მასწავლებელი შემიყვარდა (საცდელი)
კლასში, როგორც ყოველთვის, ზარის დარეკვისთანავე შემოვიდა, თბილი ღიმილით მოგვესალმა და ოდნავ დაბნეული გამომეტყველებით მოხდენილად დაჯდა სკამზე. მე უკან მჯდომ თანაკლასელს ვესაუბრებოდი. წინა დღის ამბებს განვიხილავდით. მასწავლებლისკენ გავიხედე. ერთი შეხედვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ენა ჩამვარდნოდა და კისერი გამშეშებოდა. ვეღარ ვტოკდებოდი, ხმასაც ვერ ვიღებდი, ენას ვერ ვატრიალებდი პირში, თითქოს დამბლა დამემართა. ჩემმა თანაკლასელმა საფეთქელზე დამიკაკუნა თითი და თმებზე მომქაჩა, მერე ხელებს შუა მოიქცია ჩემი თავი და იძულებით შემატრიალა იქითკენ, საითაც თვითონ იჯდა. - რა დაგემართა? - ააააარაფერი! რა უნდა დამმართოდა? - ღიმილით ვუპასუხე. ერთხანს მიყურა. მერე კვლავ გააგრძელა ლაპარაკი. მე თვალებში ვუყურებდი და ისეთი სახე მივიღე, თითქოს ძალიან მონდომებით ვუსმენდი. ძალიან მინდოდა კიდევ ერთხელ შემეხედა მასწავლებლისთვის, მაგრამ, ვიცოდი, დემე მომკლავდა, თუ ასე მოვიქცეოდი. იმ დღეს საოცრად ლამაზი იყო ნორა მასწავლებელი. მცირეხნით შეხედვისას შევნიშნე, რომ მის ყურებს დიდი, წრიული საყურეები ამშვენებდა, რომლებიც ოქროსფრად ბრწყინავდა — ფანჯრიდან შემოღწეული სხივი ეცემოდა და ასხივოსნებდა. არაამქვეყნიური შეფერილობის თმები სწორხაზოვნად ეშვებოდა მისი ოვალური ფორმის სახიდან. სახეზე მეტი აღარ დავკვირვებივარ, ყურადღება მის ხელებზე გადავიტანე. საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულზე, ვგრძნობდი, კანი როგორ მებურძგლებოდა. სათუთი და ნაზი, მოვლილი და მბზინავი იყო მისი ქათქათა ხელები. ფანტაზია გამიცხოველდა; წარმოვიდგინე, რომ მერხთან ვიჯექი და უცებ უკნიდან ვიღაც მოვიდა, თვალებზე ხელები ამაფარა და ნარნარად ჩაიკისკისა. სინაზითა და სურნელებით ამოვიცანი მათი პატრონი... მერე დემემ დამაბრუნა რეალობაში. სახეზე კი კვლავ ვგრძნობდი ორი ძალიან ნაზი ხელის სიმძიმეს, ცხვირში გასაოცარი არომატი მცემდა. შენიშვნა მივიღე. მიბრძანეს საუბარს მორჩი და შემოტრიალდიო. უზომო ბედნიერება შემოიჭრა ჩემ სხეულში, როგორც კი, ეს სიტყვები გავიგონე. დემეს მარწუხებისგან გავთავისუფლდი და ხელს ვეღარაფერი შემიშლიდა, რომ გრძნობებს ბოლომდე მივცემოდი. მთელი გაკვეთილი უცნაურ აღტკინებას ვგრძნობდი, სხეული მიხურდა. რამდენჯერაც ნორა მასწავლებელმა შემომხედა, იმდენჯერ საშინლად ამეწვა ლოყები. ვლოცულობდი, რომ ჩემთვის არაფერი ეკითხა. მინდოდა, ჩუმად ვმჯდარიყავი გაყურსული, სიყვარულის ციებ-ცხელებით შეპყრობილი; თან მეშინოდა, კითხვაზე პასუხის გაცემის დროს რამე სულელური არ წამომცდენოდა. სკოლის შემდეგ სახლში არ წავსულვარ. ერთ შემაღლებულ ადგილს მივადექი, იქიდან ძალიან ლამაზი მზის ჩასვლის ყურება შეიძლება. დედას დავურეკე და გავაფრთხილე, რომ დამაგვიანდებოდა. ჩანთა მოვიხსენი, ოდნავ ნესტიან მიწაზე დავდე და ზედ დავაჯექი. თვალების გარშემო არეზე ხელი ფაქიზად მოვისვი, რათა კვლავ განმეცადა იგივე, რასაც გაკვეთილზე ვგრძნობდი. წარმოსახვა ავამუშავე და თვალწინ ისევ ნორა მასწავლებლის ზმანება დამიდგა. იღიმოდა. მისი უფერული თვალებიდან მცირედი თაფლისფერი სხივი გამოკრთოდა. ღიმილისგან ლოყები ეჩუტებოდა. კვლავ მომესმა მისი უდრტვინველი კისკისი, თითქოს ტუჩები ჩემ ყურთან ჰქონდა. მისი სუნთქვა ვიგრძენი, მარჯვენა ყური გამითბა. იმდენად ძლიერი იყო ჩემი ფანტაზია, რომ აშკარად ვიგრძენი კისერზე როგორ შემომეხვია და ნაზად მაკოცა. ხელებზე დავუწყე ფერება... წარმოვიდგინე, თითქოს ყურში ჩავჩურჩულე: - ნორიკო, დღევანდელ მზის ჩასვლას შენ გჩუქნი. მან კვლავინდებურად საყვარლად ჩაიკისკისა და ამჯერად შუბლზე მაკოცა. მე კი ამ დროს მისი ყელის სურნელი ვიგრძენი; გავბედე ცოტა ქვემოთ ჩამეჭყიტა და თვალები მისი მკერდისკენ გავაპარე. დიდი არაფერი გამოჩნდა, თუმცა, მაინც საოცარი განცდა მქონდა, მღელვარე და ვნებიანი. მივხვდი, რომ ფანტაზიისთვის ლაგამი უნდა ამომეჭირა. მზის ჩასვლას დაველოდე. სამწუხაროდ, არ გამიმართლა. ცა მოიღრუბლა და ისეთმა წყვდიადმა დაისადგურა, იმის გარჩევაც კი გამიჭირდა მზე როდის ჩავიდა. სახლში წავედი. იმ დღეს სკოლის წიგნებს არ გავკარებივარ. სწავლა აღარ მაინტერესებდა. სულ ნორა მასწავლებელზე ვფიქრობდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.