ელანა /სრულად/
სიტყვა "ვახშამი" ჩემთვის იმაზე მეტად ინტიმურია, ვიდრე წარმომედგინა. დავფიქრდი და… ვერასდროს ვივახშმებ უცხო ადამიანთან ერთად, ან როგორ უნდა ივახშმო სახლს გარეთ ? რესტორანი, კაფე… ვახშამი თითქოს დღის დასრულების აუცილებელი რიტუალია. რიტუალი, როდესაც დამღლელი დღის ბოლოს, თუნდაც მთელი დღე არაფერი გეკეთებინოს, ორგანიზმს აძლევ ბოლო შანსს, რომ მიიღოს თავისი წილი ორგაზმი ღამით. და წარმოიდგინეთ, როდესაც ამ დროს გიყურებენ სრულიად უცხონი! არამც და არამც, ვერ ვივახშმებ მაშინ, როდესაც მრავალი წყვილი სფეროსებრი ჩემკენაა მომართული. არა ! ერთი წყვილიც საკმარისია იმისთვის, რომ ინტიმი ჩამეშალოს და გულგრილად შევხედო ჩემ წინ ორიოდე წუთის წინ მადის აღმძვრელ კერძს, რომელთანაც ჩემი ენის რეცეპტორებს ცეცხლოვანი ტანგო უნდა ეცეკვათ. ახლა კი ჟინჩამცხრალები და სრულიად უემოციონი ჩაიკეტნენ თავიანთ ციხესიმაგრეში, რომელსაც გისოსებად ერთგულად ემსახურებიან ქათქათა კბილები. - მართლა ასე აღიქვამ ვახშამს ? - რატომ გიკვირს ასე ? - შენ არ გაგიკვირდებოდა? - მე არაფერი მიკვირს. - არ მჯერა. - რატომ ? - ოდესმე ვინმესთან ერთად ივახშმებ? - არასოდეს! - და ოდესმე რომ ივახშმო სხვა ადამიანის თანდასწრებით, საკუთარ თავს არ გააკვირვებ? - არ ვიცი… დამაბნია. ავირიე და... საშინელება მოხდა. მე ამაზე ფიქრი დავიწყე. ვფიქრობდი დღედაღამ, გამუდმებით. წარმოვიდგენდი და საბოლოოდ იცით სადამდე მივედი ? ოცნება დავიწყე ! ეშმაკმაც დალახვროს მე დავიწყე ოცნება იმაზე, რომ ოდესღაც ვინმესთან ერთად ვივახშმებდი ! ამის წარმოსახვისას კი ერთიანად მაკანკალებდა. ვერ ვხვდებოდი საკუთარი თავის მიმართ ზიზღი მიპყრობდა თუ აღფრთოვანება. ამაზრზენი იყო, როდესაც მეკითხებოდნენ ვივახშმებდი მათთან ერთად თუ არა. წარმოგიდგენიათ ? თითქოს ხორციელ სიამოვნებას ითხოვდნენ ჩემგან ფულის სანაცვლოდ ! და ამას ვერავინ გაიგებს. ვახშამია, რა მოხდა მერე ? ამ კითხვით გაოცებული სახეები ბარიკადებს ქმნიან ჩემსა და სამყაროს შორის. ვხვდები, რომ თუ ახსნას ვცდი, საკუთარ გრძნობებს ვახშმის მიმართ შეურაცხვყოფ. ეს კი დამეფიცება საკუთარი თავის ღალატზე უარესი იქნება ! შენ ცდილობ აუხსნა მას რას გრძნობ, მაგრამ თითოეული მცდელობა კრახით დასრულდება ყოველთვის და იცი, რატომ ? სიტყვები ვერასოდეს აღწერენ იმას, რას განიცდი შენ. სცადე. ძალიან ბევრჯერ სცადე და მაშინ, როდესაც იფიქრებ, რომ ამ ძალისხმევის შემდეგ შეძელი და გადმოეცი ეს ყველაფერი, შენი შრომა შენ თვალწინვე ჩამოიშლება კარტის სახლივით, რომელსაც არც არასდროს ეწერა მყარად დგომა. რამხელა დრამაა ადამიანური ურთიერთობები. ყოველთვის ვცდილობთ, მაგრამ არ გამოგვდის. რა ? არც არაფერი. ვცხოვრობთ ილუზიაში, თითქოს კმაყოფილნი ვართ. სინამდვილეში კი ? რას გრძნობ ? რას განიცდი ? კაფკას არ შეუძლია არათუ სხვას, არამედ საკუთარ თავსაც კი აუხსნას, ეს ყველაფერი. შენ შეგიძლია ? მაშ, გილოცავ. თუ შენ საკუთარ თავს უხსნი, ე.ი. გყავს ერთი მსმენელი, რომელსაც შეუძლია გაგიგოს და თუ დაიწუწუნებ, რომ მხოლოდ ერთია, ამ ერთის ღირსიც კი არ ყოფილხარ! ვახშამია, რა მოხდა მერე! - ელ, ელანა, რა დაგემართა ?! - მე, არაფერი… - როგორ დასუსტებულხარ ! საერთოდ არაფერს ჭამ ? არ შემიძლია ამ შეშფოთებული სახეების ატანა. ამაზრზენია ეს ყველაფერი. მთელი დღე მხოლოდ იმას ვაკეთებ, რომ წყეულ მაცივარს ვაცარიელებ. ის კი მეკითხება, თუ ვჭამ საერთოდ ! ჰმ ! მე ჰომ უბრალოდ არ ვვახშმობ. აღარ ვვახშმობ. ვეღარ ვვახშმობ! ჯანდაბა! რა უნდოდა? ამრია, ჩემი იდეალურად დალაგებული სახლი, რომელშიც გრამ მტვრის ნაწილაკსაც კი ვერ იპოვიდით, უბრალოდ ააოხრა და დამტოვა მარტო, რომ ისევ დამელაგებინა. მაგრამ დამტოვა უხელებოდ ! უკიდუროდ ! უსხეულოდ ! თითქოს საკუთარ სახლში მხოლოდ ნახატი ვყოფილიყავი, რომელიც კვდება ისე სურს მიაწვდინოს ხმა ყირაზე დამდგარი სახლის მუნჯ კედლებს, რომლებსაც მხოლოდ ყურები აქვთ და ყოველთვის ყველაფერი ესმით. მათ ყოველთვის ყველაფერი ესმით და ვერასდროს ვერაფერს იგებენ! ისინი ვერ გაგცემენ პასუხს, მხოლოდ ზურგს უკან ისაუბრებენ შენზე! ჰო, ისინი მუნჯები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ სპექტაკლია. სპექტაკლი, სადაც მთავარ როლს თამაშობ შენ ისე, რომ ამაზე წარმოდგენაც კი არ გაქვს. რაოდენ ამაზრზენია, ამაზრზენი. საკუთარ თავს სურათიდან ვუმზერ და ვკივი, ვყვირი, რომ წამით მაინც მივაწვდინო ხმა. ვუთხრა, რომ არავინ სჭირდება ვახშმისთვის. რომ მხოლოდ მას საოცრად გამოსდის იმ სიამოვნების მიღება, რომელსაც ასე ძლიერ ეტრფის და მზადაა სიცოცხლეც კი შესწიროს მას. ღმერთმანი, როგორი ეგოისტია ! ელანა, ეგოისტი ხარ! როგორ მიმატოვე ნახატში შედევრად და როგორ გაბედე ჩემი სხეულის ასე დასნეულება? როგორ გაბედე იმის გაფიქრება, რომ უჩემოდ შეძლებდი გეპოვა ის, რასაც ახლა ასე თავგანწირვით ეძებ ? ჯანდაბა, ამის დედაც! ჩემი ღირსიც კი არა ხარ, ელანა! ჩემო უბედურო, მეო, რატომ გაიმეტე თავი ასეთი ყოფისთვის? ნუთუ გსურდა ასე დატანჯულიყავი?! მზად ხარ მოკვდე, ოღონდ გინდოდეს ვინმესთან ერთად ვახშმობა! ამაზრზენი ხარ! შენ იყიდები, ელანა. ამაზე დაბლა ვერასოდეს დაეცემი. შენ შეგიძლია ის ნახატი გაყიდო, რომელშიც საკუთარი თავი დახატე და ამაზე წარმოდგენაც არ გქონდეს. ჰო, ვიცი, რომ აზრზე არა ხარ, რომ სადღაც ახლომახლო დავძრწი და შენგან შველას ვითხოვ. თითქოს ჩემსა და შენ შორის ხმაგაუმტარი მინაა, რომლის იქეთაც ხმა არ ისმის. არ გესმის ჩემი, ელანა. მხოლოდ შენ არ გესმის ჩემი და შენ არ ხარ ღირსი, რომ მე გყავდე. საკუთარი თავი უარყავი, კახპავ და ახლა სხვებისგან ეძებ ნუგეშს. გრცხვენოდეს და გახსოვდეს, რომ თუ საკუთარ თავზე დაიწუწუნებ, არ ყოფილხარ მისი ღირსი. განვმეორდი და კიდევ ერთხელ გითხარი. არ უნდა მეთქვა. ჯანდაბა, არ უნდა მეთქვა, მაგრამ იცი, შენ იცი, რომ მე კვლავ გაგიმეორებ ამას. გავიმეორებ, რათა ოდესმე მოვაწვდინო შენამდე ხმა. არასოდეს, გესმის ? არასოდეს თქვა უარი შენს მეზე. თორემ თუ ის წავიდა შენგან, მოსიარულე გვამის შეგშურდება, ვფიცავ! საკრალურს გეფიცები ინანებ! აზრზე მოდი, ელანა. აზრზე მოდი! ჩემ წინ დგახარ და ვერ მხედავ. სხვა რა გავაკეთო, რომ დამინახო, გამიგონო, გაიგო… *** ხელი გამიშვი ! შენ ჩემთან მოკარების ღირსი არ ხარ! დამსვი! სად მიმათრევ? არ გაბედო ასე მოქცევა ჩემთან ! მომაშორე შენი ბინძური თითები და აღარასოდეს გაბედო ჩემთან შეხება ! რატომ არ გესმის ჩემი? ღმერთო, რას აკეთებს… ელანა, ახლა რაღა მოიფიქრე? გამოდი სამზარეულოდან. ღამე იწყება, მანდ აღარფერი გესაქმება ამ დროს! ვახშმობას აპირებს. მე კი მაგიდის მეორე მხარეს დამსვა. სუფრა გააწყო და… - იცი? მართალი ვიყავი. - რაში ? - მე არაფერი მაკვირვებს. - ნუთუ ? არ მჯერა… - რატომ? - ვინმესთან ერთად ივახშმე? - ჰო და იცი, რა ? - რა ? - მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მყავს. - შეიძლება გავიგო, ვინ არის ? - მე. - შენ ? - ჰო. - ეგ როგორ ? - მე და მემ ერთად ვივახშმეთ. - სარკის წინ ივახშმე ? - ჰო. - გიჟი ხარ. - ალბათ. - მაგრამ ეგ არ ითვლება. - რატომ ? - სხვა ადამიანი ვიგულისხმე მაშინ. - არ მაინტერესებს. - არ იყო სამართლიანი სანაძლეო. - ჩვენ რა, დავნაძლევდით? მაგარია, არა ? როცა საკუთარ თავს ენდობი ისე, რომ მასთან ერთად შეგიძლია ივახშმო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.