შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედა გზაშია! /სრულად/


17-03-2020, 00:06
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 3 404

დამძიმებული და ერთმანეთზე მიწებებული თხელი ქუთუთოები რის ვაი-ვაგლახით გავახილე, თუმცა ამ ქმედებას შედეგი არ მოჰყოლია. ირგვლივ უკუნეთი სიბნელე იყო. იმდენად ბნელოდა, რომ თვალთან თითის მიტანა მეტისმეტად გამიჭირდა. ძლივ-ძლივობით ვიპოვე საკუთარი დასახიჩრებული სახე. ხელები მოვისვი და როცა თმას შევეხე, მისმა უხეშმა ზედაპირმა გამაოცა.
ირგვლივ საზარელი შიშის სუნი იდგა. ამ მძაფრი გრძნობით გაღჟენთილი ჰაერი მოლეკულებს ძლივს იკავებდა და ატმოსფერო თანდათან უფრო მძიმდებოდა.
გული გაათმაგებული სისწრაფით მიცემდა და იმდენად ძლიერი იყო თითოეული დარტყმა, რომ თითოეულ მათგანს ყელში ვგრძნობდი. ჩემდაუნებურად ხელები გამიცივდა. სუნთქვა გამიხშირდა და თითქოს გავიგონე, ჩემი დაცვარული შუბლიდან როგორ ჩამოგორდა ოფლის ცივი, პატარა წვეთი, ნიკაპთან შეჩერდა და წკაპ!
გამაყრუებელი სიჩუმის გამო ყოველივეს მეტისმეტად მძაფრად და დრამატულად აღვიქვამდი, თუმცა დამეფიცება ვგრძნობდი, რომ ჩემ გვერდით ვიღაც იდგა.
შევკრთი, ვერაფერს ვხედავდი. ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა, რომ ეს არსება ადამიანი იყო. რამდენიმე წუთში კი მომესმა… ეს იყო რაღაც, რაც ძალიან ღრმად სუნთქავდა, რაღაც, რომლის სუნთქვა ადუღებული წყლის ორთქლივით ცხელი და ტენიანი იყო.
ერთ ადგილს ვიყავი მიყინული. ამ არსების ამონასუნთქი კი მარცხენა პროფილზე მეცემოდა. პირი გამიშრა და ხრჩობა დავიწყე. ხელები დამეკრუნჩხა და დეფორმირდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლო - თავის მილიმეტრით მიბრუნება იყო. ჩემს ყურთასმენამდე საზარელი ღრჭიალის ხმა აღწევდა, თან ახლდა ლეწვისა და მტვრევის გაბმული ხმებიც.
ნერწყვი ხმამაღლა გადავყლაპე და არსების ხმამაღალი ქოშინის მხარეს გავიხედე.
არაფერი.
ამოუცნობი ხმებიც შეწყდა და არსების სიახლოვესაც ვეღარ ვგრძნობდი. გაუბედავად მივტრიალდი მთელი სხეულით იმ მხარეს, საითაც, ჩემი აზრით, ხსენებული რაღაც არ იდგა.
სიჩუმით გულმოცემულმა ხელი ჩემ წინ ჰაერში რამდენიმეჯერ ავიქნიე.
და მივეხეთქე. რაღაც წებოვანი, ბლანტი სითხით სველ… სახეს.
ცივმა ოფლმა კვლავ წყალივით დამასხა და შხაპიდან ახალგამოსულს დავემსგავსე. ხავილისმაგვარი ხმა ამოვუშვი ფილტვებიდან და ჩემ წინ, ზუსტად ჩემი თვალების პირდაპირ ორი ჩასისხლიანებული, გადმოკარკლული თვალი გაახილა ამაზრზენმა არსებამ.
რაც ძალა და ღონე მქონდა ვიკივლე და კისრისტეხით გამოვიქეცი. მიწა შეზანზარდა და ჩემ ფეხებქვეშ გაიხსნა. გონებადაბინდულმა შევძელი მეორე მხარეს გადასვლა და არსების საწინააღმდეგო მიმართულებით გავაგრძელე სირბილი. მაგრამ ვიცოდი, რომ მისთვის ჩემი დაჭერა ძალიან მარტივი იქნებოდა. მე კი ვკიოდი. ხმის ჩახლეჩამდე ვკიოდი იმდენად ხმამაღლა, რამდენადაც შემეძლო.
ადრენალინით ძალმოცემულმა სირბილს ვუმატე. მბჟუტავი სინათლე დავინახე წინ და სახე ღიმილის მსგავსი მიმიკით დამემანჭა. სწრაფად ვდგამდი გრძელ ნაბიჯებს და როგორც იქნა, სინათლის წყარო დავინახე.
ორიოდე ვარსკვლავი ანათებდა ცას ძალზედ არაბუნებრივად. იმდენად კაშკაშებდნენ, რომ მათთვის თვალის გასწორება გამიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ხმა არ სწვდებოდა ჩემს ყურთასმენას, თხუთმეტიოდე წუთის განმავლობაში მაინც მივრბოდი.
ხოლო როცა თავი მეტ-ნაკლებად სამშვიდობოს ვიგრძენი, შევჩერდი და მიმოვიხედე. ირგვლივ უდაბური და გაუვალი ტყის გარდა ვერაფერი დავლანდე.
როგორც კი თავი წინ მივაბრუნე, სასწაულებრივი გზით ჩემ წინ გაჩენილ საკუთარ თავს ჩავაშტერდი. ისიც გაოცებული მიმზერდა.
ქვედა ყბა ამიკანკალდა შიშისგან. ვგრძნობდი, რომ ამ ყველაფერს ვეღარ გავუძლებდი და მალე ამეტირებოდა, მაგრამ შევამჩნიე. ჰო, მე შევამჩნიე როგორ აუკანკალდა ქვედა ყბა ჩემ წინ მდგომ "მეს". როგორ დაეფარა მას ცრემლის თხელი პლევრით თვალის მწვანე გარსი.
წამით ვიფიქრე, რომ ეს ჩემი ანარეკლი იყო სარკეში. იგივე ნაკვთები, მზერა, თმა, სხეული… იგივე ქმედება ერთი ერთში, მაგრამ…
მაგრამ უეცრად საოცრად მომინდა გვერდზე გამეხედა. გავიხედე თუ არა მესამე მე დავლანდე, მის უკან კი ის არსება. ის-ის იყო უნდა მეყვირა, რომ ჩემი ორივე "მე" სარკესავით დატრიალდა და ურჩხული ჩემ უკან აღმოჩნდა. ვიგრძენი როგორ შემომეჭდო სახეზე უზარმაზარი სველი თათი, როგორ მომიჭირა მთელი ძალით და სანამ ტვინს გამასხმევინებდა - გამეღვიძა.

თვალები გავახილე და გალუმპული სხეული ტბას დამსგავსებულ საწოლს ელვის სისწრაფით მოვაშორე. კისრისტეხით გავიქეცი აბაზანისკენ და წყლის ცივ ნაკადს მივეცი უფლება, რომ ჩემს სხეულს დაჰპატრონებოდა.
ორიოდე საათის შემდეგ ყრუდ მომესმა ნაცნობი ხმა. ნაცნობი ხელები მომეხვივნენ. მე კი ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი. მხოლოდ სიბნელეს, რომელსაც ორი არაბუნებრივად მანათობელი ვარსკვლავი ფანტავდა და ვგრძნობდი როგორ იჭყლიტებოდა იმ არსების უზარმაზარ კიდურში ჩემი ტვინი.
- ლისა! ლის, გესმის ჩემი? ლისა… - ბუნდოვნად დავიწყე ხმის გარჩევა. ედი იყო ჩემი ქმარი. ჩემი არდაბადებული შვილის მამა, ჩემი სიყვარულის ობიექტი.
- ედ…
- კოშმარი ნახე, ლის? ასე არ შეიძლება. რამდენი ხანი იჯექი აბაზანაში? - მისი აღელვებული ხმა მამშვიდებდა, თუმცა მომინდა ხმით ავტირებულიყავი და ვინ იცის, მერამდენედ მეთხოვა მისთვის პატიება.
- ედი…
- ჩუ, მოდი ჩაწექი. - მითხრა და მშრალ საწოლზე მიმითითა. მეც მშრალი ვიყავი, ედიმ გამომიცვალა.
- მშრალია.
- ჰო, ზეწარი გამოვცვალე. ჩაწექი.
- ედ, მერამდენედ უნდა მოხდეს ეს ? - ორაზროვანი კითხვა დავუსვი და სახეში შევაჩერდი. ის ისეთი ლამაზი იყო… მაღალი, უსაშველოდ გამხდარი და საოცრად ლამაზი.
- ჩვენ ამაზე არაერთხელ ვილაპარაკეთ, ლისბეთ. - სრულ სახელს როდესაც მეძახდა, გაბრაზებული იყო ჩემზე.
- და არც ერთხელ მივსულვართ ბოლომდე.
- არა, ეს შენ არ გინდა, რომ ბოლომდე მივიდეთ. მე შენ მიყვარხარ და დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს, გესმის? - გაცეცხლებული იყო. თაფლისფერი თვალები იმდენად ჩამუქებოდა, რომ მათ თავისი ძველებური ნათება სადღაც მიუსავლეთში მოესროლათ.
ადრე, როდესაც ბრაზდებოდა, მისი დაშოშმინება სიყვარულითა და მისი თანმხლები ვნებით შემეძლო. ახლა კი? ახლა ღამით, როდესაც უნებურად შემეხება, წიხლნაკრავივით ვხტები საწოლიდან და გაუგებარ ლუღლუღს ვიწყებ.
- შენ არ გინდა სცადო, ლისა. - აგრძელებდა იგი და ამ წუთას ის იმდენად დაბერებული მეჩვენა, როგორც არასდროს. - შენ მე არ მაძლევ შანსს, ჩვენ არ გვაძლევ შანსს. ლისა, ნუთუ გადაგიყვარდი? - ჩემ წინ მუხლებზე დაეცა და ხელები ჩამოუშვა. მე ხმამაღლა დავიწყე სლუკუნი და ვიგრძენი რამდენად უსუსური ვიყავი. ამ ყველაფერმა გამტეხა და ჩემი არამდგრადი ფსიქიკის შეგრძნება მაიძულა ბოლომდე.
- მაპატიე, ედი, მაპატიე...
- შენ იმასაც ვერ ხვდები, რომ საპატიებელი არაფერი გაქვს, ლისა… - თვალები ცრემლით აევსო. - ძვირფასო, მე ვერაფერს გშველი. მე უკვე აღარაფერი შემიძლია. - მასაც ისევე სტკიოდა, როგორც მე და ვინ იცის, იქნებ იმაზე უარეს დღეში იყო, ვიდრე მე შემეძლო წარმომედგინა.
- არა, ედი, შენ იმაზე მეტი გააკეთე, ვიდრე უნდა გაგეკეთებინა.
- არა, მომისმინე. მე… მე მეტი აღარ შემიძლია. ამ ყველაფერს ვეღარ გავუმკლავდები. გთხოვ… - მუდარით იყო სავსე მისი ხმაც და მზერაც.
- მტოვებ, ედი? - არა! არა! არა! არა! ჩემი ბრალი იქნება, რომ დამტოვოს. ჩემი და მხოლოდ ჩემი. მე ვერ შევძელი ვყოფილიყავი სრულყოფილი ქალი ედისთვის. მე ვიყავი მისთვის მხოლოდ ნივთი, რომელზეც უნდა ეზრუნა. ტვირთი, რომლისთვისაც ღმერთმა გაიმეტა, როდესაც ცხოვრების უძირო ოკეანეში აგდებდა.
- ლისბეთ ლარსონ! ვფიცავ, თუ ეგ სიტყვები მეორედ დაგცდება, ჩემი ხელით დავლევ საწამლავს. - დავიბენი, ძალიან დავიბენი და ლამის გულის გაჩერებამდე შემეშინდა.
- ვერ ვხვდები…
- ლის, უბრალოდ. - ჩემკენ მოიწია და ხელი ხელზე ძალიან სათუთად დამადო. ოდნავ შევკრთი, თუმცა არ გავქცეულვარ და ედიმ გამიღიმა. - იმის თქმა მინდა, რომ გარეშე პირი უნდა ჩავრიოთ, ექიმი.
- გიჟი გგონივარ?
- რა სისულელეა, არა. ოჯახის ფსიქოლოგი ვიფიქრე. ერთად მივიდოდით და ერთად ვიპოვიდით გზას… რა აზრის ხარ ამაზე ?
- შენც წამოხვალ?
- რა თქმა უნდა. მარტო არასდროს არსად, გახსოვს? - მკრთალად გამიღიმა.
- არასდროს არსად.

- რა გაწუხებთ?
- მე… იცით რა არის… - ვერ ვხვდებოდი ენა იმიტომ მებმოდა, რომ უცხოსთან უნდა მესაუბრა ჩემს განცდებზე, თუ ამ ქერა ქალბატონის მომნუსხველმა სილამაზემ საუბრის უნარი წამართვა.
- ქალბატონო სარა, ჩვენ ოთხჯერ… - ედიმ სიტყვა წამართვა და ხმა აუკანკალდა. ის ვერ ხედავდა ამ ადამიანში ქალს, მას მხოლოდ სიტუაციის დალაგება სურდა. თუმცა რაღაც მაინც მღრღნიდა შიგნიდან. - ოთხჯერ გარდაგვეცვალა არდაბადებული შვილი. - თქვა და ვგრძნობდი, რომ ამ სიტყვების მოგლეჯა მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.
- ვწუხვარ. - წარბი შეჭმუხნა ქალმა. - ამის შესახებ საუბარი ერთმანეთთან სცადეთ ?
- რამდენჯერაც არ უნდა გვესაუბრა, ყოველთვის ლამის გაყრამდე მივდიოდით. - ღრმად ამოიხვნეშა ედიმ და შემომხედა. მას ვუყვარდი, ვუყვარდი ძლიერ და ამოუთქმელად. სხვა შემთხვევაში ის პირველივე ჯერზე წავიდოდა.
- რა გიშლით ხელს იმაში, რომ მშვიდად ისაუბროთ?
- ემოციები. ორივენი მარტივად ვფეთქდებით და დიალოგსაც ვერ ვაწყობთ.
- ტყუი! - ჩავერიე საუბარში. - მარტივად მე ვფეთქდები, შენ კი მაქსიმალურად ცდილობ, რომ მომითმინო და მშვიდად გადავჭრათ კონფლიქტი.
- თქვენ ხვდებით ამას, მაგრამ ეს პრობლემა მაინც გაქვთ. რატომ, ქალბატონო ლისბეთ? - თვალი თვალში გამიყარა ამ ქალმა და ლამის ტუჩი ამიკანკალდა ზიზღისგან.
- არ ვიცი. - უკმეხად მივუგდე.
- ძლიერი ტრავმა გაქვთ გადატანილი და უპირველეს ყოვლისა, ვთვლი, რომ უმჯობესი იქნება ცალ-ცალკე თუ შეძლებთ ამის მიღებასა და გააზრებას. თქვენ როგორ ფიქრობთ ? - მიუბრუნდა იგი ედის.
- ლის, შენ როგორ გგონია? - ამღვრეული მზერა მომაპყრო მეუღლემ.
- მე… არასდროს არსად… - ხმა მიწყდებოდა. - ედ, არ ვარ წინააღმდეგი. - საოცარი ბიძგი ვიგრძენი შიგნიდან, როდესაც მივხვდი, რაოდენ ძლიერ სჭირდებოდა ეს ედის.
- კარგი. მაშინ მე ჯერ გავალ. მოსაცდელში ვიქნები. - თქვა და გავიდა. ყოველივე იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. ის თითქოს გამირბოდა. შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო. ედიმ ზუსტად იცოდა, რომ ფსიქოთერაპევტი ამ საკითხს დასვამდა. თითქოს წინასწარაც კი იყვნენ ამაზე შეთანხმებულნი.
- ლისბეთ. - და დაიწყო დასასრული. ჩემთვის, ედისთვის და ჩვენი შვილებისთვის.

- მე და ედი სიყვარულით დავქორწინდით. დიდი ქორწილი გვქონდა. გვინდოდა, რომ მთელ ქალაქს ესაუბრა ჩვენზე და ასეც იყო.
- რამდენი წლის იყავით მაშინ?
- ოცდაოთხის. ათი წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ.
- გააგრძელეთ.
- სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი და ერთი სული გვქონდა როდის დავუკავშირდებდით ერთმანეთს ცხოვრებას სამუდამოდ. მაშინ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე იყო, ახლა კი…
- ტირით. ედის ტკივილის გამო თუ სხვა მიზეზიც გაქვთ?
- როგორ ტაქტიანად ცდილობთ მაღიარებინოთ, რომ საკუთარ თავს ვადანაშაულებ. - სიმწრით ჩამეცინა.
- გისმენთ. - თავს მაჩვენებდა, რომ გულისყურით მისმენდა, სინამდვილეში კი ვინ იცის, იქნებ შოკოლადიან დონატებზე ფიქრობდა.
- ორივეს ძალიან გვიყვარდა ბავშვები, თუმცა არ ვჩქარობდით. ქორწინებამდე ოთხი წელიწადი ვხვდებოდით ერთმანეთს და სექსიც რეგულარულად გვქონდა. არც ერთი ჩვენგანი გიჟდებოდა პრეზერვატივზე, ამიტომაც მთელი ოთხი წლის განმავლობაში აბებს ვიღებდი.
- აბებმა კი განაპირობეს, რომ შვილი დაკარგეთ.
- მე შვილი არ დამიკარგავს, სარა. - ბოროტულად შევხედე. - მე ჩემი შვილები ერთი მეორის მიყოლებით მოვკალი. აი, ესაა მთავარი.
- თქვენ ჰომ არ იცოდით…
- მე შემეძლო მცოდნოდა. - სარას სახეზე სიბრალული ამოვიკითხე. მზად ვიყავი მივვარდნოდი და სახე დამესერა მისთვის. აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ ფსიქოლოგს შევბრალებოდი.
- ამ ყოველივეს ვერ იწინასწარმეტყველებდით.
- შესაძლოა, თუმცა შემეძლო უფრო ფრთხილად ვყოფილიყავი და ოთხი უსახელო ემბრიონის დამარხვა არ მომიწევდა ! - სისხლი ძლიერი წნევით მომაწვა და აშკარად გავწითლდი.
- ახლა ფრთხილად ხართ?
- ახლა აზრი არ აქვს. ფრთხილად ვარ, მაგრამ აზრი არ აქვს.
- რატომ არ აქვს?
- იმიტომ, რომ წარსულს ვერ შეცვლი, როგორაც არ უნდა ეცადო.
- მაშ, რა აზრი აქვს თავის დადანაშაულებას, თუ არაფერი შეიცვლება?
- საკუთარ თავში ვცვლი ყოველივეს.
- თქვენდა სასიკეთოდ?
- არ ვიცი.
და მე მართლა არ ვიცოდი. წყეულიმც იყო ეს ყველაფერი. არაფერი ვიცოდი. რისთვის ვიყავი ამქვეყნად, ეგეც არ ვიცოდი.
- რამდენად ემეგობრებით საკუთარ თავს? - სარამ შავი ჩაი მომაწოდა.
- რას გულისხმობთ?
- ეკონტაქტებით საკუთარ თავს, ესაუბრებით, ფიქრობთ…
- განუწყვეტლივ ვფიქრობ. - ცალი წარბი ავწიე.
- არა, არა. - ხელები გაასავსავა სარამ. - დიალოგის რეჟიმი ვიგულისხმე.
- არ მიფიქრია ამაზე.
- არ გინდათ სცადოთ?
- რად მინდა?
- თვითგვემას შეწყვეტთ, უკეთ იგრძნობთ თავს. - ყოყმანით წარმოთქვა, მაგრამ აშკარა იყო ფიქრობდა, რომ ამ მეთოდს შესაძლოა შედეგი მოჰყოლოდა.
- როგორ გავაკეთო ეს ?
- სიმარტივისთვის შეგიძლიათ სარკესთან საუბრით დაიწყოთ. რას ფიქრობთ ამაზე ?
- უცნაურია, თუმცა, ალბათ, ვცდი.
- მშვენიერია. დღეისთვის საკმარისია. - ზედაპირულად გამიღიმა და წამოდგა.

ასეთი მშრალი და უემოციო პროფესიონალიზმი ამ ადამიანისგან - მაღიზიანებდა. დაპროგრამებულივით საუბრობდა. ზუსტ დროს ზუსტ ადგილას აჭერდა და ვინ იცის მერამდენედ ესაუბრებოდა ასე კლიენტს. კლიენტს ? თავს მხოლოდ ხორცის ნაჭრად ვგრძნობდი, რომლის ყასაბიც ეს ქალი იყო.
ედი კი მისი კაბინეტიდან მეტისმეტად მხიარული გამოვიდა. მისმა მხიარულებამ გამაბრაზა. ვიეჭვიანე და მზად ვიყავი მისთვის რამე დამეშავებინა.
- რა გითხრა?
- კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის უფლება არ მაქვს, ლის. - სიცილით მითხრა და მანქანაში ჩაჯდა.
- მოგეწონა?
- შენ არა?
- რატომ არიდებ თავს პირდაპირ პასუხს? - რა გემართება, ლისბეთ? შარზე ხარ?
- მომეწონა. იცის მოსმენა და კარგ რჩევებსაც იძლევა. - გზისთვის მზერა არ მოუცილებია.
- ჰო? რა რჩევა მოგცა, ამდენად რომ მოგეწონა? - არა, აშკარად ვიწვევდი. ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა.
- ის რჩევა, რომ თუ ბრაზი შემიპყრობს, გონებაში ხუთამდე დავითვალო და გავგრილდე. - აშკარად ჩემკენ იყო მომართული ისარი.
ედი და სარა ჩემზე საუბრობდნენ. მე კი ბოღმისგან ვსკდებოდი ისე მსურდა გამეგო მათი დიალოგის ყველა დეტალი.
- ხუთი. - ვთქვი და ფანჯრისკენ შევბრუნდი.
მთელი გზა ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. არც სახლში მისვლისას და არც შემდეგ დღეს.
მესამე დღეს კი ედიმ ნაყინზე დამპატიჟა. არც რესტორანი, არც კინო - ნაყინი.
იმდენად გავუცხოვდით, რომ, როგორც პირველი პაემნისას შემრცხვა მის წინ ჭამა, ისევე ახლაც. ჰო, მე და ჩემი ქმარი უკვე დიდი ხანია, რაც ერთად აღარ მივირთმევთ.
ღმერთო ჩემო, აქამდე როგორ მოვედით? ეს რა დაგვემართა? ნუთუ ეს ყველაფერი მე ჩავიდინე?
- ლის, გაიღიმე. - მითხრა და თვითონაც ფართოდ გაიღიმა. - ძალიან გიხდება ღიმილი და ეს ნაჩვრეტებიც, საოცრად… - ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო და უნდა შემხებოდა, მაგრამ უნებურად ჰაერში გაუშეშდა და წამოწითლდა. საკუთარ თმაზე გადაიტარა და შემომხედა. მხიარულმა ხარხარმა გააყრუა ჩვენ ირგვლივ მყოფნი. ვხვდებოდით, რომ გავცივდით ერთმანეთის მიმართ, მაგრამ იმ მომენტების დაჭერა, რაც თხუთმეტი წლის წინ უკვე გავიარეთ, ძალიან სასაცილო იყო.
მაგრამ რაც იყო, იმას ვერც ერთი ჩვენგანი გადაუსმევდა ხაზს. ზუსტად ამას ვერ გავექეცით.

- ესაუბრეთ საკუთარ თავს ?
- არა.
- რატომ?
- ჩემსა და ედის შორის ურთიერთობა უკეთესობისკენ მიდის. მაშ, რა საჭიროა? - მხრები ავიჩეჩე. მართლა ვერ ვხვდებოდი.
- რატომ აღიქვამთ საკუთარ თავს მხოლოდ როგორც ქმართან ერთიანობას?
- ერთი მთლიანი ვართ და იმიტომ.
- ლისბეთ, თქვენ ედის გარეშე არსებობთ?
- მე ედის გარეშე ვერ ვიარსებებ. - გავღიზიანდი და საპასუხო კითხვა დავუბრუნე. - რატომ მისმევთ ამ კითხვას?!
- რატომ ბრაზდებით? ედიმ წლების წინ გაიცნო ის ლისა, რომელიც ედის გარეშე არსებობდა. ახლა კი? თავად თქვით, რომ ის არ ხართ, ვისაც ედის გარეშე შეუძლია. არ თვლით, რომ ედი, ზუსტად ამის გამო, ოდესმე დაიღლება?

ერთი მხრივ ის, რასაც სარა მეუბნებოდა, სავსებით მართალი და რეალური იყო. თან, ის ედის ელაპარაკებოდა. ედი მას უყვებოდა იმ განცდებს, რომელსაც მე არასოდეს გამანდობდა. ნუთუ ჩემი ქმარი დავღალე და ეს დალაგებული ურთიერთობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მხოლოდ სარას რჩევების გამო გვქონდა? ანუ, ედი ძალდატანებით მიღიმოდა, მივყავდი პაემნებზე და მეუბნებოდა კომპლიმენტებს მხოლოდ იმიტომ, რომ სარამ ურჩია მას ასე მოქცეულიყო. არა, ამის არ მჯერა, ან…
ჯანდაბა! სააბაზანოში გავედი და სარკის წინ დავდექი. ცოტაც და ამდენი ფიქრისგან თავი გამისკდებოდა.
მე საერთოდ არ ვიყავი ხელოვანი ადამიანი. არც წერა მეხერხებოდა, ხატვა, ცეკვა, სიმღერა… ერთი ჩვეულებრივი ბუღალტერი ვიყავი, რომელმაც თვლის გარდა არაფერი იცოდა. ემოციები კი სადმე უნდა ამომენთხია. საკუთარ თავთან ლაპარაკი კი, რომელზეც სარა მესაუბრებოდა ცუდი ხერხი არ ჩანდა.
მეგონა, ცდად ღირდა, თუმცა შევცდი. მწარედ შევცდი და სიცოცხლეს მივცემდი, რომ ჩემი ცხოვრებიდან ეს მომენტი სამუდამოდ ამომეშალა.
- ედი ჩემთან სიბრალულის გამო არაა. მას ვუყვარვარ ისევე, როგორც ადრე. - ვუთხარი საკუთარ თავს სარკეში და ოდნავ მომეშვა. წყლის ნიჟარას შევხედე დამშვიდებულმა და უეცრად ხმა მომესმა.
- კარგი, რა. - სააბაზანოს კედელს მთელი ძალით მივეხეთქე და თვალები გამიფართოვდა. იქვე დაგდებულ მოზრდილ მაკრატელს ჩავაფრინდი და მთელი სახლი შიშით შემოვიარე. თუმცა აქ არავინ და არაფერი იყო. კარ-ფანჯარა დაკეტილი, საწოლის ქვეშ სიცარიელე, კომოდშიც კი შევამოწმე - არაფერი.
- მდაა, გვარიანად კი შევშინდი. - ვთქვი და მაკრატელი თავის ადგილას დავაბრუნე.
- მორჩი არაფრისმომცემ ძებნას? აქ ვარ. - ის… სარკიდან მეძახდა.
ფილმებში მქონდა ეს ნანახი არაერთგზის, წაკითხულიც, მაგრამ რეალურად?
- ჰალიცინაცია ხარ? - ნელ-ნელა ვიჯერებდი, რომ შევიშალე.
- ამას რამე მნიშვნელობა აქვს?
- აქვს.
- არ ვიცი.
- ასეთი რაღაცები ცხოვრებაში არ ხდება. ე.ი. ჰალუცინაცია ხარ. ჩემგან რა გინდა?
- მე მეკითხები? საუბარი შენ არ დაიწყე? თუ მეშლება რამე ? - ბრაზდებოდა ვატყობდი. ძალიან უცნაური იყო საკუთარ გაბრაზებაზე დაკვირვება შორიდან.
- კარგი, კარგი. მოდი დავფიქრდეთ. დიდი ხანია, რაც მანდ ხარ? - ვეკითხები და საკუთარი თავის არ მჯერა. საკუთარ ანარეკლს ცოცხალი არსებასავით ვესაუბრები.
- მე ვიცი ყველაფერი, რაც იცი შენ. მე ვარ ის, რაც დიდი ხნის წინ დამალე და არც გაგხსენებია.
- რას გულისხმობ?
- შენ თქვი, რომ ედი შენთან არაა სიბრალულის გამო. რეალურად შენ ამაში ეჭვი გეპარება. საკუთარი სიტყვების არ გჯერა.
- ჰო, მაგრამ ედი ჰომ არასდროს იტყუება? - შევეწინააღმდეგე. არ მსურდა, რომ ანარეკლს ჩემზე მეტი სცოდნოდა.
-ბეტ, შენ ამის გარანტია არ გაქვს. რატომ გამოდის ყოველი სეანსის შემდეგ კაბინეტიდან ბედნიერი ? სად ქრება იგი საღამოობით, როდესაც შენ გვერდით ყოფნა უნდოდა სულ? პაემნებზე გპატიჟებს, ჭკვიანი ბიჭი, უნდა, რომ ილუზია შეგიქმნას, რათა იფიქრო, რომ ყველაფერი კარგადაა.
- რა სისულელეებს ბოდავ! - გავცეცხლდი. როგორ გაბედა და ჩემი ქმარი ამ სისაძაგლეში დაადანაშაულა?!
- ნეტა როგორ ატარებენ დროს ის და სარა, არ გიფიქრია? აჰ, როგორ არ გიფიქრია. ედის ხომ თვალები ისე უბრწყინავს, თითქოს ახალგამოჩეკილი შეყვარებული იყოს!
- მოკეტე!
- რატომ არ გინდა დაინახო ის, რასაც გრძნობ? როდის იყო, რომ შენი მეექვსე გრძნობა გატყუებდა?!
- რატომ გინდა ქმარში ეჭვი შემეპაროს?!
- უკვე შეგეპარა, იდიოტო!
- გაქრი, ამ სისულელის მოსმენას აღარ ვაპირებ!
- მე გითხარი, დანარჩენი შენზეა. - უეცრად თქვა და მართლაც გაქრა. არა, სარკიდან ანარეკლი არ გამქრალა. ისევ მე ვიყავი, მაგრამ მხოლოდ მე. არ ველოდი მის ასეთ გაუჩინარებას. ისე იცავდა თავის პოზიციას, რომ ასე მარტივად არ დათმობდა ამ ყველაფერს.

ედი ცხრა საათისთვის დაბრუნდა სახლში. დაღლილი და მშიერი. ცოტათი გაუკვირდა, რომ ვახშმისთვის საგანგებოდ მოვემზადე და მისი საყვარელი კერძი დავახვედრე. თუმცა სიამოვნებით მიირთვა. ძალიან ვეცადე, რომ კარგი გამომსვლოდა. სარკესთან ლაპარაკი ვცადე დამევიწყებინა და დიდხანს გონებაში არ დამეტოვებინა.
- ფანტასტიკურია, ლის! როგორ მომნატრებია შენი ხელი! - თქვა და ჩვენ შორის დუმილი ჩამოწვა. წესით და რიგით, ეს კომპლიმენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამით ედიმ კვლავ გაუსვა ხაზი იმას, თუ რამხელა უფსკრული არსებობდა ჩვენს ურთიერთობაში.
სწრაფად გაიაზრა ეს. უხმოდ დადო ჩანგალი თეფშის გვერდით და ჩემკენ წამოვიდა. მე მაგიდის მეორე ბოლოში ვიჯექი და სანამ ჩემამდე მოდიოდა კერძს თავი მეც დავანებე. ცოტა არ იყოს შემეშინდა და სკამიდან წამოვიწიე. ედის ხელი ვიგრძენი წელზე და შევკრთი. ავწრიალდი და თავი დაღწევა მინდოდა, იმდენად გადაჩვეული ვიყავი მასთან სიახლოვეს, რომ დასხლტომა ვცადე. მაგრამ ის არაბუნებრივად უხეში და ძლიერი იყო. თავისკენ მიმიზიდა და ტუჩები ტუჩებზე მომაწება. ნელი მოძრაობით დაიწყო საძინებლისკენ სვლა და მე კი გული საგულეს არ მქონდა. ხვდებოდა ამას, მაგრამ გაჩერება უკვე აღარ შეეძლო. ცრემლები წამსკდა, თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

დილით, როდესაც გავიღვიძე საწოლზე, ჩემკენ ზურგშექცევით მჯდარი ედი დავინახე. თავი ხელებში ჩაერგო, ხოლო თითებს შორის სიგარეტი მოექცია.
- ეწევი? - გაკვირვება გამომესახა, ხოლო ედის ჩაეცინა.
- გუშინ როგორ მოგექეცი და შენ ის გიკვირს, რომ ვეწევი? - ჩემკენ შემობრუნდა და მისი ჩასისხლიანებული თვალები ვეღარ ვიცანი.
- შენ ჰომ არ ეწევი.
- გეყოფა, ლისბეთ, გე-ყო-ფა! შენ დიდი ხანია, რაც იცი, რომ ვეწევი. დიდი ხანია, რაც სამსახურიდან მთვრალი ვბრუნდები, სიგარეტის სუნად ვარ აქოთებული, შენ კი ჯიუტად არ გინდა ამის შემჩნევა. მე ვმალავ! ჰო, მე ვმალავ, მაგრამ შენ თავს იბრმავებ. ისევე, როგორც ახლა. შეხედე! შეხედე შენს სხეულს, რა დაგმართე! ამას როგორ ვერ უნდა ხედავდე? თავს ამ დონემდე რატომ უნდა იბრმავებდე, ლისა? - თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, მაგრამ მათში ღვარძლის ამოკითხვა შევძელი. - ბრმა ხარ, იმდენად ბრმა, რომ ჩემი სიყვარული შეგიძლია. შენ არ იცი - ვინ ვარ. შენ თავს ისულელებ და მხოლოდ ამიტომ გგონია, რომ გიყვარვარ. - მითხრა და ტყვიასავით გავარდა გარეთ.
მე ემოციებს ვერ ვკრებდი ერთ თაიგულად, რომ ერთიანად აღმექვა ისინი. ვერაფერს ვხვდებოდი, საერთოდ ვერაფერს.
სარკისკენ დავიძარი და გავშიშვლდი. უამრავი ჩალურჯება აღმოვაჩინე ჩემს სხეულზე. გუშინდელი ღამე კი არ მახსოვდა.
- ან არ გახსოვს, ან არ გინდა, რომ გაიხსენო.
- რას გულისხმობ?
- ქმარმა სექსის დროს შენზე იძალადა და გცემა, ბეტი.
- ედი ამას არ იზამდა!
- ფაქტები თავისთვის მეტყველებენ. - სარკეში ლისბეთმა მხრები აიჩეჩა.
- ედი… კი, მაგრამ - რატომ? - აზრზე ვერ მოვდიოდი.
- გაახილე თვალები. შენ თავს იბრმავებ. ედი აღარაა ის ედი, რომელიც ასე ძლიერ გიყვარდა. ედის ებრალები, ედის ენანება გასაქრობად ის, რასაც შენს მიმართ გრძნობდა, მაგრამ ახლა ედის სძულხარ.
- ვძულვარ იმიტომ, რომ…
- იმიტომ, რომ შენ მას ოთხი შვილი მოუკალი! - რეტი დამესხა და იატაკზე გავიშხლართე. მზერა გამიშტერდა და ტვინში მხოლოდ ეს ფრაზა მიტრიალებდა. მე მოვკალი ედის ოთხი შვილი. მე მოვკალი ჩვენი შვილები.
- არა, ეს ასე არაა… მე არ ვიცოდი. - ამოსუნთქვებს შორის ვისროდი სიტყვებს.
- შენ არ იცოდი, ეს შენი ბრალი არაა. მაგრამ ისინი შენ მოკალი. შენ შეგეძლო ეს გაგეთვალა, მაგრამ შენ ისინი მოკალი. შენ შენივე მუცელში, შენი ნაყოფი ისე ჩააძაღლე, რომ დღის შუქის ხილვის უფლებაც არ მიეცი! შენ ედის შვილები დაუხოცე!
- გაჩუმდი! გაჩუმდი! გაჩუმდი! - ვკიოდი და ხელებს სარკეს ვურტყამდი. რამდენ ნაწილადაც იშლებოდა იგი, იმდენი მე მადანაშაულებდა, საკუთარი შვილების მკვლელობაში.
- შენ უნდა მოკვდე! შენ ისინი მოკალი! - აგრძელებდა იგი და მისი ხმა უფრო და უფრო მკაფიოდ ისმოდა ჩემ გონებაში.
აბაზანის კუთხეში დაჭმუჭნული ქაღალდივით მივიკუჭე და მთელი სხეულით ვკანკალებდი.
რამდენიმე წამში ედი დავინახე. ჩემკენ მოდიოდა, ხელში კი სისხლში მოთხვრილი ნაჯახი ეჭირა.
- შენ ისინი მოკალი! შენ უნდა მოკვდე, ძვირფასო! - საზარლად გამიღიმა და ნაჯახი მომიქნია. დაკივლებაც ვერ მოვასწარი, რომ ირგვლივ ყველაფერი გაშავდა.

როდესაც თვალი გავახილე, ედის შეწუხებული სახე დავლანდე. ღრმად სუნთქავდა და ნერვიულობდა. ჩემ სახელს იძახდა, მე კი ხმის ამოღება არ შემეძლო.
ისევ გავითიშე.
- ლის, გესმის ჩემი ხმა ?
- მესმის.
- ნერვული შეტევა გქონდა, ჰალუცინაციებიც. ახლა ყველაფერი კარგადაა. - აღელვება ეტყობოდა ედის, მე კი უემოციოდ შევყურებდი.
- როდის მოხდა ეს ? - ყელში ამომივიდა ეს ფარსი.
- როცა მე წავედი.
- როდის წახვედი?
- დილით.
- დილით ვილაპარაკეთ?
- ვილაპარაკეთ. - დასასჯელი ბავშვივით დაიძაბა ჩემი ქმარი.
- რაზე?
- რატომ მისმევ ამ კითხვას? - გაღიზიანდა და აშკარად სურდა, რომ თავი აერიდებინა დიალოგისთვის.
- ედი, მოკეტე და მითხარი, რაზე ვისაუბრეთ? - გავმკაცრდი, რამაც ედი გააოგნა.
- იმაზე, რომ შენ თავს იბრმავებ. რომ ვერ ხედავ იმას, რაც რეალურია.
- ახლა კარგად მომისმინე. - დავიწყე და მე ყველაფერი გამახსენდა. - შენ ოთხი კვირის განმავლობაში, ხუთშაბათობით ხვდები ჩვენს ოჯახის ფსიქოლოგს საღამოს ექვსის ნახევარზე. თქვენ ექვსისთვის უკვე ან რესტორანში ხართ, ან კაფეში, ან სად, ან სად… ჩშშ! ნუ მაწყვეტინებ! რვა საათისთვის მასთან სახლში მიდიხართ, აქედან სამ კვარტალში, გაქვთ სექსი ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ უკან ბრუნდები. სექსი მაშინაც გქონდათ, როცა პირველად მივედით ფსიქოლოგთან და ცალ-ცალკე სეანსები დაგვინიშნა, სანამ მე მოსაცდელში ვიჯექი. ჰომ ასეა? ასეა. და შენ მე მეუბნები, რომ მე თავს ვიბრმავებ. და კი, შენ მართალი ხარ, ედ - გადამიყვარდი, რადგან აღარ ვაპირებ თავის დაბრმავებას და იცი, რა? ღმერთს მადლობა, რომ შენგან შვილი არ მყავს!
ედი განადგურებული იყო. ვუყვარდი თუ არა იმ მომენტისთვის ? არ ვიცი. მაგრამ ბოლო სიტყვებმა ბოლო მოუღეს. ბოლო სიტყვებმა მეც მომიღეს ბოლო, რადგან მუცლით ვატარებდი ედის კიდევ ერთ შვილს, რომელსაც დღის შუქის ნახვა არ ეწერა.
მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც ხუთი შვილი მოკლა. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც გაგიჟებით უყვარდა თითოეული მათგანი, მაგრამ სასიკვდილოდ მაინც გაიმეტა.
ჩემი გვამი ალბათ მდინარემ გამორიყა ნაპირზე. ალბათ, ედიმ მწარე ცრემლით დამიტირა. ალბათ, სარკეში საკუთარმა თავმა არ მაპატია, რომ მის და ჩემს არსებობას ბოლო მე თვითონ მოვუღე. ალბათ, ცაში მელოდებიან ჩემი არდაბადებული, უსახელო შვილები და ერთი სული აქვთ, როდის მივა მათთან დედა და სახელებს დაარქმევთ.
თვალები დავხუჭე და ვიგრძენი, როგორ გაიჭყლიტა ამოუცნობი არსების ბლანტი სითხით სველ თათში ჩემი თავის ქალა.
დამელოდეთ შვილებო, დედა გზაშია!


პ.ს. ეს ის ნაწარმოებია, რომელზეც განსაკუთრებით მაინტერესებს მკითხველის აზრი. ვინ როგორ გაიგეთ, ვის რა შთაბეჭდილება დარჩა, ვინ როგორ ახსნით, რა მოგეწონათ, რა არა და ა.შ. ყველაფერი მოკლედ :დ მოუთმენლად გელით ❤



№1 სტუმარი ლი ლი

ვფიქრობ რაშეიძლება დავწერო ამ მოთხრობის შესახებ მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ძალიან კარგია

არვიცი როგორ წავიკითხე,როდის დავმთავრე,ან საერთოდ როდის დავიწყე. ღაწვები აწითლებული მაქვს მაგრამ არ მახსოვს როდის ვიტირე.

ძალიან მომეწონა???? ძილის წინ ძააალიან დიდხანს ვიფიქრებ ამ ისტორიაზე. და ვფიქრებ დამძიმებული გულით მომიწევს დაძინება. ????????????

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

ლი ლი
ვფიქრობ რაშეიძლება დავწერო ამ მოთხრობის შესახებ მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ძალიან კარგია

არვიცი როგორ წავიკითხე,როდის დავმთავრე,ან საერთოდ როდის დავიწყე. ღაწვები აწითლებული მაქვს მაგრამ არ მახსოვს როდის ვიტირე.

ძალიან მომეწონა???? ძილის წინ ძააალიან დიდხანს ვიფიქრებ ამ ისტორიაზე. და ვფიქრებ დამძიმებული გულით მომიწევს დაძინება. ????????????

უღრმესი მადლობა შეფასებისთვის, მადლობა, მადლობა! მიხარია, რომ ემოციები ისე შემოგეპარა, რომ ვერ მიხვდი და მიხარია, რომ ამ მოთხრობაზე იფიქრებ კიდევ!

 


№3  offline წევრი Stranger things

აი ძალიანაც რომ მოვინდომო ემოცია ისე ვერ შემომპარვია რომ ვერ მივმხვდარიყავი. არ ვიცი რატომ მაგრამ ისე გავიგე ყველაფერი როგორც დაწერე, არ მინდა რამე ზეციური მნიშვნელობა მივანიჭო იმიტომ რომ ორივემ ვიცით ყველა ზეციერიც კი საბოლოოდ მიწიერამდე დადის. რაც არ უნდა ვეცადოთ ჩვენს თავებს ვერ გავცდებით. ცაში ჯერ არაფერი გვესაქმება. არ ვიცი... ზედმეტად მარტივად რატომ ვხვდები ხოლმე ყველაფერს, მაგრამ იმ ქერამ ხმა ამოიღო თუ არა(არ მახსოვს თქვი თუ არა თმის ფერი უბრალოდ ასე წარმოვიდგინე) რაღაცნაირად მივხვდი რომ ედთან იწვა. ასეთი გადახლართული ურთიერთობა ჩვეულებრივ ფსიქოლოგსა და პაციენტს შორის ვერ იქნებოდა. საერთოდაც უცნაური ფსიქოლოგი იყო, არ შეიძლება ვინმეს ურჩიო რომ ბევრი იფიქროს რადგანაც ბევრი ფიქრი კიდევ უფრო მეტ კითხვას და ხალხის თვალში მეტ "სიგიჟეს" ბადებს, პირადი გამოცდილებიდან ვიცი რომ ფიქრი ასეთ საქმეებს ვერ აგვარებს, მხოლოდ მოქმედება. დარწმუნებული ვარ სწორედ ქმრის ისეთი მოქმედება სჭირდებოდა ლისას როგორი ილუზიაც შეუქმნა თავს, შეუძლებელია ადამიანმა არ იცოდეს რა უნდა, ფიქრი უბრალოდ მეტი კითხვაა, მეტი პასუხია და კიდევ და კიდევ ბევრი კითხვაა. სასაცილოა ედის მცდელობაც რომ თავისი ცოლი საყვარელთან მიიყვანა, სასაცილოა ადამიანის ქვეცნობიერი, ალბათ ეგონა რომ რადგან თვითონ ოპოვა მასში ხსნა ლისაც იპოვიდა. რაც შეეხება სარკეს დღემდე მჯერა რომ იქიდან ჩვენი თავები შემოგვყურებენ სხვა მხრიდან და ყოველთვის მაინტერესებს მასში ჩახედვისას რას ფიქრობს მეორე მხარე. მივხვდი იმასაც რომ ის არსება საერთოდ ლისას ცხოვრების მეტაფორა იყო. რაც არ უნდა დაედანაშაულებინა თავი ედის შვილების სიკვდილში, უნდა იცოდეს რომ ისინი მისი შვილები არიან პირველ რიგში. გაცილებით რთულია იყო ლისასთვის ამის გადალახვა ვიდრე ედისთვის, ედს იმაზე ჰქონდა საფიქრალი ლისას რა ემართებოდა, და თვითონ მას? მას შვილების სიკვდილის მეტი აღარაფერი ახსოვდა. არ მიკვირს რომ წარმოდგენებში შეიფუთა, მისთვის ეს ნამდვილი ცხოვრება იყო რასაც ედიმ ჰალუცინაცია დაუძახა. თუ ასე არაა მაშინ ვფიქრობ ყველას ჰალუცინაციები გვაქვს რადგანაც ადამიანების 80%-ც კი ჩვენი დამოკიდებულებაა მათდამი, თუ როგორ აღვიქვამთ. ბოლო ნაწილზე უბრალოდ გამაკანკალა, როგორ გვიყვარს ადამიანებს ის რაც დავკარგეთ. და თუ ეს შვილებია? იმის თქმაც არ შემიძლია რა სულისდამკაწვრელია მთელი ეს ტკივილი, სადაც არ უნდა იყოს ლისა, თუნდაც შენ წარმოდგენებში იმედი მაქვს რომ მიიღო რაც უნდოდა, არ ვიცი დაიმსახურა თუ არა მაგრამ შვილების ნაწილზე საუბარი ზედმეტია, არამგონია მეტი უნდოდეს....აი შენ ძვირფასო, მინდა რომ ყველაფერი მიიღო რაც გინდა ასეთი საოცარი რომ ხარ და ასეთ საოცრებებს გვიწერ, ვიცი ცოტა დაულაგებლად გადმოვეცი აზრი მაგრამ რასაც ვფიქრობდი ისე დავწერე არ მინდოდა პირველი შთაბეჭდილება ზედმეტი ფიქრით გამეფუჭებინა.

 


№4  offline წევრი Spongebob

ყოველ ჯერზე,როცა მინდა რომ რაღაც დაგიწერო არ გამომდის,სიტყვები მეფანტება.

 


№5  offline მოდერი Catherine Di Perso

Stranger things
აი ძალიანაც რომ მოვინდომო ემოცია ისე ვერ შემომპარვია რომ ვერ მივმხვდარიყავი. არ ვიცი რატომ მაგრამ ისე გავიგე ყველაფერი როგორც დაწერე, არ მინდა რამე ზეციური მნიშვნელობა მივანიჭო იმიტომ რომ ორივემ ვიცით ყველა ზეციერიც კი საბოლოოდ მიწიერამდე დადის. რაც არ უნდა ვეცადოთ ჩვენს თავებს ვერ გავცდებით. ცაში ჯერ არაფერი გვესაქმება. არ ვიცი... ზედმეტად მარტივად რატომ ვხვდები ხოლმე ყველაფერს, მაგრამ იმ ქერამ ხმა ამოიღო თუ არა(არ მახსოვს თქვი თუ არა თმის ფერი უბრალოდ ასე წარმოვიდგინე) რაღაცნაირად მივხვდი რომ ედთან იწვა. ასეთი გადახლართული ურთიერთობა ჩვეულებრივ ფსიქოლოგსა და პაციენტს შორის ვერ იქნებოდა. საერთოდაც უცნაური ფსიქოლოგი იყო, არ შეიძლება ვინმეს ურჩიო რომ ბევრი იფიქროს რადგანაც ბევრი ფიქრი კიდევ უფრო მეტ კითხვას და ხალხის თვალში მეტ "სიგიჟეს" ბადებს, პირადი გამოცდილებიდან ვიცი რომ ფიქრი ასეთ საქმეებს ვერ აგვარებს, მხოლოდ მოქმედება. დარწმუნებული ვარ სწორედ ქმრის ისეთი მოქმედება სჭირდებოდა ლისას როგორი ილუზიაც შეუქმნა თავს, შეუძლებელია ადამიანმა არ იცოდეს რა უნდა, ფიქრი უბრალოდ მეტი კითხვაა, მეტი პასუხია და კიდევ და კიდევ ბევრი კითხვაა. სასაცილოა ედის მცდელობაც რომ თავისი ცოლი საყვარელთან მიიყვანა, სასაცილოა ადამიანის ქვეცნობიერი, ალბათ ეგონა რომ რადგან თვითონ ოპოვა მასში ხსნა ლისაც იპოვიდა. რაც შეეხება სარკეს დღემდე მჯერა რომ იქიდან ჩვენი თავები შემოგვყურებენ სხვა მხრიდან და ყოველთვის მაინტერესებს მასში ჩახედვისას რას ფიქრობს მეორე მხარე. მივხვდი იმასაც რომ ის არსება საერთოდ ლისას ცხოვრების მეტაფორა იყო. რაც არ უნდა დაედანაშაულებინა თავი ედის შვილების სიკვდილში, უნდა იცოდეს რომ ისინი მისი შვილები არიან პირველ რიგში. გაცილებით რთულია იყო ლისასთვის ამის გადალახვა ვიდრე ედისთვის, ედს იმაზე ჰქონდა საფიქრალი ლისას რა ემართებოდა, და თვითონ მას? მას შვილების სიკვდილის მეტი აღარაფერი ახსოვდა. არ მიკვირს რომ წარმოდგენებში შეიფუთა, მისთვის ეს ნამდვილი ცხოვრება იყო რასაც ედიმ ჰალუცინაცია დაუძახა. თუ ასე არაა მაშინ ვფიქრობ ყველას ჰალუცინაციები გვაქვს რადგანაც ადამიანების 80%-ც კი ჩვენი დამოკიდებულებაა მათდამი, თუ როგორ აღვიქვამთ. ბოლო ნაწილზე უბრალოდ გამაკანკალა, როგორ გვიყვარს ადამიანებს ის რაც დავკარგეთ. და თუ ეს შვილებია? იმის თქმაც არ შემიძლია რა სულისდამკაწვრელია მთელი ეს ტკივილი, სადაც არ უნდა იყოს ლისა, თუნდაც შენ წარმოდგენებში იმედი მაქვს რომ მიიღო რაც უნდოდა, არ ვიცი დაიმსახურა თუ არა მაგრამ შვილების ნაწილზე საუბარი ზედმეტია, არამგონია მეტი უნდოდეს....აი შენ ძვირფასო, მინდა რომ ყველაფერი მიიღო რაც გინდა ასეთი საოცარი რომ ხარ და ასეთ საოცრებებს გვიწერ, ვიცი ცოტა დაულაგებლად გადმოვეცი აზრი მაგრამ რასაც ვფიქრობდი ისე დავწერე არ მინდოდა პირველი შთაბეჭდილება ზედმეტი ფიქრით გამეფუჭებინა.

შენ მე ისედაც გიჟს, ჭკუიდან გადამიყვან! ედის ნაწილზე ხსნასთან დაკავშირებით - თვითონ იპოვა და ცოლიც მიიყვანა, რათა მასაც ეპოვა "ხსნაო" - გურლლ იეეს, შემაჟრჟოლა. სარკესთან ცოტა დაძაბული ურთიერთობა მაქვს, მე პირადად და არ ვიცი, ალბათ კიდევ მივუძღვნი რამეს მერე. სარკის ფობია მაქვს.
აუ, მრცხვენია მადლობის თქმაც კი შენთვის. ეს ვერ გამოხატავს იმას, რა ემოციაც მომანიჭე.

პ.ს. კი ქერა იყო :დდ

Spongebob
ყოველ ჯერზე,როცა მინდა რომ რაღაც დაგიწერო არ გამომდის,სიტყვები მეფანტება.

უსიტყვოდ გტოვებ? ჰიჰიიი:დდდ მომწონს ეს ემოცია. ❤ გმადლობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent