ევა - თავი 8
ცეცხლისფერი ცა ნელ-ნელა ბნელდებოდა, შავდებოდა და საკიდიდან მზის ჩამოგდებას მთვარე ცდილობდა. მთვარემ თავისი რაზმი დაანახა მზეს. მზეს შეეშინდა ვარსკვლავების, თვალი მოხუჭა და მთვარეს თავი დაუხარა. ბნელ მთვარეს ამოეფარა, მორჩილება შეჰფიცა და თავისი სხივებით მოჰფინა ნათელი. მთვარემ გაიხარა, თავის რაზმს გადახედა სიამაყით, მერე თავის ახალ სამფლობელოს შეავლო თვალი. სანაპიროზე ოქროსფერთმიანი ბიჭი მიაბიჯებდა ნელა. მის გვერდით თავდახრილი ცეცხლისფერი გოგონა მზისგან მინიჭებულ სინათლეს უჩვენებდა მთვარეს. თუმცა მთვარეს არ სწყინდა. შურით უყურებდა ოქროსფერთმიანს, ცეცხლისფერი გოგონა თავისთვის უნდოდა. წითელი წამწამები აათამაშა გოგომ, ბიჭს ახედა. -კარგი, გიორგი, გასაგებია, რომ კონსტანტინე სულ ასეთი არ ყოფილა, თუმცა მაინც არ გითქვამს, რამ შეცვალა. -მინდოდა, შენით გაგეგო. ჩემი საქმე არ არის სხვისი ცხოვრება,-მხრების აჩეჩვით გაიღიმა გიორგიმ. განსხვავდებოდა გიორგი კონსტანტინესგან მუდმივი ღიმილით და ეს იყო უცნაური მათ მეგობრობაში. -დაახლოებით ერთი საათის წინ მითხარი, რომ სხვა არ არის შენთვის და ყოველთვის გვერდში უდგახარ,-სცადა მშვიდად ეთქვა აიამ, თუმცა დაცინვის კილო მაინც ვერ მოიშორა. გიორგისაც აუთამაშდა მხრები. მერე დახედა გოგოს, თვალებში ჩახედა და წამით ის ცისფერები ზღვას შეადარა. თითქოს ამ მსგავსებამ აიძულა ნდობაც. -იცოდე, მხოლოდ იმიტომ გეუბნები, რომ სხვანაირად შენ იმას არ გასცემ ხმას და ის შენ არ შეგეხვეწება. ოღონდ დამპირდი, რომ ამის გამო არ შეგეცოდება და მხოლოდ მის გაცნობას მოინდომებ! -გავწამდი,-ამოიხვნეშა გოგომ დასაჩქარებლად და გიორგიმაც არ დააყოვნა. -კოსტა შვილმკვდარი მამაა, რომელიც ცოლმა მიატოვა. მას გააყოლა ყველა ემოცია. ნუ დაადანაშაულებ. აია შეიცვალა. გაშრა. არ ჩაძიებია. არ უკითხავს რა დაემართა კონსტანტინეს შვილს. საერთოდ ვერ გაიაზრა, რა მოხდა. მის თვალში გიშრისფერი კონსტანტინე მთლად გაშავდა, დიდ, მძიმე ლაქად იქცა და ეს ლაქა მთელ გულზე გადაეკრა. მალე გიორგი წავიდა. წავიდა და აია შორიდან უყურებდა ევდაკიასა და კონსტანტინეს, მიახლოებას ვერ ბედავდა. ხვდებოდა, ევა და კონსტანტინე ერთმანეთს ავსებდნენ, ერთი ჭურჭლის ნატეხები იყვნენ და ეშინოდა, ახლადგამთელებული ჭურჭელი სიახლოვით არ დაემტვრია. რამდენიმე დღე გავიდა. მზე ამოდიოდა და ჩადიოდა. აია სიმბასთან თამაშით ერთობოდა და თან ფიქრობდა იმაზე, რაზეც არ უნდა ეფიქრა, იმაზეც, ვიზეც არ უნდა ეფიქრა. ევა უფრო და უფრო უახლოვდებოსა კონსტანტინეს. ხვდებოდა, რაც უფრო მეტ დროს ატარებდა მასთან, მით მეტად იზიდავდა და სიამოვნებდა მასთან კონტაქტი. წამოსვლას არ ჩქარობდა. კონსტანტინემ უთხრა, ელენეს ჩავაბარებ შენს მაღაზიასო და ენდო ალაზნისპირელს. თბილისში დატოვებულ უფრო მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით კი ყოველ საღამოს ურეკავდნენ. ამას კონსტანტინე ვერ ამჩნევდა, ის მხოლოდ ყვავილებზე ფიქრობდა და ევამ იცოდა, ყვავილების პატარა, ლამაზ მაღაზიას კარგად მოუვლიდნენ. თუმცა ერთ კვირაში წამოსვლა მაინც გადაწყვიტეს. საჭესთან კონსტანტინე დაჯდა. ევა გვერდით მიუჯდა, უკანა სავარძელზე კი აია იყო, კატით კალთაში. კატა ცისფერი თვალებით ევას უყურებდა, თითქოს ხვდებოდა, პატრონში რომ ეცილებოდა გოგო. თბილისში საღამოს ჩამოვიდნენ. გვიან. ჯერ აია მიიყვანეს სახლში. ევამ გადააცილა მეგობარი და თავი უცნაურად იგრძნო. ის ერთი კვირა დაკარგულად წარმოიდგინა. აიასთან საუბრები მოენატრა. და გაცილებისას მონატრებულმა აიამ მხიარულად ჩაილაპარაკა: -მოდი, რომ მოვიცლით მე, შენ, შენი კოსტა და კოსტას გიორგი ერთად წავიდეთ სადმე! ეს სიტყვები გაჰყვა ევას მანქანამდე. გაჰყვა და გონებაში ტრიალებდა აიას ბედნიერი ხმა და მისი თვალები. მერე ჩაეცინა. როგორი ბავშვური იყო აია ხანდახან... -რა მოხდა?-კონსტანტინეს არ გამორჩენია ევას ეს საქციელი. გოგომ შეხედა გიშრისფერს. -არაფერი,-მხრები აიჩეჩა და გზას გახედა. კონსტანტინე აღარ ჩაძიებია. ასეთი იყო, უბრალოდ არ აინტერესებდა. იქნებ, მომავალში გაღიზიანებულიყო ევა ამაზე, თუმცა ახლა? ახლა არა. ახლა იმ ურთიერთობით ტკბებოდა, მათ რომ ჰქონდათ. იმ იდეალური ურთიერთობით, ყველა რომ ინატრებდა. ნაკლები პასუხისმგებლობა, ნაკლები ვალდებულება, მეტი ვნება და სურვილი. ეს იყო ოქროს შუალედი არაფერსა და რაღაც ძალიან, ძალიან დიდს შორის. ის ღამე ისეთი მშვიდი იყო, როგორიც არასდროს. ის ღამე იყო იმედით სავსე. კონსტანტინეს კვლავ ნახვის იმედით სავსე. მაღაზიაზე არ ღელავდა, კონსტანტინემ თავის თანაშემწეს დაავალა მიეხედა ფლორისტის პატარა კუთხისათვის. ამ რამდენიმე დღისა თუ კვირის კანმავლობაში ევამ ბევრი გაიგო კონსტანტინეზე. იცოდა, რომ ზედმეტად უდარდელი იყო გიშრისფერთმიანი, თუმცა ენდობოდა, რადგან პასუხისმგებლობა დიდი ჰქონდა მამაკაცს. მშვიდად გაიღვიძა მეორე დღეს. ზაფხული მთავრდებოდა. მთავრდებოდა, მაგრამ ევას ყვავილებიანი კაბები არ ელეოდა. ყვითელი კაბა ჩაიცვა და ამ ფერმა, თითქოს, უფრო გამოკვეთა მისი ნაზი სხეული და ნათელი, ხორბლისფერი კანი, მზის სინათლეზე მზისფრად რომ ელავდა. მაღაზიაში მივიდა. მივიდა და... -მოვკლავ! ნამდვილად მოვკლავ!-მოურიდებლად ესაუბრებოდა საკუთარ თავს. დაკეტილი მაღაზიის ფანჯრებიდან ჩანდა დამჭკნარი მცენარეები როგორ ეყარა იატაკზე. მოწყენილ ყვავილებს თავები დაეხარათ, თითქოს პატრონს გაუნაწყენდნენო. -მაპატიეთ... ჩემო პატარებო, რა დღეში ჩავარდნილხართ... ეს რა დაგმართნიათ...-ისე საუბრობდა, უცხო იფიქრებდა, დედამ დიდი ხნის უნახავი შვილები ნახაო... მკვდარი ყვავილების დანახვის გამო აჩქარებული გული დაიწყნარა, ცრემლებიც წამწმებს უკან დამალა და ტელეფონს დაავლო ხელი. კომპანიაში, მფლობელის კაბინეტთან, ტელეფონი ახმაურდა. კონსტანტინე ალაზნისპირელი, როგორც წესი, იქ დღის მეორე ნახევარში მიდიოდა. მის მოლოდინში თვალებგაბრწყინებულმა ელენემ ყურმილს ხელი დაავლო. ჩვეული, დაზეპირებული ტექსტი მიახალა კლიენტს მხიარული ხმით. -ახლა კარგად მომისმინე! ან სასწრაფოდ დაუძახე კონსტანტინეს, ან თავად მოგიწევს პასუხი აგო აქაურობაზე! -უკაცრავად?-წამში შეეცვალა ხასიათი მდივანს. -შენ ხარ მისი თანაშემწე?! -დიახ, მერე?! -ჩემი მაღაზიისთვის უნდა მოგეხედა! შენს იმედზე დავტოვე! ახლა მიხვდა ელენე. მიხვდა და გაეღიმა. ეს ღიმილი რომ დაენახა ვინმეს, მასზე აუცილებლად ცუდს იფიქრებდა. ეს არ იყო თბილი, კეთილი, თანაგრძნობით სავსე ღიმილი. ამ ღიმილით ელენე ამბობდა, რომ მიზანს მიაღწია და ეს მიზანი ვიღაცის განადგურება იყო. -კარგი იყო კონსტანტინე?-ამოისისინა გოგომ და სანამ ევა კივილს დაიწყებდა, თავად განაგრძო,-დაანებე თავი, თორემ ინანებ! და ელენემ ტელეფონი გათიშა. ნეტავ, რა იქნებოდა, თუ კონსტანტინე გაიგებდა, რომ ელენე მომხმარებელს ასე მოექცა? და რა იქნებოდა, თუ გაიგებდა, რომ ეს მომხმარებელი ევდაკია დეკანოიძე იყო? ეს არ აინტერესებდა ელენეს. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ევა მოიშორა. დროებით მაინც. უიმედო შეყვარებულმა სიმშვიდე მოიპოვა. ევდაკია კი გეგმავდა, როგორ უნდა აენაზღაურებინა კონსტანტინეს ყველაფერი. * "იესოს სახარების" კითხვას რომ მორჩა, წიგნებით მოჭედილ კედლებს ახედა. ის დრო გაიხსენა, ბრიტანეთში სწავლისას რომ ყიდულობდა ამ წიგნების ნაწილს. გაიხსენა სწავლა უცხოეთში, ევროპაში მოგზაურობა... გაიხსენა, როგორ წავიდა აფრიკაში, თუმცა მაშინ არავიზე ყოფილა მიჯაჭვული. უცხოეთში მყოფს არ ახსენდებოდა მარტო დატოვებული სახლი, მართა ან მასთან ერთად დაგეგმილი მომავალი. არც იქ გაუხსენებია საქართველო და არც საქართველოში ფიქრობდა ევროპასა და აფრიკაში გატარებულ დროზე. ახლა იხსენებდა ყველაფერს. ყველაფერს რაც გაიარა. ხან იღიმოდა, ხან ცრემლი ერეოდა. ბოლოს ბათუმიც გაიხსენა. ბათუმი და ევას მზისფრად აელვარებული კანი. გაიხსენა და გაეღიმა. და რომ დაენახა ეს ღიმილი ევას, აუცილებლად მიხვდებოდა იმას, რასაც კონსტანტინე ჯერ ვერ ხვდებოდა... ევდაკიამ რომ დაურეკა, ალაზნისპირელი ცოტა გაღიზიანდა, თითქოს გოგოს ზარმა მოგონებები წაართვა. შეხვედრა კომპანიაში დაუნიშნა, არ ჩათვალა საჭიროდ სადმე დაეპატიჟებინა გოგო და ამაზე არც დეკანოიძეს გაუმახვილებია ყურადღება. კომპანიაში მივიდა. გზაში იხსენებდა, როგორ გაატარა დრო ბათუმში, როგორ გაიცნო კონსტანტინე და... მართლა ღირდა მისვლა? თუმცა მივიდა. მივიდა და კაბინეტის წინ მდგომ ელენეს ყურადღება არ მიაქცია, ისე შევიდა კონსტანტინეს ოთახში. -როგორ ბედავ!-წამოიკივლა ელენემ და თქვენობითიდან შენობითზეც გადავიდა, როცა მიხვდა, ვინ იყო ახლადმოსული. -როგორც შენ გაბედე!-უკანმოუხედავად მიაძახა ევამ. კონსტანტინეს შეუმჩნეველი გაკვირვება გამოესახა სახეზე, ჯერ ევა რომ შეუვარდა კაბინეტში, შემდეგ კი ელენე. "ისევ?"-ჰკითხა გულში საკუთარ თავს და გულშივე გაეცინა. -რამ შეგაწუხა?-მშვიდად იკითხა კონსტანტინემ და სახეწაშლილ ელენეს ფერი უფრო გადაუვიდა. -ხომ შემპირდი, მიხედავენ მაღაზიასო?-ხმა ვერ გააკონტროლა ევამ, იმის მიუხედავად, რომ დიდხანს ფიქრობდა, როგორ შეენარჩუნებინა სიმშვიდე. -მერე?-წარბები აზიდა კონსტანტინემ, ხელები ნიკაპქვეშ ამოიდო და წამით გადახედა ელენეს. -ყველაფერი დაჭკნა, განადგურდა! ყველაფერი დავკარგე! ერთი კვირის შემოსავალი დავკარგე, გესმის?! -მესმის,-კონსტანტინე ფეხზე წამოდგა,-დანაკარგს აგინაზღაურებთ. -დანაკარგს ამინაზღაურებ? მადლობა, კოსტა, დიდი მადლობა!-ტაში შემოჰკრა გოგომ. და სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ელენემ რომ წამოიძახა: -კოსტა?!-თუმცა, ალბათ, საბრალო გოგოს თავისდაუნებურად წამოსცდა, უცნაურმა, ცალმხრივმა გრძნობებმა სძლია და ვერ გაიაზრა... -ეს დიდხანს უნდა მიკონტროლებდეს სიტყვებს?!-საბოლოოდ დაკარგა მოთმინება ევამ. გაეღიმა კონსტანტინეს მის საქციელზე. უცნაურად ბრაზობდა ევა. -ელენე, დაგვტოვე,-ხელებგადაჯვარედინებული მამაკაცი მდივანს მიუბრუნდა. ამ უკანასკნელმა ზიზღით შეათვალიერა აშკარად ღირსეული კონკურენტი, კარგით, ბატონო კონსტანტინეო, ამოისისინა და კაბინეტიდან გავიდა. ახლა მხოლოდ კონსტანტინე და ევდაკია დარჩნენ. მარტო იყვნენ და უფრო რეალური ხდებოდა ევას დაძაბულობა, უფრო ხილული კონსტანტინესთვის. -გისმენ,-მშვიდად თქვა კაცმა, როცა გაღიზიანებული გოგონა მთლიანად შეისწავლა. -მისმენ?!-გაიკვირვა გოგომ, თუმცა ალაზნისპირელმა თავის დაქნევით დაუდასტურა და ევამაც დაიწყო,-თუ ღმერთი გწამს, ამიხსენი, რატომ დამხვდა მაღაზია განადგურებული?! -ღმერთი არ მწამს, თუმცა მაინც აგიხსენი და კიდევ აგიხსნი. ეს კომპანიის შეცდომა იყო და ჩვენვე აგინაზღაურებთ. -ამინაზღაურე! გელოდები! -ახლავე? ევდაკია, იქნებ ასეთი სულსწრაფი არ იყო? შენს ანგარიშზე გადმორიცხავენ დილით,-ახლა გიშრისფერთმიანს გაუკვირდა. ევას ასეთი სწრაფი და რადიკალური ცვლილება ვერ წარმოედგინა. ან წარმოედგინა, მაგრამ მისი რეალობაში გადმოტანა არ უფიქრია. -კონსტანტინე, მომისმინე. მე ფული გუშინ მჭირდებოდა. მჭირდებოდა! და ხვალამდე, იქნებ, აღარც მქონდეს მაღაზია და აღარც ფული დამჭირდეს! შენი და შენი მდივნის გამო!-თავისდაუნებურად ხმას აუწია ანერვიულებულმა. კონსტანტინემ წარბი შეკრა. კარგად იცნობდა კონსტანტინე ადამიანებს. იცოდა, რაღაც სჭირდა ევას, რაღაც უჭირდა. და ეს უფრო იზიდავდა. -ევა, რა ხდება?-მშვიდად ჰკითხა. ევდაკიამ თავი გააქნია. -არაფერი,-თქვა შედარებით წყნარად,-საღამოს ფული ჩემს ანგარიშზე უნდა იყოს. იმედი მაქვს, დილით ახალ ყვავილებს მომიტანთ. მადლობა, ბატონო კონსტანტინე,-თავი დაუკრა ევამ მამაკაცს, სახეზე ჩამოცვენილი თმა თხელი თითებით გადაიწია და კონსტანტინემ ვერ გააკონტროლა თავი. უნდოდა ის თითები ენახა. უნდოდა შეხებოდა, დაკვირვებოდა... გაეგო, რატომ იყო ასეთი იდეალური. ევდაკია მიდიოდა. მიდიოდა და გაღებული კარი რომ დაინახა, კონსტანტინემ უკვე გაიაზრა ყველაფერი. გაიაზრდა და მაშინვე დაუძახა. დერეფანში მდგომ იმედმიცემულ ელენეს კინაღამ მუხლები მოეკვეთა, როცა დაინახა, როგორ დახურა კარი კონსტანტინემ. ალაზნისპირელმა ევდაკიას მტევანი ხელებში მოიქცია. უყურებდა. უყურებდა და იღიმოდა. ევდაკიას ყველაფერი დაავიწყდა. ის ღიმილი... როგორი საოცარი იყო... გიშრისფერი თმა, გიშრისფერი თვალ-წარბი, მუქი, შოკოლადისფერი სახე, ალისფერი ტუჩები და კბილები, მარგალიტებივით რომ ბზინავდნენ ბაგეებს შორის. გულში მადლობას უხდიდა ევდაკია ღმერთს, რადგან ის ნახა, რისი წარმოდგენაც, ალბათ, შეუძლებელი იყო. კონსტანტინე იდეალური იყო. იდეალური იყო ყველანაირად... თუმცა, ევდაკიას პრობლემებს მისი იდეალური ღიმილი ვერ აგვარებდა... -რას აკეთებ?-გაღიზიანებულმა იკითხა, მაგრამ ხელის გაწევას არ ჩქარობდა. არ უნდოდა გაღიმებული დაეფრთხო. კონსტანტინე წამით გაჩერდა. მერე ევას შეხედა. ჯერ მზერა ხელებიდან მის კაბაზე გადაიტანა, ვიწრო წელზე რომ ეკვროდა და სხეულს ფერადი ყვავილებით ულამაზებდა, მერე მის ხორბლისფერ კანს ააყოლა თვალი. მის სქელ, ალუბლისფერ ბაგეებს, ზემოთ აპრეხილ ცხვირსა და მუქ თაფლისფერ თვალებს შეხედა. თვალები უცნაურად იზიდავდა, თითქოს ეძახდა, ებღაუჭებოდა და უზარმაზარ ჭაობში ითრევდა. ეფლობოდა კონსტანტინე ამ ჭაობში და ვერ პოულობდა ხავსს მოსაჭიდებლად. იმ თვალებში ყველაფერს კითხულობდა კონსტანტინე და ეს ყველაფერი აკავებდა. ეს "ყველაფერი" თავს არ ანებებდა. და, ალბათ, ცხოვრებაში (ან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში) პირველად, კონსტანტინეს გაუაზრებლად წამოსცდა: -შენ მასზე უკეთესი ხარ. ევდაკიამ ზუსტად იცოდა, "მასში" მართას გულისხმობდა ალაზნისპირელი. ევდაკიამ იცოდა, რამდენს ნიშნავდა მართა კონსტანტინესთვის. და ევდაკია ვერ ხვდებოდა, რამ შეცვალა კონსტანტინე. ვერ ხვდებოდა, ახლა რა უნდა ექნა. -უკვე შევთანხმდით? შეიძლება, წავიდე?-თქვა ევამ ბოლოს. კონსტანტინემ დაინახა, როგორ გაკრთა გოგონას თვალებში თეთრი ნაპერწკლები. გულში გაეღიმა კაცს. -შეგიძლია,-თქვა კონსტანტინემ მას შემდეგ, რაც ორი ნაბიჯი უკან გადადგა და გაათავისუფლა გოგო. სანამ კარს გააღებდა ევამ გიშრისფერს გამოხედა. -შენ ის გიყვარდა. არ შეიძლება იმაზე უკეთესი ვიყო, ვინც გიყვარდა,-თქვა მშვიდად. თუმცა ხელებაკანკალებულს თვალებში ჭაობი უფრო გაეზარდა და კონსტანტინემ დაინახა ეს. -სიყვარული არ არსებობს. რა თქმა უნდა, შეიძლება შენ გჯეროდეს მისი, ეს იმედს მოგცემს. ამბობენ, სიყვარული ყველას სჭირდებაო და, ალბათ, მართლა საჭიროა ილუზია, ცხოვრება რომ გაიმარტივონ ადამიანებმა. თუმცა სიყვარული არ არსებობს, ევა. -და შენ ის მაინც გიყვარდა. და ევა წავიდა. წავიდა და მხოლოდ ახლა მიხვდა კონსტანტინე, რომ ევას ინტერესი უფრო და უფრო იზრდებოდა მამაკაცში. ევას ვეღარ გაუშვებდა. ალბათ, ვეღარასდროს გაუშვებდა. * დამძიმებული გამოვიდა შენობიდან აია. ცივად გახედა საავადმყოფოს კედლებს. გონებაში ევას სიტყვები მეორდებოდა, მეორდებოდა... თუმცა აიას მხოლოდ ხმა ესმოდა. გამტყდარი ხმა, ცრემლიანი თვალები, წითელი ბაგეები და სველი წამწამები... -არაადამიანი ხარ, კონსტანტინე!-ზიზღით მიახალა საკუთარ წარმოსახვაში აიამ ალაზნისპირელს. ამ უკანასკნელმა კი არაფერი უპასუხა, თვალები დახარა და ნელ-ნელა ცეცხლის ალივით აორთქლდა. ნელა მიაბიჯებდა გზაზე. სახლში მისვლა არ უნდოდა. ჯერ ევაზე უნდა ეფიქრა და სახლში ამას ვერ მოახერხებდა. გზაზე ისე გადავიდა, არც კი შეუმოწმებია. მხოლოდ ტროტუარზე რომ დადგა ფეხი, მაშინ მიხვდა, რა გააკეთა და გული აუჩქარდა, მანქანამ ძლივს რომ აუქცია გვერდი, თუმცა არ შეიმჩნია, ისე შევიდა კაფეში. მაგიდასთან დაჯდა. ეტყობოდა თბილისს, აგვისტოს ბოლო რომ იყო-ხალხი უკვე ქალაქში ბრუნდებოდა და აია გრძნობდა, როგორ სტყორცნიდნენ უცხოები სწრაფ მზერას. ცივი სასმლის მოლოდინში ტელეფონში ჩაეფლო აია. თან ფიქრობდა, კონსტანტინეს ფული რომ არ გადმოერიცხა, რა უნდა ექნა? -აია!-გაიგო უცებ ნაცნობი ხმა. მის სახელს მოჰყვა ბედნიერი შეძახილი,-შენ აქ საიდან? აიამ თავი ამოსწია. ტელეფონი მაგიდაზე დატოვა და ფეხზე წამოდგა. ოქროსფერი ღიმილი მიანათა გიორგი ესართიამ წითურს. აია ფეხზე წამოდგა. ახლა იგრძნო, რომ მანამდე რაღაც აკლდა და ეს რაღაც გიორგის ბედნიერი სახე იყო, ის მხიარული ღიმილი და თბილი გამოხედვა. -გიორგი!-მხიარულად შესძახა გოგომაც და მოეხვია კაცს. მოდი, დაჯექიო, აიამ უთხრა და გიორგიც შეუწინააღმდეგებლად ჩამოჯდა სავარძელზე. გოგო მოიკითხა და აიამაც მშვიდად დაიწყო: -რა ხდება ახალი? -არაფერი... შენკენ? -კარგი, რა, აია! როგორ, არაფერი?! რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი!-წყენით შეეჭმუხნა წარბები გიორგის. -ერთი კვირაა. თან ისედაც არაფერი იცი ჩემზე. მე კი ვიცი!-ეშმაკურად აათამაშა წარბები აიამ. უცნაურად მშვიდად გრძნობდა თავს და ამას გიორგის აურას აბრალებდა. ოქროსფერთმიანს ისევ ფართოდ გაეღიმა. -აბა, რა იცი? -ის, რომ მალე ცოლი მოგყავს. -ჰო, ცოლი მომყავს. -როდის? -ალბათ, წლის ბოლოს, თუ კონსტანტინე ბრიტანეთში არ წავა. ისევ...-მხრები აიჩეჩა კაცმა. იმდენად უდარდელად იღებდა ქორწილს, აშკარა იყო, ამაზე უკვე ეფიქრა, გაეაზრებინა და დარწმუნებული იყო, რომ ცხოვრებას მხოლოდ მას, მხოლოდ იმ ერთს მიუძღვნიდა. -კოსტა? ეს ის კოსტაა, ჩემი ევა რომ აწყენინა?-თემა განავრცო აიამ, იფიქრა, ასე უხერხულ სიჩუმეს (თუმცა ეს აიასა და გიორგის შორის აქამდე არ ყოფილა) თავიდან აიცილებდა. -აწყენინა? რა ჩაიდინა?!-სახე შეეცვალა გიორგის. ზუსტად იცოდა, ევას შეეძლო კონსტანტინეს ჭაობიდან ამოყვანა, რადგან თვითონ ეს ვერ შეძლო, თუმცა... ნუთუ კონსტანტინემ ხელი ჰკრა გოგოს? აიამ მოკლედ მოუყვა მომხდარზე. გიორგის კი გაეცინა. -კარგი, რა. ხომ იცი, მოგიყევი მისი ცხოვრება. ნუ გაკიცხავ ასე... -არა, გიორგი, ცხოვრება გამართლება არაა! არ შეიძლება აწმყოში დაშვებული შეცდომა წარსულის შეცდომით გააქარწყლო. და თუ წარმოგიდგენიათ შენ ან შენს ძვირფას მეგობარს, რომ ევასაც აქვს ცხოვრება და არც მისია მარტივი? -არ ვამართლებ, უბრალოდ... მისი ცხოვრების შემდეგ... ცოტა ფიქრი სჭირდება. მარტივად ვერაფერს გადაწყვეტს და მისი წარსულის ბრალია ეს... -ევას კი ფული სჭირდება. წარსულის გამო,-მტკიცედ გაიმეორა გოგომ. გიორგის გაეღიმა. საოცრად პრინციპული იყო აია და საოცრად ლამაზი. თუმცა... -გიო!-გაისმა ქალის ნაზი ხმა. აიამ ოქროსფერთმიანს თვალი მოაშორა და გიორგის ქერა ლამაზმანი დაინახა. -მეგონა, მარტო იყავი,-უცნაურად ჩაილაპარაკა გოგომ. -არა, გარეთ იყო, ვიღაცას ელაპარაკებოდა,-თავისუფლად უპასუხა ბიჭმა. ვერც შეამჩნია აიას ხასიათის წახდენა. გაუკვირდა აიას, ლიზა რომ თბილად შეხვდა. გადაკოცნა კიდეც და აიას ამითაც კი შეეცვალა წარმოდგენა გოგოზე. კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს. წასვლა უნდოდა აიას, თუმცა ლიზამ გააჩერა. გააჩერა და გიორგიც საცოლეს აჰყვა. კიდევ ცოტა ხანს იჯდა აია შეყვარებულების წინ. იჯდა და უყურებდა, რამდენად საოცარი ადამიანი იყო გიორგი და მისი მსგავსი იყო ლიზაც. უყურებდა და უფრო და უფრო უყვარდებოდა ისინი... **" -მოგწონს?-ისმის ოთახში მშვიდი ხმა. პასუხი რომ არ ესმის, ისევ აგრძელებს: -მგონი, უფრო სავსე უნდა იყოს. პასუხი ისევ არ არის. -ყვავილებზე რას იტყვი? ახლა კი დაიკნავლა კატამ და ცხვირაწეულმა გადაატარა ცისფერი მზერა ნახატს. კონსტანტინეს გაეღიმა ისე, როგორც სჩვევია-ჩუმად, მალულად, მხოლოდ ერთეულები რომ ამჩნევენ იმ ღიმილით. -ვიცი, სიმბა, ვიცი,-ისე თქვა, თითქოს მართლა გაიგო, რას გულისხმოდა კატა. ოთხფეხა მეგობრისგან მზერა ნახატზე გადაიტანა, როცა ბეთჰოვენის ხმას ნაბიჯების ხმა შეუერთდა. ფუნჯი და პალიტრა გვერდით გადადო კონსტანტინემ, მუსიკა გამორთო და მშვიდად, აუღელვებლად გავიდა სახელოსნოდან. -რა გააკეთე?!-პირდაპირ ჰკითხა გიორგიმ ცივი ხმით და უფრო ცივი გამომეტყველებით. -რა გავაკეთე?-კონსტანტინე, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა, თუმცა უცნაური ჩვეული სიმშვიდე არ გამქრალა მასში. -გეფიცები, მაგ გოგოს რომ რამე დამართო, აღარასდროს გაგცემ ხმას! -დამშვიდდი,-გააჩერა კოსტამ, თუმცა გიორგის სახე უფრო შეეცვალა. -კონსტანტინე ალაზნისპირელი კი არ ვარ, სულ მშვიდად რომ ვიყო! რა გაუკეთე, მითხარი!-ანერვიულებულმა გრძელი თითები ოქროსფერ თმაში შეიცურა და უკან გადასწია. -მე არაფერი. ეჭვიანმა ელენემ გადაწყვიტა, დამისაკუთროს. ალბათ, ევდაკიას მოშორება ამ გზით სცადა,-მხრები აიჩეჩა კონსტანტინემ, დივანზე ჩამოჯდა, მეგობარსაც ანიშნა, დაჯექიო, მერე მოუყვა ელენეს საქციელზე. გიორგის ის სიცილი დაუბრუნდა, ნებისმიერს რომ დაავიწყდებს ტკივილს. ისე იცინოდა, ევდაკიაც კი აყვებოდა. მერე წამში დასერიოზულდა. მკაცრად შეხედა კონსტანტინეს და გიშრისფერი შეკრთა კიდეც, მეგობრის თვალების დანახვისას. -არ მაინტერესებს. უნდა მოაგვარო! -რა?-წარბები აზიდა კონსტანტინემ და სიამაყით აივსო, როცა საძინებლიდან კატის ხმა გაიგო, მერე კი განაგრძო,-შენი აზრით, ყველა ქალის შემორიგება შემიძლია? და თუ შემიძლია, ამას გავაკეთებ?! ნუთუ საერთოდ არ მიცნობ, გიორგი?! -ჯერ ერთი, ის "ყველა ქალი" არ არის!-წამოიყვირა გიორგიმ და როცა დაინახა, რომ ალაზნისპირელი აპირებდა შეწინააღმდეგებას, ხელით ანიშნა, გაჩერდიო,-ამაზე მაშინ არ გიფიქრია, ბათუმში რომ წაიყვანე?! არ გაბედო, ისე მოექცე, როგორც ყველა დანარჩენს უკეთებ! გეფიცები... -გავიგე, ჰო!-ახლა კონსტანტინეც აყვირდა. ალბათ, რას არ გასცემდა ევა, მისი ასეთი ემოციური მხარე დაენახა, თუნდაც მხოლოდ ერთი წუთით,-ამიხსენი მაინც, რა დაგემართა?! -არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, გაგაფრთხილე. -რა მოხდა, გიორგი? -არაფერი. მივხვდი, რომ ევა საბოლოოდ ამოგიყვანს ჭაობიდან. იმას გააკეთებს, რაც მე ვერ შევძელი. უბრალოდ, გახსოვდეს, რომ ისიც ადამიანია. იქნებ, მის წარსულზეც გაიგო რამე. კოსტა, ზუსტად ვიცი, თქვენ ერთმანეთს სჭირდებით. მთავარია თქვენ გაიგოთ ეს... წავიდა გიორგი და იმ ღამეს არ უძინია კონსტანტინეს. შუაღამემდე დაურეკა ელენეს და დაუყონებლივ თანხის გადარიცხვა დაავალა ევდაკიას ანგარიშზე. იმ ღამეს მხოლოდ ევდაკიაზე ფიქრობდა კონსტანტინე. მის ხორბლისფერ კანზე, თხელ თითებზე, სავსე ტუჩებზე, ნაზ შეხებასა და ყვავილებით დაფარულ კაბებზე. და როგორც კი გათენდა, როგორც კი ევდაკიამ თვალი გაახილა, ტელეფონმა რეკა დაიწყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.