შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და შენ - ბი /სრულად/


28-03-2020, 23:22
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 6 261

...
სწრაფად გააპო ბრბოს უზარმაზარი ტალღა, რომელიც მისი მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მიიწევდა წინ. თვალებში ჭინკები უხტოდნენ და ყოველგვარი უკანა ფიქრის გარეშე გრძნობდა ბედნიერების უეცარ და ძლიერ გრიგალს, რომელიც მისი სულის ხრიოკ უდაბნოში ღრუბლების ჯგროთი მოემართებოდა.
ისე მძაფრად გრძნობდა გაწვიმების სურვილს, რომ აჟიტირება ვერ ჩაახშო და თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ოღონდ ემოცია დაეცალა ახლა, ოღონდ ამოეფრქვია ის, რასაც ამჟამად განიცდიდა და დაუფიქრებლად შესწირავდა ამ საოცარ პროცესს თავს.
ეჯახებოდა გამვლელებს, რომელნიც მისთვის მხოლოდ მოსიარულე ლაქებს წარმოადგენდნენ. ერთი-ორმა შეუკურთხა კიდეც, მაგრამ როდესაც ადამიანი შეპყრობილია დიადი იდეით, ის ვეღარაფერს ამჩნევს ირგვლივ. ბი ხვდებოდა ამას და მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა შეამჩნევდა თუ არა რაიმეს, როდესაც აბსტრაქტულ ბედნიერებას ეჭიდებოდა. მატერიალური ბედნიერება მისთვის უცხო იყო და ცოტა არ იყოს, გულისამრევიც.
უზარმაზარი ნაბიჯებით მირბოდა და ოთხკუთხა ფილებით მოპირკეთებულ ტროტუარს აიძულებდა მისი სიმძიმე ათჯერ მეტი სიმძლავრით აღექვა. თითქოს, თავის უპირატესობას უმტკიცებსო, მაგრამ…
მაგრამ ბისთვის სულერთი იყო. მას ყოველივე გაუსულერთდა, როცა ეს იგრძნო.
და დადგა ბისთვის ნანატრი წამიც, რომელსაც სანუკვარი ოცნებასავით ეტრფოდა შორიდან, ვით ფოთლებშემოძარცვული ხე ნატრობდა, რომ ბოლო მწვანე ფოთოლი მაინც შერჩენოდა მის დაბერებულ და შიშველ ტოტებს.
გაწვიმდა! შხაპუნა წვიმის ანცი წვეთები ჯერ რიგ-რიგობით გამოეპარნენ ზეცას, რომელიც მათ დამწყვდევას აპირებდა თავისთან სამუდამოდ, შემდეგ კი ერთიანად, თავპირისმტვრევით გამოიქცნენ დიქტატორისგან. ბის ურწყული უდაბნო სველდებოდა, მაგრამ იმდენად იყო იგი გავარვარებული უემოციობისგან, რომ პირველი წვეთები მსხვერპლად შეეწირნენ მის ზედაპირს. აორთქლდნენ ისინი, თუმცა მათი და-ძმანი თანამოძმეთა სიკვდილის გამო შურისძიების წყურვილით გაიჟღინთნენ და გაზრდილი შემართებით მიიწევდნენ წინ.
უდაბნო ემოციათა წვიმისგან ნელ-ნელა კარგავდა თავის მაღალ ტემპერატურას.
ბის სახე ღიმილად დაეხატა. იცით როგორ ღიმილად? ამქვეყნად რომ არავინ და არაფერი აინტერესებს - აი, ისეთ ღიმილად. თვალის გუგები გაუფართოვდა ისე, როგორც კატას უკუნეთ სიბნელეში, რათა უკეთ დაინახოს და მსხვერპლს მოულოდნელად დააცხრეს თავს. ამის მსგავსად ცდილობდა ბი წვიმის ყველა წვეთის დაფიქსირებას, რათა ფასდაუდებელ მარგალიტებად შეენახა ისინი თავისი ჯავშნის ყველაზე ბნელ და საიმედო კუნჭულში. მოზრდილი ტუჩები მის ოვალურ სახეზე უსაშველოდ გაიწელნენ და ლამის ყურებამდე გადაიჭიმნენ, აქაოდა მთელ სივრცეს ჩვენ დავიკავებთო. ებრძოდნენ უხილავ მტერს. აზიდული წარბები კი იმ განცვიფრებას გამოხატავდნენ, რომელსაც არ ეგონა, რომ შეეძლო ყოფილიყო ამდენად ბუმბერაზი.
გალუმპული თმა სიხარულით აღტაცებულ სახეს ეკვროდა და თავისებურ ორნამენტებსაც კი წარმოქმნიდა მასზე.
ერთი სული ჰქონდა ბის როდის მიაღწევდა იმ გარდამტეხ მომენტს, როცა ზეცა გააცნობიერებდა, რომ თავისი ბრმად მორწმუნე წვეთები გამოეპარნენ მის ტოტალიტარულ რეჟიმს და უკვე თავად იტყოდა მათზე უარს.
როდესაც ფანატიკურ ლიდერს ჯერ ერთი, შემდეგ მეორე, მესამე აქცევს ზურგს, ის იმის ნაცვლად, რომ მიზეზები საკუთარ თავში ეძიოს, თავად ბრუნდება უკანალით ოდესღაც ერთგული ბრბოსკენ. მას ჰომ ბრმად სწამს იმის, რომ სულით ხორცამდე მართალია. ის კვლავ შეკრებს მათ, ვინც გაიზიარებს მის "ჭეშმარიტ" იდეებს და დაიპყრობს მსოფლიოს…
და აი, დადგა ნანატრი წამი, როცა შხაპუნა თქეშში გადადის და იმ წამს დედამიწა ბრუნვას წყვეტს. გაგულისებული ზეცა წამით ეჭვდება თავის გადაწყვეტილებაში და… არა! წვეთები, რომელნიც გამორბოდნენ, უკვე ერთმანეთს ეხეთქებიან, რადგან ზეცამ შეძლო თავისი ეჭვის დაღრღნა და სადღაც მიუსავლეთში სროლა.
ბი კი გრძნობდა… ალბათ, გეცნობათ ფრაზა - დაძინებამდე არის ერთი გარდამავალი წამი, როდესაც საკუთარი თავი ყველამ ვიცით. ბის შემთხვევაში ეს არ ხდებოდა ღამით, როდესაც ინსომნიით გატანჯული მაინც აძალებდა თავს რამდენიმე წუთი მაინც წაეძინა, არა. ეს ხდებოდა ზუსტად მაშინ, როდესაც დედა ღვიძლ შვილზე უარს ამბობდა და დედამიწაზე თქეშით ეხეთქებოდნენ უარყოფილი ნაყოფები.
მთელ სხეულში დაუარა დენმა და საგრძნობლად შეტოკდა. არაბუნებრივად გააკანკალა და საოცარი სურვილი იგრძნო ყველა წვეთი თავისთან დაეტოვებინა, რადგან არც ერთი წყლის ნაწილაკი იმ ბრბოს არ შეჰხებოდა, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებდა. ეგოისტურად და ხარბად სურდა მიესაკუთრებინა ის, რაც მენტალურად უკვე მისი იყო.
მაგრამ რა გაუმაძღარია არა ადამიანი? მას სურდა ის, რაც უკვე მისი იყო.
უზარმაზარ გუბეში ჩახტა და შეაჟრჟოლა იმ სიამოვნებისგან, რომელიც გუბედან ბათინკის მოულოდნელი ვიზიტისგან შეშფოთებული წყლის ამოხტომამ მიანიჭა. ნაწილი შეშფოთდა, ნაწილმა კი უფრო მეტად გაჟღინთა მისი ისედაც სველი ფეხები.
რა საოცარია, არა? ის, რაც სხვას აშფოთებს, შენ გაინტერესებს. ზოგი გაფიქრებისთანავე წამოხტება და გაიქცევა ამ ფიქრისგან, ზოგი ბოლომდე წაჰყვება და ვინ იცის როდის და სად ამოაყოფინებს თავს მას თავისი არაცნობიერი.
ბი ასწრებდა გამვლელთა გაოცებული, ამრეზილი, წარბშეკრული და გაბადრული სახეების დანახვას, როდესაც ისინი უმზერდნენ მას ამ მდგომარეობაში. მერე რა, რომ ამას იმთავითვე ვერ აცნობიერებდა. ის მომართული იყო არაცნობიერი დაკვირვებისკენ, რომლის არსებობაც მას ყოველ ჯერზე ავიწყდებოდა.
გქონიათ შეგრძნება - ამაზე უკვე ვიმსჯელე და საკუთარი აზრიც მაქვს… თურმე ? ბის მუდმივად აქვს. ის მუდმივი ფიქრის რეჟიმშია სურს ეს მას თუ არა, ამიტომაც მას თავისი თავი სახტად ტოვებს და ირონიული ღიმილით აკვირდება. ბი ამ დროს გაებუტება, ჩაიფრუტუნებს და თავს სხვა მიმართულებით სწრაფად მიატრიალებს. აქაოდა, მიხვდეს, რომ მაწყენინაო.
ჰო, ბისთვის მე ცოცხალი იყო.
იმდენად ცოცხალი, რამდენადაც ვერც მე, ვერც შენ და ვერც ვერავინ იქნება ამქვეყნად. ბისთვის მე ბი იყო. მესთვის კი ბი… ალბათ, არავინ. ვერ გეტყვით, არ ვიცი.
"ემოციებისთვის ღირს ცხოვრება. ყოველი წამი ემოციაა, რომელთა განცდაც საოცარია. არაჩვეულებრივი ქმნილებაა ადამიანი! უნიკალური, რადგან შეუძლია იგრძნოს და ეს გაიაზროს. შეუძლია იგრძნოს ამბივალენტური ემოციებიც კი! ნუთუ ეს არ განცვიფრებთ? მე სავსე ვარ იმ ემოციური სიდიადით, რომელსაც ყოველწამს განვიცდი, რადგან ადამიანად ყოფნის ბედნიერება მერგო წილად."
ბი სავსე იყო. იმდენად სავსე, რომ ზოგჯერ ვერ იაზრებდა, რომ ყველას ჰყოფნიდა მისი სისავსე. რომ ყველას უკვირდა, როგორ შეეძლო გაეძლო ამდენი გრძნობისთვის, რომელთაც ასე აღფრთოვანებით ახასიათებდა. ემოციები ლიანებივით ეკვროდნენ და ახრჩობდნენ მას.

- თუ წინა ცხოვრება არსებობს, მე, ალბათ, სკანდინავიაში ვიცხოვრებდი მაშინ. - ჯმუხი კაცი ხელში რკინის მცირე ზომის ჯავშანს ათამაშებდა, რომელიც მისი ხელით იყო შექმნილი და ბის ინტერესით აკვირდებოდა.
- რეინკარნაციის ვერ ვიტყვი, რომ მჯერა, თუმცა რადგან ვფიქრობ, რომ არაფერია გამორიცხული, ენერგიის უკვდავობის ცნებას მოვიშველიებ ამ საკითხთან დაკავშირებით. საინტერესო იქნებოდა "მეს" სხვა ცხოვრება, სხვა დროსა და ადგილას. თუმცა ზოგჯერ იმდენად ეგოისტი ვარ, საკუთარ თავზე ვეჭვიანობ, როდესაც ამ საკითხს ვუფიქრდები. ეს ხომ ჩემი "მეა", ის არ უნდა იყოს სხვა სხეულში. - მხრები აიჩეჩა ბიმ და ჟასმინის ჩაი მოსვა.
- არაფერია გამორიცხული…
- ნამდვილად! - მკვირცხლად აიტაცა ბიმ და თმა სახეზე ჩამოეშალა. ბიმ წარბი შეკრა და ტუჩები უკმაყოფილოდ მოკუმა ვარდივით. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სახეზე ჩამოშლილ თმის ღერს რამდენჯერმე შეუბერა. თუმცა ყოველი შებერვის შემდეგ, იგი მაინც თავის ადგილს უბრუნდებოდა.
- რა ზარმაცი ხარ. - გაეღიმა კაცს ბის ამ ბავშვურ ქცევაზე.
- რაში შემატყვე სიზარმაცე? - თავი გვერდზე გადასწია ინტერესის გამოსახატავად.
- ოღონდ ხელი არ გაუშვა ჩაის, რომელსაც შენი ორივე ხელი აქვს დაჭერილი და ყველანაირად იმაიმუნებ.
- ყველაფერი შესაძლებელია და არაფერია გამორიცხული. - მხრები აიჩეჩა ბიმ.
კაცს იგი ზარმაცი ეგონა. ბისთვის კი სულერთი იყო, მასზე როგორ შთაბეჭდილებას დატოვებდა.
- სიკვდილზე გიფიქრია? - უეცრად წამოიწყო მამაკაცმა.
- კი, როდესაც ზამთარი დგება, სულ სიკვდილზე ვფიქრობ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ცივა.
- სიცივე შენთვის სიკვდილთან ასოცირდება?
- ჰო.
- იმიტომ, რომ ადამიანის სხეული განუზომლად ცივდება და ყინულის ტემპერატურას იძენს ? - ჩაეკითხა ინტერესით და პასუხს მოუთმენლად ელოდა.
- არა, იმიტომ, რომ საოცრად მცივანა ვარ. როდესაც მცივა - ვფიქრობ, ნეტავ მოვკვდე და აღარასდროს შემცივდეს-მეთქი. - კაცი ორიოდე წამის განმავლობაში აკვირდებოდა და ფიქრობდა - იქნებ მეხუმრებაო, მაგრამ ბის ჩვეულმა გამომეტყველებამ აიძულა დაეჯერებინა მისთვის.
- სიკვდილის არ გეშინია ?
- რატომ უნდა მეშინოდეს იმის, რაც გარდაუვალია ? - გაოცებისგან თვალები ააფახულა ბიმ.
- იმიტომ, რომ არ იცი - რა იქნება სიკვდილის შემდეგ. - ექსპერიმენტს ატარებდა, შეუძლებელია ვერ შეგემჩნიათ.
- ამაზე ფიქრი არ მაშინებს, ვცხოვრობ აქ და ახლა, ამჟამინდელი წამით. ეს მაკმაყოფილებს.
- ნუთუ მომავალზე საერთოდ არ ფიქრობ? - ცალი წარბი დაეჭვების ნიშნად ასწია და კუპრივით შავ დიდრონ თვალებში ჩააშტერდა ბის.
- არავის აქვს გარანტია იმისა, რომ არათუ ხვალ დილით გაიღვიძებს და სამსახურში წავა, არამედ წამის შემდეგ რომ რაიმე არ დაემართება და არ მოკვდება. უცაბედი გულის შეტევა, ინსულტი, ძარცვა, მკვლელობა და ა.შ. სიკვდილზე ფიქრი ადამიანს ჭამს შიგნიდან. რატომ უნდა გადავასანსლო ჩემი მე იმას, რაზე ფიქრიც არ მაინტერესებს, რადგან პასუხს მაინც ვერ მივიღებ ? - გაეღიმა და თავისი იდეალურად ჩამწკრივებული კბილები ტუჩს ქვევით გამოაჩინა. სწრაფადვე ჩამალა უკან, თითქოს კბილთა ორ რიგს შერცხვა სცენაზე გამოსვლის. არ იყვნენ ამისთვის მზად.
- სიკვდილის შიშით ადამიანები ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, ზოგჯერ თავსაც კი იკლავენ, რადგან არ იციან, რა ელით და შიშში ცხოვრება არ სურთ. - კაცი კი განიხილავდა ამ თემას სრული გატაცებით. სახე თითქოს ათასმა პაწაწინა ბრჭყვიალამ გაუნათა, რომელიც ასე ღრმად ჰქონდა ჩაფლული იმის შიშით, რომ დასცინებდნენ.
- ჩემთვის სასიამოვნო ფუნქციაა. - კვლავ აიჩეჩა მხრები ბიმ და სკამის საზურგეს მიეყრდნო. აშკარა იყო, რომ ძალიან ბევრჯერ ესაუბრა ამ თემაზე სხვებთან, მაგრამ თითო-ოროლა თუ მიხვდებოდა - რას გულისხმობდა ბი. ამ თითო-ოროლა ადამიანს იგი ძალიან აფასებდა. ასე არ არის? როდესაც შენი რაღაც საკითხში ესმით, ვისაც ესმის, ის შენთვის ძვირფასი ხდება. და მაინც, რატომ სურთ ადამიანებს გაგება? ბი კი აგრძელებდა. - თუ რამე არ მოგკლავს დღეს, ხვალ, თამაშიდან გამოსვლა შეგიძლია Exit ღილაკით. ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე, როდესაც რაღაც გადაულახავი მეჩვენება, მამშვიდებს ამ ღილაკის არსებობა, სანამ დავაჭერ ბრძოლის მოტივაციას მაძლევს. ბუნებრივი სიკვდილის შიში არ გამაჩნია.
- აბა მხოლოდ მაშინ, როდესაც მცივაო? - ნიშნისმოგებით მიუგო კაცმა, თითქოს ერთადერთი სურვილი იყო ბისთვის სიტყვაში მოეგო და იმ ძაღლივით ექიცინებინა კუდი, რომელმაც ეს-ესაა თავისი კუთვნილი და ნანატრი ულუფა მიიღო.
- როდესაც რაღაც გადაულახავი მეჩვენება, ჩემს სულში ზამთარი ისადგურებს და ფიზიკურადაც კი მცივა. - სახე მოეღრუბლა ბის. გულზე არ ეხატებოდა თავის გრძნობებზე უცხოსთან საუბარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, იყო მომენტები, როდესაც არც ახლობელთან ეჭაშნიკებოდა თავისი სულის წიგნის გადაშლა და თითო იეროგლიფად ემოციის ჩუქება მათთვის.
კაცმა კი ამ დროს თავი დამარცხებულად იგრძნო. იყო ბიში რაღაც ამოუცნობი, რომელიც ყოველ ჯერზე ძალიან ახლოს მოდიოდა, მაგრამ შეხების უფლებას არ გაძლევდა. თითქოს ამაყი კატა იყო, რომელიც პატივს დაგდებდა და მუხლებზე დაგიჯდებოდა, მაგრამ შეხების უფლებას არასდიდებით მოგცემდა.

და აი, დგებოდა ისტორიული მომენტი და იცლებოდა ემოციების საბადო. ჰო, მასაც შეეძლო დაცლილიყო და სიცარიელეს ისე ამოევსო მისი სულის კოსმოსი, როგორც მშრალმა ქვიშამ შეძლო ოკეანის ადგილი მიეთვისებინა.
"საერთოდ რა აზრი აქვს სიცოცხლეს, თუ მაინც უნდა მოკვდე? მოკვდე ისე, რომ განიცადო არაფერი. არაფრის განცდა კი არა ფერია, რომელიც გამჭვირვალეც კი არ არის. იყო არავინ და არაფერი სრულ არარაობაში და ცხოვრობდე იმ ცხოვრებას, რომელსაც არანაირი აზრი აქვს, რადგან დასრულდება და არ ჰგავს სამყაროს, რომელსაც არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული."
არარად ყოფნაც იცოდა ბიმ. მაგრამ საბადოს და არარას ჰქონდათ საერთო და ეს საერთო იყო ის, რომ ვერც ერთს უძლებდა ბი. ვერ უძლებდა და ამ დროს ორივე მდგომარეობით ბედნიერი იყო.
ვერ ხვდებოდა ბი ამას, ვერ უგებდა ბი ბის, მაგრამ ბის უგებდა მე. ის მე, რომელიც ბისთან იყო დღედაღამ, საბადოსა და არარაში. აკვირდებოდა მას, თუმცაღა მესთვის ბი არავინ იყო, ბისთვის მე კი ყველა.
მეს არავინ სჭირდებოდა, ბის კი ყველა, რადგან ყოფილიყვნენ მე და ბი.
უცნაური იყო მათი ურთიერთობა. უცნაური იმიტომ, რომ მათ თვალით არასდროს უნახავთ ერთმანეთი, როგორც ოკეანის ვეშაპს აფრიკის ლომი. მათ ერთმანეთის ხმა არასდროს გაეგონათ.
არა, არც ასე იყო საქმე. ბი მეს ხედავდა, მეს კი ბის ესმოდა. ბი მეს ხმას ვერასდროს გაიგებდა, მე კი ბის ვერ დაინახავდა.
ბის კი პანიკურად ეშინოდა იმის, რომ მე მას მიატოვებდა. მე კი დარწმუნებული არ იყო, რომ ამას არ იზამდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ერთად იყვნენ. ჭირში, ლხინში, დარსა თუ ავდარში.
...
- ჩვეულებრივი ძაღლი ხარ! - ამოაფურთხა მემ სიტყვები.
- მე, შენ გგონია შეურაცხყოფა მომაყენე? - ეცინებოდა ბის და ლეკვს ეთამაშებოდა.
- ჩემგან შეგიძლია ეგრე აღიქვა.
- რას ერჩი ძაღლებს?
- იცი რატომ უყვარს ხალხს ძაღლი?
- რადგან ის ერთგული მეგობარია. - სწრაფად უპასუხა და სახე გაუბრწყინდა ბის.
- შეხედე მათ სახეს. ჩახედე მათ თვალებში. ასეთი სულელური სურვილი ენდო ადამიანს. აღმაშფოთებელია! - ფრუტუნებდა მე.
- რა არის ცუდი იმაში, რომ ენდო ადამიანებს?
- შენ ერთსა და იმავე შეცდომას ისევ და ისევ უშვებ მხოლოდ იმის გამო, რომ ძაღლი ხარ! - თქვა და უკან დაიხია.
- რომ არ ვენდო, სანდოსაც დავკარგავ. - წარბი შეკრა ბიმ.
- ასე მარჯვნივ და მარცხნივ რომ იქნევ საკუთარ ნდობას, ერთ მშვენიერ დღესაც ინანებ, ბი.
- დაე, ვინანო! მე არ შევიცვლები!

ამბობდა ბი, რომ არ შეიცვლებოდა. ამბობდა და იცით რა? ამ მცდელობამ დაღუპა იგი. ის თავგანწირვით ცდილობდა არ შეცვლილიყო და ამ ფაქტმა შეცვალა ბი.
ადამიანები იცვლებიან. იცვლებიან არაფუნდამენტალურად, მაგრამ მაინც. ისინი ხეებს ჰგვანან. ხეებს, რომელნიც შემოდგომაზე იცვლიან ფორთლებს და გაზაფხულზე კვლავ იფოთლებიან. ასე არაა? როდესაც მინაზე ადგამ ფეხს, შენს სულში შემოდგომა ისადგურებს. თანდათანობით კვდება შენი ნაწილი და დგება ზამთარი. დრო, როდესაც უკვე აღარაფრის იმედი გაქვს. შემდეგ კი, როცა გგონია, რომ ეს ზამთარი სამუდამოა, გაზაფხული შემოგხვევს თავის მარწუხებს და კვლავ შეგფოთლავს. შენ ამ დროს იცვლები, მაგრამ იგივე ხე ხარ.
ბის შემთხვევაში ზამთარმა ძალზედ დიდხანს გასტანა. და მაინც, აგრძელებდა ცხოვრებას ჩვეულ რიტმში. თითქოს არც არაფერი მომხდარა, მაგრამ ისტერიკულად ეკითხებოდა ყველას - რამე ცვლილებას ატყობთ ჩემში? შევიცვალე? პასუხი კი უარყოფითი იყო.

- არ მესმის ამას როგორ ვერ ხედავ, ჩარლზ! - სასოწარკვეთილი იყო, როცა ჩარლზს ესაუბრებოდა.
- არ მესმის, ჩემგან რას ითხოვ, როდესაც შენ თვითონაც ვერ ხვდები - რა მხრივ შეიცვალე. - მხრები აიჩეჩა ჩარლზმა. - ჩემთვის ისევ ის ხარ. დრამატული, სასაცილო და სულელი. - და შავი თერმოსიდან ყავა მოსვა.
- ჩემი შენ გითხარიო! - მიუგო ბიმ და პიცა მადიანად ჩაკბიჩა.

მართლაც, რა სისულელეა სთხოვო მეგობარს გაიგოს ის, რასაც შენ ვერ ხვდები საკუთარ თავზე. და მაინც, ყველას სურს ჰყავდეს ისეთი მეგობარი, რომელიც მას უსიტყვოდ გაუგებს. დუმილში ხაზებს შორის ამოკრებს სიტყვებს, რომლის არსებობა თავადაც არ იცის ადამიანმა და წიგნად შეთხზავს მათ. ამ წიგნის წაკითხვა კი ადამიანს განაცვიფრებს.
ყველაფერი შესაძლებელია, თუმც იშვიათად.

წინ და უკან დადიოდა გაუჩერებლივ. ხარჯავდა ენერგიას, რომელიც უაზროდ ბევრი ჰქონდა და ფიქრობდა. ტვინს იჭ....ტდა იმაზე ფიქრით, რა შეიცვალა. სურდა ჩამძვრალიყო ღრმად საკუთარ თავში და ამოეცნო ხის შეცვლილი ფოთლები და ვერ შეძლო. აღარ ძალუძდა მას ტყავის მორგება და იგი მიხვდა.
ბის აღარ ჰყავდა მე.
რა მოხდა? მემ ბი მიატოვა და მარტოსულობისთვის გაიმეტა. დაზამთრდა ბისთან და ბიმ ძალაუნებურად სიკვდილზე დაიწყო ფიქრი. უმეობა იმაზე უფრო გადაულახავ პრობლემად ეჩვენა, ვიდრე აქამდე რომელიმე სხვა.
თავს ზურგში დანაჩაცემულად გრძნობა მიუხედავად იმისა, რომ მემ გააფრთხილა.
ბი არასოდეს არაფერს ნანობდა, მაგრამ ღრღნიდა ის, რომ გაფრთხილების მიუხედავად, დაკარგა მე.
სახეს იხოკავდა და გამუდმებით მასზე ფიქრობდა. ძაღლებს როგორც კი დაინახავდა, უღრენდა და გზის მეორე მხარეს გადადიოდა. ადანაშაულებდა საკუთარ ძაღლურ ბუნებას და ოცნებობდა ნეტა დრო უკან დავაბრუნოო. მაგრამ პარადოქსულად იცოდა, რომ მაინც არაფერს შეცვლიდა. მაშინ ბი ბი იყო. მაშინ ბი მეს ჯერ კიდევ გრძნობდა…

მეს წასვლის შემდეგ კი, ბიში შენ შემოვიდა. შენ მეს ანტიპოდი იყო, როგორც ბიმ აღწერა.
"უემოციო, ცივი და ცინიკური. ნიჰილისტი, რომლისთვისაც სიკვდილ-სიცოცხლე არაფერია."
მესთან ერთად, ბის შეეძლო განეცადა სრულ სიცარიალესთან ერთად სრული სისავსეც, მაგრამ შენ…
შენ აიძულებდა ბის მხოლოდ მედალის ერთ მხარეს ყოფნას. ცოცხლად გახრწნას აიძულებდა. ბის ესეოდნენ ჭიები და მატლები, უჯრედ-უჯრედ ჭამდნენ ისინი მას.
იმდენად იყო ცარიელი, რომ გულმუცელგამოშინგულად გრძნობდა თავს. თითქოს ტყავი გააძვრეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს და ორგანოები გამოუღეს. სისხლიც კი გამოტუმბეს თითქოს ბის ორგანიზმიდან. ფიტული იყო იგი.
დაეხეტებოდა ქალაქის ნაცნობ ქუჩებში. ვერც ახლა ამჩნევდა ბრბოს, ახლაც ემზადებოდნენ ბუნტისთვის ზეცის იძულებით მოციქულნი, მაგრამ ბი…
ბი მშვიდად და აუღელვებლად მიაბიჯებდა ტროტუარზე. მას ახლა არც ის ურწყული უდაბნო ჰქონდა სულში და არც გაწვიმების სურვილი ღრღნიდა მის ძვლებს. ბისგან ძვლებიც კი აღარ დარჩა დასაღრღნელი.

- რატომ წავიდა? - ღაპა-ღუპით სცვიოდა ცრემლები, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა.
- მართლა ვერ ხვდები ? - უდარდელი და ცივი ხმა შემოესმა ბის. ეს შენ იყო.
- ვერა! ვერ ვხვდები! გთხოვ, ამიხსენი! - ვერდება კრთოდა მის ხმაში.
- წვიმდება.
- მერე, რა?
- გახსოვს ყოველ გაწვიმებას როგორ აღნიშნავდი?
- მახსოვს. - შეკრთა ბი.
- ახლა ?
- ახლა…
- მე აღარ გყავს და ფეხებზე გკ'იდია.
- რატომ მეუბნები ამას.
- შენ შეიცვალე, ბი.
- ამას ნუ მეუბნები.
- შენ არ შეგიძლია იყო ბი, მეს გარეშე. მის გარეშე არარაობა ხარ!
- შენ, რატომ მოხვედი ჩემთან? - სასოწარკვეთილების მსხვილი ტოტები აშრიალდნენ ბის უზარმაზარ ხეზე, რომელიც საუკუნო ზამთარს ებრძოდა და ცდილობდა ეცოცხლა გაზაფხულამდე.
- შენ გინდოდა, რომ მოვსულიყავი. - მხრები აიჩეჩა მან.
- ტყუი! მე ეს არ მითხოვია, მე მეს დაბრუნება მინდოდა მხოლოდ!
- იმედი გაქვს ?
- მაქვს.
- რომ გქონდეს, მე აქ არ ვიქნებოდი.
- რას ნიშნავს ეს ?
- შენ მესგან თავს ჩემით იცავ. რატომ ვარ მე აქ ? ცინიზმი, ნიჰილიზმი და სიცივე? როდესაც სითბო, იმედი და ბედნიერება სუფევდა, ახლა რა შეიცვალა?
- მე წავიდა და ყველაფერი თან წაიღო! არ მესმის! არ მესმის - რა დავაშავე! - სლუკუნზე იყო გადასული ბი.
- რა პათეტიკური ხარ! მე უარყავი, ახლა კი რა დავაშავეს ძახილით უნდა შემაწუხო! - შეუღრინა ბის და გვერდი იცვალა.
ბი კი თმებს იყო ჩაფრენილი და ქანაობდა ერთ ადგილზე. თვალები გაფართოებოდა და გიჟს მოგაგონებდათ. ტუჩებს უცნაურად აცმაცუნებდა და სიჩუმეში შეგეძლოთ გაგერჩიათ - მე ის უარვყავი…


იანვრის ცამეტი იყო. სავსე მთვარე მედიდურად იწონებდა თავს ღამის ცაზე, რომელზეც არც ერთი ვარსკვლავი ჩანდა. თითქოს თავისი მცირე ნათების შერცხვათ და სცენა მთვარეს დაუთმეს. იმ მთვარეს, რომელიც ბის აჰიპნოებდა და ოდესღაც ემოციათა ქარტეხილში ატარებდა მას.
მაგრამ ახლა…
ბი იდგა მთვარესთან აბებით ხელში და მეს პატიებას სთხოვდა. თავის ღვთაებას თვალმოუშორებლივ უმზერდა და მისი ნათებისგან გამოპარულ ვერცხლისფერს ხარბად ისაკუთრებდა. სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა და როდესაც უკვე მზად იყო, იგრძნო როგორ შემოეჭდო მის ყბებს კიდურები. უხეშად მოიქნიეს იგი და შეანარცხეს კედელს. ყელში მოუჭირეს და კედელზევე ააკრეს.
ეს არც მე იყო, არც შენ.
- შენ არ გაქვს უფლება, ასე მოექცე შენ და მეს! გესმის? არ გაქვს. მემ მოგცა ბედნიერება, შენ გაიძულებს უყურო ცხოვრებას ნიჰილისტურად. მე შენს გარეშე ვერ იარსებებდა ვერასდროს. შენ შენთან არ მოსულა, ის სულ შენში იყო. ისევე, როგორც მე და მე ისევ შენშია. შენ მე ძალიან გააბრაზე, მემ კი მოგცა საშუალება გაგეღვიძებინა შენ და გესწავლა. მე და შენ არიან ბი. ბისთვის მე და შენ არიან ყველა.

და უეცრად ბი გამოფხიზლდა. იგრძნო როგორ აივსო მისი ორგანიზმი ჯერ სისხლით, შემდეგ ორგანოებით. ყოყმანით წაიღო ხელი მკერდისკენ და როდესაც მკრთალი გულისცემა დააფიქსირა თვალები იმედის და უიმედობის ცრემლით აევსო ერთდროულად.
გაეღიმა.
სავსე მთვარეს შეხედა და… ის იმალებოდა. ნაცრისფერ ღრუბლებს იკრებდა ირგვლივ და საპასუხოდ უღიმოდა ბის.
სისხლი აუდუღდა.
ბის სახე ღიმილად დაეხატა. იცით როგორ ღიმილად? ამქვეყნად რომ არავინ და არაფერი აინტერესებს - აი, ისეთ ღიმილად. თვალის გუგები გაუფართოვდა ისე, როგორც კატას უკუნეთ სიბნელეში, რათა უკეთ დაინახოს და მსხვერპლს მოულოდნელად დააცხრეს თავს.
კვლავ აივსო გავარვარებული ქვიშით მისი უწრყული უდაბნო და კვლავ აორთქლდნენ წვიმის პირველი წვეთები მასთან შეხებისას. ისევ გააფთრდნენ წვეთების და-ძმანი და შურის საძიებლად სისწრაფეს უმატეს.
ისევ გაბრაზდა ზეცა და უარყო შვილები.
ისევ დადგა ის გარდამტეხი წამი, როცა ბიმ იცოდა ვინ იყო. იცოდა რას წარმოადგენდა და ამაყობდა ამით.

მე და შენ იყო ბი.
არარა და საბადო იყო ბი.
ბი იყო ბი.



№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ვაიმე, ძალიან მომეწონა. აი, ძალიან!
მართლა დაჰკრავს "იგის" აურა, თუმცა ეს ცუდი არაა, პირიქით, მაგან მიმიზიდა თავიდან. მერე მივხვდი, რომ მხოლოდ რამდენიმე მომენტში ჰქონდა ეგ აურა, თან დისტოპიური და რაღაც ექსპერიმენტალური ჟანრებია შიგნით მოქცეული. არ ვადარებ, თუმცა ვინმეს "პერდო პარამო" თუ წაუკითხავს, რაღაცნაირად მიხვდება, რას ვგულისხმობ ექსპერიმენტალურში. აი, ბოლომდე რომ გაუგებარია, მაგრამ იმდენად ჩაგითრევს და მოგნუხამს, რომ მაგრად გკიდია რამის გაგება-არგაგება.
მოვიხიბლე, აი ძალიან მოვიხიბლე <3
წერის მანერა - სუპერ

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

ენ ჯეინი
ვაიმე, ძალიან მომეწონა. აი, ძალიან!
მართლა დაჰკრავს "იგის" აურა, თუმცა ეს ცუდი არაა, პირიქით, მაგან მიმიზიდა თავიდან. მერე მივხვდი, რომ მხოლოდ რამდენიმე მომენტში ჰქონდა ეგ აურა, თან დისტოპიური და რაღაც ექსპერიმენტალური ჟანრებია შიგნით მოქცეული. არ ვადარებ, თუმცა ვინმეს "პერდო პარამო" თუ წაუკითხავს, რაღაცნაირად მიხვდება, რას ვგულისხმობ ექსპერიმენტალურში. აი, ბოლომდე რომ გაუგებარია, მაგრამ იმდენად ჩაგითრევს და მოგნუხამს, რომ მაგრად გკიდია რამის გაგება-არგაგება.
მოვიხიბლე, აი ძალიან მოვიხიბლე <3
წერის მანერა - სუპერ

როგორ აღგიწერო - რას ვგრძნობ ახლა. უბრალოდ... არ ვიცი, როგორ გაიგე ან როგორ გაიგებს სხვა, უბრალოდ... უბრალოდ ვიგრძენი და ამოვანთხიე.
მადლობა, ჯეინი.

 


№3  offline წევრი ტურაგო

დავხეტიალებდი,უცებ შემოვირბინე აქ.არ მიფიქრია ახლა თუ რამის წაკითხვის სურვილი გამიჩნდებოდა,მაგრამ სათაური...რომ გითხრა დამიჯერებ? ადრე პატარა ჩანახატი დავწერე მე მას "ბი" დავარქვი, ჩემს ჩანახატშიც წვიმდა.წერილს სწერდა ვიღაც ბი-ს,თუმცა წერილის ავტორმა არ იცოდა სად იყო ან ვინ იყო ეს ბი,უბრალოდ ასე უცხოს უმეორებდა "სადახარ ბი"...მახსოვს მაშინ ვიფიქრე ნეტა ეს სახელი საიდან მოვიფიქრეთქო და ახლა როცა შენი ისტორია წავიკითხე თითქოს ბი ვიპოვე,რომელიც ასე შემთხვევით გაჩნდა ჩემს ჩანახატში...ახლა ვიცი როგორი უნდა მახსოვდეს.

როგორც აღნიშნე ემოციებისთვის ღირს ცხოვრება...მადლობა ემოციისთვის რომელიც ამ ისტორიით მომიტანე.

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

ტურაგო
დავხეტიალებდი,უცებ შემოვირბინე აქ.არ მიფიქრია ახლა თუ რამის წაკითხვის სურვილი გამიჩნდებოდა,მაგრამ სათაური...რომ გითხრა დამიჯერებ? ადრე პატარა ჩანახატი დავწერე მე მას "ბი" დავარქვი, ჩემს ჩანახატშიც წვიმდა.წერილს სწერდა ვიღაც ბი-ს,თუმცა წერილის ავტორმა არ იცოდა სად იყო ან ვინ იყო ეს ბი,უბრალოდ ასე უცხოს უმეორებდა "სადახარ ბი"...მახსოვს მაშინ ვიფიქრე ნეტა ეს სახელი საიდან მოვიფიქრეთქო და ახლა როცა შენი ისტორია წავიკითხე თითქოს ბი ვიპოვე,რომელიც ასე შემთხვევით გაჩნდა ჩემს ჩანახატში...ახლა ვიცი როგორი უნდა მახსოვდეს.

როგორც აღნიშნე ემოციებისთვის ღირს ცხოვრება...მადლობა ემოციისთვის რომელიც ამ ისტორიით მომიტანე.

გელოდი. მოუთმენლად გელოდი. ეგოისტურად გამიხარდა, რომ ბის იცნობ. და მიხარია, რომ ის ჩემთან იპოვე.
გმადლობ...

 


№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

კარგი ხარ!
გაქვს შენი სამყარო და იმდენად მიუწვდომელი და შეუცნობელი, რომ სწორედ ეს იზიდავს 21-ე საუკუნის მკითხველს, რომელიც ყველა ჟანრით გადაღლილია.
მომეწონა პირობითი სახელი "ბი" , ორიგინალური იყო :)))
მომეწონა ხე და სეზონური ცვლილებები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს გქონდა შედარებული.
კითხვის დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სიცოცხლის და სიკვდილის მუდმივი მონაცვლეობა არშიასავით ეხვეოდა ნაწარმოებს...
და ბოლოს, ნეტა რამდენჯერ იბადება, კვდება, კვლავ ცოცხლდება და სამუდამოდ კვდება ადამიანი სიცოცხლეში?..
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

ქეთი იმერლიშვილი
კარგი ხარ!
გაქვს შენი სამყარო და იმდენად მიუწვდომელი და შეუცნობელი, რომ სწორედ ეს იზიდავს 21-ე საუკუნის მკითხველს, რომელიც ყველა ჟანრით გადაღლილია.
მომეწონა პირობითი სახელი "ბი" , ორიგინალური იყო :)))
მომეწონა ხე და სეზონური ცვლილებები, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს გქონდა შედარებული.
კითხვის დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სიცოცხლის და სიკვდილის მუდმივი მონაცვლეობა არშიასავით ეხვეოდა ნაწარმოებს...
და ბოლოს, ნეტა რამდენჯერ იბადება, კვდება, კვლავ ცოცხლდება და სამუდამოდ კვდება ადამიანი სიცოცხლეში?..

ძალიან დიდი ხანია არ მქონია ასეთი მძაფრი ღელვა, სიახლის ატვირთვისას. მიხარია, რომ მოგეწონა. ბოლო კითხვაზე კი პასუხი საკუთარ თავში უნდა ეძიო. მე მოვკვდი დ აღვსდექი ძალიან ბევრჯერ და იმედი მაქვს კიდევ ბევრჯერ ვიგემებ ამ სიამოვნებას...

 


№7  offline მოდერი Mary Drey

მომეწონა <3

 


№8  offline მოდერი Catherine Di Perso

Natsrisferi_grdznobebi
მომეწონა <3

თენქს ^^

 


№9  offline წევრი ნორმი

შენ ისტორიებზე პირველად ვაკომნეტარებ.
შენი ისტორიების აქტიური მკითხველი და მინდა გითხრა რომ ნამდილად ძალიან კარგად წერ.ყველა ემოციას ძალიან ლამაზად და კარგად აღწერ.
ყველაფერს შესანიშNად ფუთავ და ისე მოგაქვს ჩვენამდე.ეს ისტორია ჯეერჯერობით არ წამიკითXავს უბრალოდ გულმა ვერ მომითმინა რომ არ დამეწერა...აუცილებლად წავიკითხავ იცოდე.
შეიძLება ვერ დაგიწერო როგორი იყო ან ვერ აღგიწერო..
მაგრამ აქედანვე იცოდე რომ დარწმუნებული წინ ძალიან დიდი სიამოვნება მელის.ვიცი რომ ნამდვილად საუკეთესო ისტორია იქნება.
იცოდე შენც იმ მწერალთა შორის ხარ რომლებიც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ.
წარმატებები !
--------------------
მორფეოსი

 


№10  offline მოდერი Catherine Di Perso

ნორმი
შენ ისტორიებზე პირველად ვაკომნეტარებ.
შენი ისტორიების აქტიური მკითხველი და მინდა გითხრა რომ ნამდილად ძალიან კარგად წერ.ყველა ემოციას ძალიან ლამაზად და კარგად აღწერ.
ყველაფერს შესანიშNად ფუთავ და ისე მოგაქვს ჩვენამდე.ეს ისტორია ჯეერჯერობით არ წამიკითXავს უბრალოდ გულმა ვერ მომითმინა რომ არ დამეწერა...აუცილებლად წავიკითხავ იცოდე.
შეიძLება ვერ დაგიწერო როგორი იყო ან ვერ აღგიწერო..
მაგრამ აქედანვე იცოდე რომ დარწმუნებული წინ ძალიან დიდი სიამოვნება მელის.ვიცი რომ ნამდვილად საუკეთესო ისტორია იქნება.
იცოდე შენც იმ მწერალთა შორის ხარ რომლებიც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ.
წარმატებები !

გული ხელით მიჭირავს ! მადლობა, უღრმესი მადლობა ! ❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი lika

ბრავო!!! ❤️

 


№12  offline მოდერი Catherine Di Perso

გმადლობ, ლიკა ❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

არაჩვეულებრივი ხარ.
სხვა ნაწერებით არ გიცნობ, ამიტომ ეს თუ შენი სტილი, მაშინ ყოჩაღ.
როგორი კარგი ლექსიკა გაქვს და როგორ მსუბუქად გადმოსცემ საკმაოდ მძიმე საფიქრალს.
არანაირი შენიშვნა.
სუფთა და გამართული ხარ ყველანაირად.
წარმატებები და მეტი მკითხველი <3

 


№14  offline მოდერი Catherine Di Perso

lullaby
არაჩვეულებრივი ხარ.
სხვა ნაწერებით არ გიცნობ, ამიტომ ეს თუ შენი სტილი, მაშინ ყოჩაღ.
როგორი კარგი ლექსიკა გაქვს და როგორ მსუბუქად გადმოსცემ საკმაოდ მძიმე საფიქრალს.
არანაირი შენიშვნა.
სუფთა და გამართული ხარ ყველანაირად.
წარმატებები და მეტი მკითხველი <3

ვაი, ცაო დამსეტყვე.
გამაკანკალა სიხარულისგან.
სტილთან ცოტა რთულადაა საქმე. ამ ეტაპზე რეაქტიულად ვწერ და ნაგავთან ერთად მარგალიტებიც მეწერინება.
უღრმესი მადლობა, ლალაბაი ❤❤❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ძალიან მომეწონა!
განსხვავებული, საინტერესო, ემოციური. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებით ჩავიკითხე.
იმდენად გითრევს თავის სამყაროში, რომ რთულია მოწყდე - ეს კიდე ნაწერში ძალიან მიყვარს
ყოჩაღ, ძალიან კარგი იყო.

 


№16  offline მოდერი Catherine Di Perso

lukakhati
ძალიან მომეწონა!
განსხვავებული, საინტერესო, ემოციური. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებით ჩავიკითხე.
იმდენად გითრევს თავის სამყაროში, რომ რთულია მოწყდე - ეს კიდე ნაწერში ძალიან მიყვარს
ყოჩაღ, ძალიან კარგი იყო.

აიმე, სიხარულისგან ყურები გამეზარდა და ფრენა დავიწყე! მადლობა❤

 


№17  offline ახალბედა მწერალი belle...

ვკითხულობდი და მინდოდა არ დასრულებულიყო!!! დიდი ხანია ასეთი სიამოვნებით არაფერი წამიკითხავს კალანდია და მადლობა შენ საყვარელო, რომ ახლა ის ემოციები მაჩუქე, მე რომ კარგა ხანია დავეძებ და ვერსად ვიპოვე. იმეზე ძვირფასი განძი მყოლიხარ და არ ვიცოდი. ახლა თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ "ბიში" აქამდე არ შემოვიჭერი!! შემოვიხედე და გამეღიმა. მომეწონა და დარჩენა გადავწყივტე, ისე თავხედურად, რომ არც გეკითხები გინდა შენ ეს თუ არა. მიყვარს ბი, მომწონს ბი, ძალიან, ძალიან ახლობელია ბი! და მე აღფროვანებული ვარ შენით!!! პირველი შემთხვევა იყო ნამდვილად, რომ ყოველ წინადადებას ვგრძნობდი. თითქოს სული იკითხებოდა ასე აბზაცებად, დიალოგებად, წერტილებად მძიმეებად. კიდევ უამრავი რამის თქმა მინდა, მაგრამ რომ დაგიწერო მგონია გაუფასურდება... სულში სიმდიდრე დამიმატე, მინდა ეს იცოდე. განსაკუთრებული მნათობი, რომ იყავი ჩემს ცაზე ვიცოდი, მაგრამ ახლა... მთვარესთან ახლოს გიხილე <3 მიყვარხარ, პატარავ. განსხვავებულო, გამორჩეულო! და ძალიან ღვინისფერო. მეს უყვარს ბი...

 


№18  offline მოდერი Catherine Di Perso

belle...
ვკითხულობდი და მინდოდა არ დასრულებულიყო!!! დიდი ხანია ასეთი სიამოვნებით არაფერი წამიკითხავს კალანდია და მადლობა შენ საყვარელო, რომ ახლა ის ემოციები მაჩუქე, მე რომ კარგა ხანია დავეძებ და ვერსად ვიპოვე. იმეზე ძვირფასი განძი მყოლიხარ და არ ვიცოდი. ახლა თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ "ბიში" აქამდე არ შემოვიჭერი!! შემოვიხედე და გამეღიმა. მომეწონა და დარჩენა გადავწყივტე, ისე თავხედურად, რომ არც გეკითხები გინდა შენ ეს თუ არა. მიყვარს ბი, მომწონს ბი, ძალიან, ძალიან ახლობელია ბი! და მე აღფროვანებული ვარ შენით!!! პირველი შემთხვევა იყო ნამდვილად, რომ ყოველ წინადადებას ვგრძნობდი. თითქოს სული იკითხებოდა ასე აბზაცებად, დიალოგებად, წერტილებად მძიმეებად. კიდევ უამრავი რამის თქმა მინდა, მაგრამ რომ დაგიწერო მგონია გაუფასურდება... სულში სიმდიდრე დამიმატე, მინდა ეს იცოდე. განსაკუთრებული მნათობი, რომ იყავი ჩემს ცაზე ვიცოდი, მაგრამ ახლა... მთვარესთან ახლოს გიხილე <3 მიყვარხარ, პატარავ. განსხვავებულო, გამორჩეულო! და ძალიან ღვინისფერო. მეს უყვარს ბი...

მეს ჰგონია, რომ ბი შენ მეს სჭირდება ახლ. არ მეგონა, რომ გული არ გამისკდებოდა, სანამ შენი სიტყვებისბკითხვას დავასრულებდი. და ჰო, მთვარე... მთვარე ჩემი საყვარელია. ვგიჟდები შენზე, ნიანგო. ❤

 


№19  offline ახალბედა მწერალი belle...

Catherine Di Perso
belle...
ვკითხულობდი და მინდოდა არ დასრულებულიყო!!! დიდი ხანია ასეთი სიამოვნებით არაფერი წამიკითხავს კალანდია და მადლობა შენ საყვარელო, რომ ახლა ის ემოციები მაჩუქე, მე რომ კარგა ხანია დავეძებ და ვერსად ვიპოვე. იმეზე ძვირფასი განძი მყოლიხარ და არ ვიცოდი. ახლა თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ "ბიში" აქამდე არ შემოვიჭერი!! შემოვიხედე და გამეღიმა. მომეწონა და დარჩენა გადავწყივტე, ისე თავხედურად, რომ არც გეკითხები გინდა შენ ეს თუ არა. მიყვარს ბი, მომწონს ბი, ძალიან, ძალიან ახლობელია ბი! და მე აღფროვანებული ვარ შენით!!! პირველი შემთხვევა იყო ნამდვილად, რომ ყოველ წინადადებას ვგრძნობდი. თითქოს სული იკითხებოდა ასე აბზაცებად, დიალოგებად, წერტილებად მძიმეებად. კიდევ უამრავი რამის თქმა მინდა, მაგრამ რომ დაგიწერო მგონია გაუფასურდება... სულში სიმდიდრე დამიმატე, მინდა ეს იცოდე. განსაკუთრებული მნათობი, რომ იყავი ჩემს ცაზე ვიცოდი, მაგრამ ახლა... მთვარესთან ახლოს გიხილე <3 მიყვარხარ, პატარავ. განსხვავებულო, გამორჩეულო! და ძალიან ღვინისფერო. მეს უყვარს ბი...

მეს ჰგონია, რომ ბი შენ მეს სჭირდება ახლ. არ მეგონა, რომ გული არ გამისკდებოდა, სანამ შენი სიტყვებისბკითხვას დავასრულებდი. და ჰო, მთვარე... მთვარე ჩემი საყვარელია. ვგიჟდები შენზე, ნიანგო. ❤

მე კიდევ შენზე სულისფერო <3 <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent