შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი - ნაწილი III


13-11-2019, 01:33
ავტორი tsira1808
ნანახია 1 530

თავი III
-იოანე, მთელი ოჯახი შეკრიბე, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
-ბაბუა, მე კი ყველას გადავცემ შენს სიტყვებს, მაგრამ ანასტასია დილიდან არ მინახავს. ეს კი შენც კარგად იცი, რაზე მეტყველებს.
კახი სიბრაზისგან წითლდება და შვილიშვილს განკარგულებას აძლევს:
-ახლავე წადი, როგორც გინდა იპოვე და სასწრაფოდ აქ მოათრიე. უკვე შეუძლებელია ამ გაუზრდელის საქციელის მოთმენა!
-აუცილებლად, ბაბუ, მაგრამ სანამ რამეს ეტყვი, ისიც გაითვალისწინე, რომ ცხენითაა გასული, ქარიშხალი საჯინიბოში არაა...
კახის სიბრაზისგან ნიკაპი უცახცახებს, ხმაურით იწყებს სუნთქვას და ყვირის
-ახლავე იპოვე!
-სიტყვას გაძლევ ბაბუ, სულ მალე აქ გავაჩენ, შენს ფეხებთან.
იოანე თავპირისმტვრევით გარბის ოთახიდან. რაც არ უნდა მოხდეს, ანასტასია აუცილებლად უნდა იპოვოს იქამდე, სანამ თავისით დაბრუნდება. რამეს მოიგონებს და კიდევ ერთხელ გაამწარებინებს კახის. ასე ბაბუას კიდევ ერთი მიზეზი ექნება, რომ ტასო მეტად შეიძულოს, ხოლო მას კიდევ ერთი შანსი, რომ ღირსეულ შვილიშვილად წარმოაჩინოს თავი.
სურვილი რეალობად ექცა, როცა მაგისტრალზე მანქანით მიმავალმა გზაზე ეულად დარჩენილი ანასტასია შენიშნა. მიზეზის მოფიქრება საჭირო აღარ იყო, რადგან ტასოს ცხენი თან არ ახლდა.
-ესეც ასე. შენივე ხელით გაითხარე სამარე. ბაბუას უსაყვარლესი ცხენი დაკარგე -ბებიას უკანასკნელი საჩუქარი.-მანქანაში თავისთვის ქირქილებს იოანე. მანქანას პირდაპირ ტასოს ფეხებთან აჩერებს და გოგოს მანქანაში ჩაჯდომისკენ მოუწოდებს. ისიც, რა თქმა უნდა, უხმოდ ემორჩილება.
-ხომ იცი რა დღეც გელის! -ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა იოანემ.
-სამწუხაროდ, ზუსტად ვიცი რა ბედიც მელის. ბაბუა აუცილებლად მომკლავს... მისთვის ყველაზე ძვირფასი რამ დავკარგე, ვერ გავუფრთხილდი. - ტასოს ცრემლები ღვარად ჩამოსდის, გული კი საგულედან ცდილობს ამოვარდნას, როცა ფიქრობს რომ შესაძლოა ქარიშხალს რაიმე დაემართოს. - იმედია ყველაფერი კარგად გაქვს, მეგობარო. დამიბრუნდი, გთხოვ... უშენოდ ძალიან გამიჭირდება.
-სინანული ახლა უკვე გვიანია. სახლიდან არ უნდა გაქცეულიყავი, მითუმეტეს ქარიშხალი თან არ უნდა წაგეყვანა. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი როცა მას დაკარგვის უფლება მიეცი.
-ხომ იცი, რომ ეს ძალით არ გამიკეთებია. მე მასზე უკვე 7 წელია ვზრუნავ. შეიძლება ბებომ ქარიშხალი ბაბუას აჩუქა, მაგრამ მის მოვლა-პატრონობაზე უკვე წლებია პასუხისმგებელი ვარ. მთელი ეს დრო ყოველი დილა მისით იწყება. თან კარგად იცი, ჩემ გარდა არავის იკარებს. იმედია, სანამ ვიპოვით ცუდ ხელში არ აღმოჩნდება და ვინმე არ ავნებს.
-ბაბუამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მისი თავი შენ განდო. არ მესმის, როგორ არ დაგიშალა მასთან მიახლოვება.
-გგონია ასე არ მოიქცა? დღემდე ვერ გადახარშა, რომ ქარიშხალმა მე ამირჩია, ის კი ახლოს არ გაიკარა. იმის გამო, რომ ბებოს უკანასკნელი საჩუქარია, ოღონდაც შიმშილით არ მომკვდარიყო და ბებოსავით ისიც ხელიდან არ გამოსცლოდა, ნება დამრთო მისთვის მომევლო და გამომეკვება.
-თუ ახლოს არ იკარებს, მაშ რატომ უყვარს ეს ცხენი ასე განსაკუთრებით? საჯინიბოში სხვაც ბევრი გვყავს ბებოს ნაჩუქარი.
-ერთხელ გავიგონე ცხენს როგორ ესაუბრებოდა. ამბობდა, რომ ლილი ბებო მასავით ჯიუტი ყოფილა ახალგაზრდობაში, მასავით დაუმორჩილებელი და თავმოყვარე. ვერავინ მოახერხა ცხენის გახედვნა. არავინ გაიკარა ახლოს ჩემ გარდა... როგორც ჩანს ბაბუა ქარიშხალში ლილი ბებოსთან მსგავსებას ხედავს. ალბათ, ბებომ ეს ქარიშხალის დაბადებისთანავე შენიშნა და სწორედ ამის გამო უსახსოვრა მეუღლეს, რომელსაც ცხოვრების 50, სიყვარულითა და ერთგულებით სავსე, წელი მიუძღვნა. იცოდა მალე დაიღუპებოდა და გადაწყვიტა ქარიშხალში გაეგრძელებინა სიცოცხლე. ბაბუამ ის ვერ აიტანა, ცხენმა რომ უარი თქვა მასზე. ამის გამო კი, რა თქმა უნდა, მე უფრო მეტად შემიძულა.
-მოვედით. ნათელში იყოს შენი სული ბიძაშვილო. - მოჩვენებითი თანაგრძნობითა და ყალბი ცრემლებით ცერემონიულად წარმოთქვა იოანემ.
-გევედრები, არ უთხრა ცხენის დაკარგვის შესახებ არაფერი, წავიდეთ და ერთად მოვძებნოთ, აუცილებლად უნდა დავიბრუნო ჩემი ცხენი.
-ვწუხვარ, მაგრამ ბაბუას ამას ვერ დავუმალავ.
კარს დაცვა აღებს. ეს ლუკაა, მისი ძმადნაფიცი და პირადი მცველი, რომელსაც მძღოლის მოვალეობაც წარმატებით აქვს შეთავსებული.
ტასომ დარცხვენით ახედა თავის მეგობარს, რომელსაც სახეზე თანაგრძნობა და საყვედური ერთად აღბეჭვდოდა სახეზე. ლუკა ყოველთვის მზად იყო ტასოს დასაცავად. ბევრჯერ დაუფარებია ხელი როცა იპარებოდა, თვითონ ლუკასაც გაჰყავდა სასეირნოდ სხისი ნებართვის გარეშე, ხოლო თუ გამომჟღავნდებოდა ათას მიზეზს პოულობდა გოგონას გასამართლებლად.
-ლუკა... პატიებას ითხოვდა ტასოს ხმა. -რა თქმა უნდა ანასტასიას გაპარვა ლუკას პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ დააყენებდა და შესაძლოა ცხენის ამბავის გახმაურების შემდეგ სამსახურიდანაც კი გაეთავისუფლებინათ. ლუკა დუმდა. ტასოს თვალებში ცრემლი და ტკივილი იბუდებდა. ვერ იტანდა როცა ლუკა მასზე ნაწყენი იყო. ერჩია ეცემათ, ოღონდ ძმადნაფიცს მისთვის ხმა გაეცა.
-ბაბუა!- ჭიშკარში შედის თუ არა კახის ეძახის იოანე. თან ცალი ხელით ტასოს მიათრევს.
-გთხოვ, არ გინდა!-კვლავ ვედრება გაისმის ტასოს ხმაში.
როგორც ჩანს, კახიმ ვერ გაიგო შვილიშვილების სახლში დაბრუნება და ძახილი. ეზო საკმაოდ დიდია, სახლი კი ქვის კედლებით ნაშენი, რა გასაკვირია, ძნელია ჭიშკრიდან ხმის მიწვდენა მოსახლეებისთვის. მიახლოებაა საჭირო.
ჭიშკრიდან სახლამდე მისასვლელ ბილიკზე ქვაფენილი დაუგიათ, მის გასწვრივ კი ბზები სიმეტრიულად დაურგავთ. ეზო ხელოვნური ბალახით გაუმწვანებიათ, ცენტრში კი პატარა შადრევანიც მოჩანს. მის გარშემო მინიატურული ფერადი ყვავილებია დარგული, ხოლო ეზოს აღმოსავლეთით, იქ სადაც ტენტი დგას, დიდი ადგილი გამოუყვიათ ვარდებისთვის. ტასოს ისინი განსაკუთრებულად უყვარდა, ყოველთვის მეტად ზრუნავდა მათზე. სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ დადიანების ოჯახში მოსულ სტუმარს მუდამ აკვირვებდა ეზოში მთელი წლით მოყვავილე ფერადი ვარდები.
გოგონას რამდენიმე ნაბიჯი აშორებს მეორე სართულისკენ ამავალ კიბეს, რომ კახი გამოდის აივანზე. რა თქმა უნდა იოანეს ეს არ გამორჩენია.
-ბაბუა, მე დადიანის სიტყვა შევასრულე... მოგიყვანე ანასტასია.-ასძახა აივანზე გადმომდგარ ოჯახის უფროსს.
კახი დაბლა ჩამოდის. შვილიშვილს შექების ნიშნად მხარზე ხელს ურტყავს და ანასტასიას წინ ჯიქურ მომზირალი ჩერდება.
-ხომ გაგაფრთხილე, თუ კიდევ ერთხელ გაიპარებოდი, თავბედს გაწყევლინებდი. - ჩუმი და გამაფრთხილებელი ტონით დაიწყო მამაკაცმა.
-ბაბუა, მე...
-ხმა! კრინტი! -ხმას მნიშვნელოვნად უწევს კახი. -როგორ ბედავ სიტყვის თქმას როცა მე ვლაპარაკობ! - ხელს მაღლა სწევს და ტასოს სილას აწნის. გოგონა დაბლა ეცემა. კახი მას მკლავებში ჰკიდებს ხელს, ფეხზე აყენებს და აჯანჯღარებს. - როგორ ბედავ, რომ თან ჩემი ცოლის უკანასკნელი სახსოვარიც მიგყავს და ისიც ჩემს დაუკითხავად?! როგორ ბედავ-მეთქი...-კახი უკვე ყვირის და ახლა მეორე ლოყაზეც აწნის სილას. ტასოს ერთიანად აუალისფრდა ლოყები. ცრემლები ღვარად სდის ნატიფ სახეზე.
-ბაბუა, ვიცი გაბრაზებული ხარ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა. -შესაშურ მომენტში ცეცხლზე ნავთს ასხავს იოანე.- ამ შტერმა გოგომ ქარიშხალი დაკარგა!
კახი სიბრაზისგან ერთიანად აცახცახდა, საჯინიბოსკენ გაემართა და შოლტი აიღო.
-ახლა ნახავ რა ბედიც გეწევა, შე წყეულო! როგორ გაბედე ჩემი ცხენის დაკარგვა, აი შენ!
კახი შოლტს უქნევს ტასოს. გოგონა სიმწრისგან კივის. ლუკა მეტს ვეღარ უძლებს, რაც არ უნდა მოხდეს უნდა შეაჩეროს ეს სატანა, მაგრამ იცის რადაც მოჰყვება ამ ნაბიჯს და ფეხს წინ ვერ ადგამს. მისდა ბედად სახლიდან დათო გამოდის და იმის გააზრებისას, თუ რას სჩადის მისი მამა, უმალ თვალწინ უდგება საღამოსთვის დაწყობილი გეგმები. მოგვიანებით აპირებდა დალაპარაკებას, მაგრამ თუ მამამისს ტასოს ცემის ნებას მისცემს, ყველაფერი წყალში ჩაეყრება.
- მამა, ასე ვერაფერს გახდები. თუ მოინდომებს, კვლავ გაიმეორებს იმავეს. გთხოვ, შეჩერდი. მინდა დღევანდელი საღამო გაგახსენო. უმჯობესია თუ ყველა ჯანმრთელი და საღსალამათი წარვსდგებით საღამოზე. ასე აჯობებს ყველასთვის. ყველაფერი თავის ადგილას დადგება.
კახი შედგა. დათო მართალი იყო. მართლა სჯობდა მოცდა. ტასოს დასჯას ყოველთვის მოასწრებდა, ამ საღამოს კი აუცილებლად სრული შემადგენლობით უნდა მისულიყო მისი ოჯახი წვეულებაზე. თუ ტასო ფეხზე ვერ დადგებოდა და ამ საღამოს მათთან ერთად არ იქნებოდა, ეს ბევრ უპასუხო კითხვას გააჩენდა საზოგადოებაში, რაც ნამდვილად არ აწყობდა ამ მნიშვნელოვან დღეს. ტასო დადიანების ოჯახის კოლორიტი გახლავთ, მაღალი საზოგადოების წრეში მას თითქმის ყველა იცნობს. მისი სილამაზე საარაკოა. ბევრი მამაკაცის გული აუღელვებია და ბევრის გონებაც დაუბინდავს მის ფიზიკურ თუ სულიერ მშვენიერებას.
-რამდენიმე საათში გავდივართ, ეს საღამო ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. მნიშვნელოვან გარიგებას ვდებ და არ მინდა გამოაკლდე. აუცილებელია დადიანების ოჯახის თითოეული წევრი დროულად გამოცხადდეს სპეციალურად ჩვენთვის ორგანიზებულ საღამოზე, სადაც მაღალი საზოგადოების ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანის წინაშე მოგვიწევს წარდგენა. ამ საღამოს კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს დადიანების ოჯახი სრული შემადგენლობით. ამიტომაც, ახლავე მაღლა ახვალ, ოთახში დაჯდები და იქამდე არ გააღებ კარს, სანამ მე არ ვიტყვი. ხო კიდევ იბანავე, ცხენის სუნად ყარხარ! მალე გაემზადები და სალონში წახვალ. ამაღამ უნდა ბრწყინავდე.
ტკივილისგან სახედამანჭულ ანასტასიას გაუკვირდა ბიძისგან ასეთი დამოკიდებულება. მიჩვეულია მისგან დამცირებასა და ბაბუას წაქეზებას, ახლა კი, როცა კახის აღმართული შოლტი დააგდებინა, გაკვირვებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა, ასე არასდროს მოქცეულა მის დასაცავად. ტასოს კახის ნათქვამი სიტყვები ესმოდა მაგრამ გაოცებისგან ვერ აღიქვამდა. მხოლოდ ბოლო წინადადების გაანალიზება მოასწრო და საჩქაროდ გასწია თავისი ოთახისკენ. საბედნიეროდ სხვებს არ გაუგიათ დაბლა მომხდარის შესახებ. როგორც ჩანს სახლში არ იყვნენ. ტასოს მშობლებს რომ შეეტყოთ, მართალია ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ კახის, მაგრამ ძალიან კი ინერვიულებდნენ. გოგონა საწოლზე დაემხო და გულამოსკვნით ატირდა. ტიროდა თავის უბედობაზე, უსუსურობაზე, ცხენის დაკარგვისა და ბაბუის დამოკიდებულების გამო. თუმცა რაღაც სხვაც იყო. თვალწინ დაუდგა ნაცნობი მზერა და უცნობი მამაკაცთან მომხდარი დილანდელი შემთხვევა.
- ყველაფერი მის გამოა რაც ახლა ჩემს თავს ხდება. მანქანით რომ არ გადაეღობა ჩემთვის გზა, არც ქარიშხალი დაიკარგებოდა და ვერც ვერავინ გაიგებდა გაპარვის ამბავს! -ბრაზი ახრჩობს ანასტასიას და მუშტებს ბალიშს უღერებს.- მაგრამ მისი სახე... - ტასო ფიქრების საბურველში ეხვევა.
მაინც რა ძალიან ჰგავდა ის თავხედი და უზრდელი ადამიანი თვალებით მის მირიანს. ენატრება სიგიჟემდე, უკვე 23 წლის ხდება და ჯერ კიდევ არ შეუწყვიტავს მისი სიყვარული. არავისთვის მიუცია შანსი არც უნივერსიტეტში და არც სკოლაში. არავინ მიჰკარებია მისი გულის სათუთ მხარეს მირიანის გარდა. 15 წელია მისი მონატრებითა და ნახვის იმედით ცხოვრობს. არავის უმხელს, მაგრამ მაინც ელოდება. ყველაფრის მიუხედავად სჯერა, რომ მისი ერთადერთი სიყვარული თავის ფიცს შეასრულებს და დაბრუნდება... თანაც სამუდამოდ. ადრე თუ ხშირად ეკითხებოდა მშობლებს მისი წასვლის მიზეზს, ახლა უკვე ყველასგან მალავს მირიანის არსებობას გულსა და გონებაში. თვითონ შეეძლო ფიქრებში მისთვის ეჩხუბა ან თუნდაც მოფერებოდა გულის სწორს, მაგრამ არასდროს არავის მისცემდა უფლებას სხვას აუგი წამოსცდენოდა მირიანზე, თუნდაც მისივე დამშვიდების მიზნით.
-კრეტინი! მაინც როგორ დამტოვა იმ მინდვრებში მარტო!-კვლავ დედამიწას უბრუნდება ტასო.- თავხედი! უზრდელი! იდიოტი! -რა სიტყვებს აღარ იხსენებდა მივიწყებული ლექსიკონიდან მირიანის შესამკობად.
ამასობაში 2 საათი გავიდა. როგორც იქნა, ტასო დამშვიდდა. საწოლიდან გაჭირვებით წამოსწია ტირილისგან დამძიმებული თავი. სარკიდან თვალებ და ტუჩებდასიებული გოგონა უცქეროდა გაწეწილი შავი დალალებით.
-რას ჰგავხარ ანასტასია! - თავის თავს გაუწყრა სარკეში. - ვერ გაიგე რა თქვა ბაბუამ?! საღამოს უნდა ბრწყინავდეო. ამ თვალებით იბრწყინებ კიარა, მაქსიმუმ მუმიასავით ივლი.. სასწრაფოდ აბაზანა უნდა მიიღო.
სააბაზანოდან გამოსულ ანასტასიას ოთახში სიურპრიზი ხვდება. თეთრ, ბუმბულივით რბილ ნოხზე დიდი ატმისფერი ყუთი დევს წულეს, იმავე ფერის ბაფთით შეფუთული. მასთან ერთად მცირე ზომის რამდენიმე ყუთიც აკურატულად აწყვია საწოლზე. ფიქრობს კახიმ ნათიას გამოატანაო და ყუთს თავს ხდის. გაოცებისა და შოკისგან ენა უვარდება, თვალები კი უფართოვდება როცა ყუთში ზუჰაირ მურადის უმშვენიერესი კაბა ხვდება - სადა, დახვეწილი, ელეგანტური, ჰაეროვანი და, რა თქმა უნდა, თვალისმომჭრელი. ვერც კი იჯერებს რომ კახიმ ის სპეციალურად მისთვის შეუკვეთა, განსაკუთრებით, დღევანდელი ამბის შემდეგ!.. კაბა წითელია, გრძელი, წელს ქვემოთ დავარდნილი. მაქმანიანი და წულეს ქსოვილისგან დამზადებული, ხელნაკეთი და რა თქმა უნდა ზუსტად მისი ზომა.
-ასეთი რა გარიგებაა, რომ ბაბუამ ამ კაბით გამანებივრა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მზად იყო სიკვდილის პირას მივეყვანე ცემით?! -ანასტასია უშედეგოდ ცდილობს კითხვაზე პასუხის მიღებას და შოლტით მიყენებულ ჭრილობას გაჭირვებით იმუშავებს ფეხზე. ყოველ ჯერზე როცა კაბას უყურებს, ზუსტად ისეთივე რეაქცია აქვს, როგორიც პირველ ჯერზე.
კარზე კაკუნია.. ნათია შემოდის.
-ბატონმა კახიმ გადმოგცათ, რომ სალონში წაბრძანდეთ, ყველაფერს იქ გამოგიგზავნით. როგორც ჩანს იქ გამოსაგზავნი ნივთები შეცდომით სახლში მოიტანეს, თუმცა ყველაფერს გამოვასწორებთ. მძღოლი უკვე გელოდებათ.
სხვა რა გზაა, სწრაფად იცვამს, პატარა ჩანთას იკიდებს და ლუკას მიერ გამოღებულ მანქანის კარში სწრაფად უჩინარდება. უხერხული დუმილია ჩამოწოლილი ამ ორ უახლოეს ადამიანს შორის. ტასო ეკლებზე ზის, თავს დამნაშავედ გრძნობს დილანდელის გამო. ლუკაც, თავის მხრივ, თავს იდანაშაულებს გოგონას დაუხმარებლობის გამო.
-ლუკა... -პასუხი არ არის. - არ მელაპარაკები?
-რას ბრძანებთ, ქალბატონო ანასტასია, რა უფლება მაქვს...
-ლუკა! - ვითომ გაუჯავრდა გოგონა. ვერ იტანდა ძმადნაფიცის „ქალბატონ ანასტასია“-ს. ასე მხოლოდ მაშინ ეძახდა, როცა ლუკა ნაწყენი იყო, ან თუ ბატონი კახი ესწრებოდა მათ საუბარს. სხვა შემთვევაში ყოველთვის ტასოთი მიმართავდა გოგონას.
-არ მაქვს უფლება ნაწყენი ვიყო? არც კი გამაფრთხილე ისე გახვედი სახლიდან, არც კი ისურვე ჩემთვის რამის თქმა. წამოყოლა თუ არ გინდოდა, რამეს მაინც მოვიფიქრებდი შენთვის ხელის დასაფარებლად. ხომ იცი, რომ სხვაგვარად ბატონი კახისგან ვერ ვახერხებ შენს დაცვას. შენზე აღმართული ხელი ჯერ მე მტკივა, როცა ვხედავ როგორ გცემს. მე კი ვერაფერს ვაკეთებ რომ შევაჩერო, გესმის? ვერაფერს! კარგად იცი, მამას სიცოცხლე მასზე რომ არ იყოს დამოკიდებული არც კი დავფიქრდებოდი ისე გადაგეფარებოდი წინ, მაგრამ იმ ფაქტს ვერ შევცვლი, რომ მამას სიცოცხლის გარანტი ჩემი მონური მორჩილებაა ბატონი კახის მიმართ და მან ეს იცის, ამით ვყავარ გამოჭერილი. რა მოხდება, რომ ერთხელ მაინც გამაფრთხილო თუ წასვლას აპირებ, ნუთუ ასე ძნელია.
-მაპატიე, ლუკა. მართალი ხარ! უბრალოდ მობილური სახლში დამრჩა და ვერ მოვახერხე შენთვის შეტყობინება. როცა ეს გავიაზრე, უკვე კარგად ვიყავი აქაურობას მოშორებული.
-ანასტასია, ყურადღებით! არ მინდა რამე დაგემართოს. დღეს რომ შოლტი გადაგარტყა, ერთი სიცოცხლე იქვე გავათავე. ადგილს მივეყინე და ვლოცულობდი სასწაული გამოეგზავნა უფალს შენს გადასარჩენად. მადლობა ღმერთს, რომ ბატონი დავითი გამოჩნდა და მან გიხსნა.
-გპირდები, ამის შემდეგ ყურადღებით ვიქნები, მაგრამ უნდა მაპატიო.. გთხოვ ლუკა..
ლუკა დუმს.
-ლუკიიი.. გეხვეწები, ნუ დამტოვებ უშენოდ, გთხოვ... შენც ნუ მიმატოვებ, ისე როგორც მირი...-წინადადება არ აქვს დასრულებული, რომ ლუკა აწყვეტინებს:
-აღარ გაბედო ამ ადამიანის გამო თავის ტანჯვა... მეგონა ამდენი ხნის მერე მოახერხე მისი დავიწყება, მაგრამ თურმე ვცდებოდი. მირიანი კარგადაა იქ სადაც ახლაა და შენც კარგად უნდა იყო აქ და ახლავე.
-მაშინ მაპატიე...- თვალებს აფახულებს ტასო.- ჰა, რას იტყვი? მაპატიებ?
-ოხ ტასო... - ლუკა თავს ვერ იკავებს, რომ არ გაეცინოს ტასოს ბავშვურ ქცევაზე. - შევრიგდეთ. მაგრამ დამპირდი რომ დამიჯერებ!
-მომე ნეკი!
ამასობაში სილამაზის სალონშიც მივიდნენ.
-დაგელოდო თუ წავიდე და მერე გამოგიარო?
-მე რომ რობის ვიცნობ, მგონი აქედან დიდხანს ვერ გამოვალ, ამიტომ შენ ჩემგან თავისუფალი ხარ. როცა დავასრულებ დაგირეკავ და თუ შეიძლება გამომიარეთ, თქვენო უსიმპათიურესობავ!
-არის, ბავშვო! -ლუკამ ჯარისკაცივით შუბლზე მიიდო ხელი ბრძანების შესრულების ნიშნად და შემდეგ თმა აუჩეჩა. მანქანიდან გადავიდა და როგორც ჯენტლმენს შეეფერება კარი გაუღო.
-მადლობა, ბოს! - მეგობრებმა ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს.
-ლუკა, შენ ერთადერთი მამაკაცი ხარ, რომელიც ჩემს თავზე მეტად მიყვარს. - გაუღიმა გოგონამ.
-შენ კიდევ ერთადერთი ბავშვი, რომელიც ბავშვობიდან დღემდე ჩემს გულში ზის.
ტასო თბილად ეხუტება და ამბობს:
-მადლობა, რომ ისეთი გიყვარვარ როგორიც სინამდვილეში ვარ. დაგირეკავ.
-დროებით ტასო!
-შეხვედრამდე, ლუკა!
გოგონა სალონში შედის. ლუკა კი იქამდე უყურებს მზრუნველი მზერით, სანამ დობილი კარში არ უჩინარდება.
-ანასტასია!
-რობერტ!
-არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ბატონი კახის ბრძანებაა, დღეს თვალისმომჭრელი უნდა იყო ძვირფასო! -დაინახა თუ არა, დაიწყო ტიტინი რობიმ, ტასოს ევროპელმა სტილისტმა - რომ იცოდე რამდენ რამეს გიპირებ, აღარ მენდობოდი, მაგრამ ხომ მიცნობ! ყველაფერს მინიმალური ზიანის მიყენების გარეშე გავაკეთებ.
-რობი, დამშვიდდი და ამოისუნთქე! - გაიცინა ტასომ.-გენდობი.
-კარგი, ძვირფასო. მაშინ ვიწყებთ. მეგობრებო! ივანკა, ნასწია, ვლად! დროზე ჩემთან! -დამხმარეები ოთახში შემოვიდნენ. - ისინი საუკეთესოები არიან. დღეს შენს ვიზუალზე ერთად ვიზრუნებთ, შენ კომფორტულად მოეწყვე და მოდუნდი დანარჩენი ჩვენზეა.
ჩაირთო ფენი და სალონში დიდი სამზადისი დაიწყო. თმა, ფრჩხილები, წარბები, მაკიაჟი... ყველაფერი უნდა მოესწროთ. ამასთან ტასოს საოცნებო კაბაც სახლიდან დროულად უნდა გამოეგზავნათ და გოგონა დროულად მოემზადებინათ. დრო ცოტა იყო, საქმე ბევრი. უკვე შუადღეს გადასცდა, წუთის დაკარგვა არ შეიძლებოდა
საღამოს 6 საათზე ტასო უკვე მზად იყო. შავი, ტალღოვანი, წელამდე თმა გაეშალათ და ბუნებრივი ვარცხნილობა გაეკეთებინათ, შავი მოელვარე თვალები, მაკიაჟით კიდევ უფრო მეტად გამოეკვეთათ, ხოლო ტუჩები მბზინვარე ტუჩისფერი საცხით შეეღებათ. სხეულის შესაშურ ფორმებს ზუჰაირ მურადის კაბა უკეთ გამოკვეთდა, ხოლო ნატიფ ფეხებს მეტ ეშხსა და სილამაზეს ჯიმი ჩუს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები აძლევდა.
-იცი, რომ საოცრება ხარ?
-ნუ აჭარბებ, რობი! - დაიმორცხვა გოგონამ.
-მეგობრებო, რას იტყვით, ვაჭარბებ? - დამხმარეებს მიმართა სტილისტმა.
სანამ ვინმე ხმას ამოიღებდა, ოთახში სტვენის ხმა გაისმა. ყველამ კარისკენ გაიხედა! შემოსასვლელში კლასიკურ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი ლუკა იდგა კმაყოფილი სახით.
-ნამდვილად არ აჭარბებ! ტასო, გადავიფიქრე წამოსვლა. ბატონ კახის ვეტყვი, რომ შეუძლოდ ვარ და ვერ ვიქნები შენი მცველი ამ საღამოს. არ მინდა მთელი ღამე მუშტებს ვიქნევდე შენთან ფლირტის გამო მომსვლელთა მოსაგერიებლად.
-ოხ, ლუკა! - გაიცინა ტასომ.
-ტასო, ეს სიმპათიური ბიჭი ვინაა? არ გამაცნობ - ინტერესით იკითხა რობიმ და გაინაზა, თან ლუკა შემფასებლურად აათვალიერა. ტასომ გადაიკისკისა.
-ეს ისეთი არაა, შენ რომ გგონია და გინდა, ტკბილო! - სიცილით გადაულაპარაკა გოგონამ ერთგულ სტილისტს. ლუკა ფერებში გადავიდა და სიბრაზის გადასაფარად ჩაახველა; თან რობის მტრული მზერა ესროლა.
-ტასო, გარეთ დაგელოდები.
-უიმეე... რანაირია რაარი... - თავი დაიფასა რობიმაც.
ტასომ თავი გააქნია, პატარა ჩანთა აიღო და გარეთ გავიდა. ირგვლივ ყველას ყურადღება მიიპყრო. ზედმეტი თვალიერებისგან განებივრებულმა და დამორცხვებულმა გადაწყვიტა მანქანაში დროულად ჩამჯდარიყო და შეეწყვიტა მისადმი გამოჩენილი ზედმეტი ყურადღება.
შავი ბრაბუსი ნელა მიიკვლევს გზას საცობში. ძლივს გათავისუფლდა გზა და აი ისევ შუქნიშანი... წითელზე ხაზთან ჩერდებიან. ტასო ლუკას უკან ზის, დაბურული ფანჯრიდან გაჰყურებს ელექტრონით გაჩახჩახებულ ქალაქს და კვლავაც თავის სასწაულზე ფიქრობს, რომელიც მის საპოვნელად მოვა. მათი მანქანის გვერდით შავი „პორშე კაიენი“ ჩერდება. ტასო ამჩნევს მანქანას და დილანდელის გახსენებისას სული ეხუთება. მინას დაბლა უწევს და გრილ ჰაერს თვალებდახუჭული ხარბად ისუნთქავს. მის გვერდით, ზედმეტად ახლოს მდგომი პორშედან ტასო მისკენ მიპყრობილ მზერას გრძნობს. თვალებს ახელს და მანქანის მინას უაზროდ უშტერდება. უცებ, ვიღაც შუშას დაბლა სწევს. ტასო იმავე სახეს ხედავს, რომელსაც დილით. მამაკაცს პირზე იდუმალი ღიმილი დასთამაშებს. ტასოს თავს ახსენებს მის გამო გაშოლტილი ფეხის ტკივილი და გაბრაზებას ვერ ასწრებს, რომ შუქნიშანზე მწვანე ინთება და ლუკა მანქანას სწრაფად „ხსნის“ ადგილიდან. „პორშე“ არ იძვრის, თითქოს განგებ ცდილობს მათთვის გზის დათმობას.
ტასო თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის, და ფანჯრიდან უკან იხედება. ლუკა ამჩნევს მის დაძაბულობას და მიზეზს კითხულობს. ტასოს აღარ სურს ლუკას გაბრაზება, ამიტომ ყველაფერს უყვება დილას მომხდარი ამბის შესახებ. ლუკას იმასაც კი ეუბნება, რომ მამაკაცის თვალები მირიანისას ჰგავს. ახლა უკვე ისიც ხვდება თუ რატომ გაახსენდა მეგობარს ძველი სიყვარული, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ შეუძლებელია ეს ადამიანი აქ იყოს, მათ ქალაქში. მას უბრალოდ არ ენდომებოდა იმ ხალხის ნახვა, ვინც ის სხვა ქვეყანაში გააშვილა. ამიტომ ლუკა სიმშვიდისკენ მოუწოდებს გოგონას და მანქანის სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებს.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგი ისტორია, ველოდები როდის გაიხსნება, როგორც იტყვიან ,,კარტები,,

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

უფრო და უფრო საინტერესო ხდებაა ????????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent