სიცრუის სადგური 12
*** მრავალხნიანი მკურნალობის შემდეგ სანდრო ფეხზე დადგა და ნაცნობ-მეგობრების და ცოდნის წყალობით, ერთ-ერთ ტელევიზიაში დილის წამყვანად დაიწყო მუშაობა. სოფისთან საავადმყოფოს პალატაში არასასიამოვნო საუბრის მერე, მესხს აღარ მიუკითხავს, განგებ ერიდებოდა მასთან შეხვედრას და ამას თავად სანდროც კარგად ხვდებოდა, თუმცა მაინც არ ასვენებდა მასზე ფიქრი, გონებიდან ვერ ირეცხავდა და კვლავ იგივე აზრზე იდგა, რაც საავადმყოფოში უთხრა. *** მას შემდეგ, რაც სოფის ლევან მდივნის ოფიციალური საცოლე დაერქვა, უკვე თამამად ჩნდებოდა მის გვერდით საზოგადოებაში. ნინაკა აბაშიძეს ხშირად უწევდა იმ ხალხში გამოჩენა, სადაც დიდი მაესტროც ხშირად იმყოფებოდა. აცოფებდა ის აზრი, რომ მდივანს თავისი საიდუმლოთი ჩაჭერილი ჰყავდა და როგორც კი მისთვის რამის დაშავებაზე იწყებდა ფიქრს, უმალ სიტყვა-სიტყვით წარმოუდგებოდა ხოლმე მისი მუქარა და ფეხს ითრევდა. არ უნდოდა მისი და თავის საყვარლის სახელი ლაფში ამოსვრილიყო. სახელის გაფრთხილება მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ტოლფასი იყო. -ეს წყვილი დღითი-დღე ყურადღების ცენტრშია. არ იმსახურებს ეს ნაძირალა კაცი ამ გოგოს,- ხმამაღლა ფიქრობდა ერთ-ერთ წვეულებაზე მყოფი ნინაკა, რომელიც შურით უყურებდა თავმომწონე წყვილს. -შეიძლება, გავიგო ჩემი დაქალი სასტიკი მკვლელობის რომელ სერიაზეა და როგორ იარაღზე ფიქრობს ლევან მდივნის სულის გასაფრთხობად?- გაღიმებული სახით ამოუდგა მისი ერთგული ჟურნალისტი, რომელიც „ჩვენის“ ელიტარული ჭორების ქრონიკებს უძღვებოდა. -მინდა, უროთი გავუჩეჩქვო თავი ამ არაკაცს,-კბილებში სცრიდა ნინაკა. -განსაკუთრებული ზიზღი დაგჩემდა მის მიმართ. მგონი ამოჩემებად გექცა. -ზუსტად ასეა. კიდევ ვერ მომინელებია რაც ამ ნაგავმა გაუკეთა ჩემს დას. კაცისკენ გახედვაც აღარ უნდა. ყველას მიმართ ნდობა აქვს დაკარგული და ფსიქოტროპულ წამლებზე ზის. ნაგვის ბუნკერი! როგორ ვერ ვიტან!- მთელი ფუჟერი შამპანური დალია და ახალს დაავლო ხელი. -ნინაკა აბაშიძე, არა?- უეცრად მოესმა მამაკაცის ხმა. -დიახ,- გაკვირვებული შეუბრუნდა უკან მდგომ სანდროს აბაშიძე. -მთელი საღამოა გაკვირდებით, თვალს არ აშორებთ ლევანს. -შენთვის დედ-მამას არ უსწავლებია, რომ სხვისთვის მიშტერება თავხედური საქციელია? -ლევან მდივანს ისევე ვერ იტანთ, როგორც მე. არ უარყოთ, სახეზე გაწერიათ,- თეთრი ღვინით სავსე ბოკალი მიიტანა პირთან და რამდენიმე ყლუპი მოსვა. -რა გინდა, პატარა ბიჭი? ქალი აგახია და შენთან ერთად ტერორისტულ დაჯგუფებაში გინდა ჩამწერო, რომ ავაფეთქოთ, თუ რას ითხოვ ჩემგან? სანდროს სიმწრით ჩაეცინა: -ჭკვიანი ქალი ჩანხართ. ტყუილად არ ამბობენ თქვენზე, რომ იმდენად ჭკვიანია, ზედმეტად საშიშიც კი არისო. ნინაკას ალკოჰოლისგან სითამამე შემატებოდა და ხუმრობის ხალისი მოეჭარბა: -იმდენად საშიშიც კი ვარ, ჩემგან წუთის წინ მიჩმორებული ეშმაკი დასჯილი ბავშვივით კუთხეში დგას და შიშისგან ძრწის. -რა დაგიშავათ ლევანმა? -უკაცრავად? ანგარიში უნდა ჩაგაბაროთ? -მორჩით „იაზვა“ ლაპარაკს. შემოთავაზება მინდა გაგიკეთოთ. -რა შემოთავაზება? -ვიცი, რომ იცით, გადაცემის წამყვანი ვარ და ასე თუ ისე არაჩვეულებრივად მიმიწვდება ხელი საკბილო ამბებზე ჩასაფრებულ საინფორმაციო წყაროების დედებთან და მამებთან. თუ რამე იცით მისი წარსულის შესახებ, რომელიც დიდი მაესტროს გარშემო სკანდალს ატეხს, დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. -ეგ რომ ვიცოდე, ასე კი არ ვიქნებოდი ჩასაფრებული მშიერი კობრასავით,- ბოროტულად ჩაეცინა ქალს და შამპანურის მორიგი ყლუპი დალია. -იმედი მაქვს, სიმართლეს ამბობთ. -რომც ვიცოდე, გგონია, გეტყოდი? -რატომ? -წადი და შენით იმეცადინე. იქნებ თავად მიაგნო ამ დიდი კაცის შავბნელ სოროებს. ოო, იმდენ კაკალს და თხილს ინახავს შიგნით, მთელი წელი გეყოფა გამოსაკვებად. -რატომ არ მეტყოდით? -იმიტომ, რომ მე ჩემი ანგარიში მაქვს მასთან გასასწორებელი, შენ-შენი. ასე, რომ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებ. საკუთარი ძალების მჯერა. -კარგი, რადგან ასეა, რა გაეწყობა?- გაუღიმა ბიჭმა და ზურგი აქცია. სანდრომ უკანასკნელად შეხედა ლევან მდივანს და წვეულებიდან წასვლა დააპირა, როდესაც მოულოდნელად სოფის შეეჩეხა. -გგონია, ვერ გამჩნევ, რომ მთელი საღამოა მე და ლევანს გვითვალთვალებ? ბიჭმა ირგვლივ მყოფთ მედიდური მზერა შეავლო და მესხს მიუბრუნდა: -ტერასაზე გავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ. -ფარულად? -ხედავ როგორი კეთილი ვარ? შენ გიფრთხილდები, რომ იმ ტიპმა მერე ნერვები არ მოგიშალოს. -რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ისევ ლევანზე გინდა, ტვინი მიბურღო? გავიგე, რომ ვერ იტან, აღარ არის საჭირო ამის ათჯერ და ოცჯერ თქმა და არც შენი ირონია არ არის საჭირო, ყველგან რომ გამუდმებით აკვეხებ. სანდროს გაწიწმატებული სოფის დანახვაზე სახე და ხმა შეეცვალა: -გასაგებია. რაც მაღალი საზოგადოების წარმატებულ ხალხს შეერიე, ჩემთან საუბარს აღარც კადრულობ. მაინც როგორ ცვლის ადამიანს მატერიალური ღირებულებები. მე წავედი, კარგი? სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებ,-თვალები დახარა მასზე განაწყენებულმა და გვერდი აუქცია. -მოიცადე!-შეაჩერეს სოფის სიტყვებმა,-კარგი, მოგისმენ. გადი და იქ დამელოდე, მალე გამოვალ. ცოტა ხანში შემოდგომის საღამოთი ოდნავ შეგრილებულები ტერასაზე იდგნენ და ვერცერთი ბედავდა საუბრის დაწყებას, რაღაც ბოჭავდათ. ბოლოს ისევ სანდრომ დაარღვია სიჩუმე: -გიყურებ და ასეთი რადიკალური ცვლილება უბრალოდ წარმოუდგენელია. თვალსა და ხელს შუა იცვლები. -რას გულისხმობ? -იმას, რომ არაჩვეულებრივად იხდენ იმ გარემოს, ვისი წყალობითაც ამნაირებში გაერიე. -ამნაირები როგორ გავიგო? -პეროიანი და თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე „სასტავი“, რომლებიც კარგად ინიღბებიან და საკუთარ ჭუჭყს ჭრელა-ჭრულა ქაღალდებში ფუთავენ. -მერე? -რა მერე? დავიჯერო, ეს გინდოდა? -ჰო, ეს მინდოდა. ახლა დაკმაყოფილდი? სანდროს ჩაეცინა და თავი გააქნია: -არა, სოფი. შენ შენი ნიჭის წარმოჩენა და გვერდში ისეთი ადამიანების ყოლა გჭირდება, რომლებიც ნამდვილები იქნებიან შენთვის. აი, რა გინდა და არა ისინი, რომლებიც საერთოდ არ გცნობენ და რეალურად არც კი იციან ვინ არის სოფი მესხი. -იგივეს იწყებ და იქით მიგყავს საუბარი, რომ ჩემი საქმრო გალანძღო. -საინტერესოა, ლევანმა იცის, რომ სოფი დღემდე გიჟდება კარამელიან და რძიან ჩუპა-ჩუპსზე? ან ის იცის, რა აცინებს გულწრფელად და რა ამსგავსებს პატარა და თავქარიან ბავშვს? ის მაინც თუ იცის, რომ დღემდე საყვარელ კურდღელთან სძინავს, რომელიც მთაწმინდის პარკში ტირის თოფის სროლაში მოიგო? მისი სახელი იცის? ის ისტორია თუ იცის როგორ დაერქვა მისტერ ფიგარო? არ იცის. აი, მე კიდევ ვიცი როგორია სინამდვილეში ჩემი საყვარელი ქალი. სოფი გაჩუმდა და თავი დახარა. -რატომ გაჩუმდი? ილაპარაკე. -რა გინდა, სანდრო?-დაბალი ხმით ამოიჩურჩულა ქალმა. -იმ სოფის დაბრუნება მინდა, რომელიც ლევანთან შეხვედრამდე მე და საერთო მეგობრებს გვყავდა. შენ გგონია, მხოლოდ მე ვამჩნევ, რომ ნელ-ნელა მეგობრების მიმართაც უცხოვდები? არა, სოფი. ამას ყველა ამჩნევს, უბრალოდ არავინ საუბრობს ამაზე ხმამაღლა, თუმცა გული სწყდებათ, რომ დაშორდი და სხვა მხარეს გაიჭერი. -რის მიღწევას ცდილობ ამ საუბრით? -აბა, თუ მიხვდები?-წარბი ასწია სანდრომ. -საყვარელო, აქ რა გინდა?- თავზე დაადგათ ლევანი, რომელსაც თვალთახედვის არიდან გამქრალი საცოლის საძებნელად გამოსულიყო. სანდრომ სოფის შემკრთალი სახე რომ დაინახა, ლევანს წინ გადაუდგა და ცინიკური ღიმილით უთხრა: -მე მესაუბრებოდა. რამე პრობლემაა? -ეს ტიპი ვინ არის?- მკაცრი სახე მიიღო ლევანმა და სოფის გადახედა. -სანდრო,-არ დამალა ქალმა და თავიდან ფეხებამდე შიშმა დაუარა. -არც გაბედო, რომ საყვედური უთხრა. მე მინდოდა მასთან საუბარი და თუ რამე, აგერ ვარ,- კბილებში გამოსცრა სანდრომ. ლევანმა პერანგის საყელოში მოქაჩა და ზიზღით წარმოთქვა: -თუ არ გინდა ეგ სიფათი გაგიერთიანო, აქედან აუდე და სოფის გვერდზე მეორედ არ გნახო! -რა იყო? შეგაშინა ჩემმა გამოჩენამ? -რა მითხარი? -ხელი გამიშვი!-თვალები დაუბრიალა სანდრომ. -ძალიან გთხოვ, ლევან. ოღონდ არაფერი წამოიწყოთ. ჟურნალისტებით და პრესით არის აქაურობა გადაძეძგილი,- საქმროს მივარდა სოფი და მის დაწყნარებას შეეცადა. -მე პირადად მაგრად მკი/დია. მაჩვენე ერთი დირიჟორის ჯოხის ქნევის გარდა რისი თავი გაქვს. -ამხელა კაცმა თავი როგორ გაგიყადრო, შე ლაწირაკო, თორემ კი ხარ ღირსი მარტივ მამრავლებად დაგშალო ძვლებში. -მინდა იცოდე, რომ სოფი მიყვარს. თუ შენ თავში დარწმუნებული ხარ, პრინციპში მშვიდად უნდა იყო და ჩემს დანახვაზე ასე არ უნდა გამოდიოდე წყობიდან. -შენი დედას შევე/ცი. რამდენს ბედავ, ბიჭო?-ლევანმა ვეღარ მოითმინა და სახეში უთავაზა მუშტი. -გაჩერდით, გთხოვთ,-იკივლა სოფიმ. -სულ ეგ ხარ?- სანდრომ ნატკენ სახეზე მოიკიდა ხელი და საპასუხო მუშტი მთელი ძალით დაუბრუნა. -შენი დედაც მოვ/ტყან, შე ახვარო! - ისევ დააპირა ლევანმა სანდროსთვის ხელის მოქნევა, როდესაც სოფის გული წაუვიდა და იქვე ჩაიკეცა. ორივეს ყურადღება უმალ უგონოდ მყოფ ქალზე გადაერთო და ერთბაშად მივარდნენ დასახმარებლად. -სოფი, რა დაგემართა? ვინმემ წყალი მოიტანოს,-იყვირა ლევანმა. -სოფი!-შეშფოთებული დასცქეროდა სანდრო და მისი მდგომარეობით შეწუხებული ცდილობდა, როგორმე გონზე მოეყვანა საყვარელი ადამიანი. -აქედან გაეთრიე და ხელის დაკარება არც იფიქრო!-შეუღრინა ლევანმა. სანდრო აღარ უსმენდა, შენობაში შევიდა, რომ სოფის მოსასულიერებლად წყალი გამოეტანა. თავზარდაცემული თავადაც ვერ მიხვდა როგორ დასტაცა მაგიდაზე განლაგებული პლასტმასის პატარა ბოთლებიდან ერთ-ერთს ხელი და უკან დაბრუნდა ტერასაზე, რომ სოფისთვის ეშველა. ამასობაში ლევანს გონზე მოსული ქალი მკლავებში მოექცია და უკვე კიბეებზე ჩაჰყავდა, როდესაც წყლის ბოთლით ხელში მოვარდნილი სანდრო დაინახა: -ამას უმადლოდე, რომ ცოცხალი გადამირჩი, მაგრამ სხვა დროს შევხვდებით და მუშტი-კრივი რომელმა უკეთესად ვიცით, მაგას მერე გაჩვენებ,- კბილები გაახრჭიალა და სუსტად მყოფ ქალთან ერთად იქაურობა დატოვა. მარტოდ დარჩენილმა სანდრომ წყლის ბოთლი ძირს დაახეთქა და სიბრაზისგან ისე მოუჭირა თითები ხელის გულებს, ლამის კანიდან სისხლი წამოუვიდა. *** სანამ მანქანას დაძრავდა, ლევანი სოფის ფერმკრთალ სახეს დააკვირდა და თითებით მიუალერსა. -კარგად ვარ, ლევან,-მშვიდი იყო სოფი და ცდილობდა, მამაკაცის მღელვარება უკუეგდო. -არ მოგერიდოს, მითხარი და თუ საჭიროა, ექიმთანაც წავიდეთ. -თავი მტკივა და ცოტა სისუსტეს ვგრძნობ, სხვა არაფერი. ნუ ნერვიულობ,-აქეთ ამშვიდებდა ქალი. -იმ ნაბი/ჭვრის პატრონი უნდა მოვ/ტყნა! ყველაფერი მაგის ბრალია. -იმას არაფერი დაუშავებია. ჩვეულებრივად ვსაუბრობდით. -ნუ იცავ! -არ ვიცავ! როგორც იყო, იმას ვამბობ,- ძალადაკარგულმა ძლივს ამოთქვა და თვალები დახუჭა. -რატომ ჩამოუდექი სალაპარაკოდ? -რა მეთქვა? რადგან შეყვარებულები აღარ ვართ, ადამიანი აღარ გქვია და ხმას არ გაგცემ-მეთქი? -ხომ იცი, რომ ისევ უყვარხარ? იმასაც ხომ ხვდები რა თვალით გიყურებს? რაზე მაყბედებ ამდენს? -მაგრამ ლაპარაკს რა უდგას წინ? მე და სანდრო კი არა, მსოფლიო დონის წყვილები შორდებიან და მეგობრებად რჩებიან. ლევანს ნერვებმა ყელში მოუჭირეს: -გაფრთხილებ, თუ მეორეჯერ დაგინახავ იმ ტიპთან, ძალიან სერიოზული პრობლემები შეგექმნება ჩემთან. იმ სირ როჟაზე აღარაფერს ვამბობ. ისიც თუ ტრ/აკს არ დააყენებს, პირდაპირი ჩართვით გაყურებინებ მის ცოცხლად დამარხვას. -ნუ მემუქრები. -მე მითქვამს, დანარჩენი შენ გადაწყვიტე! სოფის შეპასუხების თავიც არ ჰქონდა, თუმცა ძალიან ბრაზობდა ლევანზე და შინაგანად წარმოქმნილ ამბოხს ვერაფერს უხერხებდა. იმ ღამით ლევან მდივანს არ მიუტოვებია, მთელი ღამე მის გვერდით გაატარა. სოფის ორჯერ გამოეღვიძა, თუმცა როგორც კი შეამჩნია, რომ მის გვერდით ტანსაცმლით წამოწოლილ ლევანს არ ეძინა და ბორგავდა, მასთან საუბრის ასარიდებლად თავი მოიკატუნა, რომ ეძინა. კოშმარული და უამრავი საგონებლით გამოჭედილი ღამე როგორც იქნა, დილამ შეცვალა. ღამენათევმა ლევანმა მეორე დღეს მძინარე საცოლეს ლოყაზე აკოცა და სამასახურში წავიდა. ორკესტრი ბათუმის პიაცაზე, ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი კონცერტისთვის უნდა შეემზადებინა. *** საღამო ხანი იყო, როდესაც სახლში მისულ ლევან მდივანს დაურეკეს და აცნობეს, რომ ფაქსით ინფორმაციას უგზავნიდნენ. ლევანი უმალ თავის კაბინეტში შეიჭრა და ცნობისმოყვარე სახით დაუწყო მეტოქის შესახებ ინფორმაციის მოსვლას ლოდინი: -სანდრო ლიჩელი, დაბადებული 1993 წლის 16 თებერვალს. მცხოვრები ვერცხლის ქუჩის N7 -ში. დაამთავრა თბილისის 51-ე საჯარო სკოლა. 2011 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 2015 წელს მიიღო ბაკალავრის დიპლომი „ჟურნალისტიკაში და მასობრივ კომუნიკაციაში“. 2013 წლიდან არის ბაიკერთა კლუბის წევრი. მოგებული აქვს რამდენიმე მოტორბოლა. 2016 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიაში პროდიუსერ სერგი ბიწაძის თანაშემწედ. 2019 წელს დაამთავრა უფსალას უნივერსიტეტი ციფრული ჟურნალისტიკის განხრით. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი. ამჟამად მიჰყავს ტელეკომპანია „FDC“-ის დილის გადაცემა წამყვანებთან ნინო სიჭინავა, დემე ერაძე და ლიკა სურმავასთან ერთად, - მდაჰ, საკმაოდ მიმზიდველი ბიოგრაფიული მონაცემები ჰქონია,-ნიკაპი მოისრისა ლევან მდივანმა და ხელში აღებული ფურცელი უდრტვინველად დადო მაგიდაზე,-მაგრამ როცა მე ვინმე მაბრაზებს, სამწუხაროდ დანდობა არ ვიცი ხოლმე და გასაფუჭებლად ადვილად ვიმეტებ,- ერთხელ კიდევ ცბიერად დახედა ფურცელს და სანდრო ლიჩელის ბიოგრაფიას წითელი მარკერით დიდი ძახილის ნიშანი დაასვა. *** სოფისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი დღითი დღე სულიერ თავისუფლებას ართმევდა. თითოეული დღე მსხვილ თოკებში იბურდებოდა და ხელ-ფეხ შეკრულივით ითხოვდა შველას. მხოლოდ მუსიკა აძლევდა განტვირთვის და მოჭერილი თოკებიდან აწყვეტის საშუალებას, სადაც არავის არაფერს ეკითხებოდა და თავად იყო საკუთარი თავის განმგები. ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ როიალთან მყოფი ქალი მელოდიურ ალქაჯს ემსგავსებოდა, რომელიც საოცარი ენერგიით იპყრობდა ირგვლივ მყოფთ და პირველივე აკრეფილი ნოტებიდან ატყვევებდა. ეს იყო ერთადერთი ხსნა, რომელიც სულის იარებს მალამოსავით უამებდა და ძვირფასი წამალივით ეჭიდებოდა, რომ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საჩუქარი არ დაეკარგა. პირად ცხოვრებაში კი სულიერად გატყდა. ბუნებრივი თვისებები, რომლებიც ბრძოლისა და ამბოხის ქალღმერთს ამსგავსებდა და ამასთანავე სწრაფი მდინარესავით მჩქეფარეს ხდიდა, სადღაც ბნელ კუნჭულში იძულებით გადამალა და ლევან მდივანის მარიონეტად ყალიბდებოდა. ხედავდა საკუთარ თავს სარკეში და ზოგჯერ ზიზღით ივსებოდა სახეშეცვლილ სოფიზე, რომელიც დაპროგრამებული რობოტივით მხოლოდ ისეთად უნდა წარმოჩინებულიყო, რომელიც მაღალი წრის საზოგადოებას შეშვენოდა. ერთ საღამოს, როდესაც ილანასთან ერთად ნაღვლიანი თვალებით ათვალიერებდა საოჯახო ფოტო ალბომს, დედ-მამასთან გადაღებულ სურათს დიდხანს დააცქერდა და მოვარდნილი ემოციები რომ გარეთ გამოეშვა, აივანზე გავიდა, მოაჯირს დაეყრდნო, თავი მაღლა ასწია, თვალები დახუჭა და გაგიჟებულ წვიმას სახე შეუშვირა. ცა იქცეოდა, გაჩენილი გრაგნილები ზეცას ხეთქავდნენ და თავზარს სცემდნენ დედამიწას. -შემოდი რა, სადმე მეხი არ ჩამოვარდეს. ვერ უყურებ რა ამინდია?-შეშინებული ეუბნებოდა ილანა. -ჭექა-ქუხილის გეშინია?- სუსტად ჩაეცინა სოფის, ისე რომ თვალები არ გაუხელია,- ბავშვი რომ ვიყავი და ყოველი დაჭექებისას დეიდაჩემს მუხლებზე ვეკვროდი, მეუბნებოდა, ცაში პატარა ანგელოზებმა თამაში მოინდომეს, მძიმე ბურთებს ერთმანეთს უგორებენ და ეს იწვევს ასეთ ხმაურსო. მერე ვმშვიდდებოდი და იმაზე ფიქრს ვიწყებდი, ნეტა როგორ თამაშობდნენ ანგელოზები და რა ერქვა მათ თამაშს. -სოფი, ძალიან დასველდი. არ გაცივდე! -ისე არაფერი უხდება სევდიან და დანისლულ სულს, როგორც წვიმა. ზოგჯერ გიჟივითაც გავჭრილვარ თავსხმა წვიმისგან დასველებულ ქალაქის ქუჩებში იმ იმედით, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამორეცხავდა ამდენი დარდისგან გაჭვარტლულ ფიქრებს, მაგრამ იმ წლებს და ადამიანებს რა მოვუხერხო, რომლებიც ამ ფიქრთა მონაწილენი და თანამშენებელნი არიან? ვზივარ სიცრუის სადგურში მოგონებებით გაძეძგილი ჩემოდნით, გამუდმებით შევყურებ მოსაცდელის კედელზე დაკიდებულ დიდ, მრგვალ საათს და ვიღაცას, ან რაღაცას ვუცდი... ნეტა როდის ჩამოივლის ვინმე ღვთისნიერი ან ჩემი ავტობუსი და სულის მხუთავი ადგილიდან სადმე, ისეთ ადგილას გამიყოლებს, სადაც ჯერ კიდევ სიცოცხლით სავსე დედ-მამა მელოდება? როგორ მინდა, ცოტა ხნით მაინც შევძლო უანგარო, გულწრფელ ადამიანებთან დარჩენა და ბავშვური სილაღით თამაში. რა იქნება, ერთხელ კიდევ ვიგრძნო მოკლებული სიყვარული? ვინ იცის? იქნებ ისეთივე მშვენებით, კვლავ ისეთივე ახალგაზრდა დამხვდეს მონატრებული დედაჩემი და კიდევ ერთხელ ჩამიწნას სიყვარულით გამთბარი ხელებით მინდორში ამოსული ღიღილოებისგან სადედოფლო გვირგვინი? ზუსტად ისეთი, როგორიც ამ გაყვითლებულ და ფერებისგან გაცრეცილ სურათზე მოჩანს, - ისევ დახედა ფოტოს და გულმოკლული მიუბრუნდა მეგობარს. -რაღაც გაწუხებს და არ ამბობ,- ამოიბუტბუტა ილანამ და თანაგრძნობით შეხედა. -არაფერი მაწუხებს. გვერდში მყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობილი და სასურველი მამაკაცი, მაქვს საოცნებო კარიერა, ასე თუ ისე მოწესრიგებული ფინანსური მდგომარეობა. მეტი რაღა უნდა მინდოდეს? - საკუთარ თავს დასცინა სოფიმ. -რა ვიცი, წარსულზე საუბარმა მეგონა, ნოსტალგია მოგიძალა. დღეს ძალიან მელანქოლიური ხარ. -მაპატიე,- სევდიანად გაუღიმა, აივნიდან ოთახში დაბრუნდა და ხელებში მოქცეული დასველებული სურათი დესაუზე მდგარ მშობლების სურათიან ჩარჩოს მიაყუდა. -საპატიებელი არაფერი გაქვს. მეგობრები მხოლოდ ლხინისთვის არ არსებობენ. -მაინც მაპატიე. არავის უყვარს მოწყენილი ადამიანი. ილანა მეგობარს ჩაეხუტა და მეგობრის მდგომარეობით შეწუხებული ვერაფერს ამბობდა. მერე ძალები მოიკრიბა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა: -სოფი, მე ვფიქრობ, ამდენმა პროექტებმა, კონკურსებმა და კონცერტებისთვის მზადებამ გამოგფიტა და დასვენება გჭირდება. დროებით რომ შეწყვიტო ასეთ დამღლელ რეჟიმში ყოფნა და დაისვენო? თუ გინდა, სადმე წავიდეთ. პიკნიკი, ლაშქრობა, რა ვიცი, ერთი კვირით გარემოს შეცვლა- მოიფიქრე და მე მზად ვარ, ყველანაირად გვერდში დაგიდგე. -არა, კარგად ვარ. ყველაფერი გაივლის. -მე კი მგონია, რომ რაღაცისგან იტანჯები და ვერავის უმხელ,-ამოიოხრა ილანამ და სოფისავით მოიწყინა. სოფი დადუმდა. დივანს ზურგით მიეყრდნო და დაბალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორს მიაშტერდა. არაფერი ესმოდა, მხოლოდ ერთმანეთის მონაცვლე კადრებით ართობდა თვალებს. *** წვიმა შეწყდა. დასველებულ ქუჩაში შემოდგომის ფოთლები ფენა-ფენა დაფენილიყვნენ. ოქტომბერი ირგვლივ თავისებურ სილამაზეს ხატავდა. ხეებიდან დაცვენილი ფოთლების სურნელი ყველგან იდგა და არემარეს მის არომატში ჰხვევდა. ილანა სანდროს სახლისკენ მიიჩქაროდა და გონებაში წინასწარ გაკეთებულ მონახაზს კიდევ მეტი სილამაზით ხვეწდა. -შემოდი,- ჩვეული სტუმართმოყვარეობით დახვდა მეგობარს სანდრო. -დღეს რა სიმპათიური ხარ, სანდრექს,- მისი გულის მოგება სცადა ილანამ. -ცივი ყავა ნაყინით, კონიაკით და მარწყვის მურაბით, რას იტყვი? - სამზარეულოდან გამოსძახა ახლადმისულ სტუმარს ქალბატონმა მანანამ. -რა თქმა უნდა, რა კითხვა უნდა?- გაეცინა ილანას და ქურთუკი გაიხადა. -მისაღებ ოთახში შევიდეთ, ხელს არავინ შეგვიშლის,-შესთავაზა სანდრომ. -კი ბატონო,- უკან გაჰყვა მეგობარს და საყვარელ სავარძელში მოკალათდა. -აბა, დაიწყე. რა მუზამ შემომიტიაო? რას მეუბნებოდი? -რა და სამ დღეში სოფის დაბადების დღეა. ვიფიქრე, მთელი ბავშვობის მეგობრები ნანოს ბარში შევიკრიბოთ და სიურპრიზი მოვუწყოთ. მგონი, ძალიან გაუხარდება. -რა სიურპრიზი? -რა და Tones and I- ის “Dance Monkey”-ზე ვიოლინოთი ქავერი ავაწყე და თუ შენი უნიკალური ხმით დამეხმარები და იმღერებ, ძალიან კარგი პერფონმანსი გამოვა. -ეგ როგორ? -ახვალ, დადგები სცენაზე და ბარში ახლადშემოსული სოფის წინ მუსიკა ჩაირთვება, მე ვიოლინოს მეშვეობით ჩავერთვები და შენ სიმღერას დაიწყებ. აუ, იცი რა გამოვა? ძალიან მაგარი რაღაც იქნება. -მე ბაზარი არაა, კიდეც ვიმღერებ და კიდეც ვიცეკვებ, მაგრამ არა მგონია, სოფის ეს იდეა მოეწონოს. -რატომ? -რატომ და შენც კარგად იცი, დაბადების დღის აღნიშვნას და ხმაურს ვერასოდეს იტანდა. -სანდრინიო, მენდობი? -გენდობი. -ჰოდა, მომენდე და სანამ თოთხმეტი ოქტომბერი მოვა, რამდენჯერმე ჩემთან ერთად წაიმეცადინე. -სულ ეს არის? -სულ ეს არა. კარაოკე, მარაოკე, სენდვიჩი, მენდვიჩი, ალკოჰოლი მალკოჰოლი და რა ვიცი, თუ გინდა წოწოქა, წუა, კვაწარახი და წაკულაკიც. -რა, რა?- გაეცინა სანდროს. -დაივიწყე, მაინც ვერ გაიგებ,-ხელი ჩაიქნია ილანამ. -მართლა, რა თქვი? -წოწოქა, წუა, კვაწარახი და წაკულაკი. -ეგ რეებია? -მჟავე. -რა მჟავე? -ო, გადი რა. -კიდევ მე გავიდე, ტო? უცხო პლანეტელების ენაზე მელაპარაკები. -მე ვარ უცხო პლანეტელი?-თვალები დაიწვრილა ილანამ. ამასობაში ქალბატონმა მანანამ ილანას საყვარელი ყავა მიართვა. -მადლობა, მანანა დეიდა,-ბედნიერი სახით შესცინა და ცოტაოდენი მოწრუპა,-ვაიმე, ნეტარება, სამოთხე, აღტაცება, ზეცის კიდე, სიხარულის თაღი... -კარგი, კარგი. ნუ გაუტიე,-გააჩერა მეგობარმა. -ღმერთმა შეგარგოს, შვილო,-მანანას ილანას სიტყვებზე გაეცინა და კვლავ სამზარეულოში გავიდა. -მოკლედ, რას ვაკეთებთ? როდის და სად მოგაკითხო? -ისევ მთავარ თემას მიუბრუნდა სანდრო. -დაგირეკავ და ყველაფერს გეტყვი. ახლა მაცალე, ვნებივრობ. -მარწყვის და ნაყინის ხამი. -რაც გინდა, ის დამიძახე,-სიამოვნების წუთებს იხანგრძლივებდა ილანა და გონებაში სოფის დაბადების დღის სავარაუდო ფრაგმენტებს დიდი მოლოდინებით ქმნიდა. *** ლევან მდივანმა საცოლის სურვილი გაითვალისწინა, მის დაბადების დღეზე გრანდიოზულ და განსაკუთრებულ აღნიშვნას მოერიდა და მხოლოდ სასტუმრო „მარიოტის“ რესტორანში გემრიელი ვახშმით და „კარტიეს“ ძვირადღირებული საათის ჩუქებით შემოიფარგლა. საღამომ მშვიდ გარემოში ჩაიარა- საკუთარ თავებზე, საერთო მეგობრებზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს. სოფის მეტი არც უნდოდა, წვეულებებისგან და ელიტის ყურადღებისგან დაღლილს საქმროსთან ერთად ყოფნა და ზედმეტი ხმაურისგან თავის არიდება სრულებით აკმაყოფილებდა. სახლში მისულმა სამკაულების მოხსნა დაიწყო, როდესაც ილანას ტელეფონის ნომრიდან შესულმა ზარმა არ მოასვენა და უპასუხა: -ვიდრე კიდევ ერთხელ მომილოცავდე, მინდა შეგახსენო, რომ დღეს უკვე ორჯერ მომილოცე,- გაეცინა სოფის. -მერე რა, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ მოგილოცავ,- გადამდები ხალისით კისკისებდა ილანა. -სად ხარ? რა ხმები მესმის? -ოო, მეგობარო. მე და შენი დანარჩენი მეგობრები ისეთ კარგ ადგილზე ვართ, უკეთესს ვერც ინატრებ და შენც აუცილებლად უნდა მოხვიდე. -სად ხართ, ილ? -აუ, მართლა მაგარ პონტში ვართ, რა. აუცილებლად უნდა მოხვიდე. დაჯექი ტაქსზე და სასწრაფოდ ნანოს ბარში გამოცხადდი. ყველა შენ გელოდება. -მე მელოდება? -ჰო, შენ. არ დააგვიანო, რა. შენთვის სიურპრიზი გვაქვს. -ვაიმე, ახლა არ გადამრიოთ,- სიხარულისგან გაუბრწყინდა თვალები. -დიახ, დიახ. დროს ნუღარ კარგავ. წამოდი, კარგი? აი, ეგრევე ადექი და წამოდი. რესტორნიდან ახლადდაბრუნებულმა სოფიმ მოსასხამი შემოიცვა და აღელვებული გაეშურა მეგობრის ბარისკენ. *** „ნანოს ბარი“- ასე უწოდებდნენ მეგობრები ბავშვობის მეგობრის, ნანოს მიერ გახსნილ ბარს, რომელიც ულტრა თანამედროვე სტილში იყო მოწყობილი და ქალაქში საკმაოდ კარგი სახელით იცნობდნენ. მეალომანები და გართობის მოყვარულები ხშირად იკრიბებოდნენ გემოვნებიანი მუსიკის მოსასმენად საშუალო ზომის, კომფორტულად მოწყობილ ფართში და ალკოჰოლური თრობისა და მუსიკის ფონზე შესანიშნავ დროს ატარებდნენ. დღევანდელი საღამო მთლიანად მეგობრებს და კერძოდ, მათი შეკრების მთავარ მიზანს, სოფი მესხს ეძღვნებოდა. ვიდრე იუბილარი შეუერთდებოდათ, რამდენიმე საათის შეკრებილები ცოტა შეზარხოშებულიყვნენ და მოუთმენლად ელოდებოდნენ მესხის გამოჩენას. სოფის საღამოს კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები არც გაუხდია, ეგრევე წავიდა სახლიდან და მალევე შეაჭრა მეგობრის ბარში. ბნელ გარემოში წამით გაირინდა. ვერაფერს არკვევდა საით წასულიყო. იდგა გაოგნებული და ინტერესით სავსე თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. მოულოდნელად, სანთლებით დამშვენებული ფორტეპიანოს ფორმის ტორტი გამოჩნდა და მბჟუტავი შუქის ფონზე მეგობრების სახეებიც გამოჩნდა: „რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ, რომ დღეს სოფიოს დაბადების დღეა!“- გაისმა ყველას ერთობლივი ხმა და ბარიც განათდა. -ვაიმე, დიდი მადლობა, -სიხარულისგან აღტაცებას ვერ მალავდა სოფი და ყველა მეგობარს გულაჩუყებული კოცნიდა და ეხუტებოდა. რიგი სანდროზე რომ მიდგა, ოდნავ შეყოყმანდა. ბიჭმა დინჯად შეხედა და სუსტად გაუღიმა: -ბედნიერი იყავი!- დაბალ ხმაზე უთხრა და სიყვარულით სავსე თვალები გაუსწორა. სოფიმ მასაც კოცნით და ჩახუტებით გადაუხადა მადლობა. სანდრომ მონატრებული ქალი ძველებურად ახლოდან შეიგრძნო, სითათუთით მოჰხვია მკლავები და აღარ უნდოდა, ხელი გაეშვა. მისი ნება რომ ყოფილიყო, მთელი საღამო მის სურნელში ჩაიკარგებოდა და გარშემო მყოფები არც გაახსენდებოდა. სოფის სიახლოვე წამებით შეიგრძნო და სხეულში კვლავინდებურად სიამოვნების ტალღებმა დაუარეს, თუმცა ქალი მალევე დაშორდა და ძლიერი გულის ტკენა იგრძნო. სწორედ ისეთი, თითქოს დანით უნაწევრებდნენ ჯერ კიდევ მფეთქავს და სიცოცხლით სავსე ორგანოს. -სურვილი ჩაიფიქრე, -დაიძახა ვიღაცამ და ყველას ყურადღება სანთლების ჩაქრობაზე გადავიდა. იუბილარმა სურვილი ჩაიფიქრა და სანთლებს სული შეუბერა. სწორედ იმ დროს მუსიკოსებისთვის განკუთვნილი, პატარა სცენა ჩამობნელდა და “Dance Monkey”-ს მელოდია გაისმა. სოფიმ ყურადღება მუსიკოსებისკენ მიმართა და მათი ვინაობის დასადგენად სცენასთან მივიდა. ნელ-ნელა იწყო განათებამ მათი სახეების გამოაშკარავება და სცენაზე ვიოლინოთი ხელში მყოფი ილანა და მიკროფონიანი სანდრო რომ დაინახა, გაოცებისგან პირზე აიფარა ხელი. სანდროს მსახიობური ნიჭი მთელი სამეგობროსთვის იყო ცნობილი. ასე, რომ სიმღერისთვის დამახასიათებელი იშვიათი დონის სინქრონული ცვლილებები არავის გაჰკვირვებია, პირიქით, მორიგ აღფრთოვანებაში მოიყვანა ყველა და უკლებლივ ყველას საცეკვაო განწყობა შემატა. არც სოფი დარჩენილა გულგრილი და სხვების მსგავსად ცეკვის ისეთ ხალისზე მოვიდა, ფეხსაცმელები გაიხადა, იქვე მიყარა და პატარა ბავშვივით გამხიარულებულმა დაიწყო ცეკვა. უყურებდა სცენიდან სანდრო ძველებურ სოფის, რომელსაც მისთვის ნაცნობი იერსახე დაებრუნებინა და მასზე ბედნიერი არავინ იყო. დიახ, ილანას ჩანაფიქრმა გაამართლა, სოფი მესხი ბავშვობაში დაბრუნდა. იქ, სადაც სიყვარულით და სითბოთი გაჟღენთილი ადამიანების სახეები ჭარბობდნენ, რომლებისთვისაც შური, ბოღმა და სხვა სახის ბოროტული შემართებები ნამდვილად შორს იყვნენ. მხოლოდ სოფი არა, არამედ ყველა ერთად დაბრუნდა ბავშვობაში, იმ წუთებში ყველა მასსავით ბავშვი იყო - ბავშვური ბავშვი!.. სიმღერა დამთავრდა. ამდენი ხტუნაობისგან ძლივსღა სუნთქავდნენ. -ბრავო, ალექს,-ტაშით შეხვდნენ მეგობრები სიმღერის დასასრულს. -აუ, კიდევ რა,- წამოიძახა ვიღაცამ. -რა გინდა? ინფარქტმა გვხიოს?- ძლივსღა ლაპარაკობდა მათში ყველაზე დაღლილი. -როგორ მოგეწონა?- სცენიდან ჩასული ილანა სოფის ღიმილიანი სახით ეკითხებოდა. -არ მეტყობა? მგონი ეს ვიწრო კაბა ცეკვისგან გავხიე,- გულიანად იცინოდა სოფი,-ყოჩაღ! საუკეთესო საჩუქარი იყო. სანდრომ მიკროფონი თავის ადგილას დაამაგრა, სოფის წინ ჩამოუდგა, ტუჩის კუთხესთან აკოცა და დაბალ ხმაზე უთხრა: -კიდევ ერთხელ გილოცავ შენს დღეს. -მადლობა. -არაფრის. ახლა კი, მაპატიე, ვერ დავრჩები, მე დაგტოვებთ,- ეს თქვა და გასასვლელისკენ სწრაფად წავიდა. -მოიცა, სად მიდიხარ?- უკან დაეწია ილანა და სანდროს სევდიანი სახე რომ დაინახა, შუბლი შეკრა. -არ მინდა, ჩემი აქ ყოფნით სოფის დაძაბულობა შევმატო. მისი დაბადების დღეა და დაე, ბოლომდე გაერთოს. -და შენ რას შეუშლი? -მე მეგობრის სტატუსით აქ ვერ ვიქნები. -დარჩი რა. ეს რაღა გამოდის? -ალბათ, ასეა საჭირო,-დაღონებული ხმით ჩაილაპარაკა და ბარი უკანმიუხედავად დატოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.