შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარი კითხვა (I-X თავი)


28-03-2020, 16:45
ავტორი Sardor
ნანახია 2 034

I

“I'm just a soul whose intentions are good
Oh Lord, please don't let me be misunderstood”

The Animals - Don't Let Me Be Misunderstood


ივნისის ერთ-ერთი პირველი ცხელი დღე იდგა. სამუშაო განწყობაც, ამინდის შესაბამისად დაღმა მიექანებოდა. ბაბილონურ თალმუდში გამოყენებული არამეული ენის გრამატიკის თემაზე ნაშრომი გვერდზე გადავდე და ინტერნეტში ახალ ამბებს გადავხედე. არაფერი განსაკუთრებით საინტერესო - რამდენიმე სტატია მომავალი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების შესახებ, ინფორმაცია ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და სხვა მსგავსი "მაკულატურა". ერთადერთი, რამაც ცოტა გამახალისა, მუსულმანური პაკისტანის მთავრობის მიერ "დავინჩის კოდის" აკრძალვის თაობაზე ინფორმაცია იყო.
ის იყო გადავწყვიტე ყავა მომემზადებინა და ამით მაინც გამეყვანა ცოტა დრო, როდესაც ტელეფონის ზარი გაისმა. მოულოდნელობისგან შევხტი და მომეჩვენა, თითქოს ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეში შემოტანილმა დისონანსმა ფანჯრის მიღმა თუთის ხის ფოთლებიც შეარხია.
- დიახ... - თავად არ მომეწონა საკუთარი ხმის ინდიფერენტულობა.
- ლუკა გამარჯობა! ხომ ხარ, შენ რომ გიყვარს ისე? - ჩვენი ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტების კოორდინაციის განყოფილების უფროსის, თამარის ენერგიული ხმა იმ წუთასვე ვიცანი.
- ვტოკამ ნელ-ნელა, - ხუმრობით პასუხის მცდელობა კრახით დასრულდა.
- შეგიძლია, ერთი წუთით ჩემთან შემოხვიდე?
- ორი იყოს. უკვე მოვდივარ, - ხუმრობის მორიგი წარუმატებელი მცდელობა.
სავარძლიდან წამოვდექი და ენერგიულად გავიზმორე. ყავის სმა გადაიდო. თუმცა, იძულებით ყავას, ისევ თამართან გასაუბრება მერჩივნა.
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც თამარს ვიცნობ. გასული ზამთრის ბოლოს, ჩვენი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის შემადგენლობაში, ერთად ვიყავით საბერძნეთში გამართულ სემინარზე, სადაც მოხდა ჩვენი დაახლოვება. ინსტიტუტის მაღალ ეშელონებში მისი გავლენისა და ჩემი პიროვნების უმნიშვნელობის გათვალისწინებით, ვერ ვხდებოდი, რას ეფუძნებოდა ჩვენი მეგობრობა, რომლის ინიციატორიც თავად თამარი იყო.
მორიდებულად შევაღე მისი კაბინეტის კარი.
- შემოდი, დაჯექი. ყავას დალევ? - ყავის დალევა არ ამცდა.
- როგორ მიხვდი? შენ რომ დარეკე, მაგ დროს, ზუსტად ყავის ორგანიზებაზე ვფიქრობდი, - გავიღიმე და მეგობრული ტონის დაჭერა ვცადე.
- ძალიანაც კარგი, - საპასუხო ღიმილის მსგავსი გრიმასა და ხელის ერთი მოძრაობით კარადიდან ორი ფინჯანი მაგიდაზე აღმოჩნდა. ფანჯრის რაფაზე ელექტროჩაიდანიც ადგილიდან აუდგომლად ჩართო. - ორი კოვზი შაქარი, ხომ? - არ მეგონა, თუ ახსოვდა, რამდენ შაქარს ვიყრიდი ყავაში.
სანამ თამარი ყავას ამზადებდა, მოვასწარი ჩაფიქრება. ჩემი მორიდებული ხასიათისა და ნაკლებად ამბიციური ბუნების გამო, ნამდვილად ვერ მოვხვდებოდი "საჭირო" მეგობრების სიაში და თავი დავირწმუნე, რომ მისი ჩემდამი დამოკიდებულება ბუნებრივი იყო.
- რისი თქმა მინდოდა, - ყავით სავსე ფინჯანი ჩემსკენ გადმოდგა და სერიოზული ტონით საქმეზე გადავიდა. - როგორც იცი, ბოლო პერიოდში გააქტიურდა საერთაშორისო პროექტებში ჩვენი ინსტიტუტის მონაწილეობა, - არ დაავიწყდა საკუთარი წარმატებული საქმიანობის ხაზგასმა, - მაისის ბოლოს დამიკავშირდა მაიკლ ჯეიქსი, გაიგებდი ალბათ, არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს ისრაელში, და დაინტერესდა, ხომ არ მეგულება ჩვენთან ახალგაზრდა, პერსპექტიული, არამეული ენის მცოდნე მეცნიერი, რომელიც უახლოეს პერიოდში, ერთი წლის ვადით ჩაერთვებოდა მის ექსპედიციაში. როგორც ამიხსნა, პირობები და ანაზღაურება ნორმალურია. იმ წუთშივე შენზე გავიფიქრე და იმედია, არ გეწყინება, რომ დაუკითხავად უკვე გადავუგზავნე შენი რეზიუმე. დღეს დილით მომივიდა პასუხი. მოკლედ, მზად არის გაგესაუბროს და პირადად შენთან განიხილოს დეტალები. თუ თანახმა იქნები, ხელმძღვანელობასთან მე მოვაგვარებ ყველაფერს. რას იტყვი? - დაასრულა მოკლე მონოლოგი.
საკმაოდ მოულოდნელმა წინადადებამ ცოტა ამაღელვა. ყავა მოვსვი. პასუხის მოსაფიქრებლად რამდენიმეწამიანი პაუზა გამომივიდა.
- პრინციპში, რატომაც არა? მშვენიერი წინადადებაა. აქ ჯდომას და წიგნის მტვრის ყლაპვას რეალური საქმის კეთება უნდა სჯობდეს, - ვცადე აღელვების დაფარვა და შეძლებისდაგვარად მშვიდი ხმით ვუპასუხე.
- ოღონდ ერთი რამე უნდა იცოდე. ანაზღაურება ნორმალურია, მაგრამ ნაკლები, ვიდრე ევროპელ ან ამერიკელ მეცნიერს გადაუხდიდნენ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენით დაინტერესდნენ.
- გასაგებია... - უდარდელი ტონით ვუპასუხე და ვცადე მიმეღო ნამდვილი მეცნიერის გამომეტყველება, რომლისთვისაც ანაზღაურების თემას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ჰქონდა.
- ძალიან კარგი. მაშინ მივწერ შენს ტელეფონის ნომერს და თვითონ დაგიკავშირდება. როგორც უკვე გითხარი, ხელმძღვანელობასთან მე მოვაგვარებ ყველაფერს.
მივხვდი, რომ აუდიენცია დასასრულს მიუახლოვდა. დიდ ყლუპით მოვსვი ფინჯანში დარჩენილი ყავა, მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის და საკუთარი კაბინეტისკენ მხიარული ნაბიჯებით გავემართე.
გული მიგრძნობდა, ახალი და საინტერესო ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში - ახალგაზრდა, 32 წლის მეცნიერი საერთაშორისო სამეცნიერო ექსპედიციაში მივიღებდი მონაწილეობას.


II

“Babe, baby, baby, I'm Gonna Leave You.
I said baby, you know I'm gonna leave you.
I'll leave you in the summertime,
Leave you when the summer comes a-rollin'
Leave you when the summer comes along.”

Led Zeppelin - Babe, I'm Gonna Leave You


მოსაღამოვდა და ოთახშიც საკმაოდ ჩამობნელდა. ღია ფანჯრიდანაც უფრო გრილმა ნიავმა დაუბერა. ბოლო, ღრმა ნაფაზი დავარტყი და სიგარეტი მარჯვენა ხელის აკრობატული მოძრაობით საფერფლეზე ჩავაქრე - არ მინდოდა სალომე გამეღვიძებინა, რომელსაც ჩემს მარცხენა მკლავზე ედო თავი და ეძინა.
სალომეს დღის ბოლოს სამსახურში შევუარე და იქვე, ქუჩის გადაღმა კაფეში წავიხემსეთ. იმედი მქონდა, ხალხმრავალ ადგილზე უფრო გამიადვილდებოდა მისთვის იმის თქმა, რომ უახლოეს პერიოდში მთელი წლით უნდა წავსულიყავი ქვეყნიდან. ნამდვილად არ მაწუხებდა ილუზია, რომ ჩემს ამ გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით შეხვდებოდა. ამდენად, გამიკვირდა, როდესაც ღიმილით მომისმინა და გახარებული გამომეტყველებით შეეცადა მოლოცვას. იდეალური პირობები შეიქმნა, რომ ჩვენი ურთიერთობა, რომელმაც უკვე გარკვეულ დონეს მიაღწია და სალომეს აზრით, შემდგომ განვითარებას მოითხოვდა, უმტკივნეულოდ დამესრულებინა.
მსუბუქი ვახშმის მერე ჩემთან სახლში წამოვედით და საღამო რომანტიულ გარემოში გავაგრძელეთ.
დაახლოებით წელიწადნახევარი გავიდა, რაც პირველად ვნახე სალომე.
იანვრის პირველი კვირა ჯერ დასრულებული არ იყო და „თბილისი მარიოტ“-ის ლაუნჯ ზონაში სადღესასწაულო განწყობა ჯერაც იგრძნობოდა. ნახევრად ცარიელ დარბაზში ერთ-ერთ მაგიდასთან სავარძელში ვიჯექი, ამერიკანოს ნელ-ნელა ვსვამდი და ჩემს სტუმარს ველოდებოდი, რომელიც ქურთუკის ასაღებად ნომერში იყო ასული. მის მოლოდინში, ხშირად ვიყურებოდი გასასვლელისკენ. ერთ-ერთი გახედვისას, ყურადღება თეთრ მოდურ პალტოში გამოწყობილმა მიმზიდველმა ქალბატონმა მიიპყრო, რომელმაც დარბაზს თვალი მოავლო, მზერა ჩემზე შეაჩერა და ღიმილით გამოემართა. სულ ათიოდე ნაბიჯი იყო ჩემს მაგიდამდე და უცბად მოვასწარი მოულოდნელი სტუმრის შეთვალიერება: ლამაზი, ცისფერი თვალები, მომნუსხავი მზერა, ღია წაბლისფერი თმა, ქუჩის სიცივისგან შევარდისფრებული ლოყები...
მისი მოახლოებისას მექანიკურად წამოვდექი.
- Good evening, Mr. Kerschbaumer, - მომმართა და ხელი გამომიწოდა.
- Good evening. Actually, I’m not Mr. some kind of baumer but really glad to meet you, - ღიმილითვე ვუპასუხე, ისე, რომ ხელი არ გამიშვია, - ლუკა.
დაახლოებით ორიოდ წამით მის სახეზე გაოცება გამოიხატა, ხოლო მერე ორივეს ერთდროულად გაგვეცინა.
- უი, უკაცრავად, მაპატიეთ... - უხერხულობისგან სალომე კვლავ სიცილს აგრძელებდა. - ავსტრიელ კონსულტანტთან მაქვს დანიშნული შეხვედრა. სულ რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა თბილისში და ჯერ არ მინახავს. თქვენ მეგონეთ (დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ვერ შეძლო ჩემი არც თუ ისე ავსტრიული გარეგნობის გაშიფრვა. სავარაუდოდ, იმან დააბნია, რომ დარბაზში მარტო მე ვიჯექი კენტად მაგიდასთან).
- არაუშავს, ხდება ხოლმე. თუმცა, არც თუ ისე ხშირია შემთხვევები, როდესაც ასეთი მომხიბვლელი ქალბატონი, როგორიც თქვენ ხართ, საკუთარი ინიციატივით, თავად მეცნობა.
- სალომე. კიდევ ერთხელ, მაპატიეთ, - აგრძელებდა მობოდიშებას.
ამ დროს დარბაზში თითქმის ერთდროულად შემოვიდნენ ჩემი სტუმარი და მისტერ კერშბაუმერი (დიდი ალბათობით, ერთი ლიფტით იმგზავრეს), რომელმაც თავის მხრივ, უშეცდომოდ იცნო სალომე და ჩვენი პირველი შეხვედრა ამგვარად დასრულდა.
მეორედ სალომეს თბილისის აეროპორტში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ასევე შემთხვევით შევხვდი. დილის ოთხ საათზე სტამბოლის რეისზე კინაღამ დავაგვიანე და ბოლო ვიყავი რეგისტრაციაზე. ჩემს შემდეგ მხოლოდ ერთი ახალი მგზავრი დაემატა რიგს.
- Good morning, Luka, - მომესმა უკნიდან ხმა. მოვტრიალდი და სალომეს გაღიმებული სახე დავინახე.
- მოგესალმებით ქალბატონო სალომე, - ღიმილითვე ვუპასუხე, - საით გაგიწევიათ?
- საქმეებზე მივფრინავ ბუდაპეშტში.
- საოცარი დამთხვევაა. მეც ბუდაპეშტში მიფრინავ და გაგიკვირდებათ, მეც საქმეებზე.
თვითმფრინავში ერთად ვიჯექით. სანამ მომდევნო რეისს ვუცდიდით, სტამბოლის აეროპორტში ერთად ვისაუზმეთ, ხოლო შემდგომ, 3 დღის განმავლობაში, ბუდაპეშტშიც ერთად ვატარებდით საქმეებისგან თავისუფალ დროს.
ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც უკვე მეორე წელია გრძელდებოდა.
- როდის აპირებ გამგზავრებას? - აღმოჩნა, რომ სალომეს არ ეძინა და უბრალოდ თვალდახუჭული ნებივრობდა.
- დღეს უკვე დამირეკეს ისრაელიდან და რაღაც საკითხები განვიხილეთ. შევთანხმდით, რომ თვის ბოლოს, ორი კვირით ჩავალ და ადგილზე ვნახავთ, როგორ შევეწყობი მათ გუნდს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება საბოლოოდ ჩემი მომავალი, - შევეცადე ბოლომდე არ გადამეწურა იმედი.
მუცელზე გადმობრუნდა და იდაყვებზე დაყრდნობილმა ზემოდან დამხედა - ვნახოთ, ვნახოთ... - გაიღიმა, ლოყაზე მაკოცა, ლოგინიდან ადგა და სააბაზანოსკენ გაემართა.
ფანჯრიდან შემომავალ მკრთალ შუქზე, მისი სხეულის სილუეტი, თხელი ფეხები და მადისაღმძვრელი თეძოები, კიდევ უფრო სექსუალურად გამოჩნა. იმისმა გაფიქრებამ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ბოლო დღე, როდესაც ამ სილამაზით ტკბობა შემეძლო, ჩემში დაუოკებელი სურვილი გააღვიძა. უცბად წამოვხტი და სანამ სააბაზანოს კარების მიხურვას მოასწრებდა, დავეწიე...
ალბათ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი სექსი ჩვენი წელიწადნახევრიანი ურთიერთობების განმავლობაში.


III

“Oh, Jerusalem of gold, and of light and of bronze,
I am the lute for all your songs”

Naomi Shemer - Yerushalayim Shel Zahav


როგორც იქნა დასრულდა ბენ გურიონის სახელობის აეროპორტის საპასპორტო კონტროლზე წარმოქმნილი დიდი რიგი. გზად, უკვე გაჩერებული ბარგის კარუსელიდან ჩემი ერთადერთი ჩანთა ავიღე და გარეთ გამოვაღწიე.
დრო დამჭირდა, რათა მოსაცდელი დარბაზის ოვალური ჯებირის გარშემო შეგროვილ მომლოდინეთა არმიაში გამერჩია შუა ხნის შავგვრემანი მამაკაცი A4 ფორმატის ფურცლით ხელში, რომელზეც დიდი ასოებით ჩემი სახელი და გვარი იყო დაბეჭდილი.
- შალომ! - მივუახლოვდი და ხელი ჩამოვართვი.
- გამარჟობა! – აშკარად ჩემს საპატივცემულოდ ნასწავლი ქართული სიტყვა ძლივს გამოთქვა და კეთილგანწყობილი, ალალი ღიმილიც მოაყოლა. - მომეცით, ჩანთას წამოვიღებ, - უკვე ინგლისურად, თუმცა შესამჩნევი აქცენტით გააგრძელა.
- იყოს, სულ ეს ერთი ჩანთაა, - გადავწყვიტე არ მეთამაშა დიდი ბოსის როლი და თავად წამომეღო ჩემი ბარგი.
- ოკ, როგორც ისურვებთ... მაშინ აქეთ წავიდეთ, - კიდევ ერთი ღიმილი მოაყოლა, მიტრიალდა და საკმაოდ მკვირცხლი ნაბიჯებით წინ გამიძღვა.
როგორც კი აეროპორტის შენობის ტერიტორია დავტოვეთ და ღია ცის ქვეშ გავედით, იმ წუთასვე მივხვდი, თუ რატომ მელაპარაკებოდნენ წამოსვლამდე ამდენს ისრაელის მძიმე კლიმატზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საუნის კარები გავაღე და შევედი.
რამდენიმე მეტრში, საფერფლესთან მდგომი მწეველთა ჯგუფი შევნიშნე და გამახსენდა, რომ დაახლოებით სამი საათი იყო, რაც არ მომეწია. თავისუფალი ხელით ჯიბეში სიგარეტის კოლოფი და სანთებელა მოვძებნე.
- თუ შეიძლება უცბად მოვწევ, - პასუხისთვის არც დამიცდია და მოვუკიდე.
- მაშინ მეც მოვწევ, - დიდი ენთუზიაზმით შემომიერთდა ჩემი მასპინძელი, - სხვათა შორის, მე მქვია ელიასი, ელიას ატიკი. ექსპედიციაში მძღოლად ვმუშაობ. ასევე საჭიროების მიხედვით გარკვეულ სამეურნეო ფუნქციებსაც ვასრულებ.
საკუთარი თავის გაცნობა მანქანაშიც გააგრძელა.
- იერუსალიმში ვცხოვრობ. ნათესავების ნაწილი ბეთლემსა და რამალაში ცხოვრობს, ნაწილი იორდანიასა და ლიბანში. სანამ ებრაელები მოვიდოდნენ, ჩემს ბაბუას რამდენიმე სოფელი ეკუთვნოდა ჩრდილოეთში. მდიდარი კაცი იყო. მერე ყველაფერი დავკარგეთ და დავიფანტეთ სხვადასხვა მიმართულებით. სხვათა შორის, ქრისტიანები ვართ.
მხოლოდ მონოლოგის ბოლო ნაწილის მერე მივხვდი, რომ ელიასი არაბი ქრისტიანი იყო და რომ მის მიერ მოყოლილი ისტორიის გათვალისწინებით, გაცნობისას ჩემი ივრითზე მისალმება დიდად არ ესიამოვნებოდა.
- საით მივდივართ? - ვცადე თემის შეცვლა.
- ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ პირველი ორი კვირის განმავლობაში იერუსალიმში, სასტუმრო „რამათ რახელ“-ში დაგაბინაოთ. ცოტა მოშორებული კია ქალაქის ცენტრიდან, მაგრამ წყნარი ადგილია, სასტუმროც ნორმალურია და სამუშაოსთან სიახლოვის გათვალისწინებით, ექსპედიციის წევრების ხშირი თავშეყრის ადგილიცაა.
მანქანის კონდიციონერი მძლავრად მუშაობდა და სალონში სასიამოვნო მიკროკლიმატს ქმნიდა. სიგრილემ ცოტა მომთენთა, სავარძელზე უფრო მოხერხებულად მოვთავსდი და ნახევრადმთვლემარე მდგომარეობაში ფანჯრიდან დავიწყე ყურება. ცოტა ხანში რომელიღაც ქალაქის მშენებარე რაიონი მოვიტოვეთ უკან, ხოლო დაახლოებით თხუთმეტ წუთში მარცხნივ კიდევ ერთი ქალაქი გამოჩნდა.
- რამალა, - დაინახა ელიასმა საითაც ვიყურებოდი. - პირდაპირ, კიდევ იერუსალიმიც ჩანს უკვე.
წინ გამოჩენილი ქალაქის ნაგებობები განსაკუთრებულ ოქროსფრად ირეკლავდა მზის სხივებს. როგორც მერე ამიხსნეს, მსგავს ეფექტს იწვევს ქვის მასალა, რომელიც აქ სამშენებლო მიზნებისთვის უძველესი დროიდან გამოიყენება და დღესაც, ამ ქვით არის მოპირკეთებული პრაქტიკულად ყველა შენობა იერუსალიმში. „ოქროს იერუსალიმი“ - გამახსენდა ცნობილი ფრაზა და ჩემდაუნებურად, პოპულარული ებრაული სიმღერის „იერუშალაიმ შელ ზაჰავ“ მელოდიის ღიღინი წამოვიწყე. ისედაც პოზიტიური ხასიათი კიდევ უფრო გამომიკეთდა - დარწმუნებული ვიყავი, რომ საინტერესო და დატვირთული წელი მელოდა წინ.
ავტობანის მორიგმა მონაკვეთმა გაირა მაღალი ბეტონის კედლებს შორის, კიდევ ერთ გამშვებ პუნქტთან მოგვიწია მოძრაობის შენელება. აეროპორტიდან მოყოლებული, ყველგან იგრძნობოდა, თუ რამხელა ყურადღება ექცევა ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების დაცვას, რაშიც მოგვიანებით არაერთხელ დავრწმუნდი. მსგავსი რამ, მხოლოდ თავიდან იქცევს ყურადღებას და იწვევს გარკვეულ გაღიზიანებას. მერე ისე ეჩვევი ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მეტალოდეტექტორში გავლას, ხელბარგის საგულდაგულო შემოწმებას, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ რუტინად აღიქვამ.
ბოლო აღმართს შევუყევით და ცოტა ხანში ქალაქშიც შევედით. აქ მოძრაობა შენელდა და სასტუმრომდე მისასვლელად თითქმის იმდენივე დრო დაგვჭირდა, რაც აეროპორტიდან ქალაქის შესასვლელამდე.
სასტუმრო კომპლექსი ცენტრიდან მართლაც საკმაოდ მოშორებით იყო განთავსებული. თუმცა, გამწვანებული ტერიტორია და მშვიდი გარემო ანაზღაურებდა ამ ნაკლს.
მანქანა სასტუმროს პარკინგზე გაჩერდა და გადმოვედით. აქ ჰაერი გაცილებით უფრო გრილი და სასიამოვნო იყო, ვიდრე აეროპორტში. ელიასმა დამასწრო, ჩემი ჩანთა საბარგულიდან თვითონ გადმოიღო და სასტუმროსკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. სასტუმროში რეგისტრაციამდე, გარეთ სიგარეტის მოწევას ვფიქრობდი, მაგრამ რა გაეწყობოდა, უნდა დავწეოდი მას და მეც მომიწია ფეხის აჩქარება.
სასტუმროს ჰოლში დიდი ხალხმრავლობა არ იყო. რეგისტრაციაზე უკვე მელოდნენ და ყველაფერი გამზადებული ჰქონდათ, მხოლოდ პასპორტი გამომართვეს ასლის გადასაღებად. ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ელიასი აქ ყველას იცნობდა და თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. სანამ ჩემი პასპორტის ასლს გადაიღებდნენ, მოასწრო იქვე მდგომ მამაკაცთან გახუმრება, მსხვილი ფორმების მქონე დამლაგებელი ქალისთვის კომპლიმენტის თქმა და ქულერიდან წყლის დალევა. ბოლოს მეც მომიბრუნდა.
- ახლა შეგიძლიათ ნომერში დაისვენოთ. საღამოს შვიდი საათისთვის მისტერ ჯეიქსი თავად შემოგივლით. ვახშამზე გეპატიჟებათ. მანამდე თუ რაიმე დაგჭირდათ, შეგიძლიათ სასტუმროს პერსონალს მიმართოთ.
ამ სიტყვების შემდეგ, თავისი მისია შესრულებულად ჩათვალა. გამიღიმა და ხელი ჩამომართვა. მეც მადლობა გადავუხადე და ლიფტისკენ დავიძარი.
სანამ ლიფტი მოვიდოდა, საათს დავხედე. ოთხი საათი სრულდებოდა. დაახლოებით სამი საათი რჩებოდა ჩემს განკარგულებაში.
სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული საკმაოდ ფართო და ნათელი ნომრიდან, მშვენიერი ხედი იშლებოდა. ჩანთა კარადაში დავაბინავე და შხაპის მისაღებად სააბაზანოში შევედი. შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და ფანჯრის გაყოლებაზე მდგომ დივანზე წამოვწექი. ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩამეძინა. მესიზმრა, თითქოს მე და გამომწვევ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სექსუალური გოგო ზღვის პირას, შეზლონგზე ვიწექით, ჩაციებულ კოქტეილს ვწრუპავდით, ხოლო იქვე, სომბრეროებსა და კოსტიუმებში გამოწყობილი მარიაჩის ანსამბლი, გიტარების, ვიოლინოსა და საყვირის თანხლებით, სიმღერას „იერუშალაიმ შელ ზაჰავ“, მექსიკურ სტილში, სპეციალურად ჩვენთვის ასრულებდა.
ფრიად საინტერესო და არაორდინარული კონცერტით ტკბობა ტელეფონის ზარის ხმამ შემაწყვეტინა. სასწრაფოდ საათს დავხედე. შვიდს ათი წუთი აკლდა. წამოვხტი და ტელეფონის ყურმილი ავიღე.
- საღამო მშვიდობისა, ლუკა, - გავიგონე მამაკაცის ენერგიული ხმა. - მაიკლი ვარ. ქვევით გელოდები. თუ მზად ხარ, ათ წუთში გავიდეთ. ოკ?
- ოკ, მისტერ ჯეიქს. ხუთ წუთში დაბლა ვიქნები, - ზედმეტად ომახიანი გამომივიდა პასუხი.
- არ იჩქარო, ლუკა. დრო საკმარისად გვაქვს, - ყურში მომხვდა, რომ ორივე ჯერზე ჩემი სახელი ბოლო მარცვალზე მკვეთრად აქცენტირებული მახვილით წარმოთქვა.
- ოკ, მისტერ ჯეიქს.
სწრაფ ტემპში დავიწყე ჩაცმა და მართლაც, ხუთ წუთში უკვე მზად ვიყავი. ჯარში ერთი დღეც არ მიმსახურია, მაგრამ ისე მიყვარს დილით ძილი, რომ ყოველ წუთს ვუფრთხილდები. შედეგად, წლების განმავლობაში მექანიკურ დონემდე დავიყვანე ახალგაღვიძებულზე, მინიმალურ დროში, ზედმეტი მოძრაობის გარეშე გამზადება.
ლიფტიდან გამოვედი თუ არა, იმ წუთასვე დავინახე მაიკლ ჯეიქსი, რომელიც სასტუმროს ჰოლში სავარძელში იჯდა და ნოუთბუკში რაღაცას კითხულობდა.
- საღამო მშვიდობისა მისტერ ჯეიქს, - კვლავ ომახიანად მივესალმე მიახლოვებისას. ალბათ ქვეცნობიერად ვცდილობდი, ენერგიული ახალგაზრდის იმიჯის მორგებას.
- კეთილი იყოს შენი ჩამობრძანება წმინდა მიწაზე, - წამოდგა და მხარზე ხელი მეგობრულად მომითათუნა, - და კიდევ, დამიძახე უბრალოდ მაიკლი. ამ ქვეყანაში დიდად არ უყვართ ზედმეტად ოფიციალური მიმართვა.
საპასუხოდ მხოლოდ გავიღიმე.
ცხოვრებაში, მაიკლი უფრო მაღალი და ზორბა აღმოჩნდა, ვიდრე სურათებიდან წარმომედგინა. ტანზე ეცვა უბრალო ჯინსის შარვალი და ასევე უბრალო მაისური. მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი, კოსტიუმი რომ არ ჩავიცვი.
მანქანის პარკინგზე ვერცხლისფერი “ნისან პატრული” გველოდა, რომელიც მტვრის სქელი ფენით იყო დაფარული. როგორც კი მანქანაში ჩავჯექით, მაიკლმა გააგრძელა საუბარი.
- ქალაქის ცენტრში გავიდეთ, ნახალათ შივას უბანში. იქ ბევრი კარგი რესტორანია და საერთოდაც, სასიამოვნო ადგილია. სხვათა შორის, იქ ქართული რესტორანიც არის, - თავი ჩემსკენ შემოატრიალა და გაიღიმა.
- როგორც ვიცი, ისრაელში საკმაოდ ბევრი ქართველი ებრაელი ცხოვრობს და კლიენტების პრობლემა არ ექნებათ, - უცბად “გავაანალიზე” რესტორნის მარკეტინგული პერსპექტივები.
გზაში საუბარი სხვადასხვა უმნიშვნელო საკითხებს შეეხო. მზემ ნელ-ნელა ჩასვლა დაიწყო და ქალაქმა სხვანაირი, მყუდრო ელფერი მიიღო. დაღმავალმა მზის სხივებმა კიდევ უფრო ოქროსფერი გახადა შენობები. სამუშაო დღე ახალი დასრულებული იყო და ქუჩაში ბევრი ხალხი ირეოდა. ამ ზაფხულის დაისის ფონზე, პირველი შეხედვით უადგილოდ, მაგრამ ეგზოტიკურად გამოიყურებოდნენ ქუჩაში ჯგუფ-ჯგუფად მიმავალი მამაკაცები, რომელთაც გრძელი შავი კოსტიუმები ეცვათ და ამავე ფერის შლიაპები ეხურათ; შიგადაშიგ მრგვალ ბეწვის ქუდებსაც მოვკარი თვალი.
ოცწუთიანი მგზავრობის მერე ერთ პატარა ქუჩაზე შევუხვიეთ და მანქანის სადგომზე ბოლო თავისუფალი ადგილი დავიკავეთ.
- გაგვიმართლა, - კმაყოფილი ჩანდა მაიკლი, - შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, თუ რას ნიშნავს ისრაელში მანქანის გასაჩერებლად თავისუფალი ადგილის პოვნა, მით უმეტეს ქალაქის ცენტრში და მით უმეტეს ასეთ დროს. შემდეგ მობილური ამოიღო და სადღაც დარეკა. საუბარი უცბად დაასრულა და ვიწრო ქუჩაზე ფეხით გავაგრძელეთ გზა. ორიოდე მოსახვევის შემდეგ ერთ პატარა და მყუდრო ეზოში შევედით, რომელიც რესტორნის ტერიტორია აღმოჩნდა. მჭიდროდ განლაგებულ მაგიდებს შორის გავიარეთ და კუთხეში ერთ-ერთ მათგანთან გავჩერდით, რომელთანაც უკვე იჯდა ახალგაზრდა შავგვრემანი მამაკაცი.
- კეთილი იყოს ჩამობრძანება, - მიახლოებისას მომესალმა და ხელი ჩამომართვა, - პეტროს პანაიოტუ, ექსპედიციაში საზოგადოებასთან ურთიერთობებს ვკურირებ. უფრო ზუსტად, მაიკლი და კომპანია, ჩემს ბერძნულ ქარიზმას მეტად წარმატებულად იყენებენ იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოსთან ურთიერთობებში - დაასრულა ხუმრობა, მაიკლს გადახედა და ორივეს გაეცინა.
მე და მაიკლი მაგიდას მივუჯექით. იქვე მდგომმა ოფიციანტმა გაშლილი მენიუ სამივეს წინ დაგვილაგა და გაგვეცალა.
- დიდი ხანია აქეთ ხარ? - სანამ მენიუს ვსწავლობდით, ვკითხე პეტროსს.
- უკვე თითქმის ორი წელია. პირველად ხარ ისრაელში? - შემომიბრუნა შეკითხვა.
- კი, პირველად.
- მოგეწონება. უცბად ეჩვევი აქაურობას. რაღაცნაირი უშუალო გარემოა. დაკვირვებული ვარ, რომ ჩამოსულებს ან ძალიან მოსწონთ ეს ქვეყანა და უცბად უყვარდებათ, ან პირიქით, დასანახად ვერ იტანენ. თანაც შენ ჯერ თელ-ავივი არ გინახავს. იქ სულ სხვა სიტუაციაა… ზღვა, პლიაჟი, გოგოები ბიკინებში, ღამის გართობა... იერუსალიმში, საღამოს 11 საათზე ჭამა რომ მოგინდეს, შეიძლება ღია რესტორანს ვერ მიაგნო. თელ-ავივში, კიდევ ვერ მიხვდები, ხალხს როდის სძინავს, - გაბრწყინებული თვალებით დაასრულა.
- ნუ აურევ ტვინს ათასი სისულელით. უმჯობესია სამუშაოზე დაელაპარაკო, აუხსნა დეტალები, - ხუმრობანარევი ტონით დატუქსა პეტროსი მაიკლმა.
- საქმეზე საუბარს ყოველთვის მოვასწრებთ, - არ დანებდა პეტროსი.
რამდენიმე წუთში ოფიციანტი ისე მოგვიახლოვდა და ჩვენც შეკვეთა გავაკეთეთ.
- საქმე საკმაოდ ბევრი და მოულოდნელობებით სავსეა, - სანამ შეკვეთას გაამზადებდნენ, დაიწყო ჩემი საქმის კურსში შეყვანა მაიკლმა. - ამ ქვეყნის მიწის ყოველი დუიმი ისტორიით სუნთქავს და თუ გაგვიმართლებს, შეიძლება ბევრი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთოთ. დასახლებულ პუნქტ უმ ტუბასთან ახალ გამოქვაბულებს მივაკვლიეთ და მოცემულ ეტაპზე, მათი შესწავლით ვართ დაკავებული. ამ დღეებში განახებთ ყველაფერს.
ათიოდ წუთში შეკვეთაც მოიტანეს. მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი - სტეიკი უცნობ ადგილას არ უნდა შეუკვეთო. ძლივს ვღეჭავდი ქვასავით მაგარ ხორცს. ერთადერთი, ცივი ლუდი შველიდა ვითარებას.
- ლუკა, ხვალისთვის ერთი თხოვნა მაქვს შენთან, - გრილზე შემწვარ თევზთან ურთიერთობას ცოტა ხნით თავი დაანება მაიკლმა და ამომხედა. - ისრაელის სიძველეთა დაცვის სააგენტოს მოწვევით, ჩვენი ექსპედიციის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი და სულის ჩამდგმელია ჩამოსული ორდღიანი ვიზიტით. დღეს ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა, ხოლო ხვალისთვის ექსკურსიას უწყობენ ძველ ქალაქში. კარგი იქნება, თუ შენც გაყვები ამ ექსკურსიაზე. ჯერ ერთი, ყურადღებაში ჩაგვეთვლება და მეორეც, იდეალური საშუალებაა, დაათვალიერო ყველაფერი და ნელ-ნელა შეისწავლო ქალაქი.
- დიდი სიამოვნებით, - არც მიცდია ჩემი ენთუზიაზმის დაფარვა.
- მორწმუნეები სხვადასხვა ქვეყნებიდან სოლიდურ თანხას იხდიან ასეთ ექსკურსიებში. შენ კიდევ სრულიად უფასოდ, თანაც რიგების გვერდის ავლით, საშუალება გექნება წმინდა ადგილები მოიარო. მორწმუნე ხარ? - გაღიმებული სახით დაამატა პეტროსმა.
მომეჩვენა, რომ მის ინტონაციაში ირონია დავიჭირე.
ცოტა დავიბენი. არ ვიცოდი, როგორ მეპასუხა ამ გარკვეულწილად არაკორექტულ შეკითხვაზე, პირდაპირ მეთქვა რელიგიისადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ, თუ ცოტა შემელამაზებინა.
- როგორ გითხრა… ბავშვობაში მონათლული კი ვარ, მაგრამ მე უფრო ლოგიკის და მეცნიერების მჯერა, ვიდრე ბრმა რწმენის, - მოვერიდე ჩემი რელიგიური ხედვების პირდაპირ დაფიქსირებას.
- გასაგებია, - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა პეტროსმა და ისევ გაიღიმა, შემდეგ თემა შეცვალა, - ხო, მართლა… ხვალ საღამოს, სასტუმროში მე და ფინანსური მენეჯერი შემოგივლით. პატარა, მაგრამ სასიამოვნო საქმე გვაქვს. დიდი ალბათობით მარტო სულიერი საკვები არ გეყოფა და დანარჩენისთვის, ფულია საჭირო.
- დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ, - გავიღიმე საპასუხოდ.
როგორც იქნა დავასრულე ხორცთან ჭიდილი, ლუდი კიდევ ერთხელ მოვსვი და სიგარეტს მოვუკიდე.
მაიკლმა ტელეფონი ამოიღო და როგორც მერე მივხვდი, ელიასს გადაურეკა. შეუთანხმა, რომ ხვალ დილით, 8 საათზე ჩემთვის სასტუმროში მოეკითხა.
მზე ბოლომდე ჩავიდა და ეზოში ცოტა აგრილდა. უცბად აღმოვაჩინე, რომ რესტორანში უკვე ყველა მაგიდა დაკავებული იყო.
მაიკლმა ოფიციანტს დაუძახა, ყავა შეუკვეთა და ანგარიში მოითხოვა.
დაახლოებით 9 საათი იყო, როდესაც მანქანის სადგომზე გავედით. გადაწყდა, რომ სასტუმრომდე პეტროსი გამიყვანდა. მაიკლი დამემშვიდობა, კიდევ ერთხელ ამიხსნა ხვალინდელი დღის გეგმა და გაემგზავრა.
პეტროსის მანქანა მეზობელი ქუჩის დასაწყისში, ორ სხვა მანქანას შორის იყო მჭიდროდ ჩაკვეხებული. პეტროსმა ჩემი მზერა დაიჭირა და მიხვდა, რაზეც ვფიქრობდი.
- აქ ეგრეა... შენც მიეჩვევი ასე მანქანის დაყენებას. რა თქმა უნდა, თუ იპოვი ადგილს, - არ გაუშვა გახუმრების შესაძლებლობა ხელიდან.
მანქანაში ჩავჯექით და დავიძარით. ორიოდ მოსახვევის შემდეგ ცენტრალურ ქუჩაზე გავედით, სადაც ჩემთვის გასაოცრად, საკმაოდ გვიანი დროის მიუხედავად, ისევ საცობი დაგვხვდა.
- ნერვები თუ არ გაქვს მშვიდი, ამ საცობებს ვერ გაუძლებ. ერთადერთი, შაბათობით და რელიგიური დღესასწაულების დროს თუ იგრძნობ შვებას. დღესასწაულზე და დასვენებაზე გამახსენდა, ხვალ ხუთშაბათია და იერუსალიმს გაეცნობი. რას იტყვი, პარასკევს თელ-ავივში რომ წავიდეთ? ზღვაზე გავალთ, ქალაქს დაგათვალიერებინებ, საღამოს კიდევ სადმე დავჯდეთ და რამე გავაფუჭოთ, - შემომხედა და გულითადად გამიღიმა.
- მშვენიერი, - მეც ღიმილით ავიტაცე მისი ენთუზიაზმი. - ზღვა, გართობა და ახალი შეგრძნებები ჩემი ჰობია.
- გაიხარე! ძლივს არ გვეღირსა ერთი ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანი ექსპედიციაში! დავიღალე ამ მოხუცებთან ურთიერთობით. თუ საქმე სამსახურს და სამეცნიერო დებატებს არ ეხება, ვერსად ვერ შეიტყუებ. თანაც ამ იერუსალიმში გასართობი ნაკლებად არის. მარტოს კიდევ მეზარება ხოლმე ხშირად თელ-ავივში ჩასვლა.
- რა შემიძლია ვთქვა? გქონდეს ჩემი იმედი. ნამდვილად არ დაგაღალატებ.
- მშვენიერია…. ეხლა ძალიან ცხელა იქ და ცოტა რომ აგრილდება, მკვდარ ზღვას განახებ. უნიკალური ადგილია. თავი მარსზე გეგონება. ოქტომბრისკენ ეილათშიც შეიძლება ჩასვლა, წითელ ზღვაზე, - არ ამთავრებდა პეტროსი საერთო გეგმების დასახვას. - ჩრდილოეთშიც ბევრი საინტერესო ადგილია. მოკლედ, არ მოგაწყენ.
- დიდი იმედი მაქვს. მართლა, როგორი გოგოები არიან აქეთ, შეიძლება გართობა?
- ზეგ თვითონ ნახავ, - გადმომხედა და თვალი ჩამიკრა. თითქოს ამით აპირებდა პასუხის დასრულებას, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და გააგრძელა, - ისრაელის მოსახლეობა, მსოფლიოს ნაკრებია. ჩვეულებრივი ევროპული გარეგნობა აქვთ აშკენაზ ებრაელებს, უფრო შავგვრემნები არიან სეფარდები. გაგიკვირდება და შავკანიანი ებრაელებიც არიან ეთიოპიიდან, მაგრამ ურთიერთობაში განსაკუთრებით მეგობრულები არიან ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულები, როგორც აქ ეძახიან “რუსები”.
- საინტერესო გეოგრაფიაა, - გამეღიმა.
- გოგოებს თავი რომ დავანებოთ, ზოგადად, ძალიან მეგობრული, გულღია და სასიამოვნო საურთიერთობო ხალხია, - დაამატა ბოლოსკენ.
გზის დარჩენილი მონაკვეთი შედარებით სწრაფად გავიარეთ და სასტუმროს მივადექით. ქალაქის ხმაურიანი ცენტრის მერე, გარშემო გამეფებული სიჩუმე “გამაყრუებლად” მეჩვენა. პეტროსს ხვალინდელ საღამომდე დავემშვიდობე და ნომერში ავედი. აკლიმატიზაცია, დაღლილობა, ახალი შთაბეჭდილებები, ლუდი… ყველაფერმა ერთად იმოქმედა და მყისიერად ჩამეძინა.


IV

“They say a city in the desert lies
The vanity of an ancient king
But the city lies in broken pieces
Where the wind howls and the vultures sing”

Sting - Mad About You


დილით, მაღვიძარას ზარამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჩემით გამეღვიძა. გამოსაფხიზლებელი შხაპი და თხუთმეტ წუთში, სასტუმროს რესტორანში საუზმეს მივირთმევდი. როგორც წესი, დილაობით ჩემი საუზმე ერთი ფინჯანი ყავით შემოიფარგლება, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც სასტუმროში ვცხოვრობ. მაშინ მადაც მიჩნდება და თავს ვალდებულად ვთვლი, ცოტა ვჭამო კიდეც.
საუზმეს მოვრჩი, რესტორნის ვერანდაზე სიგარეტთან ერთად ყავას ვსვამდი, როდესაც რესტორნისა და ვერანდის შევსება სხვადასხვა რასისა და ეროვნების ხმაურიანი ახალგაზრდების ჯგუფმა დაიწყო. მათ შორის, ჩემდა გასაოცრად, ნაცნობ სახეებსაც მოვკარი თვალი - ანდრია და მერიკო. გასულ წელს ერთად ვისვენებდით ბათუმში და კარგი დროც გავატარეთ.
ანდრია და მერიკო თანამშრომლები იყვნენ, ასევე თანამშრომელი იყო ჩემი მეგობარი, რომელთან ერთად, მეც მომიწია მათ მხიარულ კომპანიაში იტეგრირება.
- ვა, ლუკა! - ანდრიამაც შეამჩნია ეულად მჯდომი ჩემი პერსონა. მერიკოს ხელით ანიშნა და ჩემსკენ გამოემართნენ.
- თქვენს აქ ნახვას ნამდვილად არ ველოდი, - გახარებული გადავეხვიე ორივეს, - აქ რას აკეთებთ?
- “მაშავ”-ის ეგიდით კურსებზე ვართ ჩამოსული უკვე სამი კვირაა. დღეს ბოლო დღეა და საღამოს დახურვის ცერემონია გვაქვს. ხვალ უკვე მივფრინავთ, - უცბად ჩამაბარა პატაკი მერიკომ.
- შენ რამ მოგიყვან აქ, შე მადლიანო, შენა, ა? - სიცილით დაამატა ანდრიამ.
- მე გუშინ ჩამოვფრინდი. უკვე დაფასებული მეცნიერი ვარ. დიდ არქეოლოგიურ ექსპედიციაში ჩამრთეს და დროებით ამ სასტუმროში ვარ დაბინავებული, - ხუმრობით სერიოზული სახე მივიღე.
- შენი დიდი პოტენციალის ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, - ასევე ძალით დასერიოზულებული სახით მიპასუხა მერიკომ. - საღამოს რას შვები? კურსების დახურვის ცერემონიაზე ჩვენი საელჩოდანაც იქნება წარმომადგენელი და შენც მოდი.
- აუცილებლად მოვალ, თუ დროზე გავთავისუფლდი. თავს კი არ ვიფასებ. ვიღაც მნიშვნელოვან ტიპს უნდა გავყვე ექსკურსიაზე ძველ ქალაქში და იმედია, დიდხანს არ გაგრძელდება ეს ამბავი, - საათს დავხედე. უკვე რვა საათი ხდებოდა და ელიასს უნდა შევხვედროდი ამ დროს ჰოლში. - მოკლედ, ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა. ეხლა წავედი და საღამომდე.
- საღამომდე, - დამემშვიდობნენ ანდრია და მერიკოც.
ელიასი თავის სტიქიაში იყო - ქულერთან იდგა, წყალს სვამდა და თან სასტუმროს ადმინისტრატორს რაღაცას ხმამაღლა უმტკიცებდა. ჩემი გამოჩენისთანავე საუბარი დაასრულა და ღიმილით, ისევ ქართულად მომესალმა. მეც, ჩემის მხრივ, უკვე არაბულად მივესალმე.
დაახლოებით ოც წუთში სასტუმრო “დავიდ ციტადელის” შესასვლელთან ჩამომსვა, დამემშვიდობა და საინტერესო ექსკურსია მისურვა.
ისრაელის სიძველეთა დაცვის სააგენტოს მიერ ექსკურსიისთვის გამოყოფილი მინივენის პოვნა, მანქანაზე დატანილი წარწერის გათვალისწინებით, არ გამჭირვებია. მძღოლი, გიდი და თანმხლები პირი, მანქანასთან იდგნენ და საუბრობდნენ, ხოლო დაცვის თანამშრომელი სასტუმროს კარებთან საპატიო სტუმრის გამოსვლას ელოდა.
მისალმების შემდეგ, მეც მანქანასთან მდგომ ჯგუფს შევუერთდი. მათი ინფორმაციით, სტუმარი ჯერ კიდევ საუზმობდა და შემდეგ დავიძრებოდით.
ეს დროც მალე გავიდა და ათიოდ წუთში ექსკურსია დაიწყო. საპატიო სტუმარი, ხოსე გარსია-ხიმენესი, ჩემთვის მოულოდნელად, საკმაოდ ახალგაზრდა, დაახლოებით 35-40 წლის, მხიარული და კომუნიკაბელური მამაკაცი აღმოჩნდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე გამონახა საერთო ენა გიდთან და იერუსალიმის ისტორიაზე საინტერესო საუბარი დაიწყო.
რამდენიმე ქუჩის მერე მთავარი გზიდან გადავუხვიეთ და მანქანა ციცაბო აღმართს შეუყვა. გიდის ინფორმაციით, უკან გედსემანიის ბაღი, ებრაულად გათ შმანიმ, მოვიტოვეთ, სადაც კიდევ დავბრუნდებოდით, ხოლო წინ, ჯერ ზეთის ხილის მთა გველოდა.
ცოტა ხანში აღმართი მორჩა და მანქანა სპეციალურ ავტოსადგომზე გაჩერდა. მანქანიდან გადმოსულებს, შთამბეჭდავი ხედი გადაგვეშალა თვალწინ. პირდაპირ, იერუსალიმის ძველი ქალაქი მთელი თავისი სიდიადით იწონებდა თავს. წინა პლანზე, დილის მზის სხივები ოქროსფრად ანათებდა მეჩეთის გუმბათს, რომლის უკან, ძველი ნაგებობების რიგი გრძელდებოდა და ჰორიზონტი, თანამედროვე ქალაქის მრავალსართულიანი შენობებით მთავრდებოდა. მარჯვნივ, ამჯერად უკვე რუსული ეკლესიის ოქროსფერი გუმბათები ლივლივებდნენ დილის მზის შუქზე. მარცხნივ, ხეობა, რომლის ფერდებზეც საცხოვრებელი სახლები იყო შეფენილი, დაღმა მიემართებოდა.
თვალწინ გადაშლილი სილამაზით უტყვად ტკბობა დიდხანს არ დაგვცალდა და გიდმა თავისი ანაზღაურების გამომუშავება დაიწყო.
- პირდაპირ ხედავთ ძველ ქალაქს. ოქროსფერი გუმბათი არის მეჩეთის კლდის გუმბათის ანუ ქუბათ ას-სახრას სახურავი. ეს მეჩეთი განლაგებულია ტაძრის მთაზე. წინათ, ეს ადგილი ებრაული პირველი და მეორე ტაძრების ტერიტორია იყო. აქედან არ ჩანს და ტაძრის მთის მეორე მხრიდან არის გოდების კედელი, ყველა ებრაელისთვის უწმინდესი ადგილი, რომელიც მეორე ტაძრის კედელი იყო. ცოტა მარცხნივ, ნაცრისფერი გუმბათით, ალ-აქსას მეჩეთია, მუსულმანებისთვის მესამე ყველაზე წმინდა ადგილი. ალ-აქსას მეჩეთი, საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ განადგურდა მიწისძვრების შედეგად, - მერე ხმას დაუწია და ეშმაკური ღიმილით დაამატა - იმედია, ერთი ასეთი მიწისძვრა კიდევ იქნება (მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი დეტალებში გარკვეული და არ ვიცოდი, რომ ბევრი ებრაელის ოცნებაა, ძველი ტაძრების ადგილზე ახლის აშენება. მეტიც, დადის ხმები, რომ პროექტი უკვე მზად არის. თუმცა, ამ ტერიტორიაზე ალ-აქსასა და სხვა მუსულმანური ნაგებობების არსებობა, ხელს უშლის ამ ჩანაფიქრის განხორციელებას).
- რომელ საუკუნეშია ეს კომპლექსი აშენებული? - იკითხა ხოსემ.
- ალ-აქსას ადგილზე, თავიდან მცირე სალოცავი იყო. მხოლოდ შემდგომ, 705 წელს აშენდა უკვე მეჩეთი. რაც შეეხება კლდის გუმბათს, მშენებლობა განხორციელდა ხალიფა აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ბრძანებით და დასრულდა 691 წელს, - ჩათვალა, რომ მეჩეთების თემა ამოწურა და თემა შეცვალა. - უკან, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე ხედავთ კიდევ ერთ ნაცრისფერ გუმბათს, რომელიც მაცხოვრის ტაძარს ეკუთვნის. ამ ტაძრის თაობაზე უფრო დეტალურად, იქ ყოფნისას მოგიყვებით.
დავუბრუნდეთ იმ ადგილს, სადაც ეხლა ვიმყოფებით. ზეთის ხილის მთის სახელწოდება მომდინარეობს ძველი დროიდან, როდესაც მისი ფერდობები ზეთის ხილის ხეებით იყო დაფარული. ეს მთა, 3 ათას წელზე მეტია, რაც ებრაელების მიერ სასაფლაოდ გამოიყენება და დაახლოებით 1500 ადამიანია დასაფლავებული - ფრაზა დაასრულა და ხელი ქვემოთ, მთის ფერდობისკენ გაიშვირა, სადაც უთვალავი რაოდენობის თეთრი ქვის პარალელეპიპედი მოჩანდა, - გადმოცემის თანახმად, მესიის მოსვლის შემდგომ, მიცვალებულთა აღდგომა სწორედ ამ ადგილიდან დაიწყება. ამდენად, ამ ფერდობზე საფლავისთვის ადგილის დაბევების მსურველი დღესაც ბევრია და მზად არის სოლიდური თანხა გადაიხადონ ამაში.
გარდა ამისა, ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა მოხდა ამ მიდამოებში. სწორედ ამიტომ, ეს მთა, ქრისტიან მომლოცველთათვისაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენს.
ხედავთ ძველი ქალაქის კედელში ამოქოლილ კარიბჭეს? - ახლა უკვე პირდაპირ გაიშვირა ხელი, - ეს შაარ ჰარახაიმ, ანუ მოწყალების კარიბჭეა. ქრისტიანულ ლიტერატურაში ოქროს კარიბჭესაც ეძახიან. მისი აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. ებრაული ტრადიციით, აქედან უნდა შევიდეს მესია იერუსალიმში. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამისთვის ხელის შეშლის მიზნით, ოსმალეთის სულთან სულეიმანის ბრძანებით კარიბჭე ამოქოლილი იქნა, - თითქოს აქ აპირებდა მონოლოგის დასრულებას. თუმცა, მცირე პაუზის მერე კვლავ გააგრძელა. - რისი თქმა მინდოდა კიდევ. ძველი ქალაქის ტერიტორია იმ სახით, როგორსაც ჩვენ ვხედავთ, ჩამოყალიბდა შუა საუკუნეებში. კერძოდ, მე-16 საუკუნეში, თურქების მიერ იქნა აშენებული ქალაქის კედლები და მე-19 საუკუნის ბოლომდე, სწორედ ამ კედლებში მოქცეული ტერიტორია იყო იერუსალიმი. მხოლოდ შემდეგ გაჩნდა ახალი რაიონები.
ანტიკურ ეპოქაში, ქალაქს სხვა საზღვრები ჰქონდა. ტაძრის ტერიტორია ჩრდილოეთ ნაწილს იკავებდა, ხოლო ქალაქი გრძელდებოდა სამხრეთით, ხეობის მიმართულებით. ამდენად, დღევანდელი “ძველი ქალაქის” უდიდესი ნაწილი გალავნის გარეთ იყო. დარწმუნებული ვარ, დაგასწარით და თქვენს შეკითხვას წინმსწრებად ვუპასუხე, - მე და ხოსეს გადმოგვხედა და გაიღიმა, - დიახ, ქრისტეს ეპოქაში, მაცხოვრის ტაძრის ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც არის მოქცეული გოლგოთას მთა, ასევე გამოქვაბული, რომელშიც ჯვარცმის მერე იესო დაასვენეს, ქალაქგარეთ იყო, - აქ უკვე ნამდვილად დაასრულა ლექციის ზეთის ხილის მთის ნაწილი და ვალმოხდილი სახით მანქანისკენ გაემართა.
როგორც წინასწარ იყო ანონსირებული, ჩვენი შემდგომი გაჩერება, ზეთის ხილის მთის ძირას, გედსემანიის ბაღი და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აღმოჩნდა, სადაც დაახლოებით ერთი საათი დავყავით, რის შემდეგაც, სიძველეთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, სადილის დრო დადგა და რესტორნისკენ გავემგზავრეთ.
ყუათიანმა სადილმა დასვენებისა და წათვლემის ხასიათზე დამაყენა. ამ განწყობას, ივლისის სიცხეც აძლიერებდა. როგორც შევატყვე, არც ჯგუფის დანარჩენი წევრები იქნებოდნენ ამის წინააღმდეგი. მიუხედავად ასეთი უტყვი ერთსულოვნებისა, ყველაფერი გეგმის თანახმად გაგრძელდა და ექსკურსიის მთვარი ნაწილი დაიწყო. ხუთწუთიანი მგზავრობის მერე, იაფოს კარიბჭე გავიარეთ და პატარა მოედანზე მანქანიდან ზანტად გადმოვედით. ენერგიულად და მობილიზებულად მხოლოდ დაცვის თანამშრომელი გამოიყურებოდა.
უკვე ძველი ქალაქის ტერიტორიაზე ვიყავით, სადაც უამრავი ხალხი ირეოდა. ჩვენმა გიდმა დრო იხელთა და განაგრძო თავისი ლექცია.
- ჩვენ უკვე ძველი ქალაქის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, რომლის ფართობიც დაახლოებით ერთ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და განლაგებულია მსოფლიოს სამი რელიგიის, იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის უმნიშვნელოვანესი ძეგლები. როგორც უკვე მოგახსენეთ, ესენია გოდების კედელი და ტაძრის მთა, მაცხოვრის ტაძარი და ალ-აქსა.
ძველი ქალაქი შედგება ოთხი, ებრაული, მუსულმანური, ქრისტიანული და სომხური კვარტლებისგან. ჩვენ ახლა ქრისტიანულ ნაწილში ვიმყოფებით და პირდაპირ იმ ქუჩით მაცხოვრის ტაძართან ჩავალთ, - ხელი სავაჭრო დახლებითა და მაღაზიებით დახუნძლული ვიწრო შესახვევისკენ გაიშვირა. - მარჯვნივ მიმავალ გზას სომხურ კვარტალში მივყევართ, საიდანაც მერე ებრაულ კვარტალში და გოდების კედელთან შეიძლება მისვლა. თუმცა, ჩვენ სხვა მარშრუტით ვისარგებლებთ.
ვიწრო ქუჩა, რომელსაც გიდის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელობით გავუყევით, სავსე იყო ხალხით. ყოველ მაღაზიასთან, სადაც ათასგვარი რელიგიური და არა მხოლოდ რელიგიური ნივთი იყიდებოდა, შიგნით გვეპატიჟებოდნენ და მათი განცხადებით, “სპეციალურად ჩვენთვის” კარგ ფასში გვთავაზობდნენ ხატებს, სანთლებს, ჯვრებს და ა.შ. რასაკვირველია, ჩვენ მათ მიპატიჟებას ან რეაგირების გარეშე ვტოვებდით ან თავაზიანი ღიმილით უარს ვეუბნებოდით.
ამ ხმაურსა და ორომტრიალში, დიდად არ მესმოდა გიდი რას ესაუბრებოდა ხოსეს, რის გამოც, დროებით, მთლიანად ვიზუალურ ექსკურსიაზე გადავერთე - თუ მხედველობაში არ მივიღებთ მაღაზიების ასორტიმენტის სპეციფიკას, ტიპიურ აღმოსავლურ ბაზარში ვიყავით, რომელთა მსგავსი უკვე ნანახი მქონდა ქაიროსა და დამასკოში. გიდის გარეშეც ნათელი იყო, რომ ამ ბაზრობასა და გარშემო ნაგებობებს, დიდი არაფერი საერთო არ ჰქონდათ ქალაქის ანტიკურ ისტორიასთან. თუმცა, ამ სავაჭრო რიგების გარეშე, შეუძლებელი იყო დღევანდელი ძველი ქალაქის წარმოდგენა.
ჩემი საკუთარ შთაბეჭდილებებთან განმარტოება მალე დასრულდა. ცოტა ხანში ჯერ მარცხნივ, ხოლო შემდგომ მარჯვნივ შევუხვიეთ და კიბეებს მივადექით, რომლითაც მაცხოვრის ტაძრის წინ მოედანზე ჩავედით. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთი ტურისტული ჯგუფი მწყობრი ნაბიჯებით გაჰყვა საკუთარ გიდს და მათ მიერ გათავისუფლებული ძვირფასი ადგილი ჩრდილში ჩვენ დავიკავეთ. გიდმა ტაძრის ისტორიის მოყოლა დაიწყო.
- როგორც უკვე ზეთის ხილის მთაზე გითხარით, მაცხოვრის აღდგომის ტაძრის კომპლექსში მოქცეულია გოლგოთას მთა, სადაც იესო ჯვარს აცვეს, ასევე გამოქვაბული, რომელშიც ჯვარცმის მერე იგი დაასვენეს.
გადმოცემის თანახმად, ამ ადგილას პირველი ქრისტიანული ტაძრის მშენებლობა, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინეს დედამ, დედოფალმა ელენემ, 326 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო დღევანდელის მსგავსად, მხოლოდ ერთი ტაძარი. რას ვგულისხმობ: მიიჩნევა, რომ გოლგოთას მთის ტაძრის მშენებლობისას, რომელიც ბაზილიკას წარმოადგენდა, დედოფალმა ელენემ და იერუსალიმის ეპისკოპოსმა მაკარიოსმა თავიდან აღმოაჩინეს იესოს სამარხი და ამ ადგილას აშენდა როტონდა.
მე-7 საუკუნეში, იერუსალიმის აღების შემდეგ, კომპლექსი სპარსელებმა დაწვეს და მისი აღდგენა იმპერატორ ფლავიუს ჰერაკლე ავგუსტუსის მიერ ქალაქის დაბრუნების შემდგომ მოხერხდა. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში, მიწისძვრებისა, თუ ხანძრების გამო, ტაძარი კიდევ არაერთხელ განადგურდა.
იერუსალიმში ჯვაროსნების ბატონობის პერიოდში, იგი ისევ აღდგა და საბოლოო იერი შეიძინა. მე-15 საუკუნეში, უკვე ფრანცისკანებმა მოახდინეს მისი გადაკეთება, - შემდგომ მე გადმომხედა და დაამატა. - სხვათა შორის, გერმანელი სასულიერო პირის ლუდოლფ ფონ სუდჰეიმის თანახმად, რომელიც იერუსალიმს მე-14 საუკუნეში ეწვია, იმ პერიოდში, მაცხოვრის საფლავის სამლოცველოს გასაღები ე.წ. “ძველ ქართველებს” ებარათ (უფრო მეტი მქონდა გაგონილი მაცხოვრის აღდგომის ტაძრისა და ზოგადად წმინდა მიწის ისტორიაში ქართველების როლის, მათ შორის იოანე აბაშიძის მიერ, სადღაც აქვე, კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული აბრაამის ტაძრის აღდგენის თაობაზე, რასაც ამავე ტაძარში აღმოჩენილი წარწერა ადასტურებდა, მაგრამ უცხო პირთა მიერ, თუნდაც ერთი ეპიზოდის გახსენება და ამის გამოყოფა, ძლიერ მესიამოვნა).
1808 წლის ხანძარმა კვლავ დიდი ზიანი მიაყენა ტაძარს და ისევ საჭირო გახდა მისი აღდგენა. რაც შეეხება გუმბათს, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, 1870 წლით თარიღდება, - დაასრულა ტაძრის მოკლე ისტორიის მოყოლა. - შეკითხვები?
ხოსეს გადავხედე. როგორც შევატყვე, შეკითხვის დასმას არ აპირებდა და ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე - ეს რა კიბეა ფანჯარასთან მიყუდებული? რაიმე დანიშნულება აქვს, თუ უბრალოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს? - ხელი გავიშვირე მთავარი შესასვლელის თავზე ფანჯრისკენ.
გიდს ჩემს შეკითხვაზე გაეღიმა.
- კარგი შეკითხვაა, რომელზე პასუხითაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც განვმარტავ. კიბეს “უძრავ კიბეს” ეძახიან და მისი ისტორია, ასევე ამ ადგილზე გამოჩენის ზუსტი თარიღი უცნობია. პირველი ცნობა კიბის შესახებ გვხვდება ოსმალეთის იმპერიის სულთანის 1757 წლის ფირმანში. თუმცა, იგი უკვე 1728 წლის გრავიურაზეც არის გამოსახული. მაშ ასე, რას შეეხებოდა ეს ფირმანი და რატომ არის მასში კიბე ნახსენები? საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა კონფესიებს შორის არ წყდებოდა ქრისტიანულ სიწმინდეებზე კონტროლის დაწესებაზე პაექრობა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ კათოლიკური და ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიები. ხშირად საქმე ხელჩართულ ბრძოლამდეც მიდიოდა. სწორედ ამიტომ, სულთანის ფირმანით განისაზღვრა სხვადასხვა კონფესიებს შორის უფლებები. აღნიშნული დოკუმენტი იყო ქრისტიანული სიწმინდეების განაწილების წესების ჩამოყალიბების პირველი მცდელობა, რომელიც შემდგომ რამდენჯერმე, მცირე ცვლილებებით, სხვადასხვა დოკუმენტებით დადასტურდა და მას “წმინდა მიწის სტატუს-კვო” ეწოდა.
დღესაც, იგი წარმოადგენს ერთადერთ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მთავარი ქრისტიანული ტაძრების მართვასა და ფუნქციონირებას. “წმინდა მიწის სტატუს-კვოს” დებულებები უპირობოდ სრულდებოდა ყველა იმ ხელისუფლების დროს, ვის მმართველობაშიც იყო ეს ტერიტორიები - ეს იქნებოდა ოსმალეთის იმპერია, ბრიტანეთი, იორდანია, თუ ისრაელი.
ჩვენ შიგნითაც ვნახავთ, რომ ტაძრის ყოველი კუთხე განაწილებულია ექვს სხვადასხვა კონფესიას შორის. ესენია ბერძნული მართლმადიდებლური, რომის კათოლიკური, სომხური სამოციქულო, კოპტური მართლმადიდებლური, ული მართლმადიდებლური და ეთიოპური მართლმადიდებლური ეკლესიები.
დავუბრუნდეთ კიბეს… იგი დგას კარნიზზე, რომელიც ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის და ეყრდნობა ფანჯარას, რომელიც, თავის მხრივ, არის სომხური სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციაში.
ამდენად, დღევანდელ დღეს, კიბე წარმოადგენს ერთგვარ სიმბოლოს, რომ “სტატუს-კვოს” პირობები სრულდება და ექვსივე კონფესია იცავს შეთანხმებას, არ გადაადგილოს ან შეცვალოს რამე ტაძარში, ყველა მათგანის თანხმობის გარეშე, - დაასრულა კიბის შესახებ საუბარი და ტაძარში შეგვიძღვა.
ტაძარში შესვლისთანავე, მარჯვნივ ვიწრო ქვის კიბეს ავუყევით და როგორც გიდმა გვითხრა, გოლგოთაზე ავედით. რაც იქ დაგვხვდა, ტიპიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას უფრო ჰგავდა და არანაირად არ მოდიოდა სახარებებიდან, სხვადასხვა ფილმებიდან თუ ფერწერული ტილოებიდან ჩემთვის შექმნილ შთაბეჭდილებასთან თანხვედრაში. გოლგოთა - შემაღლებული ადგილი ქალაქგარეთ, სადაც იდგა სამი ჯვარი და სადაც იესო ეწამა, სულ სხვანაირად წარმომედგინა.
გიდის საუბარს აღარ ვუსმენდი და უფრო მომლოცველებს ვაკვირდებოდი, რომლებიც აღგზნებული თვალებით იდგნენ გრძელ რიგად და მოუთმენლად ელოდნენ, თუ როდის მიეცემოდათ ჯვარცმის ადგილზე მუხლის მოყრის საშუალება.
ცოტა ხანში, გავყევით ხალხის ნაკადს, მეორე მხრიდან სხვა კიბეს ჩავუყევით და უკვე მირონცხების ქვასთან აღმოვჩნდით. გადმოცემის თანახმად, სწორედ აქ გაამზადა იოსებ არიმათიელმა უფლის სხეული სამარხში გადასასვენებლად.
მირონცხების ქვას გავცდით და ამჯერად მარჯვნივ შევუხვიეთ, სადაც მომლოცველთა უზარმაზარი რიგი დაგვხვდა, რომელიც შთამბეჭდავი გუმბათის ქვეშ, ლითონის კონსტრუქციებით გამაგრებულ მცირე ზომის ნაგებობასთან სრულდებოდა. როგორც გიდმა აგვიხსნა, ეს რიგი იესოს საფლავთან მიდიოდა და ამ ნაგებობას კუვუკლია ეწოდებოდა, რაც ბერძნულად სარეცელს ნიშნავს.
ჩვენი თანმხლები გამოგვეყო და ნაგებობის შესასვლელთან მდგომ სასულიერო პირს, რომელიც ხალხის ნაკადს არეგულირებდა, რაღაც გადაულაპარაკა. შედეგად, იქ მდგომი ხალხის არც თუ ისე მეგობრული გამომეტყველების მიუხედავად, მე და ხოსე ურიგოდ აღმოვჩნდით კუვუკლიაში. სიმართლე რომ ვთქვა, მოლოდინმა, რიგში მდგომების გამომეტყველებამ, კონვეიერულმა ტემპებმა, რომლითაც ხდებოდა ხალხის გადაადგილება და მიბნედილმა განათებამ ისე იმოქმედა, რომ დიდად არ დამახსოვრდა, რა ვიხილე შიგნით. ნებისმიერ შემთხვევაში, არაფერი ისეთი, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებდა და შეიძლება ემოქმედა ჩემს რელიგიურ შეხედულებებზე.
გარეთ გამოსულებს, ჩვენი ამალა ტაძრის შესასვლელთან ტანმორჩილ, ჭაღარა, ულვაშებიან მამაკაცთან საუბარში გართული დაგვხვდა. როგორც გიდმა ებრაული კვარტლისა და გოდების კედლისკენ მიმავალ გზაზე აგვიხსნა, ეს მამაკაცი იმ არაბულ ოჯახს წარმოადგენდა, რომელსაც მაცხოვრის ტაძრის გასაღები ებარა.
ვიწრო და ხვეული საფეხმავლო ქუჩებით დაღმა გავემართეთ და ხუთიოდ წუთში, ჩვენს წინ ფართო მოედანსა და გოდების კედელზე ხედი გადაიშალა. კიბეებით მოედანზე დავეშვით და აღმოვჩნდით სულ სხვა საზოგადოების გარემოცვაში, ვიდრე მაცხოვრის ტაძართან ვიხილეთ. წინა დღით, ქუჩაში უკვე შევავლე თვალი რამდენიმე ეგზოტიკურად ჩაცმულ მამაკაცს. აქ კი, მათი სიმრავლე განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა.
გოდების კედელთან ახლოს მისასვლელად, შესავლელთან მაგიდიდან მუყაოს თეთრი თავსაბურავის, ე.წ. კიპას აღება და დახურვა მოგვიწია. გოდების კედლის მიმდებარე ტერიტორია ორ ნაწილად იყო გაყოფილი - მარცხენა, მამაკაცებისთვის და უფრო მომცრო, მარჯვენა, ქალებისთვის.
გოდების კედელთან მიახლოვებისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო კედლის უზარმაზარ ქვებს შორის ღრიჭოებში შეკვეხებულმა დახვეული ქაღალდის ფურცლებმა. გიდის განმარტებით, ნებისმიერ მსურველს შეეძლო მოსულიყო აქ, ქაღალდზე დაეწერა ღმერთისადმი თხოვნა და კედელში დაეტოვებინა.
ღმერთთან საფოსტო კავშირის დამყარების ამგვარმა ხერხმა ჩემი ირონიული ღიმილი გამოიწვია. ეს რომ თანმხლებ პირებს არ შეემჩნიათ, მოვტრიალდი და იქ მყოფ მორწმუნეებზე დავიწყე დაკვირვება. უკვე ნაცნობ სტილში ჩაცმული ათეულობით მამაკაცი გადაშლილი წიგნით ხელში კედელთან იდგა, რაღაცას მონოტონურად კითხულობდა და კედლის მიმართულებით ვერტიკალურ რიტუალურ მოძრაობებს ასრულებდა.
გოდების კედლის მიმდებარე მოედანი და საერთოდ, ძველი ქალაქის ტერიტორია სხვა გასასვლელიდან დავტოვეთ, რომელსაც შეიარაღებული დაცვა აკონტროლებდა. სააგენტოს მანქანა გასასვლელთან გველოდა. აქ გიდი დაგვემშვიდობა და სასიამოვნო საღამო გვისურვა. ხოსემ, დიდი მადლობა გადაუხადა საინტერესო ექსკურსიისთვის და უკვე შეთხელებული შემადგენლობით სასტუმრო “დავიდ ციტადელ”-ისკენ გავემგზავრეთ, სადაც გამომშვიდობების მორიგი ცერემონია გაიმართა.
ცოტა ფეხით გავლა გადავწყვიტე. თუმცა, 30-40 მეტრის გავლის მერე მივხვდი, რომ ჯერ კარგად ვერ ვერკვეოდი ქალაქის ქუჩებში და ტყუილად ბოდიალს, ტაქსის გაჩერება ვამჯობინე.
გზაში საკუთარ ფიქრებთან განვმარტოვდი და შევეცადე გამეანალიზებინა ნანახი. ქვეცნობიერად ალბათ იმედი მქონდა, რომ რელიგიის მსოფლიო ცენტრში ჩემი ვიზიტი გარკვეულ კორექტირებას შეიტანდა ჩემს რელიგიურ ხედვებში, პასუხს გასცემდა შეკითხვებს, გამიფანტავდა ეჭვებს, დამანახებდა, რომ არც ისე “უღმერთოდ” არის ყველაფერი, როგორც მე მიმაჩნდა, მაგრამ… პირიქით, ყოველმა ნაბიჯმა, ყოველმა “წმინდა ადგილმა” დაადასტურა ჩემი შეხედულებები. უფრო მეტიც, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთელი ინფრასტრუქტურა იერუსალიმის ძველ ქალაქსა და მის შემოგარენში, წარმოადგენდა ერთ დიდ ტურისტულ “ატრაქციონს”.
ტაქსი სასტუმროსთან გაჩერდა და უკვე მშობლიურად ქცეულ გარემოში აღმოვჩნდი. ფიქრი სიგარეტთან ერთად სასტუმროს ეზოში განვაგრძე, მაგრამ დიდი ხანი არ დამცალდა განმარტოება. სასტუმროს პარკინგზე მანქანა გაჩერდა და იქედან პეტროსი, ჩემთვის უცნობ მამაკაცთან ერთად გადმოვიდა. უცბად დავარტყი ბოლო სამი ნაფაზი, სიგარეტი ნაგვის ურნზე ჩავაქრე და ჩქარი ნაბიჯებით სასტუმროსკენ გავემართე.
- საღამო მშვიდობისა, პეტროს, - კარებთან წამოვეწიე ჩემს სტუმრებს.
- საღამო მშვიდობისა, - ხელი ჩამომართვა და განაგრძო, - ინფორმაცია მოგვივიდა, რომ ექსკურსია დამთავრდა და არ ვიცოდით როგორ მოგვეძებნე. გუშინ სულ დამავიწყდა, რომ ჯერ ადგილობრივი ნომერი არ გაქვს. როგორ მოაღწიე აქამდე?
- ტაქსი გავაჩერე, - ღიმილით ვუპასუხე.
- ძალიან კარგი. მოდი ჰოლში დავჯდეთ და სასიამოვნო თემაზე ვისაუბროთ. მართლა, გაიცანი ჩვენი ფინანსური მენეჯერი მენახემ გორენი.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, - ხელი ჩამოვართვი პეტროსის თანმხლებს.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, - მორიდებულად ჩაილაპარაკა მენახემმა.
ჩემი პირველადი შეფასებით, იგი დაახლოებით ორმოცდაათი წლის უნდა ყოფილიყო. მისი გარეგნობა - ჟღალი წვერი და ხუჭუჭა თმები, სქელლინზებიანი სათვალე, თეთრი, დაჭმუჭნული პერანგი, შავი შარვალი, გაურკვეველი ფერის “კროკსი”, ხელში ყავისფერი ტყავის გაცრეცილი ჩანთა, ადვილად მისახვედრს ხდიდა, რომ მისი სტიქიას ხალხთან ურთიერთობა არ წარმოადგენდა და თავს ყველაზე კომფორტულად საკუთარ ოფისში, ქაღალდების გროვასთან და საფინანსო დოკუმენტებთან განმარტოებით გრძნობდა.
სასტუმროს ჰოლში ხალხმრავლობა იყო და თავისუფალი სავარძლების მოსაძებნად დრო დაგვჭირდა.
- მენახემ, აბა დაიწყე, - დაჯდომისთანავე საქმეზე გადავიდა პეტროსი.
- პირველ რიგში კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება, - მისალმების ოფიციალური ნაწილი დაასრულა, შედეგ ჩანთა გახსნა და ორი კონვერტი ამოიღო, - აქ მობილურის სიმ-ბარათი და ორი კვირის ანაზღაურებაა, - კიდევ ერთხელ ჩაყო ხელი ჩანთაში და უკვე ფურცლები ამოალაგა, - ეს კონტრაქტია, რომლითაც პირველი ორი კვირით ვამყარებთ თქვენთან ურთიერთობებს, ასე ვთქვათ, საექსპერტო მომსახურებაზე. შემდგომში, უკვე ხანგრძლივვადიან კონტრაქტს გავაფორმებთ და საბანკო ანგარიშსაც გაგიხსნით, სადაც ყოველთვიურად მოხდება კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ჩარიცხვა. მაშინვე დავიწყებთ სამუშაო ვიზის გაფორმებაზე ზრუნვას. ეხლა კონტრაქტს გადახედეთ და თუ ყველაფერს ეთანხმებით, ხელი მოაწერეთ ორივე პირის თითოეულ გვერდზე, ხოლო ბოლო გვერდზე, შესაბამის გრაფაში გარკვევით ჩაწერეთ სრულად სახელი და გვარი, ასევე პასპორტის ნომერი და მოქმედების ვადა.
- შაბლონური კონტრაქტია. მარტო სახელი, გვარი და უმნიშვნელო დეტალები იცვლება, - დაამატა პეტროსმა. ეტყობა შეშინდა, რომ მართლა დავიწყებდი კონტრაქტის გულმოდგინედ კითხვასა და შესწავლას.
- ეჭვიც არ მეპარება, - ირონიულად ჩავიღიმე და შევუდექი ხელმოწერას.
დასრულების შემდგომ, მენახემმა ორივე ეგზემპლარი აიღო. ერთი ჩანთაში ჩააცურა, ხოლო მეორე გამჭვირვალე პოლიეთილენის საქაღალდეში ჩადო და მე გადმომაწოდა.
- ეს თქვენი პირია. მისტერ ჯეიქსმა უკვე მოაწერა ხელი, - დაასრულა და ორივე კონვერტი უკვე სრულიად ოფიციალურად გადმომაწოდა, - სულ ეს იყო, - ჩანთა ჩაკეტა, მუხლებზე დაიდო, ჯერ მე გამიღიმა, ხოლო შემდეგ პეტროსს გადახედა.
- ოკ, მენახემ, აღარ მოვაცდინოთ ლუკა. დაღლილი იქნება დატვირთული დღის მერე, - მიხვდა პეტროსი, რომ მენახემს უკვე წასვლა უნდოდა, - დანარჩენზე მერე მე დაველაპარაკები და ავუხსნი, - ამ სიტყვების შემდეგ მუხლებზე ხელის გულებით დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა.
ჩვენც წამოვდექით და გასასვლელისკენ დავიძარით.
- ხვალ დილით რომელზე გაიღვიძებ, რომ გამოგიარო? - გზად გადმომილაპარაკა პეტროსმა.
- რა ვიცი, როგორც შენთვის მოსახერხებელი იქნება. მე დრო ცოტა არეული მაქვს და სულ ერთია.
- მაშინ ჯობია ცოტა ადრე გავიდეთ, რომ შუა დღეზე არ მოვხვდეთ ზღვაზე, თორემ ისედაც მავნებელია და შენ საერთოდ დაიწვები, ჯერ აქაურობისთვის ძალიან თეთრკანიანი ხარ. მოკლედ, დილით ადექი, ისაუზმე და 8:30 შემოგივლი. შევთანხმდით?
- შევთანხმდით.
გასასვლელთან პეტროსს და მენახემს დავემშვიდობე, მადლობა გადავუხადე და საკუთარი ოთახისკენ გავემართე.


V

“Break my back with hard lovin'
Take my hand and keep movin'”

Deep Purple - Hard Lovin' Man


შხაპი გადავივლე და დივანზე მივწექი. დაღლილობა უძრავ მდგომარეობაში უფრო საგრძნობი გახდა. მთელი დღის განმავლობაში, ივლისის თაკარა მზეზე ფეხით გადაადგილება, არ იყო ადვილი საქმე. ტელევიზორი ჩავრთე და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მიმოხილვის ყურება დავიწყე.
გამახსენდა, რომ მერიკოს და ანდრიას კურსების დახურვის ცერემონიაზე მისვლას დავპირდი. წამოვდექი და ჩაცმა აუჩქარებლად დავიწყე. 15 წუთში სასტუმროს ჰოლში ვიყავი, სადაც ადვილად შევამჩნიე ბანერი. მასზე კურსების დასახელება და იმ დარბაზის სახელი ეწერა, რომელშიც დახურვის ცერემონია იმართებოდა.
დარბაზში იმავე სართულზე იყო და მიგნება არ გამჭირვებია.
კარი შევაღე და ხალხით სავსე დარბაზს თვალი მოვავლე. დარბაზის ბოლოში პრეზიდიუმის მაგიდა იდგა, რომლის უკანაც “მაშავ”-ის ემბლემიანი დიდი ბანერი იყო გადაჭიმული. პრეზიდიუმის მარცხნივ მდგარ ტრიბუნასთან უკვე ასაკში შესული ქალბატონი იდგა და სიტყვით გამოდიოდა. დანარჩენი დარბაზი რამდენიმე რიგად დადგმულ სკამებს ეკავა.
ბოლოდან მესამე რიგის განაპირას მერიკოსა და ანდრიას მოვკარი თვალი. ფრთხილი ნაბიჯებით მივუახლოვდი და ანდრიას მხარზე ხელი დავადე. ანდრიამ ამომხედა და სახეზე კმაყოფილების ღიმილი გამოეხატა. შემდეგ ხელით მის გვერდზე ცარიელ ადგილზე მიმითითა.
- ეს ადგილი ყოველი შემთხვევისთვის შენთვის გადავინახეთ. დიდად არ გვქონდა იმედი, რომ მოასწრებდი მოსვლას, - გადმომიჩურჩულა დაჯდომისას, - ეს ბოლო გამომსვლელია და მერე უკვე დაჯილდოებაა.
მართლაც, გამომსვლელმა ქალბატონმა არც თუ ისე მალე, მაგრამ დაასრულა გამოსვლა (როგორც შემდგომში არაერთხელ დავრწმუნდი, ისრაელში უყვართ სიტყვით გამოსვლა ხალხმრავალ შეკრებებზე) და კურსდამთავრებულთა დაჯილდოებაც დაიწყო.
ტრიბუნასთან ქვეყნების მიხედვით სათითაოდ იწვევდნენ მონაწილეებს, რომელსაც ორგანიზატორთაგან ყველაზე მთავარი პირი, შესაბამისი ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად, სერტიფიკატს გადასცემდა. შემდეგ იყო პრეზიდიუმში მჯდომ ჩემთვის უცნობი პირებისთვის ხელის ჩამორთმევა, სამახსოვრო ფოტო და საკუთარ ადგილზე დაბრუნება.
ამ მეტად მოსაწყენი და გრძელი პროცესის მარტივად გადასატანად, მდედრობითი სქესის კურსდამთავრებულების შეფასებით დავკავდი. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ეთიოპელმა გოგონამ. სანამ ზემოხსენებულ რიტუალს დაასრულებდა, მოვასწარი მისი კარგად შეთვალიერება - მაღალი, ტანადი, ღია კაკაოსფერი კანითა და უზადო ღიმილით.
ჩემი აღტაცება ანდრიას თავის დაქნევით გავუზიარე. თუმცა, ეს გოგო უცბად დამავიწყა მეორე ეთიოპელმა კურსდამთავრებულმა, რომელიც პირველზე გაცილებით უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მის გარეგნობას განსაკუთრებულობას ანიჭებდა ცისფერი თვალები და ევროპული სახის ნაკვთები.
ახლა უკვე ანდრიამ გადმომხედა და როდესაც ჩემს სახეზე მოსალოდნელი დაუფარავი აღტაცება ამოიკითხა, გაეღიმა.
ამ ორის გარდა, ჩემი ყურადღება კიდევ ერთმა, კოლუმბიის წარმომადგენელმა მიიპყრო. შეიძლება ის ისეთი უზადო სილამაზის არ იყო, როგორც ეთიოპელი გოგონები, მაგრამ ლათინური ამერიკელისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტი და სექსუალურობა, რომელიც მის მიმიკასა და ყოველ მოძრაობაში იგრძნობოდა, გულგრილს ვერ დაგტოვებდა.
როდესაც ანდრიას და მერიკოს დაჯილდოების დრო დადგა, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, პირველ რიგში მჯდომი ჩვენი საელჩოს წარმომადგენელი იხმეს პრეზიდიუმთან და სწორედ მან გადასცა სერტიფიკატები ჩემს მეგობრებს.
იქ დამსწრე სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა შორის, ჩვენი დიპლომატი ყველაზე ახალგაზრდა იყო - ალბათ დაახლოებით ჩემი, ანდრიასა და მერიკოს ხნის. მისი უშუალო და თითქოს სიმორცხვენარევი ღიმილი, უმალვე დადებითად განგაწყობდა, რაშიც დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ, პირისპირ შეხვედრისას დავრწმუნდი.
- ლუკა, მადლობა, რომ მოხვედი, - ცერემონიის დასრულების შემდგომ, დარბაზიდან გამოსვლისას გადმომილაპარაკა მერიკომ და უკვე ხმამაღლა განაგრძო, - გაიცანი ისრაელში ჩვენი საელჩოს წარმომადგენელი, ბატონი დავითი.
- უბრალოდ დათო, - ჩემს მიერ უკვე აღნიშნული უშუალო ღიმილით შეუსწორა ჩვენმა დიპლომატმა და ხელი ჩამომართვა, - ანდრიამ და მერიკომ უკვე მითხრეს თქვენს შესახებ.
- “შენს” შესახებ, - უკვე ჩემი ჯერი დადგა შემესწორებინა.
ყველას გაგვეცინა.
- ეხლა პატარა ფურშეტი იქნება, ხომ წამოხვალთ? - ორივეს ერთდროულად მოგვმართა მერიკომ.
- მე თქვენს განკარგულებაში ვარ, - დავასწარი პასუხი.
- სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი, - უხერხულად შეიშმუშნა დათო, - უკვე გვიანია. მე კიდევ, თელ-ავივში უნდა დავბრუნდე. თანაც, ხვალ დილიდანვე საქმე მაქვს. 10-15 წუთით შემოვალ, დავემშვიდობები “მაშავ”-ის წარმომადგენლებს. თქვენ კიდევ გააგრძელეთ დროსტარება.
ნელ-ნელა ყველამ მეორე დარბაზში გადავინაცვლეთ, სადაც კუთხეში მდგარ მაგიდაზე ბუტერბროდები, ასევე ჭიქებში ჩამოსხმული ღვინო და ულკოჰოლო სასმელები ელაგა.
დათო ორგანიზატორებისკენ გაემართა. მე, ანდრია და მერიკო მაგიდისკენ გავემართეთ და თითო ჭიქა ღვინო ავიღეთ.
- კურსების დასრულებას გილოცავთ. სულ ასე წარმატებული ყოფილიყავით, - ჩემს თავზე ავიღე სადღეგრძელოს თქმა და ღვინო მოვსვი.
- მერი, არ გაგვაცნობ თქვენს სტუმარს? - ღიმილით მოგვიახლოვდა ჩემს მიერ დაჯილდოების ცერემონიაზე შემჩნეული კოლუმბიის წარმომადგენელი.
- დიდი სიამოვნებით. ლუკა, ახალგაზრდა და პერსპექტიული მეცნიერი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა საერთაშორისო არქეოლოგიურ ექსპედიციას და იღბლიანი დამთხვევით, ჩვენს სასტუმროში ცხოვრობს, - არ დააყოვნა მერიკომ ჩემი წარდგენა, - ეს კიდევ ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, აქტიური და მხიარული წევრია, მარია.
- ძალიან სასიამოვნოა, - დამასწრო მარიამ და ხელი გამომიწოდა.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა. ჩემმა მახვილმა მზერამ, ასეთი მომხიბლავი ქალბატონი ჯერ კიდევ დაჯილდოების ცერემონიაზე შეამჩნია და მოხარული ვარ, რომ გაცნობის საშუალება მომეცა, - ვცადე ჩემს ხმაში მაქსიმალური თვითდაჯერება და კეთილგანწყობა ჩამედო.
- ვხედავ, თქვენი მეგობარი არა მხოლოდ სიმპათიური მამაკაცი, არამედ ასევე ჯენტლმენიც ყოფილა, - გადაწყვიტა საპასუხო კომპლიმენტი პირდაპირ არ ეთქვა და მერიკოს მიმართა.
- ჩვენი მეგობარი სხვანაირი ვერც იქნებოდა, - ღიმილით უპასუხა მერიკომ, - თქვენ ისაუბრეთ, მე რაღაც მაქვს გასარკვევი გამგზავრების დეტალებზე და ცოტა ხნით დაგტოვებთ.
- დიდი ხანია ჩამოხვედით? - მერიკოს წასვლისთანავე მომიბრუნდა მარია.
- ჯერ მხოლოდ მეორე დღეა. თუმცა, უკვე მოვასწარი ქალაქის დათვალიერება. თქვენ როგორც ვიცი, უკვე სამი კვირაა აქ ხართ.
- კი, სამი კვირაა. ჩვენ არა მარტო იერუსალიმი, თითქმის მთელი ქვეყანა მოვიარეთ. ჩრდილოეთშიც ვიყავით ხაიფაში და კინერეთის ტბაზე, ასევე მკვდარ ზღვაზეც. ცოტა დამღლელი კი იყო, მაგრამ საინტერესოა. ჯგუფიც ძალიან მეგობრული გამოდგა. მოკლედ, კმაყოფილი ვბრუნდები სახლში, - გაიღიმა და ჭიქა მომიჭახუნა.
- მშვენიერია, - მოვსვი ღვინო და განვაგრძე, - ზღვაზე თუ იყავით?
- კი, ცოტა კი გაგვიჭირდა დროის გამონახვა. ყოველი დღე დეტალურად იყო გაწერილი, მაგრამ ერთ-ერთ შაბათს მოვახერხეთ თელ-ავივში ჩასვლა. თქვენი ექსპედიცია რას იკვლევს? - დამიბრუნა შეკითხვა.
მომიწია მესაუბრა ექსპედიციის საქმიანობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ ვიყავი ჯერ ზუსტად საქმის კურსში, თუ რით ვიყავით დაკავებული, ვცადე ხატოვნად და შთამბეჭდავად მელაპარაკა მეცნიერის საინტერესო და “თავგადასავლებით სავსე” ცხოვრების შესახებ.
ე.წ. “გაცნობითი” საუბარი კიდევ გარკვეულ ხანს გაგრძელდა. ვიგრძენი, რომ მოწევა მომინდა.
- მარია, სუფთა ჰაერზე ხომ არ გავსულიყავით? დიდი სიამოვნებით მოვწევდი სიგარეტს ჭიქა ღვინის შემდეგ.
- მეც სიამოვნებით მოვწევ. რა თქმა უნდა, თუ დამპატიჟებ. აქტიური მწეველი არ ვარ, მაგრამ როდესაც თავს კარგად ვგრძნობ, მიყვარს ერთი ღერის გაბოლება, - ენთუზიაზმით გამოეხმაურა ჩემს წინადადებას.
ღვინის ბოლო ყლუპი მოვსვი, ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დავდგი და გასასვლელისკენ დავიძარით. სასტუმროს ჰოლში დათოს მოვკარი თვალი, რომელიც ანდრიას და მერიკოს ემშვიდობებოდა.
- ლუკა, - დანახვისთანავე ჩემსკენ გამოემართა დათო, - მე უკვე თელ-ავივისკენ უნდა დავიძრა. თუ რამე დაგჭირდა, ან ისე, თელ-ავივში როცა იქნები, არ მოგერიდოს, დამირეკე, სადმე დავჯდეთ, დავილაპარაკოთ, - მომიახლოვდა თავისი სავიზიტო ბარათი გამომიწოდა, რომელზეც ხელით მობილური ტელეფნის ნომერი იყო მიწერილი.
- დიდი მადლობა, აუცილებლად, - გავუღიმე საპასუხოდ და ხელი ჩამოვართვი.
შემდეგ იგი ანდრიას და მერიკოს მიუბრუნდა, ხოლო მე და მარიამ გასასვლელისკენ გავაგრძელეთ გზა.
- ძალიან უშუალო ხალხი ხართ ქართველები, როგორც ჩვენ, კოლუმბიელები, - სიგარეტს მოვუკიდეთ და განვაგრძეთ საუბარი, - ამაში თავად დავრწმუნდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ანდრია და მერიკო სულ ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ყურადღებას აქცევდნენ. დანარჩენ ჯგუფთანაც გახსნილები და მეგობრულები იყვნენ. ერთ-ერთ საღამოს ყველას ქართული ღვინის დეგუსტაცია მოგვიწყვეს. ეხლაც, ვაკვირდებოდი სხვა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლებს. ყველანი სერიოზული, ოფიციალური სახეებით პოზიორობდნენ. თქვენი წარმომადგენელი, კი ისე იქცეოდა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყავით.
- შესაძლოა. რაც ეხლა შენ თქვი, ჩვენთვის ბუნებრივია და ამდენად, ზედმეტ ყურადრებას არ იქცევს, - ნაფაზი დავარტყი და მხრები ავიჩეჩე.
სასიამოვნო, გრილი საღამო იდგა. უკვე არც კი მჯეროდა, რომ თაკარა მზე და დამღლელი ექსკურსია ამავე დღეს იყო.
გვერდზე დათომ ჩაგვიარა, რომელმაც კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ მისთვის დამერეკა, შემდეგ ორივეს დამშვიდობების ნიშნად გაგვიღიმა და მანქანისკენ დაიძრა.
სიგარეტი ორივემ თითქმის ერთდროულად ჩავაქრეთ და ის იყო უნდა დავძრულიყავით შესავლელისკენ, როდესაც მარია მომიბრუნდა.
- ჩემთან ავიდეთ, თუ შენთან?
- როგორც უკვე თავად აღნიშნე, ჯენტლმენი ვარ და ჩემთან გეპატიჟები, - ვცადე ხუმრობანარევი ტონით გადამეფარა მოულოდნელი წინადადებით გამოწვეული მღელვარება.
- მშვენიერი, - ღიმილში ჩააქსოვა მთელი თავისი სექსუალურობა მარიამ.
ლიფტამდე უსიტყვოდ მივედით. მომეჩვენა, რომ უზომოდ დიდი დრო გავიდა, სანამ ლიფტი ჩვენამდე ჩამოაღწევდა. კაბინაში შევედით და თითი ჩემი სართულის ღილაკს მივაჭირე. შემდეგ მარიას ხელი მოვხვიე და კისერზე ნაზად ვაკოცე.
- რა სასიამოვნო არომატია. რა სუნამოა? - თავი ოდნავ ავწიე და ყურში ჩავუჩურჩულე.
- Rush1, - აღგზნება ვიგრძენი მის ხმაში.
- თვლი, რომ უნდა ავჩქარდეთ? - ვცადე ჩემს ხმაშიც გამერია რომანტიული სექსუალურობა.
- სუნამოა Rush, Gucci Rush, - ხმამაღლა გადაიხარხარა მარიამ.
მეც სიცილი ამიტყდა. სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მომენტმაც სრულად დაკარგა თავისი რომანტიულობა.
ასე სიცილში მივაღწიეთ ჩემი ოთახის კარებამდე.
შესვლისთანავე ორივე მყისიერად დავსერიოზულდით. კარი მივხურე თუ არა, მარიას ცალი ხელი მოვხვიე და ვნებიანად ვაკოცე. მეორე ხელი ქვემოთ, საშუალოზე მოკლე სიგრძის თხელი კაბის ქვეშ შევაცურე და ხელისგულზე, მისი თეძოს სასიამოვნო ხავერდოვანი სითბო ვიგრძენი. კოცნა არ შემიწყვეტია, ისე განვაგრძე კაბის ქვეშ ხელით ფერება, მისი ერთ-ერთი მკვრივი დუნდულა ხელში მოვიქციე, თითები მოვუჭირე და ჩემსკენ მოვიზიდე. მისი მკერდი ჩემსას მოეკრა, რამაც კიდევ უფრო აღმაგზნო. დარწმუნებული ვარ, მარიამაც იგრძნო მუცლის არეში ამის შედეგი. მისი აჩქარებული სუნთქვა და კოცნისას აქტიურობა ადასტურებდა, რომ მარტო მე არ ვიყავი ამგვარ მდგომარეობაში.
ხელი წინიდან ფეხებს შორის შევუცურე, საჩვენებელი თითით ბიკინის ვიწრო ზოლი გადავწიე, ხოლო შუა თითი დანამული ღარის გასწვრივ ნაზად გავატარე და თითის ბალიში პატარა ბორცვზე გავაჩერე. მარიას შეაჟრიალა და ვნებიანად ამოიკვნესა.
ორივე ხელი გავუშვი, შარვლის უკანა ჯიბიდან საფულე ამოვიღე, მის ერთ-ერთ განყოფილებაში, დაუგეგმავი შემთხვევისთვის გადანახული პრეზერვატივი მოვძებნე და მისი გახსნა დავიწყე. დანამულმა თითებმა და აღგზნებამ ერთიორად გაართულა ეს პროცესი, რის გამოც კბილებითი მომიწია მკვრივი პოლიეთილენის პაკეტის გაგლეჯვა.
სანამ პრეზერვატივით ვიყავი დაკავებული, ვერც კი შევამჩნიე, როგორ გამიხსნა მუხლებზე მდგარმა მარიამ შარვლის ღილები და მხოლოდ მაშინ მივხვდი ამას, როდესაც ასოს თავზე მისი სასიამოვნო, თბილი ტუჩებისა და ენის ნაზი შეხება ვიგრძენი. მარიამ იგრძნო, რომ მესიამოვნა და უფრო ენერგიულად განაგრძო ფერება, რაც უკვე ჩემი ვნებიანი ამოკვნესის მიზეზი გახდა.
რაღაც მომენტში, მივხვდი, რომ დრო იყო მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად. წამოვაყენე, მისი ბიკინი ბოლომდე ჩავქაჩე და პრეზერვატივს მივუჩინე ადგილი. მარიამ ორი მოძრაობით ფეხები ბიკინისგან გაითავისუფლა და აღგზნებული გამომეტყველებით თვალებში ამომხედა.
მკვეთრი მოძრაობით იგი ჩემსკენ ზურგით შემოვატრიალე, წინ, ტელევიზორის სადგამისკენ გადავხარე და უკნიდან მკვეთრად შევედი, რასაც მარიას მორიგი ამოკვნესება მოჰყვა. ცალი ხელით, უკვე ნაცნობი ბორცვი ვიპოვე და მისი ფერება დავიწყე, თან ნელ და ღრმა წრიულ მოძრაობას ვაგრძელებდი. გარკვეული დროის შემდგომ, ხელები თეძოებზე მოვხვიე და სწრაფ, მკვეთრ მოძრაობაზე გადავედი. ნელ-ნელა ტემპს ვუმატებდი. შესაბამისად, სულ უფრო ხმამაღალი და ხშირი გახდა მარიას კვნესა და მის მიერ როგორც ინგლისურ, ასევე ესპანურ ენაზე წამოყვირებული, რაიმე მკაფიო შინაარს მოკლებული შორისდებულები, რაც კიდევ უფრო მეტად აღმაგზნებდა...
დასრულებიდან რამდენიმე წამში გავიაზრე, რომ ჩაცმულები, არც თუ ისე დიდი ოთახის შესასვლელში ვიდექით. მხოლოდ ახლა დავფიქრდი, თუ გვერდზე განთავსებულ რამდენ ოთახში ისმოდა ჩვენი ხმა. თუმცა, მივხვდი, რომ ეს დიდად არ მაღელვებდა.
- მადლობა! - წელში გაიმართა და სახით ჩემსკენ შემოტრიალდა, შემდეგ დაიხარა, თავისი ბიკინი აიღო და სააბაზანოსკენ გაემართა.
- ახალი პირსახოცი სააბაზანოშია, - ისე დამაბნია მისმა რეპლიკამ, მხოლოდ ამის მიძახება მოვახერხე. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასეთ დროს მადლობას ვიღებდი. თანაც ისეთი ტონით მითხრა, თითქოს გაფუჭებული უთო შევუკეთე. თუმცა, მისი გაცისკროვნებული სახე მეტყველებდა, რომ არ შევრცხვენილვარ.
სააბაზანოდან წყლის ხმა გავიგე. უცბად გამოვედი ფიქრებიდან და აღმოვაჩინე, რომ შარვალჩახდილი უძრავად ვიდექი შუა ოთახში. ტანსაცმელი გავიხადე, დივანზე მიფენილი ხალათი მოვიცვი და აივანზე მოსაწევად გავედი. თუ არ ჩავთვლით, უცნაურ მადლობას, საღამოთი დიდად კმაყოფილი ვიყავი.
ვერც კი შევამჩნიე, აივნის კარი როგორ გაიღო და ასევე ხალათმოსხმული მარია გამოვიდა.
- რაზე ჩაფიქრებულხარ? - სიგარეტი ხელიდან გამომართვა, მიყოლებით, ორი ღრმა ნაფაზი დაარტყა და უკან დამიბრუნა.
- არც არაფერზე. უბრალოდ ვტკბები სასიამოვნო საღამოთი, - გავუღიმე და წელზე ხელი შემოვხვიე.
- საღამო მართლაც სასიამოვნო გამოდგა. იმაზე გაცილებით სასიამოვნო, ვიდრე დღისით წარმოვიდგენდი, - საპასუხოდ გამიღიმა და სიგარეტი კიდევ ერთხელ “ითხოვა” დაუკითხავად. ისევ მიყოლებით ორი ღრმა ნაფაზი დაარტყა და უკან დამიბრუნა, - ჩავიცვამ და წავალ ჩემთან.
- სად გეჩქარება? ჯერ მისალმებაც არ დაგვიმთავრებია, - გაკვირვებულმა გადავხედე და თვალი ჩავუკარი.
- ხვალ ხომ მივფრინავ. გრძელი გზაა კოლუმბიამდე. გადაჯდომა მიწევს ფრანკფურტში. იქ კიდევ თითქმის ნახევარი დღე უნდა ვიყო აეროპორტში. თუმცა, თუ რაიმე საინტერესოს შემომთავაზებ, განვიხილავ შენს წინადადებას, - დამაინტრიგებლად შემომხედა და მოლოდინის რეჟიმში გაისუსა.
- სააბაზანოში შევალ მეც ცოტა ხნით და მერე დაგელაპარაკები, - ხელოვნურად სერიოზული სახით გადავხედე, შემდეგ სიგარეტი საფერფლეზე ჩავაქრე და სააბაზანოსკენ გავემართე.
უკან დაბრუნებულს, მარია უკვე ლოგინში დამხვდა. ტელევიზორი რომელიღაც მუსიკალურ არხზე ჩაერთო და ნებივრობდა.
- მიმიღებთ თქვენთან? - ავიღე ნებართვა.
- თქვენ? ნებისმიერ დროს, - გამიღიმა და საბნის კუთხე ოდნავ გადაკეცა.
ხალათი სკამზე მივაგდე და ლოგინში შევცურდი. შხაპის შემდგომ სხვანაირად შევიგრძენი მისი თბილი, სასიამოვნო კანი. პრაქტიკულად, მხოლოდ ახლა მომეცა საშუალება მოვფერებოდი მის მკერდს, ხელებით შემეგრძნო მთელი მისი სხეული. საბნის ქვეშ შევყავი თავი და კერტზე ენით მოვეალერსე. ცოტა ხანში, ხელი ფეხებშუა შევაცურე და შუა თითით სიღმეში შევაღწიე, სადაც წინა კედლის ოდნავ ხაოიან ზედაპირის ნაზად ფერება დავიწყე.
ისევ გახშირებული სუნთქვა და ჩუმი კრუსუნი - ადვილი შესამჩნევი იყო, რომ ჩემი ფერება მარიას ძალიან სიამოვნებდა.
რაღაც მომენტში მკვეთრად მოიცილა ჩემი ხელი, საბანი ერთი მოძრაობით გადააგდო გვერდზე, ზურგზე გადამატრიალა და არც დაუცდია, სანამ პრეზერვატივს მოვიტანდი, ისე მოექცა ზემოდან. რაც შემდგომ მოხდა, ძნელია მხოლოდ სიტყვებით აღწერო - ყველაზე ცეცხლოვანი ლათინო-ამერიკული ცეკვა, თეძოების არნახული მოძრაობები, მარიას მიერ გამოცემული ხმები, რომლებიც მკვდარსაც კი აღაგზნებდა… ამჯერად, მე მხოლოდ ამ წარმოდგენის პასიური მონაწილის როლი მერგო.
შუალედებში წათვლემას თუ არ ჩავთვლით, რეალურად, მხოლოდ გამთენიისას ჩაგვეძინა, მაშინ, როდესაც ორივეს ადგომამადე 3 საათზე ცოტა მეტი რჩებოდა - მარია აეროპორტში უნდა წასულიყო, ხოლო ჩემთვის პეტროსს უნდა გამოევლო.
ასეთი დატვირთული ღამის მერე, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი რთული იყო ადგომა. მე თუ კიდევ შემეძლო პეტროსისთვის დარეკვა და სულ მინიმუმ, დროის გადაწევა, მარიას მსგავსი ფუფუნების საშუალება არ ჰქონდა - მის რეისს არავინ გადაავადებდა.
მას ბარგიც უნდა ჩაელაგებინა ბოლომდე და მომქანცველი, თითქმის ორდღიანი მოგზაურობისთვის მომზადებულიყო. ამიტომ, 7:30 საკუთარ ოთახში წასვლა მოუწია. ვიფიქრე, ცოტას მარტო წავიძინებ მეთქი, მაგრამ დაღლილობისა და უძილობის მიუხედავად, არ ჩამეძინა. თანაც შემეშინდა, რომ დაძინების შემთხვევაში, უეჭველი ვეღარ გავიღვიძებდი დროზე.
სხვა გზა აღარ იყო. ავდექი და აღარც მახსოვს ბოლო 24 საათის განმავლობაში მერამდენედ, შხაპი გადავივლე. შხაპმა ცოტა გამომაფხიზლა და ზურგჩანთაში ზღვისთვის საჭირო ნივთების ჩალაგება დავიწყე. ეს პროცესი სასურველზე მალე მოვრჩი, ვინაიდან პირსახოცის, ჩუსტებისა და საცურაო კოსტიუმის ზურგჩანთაში ჩადებას დიდი დრო არ დასჭირვებია.
დარჩენილი დროის გაყვანა საუზმით ვცადე. აქაც იმედგაცრუება მელოდა - საჭმლის დანახვამ, მოშიების მაგივრად უკურეაქცია გამოიწვია. რა გაეწყობოდა, ყავის ფინჯანი ავიღე და ვერანდაზე ჩამოვჯექი. სიგარეტიც არ მესიამოვნა და შუა ღერზე ჩავაქრე. ნიავმა წამოუბერა და ცოტა შემამცივნა, რაც ალბათ, ნიავზე მეტად, უძილობით იყო გამოწვეული.
ცოტა ხანში დარბაზში მარია შევამჩნიე, რომელმაც ცარიელი თეფშით ხელში საჭმლის რიგს ჩემსავით გულგრილად ჩაუარა და ვერანდაზე ასევე ყავის ფინჯნით გამოვიდა. ჩემგან განსხვავებით, თეფშზე ცოტაოდენი დაჭრილი ხილი დაელაგებინა.
- თავს როგორ გრძნობ? - ვცადე ყურადღების გამოჩენა.
- ისე, თითქოს მთელი ღამე მხმარობდნენ.
ორივეს არაქათგამოცლი, ღიმილის მსგავსი გრიმასა გამოგვესახა სახეზე.
- თუ ხუმრობის გარეშე, ისეთი ღამე იყო, სიბერეში რომ სასიამოვნოდ გაგახსენდება. კიდევ ერთხელ მადლობა.
აქ უკვე ვეღარ მოვითმინე.
- უცნაური გოგო ხარ. ჩემთვის ჯერ არავის არ უთქვამს ამისთვის მადლობა.
- ალბათ სხვებთან ასე მონდომებული არ ყოფილხარ, - ისევ ხუმრობა სცადა მარიამ და კვლავ ორივეს ღიმილის მსგავსი მანჭვა გამოგვივიდა, - შენ ყველაზე უკეთესი ხარ, ვინც კი მყოლია, - დაამატა ბოლოს.
- შენც არაგიშავდა, - ამჯერად მე ვიხუმრე და საპასუხოდ მხარზე მარიას მუშტი ვიგრძენი.
მსგავსი აღიარება არაერთხელ მიმიღია. მიუხედავ იმისა, რომ ნათელი იყო ამ სიტყვების სიყალბე და პათეტიკურობა, მაინც ყოველ ჯერზე მსიამოვნებდა მათი მოსმენა.
ორიოდ წუთში, მარიას სასტუმროს თანამშრომელმა დაუძახა. უთხრა, რომ ტაქსი უკვე ადგილზე იყო.
ორივე წამოვდექით და სასტუმროს ჰოლისკენ დავიძარით.
იქ მარიას ბარგი უკვე მანქანაში ჩაელაგებინათ. მძღოლი მხოლოდ მგზავრს ელოდა.
- არ მიყვარს დამშვიდობება, - შუა ჰოლში შეჩერდა მარია, - კარგად იყავი, - დარჩენილი ბოლო ძალები გამოსამშვიდობებელ კოცნაში ჩააქსოვა.
- კარგად. კეთილი მგზავრობა, - გზაში დავაწიე მე.
მარია მოტრიალდა და გამიღიმა, შემდეგ კი მანქანისკენ გზა განაგძო. ძალიან გამაკვირვა მის თვალებზე ცრემლმა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენს შორის რაც მოხდა, მხოლოდ სექსი იყო და გრძნობებთან არაფერი ჰქონდა საერთო… თუმცა, ქალებს რას გაუგებ.
მანქანა დაიძრა, კიდევ ერთხელ მოვკარი თვალი მარიას ნაღვლიან მზერას. მე კი, ვერანდაზე ისევ ჩემს ყავის ფინჯანს დავუბრუნდი.


1Rush (ინგლ.) - ამ შემთხევაში, შესაძლებელია გაგებული იქნას, როგორც “აჩქარდი”.

VI

"I don't think you trust
In my self-righteous suicide
I cry when angels deserve to Die"

System Of A Down - Chop Suey!


სასტუმროს რესტორანი ნელ-ნელა ხალხით შეივსო. უკვე ნაცნობ სახეებსაც მოვკარი თვალი და დიდი იმედი მქონდა, რომ ანდრია და მერიკოც გამოჩნდებოდნენ. გული მეთანაღრებოდა, გუშინ საღამოს, დამშვიდობება რომ ვერ მოვახერხე.
ჩემი მოლოდინი ძალიან მალე გამართლდა და ჯერ მერიკო, ხოლო შემდგომ ანდრია დავინახე საჭმლის რიგში. ხელი დავუქნიე და მალე ორივე ჩემს მაგიდას შემოუერთდნენ.
- დაღლილი სახე გაქვს, - ეშმაკურად შემომხედა მერიკომ.
- არც უმაგისობაა. ცუდად მეძინა, - ვცადე გვერდი ამევლო პირდაპირი პასუხისთვის.
- ცუდად გეძინა იმიტომ, რომ არ დაგაძინეს, ხომ? - ახლა უკვე ანდრიამ ჩაიხითხითა.
- დეტალები მოგიყვეთ, თუ ზოგადი ფრაზებით შემოვიფარგლო? - მივხვდი, რომ კონსპირაციამ აზრი დაკარგა და სარკაზმი ჩავრთე, შემდეგ ვცადე საუბრის სხვა თემაზე გადატანა, - ისე, ზუსტად თქვენს გამოჩენამდე ვფიქრობდი იმაზე, რომ გუშინ ვერ მოვასწარი დამშვიდობება. კარგია, აქ რომ მომისწარით. მალე (თან საათს დავხედე) უნდა გამომიარონ და თელ-ავივში მივდივართ.
მოკლედ, ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა და რა ვიცი, აქეთ თუ იქენით, შემეხმიანეთ. მე ჩამოვალ თბილისში და მე შეგეხმიანებით… და კიდევ, მადლობა ჩემი სანაცნობო წრის გაფართოებაში შეტანილი წვლილისთვის, - დავასრულე და გავიღიმე.
ანდრია და მერიკოც მიხვდნენ, რა ნაცნობობას ვგულისხმობდი და დამშვიდობება მხიარულ ნოტაზე დასრულდა.
ვერანდიდან, სასტუმროს ჰოლს გვერდი ავუარე და შესასვლელს ბაღის მხრიდან მივადექი, რის გამოც, მანქანაში მჯდომმა პეტროსმა, რომელიც შენობისკენ იყურებოდა, ჩემი მიახლოვება ვერ შეამჩნია.
- დილა მშვიდობისა, - მძღოლის მხარეს მინაზე მივუკაკუნე.
მოულოდნელობისგან პეტროსი შეხტა.
- დილა მშვიდობისა, ვხედავ ადრიანად ამდგარხარ.
- საერთოდ თუ მეძინა, - მანქანის უკანა კარი გავაღე, ზურგჩანთა სავარძელზე დავაგდე და წინა სავარძელზე დავჯექი.
- ხომ მშვიდობაა, რატომ არ გეძინა? - დაინტერესება ვიგრძენი მის ხმაში.
- რატომ შეიძლება არ ეძინოს ღამით ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე მამაკაცს? შენ მაინც არ მეგონა ასეთ რამეს თუ მკითხავდი.
- ოჰო! მომწონს, მომწონს… გუშინ როდესაც მე და მენახემმა დაგტოვეთ, არაფერი მოასწავებდა შენს უძილო ღამეს. ექსკურსიის დროს გაიცანი ვინმე? - პეტროსი აჟიტირებული ჩანდა და გასაგები იყო, არ მომეშვებოდა, სანამ გარკვეულ ინფორმაციას არ მიიღებდა ჩემგან.
- არა, ექსკურსიაზე არავინ გამიცნია. მართლა, კონდიციონერს ცოტა რომ დავუწიოთ წინააღმდეგი ხომ არ იქნები? უძილობისგან მამცივნებს. სასტუმროში ჩემი მეგობრები აღმოვაჩინე, რომლებიც სასწავლო კურსებზე იყვნენ ჩამოსული. მოკლედ, გუშინ დახურვის ცერემონია ჰქონდათ, რომელზეც მეც მიმიწვიეს. იქ კიდევ, მათი ერთი ჯგუფელი, კოლუმბიელი ნიმფომანი გავიცანი. როგორც ხედავ, ცოცხალმა ძლივს გამოვასწარი, - მოკლედ ჩამოვაყალიბე აზრი.
ორივეს გაგვეცინა.
- მაშინ ცოტა ძილი დაგიმსახურებია. შეგიძლია სავარძელი უკან გადაწიო და წათვლიმო. წინ დაახლოებით ერთი საათის გზა გვაქვს.
მისი წინადადება უსიტყვოდ მივიღე, სავარძელი უკან გადავწიე და დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკის ხმის ფონზე მყისიერად ჩამეძინა.
გამაღვიძა პეტროსის ხმამაღალმა წამომღერებამ:
- “Wake up! Grab a brush and put a little make-up…“2
- System of a Down-ს უსმენ? - გაკვირვებულმა მოვიფშვნიტე თვალები და წამოვიწიე.
- რა თქმა უნდა! ზოგადად, მიყვარს კარგი მუსიკა, - ხელები გაშალა და დაამატა, - უკვე მოვედით. დროა ზღვის იოდიზირებული ჰაერის დოზა მივიღოთ.
გარშემო მიმოვიხედე. მანქანა, ცისარტყელას ფერებში შეღებილი სწორკუთხა შენობის წინ, ავტოსადგომზე იდგა. პირდაპირ, გზის გადაღმა ოქროსფერი ქვიშა და ლაჟვარდისფერი ზღვა დავინახე.
- ეს არის სასტუმრო “დან თელ-ავივ”. გარედან დიდად არ ეტყობა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროა თელ-ავივში, - პეტროსმა ჩვენს უკან მდგარ შენობაზე მიმითითა, - პირდაპირ, კი გორდონის სანაპიროა.
მანქანიდან გადმოვედით და ზღვისკენ დავიძარით. ცოტა ხანში, ფეხებქვეშ რბილი ქვიშა შევიგრძენი. საკმაოდ ფართო პლიაჟი თითქმის ბოლომდე გადავკვეთეთ და წყლის პირას, მზისგან დამცავი ქოლგის ქვეშ, თავისუფალ ორ შეზლონგზე დავალაგეთ ჩვენი ნივთები.
წყალი სასიამოვნო და თბილი აღმოჩნდა. რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, ჩვენი, შავი ზღვის სანაპიროსგან განსხვავებით, უცბად არ ღრმავდებოდა და შესაძლებელი იყო ზედმეტი ფიზიკური დაძაბვისა და არაქათგამომცლელი ფართხალის გარეშე (ჩემს ცურვას სხვა სახელს ვერ ვუწოდებ) წყალში ნებივრობა.
როდესაც წყლის სიმაღლე მკერდს ასცდა, შევჩერდით. ნაპირისკენ მოვტრიალდი. ჩემს წინ თანამედროვე ქალაქის პეიზაჟი გადაიშალა. სანაპიროს გაყოლებაზე მდგარ შენობებზე სასტუმროს ნაცნობი ქსელური ბრენდების დასახელებები ამოვიკითხე. უკანა პლანზე, საცხოვრებელი სახლები და საოფისე შენობებიც მოჩანდა. მარჯვნივ, ზღვაში შეჭრილი შემაღლებული კონცხი, რომელზეც მცირე ზომის შენობები და სიმწვანე დავლანდე, ჰორიზონტს განსაკუთრებულ სილამაზეს მატებდა.
- ეს რა რის? - სწორედ ამ კონცხისკენ მივუთითე პეტროსს.
- ეს იაფოს ძველი ქალაქია. საღამოს შევისეირნოთ. ჯერ ერთი, ყველაზე გემრიელ შაურმას იქ ამზადებენ და მეორეც, საუცხოო ხედი იშლება ქალაქზე, - მცოდნე სახით მიპასუხა პეტროსმა, ღმად ჩაისუნთქა და წყალში ჩაყვინთა.
მომეწონა იდეა და მეც მას მივბაძე. ჩავისუნთქე, ჩავყვინთე და უმოძრაოდ გავირინდე. წლის ქვეშ გამეფებულმა სიჩუმემ სასიამოვნოდ მომადუნა. ამოყვინთვის შემდგომ, ისევ სანაპიროსკენ გავიხედე და ვიგრძენი, რომ იქ ვიყავი, სადაც მინდოდა რომ ვყოფილიყავი - ჩემი სულიერი და ფიზიკური კომფორტი სწორედ აქ, თელ-ავივის პლიაჟზე გადაიკვეთა.
- მე ავალ, წამოვწვები, - გავძახე პეტროსს.
- როგორც ისურვებ. მე ცოტა ხანი დავრჩები.
ნაპირზე გავედი, პირსახოცი შეზლონგზე გადავაფინე, ქოლგა გავასწორე და დავწექი. ლივლივა ზღვითა და ჰორიზონტით ტკბობა მალე დავასრულე და თვალები დავხუჭე. ნაპირზე, ათლეტური აღნაგობის, ორი გარუჯული ახალგაზრდა, მოკლე ხის ჩოგნებით ჩემთვის გაურკვეველ თამაშს თამაშობდნენ. ჩოგნის ზედაპირზე რეზინის ბურთის მოხვედრით გამოწვეული მონოტონური კაკუნის ფონზე, ისევ ჩამეძინა.
მესიზმრა, თითქოს სადურგლოში ვიყავი და ფიცრებისგან ნავს ვაწყობდი, რომლითაც ზღვაში უნდა შემეცურა. მორიგი ფიცრის მიჭედებისას, გვერდზე ახალგაზრდა, წვერებიანმა და გრძელთმიანმა მამაკაცმა ჩამიარა. მომეჩვენა, რომ მას ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა. იგი შეჩერდა და ჩემს ნამუშევარს გულდასმით დააკვირდა. ავღელდი. ვგრძნობდი, რომ მის მოსაზრებას, რატომღაც, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მან კი, შემომხედა, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და უსიტყვოდ განაგრძო გზა.
უსიამოვნო შეგრძნებით გამეღვიძა. გვერდზე გავიხედე და პეტროსი დავინახე, რომელიც ასევე შეზლონგზე იწვა და რაღაც წიგნს კითხულობდა.
როგორც კი შეამჩნია ჩემი გამოღვიძება, წიგნი დახურა და გადმომხედა.
- გუშინ მართლა გამოუცლია იმ მანდილოსანს შენთვის არაქათი. რამდენიმე საათი უძრავად გეძინა. ხომ არ მიგაჩნია, რომ დროა წავიხემსოთ?
- შესანიშნავი იდეაა, - გავიზმორე და წამოვჯექი.
- მაშინ მაქვს წინადადება. ამ სიცხეში ბევრი რომ არ ვიბოდიალოთ, აქვე, ზღვისპირას, რესტორან “ლონდონ”-ში ვისადილოთ. სახელი შეიძლება პრეტენზიულად ჟღერს, მაგრამ ჩვეულებრივი ზღვისპირა კაფეა, მისაღები სამზარეულოთი. და საერთოდ, აქ განსაკუთრებული შიკის იმედი ნუ გექნება, თორემ იმედგაცრუება არ აგცდება. უბრალოება ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათია, - დაასრულა ჩემი დამოძღვრა, ადგა და ჩაცმა დაიწყო. მაისურში თავი გაუყარა და დააზუსტა, - უბრალოება და სიძვირე.
- იყოს უბრალო, მაგრამ ძვირი “ლონდონი”, - გავიღიმე და მეც სწრაფად დავიწყე ჩაცმა.
ფეხშიშველი ქვიშაზე დავდექი და მივხვდი, რომ შევცდი - თაკარა მზეს, ქვიშა მოსალოდნელზე მეტად გაეხურებინა. სასწრაფოდ ფეხი ჩუსტში გავუყარე.
პეტროსმა დაინახა ჩემი უხერხული მოძრაობა და გაეცინა.
- პირსახოცები შეზლონგზე დავტოვოთ. როდესაც მოვბრუნდებით, ადგილები სხვის მიერ დაკავებული რომ არ დაგვხვდეს.
- ადგილებს ვინ ჩივის, პირსახოცები დაგვხვდება?
- პირსახოცები დაგვხვდება. რაც შეეხება უფრო ფასეულ ნივთებს, ნაპირზე მთლად უმეთვალყურეოდ დატოვება არ არის მიზანშეწონილი. სწორედ ამიტომ, საფულე და საათი მანქანაში დავტოვე. დამავიწყდა შენი გაფრთხილება.
უკვე ძალიან ცხელოდა და მომეჩვენა, რომ პლიაჟის გადაკვეთას საჭიროზე მეტი დრო მოვანდომეთ.
პეტროსმა მანქანიდან საფულე აიღო და უკან დავბრუნდით. რესტორანი პირდაპირ პლიაჟთან იყო განთავსებული. ერთ-ერთი განაპირა, თავისუფალ მაგიდა დავიკავეთ და შეკვეთა გავაკეთეთ.
ჩვენი მაგიდიდან ისეთი პეიზაჟი იშლებოდა, უკეთესს ვერც ვინატრებდი. ყუათიანმა სენდვიჩმა და ცივმა ლუდმა ისეთ კარგ ხასიათზე დამაყენა, რაღაც მელოდიის ღიღინი დავიწყე.
- ლუკა, როგორც ვიცი, დაოჯახებული არ ხარ. ოდესმე ყოფილხარ? - პეტროსის შეკითხვამ ღიღინი შემაწყვეტინა.
- არა, რას ამბობ? დაოჯახებული კი არა, ერთადაც კი არ მიცხოვრია ვინმესთან. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა! თანაც, ჩვენს დროში ვერ ვხედავ დაოჯახების აუცილებლობას. სექსი, პრობლემას არ წარმოადგენს; საჭმლის კეთება მე თვითონაც შემიძლია და არც რესტორნის საჭმელზე ვამბობ უარს; სარეცხს, სარეცხი მანქანაც კარგად რეცხავს; სახლის დალაგება, დამლაგებლის მეშვეობით შეიძლება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, ოჯახის შენახვაზე იაფი ჯდება. რაღა რჩება? - დავსვი რიტორიკული შეკითხვა. პასუხისთვის არ დამიცდია, ისე გადავედი საპასუხო შეკითხვაზე, - შენზე რას იტყვი?
- მე მოვასწარი უკვე ერთხელ დაოჯახება, - სევდანარევი მოკლე პასუხით სცადა პეტროსმა ფონს გასვლა.
- და რა მოხდა, თუ უკულტურობაში არ ჩამითვლი ჩემს შეკითხვას?
- არა, რას ამბობ. მე თვითონ წამოვწიე ეს თემა. არც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მოკლედ თუ ვიტყვი, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხედვები ოჯახური ბედნიერების შესახებ არ დაემთხვა ერთმანეთს. მე მინდოდა ჩემს გვერდით მეუღლე და მეგობარი, რომელთან ერთად ჩვენთვის საერთო კომფორტულ გარემოს შევქმნიდით. მას კიდევ, უნდოდა თავი პრინცესად ეგრძნო და ჩვენი ოჯახური ცხოვრება მისი ბედნიერების შენებაზე დაგვეფუძნებინა. სულ ეს იყო, - მოკლედ და გასაგებად ჩამოაყალიბა აზრი პეტროსმა.
- გასაგებია, - ამის თქმაღა მოვახერზე.
- დავუბრუნდეთ პოსეიდონის სამფლობელოს? - თავი ზღვისკენ გაიქნია პეტროსმა.
- პოსეიდონის და სხვა ბერძნული ღმერთების სამფლობელო ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მოიკითხე. აქაური ღმერთის დახმარებით, ებრაელებმა ერთხელ უკვე მოახერხეს თქვენი კოლონიალური პოლიტიკის აღკვეთა და ბერძენი დამპყრობლების განდევნა. თუ დაგავიწყდა, ხანუკას3 დროს შეგახსენებთ, - ირონიული ნიშნისმოგებით გადავულაპარაკე პეტროსს.
- ორჯერ უკვე ვიყავი ხანუკას დროს აქ და დავსწრებივარ “სინათლის სიბნელეზე გამარჯვებასთან” დაკავშირებულ ღონისძიებებს, - შემდეგ მხრები აიჩეჩა, გარშემო მიმოიხედა და შედარებით ჩუმად დაამატა, - ისე, არ მესმის ამათი. გასაგებია, რომ სხვისი დაპყრობა ცუდია, მაგრამ მაინც... მოსე და აბრაამი არიან სინათლე, ხოლო პლატონი და არისტოტელე სიბნელე?
მის მახვილგონივრულ, თუმცა, ცოტა არაკორექტულ ხუმრობაზე ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა.


2ჯგუფის System of a Down კომპოზიციიდან “Chop Suey!”
3ხანუქა (ებრ. - განახლება, კურთხევა) — ებრაული დღესასწაული, რომელიც დაწესდა ძვ.წ. II საუკუნეში, მაკაბიელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტაძრის ტერიტორია გათავისუფლდა ბერძნული არმიისა და მათი მოკავშირე ებრაელებისგან

VII

“Talking away
I don't know what I'm to say
I'll say it anyway
Today is another day to find you”
A-ha - Take On Me


პლიაჟზე ნებივრობაში მოსაღამოვდა.
ზღვის პეიზაჟი ისედაც ყოველთვის დამამშვიდებლად მოქმედებს ჩემზე, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს საღამოს პირი დასავლეთით მიმართულ სანაპიროზე, როდესაც ჰორიზონტზე, მზე ზღვისკენ, დაღმა იწყებს მოძრაობას. ამ დროს მიმძაფრდება შეგრძნება, რომ ცხოვრება მშვენიერია.
ასე იყო ამჯერადაც.
პეტროსს გადავხედე. ისევ წიგნის კითხვით იყო გართული. დაღმავალ, ჰორიზონტზე გაჭიმულ მზეს კითხვაში ხელი რომ არ შეეშალა, შეზლონგი პირით ნაპირისკენ შეეტრიალებინა.
- რას კითხულობ ასე ინტერესით?
- რიჩარდ დოკინსის წიგნია, “წინაპრის ზღაპარი”. ევოლუციის თეორიის თემაზეა. ძალიან საინტერესოდ წერს, - წიგნიდან თავი ასწია და შემომხედა. შეეცადა ჩემს სახეზე ამოეკითხა, აზრზე ვიყავი თუ არა, ვისზე და რაზე მელაპარაკებოდა.
- დოკინსი მაგარია! ეგ წიგნი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ შარშან ვუყურებდი დოკუმენტური ფილმების სერიას მისი მონაწილეობით. მგონი “დიდი შეკითხვა” ერქვა. მართლა, სადღაც წავიკითხე, რომ მალე მისი ახალი წიგნი გამოდის რელიგიის თემაზე, - არ გავუცრუე იმედები და არც წატრაბახების შემთხვევა გავუშვი ხელიდან; ყველაფერი ვთქვი, რაც რიჩარდ დოკინსზე ვიცოდი.
- მეც გავიგე ახალი წიგნის შესახებ. საინტერესო უნდა იყოს. თანაც ასეთ ლიტერატურას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, როდესაც მსოფლიო რელიგიის ცენტრში კითხულობ, - ირონიულად ჩაიქირქილა პეტროსმა, - ერთიც ხომ არ გვებანავა და მერე საღამოს პროგრამა დავიწყოთ. მგონი მოასწარი დასვენება.
- ვიბანაოთ. დასვენებითაც დასვენებული ვარ უკვე, - არ გავთქვი საკუთარი თავი, რომ მუცლის პრესი და ფეხის კუნთები დღის მეორე ნახევარში უფრო ამტკივდა, - თუ სწორად მახსოვს, საღამოს პროგრამაში გემრიელი შაურმაც უნდა შედიოდეს, - ზღვაში შესვლისას შევახსენე პეტროსს.
- რა თქმა უნდა! დღეს გაზიარებ იაფოს შაურმის მადლს, - გაიხუმრა და სიღრმეში გაცურა.
მე ადგილზე ჩავბუქნე და ბოლომდე წყლის ქვეს აღმოვჩნდი. წყალი საღამოსკენ კიდევ უფრო თბილი გამხდარიყო.
მთელი დღე ქოლგის ქვეშ კი გავატარე და ვცდილობდი მოვრიდებოდი მზის პირდაპირ სხივებს, მაგრამ მაინც ვიგრძენი, როგორ დამეჭიმა კისერზე, მკერდზე და მუცელზე კანი, როდესაც წყალქვეშ ხელებით განივი მოძრაობა გავაკეთე.
შხაპი იქვე პლიაჟზე გადავივლეთ.
მანქანის სალონი მზეზე დგომისგან გახურებული დაგვხვდა. პეტროსმა მანქანა დაქოქა, კონდიციონერი ჩართო და სანამ ჩავჯდებოდით, ცოტა ხანი გარეთ ვიცდიდით.
გზა სანაპიროს მიუყვებოდა, რომელზეც უამრავი ხალხი ირეოდა. სამანქანო ნაწილიც გადატვირთული იყო და ნელ-ნელა მივიწევდით წინ. ათ წუთამდე დაგვჭირდა არც თუ ისე გრძელი სანაპიროს გასავლელად. შემდეგ გზა ორად გაიყო და ჩვენ მარჯვნივ, ისევ ზღვის გაყოლებით განვაგრძეთ მოძრაობა.
მალე მოედანზე აღმოვჩნით, რომლის გარშემოც უკვე ძველი და ძველებურ სტილში აშენებული თანამედროვე შენობები იყო განლაგებული.
მოედანს გავცდით თუ არა, პეტროსმა გზის პირას მანქანა გააჩერა და გადმოვედით.
შეპირებული საშაურმე აღმოჩნდა მცირე ზომის დარბაზი. კედლის გაყოლებაზე იდგა დახლი, რომლის უკანაც ორი ახალგაზრდა შავგვრემანი მამაკაცი კონვეირული სისწრაფითა და მოძრაობებით შაურმას ახვევდა.
ჩვენი შეკვეთა მალე გამზადდა და პეტროსი მეორე, უფრო ღრმად განთავსებულ დარბაზში შემიძღვა, სადაც სულ რამდენიმე მაგიდა იდგა. ბედად, ერთ-ერთი თავისუფალი იყო და მას მივუჯექით.
უზარმაზარი შაურმა ხარბად ჩავკბიჩე. შედეგმა მოლოდინი გაამართლა და მოწონების ნიშნად პირიდან ყრუ ბგერა ამოვუშვი.
ჩვენი საღამოს ტრაპეზი საუბრის გარეშე მიმდინარეობდა. მეც შეძლებისდაგვარად შევეცადე რესტორანი შემეთვალიერებინა. გამაოცა, რომ თანამედროვე, კოსმოპოლიტური თელ-ავივის გვერდით ასეთი, ერთი შეხედვით ავთენტური არაბული გარემო იყო. თუმცა, ყურადღებით დაკვირვების შემდეგ, ადვილად შესამჩნევი ხდებოდა პირველადი შთაბეჭდილების ზედაპირულობა. ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, შეენარჩუნებინათ მშობლიური გარემო, საკუთარი იდენტობა, იაფოს, ისევე როგორც ისრაელის ტერიტორიაზე სხვა არაბული დასახლების მცხოვრებლები, განწირულები იყვნენ მოქცეულიყვნენ საერთო ისრაელური ცივილიზაციური და ეკონომიკური ექსპანსიის გავლენის ქვეშ.
ეს ვახშმის შემდგომ, ძველ ქალაქში სეირნობისას კიდევ უფრო ცხადად ვიგრძენი. განახლებული, თუ თავიდან აშენებული ქვის შენობების პირველ სართულებზე თანამედროვე ებრაული ხელოვნების სალონები და მაღაზიები იყო განთავსებული.
რაც შეეხება თავად ძველ ქალაქს, დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ცხელი და ჩახუთული თელ-ავივის მერე, ზღვიდან წამობერილი გრილი ნიავი სასიამოვნოს ხდიდა ვიწრო და მყუდრო, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში სეირნობას. ზღვის პირას, შემაღლებული ადგილიდან მართლაც საოცარი ხედი იშლებოდა განათებულ, ურბანისტულ თელ-ავივზე, რომელიც იაფოს ძველებურ გარემოსთან განსაკუთრებულ კონტრასტში შედიოდა.
- მგონი დროა, თელ-ავივის ნავსადგურისკენ დავიძრათ, - დიდი ხანი პეიზაჟით ტკბობა არ მაცალა პეტროსმა, შემდეგ ტელეფონი, რომელიც ხელში ეჭირა ჯიბეში ჩაიდო და მანქანისკენ დავიძარით.
- გუშინ გიდი გვეუბნებოდა სად და როდის უნდა წავსულიყავით, დღეს შენ. ასე შეიძლება დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი დავკარგო.
- გაქვს სხვა წინადადება? - სიცილითი მიპასუხა პეტროსმა.
- თელ-ავივის ნავსადგური არ ჟღერს ცუდად, რა თქმა უნდა, თუ გემების გადმოტვირთვის პროცესში არ ჩამრთავ.
პეტროსს ისევ გაეცინა.
- ნავსადგური უკვე აღარ გამოიყენება პირველადი დანიშნულებით. ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ ის დაიხურა და უფუნქციოდ დარჩა დიდი ტერიტორია. ვიღაც ჭკვიანმა მოიფიქრა, ადგილის სხვა მიზნებისთვის გამოყენება და დღეისთვის, ცარიელი ანგარები მაღაზიებად, რესტორნებად და სხვა გასართობ ადგილებად არის გადაკეთებული, - სანამ მანქანამდე მივიდოდით, მოახდინა ჩემი ინფორმირება. შემდეგ უკვე მანქანაში განაგრძო, - ნავსადგურის ტერიტორიაზეა ის კლუბი, სადაც მოგვიანებით შევისეირნებთ. ჯერ კლუბისთვის ადრეა. ცოტა ხანი სადმე იქ დავჯდეთ და რამე დავლიოთ.
- ყველაფერი წინასწარ გაგითვლია. შემთხვევით, უკვე გოგოებიც ხომ არ გყავს იქ დაბარებული? - კისერსა და ბეჭებზე ძლიერი წვის მიუხედავად, მხიარულ ხასიათზე ვიყავი.
- კითხულობ ჩემს აზრებს? - გაკვირვებულმა გადმომხედა, - პატარა სიურპრიზის მოწყობა მინდოდა. თელ-ავივში მყავს ერთი მეგობარი გოგონა, რომელსაც შიგადაშიგ ვსტუმრობ ხოლმე. ცოტა ხნის წინ, ერთად ვიყავით და მის ერთ-ერთ დაქალს შევუარეთ. მოვიხიბლე. უმშვენიერესი გოგო აღმოჩნდა და როგორც საუბარში გაირკვა, თავისუფალია. ვინაიდან მე არანაირი შანსი არ მაქვს, ვიფიქრე, რომ შენთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა. მოკლედ, ეხლა მომწერა ჩემმა მეგობარმა, რომ უკვე პორტში არიან და ჩვენ გველოდებიან. ამიტომაც ავჩქარდი, - დაასრულა და კმაყოფილმა გადმომხედა.
- შენ ნამდვილად არ ხუმრობ! - ვერ დავმალე აღფრთოვანება, - ანუ კარგი გოგოა?
- მალე თვითონ ნახავ, - მოკლედ მიპასუხა და ჩაიღიმა.


VIII

“If I'm smart then I'll run away
But I'm not so I guess I'll stay
Heaven forbid
I'll take my chance on a beautiful stranger”

Madonna - Beautiful Stranger


თელ-ავივის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წრის დარტყმა მოგვიწია და ცოტა მოშორებით, ძლივს ვიპოვეთ მანქანის დასაყენებელი ადგილი.
გვიანი საღამოს მიუხედავად, თითქმის ისეთივე სიცხე იყო, როგორც დღისით.
ნავსადგურის ტერიტორიაზე უამრავი ხალხი ირეოდა. პატარა მოედანთან მარჯვნივ შევუხვიეთ და რამდენიმე რესტორანს გვერდზე ჩავუარეთ. შევამჩნიე, რომ ყველა გადაჭედილი იყო. შემდეგ პატარა ავტოსადგომიც გავიარეთ და ცოტა ხანში ღია ბარს მივადექით.
- მოვედით, - გადმომილაპარაკა პეტროსმა.
შესასვლელთან გავჩერდით და პეტროსმა თვალი მოავლო მაგიდებს. შემდეგ ერთ-ერთისკენ სწრაფად დაიძრა. მეც მივყევი. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, მივხვდი, თუ რომელი მაგიდისკენ მივდიოდით - პირდაპირ, დაბალ სავარძელზე, ორი მომხიბლავი გოგონა იჯდა და ჩვენსკენ იყურებოდა.
- გამარჯობა, ჩემო ძვირფასო! - მივუახლოვდით თუ არა პეტროსმა ერთ-ერთს მიმართა, ხელი გაუწოდა, წამოაყენა და გადაკოცნა, - გამარჯობა, ანა, - მიესალმა მეორესაც და დაამატა, - გაიცანით, ჩემი მეგობარი ლუკა. დანიელა, ანა, - უკვე მე მომმართა.
არ დავმალავ, გამიხარდა, რომ პეტროსის მეგობარი დანიელა აღმოჩნდა. არა, დანიელაც მშვენიერი, ეშხიანი გოგო იყო, მაგრამ ანას ღიმილმა და თვალებმა, ჯერ კიდევ მაგიდასთან მიახლოვებამდე მომხიბლა. ღია წაბლისფერი სწორი თმები, დახვეწილი სახის ნაკვთები და გავმეორდები, უზომოდ მეტყველი და თბილი თვალები, გულგრილს ვერ დაგტოვებდა.
- ცოტა შეგაგვიანდათ, - ხუმრობანარევი ტონით დაგვტუქსა დანიელამ.
- ხომ იცი, რა რთულია ამ დროს მანქანის გაჩერება? - თავი იმართლა პეტროსმა, - რას სვამთ? - შეცვალა თემა.
- მე კოსმოპოლიტენს, ანა მოჰიტოს.
- მგონი ჩვენ ეგ არ გამოგვადგება, - მე გადმომხედა პეტროსმა.
- ნამდვილად. მე მაგალითად ლუდს უფრო სიამოვნებით დავლევდი, - დავეთანხმე პეტროსს.
- ლუდი დღისით საკმარისი იყო. გთავაზობ ვისკიზე გადავიდეთ, - არ დამეთანხმა პეტროსი და პასუხისთვისაც არ დაუცდია, ისე შეუკვეთა ჩვენთვის ვისკი და ვაშლის წვენი.
სანამ შეკვეთილ ვისკის მოგვიტანდნენ, პეტროსმა გოგოებს მიმართა:
- ცუდია, დღისით რომ არ გეცალათ. კარგი ზღვა იყო. მერე იაფოშიც გავისეირნეთ. დანიელა, შენი საყვარელი შაურმაც ვჭამეთ, - ნიშნისმოგებით უთხრა დანიელას და მერე მე მომიბრუნდა, - წარმოიდგენ, რომ ასეთი საუცხოო აღნაგობის პატრონი შაურმის დიდი მოყვარული შეიძლება იყოს? ერთ უზარმაზარ შაურმას ხუთ წუთში ავლებს მუსრს.
- ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ, - შეფარული კომპლიმენტი გამომივიდა, - ანა, შენც გიყვარს შაურმა? - ვცადე აქამდე ჩუმად მჯდომ ანასთან კონტაქტში შესვლა. თუმცა, ფრაზის დასრულების მერე მივხვდი, რომ შაურმა არ იყო ის თემა, რომლითაც ღირდა საუბრის დაწყება ახლადგაცნობილ გოგოსთან, რომელთანაც გინდა, რომ რაიმე გამოგივიდეს.
- არა, მე უფრო სხვა ტიპის სამზარეულოს ვანიჭებ უპირატესობას, - ისეთი ღიმილით მიპასუხა ანამ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საუბრის დასაწყებად შერჩეული თემის სიმცდარეში.
- იმედია მიხვდი, რომ ვიხუმრე და ეს ფრაზა არ იქნება გადამწყვეტი ჩემზე პირველადი შთაბეჭდილების შექმნისას, - ვცადე ვითარების გამოსწორება.
- ვნახოთ, ვნახოთ, - არ გადამიწურა იმედი ანამ, - ხომ იცი, არასდროს გექნება პირველი შთაბეჭდილების მოხდენის მეორე შანსი. დიდი ხნით ხარ ჩვენს მხარეში? - ახლა უკვე თვითონ მისცა მიმართულება საუბარს.
- იმედია, დიდი ხნით. ჯერ რამდენიმე დღეა ჩამოვედი და უკვე შემიყვარდა აქაურობა, - თან დამოწმების მიზნით პეტროსს გადავხედე.
- და რამდენია ეს დიდი ხანი? - წაიფილოსოფოსა პეტროსმა, - ყველაფერი ფარდობითია. ერთი კი შემიძლია ვთქვა - მე ნამდვილად გამისტუმრებს აქედან.
ყველას გაგვეცინა, ოღონდ დანიელას, სიცილი ყველაზე ნაკლებად ბუნებრივი და ცოტა დაძაბული გამოუვიდა.
- როგორც ვატყობ, “საბრა”4 არ უნდა იყო. საიდან ჩამოხვედი? - წავიტრაბახე, რომ უკვე ცოტა გარკვეული ვიყავი ადგილობრივ ტერმინოლოგიაში.
- ოჰო! - კმაყოფილად წამოიძახა პეტროსმა.
- ვილნიუსში დავიბადე და გავიზარდე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კიდევ რამდენიმე წელი ვიცხოვრე იქ და უკვე ათ წელზე მეტია, მშობლებთან და უმცროს დასთან ერთად აქეთ გადმოვსახლდით. სკოლა აქ დავამთავრე და უმაღლესი განათლებაც აქ მივიღე, - სერიოზული სახით მიპასუხა ანამ და შემდეგ დაამატა, - ერთ რამეში დაგეთანხმები. მეც ჩამოსვლიდან 2-3 დღე მეყო, რომ შემყვარებოდა ეს ქვეყანა.
- ანუ რუსულად საუბრობ? - უკვე რუსულად გავაგრძელე.
- რა თქმა უნდა. ოჯახის წევრებთან და მეგობრების დიდ ნაწილთან რუსულად ვურთიერთობ, - გაეღიმა და გამართული რუსულით მიპასუხა.
- აბა როგორ გგონია, ინგლისურად ვლაპარაკობთ ერთმანეთთან? - ასევე რუსულად ჩაერთო საუბარში დანიელა, - ისე, თუ გაინტერესებს, მეც საბჭოთა კავშირის პირმშო ვარ.
პეტროსი დაბნეული სახით წრუპავდა ვისკის და უსმენდა ჩვენს საუბარს მისთვის უცხო ენაზე.
- ხელს ხომ არ გიშლით? - ისარგებლა პაუზით.
- როგორ გეკადრება ძვირფასო, - მიუბრუნდა დანიელა პეტროსს და დემონსტრაციულად ვნებიანად აკოცა.
მე და ანა უხერხულედ შევიშმუშნეთ გრძნობების ღია გამოვლინების შემხედვარე.
პირველადი დაკვირვებით, გარკვეული შეხედულება შემექმნა ანაზე და დანიელაზე. თუ დანიელა უფრო თავქარიანი და ემოციური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ანა გაცილებით მშვიდი, დახვეწილი და რაფინირებული იყო. სწორედ ასეთებზე ამბობენ, იცის საკუთარი თავის ფასიო. თანაც იგრძნობოდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ პოზა და მისი შინაგანი ბუნების გამოვლინებას წარმოადგენდა. ერთადერთი შეკითხვა, რომელიც მათი შედარებითი დახასიათების პროცესში დამრჩა, თუ რა ჰქონდათ ასეთ განსხვავებულ ტიპაჟებს საერთო.
- დიდი ხანია მეგობრობთ? - ამ საკითხის გარკვევის მიზნით, შეკითხვით მივმართე ანას.
- ალბათ, ჩამოსვლის პირველი დღეებიდანვე. ივრითის სწავლა ერთ ჯგუფში დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ მეზობლებიც ვიყავით. ვერ წარმოიდგენ, რამხელა მნიშვნელობა აქვს, როდესაც სრულიად უცხო ქვეყანაში გადადიხარ საცხოვრებლად და ზუსტად შენნაირ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს პოულობ. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა და დღემდე შევრჩით ერთმანეთს, - მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა ანამ.
შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მიხვდა, თუ რატომ დავუსვი ეს შეკითხვა.
პეტროსმა უკვე მეორეჯერ შეუკვეთა ჩვენთვის ვისკი. ვიგრძენი, რომ ჩახუთულობა, რომელსაც ზღვიდან მობერილი ნიავიც კი ვერ ამსუბუქებდა, ხელს უწყობდა სწრაფ თრობას.
- გაგვიმარჯოს, - მაღლა ასწია ჭიქა პეტროსმა, მოსვა და შემდეგ ისევ დანიელასთან პრივატული საუბარი განაგრძო.
- აქედან სად ვაპირებთ გადასვლას, ხომ არ იცი? - უხერხული სიჩუმის დარღვევა ვცადე და ანას მივმართე.
- აქვე არის ძალიან ნორმალური კლუბი Whisky A GoGo. პეტროსის იდეა იყო იქ წასვლა. პოპულარობის გათვალისწინებით, ცოტა ხალხმრავლობაა ხოლმე, მაგრამ არ არის ურიგო ადგილი, თუ რა თქმა უნდა მოგწონს კლუბური ცხოვრება, - მიპასუხა ანამ და დაამატა, - სიმართლე რომ ვთქვა, მე დიდი კლაბერი არ ვარ, მაგრამ ხანდახან შეიძლება.
- არც მე ვარ დიდი ფანი დილამდე ცეკვის, მაგრამ თუ გინდა, რომ უცხო ქვეყანა ბოლომდე შეიგრძნო, აუცილებელია რამდენიმე ასეთ ადგილსაც ეწვიო, - მცირე კორექტირებით, მაგრამ დავეთანხმე ანას.
უადგილო იყო სიმართლის პირდაპირ თქმა, რომ ჩემთვის კლუბი მხოლოდ და მხოლოდ ახალი ნაცნობობის გაბმის ადგილია და არჩევანის შემთხვევაში, უფრო იმ კლუბს მივანიჭებდი უპირატესობას, სადაც გაცნობის მსურველი გოგოების სიმრავლე იქნებოდა, ვიდრე იმას, სადაც კარგი მუსიკა და სასმელის ფართო არჩევანი დამხვდებოდა. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ეს ორი კრიტერიუმი, როგორც წესი, ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე.
სწორედ ზემოხსენებული მიზეზის გამო, ყოველგვარ ინტერესს მოკლებული იყო ჩემთვის, კლუბში გოგოსთან ერთად წასვლა, ვინაიდან იქ მოხვედრის ერთადერთი რეალური მიზანი დღის წესრიგიდან ვარდებოდა.
ასე იყო ამჯერადაც. ანა გვერდით მეჯდა. მისი კომპანია, როგორც მინიმუმ ამ საღამოს, ჩემთვის სრულიად მისაღები იყო. რა გაეწყობოდა. ეს დღე მთლიანად ჩემს გარეშე იყო დაგეგმილი (სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ანას გაცნობაც ჩემს გარეშე დაიგეგმა) და მალე სიმყუდროვის დარღვევა მოგვიწია. პეტროსის გამამხნევებელი რეპლიკების ფონზე წამოვდექით. წამოდგომისას ანა უფრო უკეთ შევათვალიერე. იმაზე ოდნავ უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე დამჯდარი ჩანდა. რაც მთავარია, მისი მომხიბლავი, შარმით სავსე სახე, სრულ უნისონში აღმოჩნდა მის აღნაგობასთან, რომელსაც კარგად უსვამდა ხაზს ტანზე შემოტკეცილი ღია კრემისფერი კაბა.
კმაყოფილმა რაღაც მელოდია წავიღიღინე. მე და პეტროსმა ოფიციანტთან ანგარიშსწორება დავასრულეთ და შემდეგი დანიშნულების პუნქტისკენ გავემართეთ.


