ევა - 7
სახლში შესული კონსტანტინე ისეთი სახით უყურებდა შუადღის ბათუმს, თითქოს მისთვის ყველა დამალული ემოცია გამოეცალათ, სული ამოეგლიჯათ და მხოლოდ ცარიელი სხეული დაეტოვებინათ გულის ამარა. გული კი სტკიოდა. იმ ერთადერთი შერჩენილი ორგანოთი გრძნობდა, როგორ აწამებდა ბიროტი ძალა ამოგლეჯილ სულს. გრძნობდა და ასმაგად სტკიოდა. ვერ იტანდა ამ ტკივილს. იმ ტკივილს, რომელიც წლების წინ დამარხა პატარა ძვლებთან ერთად. ვერ იტანდა იმ ტკივილს, რომელიც, წესით, უნდა გამქრალიყო... ვერ იტანდა საკუთარ თავში დამალულ იმ კონსტანტინეს, რომელსაც წასვლისაც ეშინოდა და გამოჩენისაც... სახელოსნოში შესულმა იგრძნო ის სუნი, ძველ ნივთებს რომ ასდის ხოლმე. თითქოს, ამ სულმაც ტივილით დაამძიმა მისი უსულო სხეული. ალბათ, წლების განმავლობაში ხელუხლებლად დატოვებული ტილო მოძებნა. მტვრიანი მოლბერტი გაშალა და ტილო ზედ დადო. ხის პალიტრა აკანკალებულ მარცხენაში დაიჭირა, მარჯვენა ხელში კი გრძელტარიანი ფუნჯი მოიმარჯვა. ისე ტოვებდა კვალს ტილოზე, ვერ ხვდებოდა, რას ხატავდა. ფუნჯს ახებდა თეთრ ზედაპირს და კონსტანტინეს გაჩერებული გული მოძრაობას იწყებდა. მაშინ, როცა სიჩუმისგან გაბრუებული კონსტანტინე ალაზნისპირელის გიშრისფერი წამწამები გამჭირვალე კრისტალებს აკავებდნენ, კაცმა იგრძნო, როგორ აეკრა ფეხზე რაღაც. ემოციებისგან დაცლილმა, დალეულმა, ისე დაიხედა ძირს, თითქოს, არ აინტერესებდა, იქ რა ხდებოდა. სიმბა. ეგვიპტური კატა ნაზად ეკრობოდა პატრონს, უბეწვო სხეულს კაცის შიშველ ფეხს უსვამდა, თითქოს სურდა მისი ტკივილი წაეღო. -სიმბა,-ჩაილაპარაკა კონსტანტინემ,-სიმბა...-ფუნჯი მოლბერტზე დადო, პალიტრა გვერდით გადადო და ძირს დაიხარა. სიმბა ხელში აიყვანა და მის ცისფერ თვალებს შეხედა. -სიმბა... რატომ არ ესმით ადამიანებს შენსავით? იკითხა კაცმა და ამ რამდენიმე სიტყვას მთელი გულისტკივილი ამოატანა. კატამ შეხედა. აკრუტუნდა. ერთხელ დაიკნავლა და მკერდზე დაადო თავი პატრონს. რა იცოდა კონსტანტინემ, თუ კატა თავის ენაზე ამშვიდებდა, თუ ეუბნებოდა, რომ მარტო არ იყო... რომ მისი ესმოდათ... სახელოსნოს ნახევრად ღიად დატოვევული კარიდან უყურებდა გიორგი ტილოზე გამოსახულ უცნაურ ხორბლისფერ არსებას, რომელიც გრძელ, მაღალ, სწორ ქვას ტეხდა. სიმბამ იგრძნო გიორგის სიახლოვე და თავი წამოყო. კონსტანტინემ უკან გაიხედა. სიმბა ძირს დასვა და კუდაბზეკილმა კატამ მაშინვე გამართულმა ჩაუარა ოქროსფერთმიანს. -შეიძლება?-ისე იკითხა, თითქოს უარის მიღების შემთხვევაში მარტო დატოვებდა კონსტანტინეს. გიშრისფერს არაფერი უთქვამს, ზურგი აქცია გიორგის და მხრებჩამოყრილი იატაკს მიაჩერდა. -ევას არაფერი დაუშავებია, კოსტა,-მშვიდად, სევდიანად უღიმოდა გიორგი მეგობარს და საბედნიეროდ, კონსტანტინე ამას ვერ ხედავდა. სახელოსნოში მაღალი ქალის ფიგურა გამოჩნდა, რომელიც კონსტანტინეს მიუახლოვდა და თხელი ხელები მოჰხვია, თავი კი მხარზე დაადო. კონსტანტინე შეკრთა, გიორგის შეხედა, რას აკეთებსო, გიორგიმ კი უფრო ფართოდ გაუღიმა. -ევამ არაფერი იცის,-ახლა ქალმა ამოიღო ხმა. კონსტანტინემ მტკიცედ შეკრული ბაგეები ერთმანეთს დააშორა და უხმოდ ამოილაპარაკა: -ვიცი. -აქ რატომ მოიყვანე?-ისევ ლიზა საუბრობდა, გიორგის ყურადღებას არც აქცევდა, ეს უკანასკნელი კი რაღაც კარგის მოლოდინში აჩქარებულ გულისცემას იმშვიდებდა. -მაინტერესებდა... -რა გაინტერესებდა? -მაინტერესებდა, როგორი იყო. მაინტერესებდა, როგორ იქცეოდა, რა უყვარდა, რას უსმენდა, რას სვამდა, ჭამდა, იცვამდა, როგორ საუბრობდა... -ახლა რატომ არ ცდილობ მხოლოდ ინტერესის დაკმაყოფილებას? -არ ვიცი. -შენ არ იცი?-გაეღიმა ლიზას, კონსტანტინეს მოაშორა სხეული და მის წინ ჩაიმუხლა,-როგორ, "არ იცი"? -აი, ასე, ლიზა! არ ვიცი. მოვიდა და იმდენად მოვბეზრდი, რომ თავისი მეგობარი ჩამოიყვანა! -კი არ მობეზრდი, უბრალოდ არ უნდოდა მარტო ყოფნა. ნუთუ შენ ეს არ გინდოდა და მაინც ასე მოხდა?! -მინდოდა! -აბა, თუ გინდოდა, რატომ ბრაზობ? -ბავშვის გამო. -ბავშვის? -ლიზა, დამანებე თავი!-კონსტანტინეს ხმამ მეორე ოთახში მყოფი სიმბაც კი დააფრთხო. -კოსტა, ნუ იბუტები ბავშვივით!-გიორგი საყვარელ ქალს ამოუდგა გვერდში. -აუხსენი, რომ ვერ დამარწმუნებს იმაში, რაც თავად უკეთ ვიცი!-ამოილაპარაკა კონსტანტინე ალაზნისპირელმა ცივად და, დასასვენებლად რჩეულ ქალთან ერთად დედაქალაქს გარიდებული, ოთახში წავიდა, თავი რომ დაეღწია უსამართლობისთვის, მეგობრისთვის, მეგობრის საცოლისთვის და რჩეული ქალის თანმხლები ცეცხლისფერთმიანი გოგონასთვის... უკვე საღამოვდებოდა, ევდაკია დეკანოიძე მეგობარს კაფედან კონსტანტინეს სახლისკენ რომ გაუძღვა. გზაში კიდევ ერთხელ დაგეგმეს, როგორ უნდა წასულიყვნენ იმ ღამით თბილისში. ევას გაპარვაც უნდოდა, რა კოსტას საქმეა, მე სად წავალო, თუმცა ახლა აიას ეუხერხულა, კაცმა სახლში დაგვპატიჟა, გაუფრთხილებლად წასვლა არ შეიძლებაო. ევას უნდოდა ეკითხა, როდიდან გახდა კონსტანსტანტინე ალაზნისპირელი ის კაცი, რომელთანაც აიას რაიმე ეუხერხულებოდა, თუმცა ამის გარჩევა სხვა დღისთვის გადადო, რადგან იცოდა, გაუფრთხილებლად ვერ წავიდოდა. უცხო თვალისთვის კი მათი რამდენიმეწუთიანი კამათი საკმაოდ გამაღიზიანებელი იქნებოდა, რადგან საკუთარ პრინციპებს ორივე ღალატობდა, თანაც–უმიზეზოდ. და როცა ნარინჯისფრად აელვარებულმა მზემ ზღვაში ჩაყვინთა, მის გარშემო კი პატარა ვარსკვლავები თეთრად აციმციმდნენ, ევამ ბარგის ჩალაგება დაასრულა და კონსტანტინეს ჩაკეტილი ოთახის კარზე დააკაკუნა. -რა გინდა?!-გაისმა საყვედურით სავსე ხმა შიგნიდან. ევამ ღრმად ჩაისუნთქა, გაღიზიანება რომ გაექრო. -მე ვარ. დასამშვიდობებლად მოვედი. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე სახელურის ხმა გაისმა და კარი გაიღო. -გისმენ,-ისე თქვა კონსტანტინემ, თითქოს რამდენიმე საათი იმაზე ფიქრში არ გაეტარებინა, თუ რა უნდა გაეკეთებინა. -თბილისში ვბრუნდებით მე და აია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე,-ხელოვნური ღიმილი მიანათა ქალმა კაცს, გაზეპირებული ტექსტი უთხრა და პასუხს დაელოდა. სანამ კონსტანტინე ხმას ამოიღებდა, მის ფეხებთან კატა შეამჩნია ევამ. ჩაიმუხლა და თავზე გადაუსვა სიმბას ხელი. კატამაც მაშინვე შეიფერა, თუმცა, ალბათ, იგრძნო პატრონის დამოკიდებულება და მალევე კონსტანტინეს უკან დაიმალა. ევამ კაცს ახედა. კონსტანტინემ მხრები აიჩეჩა, უემოციო თვალებით შეხედა ევას და მშვიდად, წყნარად თქვა: -კარგი. და ევა წავიდა. წავიდა და მთელი გზა ფიქრობდა კონსტანტინეზე. გულში ლანძღავდა, ეზიზღებოდა კონსტანტინე და თან გული სწყდებოდა, ასე ცივად რომ გამოუშვა კაცმა სანაპიროზე ჩხუბის შემდეგ. არც ბათუმიდან თბილისში წასვლა უნდოდა, თუმცა იქ გაჩერების მიზეზს ვერ ხედავდა. რატომღაც ბოლომდე ფიქრობდა, რომ კონსტანტინე ბოდიშს მოუხდიდა და ადამიანურად დაემშვიდობებოდა, მაგრამ დარწმუნდა ევა, რომ კაცში ადამიანური არაფერი იყო. ზედმეტად თავმოყვარე იყო საიმისოდ, ამაზე რომ ხმამაღლა ეწუწუნა და სადგურზე მისულმა ისიც იფიქრა, რომ კონსტანტინე უნდა დაევიწყებინა. უნდა დაევიწყებინა მის გვერდით გატარებული ორი ღამე, მისი კომპანია, მისი სახლი ბათუმში და მისი ცისფერთვალება კატა. დაივიწყებდა. ევა ასეთი იყო. აუცილებლად დაივიწყებდა. -აუ, მენანება წასვლა,-საბოლოოდ აიამ დაიწუწუნა და ევამ ღმერთს მადლობა გადაუხადა, სალაპარაკო თემა რომ მისცა, თან მისთვის "საინტერესოც". -ჰო, მაგრამ მაღაზიას ასე ვერ დავტოვებ, თან... ხომ იცი...-თავი იმართლა ევამ. -მართალია,-აიამ თავი დახარა, მერე ევას შეხედა და ბავშვივით ალაპარაკდა,-არავინ გყავს, რომ დატოვო იქ? ერთი-ორი დღეც რომ დავრჩენილიყავით... -სად უნდა დარჩე, აია?! აქ არის კონსტანტინე. და შენ არ გინდა, რომ მე მასთან ვიყო. არც მე მინდა!-თქვა ევამ. და ძალიან გვიან მიხვდა, რომ წასვლა აიას დააბრალა. გვიან მიხვდა, რომ მის მეორე მეს იქ უნდოდა დარჩენა და კონსტანტინეს გაცნობა... მასთან კიდევ ერთი ღამის გატარება, სანაპიროზე მზის ჩასვლის ყურება და მისი აზრების მოსმენა... მისი უცნაური, უაზრო აზრების, რომლებსაც ევა ვერ იგებდა ბოლომდე. -ჰო, ჰო, აქ ეგ შენი კონსტანტინეა! უნდა წავიდეთ... და აიას თანხმობა უკანასკნელი იყო, რაც დეკანოიძეს სჭირდებოდა. ახლადამოწვერილი მთვარე აირეკლა ვაგონისკენ მიმავალი ქალის ხორბლისფერმა კანმა. ზღვიდან წამოსულმა ნიავმა თეთრი, ლურჯი ყვავილებით დაფარული მოკლე კაბა აუფრიალა და გოგოს თხელი, სწორი ფეხები გამოიკვეთა. ვაგონის კართან მისულმა ევამ თავისდაუნებურად უკან გაიხედა. -ჩქარა, ჩქარა, წავა ახლა!-წამოიყვირა აიამ. ხორბლისფერმაც მჭირდოდ ჩასჭიდა ხელი თავის პატარა ჩემოდანს და ის იყო ვაგონის კიბეზე უნდა შეედგა ფეხი, რომ შეხება იგრძნო ხელზე. შეხტა, არ ელოდა, დადგან აია უკვე შიგნით იყო. ამ უკანასკნელმა გამოიხედა. გამოიხედა და ცისფერი თვალები გაუფართოვდა, პატარა ხელები აუკანკალდა სიბრაზისგან. -აი, ამაზე გაფრთხილებდი,-თავისთვის ჩაილაპარაკა, თითქოს ევა მის ხმას გაიგებდა. -რა გინდა აქ?!-უხეშად მოიშორა ევამ კონსტანტინეს ხელი. და კონსტანტინემ შეამჩნია, როგორ აუჩქარდა ქალს გული და როგორ ამოძრავდა მისი კაბა მკერდთან. -უნდა წაგიყვანო,-მშვიდად წარმოთქვა კაცმა. ალბათ, ამ სიმშვიდემ აიძულა ევა, გაეცინა. და დეკანოიძე იცინოდა მთელი გულით. იცინოდა და ვეღარც კი ხედავდა კონსტანტინეს. -ჩამოდი!-ახლა ალაზნისპირელმა აიას შეხედა, იცოდა, მის გარეშე ევა არსად წავიდოდა. როცა აია ადგილიდან არ დაიძრა, ევას ხელი გაუშვა კონსტანტინემ, მას ჩაეჭიდა და წამში ჩამოიყვანა ვაგონიდან. -რა უფლება გაქვს?!-წამოიკივლა აიამ, ვერც გაიაზრა, რომ გვერდით ის მილიონერი ედგა, ვიზეც, ალბათ, მთელი საქართველოს გოგონები ოცნებობდნენ. -მე ხომ დაგემშვიდობე?! მე ხომ წამოვედი?!-ევას ხმა ისეთი ცივი იყო. არ ყვიროდა ქალი. არ იცოდა, როგორ, მაგრამ მშვიდად საუბრობდა. კონსტანტინესავით მშვიდად და გამყინავად. -მეც დაგემშვიდობე,-მხრების აჩეჩვით უპასუხა კონსტანტინემ, მერე კი ასევე მშვიდად დაამატა,-აბა, წავედით? -არა!-უპასუხა აიამ, თუმცა გაგრძელება ვერ შეძლო, ევამ გააჩერა და აიაც მიხვდა, რომ მარტო უნდა დაეტოვებინა ისინი, ამიტომ ორი ნაბიჯი უკან გადადგა და თავისუფლება მისცა უცხო ნაცნობებს. -სად უნდა წავიდეთ, კოსტა? -სახლში,-გაკვირვებით უპასუხა ალაზნისპირელმა ევას. -რომელ სახლში? თბილისში? -არა, მანდ ვერ წახვალთ, მატარებელი მალე დაიძრება. -ჰოდა, დამაცადე! მეჩქარება!-ჩემოდანს ხელი ჩასჭიდა ევამ, წასასვლელად მოემზადა. წამში დაიხარა კონსტანტინე და ჩემოდანი გამოჰგლიჩა ევას თხელი თითებიდან. -რას აკეთებ?! -სახლში მიმყავხარ-მეთქი. ევა, რატომ მამეორებინებ? -რისთვის?! მაინც არაფერს მომოყვები შენზე. მე კი შენი სათამაშო ვერ გავხდები. -ამის გამოსწორება შეიძლება. -როგორ? ძვირიანი ღვინით და კლასიკური მუსიკით?! ბავშვის გამო იჩხუბე, კოსტა! ბავშვის გამო! მე! სრულიად უცხო ადამიანს მეჩხუბე უცხო ბავშვის გამო! -ბავშვს ნუ ახსენებ, კარგი?!-წარბი შეეკრა კონსტანტინეს. მაშინ ისე დაიძაბა კაცი, ევამ იგრძნო, რომ რაღაც არასწორი თქვა,-ეს აღარ განმეორდება, თუ ყველას თავზე ხელს არ გადაუსვამ. და უცხო მაშინ არ იყავი, ჩემთან რომ გეძინა და თბილისიდან ბათუმში მომყვებოდი?! -რას რომ აკეთებდა?!-საუბარში ჩაერთო აია. ევამ იგრძნო, როგორ აუხურდა ხორბლისფერი ღაწვები. -რას აკეთებდა და ორჯერ იწვა ჩემთან. ახლა სახლშიც არ მომყვება,-ისეთი მშვიდი იყო კონსტანტინე, აშკარა იყო, ასეთ სიტუაციაში ადრეც იქნებოდა. -ნუთუ არაფერი გჯერა, ევა?! არაფერი გაგიგია ჩემი ნათქვამიდან?!-აიამ კონსტანტინე დააიგნორა, ევას შეხედა. ამ უკანასკნელმა კი თავი დამნაშავედ იგრძნო. იმ მომენტში, ალბათ, ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ კონსტანტინე წაშლილიყო, გამქრალიყო მისი ცხოვრებიდან. -წავიდეთ,-ამოისისინა ბოლოს წითურმა,-წავიდეთ, რომ მიხვდე...-ცეცხლისფერ გოგოს თითქოს მხოლოდ კონსტანტინეს დასტური სჭირდებოდა, რადგან ევასგან რომ გაიგო... ევასგან ვერ დაიჯერა, არ დაიჯერა, რომ რამდენიმე დღეში ამდენის უფლება მისცა გოგომ ალაზნისპირელს. ახლა კი უყურებდა და ეჩვენებოდა, რომ ალაზნისპირელი არ იყენებდა ევდაკიას. გიშრისფერს, თითქოს რაღაც გრძნობა გასჩენოდა და ბავშვურად ცდილობდა ამის დამალვას. -თუ წამოვალ, უფლება უნდა მომცე, შენზე რამე გავიგო, კოსტა. უნდა გავიგო შენი წარსული, უნდა ვიცოდე ვინ ხარ. კონსტანტინემ გაჩუმებულ ევას შეხედა. მის თაფლისფერ თვალებში წაიკითხა რაღაც ისეთი, რამაც აზროვნება დააკარგვინა. და, ალბათ, ამ თვალებმა დაუბრუნა კონსტანტინეში დაბუდებულ ძველ ალაზნისპირელს გაცოცხლების სურვილი. ალბათ, ამ თვალების გამო დანებდა გიშრისფერი. -კარგი,-თქვა მან მშვიდად. მიდიოდა ევა და თან მიჰქონდა შავი ჩემოდანი. მშვიდი ნიავი მის თეთრ, ლურჯი ყვავილებით დაფარულ კაბას აფრიალებდა. მისი ნაზი სხეული იკვეთებოდა კაბაში. კონსტანტინე კი უყურებდა კაბას. უყურებდა და მოსწონდა, ქალი ყვავილებიანი კაბებით რომ იმშვენებდა სხეულს. იმ ღამეს არ სძინებიათ ევასა და კონსტანტინეს. იმ ღამეს ვარსკვლავებმა კიდევ ერთხლ მოავლეს თავიანთი სინათლე ევას ხორბლისფერ კანს. იმ ღამეს კონსტანტინემ კიდევ ერთხელ დაკარგა თავი. იმ ღამეს კონსტანტინეს თვალები შეიცვალა. ალაზნისპირელი გრძელი, უხეში თითებით ნაზად ეხებოდა რბილ კანს, თითქოს ცდილობდა ასე დაებრუნებინა სული, ასე გამხდარიყო ადამიანი. ევას ხარჯზე. და როცა თხელი, თითქმის გამჭირვალე ნაჭრით დაიფარეს სხეულები, ბალიშემზე მისვენებულებმა ჭერს ახედეს. გახშირებული სუნთქვა დაიმშვიდეს. კაცი მის მკერდზე მიწოლილს ხორბლისფერ კანზე ნაზად უსვამდა ხელს. გრძელ თითებს ქალის წელზე რბილად ატარებდა, პატარა ყვავილებს ხაზავდა. ეღიმებოდა ევას, როცა თითოეულ მონასმს გრძნობდა, წარმოიდგენდა, რას ქმნიდა კონსტანტინე მის სხეულზე. ალაზნისპირელი კი თავს სხვა განზომილებაში გრძნობდა: მას ჰქონდა ხორბლისფერი კანი და წარმოსახვითი, უსასრულოდ ბევრი ფერი. ევას სხეულზე სასიამოვნო ჟრუანტელი დარბოდა, ჰაერი იმდენად მსუბუქდებოდა, ევდაკიაც კონსტანტინეს სამყაროში მიდიოდა... ქალის თმის სურნელი საბოლოოდ აკარგვინებდა გიშრისფერს თავს. ახლა მთელი არსებით გადაეშვა კონსტანტინე ფანტაზიებში, რომელიც ფერადი ნისლივით ეხვეოდა მის გონებას. ზურგიდან მხარზე გადავიდა კონსტანტინე, შემდეგ ხელებზე და ბოლოს გრძელი, ცხოვრებისგან გაუხეშებული თითები მკერდის იმ პატარა ნაწილს გადაუსვა, კონსტანტინეს სხეულზე მიწოლილს რომ უჩანდა. თითქოს ამ მოძრაობამ გამოაფხიზლაო, ევას სასიამოვნო ჟრუანტელის უკანასკნელმა ტალღამ დაუარა და ზემოთ აიხედა. კონსტანტინემ ევას მზერა იგრძნო. ალაზნისპირელმა იცოდა, პირობა დადო ცოტა ხნის წინ. და მიხვდა, პირობას ვერ დაარღვევდა... თუმცა, ალბათ, მაინც არაფერს იტყოდა, ევას რომ არ მოეთხოვა. -მინდა, უკეთ გიცნობდე,-მტკიცედ წარმოთქვა გოგომ. კონსტანტინემ თავი დაუქნია. მაშინ ევამ პირველად დაინახა ნამდვილი გრძნობა კონსტანტინეს თვალებში... * -მართა, თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ კონსტანტინე ალაზნისპირელს? -დიახ! -კონსტანტინე, თანახმა ხართ, ცოლად მოიყვანოთ მართა თავართქილაძე? -დიახ! დიახ. მტკიცე დასტური. მერე იყო კოცნა. თბილი, აღუწერელი, ზეციური გრძნობით სავსე კოცნა. მერე პირობა: "სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს!" სიკვდილი კი არავის ინდობს. მეჯვარეებმა ტაში შემოჰკრეს. კონსტანტინეს გვერდით გიორგი ედგა. გიორგიც ბედნიერი იყო. კონსტანტინემ მიიღო ის, რაზეც ყველა ოცნებობდა. მას ჰქონდა იდეალური ცხოვრება. განსხვავებული დღეები. მუდმივი სიახლეები, მუდმივი სიხარული. არ არსებობდა წამი, როცა ერთმანეთით არ ტკბებოდნენ კონსტანტინე და მართა. ალაზნისპირელი და თავართქილაძე ერთ არსებად იქცნენ, ერთად სუნთქავდნენ, ერთად ცოცხლობდნენ... მერე გაჩნდა ბარბარე ალაზნისპირელი. ბაბი. ბაბი ყველაფერი გახდა კონსტანტინესთვის. ბაბი ერთადერთი იყო, ვინც მართაზე მეტად უყვარდა. ბაბი მისი ნაწილი იყო. ჯერ პატარა, თეთრ აკვანში იყო გიშრისფერთმიანი ბაბი. მერე ხოხვა დაიწყო. კონსტანტინეს უზარმაზარ სხეულზე დაცოცავდ ბედნიერი, გაბრწყინებული თვალებით. თვალებიც გიშრისფერი ჰქონდა ბაბის. კონსტანტინესავით. ბაბი კონსტანტინეს მეორე ცხოვრებად იქცა და კონსტანტინემ იცოდა, ეს მეორე ცხოვრება პირველს აკავებდა. პირველი მართა იყო, რომელიც აღარასდროს გადადგამდა შვილისა და მეუღლის გარეშე ნაბიჯს. ბაბიმ სიარული ისწავლა. კონსტანტინეს ოცდაექვსი წელი შეუსრულდა და თავი ნახევარი საუკუნის ეგონა. ყველაზე დიდი და ყველაზე ბედნიერი იყო უფროსი ალაზნისპირელი. ბაბის მასთან დამოუკიდებლად მისვლა შეეძლო. კვლავ ბედნიერებისგან ბრწყინავდა გიშრისფერი გოგონა. დილაობით ბაღში მიჰყავდა კონსტანტინეს ბაბი, მართა კი სამსახურში. ბოლოს თვითონ მიდიოდა სახელოსნოში და ხატავდა. ხატავდა იმ ბედნიერებას, მას რომ უთვალავი ჰქონდა. ბაღიდან გამოჰყავდა მართას ბაბი. გზის მეორე მხარეს კონსტანტინე იდგა. "მამიკო!" გაისმა ბედნიერი ყვირილი მწვანე ჭიშკართან. კონსტანტინემ თავის ხორცშესხმულ ბედნიერებას შეხედა. გაიცინა. ულამაზესი იყო კონსტანტინეს სიცილი–არანაირი ტკივილი, სევდა და მწუხარება, მხოლოდ ბედნიერებისგან შემდგარი, მხოლოდ სიხარულით გასხივოსნებული. ბაბიც იცინოდა. მამასავით იცინოდა. მართას ხელი გაუშვა პატარამ. "ფრთხილად!" მეხის გავარდნასავით გაისმა მართას კივილი. კონსტანტინე გაშეშდა. ბაბი ძირს იწვა. მისივე სისხლით დასველებულ ასფალტზე იწვა და უხმოდ ტიროდა. ხმამაღლა ტირილის ძალა არ შერჩენოდა პატარა ანგელოზს. წამიც არ გასულა, მართა და კონსტანტინე შვილს მისცვივდნენ. ვერ აღიქვამდნენ დამნაშავეს, რომელმაც ბავშვის სისხლი დაღვარა, მთელი ძალით დაეჯახა და მანქანის გაჩერებაზე არც უფიქრია... კონსტანტინემ აკანკალებული ხელებით ფრთხილად გადაუწია პაწია სახიდან სისხლით დასვრილი გიშრისფერი თმა შვილს. სასწრაფოს სირენების ხმა ვერ აფხიზლებდა დაღუპულ მშობლებს. ეფერებოდნენ ბაბის სხეულს. ეფერებოდნენ, თითქოს საშინელებას ასე აიცილებდნენ, მაგრამ... სიკვდილი არავის ინდობს. ყველა წავიდა. დატოვეს ბაბის საფლავი. ცივ ქვაზე პატარა ბავშვის სახე იყო გამოსახული. ბარბარე ალაზნისპირელი. მხოლოდ ხუთი წლის... პატარა გოგონას სურათს უყურებდა კონსტანტინე. ვინ წარმოიდგენდა, თუ ასე გასწირავდა ღმერთი. ვინ წარმოიდგენდა, თუ ამაზე მეტი წინ ელოდა. იდგა და შავ მიწას უყურებდა. ბაბისაც ასეთი ფერის თმა ჰქონდა. ბაბისაც ასეთი ფერის თვალები ჰქონდა. ბაბი აღარ იყო. ყველა წავიდა, კონსტანტინე კი იქ იდგა და შვა მიწას უყურებდა, რადგან მხოლოდ კონსტანტინემ იცოდა, მარტო ყოფნა რომ არ უყვარდა პატარას. მამასთან ყოფნა უყვარდა. ძილის წინ მას ეძახდა, სიბნელეში მას იხმობდა, შეშინებული მას ეკვროდა... ახლა ვეღარ ეხვეოდა კონსტანტინე შვილს და შიგნიდან კვდებოდა. მხოლოდ მართა იჭერდა მის სულს. სულს, რომელიც სხეულის ყველა კედელს აწყდებოდა, ადგილს ვერ პოულობდა უამრავგან დაჭრილი. ერთი კვირა გავიდა. ერთი კვირის მერე პირველად ამოიღო ხმა კონსტანტინემ. "დამეხმარე, მართა." გაისმა მკვდარ სახლში მკვდრის ხმა. ერთი კვირის მერე პირველად უპასუხა მკვდარმა ცოლმა ქმარს. "ვეღარ გიყურებ, კოსტა. ვეღარ გიტან, რადგან მას მახსენებ." მართამ ხელი გაუშვა კონსტანტინეს სულს. სულმა კარი მოძებნა და სხეული დატოვა. კონსტანტინე საბოლოოდ მოკვდა, სული დაკარგა და ადამიანობაც მას გაჰყვა. მხოლოდ ერთხელ მივიდა კონსტანტინე ბაბის სასაფლაოზე. იფიქრა, დაიბრუნებდა სულს. პირიქით მოხდა. სული უფრო შორს წავიდა და კონსტანტინეს მოაძახა, შენი ბრალიაო. მართამ პირობა დაივიწყა. ბაბიმ მამა დატოვა. კონსტანტინემ სული დაკარგა... * სახლის პირველ სართულზე, მისაღებში აია იჯდა, ოთახში მარტო ყოფნით მობეზრებული. იჯდა და ნერვებს იწყნარებდა. ცდილობდა მოქცევის ხმისთვის დაეგდო ყური, კონსტანტინეს ოთახში მყოფ ევაზე რომ არ ეფიქრა. ცდილობდა რამე კარგზე მოეხდინა კონცენტრაცია. წამში მის შიშველ მუხლებზე სიმბა მოთავსდა. გაეღიმა აიას და კატის რბილ კანზე დაიწყო თამაში. დამშვიდდა. და ეს ძლივს მოპოვებული სიმშვიდე კიბეებიდან ჩამოსულმა ნაბიჯების ხმამ დაუკარგა. მალე მის გვერდით ჩამოჯდა ადამიანი, რომელსაც მთელი გულით ლანძღავდა გონებაში აია, იმ მყუდროების დარღვევისთვის. გვერდით არ გაუხედავს, თუმცა თვალის კუთხეში დალანდა, როგორ დაეყრდნო ოქროსფერთმიანი იდაყვებით მუხლებს. მერე მისი მსუბუქი ღიმილიც იგრძნო. -დაგიშავეთ რამე?-მხიარული კილოთი იკითხა ბიჭმა. აიამ მას გახედა. პატარა თითებით შუბლზე ჩამოვარდნილი ერთი ცეცხლისფერი ხვეული გადაიწია უკან, დანარჩენებს შეუერთა და კაცს გახედა. იგრძნო, ახლადგამოფხიზლებული კატა როგორ მოშორდა და ოთახის კუთხეში მიიყუჟა. -კარი დატოვეთ ღია, მთელი ცხოვრება შერცხვენილს რომ მეარა,-გაეღიმა გოგოსაც, თუმცა სიტყვები სიმწრით ამოილაპარაკა. -არავის უთხოვია, შემოდიო,-გიორგის ღიმილი გაიზარდა. აია კი მხოლოდ ახლა დააკვირდა, რომ მის თვალებში მუდამ თეთრი ნაპერწკლები დახტოდნენ. -არ მინდოდა, რა! საშინელ დროს შემოვედი, ვიცი. -არა, არაფერს ვაპირებდით, არ უთქვამს კოსტას? -მაგას რატომ უნდა ეთქვა?!-წამში შეეცვალა ნაზი ხმა აიას. გიორგი კი, მისი შემხედვარე, ღიმილს ვერ იშორებდა. უცნაურად სასაცილოდ იქცეოდა აია. -ვთხოვე... აია, რატომ გეზიზღება კოსტა?-თითქოს დასერიოზულდა გიორგი. -ცუდი ადამიანიაო, გავიგე. -გაიგე? შენ არ იცნობ? -არა. ზედმეტად გაყინული, უემოციო, უზრდელი და მანიპულატორია. -თუ არ იცნობ, რატომ აფასებ ასე?-ჩაეცინა ბიჭს. აიამ მხრები აიჩეჩა, ასეთი ჩანს, ახლოსაც არ მიგიშვებსო. -გინდა, ხვალ სადმე წავიდეთ?-იკითხა წამით დაკვირვების შემდეგ გიორგიმ. აია გაშრა. რძისფერი სახე მთლად გაუთეთრდა. ცოტა ხნის წინ უკან გადაწეული თმის ღერი ისევ შუბლზე გადმოუვარდა. -რა?!-გაკვირვებით იკითხა. -წავიდეთ და კოსტას სხვა მხრით დაგანახებ. -კონსტანტინე, ევა და ლიზაც წამოვლენ, არა?-მოჩვენებითი ბედნიერებით იკითხა გოგომ. -არა, მე და შენ მხოლოდ. -მე და შენ? მერე ლიზა? -ლიზა დილით მიდის, მე აქ ვრჩები. კოსტა და ევა კი, ჩემ გარეშეც, აშკარად, კარგ დროს ატარებენ,-მხრები აუჩმთამაშდა მომცინარ გიორგის. მის შემხედვარე აიასაც გაუფართოვდა ალუბლისფერი ტუჩები. -კარგი,-დაეთანხმა, ცოტა ხანში კი ისევ უხერხულად დაამატა,-ისე, ლიზა გაბრაზდა, რომ შემოგივარდით,? და სანამ აია და გიორგი ერთმანეთის გაცნობას ცდილობდნენ, სანამ ისინი იცინოდნენ და ათას თემას ეხებოდნენ, კონსტანტინე ყვებოდა იმას, რისგანაც შვიდი წელი გარბოდა. გულში კი ფიქრობდა, ნეტავ, რა ჰქონდა ევას ისეთი, ამ თემას რომ შეეხო და კონსტანტინესგან ცუდი პასუხი არ მიიღო? თუმცა აშკარა იყო-ალაზნისპირელი ყვებოდა თავის ცხოვრებას. ყვებოდა ყველაფერს, რასაც გულში იმარხავდა. ევა კი წარმოიდგენდა, ცხადად ხედავდა გიშრისფერის წარსულს. -ყოველთვის, ევა... ყოველთვის, როცა ჩემს ბინძურ ხელებს დავხედავ, სისხლს ვხედავ. ბაბის სისხლს. ჩემ გამო მოკვდა ბაბი, ევა. ჩემ გამო მოხდა ყველაფერი. და მაინც... რა მნიშვნელობა აქვს ამას. მე ყველაფერი დავკარგე, ევა. შვილი, ცოლი, წარსული, მომავალი... და როცა კონსტანტინე საბოლოოდ გაჩერდა, მტირალი გოგო მთელი ძალით მოეხვია კაცს. მოეხვია, რამდენჯერმე ჩაისუნთქა ჰაერი, მერე გადმოვარდნილი რამდენიმე ცრემლი მოიწმინდა და მშვიდად თქვა: -ცხოვრება გრძელდება. ნუ მისცემ წარსულს უფლებას, მოგკლას. აირჩიე მომავალი... გინდა, დაგეხმარო?-დაამატა ბოლოს თვალებგაბრწყინებულმა. კონსტანტინეს იმ თვალებში არ დაუნახავს, რომ ევას ეცოდებოდა. ევას თვალებში ჩანდა, როგორ ხედავდა გოგო სადღაც ძალიან შორს კონსტანტინეს სულს. ევას თვალებში ჩანდა, როგორ უნდოდა ამ სულის პატრონისთვის დაბრუნება. და კონსტანტინე მიხვდა, რატომ იზიდავდა ევდაკია. ევდაკია გამორჩეული იყო. ევდაკია ზრუნავდა. ევდაკიას უყვარდა. ევდაკია პატივს სცემდა. ევდაკია უვლიდა. ევდაკიას ნდობა შეიძლებოდა ევდაკიას უყვარდა ყვავილებიანი კაბები და ჰქონდა გრძელი, გრძელი და ლამაზი თითები. ევდაკია საუკეთესო იყო... მაშინ მიხვდა კონსტანტინე, რატომ თქვა ის ყველაფერი. მაშინ მიხდა, რომ გულზე დაწოლილ ლოდს ევდაკია მთელი ძალით აწვებოდა, მთელი ძალით ებრძოდა. მაშინ მიხვდა, კონსტანტინე, რომ ევდაკიას ვერ გაუშვებდა. ჯერ ვერა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.