Voilà, bon appétit (სრულად)
ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან. პირველ კატეგორიას მშვიდი,წყნარი და საშუალოდ საინტერესო ცხოვრება ურჩევნია, აი მეორე კი - მუდმივად ეძებს ხიფათს და იქამდე არ ჩერდება,სანამ მწარედ არ წაიმტვრევს ცხვირს. აბა გამოიცანით, მე რომელ კატეგორიას მივეკუთვნები? სწორია! ბავშვობიდან მოყოლებული ყველგან მე ვარ,სადაც არეულობაა. მე რომ დავიბადე,მამაჩემი სიხარულით ბოლთას სცემდა თურმე. ჩემი ეშმაკისფეხა ძმის შემდეგ,გოგო მშვიდად ცხოვრების საშუალებას მომცემსო,ფიქრობდა. წარმოიდგინეთ, ჩემი ძმა რა გიჟი იყო, რომ ორი წლის ასაკში უკვე თავი მოაბეზრა მშობლებს. ნუ ეს იქით იყოს და ვერავინ წარმოიდგენდა,რომ ჩემს ძმასაც გადავასწრებდი ეშმაკობასა და უსაქციელობაში და ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელსაც მთელი სკოლის, ქუჩისა,უბნისა და ქალაქის მასშტაბით. მშობელთა კრებიდან დაბრუნებულ დედაჩემს ხან კარადაში ვემალებოდი,ხანაც მეზობლის აივანზე ვძვრებოდი ჩუმად და საათობითაც რომ ვეძებნე,სანამ უსაფრთხოდ არ ვიგრძნობდი თავს, იქამდე არ გამოვდიოდი. ფიქრობდნენ,გაიზრდება და დაჭკვიანდებაო,მაგრამ ნურას უკაცრავად! ჩემი სიგიჟე არსად წასულა და მეტიც,დღითიდღე იზრდებოდა და მრავალფეროვნებას იძენდა. ეს პატარა შესავალი თქვენ, სიტუაციაში რომ გაგარკვიოთ. როგორი გიჟური ცხოვრებაც მქონდა ოცდაოთხ წლამდე,ისევე არანორმალურად ვიპოვე ცხოვრების თანამგზავრი. ისე რა ბანალურად ჟღერს ეს „ცხოვრების თანამგზავრი.“ ისე როგორ აღვწერო,რომ მე თვითონ არ გავღიზიანდე? კარგი,ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ისეთი ისტორიის მოყოლას ვიწყებ,ნამდვილად უნდა მოიმარაგოთ პოპკორნი და მოსასმენად მოემზადოთ. მოკლედ,დავიწყოთ. * * * - ლანა, შე იდიოტო, ჩემი ნაცრისფერი მაისური ისევ შენ გაცვია? რა თქმა უნდა მე მაცვია, მაგრამ ხომ არ გგონიათ დავუბრუნებ? ყველაზე კომფორტული რამაა, რაც ამ იმბეცილის კარადაში შეიძლება იპოვო კაცმა. - არა, გასარეცხი იქნება, იქ მოძებნე. არც სიცრუის გამო მიგრძვნია თავი უხერხულად, წავა სამსახურში და მერე გადაავიწყდება. დიახ, ყოველი დილა ჩვენთან, კანდელაკებთან, ასე იწყება. ან მე და ირაკლი ვჩხუბობთ და ჩვენი მშობლები გვაშველებენ, ან მე და ის ვერთიანდებით მათი დამღლელი კითხვებისგან თავის დასახსნელად. "ჭკუა როდის უნდა მოგემატოთ?" "როდის უნდა დაოჯახდეთ, შვილიშვილები გვინდა." "ამხელა ხალხი ხართ, თქვენნაირი არასერიოზული შვილები არავის ჰყავს!" "ლანა, შენი ოთახი მიალაგე." "ირაკლი, სკამიდან ფეხები ჩამოსწიე." ეს ასი და ასეთი კიდევ– უამრავი... ამის მიუხედავად, ყველას და ყველაფერს მირჩევნია ჩემი გიჟი ოჯახი. დედაჩემი დიასახლისია და ყველაზე გემრიელ საჭმელებს აკეთებს მსოფლიოში. მისი გაკეთებული ყალია რომ გასინჯოთ,ალბათ ჩვენთან გადმოცხოვრდებით, მაგრამ არა მგონია ჩვენს ცხოვრებისეულ რუტინას მოერგოთ. მამაჩემი ქირურგი გახლავთ. ხანდახან, მე და ჩემს ძმას გვიკვირს ხოლმე, ასეთ მშვიდ,გაწონასწორებულ და დისციპლინირებულ (ისე ეს რანაირი სიტყვაა?) კაცს, ასეთი ავადმყოფი შვილები როგორ გამოვუვედითო, მაგრამ, რას იზამ? ზოგჯერ,ბედმა რაც გარგუნა, იმას უნდა დასჯერდე. ჩემი ძმა არქიტექტორია და თავისი ნაჯღაბნები სახლში ხშირად მოაქვს. არც თუ იშვიათად, მერევა ხოლმე, ბავშვების ნახატები მგონია და ვყრი. ამის მერე რა ხდება, თქვენით ივარაუდეთ. ბავშვებზე გამახსენდა, მე მასწავლებელი ვარ. არ ელოდით, ხო? ყველაზე შესაფერისი პროფესიაა ჩემი დაუშრეტელი ენერგიის პატრონისთვის. მიყვარს ჩემი საქმე დ ბავშვები. იმხელა სიამოვნებას მანიჭებს მათთან მუშაობა, ვერ აგიხსნით. რომ არ გამიგრძელდეს, დროულად გავჩერდები, თორემ ჩემს პროფესიაზე ლაპარაკი დაუსრულებლად შემიძლია. ასეა თუ ისე, ჩემზე და ჩემს ოჯახზე წარმოდგენა შეგიქმენით. ახლა მთავარ საქმეზე გადავიდეთ. ვიცი , გაინტერესებთ როგორ დაიწყო ყველაფერი. ასე და ამგვარად... 5 მარტს ჩემი ძმის დაბადების დღე იყო. მრგვალი თარიღი შეასრულა უკვე. კარგი, ცოტა გადავამეტე. მინდოდა ირაკლისთვის ოცდამეექვსე დაბადების დღეზე რამე განსაკუთრებული მეჩუქებინა. ვიცოდი რაც უნდოდა -- ვიდეო თამაში, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა და თან პირველად შემოჰქონდათ საქართველოში. დილაადრიან გავიღვიძე ამის გამო, ქეთოს,ჩემი ბავშვობის მეგობარსა და უამრავი უხერხული სიტუაციიდან ჩემს მხსნელს, ვთხოვე გამომყოლოდა, რომ ვიდეო თამაშების ფან ჯგროს არ გადავეთელე და სახლიდან მხიარულად გავედი. ნახევარ საათში მე და ქეთო მაღაზიის წინ ვიდექით. როცა შესასვლელი ცარიელი დავინახე, ცუდად მენიშნა. -ქეთო, ახლა ეს მაღაზია აბეზარი თინეიჯერებით არ უნდა იყოს სავსე? -ხანდახან მიკვირს, როგორ გახდი მასწავლებელი. -ჩემს რეპლიკაზე ქეთოს პასუხმაც არ დააყოვნა. -მგონი მართალი ხარ, საეჭვოდ ცარიელია ყველაფერი. შიგნით შევედით. დახლთან ახალგაზრდა, სასიამოვნო აღნაგობის ბიჭი დაგვხვდა, რომელიც მუსიკას ისე ხმამაღლა უსმენდა, რომ ყურსასმენებშიც ისმოდა გულის გამაწვრილებელი ხმა. -ეი, მიკ ჯაგერ! -დავუძახე და დახლზე რამდენჯერმე დავუკაკუნე. იმ წამსვე გამოერკვა და მიპასუხა. -დიახ, გისმენთ. -პირველ რიგში,გამარჯობა! ახლა, ე.ი, მე მინდა თვით Halo Infinite. -იმის გაცნობიერებისას,რომ თამაშის სახელი უშეცდომოდ ვთქვი,წელში ამაყად გავიჯგიმე, მაგრამ ბიჭმა ჩემი და ქეთოს თბილი ღიმილი, თავისი დამცინავი სიცილით ჩააქრო. -რა გაცინებს? -ჰკითხა ქეთომ გაბრაზებით. -გოგოებო, მაგ თამაშის ცარიელ ყუთსაც ვერ ნახავთ თბილისში უახლოსი ორი კვირა. -რააა? -აღმომხდა გამწარებულს. -ეგ რას ნიშნავს? -თამაში გუშინ მივიღეთ, საღამოსვე ყველაფერი გაიყიდა. ვწუხვარ! -ბიჭი მართლაც დამწუხრებული იყო, მგონი გულწრფელად განიცადა ჩემი გულისტკივილი. -გუშინ რატომ? დღეს არ უნდა მიგეღოთ? -გავბრაზდი. -არა, 2 მარტს შემოვიტანეთ. შედეგ პარტიას 17-ში ველოდებით. ჯანდაბა,თარიღი ამერია! -აუ კარგი რაა! -ლამის ტირილი დავიწყე, არადა, ძალიან მინდოდა ირაკლი ამ თამაშით გამეხარებინა. -ახლა რა ვქნათ? -უნდა დაველოდოთ,ლან. -მოიღუშა ქეთო. ბიჭმა უცნაურად შეხედა ჩემს დაქალს. თვალებში ეშმაკუნები ამიციმციმდნენ... -შენი სახელი? -ვკითხე ბიჭს. -ბექა. -ბექუნა, რამე გამოსავალი არ არსებობს? კაი ქეთო, ვიშოვით, რა გჭირს? -ქეთომ გაკვირვებით ამომხედა, რომ მიხვდა რის გაკეთებას ვაპირებდი, თამაშში ამყვა. -ახლა რა ვქნა? მომკლავს ჩემი ძმა... ბექა კიდევ უფრო დამწუხრდა. -კარგი, რა გაეწყობა. -საცოდავად ამოიკლავლა ქეთომ. -ერთი-ორს დამარტყამს და მერე თვითონაც იღლება ხოლმე. -ისეთი ტრაგიკული ხმა ჰქონდა, უცხო თვალი მის ტყუილში ეჭვსაც ვერ შეიტანდა . ძლივს ვიკავებდი თავს, რომ სიცილი არ ამტყდომოდა.ქეთო დრამატულად შემოტრიალდა და კარისაკენ დაიძრა. მეც თან მივყევი, ის ის იყო კარი უნდა გამოგვეღო, რომ ბექას ხმამ იჭექა: -მოიცათ. ერთი ცალი ჩემთვის მაქვს შემონახული, დაგითმობთ, მე რამენაირად მოვითმენ ორ კვირას. -გულწრფელად გაუღიმა ბექამ. -რაა, მართლა? ბიჭმა საგანგებოდ გადანახული დისკი თავისი ყუთიანად ამოიღო და წინ დაგვიდო,თან ქეთოსთვის თვალი არ მოუცილებია. ანგარიშის გასწორების დრო იყო, რომ ტელეფონზე ზარი გაისმა. დავხედე. ეკრანზე დიდი, ვეებერთელა ასოებით ეწერა -"სნაიპერა." უსიამოვნებისგან გამცრა, ქეთომ შემომავალი ზარი რომ დაინახა, სიცილი აუტყდა. -დროზე უპასუხო, გიჯობს. ალბათ გაინტერესებთ სნაიპერას რატომ ვეძახი. ისეთი გამჭოლი მზერა აქვს,თავს აგატკიებს. თანაც,თუ მარცხენა ფეხზე ადექი და თვალებში ჩაგაშტერდა,სნაიპერივით არის,სანამ არ დარწმუნდება,რომ მოგცელა,თავს ცოცხალი თავით არ დაგანებებს. ჩემი სკოლის დირექტორი მელოდინებინა,ნამდვილად არ ღირდა, ამიტომ ბექასთან ბოდიში მოვიხადე და კარისკან წავედი. სანამ გავაღებდი, ვიღაცამ იმხელა ძალით შემოგლიჯა, კედელს უნებურად ავეკარი და ეს შენი რკინის კარებიც კინაღამ ცხვირში მომხვდა. გავმწარდი, გალანძღვაც დავაპირე ამ ყოვლად თავხედის, მაგრამ "სნაიპერა" არ ჩერდებოდა. შენ მერე მოგხედავ-მეთქი გავიფიქრე, სენსორს თითი გადავუსვი და გარეთ გავედი. აღმოჩნდა, რომ ხვალ სკოლაში ვიყავი მისასვლელი, „სნაიპერას“ ჩემთან რაღაც დეტალებზე სურდა საუბარი,ასე რომ სხვა გზა არ მქონდა,ჩემი სკოლაში მისვლა აუცილებელი და გარდაუვალი იყო. საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, შიგნით შევბრუნდი და რას ვხედავ?! ქეთო და ბექა რაღაცაზე გამეტებით ლაპარაკობენ, ამ თავხედს კი–კინაღამ რომ რკინის კარს ჩამახუტა, ჩემი სიმწრით გამოძალული (კაი ხო, ქეთოს) ვიდეო თამაში იღლიაში ამოუჩრია და თანხასაც ამზადებს გადასახდელად. დამტკბარმა ბექამ, კიდევ უფრო დამტკბარ ქეთოსთან ლაპარაკი გააგრძელა და მერე კი დაუფიქრებლად გაუტარა უცნობს ვიდეო დისკი, აქ უკვე წითელი სირენები ჩაირთო. -ეი, აქ რა ხდება? -ვიყვირე მე. უცნობი შეკრთა და ჩემკენ ნელა მოტრიალდა. ოჰოოო! ეს რა თავხედური სილამაზეა? ხელში საკმაოდ მაღალი,მხარბეჭიანი ბიჭი შემრჩა მუქი ქერა თმით, ლურჯი ფერის თვალებითა და უხეში ნაკვთებით. ყბის ძვალი ისე ლამაზად ჰქონდა გამოკვეთილი, რამდენიმე წამით თავხედურად მივაშტერდი. ღია ნაცრისფერი როლინგი, მუქი ჯინსის შარვალი და შავი მანტო ეცვა. ქუჩაში რომ შემხვედროდა, თვალსაც გავაყოლებდი, მაგრამ აქ, ამ სიტუაციაში მისი გარეგნობა სულ არ მედარდებოდა. (ცოტას ვტყუი,მართლა ძალიან სიმპატიური იყო) -შენი აზრით, რას აკეთებ? -სიტუაციაში გამოვერკვიე და უცნობს უხეშად ვკითხე. -ვიდეო თამაშს ვყიდულობ.-მიპასუხა მშვიდად. -უკაცრავად, მაგრამ ეს ჩემი დისკია. - ვუთხარი უცნობს ზრდილობიანად და უხერხულად გავუღიმე. -დისკი აქ იდო, უპატრონოდ. -რამდენიმე წუთით დავდე, ტელეფონზე ვლაპარაკობდი. თან მისი პატრონიც აქ არის, ოღონდ ცოტა დაბნეული. -ხმაში ცოტა გაღიზიანება დამეტყო. -ვწუხვარ, მაგრამ ეს თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საჩუქრად მინდა. -უცნობი შეუვალი იყო, მივხვდი, საერთოდ არ აპირებდა ჩემთვის თამაშის დათმობას. -ჰაჰ, ისევე როგორც ჩვენ. -ასე რომ ყოფილიყო, უყურადღებოდ არ დატოვებდით. დარწმუნებული ვარ, მალე ახალი პარტია ჩაეშვება გაყიდვაში და შეგიძლიათ შეიძინოთ. -მისი სიმშვიდე იმდენად გამაღიზიანებელი იყო, ვხვდებოდი, როგორ მექცეოდა ტვინში სისხლი. -იქნებ თქვენ დალოდებოდით ახალ პარტიას? ეს დისკი ჩვენ ვნახეთ პირველებმა! -ვერაფრით დაგეხმარებით. საფასური უკვე გადავიხადე, თანაც არავის წინააღმდეგობა არ გაუწევია. -მითხრა ჩვეული სიმშვიდით. ლაღად აიღო ხელში დისკი და უკანმოუხედავად დაიძრა გასასვლელისკენ. -თავხედო! -მივაძახე მიმავალს, თუმცა ჩემი რეპლიკა არ შეუმჩნევია, მანქანაში ჩაჯდა. დავედევნე, დაბნეული და შეწუხებული ქეთო უკან გამომყვა. -აუ ლან, ბოდიში რა. ისე დავიბენი... ვერც დავინახე, რომ მაგას ყიდულობდა. მანდვე იდო, აიღო და ბექამაც დაუფიქრებლად გაუტარა... -ქეთო, მანქანის ნომერი დაიმახსოვრე! -რაა? -ნომერი-მეთქი. დაიმახსოვრე, მე მაინც დამავიწყდება. -დავიმახსოვრე, რად გინდა? -მიყურებს გაოცებული ქეთი. -ეს თუ არ ვიპოვო და ამ საქციელიათვის არ გავამწარო, აი ნახავ. -რაებს ბოდავ, ლანა? -ქეთოს გაოცება "შენ ხომ არ გააფრინე" გამომეტყველებაში გადაზრდოდა. -რაებს ვბოდავ და მთელი 24 წლიანი ცხოვრების მანძილზე ასეთ თავხედს არავის შევხვედრივარ, ხოდა მიიღებს თავისას. უზრდელი! -ვილანძღებოდი და ქეთოს ნაკარნახევ მანქანის ნომერს მობილურის note-ებში ვიწერდი. ქეთომ გვერდები გამომიღო, რასაც არ უნდა აპირებდე, არ ქნა, შარში არ გაეხვაო,მაგრამ ხომ გითხარით, ადამიანს ხიფათისკენ რომ გაქვს მიზიდულობა, მამაზეციერი ვერ გიშველის.უცნობის წყალობით დისკის გარეშე დავრჩი, ბექა კი, თავს ცოტა დამნაშავედ გრძნობდა. თან აშკარად უნდოდა ქეთოს გული მოეგო და თავის რამდენიმე ნაცნობთან გადარეკა. ვიდეო თამაში, როგორც იქნა ვიშოვეთ, მართალია ჩვეულებრივზე ცოტა მეტის გადახდა მომიწია,მაგრამ ირაკლის შოკირებულ-გახარებული სახე ამად ნამდვილად ღირდა. ნუ მეჩხუბებით, არც ბექა დამიტოვებია უსაჩუქროდ. ქეთოს ფეისბუქ გვერდიდან ჩემი საკუთარი, ლამაზი თითებით გავუგზავნე დამატება და იმასაც დავპირდი, პაემანზე მურმანის ეკალივით არ მოგასვენებთ-მეთქი. ეს ვიხუმრე. ან არ მიხუმრია. ვიდეო თამაში რომ ავიღე და შევფუთე, ახლა უცნობის გამწარების იდეამ წამოიწია წინა პლანზე და ჩემს კლასელს და ერთ-ერთ ახლო მეგობარს დავურეკე. -ამირან, როგორ ხარ, გენაცვალე? -კიდევ ერთხელ დამიძახებ ამირანს და გენაცვალეს ერთად და რაც 12 წელი ვერ გცემე, ერთიანად აგინაზღაურებ. -მითხრა გაღიზიანებულმა, მის მუქარაზე გამეცინა. -რაღას ამინაზღაურებ, კარადაში რომ მტენიდი, ეგ ცემაში არ გადის? -მგონი დაგაკელი! -მასაც გაეცინა. -რამ შეგაწუხა ლენა? -ლენას მოგცემ მე შენ! შენი დახმარება მჭირდება,თორემ გაგცემდი შესაბამის პასუხს. -აბა გისმენ, ოქრო. -მოკლედ, მანქანის ნომერს გეტყვი და შენ უნდა გამიგო ყველა შესაძლო ინფორმაცია, რაც ამ ვირზე არსებობს ბაზაში. სახელი, გვარი, სამსახური,მამის სახელი... -მამის სახელი მართლა გინდა? -გაუკვირდა ამიკოს. -იდიოტი ხარ? რა ჯანდაბად მინდა მამის სახელი?! -სიცილი ამიტყდა მის დაბნეულობაზე და უცბად წარმოვიდგინე უცნობზე გაბრაზებული მამამისთან რომ მივდიოდი და ურჩი შვილის დასჯას ვთხოვდი. ისე ამ ხუმრობა ხუმრობაში,მამაჩემს დღემდე ურეკავენ ხოლმე და ეწუწუნებიან, შენს გიჟ შვილებს რამე უშველეო. -გეჩქარება? ახლა რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებ, საღამოს მოვძებნი და ყველაფერს მოგაწვდი. -მითხრა ამიკომ. -არ მეჩქარება, როცა გინდა მაშინ დამირეკე, მთავარია გამირკვიო. -ისე რად გინდა? ხო მშვიდობა გაქვს, ხომ არ გინდა ვინმეს ყურები დავაჭრა? მის ჟესტზე გამეღიმა, ასეა რა! კარგი მეგობრები თუ გყავს, თავიც ქუდში გაქვს! -მშვიდობაა, მშვიდობა . -გამეცინა. -მოკლედ გელოდები და უი მართლა,კინაღამ დამავიწყდა, ხვალ ირაკლის დაბადების დღის ფართის ვუწყობთ ჩუმად და არ დააგვიანო. -კარგი, ლან, ახლა წავედი და დაგირეკავ. ასეა თუ ისე, რას ვაპირებდი ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ ვიდეო თანაშის წართმევის ამბავი ისე ჩამრჩა გულში, იმ იდიოტს ამას ნამდვილად არ შევარჩენდი. არა,თავხედობაც არის და თავხედობაც. დღისით, მზისით გოგოს ძმის საჩუქარი წაართვა, სად გაგონილა? საღამოს ამიკომ დამირეკა და დაპირებისამებრ ყველა დეტალი ჩამომირაკრაკა. ბოლოს დააყოლა, კრინტი არავისთან დაგცდეს, რომ ამ "მახინაციებში" გეხმარებიო, ირაკლის დაბადების დღეზე მოსვლას დამპირდა და მეც ბედნიერმა დავკიდე ყურმილი. სახლის მორთვის დროს, ქეთოს ამაყად განვუცხადე. -კულინარია. -რაო? -ქეთო აშკარად ვერ მიხვდა ვისზე ვამბობდი. -ის თავხედი კულინარია, ყველაფერი გავარკვიე. -ლანა, ვერაფერი ვერ გავიგე. -რა ვერ გაიგე, გოგო. ის ბიჭი, გუშინ მაღაზიაში ირაკლის საჩუქარი რომ ცხვირწინ ამაცალა,იმაზე გეუბნები. -შენ სად ჯანდაბიდან იცი ეგ? -თვალები შუბლზე აუვიდა ქეთოს. -ამიკოს ვთხოვე გაერკვია. რომ გითხარი, სამაგიეროდ გადავუხდი-მეთქი, კი არ მიხუმრია. -კმაყოფილებისგან ღიმილით პირი მეხეოდა. -მერე? -მერე ის რომ, ყოველ სეზონზე ახალი ჯგუფი აჰყავს, ზრდასრულ ადამიანებს ასწავლის და აცნობს სხვადასხვა სამზარეულოს. სამ თვიანი კურსია, გადავწყვიტე ჩავეწერო. -ლანა, რა ჯანდაბას ლაპარაკობ? -გაღიზიანდა ქეთო. -რად გინდა კულინარიის კურსებზე სიარული?! -რად მინდა და იმ თავხედს ჭკუა უნდა ვასწავლო, ისე გავამწარებ მაგ სამი თვის განმავლობაში, რომ თავ-ბედი იწყევლოს. ქეთოს გაეცინა, შოკისგან იყო, თუ ისევ ჩემმა არაადეკვატურობამ დააფრთხო, ვერ გეტყვით, მაგრამ თავს აქეთ-იქით აქნევდა და დამცინოდა. -ლანა, შენნაირი არაადეკვატურის გარდა, ამას სხვა ვერავინ მოიფიქრებდა. კარტოფილის და კვერცხის შეწვის გარდა, არაფრის კეთება შენ არ იცი. შეეშვი და დაივიწყე რა! -არავითარ შემთხვევაში, ნახავს როგორ უნდა ჩემთან ნაგლობა. -მტკიცე ტონი მქონდა და ძალიან საშიში. -და სხვათა შორის, სალათებიც გემრიელი გამომდის. ასეთი აჟიტირებული მეათე კლასის მერე აღარ ვყოფილვარ, როცა ჩემს კლასელ მაკა ანთიძეს ისტორიის ბლიცში ვეჯიბრებოდი. სხვათა შორის, გავანადგურე. -ძალიან გთხოვ,შარში არ გაეხვა. -მითხრა ქეთომ სიცილით. -თან ფულს რაში ყრი? -რატომ ვყრი? რაღაცას მაინც ხომ ვისწავლი. -მხრები ავიჩეჩე მე. მაინც ვერ ვხვდებოდი რატომ ვერ აფასებდა ქეთო ჩემი იდეის გენიალურობას. ბოლოს და ბოლოს ის უცნობი რომ არა, ბექა და ქეთო ასე ძალიან ვერ დაახლოვდებოდნენ. აგერ უკვე ორშაბათს პირველი პაემანი აქვთ. უი,იმის თქმა დამავიწყდა,რომ კულინარიულ კურსებზე უკვე დავრეგისტრირდი,თანხაც გადავრიცხე და პასუხიც მომივიდა. თურმე მოუთმენლად მელის ბ-ნი თორნიკე. დიახ,თორნიკე აფციაური. საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი შეფ მზარეულია. ალბათ მის მიმართ პატივისცემით განვიმსჭვალებოდი ასეთი თავხედი რომ არ იყოს. * * * მოკლედ,ირაკლის სამსახურიდან დაბრუნებამდე ყველაფერი მოვრთეთ,ტორტის გამოტანაც კი მოვასწარი. ამიკომ ჩემი ძმის გართობა მოახერხა თორმეტ საათამდე და როცა ირაკლიმ 11:59 წუთზე კარი შემოაღო,ჩვენც სიმღერით ამოვხტით სამალავიდან, შეშინებული იუბილარის სახისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია,გარს შემოვეხვიეთ და ყველა სათითაოდ ჩავეხუტეთ. -რა გიჟები ხართ! -იღიმოდა ირაკლი,მერე ჩემკენ შემოტრიალდა და თმები ამიწეწა. -შენი იდეა იყო ხო,შე ხულიგანო?! -დიახაც,ასეთ იდეალურ რაღაცებს მხოლოდ მე ვიფიქრებ. მოიცა,ჩემი საჩუქარი უნდა მოგცე. -ჩანთიდან შეფუთული დისკი ამოვიღე და ირაკლის გავუწოდე. ჩემს ძმას წარმოდგენაც არ ჰქონდა რა შეიძლებოდა ყუთში ყოფილიყო,ქაღალდი რომ შემოახია,გაფითრდა,მერე გაკვირვება და სიხარული ერთდროულად აღებეჭდა სახეზე და ხან მე მიყურებდა,ხანაც დისკს. მერე როგორც იქნა,ხმა ამოიღო. -მეღადავები? ეს თამაში სად იშოვე? ყიდვა ვერ მოვასწარი და მერე გაქრა,ვერსად ვეღარ მივაგენი. -მე ჩემი კავშირები მაქვს,ძმაო,შენ ჩემამდე ვერ მოხვალ. -ვუთხარი ნიშნისმოგებით და სასაცილოდ გავიჯგიმე. -ლან,დიდი მადლობა,მიყვარხარ! -ჩამეხუტა ჩემი ძმა და მაკოცა კიდეც. დაიმახსოვრეთ ხალხო,ასეთი რამეები ძალიან იშვიათად ხდება ჩვენთან. ერთმანეთის დაბადების დღეებსა და სულ რამდენიმე დღესასწაულზე. ირაკლის დაბადების დღე ნელ-ნელა გახურდა. შევთვერით,მერე ცოტა გადავთვერით და გულწრფელად გეუბნებით,მართლა არ მახსოვს,როგორ აღმოვჩნდი დილით ირაკლის კარადაზე აყუდებული. თვითონ საწოლზე ტანსაცმლიანი ეგდო და ისე ხვრინავდა,თვალები რომ გავახილე, პირველი ის შევამოწმე,ხომ არ იხრჩობა-მეთქი. შაბათ-კვირას საინტერესო არაფერი მომხდარა. საღამოს ოჯახურ სადილზე,სადაც მხოლოდ მამაჩემი გვაკლდა სასწრაფო გამოძახების გამო,მხიარულად შევვარდი. -სალამი ბიჭებს,ტუფლები გვიჭერს! -როდის უნდა დაჭკვიანდე,დედი,როდის? -ამოიოხრა დედაჩემმა,რასაც ირაკლის სიცილი მოჰყვა. -ეგ ფრაზა უნდა შეგენახა,დე! ახლა ისეთ რამეს გეტყვით,დაგჭირდება. -ახლა რაღა ჩაიდინე? -გაუკვირდა ჩემს ძმას. -ჯერ არაფერი. მოკლედ,კულინარიულ კურსებზე ჩავეწერე. -ვთქვი სიამაყით. ირაკლის ისეთი სიცილი აუტყდა,კინაღამ დაიხრჩო. დედაჩემი გაოგნებულ-განცვიფრებული სახით მიყურებდა და დარწმუნებული ვარ ბოლო წამამდე ელოდა,როდის დავიყვირებდი ვიხუმრე-მეთქი. -რა გაცინებს,დებილო! -მივუტრიალდი ირაკლის,რომელიც ჯერაც ფხუკუნებდა. -შვილო,რად გინდა კულინარიულ კურსებზე სიარული,გეთქვა და გასწავლიდი ყველაფერს,რაც ვიცი. -არა დედა,ჩემი იქ ყოფნა სხვა მიზნებს ემსახურება,უფრო სწორად მთავარ მიზანს! -გააფრინე? -მკითხა ირაკლიმ. -სხვათა შორის,შენ გამო ვარ ახლა ამ შარში. -მე რაღა შუაში ვარ? -ირაკლის სახე წამებში დაუსერიოზულდა. -კარგი,შემეშვი ახლა,თავი მომაბეზრე უკვე. -ხელი ავიქნიე და ფეხზე წამოვდექი. -წავედი,ვიძინებ მე,კარგად უნდა გამოვიძინო,რომ საყვარელი საჭმელები გამომოვიდეს. -იდიოტი ხარ! -მომაძახა ირაკლიმ სიცილით. ყურადღება აღარ მიმიქცევია. საწოლზე გაშხლართულმა facebook-ზე უცნობი მოვძებნე. თორნიკე აფციაური. სახელი და გვარი კარგი აქვს. გარეგნობა იდეალური. წარმატებულია. რა იქნებოდა ღმერთს კარგი ხასიათიც დაეფერთხებინა,ხომ იქნებოდა უნაკლო? მისი პროფილი გადავქექე,ბევრი ფოტო არ ედო. მხოლოდ რამდენიმე,თუმცა იმდენი მოწონება და კომენტარი ჰქონდა,თან სულ გოგონების,რომ გავღიზიანდი და ლეპტოპი დავხურე. იმაზე ფიქრში,რომ მის გასამწარებლად სრული სამი თვე მქონდა,ღიმილით პირი გამეხა და ძალიან მალევე ღრმად ჩამეძინა. დილით უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა,არადა გვიანობამდე ძილი მიყვარს. ახლა არდადეგებია და სკოლაში არ ვმუშაობ,შემიძლია მთელი დღეები ის ვაკეთო,რაც მინდა. თმა აბურძგნული და სახე დასიებული გავედი სამზარეულოში,სადაც ოჯახი საუზმობდა. -დილა მშვიდობის. -არ გშია,ლანა? მოდი,ისაუზმე. -მითხრა მამაჩემმა. -ეს დედას გაკეთებულ საჭმელს აღარ იკადრებს მალე. -იხუმრა ირაკლიმ და ბოლო ლუკმაც პირისკენ გაიქანა. -შენს გეგმებზე გავიგე,მამი. -დაიწყო მამაჩემმა ღიმილით. -შენც უნდა დამცინო? -არ გრცხვენია? როდის იყო, მე შენ დაგცინოდი. წარმატებებს გისურვებ,მთავარია ჭკვიანად მოიქცე. -მამაჩემმა ეჭვის თვალით ამომხედა,მერე შუბლზე მაკოცა და დაგვემშვიდობა. ჩემი ძმაც ჩქარობდა, ცალ ხელში თავისი ნახაზები ეჭირა,მეორეთი კი რამდენიმე ცალი წამლის შეკვრა. ეჭვით გავხედე და ის ის იყო უნდა მეკითხა ხელში რა გიჭირავს-მეთქი,რომ დამასწრო და პაკეტები მაგიდაზე დამიყარა. -ეს რა არის? -„რეგიდრონია.“ -მითხრა სერიოზული სახით. -თან წაიღე,აუცილებლად დაგჭირდება. -„რეგიდრონი“ რა ჯანდაბად მინდა? -გოგო,შენი გაკეთებული საჭმის დაგემოვნებას რომ დაიწყებთ,ხალხს დაალევინე,ინტოქსიკაციისგან თავის დაცვა ყველას სჭირდება. -სათქმელი ძლივს ჩაამთავრა ირაკლიმ და ისეთი სიცილი აუტყდა,მისი კაკანი მეზობელ კორპუსშიც ისმოდა,დარწმუნებული ვარ. -რა იდიოტი ბიჭი ხარ! -მეც გამეცინა და კართან მიღწეულს წამლის პაკეტები დავაწიე. -წავედი მე,მასტერშეფ! საღამოს წამოგიყვანო? -ჯერ არ ვიცი,თუ რამეა დაგირეკავ. საღამომდე დრო ახალ პროექტზე მუშაობით გავიყვანე. ბავშვებისთვის მასალებს ვაგროვებდი და ერთად ვკინძავდი,რომ მათთვის სასწავლო პროცესი როგორმე გამეხალისებინა. მათ ისტორია არ უყვართ,თარიღების დამახსოვრება უჭირთ და თან ეზარებათ,ასე რომ, ყოველთვის ვფიქრობ სიახლეებზე,რომ ახალ თაობას სწავლა გავუმარტივო,ხოლო მე - სამუშაო პროცესი გავიხალისო. ამასობაში ხუთი საათიც შესრულდა. მოვემზადე და სახლიდან გავედი. გზაში რამდენიმეჯერ უსუსური ფიქრები ამომიტივტივდა. მგონი სისულელეს ვაკეთებ და არ ღირს. ქეთოს თქმის არ იყოს,იქნებ მართლა შარში გავეხვა?! ჯანდაბა,ლანა! როდის აქეთ გახდი ასეთი მშიშარა. მთელი გზა ასეთ სისულელეებზე ფიქრში გაილია. მალე ის შენობა გამოჩნდა სურათებში კარგად რომ შევისწავლე,ტაქსის მძღოლს მადლობა გადავუხადე და მანქანიდან გადმოვედი. ნაცრისფერი შენობა წვიმის ფონზე კიდევ უფრო უღიმღამო და მოსაწყენი ჩანდა. არ მესიამოვნა,სამუშაო გარემო ყოველთვის მოქმედებს ჩემს განწყობაზე,ასე რომ უხალისოდ შევედი და გრძელი დერეფანი სწრაფი ნაბიჯებით გავიარე. -უკაცრავად,კულინარიულ კურსებზე ვარ მოსული და რომელ სართულზე უნდა ავიდე? -ვკითხე მისაღებში მჯდომ სასიამოვნო ღიმილის პატრონ გოგონას,მანაც თბილად მიპასუხა მეოთხე სართულზე უნდა მიბრძანდეთ, მარჯვნივ პირველივე კარში როგორც კი შეხვალთ,იქ დაგაკვალიანებენო. როცა ყველა პროცედურა გავიარე და შიგნით შემიშვეს, ჩემი უსიამოვნო წარმოდგენები შენობასთან დაკავშირებით ერთიანად გაიფანტა,რადგან უზარმაზარ ნათელ ოთახში აღმოვჩნდი. წამებში მოვავლე თვალი იქაურობას. სამზარეულო ყველა საჭირო ნივთით იყო აღჭურვილი, ერთმანეთიის გასწვრივ ხუთი მაგიდა იდგა,ყველაზე ბოლო, სულ უკან დაემონტაჟებინათ. თითოეულ მაგიდასთან თეთრი წინსაფრები და ხელთათმანები ეწყო. ამ ყველაფრის თვალიერებით გართულმა,ვერ შევნიშნე,როგორ მოგროვდა ოთახში რამდენიმე ადამიანი. ლაპარაკის ხმამ გამომაფხიზლა. -ერთი სული მაქვს დავიწყოთ,ასეთი მოტივირებული არასდროს ვყოფილვარ. -ამბობდა ქერა,მწვანეთვალება გოგონა,რომელიც უცნაურად აჟიტირებული ათვალიერებდა ყველას და ყველაფერს. მზერა ჩემზე შეაჩერა,მოტრიალდა და ხელი გამომიწოდა. -მე ლიკა ვარ,შენც კულინარიის კურსებზე ხარ, ხო? -ლანა! სასიამოვნოა შენი გაცნობა. -ვუთხარი ღიმილით. -ჰო და მგონი შარში ვარ! -რატომ? -გაიკვირვა ლიკამ. -კულინარიის არაფერი გამეგება. -მერე რა! -მხიარულად აიჩეჩა მხრები და ჩემს დაწყნარებას შეუდგა ლიკა. -აქ იმიტომ ვართ,რომ ვისწავლოთ. მისი ენთუზიაზმით გაჯერებული ხმისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ჩემი აქ ყოფნის ნამდვილ მიზეზს ვერ ვეტყოდი,არც იმის თქმა ივარგებდა საერთოდ არ მაინტერესებს საჭმლის კეთებას ვისწავლი თუ არა,მთავარია ჩემს მიზანს მივაღწიო-მეთქი,ასე რომ გოგო უპასუხოდ დავტოვე,გავუღიმე და სულ ბოლო მაგიდასთან ჩემი ადგილი დავიკავე. მალე დანარჩენებიც მოგროვდნენ და მათაც გამოთქვეს ჩემთან დალაპარაკების სურვილი. ეს ამბავი სრული სიგიჟე იყო,მაგრამ ყველაფერს ჰქონდა თავისი პლიუსები. კარგი ადამიანები გავიცანი და ახალი მეგობრების შეძენის პერსპექტივაც გამოჩნდა. მოკლედ,სანამ ახალგაცნობილ „კოლეგებთან“ ვბაასობდი და ინფორმაციას ვცვლიდი,ოთახში საშუალო სიმაღლის,შეფის ტანსაცმელში გამოწყობილი,მომღიმარი გოგონა შემოვიდა. ისიც მორიგი „კოლეგა“ მეგონა,მაგრამ გადავთვალე და ჩემი ჩათვლით, ყველა თავის ადგილას იდგა. ელდა მეცა. ახლა მე თუ ტყუილად წამოვიწყე მთელი ეს არეულობა და იმ თავხედის მაგივრად,მთავარი შეფი ეს გოგოა,თავსაც მოვიკლავ! -საღამო მშვიდობის,მეგობრებო! -გოგონას სასიამოვნო ხმა მთელ ოთახს მოედო და ყველა გაიყურსა. -მე თეო ვარ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ძალიან მიხარია ხოლმე ახალი ჯგუფის მიღება. კარგ ხალხთან ერთად მუშაობა ყოველთვის საინტერესოა და იმედი მაქვს,თქვენც და ჩვენც ამ სამი თვით კმაყოფილები დავრჩებით! ჩვენცო! ე.ი მის გარდა კიდევ არის ვიღაც,ხო? ანუ არასწორად არ გამიგია. -თორნიკეს აგვიანდება,ამიტომ სანამ მე ტექნიკურ დეტალებს აგიხსნით,ისიც შემოგვიერთდება და შევძლებთ,დავიწყოთ. ჰაჰ,ესეც მე ვარ? პირველივე სამუშაო დღეს აგვიანებს. თავხედთან ერთად,უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალიც ყოფილა. თეომ რამდენიმე წუთი ერთმანეთთან გაცნობას დაუთმო,შემდეგ სამზარეულოში მოქცევის წესები აგვიხსნა და წინსაფრების გაკეთებაც მოგვთხოვა. ამ დროს კარი ფართოდ გაიღო და ოთახში ჩემი მთავარი სამიზნე გამოჩნდა. მასაც შეფის ფორმა ეცვა,თეთრი პერანგი და მუქი ჯინსის შარვალი. ზუსტად იგივე კედები,რომელიც მაშინ,ჩვენი პირველი შეხვედრის დროს. ხორბლისფერი კანი და მუქი ქერა თმა თეთრი ფორმის ფონზე ისე ლამაზად ჩანდა,ყბა ჩამომივარდა. სერიოზული და ამავდროულად არეული სახე ჰქონდა აფციაურს,მაგრამ ჩვენი დანახვისთანავე მკრთალად გაიღიმა და თეოს ამოუდგა გვერდით. -მოგესალმებით! მე თორნიკე ვარ,თქვენთან ერთად ვიქნები ამ სამი თვის განმავლობაში და ყველანაირად ვეცდები ჩემი ცოდნის უდიდესი ნაწილი გაგიზიაროთ. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. -დაიწყო მშვიდად და ჩვენს თვალიერებას მოჰყვა. დამინახა და რამდენიმე წამით მზერა ჩემზე შეაჩერა,სახეზე ვერაფერიც ვერ შევამჩნიე,ასე რომ ვერ მივხვდი, მიცნო თუ არა. ყველა რომ შეისწავლა,საუბარი ისევ იმ მშვიდი ტონით განაგრძო. -დარწმუნებული ვარ,თეო ყველაფერს აგიხსნიდათ,მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ,რომ სამზარეულოში დისციპლინა მნიშვნელოვანია და... სანამ წინადადებას დაასრულებდა,თავში პირველმა გველურმა აზრმა გამიელვა, ენამ წინ გამისწრო და სანამ რამეს გავიაზრებდი,აუდიტორიაში ჩემი ხმა გაჟღერდა. -დაგვიანება რომელ დისციპლინარულ წესებში წერია? ექვსი წყვილი თვალი ჩემკენ მოიმართა. შემრცხვა,მაგრამ რაღას ვიზამდი? ნათქვამს უკან ვერ დავაბრუნებდი,ამიტომ სიამაყე დავიბრუნე და თავხედურად მივაშტერდი აფციაურს. გაეცინა. -მართალი ხარ,დღეს ნამდვილად ცუდად გამომივიდა თქვენთან, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს,ასეთი რამ მეტად აღარ განმეორდება. ახლა საქმეს მივხედოთ. -თქვა და სახე დაასერიოზულა. -ამ სამი თვის განმავლობაში ფრანგული,იტალიური და ჩინური სამზარეულოს მცირე ნაწილს დავეუფლებით. ყველაფრის სწავლა ასეთ მოკლე დროში ფიზიკურად შეუძლებელია. რა თქმა უნდა,კურსის გავლის შემდეგ ვერ დაიტრაბახებთ,რომ პროფესიონალი მზარეულები ხართ,მაგრამ, თუ ჩემს მითითებებს პირნათლად შეასრულებთ და ფეხდაფეხ გამომყვებით,გემრიელი კერძების მომზადებას თავისუფლად შეძლებთ. აუცილებელია... -რატომ მაინც და მაინც ფრანგული,იტალიური და ჩინური სამზარეულო? იქნებ ჩვენ მექსიკური,ინდური ან იაპონური საჭმელი მოგვწონს? ეს ჩვენი არჩევანი არ უნდა იყოს?! -უხეშად გავაწყვეტინე ლაპარაკი და მისი გაღიზიანებული მზერის დანახვისას,მეორე გამარჯვება ვიზეიმე გულში. Welcome to the hell! ოთახში ისეთი დაძაბული აურა დატრიალდა,ფილმის ყურებისას ყველა ჩვენგანს სუნთქვა რომ გვეკვრის ხოლმე. ბუზის გაფრენის ხმა არ ისმოდა. ამაყი და ირონიული მზერით შევცქეროდი შეფს და ის ის იყო გავიფიქრე ჩავჭერი-მეთქი,რომ თორნიკე ჩემკენ დაიძრა და პირდაპირ წინ ამესვეტა. სუნთქვა შემეკრა. -ესე იგი,მექსიკური,ინდური და იაპონური სამზარეულო გიტაცებს,არა? შეგიძლია ყოველი მათგანიდან ერთი გამორჩეული კერძი დამისახელო? -მკაცრი ტონით მკითხა და პასუხის მოლოდინში ლიკას მაგიდას დაეყრდნო. ყველა მე შემომცქეროდა. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. ერთადერთი რაც თავში მომდიოდა სუში იყო. სუში და ტაკო, ესეც იმიტომ,რომ სუში ძალიან მიყვარს,ტაკო კი - უბრალოდ გამიგია,რომ არსებობს და მორჩა. ინდური სამზარეულოს არაფერი გამეგება,არ ვიცი. ზოგადად სამზარეულოს არსი რა არის,ეგეც არ ვიცი. ჩემი კულინარიული შესაძლებლობები სამმა ადამიანმა იცის ამ ქვეყნად. ჩემმა ძმამ,რომელიც მხოლოდ მაშინ ჭამს ჩემს მომზადებულ საჭმელს,როცა სხვა გზა არ აქვს. ქეთომ - ის ხათრს ვერ მიტეხს ხოლმე და მამაჩემმა,რომელსაც იმდენად ვუყვარვვარ,რომ მგონი გულწრფელად მოსწონს ყველაფერი,რასაც ვამზადებ. აქ რა ჯანდაბა მინდა?! ახლა ეს ყველაფერი აფციაურს რომ ვუთხრა,ყველას წინაშე შემარცხვენს,მგონი უკვე გაიცანით რა ჩიტიც არის,ასე რომ ისევ ნაცად ხერხს მივმართე. -რომ არ ვიცი და მაინტერესებს,ეს კითხვაც იმიტომ დავსვი. -მივახალე. -რაღაც მაინც ხომ უნდა გაგეგო,რადგან ამ თემით დაინტერესებული ხარ?! რითია ეს სამი სამზარეულო შენთვის ასეთი განსაკუთრებული? -არ დამნებდა და თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა. -გისმენ,თითო კერძი სამივე სამზარეულოდან. ხმა ვერ ამოვიღე. -მგონი სათქმელი აღარაფერია. -ჩაილაპარაკა და მზერა დანარჩენებისკენ მიმართა. -ახლა თქვენს ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ და აგიხსნით,რატომ მაინც და მაინც - ფრანგული,იტალიური და ჩინური სამზარეულო. იტალია განთქმულია საუკეთესო თევზით,ფქვილითა და ზღვის პროდუქტებით მომზადებული საკვებით,ამ სამზარეულოს სანელებლებიც განსაკუთრებულ ელფერს სძენს. იტალიურ საკვებში მთავარი - ინგრედიენტებია,რომლებიც აუცილებლად ფრეში უნდა იყოს. მისი შესწავლის დროს ბევრ მსგავსებას აღმოაჩენთ ქართულთან და კიდევ ერთი,დაიმახსოვრეთ,რომ იტალიური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საუცხოოა მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება ფრანგულს. ფრანგული კერძები სხვა, ძალიან ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული. ასე რომ,თუ ამ კუთხეს იცნობთ, მრავალი სხვა სამზარეულოს კარი ავტომატურად იხსნება თქვენთვის. და ბოლოს,ჩინური - იგი მსოფლიოში აღიარებულია,ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ,რთულ და მრავალფეროვან სამზარეულოდ. ჩინელებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფერი,გემო და სურნელი,არამედ სერვირებაც. ეს ყველაფერი კი,როგორც ხედავთ, ბევრ სხვადასხვა კომპონენტს აერთიანებს. ვფიქრობ,თქვენთვის უცხო და ეგზოტიკური შესასწვავლია. თორნიკემ თხრობა ისეთივე მშვიდი ტონით დაასრულა,როგორითაც დაიწყო და მერე უცბად ხმას აუწია: - ვინმეს ხომ არ გაქვთ პრეტენზია? თუ ასეა,თქვენს სურვილებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. ხმა არავის ამოუღია. მშვენიერია! პირველივე დღეს შტერად გამომიყვანა. აწითლებული და ალმურ მოდებული ვიდექი ჩემს ადგილას და იმ წამს ვიაზრებდი,რომ ამ ეშმაკის მოციქულთან დაპირისპირება,მით უმეტეს მასზე გამარჯვება,ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. აფციაური საკუთარ ადგილს დაუბრუნდა, თეოს რაღაც უჩურჩულა,გოგომაც პასუხი გასცა,შემდეგ კი თორნიკემ ისევ დაიწყო საუბარი. -პირველი სამზარეულო - ფრანგული. მოხალისე დამჭირდება. უსიამოვნოდ გამცრა ტანში. -ლანა გამოვიდეს! -დასჭექა თორნიკეს ხმამ. თითით მანიშნა გამოდიო,ძალიანაც არ მინდოდა მისი ბრძნანებების შესრულება,მაგრამ სხვა გზა არ იყო. მორიდებულად დავტოვე ჩემი ადგილი და თორნიკესა და თეოს დავუდექი წინ. -დავიწყოთ ყველაზე მარტივითა და ცნობილით. დღევანდელი დღის კერძია - ხახვის წვნიანი. რეცეპტი ყველა თვენგანს გიდევთ მაგიდაზე. მე ლანასთან ერთად დავიწყებ მომზადებას,თქვენ კი ეცადეთ ყველაფერი ისე გაიმეოროთ,როგორც ჩვენ გავაკეთებთ,ჯერჯერობით ექსპერიმენტები არ გვინდა. აფციაურმა ფურცელზე დაწერილი რეცეპტი გამომიწოდა. თხელი,თლილი და მოვლილი თითები ჰქონდა. ძალიან დაჟინებით მიყურებდა და როგორც კი ფურცელი გამოვართვი,მაშინვე დაუბრუნდა მაგიდას. -ინგრედიენტები აქ არის. დავიწყოთ! -თქვა მკაცრად და დაიწყო. -პირველ რიგში ხახვი ალყა-ალყა უნდა დავჭრათ. ლანა,შეგიძლია ხახვის გაფრცქვნა და დაჭრა დაიწყო,დანარჩენებმაც იგივე გაიმეორეთ. ხახვი დაჭერიო! მიდი და დაჭერი თუ მაგარი ხარ. თან რაღაც განსხვავებულად თეთრი ფერის ხახვია,მაგარი და ძლივს იფრცქვნება. სანამ ამ უჯიშო ბოსტნეულს,თუ შეიძლება საერთოდ ბოსტნეული ეწოდოს, კანი მთლიანად გავაცალე,თვალები ცრემლებით ამევსო. სხვებს გადავხედე და სანამ მე ერთ ცალს ვებრძოდი,ზოგს ორი და ზოგსაც სამი ჰქონდა გარჩეული. დანარჩენი თეომ შემომაშველა ღიმილით. -გამომართვი და დაჭრა დაიწყე. -მითხრა გოგომ თბილად,თუმცა ვინ გაცადა? -მარტო რომ იქნება სამზარეულოში,იქაც შენ ვერ დაეხმარები,თეო. სწრაფად უნდა იმუშაო და ასეთ დეტალებში დრო არ დაკარგო. -მითხრა მშვიდად. თავისი გრძელი ეშმაკის რქები ყველგან რომ არ ჩაყოს,არ შეუძლია, ხო? აფციაური მაგიდებს შორის დადიოდა და რამდენიმეს ნამუშევარიც შეუქო. ოფლში ვიწურებოდი. ძნელი ყოფილა მზარეულობა. რამდენიმეჯერ გულში ავად გამკრა,აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ-მეთქი,მაგრამ თავს ვიწყნარებდი,პირველი დღე გადალახე,ხვალიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება-თქო. ამ თეთრებში გამოწყობილმა ლუციფერი მოსვენება არ მომცა, კარაქის ტაფაზე დადებისასაც კი შენიშვნა მომცა და სიმართლე რომ გითხრათ,თავს ძლივს ვიკავებდი ღვინის ბოთლი პირდაპირ იმ ხის თავში არ ჩამერაკუნებინა. გაჭირვებით და ვაი-ვაგლახით კერძი დავასრულეთ. დაგემოვნების დროც მოვიდა და აფციაურმა ბოროტი ღიმილით მოიმარჯვა კოვზი. -ხახვი დამწვარია,კონიაკიც ზედმეტი მოგსვლია და ყველსაც დაბრწვა აკლია,მაგრამ პირველი მცდელობისთვის არა უშავს. როლები გავცვალეთ? ამას სამი თვე როგორ უნდა გავუძლო?! შარში ვარ! * * * -აბა რა გეგონა პროფესიონალ მზარეულს რომ წამოუსკუპდი კურსებზე? -დამცინა ქეთომ მეორე დღეს,როცა გუშინდელი ამბები დეტალებში მოვუყევი. -რა გინდოდა,რამ არ მოგასვენა? შარს ეძებ სულ და აჰა,ინებე! იტანჯე ახლა სამი თვე. -რას დაიქოქე? -გავბრაზდი მე. -ერთხელ რომ მაჯობა,ეგ იმას არ ნიშნავს,რომ სულ დავუთმობ. ქეთო,ისე ვარ გაბრაზებული მაგის თავხედურ საქციელზე,არაფერი მაინტერესებს,გუშინდელი გამოხტომებიც ზედ დაემატა ჩემს მოთმინების ფიალას და აგერ უკვე აქ არის! -ხელით ყელზე ვანიშნე და ქეთოს უკმაყოფილო გამომეტყველებისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. -რა არანორმალური ხარ?! მაგ ბიჭს შენ ეჯიბრები და ტყუილად იშლი ნერვებს, რაში ხარჯავ ძვირფას დროს! -არ ნებდებოდა ქეთო. -კარგი,ტვინი ნუ შემიჭამე. შენ ის მითხარი, პაემანმა როგორ ჩაიარა. -რა ვიცი, კარგი ბიჭია. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. -ანუ მოგწონს ბექარი? -რა ბექარი? საიდან მოიტანე? -გაეცინა ქეთოს. -უფრო კარგად ჟღერს. აბა, ბექა ხო ყოველ მეორეს ჰქვია? -ავყევი მეც. -იმედია თუ შეხვდები, მაგას არ დაუძახებ! -რა თქმა უნდა,დავუძახებ. უნდა შეეჩვიოს ჩემს იუმორის გრძნობას, დაქალის უჟმურ შეყვარებულს ვერ ავიტან! * * * ქეთოსთან შეხვედრის შემდეგ მაღაზიებში წოწიალი გადავწყვიტე. ჩვევა მქონდა ასეთი,მაშინაც კი,როცა მაგვიანდებოდა,ერთი ნაბიჯის შედგმა ნებისმიერ მაღაზიაში და დროის შეგრძნებას ვკარგავდი. ორი სისუსტე მქონდა. ჭურჭელი და საკანცელარიო ინვენტარი. ჭურჭელსა და ბლოკნოტებს ვაგროვებ ბავშვობიდან. ორი რადიკალურად სხვადასხვა გატაცებაა. ჩემი ოთახი გამოუყენებლი ბლოკნოტებით არის სავსე და დედაჩემის სამზარეულო ნაირ-ნაირი,ფერადი ჭურჭლით,მაგრამ საკმარისი არასდროს არის. ამჯერადაც ისე შევიჭლიკე ჭურჭლის ერთ-ერთ ძვირადღირებულ მაღაზიაში,საერთოდ არ შემიხედავს ვიტრინაში გამოფენილი ანტიკვარიატისთვის. ასეა,სადაც შენი ადგილი არ არის,იქაურობას არ უნდა მოედო! შევედი თუ არა,თვალი ულამაზესმა თეფშების სერვისმა მომწყვიტა. თეფში თხელი,თუმცა მძიმე აღმოჩნდა და სანამ ხელში ვატრიალებდი,მის უბადლო ყვავილებს სიყვარულით დავცქეროდი,უკნიდან ნაცნობმა ხმამ შემაკრთო. ზუსტად ეს ხმა იყო გუშინ მთელი საათი ფიფქიას ბოროტი დედინაცვალივით,რომ დამჩხაოდა თავზე. „ვინ არის ამ ქვეყნად ყველაზე ცუდი მზარეული?“ „ლანა,ლანა!“ „ვის ხახვს ასდის ასეთი საშინელი სუნი?“ „ლანასას!“ ქვეცნობიერი ნამდვილად მეკაიფებოდა და მეც ისე შევიჭერი როლებში,პირდაპირ იქვე ამიტყდა სიცილი. თორნიკემ ჩემს ხმაზე კონსულტანთან საუბარი გაწყვიტა და ტანით ჩემკენ მოტრიალდა. სახეზე გაკვირვება გამოესახა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა ჩემკენ. დიდი და მძიმე თეფშით გულზე ახუტებული გახევებული ვიდექი თაროსთან და გულში საკუთარ თავს ვლანძღავდი,რომ სიცილის შეკავება ბავშვობიდან არ შემიძლია. ამაზე გამახსენდა, სიცილის ვერ შეკავება ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი რამაა,ხალხო. ამის გამო ყველა გაკვეთილსა და ლექციაზე მხვდებოდა. ჩვენი დამრიგებელი გათხოვდა,მაშინ მეათე კლასში ვიყავით და ქორწილშიც საპატიო სტუმრების სახელით აღმოვჩნდით. მე და ამიკო შემოსასვლელში კიბეებთან ვიდექით და ჩვენთვის დავცინოდით სათითაოდ ყველა სტუმარს, როცა სიძის ერთ-ერთი ნათესავი მოვიდა დასალაპარაკებლად. გვაქებდა ეს კაცი და მადლობებს გვიხდიდა ასე რომ დავაფასეთ დამრიგებელი და მისი ბედნიერების თანამონაწილეები გავხდით. უბრალოდ,ერთი დიდი პრობლემა იყო. ლაპარაკისას იმხელას იფურთხებოდა,ამიკო ყოველი მისი სიტყვისას თვალებს ნერვულად ხუჭავდა და უკან-უკან მიდიოდა,რომ როგორმე მისი დორბლებისგან თავი გადაერჩინა. მისი რეაქციების შემყურემ,თავი ვეღარაფრით შევიკავე და ისეთი კაკანი ავტეხე,ქორწილი კი არა,მეზობელი რესტორნებიდან წყალს მაწვდიდა ხალხი. მოკლედ,იქ გავჩერდი,რომ სიცილის შეკავება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო თვისებაა. ამასობაში კი აფციაური ამესვეტა წინ და ყურადღებით შეათვალიერა ჩემ ხელებში ჩაბღუჯული თეფში. -ლანა,გამიკვირდა შენი აქ ნახვა. -მეც,შეფ! არ გელოდით აქ. -ნერვულად გავიცინე. -რატომ არ მელოდი,ჭურჭელი ჩემს პროფესიასთან პირდაპირკავშირშია. -გაეცინა მასაც. - და სკოლის გარეთ „შეფს“ ნუ დამიძახებ,არ მიყვარს ოფიციალურობა. -კარგი,შეფ! -წამომცდა მე და ჩემი დაბნეული მზერა თორნიკეს აწეულ წარბს შევაგებე. - კი არა და,თორნიკე. -ხელში რა გიჭირავს? -ჭურჭლის შეგროვება ძალიან მიყვარს და ხანდახან ვათვალიერებ ხოლმე. -კარგი გემოვნება გქონია. ანუ, კუზნეცოვის ფაიფური მოგწონს? რა მოგწონსო??? ქვეცნობიერმა კიდევ ერთხელ იკივლა და ახლა მართლა ძლივს შევიკავე თავი,რომ სიცილი არ ამვარდნოდა. გაგიკვირდებათ და შევძელი,შიგნიდან მოჭმული ტუჩების ხარჯზე. -მე ჩვეულებრივ,ლამაზ ჭურჭელზე გელაპარაკები. მთლად კარგად ვერ ვერკვევი ანტიკვარიატში. -უხერხულად გავუღიმე ყურადღების გადასატანად. -მაშინ, არასწორი მაღაზია აგირჩევია. აქ თითქმის ყველაფერი ძველია,თუ ვერ ერკვევი არც ღირს რამის ყიდვა. -გულგრილად მითხრა თორნიკემ და თეფში ამართვა. -იქნებ და ვერკვევი? -თვალები თეფშს გავაყოლე,ამჯერად თორნიკეს გრძელ თითებს შორის რომ ნებივრობდა. -რა მასალაა? -თეფში ხელში შეათამაშა და თვალი გამომწვევად გამისწორა. -ფაიფური, რა თქმა უნდა. -ნერწყვი ნერვულად გადავყლაპე. თორნიკეს გაეცინა. -კუზნეცოვი ხომ ისეც ფაიფურია. -აბა თუ იცი,რაღას მეკითხები? გამოცდაზე კი არ ვარ! -აღმომხდა ვითომ აღშფოთებულს და იმის იმედით,იქნებ თავი დავიძვრინო თქო,ძალიან გაბრაზებული სახე მივიღე. -ნუ ბრაზობ. -აფციაურს ფართოდ გაეღიმა. ოი,ოლიმპოს ღმერთებო! ეს რა იხილა ჩემმა ორმა ცისფერმა,ლამაზმა თვალმა? ნუთუ ამ ყმაწვილკაცის ბაგეები ღიმილმა გახსნა? იმდენად დამაბნია მისმა სიცილმა,თვალები შუბლზე ამივიდა. -თეფშს არ დამიბრუნებ? -რატომ,უნდა იყიდო? -დიახ,უნდა ვიყიდო,ხომ გითხარი მიყვარს ჭურჭლის შეგროვება. -მეც რომ მომწონს? -ჩემდა გასაკვირად ისევ გაიღიმა,ოღონდ ამჯერად ირონიულად და აქ მეც წითელი სირენები ჩამერთო გონებაში. ეს რა,მეღადავება? -შენ გიჟი ხარ,თუ რა გინდა? -ავუწიე ტონს და წინ გამომწვევად გადავუდექი. -მაინც და მაინც იმ ნივთებს რომ არ ეცე,რაც მე მომწონს,არ შეგიძლია? თორნიკეს სახეზე გაკვირვება გამოესახა და უხერხულად დაიწყო აქეთ-იქით ყურება. -რატომ ყვირი? -რატომ ვყვირი და დისკი რომ წამგლიჯე ხელებიდან არ გეყო და ახლა ამ თეფშს მართმევ,ხო? ვერ მოგართვი! ტონისთვის არ დამიწევია ისე მივახალე ყველაფერი პირში და როცა გავიაზრე,რა ვქენი,მაშინვე ტუჩზე ვიკბინე. მაშინაც კი არ დავბნეულვარ,ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა, ლალი ჯანჯიბუხაშვილმა საკონტროლოს გადაწერის დროს რომ გამომიჭირა. სხარტად ვუთხარი „შპარგალკა“ თომა ფაცაციას პენლიდან გადმოუვარდა-მეთქი. თომა ცნობილი ოროსანი იყო ჩვენს კლასში და საკონტროლოებზე ისე მშვიდად და უდარდელად ეძინა ხოლმე,ჯანჯიბუხაშვილს ეჭვიც არ აუღია. მეტიც,თომა არც კი გააღვიძა და ასე გამოვძვერი. ჰოდა,ეს ამბავი იმას მოვაყოლე,რომ თქვენთვის მეკითხა, რატომ ვიბნეოდი მაინც და მაინც თორნიკე აფციაურის წინ??? ისე,ჩვენში რომ დარჩეს, ღმერთმა ეს უჟმურობისა და გაუცინარობის ბუკეტი ასეთი სილამაზით რატომ დააჯილდოვა? თორნიკეს უეცრად წარბები გაეხსნა და იმ დღეს უკვე მეორედ, სიცილი აუტყდა. -ღმერთო! შენ ხარ. რაც კულინარიულ სკოლაში დაგინახე,მას შემდეგ მეცნობი და ვერაფრით გაგიხსენე საიდან. (თქვენი აზრით,ახლა რომ ვუთხრა,შენი მანქანის ნომერი დავიმახსოვრე,ჩემს ჰაკერ მეგობარს შენი მონაცემების ბაზაში მოძიება