ევა - თავი 3
კონსტანტინე ალაზნისპირელი იმახსოვრებდა ყველაფერს, ყველა დეტალს, ყველა ინფორმაციას... ერთადერთი, რაც არ იცოდა კონსტანტინემ, იყო ის, თუ რატომ არ დაკმაყოფილდნენ ისეთი უბრალო, ჩვეულებრივი ღამით ის და ევდაკია, როგორიც სხვა პარტნიორებთან შეხვედრისას ჰქონდა. ზუსტად არ იცოდა, რატომ მოუნდა ევას მთვარის სონატის ფონზე წითელი ღვინის დაგემოვნება. თუმცა, როცა სასმელმოკიდებულს ლოყები აუწითლდა და სუნთქვაგახშირებულმა ძლივს ამოთქვა ერთადერთი სიტყვა, ვიცეკვოთო, კონსტანტინემ უარი ვეღარ თქვა. ნელი მუსიკის ფონზე ფრთხილად არხევდნენ ტანს და თანდათან მუსიკაში იკარგებოდნენ. აღარ ისმოდა ბეთხოვენის ემოციები, აღარ იგრძნობოდა ღვინის სურნელი... ახლა იყვნენ მხოლოდ ევა და კონსტანტინე. და საბოლოოდ, როცა თავები დაკარგეს, დარჩა ქალი, სავსე მკერდითა და გრძელი ფეხებით, კაცის ძლიერ მკლავებს შორის... ბნელი, ცხელი ღამე ზაფხულის სინათლემ შთანთქა. ევას ხორბლისფერი კანი ოქროსფრად აელვარდა მზის სხივებთან შეხვედრისას. სუსტი მკლავები გაშალა ქალმა, მთელი საწოლი მოიცვა. თეთრ მატერიაში გაეხვა, თითქოს ასე დაემალა მწველ მზეს. მერე უფრო დაცხა. შეწუხებულმა ამოიხვნეშა, თვალდახუჭულმა გადაიხადა თხელი საბანი, ტელეფონის ძებნა დაიწყო და როცა ხელზე სიცივე იგრძნო, მაშინვე ჩაეჭიდა. ძლივს გაახილა დამძიმებული თვალები, განათებულ ეკრანს რომ დახედა, ისევ მოუწია დახუჭვა. რამდენჯერმე დაახამხამა და მაშინვე თვალში მოხვდა გამოტოვებული ზარების რაოდენობა... აია ეძებდა. ნელ-ნელა ამოტივტივდა ევას თვალწინ ის, რაც რამდენიმე საათის წინ მოხდა. მშვიდი საღამო, წყნარი მუსიკა, ღვინო და კაცის ცხელი სუნთქვა მის სახეზე. მერე ისიც გაახსენდა, რომ ეს კაცი კონსტანტინე ალაზნისპირელი იყო. კონსტანტინე, რომლის ნახვაც იმ წუთიდან აღარ უნდოდა, მის კომპანიაში, მის კაბინეტში რომ აღმოჩნდა. გაუკვირდა, ასე გვიან რომ გაიღვიძა. თან სიმპატიური შავგვრემანიც არ იწვა მის გვერდით... ნეტავ, როდის ადგა ან სად იყო? საძინებლიდან გასულმა მოკლე კაბა შეისწორა და ყავის მომზადება დაიწყო. სწორედ მაშინ დაინახა ჭურჭლის საწურზე დადებული პატარა ფინჯანი. მერე ისიც შეამჩნია, საშაქრე სხვანაირად რომ იდგა და გაეღიმა. გაეღიმა, რადგან ცხადად დაინახა, როგორ სვამდა ყავას ჩაფიქრებული ალაზნისპირელი, სანამ უცხო სახლს დატოვებდა. მართალია, საკუთარი თავის გადასარჩენად ადამიანს მოსისხლე მტერიც კი მოყვარედ ეჩვენება, თუმცა ამ შემთხვევაში ევას აღარც თავის გადარჩენა ახსოვდა და არც ის, რატომ იყო კონსტანტინე მტერი. რა დააშავა? ალბათ, უბრალოდ თავში აუვარდა—ახალგაზრდა იყო, საკუთარი კომპანიით, უამრავი ბიზნესითა და ფულით. ევას კი მხოლოდ პატარა მაღაზია ჰქონდა და უკმაყოფილო მყიდველი, რომელსაც "შოკოლადის კოსმოსის" ყიდვა ორმაგ ფასში მოუწია, თანაც, ორი კვირის დაგვიანებით... ერთი კლიენტი კი ვერაფერს დააკლებდა ევას, რადგან მას უბრალოდ ასე უნდოდა და თუ ადამიანს სურს რამე, ამ სურვილს დაუფიქრებლად აისრულებს, ყველაფრის ფასად. მყიდველების მოლოდინში ყვავილებს თავს ევლებოდა, როგორც ყოველთვის. სიმწვანეში ჩაფლულს გარესამყარო ავიწყდებოდა და ვერც აია შენიშნა, მაღაზიაში ახალი შესული რომ იყო. -მორჩა! ჩემი მეგობარი აღარ ხარ!-წამოიყვირა გოგომ მაშინვე. ევამ კი თავი დახარა და მორცხვად გაიკრიჭა. რომ შეგეხედათ იფიქრებდით, აიას დასცინისო, თუმცა სინამდვილეში მისი სიცილის მიზეზი ის იყო, რომ იცოდა, დამნაშავე იყო. აიას კი წითური ხვეულები კოსად შეეკრა და დიდი, ცისფერი თვალებით სიკვდილს იუწყებოდა. -მაპატიე...-ძლივს ამოილაპარაკა ევამ სიცილისას. -დაგერეკა! მოგეწერა მაინც, თუ ვერ მიპოვნე! მთელი ღამე შენ გეძებდი! იცი, რამდენი ვინერვიულე?-ყვირილით დაიწყო, მერე კი მოდუნდა, მოეშვა და ჩუმად დაასრულა გამოსვლა. და ევამ ჩუმად, ძალიან ჩუმად გაუმხილა "დაკარგვის" მიზეზი. მერე ნაწყენმა დაამატა, ასე არ უნდა გენერვიულა, უკვე ოცდაექვსის ვარო, თუმცა აიას ამისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, რადგან მთელი გონებით ალაზნისპირელს წარმოიდგენდა. -არ მჯერა,-დიდი თვალები უფრო გაუფართოვდა აიას. ხორბლისფერკანიანს კი გაეცინა. -რა არის დაუჯერებელი? ადამიანია ეგეც... -არა, შენ არ გესმის,-ხელები აღმართა აიამ მეგობრის შესაჩერებლად,-ჩემი რამდენიმე ნაცნობი მასთან მუშაობს, თუმცა არასდროს უნახავთ... შენ კი ერთხელ ნახე და უკვე... -გაჩერდი! გეყოფა!-წინა ღამის გახსენებისთანავე აყვირდა წაბლისფერთმიანი. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და დანანებით ამოიკნავლა, მისი ნახვა აღარ მინდაო. ევას ეს ჩვევა ჰქონდა, რაღაცას იტყოდა და აუცილებლად შეასრულებდა. და ახლა თქვა, რომ აღარასდროს ნახავდა კონსტანტინე ალაზნისპირელს. აღარასდროს სთხოვდა რამეს, არც მისი კომპანიისგან იყიდდა რამეს... მის გარეშე იარსებებდა ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა და ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ იმ დღეს KAC-ში მისვლაზე უარს ამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ აია სხვა რამეს ურჩევდა, ევასთვის ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონია... * შავთმიანი გოგო მომღიმარი სახით იდგა თეთრ კედლებს შორის. ზოგჯერ მობეზრდებოდა იქ ყოფნა და დანანებით ჩაისუნთქავდა მძიმე, დახუთულ, თეთრ ჰაერს. არაფერი ხდებოდა მის გარშემო და ეს „არაფერი“ თავს აბეზრებდა. მერე გამოჩნდებოდა კონსტანტინე ალაზნისპირელი და ნაცრისფერი თვალები გაუნათდებოდა გოგოს. გაუნათდებოდა ისე, თითქოს ამომავალ მზეს შეხედაო და ეს მზე კონსტანტინე იყო მისთვის. კლავდა... ანადგურებდა ის უაზრო გრძნობა, ნახშირივით შავთმიანი კონსტანტინეს პირველად ნახვის შემდეგ რომ არ ანებებდა თავს. ნელა, ძალიან ნელა კლავდა ის გატაცება, სხვები სიყვარულს რომ უწოდებდნენ. კლავდა და მაინც, ერჩივნა სიცოცხლის ბოლო წუთები მისთვის ყურებაში გაეტარებინა... თუმცა ვერ გაეგო, მაინც რა იყო სიყვარული? კონსტანტინე ზუსტად ოთხ საათზე გამოჩნდა. გამოჩნდა და, რა თქმა უნდა, არ მისალმებია ელენეს. მხოლოდ შეხედა. და ის უტყვი თვალებიც უნათებდა ელენეს დღეს, კაბინეტში შესვლამდე რომ მიაპყრო კომპანიის მფლობელმა... ხუთ საათზე მოაშორა მზერა საბუთებს და მაშინვე მიხვდა, რაღაც აკლდა. თეთრ კაბინეტს თვალი მოავლო და ვერსად დაინახა გოგონა ყვავილებიანი კაბით. ვერ დაინახა, თუმცა იქ უნდა ყოფილიყო... აინტერესებდა ევდაკია და მისი ხასიათები და იცოდა, აუცილებლად უნდა გაეცნო უფრო ახლოს. დრო გადიოდა, ევა კი არ მოდიოდა... გავიდა ხუთი წუთი. კონსტანტინემ მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი. გავიდა ათი წუთი. კონსტანტინემ კაბინეტიდან გასატანი საბუთები ერთმანეთზე დააწყო რიგის მიხედვით. გავიდა ოცი წუთი. მოსვენებადაკარგულმა კონსტანტინემ ელენეს დაუძახა. და ერთ საათში უკვე მეათედ ურეკავდა შავთმიანი ევას... ურეკავდა, რადგან კონსტანტინემ ასე თქვა... და როცა მოგვიანებით ამაზე დაფიქრდა ელენე, მიხვდა, რომ სიყვარული აკონტროლებდა და ვერ ახერხებდა, ეს გრძნობა გალიაში გამოემწყვდია. სახლში იჯდა და შავი თვალებით სიმბას უყურებდა. ჩუმად უსმენდა გვერდით მჯდარი გიორგის საუბარს. მერე, როცა მობეზრდა ძმაკაცის აზრის მოსმენა შეყვარებულის მეგობრის ახალი მანქანის შესახებ, ამოიხვნეშა და შეუმჩნეველი ღიმილით შეხედა მეგობარს. -გიო, შეგიძლია, სიმბა დაიტოვო?-ისე იკითხა, ფიქრი არ დასჭირვებია. ზუსტად იცოდა, რას იზამდა გიორგი და პასუხიც მზად ჰქონდა. -რატომ? მაგ კატამ თავის მოვლა ჩემზე კარგად იცის!-უცებ შეეცვალა ტონი კაცს და სიტყვა დაასრულა თუ არა, იგრძნო, როგორ ახედა კატამ თავისი დიდი, მანათობელი ცისფერი თვალებით. -ნეტავ, თუ აღიარებ ოდესმე, რომ გეშინია?-წარბი აზიდა შავთმიანმა. თითქოს მიმიკას ცვლიდა, მაგრამ მაინც... მაინც როგორი უემოციო ჩანდა... -არ მეშინია, კოსტა, უბრალოდ ვგრძნობ, რომ არ ვუყვარვარ. -შიში სირცხვილი არაა,-გაღიმება სცადა კონსტანტინემ. -დაიწყებს ახლა, შიში იმის დასტურია, რომ ცოცხალი ხარო და ასე შემდეგ...-წუწუნი დაიწყო გიომ. თან დაინახა, როგორ ჩახტა კონსტანტინეს მუხლებზე მჯდარი სიმბა ყავისფერ იატაკზე და შეაჟრჟოლა იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ ეხებოდა უბეწვო, სრიალა კანით ფეხზე. -არა, შიში იმის დასტურია, რომ ადამიანი ხარ. ასე ამბობენ... მე ასე არ ვფიქრობ, თუმცა ასე ამბობენ. მე თუ მკითხავ, შიშით შენს გამბედაობას აკნინებ მხოლოდ... -კარგი! გეყოფა, რა!-ფეხზე წამოხტა გიორგი,-დავიტოვებ! შენ სად მიდიხარ? კონსტანტინეც ფეხზე წამოდგა. გრძელი თითებით გიშრისფერი თმა შუბლიდან მოიშორა, თეთრი მაისური შეისწორა, შავ ჯინსის შარვალსაც სავარძელში დაშვებამდე განკუთვნილი ადგილი მიუჩინა და, როგორც ყოველთვის, მშვიდად თქვა: -როცა რაღაც გაინტერესებს, ვერ მოისვენებ, თუ ყველა დეტალს არ დააკვირდები, გაიგებ და გაიაზრებ. მე ჯერ ბევრი არაფერი ვიცი იმაზე, ვინც მაინტერესებს. კონსტანტინე სახლიდან გავიდა. და არ გამორჩენია გიორგის, რომ კოსტა ლაპატაკობდა ვიღაცაზე... ვიღაცაზე, და არა–რაღაცაზე! * შენი ნებაა, თუ არ გინდა ნუ მოხვალ, არავინ შეგეხვეწებაო. ნუ იფიქრებ, ბატონ კონსტანტინეს დააინტერესე, შენნაირ ხალხს ვერ იტანს, უბრალოდ შენთვს ადგილის მიჩენა უნდაო... იხსენებდა გოგოს ხმას და ხვდებოდა, რამდენად ღიზიანდებოდა. მისვლას ისედაც არ აპირებდა, საერთოდ ვერ მიხვდა, ბატონი კონსტანტინე რატომ იბარებდა ან... ან ელენე რატომ ესაუბრებოდა ასე უხეშად. სინამდვილეში, მეორე საკითხი ბევრად უფრო მარტივი გასაგები იყო, ვიდრე პირველი. თუმცა, ევას ელენესთან ტელეფონზე საუბრიდან რამდენიმე წუთში, აღარც კი უფიქრია, უნდა მისულიყო თუ არა კომპანიაში. გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო. არსად წავიდოდა. ნაცრისფერი კაბა ფირუზისფერი და მეწამული ყვავილებით იყო დაფარული. წვრილი წელი უჩანდა ევას და იმაზე სუსტი ჩანდა, ვიდრე იყო. სიცხეს მისი ხორბლისფერი ლოყები ვარდისფრად შეეფერადებინა. მის თაფლისფერ თვალებში მზისგან აყვითლებული ქუჩები ლამაზ წერტილებად ირეკლებოდა და ეს მის ლამაზ სახეს უფრო მეტ სიცოცხლეს ჰმატებდა. ჩამავალი მზე ოქროსფრად ელვარებდა ცაზე, რომელსაც სიბნელე ეპარებოდა. ევა კი მიდიოდა. მიდიოდა ნელი, მშვიდი ნაბიჯით სახლისკენ, სადაც არავინ ელოდა იმ უამრავი ყვავილის გარდა, პატარა ქოთნებში რომ ჩაერგო. მიდიოდა და, ალბათ, სახლში მისული იმ მცენარეებს მოუყვებოდა, როგორი საინტერესო დღე ჰქონდა... როგორი საინტერესო იყო საუბარი ელენესთან... ელენესთან, რომელიც კონსტანტინე ალაზნისპირელის დავალებით ურეკავდა... მოუყვებოდა ყვავილებს, თუ რატომ დატოვა ბიზნესმენმა ასეთი ცუდი შთაბეჭდილება მასზე და, მიუხედავად იმისა, რომ ამწვანებული მცენარეებისგან პასუხს ვერ მიიღებდა, მაინც ბედნიერი იქნებოდა, რადგან ევას არ ჰქონდა პრობლემები... არ ჰქონდა საფიქრალი... ალბათ, სახლში მისული მალევე ჩაეფლობოდა წიგნებში, ან სხვა საინტერესო საქმეს მოძებნიდა, თუმცა კონსტანტინეს ამაზე არ უფიქრია... არც დამალვა უფიქრია. როცა მოპოვებული ინფორმაცია გონებაში უკანასკნელად გაიმეორა, გულში გაეღიმა. გაეღიმა და უმეტყველო სახით დაიძრა იმ მისამართისკენ, ცოტა ხნის წინ რომ იმეორებდა. მალე მიუახლოვდა დაბალ, პატარა კორპუსს. თეთრი მაისური შეისწორა და, თავისდაუნებურად, გიშრისფერ თმაზეც გადაისვა თხელი თითები. დამალვაზე არც უფიქრია. ის ხომ არ იყო მეოცე საუკუნეში მცხოვრები შეყვარებული ახალგაზრდა, სატრფოს რომ უთვალთვალებდეს. ოცდაცამეტი წლის კაცი იყო, რომელსაც არ სჯეროდა გრძნობების, შესაბამისად, არც ის გაუელვებია გონებაში, რომ ევა მის იქ ყოფნას ცუდად მიიღებდა. ან იქნებ იფიქრა. იფიქრა, თუმცა ამით არ დაინტერესებულა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.