4“საბრა” (კაქტუსი ივრითზე) - გამოიყენება იმ ებრაელთა აღსანიშნავად, რომლებიც ისრაელში დაიბადნენ

IX

“I was born to love you
With every single beat of my heart
Yes, I was born to take care of you
Every single day of my life”

Queen - I Was Born To Love You


კლუბის შესასვლელთან ტიპიური სურათი დაგვხვდა - შიგნით მოხვედრის მსურველთა რიგი და კარებში მდგომი, შავებში ჩაცმული, ათლეტური აღნაგობის, უმეტყველო სახით მდგომი ფეის კონტროლი.
ჩვენმა რიგმა მოულოდნელად მალე მოაღწია და დარბაზში აღმოვჩნდით.
დარბაზის ცენტრში, წრიულად განთავსებული იყო ბარი, რომლის თავზე დიდი წითელი ჭაღი ეკიდა. შესასვლელიდან მარცხნივ, ლაუნჯ ზონაში ყველა სავარძელი უკვე დაკავებული დაგვხვდა. ასევე დაკავებული იყო ყველა დასაჯდომი ადგილი ბარის გარშემო. ანა მართალი აღმოჩნდა; სივიწროვე და ხალხის სიმრავლე გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა. ამავდროულად კონტინგენტს ეტყობოდა, რომ ეს არ იყო რიგითი კლუბი.
ბარის საპირისპირო მხარეს ცოტა სიხალვათე შევნიშნეთ და იქით გავემართეთ. დიდი ხნის მცდელობის შემდეგ ბარმენმა როგორც იქნა ყურადღება მოგვაქცია და სასმელები ჩამოგვისხა.
ხმამაღალი მუსიკა ნორმალურ საუბარს შეუძლებელს ხდიდა. ამდენად, ბუნებრივად, ორ მცირე ჯგუფად დაყოფა მოგვიწია. პეტროსმა და დანიელამ სასმელებით ხელში, ცეკვა-ცეკვით სიღრმეში გადაინაცვლეს. ამ დროს, გაგვიმართლა და ჩვენს წინ, ბართან, ორი მეზობელი სკამი გათავისუფლდა, რომლებიც სასწრაფოდ მე და ანამ დავიკავეთ.
ხმაურში, რაიმე სერიოზულ თემაზე საუბარი წარმოუდგენელი იყო და მხოლოდ მოკლე ხუმრობანარევი რეპლიკების ურთიერთგაცვლას თუ ვახერხებდით. თუ ჩემი ინტუიცია არ მღალატობდა, ცეკვის დიდი სურვილი ანას არ ჰქონდა. ამდენად, ჩვენი კომფორტული პოზიცია ბართან მყარად გვეჭირა. თითო სასმელის დამატება მოვასწარით და ის იყო, მესამის შესაკვეთათ მოვემზადეთ, როდესაც ბარის მეორე ბოლოდან პეტროსის და დანიელას ჟესტიკულაციას მოვკარით თვალი - პეტროსმა ხელით თავის თავზე და დანიელაზე მიგვითითა, შემდეგ შუა და საჩვენებელი თითით წასვლის მაიმიტირებელი მოძრაობა გააკეთა, გაღიმებულმა დანიელამ კი დამშვიდობების ნიშნად ხელი დაგვიქნია. მე და ანამ რეაგირებაც კი ვერ მოვასწარით, ისე გაუჩინარდნენ მოცეკვავეთა ზურგსუკან.
- ჩვენც ხომ არ გავიდეთ გარეთ, - ჩამძახა ყურში ანამ.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, წამოვდექით და გასასვლელისკენ გავემართეთ. გარეთ გამოვედით, შესასვლელიდან რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და გავჩერდით. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ბოლოს ანამ დაარღვია.
- მგონი აქ დარჩენას აზრი აღარ აქვს. ხომ არ აჯობებს, ჩემთან წავიდეთ? - მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, - ოღონდ ხომ ხვდები, რომ ეს ის მიპატიჟება არ არის, ერთი შეხედვით რომ შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, - მაქსიმალურად კორექტულად გამაფრთხილა, ამავდროულად, სცადა ჩემი იმ უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანა, რომელშიც პეტროსის საქციელმა ჩამაგდო.
რომ დაფიქრდე, ვინ იტყოდა ცუდად მოიქცაო, უბრალოდ რომ დამმშვიდობებოდა, მადლობა ეთქვა საღამოსთვის და თავისი გზით წასულიყო? სულ რამდენიმე საათის ნაცნობობის შედეგად, ვერანაირი ვალდებულება ჩემს მიმართ ვერ ექნებოდა. მერე მე უნდა მემტვრია თავი, სულ ორი დღის ჩამოსულს, თუ როგორ მოვხვედრილიყავი ღამის სამ საათზე თელ-ავივიდან იერუსალიმში, ან კიდევ აქვე მეძებნა ღამის გასათევი.
ერთდროულად უხერხულობა და მადლიერება ვიგრძენი.
- იმის მიუხედავად, რომ გასაგებია სიტუაციის იდიოტურობა, შენი შემოთავაზების მიღების გარდა სხვა გზა არ მაქვს. ბოდიშს გიხდი ჩემი და პეტროსის სახელით, - პეტროსის სახელი უფრო მკვეთრად და დამარცვლით გამოვთქვი.
- პეტროსი… დანიელას ცალკე დაველაპარაკები, - გაეღიმა და თავი გადააქნია, - ასე ძალიან ახლოსაც ნუ მიიტან გულთან. ვხედავ, რომ ყველაფერს სწორად ხვდები, ამდენად, ვთვლი, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი უხერხულობა წინ აღარ გველოდება, - დაასკვნა და დაამატა, - ქუჩაზე გავიდეთ, ტაქსი გავაჩეროთ, თორემ აქედან საკმაოდ შორს ვცხოვრობ.
პორტის ტერიტორიაზე ხალხის მასა ცოტა შეთხელებულიყო და ძირითადად ახალგაზრდა, გართობას მოწყურებული სახეები სჩანდა.
პორტის შესასვლელს ცოტა გავცდით და ტაქსი გავაჩერეთ.
ქუჩებში გაცილებით ნაკლები მანქანა გვხვდებოდა, ვიდრე საღამოთი, მაგრამ მაინც იმაზე ცოცხალი გარემო იყო, ღამის სამი საათისთვის რომ შეიძლება წარმოიდგინო.
ანას კორექტულობამ მომხიბლა - შესაძლო უხერხულობა რომ გაეფანტა, გზადაგზა მიხსნიდა, თუ სად ვიმყოფებოდით, რომელ ქუჩაზე და რა შენობას ჩავუარეთ გვერდით. მეც გულისყურით ვუსმენდი.
ღიმილს მგვრიდა ანას რუსული. იმდენი სიტყვები იყო მის ლექსიკონში ივრითიდან, რომ ხანდახან გუმანით მიხდებოდა მიხვედრა, თუ რას გულისხმობდა. შემდგომში, მრავალჯერ მომიხდა იმის შემჩნევა, რომ ისრაელის რუსულენოვანი მოსახლეობა, შეიძლება ითქვას, რომ რუსულის თავისებურ დიალექტზე საუბრობს. ლექსიკონის გარდა, ხშირად შეცვლილია წინადადების წყობა, პირდაპირ არის თარგმნილი იდიომები ივრითიდან.
თელ-ავივის მერიის ძველმოდური შენობა და იბნ-გვიროლის ქუჩა გავიარეთ, შემდეგ მარცხნივ ჩავუხვიეთ და პირდაპირ სამი, თანამედროვე, მაღალსართულიანი შენობისგან შემდგარი კომპლექსი გამოჩნდა, რომელთაგან ერთი მრგვალი, მეორე სამკუთხედი და მესამე, სწორკუთხედი იყო.
- ეს აზრიელის ცენტრია. პირველი სართულები სავაჭრო კომპლექსს უკავია, დანარჩენი საოფისე ფართია. ბოლო სართულზე, რესტორანია, რომლიდანაც საუცხოო ხედი იშლება.
კომპლექსი მართლაც შთამბეჭდავი იყო და ლამაზად ანათებდა ღამის ცის ფონზე.
აზრიელის ცენტრს გავცდით და ხიდი გადავიარეთ.
- უკვე თითქმის მოვედით. ეხლა გივატაიმში ვართ. ეს პატარა ქალაქია და როგორც ხედავ, მიბმულია თელ-ავივზე, - მარცხნივ გაიშვირა ხელი და მაღალი შენობების კომპლექსისკენ მიმითითა, - ეს უკვე სხვა ქალაქი, რამათ განია.
თელ-ავივისგან განსხვავებით, გივატაიმში უკაცრიელი ქუჩები და შესაბამისად, სრული სიმშვიდე იყო.
ცოტა ხანში, მარცხნივ შევუხვიეთ და ერთ მყუდრო, გამწვანებულ ქუჩაზე გავჩერდით.
- მოვედით, - გადმომილაპარაკა ანამ.
ისრაელისთვის ტიპიური ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე უცბად ავედით და ანამ კარები გააღო.
- წინასწარ ბოდიშს გიხდი არეულობისთვის, - თავი დაიზღვია და მომიბოდიშა.
- რასაც თქვენ, გოგოები არეულობას ეძახით, ჩვენთვის, მამაკაცებისთვის იდეალური წესრიგია, - ღიმილით ვუპასუხე.
- მაშინ, შენ თვითონ გადაწყვიტე, იდეალური არეულობაა სახლში, თუ არეული წესრიგი, - კარი გააღო და შიგნით შემიძღვა.
აღმოვჩნდით კოხტა, ერთსაძინებლიან ბინაში, სადაც იდეალური წესრიგი თუ არ იყო, არეულსაც ვერ დაარქმევდი. პატარა შესასვლელი, მარჯვნივ, სამზარეულოსთან გაერთიანებულ მისაღებ ოთახში გადიოდა. მისაღები ოთახის ერთ კუთხეში ცისფერი დივანი და დაბალი მაგიდა იდგა. საპირისპირო კუთხე, მომცრო სამზარეულოს ეკავა. დივანის თავზე ეკიდა როი ლიხტენშტეინის რეპროდუქცია, რომელიც კარგად ეხამებოდა ოთახის თანამედროვე და მინიმალისტურ სტილს. დივანის პირდაპირ ტელევიზორს თუ არ ჩავთვლით, სულ ეს იყო.
- ჩამოჯექი, - დივანისკენ მიმითითა ანამ და თვითონ, გვერდზე ოთახში გავიდა.
კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ოთახს და ანაც მობრუნდა. ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაეხადა და ვარდისფერი, ფაფუკ ბეწვიანი ჩუსტები ჩაეცვა.
- ტიპიურ ქერათმიან გოგოდ ნუ ჩამთვლი. ეს ჩუსტები ჩვენმა ძვირფასმა დანიელამ მაჩუქა დაბადების დღეზე. ალბათ იფიქრა, რომ მომიხდებოდა, - დაიჭირა ჩემი მზერა ანამ.
- ამ შემთხვევაში, სრულად დავეთანხმები დანიელას. თუმცა, შენს იდეალურ ფეხებს, ალბათ ყველაფერი უხდება, - თავი ვერ შევიკავე კომპლიმენტისგან.
- ლუკა! - დამტუქსავი ტონით წარმოთქვა ჩემი სახელი.
- ოკ, უკაცრავად, - მორიდებულად მოვიბოდიშე, შემდეგ წამოვდექი, წელში დემონსტრაციულად გავიმართე და ომახიანად დავამატე, - მაქვს პატივი წარმოგიდგეთ, კაპიტანი ჭეშმარიტება!
ანას ჩემს პერფორმანსზე გაეცინა.
- კაპიტანო, ყავა გნებავთ? მაქვს წინადადება, აივანზე გადავინაცვლოთ და თითო ფინჯანი ყავა მივირთვათ - ამყვა ხუმრობაში.
- განა რა სჯობს დილის ოთხ საათზე, არომატული ყავის აივანზე დალევას? - და გაკვირვებულმა დავამატე, - აივანიც თუ გქონდა, არ ვიცოდი.
- სრული სერვისი! ოღონდ მეორე ოთახიდან უნდა გადავიდეთ.
- იმედია, გამიძღვები. მეშინია, არ დავიკარგო თქვენს სასახლეში, - პათეტიკური ტონით განვაცხადე.
- ნუ დამცინი. არ იცი, რა რთულია ცენტრში ნორმალური ბინის დაქირავება. ესეც ძლივს ვიშოვე, - ცოტა იწყინა ჩემი ხუმრობა.
- არც მიფიქრია დაცინვა. ძალიან მომწონს შენი მყუდრო ბინა... მითუმეტეს, აივანიც ჰქონია, - ვერ მოვითმინე და მაინც ხუმრობით დავასრულე ფრაზა.
- ვხედავ, გამოუსწორებელი ცინიკოსი ხარ, - გაიღიმა და თავი გადააქნია, - მაშინ ორი წუთი მომიცადე აქ, ყავას გავამზადებ და ერთად გავიდეთ აივანზე… გზაში რომ არ დაიკარგო, - თვითონაც იხუმრა და ჩემს თვალში კიდევ უფრო ამაღლდა; მიყვარს ხალხი, რომელთაც ხუმრობაში აყოლა შეუძლია.
ორიოდე წუთი დაჭირდა აპარატში ყავის მომზადებას. ორივემ თითო ფინჯანი ავიღეთ და ანა წინ გამიძღვა, შემდეგ საძინებლის კარი შეაღო და შუქი ჩართო. საძინებელი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მისაღები ოთახის ზომით შეიძლება გემსჯელა - ორი დიდი ტანსაცმლის კარადის, ასევე დიდი საწოლისა და აივანზე გასასვლელის გვერდზე, კუთხეში, მდგარი კომპიუტერის მაგიდის მიუხედავად, სივრცის შეგრძნება არ იკარგებოდა.
- მიყვარს დიდი საძინებელი ოთახები, - ვერ დავფარე ჩემი რეაქცია.
- ამ ბინის არჩევისას, უმთავრესი არგუმენტი სწორედ დიდი საძინებელი იყო… და ეს აივანიც, რა თქმა უნდა, - ღიმილით დამეთანხმა ანა და ფარდა გადასწია.
აივანი მართლაც მყუდრო და დაფასების ღირსი იყო. აქ, სულ ორი მოხერხებული სავარძელი, ასევე მათ შორის პატარა მაგიდა იდგა და კორპუსებს შორის ბაღს გადაჰყურებდა.
ფინჯნები მაგიდაზე დავალაგეთ და მე ერთ-ერთ სავარძელში ჩავჯექი. ანამ, მაგიდაზე მდგარი სანთელი აანთო, ოთახში შებრუნდა, შუქი ჩააქრო, დაბალ ხმაზე წყნარი მუსიკა ჩართო და ჩემს წინ სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა. იმაზე მეტად რომანტიული გარემო შეიქმნა, ვიდრე პორტში მიღწეული ორმხრივი “შეთანხმება” ითვალისწინებდა. ეს მესიამოვნა, ვინაიდან სწრაფი გათვლებით, ამას მხოლოდ ორ რამეზე შეიძლება ემეტყველა - პირველი, რომ ანას სურდა ჩემთან ერთად რომანტიული გარემოს შექმნა და მეორე, იმდენად დამიახლოვდა და დარწმუნდა ჩემს კეთილშობილებაში, რომ არ მოერიდა მისთვის კომფორტული, თუმცა, ვითარების გათვალისწინებით, ცოტა ზედმეტად რომანტიული ატმოსფეროს შექმნას.
- რაზე ჩაფიქრდი? - შემაწყვეტინა ანალიზი.
- რა ვიცი… ყველაფერზე. უკვე იმდენი რამ გადამხდა თავს ამ ორი დღის განმავლობაში, რომ მგონია, თითქოს თვეზე მეტია აქეთ ვარ. ჯერ კიდევ გუშინ, რას წარმოვიდგენდი, რომ აქ, შენი სახლის აივანზე აღმოვჩნდებოდი?
- ნამდვილად ვერ წარმოიდგენდი. გუშინ ხომ ჯერ კიდევ არ მიცნობდი? - გაეცინა ანას. მერე დასერიოზულდა და განაგრძო, - როდის გითხრა პეტროსმა, რომ ჩვენ უნდა შეგვხვედროდით?
- გაგიკვირდება და ბარში მოსვლამდე ნახევარი საათით ადრე. მანამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ასეთ სასწაულ გოგოს გავიცნობდი, - ვიგრძენი, რომ კომპლიმენტმა ცოტა ყალბად გაიჟღერა და არ ვაცალე პასუხის გაცემა, ისე დავამატე, - სრულიად გულწრფელად გეუბნები. სასმელი რომ მქონდეს ხელში, შენს სადღეგრძელოს დავლევდი.
- უნდა იყოს სადღაც ცოტა ვისკი. გინდა? - პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ჩემი ბოლო რეპლიკა.
- არა. არასწორად გამიგე. სასმელი დღეს მეყო უკვე, - გამეცინა მის რეაქციაზე, - თუმცა, არ გეგონოს, რომ შენი სადღეგრძელოს დალევას გავურბივარ. თუ დღევანდელი უხერხული თავგადასავლის შემდეგ, კიდევ მომეცემა შენი ხილვის შესაძლებლობა, აუცილებლად დავლევ.
- ჰმ… ვნახოთ, ვნახოთ… - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა.
დღის განმავლობაში, უკვე მეორედ გავიგე მისგან ამგვარი პასუხი. ვერ ვიტყვი, რომ ასეთმა პასუხმა, ჩემთვის გასაგები გახადა, თუ როგორ უყურებდა ჩვენი სამომავლოდ შეხვედრის შესაძლებლობას.
ისევ მკითხაობა დავიწყე - ჯერ არ გადაუწყვიტავს მექნება კიდევ თუ არა შანსი, დადებითად გადაწყვიტა, მაგრამ იფიქრა, რომ ჯერ ადრეა ამის თქმა, თუ უარყოფითად გადაწყვიტა და პირდაპირ არ მაჯახა, რომ უხერხულობა არ მეგრძნო. რომელი ვარიანტი იყო სიმართლე, ვერ მივხვდი.
- მოდი ცოტა წავითამაშოთ, უკეთ რომ გავიცნოთ ერთმანეთი, - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, - რიგრიგობით დავუსვათ ერთმანეთს შეკითხვები.
- მშვენიერი აზრია. დაიწყებ? - დავინტრიგდი.
- ოკ. შენი საყვარელი ფერი.
- ცისფერი, უფრო ზუსტად ლაჟვარდოვანი ზღვის ფერი, - დაუფიქრებლად ვუპასუხე.
-ეხლა შენი ჯერია, - დააკმაყოფილა ჩემმა პასუხმა.
- ზღვა, თუ მთა?
- ზღვა. ზღვის პირას განსაკუთრებულად კარგად ვგრძნობ თავს. შემიძლია საათობით ვიჯდე და ზღვას ვუყურო. ტალღების ხმა, ზღვის სურნელი სიმშვიდეს მანიჭებს და ბედნიერების შეგრძნებას მიჩენს. წარმოგიდგენია, რა კარგ ადგილას ვცხოვრობ?
- ოჰო! ამ შეკითხვაზე მეც იგივეს გიპასუხებდი. ოღონდაც, არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე ლამაზად, - შევუქე პასუხი.
- ძაღლი, თუ კატა? - შეეტყო, რომ აზარტში შედიოდა.
- არც ერთი და არც მეორე. არ მიყვარს სახლში ცხოველები. ანტისანიტარიის გარდა, არაფერი სიკეთე არ მოაქვთ. თანაც, არ მესმის იმ ხალხის, ვისაც სითბოსა და სიყვარულის შესაგრძნობად ცხოველი სჭირდება. მე ადამიანებს ვანიჭებ უპირატესობას… რა თქმა უნდა მდედრობითი სქესის, - ყოველი შემთხვევისთვის ღიმილით დავაზუსტე და ცხოველების მოძულე რომ არ ვგონებოდი, დავამატე, - არ იფიქრო, რომ ცხოველები არ მიყვარს. უბრალოდ, მივიჩნევ, რომ მათ თავისი საცხოვრებელი არეალი აქვთ, ადამიანებს თავისი და ისინი არ უნდა იკვეთებოდნენ. გარდა ამისა, ვთვლი, რომ როგორც მონათმფლობელობა არ წარმოადენს კაცთმოყვრეობის მტკიცებულებას, ისევე შინაური ცხოველების ყოლა არ გამოდგება ცხოველების სიყვარულის არგუმენტად, - გასაგებად ავხსენი?
- სავსებით. ეხლა ჩემი ჯერია გითხრა, რომ ამ შეკითხვაზე მეც იგივეს გიპასუხებდი, ოღონდ არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე ლამაზად, - ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა, - კარგი, ჩემი ჯერია. ქერა, თუ შავგვრემანი გოგოები?
ჩემი რიგი იყო შეკითხვის დასმის, მაგრამ არ შევეწინააღმდეგე. მეც მოვუკიდე სიგარეტს, ღრმა ნაფაზი დავარტყი, ყავა მოვსვი და მხოლოდ შემდეგ ვუპასუხე, - აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ კითხვა მხოლოდ ფიზიკურ გარეგნობას და ესთეტიკურ აღქმას შეეხება, ქერაც შეიძლება იყოს ლამაზი და შავგვრემანიც. რაც შეეხება ჩემს შესაძლო არჩევანს, თმის ფერი მთლიანი პორტრეტის მხოლოდ უმნიშვნელო დეტალია. არ მაქვს ასეთი პრიმიტიული მიდგომა და ადამიანს მე უფრო კომპლექსურად აღვიქვამ.
- საინტერესოა...
ვიგრძენი, რომ ჩემი პასუხი მოეწონა და გადავწყვიტე კიდევ უფრო განმევრცო.
- აი მაგალითად, ეხლა თვალი რომ დავხუჭო, შეიძლება ზუსტად ვერც გითხრა, რა ფერის თმა და თვალები გაქვს, მაგრამ პირველივე შეხედვისას ძალიან მომეწონე და შემდგომ, ურთიერთობისას, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ შენი ყოველი სიტყვა, ყოველი საქციელი, ამძაფრებს ჩემს პირველად შთაბეჭდილებას, მიჩენს დაუძლეველ სურვილს, კიდევ უფრო კარგად გაგიცნო. ვერ წარმოიდგენ, რამხელა იმედგაცრუებაა, როდესაც აღმოაჩენ, რომ ლამაზი გოგო შიგნიდან “ცარიელია”. მოკლედ, დიდი მადლობა, რომ იმედი არ გამიცრუე, - ბოლოს მაინც ვცადე ხუმრობა.
- ეს რა მაგარი ვყოფილვარ! მადლობა, რომ თვალი ამიხილე, - არ დარჩა ვალში და ხუმრობითვე მიპასუხა.
- ეხლა ჩემი ჯერია. ვის აარჩევდი, ვინც გიყვარს, მაგრამ მას არ უყვარხარ, თუ ვისაც უყვარხარ, მაგრამ შენ არ გიყვარს?
- ვისაც ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ამ საკითხში ჩემგან კომპრომისი გამორიცხულია, - სერიოზულად მომიჭრა, - ცოტა ხნით დაგტოვებ, ოკ? - ჩემს პასუხს არ დაუცადა, სიგარეტი საფერფლეზე ჩააქრო, წამოდგა და ოთახში შევიდა.
სავარძელზე კიდევ უფრო მოხერხებულად მოვკალათდი და ღამის ცას ავხედე. საოცარი კომფორტი და სიმშვიდე ვიგრძენი. სხვადასხვა ფიქრები მომაწვა, რომლებიც ნელ-ნელა ერთმანეთში აირია და ვერც მივხვდი, როგორ ჩამეძინა.


X

“But I need more than myself this time
Step from the road to the sea to the sky”

Red Hot Chili Peppers - Snow (Hey Oh)


ძაღლის ყეფის ხმამ გამაღვიძა. თავდაპირველად, ვერ მივხვდი, სად ვიყავი. თვალები გარშემო დაბნეულად მოვატარე და აღმოვაჩინე, რომ ისევ აივანზე, სავარძელში ვიწექი. ანას თხელი პლედი მზრუნველად გადეფარებინა.
საათს დავხედე. ჯერ მხოლოდ დილის ცხრა საათი იყო.
ძილი აღარ მინდოდა და ვერ მოვიფიქრე, რა მექნა. თანაც ვიგრძენი, რომ გუშინდელი ლუდი გარეთ გამოსვლას ლამობდა. ორი წუთი კიდევ ვიწრიალე, შემდეგ წამოვდექი და გადავწყვიტე ჩუმი ნაბიჯებით სააბაზანოში გავსულიყავი.
ოთახში შევლისთანავე დავინახე ანა, რომელსაც საწოლზე ეძინა. ტანსაცმელი გამოეცვალა. მაისური და მოკლე შორტები ისევე უხდებოდა, როგორც გუშინდელი კაბა. იატაკზე, ვარდისფერი ჩუსტები დავინახე და გამეღიმა.
სააბაზანოდან გამოსულს, ანა უკვე გაღვიძებული დამხვდა. საწოლზე იყო წამომჯდარი და თვალებს იფშვნეტდა.
- დილა მშვიდობისა. უკაცრავად, რომ გაგაღვიძე, - მორიდებულად მოვუბოდიშე.
- დილა მშვიდობისა. რომელი საათია? - ეტყობოდა, რომ ჯერ არ გამოფხიზლებულიყო.
- უკვე ცხრა საათია, - ღიმილით ვუპასუხე.
- გამოიძინე? - მკითხა და გემრიელად გაიზმორა.
უკვე ალბათ მიკერძოებული ვიყავი, მაგრამ მომეჩვენა, რომ გაზმორებაც კი გრაციოზულად გამოუვიდა.
- ბოლო ორი დღეა, სადაც, როდესაც და რამდენი ხნითაც თავს დავდებ, მძინავს. მგონი მივეჩვიე და მყოფნის. შენ როგორც გატყობ, ვერ გამოიძინე. ხომ არ გინდა, ყავას გაგიმზადებ?
- ძალიან ხომ არ მოშინაურდი უკვე? - წარბები შეჭმუხნა და შემომხედა. ჩემს სახეზე დაბნეულობა რომ შენიშნა, გაიღიმა და დაამატა, - ვიხუმრე. აქვე, ახლოში ერთი კაფეა. პრინციპში, ერთადერთი კაფე მთელს გივატაიმში, რომელიც ამ დროს ღიაა. წინადადება მაქვს, იქ ვისაუზმოთ.
- დიდი სიამოვნებით. თანაც პეტროსს დავურეკავდი და გავიგებდი, რას ვაპირებთ.
- მოგბეზრდა უკვე ჩემი საზოგადოება? - ბოლომდე არ მპატიობდა, ასე ადრე რომ გავაღვიძე.
- ვერ მოესწრები! - არ ჩამოვრჩი.
- არ ღირს ჯერ დარეკვა, თუ არ გინდა დანიელას გადამტერება. იმას ჩემზე მეტად უყვარს დილით ძილი და ეხლა რომ გააღვიძო, არ გაპატიებს. თვითონ დარეკავენ, როდესაც გაიღვიძებენ. დარწმუნებული ვარ, დანიელას ძალიან დააინტერესებს, რა მოხდა მათი წასვლის მერე, - ლაპარაკისას წამოდგა და თავის ვარდისფერ ჩუსტებში ფეხები გაუყარა, - ათი წუთი უნდა მომიცადო, მოვემზადები. მისაღებში დამიცადე.
- რამდენსაც ისურვებ, - ვცადე კეთილგანწყობის გამოვლენა.
ანამ გამიღიმა და სააბაზანოსკენ დაიძრა. მეც უკან გავყევი და მისაღებისკენ გავუხვიე. ცოტა ხანში, სააბაზანოდან წყლის ხმამ მოაღწია ჩემამდე. გაუნძრევლად ვიჯექი დივანზე. ვიგრძენი, რომ ბოლომდე ვერც მე გამოვიძინე. ცოტა ხანში, სააბაზანოში წლის ხმა შეწყდა და სრულმა სიჩუმემ დაისადგურა. ამ სიჩუმეში, ისევ რომ არ ჩამძინებოდა, წამოვდექი და კედელზე ჩამოკიდებული ლიხტენშტეინის რეპროდუქციის შესწავლა დავიწყე. “I’d rather sink than call Brad for help”. კომიქსის სტილში შესრულებულ ნახატზე, ტალღებთან მებრძოლი მიმზიდევლი ქალბატონი თავის ფიქრებს მიზიარებდა.
- ხომ არ შეგიყვარდა? - ვერც კი შევამჩნიე, როგორ გამოვიდა სააბაზანოდან ანა. საძინებლის კარებთან თეთრ ხალათში იდგა და იქედან მელაპარაკებოდა. თან პირსახოცით თმებს იმშრალებდა.
- რა დაგიშავე, იმის გარდა, რომ გუშინ ღამით უცერემონიოდ შემოვიჭერი შენთან სახლში, ყავა დაგილიე, მერე აივანზე გავიშხლართე და დავიძინე, დღეს დილით კი ადრიანად გაგაღვიძე, ასე რომ მკბენ?
- რაც ჩამოთვალე, მაგას კიდევ ბევრჯერ შეგახსენებ, - განაგრძობდა ჩემს “ჩაგვრას”.
- ანუ კიდევ ბევრჯერ მექნება შენი ხილვის საშუალება?
- აბა რა გეგონა? მე აქ საქველმოქმედო პანსიონი კი არ მაქვს, ყველა უსახლკარო რომ შემოვიხიზნო, - ინტონაციაში უკვე სითბო შეეპარა, - ცოტა ხანიც დამიცადე. ოკ?
თავი დავუქნიე. ანა საძინებელში შევიდა, მე კიდევ ფანჯარასთან მივედი და გადავიხედე. ქუჩა ისეთივე უკაცრიელი იყო, როგორც ღამით. ძალიან ყვარებიათ ძილი გივატაიმში.
ანას ცოტა ხანი, მართლაც ცოტა ხანი აღმოჩნდა და ქუჩის პეიზაჟის მობეზრებაც კი ვერ მოვასწარი, საძინებლის კარი რომ გაიღო და გამოვიდა.
- მე მზად ვარ. წავიდეთ? - უკვე სხვა მაისური და ყვითელი ფერის ქვედა ბოლო ეცვა. თმების წესრიგში მოყვანა და მსუბუქი მაკიაჟის გაკეთებაც მოესწრო.
- წავიდეთ, - სიამოვნებით დავეთანხმე.
კაფე გვერდზე ქუჩაზე იყო. იქ ჩვენს გარდა, მხოლოდ ერთი მაგიდა იყო დაკავებული. მიმტანი დაჯდომისთანავე თავს დაგვადგა და ანას მიესალმა.
- მოვატანინო მენიუ? - თავის თავზე აიღო მასპინძლობა ანამ.
- არ არის საჭირო. დილაობით არ მიყვარს ჭამა. მხოლოდ ყავას დავლევ.
ანა ოფიციანტს მიუბრუნდა და შეკვეთა გააკეთა.
ოფიციანტის წასვლა და ანას ტელეფონის ზარი, ერთი იყო.
- დანიელაა, - ანამ ტელეფონს დახედა და გადმომილაპარაკა.
სავარაუდოდ, აქეთ მე და იქეთ პეტროსს, შინაარსი რომ არ გაგვეგო, სატელეფონო საუბარი ივრითზე შედგა.
- ცოტა ხანში აქ მოვლენ, - ტელეფონი მაგიდაზე დადო და შემომხედა, - გთხოვ, დანიელას თანდასწრებით საყვედური არ უთხრა პეტროსს. დანიელა უკვე მიხვდა, რომ გუშინ ვერ მოიქცნენ მთლად კარგად და ისედაც ერიდება შენი.
- პრობლემა არ არის. მადლობა რომ გადავუხადო ორივეს? - გამეცინა.
- შემოუშვი ესეთი თავხედი სახლში! მადლობა მე გადამიხადე, პლიაჟზე რომ არ გაათიე ღამე, - არ გაუშვა ჩემი დატუქსვის შესაძლებლობა.
- შენ მადლობას ცალკე გადაგიხდი. პატივისცემას ესე ადვილად არ ვივიწყებ, - სერიოზულად ვუპასუხე.
- სანამ მოსულან… მერე შეიძლება საშუალება არ იყოს ამის თქმის… მოკლედ, სასიამოვნო იყო შენთან ურთიერთობა და თუ მთელი შენი “მუქარა” უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ იყო, აიღე შენი ტელეფონი და ჩაიწერე ჩემი ნომერი… მერე პეტროსის და დანიელას მეშვეობით რომ არ დაგჭირდეს ძებნა.
უსიტყვოდ ამოვიღე ჯიბიდან ტელეფონი, ჩავიწერე ანას ნომერი და იმ წუთასვე მისთვის შეუმჩნევლად დავრეკე. რამდენიმე წამში, ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ანამ დახედა ეკრანს და გასაგებია, რომ ნომერი ვერ იცნო. გაკვირვებულმა, თუ ვინ ურეკავდა შაბათ დილით, უპასუხა ზარს.
- გისმენთ, - როგორც კი დაინახა, რომ ტელეფონი ხელში მეჭირა, ყველაფერს მიხვდა და გაეღიმა.
- გამარჯობა, ანა. ლუკა ვარ. როდის შეიძლება შენი ნახვა?
- გამარჯობა ლუკა, - ამყვა ხუმრობაში, - ეხლა არ მცალია. საქველმოქმედო ღონისძიებაზე ვარ. უსახლკაროებს ვეხმარები. შეგიძლია მოგვიანებით გადმორეკო?
ორივეს გაგვეცინა და დავასრულეთ “სატელეფონო საუბარი”.
- ესეთი კარგი იუმორის გრძნობა გენეტიკურად მოგყვება, თუ შეძენილი უნარია? - ერთროულად გამომივიდა ხუმრობაც და კომპლიმენტიც.
- აქამდე ჩემს თავში ვერ ვამჩნევდი ამ თვისებას. მგონი შენგან გადმომედო ჰაერ-წვეთოვანი გზით, - არ დარჩა ვალში.
ისევ გაგვეცინა. ამ დროს ოფიციანტმა შეკვეთა მოგვიტანა - მე ყავა, ანას ყავასთან ერთად მოზრდილი კრუასანი.
- Bon appetit.
- ბეტეავონ. დროა საჭირო ფრაზები ისწავლო ივრითზე, - გამიღიმა ანამ.
- დავიმახსოვრებ. თან ჟღერადობითაც გავს ცოტათი.
ყავაში შაქარი ჩავყარე და მოვურიე. ანაც საკუთარი ყავითა და კრუასანით დაკავდა. გარეთ გავიხედე და მექანიკურად გუშინდლიდან გამოყოლილი Red Hot Chili Peppers-ის ახალი სიმღერის მისამღერის ღიღინი დავიწყე - Hey oh. Listen what I say, oh…
უცბად ანას მზერა დავიჭირე და მივხვდი, რომ თუ მე თვითონ რამეს არ გავაფუჭებდი, ჩვენს შორის რაღაც საინტერესო იბადებოდა.
ყავის სმა შუამდეც არ იყო მისული, როდესაც კაფეში პეტროსი და დანიელა შემოვიდნენ. უფრო ზუსტად, დანიელა შემოფრინდა და უკან მშვიდი ნაბიჯებით პეტროსი შემოყვა.
- დილა მშვიდობისა. ისეთი დასვენებული სახეები გაქვთ, ვატყობ, კარგად გამოიძინეთ, - ჯერ მაგიდასთანაც არ იყო მოსული, ისე მოგვაძახა დანიელამ და ყურადღებით დაგვაკვირდა. პასუხისთვის არც დაუცდია, ისე მოაყოლა, - როგორი დრო გაატარეთ?
როგორც ვხვდებოდი, ტელეფონში უვე მოასწრო ანამ ძირითადი მომენტების მოყოლა, მაგრამ, დანიელას ბოლომდე არ სჯეროდა მოყოლილის და თავისი მახვილი მზერით ცდილობდა დამატებითი დეტალების გარკვევას.
- დილა მშვიდობისა, - პეტროსმაც მოაღწია მაგიდამდე და მორიდებით მოგვესალმა.
- დილა მშვიდობისა, დაჯექით, - საპასუხოდ მიესალმა ანა. მე მხოლოდ თავის დაკვრით შემოვიფარგლე, - შეუკვეთავთ რამეს? - ანა არ ჩქარობდა დანიელას კითხვებზე პასუხის გაცემას.
- არა, დილით უკვე ვისაუზმეთ, - დანიელას ჩვენი ამბების მოსმენა უფრო აინტერესებდა.
- მე ყავას კიდევ დავლევ, - არ დაეთანხმა პეტროსი და გვერდით მდგარ ოფიციანტს გადაულაპარაკა.
- გუშინ სად გაქრით ასე მოულოდნელად? - მე კი გამაფრთხილა, მაგრამ თვითონ ვერ მოითმინა ანამ.
- რა ვიცი. ისე ტკბილად საუბრობდით კლუბში, ხელი აღარ შეგიშალეთ და დაგტოვეთ, - აქეთ დაგვადო ვალი დანიელამ.
მე და ანას გაგვეცინა. ჩვენმა სიცილმა კიდევ უფრო დააინტრიგა დანიელა. ჩათვალა, რომ იმაზე მეტი მოხდა, ვიდრე იცოდა და ვუმალავდით.
- ჩვენც მალე წამოვედით კლუბიდან და ტკბილი საუბარი ჩემთან განვაგრძეთ, - შევატყვე, სიამოვნებდა ანას დანიელას წვალება და ორაზროვნად უპასუხა.
- რა აზრის ხართ, ზღვაზე რომ წავიდეთ? შაბათია. ვერ იტყვით, რომ საქმეები გაქვთ, - შეცვალა საუბრის თემა და წინადადებით შემოვიდა პეტროსი.
- მშვენიერი აზრია! - როგორც იქნა მეც ამოვიღე ხმა და ანას გადავხედე; არ მინდოდა მასთან დილიდანვე დამშვიდობება.
- მერე კარგი თევზის რესტორანი ვიცი იაფოში და იქ ვისადილოთ. მე გეპატიჟებით, - პეტროსის ეს ბოლო ფრაზა ჩემთვის იყო განკუთვნილი და ერთგვარ მობოდიშებას წარმოადგენდა.
- შეიძლება. მე მართალა არაფერი არ მაქვს დაგეგმილი, - ანას პასუხმა ძალიან გამახარა.
- მაშინ, ერთი პლიაჟი ვიცი, ჰერცლიისკენ. ლამაზი ადგილია, თანაც იქ ბევრი ხალხი არ იქნება, - თვალები გაუნათდა დანიელას.
- მოვილაპარაკეთ, - იგრძნობოდა, რომ პეტროსმა შვება იგრძნო, - ჩემს მანქანასთან უნდა მოვხვდეთ. გუშინ პორტთან დავტოვე.
- ჯერ მე უნდა შევირბინო სახლში, ზღვისთვის გავემზადო. თქვენ აქ დამელოდეთ, - მოსვა ბოლო ყლუპი ყავა ანამ და წამოდგა.
- მერე ჩემთანაც უნდა შევიაროთ, - დაამატა დანიელამ.
როგორც კი სამნი დავრჩით, სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ისევ დანიელამ დააღვია.
- ხომ კარგი მეგობარი მყავს?
- ფანტასტიური! - არ გავუცრუე იმედი.
- ანუ არ გვიბრაზდები? - ეშმაკურად შემომხედა დანიელამ.
- რას ამბობ, პირიქით, მადლობელი ვარ, ასეთი საუცხოო ღამისთვის, - მეც ანას მიერ აღებულ სტრატეგიას მივყევი და ორაზროვნად ვუპასუხე.
- ანუ, ღამე საუცხოო იყო? - ცოტაც და დანიელა გასკდებოდა ინტერესისგან.
- შეეშვი. მეტი რა გინდა, რომ გითხრას? - სცადა ჩემი გამოსარჩლება პეტროსმა.
- თქვენ როგორ გაატარეთ დრო? - ახლა ჩემი ჯერი დადგა დამესვა უტაქტო შეკითხვა.
- ჩვენც საუცხოო ღამე გვქონდა, - გადაიკისკისა დანიელამ და პეტროსს გადახედა, - ხომ მართალს ვამბობ ძვირფასო?
პეტროსს გაეცინა და თავი გადააქნია. მეც გამეცინა.
კაფეს შესასვლელში ანა გამოჩნდა. მორიგი დეფილე - ტანზე უკვე ჭრელი, გამჭვრვალე მოკლე ტუნიკა ეცვა, რომელიც კარგად უსვამდა ხაზს მის იდეალურ აღნაგობას. ხელში პატარა ზურგჩანთა და ჩალის ქუდი ეჭირა.
მანქანასთან მისვლამ და დანიელასთან შევლამ საკმაო დრო წაიღო და უკვე 11 საათი ხდებოდა, როდესაც პლიაჟამდე მივაღწიეთ. ადგილი მართალაც საინტერესო იყო - მთავარი გზიდან გადავუხვიეთ და რამდენიმე წუთი, გრუნტის საფარიან გზაზე მოგვიწია ჯანჯღარი, რის შემდეგაც, იმპროვიზირებულ პარკინგზე აღმოვჩნდით, სადაც ათამდე მანქანა იდგა. პარკინგის ადგილი ზღვას ზემოდან გადაჰყურებდა.
ჩვენი ყურადღება მიიქცია აღმოსავლური გარეგნობის მამაკაცმა და ქალმა, რომლებიც დაბნეული სახით იდგნენ მანქანასთან. გავჩერდით თუ არა, მამაკაცი გამოეყო და პეტროსს მიმართა, ხომ არ ჰქონდა აკუმულატორის დასატენი კაბელი. აღმოჩნდა, რომ კორეელი ტურისტები იყვნენ და მანქანის აკუმულატორი დაჯდომოდათ. პეტროსის უარყოფითი პასუხის შემდეგ მე ჩავერთე და ვკითხე სიჩქარეების გადამცემი კოლოფი მექანიკური იყო, თუ ავტომატური.
მხოლოდ ცოტა ხანში, როდესაც ჩვენი ჯგუფისა და მათი ერთობლივად მოწოლის შემდეგ, მესამე სიჩქარეში ჩაგდებული მანქანა შეტორდმანდა, აროხროხდა და დაიქოქა, მიხვდნენ, თუ როგორ გაუმართლათ, რომ სიჩქარეების კოლოფი მექანიკური იყო. არასდროს დამავიწყდება მათი გაფართოებული თვალები - ვერ წარმოედგინათ, რომ ამგვარად დაქოქვა იყო შესაძლებელი. გამომადგა საბჭოთა ავტომომობილებთან ურთიერთობის გამოცდილება.
პარკინგიდან ზღვისკენ ვიწრო ბილიკი ეშვებოდა. ქვემოთ დაახლოებით სამას მეტრამდე სიგრძის პლიაჟი იყო, რომელიც ზღვასა და კლდეს შორის იყო მოქცეული. აქ ვერც კი წარმოიდგენდი, რომ თანამედროვე მეგაპოლისიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში ვიყავით.
პირსახოცები ქვიშაზე დავაფინეთ, ტანსაცმელი გავიხადეთ და ზღვაში შევედით. გზაში კიდევ ერთხელ შევათვალიერე ანა - ცისფერ საცურაო კოსტიუმში განსაკუთრებულად სექსუალურად გამოიყურებოდა.
პლიაჟს ერთი უდაოდ დიდი პლიუსი ჰქონდა - ჩვენი მისვლისას, თითქმის ნახევარი, კლდის ჩრდილში იყო მოქცეული და მზისგან დამცავ ქოლგებს, ბუნებრივი ჩრდილი ცვლიდა. დღის მეორე ნახევარში, მზემ მთლიანად “აითვისა” პლიაჟი და დააცხუნა. შიმშილის გრძნობაც წამოგვეწია. გადავწყვიტეთ, რომ სადილობის დრო იყო უკვე და მანქანისკენ დავიძარით.
იაფოში, ჩემთვის უკვე ნაცნობი მოედანი და ქუჩა გავიარეთ და მარჯვნივ ჩავუხვიეთ. მალე ზღვისპირა რესტორანთან აღმოვჩნდით. პეტროსმა მანქანა გზის პირზე გააჩერა და შევედით. რესტორანს გამწვანებული ეზო და მოზრდილი ვერანდა ჰქონდა, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა. ერთ-ერთი განაპირა მაგიდა დავიკავეთ.
- ამ რესტორანს “ბაბაი” ჰქვია, - გვამცნო პეტროსმა, - ძალიან გემრიელ თევზს წვავენ გრილზე.
- მაშინ თევზი შევუკვეთოთ, - დავეთანხმე პეტროსს, - რა თქმა უნდა, თუ სხვა მოსაზრება არ აქვს ვინმეს.
დიდი პროტესტი არავის გამოუთქვამს და თევზი, ასევე რესტორნის ადმინისტრატორი გოგონას რეკომენდაციით, ერთი ბოთლი თეთრი ღვინო “გევურცტრამინერი” შევუკვეთეთ.
სანამ თევზი მომზადდებოდა, მაგიდა მცირე ზომის თეფშებით აივსო, რომლებზეც სხვადასხვანაირი არაბული სალათები იყო.
- ჩვენს გაცნობას და ამ ორ უცნაურ დღეს გაუმარჯოს, - წარმოვთქვი სადღეგრძელო და გოგოებს მივუჭახუნე (პეტროსი საჭესთან იყო და გადაწყვიტა დღეს აღარ დაელია).
მოვსვი ღვინო და სასიამოვნო, მდიდარმა არომატმა, “გევურცტრამინერს”, ჩემს საყვარელ ღვინოებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი სამუდამოდ დაუმკვიდრა. აღფრთოვანება, ადმინისტრატორ გოგონას მაღლა შემართული ცერა თითით დავუდასტურე.
უგემრიელესმა სალათებმა, ასევე უგემრიელესმა თევზმა და საუცხოო ღვინომ ჩემი განწყობა ერთიორად აამაღლა. ყოველივე ამას, ანას სილამაზესა და ზღვისკენ დაღმავალი მზის სხივებით განათებულ ზღაპრულ პეიზაჟსაც თუ დავამატებთ, ადვილი მისახვედრია, როგორ ინტენსიურ ემოციურ ორგაზმს განვიცდიდი.
მოსაღამოვდა. ყველაფერს აქვს დასასრული და ეს მეტად საინტერესო უიკენდიც დასასრულს უახლოვდებოდა. რესტორნიდან თელ-ავივში დავბრუნდით. ჯერ დანიელა დავტოვეთ სახლში, შემდეგი ანა იყო. მის სახლთან პეტროსმა მანქანა გააჩერა. მე და ანა გადმოვედით და ერთმანეთს შევხედეთ.
- ალბათ დამშვიდობების დროა, - ისევ ანამ დაარღვია პირველმა სიჩუმე.
- რამდენადაც არ უნდა ვიყო წინააღმდეგი, სამწუხაროდ, ასეა. როდის შეიძლება შენი კიდევ ნახვა? - ჩემს ხმაში დაუფარავი სევდა იგრძნობოდა.
- ცრემლები არ დამანახო, - ხუმრობით სცადა ანამ ჩემი გახალისება, - რა ვიცი…. ჩემი ნომერი გაქვს. მოიწერე, დამირეკე და რაღაცას მოვიფიქრებთ.
- ოკ, კარგად იყავი. იმედია, მალე შევხვდებით, - დავემშვიდობე და ლოყაზე საკოცნელად მისკენ გადავიხარე. თუმცა, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ანასთვისაც სრულიად მოულოდნელად, ჩვენმა ტუჩებმა ერთმანეთი იპოვეს და მხურვალე კოცნა გამოგვივიდა. შემდეგ მიტრიალდა, და უკან აღარ გამოუხედავს, ისე შევიდა სადარბაზოში.
მე და პეტროსი, გარკვეული პერიოდი, მანქანაში ჩუმად ვიჯექით. პეტროსმა ხმა მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო, როდესაც აზრიელის ცენტრთან მარცხნივ ჩავუხვიეთ და იერუსალიმის გზას დავადექით.
- კარგი გოგოა ანა. აქამდე მხოლოდ მისი ვიზუალური მხარე ვიცოდი. დღეს სხვა მხრიდანაც გავიცანი. შენც ძალიან მოგეწონა, როგორც ვხვდები.
- მართალი ხარ. არის მასში, ისეთი რაღაც, რაც სხვებისგან გამოარჩევს. არ ვიცი ზუსტად როგორ განვსაზღვრო: ეს მისი შინაგანი სამყაროა, მომხიბლავი გარეგნობა, თუ ელეგანტური თვითდაჯერება. მგონი, მაინც ყველაფერი ერთად, - უფრო ხმამაღლა ვმსჯელობდი, ვიდრე პეტროსს ვპასუხობდი, - ისე, გუშინ როგორ დაგვტოვეთ ესე უცერემონიოდ. რა გეგონათ? - ძალიან მკაცრად რომ არ გამომსვლოდა, ღიმილი დავაყოლე.
- რა ვიცი... შენი მონაყოლი კოლუმბიელ ნიმფომანზე, საკმაო რაოდენობით ვისკი და დანიელას სიტყვები, რომ ყველაფერი კარგად გექნებოდათ, საკმარისი აღმოჩნდა ჩემს დასარწმუნებლად. მაშინ მომეჩვენა, რომ შენ და ანას უკვე ყველაფერი გარკვეული გქონდათ, - მობოდიშების მსგავსი რაღაც გამოუვიდა.
- ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობა. მგონია, ღირდა ყველაფერი ამად და საერთოდ, მშვენიერი ორი დღე გამოვიდა, - არ დავფარე კმაყოფილება, - დანიელაც საინტერესო ეგზემპლიარია. მასთან ერთად არ მოიწყენ.
- ეგ კი, - გაეცინა პეტროსს.
გზის დარჩენილი მონაკვეთი საქმეზე საუბარში მიილია. მოვილაპარაკეთ, რომ ორშაბათ დილით შემომივლიდა და ოფისში ერთად წავიდოდით. ხვალინდელი დღე, კი მთლიანად შემეძლო დასვენებისთვის გამომეყენებინა.
სასტუმროსთან უკვე კარგად დაბნელებულზე მივედით. პეტროსს დავემშვიდობე და ნომერში ავედი. პირველ რიგში, შხაპი გადავივლე, შემდეგ საწოლზე მივწექი, ტელევიზორი ჩავრთე და სპორტულ არხზე საფეხბურთო მიმოხილვის ყურება დავიწყე.
ცოტა ხანში, საწოლის გვერდზე მდგარ ტუმბოზე ტელეფონმა დაიზუზუნა. შეტყობინება იყო ანასგან: “იმედია, კარგად ჩახვედით. ძილი ნებისა. :)“.
გახარებულმა, საპასუხო შეტყობინება ავკრიფე: “ყველაფერი ოკ. საწოლში ვწევარ. უკვე მენატრები. ძილი ნებისა :-*”.
ვიგრძენი, რომ მართლაც მეძინებოდა. ტელევიზორი გამოვრთე და სასიამოვნო ფიქრებმა წამიღო.



№1 სტუმარი სტუმარი მაია

გაგრძელება სად ვნახო

 


№2  offline წევრი Sardor

სტუმარი მაია
გაგრძელება სად ვნახო

XI-XX თავებს ცოტა ხანში დავამატებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent