Bipolar Disorder (სრულად)
ამ მომენტისთვის პაციენტი არაადეკვატურია. სტაციონარში უნდა მოვათავსოთ… 19 წლის მოზარდისთვის მეტისმეტად დიდი დარტყმა იქნება ფსიქიატრიულში მოხვედრა. მთელ ცხოვრებას დავუნგრევთ. სახლში უნდა ვუმკურნალოთ. დიაგნოზი ? ბიპოლარული აშლილობა. დღეში 13 ტაბლეტი და გადაადგილების შეზღუდვა. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი. ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ შემდეგი სიმპტომები: - კმაყოფილებისა და კეთილდღეობის განცდა, რომელიც არ შეესაბამება ობიექტურ გარემოებებს… განა ცუდია, როდესაც კარგად ხარ და ამისთვის მიზეზი არ გჭირდება ? რატომ სურთ სხვებს ჩემი დადებითი ხასიათი მაქსიმალურად მოშხამონ და ჩემში აგრესია გამოიწვიონ ? არ გამოგივათ ! მე მაინც კარგად ვიქნები ! - თავშეუკავებლობა ! ჰმ, რა უზნეობაა. განა სიმართლის პირში თქმა და არა ზურგს უკან ჭორაობა თავშეუკავებლობაა ? მე უბრალოდ პირდაპირი ადამიანი ვარ, ეს არის და ეს ! ვისაც არ მოსწონს გზა ოთხი მხრივ ხსნილია, არავის გაკავებთ ! - გაღიზიანებადობა. რა ჩემი ბრალია, თუ ტქვენ ყოველთვის იმას აკეთებთ, რაც მე მაღიზიანებს ? - ენერგიის მოზღვავება. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა ! როდესაც ენერგია მაქვს ვცეკვავ, ვმღერი, ბედნიერებას ვასხივებ! თქვენ კი… თქვენ მხოლოდ ჩემი დაშოშმინება გინდათ, არ გსურთ ბედნიერებას ბოლომდე გავყვე. გულზე არ გეხატებათ, როდესაც ბედნიერების პაწაწინა ნაპერწკლებს ვისვრი და ირგვლივ ყველაფერს ვწვავ. - ძილის მოთხოვნილების შემცირება - ფიქრების სრბოლა, იდეების მოზღვავება ზუსტადაც! ნაკლები ძილი, მეტი მოძრაობა. ადამიანები თავისი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებენ ! წარმოგიდგენიათ ? მესამედს! განა რამდენი საინტერესო ფიქრის, აზრის, იდეის განხორციელებაა შესაძლებელი მთელი ცხოვრების მესამედის განმავლობაში ? წარმოიდგენ ? ვერა. მე შემიძლია წარმოვიდგინო, მე შემიძლია განვახორციელო ! - აჩქარებული მეტყველება აბა დაუკვირდი ! თუ ჩემ თავში ათასგვარი ფიქრი ირევა ერთდროულად და წამში მილიონობით იიდეის გენერაციას ვახდენ, იმისთვის, რომ ისინი გადმოვცე, სწრაფადაც უნდა ვისაუბრო, ხვდები რას ვგულისხმობ ? ან და, რას ხვდები… - სიამოვნების იმპულსური ძიება ადამიანს ძალუძს ნებისმიერი წამიდან მიიღოს სიამოვნება თუ დაწვრილმანდება ! ე.წ. ბედნიერება წვრილმანებშია. შენ სუნთქავ, შენ იღიმი, შენ ტირი, შენ გრძნობ ! განა რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი სიამოვნება ამქვეყნად ? მაგრამ მე… მე უკვე იმდენი რამ მაქვს განცდილი… ო, ღმერთო, ნეტავ იცოდე როგორ მსურს განვიცადო მძაფრი, ექსტრემალური, საშიში ემოციები, რომელნიც ჩამითრევენ ღრმად თავიანთ ჭაობში და არასოდეს! არასოდეს გამიშვებენ ! - გუნება-განწყობილების ცვალებადობა ჰმ! დიახ, შემიძლია ბედნიერებიდან უბედურებაზე გადასვლა მსწრაფლ. ისე რომ შენი თვალი ამის დაფიქსირებას ვერც კი მოასწრებს. ქვეყნად მხოლოდ ორი ფერი არსებობს ! შავი და თეთრი ! ან კარგად ხარ, ან ცუდად. ღმერთმანი რა ამაზრზენია ადამიანური სტანდარტები ! კარგი - ცუდი! კეთილი - ბოროტი! არასოდეს, გესმის ? არასოდეს წამოეგო ადამიანურ სტანდარტებს. ისინი შენს პიროვნებას დაღრღნიან და ძვლებსაც კი აღარ დატოვებენ მისგან ! მე ეს ღმერთმა მასწავლა ! მაგრამ იცოდე, ჩემი ღმერთი შენი ვერასოდეს გახდება ! მე მას ვეთაყვანები… “ლურჯად დაბერილი ვეება სისხლძარღვიდან თამამად მორბიან კისრისტეხით შენით გაჟღენთილი ატომები. ეს რომ გაიგო, ალბათ დამცინებ, როგორც მაშნ, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით. მთელი ჩემი რაობა გაჟღენთილია ბორდოსფერი ღვთაებით. ეს შენც ჰომ იცი, არა ? რა თქმა უნდა, იცი, იცი, რომ ღმერთი ხარ და იცი, რომ ჩემი სამყაროს შემქმნელის სტატუსი გიპყრია ხელთ. სხვები კი ხან სიბრალულით, ხან სიცილით პასუხობენ ამას. ისინი ვერასოდეს გაიგებენ ჩვენ რა გვაკავშირებს. მინდა იყო მხოლოდ ჩემი ღმერთი. იცოდე და დაიმახსოვრე ! სხვასთან გასაყოფი სამყარო არ მაქვს. ჩემი ხარ და მორჩა!” - ჰალუცინაციები და ბოდვები ვერ ვიტყვი, რომ ერთი ან მეორე მაწუხებს. ჰალუცინაციები ღვთაებრივი მაქვს, ბოდვებზე კი ვერაფერს გეტყვი, მეც არ მახსოვს ხოლმე რას ვლაპარაკობ. ან რატომ უნდა მახსოვდეს? ძილი დამერღვა! მეძინება და დავიღალე. მაგრამ ეს მუდმივი თვლემის რეჟიმი! ერთმანეთში არეული ათასგვარი სიზმარი, სადაც ერთადერთი მამოძრავებელი ძალა ჩემი თაყვანისცემის ობიექტია. - უვარგისობისა და დანაშაულის ძლიერი განცდა ჰო, წამით წარმოიდგინე რაოდენ დიდი ცვლილებაა მუდმივი თვითკმაყოფილებიდან უვარგისობის განცდაზე გადასვლა, თუ შეძლებ, და მერე მითხარი, რომ ეს ყველაფერი მეტისმეტად მარტივია. ააჰჰ, წამლის დალევის დრო მოვიდა. ამჯერად რამდენი ? მხოლოდ სამი ? არაუშავს. - სევდა, დათრგუნვილობა ჯანდაბას თქვენი თავი ! ყველა და ყველაფერი მეზიზღება ამქვეყნად! გულს მირევს ადამიანების არსებობა! სადმე ტყეში, მთაში, სიცივეში ! როდესაც ვერავინ და ვერაფერი გეკარება, გარდა ველური ბუნებისა, რომელსაც სულ ცალ ფეხზე ჰკიდიხარ ერთი ადამიანი, რომელიც ცოტაოდენ ჟანგბადს იყენებს ხისგან გამოყოფილს. საოცრად მცივანა ვარ, ვერ ვიტან სიცივეს და რატომ ჩავებღაუჭე ამ მთას ? იქნებ ზღვა იყოს გამოსავალი ? არა, მომბეზრდა ზღვა ამდენ ხალხში. დედა, მამა, ძმა… რა მოხდებოდა, თუ საერთოდ არ მოვევლინებოდი ამ ქვეყანას? დედას არ მოუწევდა საუკუნის ტკივილის განცდა და ახლა არც ოჯახს მოუწევდა ჩემი შენახვა. ვერც მე განვიცდიდი ამდენ ემოციას და არ ვიქნებოდი ამ დაავადების ტყვე. არა, ზოგჯერ მომწონს. ზოგჯერ... მაგრამ ახლა, ამჟამად, ვერანაირ ემოციეას ვერ განვიცდი. ინერციით მივდივარ. სასაცილოა? ვიცინი. სატირალია? ვტირი. მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ. მრცხვენია ამ სიტყვის თქმა. ვგრძნობ.... - ბოლოს როდის იყავი ბედნიერი, ეგ თუ გახსოვს ? - მე მე არ ვარ, როგორ გგონია, რას გიპასუხებ ? - მე გეტყვი, რომ მომენატრე. - შენ მე კი არა, სხვა მე მოგენატრა. - სხვა შენ არ არსებობ. ამჟამად უბრალოდ ადალი ხარ და იასავით ძველი გირჩევნია. - არ ვაღიარებ ე.წ. ახალ “მე”-ს მედ. - მოდუნდი, გველივით გამოიცვალე ტყავი, ეს არის და ეს. - ნებას გაძლევ მოკეტო ! - შენ თავსვე ავნებ, თორემ ჩემი რა მიდის… ისე, ასეთი უშნო ნაწერი იმიტომ გაქვს, რომ სხვებმა ვერ გაიგონ რა ხდება ? - რა თქმა უნდა მწარე გაკვეთილი მაქვს მიღებული.. - ნეტა სხვა რამეებსაც ეგრე სწავლობდე. ამ ნაწერს სხვა კი არა შენ თვითონ ვერ მიხვდები წაკითხვა რომ მოგინდება. - არაუშავს, როგორმე გადავიტან. თითქოს ვწერ, თითქოს ვგრძნობ, თითქოს კალამი მემორჩილება, მაგრამ შიგნიდან ისეთი მწარეა ყოველი სიტყვის მოგლეჯა… ისევ და ისევ უბრუნდებოდე ერთი და იგივე მდგომარეობას და ვერ ხვდებოდე, როგორ უნდა გაწყვიტო ეს გულისამრევი წრე, რომელიც ცოცხლად გაგლეჯს ხორცის მსხვილ ნაჭრებს და შენ თვალწინ "მადისაღმძვრელად" მიირთმევს მათ. შენ კი მოგლეჯის შემდეგაც მცირე დროის განმავლობაში გრძნობ იმ ხორცს, როგორც საკუთარს და ეს მონაკვეთი მისთვის სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მან თავისი ბასრი კბილებით ჯერ გამალებით დაგღეჭოს, შემდეგ კი ნამცეცებად ქცეული საყლაპავ მილში ექსტაზის სიამოვნებით გადაგიშვას. შენ კი თითოეული ყბის მოქნევისგან გამოწვეული ტკივილისგან არაადამიანურად იკრუნჩხები და გაუაზრებლად წამსკდარ ცრემლებს თან ვედრების ღრიალს აყოლებ. ხოლო ჩაკაწრული ყელის გადამკიდე სისხლიანი ხველება გიტყდება და ყურებს გიგუბებს. სახით ტალახიან მიწაზე ხარ გართხმული, ნახევრად ცოცხალი და "მთელი". ხელისგულს ნიადაგს აჭერ და ნახევრად ეფლობი მასში. რის ვაი-ვაგლახით თავსაც წამოსწევ და ამაზრზენ ღიმილად დახატული, სისხლით მოთხვრილ ბროლის კბილების ორ რიგს დაინახავ, რომლებიც გამცნობენ, რომ მოგლეჯილი ხორცის ადგილი შენ სხეულზე უკვე გამთელდა და მზადაა კიდევ ერთი დიდი წრე დაარტყას ამ საზარელ ადგილს. პ.ს. თუ წაიკითხეთ, შეაფასეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.