ეძღვნება სიყვარულს
მკითხველს -- -- წერილი მისთვის არ გამიგზავნია რადგან ვერ შევძელი. წერილი ბოლო პერიოდის განმავლობაში ვერა და ვერ შევძელი იმ ცხრა ასოსგან შემდგარი სიტყვის დაყოლიება იმისთვის რომ შენს სულს, გონებასა და გულს ფრთხილად შეხებოდნენ და ნაზი ამბორით ეუწყებინათ ჩემი შენდამი დამოკიდებულება. შენდამი ჩემი გრძნობით რეალობას მოწყვეტილი ღრუბლებში დავფრინავდი და არათუ ის რომ ჩემი მწველი და ღრმა გრძნობა შენთვის გამემხილა, არამედ შენთვის თვალის გასწორებაც კი მიჭირდა. გადავწყვიტე ამ შენთვის დაწერილ წერილში რომელშიც შენთვისაა გამოყვანილი თითოეული ასო და რომელსაც წრფელი გრძნობა მაწერინებს ვაღიარო ის რის თქმასაც პირადად ვერ ვახერხებდი და რისი შეგრძნებაც და განცდაც ყოველდღიურად იმატებდა, იდგამდა ფესვებს და ძლიერდებოდა ჩემში. შენი პიროვნების წყალობით ჩემში გაჩენილმა ამ გრძნობამ დამაბრმავა და მხოლოდ ჩემს გრძნობებსა და განცდებზე, ფიქრებსა და აზრებზე, შენთან განვლილ, დაგეგმილ და დასაგეგმ შეხვედრებზე მაფიქრებინებდა, მაგრამ გუშინდელმა ჩვენმა შეხვედრამ და მომხდარმა ფაქტმა სიბნელიდან გამოიყვანა ჩემში დაჩაგრული მხნეობა რის შემდეგაც ძალა და სილაღე შემატა მას ამ წერილის შენთვის დაწერისთვის. რატომ დაჩაგრული მხნეობა? იმიტომ რომ გულს მიღრღნიდა, სულს მიფორიაქებდა და ნაჭუჭიდან გამოსვლის საშუალებას არ მაძლევდა ცალმხრივ სიყვარულზე ფიქრი, მაგრამ ეს უკვე წარსულს ჩავაბარე ჩვენი გუშინდელი საღამოს შემდეგ და თუ რატომ ამასაც მოგიყვები როგორც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო საჩუქარს რომელმაც როგორც იქნა ამიხილა თვალი და იმ ყველაფრის ამოტივტივებას შეუწყო ხელი ჩემს გონებაში რასაც გრძნობით გაბრუებული ვერ ვამჩნევდი, გუშინდელმა საღამომ ნათელი მოფინა ჭეშმარიტებას და ხმალი იშიშვლა ჩვენი ტანჯვის დასამარებისთვის რომელიც ჩემი მხრიდან უთქმელობითა და ნაბიჯის დაგვიანებული გადადგმით იყო განპირობებული. გული მტკივა იმაზე ფიქრით რომ ჩემი თავის საკუთარ თავში ჩაკეტვის გამო ორივე ვიტანჯებოდით და იმის გააზრება რომ მე შენ მტკივნეული ნაიარევი დაგამჩნიე მე ასმაგად ღრმა ჭრილობას მაყენებს სიყვარულით განმსჭვალულ სულში. გუშინდელი საღამო ნათელი მაუწყებელი იყო იმის რომ გრძნობის გაფურჩქვნის ხანა დაგვიდგა და რომ დადგა დრო სიყვარულმა იზეიმოს და ხმა ავიმაღლოთ ჩვენი გრძნობის სახელით. გული მტკივა იმის შეგნებისგან თუ როგორი ბრმა ვიყავი და ვერ ვამჩნევდი ჩემს მიმართ შენს გამოხედვას, საქციელსა და სიტყვა პასუხს. ეს ხომ დღესავით ნათელი იყო რომ შენ ელოდებოდი ჩემგან პირველ ნაბიჯს, ხოლო მე ისევ და ისევ სიყვარულით დაბრმავებული და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსმევ რომ ცალმხრივი სიყვარულის შიშით შეპყრობილი ვერ წარმოვიდგენდი რომ შეიძლებოდა რაიმე გეგრძნო ჩემდამი, გთხოვ აპატიო შენს მიმართ მომართულ ჩემს წმინდა გრძნობასა და უღრმეს პატივისცემას ჩემი ღრუბლებში ფრენა. უკვე ხუთი საათია გასული მას შემდეგ რაც შენგან წამოვედი, ახლა ღამის სამი საათია და წერილს გწერ. გული ძლიერ მიფეთქავს, ხოლო სიყვარულისთვის მებრძოლი სული აფორიაქებულია და ადგილს ვერ პოულობს ჩემს სხეულში, თვალები კი მხოლოდ შენ გხედავს და შენს სიტურფეს ელამუნება. მეგობრებს გვჩვევია ხოლმე საღამოობით ერთმანეთის სახლში შეხვედრა, მსუბუქი ვახშამი და ათას წვრილმანზე თუ მსხვილმანზე საუბარი და არც გუშინდელი საღამო იყო გამონაკლისი. გადავწყვიტეთ შენთან შევკრებილიყავით რაც შენი დაჟინებული თხოვნის შედეგი იყო, ალბათ ეს უკვე ბედისწერის გარდაუვალ რელსზე შედგომას მოასწავებდა საიდანაც გადახვევა წარმოუდგენელი იქნებოდა და ნანატრი ფარდის ახდაც აღარ დააყოვნებდა. ვახშმისა და მცირეოდენი ალკოჰოლის მიღების შემდეგ მისაღებ ოთახში გადავინაცვლეთ სადაც ბანქო ვითამაშეთ, ამას მოყვა სახუმარო თუ საშიში ისტორიების მოყოლა, შემდეგ ვიკამათეთ ხან რაზე და ხან რაზე რის გარეშეც ჩვენი შეხვედრების ჩავლა გარდაუვალია, მოკლედ როგორც ყოველთვის გვჩვევია არც ერთი არ ვაცდიდით ერთმანეთს საუბარს და თითოეული ჩვენთაგანი ვცდილობდით რომ ჩვენი საკუთარი აზრი წარმოგვეჩინა როგორც ყველაზე სარწმუნო მტკიცებულება. ჩვენი შეხვედრების დღეებში იშვიათობას წარმოადგენდა საუბრის დროს სიჩუმის ჩამოვარდნა, მაგრამ გუშინდელი საღამო გამონაკლისი გამოდგა და გადავწყვიტე მე დამერღვია სიჩუმე ჩემს თავს მომხდარი ახალი ამბით. ისეთი მონდომებითა და დაწვრილმანებით გიყვები გუშინდელ საღამოს თითქოს შენ იქ არ ყოფილიყავი და პირველად ისმენდე ამას ჩემგან, მაგრამ ნუ გაგიკვირდება რადგან ჩემში აღქმულმა შენთან განშორების სევდამ და უშენოდ ყოფნის გააზრებამ ამიხილა თვალი და დამანახა ის რაც აქამდეც უნდა შემემჩნია. ვთქვი რომ სამსახურში ჩემმა ხელმძღვანელმა შემომთავაზა მივლინებით ქალაქიდან გასვლა სხვა ქალაქში ჩვენს პარტნიორებთან შესახვედრად და ა. შ. ზოგი რას მირჩევდა და ზოგი რას, მეუბნებოდნენ წავსულიყავი და ხელიდან არ გამეშვა სამომავლო პერსპექტივის შანსი, ასევე მეუბნებოდნენ რომ თუ სავალდებულო არ იყო წასვლა დავრჩენილიყავი, ასევე აინტერესებდათ წასვლის მიზანი და საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მაგრამ წარსულისგან განსხვავებით ჩემს თვალსა და სმენას არ გამორჩენია შენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, არ გამომრჩენია ჩემს ახალ ამბავზე საუბრის დაწყებიდან მის დამთავრებამდე შენი სახიდან თუ როგორ ნელ-ნელა ქრებოდა ღიმილი რომელიც ასე ძლიერ გიხდებოდა ყოველთვის, შენთვის შენს თავთან მარტო დარჩენილი აგრძელებდი ჩუმად ყოფნას, გონებით შორს იყავი და ჩვენს საუბარს მხოლოდ ინსტიქტურად ისმენდი. მხოლოდ ბოლოს როცა უკვე აშკარა ხდებოდა სხვა სასაუბრო თემის წამოჭრა და ჩვენ ვამთავრებდით ჩემს წასვლა არ წასვლაზე საუბარს თითქოს გამოფხიზლდი, რეალობას დაუბრუნდი და სერიოზული სახითა და მგრძნობიარე ხმით კითხვა დამისვი -- -- რა გადაწყვიტე? პასუხის გასაცემად შემოგხედე და ვერ გიცანი, შენი თვალების წყალობით შენს სულს შევხედე პირდაპირ, ღმერთო როგორი ცვლილება დაგტყობია, წარმოუდგენელია მსგავსი ცვლილება ერთ დღეში მომხდარიყო, ნეტავ როდის დაიწყო შენში გარდასახვა, ნეტავ როდის დაიწყო შენში ფესვების გადგმა იმ გრძნობამ რომლისთვისაც სიცოცხლეს არ იშურებენ, ლექსებსა და რომანებს უძღვნიან, საგმირო საქმეებს ჩადიან, ხიფათსა და რისკს არ ერიდებიან, ნეტავ შენ თუ შეგიმჩნევია ჩემში ეს ცვლილება, ნუთუ დიდი ხანია რაც გაუგე იმ ნარკოტიკს გემო რომლის დოზის მიღებაშიც ჩემი გაუბედაობა გიშლიდა ხელს რომელიც განპირობებული იყო შენგან სხვა პასუხის მოლოდინის შიშით. გულის სიღრმეში მინდოდა მეთქვა რომ გადასაწყვეტი არც არაფერი არ არის და რომ წასვლაზე ფიქრიც კი სისულელეა არათუ ამის განხილვა, მინდოდა მეთქვა რომ როგორ შემიძლია სადმე წავიდე და ერთი თვე უშენოდ გავატარო როცა მზად ვარ შენდამი სიყვარულით შეპყრობილმა ოკეანე ამოვაშრო თუ მის ფსკერზე გასეირნებას მოისურვებ, მთები გადავდგა რომ შორი გზის გავლა არ მოგიწიოს სასურველ ადგილამდე მისვლისთვის, გავხდე არქიტექტორი, მშენებელი და ინტერიერის დიზაინერი რომ ოცნების მყუდრო კუთხე შეგიქმნა სასურველ სივრცეში, ავაშენო და სახლის თითოეული კუთხე და წერტილი შენი შეხედულებითა ფანტაზიით მოგიწყო. გავხდე მებაღეობისა და მეყვავილეობის სპეციალისტი რათა შენი მყუდრო სახლის ეზო ედემის ბაღად ვაქციო, გავხდე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დიზაინერი რათა შენი ფანტაზიის წყალობით შენს გონებაში წარმოდგენილი საკუთარი ხელით აგიკინძო. ყველაზე უკეთესს გეტყვი, იქნებ აჯობებდეს შენთან შესახვედრად წამოსულმა გზად შემხვედრ ნახევრად გავერანებულ მინდორში არანაირი კონკრეტული ჯიშისა და თავბრუდამხვევი სურნელის მქონე ერთი ცალი უბრალო ყვავილი მოვწყვიტო და სიყვარულით სავსე სულითა და გულით მოგართვა რაც ასე უხდება და ალამაზებს ამ გრძნობას. ადამიანის გონების შესაძლებლობებს არათუ საზღვარი, არამედ ჰორიზონტიც კი არ გააჩნია და იმ ორი ან სამი წამის განმავლობაში სანამ ჩემს პასუხს ელოდებოდი მე თვითონ დავრჩი გაკვირვებული როცა ამ ყველაფრის არათუ მხოლოდ გაფიქრება არამედ სხვადასხვა ფერებში წარმოდგენაც კი მოვახერხე, მაგრამ პასუხი ჩემდა გასაკვირად სრულიად საპირისპირო გაგეცი. მართალია მაშინ ჩემი პასუხი მე თვითონ გამიკვირდა მაგრამ შენგან წამოსვლის შემდეგ და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შედეგად მივხვდი რომ შენი მონატრების განცდით მინდოდა ტანჯვის დიდი დოზა მიმეღო, რადგან საკუთარ სულში ჩახვეული და დამალული გრძნობისგან ვერ წარმომედგინა ის სიურპრიზი რასაც შენ მიმზადებდი. ციდან დედამიწაზე დავეშვი, მრავალფეროვანი ოცნება მივატოვე და გიპასუხე -- -- ვფიქრობ რომ დავთანხმდები. შენ აღარაფერი გითქვამს ჩემთვის, მხოლოდ ოდნავი თავის დახრით მიიღე ჩემი პასუხი რის შემდეგაც სხვა თემაზე დაიწყეს საუბარი ჩვენმა მეგობრებმა. ალბათ ათი ან თხუთმეტი წუთი იქნებოდა გასული მას შემდეგ რაც ჩემი პასუხი მოისმინე და მას მერე არც ერთს სიტყვაც კი არ გვითქვამს არავისთვის, მხოლოდ სახის მიმიკებით ვუერთდებოდით მათ საუბარს, ერთმანეთზე შეხედვას გავურბოდით, ხოლო როცა ერთი და იგივე დროს ერთმანეთის მზერას დავიჭერდით ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა რომ იმ წამიდანვე ვიწყებდით საუბარს, ოღონდ ერთი გამონაკლისის ჩათვლით, ჩვენ არ გვესმოდა ერთმანეთის ყურებითა და სმენის აპარატის საშუალებით, ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებოდით ჩვენი შინაგანი მდგომარეობით, თვალით უხილავი კავშირებით, გრძნობით სულის შემწეობით. შენ შენს თავს აღარ ეკუთვნოდი და შინაგანდ აფორიქებული ჩანდი თითქოს თავის დაღწევა გინდოდა შექმნილი სიტუაციიდან, ისიც კი გავიფიქრე შეიძლება მე ვარ აყოლილი შინაგან განცდებსა და საკუთარ თავთან ჭიდილს და ამიტომაც ვფანტაზიორობ და მეჩვენება ეს ყველაფერი მეთქი, მაგრამ რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ მიმახვედრე რომ არაფერი არ მეჩვენებოდა და შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმაც ელვის სისწრაფით იწყეს განვითარება. რას წარმოვიდგენდი რომ სულ ცოტა ხანში გრძნობის ქარცეცხლი დამატყდებოდა თავს და შენგან ნახევრად საღად მოაზროვნე და სიყვარულის სილამაზისგან ფრთაშესხმული წამოვიდოდი. მხოლოდ ახლა გახდა ჩემთვის ცნობილი სიტყვა ფრთაშესხმულის მნიშვნელობა, რადგან გონებიდან სრულიად ამოშლილია შენი სახლის დატოვებიდან ჩემ სახლში მისვლამდე დედამიწაზე განვლილი მანძილი ფეხითა თუ ტრანსპორტით, ანუ რა გამოდის, რომ ფრთები შევისხი და ვიფრინე? მაგრამ რა არის ამაში გასაკვირი, მსგავსი შესაძლებლობის მოცემა ხომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია რომლითაც გაჟღენთილი ვარ შენს მიმართ. სრულიად მოულოდნელად, სკამიდან ადექი და სამზარეულო ოთახში სწრაფი ნაბიჯებით გახვედი, მსგავს ქმედებას ადამიანები ძირითადათ მაშინ მიმართავენ როცა გაზქურის ქურაზე რაიმე საჭმელი აქვთ მოსამზადებლად დატოვებული და როცა გაახსენდებათ რომ ყურადღება უნდა მიექციათ, ან როცა ღუმელში რომელიმე ნამცხვრისთვის ბისკვიტს აცხობენ და მისი ზედმეტად გამოშრობისა და ღუმელიდან დროულად გამოღების მიზნით ყველანაირი საქმის კეთებას თავს ანებებენ და პირდაპირ სამზარეულო ოთახის მიმართულებით იწყებენ გეზის აღებას. ჩემს თვალებსა და გულის შეძახილს არ შეიძლებოდა რაიმე გამორჩენოდა გუშინდელი საღამოდან, რადგან გუშინ ხომ თვალის ახელისა და სინათლის სხივების დანახვის დრო იყო დამდგარი. ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო რომ შენ არანაირმა საქმემ არ გაგიყვანა ოთახიდან, გინდოდა შექმნილ სიტუაციას გაცლოდი და არავის არ დაენახე, გინდოდა მარტო ყოფილიყავი შენ თავთან. შენ ვეღარ გაუძელი ჩვენს გარემოცვას, არა! არ ვარ მართალი, სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდი რომ ვეღარ გაუძელი შენს წინაშე ჩემს ყოფნას და მე გამერიდე. რამდენიმე წუთით რომ დააყოვნე ჩვენთან გამოსვლა, შენი ბავშვობის მეგობარმა და დღეს უკვე შენს დაქალად წოდებულმა გადაწყვიტა ენახე და შენთან შემოვიდა სამზარეულოში. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ისევ მარტო გამოვიდა და ჩვენსკენ წამოვიდა ისე რომ იშვიათად მაცილებდა მზერას ანუ იმაზე ხშირად მიყურებდა ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციებში ხდებოდა ხოლმე რამაც გამაკვირვა და ცოტა არ იყოს შემაშფოთა კიდეც. ჩვენ მას ვკითხეთ თუ რას აკეთებდი და რატომ არ გამოდიოდი, მან კი გვიპასუხა რომ ალკოჰოლის მიღება მოგივიდა იმაზე მეტი ვიდრე გჩვევია ხოლმე და ცოტა არ იყოს თავს ოდნავ შეუძლოდ გრძნობდი და რომ მალე გამოხვიდოდი ჩვენთან. მე მას პატივს ვცემ მაგრამ მისი ერთი სიტყვაც კი არ დამიჯერებია და დარწმუნებული ვიყავი რომ ეს მოკლე ისტორია მაშინ შეთხზა როგორც კი ჩვენთან დაბრუნდა. რა ზედმეტი ალკოჰოლის მიღება და რა შეუძლოდ ყოფნა, გუშინდელ საღამოს ხომ ზებუნებრივი გრძნობით დაჯილდოებულს ათმაგად მქონდა გაუმჯობესებული როგორც ხედვა ასევე სმენა და ჩემს თვალს არ გამოპარვია ის რომ მთლიანობაში ერთ ჭიქა სასმელზე მეტი არ გექნებოდა დალეული, ეს რაც შეეხებოდა ჩემს ხედვას, ახლა კი თავი უნდა გამოეჩინდა გრძნობისგან გაფაციცებულ სმენას და მანაც არ დააყოვნა. შენს დაქალს ჩაეძია მეორე შენი დაქალი რომელსაც უნივერსიტეტიდან მოყოლებული იცნობდი და მას შენზე ეკითხებოდა, პასუხად კი თითო-თითო სიყვას იღებდა და იმ სიტყვებსაც ძლივს ისმენდა რადგან საკმაოდ ხმადაბლა პასუხობდნენ, შენს გამო აღელვებული მეგობარი ვერ კმაყოფილდებოდა ამ მწირი პასუხებით რა დროსაც ჩემმა სმენამ იმარჯვა და მომასმენინა პირველ რიგში ჩემგან დასამალი პასუხი -- -- ვერ გამოდის, ეტირება. ამ სამი სიტყვის გაგონებაზე ჩემს გულსა და გონებას სულის ქარიშხალი დაატყდა თავს, რას უნდა ნიშნავდეს, ვერ გამოდის, ეტირება. რატომ თორემ კი, რა ხდება მის თავს? რა პრობლემა უძნელებს ჩვენთან გამოსვლას? იქნებ არა ჩვენთან და არამედ ჩემთან გამოსვლას? რა თქმა უნდა მე ვარ მიზეზი. ნუთუ ჩემი გაუაზრებელი ან დაუფიქრებელი საქციელებით რაიმე ნიშნებს ვაძლევდი და გაუცნობიერებლად ვავიწროვებდი მის პიროვნებას, ის კი ვერაფერს მეუბნებოდა, რადგან საოცრად ნაზი და სათუთი ბუნების მქონეა და თვითონ იჭამდა გულსა და სულს ჩემი ამ მდგომარეობაში ყოფნით, ალბათ დიდი ხანია რაც საკუთარი თავი გავეცი გაუცნობიერებლად, ხოლო იგი არაფერს მეუბნება ჩვენი ურთიერთობის და მეგობრობის თუნდაც ოდნავი შერყევის თავიდან ასაცილებლად და ამ სიჩუმით ისევ და ისევ თავის თავს ითრგუნავს. მოსვენება მქონდა დაკარგული, აღარ ვიცოდი რა მომემოქმედებინა, ადგილს ვერ ვპოულობდი და ამავე დროს ერთ ადგილას ვიჯექი გაუნძრევლად. არ მინდოდა რაიმე შეეტყოთ ჩემთვის და კითხვების დასმა დაეწყოთ, რადგან მათგან თავის დასაღწევად პასუხების მოგონების თავი ნამდვილად არ მქონდა. ფიქრებიდან გამოვერკვიე და სკამიდან წამოვდექი, მე თვითონ მიკვირდა ჩემი ქმედების და ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი. გრძნობამორეულს შენთან მინდოდა მოსვლა, ოღონდ ისე რომ ამაში გონება არ მონაწილეობდა და ამიტომ დავიწყე ფიქრი იმაზე თუ რატომ ავდექი. როგორც კი რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი შენმა დაქალებმა შემომხედეს, ბავშვობის მეგობარმა კი მთხოვა რომ არ შემეწუხებინე და უხერხულობას მოგგვრიდი თუ ასეთ სიტუაციაში გნახავდი. მას არ უნდოდა რომ მე შენთან მოვსულიყავი რადგან გიფრთხილდებოდა როგორც მეგობარი და მეც დავეთანხმე ჩემი საქციელით და შენთან მოსვლის მაგივრად პირსაბანში შევედი. სარკეში ჩემ თავს ვუყურებდი, რამდენიმეჯერ ცივი წყლითაც გავიგრილე გავარვარებული სახე რომელიც მეწვოდა შინაგანი დუღილისგან. როცა პირსაბანიდან გამოვედი, მოვასწარი იმის დანახვა თუ როგორ შედიოდი შენ ოთახში, ეტყობა ისარგებლე იმ მომენტით როცა მისაღებში აღარ ვიყავი და თავისუფლად შეძელი შენს ოთახში შესვლა ისე რომ მისაღების გავლით ჩვენსკენ გამოხედვა არ მოგიწია, სამართლიანი რომ ვიყო ვიტყვი რომ ჩვენი მეგობრები აქ არაფერ შუაში არ არიან, რადგან შენ ჩემ დანახვასა და ჩემ შემოხედვას აარიდე თავი. ფარული გრძნობისგან ძალაგამოლეული სხეული და სასოწარკვეთილი სული პირდაპირ შენი ოთახის კარისკენ გამოემართა იმ იმედით რომ შენს წინ, მუხლებზე დაჩოქილს პატიება ეთხოვა იმ გრძნობის არსებობისთვის რომელიც გაღმერთებდა და შენს პიროვნებაზე ლოცულობდა. გრძნობისგან დამდუღრული შენი ოთახის კარს ვუახლოვდებოდი იმ იმედით რომ მსუბუქად დამეკაკუნებინა, მაგრამ სრულიად მოულოდნელმა სიტუაციამ ცივი წყალი გადამასხა. ადგილზე გავშეშდი, კარი სულ ოდნავ გაღებული დამხვდა და ოთახიდან შენი მეგობრის ხმა მესმოდა რომელიც უნივერსიტეტში გაიცანი, ეტყობა ის შენ წინ მიგიძღვოდა და პირველი შევიდა შენს ოთახში. ადგილზე გაქვავებული მხოლოდ ორ ვარიანტზე ვფიქრობდი: ან ახლავე წავიდე აქედან, ან დავრჩე და სასურველ მომენტს დაველოდო რომ მარტო გნახო, მეორე ვარიანტი ნაკლებად სარწმუნო მიმაჩნდა, რადგან ახლავე თუ არ გნახავდი ვიცოდი რომ სასურველი მომენტის მოლოდინში ვეღარ მოვიკრებდი იმდენ ძალას რომ მეთქვა ის რისი მთქმელიც მაშინ ვიყავი. ჩემს წმინდა გრძნობას ვიფიცები და ღმერთია მოწყალე რომ თქვენი საუბრისთვის ყურის დაგდება აზრადაც არ გამივლია და სანამ ჩემი არეული და დაულაგებელი ფიქრებით რაიმეს მოვიმოქმედებდი შენი სევდიანი და ცრემლით დანამული სიტყვები მომესმა რომლებიც ერთი მხრივ მტკივნეულად შეეხო ჩემი სულის სიმებს, ხოლო მეორე მხრივ გააცისკროვნა ისინი და უსაზღვრო ბედნიერების მომტანი აკორდები აიღო ჩემს გულზე. მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ტყუილის თქმის მოყვარული, ვდგავ ნაბიჯს და ჩემი აზრით ვიღებ იმ შექმნილ სიტუაციაში ჩემი მდგომარეობისთვის ყველაზე მართებულ გადაწყვეტილებას. შენს ოთახს ვშორდები და შევდივარ მეგობრებთან მისაღებ ოთახში, რადგან მალულად წასვლა არ მინდოდა, მაგრამ უნდა წავსულიყავი და მათ ვეუბნები რომ ხვალ საკმაოდ მძიმე და დატვირთული დღე მელოდება სამსახურში და კარგად გამოძინება არ მაწყენდა. შენი დაქალი ეჭვის თვალით მიყურებდა, შეიძლება არც სხვებმა არ დაიჯერეს ჩემი ნათქვამი, რადგან მე თვითონაც ვიგრძენი რომ ჩემი წინადადება და ხმის ტემბრი ტყუილის თქმაში გაუწაფავი ადამიანის მცდელობას გავდა რათა თავი გამოეძვრინა კონკრეტული სიტუაციიდან, რაღაც მომენტში შემრცხვა კიდეც ჩემი თავის, ვიგრძენი თუ როგორ ვთხოვდი მათ ეს ახლად გამოჩეკილი ტყუილი სარწმუნოდ მიეღოთ, მაგრამ ამაზე დიდხანს აღარ მიფიქრია რადგან საფიქრალი ნამდვილად არ მაკლდა. როგორც კი გარეთ გავედი ღრმად ჩავისუნთქე, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ცაში ავიხედე, მხოლოდ ერთ პიროვნებაზე ფიქრისთვის შემწევდა ძალა, ფრთები გავშალე და ზეცაში ავიჭერი რათა სახლში ცის კაბადონიდან დავშვებულიყავი. გონებაში მეორდებოდა და მეორდებოდა გაუთავებლად შენი ათრთოლებული ტუჩებით ნათქვამი საამური სიტყვები რაც ამავდროულად აუტანელ ტკივილს მაყენებდა რადგან შენს ლოყებზე გადმოგორებული ცრემლის მიზეზი ხომ მე ვიყავი, მე უკიდურესად ვისჯიდი თავს შენი ამ მდგომარეობაში ყოფნისთვის, მე სული მტკიოდა გრძნობისთვის რომელსაც შენთვის დავატარებდი. არ მინდოდა ბედნიერად მეგრძნო თავი როცა ვიცოდი რომ თვალებს იშუპებდი, მაგრამ როგორ არ უნდა გავბედნიერებულიყავი და როგორ არ უნდა გაეტყორცნა ჩემს გულს ვენებში ფარული გრძნობისგან ადუღებული სისხლი როდესაც შენი სევდიანი სიტყვების შინაარსი მოვისმინე და თავს ვერ ვაპატიებდი რომ იმ ზეცაში, რომელშიც მე ვიმყოფებოდი შენი ნათქვამი ხმამაღლა არ წარმომეთქვა -- -- ისე მეპყრობა როგორც კარგ მეგობარს, ერთი თვე როგორ უნდა გავძლო მის გარეშე, ნუთუ მაინც წავიდოდა რომ იცოდეს ჩემი გრძნობის შესახებ. ვგრძნობ თუ როგორ გადავდივარ ჭკუიდან შენი პიროვნებით, იმასაც ვხვდები რომ პირველი წერილის პირობაზე საკმაოდ ვრცელი გამომივიდა რომელშიც თითოეული ასო შენდამი წრფელი გრძნობით სავსეს მაქვს გამოყვანილი, მაგრამ რა ვუყოთ რომ არ არსებულა ნამდვილი გრძნობა საზღვრებითა და საღი გონებით. ჩემი სული წიგნია გადაშალე სასურველ გვერდზე მე გულწრფელი ვარ შენ წინაშე შენ წაიკითხავ გრძნობის წყურვილს და მე გულწრფელი ვარ შენ წინაშე მე მორწმუნე ვარ სიყვარული კი ღმერთია მე გულწრფელი ვარ შენ წინაშე ღვთისგან ნაბოძებ სიყვარულს გიძღვნი მე გულწრფელი ვარ შენ წინაშე ხოტბას გასხამ და ქედსაც ხომ ვიხრი მე გულწრფელი ვარ შენ წინაშე მე შენ მიყვარხარ აწ და მარადის მე გულწრფელი ვარ შენ წინაშე შენი გაცნობიდან მარად შენი ......... ე პ ი ლ ო გ ი -- წერილი მისთვის არ გამიგზავნია რადგან ვერ შევძელი, არა იმიტომ რომ გამბედაობა არ მეყო, პირიქით, გრძნობის გამბედაობას ვეღარ ვიტევდი ჩემში და სულ რომ არ მელოდა მასთან მივედი, ვიცოდი რომ მარტო უნდა ყოფილიყო და მას პირადად გადავეცი. ვთხოვე რომ წაეკითხა სანამ მასთან ვიყავი. ერთად ვიყავით ჩემთვის კარგად ნაცნობ მისაღებ ოთახში რომელშიც მკითველიც იყო უკვე. გონებით კითხულობდა მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მეც მესმოდა მის გონებაში წარმოთქმული თითოეული სიტყვა. მან კითხვის დროს თვალებში ჩამდგარი ცრემლი მოიწმინდა რადგან ბუნდოვანი ხდებოდა სიტყვები. კითხვა შეწყვიტა და წერილს ხელი დაადო, თავი აწია და შემომხედა, გულმა ისეთი გამალებით დამიწყო ფეთქვა ვიფიქრე ნამდვილად გაიგონებს მეთქი, ამღვრეული თვალებიდან მიჭირდა მისი კარგად გარჩევა, უსიტყვოდ წამოდგა სკამიდან და თავის ოთახში შევიდა. ოთახში იმაზე მეტი დრო დაყო ვიდრე წერილის წაკითხვას დაჭირდებოდა და მე ეს სულაც არ გამკვირვებია. მის ლოდინში ფანჯრიდან გადავყურებდი არემარეს და ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა რა დროსაც ფეხის ხმა გავიგონე, შევტრიალდი და ვხედავ ჩემგან სამი ან ოთხი მეტრით დაშორებული თუ როგორ უძრავად დგას და მიყურებს. ვიგრძენი თუ როგორ დაიბადა ჩვენში ახალი სამყარო, ხოლო ჩვენ კი იმ ახალ სამყაროში მოვევლინეთ ერთმანეთს და ერთმანეთის მკლავებში აღმოჩენით ორი სიცოცხლე ერთ გულის ცემად ვაქციეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.