პეპლისფერი დეკადა /სრულად/
წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართებოდა. უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენაც არ ვიცოდი რა იყო, არათუ ცხოვრება. საოცარია, მაგრამ თურმე ცხოვრებას დაბადებიდან სიკვდილამდე დროის მონაკვეთს ეძახიან. მე კი ვფიქრობ, ეს აბსურდია. ცხოვრება იწყება მაშინ, როდესაც შენ აზროვნებას იწყებ, როდესაც შეგიძლია იგრძნო. თუ მხოლოდ ინსტინქტები გამოძრავებს - არავინ ხარ. არავინ, რომელიც მხოლოდ არსებობს. შენ არ ცხოვრობ, შენ უბრალოდ ხარ. თუმცა ამაზე შემდეგ. სანამ ჯერ კიდევ მაქვს უნარი ვიცხოვრო, მინდა ორიოდე სიტყვით მოგიყვეთ - რა არის ჩემთვის ცხოვრება. ... უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც ამ ქალს თან დავყვებოდი. აზრზე ვერ მოვდიოდი ვინ იყო ან ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მის გარეშე მე არ ვარსებობდი. არა, ბანალური სიყვარულის ისტორია არ გეგონოთ. მე მის სხეულში ვიყავი და ვარ ჯერ კიდევ. ყოველ დილით მასთან ერთად ვიღვიძებდი და ღამით იძულებული ვიყავი დამეძინა მაშინ, როცა ის იძინებდა. თუმცა ხანდახან ვეურჩებოდი, ადრე ვიღვიძებდი და გვიან ვიძინებდი. ის ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს. რატომ იღვიძებდა დაპროგრამებულივით დილის ექვს საათზე? რატომ არ ეძინებოდა ღამის ორამდე და უყურებდა უაზრო სერიალებს, რომელთაც ადრე ზედაც არ უყურებდა? უცნაური იყო ეს ყველაფერი. სხვა გასართობი არ მქონდა, ამიტომაც ვაწვალებდი. რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს ის, რაც სჭირდება, დიდი რაოდენობით აქვს? ის ვერ ძღება და მეტი უნდა. მაშინ კი - როცა ბინძურ ღორად შერაცხვას მხოლოდ ტალახი აშორებს ამ არსებას, იგი მოწყენილობისგან იწყებს კვდომას და გასართობს ეძებს. ჩემს შემთხვევაში გასართობი ამ ქალის ნერვებზე თამაში იყო. მისი საყვარელი საჭმლის ჭამისას ყველაფერს უკან ვუბრუნებდი ხოლმე, ამიტომაც სულ საპირფარეშოში იყო ჩაკეტილი და აღებინებდა. ვაიძულებდი ეჭამა ისეთი რაღაცები, რასაც ამ დრომდე არ ეტანებოდა და კუჭს ვუვსებდი ათასი სისაძაგლით. თუ მუსიკის მოსმენა მოუნდებოდა, აუცილებლად შევეწინააღმდეგებოდი და იმის მოსმენას ვაიძულებდი, რაც ეზიზღებოდა. იგივე ტანსაცმელზე, წიგნებზე, ადგილებზე… მაგრამ სანამ გამკიცხავთ, მანამ გეტყვით, რომ ეს იყო ბანალური შურისძიება მისი მისამართით. არ ვიცი - რატომ, მაგრამ მთელი ჩემი არსებით ვგრძნობდი, რომ არსებობის პირველივე მომენტიდან ვეზიზღებოდი. ვძულდი და ერთი სული ჰქონდა - როდის მომიშორებდა. მე კი უკიდურესად უსუსური ვიყავი. მე მხოლოდ აზროვნება შემეძლო, მხოლოდ პრიმიტიული წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც ჭირვეული თინეიჯერის ქცევებს უფრო წააგავდა. ე.წ. გარდატეხის ასაკი დათქმულზე ბევრად ადრე გავიარე. და საერთოდ, მე ცხოვრება გავიარე იმ მცირე მონაკვეთში, რასაც თქვენ ადამიანები მხოლოდ უჯრედების კრებას ეძახით. მე ჩასახვის წამიდან მეზიზღებოდა საკუთარი თავი, რადგან მე ვეზიზღებოდი დედას. მეტიც! მე ვგრძნობდი, რომ მას ჩემი ჭირის დღესავით ეშინოდა. ადამიანებს მტრები სხვადასხვა მიზეზის თუ მიზნის გამო შეიძლება ჰყავდეთ. მე კი მხოლოდ ჩემი არსებობით შიშის ზარს ვცემდი იმ ადამიანს, რომელსაც ამქვეყნაფ ყველაზრ მეტად უნდა ვყვარებოდი. პირველი თვის განმავლობაში, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა ჩემს არსებობაზე, ამიტომაც მთელი გულმოდგინებით ვაკვირდებოდი. რატომღაც ვგრძნობდი, რომ თუ ზედმეტად შევირხეოდი, ეს მე თვითონ დამაზარალებდა. უცნაური ფენომენია ადამიანის მეექვსე გრძნობა. თითქოს იმდენად სწრაფად იაზრებ რაღაცას, რომ ეს იმპულსი ცნობიერებამდე ვერ აღწევს და პირდაპირ არაცნობიერიდან გიკაკუნებს - მოვედიო. ჰოდა, მეც ვაძლევს საკუთარ თავს უფლებას, რომ არსებობის პირველივე წამიდან თავს ადამიანი ვუწოდო. ადამიანი მეექვსე გრძნობით. დედაჩემი ლამაზი ქალი იყო და იმიტომ არ მელამაზებოდა, რომ დედაჩემი იყო - არა. ჰომ გითხარით, როგორც დედა, მე იგი მძაგდა. შავი მოკლე თმა ჰქონდა, პატარა ტუჩები და ზურმუხტისფერი თვალები. არ ვიცი საიდან მაქვს ზურმუხტზე ინფორმაცია. იმ ერთი თვის განმავლობაში იმდენი ვისწავლე, რომ მინიმუმ მაგისტრის ხარისხს ვიმსახურებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ დედა ყოველთვის ნაცრისფერ ტანისამოსს ირჩევდა. თითქოს მისი ყოველდღიური რუტინის აღსანიშნავად აკეთებდა ამას. ამ არსების ყოველდღიური ყოფა იმდენად აუტანლად ერთფეროვანი იყო, რომ ძილს ძლივ-ძლივობით ვართმევდი ხოლმე თავს, რომ მეთვალთვალა მისთვის. დედაჩემი თვრამეტი წლისაც არ იქნებოდა. სკოლა სულ ახალი დამთავრებული ჰქონდა უმაღლეს ნიშნებზე. ეს ნიშნები არასდროს ასახავდნენ მის რეალურ ცოდნას, მხოლოდ ციფრები იყვნენ. ყოველი თვის ბოლოს ჰომ მშობლებისთვის უნდა ეჩვენებინა ნიშნების ფურცელი. ერთი დაბალი შეფასება და იწკეპლებოდა. საიდან ვიცი? მეც მომხვედრია ერთი-ორჯერ. დედაჩემი მომავალზე სულ არ ფიქრობდა, მაგრამ იძულებული იყო გაეგრძელებინა სწავლა. რა სასაცილო წინადადებაა, არა ? იძულებული იყო გაეგრძელებინა სწავლა. თითქოს ადამიანი ინდივიდი არაა და მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ვიღაცის სულელურ ბრძანებას უნდა დაემორჩილოს. თავიდან სასაცილო მეგონა, შემდეგ მივხვდი, რომ იმდენად რეალური იყო, კაცობრიობას საქმე სატირლად გვქონია. აზროვნებდე, ორ ფეხზე დადიოდე დამოუკიდებლად, გქონდეს საშუალება იშრომო და ამავდროულად, სხვის ჭკუაზე იარო? დიდებო, სრულ ჭკუაზე ხართ? მე მეზიზღებოდა დედაჩემი არამხოლოდ იმიტომ, რომ მას ვძულდი მე. მე ის მეზიზღებოდა, რადგან მას ჰქონდა საშუალება ყოფილიყო ინდივიდი და მან ეს არ გამოიყენა. იგი მთელი ცხოვრება დარჩება იმ უსუსურ არსებად, რასაც ახლა წარმოადგენს. იცით რამდენჯერ მინატრია მის ადგილას ყოფნა ? ჩემს შემთხვევაში ყოველივე სხვაგვარად იქნებოდა. ასე არ ფიქრობთ ხოლმე? მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ამასთანავე, იმას არ იაზრებთ, რომ სხვები თქვენს ადგილას ყოფნაზე ოცნებობენ და ზუსტად თქვენებრ დარწმუნებით იციან, რომ სხვის ადგილას ყველაფერი იდეალურად ექნებოდათ. კაცს ყოველთვის სხვისი ცოლი ენდომებაო - ამბობთ. სინამდვილეში ყველას ყოველთვის სხვისი ცხოვრება ენდომება. მაშინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ საკუთარს "ჩააცვათ-დაახუროთ", "მოუაროთ" და ნერწყვი უკვე საკუთარზე წამოგივათ. ჩემი მშობლის ცხოვრება ყოველთვის თითით საჩვენებელი იყო. ყველა დროის ყველა მშობელი ყველა შვილს მიუთითებდა დედაზე და კიცხავდნენ თავიანთ ნაშიერებს - რატომ არ ხარ ამ გოგონას მსგავსი? დედას კი სიმწრის სიცილთან ერთად ცრემლები წასკდებოდა ამაზე ფიქრისას. ადარებთ შვილებს სხვებს ისე, რომ წარმოდგენაც არა გაქვთ შესადარი ობიექტი რას წარმოადგენს რეალურად. მე მეზიზღებოდა დედა, როგორც დედა, მაგრამ შემეძლო მისთვის დედობის გარდა ყველა პლანში გამეგო. მე მისი სისხლი და ხორცი ვარ, მე ვგრძნობ ყველაფერს, რასაც გრძნობს ის და მე დედა მეცოდება. - რატომ ახლა? ახლა რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში? მეკითხებოდა იგი მე და მე პასუხი არ მქონდა. მინდოდა მეყვირა მისთვის, რომ ჩემი არსებობა მისი ბრალი იყო, მაგრამ არ ვიქნებოდი მასთან ბოლომდე მართალი. მე დედის მუცელში დედის თანხმობით არ აღმოვჩენილვარ. ჰო, მე გარეწრის შვილი ვარ და დედას არც უნდა ვყვარებოდი. ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით. მე იმდენივე პროცენტით ვარ დედაჩემის შვილი, რამდენადაც გარეწრის ნაბიჭ'ვარი. ამის გააზრება დედამ ვერ შეძლო. ის თვლის პრინციპით წავიდა და ორის სიკვდილის ნაცვლად, ერთის მკვლელობა აირჩია. მაგრამ იმ ორს გადარჩენა შეეძლოთ. მათ ჰქონდათ იმის შანსი, რომ გადარჩენილიყვნენ, დედა რომ არ ყოფილიყო ამდენად სუსტი. ... იმ ერთი თვის განმავლობაში, დედა ერთ სკვერში მიდიოდა. ტბა იყო იქვე და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ტირიფები "ხარობდნენ". ერთი კონკრეტული ტირიფი ჰქონდა ამოჩემებული და მის ქვეშ ფეხმორთხმით ჯდებოდა ხოლმე. ამ ნეტარებისთვის კი დღეში მხოლოდ ნახევარი საათი ჰქონდა განკუთვნილი. ერთი წუთითაც რომ დაეგვიანებინა, ბებიაჩემს თავისი წკეპლა უკვე მომარჯვებული ჰქონდა, როცა დედა სახლში შევიდოდა. ახლაც ამ ხის ქვეშ მოკალათდა და თავის მუხლებს ჩაეხუტა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა ჩემი არსებობის შესახებ და მეც ჩუმად ვიყავი. - გამარჯობა. - უცნობი იყო. მიმზიდველი გარეგნობის, მაგრამ ვერც ლამაზს უწოდებდი, ვერც სიმპათიურს. - გაგიმარჯოს. - ყოყმანით უპასუხა დედამ. - დიდი ხანია, რაც შეგამჩნიე. თითქმის ყოველდღე აქ ხარ ხოლმე და ამ ხის ქვეშ ჯდები. - რა გინდა ჩემგან ? - ნაღვლიანი თვალებით ახედა დედამ. მისთვის ახლა სულერთი იყო რა მოტივით მოვიდა ბიჭი მასთან. თითქოს მზად იყო განცდილი მეორედ განეცადა, ოღონდ მოეშორებინა ყველა და ყველაფერი თავიდან. - დამაინტერესე. - გვერდით მიუჯდა ბიჭი. დედაზე ხუთი წლით უფროსი გამოდგა. გოგა ერქვა თურმე. - სხვა არავინ გაინტერესებს? მომწყდი თავიდან! - გაღიზიანდა დედა. ძალიან ნერვიულობდა იმ ნახევარ საათზე, რომელიც იწურებოდა. - ნუ იქნები ასეთი უკარება. მე გოგა ვარ, შენი სახელი? - გოგას კეთილგანწყობას დედამ გვერდი მაინც ვერ აუარა. - ლეილა. - უცნაური გოგო ხარ, ლეილა. - გაიღიმა და დედა მოინუსხა. ვიგრძენი როგორ აუთამაშდნენ პეპლები მუცელში. გოგა და ლეილა ყოველდღე, ნახევარი საათით ხვდებოდნენ ერთმანეთს. მამრთა მოდგმაში იმედგაცრუებული ლეილა თანდათან იბრუნებდა იმ პირვანდელ უმანკო ოცნებას, რომელიც ღრმა ბავშვობიდანვე ამშვენებდა მის ცნობიერებას. გოგა მისთვის მზე იყო. მზე, რომელიც ანათებდა და ათბობდა ლეილას ნაცრისფერ რუტინას და სამყაროს დანგრეულ კედლებს. გოგასთვის კი ლეილა ამ სამყაროში ერთადერთი წერტილი იყო, რომლისთვისაც ცხოვრება ღირდა. შემდეგ კი… შემდეგ ავმოძრავდი. მინდოდა მიმესაკუთრებინა დედას ბედნიერება და გამომივიდა კიდეც. როგორც კი ლეილას მივეცი სიგნალი, რომ ვარსებობდი - იგი გაუბედურდა. - რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - გოგას სახეზე ფერი ჰქონდა დაკარგული. - თვენახევრის ორსული ვარ. - სლუკუნს შორის ძლივს ამოთქვა გოგომ. - როგორ? ვერაფერს ვხვდები. ეს დამიმალე? - გაგიჟებამდე ცოტა აკლდა, მაგრამ მოუსმინა ქალს. მოუსმინა და კაცივით მოიქცა. - უნდა გააჩინო! - რა სისულელეა! მომკლავენ! - არ მოგკლავენ, მე გყავარ! - ნუ იქნები ბრიყვი, გოგა! - მიყვარხარ, ლეილა და ამ ბავშვს გააჩენ. - ერთი თვეა, რაც მიცნობ, ვერ გეყვარები ვერც მე და ვერც ეს ბავშვი! კივილით მოშორდა დედა გოგას და სახლისკენ წავიდა. ერთი კვირა შესრულდებოდა მალე, რაც გოგა თვალით არ ენახა. დღეს კი მისი დაბადების დღე იყო. მე დედას დაბადების დღის საჩუქარი გავუკეთე. მე დედაჩემის დაბადების დღეზე მოვკვდი. დედამ მომკლა და ალბათ, ის ვეღარასოდეს ჩახედავს თვალებში გოგას. კაცს, რომელიც გულწრფელად იყო მზად მიეღო შვილად და ცოლად მოეყვანა გაუბედურებული გოგო. ის ვერასოდეს აპატიებს თავს, რომ დაკარგა სიყვარული. სიყვარული გოგას სახით, რადგან მომკლა მე. მე დედას არასოდეს ვყვარებივარ. პეპლის ცხოვრებასავით ხანმოკლე იყო ჩემი ცხოვრებაც. დედის ცნობიერებაში კი ცოცხალი მხოლოდ ათი დღის განმავლობაში ვიყავი. თვის და ათი დღის ვიყავი, როცა დედის სხეულს მომაშორეს. მე ახლა აღარ მეღირსება ორ ფეხზე სიარული და დამოუკიდებლად ცხოვრება. მე ვერ ვიქნები ინდვიდი, რადგან დედამ ამის საშუალება არ მომცა. თუმცა ირონიაა, ზოგჯერ დაბადების და გაზრდის შემდეგაც არ გეძლევა საშუალება - იყო თავისუფალი. მე კი სიკვდილის შემდეგ ვიგემე თავისუფლება, რადგან არაფერი სჯობს, როდესაც ყველასგან უარყოფილი მარტო რჩები და შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ. მე ამ დეკადის განმავლობაში მივხვდი, ვინც ვიყავი. ხალხი კი წლებს ანდომებს ამის გააზრებას. მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც იცხოვრა სრულყოფილად არასრულყოფილი ცხოვრება. მე დედამ ისე მომკლა, რომ ჩემთვის სახელიც კი არ გაიმეტა. განა რა შეიძლება იყოს უსახელო მკვდარ ნაბიჭვარზე საზარელი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.