შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოიოტის ეფექტი (2)


1-05-2020, 03:35
ავტორი omexi
ნანახია 843

გეგა ლესელიძე “წითელ კაფეში” იჯდა, განაპირა ადგილი აერჩია “ვიტრინასთან”, ბუმბულა სავარძლში მოხერხებულად მოკალათებულიყო და ჩაფიქრებული გასცქეროდა ლამპიონებით მოყვითალოდ განათებულ ქუჩას.
ტროტუარებზე გამვლელები მოძრაობენ, ზოგჯერ ვიწრო ქვაფენილზე ხმადაბალი შრიალით ავტომობილებიც ჩაიქროლებენ.
მინაში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას შეავლო თვალი, სახეზე ზედმეტად ფერმკრთალია, მართალია ლოყებღაჟღაჟა არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა “ვიტრინის” მინა უფრო აფერმკრთალებდა, ცისფერი თვალები ჰქონდა, წვრილი ნიკაპი და ქერა თმა.
შეთხელებულ თმაზე ხელი გადაისვა, არმიის შემდეგ გასცვივდა, როგორც ერთმა ნაცნობმა დერმატოლოგმა უთხრა მიზეზი ერაყული წყალი იყო.
თავი გვერდზე მიაბრუნა, საკუთარი ანარეკლი უფრო დაწვრილებით შეათვალიერა, არც ისე საგანგაშო მდგომარეობაა, ალბათ რამდენიმე ვიზიტი კლინიკაში და ისევ ქოჩორა ბიჭი იქნება.
როგორც კი ფირმის საქმეებს მორჩება, მერე საკუთარ თავსაც მიხედავს, გეგამ კიდევ ერთხელ გადაისვა თმაზე ხელი, მანამ მოითმენს, მოთმინების უნარი არაჩვეულებრივად აქვს განვითარებული, რაშიც დიდი წვლილი ისევ სამხედრო სამსახურს მიუძღვის, ზოგჯერ საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად დღეების განმავლობაში უწევდა ჩასაფრება და ობიექტების თვალ-თვალი.
ახლა გრძნობდა, რომ თანდათან ნერვები ეშლებოდა, გინების ხასიათზე იყო, ოცი წუთია მათეს ელოდება, ის კი არა და არ ჩანს, ნამდვილი ბოთეა, ზანტი, დინჯი, ხასიათებით ძალიან განსხვავდებიან, თუმცა მეგობრობა უბოროტო იცის.
ტელეფონი აწკრიალდა, “სმს” შეტყობინება იყო, სენსორულ ეკრანს თითი გადაუსვა.
ვიკი წერდა.
“მალე მოხვალ ძვირფასო? ჩვენ უკვე კლუბში ვართ”
გეგამ ტელეფონი მაგიდაზე დადო, მერე დახლისკენ გაიხედა, რომლის მიღმა კლუბში ჩასასვლელი ყავისფერი ორმაგი კარი მოჩანდა, კართან ჯმუხი, მხარბეჭიანი დაცვა იდგა.
ვიკი ქარაფშუტა და დამყოლი ხასიათისაა, არასდროს ბრაზდებოდა, მაგრამ მაინც არ უნდოდა ლოდინისგან ნერვებმოშლილი დახვედროდა კლუბში.
საათს დახედა, კიდევ ხუთი წუთი გასულიყო.
ნახევარი წელი ხვდებიან ერთმანეთს, ვიკტორია ჰქვია, დედით უკრაინელია, თუმცა ყველა ვიკის ეძახის, სლავური რასისთვის დამახასიათებელი თვალშისაცემი გარეგნობა აქვს: - ქერა თმა, მწვანე თვალები, ქათ-ქათა კანი, გრძელი ფეხები და მაღალი, პროპორციული ფიგურა.
თმას ყოველთვის მოკლედ იკრეჭს, კეფასთან აპარსული მოდური ვარცხნილობა, არაჩვეულებრივად უხდება, ერთხელ უთხრა ამ ვარცხნილობას “ნიუ პიქსი” ჰქვიაო.
გეგას მოსწონს, როცა გრძელი “ჩოლკა” თვალებზე ჩამოებუწება, ის კი ხელით უკან გადაუწევს, ამის შესახებ გამუდმებით ეუბნება, მოფერებით “კაკეტკას” ეძახის და ბევრს კოცნის.
ვიკიც ღიმილით იფერებს კომპლიმენტს, სიამოვნებს საყვარელი მამაკაცის სიახლოვე და ყოველთვის, როცა თმა სახეზე ჩამოებუწება “ბოიფრენდს” აძლევს მისი გასწორების ნებას.
უკვე რამდენიმე წელია საკუთარ საქმიანობას ეწევა, რადგანაც პროფესიით მხატვარია, ვორონცოვზე პატარა ტატუ-სალონი გახსნა და უმეტესად თინეიჯერ გოგონებს ინტიმურ ადგილებზე ლამაზ პიქტოგრამებს ახატავს.
გეგამ შემთხვევით გაიცნო ერთ-ერთ წვეულებაზე, თავიდანვე უცნაური ლტოლვა იგრძნო მის მიმართ, რაშიც მთავარი ქალის მომნუსხველი შარმი იყო, მას შემდეგ ძალ-ღონე არ დაუზოგავს მისი გულის მოსაგებად: - საჩუქრები, ბარ-რესტორნები, მოულოდნელი სიურპრიზები, მოკლედ არაფერს აკლებდა.
ახლა სისტემატურად ხვდებიან ერთმანეთს, თავისუფალი სექსუალური ურთიერთობა აქვთ, ვიკი თანამედროვე ქალია, დაოჯახებაზე არ ფიქრობს, თვლის რომ ჯერ პატარაა, ახლახან შეუსრულდა 26 წელი, ამიტომ სექსს ისე უყურებს, როგორც სპორტის ერთ-ერთ სახეს, რომელიც ორგანიზმზე დადებით, გამაჯანსაღებელ ზეგავლენას ახდენს.
გეგასაც აწყობს მსგავსი შეხედულება, მოკლედ იდეალურად უგებენ ერთმანეთს.
- ყავას კიდევ ხომ არ ინებებთ?
ფიქრი ოფიციანტმა შეაწყვეტინა, თეთრ წინსაფარ აფარებულ გოგონას ახედა, მერე მაგიდის კუთხეში დადგმულ ცარიელ ფინჯას თითი გაჰკრა და თავი უარის ნიშნად გააქნია.
გოგონამ მოკრძალებით გაუღიმა, მიტრიალდა და დახლს მიღმა გაუჩინარდა.
გეგამ მაგიდიდან ტელეფონი აიღო, მათეს გადაურეკა, როცა რამდენიმე ზუმერის შემდეგ მეგობრის ხმა ჩაესმა, გაბრაზებულმა ჰკითხა.
- სად დაიკარგე ტო?
- “პარკინგზე” ვარ ორ წუთში მანდ ვიქნები.
- გელოდები, - ტელეფონის განათებულ მონიტორს დახედა და კატეგორიული ტონით დაუმატა, - დაუჩქარა.
მერე წამოდგა, დახლისკენ გაემართა.
ორმაგ ფართე კართან მდგარი, შავ კოსტიუმში გამოწყობილი მაღალი, მხარ-ბეჭიანი დაცვის თანამშრომელი წინ გადაუდგა და მომთხოვნი ტონით ჰკითხა.
- კლუბის წევრი ხართ?
გეგამ დღეს უკვე მეორეჯერ შეამჩნია, რომ ნერვები ეშლებოდა, კლუბის ხშირი სტუმარი იყო, ყველა სცნობდა, ბატონობით მიმართავდა, ახლა კი მის წინ მდგომი ახოვანი მამაკაცი ეჭვის თვალით უმზერს, სწორედ დაცვის უნდობელმა გამოხედვამ გამოიყვანა მდგომარებიდან.
უფრო სწორად მიზეზი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებში უნდა ეძებნა: - მისი და ჯანოს დაპირისპირება, ფირმაში შექმნილი კრიზისი, მათეს ინფანტილურობა , ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი.
რაღაც მომენტში შეამჩნია, რომ კონტროლს ჰკარგავს, დაცვის თანამშრომელს, რომელიც უბრალოდ დაკისრებულ ვალდებულებას ასრულებს მოსისხლე მტრად მიიჩნევს.
ნებისყოფის დაძაბვით ნერვები მოთოკა, შეთხელებული თმა შეისწორა, დაცვას თავის დაკვრით მიესალმა და დასმულ შეკითხვას, კითხვით უპასუხა.
- ახალი ხარ?
დაცვას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ უტყვად აათვალერ-ჩაათავალიერა და ხელები მკერდზე შემოიჭდო.
გეგამ ამოიოხრა, პიჯაკის ჯიბიდან წითელი პლასტიკური ბარათი ამოიღო და კლუბის დაცვას მიაწოდა, მამაკაცმა მხოლოდ გაკვრით შეავლო თვალი ბარათს, შემდეგ გვერდზე გადგა და შესასვლელი კარი გაათავისუფლა.

**********

კაფეში შესულმა მათემ, გეგას მაშინ მოჰკრა თვალი, როცა დაცვის თანამშრომელთან საუბარს მორჩა და სარდაფში ჩამავალი ორმაგი კარი შეაღო.
წამით მის სმენას ელექტრონული მუსიკისთვის დამახასიათებელი კაკაფონია მისწვდა, როგორც ყოველი კლუბელი საშუალოდ ერკვეოდა თანამედროვე კლუბურ “სინგლში”, მიხვდა დაბსტეპის სტილის მუსიკა ჟღერდა, თუმცა კომპოზიციის გამოცნობაზე დრო არ დაუხარჯავს, მთლად ასეთი თავგადაკლული მელომანიც არ გახლდათ, კოჭლობით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და სანამ კარი მიიხურებოდა მეგობარს გასძახა.
- უჩემოდ აპირებ გართობას?
გეგა შედგა, გვერდულად გადმოხედა, ცალყბად გაუღიმა, ფეხი წინ წარსდგა და კარს დახურვის საშუალება არ მისცა.
მათემ დახლს მოუარა, დაცვის თანამშრომელს კლუბის ბარათი აჩვენა და ღია კარში შეაბიჯა.
- როგორც იქნა გეღირსა მოსვლა, - გაღიზიანებული ტონით უთხრა მეგობარმა და საათს დახედა, - უკვე ორმოცი წუთია ვალოდინებთ გოგონებს.
მათემ თვალი შეავლო Tissot-ის მოოქროვილ ციფერბლატს, ფოსფორისებული ისრები საღამოს ცხრა საათს აჩვენებდა, მართლა დიდი დრო მოანდომა კლუბამდე მოსვლას.
იცოდა გეგას ხასიათი, ამიტომ მისი ტონისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ხელი ბეჭზე დაჰკრა და უდარდელად მიუგო.
- კაი რა, შენი გოგო არაა, რა გააბრაზებს.
გეგამ მარჯვენა წარბი ზემოთ აპრიხა, მერე გაუღიმა, ხელი გადახვია და დაღლილი ხმით უთხრა.
- არ გამამტყუნო “ბრატ”, ბოლო ხანია ნერვები მღალატობს, ჯანოს დედა ვატირე, ჩააჯვა აწყობილ საქმეში, - მერე ღიმილით გადახედა და ხუმრობით უთხრა, - სხვათა შორის უნდა მიმადლოდე, ვიკიმ მისი ყველაზე “სვეცკი” დაქალი წამოიყვანა, ლეკა ჰქვია მაგარი “დაგევასება”.
- მადლობელი ვარ.
მათეს უხაროდა, რომ დღეს ფირმის საქმეებზე არ მოუწევდა ტვინის ჭ....ტა, მეგობრის სიტყვებით კმაყოფილი იყო, ნელა შეაბიჯა ვიწრო დერეფანში და მსუბუქად ჩაუყვა სარდაფში ჩამავალ, ბუნდოვანი ვარდისფერი შუქით განათებულ კიბეს.
კლუბი არ იყო დიდი, თუმცა ჭკვიანურად დაპროექტებული დარბაზი ბლომად ხალხს იტევდა, ბარ-რესტორანში ბარმენები ტრიალებდნენ, კოქტეილებს ამზადებდნენ და შეზარხოშებულ კლუბელებს უმასპინძლდებოდნენ.
ბარის გვერდით საცეკვაო მოედანი მოეწყოთ, სადაც ნახევრადშიშველი გოგონები მოლაპლაპე ბოძის ირგვლივ აკრობატული ილეთებით ეგზოტიკურ ცეკვებს ცეკვავდნენ.
შექმნილი გარემო, სასამოვნოდ ზემოქმედებდა კლუბის წევრებზე, რომელთა შორის ახალგაზრდები სჭარბობდნენ, ხალხით გავსებული ფერადი შუქდიოდებით განათებული დარბაზი ცოცხალი არსებასავით ცახ-ცახებდა, ირხეოდა.
ყველაფრისგან მოშორებით, შემაღლებულ პანდუსზე “ხაუს-მიკშერის” გვერდით დიჯეი იდგა, თითებს “სინთეზატორის” კლავიშებზე ათამაშებდა და რიტმს აყოლილი ბნედიანვით იქნევდა უშველებელი ყურსასმენებით შემკულ თავს.
როცა დერეფნიდან დარბაზში გავიდნენ, მათე საბოლოოდ მიხვდა, გეგას რომც ეცადა აქ ფირმის საქმეებზე საუბარს მაინც ვერ შეძლებდნენ.
დაბსტეპის ხმამაღალ მუსიკას, კლუბური კოქტეილიდან შეზარხოშებული ახალგაზრდების გაუთავებელი ყაყანი და გოგონების კისკისი ერთოდა.
საცეკვაო მოედანს გვერდი ჩაუარეს, გეგამ წინ შემხვედრ ლამაზ გოგონას, რომელსაც ხელში კოქტეილით სავსე ბოკალი ეჭირა წაუცეკვა, კომპლიმენტიც მიაძახა და ბარის მახლობლად თავისუფალ მაგიდას მიადგა.
მათე ღიმილით უმზერდა მეგობარს, არასდროს ყოფილა აქტიური, ერჩივნა განაპირა მაგიდასთან მჯდომს გაეტარებინა საღამო, შორიდან ედევნებინა თვალი “სტრიპტიზ-შოუსთვის” და კოქტეილი დაეწრუპა.
ცეკვა არ ეხერხებოდა, თანაც ნაჭრილობევი ფეხი საშუალებას არ აძლევდა, მოხდენილი მიხვრა-მოხვრით მოეხიბლა პარტნიორი.
ახლაც ჩვეულებისამებრ მაგიდას მიუჯდა და მოლაპლაპე ბოძს შიშველი სხეულით შემოხვეულ მოცეკვავე გოგონებს გახედა.
გეგა არ დამჯდარა, თვალებმოჭუტული ათვალიერებდა დარბაზს, მერე მეგობარს მიუბრუნდა.
- წავალ გოგონებს მოვძებნი, თან სასმელს მოვიტან, - წამით ინტერესით მიაცქერდა მათეს და ჰკითხა, - რას დალევ?
- “ტეკილა ბუმს” - უპასუხა მათემ.
- ესე იგი, მაგრად შევუბეროთ?
თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია, სავარძლის საზურგეს ნებიერად მიაწვა და სასმელის მოსატანად წასულ მეგობარს თვალი გააყოლა.
ბარ-რესტორანთან შეზარხოშებული ახალგაზრდების რიგი იდგა, გეგა რამდენიმე კლუბელს ხელის დაქნევით მიესალმა, ბარმენიც ნაცნობი იყო, ამიტომ შორიდანვე ორი თითის აწევით მისცა შეკვეთა და დახლის კიდეს მიეყრდნო.
სანამ სასმელს აიღებდა, ჯერ ეკზოტიკური ცეკვების ცქერით ირთობდა თავს, ერთ მოცეკვავე გოგონას ბიკინებში 50 ლარიანიც ჩაუცურა, შემდეგ ტელეფონი ამოიღო, ნომერი აკრიბა და გადარეკა, ორი წამიც არ გასულა, უკნიდან ხმა მოესმა, მიტრიალდა, ბარ-რესტორანთან მოგროვილ კლუბელებს შორის ვიკის მოჰკრა თვალი, ტელეფონიანი ხელი ზემოთ აეწია და უქნევდა.
კმაყოფილმა გაიღიმა, ყოველთვის სიამოვნებდა მისი “გელფრენდის” დანახვა, რამდენიმე მოზრდილი ნაბიჯით ვიკის გვერდით გაჩნდა და გადაეხვია.
მათე შორიდან უმზერდა ამ სცენას, გეგა როგორც ყოველთვის, ახლაც თავის ამპლუაში იყო, აქტიური, ენერგიით აღსავსე, ნაცნობებს ესალმებოდა, ხმამაღლა საუბრობდა, მერე ბრჭყვიალა ზედატანში და მოტკეცილ ჯინსებში გამოწყობილ, გამომწვევად მომზირალ ქერათმიან ქალს მიუახლოვდა, გადაეხვია, გადაკოცნა და საუბარი გაუბა.
მათე იცნობდა ვიკის, მართალია ხშირად არ უწევდა მისი ნახვა, მაგრამ როცა შეხვდებოდა ყოველთვის მეგობრულად მოიკითხავდა, თვალშისაცემი გარეგნობა ჰქონდა, ლამაზი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად რაც დაამახსოვრდებოდა ადამიანს - ტატუებით აჭრელებული მკლავები გახლდათ, ქალს ჩინური სიმბოლიკები ამოესვირინგებინა ორთავე ხელზე, ეს რა თქმა უნდა რაც ყველას შეეძლო დაენახა, თორემ რა პიქტოგრამები ეხატა ინტიმურ ადგილებზე, ამის შესახებ გეგას გარდა არავინ იცოდა.
მათე ხედავდა, როგორ აჟიტირებული იქნევდა გეგა ხელებს, მერე ვიკიმ ლამაზ, შავგვრემან გოგონას მოუხმო, რომელსაც ზედმეტად გარუჯული, შოკოლადისფერი კანი და გრძელი, კუდად შეკრული კუპრივით შავი თმა ჰქონდა.
გეგა ზრდილად მიესალმა შავგვრემანს, ხელი მათესკენ გამოიშვირა, დახლიდან ქარვისფერი სითხით სავსე ორი სასმისი აიღო და მაგიდას მოუახლოვდა.
- გოგონები ვნახე, - უთხრა მეგობარს, - დალევაც მოუსწრიათ, - მერე ჭიქა მიიყუდა და “ტეკილა-ბუმი” სულმოუთქმელად გადაჰკრა.
- ვიცი აქედან გიყურებდი, - მათემ სასმელიდან თვალებაცრემლებულ მეგობარს ახედა.
- მართლა მაგარი გოგოა ლეკა, იღბლიანი ხარ, - გეგა ხმამაღალი მუსიკის გადასაფარად ლამის ყვიროდა, - თან “ბუხოიცაა”, მოკლედ აწყობილი გაქვს ცხოვრება.
მეგობრის სიტყვებზე გაეცინა, მერე სასმელი მოწრუპა და დარბაზის ცენტრში საცეკვაოდ აშლილ კლუბელებს გადახედა.
- წავალ წავუცეკვებ, - გეგამ მხიარულად ჩაიქირქილა, - შენც რომ წამოხვიდე კარგი იქნება, - კითხვით აღსავსე მზერა მიაპყრო მეგობარს.
თავი უარის ნიშნად გაიქნია.
- ხომ იცი არ ვცეკვავ, ფეხი “მიტრაკებს”.
გეგა რამდენიმე წამი გაწბილებული უმზერდა მეგობარს, მერე ხელი ჩაიქნია.
- კარგი არ მოიწყინო, ცოტაც მადროვე და ლანგარით მოგართმევ მაგარ “ნაშას”.
ირონიულად გაიცინა, დარბაზისკენ მიტრიალდა და აჟრიამებულ ბრბოს შეერია.

**********


პიკსი - ვარცხნილობის ერთ-ერთი პოუპალურლი ვარიანტი, რომელიც რადენიმიე წელია პოიზიციებს არ თმობს. სტლისტები მას უნივერსალურს უწოდებენ. მის ახალ ვარიანტს - “ნიუ პიკსის” აპარსული კეფა და გაღიავებული ბოლოები აქვს.

ინფანტილიზმი (ლათ. infantilis - საბავშვო) - გულისხმობს პიროვნების მოუმწიფებლობას, შეფერხებას ჩამოყალიბების პროცესში, რასაც შედეგად მოჰყვება ადამიანის ქცევის შეუსაბამობა ასაკობრივ მოთხოვნებთან. გადატანითი მნიშვნელობით მიამიტურ მიდგომას ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საკითხებში: პოლიტიკაში, ურთიერთობებში და ა.შ. ტერმინი “ინფანტილურობა” მომდინარეობს სიტყვიდან “ინფანტი” (ესპ. infant, პორტ. infant, ლათ. infans - ბავშვი) - ესპანეთისა და პორტუგალიის სამეფო კარზე გავრცელებული ტიტული, რომელიც ენიჭებოდათ პრინცებსა და პრინცესებს.

დაბსტეპი (ინგლ. Dubstep) - ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობა. ჩამოყალიბდა ლონდონში (ინგლისი). პირობითად იყოფა ორი სახის, მძიმე და მსუბუქ დაბსტეპად. მძიმე შეიძლება ეწოდოს ისეთ ჟღერადობას, რომელშიც გამოკვეთილია ხმამაღალი ბას-სექცია და დასარტყამი საკრავები, ხოლო მსუბუქი - ნელი ტემპის მქონე მუსიკა, რომელიც ტრანსის მსგავსია.



№1  offline წევრი ვიპნი

ცოტა უფრო დიდს ველოდი,წარმატებები ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent