პლუტონის ქალიშვილი [3]
დილას ადრე გამეღვიძა. ადრე იმის ფონზე, რომ წინა ღამეს გვიან დავიძინე. რას ვაკეთებდი გვიანობამდე და ლოთივით ვსვამდი ღვინოს და სიგარეტს ვეწეოდი, მერე კი იმის ნაცვლად რომ დამეძინა, დავჯექი, პლედში გავეხვიე და ფილმი ჩავრთე. დრამა აღმოჩნდა. იმდენი ვიტირე სასუნთქი გზები გადამეკეტა და კიდევ დიდხანს ვერ დავიძინე, რადგან თუ ცხვირით კარგად ვერ ვსუნთქავ, ვერ ვიძინებ, ისტერიკა მემართება. აი, ფილმის დასრულებიდან დაძინებამდე რას ვაკეთებდი და ვფიქრობდი. რამენაირად უნდა გამერკვია, ვინ იყო დემეტრე, რატომ გაიგიჟა ჩემმა ყოფილმა ქმარმა თავი, შორს იყავი მისგანო, რატო ამომირჩია მე დემეტრემ და საერთოდ, რა ხდებოდა ჩემ თავს. ყველაფერი რაღაცნაირად აეწყო ერთმანეთს და მაინც ქაოტური იყო. სანამ სასუნთქი გზები ბოლომდე გამეხსნებოდა, თავში საინტერესო იდეამ გამიარა: ვიცნობდი ადამიანს, რომელსაც შეიძლება დემეტრეზე ყველაფერი სცოდნოდა და თუ არ ეცოდინებოდა, არც ეგ იყო პრობლემა, გაიგებდა. ცოტნე კანდელაკი, ჩემი თანამშრომელი და, როგორც ბებიაჩემი ოდესღაც იტყოდა, პაკლონიკი იყო, რომელიც არც იმის მიუხედავად ყრიდა ფარ-ხმალს, რომ მის უფროსს გავყევი ცოლად და დაუფარავად გამოხატავდა ჩემდამი გრძნობებს. თავიდან უხერხულობას ვგრძნობდი, მერე კი ჩემმა უცნაურმა ყოფილმა მეუღლემ მაიძულა არ მეფიქრა მაგაზე და პოზიტიურად შემეხედა - “სამაგიეროდ, როცა სადმე წავალთ, შენ საქმესაც ცოტნე გააკეთებს, რილექს, რა” - მეუბნებოდა ხოლმე. მიკვირდა და მერე შევეგუე. სწორედ ამიტომაც გამიკვირდა, როგორი ყურადღება და ინტერესი გამოიჩინა გიორგიმ დემეტრეს მიმართ. იმ გიორგიმ, რომელსაც არასდროს გამოუხატავს, რომ რამეზე ეეჭვიანოს. კონტაქტებში მოვძებნე “პაკლონიკის” ან ყოფილი ”პაკლონიკის” ნომერი და დავრეკე. არ მადარდებდა, ძალიან ადრე რომ იყო. წესით უნდა ეღვიძოს-მეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ ამ სამყაროში ხომ არაფერი მიდის ჩემი წარმოდგენების მიხედვით. -ალო, - მიპასუხა ჩახლეჩილი ხმით. - ცოტნე, გაგაღვიძე? - შევიცხადე ისე, თითქოს ისეთ დროს დამერეკოს, როცა ადამიანს ეჭვგარეშედ უნდა ეღვიძოს. - რომელი საათია, რა იყო… - ცხვირში ლაპარაკობდა ცოტნე. - კარგი, რომ გაიღვიძებ დამირეკე რა, - ვუთხარი და ის იყო უნდა გამეთიშა, მისი სიტყვები გავიგე. - აუ ელა, ტო, შენა ხარ? გამეცინა. -ფიცჯერალდი არა და ისე მე ვარ კი. - აუ, ბოდიში რა, რომ მაღვიძებენ ვაბშე ვერ ვმოზგავ ვერაფერს. ჰო, ცოტნე სულ ჟარგონებით საუბრობდა, თუმცა მისი დაწერილი სტატიები რომ წაგეკითხათ, ვერაფრით დაიჯერებდით, რომ სხვა არ უწერდა. -კაი, რას მებოდიშები, არ გრცხვენია?! პირიქით, მე ბოდიში ასე ადრე რომ დავრეკე. - აუ, როგორ მომენატრე, ტოო. სად გაქრი, აღარც თბილისში მომიკრია შენთვის თვალი, ფეისბუქზეც აღარ აქტიურობ. - გადავწყვიტე ახალი ცხოვრება დავიწყო და შორს წამოვედი თბილისიდან, - ვეცადე მოკლედ ამეხსნა, მეტად არ მინდოდა დეტალებში ჩავსულიყავი, თორე იცოდა, ქმარს რომ დავშორდი და შეიძლება გიორგი არა, მაგრამ ეს მართლა დამდგომოდა პირველივე რეისით. - სად, ელა? მაინც მკითხა. აი, ხომ ვამბობ, ამ სამყაროში არაფერი ხდება ჩემი წარმოდგენების მიხედვით. -აქვს მნიშვნელობა, ცოტნე? - ვუთხარი იმ იმედით, რომ მეტყოდა არა, რა თქმა უნდა არ აქვსო. - რომ ვიცოდე, კი არ ჩამოგადგები, - გაეცინა. “ხო, კი, მჯერა” - გავიფიქრე და ვუპასუხე: -თუ არ ჩამომადგები, ბათუმში ვარ. - აუ, ბათუმი ასწორებს. მაგრა მევასება, ხო იცი. თბილისს კი არ გავს, ლუბოი სეზონზე ლამაზია. - კი, ეგრეა, მაგრამ ძაან ნესტიანია, ვერ ვეჩვევი ჯერ. - მიეჩვევი. ახლა მითხარი ელაჩკა, რა ხდება აბა? ტყუილად არ დამირეკავდი, თანაც უთენია. ხო არ გიტრაკებენ? გინდა მოვუტ… - და სანამ დაასრულებდა, გავაჩერე. - არა, ცოტნე, არავინ არაფერს მიშავებს და არავის არაფერი არ უნდა ვუქნათ არც ჩვენ. უბრალოდ, სამსახურს ვიწყებ და ჩემი უფროსი ცოტა უცნაურად მომეჩვენა და ვიფიქრე, ცოტნე ყველას იცნობს და დემეტრე საბანიძე როგორ არ ეცოდინება-თქო, - შევაპარე. - დემეტრე… დემეტრე… - ფიქრობდა ხმამაღლა. ჩანდა, უჭირდა გახსენება, ამიტომ შევაშველე: -დემნასაც ეძახიან, თავისუფალი ტელევიზიის უფროსია. - ა, დემნა საბანიძე, კი, ვიცი, როგორ არა, - ცოტა ხნით გაჩერდა, - მაგრამ ბევრი რამე არ ვიცი. - რაც იცი, ეგ მაინტერესებს მეც. ზუსტად ვიცოდი, რომ მატყუებდა. თუ ადამიანზე გაგონილი მაინც ჰქონდა, ცოტა ვერაფრით ეცოდინებოდა მასზე. ისეთი ტიპია ცოტნე, ყველას ფეხის ზომა და კანის ტიპიც კი იცის, ვისი სახელი მაინც გაუგონია. -ცოტა რთული ტიპია, ელ. რთულად უმუღამებენ ან საერთოდ ვერა. ძაან რაღაცნაირი ცინიკოსი და ფილოსოფოსია. ამბობენ, მას მერე გახდა ასეთი, რაც მაგისმა საცოლემ თავი დაიხრჩოო. მაგრამ ბევრს არ ლაპარაკობენ და რასაც ლაპარაკობენ, ერთსა და იმავეს. თითქოს იმას, რაც თვითონ დემნამ მოისურვა სხვებს სცოდნოდათო. არ იციან, რატო დაიხრჩო თავი მერიმ, მაგისმა საცოლემ ქორწილის წინა დღეებში, მაგრამ ამბობენ, დემეტრემ მიიყვანა მაგ ზომამდეო. მერე ცოტა ხნით წასული იყო დემეტრე რუსეთში და იქიდან მართავდა თავის არხს. რო ჩამოვიდა კაროჩე, ისევ ისე მოიხოდა. მერის მერე არავინ ყოლია მგონი, ზოგი იმასაც ამბობს პიდარასტიაო, რას გაიგებ, - დაასრულა ცოტნემ. ხო, მართალი უთქვამს, ბევრი არაფერი ცოდნია და თითქმის ყველაფერი, რაც მან იცის, მეც ვიცოდი მოყოლამდე. -მეტი არაფერი? - მაინც ვკითხე, ვაიდა, გაახსენდეს რამე-თქო. - მეტი არაფერი მახსენდება, მარა თუ გინდა, შენ გამო, ავაწიოკებ ყველას, საღამოს ყველაფერს ტოჩკა-ტოჩკა დაგიდებ. ვიყოყმანე. მინდოდა თუ არა მცოდნოდა ყველაფერი დემეტრეზე, არ ვიცოდი. მინდოდა, რაღაცნაირი აზარტი მქონდა, ყველაფერი ბოლომდე გამეგო და ეს ყოფილიყო ჩემი ბოლო სიტყვა მასთან და მეორე მხრივ, ჩემი გონება ჩემს აზარტს ებრძოდა და არ სურდა შეეტოპა, თითქოს ეშინოდა, თითქოს რაღაც საფრთხეს გრძნობდა. -შენი იმედი მაქვს, ცოტნე, - ვუთხარი ბოლოს. - კაი, ელა, მაგას გაგიტეხავ ტო? - გაეცინა, - მაგრად მენატრები, ისე, რომ იცოდე. - გელოდები აბა, როგორც გაიგებ ყველაფერს, რა დროც არ უნდა იყოს, დამირეკე. მადლობა, - ვუთხარი და გავუთიშე. ვიცოდი, რომ ცოტნე ყველაფერს გაიგებდა და მეტყოდა, მაგრამ ვიყავი კი მზად, რომ მომესმინა? ჩემ თავში ათასი აზრი ტრიალებდა და ყველაზე გამოკვეთილად ის, რომ მე ვიყავი ყველაფრის მიზეზი. რაღაც ერთი სრული ქაოსი, რომელიც თავის მხრივ სხვა მრავალ ქაოსს იწვევდა. შუა დღისას დედას ველაპარაკე. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მენატრებოდა. დიდი ხნის წინ წავიდა საზღვარგარეთ და აქეთ აღარც მოუხედავს. პერიოდულად მივყავარ ხოლმე თავისთან ან ერთად დავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ. ჩემს ჯვრისწერაზეც კი არ ჩამოსულა, არადა, მთელი ჩემი ბავშვობა ნატრობდა თეთრ საქორწინო კაბაში ვენახე. ყველაფერზე აიცრუა გული, საქართველოზე და აქ მცხოვრებ სხვის ცხოვრებაში ცხვირჩაყოფილ და მთლიანად შთანთქმულ ხალხზე. სწორედ ამ ხალხმა დააშორა ქმარს, როდესაც მე პატარა ვიყავი. სხვისი ნათქვამის საფუძველზე ადგა ჩემი ბიოლოგიური მამა და რეალურად არავინ და მიგვატოვა. ხალხს დაუჯერა და საკუთარ ცოლს - არა. დედა ულამაზესი ქალი იყო, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა და, შესაბამისად, ბევრი ადამიანიც, რომელსაც ამ უკანასკნელიდან გამომდინარე სძულდათ დედაჩემი. ასე დაინგრა ერთი შეხედვით სიყვარულით ნაშენები დედას ოჯახი. კიდევ დიდხანს გაძლო, სადამდეც შეეძლო და როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, მითხრა, რომ მიდიოდა. წავიდა ამერიკაში და აღარ მოუხედავს უკან. ახლა მესმის მისი, მაგრამ ადრე არ მესმოდა. არ მესმოდა, რადგან ვერ ვხვდებოდი, რატო აქცევდა ამხელა მნიშვნელობას ხალხის აზრს. მერე რა, რომ მათი მეოხებით მიგვატოვა მამამ, მე მაინც ჯიუტად მიმაჩნდა, რომ უბრალოდ იმის ბრალი იყო, რომ მამაჩემი ექსცენტრული კაცი იყო, რომელმაც ვერ შეძლო ოჯახის შეყვარება და დღემდე ასე ეულად დადის და მსმენია, მრავალი ცოლი გამოიცვალაო. მისმა წასვლამ ჩემი ბავშვობა ფაქტობრივად ნაცარტუტად აქცია და შეიწირა დედას ახალგაზრდობა, სილამაზე, ცხოვრების ხალისი. ახლა ვფიქრობ, უფრო ადრეც უნდა წასულიყო ნინო საზღვარგარეთ და არც ერთი წამი არ უნდა გაეტარებინა ლევანიზე ნერვიულობით, რადგან მამაჩემად წოდებული ეს კაცი არ იმსახურებდა არც ერთ ფიქრს და მითუმეტეს დარდის ბურუსში გახვეულს. დედაჩემი ბედნიერი იყო, გიორგის რომ დავშორდი. სულ ამბობდა, რომ არ მიმსახურებდა, რადგან ვერ შეძლო ჩემ თვალებში სიცოცხლისა და სიყვარულის ნაპერწკლის ანთება და მითუმეტეს ვერ გააღვივებდა ცეცხლს. ამბობდა, რომ ბავშვის გაჩენა ყველაფერს გაართულებდა, ამიტომ ზუსტ დროს დავაღწიე თავი ჩემს უბედურებას. იმასაც ხშირად მთხოვდა, წავსულიყავი მასთან, მაგრამ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა საქართველოს დიდი ხნით დატოვება. იმიტომ კი არა, რომ ვინმე განსაკუთრებული მყავდა აქ, მხოლოდ ორი დაქალი მყავდა, რომელთანაც მანძილმა გაახუნა ურთიერთობა, უბრალოდ, აი ასე, ზედმეტად მიყვარდა საქართველო და მეგონა სხვა ქვეყანაში ცხოვრება მხოლოდ დეპრესიამდე მიმიყვანდა. - აღარ ვიცოდი, დრო როგორ გამეყვანა. სასწრაფოდ უნდა მეშველა თავისთვის და ვინმე გამეცნო, დავახლოვებოდი, თორე ამდენი მარტოობა უკვე ჭკუიდან მშლიდა. ფეისბუქს ვათვალიერებდი, როცა შემთხვევით ამომიხტა რაღაც პოსტი, რომელიც ქალთა ჯგუფში იდო და ვიღაც ჩემთვის უცხო გოგო ყვებოდა, როგორ გაიცნო თინდერზე ბიჭი, რომელსაც შემდეგ კვირაში ცოლად მიყვება. პირველად გავიგე თინდერის შესახებ და დამაინტერესა. დავგუგლე და აღმივაჩინე, რომ გაცნობის აპლიკაციაა. არც მიფიქრია, ისე ჩავიწერე. რომ ვრეგისტრირდებოდი, ყველაფერი ზუსტად მივუთითე, ფოტო ძველი დავდე, რადგან ბოლო პერიოდში თითქმის აღარ გადამიღია არაფერი და ბათუმი მივუთითე. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა გამომეყენებინა აპლიკაცია. ბევრი ბიჭის ფოტოს მიგდებდა და მწვანე და წითელ ღილაკებს. რომელიც სახეზე მომეწონებოდა, მწვანეს ვაჭერდი და რომელიც არა, წითელს. მერე აღმოჩნდა, რომ ცოტა სხვანაირად იყო საქმე და უნდა შეგერჩია ბიჭები, რომ მათგან თანმხვედრი ინტერესის შემთხვევაში, შეგძლებოდა ჩათი გაგება. ეს მაშინ მივხვდი, როცა ერთ-ერთმა ჩემმა “მოწონებულმა” კაცმა მომწერა: “ყველაფერი დამთხვევაა ამ ქვეყანაზე ხო?”. არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს წინადადება უცხო ადამიანისგან მოწერილი, ამიტომ მივწერე: “ანუ? ვერ მივხვდი, რას გულისხმობ”. “როდესაც ქიმია ჩნდება ორ ადამიანს შორის, სამყარო ცდილობს, ყველგან შეაჯახოს, რომ არ მინავლოს ეს სიცოცხლის ნაპერწკალი”. ჟრუანტელმა დამიარა. არა იმიტომ, რომ გენიალური ფრაზა იყო, არამედ იმიტომ, რომ უცებ გავიფიქრე, ესეც დემეტრე ხომ არ იყო და ლამის მოვკვდი, ისე შემეშინდა. დიდხანს რომ არ ვუპასუხე, მომწერა: “დაიკიდე, ვერ გაიგებ. მე ალექსი მქვია, შენ?” და აქ შვებით ამოვისუნთქე. - მაპატიეთ, რომ დიდ თავებს ვერ ვდებ. არ გეგონოთ, რომ შევამცირე, უბრალოდ, ძალიან ვცდილობ, თან არ დავაგვიანო და თან შეძლებისდაგვარად დიდი იყოს. მგონი, არც ერთი გამომდის, მაგრამ ესეც ჩემს ძალებს მიღმაა, ამიტომ, ბოდიშს გიხდით. მიხარია თქვენი კომენტარები და ძალიან ველოდები ხოლმე შეფასებას, ამიტომ გთხოვთ ნუ დაიზარებთ გამოხატვას. თქვენთვის ერთი წუთის ამბავი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს! მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.