუბლი მოისრისა: -დეტალები აღარ მახსოვს, მაგრამ გაიგონა, რომ მახინჯი ვუწოდე. ისიც, მის კონცერტზე წასვლა არ მინდოდა და სავარაუდოდ ისიც, დედაჩემს სარძლოდ რომ მოსწონს. -პლუს ამას ისიც ემატება, რომ იმ ღამეს საწოლში შეტყუებას უპირებდი...- დასძინა დიმამ და ნერვიულად მობილური ტელეფონის ეკრანზე თითები აათამაშა. ცოტა ხანს ღრმად ჩაფიქრდა, მერე თვალები დააწვრილა და ახალი კითხვა გაუჩნდა: -ეგ გოგო სულ ეგეთი უკარებაა, თუ მხოლოდ შენთან ავლენს თავშეკავებულობას? -მხოლოდ ოთოსთან,- პასუხის გაცემა არ დააცალა ირაკლიმ,- ძალიან კარგი გოგოა. ყველა აქტივობაში მხიარულად აგვყვა და სხვებთანაც მშვენივრად ურთიერთობდა. -ანუ ოთოს გარდა, ყველასთან მშვენივრად იქცეოდა? -ჰო. ზოგადად ყველასთან გათქვეფილი ტიპი არ არის. დახვეწილი და შარმიანი გოგოა, მაგრამ არავისთან არაფერი ეშლება და რაც მართალია, მართალია, მხოლოდ ოთოს ექცევა ცუდად. -რომ ვიცოდე, რომ ლილუ ყველასთან ასეთია, მაშინვე გამიქრებოდა მასთან ურთიერთობის ინტერესი, მაგრამ კრუიზშიც იგივე ხდებოდა. ჩემთან არა, მაგრამ ვიღაც ახლადგაცნობილებთან შესანიშნავ დროს ატარებდა. -არის ვინმე მის ცხოვრებაში, რომელიც უყვარს? -იყო ვიღაც. საქმრო ჰყავდა და გარდაიცვალა. -როდის გარდაიცვალა? -ახალი ამბავი არ არის, მაგრამ არც ძალიან ძველი. -მდა! რთულია დასკვნის გამოტანა, მაგრამ რასაც ახლა გეტყვი, დარწმუნებული ვარ არ მოგეწონება. -გისმენ,-ყურადღებით შეხედა ხუციშვილმა მეგობარს. -ორი ვარიანტია- ან იმ გოგოს ისევ ის ბიჭი უყვარს, მისი დავიწყება უჭირს და ახალი ურთიერთობის წამოწყება ეძნელება, ან მეორე- როგორც დაიწყო თქვენი ურთიერთობა, დღემდე კარგად ახსოვს და არ გენდობა. ერთი სიტყვით, ჰგონია, რომ ატყუებ და ურჩევნია, „დაგაპაშოლოს“. - მე უფრო მეორე ვარიანტი მგონია,-აღმოხდა ოთოს. -შეიძლება, ასეც იყოს- ის ბიჭი ისევ ახსოვს, დიდ ლაქად აქვს გულში, მაგრამ მზად არის ჭრილობები მოიშუშოს და თუ სხვა გამოჩნდება, მასთან ერთად ცხოვრება გააგრძელოს კიდეც, ოღონდ არა ოთოსთან, რადგან მას არ ენდობა, -დასძინა ირაკლიმ. -არც ეგ არის გამორიცხული,- დაეთანხმა დიმა. -ხო, მაგრამ ახლოს არ მიშვებს, რომ ეს დედამოტ*ნული ნდობა მოვიპოვო. სხვა რა ვქნა? ჩემს ადგილას შენ რას გააკეთებდი? -რთული კითხვაა,-საფეთქელთან მოიქექა დიმამ. -ცოტა ხნით შეეშვი,-ურჩია ირაკლიმ. -ჰო, რა. თუ არ უნდიხარ, აზრი არა აქვს, ბოლომდე ასე იქნება და მაშინ ნუ გაუტრა*კე საქმე და თუ უნდიხარ, რაღაცით გაგრძნობინებს. მაზოხისტი ხომ არ არის, რომ მოსწონდე და შენზე უარს ამბობდეს? -მართალი ხარ! მეც ასე ვფიქრობ, რომ უნდა შევეშვა. როცა ხელში მინიმუმი იმედიც არ მიჭირავს, მაშინ სჯობს, უკან დავიხიო. აღარ ვაპირებ თავის დამცირებას. მორჩა! - ხუციშვილმა ნაღვლიანი თვალებით შეხედა მეგობარს. -ვიცი, მტკივნეულია, მაგრამ დამიჯერე, ასე სჯობს, ძმაო,- გასამხნევებლად მხარზე ხელი დაარტყა დიმამ. მიღებულმა გადაწყვეტილებამ შვება ვერ მოჰგვარა ხუციშვილს, მაგრამ ერთ რამეში ნამდვილად დარწმუნებული იყო- ადექვატურად მოიქცა! --- ოქტომბრის თბილი დილა იყო. უცნაურმა სიზმარმა ლილუს ძილი დაუფრთხო. მისი შებრუნების უშედეგო მცდელობის შემდეგ საწოლში წრიალს თავი დაანება და ფეხზე წამოდგა. ფინჯანი ყავით ხელში აივანზე გავიდა და ხმელი ფოთლების სურნელით გაზავებული ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. სიზმარში ნანახი ეპიზოდებიდან გამოყოლილი შეგრძნებები ცხადშიც გადმოჰყოლოდა და სულში სითბოს უღვრიდა. -არა, შეუძლებელია!- ხმამაღლა გაუწყრა თავის თავს და პატარა მაგიდასთან სკამზე მოკალათდა. დიდხანს იყო უძრავად. თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა და შექმნილ გაურკვევლობას გონებაში გასაღებს უძებნიდა. ფიქრს შეეშვა და ელექტრონული ფოსტის შემოწმებას შეუდგა. უაზროდ ათვალიერებდა სხვადასხვა ონლაინ შეთავაზებებს და პროდუქციებზე ფასდაკლებებს. ძირითადად მსგავსი ტიპის შინაარსის წერილებით ჰქონდა ფოსტა გადაჭედილი და მის გასუფთავებას შეჰყვა, როდესაც შემთხვევით კონკრეტული პიროვნების წერილს წააწყდა. იგი პალერმოს სიმფონიურ ორკესტრში იწვევდა და საკმაოდ სარფიან გარიგებას სთავაზობდა. -როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, არ არსებობს ღმერთისგან ნიშანი არ მიიღო,- გაეღიმა, ლეპტოპი გამორთო და სულ სხვა ენერგიით დატვირთული შევარდა ოთახში. ადგილს ვერ პოულობდა. უნდოდა, ეყვირა, ეკივლა და სიხარული ამით გამოეხატა. ოთახიდან გავიდა და აბაზანაში მყოფ დედამისს კარზე კაკუნი აუტეხა: -დროზე გამოხვალ? -კი, რა ხდება? -არაფერი, კარგი ამბავი მაქვს და ერთი სული მაქვს, გითხრა,- ხმა შესცვლოდა გოგონას. -ორი წუთი მაცალე,- გამოსძახა ქალმა და ონკანი გადაკეტა. -ჩქარა! ჩქარა!- ცქმუტავდა კართან ატუზული ლილუ. როგორც კი ტანზე პირსახოცშემოკრული დედამისი დაინახა, მაშინვე მივარდა, ჩაეხუტა და ახალი ამბავი ახარა. -ღმერთო ჩემო, ეს გადარეულო გოგო სულ უფრო მაოცებს, -აკისკისდა ქალბატონი ნინელი. -დედა, დე, დედილო, დედიკონა, - აქეთ-იქით აბზრიალებდა ქალს შვილი. -ლილუ, გაჩერდი, თორემ თავბრუ დამეხვა. სად შემიძლია ამდენი? შვილი მაინც არ ეშვებოდა. -გამეხსნა პირსახოცი და ჩამომვარდა, შე საძაგელო ბავშვო. ხელი გამიშვი!- სიცილს ვერ წყვეტდა დედამისი. ქალს მართლაც შემოეცალა პირსახოცი და იატაკზე დაგდებულს აკივლებული დასწვდა. თავბრუს ხვევამ თავისი ქნა, ძირს დაეცა და შვილიც თან ჩაიყოლა. ძირს გაშხლართული დედა-შვილი უფრო მეტად გამხიარულდა. --- -რას ამბობ?- გაკვირვებული უყურებდა ანიტა თავის მეგობარს. -ჰო, პალერმოში მივდივარ,- შესცინა ლილუმ. - არ ვიცი რატომ, მაგრამ იმედი მქონდა, რომ საქართველოში დარჩებოდი. -არა, ანიტა. უნდა დავბრუნდე. ჩემი გეგმები ჯერ-ჯერობით ამ ქვეყანას არ უკავშირდება. -ცუდია,- გული დასწყდა გოგონას. -შენ არ ინერვიულო. ევროპაში ვიცხოვრებ, სხვა კონტინენტზე ხომ არა? ხან შენ ჩამოხვალ, ხან მე. ახლა ბევრად გამარტივდა მოგზაურობა. -ეგ ჰო,- უხასიათოდ წარმოთქვა ანიტამ. -რა იყო? არ გაგიხარდა? -არა, რა სისულელეა? ძალიან გამიხარდა, მაგრამ... არის ერთი რაღაც, რაც... ნუ, კარგი, დაივიწყე,- აღარ მოისურვა, რომ მეგობრისთვის ხასიათი გაეფუჭებინა. -მითხარი, ანიტა. რამე გაწუხებს? -არა! უფრო სწორად -კი! -რა გაწუხებს? -ოთო. -ეგ არის მიზეზი?-სახე შეეცვალა ციცაგს. გოგონამ თავი დაუქნია და თვალებში სინანულით შეხედა. დაბნეული იყო, ვეღარ გაეგო როგორ შეეძლო ლილუს ერთი ხელის მოსმით ის ამბავი დაევიწყებინა, რაც მასსა და ხუციშვილს შორის ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ხდებოდა. -ანიტა, ძალიან გთხოვ, ოთოს ნუღარ გამახსენებ. -დარწმუნებული ხარ, რომ დაივიწყებ? -დიახ. -აი, მე კი არ ვარ მაგაში დარწმუნებული!- გაბუტული ბავშვივით წინ გამოსწია ტუჩები და მკლავები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა. -რატომ გგონია, რომ ვერ დავივიწყებ? - იმიტომ, რომ... -სიტყვა გაწყვიტა გოგონამ. -ჰო, გისმენ. -იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ გიყვარს,- ძლივს დაასრულა წინადადება. ციცაგს სუნთქვა შეეკრა, ყელზე მოწოლილმა ბურთმა ლამის დაახრჩო და მღელვარებისგან სუნთქვა გაუხშირდა: -მეტჯერ აღარ გაიმეორო! -სიმართლე მწარეა, არა? რატომ არ უტყდები შენს თავს ჭეშმარიტებაში? -რა არის ჭეშმარიტება? მექალთანე ხუციშვილის მიმართ ინტერესი? ვთქვათ და ასეა, მერე? რატომ უნდა ვთქვა უარი შესანიშნავ კარიერაზე და რომანი გავაბა ოთოსთან? რას მომცემს მასთან ურთიერთობა? -მე მეკითხები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა რას მოგცემს? -ჰო, შენ გეკითხები. რას მომცემს მასთან დროებითი კავშირი? გინდა, იმის შიშში ვიყო, როდის დაჰკრავს იმ თავქარიანს თავში და იტყვის, რომ ხვალ-ზეგ ლილუ კი არა, ვიღაც სხვა უნდა? არაფერში არ მიყვარს არასტაბილურობა და მითუმეტეს, გრძნობებში. -დაელაპარაკე. -რაზე დაველაპარაკო? -იქნებ ეს ნამდვილი სიყვარულია. -არ მჯერა, რომ ოთო ხუციშვილს ნამდვილად შევყვარებოდი. მას ის უხრავს გულს, რომ ლილუ ციცაგი კერკეტი კაკალი გამოდგა, სხვა ქალებივით არ გადაირია მის ვიზუალზე, ფინანსურ მდგომარეობაზე და ლოგინში არ ჩაუწვა. სულ ეს არის მისი მოქმედების ფილოსოფია! -მაინც არ მჯერა, რომ ასე ფიქრობ. მგონი, თავს უფრო არწმუნებ, რომ ასეა და აზრზე არა ვარ რატომ,- ნერვები მოეშალა ანიტას, ჩანთას ხელი დაავლო და წასვლა დააპირა. -მოიცადე!- ხელით შეაჩერა მეგობარი,- არ გადახვიდე, სადღაც მინდა წაგიყვანო და რაღაც გაჩვენო. -სად მიგყავარ? -დამიჯერე, ორივეს მოგვიხდება,- თვალი ჩაუკრა ლილუმ და მანქანა დაქოქა. ცოტა ხანში ნატახტარის საცხენოსნო კლუბთან გააჩერა და ლაღი სახით უთხრა: -გადმოდი. -რა ჩაიფიქრე? -გადმოდი და ნახავ,-ეშმაკურად გაუცინა მეგობარს. ანიტას ერთი სული ჰქონდა მისი ჩანაფიქრი ამოეხსნა, მაგრამ ეს ხომ ლილუ იყო? იმდენად ამოუცნობი ბუნება ჰქონდა, ეშმაკიც ვერაფერს მიუხვდებოდა. -აქ რას ვაკეთებთ?- გაოგნებული იყურებოდა და იქაურობას დაკვირვებით ათვალიერებდა. -არ მოგწონს? -კი, ძალიან,- გაუღიმა მეგობარს. -ჰოდა, ვიჯირითოთ. -გაგიჟდი? გინდა გადმოვარდე და დავიმტვრე? -ნუ გეშინია. ინსტრუქტორი მოგხედავს,- თვალი ჩაუკრა უკნიდან მომავალ ახალგაზრდა ჟოკეის და მეგობარი შეატოვა. როგორც კი ანიტამ მისკენ მიმავალი სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი დაინახა, დაიბნა: -ჯანდაბა! რას მიკეთებ, ქალბატონო ლილუ?- გაიფიქრა და ის იყო, უნდა დადევნებოდა, როდესაც უკნიდან სიტყვები მოესმა: -ანიტა, არა? -სახელიც იცის,- თვალებზე აიფარა ხელები. -ცხენზე არასოდეს მჯდარხართ? -არა,- ხელები ნელ-ნელა მოიშორა სახიდან. -ჰოდა, ძალიან კარგი. დღეს შენი ინსტრუქტორი მე ვარ. -ლილუ ციცაგო! ასე მიხდი სამაგიეროს, არა? - გულში ამოილუღლუღა ანიტამ. -მზად ხართ? -მეტი რა გზა მაქვს? -აღმოხდა მეგობარზე გაბრაზებულ ანიტას და ინსტრუქტორს გაუღიმა. -მოდი, ცხენი ავარჩიოთ,- ახალგაზრდა მამაკაცმა ხელით ანიშნა, რომ სადღაც გაჰყოლოდა. - რა ბიჭია! მაგრად დადექი, ანიტა. არ შეგამჩნიოს, რომ მოგწონს! -საკუთარ თავს ამხნევებდა გოგონა. ლილუ უკვე ბუნებაში გაჭრილიყო და შავ ბედაურთან ერთად ჯირითობდა. რამდენჯერაც უკან დარჩენილ მეგობარს გაიხსენებდა, იმდენჯერვე ბაგეები უპობდნენ სახეს: -ესეც ასე, ანიტა. დროა შენი გონება სხვა რაღაცით დაკავდეს,- ეშმაკურად წარმოთქვა და სიჩქარეს მოუმატა. --- ოთო ხუციშვილისთვის ლილუს უნახავად განვლილი რამდენიმე კვირა ჯოჯოხეთი აღმოჩნდა. იმისთვის, რომ მასზე არ ეფიქრა და გონება სხვა რამეზე გადაერთო, მისი ყოველდღიური საქმიანობა მხოლოდ კომპანიაში მიმდინარე საქმიანობით შემოიფარგლებოდა. ძნელად ნახულობდა დროს მეგობრებთან შესახვედრადაც, სახლში მარტოდ და მყუდრო გარემოში ყოფნა ერჩია. არ უნდოდა, მათთვის სულიერი ტკივილი და მისგან გამოწვეული პრობლემები თავზე მოეხვია და ისინიც დაემძიმებინა. საღამოობით მანქანით ქალაქგარეთ გასვლა, ან ღამის თბილისის ყურება ჰგვრიდა შვებას. საათობით სეირნობდა და იჯდა ბუნებაში. უყვარდა, როცა ფიქრებს საყვარელ ადამიანამდე მიჰყავდა, მაგრამ როგორც კი იწყებდა გაცნობიერებას, რომ მასთან ყოფნა ყველაზე ნაკლებად ეწერა, მწარე რეალობა გატეხილ გულს კიდევ უფრო მეტად უმსხვრევდა. ბოლო დროს ხასიათში მისდა უნებურად აგრესიულობა და სიმკაცრე გაუჯდა. ბუნებით მაქსიმალისტი სამსახურში თითქმის ყველას ნამუშევარს იწუნებდა, აღარ არჩევდა რბილ სიტყვებს, ცხვირწინ უხევდა მთელი დღის ნამუშევარს და ხელმეორედ სთხოვდა მეტი ყურადღებით შეესრულებინათ. ერთი სიტყვით, იმდენად აუტანელი გახდა, ყველა გაურბოდა. --- არც ლილუ იყო კარგ დღეში. მართალია, სხვებს არწმუნებდა, რომ ხუციშვილი არ მოსწონდა, მაგრამ საკუთარ თავს კარგად ატყობდა, რომ ენატრებოდა. აკლდა ვიღაც, რომლის გვერდით თავს მშვიდად იგრძნობდა და ცხოვრება კვლავ საინტერესო და სახალისო მოეჩვენებოდა. მოწყენილი იყო, ვეღარაფერს პოულობდა, რასაც გულს გადააყოლებდა. მუდმივ დანაკლისს განიცდიდა და შიგნიდან გამუდმებით რაღაც სტანჯავდა. მის უნახავად გასული კვირები საუკუნეებად ექცნენ. ზოგჯერ იმდენად ენატრებოდა, მზად იყო, აზრს მოკლებული მიზეზი მოედო და იქ მიეკითხა, სადაც ოთო ეგულებოდა: -რა ხდება ჩემს თავს? რატომ მეფიქრება მუდმივად მასზე?- საკუთარ თავს ხშირად უსვამდა ერთსა და იმავე კითხვას , მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა. უფრო სწორად, პასუხი იცოდა, მაგრამ ახლად გაჩენილ სიყვარულს ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა. სწამდა, რომ სწორად იქცეოდა და გამუდმებით უმეორებდა თავს, რომ ეს დროებითი გატაცება იყო და იტალიაში წასვლით ყველა გაურკვევლობას სამუდამოდ მოუღებდა ბოლოს. მხოლოდ იქ წასვლა ესახებოდა ერთადერთ ხსნად, რომელიც ტანჯვისგან იხსნიდა და ხუციშვილის სახეს სამუდამოდ წაშლიდა საყვარელი ადამიანების სიიდან. --- ერთ საღამოს, როდესაც საგურამოში ასული ოთო მამამისთან ერთად საერთო საქმიანი პარტნიორების საქმეს განიხილავდა, მამა-შვილის ბიზნეს გარიგებების, მსოფლიო ბაზარზე არსებული სიახლეების და სხვა უამრავი წვრილმანების მოსმენით მობეზრებულმა ზიზიმ ამოიხვნეშა და ყურადღება, რომ მიექცია, მოსაუბრეებს შუაში ჩაუდგა: -გეყოფათ ახლა, თავი ნუ ამატკიეთ თქვენი ბლოკით, ცემენტით და არმატურებით! -ამით ჭამ პურს, ძვირფასო,- ღიმილით გადახედა მეუღლეს გივიმ და ამ ჟესტით ზრდილობიანად უსაყვედურა. -მე როდის მომხედავთ? ხომ გითხარით, რომ თქვენთან საქმე მაქვს და არც თუ ისე უმნიშვნელო-თქო? -კარგი, მერე გავაგრძელოთ საუბარი,- თვალი ჩაუკრა შვილმა მამამისს და ზიზის შეუბრუნდა: -გისმენ, ქალბატონო დედა. -მე და ნინელიმ სილამაზის სალონის გახსნა გადავწყვიტეთ. ამ დღეებში ყველა თანამედროვე აღჭურვილობა და კლიენტებისთვის სხვადასხვა მომსახურებების შეთავაზების ფართო სია ჩამოვწერეთ. იქნებ გადახედოთ და რამე სასიკეთო მირჩიოთ. -მოიცა, მოიცა! -ხელი ასწია ოთომ, -მომსახურებებით რომ იწყებ, ფართი თუ ნახე, ხარჯები თუ დაითვალე? -ჰოდა, რისთვის მყავხართ თქვენ? -აუფ!-ჩაეცინა გივის,- სად მცალია, ქალო შენი საქმეების სადევნელად? -უნდა მოიცალოთ. -არ გინდა, შეეშვი, ზიზი რა. მაგას გამოცდილება უნდა, შენი კლიენტებიც უნდა გყავდეს. ისე როგორ აამუშავებ? რთულ რაღაცას ეჭიდები,-მამამისს აჰყვა ოთოც. -ჰო, ჩამიკალით ოცნებები,- წყრომით წარმოთქვა ქალმა. -საიდან აიტეხეთ ეს სილამაზის სალონი? -ჰკითხა ქმარმა. -ლილუს იდეა იყო, ჩვენც ჭკუაში დაგვიჯდა. რაღაცით დავკავდებით, პრივატულ საქმიანობას მოვიწყობთ და ცხოვრებას უფრო საინტერესო კუთხით წარვმართავთ,- ხელები გაშალა ზიზიმ. -ლილუ როდის ნახე?- ოთოს ამ სახელის გაგონებაზე გული აუჩქარდა. -იმ დღეს ნინელის სახლში შევუარე, ყავაზე დამპატიჟა. ვიდრე ლილუ და ჩვენ პალერმოში გასაქირავებელ ბინებს ვარჩევდით, საიტზე არსებულმა რამდენიმე სილამაზის სალონმა თვალი მოგვჭრა და ასე, სრულიად შემთხვევით დაიბადა აზრი, რომ მე და ნინელის საერთო ბიზნესი წამოგვეწყო. თავის მოვლა ორივეს გვიყვარს, ძალიან ბევრი რამ გაგვეგება ამ საქმეში და ვიფიქრეთ, რატომაც არა? -უფ! -თავი გაიქნია გივიმ. აშკარა იყო, რომ ცოლის ახლად ატაცებული იდეა მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა. -პალერმოში რატომ ეძებს ბინებს?-ოთოს თავის სადარდებელი ჰკლავდა. -რამდენიმე კვირაში იტალიაში ბრუნდება. პალერმოს სიმფონიური ორკესტრიდან კარგი შეთავაზება მიუღია. ნინელი და ზურა შვილის წარმატებებით მეცხრე ცაზე არიან. ოთოს ახალი ამბის გაგებით გული შეეკუმშა. წარმოიდგინა, რომ ლილუს ვეღარ ნახავდა და თავი საშინლად იგრძნო. არსებული სიმარტოვე კიდევ უფრო დიდი სიმძიმისთვის იმეტებდა. ამის გაცნობიერება და სასწრაფოდ მისი სკამიდან წამოდგომა ერთი იყო. გარეთ გავარდა და მანქანაში ჩაჯდა. -სად გაიქცა ეს ბიჭი?-გაკვირვებული შესცქეროდა ზიზი თავის შვილს. გაურკვევლობა ეტყობოდა გივისაც. --- სანამ საგურამოდან თბილისში ჩასასვლელ მანძილს დაფარავდა, თავისი დაემართა. დროდადრო შუქნიშანზე გაჩერებისას სიმწრისგან საჭეს ხელის გულს არტყამდა და წყობიდან გამოსული ზოგიერთ მძღოლსაც უკურთხავდა. ყიფშიძის ქუჩაზე შხუილით შეიჭრა და ავტომობილი კორპუსის წინ გააჩერა. მობილური ტელეფონი ამოიღო და ლილუს ნომერი მოძებნა. სასწრაფოდ დააჭირა დარეკვის ღილაკს და საყვარელი ქალის ხმის გაგონებას დაელოდა: -მიპასუხე, ლილუ, მიპასუხე!- ხმამაღლა ღრიალებდა მოთმინებადაკარგული. რამდენიმე მცდელობის შემდეგ ციცაგმა როგორ იქნა, უპასუხა. მისი ტელეფონიდან ხმამაღალი მუსიკის ბგერები გამოდიოდა. -სად ხარ? -არ ვარ სახლში, სხვაგან ვარ. -შენთან საქმე მაქვს. -რა საქმე გაქვს? -მისამართი მომწერე, მოვდივარ. -არსადაც არ მოხვალ. არ მცალია შენთან სალაპარაკოდ. ამ სიტყვებზე სიბრაზე კიდევ მეტად მოაწვა ხუციშვილს: -დროზე მისამართი, ლილუ! შენს სახლთან ვდგავარ და თუ არ გინდა სახლში დაბრუნებულმა შენზე განრისხებული მამაკაცი იხილო, გირჩევნია, სადაც ხარ, ცოტა ხნით მნახო და მომისმინო. ასეთი მომთხოვნი და მკაცრი ტონი არასოდეს ჰქონოდა ხუციშვილს მის მიმართ. -რესტორნის სახელწოდებას მოგწერ და როცა მოხვალ, მესიჯი გამომიგზავნე და გარეთ გამოვალ,-ეს უთხრა და მალე გაუთიშა. რამდენიმე წამში ტექსტური შეტყობინების სახით რესტორნის დასახელებაც მიიღო. მაშინვე დაქოქა მანქანა და მითითებული შენობისკენ აიღო გეზი. ხალხისგან გადაძეძგილ რესტორანში მაგიდებს გადახედა და ლილუს დაუწყო ძებნა. უეცრად, თვალი უცხო მამაკაცთან მოცეკვავე ციცაგს მოჰკრა, რომელიც სიმპათიურ მეწყვილეს სასიამოვნო ღიმილს ჩუქნიდა. ოთომ სიმწრისგან თავის კონტროლი დაკარგა, წყვილს მივარდა, ლილუს ხელი მკლავში ჩაავლო და მთელი ძალით გამოქაჩა. -ე, ე, შენ თავი ხომ არაფერს მიარტყი?-დაუყვირა ახალგაზრდა მამაკაცმა და უკან დაედევნა. -ხელი გამიშვი!- ოთოს უხეშმა საქციელმა მდგომარეობიდან გამოიყვანა ლილუც. ამასობაში ახალგაზრდა მამაკაცი წამოეწიათ და ხუციშვილს ლილუს წართმევა დაუპირა, როდესაც ცხვირში მთელი ძალით წასული მუშტი მოხვდა და ინერციადარღვეული უკან წაბარბაცდა. -შენი დედას შევე*ი!- კბილებში გამოსცრა დასისხლიანებულმა მამაკაცმა და ოთოს ხელმეორედ მივარდა, მაგრამ კვლავ მოიგერია და ახლა მის უკან მდებარე კლიენტებით სავსე მაგიდაზე გადააგდო. -რას აკეთებ?- ტუჩზე იკბინა აღელვებულმა ციცაგმა. -ხელი გამიშვი! ამის დედა უნდა მოვტ*ნა!- ყვიროდა ხუციშვილი და ისევ იწევდა მის საცემნელად. -არანორმალური ხარ! ხომ გითხარი, რომ მომწერე-მეთქი და გარეთ გამოვიდოდი?- ხმას აუწია ლილუმ. ხუციშვილს აღარცერთი სიტყვა არ ესმოდა. ვეღარც დარბაზში აკივლებულ ხალხს ამჩნევდა. ერთადერთი რაც უნდოდა, ეჭვისგან გაგიჟებულს მისი მეტოქისთვის ცემისგან თავ-ყბა გაეერთიანებინა, მეტი არაფერი ამოძრავებდა. -ოთო, შეეშვი, გთხოვ,-ევედრებოდა ლილუ. -თავი დაანებე! ვიღაც ავადმყოფი ხარ!-უყვიროდა სასოწარკვეთილი გოგონაც, რომელიც მამაკაცის საშველად თავს არ ზოგავდა. მოულოდნელად, დარბაზში დაცვის თანამშრომლები გამოჩნდნენ და ახლად ატეხილი ჩხუბი მაშინვე ჩაახშეს. ნაცემი მამაკაცი სუფრის დანარჩენმა წევრებმა სადღაც გაიყვანეს, ხუციშვილი კი რესტორნის ეზოში აღმოჩნდა და კვლავ ბილწსიტყვაობდა. -აქ დამელოდე! ჩემს სუფრის წევრებს დავემშვიდობები და გამოვალ!- თვალები დაუბრიალა ლილუმ და შენობაში შებრუნდა. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, ხუციშვილს მანქანაში ჩაუჯდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, კარი ისე მოიჯახუნა. -უფრო მაგრად უნდა გექნა. არ იყო საკმარისი,- ცალყბად ჩაეცინა ხუციშვილს. ციცაგმა ისევ გააღო და კიდევ მეტად მოიჯახუნა. -შენ მოგიწევს მანქანის უკარო ნაწილით მგზავრობა, მე-არა,- ოდნავ დამშვიდებული სახით გახედა ქალს. -რას ერჩოდი იმ ბიჭს? - გაბრაზებული სახით ჰკითხა ლილუმ. -ოღონდ ოთო ხუციშვილს არ შეხვდე და არ დაელაპარაკო და ნებისმიერ სალახანას შეხვდები და ეცეკვები კიდეც,- კბილები გაახრჭიალა მამაკაცმა. -მერე შენ რა? -მერე ის, რომ ამიხსენი რატომ მექცევი ეგრე? -ეგრე როგორ? -რატომ მარიდებ თავს? -იმიტომ, რომ ასე მაწყობს. -ისიც გაწყობს, რომ ჩემს გარდა, რომანტიკული ვახშმის და ცეკვის შემდეგ ნებისმიერს დაუწვე? ამ სიტყვებზე თავი ვეღარ შეიკავა ციცაგმა და სილა გააწნა: -არანაირი რომანტიკული ვახშამი არ ყოფილა. კლასელების შეკრება იყო. ჩემს კლასელს ვეცეკვებოდი და სხვათაშორის, მისი ცოლიც მაგიდასთან იჯდა. აი, ის, ვინც ჩემთან ერთად იდგა და გაშველებდათ. ხუციშვილი ამ სიტყვების გარდა ყველაფერს მოელოდებოდა. თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. აღარ იცოდა, რა ეთქვა: -არ მატყუებ? -არა. -ჯანდაბა! შენი ბრალია ყველაფერი. სულ გამაგიჟე. -რა? -თავს ნუ იკატუნებ. კარგად იცი, რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვარ. -ამ თემაზე ბევრჯერ ვილაპარაკეთ. არ მინდა, რომ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ. -რატომ ჯიუტობ? -რაში ვჯიუტობ? -რატომ არ გინდა, რომ ერთმანეთი უკეთესად გავიცნოთ? -ჯერ რასაც ვუყურებ, ვერაფრით ვიხიბლები, რომ სულმა წამძლიოს და შენთან შეხვედრა მოვინდომო. -კარგი, რადგან ასეა, ასე იყოს,- მანქანა დაქოქა კიდევ ერთხელ გაავებულმა ოთომ და დიდი სიჩქარით მოსწყდა იქაურობას. -რას აკეთებ?-გული აუკანკალდა ლილუს. ხუციშვილი ხმას არ სცემდა, გაზს მთელი ძალით აწვებოდა და ტრანსპორტით გადატვირთულ გზაზე მიმავალ მანქანებს მილიმეტრებით უქცევდა გვერდს. -გააჩერე! მეშინია. -შემეხვეწე! -გააჩერე! -მთხოვე-მეთქი! -უმართავი ხარ! რაღაცას შევასკდებით!- ლილუმ სახეზე ხელები აიფარა და სხეულში დავლილი შიშისგან გაყინული კიდევ მეტად აკანკალდა. ხუციშვილი კვლავ განაგრძობდა დიდი სიჩქარით სვლას. -გთხოვ!-როგორც იქნა, ამოილუღლუღა ციცაგმა. -ხმამაღლა!-იღრიალა მამაკაცმა. -გთხოვ!-ამჯერად უფრო გამოკვეთით წარმოთქვა ქალმა. ავტომობილი მაშინვე გაჩერდა. სალონში ორივეს გახშირებული სუნთქვა ისმოდა. ლილუმ კარი გააღო და გადავიდა. ოთო გადაჰყვა და ზურგს უკან ამოუდგა: -მაპატიე. დაგროვილი სიბრაზისგან დავიცალე. არ მინდოდა, რომ ასე შემეშინებინე. ფერდაკარგული ქალი არაფერს ამბობდა. ყელზე მოწოლილ ნერწყვს ძლივს ყლაპავდა, ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა, შეკუმშული ფილტვები ჟანგბადით აევსო. -რატომ მოხვედი რესტორანში? ეს იყო შენი საქმე? -არა. სხვა რაღაცისთვის მოვედი და ყველაფერი სხვაგვარად გამოვიდა. -გისმენ, საქმეზე გადადი. -რატომ ასე ოფიციალურად? -ოთო გისმენ. რატომ გინდოდა ჩემი ნახვა? -დღეს აზრი არ აქვს ამაზე საუბარს. უკეთესი იქნება, თუ ხვალ შევხვდებით და მშვიდ გარემოში დავილაპარაკებთ. წამოდი, სახლამდე მიგაცილებ,- დაბალი ხმით უთხრა, ხელი მოჰკიდა და მანქანამდე მიიყვანა. ლილუს ჯერ კიდევ ვერ დაეცხრო საღამოსგან მიღებული შოკი, რომლის თავი მასზე უგონოდ შეყვარებული ოთარ ხუციშვილი იყო. - სადაც არის გული გამისკდება,-თავისთვის ფიქრობდა ციცაგი და დროდადრო სერიოზული სახით მჯდომ ოთოს გადახედავდა ხოლმე, რომელსაც სახეზე ეწერა, რომ არანაკლებ სადარდებელში იყო. --- მეორე დღეს ლილუ დანიშნულ ადგილას გამოცხადდა. ლოდინისგან მოთმინებადაკარგული ოთო ადგილს ვერ პოულობდა. როგორც კი საყვარელ ქალს მოჰკრა თვალი, მაშინვე გადაუარა გაბრაზებამ და მისკენ წავიდა: -მადლობა, რომ მოხვედი. -არაფრის. -სადმე ხომ არ დავსხდეთ? უფრო მოხერხებულად ვილაპარაკებთ. -არა, სეირნობა მირჩევნია. -კარგი, რადგან ასეა, მაშინ ვისეირნოთ. -გისმენ. რატომ გინდოდა ჩემთან საუბარი? -დედაჩემზე და დედაშენზე მაქვს სალაპარაკო. -ვერ მიგიხვდი,- დაძაბულობა შეეტყო ლილუს. -ორივე შენი ატეხილია სილამაზის სალონის გახსნაზე, არა? -აჰ, აი, თურმე რაში ყოფილა საქმე,-ჩაეცინა ქალს. -მოკლედ, წინადადებას გთავაზობ. თუ გინდა, რომ ორივეს დავეხმარო ამ ბიზნესის წამოწყებაში და შემდეგი პროცედურების სწორად წარმართვაში, შენ მე უნდა დამეხმარო. -მე როგორ უნდა დაგეხმარო? ორ კვირაში იტალიაში ვბრუნდები. -ალბათ, იცი, რომ ადგილმდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სანამ აქ იქნები, ერთად ვივლით და რამდენიმე ვარიანტს შევარჩევთ, განვიხილავთ და შევჯერდებით. ხარჯების დათვლას და მათ მინიმუმამდე დაყვანას რაც შეეხება, მაგ საქმეში არ ჩაგრევ. ამას ჩემ თავზე ვიღებ, ძალიანაც რომ მოინდომო, ჩემზე უკეთესად მაინც ვერ გააკეთებ. აბა, დაფიქრდი და ისე მითხარი პასუხი. - უარი რომ გითხრა, რა მოხდება? -შენ რომ უარი მითხრა, მაშინ არანაირი მოტივაცია აღარ დამრჩება და მეც უარს ვიტყვი ამ საქმის ბოლომდე მიყვანაზე. -მაშინაც კი, როცა საქმე დედაშენს ეხება? -მინდა შეგახსენო, რომ საქმე დედაშენსაც ეხება. ასე, რომ... ციცაგი რამდენიმე წუთით დაფიქრდა და პასუხი დაუბრუნა: -ჩიხში მომიმწყვდიე და სხვა გზას არ მიტოვებ. თანახმა ვარ. -ჭკვიანი გოგო ხარ!- ჩაეცინა ხუციშვილს. - შენ კი -ჭკვიანი ბოროტი. -აჰა, დავწინაურებულვარ. ადრე ჭკუამსუბუქად მთვლიდი, ახლა ჭკვიანი ბოროტი გავხდი. რატომ? -კარგად იცი, როგორ აიძულო სხვას რაღაცის გაკეთება. -ეს იძულება არაა, ძვირფასო. მშობლების სიყვარულს უფრო დავარქმევდი. -ჯანდაბას შენი თავი. თანახმა ვარ-თქო,- თვალები გაუსწორა ლილუმ და ჰაერში აფრიალებული თმები ყურებზე გადაიწია. -მაშინ შევთანხმდით. დაელოდე ჩემგან მოწერილ შეტყობინებებს. ხშირად მოგვიწევს საქმიანი შეხვედრები. -კიდევ რამეზე ხომ არ გინდოდა საუბარი?-ეშმაკურად გადახედა ციცაგმა. -რომ იცოდე, რამდენ რამეზე მინდა გელაპარაკო, დედაშენის და დედაჩემის ბიზნესი მათთან შედარებით, სასაცილოდ მოგეჩვენებოდა,- თავისთვის გაიფიქრა ოთომ და სხვა პასუხი დაუბრუნა:- ჯერ-ჯერობით, არაფერზე. -კარგი, მაშინ დაგემშვიდობები. -მიგაცილებ. -არ არის საჭირო, მანქანით ვარ. -დროებით. -დროებით. არცერთს უნდოდა წასვლა. ორივეს მიზიდულობის ძალა ექაჩებოდა ერთმანეთისკენ, მაგრამ მათ შორის შექმნილი ვითარება სულ სხვა რამეზე მეტყველებდა და ორივეს დასაშორებლად იმეტებდა. --- იმ დღიდან, რაც ლილუ ციცაგთან ერთად მისთვის ხელსაყრელი გარიგება დადო, სილამაზის სალონისთვის თავგადაკლული ეძებდა ფართებს, რომ კიდევ მისცემოდა მასთან შეხვედრის შანსი. სამ დღეში დაახლოებით ხუთი ადგილი შეარჩია და კვლავ დაიბარა შეხვედრაზე. მთელი დღე ატარა, ათვალიერებინა, თითოეულზე აზრს ეკითხებოდა, აკვირდებოდა, სწავლობდა, უკეთესად ეცნობოდა, მისი ღიმილით და მასთან ყოფნით ბედნიერობდა... დღის ბოლო იყო, როდესაც დაღლილ-დაქანცულები ბოლო გამქირავებელს შეხვდნენ. ხუციშვილს ლილუს მსგავსად ფართი კი მოეწონა, მაგრამ იდეა, რომ მასთან საქმიანი შეხვედრები დასრულდებოდა, აღარ ხიბლავდა და საბოლოოდ დაწუნება ამჯობინა. -გამაგებინე, რას უწუნებ ამ ფართს? დიდია, ხალხმრავალ ტერიტორიაზეა, ცენტრალური უბანია. მეტი რა მოთხოვნილებები გაქვს? -ფასი არ მომწონს, ძვირია,- მიზეზად მხოლოდ ესღა მოიფიქრა ხუციშვილმა. -მაინც რამდენად გინდა, რომ მოგაქირავონ, ხუთ ლარად? -რაც ნაკლებად, მით უკეთესი. მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურ მოგებაზე უნდა გახვიდე. ასეა ბიზნესი,-ეღიმებოდა ოთოს. -კარგი, ვიაროთ მაშინ და გული მიგრძნობს, ბოლოს იმასაც დავკარგავთ, რაც ხელში გვიჭირავს. -ძალიან მომშივდა. სადმე ხომ არ გაგვეჩერებინა? -არ მშია. -ნუ ჯიუტობ. მთელი დღეა ერთად ვართ. ვერ დავიჯერებ, რომ არ მოგშივდა. -მოგიწევს დაჯერება. -კარგი, რადგან შენ არ გინდა, მაშინ დამელოდე, სენდვიჩს მაინც ვიყიდი ჩემთვის და მალე დავბრუნდები,-მანქანა ერთ-ერთ სუპერმარკეტთან გააჩერა და გამზადებული საჭმელების დახლისკენ აიღო გეზი. როდესაც დაბრუნდა, ორი ლუკმა მოაკბიჩა და ლილუს მიაჩეჩა ხელში: -შეგიძლია, ორი წამით დამიჭირო? -რა ხდება?- გაურკვეველი თვალებით შეხედა ქალმა. -კოკა-კოლის ყიდვა დამავიწყდა. უცებ ვიყიდი და მოვალ. -კარგი. -ჰო, მართლა, არც სასმელი გინდა? ყელი მაინც არ გიშრება? -არა. ხუციშვილმა თავი გაიქნია და კვლავ სუპერმარკეტში შეაჭრა. შესცქეროდა სენდვიჩს ციცაგი და ლავაშში გახვეული ლორის და ბოსტნეულის სურნელი თავბრუს ახვევდა. -ჯანდაბა!-ალბათ უკვე მეათეჯერ ჩაყლაპა ნერწყვი და სენდვიჩს ერთი კვირის მშიერივით ეძგერა. უკვე ნახევარზე ნაკლები ჰქონდა დარჩენილი, როდესაც სუპერმარკეტიდან გამოსულ ოთოს მოჰკრა თვალი, ჭამა შეწყვიტა და დამნაშავე ბავშვივით გაისუსა. მანქანაში დაბრუნებულმა მამაკაცმა სენდვიჩი გამოართვა, დახედა და ლილუს ნიშნის მოგებით გახედა: -ორი წამით გთხოვე , დამიკავე-თქო და ნახევარზე მეტი შემიჭამე. ასე მოკლე ხანში როგორ მოგშივდა? ლილუს დარჩენილი ლუკმა ყელში ლამის გაეჩხირა. ხმა არ გაუცია, ხელში სწვდა, კოკა-კოლის ბოთლი წაართვა და გამაგრილებელი სასმელიც მიაყოლა. -სვავი!- გაეცინა ოთოს, დარჩენილი სენდვიჩი დაუბრუნა და თავისთვის ახალი რომ შეეძინა, კვლავ სუპერმარკეტს მიაკითხა. --- ჰელოუინის მზადების პერიოდი ახლოვდებოდა. ლილუსთან „საქმიანი შეხვედრებით“ დაკავებული ოთო სამსახურის საქმეებს დილამდე უჯდა და უძილობისგან გადაღლილი დარბაზის ქირაობაზე, დეკორაციებზე და დანარჩენ საორგანიზაციო საკითხებზე ვეღარ იცლიდა. ეს საქმე მთლიანად ირაკლის და კუციას გადააბარა და დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერს იდეალურად გაართმევდნენ თავს. ამასობაში, როგორც იქნა, სილამაზის სალონის ადგილმდებარეობა შეარჩიეს, დედებსაც აჩვენეს და ახალი ბიზნესის დასაწყისი მათთან ერთად დახვეწილ გარემოში, გემრიელი სადილით აღნიშნეს. -მე და ნინელის საქმე გვაქვს და სხვაგან მივდივართ. თქვენ რას იზამთ? - წასვლის წინ ჰკითხა ზიზიმ შვილს. -ლილუს სახლამდე მივაცილებ, მერე მეც სადღაც უნდა გავიდე, პატარა საქმე მაქვს და იქიდან საგურამოში დავბრუნდები. თუ წაყვანა გინდა, დამირეკე. -მე მამაშენი მომაკითხავს. ჩემზე ნუ ინერვიულებ,-გაუღიმა ქალმა, ლილუს დაემშვიდობა და მეგობართან ერთად გაუჩინარდა. -წავიდეთ?- ხუციშვილმა ლილუს გახედა. -აჰამ!- თავი დაუკრა ციცაგმა. -მერე რომ არ დამავიწყდეს, მანქანაში რომ ჩავჯდებით, გამახსენე, რაღაც უნდა გითხრა. -რა?-ინტერესმა სძლია ლილუს. -მოთმინება იქონიე,-გაეღიმა მამაკაცს. - ახლა რაღა ჩაიფიქრე? -გამახსენე-თქო და როგორ გინდა, რომ დაგავიწყდეს?-ხელები გაშალა ხუციშვილმა. -კარგი, ჰო. როგორც გინდა,- მხრები აიჩეჩა ლილუმ და მანქანაში ჩაჯდა. ხუციშვილი რამდენიმე წუთით ფიქრობდა ციცაგისთვის მორიგი ინფორმაცია ისე როგორ მიეწოდებინა, რომ მისგან უარი არ მიეღო. ბოლოს, როგორც იქნა, წამოიწყო: -გახსოვს, როდესაც მე და შენ ჰელოუინის დღესასწაულზე ვსაუბრობდით? -როდის?- თავი მოაჩვენა, რომ არ ახსოვდა. -კრუიზში რომ გელაპარაკებოდი. გითხარი კიდეც, თუ აქ იქნებოდი, დაგპატიჟებდი. დამპირდი, რომ მოხვიდოდი. -კი, გამახსენდა. -31 ოქტომბერს იგეგმება. აბა, რას იზამ, მოხვალ? -დაპირებებს ტყუილად არ ვიძლევი. რადგან გითხარი, ესე იგი, მოვალ. -ძალიან კარგი,-გამხიარულდა ხუციშვილი,-ოღონდ ერთი რამე უნდა გაითვალისწინო. -რა?-დაბალ ხმაზე ჰკითხა ლილუმ. -სახალისო კონკურსები იქნება და სათანადოდ უნდა მოემზადო. -რა კონკურსები? თუ შეიძლება, ყველაფერი დაწვრილებით ამიხსენი. -ბევრ მხიარულ აქტივობასთან ერთად, ჩატარდება საპრიზო კონკურსები და პრიზები გადაეცემათ საუკეთესო ჯგუფს, ყველაზე უნიკალურს, საუკეთესო წყვილს და ყველაზე საშინელს. -კოსტუმებს გულისხმობ? -კოსტუმებსაც და ვისაც ზედმეტად თავის გამოჩენა უნდა, შეუძლია თავი სხვანაირადაც წარადგინოს. მთავარია, აუდიტორია მოხიბლოს, რადგან ჟიურის როლს მხოლოდ აუდიტორია ასრულებს და წვეულების შემდეგ ფარული კენჭისყრით ვლინდებიან გამარჯვებულები. -შეიძლება, მეგობრები წამოვიყვანო? -რა თქმა უნდა. -ძალიან კარგი, მაშინ წინასწარ დავიწყებთ მე და ჩემი მეგობრები მომზადებას,-სასიამოვნო ხრიკმა გაუელვა თავში და სახეზე კმაყოფილება დაეტყო. -აჰაჰაჰ!-ჩაეცინა ოთოს,- გგონია, რომ იმდენ ხალხში ისე მიიქცევ ყურადღებას, პრიზსაც გამოჰკრავ ხელს? -რატომაც არა. გინდა დაგენიძლავო, რომ აუცილებლად მოვიგებ? -მინდა. -რაზე დაგენიძლავო? -თუ ნიძლავია, ნიძლავი იყოს. ისეთი რაღაც უნდა ავირჩიოთ, რაც რთული იქნება შესასრულებლად. -ყველაფერზე წამსვლელი ვარ,- მრავლისმეტყველი მზერა შეავლო მამაკაცს და გაუღიმა. -მაინც რაზე ხარ წამსვლელი? -მზად ვარ, შენთან ერთად ერთი ღამეც კი გავატარო. ამ სიტყვების გაგონება და მანქანის დამუხრუჭება ერთი იყო. სუნთქვაგახშირებული ოთო ლილუს მიუბრუნდა და ძლივს მოუყარა სათქმელს თავი: -დარწმუნებული ხარ? -აბსოლუტურად. -არ ინანებ? -ლილუ ციცაგი არასოდეს ნანობს მიღებულ გადაწყვეტილებებს! -მდა!- მანქანის ფანჯარა ჩასწია ხუციშვილმა, რომ უეცარი წამოხურება გრილი ჰაერით გაექრო. ლილუს შეუმჩნეველი არ დარჩენია მამაკაცის უცნაური ფორიაქი და გულში ეღიმებოდა: -შენ რაზე ხარ წამსვლელი?- ჩუმად ჰკითხა და პასუხს დაელოდა. -მეც ნებისმიერ რაღაცაზე წამოვალ. -მაინც? რომ წააგო, სამუდამოდ შემეშვები? -მაგას ვერ შეგპირდები. -აბა, შოკოლადებს და ვარდებს რომ მიყიდი, ეგ მეც კარგად ვიცი. -არა, მე სხვა რამ გითხარი. -რა? -ვერ შეგპირდები, რომ წავაგებ. გამორიცხე! -ჯანდაბა! კიდევ უფრო მიწვევ,- გამშრალ ტუჩს ენის წვერი გადაატარა. -ნუ გავიწყდება, რომ ეს საშიში თამაში სწორედ შენ წამოიწყე,- თავმომწონედ უთხრა მამაკაცმა და მანქანა დაქოქა. -ეს იმიტომ, რომ თავდაჯერება არ მაკლია. -სერიოზული განაცხადია,-თავი დაუქნია ოთომ,- მაგრამ მეეჭვება, მოიგო. -ვნახოთ,-ჩაფიქრდა ციცაგი. რამდენიმე წუთში ლილუს საცხოვრებელ კორპუსს მიადგნენ. ვიდრე ოთო დაემშვიდობებოდა, კიდევ ერთხელ ჰკითხა: -ნამდვილად მზად ხარ, რომ წაგების შემთხვევაში შენი სიტყვა შეასრულო? ლილუ მისკენ გადაიხარა და ძალიან ახლოს მიუტანა ყურთან ტუჩები: -წაგებას არც ველოდები, მაგრამ თუ ასეთი რამ შემემთხვევა, ჩემს სიტყვას არ გადავალ და ის, რაც იმ ღამეს მოხდება, შემპირდი, რომ მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება. ხუციშვილს ქალის სექსუალური ხმით წარმოთქმულ სიტყვებზე გასცრა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა: -ჩემს ინტიმურ ცხოვრებას არავისთან, არასოდეს ვასაჯაროვებ! -ძალიან კარგი,- გადასვლა დააპირა ციცაგმა. -წააგებ იცოდე!-გაფრთხილების ნიშნად თითი აუწია ოთომ. -მაგასაც ვნახავთ!-გვერდულად გახედა ციცაგმა და თვალი ჩაუკრა. მეტი არაფრის თქმა დააცადა, კარგი დღე უსურვა და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა სადარბაზოს გზას. --- სახლში ასვლისთანავე დიკოს დაურეკა და ჰელოუინის წვეულების შესახებ შეატყობინა: -სამ დღეში მე, შენ და ანიტა ოთოს მიერ მოწყობილ წვეულებაზე ვართ დაპატიჟებულები. შენ გეცოდინება ყველაზე ორიგინალური და კარგად მოვლილი კოსტუმები სად ქირავდება. -მოიცა, მოიცა! წესიერად ამიხსენი. სად ვართ მიწვეულები? -31 ოქტომბრის საღამოს ხუციშვილი ჰელოუინის დღისადმი მიძღვნილ წვეულებას აწყობს. სამივე დაპატიჟებულები ვართ, ოღონდ კოსტუმები უნდა შევარჩიოთ. რაღაც საპრიზო კონკურსებიც იგეგმება და ერთ-ერთი პრიზი აუცილებლად ჩვენმა გუნდმა, ამ მე უნდა მივიღო. -გამარჯვებით გინდა, ხუციშვილის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქციო? მიგიხვდი, ვერაფერს გამომაპარებ,- ხმა შეეცვალა დიკოს. ლილუმ თვალები გადაატრიალა და დაეთანხმა: -ჰო, ეგრეა. დამეხმარები? -ასე აჯობებს. დროა, აღიარო, რომ შენც ისევე გაინტერესებს და გიზიდავს, როგორც მას. -დიკო,- ხმას აუწია ლილუმ,- დამეხმარები? -რა თქმა უნდა, საყვარელო. რამდენიმე არაჩვეულებრივი ადგილი ვიცი. ისე გამოგაწყობ, რომ თვალი ვერავინ მოგწყვიტოს. აბა, რა ვეძებო? პრინცესა, დედოფალი, დისნეის რომელიმე პერსონაჟი,- ჩამოთვლა დაიწყო მეგობარმა. -რა პრინცესა და დედოფალი? ჰელოუინის საღამოა. -მერე რა? მაინცდამაინც საფლავიდან ამოსული ზომბი უნდა გახდე, რომ ოთოს ყურადღება მიიქციო? არ გვაწყობს ეგ ამბავი, იმ ბიჭს შეაშინებ, -გადაიკისკისა გოგონამ. -ოთო! ოთო! სულ იმის სახელი როგორ უნდა მესმოდეს?- ამოიქშინა ლილუმ და შუბლი მოისრისა. -ვაიმე! შენ თუ ასე გინდა, რა პრობლემაა? ჩონჩხი, ეშმაკი, მუმია, ჯოჯოხეთიდან აღმდგარი -ყველაფერი აქვთ. წავიდეთ და ისემც გიქნია, თავის ქალად და დასისხლიანებულ თვალებად გადაქცეულხარ, რას მეჩხუბები? -არ გეჩხუბები, რაღაც ისეთს ვეძებ, ჩემს ხასიათთან ახლოს რომ იყოს და თანაც საშიში. დაურეკე რა ანიტას და ერთად წავიდეთ, ისიც მოგვაშველებს თავის იდეებს. -თუ მიპასუხებს, კი. რა გაუკეთე ამისთანა, რომ ჩვენთვის აღარ სცალია? ლილუს გაეღიმა და მეგობარს მხიარული ტონით უპასუხა: -ძალიან ტვინს ჭამდა და მისთვის სასარგებლო საქმით დავაკავე. თუ არ გიპასუხებს, მისწერე, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდება. -კარგი, ვცდი,-ღიმილითვე მიუგო მეგობარმა და დაემშვიდობა. ლილუს კმაყოფილებ დასთამაშებდა სახეზე: -კი ღირსი ხარ, ჩემო ოთიკო, რომ წვეულებაზე კუბოში ჩავწვე, ხანდახან ხელი ამოვყო, ფეხზე მოგიჭირო და შიშისგან ზამბარასავით გახტუნავო, მაგრამ დაგინდობ. შემდეგ ინტერნეტში შევიდა და მრავალფეროვანი იდეების მისაღებად სხვადასხვა საიტებზე ატვირთულ ჰელოუინის წვეულებების ვიდეოებს ინტერესით მიადევნა თვალი. --- სამაგიეროდ ოთოს არ ადარდებდა კოსტუმის შესახებ ფიქრი. როგორც ყოველთვის, კუციას მიენდო. ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მეგობრების გუნდი აუცილებლად მოიპოვებდა პრიზს და ლილუს ყველანაირად გადაუკეტავდა გზებს მოსაგებად. ყოველ შემთხვევაში, დასახელებული ნომინაციებიდან ერთ-ერთს აუცილებლად მიიღებდნენ და შესაბამისად, მოგების შანსები დაიკლებდნენ. კუციას სადღესასწაულო გართობებისთვის იდეებით სავსე გონება არაჩვეულებრივ სანახაობებს ითვალისწინებდა. ყველაფერი უკვე თითქმის მზად იყო. ერთადერთი, რაც მოგვარებას საჭიროებდა, დეკორაციების შეძენა და დარბაზის გაფორმება იყო. ამ ყველაფრისთვის გადადებული ფინანსები მის ხელში გადიოდა და მხოლოდ მაღაზიებში წასვლა და შეძენა რჩებოდა გასაკეთებელი. სხვა საკითხების მსგავსად, ამაშიც ირაკლი უნდა დახმარებოდა. სხვანაირად შეუძლებლად მიაჩნდა თითოეული დეტალი შეეძინა და დარბაზამდე მარტოს მიეტანა. შუადღე იყო, როდესაც ირაკლის სამსახურში მიაკითხა. ჩვეული ეშმაკური ღიმილით შეხედა, დოინჯი შემოირტყა და თვალები დააწვრილა: -აბა, მზად ხარ, ჩემთან ერთად ჯოჯოხეთში იმოგზაურო? -ოჰ, ეშმაკის მოციქული მობრძანებულა. რაღა მიჭირს?- გაიკრიჭა ირაკლი და ხელით ანიშნა, რომ ბოლო დეტალებსაც მოაგვარებდა და მერე მზად იყო, სადაც ეტყოდა, იქ გაჰყოლოდა. მოსაცდელში განთავსებული სკამებიდან ერთ-ერთზე კომფორტულად მოკალათდა და ვიდრე ირაკლი მისთვის მოიცლიდა, შესაძენი ნივთების სიას ალბათ მეათეჯერ გადახედა, რომ რამე არ გამორჩენოდა. რამდენიმე წუთში მის მობილურზე ოთოსგან შემავალი ზარი გაისმა: -აბა, როგორ მიდის საქმეები? -შესანიშნავად, ბოს. შენ არაფერზე იჯავრო. ისეთი „ბნელეთ ფართი“ უნდა მოგიწყოთ, თვით ამერიკულ წვეულებებსაც კი გადაუჯოკროს,-ჩაიკისკისა გოგონამ და მეტისმეტი თავდაჯერებულობისგან ერთმანეთზე გადადებული ფეხები აათამაშა. -მჯერა, მჯერა!- ხმაზე კმაყოფილება დაეტყო ხუციშვილს,- სად ხარ, რას აკეთებ? -შენს ძმაკაცს ველოდები. ვეღარ გამოვგლიჯე ტურისტებს ხელიდან. აქეთ მე ვექაჩები, იქიდან ისინი. გავბრდღვნით მალე ამ საწყალს. -ისე არ ქნა, წვეულებაზე კოსტუმი აღარ დასჭირდეს. ცოტა დაინდე. -ნუ გეშინია. ჯერ კარგად იქცევა. არ გაუბოროტებია დეიდა თაია. -კარგი, კუცი. თქვენი იმედი მაქვს. -დარდი გაუშვი. ჰო, მართლა. კოსტუმებია წამოსაღები სალონიდან. -მაგას მე მივხედავ. მკერავს შევუვლი, წამოვიღებ და მოგვიანებით ყველას სახლში ჩამოგირიგებთ. -მშვენიერია. წავედი, როგორც იქნა, ეღირსა ამ ვაჟბატონს გამოსვლა. თუ რამე დაგვჭირდება, დაგირეკავთ,- სწრაფად მიახალა მორიგი სიტყვები და ტელეფონი გათიშა. -აბა, სად მივდივართ?- მზად ყოფნა გამოთქვა სამსახურის საქმეებს მოწყვეტილმა ირაკლიმ. -მომყევი და თანდათან გაიგებ,- სკამიდან წამოდგა კუცია და თვალით გასასვლელისკენ ანიშნა. -კი, ბატონო. ჯორი მზად არის,-მიუგო და უკან გაჰყვა. -რაო, რაო? ჯორიო? -ჰო, რა იყო? აზრს მე არ მეკითხები და დეკორაციების ამბავს არ მითანხმებ. ესე იგი, ბარგის სათრევად გინდივარ. -გიხდება ეგ სახელი, იცი? ჯორს რომ დაგიძახებ, პრეტენზიები არ იყოს. -კაი ახლა, ტო. -რა იყო, რა გულზე მოგხვდა? მასე არც მე ვარ კვიცი-კუცია, მაგრამ კი გამიხურეთ ძმაკაცებმა საქმე. -გიჟი ხარ დედას ვფიცავარ,-გაეცინა ირაკლის. -კვიცი და ჯორი დაძმობილდნენ. გაუდგნენ გზას... - ზღაპრის შეთხზვა დაიწყო, რომ ირაკლი გაებრაზებინა. -აუ, ეს ვინ არის? ხელად არ შეკრიბა ბებერი მაკდონალდსის ფერმა? - ხელი აიქნია ირაკლიმ, მაგრამ ლაშქრობაში სათანადოდ გაიცნო, ამიტომ მისი ოხუნჯობანი დიდად არ გაჰკვირვებია და არც სწყენია. --- -სად ხარ ამდენ ხანს? ამომხდა სული ლოდინისგან,- თავს ძლივსღა იკავებდა დიკო, რომ ანიტა თმებისგან არ გაეცალა. -ხომ გითხარით მისამართი? იქ მიდით და მოვალ-მეთქი, არ მოგწერე?-თავს იმართლებდა ანიტა. -სულ დაშტერდა ეს გოგო. შემოულაწუნე ერთი,- თვალები დაუჭყიტა ლილუს. -მე რას მერჩი?- ჩუმად ეღიმებოდა ციცაგს. -ჰო, სულ არაფერ შუაში ხარ. შენ ხარ, ვინც ხარ. შენ გააცანი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი. -რა იყო, შენც ხომ არ მოგინდა?- ნერვებს უშლიდა ლილუ. -თქვენ პრინცებს მიხედეთ! მე არაფერი მიჭირს, მათ გარეშეც მშვენივრად ვგრძნობ თავს. -რა ვიცი, არ გეტყობა. აჯაგრული დადიხარ. ცოტას დამშვიდდებოდი. -ლილუ!- ხმას აუწია დიკომ. -კარგი, ჰო, ჩათვალე, არაფერი მითქვამს,- თვალი ჩაუკრა ანიტას და ჩუმად გააგრძელა სიცილი. -ოხ, რა აუტანლები ხართ! -ქუსლიანი ფეხსაცმელები სადღაც მიყარა და მანქანა დაქოქა. -შენ სულ ფეხშიშველი ატარებ მანქანას? რა მოდაა, დედი? აბა, ჩვენც გვასწავლე,- ტუჩები წინ გამოსწია და სექსუალურად უთხრა ლილუმ. -მეკაწრება და მიფუჭდება ხოლმე ფეხსაცმელები ქუსლებთან. ეგ მოდაა, დედი,- სასაცილოდ მიუგო დიკომ. -თქვი ანიტა რამე, რას გაჩუმებულხარ?- გადახედა ანიტას ციცაგმა. -ეგ ცხენზე ზის და სადღაც მიჭენაობს, შეეშვი!- ნერვიულად ამოიქშინა დიკომ. -რა გინდათ?- ძლივს ამოსწია მობილურიდან თავი ანიტამ. -არაფერი, შენი კარგად ყოფნა,- თავისთვის ჩაილაპარაკა დიკომ და გზა გააგრძელა. რამდენიმე წუთში ერთ-ერთ შენობასთან გააჩერა და მეგობრებს გადახედა:- მოვედით! ახლა კარგად მომისმინეთ! ამ ქალს მართლაც საუკეთესო კოსტუმები აქვს, მაგრამ არ უნდა შეგატყოთ, რომ რომელიმე ძალიან მოგეწონათ. არ გაგიჟდეთ და გადაირიოთ მის თვალ წინ, თორემ შეჯდება ვირზე, მოგიხევთ დიდ თანხას და კაპიკს აღარ დააკლებს. -ყველაფერი გასაგებია. ჩაიცვი შენი ქუსლიანები და დრო აღარ დავკარგოთ,-მანქანის კარი გააღო ლილუმ და ანიტასაც ხელი მიჰკრა, რომ გამოეცოცხლებინა. სწრაფად ისკუპა მანქანიდან მესიჯების კითხვას შეყოლილმა ანიტამაც და სასწრაფოდ ძველი ნაგებობის სადარბაზოს კიბეებს აუყვნენ, სადაც მეორე სართულზე აბრით იყო შემდეგი სახის წარწერა გამოსახული: „სადღესასწაულო და სამასკარადო კოსტუმების გაქირავება“. -ნორა დეიდა, როგორ ხართ?- ღიმილით შეაღო კარი დიკომ და მეგობრებიც შეიყოლა. -ოჰ, ამას ვის ვხედავ? сколько лет, сколько зим? - ყავის სმას მოსწყდა ხანშიშესული, კარგი გარეგნობის ქალბატონი და გადასაკოცნად მივარდა გოგონას. -ნორაჩკა, მე და ჩემი დაქალები უნდა შეგვმოსო. -სად მიდიხართ, ძეტაჩკი?- ვარდისფერი ტუჩსაცხით შეღებილი ტუჩები დაპრუწა ნორამ და მის წინ მდგომი გოგონები შეათვალიერა. -ჰელოუინ ფართიზე ვართ მიწვეულები,- აუხსნა დიკომ. -აჰამ! გასაგებია. მაშინ აქეთ წამობრძანდით. მაგ დღისთვის დიდი არჩევანი არ მაქვს , მაგრამ რაც შევკერე, ყველაფერი მოვლილი და ხარისხიანია,-სხვა ოთახში შეიყვანა მოხუცმა. დიკომ და ანიტამ თვალი შეავლეს უარყოფითი და სასტიკი გმირების კოსტუმებს, დიდად ვერ მოიხიბლნენ და სხვა ოთახში გადაინაცვლეს. სამაგიეროდ, ლილუმ დაადგა მალეფისენტას და კიდევ ერთი ჯადოქრის კოსტუმს თვალი. ახლა არჩევანი უნდა გაეკეთებინა, რომელი მათგანი უფრო მეტად განსხვავებულს გამოაჩენდა წვეულებაზე. როგორც იქნა, ერთსაათიანი დათვალიერების, გახდა-ჩაცმის და ტანზე მორგების შემდეგ, ყველამ შეარჩია სათავისო სამოსი და კმაყოფილები გასცილდნენ ნორა დეიდას სალონს. --- -ორი დღეც და ჩვენი ლილუც გაგვიფრინდება,- ნინელი გულდაწყვეტილი ეუბნებოდა ქმარს გულის ნადებს და სანუგეშოდ მის მხარზე ჩამოედო თავი. -არც მე მინდა, რომ წავიდეს, მაგრამ რას ვიზამთ? ახალგაზრდაა და მთელი ცხოვრება წინ აქვს. ჩვენი ეგოისტობა გვერდზე უნდა გადავდოთ, გული მიგრძნობს, იქ დიდი მომავალი ელოდება. -ეგ, ჰო, მაგრამ ჩემი ჩიტუნა სულ ჩემთან მინდა, რომ იყოს,- გულაჩუყებული განაგრძობდა ნინელი. -არც ეს ჩიტუნაა ცუდი სხვათაშორის,- თითით ანიშნებდა საკუთარ თავზე ზურა და ცდილობდა, თემა ხალისიან ნოტაზე გადაეტანა. -ორივე ჩემთან მინდა, იყოოოს! - გაბუტული ბავშვივით ხმა დაინაღვლიანა ქალმა. -ატყდა სევდის ქარები?- გაეცინა ზურას. -ჰო!- ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა ცოლმა. -კარგი რა! ტირილით ხომ არ გავაცილებთ ჩვენს გოგოს? აცალე, ცხოვრება შეარგე! -ვერაფერს ვეუბნები. შენ მაინც გითხრააა! -ვაიმე, მამა, რა დღეში ვარ, რომ იცოდე...- ამოიოხრა ცოლის წუწუნით შეწუხებულმა ზურამ. უცებ კარი გაიღო და ლილუ შემოვიდა. ხელში დიდი პარკი ეჭირა და სახეზე ღიმილი უთამაშებდა. -მოიწმინდე ეგ ცრემლები! არ დაგინახოს!-თვალები დაუბრიალა ცოლს და ფეხზე წამოდგა: -სად იყავი, მა? -ოთო ხვალ წვეულებას მართავს და მე და ჩემი მეგობრები დაგვპატიჟა. კოსტუმი ვიქირავე. -მართლა? აბა, მაჩვენე,- თავი გაიმხიარულა ნინელიმ, რომ შვილს მოწყენილობა არ შეეტყო. -ჯერ ვერ გაჩვენებ. ხვალ მნახავ,- ეშმაკურად გადახედა დედამისს და პარკი თავის ოთახში შეიტანა. -მაჩვენე, რა,-არ მოეშვა ნინელი. -ვერ გაიგონე, რომ არაო? ვაჰ! რა ცნობისმოყვარე ქალია!- შვილისთვის მხარის აბმა სცადა ზურამ. ლილუს გაეცინა:-არა-მეთქი!- მიაძახა და კარები ჩაუკეტა. -საძაგელი მამა-შვილი!- გაეცინა ნინელისაც. -ისე, სიჯიუტით შენ დაგემსგავსა, ხომ იცი? -ვიცი!- მიუგო ქალმა, წყრომის ნიშნად სავარძელში ჩაეშვა და მკლავები გადაიჯვარედინა. ზურამ თავი ვეღარ შეიკავა და ცოლის სასაცილო მიმიკებზე ისე გახალისდა, გულიანად ახარხარდა. --- სიარულისგან დაქანცულებმა როგორც იქნა დარბაზამდე მიაღწიეს და დეკორაციებიც შეიტანეს. კუციამ უცბად მოავლო მრავალგზის დათვალიერებულ დარბაზს თვალი და ჩაილაპარაკა: -ერთი კიბე დაგვჭირდება. -შენი სუსი არ იყოს ნახევარი საათი მაინც. გამოწურული ლიმონივით ვარ!- თვალები დაუჭყიტა ირაკლიმ. -კარგი, ჰო. დავისვენოთ და მერე გავაგრძელოთ,- მორჩილება გამოხატა კუციამ. ვიდრე ირაკლი უკანასკნელ ენერგიას იკრებდა, თავად ნივთების ამოლაგებას შეუდგა. -რა ენერგია აქვს! -გაიკვირვა ირაკლიმ,- არ ხარ შენ დედამიწელი! ერთი შემობრუნდი, კარგად უნდა დაგათვალიერო. -რატომ? - უეჭველი ელემენტებზე მუშაობ. -საქმეა მოსასწრები, საქმე! მე კი პასუხისმგებლობის გრძნობა მაწუხებს!- დინჯად აუხსნა კუციამ და წუთის წინ გაკეთებული ვამპირის კბილები დაანახა. -ვაიმე! რა ეშველება ამას?- ჩაიხითხითა ირაკლიმ და ფეხზე წამოდგა:- მითხარი რაში მოგეხმარო, თორემ არ ვაპირებ დილამდე შენ გაძლებას. -ჰიიიი!-შეკრთა კუცია. -რა ჰიიიი? -ობობების ყიდვა დაგვავიწყდა. -ეგ არაფერი. -რა დავასვა ობობის ქსელებს?- შეწუხებული სახე მიიღო კუციამ. -დაჭყ*ლეტილი ბუზები არ წავა? დავიჭერ სადმე რამდენიმეს. -ნუ დამცინი!-ფეხები დააბაკუნა კუციამ. -კარგი რა. ნუ მიყურებ ეგრე, არსად წამსვლელი არ ვარ. ტყუილად გაქვს იმედი. -აბა, რა ვქნათ? მჭირდება. -ვაჰ! საიდან მოგიყვანო ობობები? კუციას თავში ერთმა აზრმა გაუელვა და წარბები აათამაშა. დაახლოებით ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც ჰელოუინისთვის მომზადებული დარბაზი თითქმის სრულ მზადყოფნაში იყო, რომ მეორე დღისთვის სტუმრებისთვის ემასპინძლა. ღამურები, ჩონჩხები, თავის ქალები, გოგრები, სასაფლაოს ქვები, ცულები, ცელები, ცოცხებზე შემომჯდარი ალქაჯები, აქა-იქ მდგარი სისხლის ეფექტით დაწუწული სანთლები, მაგიდებზე გადაფარებული შავი გადასაფარებლები, კუდიანების წინ მდგარი ქოთნები, ყვავები და შავი ხეები იქაურობას შიშის ხეივანს ამსგავსებდა. -რომ არ ვიცოდე, ეს ყველაფერი შენი ნამოქმედარია, ვიფიქრებდი, ვიღაც გამოცდილი პროფესიონალის ხელი ურევია-თქო,- კუციას გულმოდგინე შრომით მოხიბლული ირაკლი მორიგ საქებარ სიტყვებს უგზავნიდა გოგონას და თან შავი ფლომასტრით აფერადებდა მუყაოს ქაღალდზე დახატულ ობობებს. -ჰმ! შენ მე როგორ მიყურებ? ფიქრობ, ოთო ხუციშვილი ვიღაც მოყვარულს მიანდობდა ამხელა წვეულებას?-კმაყოფილებით სავსე მზერა მიაგება კუციამ. -რაც იცი, იცი! ვაღიარებ, მაგარი ხარ!-ცერა თითი აუწია და მოულოდნელად აწკრიალებულ ტელეფონს დახედა:- ბოსი რეკავს,- ჩაილაპარაკა და უპასუხა: -გისმენთ, ბატონო ოთარ. -მორჩი მაიმუნობას და მითხარი, რას შვრებით? -ეს ქალბატონი კიბეზეა აჩაჩხული და ჭერში ღამურებს ჰკიდებს და მე გოგრების ჩეხვას სწორედ ახლა მოვრჩი და ობობების ხატვაზე გადავედი. -რაო? -ჰო, საყვარლები ქსელებს უნდა მივაკრათ,-ხუმრობა მოეძალა ირაკლის. -როდის მორჩებით? -როდის მოვრჩებით?- ახედა კუციას. -მაქსიმუმ ერთ საათში. -გაიგონე?-ჰკითხა ოთოს. -კი. ყოჩაღ თქვენ! მაგრად მუშაობთ! -მეგობრობას და სიყვარულს რა ვუთხარი, თორემ ამ ქაჯს მთელი დღე რა აიტანდა? -გინდა ისე გაგაუთოვო, რომ ერთი ნაკეციც არ დაგრჩეს?-ჩამოსძახა კუციამ. -აჰა, გესმის რა დღეში ვარ?- თავი შეაცოდა ირაკლიმ. -წყნარად იყავი და დაუჯერე, თორემ მეც ვერ გიშველი,- ახარხარდა ხუციშვილი. -კარგი, ნუღარ გვაცდენ. დამამთავრებინე ეს ობობები, რომ დროულად მოვუსვა სახლში. -მიდი, მიდი. მადლობა და გადამეხადოს, ძმაო. -მადლობა იმას, ჭაღზე რომ ჰკიდია, თორემ მე რის გამფორმებელი ვიყავი, თუ ძმა ხარ? -ჭაღზეა ჩამოკიდებული? -რა იყო, გიკვირს? -აჰაჰაჰ!-ახარხარდა ოთო. -ჩუმად, ბიჭო, არ გაგიგოს, თორემ დაგბრიდავს,- თავს ძლივს იკავებდა ირაკლი, რომ არ გაეცინა. -ჩემზე ჭორაობთ ხომ?- წარბები აწია კუციამ და ის იყო, კიბიდან ჩასვლა დააპირა, რომ ფეხი აუცდა და კუდიანის წინ მდგარ დიდ ქოთანში ამოჰყო თავი. -ოპაა!-შეშინებულმა ირაკლიმ ტელეფონი გაუთიშა ოთოს და დასახმარებლად მივარდა:-კარგად ხარ? რამე ხომ არ იტკინე? კუციას სახეზე უსიამოვნო შეგრძნებამ დაჰკრა და სახის მანჭვით დაიზილა წელი და ფეხები: -ობობებს მიხედე, თორემ სულს გაგაფრთხობინებ!- მაინც არ ჰკარგავდა იუმორის გრძნობას. -უფ!-შვებით ამოისუნთქა ირაკლიმ,-კატასავით ცხრა სიცოცხლე გაქვს! -ჩაილაპარაკა და ობობების გაფერადებას დაუბრუნდა. --- მეორე დღეს, დაახლოებით საღამოს ექვსი საათი იყო, როდესაც სააბაზანო ოთახიდან ახლად გამოსულმა ოთომ თავის კოსტუმს გადახედა და ჩაეცინა: -სულ ცოტა დრო დაგრჩა, საყვარელო, რომ შენი წაგებული სახით დავტკბე,- ღრმად სჯეროდა, ციცაგი ტყუილად ეტრაბახებოდა. წარმოიდგინა მასთან მარტოდ დარჩენილი საყვარელი ქალის ათრთოლებული სახე და წუთიერად ნეტარებაში გაითიშა. მერე საათს დახედა და წვეულებაზე დროულად რომ მისულიყო, მომზადებას შეუდგა. --- ლილუს გაფიქრებაც არ უნდოდა, რომ იმ საღამოს დამარცხდებოდა. საგულდაგულოდ ემზადებოდა. წინ შესაბამისი კოსმეტიკური საშუალებები დაეწყო და სახე მთლიანად გაეთეთრებინა, თვალები ამოეშავებინა და შავ ტუჩსაცხს ისმევდა, როდესაც ანიტასგან შეტყობინება მიიღო, რომ უკვე გზაში იყო და რამდენიმე წუთში კორპუსთან ჩასულიყო. მალეფისენტას კოსტუმი მოირგო, სარკეში მედიდურად ჩაიხედა და ღიმილით წარმოთქვა: -მართალია, ერთი სული გაქვს, შენს წინ შიშველი მიხილო, მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო. მერე თავზე დასამაგრებელი აქსესუარიც მოიხდინა, ხელში ჯადოსნური კვერთხი დაიჭირა და საძინებლიდან გავიდა. -ღმერთო ჩემო, რას ჰგავხარ, მა?- გაოგნებული უყურებდა მამამისი თავის შვილს. -ვაჰ, მალეფისენტა? ჯოლის გადაუჯოკრე, დე,- გაკვირვებული სახით შეხედა ნინელიმ. -მოგწონვართ?- თავმომწონედ დატრიალდა ლილუ. -ოღონდ გული არ გაუხეთქო იქ ხალხს და ვინც გინდა, იყავი,- კომენტარი გააკეთა ზურამ. -კარგი, წავედი, თორემ დავაგვიანებ,-თვალი ჩაუკრა მშობლებს და კარი გაიხურა. -შენი მანქანით მიდიხარ?- დაედევნა ნინელი კიბეებზე ჩამავალ ლილუს. -არა, აქედან ტაქსით და იქიდან დიკო წამომიყვანს მანქანით,- უკანმიუხედავად უთხრა დედამისს და თვალთახედვის არეს მიეფარა. --- დარბაზში ყველაფერი მზად იყო. DJ უკვე დიდი ხნის წინ მისულიყო და ტექნიკის გამართულობას ამოწმებდა. კვების მომსახურების პუნქტსაც მიეტანა ჰელოუინის შესაფერისად მორთული ნამცხვრები, სენდვიჩები და ათასგვარი, თვალისმომჭრელი საკვები, რომლებიც შავ მაგიდებს ამშვენებდა. ერთი სიტყვით, სტუმრების მოსვლა და საღამოს დაწყებაღა აკლდა გარემოს. დაახლოებით ნახევარ საათში პირველი სტუმრებიც გამოჩნდნენ. ზოგი ელვის პრესლის ანსახიერებდა, ზოგი ზომბს, ზოგი ცნობილი ფილმების თუ მულტფილმების პერსონაჟებს. სიტუაციას ნელ-ნელა ეტყობოდა, რომ წვეულება საკმაოდ მხიარულ და საინტერესო ვითარებაში წარიმართებოდა. მოულოდნელად არამისის ფორმაში გადაცმული ამაყად მომზირალი ოთო ხუციშვილი გამოჩნდა, რომელსაც გვერდით პორთოსის ფორმაში გამოწყობილი ირაკლი და ათოსის სამოსში ჩაცმული დიმა უმშვენებდნენ გვერდს. -ოჰო, სამ მუშკეტერს ვახლავარ,- სიცილით მიეგებათ ოთოს ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი, რომელიც ეშმაკის ფორმაში გამოწყობილიყო. -აფსუს! დარტანიანი გვაკლია,- ჩაეცინა დიმას. -აგერ ისიც!-ირაკლიმ ხელით ანიშნა შორიდან ქოშინით მორბენალ კუციაზე, რომელიც ხმალამოღებული ჩაუხტა ძმაკაცებს და სიტყვები სასაცილოდ წარმოთქვა: -ჰაიტ! „ყველანი ერთისთვის და ერთი ყველასთვის!“ -რა ეშველება ამას, აჰ?- ახითხითდა ირაკლი. ოთო მისულ სტუმრებში ლილუს ეძებდა, თუმცა ჯერ-ჯერობით სასურველი სტუმარი აგვიანებდა. ოდნავ აღელვება დაეტყო, არ უნდოდა, რომ ციცაგს იქ მისვლა გადაეფიქრებინა. სასმელებისკენ წავიდა და წითელი ღვინით შევსებულ ფუჟერს დასწვდა, როდესაც მალეფისენტას ფორმაში შესული ლილუ დალანდა და სახეზე კმაყოფილებამ გადაუარა. კუცია და ირაკლი მაშინვე მიეგებნენ და მოიკითხეს. ხუციშვილიც ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ნიშნის მოგებით ჩასჩურჩულა ყურში: -ასე გინდა, რომ კონკურსი მოიგო? ლილუს გაეღიმა: -არამისს ვახლავარ,-მხოლოდ ეს უთხრა და გაცლა დააპირა. ოთომ მაჯაში წაავლო ხელი, შეაჩერა და სათქმელი დაასრულა: - შეხედე რამდენი ალქაჯი და ჯადოქარი გვყავს. უკვე იმასაც ვფიქრობ, რომ გარეთ თქვენი ცოცხების პარკინგი მოგიწყოთ. -ცოცხი არ მაქვს, ჩემი პერსონაჟი მათზე ბევრად საშიში და ღირსეული კონკურენტია. -რას ბრძანებთ? მგონი ის დროა, წაგებას ეგუებოდე,- თვალი ჩაუკრა და კვლავ ძმაკაცებს დაუბრუნდა. -ჯანდაბა შენს თავს!-ნერვები მოეშალა ციცაგს, როდესაც დარბაზში მოსიარულე ალქაჯებს გადახედა. მართლაც ბევრნი იყვნენ და შეატყო, რომ მოგების შანსები ოდნავ იკლებდნენ. განერვიულებული მივარდა ალკოჰოლური სასმელების მაგიდას და ერთი ფუჟერი წითელი ღვინო სწრაფად გამოცალა. -რა ხდება, ჯადოქარო? ხომ არ ნერვიულობ? -გვერდში ამოუდგა არიელის ფორმაში გამოწყობილი ანიტა. -მე? სულაც არა,-გაეცინა ლილუს და მობილურ ტელეფონს დასწვდა:- სად ხარ, დიკო?- ხმაში მღელვარება ეტყობოდა ციცაგს. -რა ხდება? ცოტა დამაგვიანდება, საცობში ვარ,- უპასუხა მეგობარმა. -როგორც კი მოხვალ, დარბაზში არ შემოხვიდე! -რაშია საქმე? -არაფერი. როცა შენობასთან მოხვალ, აუცილებლად დამირეკე რა, გთხოვ. -კარგი, ეგრე ვიზამ,-შეპირდა დიკო და ტელეფონი გაუთიშა. წვეულების საღამო კარგა ხნის დაწყებული იყო და გამხიარულებული სტუმრები დაგეგმილ აქტივობებში ხალისით ჩართულიყვნენ. განერვიულებულმა ლილუმ მეორე ფუჟერიც გამოცალა და წამდაუწუმ საათზე იყურებოდა. აშკარა იყო, რომ ხასიათი წაუხდა და სხეულში გამჯდარ ნერვიულობას ვეღარ ფარავდა. ოთო ხანდახან გახედავდა ხოლმე და ირონიული მზერით აჯილდოვებდა. -დამაცადე! ჯერ კიდევ დრო მაქვს, ყველაფერი გამოვასწორო,-აკანკალებული ლილუ თავს იმხნევებდა და ხუციშვილის მიმართ გაბოროტებულ მზერას არ იშურებდა. მოულოდნელად სცენაზე წამყვანი გამოჩნდა და მორიგ აქტივობაზე გადავიდა: -ახლა უკვე დროა, „ყველაზე უნიკალურის“ ნომინაციისთვის მოვემზადოთ. აქეთ მობრძანდით და ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ამ კონკურსს თავს გაართმევს, სახელები და გვარები გვიკარნახეთ. -სად ხარ, დიკო? უნდა გადამარჩინო,- ციცაგს მუხლებმა ცახცახი დაუწყეს და ნერვიულობისგან თითებს დაუწყო წვალება. ამასობაში დიკომაც დაურეკა და შურდულივით გავარდა გარეთ. ხუციშვილმა მაშინვე შეამჩნია ლილუს გაუჩინარება და სახეზე შავმა ღრუბელმა გადაუარა: -ალქაჯი გარბის, უნდა დავედევნოთ!- ირაკლის გასძახა და ციცაგის მოსაძებნად გავარდა. -რა დაემართა?-გაკვირვებული სახით შეხედა დიმამ კუციას. -აბა მე რა ვიცი,- მხრები აიჩეჩა და სცენას კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა, რომ მორიგი სანახაობა არ გამოეტოვებინა. ოთო და ირაკლი მალეფისენტას ეძებდნენ. მთელი დარბაზის შემოგარენი დაათვალიერეს, მაგრამ თვალიც ვერსად მოჰკრეს. -ასე სწრაფად სად აორთქლდა?- საგონებელში იყო ოთო. - რატომ გაიქცა?- ნიკაპს ისრესდა საფიქრალში ჩავარდნილი ირაკლი. -ჯანდაბა!- თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა ხუციშვილი. --- -დიკო, სასწრაფოდ გაიხადე შენი კოსტუმი! გეგმები იცვლება, საყვარელო!- ხელებს აფართხალებდა შეშინებული ლილუ. -რა ხდება? ნუდისტების წვეულებაა, თუ ჰელოუინის?- ვერაფერი გაეგო ახლადმისულს. -დროზე! დროზე! ხელი ჩაავლო და ქარიშხალივით შევარდა დარბაზის შესასვლელში განთავსებული ტუალეტებისკენ. -მე მაინც ამიხსენი, ასე რატომ იქცევი?- გაურკვევლობაში იყო ანიტაც. -ახლა კარგად მომისმინე!-საჩვენებელი თითი აუწია მეგობარს და სასწრაფოდ მიაყარა სიტყვები:- მიხვალ სცენასთან, წამყვანს ჩემს სახელს და გვარს ჩააწერინებ, DJ-ის გააფრთხილებ, რომ ათ წუთში Rachid Taha-ს სიმღერა „Ya Rayah“ ჩართოს და ჩვენც მალე გამოვჩნდებით. -რა? რა? ვისი სიმღერა? -აუფ! ეს სიმღერა როგორ არ იცი? -არ ვიცი და რა გავაკეთო?.. -დიკო, კალამი და ფურცელი გაქვს? -მაქვს კი, ჩანთაში უნდა მქონდეს,- ძებნა დაუწყო გაოგნებულმა დიკომ. ლილუმ მომღერლის და სიმღერის დასახელება დაუწერა ანიტას, ხელში მიაჩეჩა და ისევ დიკოს მივარდა, რომ მისთვის ტანსაცმელი გაეხადა. -ღმერთო ჩემო, აღარ მეტყვი, რა დაგემართა?- დაუყვირა მეგობარმა. -გაიხადე! გაიხადე!- გიჟივით უყვიროდა ციცაგიც. -სულ შეიშალა ეს გოგო,- თავს იქნევდა დიკო და თან თავის კოსტუმს იხდიდა. ლილუმ მალეფისენტას ნიღაბი ჩამოიბანა, მეგობარს თავის კოსტუმი ესროლა, მისი კი თავად მოირგო და სწრაფად შეუდგა მაკიაჟის გაკეთებას. თავისი რომ დაამთავრა, საათს დახედა: -ორი წუთი კიდევ გვაქვს. მოდი, შენს მაკიაჟსაც მოვასწრებთ,- დიკოს მივარდა და უცებ მიადღაბნა მალეფისენტას ნიღაბი. -მეტკინა, უხეშო!- დაუყვირა მეგობარმა, როდესაც განერვიულებულმა ციცაგმა შავი ფანქარი ატაკა თვალში. -ბოდიში! ბოდიში!-შეწუხდა ლილუ და კვლავ განაგრძო დაქალის „გალამაზება“. -მალეფისენტა კი არა, მისი პროვოკაცია უფრო ვარ!-სარკეში ჩახედვისას ძლივს ამოიღნავლა გამწარებულმა დიკომ, მაგრამ მისი ხმა ვიღას ესმოდა? ლილუს ტუალეტი დაეტოვებინა და უკვე სცენისკენ გარბოდა. --- -სად წახვედი, ლილუ?- თავისთვის ბურტყუნებდა მისი ძებნისგან დაღლილი ოთო, რომელიც დარბაზში დაბრუნებულიყო, მეგობრებთან ერთად იდგა და უგზო-უკვლოდ აცეცებდა თვალებს. მოულოდნელად სიმღერა „Ya Rayah“ გაჟღერდა და სცენაზე ბროწეულისფერ, არაბული მუცლის ცეკვის კოსტუმში შემოსილი ლილუ ციცაგი გამოჩნდა. მისმა სილამაზემ და ტანის სიშიშვლემ მაშინვე მიიქცია ყველას ყურადღება. ქალს სავსე მკერდს ოქროსფერი ჟღარუნებით გაწყობილი ბიუსტჰალტერი უმშვენებდა, წელზე ასევე ოქროსფრად აბრჭყვიალებული შარფი მოეხვია და შიშველ, გრძელ ფეხებს აქა-იქ სიმბოლურად დაშვებული აჭრილი ქვედაბოლო უფარავდა, რომელიც წარა-მარა ეხსნებოდა და კიდევ უფრო სექსუალურს უჩენდა. კოჭებს ფეხის სამკაულები უმშვენებდნენ, რომლებიც მოძრაობისას დაირის მსგავს ხმას გამოსცემდნენ, ხელებზე კი რამდენიმე წყებად ასხმული რგოლები მოერგო. -შებრუნდი!-გაოცებისგან ყბადაღებულმა ირაკლიმ ოთოს უთხრა და ხელით ანიშნა, რომ სცენისკენ მიბრუნებულიყო. -რა ხდება?- მის მზერას მზერითვე გაჰყვა ხუციშვილი და იმ წამსვე გაშეშდა. ლილუს მოქნილმა და მოხდენილმა თეძოების, ხელების და ფეხების მოძრაობებმა მთელი დარბაზი აიყოლია და ზოგი მქუხარე ტაშით, ზოგი სტვენით და ზოგი შეძახილებით ეხმაურებოდა. ერთი სიტყვით, იქ მყოფი არ დარჩა, ვინც თვალს ვეღარ აცილებდა გრძელთმიან, ულამაზეს მოცეკვავე გოგონას, რომელიც არაბი მოცეკვავე ქალის როლს შესანიშნავად ირგებდა და ცეკვაც არანაკლებ დიდებულად გამოსდიოდა. ეს იყო სილამაზის და ნიჭის სასწაული შერწყმა და დიახ, ლილუ ციცაგი ნამდვილად ატყვევებდა ირგვლივ მყოფებს. -რას მიკეთებ, პატარავ?- ძლივს ამოთქვა ოთომ და წამით სხეულში სისუსტე იგრძნო. -აი, მესმის! ამან უნდა თქვას, ქალი კი არა, ცეცხლის ალი ვარო,- განცვიფრებას ვერ მალავდა კუცია. მერე გვერდით მდგომ დიმას იდაყვი გაჰკრა და ჩუმად გადაულაპარაკა: - ის დროა, ერთი სულიერი ბედუინის ან ალადინის კოსტუმს ეძებდეს. შემდეგ, როგორც კი გაოცებამ გადაუარა, მხიარულ სიმღერას ჯერ კისრის მკვეთრი მოძრაობებით აჰყვა, მერე მხრები აათამაშა და ბოლოს ისე გადაირია, ხტუნაობა დაიწყო. -ამ ჭინკა და ცანცარა დარტანიანს შეხედეთ როგორ დახტის და ფეხის ქუსლებს ურტყამს იატაკს, აამტვერა აქაურობა,- გამხიარულდა ირაკლიც. -საცოდავი დიუმა ალბათ საფლავში ტრიალებს და იგინება. იმენა გააბანძა დარტანიანი,- ჩუმად ეღიმებოდა დიმას. -ნახე რა როჟაა, ტო. დამთავრდა მუსიკა და მაინც არ ჩერდება,- ციცაგის წარმოდგენის დასასრულს ირაკლი სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა და თან ლილუს ცეკვით აღფრთოვანებული ტაშს არ იშურებდა. -მდა!- შოკიდან ვერ გამოსულიყო ხუციშვილი და დინჯად უკრავდა ტაშს. იმ წამს ყველაზე ეჭვიანობდა, ვინც საყვარელი ქალისგან მონუსხული და მის წინ ლამის სანთლად ჩამომდნარი, თვალს კვლავ ვერ სწყვეტდა და ბრავოს შეძახილებით ხმის იოგებს იწყვეტდა. ლილუმ თავი დაუკრა მისით მოხიბლულ აუდიტორიას და სცენა დატოვა. --- -ყოჩაღ, გოგონი!- გაოგნებულმა დიკომ აღფრთოვანება ვერ დამალა და ჩაეხუტა. -სად ისწავლე ეს ცეკვა?- ინტერესით დააცქერდა ანიტა. -შეიძლება არ დამიჯეროთ, გოგოებო, მაგრამ იტალიაში ვისწავლე. -რანაირად?- ჩაეძია დიკო. -არაბი წარმომავლობის მეგობარი მყავდა და მან მასწავლა. რას წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე გამომადგებოდა?- ემოციებისგან აჟიტირებული იყო ლილუც. ხუციშვილმა ციცაგი მეგობრებს მოსწყვიტა და ცალკე გაიყვანა: -ვერ ვიტყვი, რომ გონება არ გიჭრის. ძალიან კარგად შეგიძლია, სიტუაცია საშენოდ შემოაბრუნო, მაგრამ რის ხარჯზე? -ვერ მიგიხვდი,- ოდნავ დაიბნა ლილუ. -იცოდი, რომ გახდისთანავე, დარბაზის ყურადღებას მიიქცევდი და ეს ამიტომ გააკეთე. სამწუხაროა, რომ იაფფასიანი მაქინაციებით თამაშობ. ციცაგს გულზე მოხვდა ოთოს სიტყვები, მაგრამ არ შეიმჩნია: -მიზანი ამართლებს საშუალებას,- თავი იმართლა და კვლავ ალკოჰოლურ სასმელს მიეძალა. -გილოცავ! შენი სხეულის დემონსტრირება წარმატებით შედგა. ვიდრე შენზე დუჟმორეული მამრობითი სქესის წარმომადგენლები არ შემომელახებიან, არ გინდა, რომ რამე გადაიცვა და დანარჩენებივით ჩვეულებრივად გააგრძელო წვეულებაზე გართობა?-ეჭვიანობა დაიწყო მამაკაცმა. -ჩემზე ნუ ინერვიულებ. როგორმე მოვიგერიებ, ან რა ვიცი, იქნებ რომელიმე მათგანი მომეწონოს კიდეც და სულაც არ დამჭირდეს ამის გაკეთებაზე ფიქრი. ხუციშვილს კიდევ უფრო გაუღვივდა მასში გამჯდარი ეჭვიანობა და თავი ძლივს შეიკავა, რომ ზედმეტი არაფერი ეკადრებინა: -კარგად გეხერხება ადამიანის წყობიდან გამოყვანა. -ბოღმა გალაპარაკებს. ჩაგივარდა კოვზი ნაცარში და სულ ეს არის! -ჯერ გამარჯვებულად არავის გამოუცხადებიხარ! -ჰო, მაგრამ ფაქტს, რომ ამ ნომინაციაში პრიზის მოგების შანსი ჩემკენ იხრება, ვერსად წაუხვალ. ხუციშვილმა ვეღარაფერი უთხრა. გადაწყვიტა, რომ ჯერ-ჯერობით თავი დაენებებინა და განვითარებულ მოვლენებს დალოდებოდა, თუმცა კარგად ხედავდა, რომ ლილუთი დაინტერესებული მამაკაცები მის შორიახლოს ტრიალებდნენ და გადაწყვიტა, თვალი არ მოეშორებინა. -ლილუ, ძალიან ბევრს სვამ!-უსაყვედურა დიკომ,- შეეშვი ამ სასმელს, თორემ გატყობ, სახლში წასაღები გახდები! -იქნებ ასე სჯობდეს, რომ დროებით მაინც დავკარგო ყოველგვარი ადამიანური შეგრძნება,-ნაღვლიანი თვალებით შეხედა ლილუმ და ალკოჰოლის მიღება გააგრძელა. -რა ხდება? რაღაც არ ვიცი და მიმალავ? ლილუმ არაფერი უპასუხა. უნდოდა, სხეულში დაგროვილი ტკივილი ალკოჰოლით ჩაეკლა და მის მახლობლად მდგომ ოთო ხუციშვილს ჩუმად ნათქვამი სადღეგრძელოებით გამომშვიდობებოდა. სტანჯავდა იმის წარმოდგენა, რომ მის სახეს მეორე დღიდან ძალიან დიდ ხანს ვეღარ იხილავდა. ვერც მის ხმას გაიგონებდა და ვერც მის ხრიკებზე იხალისებდა, რომლებიც ყველა ერთად მხოლოდ ერთს- მის ხელში ჩაგდებას უკავშირდებოდა. არ სურდა, დაშორებოდა. იცოდა, მის გარეშე ყოფნა გაუჭირდებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და რადაც არ უნდა დასჯდომოდა, იტალიაში უნდა წასულიყო. აი, ეს ჰკლავდა და ანადგურებდა. ახლა ყველაზე ნაკლებად ანაღვლებდა პრიზის მიღებაც და მიუღებლობაც. მხოლოდ ეს ადარდებდა და საბოლოო დაღს ასვამდა მის შინაგან მდგომარეობას. საღამო უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. ლილუ მეგობრებს არ მოსცილებია. მთელი წვეულების განმავლობაში მხოლოდ მათთან იყო და გულაჩუყებული უხსნიდა ორივეს სიყვარულს. არც მისი გაცნობით მოწადინებულ მამაკაცებს აქცევდა ყურადღებას, რომლებიც ჩასაფრებულ ხუციშვილს საჩხუბრად ამოეღო მიზანში. -ლილუ, შეწყვიტე, რა! აღარ გინდა ამდენი ღვინო, -სთხოვდა ანიტა, მაგრამ სამწუხაროდ, დიკოს მსგავსად არც მის სიტყვებს ითვალისწინებდა. მოულოდნელად, ყველას ყურადღება დარბაზში გაჟღერებულმა სიტყვებმა მიიპყრეს: -ნომინაციაში „ყველაზე უნიკალური“ დარბაზის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა ლილუ ციცაგმა,- დიდი აღტაცებით გამოაცხადა წამყვანმა და პრიზების გადასაცემად გამარჯვებული სცენაზე მიიწვია. ციცაგი მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია მისი სახელის და გვარის გამოცხადებას. სცენაზე ავიდა, იქ მყოფებს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და ჯილდოთი ხელდამშვენებული მალევე ჩამოვიდა. გამარჯვებულების გამოცხადების შემდეგ საღამო დასასრულს მიუახლოვდა. სტუმრები ნელ-ნელა ტოვებდნენ იქაურობას. დიკომ წასვლის წინ მალეფისენტას ნიღბის მოშორება მოინდომა და ლილუ ანიტასთან დატოვა. მოულოდნელად, ციცაგი ცუდად გახდა, მეგობრის დახმარებით კედლამდე ბარბაცით მივიდა, თვალები დახუჭა და ზურგით აეკრო. ხუციშვილს ეს ფაქტი არ გამორჩენია, დიმას რაღაც გადაულაპარაკა, მერე ლილუს მივარდა, ხელში აიტაცა და თვალის დახამხამებაში გარეთ გაიყვანა. -სად მიგყავს?- გაეკიდა შეძრწუნებული ანიტა. -არ ინერვიულო, მე მივხედავ!- მხოლოდ ეს მიაძახა და თავის მანქანაში ჩასვა. -კი, მაგრამ... -დაიბნა გოგონა და ვიდრე კიდევ რამის თქმას მოახერხებდა, ოთომ სასწრაფოდ დაძრა მანქანა და იქაურობას მოსწყდა. აღელვებული და მარტოდ დარჩენილი ანიტა შენობაში დიკოს მოსაძებნად დაბრუნდა. გაფითრებული შეუვარდა ონკანთან მდგომ მეგობარს და ყველაფერი უამბო. - ეგ ხომ არ გაგიჟდა? რას ჰქვია წვეულებიდან გაიტაცა?- სახე წაეშალა დიკოს და სიტუაციაში უკეთესად რომ გარკვეულიყო, ოთოს მეგობრებს დაუწყო ძებნა. აქა-იქ მორჩენილი სტუმრები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, ხოლო ორგანიზატორებს მადლობას უხდიდნენ შესანიშნავი საღამოსთვის. როგორც კი ხალვათად არეულ ხალხში დიმამ აღელვებულ დიკოს მოჰკრა თვალი, იმ წამსვე მიხვდა საქმე რაშიც იყო. დინჯად მიუახლოვდა, ანიტას სთხოვა, რომ დიკოს კუთვნილ მანქანისკენ წასულიყო და იქ დალოდებოდა, ხოლო თავად, ჯერ ღრმად ამოისუნთქა, მერე დაიწყო: -ახლა, ყოველგვარი პანიკის და ისტერიკების გარეშე წავალთ აქედან. მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. -რა? შენ ხომ არ შეიშალე? სად გააქრეთ ის გოგო? -მერწმუნე, ის გოგო ძალიან კარგი ადამიანის ხელშია. არაფერს გაუჭირვებს და შენზე არანაკლებ იზრუნებს მასზე,- ხელი ჩაავლო და მანქანისკენ უბიძგა. -ხელი გამიშვი და წესიერად ამიხსენი, სად წაიყვანა ოთომ ჩემი მეგობარი?! -ხმას აუწია დიკომ. -ნახე რამდენი საქმე გაქვს, ორი ადამიანი გყავს სახლამდე მისაყვანი,- თვალი ჩაუკრა დიმამ, მანქანაში ძალით ჩასვა და თავადაც გვერდზე მიუჯდა. -რას აკეთებ? გადადი ჩემი მანქანიდან! -ნუთუ ასე უდიერად მოექცევი ადამიანს, რომელიც დახმარების ხელს გთხოვს? ის გირჩევნია, გულისხმიერება გამოიჩინო და ჩვენს დაბინავებაზე იფიქრო, არა ანიტა?- გაუცინა შეშინებული თვალებით მომზირალ გოგონას. -გადადი ჩემი მანქანიდან-თქო!- იყვირა მდგომარეობიდან გამოსულმა დიკომ. დიმა მისკენ გადაიხარა და ლოყაზე ნაზად აკოცა:-ეს ჩემგან, ჩემო მალეფისენტა, რომ გული მოგილბეს. -ეს ახლა ნორმალურია?- ანიტას შეხედა და კვლავ გააგრძელა მოფლირტავე მამაკაცთან საუბარი: -მომეცი ოთოს მობილურის ნომერი. -დაწყნარდი. ვიდრე ლილუს გაიცნობდი, შენამდე ოთო იცნობდა. ასე, რომ ამ ამბავში ასაღელვებელს ვერაფერს ვხედავ. -ლილუ ჩვენთან ერთად მოვიდა და ჩვენთან ერთად აპირებდა წასვლას,- საუბარში ჩაერთო ანიტა. -შენ გაჩუმდი, ხომ?- თვალი ჩაუკრა დიმამ. მე და დიკო ერთად მოვაგვარებთ ამ საქმეს. -რატომ უნდა გავჩუმდე? ძალიან უპასუხისმგებლოდ რომ მოიქცა, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი? კიდევ ხელს აფარებ? -ანიტა, გთხოვ,- ხელით ანიშნა და თბილად გაუღიმა დიმამ. -ლილუ მე უნდა წამეყვანა სახლამდე, რატომ არ გესმის?!- გაცხარებას უმატა დიკომ. -დაქოქე მანქანა და წავიდეთ,- სერიოზული სახით უთხრა დიმამ. -კიდევ რას მიბრძანებ? ხვალინდელი დღე რომ გათენდება, ლილუ შენ კი არა, მე მეტყვის საყვედურს და მართალიც იქნება. -შენ რა შუაში ხარ? გპირდები, რომ არავინ არაფერს გეტყვის. დამშვიდდი? ახლა ბევრს ნუღარ მალაპარაკებ და დაქოქე მანქანა! -უფ!-სამჯერ დაარტყა საჭეს ხელის გული და გააფთრებულმა მუქარის ნიშნად თითი აუწია:-იცოდე, თუ ჩემს მეგობარს ერთი თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება... - კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ შენს მეგობარს არავინ არაფერს გაუჭირვებს! კონცერტებს ნუ მართავ და ტონს დაუწიე!- ხმაში სიმკაცრე გაურია მამაკაცმა. დიკოს აღარაფერი უთქვამს, სიბრაზისგან მალეფისენტას თავზე დასამაგრებელი აქსესუარი მოიგლიჯა, უკანა სავარძელზე გაისროლა და მანქანა დაქოქა. ათი წუთი არ იყო გასული, როდესაც ანიტამ მეგობარს მანქანის გაჩერება სთხოვა და გადავიდა. -რა ხდება?- გაკვირვებული სახით ჰკითხა დიკომ. -არაფერი, მე აქ მომაკითხავენ,- ღიმილით აუხსნა გოგონამ, მერე ეშმაკურად გახედა დიმას და მანქანას გაეცალა. -ჭკუიდან გინდათ გადამიყვანოთ? ეს რა საგიჟეთი მომიწყეთ?- მინავლებული სახით დააწყო მკლავები საჭეზე და ხელებს შუბლით დაეყრდნო. -არ ინერვიულო, კარგი? მე შენთან ვარ,- მამაკაცმა მხარზე დაადო ხელი. -შენი ნუგეში არ მჭირდება! - წყრომას არ წყვეტდა დიკო. -კარგი, რა. როგორი ბრაზიანი გოგო ყოფილხარ! არ გიხდება,-ჩაეცინა დიმას. -არ გინდა, შენც გადახვიდე აქედან და თავი დამანებო? -მე? როგორ გეკადრებათ? ასეთ ლამაზ ქალბატონთან ყოველ დღე კი არ მაქვს მგზავრობის ბედნიერება. -მერე შენთვის არავის უსწავლებია, რომ ასეთ ლამაზ ქალბატონებს პირიქით, აქეთ აცილებენ მამაკაცები სახლამდე? -დრო შეიცვალა, დიკო. მეოცე საუკუნეში ჩარჩენილივით ნუ მელაპარაკები, დღეს შენ გამაცილებ, ხვალ -მე. რა პრობლემაა? - კიდევ უფრო დაუთბა ხმა დიმას. -კი, მაგის იმედად იყავი, რომ ხვალ შენ გამაცილებ,- ღიმილმა გაუპო ბაგე სახეზე აალებულ გოგონას და მანქანა დაქოქა:- მისამართი მითხარი! დიმამ კმაყოფილი სახით გახედა და სახლის მისამართი გამოკვეთილად უკარნახა. --- ძილად მიქცეული ციცაგი სადარბაზოში ხელში აყვანილი შეიყვანა, რის ვაი-ვაგლახით შეაღწია ბინაში, თბილი მოსასხამი გახადა და არაბული კოსტუმით დააწვინა თავის საწოლზე. გოგონამ თვალები გაახილა და ჩაილუღლუღა: -კიდევ შენ მესიზმრები, ოთო? ისევ შენ... ისევ... მერე ქუთუთოები დაუმძიმდა, მოძალებულ სურვილს დაემორჩილა და ღრმა ძილს დაუბრუნდა. ხუციშვილმა წვეულების კოსტუმი გამოიცვალა და საყვარელ ქალს გვერდზე მიუწვა. თბილი გრძნობებით სავსე თვალებით უყურებდა. წაბლისფერ, სწორ თმაზე ეფერებოდა, ფრთხილად ეხებოდა ნატიფ თითებს და ხელის გულებს უკოცნიდა. ლამაზი იყო მის გვერდით მყოფი მძინარე ციცაგი. მშვიდი სახე ჰქონდა და ამქვეყნიურობას გათიშული ოდნავადაც ვერ გრძნობდა მასზე უზომოდ შეყვარებული მამაკაცის სიახლოვეს, რომელიც სათუთად ეპყრობოდა და მზრუნველობით დასცქეროდა. დილის პირს ძილი მოერია. ლილუს თმის სურნელში გახვეულს ჩაეძინა. ურვით სავსე გულს და გონებას ცოტა ხნით დასვენების საშუალება მისცა. დილის ცხრა საათი იქნებოდა, როდესაც ლილუს გაეღვიძა. მის გვერდით მყოფ ოთოს, რომ შეხედა, თავზარდაცემული წამოხტა და აქეთ-იქით გაკვირვებული სახით იყურებოდა. -სად ვარ? აქ რა მინდა?- აკანკალებულმა შეწუხებული სახით ამოიბუტბუტა და ატკიებულ თავზე ორივე ხელი მოიკიდა, რომ წუხანდელი საღამო და ოთოს გვერდზე ძილის მიზეზი გაეხსენებინა. ხუციშვილს გამოეღვიძა და დილა მშვიდობისა უსურვა. -აქ რას ვაკეთებ? - ათრთოლებული ტუჩებით ჰკითხა და ყველაზე ნაკლებად იმ პასუხის გაგონება უნდოდა ოთოსგან, რასაც მასთან ერთად სექსუალური ღამის გატარება ერქვა. -გუშინ ბევრი დალიე და მერე მე მომიხდა შენი სახლში წამოყვანა,- უხერხულად დაისვა სახეზე ხელი და მის წინ მდგომ ლილუს ახედა. -ჩემი მეგობრები? -რა შენი მეგობრები? -თავი მოაჩვენა, რომ კითხვა ვერ გაიგო, სამზარეულოში გავიდა, ტაფა გაზზე შემოდგა და საუბარი სხვა თემაზე გადაუტანა:- საუზმეს მოვამზადებ, კარგი? -ძალიან გთხოვ, არ გინდა. -რატომ? -ჯერ სიცოცხლე არ მომბეზრებია. ლილუს სიტყვებით გაბრაზებულმა ოთომ გაცხელებული ტაფა ონკანის ნიჟარაში ჩაახეთქა: -რა გინდა, ლილუ? რატომ იწყებ დილას ჩემს ნერვებზე თამაშით? -შენ ის მითხარი, შენს საწოლში როგორ აღმოვჩნდი? როგორც მახსოვს, ნიძლავი არ წამიგია. -ჰმ!- ამოიხვნეშა მამაკაცმა,-ჯერ ნიძლავის მოგება-წაგების ამბავი გასარკვევია. როცა სიტუაციას შეატყე, რომ შესაძლებელი იყო, წაგეგო, თავდაპირველი კოსტუმი შეცვალე. ეს კი დაუშვებელია! ძალიან თავისუფლად შემიძლია, გამოგაცხადო წაგებულად, მაგრამ ამას არ გავაკეთებ! ახლა რაც შეეხება ჩემს გვერდით ძილს, შეგიძლია, მშვიდად იყო, ზედმეტად არ მოგკარებივარ. -მაგრამ შენთან ვარ! ამიხსენი, ეს როგორ მოხდა? წვეულებიდან ჩემს მეგობრებთან ერთად უნდა წავსულიყავი,-აყვირდა ლილუ. -ხმას დაუწიე!- შეუბღვირა ოთომ, - როგორ ფიქრობ, დიკო ან ანიტა შენი მერვე სართულამდე ამტანები იყვნენ? მადლობის მაგიერია, არა? როცა ხმა არ ამოგეღება, კიდევ აქეთ გადმოდიხარ იერიშზე! -რისი თქმა გინდა? მათ მოგცეს უფლება, რომ სახლში წამოგეყვანე? რაღაც არა მგონია, ასე ყოფილიყო. ზუსტად ვიცი, დიკო და ანიტა ამას არ გააკეთებდნენ. -ჰო, შენი მეგობრები არაფერ შუაში არიან. წვეულებიდან ჩემი ინიციატივით, მათ დაუკითხავად წამოგიყვანე, მაგრამ რა გინდოდა? ის გერჩივნა, რომ იქ ჩაკეცილიყავი და შორიდან მეყურებინა სხვები როგორ დაგცინოდნენ, ხოლო შენი მეგობრები როგორ იცოდვილებდნენ როგორმე მანქანამდე მიეყვანე? -ღმერთო რა სირცხვილია! -თავისთვის გაიფიქრა და სახეზე ხელები აიფარა განერვიულებულმა ციცაგმა. მერე გონება მოიკრიბა და კვლავ იერიშზე გადავიდა: -თუ პატივისცემა გინდოდა, ჩემს სახლში მიმიყვანდი და არა აქ! -როგორც იტყვიან, Love breaks all rules!-იმედი მაქვს, შემინდობ, რომ ერთი ღამით ჩემს საწოლზე გაგათენებინე. -მაინც რისი იმედი გქონდა? გავიღვიძებდი და ჩემს გვერდით რომ დაგინახავდი, შენზე გავჭედავდი? ხუციშვილმა სევდიანად, ძალიან დაბალ ხმაზე, მხოლოდ ორი სიტყვა უთხრა: -მიყვარხარ ცამდე! მეხის გავარდნას და დაცემას ჰგავდა ეს ორი სიტყვა ციცაგისთვის. უცბად აიზილა ფიქრები და გრძნობები ერთმანეთში, თვალთ დაუბნელდა და გახევებულს მეტყველების უნარი წაერთვა. იმ წამს საყვარელი ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებში ნამდვილად აღარ ეპარებოდა ეჭვი. არც მისი უძილო ღამეებით ამოღამებული თვალები ცრუობდნენ... -ამ ღამეს იტალიაში მივდივარ...- ამოთქვა და თვალები დახარა. -დარჩი!- მუდარის ტონით გაისმა ხუციშვილისგან კიდევ ერთი სიტყვა. მისგან წარმოთქმულმა სიტყვამ თავბრუ დაახვია და იმდენად ძალიან სურდა, საყვარელ მამაკაცს ჩაჰხუტებოდა და მისგან მომავალ სითბოში გახვეულიყო, მზად იყო, ნახევარი სიცოცხლეც დაეთმო ამისთვის, მაგრამ კარიერულმა სიცარიელემ და პროფესიული მომავლის შიშმა სძლია, უკანასკნელი სიჯიუტის მარცვლები მოაკრებინა, მოსასხამის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ოთოს ნომერი მოძებნა და ეკრანზე ცხადად დაანახა, როგორ დაბლოკა მისი საკონტაქტო ნომერი. ეს უკვე ბოლო წერტილი იყო, რომ გაეცამტვერებინა. მერე თვალებში შეხედა და სევდით წარმოთქვა: -ეს არის ჩემი პასუხი!- ნელ-ნელა უკან დაიხია, ტანსაცმელი გაიხადა და სრულიად შიშველი აღმოჩნდა მამაკაცის წინაშე:- მაგრამ რადგან ეჭქვეშ აყენებ ჩვენს მიერ დადებულ ნიძლავში ჩემს მოგებას, უფლებას გაძლევ, მხოლოდ ერთხელ შემეხო. ხომ ეს გინდოდა? ამისთვის იბრძვი რამდენი ხანია. ჰოდა, მიიღე!- მერე თვალები დახუჭა და საკუთარ თავს ებრძოდა, რომ ცრემლი არ წამოსვლოდა. უნდოდა, ვიდრე კარის ზღურბლს გადააბიჯებდა, საყვარელი მამაკაცის სურნელი და მისი სიყვარულისგან მიღებული დაუვიწყარი მოგონებები წაეღო, რომლებიც თილისმასავით გაჰყვებოდნენ და უცხო ქვეყანაში, უსიყვარულობისგან გამოწვეულ სიცივესა და სიცარიელეში, დარდში მარტოდ დარჩენილს გასათბობად პალტოსავით სასიამოვნოდ შემოეხვეოდნენ. ოთომ ლილუს უნაკლო სხეული შეათვალიერა, შემდეგ ძირს დაყრილი ტანსაცმელი წამოკრიბა, მიუახლოვდა და ხელში მიაწოდა: -სათანადოდ ვერ გამიცანი, ლილუ და ვერც იმას მიხვდი, რომ შენგან იმაზე მეტი მინდა, ვიდრე ერთჯერადი ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებაა! ქალის მოძებნა არ მიჭირს! ჩაიცვი და წადი! ამიერიდან ვეღარასოდეს ნახავ ოთო ხუციშვილს! კარი იცი სადაც არის, აღარ დაგედევნები! -ხელით ანიშნა და ძლივს გადააგორა ყელზე მოწოლილი ნერწყვი. ციცაგს ოთოს სიტყვების გაგონებაზე ლამის ფეხები მოეკვეთა. შეკავებულმა ცრემლებმა უმალ იპოვეს გზა და ღაწვები დაუსველეს. სასწრაფოდ მოიწმინდა, ტანსაცმელი ჩაიცვა და უხმოდ დატოვა საყვარელი მამაკაციც და ის ბინაც, სადაც რამდენიმე საათის წინ, ერთ საწოლში, მის გვერდით ეძინა. სადარბაზოს კედელს მიეყრდნო და თავს გონზე მოსვლა დააცალა, შემდეგ მობილურში დიკოს ტელეფონის ნომერი აკრიფა და სთხოვა, მანქანით მიეკითხებინა. მოგვიანებით, ქუჩის დასახელება და შენობის ნომერი გაუგზავნა და კორპუსის ეზოში ერთ-ერთ ხესთან საცოდავად აიტუზა. თავს ყველაზე დამცირებულად და განადგურებულად გრძნობდა. როდესაც ოთომ ფანჯრიდან ეზოში მარტოდ მყოფ ლილუს მოჰკრა თვალი, დიდხანს უყურა, მერე საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები, განადგურებული სახით დაიღრიალა: -ამის დედაც! ააააჰ! -და ხელში აღებული სკამი მთელი ძალით ისროლა კედლისკენ. რამდენიმე წუთში დიკომ მანქანა ლილუს წინ მიაყენა. სასწრაფოდ დაიკავა მის გვერდით ადგილი და მუდარით სავსე ტონით ამოიღნავლა: -რაც შეიძლება, დროულად გაეცალე ამ ადგილს. -რამე მოხდა?- სერიოზული სახით ჰკითხა მეგობარს და მანქანა დაქოქა. ლილუს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. მხოლოდ ის ჰკითხა, მშობლებს რა ინფორმაცია ჰქონდათ მისი წუხანდელი სახლში მიუსვლელობის შესახებ და რომ გაიგო, დიკოს ეთქვა, ღამე მასთან დარჩა, ოდნავ დამშვიდდა, თვალები დახუჭა და ათასგვარი საფიქრალისგან დამძიმებული თავი სავარძელს მიაბჯინა. -ლილუ, ცუდად ხარ? არ გინდა, დამელაპარაკო? ციცაგმა თვალები გაახილა, მეგობარს შეხედა და ცრემლები წამოუვიდა. -რა გატირებს? აღარ იტყვი? გოგონამ ტირილს უმატა. -ადამიანს აღარ ჰგავხარ! ასეთი რა ოხრობა მოხდა? იჩხუბეთ და სიტყვებით გატკინა გული? მეგობარმა უარის ნიშნად თავი გააქნია. -შენზე იძალადა? -არა,- ცრემლებისგან დამხვრჩვალმა მოგუდული ხმით ძლივს უპასუხა. -აბა, რა ჯანდაბა მოხდა? -მხდალი ვარ, დიკო. სუსტი და ლაჩარი!- გაწყვეტილი სიტყვებით თქვა ასრუტუნებულმა. -ცრემლები მოიწმინდე, ღრმად ამოისუნთქე, დამშვიდდი და მერე ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი. -მოიცა, მატირეეე!- ბოლო სიტყვა პატარა ბავშვივით გაწელა და გული კიდევ მეტად ამოუჯდა. დიკომ მანქანა გააჩერა, მეგობარს ჩაეხუტა და გულის მოოხება დააცადა. ციცაგი რამდენიმე წუთში კვლავ ალაპარაკდა: -მაშინ, როცა დავრწმუნდი, რომ ოთო ხუციშვილს ნამდვილად ვუყვარვარ და არ მეთამაშება, ხელი ვკარი და მის თავს კარიერა ვამჯობინე. ასე როგორ მოვიქეცი? თავადაც მიკვირს და საკუთარი თავი მეზიზღება. -როგორც იქნა, გამოტყდი, რომ შენც გიყვარს. ალელუია! -მაღლა ასწია ხელები დიკომ. -მთხოვა დარჩიო და პასუხის ნიშნად, მობილურის ნომერი დავუბლოკე. ამის შემდეგ მითხრა, მარტო დამეტოვებინა და დამპირდა, ვეღარასოდეს ვიხილავდი. რომ წარმოვიდგინ, ოთოს მართლა ვეღარ ვნახავ, სული მეწვის. ეს როგორ უნდა გადავიტანო, დიკო? მირჩიე რამე, გთხოვ. -მიუხედავად იმისა, რომ შენც გიყვარს, ოთომდე მისადგომი ყველა გზა საკუთარი ხელით ჩახერგე, ლილუ. ახლა ნანობ და თავი ტკივილისთვის და მარტოობისთვის არ გემეტება. მესმის, არც ოთო გემეტება ტკივილისთვის და ძალიან განიცდი, მაგრამ მე რა უნდა გიშველო, ან რა უნდა გირჩიო ამ გამოუვალ მდგომარეობაში? თუ გინდა, უკან მიგიყვან და სანამ ჯერ კიდევ შეიძლება ეს სიყვარული გადარჩეს, რამე იღონე. -არა მგონია, მაპატიოს. თავადაც ვხვდები, რომ ჩემი უკანასკნელი საქციელით საბოლოოდ მოვუკალი გული. -შენ ეცადე და თუ არ გაპატიებს, მაშინ წადი იტალიაში და იქნებ შორს ყოფნამ და დრომ როგორმე განკურნოს შენი იარები. -უკვე მეორეჯერ დავკარგე სიყვარული,- მწუხარებით ჩაილაპარაკა. -შენი ბრალია! -ვიცი... -დაიჩურჩულა და ცრემლისგან ამწვარი თვალები თითებით მოისრისა. -აბა, მოიფიქრე, სად გინდა წასვლა და წაგიყვან. მინდა, თავად მიიღო სწორი გადაწყვეტილება. -სახლში წამიყვანე. აზრი არა აქვს. ყველაფერი დასრულდა. -დარწმუნებული ხარ? ციცაგმა ღრმად ამოისუნთქა და თავი დაუქნია. -კარგი, რა გაეწყობა,- იმედგაცრუებულმა აიჩეჩა მხრები და ლილუს სახლისკენ აიღო გეზი. სახლთან რომ მივიდნენ, დიკომ მის მანქანაში დარჩენილი ჩანთა გადასცა, გადაეხვია და კეთილი მგზავრობა უსურვა. -შენთვის და ანიტასთვის საჩუქრები მაქვს,- სევდიანად გაუღიმა მეგობარს. -რა საჩუქრები?- გაუკვირდა დიკოს. -ჩემს პრიზებს თქვენ გაძლევთ,- ჩანთიდან ლამაზ კონვერტებში ჩადებული ბარათები ამოიღო და გაუწოდა. რესტორნის სასაჩუქრე ბარათი შენი იყოს. ვიცი, როგორი გურმანიც ხარ. პარფიუმერიის მაღაზიის კი ანიტას გადაეცი. -საყვარელო, შენც ხომ შეგეძლო, გესარგებლა? -მე არ მინდა. ჩათვალეთ, რომ გუშინდელი ცეკვა ჩვენს მეგობრობას მივუძღვენი. შესაბამისად, პრიზებიც თქვენია. დიკოს გული აუჩუყდა და თვალებში ცრემლები ჩაუდგა: -წავედი, თორემ უკვე ავდუღდები. მეტი აღარ შემიძლია! საღამოს მოგაკითხავდი, მაგრამ ვიცი, გაცილებები არ გიყვარს. -შეხვედრამდე, დიკო,- მანქანიდან გადავიდა და სადარბაზოსკენ მიმავალ გზას ტაატით გაუყვა. --- ოთო შიგნით წარმოქმნილ ქაოსს ვეღარ აცხრობდა. დიმას დაურეკა, სთხოვა, მისთვის სახლში გაეარა და პატარა საქმის მოგვარებაში დახმარებოდა. ვიდრე მეგობარი მიაკითხავდა, ადგილს ვეღარ პოულობდა და გალიაში გამომწყვდეული ნადირივით ოთახიდან ოთახში დადიოდა. მასთან მისულ დიმას სიყვარულის მარცხით დასრულების ამბავი მოუყვა, მერე ლამაზად შეფუთული პატარა საჩუქარი გადასცა და სთხოვა, აეროპორტში წასულიყო და ადრესატისთვის გადაეცა. -ოთო, იცი, რომ შენი გულისთვის წასვლა არ დამეზარება. წავალ, ლილუსაც ვნახავ და ამასაც გადავცემ, მაგრამ მე თუ მკითხავ, ძალიან ზედმეტია, რასაც აკეთებ. -ეს საჩუქარი რა ხანია მისთვის მაქვს ნაყიდი. ვიცი, რომ ძალიან მოსწონს და მინდა, მასთან დარჩეს. სხვას ვერავის ვაჩუქებ. უბრალოდ არ შემიძლია, საყვარელი ქალისთვის განკუთვნილი საჩუქარი ვიღაცამ ატაროს. -კარგი! რაკი ასე გადაწყვიტე...- გამოართვა დიმამ და ფრენის რეისის შესახებ დეტალები გამოჰკითხა. --- შემოდგომის ნისლში გახვეული ქალაქი საწვიმრად ემზადებოდა. ლილუ ციცაგი წასაღებად გამზადებულ უკანასკელ ნივთებს კრებდა და ჩემოდანში უხალისოდ ტენიდა. სულ რამდენიმე საათი აშორებდა იტალიას, იქ სადაც არავინ ელოდებოდა, სადაც ძველი სიყვარულისგან მორჩენილი მოგონებები და სიცივე მძვინვარებდნენ, სადაც მხოლოდ საყვარელი საქმიანობა ელოდებოდა და მეტი არავინ და არაფერი... ახლა ყველაზე ნაკლებად სურდა სხვა ქალაქის და ხალხის გაცნობა. არც ძალა შესწევდა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო. დრომ დროებით შეუჩერა ურთიერთობებისთვის საჭირო ღიმილი და ის ლამაზი თვისებები, რომლებიც როგორც გარშემომყოფებისთვის, ასევე მუსიკისთვის უნდა გაეღო. ცოცხალმკვდარივით სუნთქავდა და ტოტზე შემორჩენილი ნოემბრის ფოთოლივით ელოდებოდა სასიცოცხლო ძალიდან მოწყვეტას. უკანასკნელად მოავლო თვალი თავის საძინებელს, ჩემოდანი გაიტანა, მშობლებს გამოეთხოვა და ბინის კარი უკანმიუხედავად გაიხურა. მიდიოდა და თავადაც არ იცოდა, რატომ... ინსტიქტურად მიჰყვებოდა ცივი გონებით დაგეგმილ მომავლის ნაბიჯებს და უგრძნობ, დაცარიელებულ ადამიანს ემსგავსებოდა. აეროპორტში მგზავრთა რიგებს შეერია და რეგისტრაციის გასავლელად ემზადებოდა, როდესაც უკნიდან დიმას ხმა მოესმა: -ლილუ, ვიცი გაგიკვირდება აქ ჩემი დანახვა, მაგრამ ერთი რაღაც აუცილებლად უნდა გადმოგცე. ციცაგმა მამაკაცს გახედა და რიგში ჩამდგარ მგზავრებს გამოეყო. -ეს რა არის? -შეფუთული საჩუქრისკენ გაექცა თვალი. -მეც არ ვიცი, გახსენი და ნახავ! საჩუქარი გამოართვა, გახსნა და ათენის საიუველირო მაღაზიაში ნანახი ზღვის ვარსკვლავი ეცნო. ოქროს ძეწკვთან და კულონთან ჩადებული პატარა, თეთრი ფურცელიც შენიშნა. აკანკალებული თითებით გახსნა და ოთოს ხელით დაწერილი „Per te!” ამოიკითხა. -არ არსებობს!.. -ხმამაღლა წარმოთქვა და ცრემლების ნიაღვარი გადმოუვიდა. --- ათრთოლებული ადიოდა კიბეებზე. არ იცოდა რა ელოდებოდა, მაგრამ გამბედაობას მაინც იკრებდა და წინ ჯიუტად მიიწევდა. რამდენიმე წუთი იდგა კართან, შემდეგ ზარის ღილაკს დააჭირა და დაელოდა, კარს როდის გაუღებდნენ. ურდულის ხმა გაიგონა და მის წინ ოთოც გამოჩნდა. მამაკაცს არაფერი უთქვამს, ზურგი აქცია და ბინაში შებრუნდა. -შეიძლება, შემოვიდე?-ლილუმ დაბალი ხმით იკითხა, დაუკითხავად ვერ ბედავდა, რომ შეჰყოლოდა. -მობრძანდი,- მკაცრად უთხრა და მისაღებ ოთახში შევიდა. ლილუმ კარი ფრთხილად მიხურა და მხრებში აწურული დადგა შესასვლელში მდგარ კარადასთან. მერე მოსასხამი გაიხადა, იქვე დატოვა და ნელ-ნელა წავიდა მისაღებ ოთახამდე. კარს რომ მიუახლოვდა, თავდახრილი დადგა. -რატომ მოხვედი?- კვლავ სიმკაცრე გაისმა ხუციშვილის ხმაში. ციცაგი ფიქრობდა საიდან დაეწყო და რა ეთქვა მისთვის, მაგრამ გონებაში არაფერი მოსდიოდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ იმ წამს, სადაც იყო, იქ ყოფნა უნდოდა და მეტი არაფერი. -გეკითხები და გამეცი პასუხი! რატომ მოხვედი? კვლავ აუტანელი სიჩუმე ჩამოწვა... -ასე უნდა იდგე?!- კითხვებს აგრძელებდა მამაკაცი და დაბნეულ ლილუს უცნაურად ათვალიერებდა. ლილუს მუხლები უკანკალებდა და საკუთარი გულის ცემა ყურში ჩაესმოდა. ძალა მოიკრიბა და ძლივს მოახერხა, რომ ეთქვა: -ასე ნუ მიყურებ, გთხოვ. -რა გინდა? იმისთვის მოხვედი, რომ ბოლომდე მიტირო დედა? კარგად დარწმუნდე, რომ შენთან სიყვარულის ბრძოლაში დიდი ანგარიშით დავმარცხდი და მიწაზე ზურგით დავენარცხე? მაშინ მიყურე. ჰო, ვაღიარებ, ოთო ხუციშვილი ლილუ ციცაგთან ბრძოლაში დამარცხდა და ყველანაირად განადგურებულია! ეს გინდოდა, მოგესმინა ჩემგან? მიიღე? დატკბი? ახლა შებრუნდი და წადი აქედან! - ყვირილით უთხრა მამაკაცმა. -რა ფასი აქვს ისეთ გამარჯვებას, როცა ამ ბრძოლაში თავს შენც დამარცხებულად გრძნობ?- ამოილუღლუღა ლილუმ. ხუციშვილი ვერაფერს მიუხვდა ციცაგს, მიუახლოვდა, ნიკაპზე ხელი მოჰკიდა, სახე ააწევინა და თვალებში ჩახედა: -შენ რა, ტირი?- ხმა შეურბილდა მისი ცრემლების დანახვაზე. ქალს ხმა არ გაუცია. ვერც თვალებს უსწორებდა. -გამაგებინე, რა თამაშს თამაშობ, ლილუ? რა ჯანდაბა ხდება ან ჩემს, ან შენს თავს? -მეც მიყვარხარ!-ათრთოლებული ტუჩებით ამოიჩურჩულა ქალმა. -რა თქვი?-ყურებს არ უჯერებდა მამაკაცი. -მეც მიყვარხარ!-კვლავ გაიმეორა, ჯიბიდან ოთოს ნაყიდი საჩუქარი ამოიღო, ხელის გულზე დაიდო და გაუწოდა:- მინდა, რომ შენ გამიკეთო. -იტალიაში წასვლა გადაიფიქრე?-ჩურჩულითვე ჰკითხა ლილუს სიტყვებით გამთბარმა ხუციშვილმა. -შენთან ვრჩები! შეიძლება? ოთო დადუმებული იდგა ატირებულ ქალთან და სერიოზული სახით აკვირდებოდა. თავი სიზმარში ეგონა, რომელიც მალე დამთავრდებოდა და ნანახი ზღაპარი კვლავ საზარელი სინამდვილით შეიცვლებოდა. -არ მაპატიებ?-ლუღლუღებდა ციცაგი. მამაკაცმა ხელის გულიდან ზღვის ვარსკვლავი ააცალა, თმა ცალ მხარეს ნაზად გადაუწია და ზურგს უკან ამოუდგა, რომ ლილუს თხოვნა შეესრულებინა. ძეწკვი შეუკრა, წელზე ხელები შემოჰხვია და ცხელი ტუჩები ყელზე დააწება:- გაპატიებ,-გახშირებული სუნთქვით უჩურჩულა და საყვარელი ქალის სურნელით თავდაკარგულმა ლავიწის ძვლებისკენ გადაინაცვლა. --- ოთო ხუციშვილის საცხოვრებელ კორპუსთან მანქანით მდგომი დიმა უიმედოდ ელოდებოდა დიდი ხნის წინ ასულ ლილუს. მეგობრის აივანს უყურებდა და ამაოდ ცდილობდა, ტელეფონზე დაჰკავშირებოდა რომელიმეს. -მდა! - არ ხარ შენ ქალბატონო მანდედან ჩამომსვლელი,- გაეღიმა და თავისუფლად ამოისუნთქა. -ესეც ასე! ეს საქმე მშვენივრად დაგვირგვინდა. ახლა დროა, ლილუს ველური ცხენივით გასახედნ დაქალს მე მივხედო,-ეშმაკურად ჩაეცინა და ირაკლის ტელეფონის ნომერი აკრიფა:- ბატონო ირაკლი, როგორ ბრძანდებით? -რა კარგ ხასიათზე ხარ? რამე მოხდა?-მაშინვე შეატყო მეგობარს ჩინებული განწყობა. -ახლა ერთი კარგი ადგილის მისამართს გამოგიგზავნი, კუციას თუ სცალია, მასაც გაუარე, მოკიდე ხელი და დაახლოებით ერთ საათში იქ გელოდებით. ჩვენ სამმა ისეთი შესანიშნავი ამბავი უნდა აღვნიშნოთ, ყველას რომ გაგვისწორდება. -მითხარი, რა ხდება? -დროს ნუღარ კარგავ, კნიაზო. წამოდი და ყველაფერს გაიგებ,- ჩაეცინა დიმას, ტელეფონი გათიშა, ერთხელ კიდევ ახედა ოთოს აივანს და ბედნიერი სახით გაეცალა იქაურობას. --- იმ ღამეს წვიმდა. ორი მგზნებარე სხეული ერთიანად გადაქცეულიყო. ერთი სუნთქვა და გრძნობა აკავშირებდათ. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სადღაც მიჩქმალულ ვნებას თავისუფლება ეპოვა და ორივე განცხრომაში ჩაეგდო. არცერთს არ უნდოდა იქიდან ამოსვლა. სასიამოვნოდ გამაბრუებელი და მიმზიდველი იყო ერთმანეთით ტკბობა და სიყვარულით ქანცის გაწყვეტა... ფანჯრის რაფებთან მოთამაშე წვიმის წვეთები ოთოს და ლილუს მუსიკას წერდნენ. სუსხიანი ქარი ხმელ ფოთლებთან ერთად წვიმის მიერ დაწერილ ჰანგებზე აცეკვებულიყო. სციოდათ ნახევრადშიშველ ხის ტოტებზე მობუზულ ბეღურებს, მაგრამ ნამდვილად არ სციოდათ მათ პირდაპირ მდებარე ფანჯარაში ფარდის მიღმა, სიყვარულში ჩაკარგულ წყვილს, რომელთა ერთად ყოფნის ისტორია დიდი ხნის წინ დაწყებულიყო და რატომღაც სწორედ იმ დღეს შეესხა ფრთები. დ ა ს ა ს რ უ ლ ი Per te! (იტალ.)- შენთვის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.