ვთხოვე,შენს კურსებზე სპეციალურად ჩავეწერე და ამჟამად გეგმებს ვადგენ,როგორ გაგიმწარო ცხოვრება-მეთქი,შეეშინდება?) -შენ იყავი დისკების მაღაზიაში რომ გამლანძღე,ხო? -ისევ იცინის. -მე ვიყავი და საფუძვლიანადაც გაგლანძღე,დამიბრუნე ახლა თეფში! -მაშინ ვიფიქრე,ვინ არის ეს ორი წლის ბავშვი-მეთქი და ახლაც იგივე უნდა გითხრა. -მე ვარ ორი წლის ბავშვი? ძმის საჩუქარი თვალწინ ამაცალე და არც მეჩხუბა? -გულწრფელად გამიკვირდა. -კარგი,რაც იყო,იყო. ბოდიშის მოსახდელად ამ თეფშს შენ დაგითმობ. -მითხრა ღიმილით და თეფში გამომიწოდა. რა თქვა? გაიგეთ რა თქვა? ბოდიშიო? ბოდიშს მიხდის? წამიერად ისეთ დამნაშავედ და ფსიქოპატად ვიგრძენი თავი ჩემი გეგმის გამო,პანიკური სიცილი ამიტყდა. -იცი რა? გადავიფიქრე,ეგ თეფში შენ გქონდეს,აღარ მომწონს. -საცოდავად ჩავიცინე და უკან-უკან დავიხიე. -იცი,მე უკვე წავალ. არ გენდომება კურსებზე დამაგვიანდეს, ასე რომ... -ლანა! -დაბნეულად დამიძახა. -წავალ,თეფშისთვის მადლობა არ ღირს. -ლანა,ფრთხილად! -მიყვირა აფციაურმა,მაგრამ გვიანი იყო. ზურგით პატარა მაგიდაზე ლამაზად გაწყობილ ჩაის სერვისს დავეტაკე და რამდენიმე ჭიქა თავისი თეფშიანად ძირს დავარდა. რამდენიმე წამში მიწა წვრილი ნაფშხვენებით გაივსო,თავზე კი ორი კონსულტანტი დამადგა ძალიან გაბრაზებული სახით. ვინატრე,ოღონდ აქედან გავქრებოდე,თორნიკეს ღიმილნარევი ირონიული სახე აღარ დავინახო და არც ის კონსულტანტები მიყურებდნენ ბინ ლადენივით-მეთქი,მაგრამ ფაქტი იყო,რამდენჯერაც არ უნდა დამეხამხამებინა თვალები,ჩემი ლოკაცია არ იცვლებოდა და შერცხვენილი,აწურული და დაპატარავებული ვიდექი უცვლელ ადგილას. * * * ცხოვრებაში სულ ორჯერ შემრცხვა რაღაცის ასე ძალიან. ერთხელ, მე და ქეთომ აღდგომას იმდენი დავლიეთ,რომ ქეთო გაითიშა და სრული ნახევარი საათი გული ერეოდა. დედაჩემი ედგა თავს და უვლიდა. იმით ამაყი,რომ მთელი სამი ლიტრა ღვინო შემერგო და ქეთოსავით ბრძოლის ველზე არ დავცემულვარ, თურმე ტრუსიკიანი გავტანტალდი ჩემს ძმასთან და მამაჩემთან სიტყვებით: „ვაჟკაცი გყავართ-მეთქი“,მაგრამ სულ ტყუილად,როგორც კი დედაჩემმა საწოლში დამაბრუნა,მეც მაშინვე ამერია გული და ქეთოსაც ცოტა მოეშვა. მეორე შემთხვევა ეს იყო,ფაიფურის ჭურჭელი რომ დავლეწე ძალიან ძვირადღირებულ მაღაზიაში თორნიკე აფციაურის წინ. -ლანა, ასეთი რამეები სულ შენ როგორ გემართება? -ხარხარებდა ლანა, როცა მომხდარი მოვუყევი. -ნუ იცინი, არაა სასაცილო! იცი როგორ შემრცხვა? -მერე რა მოხდა, რა ქენით დამსხვრევის მერე? -გადახდას ვაპირებდი, მაგრამ წინ გადამიხტა მე გადავიხდიო, მეც თავი გავიგიჟე,ბოლოს შევთანხდმით და გავიყავით. -რამდენი დაგიჯდა ეგ საყვარელი ორ ჭიქიანი სერვისი? -გაიცინა ქეთომ და ჭურჭელზე მიმანიშნა. -არ გამახსენო,ქეთო,ლამის ნახევარი ხელფასი მივათხლიშე. მეტირება! -ისე საყვარელი ყოფილა ეგ შენი აფციაური,რას ერჩი? -მითხრა და წარბები ეშმაკურად აათამაშა. -შემეშვი რა, ქეთო. ისეც ნერვები მეშლება, ყველაფერი იდიოტობა მე უნდა დამემართოს. -ალბათ იმიტომ,რომ შენც იდიოტი ხარ. -მადლობა, რა უცბად იცი ხოლმე ჩემი დაწყნარება. -გამეცინა მის რეპლიკაზე. კაფეში ბექა შემოვიდა, ხელი სასაცილოდ დაგვიქნია და მალე ჩვენს მაგიდასთან გაჩნდა. ქეთო ნაყინივით ჩამოდნა და შაქარივით მოტკბა. ისე ინაზებოდა, თითქოს წეღან ვიღაც სხვამ გამლანძღა. -ქეთო,ძაანაც ნუ ინაზები, ადრე თუ გვიან ხომ დაინახავს შენს სახეს? -ენას ამოგაცლი, წესიერად მოიქეცი და ის იდიოტობა სახელი არ დაუძახო, თორემ მაგრად გცემ. -კბილებში გამოსცრა და ბექას შეეგება. -როგორ ხართ, გოგოებო? -გაგვიღიმა ბექამ და ჩვენს წინ ჩამოჯდა. -შენ როგორ ხარ,როგორ მიდის ვიდეო თამაშების ამბები? - ისე ვიკითხე, გეგონება რამე გამეგებოდა ან დისკების და ან საერთოდ, ამ ბიზნესის. -ყველაფერი კარგად არის, შენი გეგმა როგორ მიდის,ლანა? -მკითხა ბექამ,მაგრამ რომ მიხვდა რა წამოაყრანტალა, შეშინებულმა გადახედა ქეთოს. ასეა გენაცვალე! გგონია დაქალი გყავს, გამოჩნდება ვიღაც ბიჭი და ისე გიღალატებს მეგობარი, გონზეც ვერ მოხვალ. ქეთოს ისე ვუყურებდი,ლამის მაგიდის ქვეშ შეძვრა,ბექას ცალკე არეოდა სახე შეწუხებისა და სირცხვილისგან. -ყველაფერი მოუყევი, ხო? -ვერ მოვითმინე, ბოდიში. -უხერხულად და ძალიან საცოდავად გამიღიმა ქეთომ. იცოდა რაც ელოდა მარტოდ დარჩენილს. -კარგი, არ ვბრაზდები,მაგრამ დაცინვები და მერე სხვებთან ამაზე ლაპარაკი არ იყოს,კარგი? -თითი დავუქნიე ბექას. -სამარე ვარ! პირიქით, თუ რამეში დაგჭირდეს დახმარება, ხომ იცი აქ ვარ! -გაეცინა ბექას და კუთვნილი ფორთოხლის წვენი მოსვა. -კარგი ბიჭი ხარ შენ,ბექარ! -ამჯერად მე ვიკბინე ენაზე. ბექას მოულოდნელად წვენი გადასცდა და ისეთი ხველა აუტყდა, სახეზე სულ გადაწითლდა. ქეთო ბრაზისგან კბილებს კრეჭდა და მეც გულში ლოცვა დავიწყე, რომ როგორმე ამ სიტუაციიდან მშვიდად გამოვძვრალიყავი. მერე ის მოხდა, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. -შენ რა იცი,რომ ბექარი მქვია? -გვკითხა ბექამ,როცა სული მოითქვა. ელდა მეცა, ქეთო გაშრა და სახეზე მიტკლისფერი დაედო. შოკიდან გამოვედი და აქ კი ნამდვილად მიმტყუნა მოთმინებამ,ჩემი ხარხარი ქვეყანას ესმოდა. -რაო? შენ რა,მართლა ბექარი გქვია? -თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდდი. -შენ რა იცი? - გაოცება ჯერაც ვერ დაემალა ბექას. -რა ბექარი? არსებობს ეგ სახელი მართლა? - საცოდავად ამოიკნავლა ქეთომ. ბექა დაიბნა და სათქმელს თავი ძლის მოაბა. -მოსკოვში დავიბადე მე და სამშობიაროში შეეშალათ,ბექას მაგივრად, ბექარი დაწერეს. ლანა,შენ რა იცოდი,ყველაფერს გაფიცებ,მეც მომძებნეთ? - გაგიჟდა ბიჭი. -ვაიმე,არა! დედას გეფიცები ეგ სახელი მე მოვიგონე და სულ არ მეგონა,საერთოდ ვინმეს თუ ერქვა. ბექა, ბოდიში რა,მართალს გეუბნები! -კარგი,მჯერა,მაგრამ რანაირად?! ღმერთო,რა შეშლილი ვინმე ხარ. - აღმოხდა ბექას და ამჯერად შედარებით მშვიდი სახით დალია წვენი. მთელი დღე მეცინებოდა. შეიძლება ასეთი დამთხვევები საერთოდ ხდებოდეს? მაგრამ როცა საქმე ჩემნაირ არანორმალურთან გაქვთ,ყველაფერი შესაძლებელია. ქეთო ძლივს შემოვირიგე, სულ გიჟი და პათოლოგი მეძახა. არა, მე რა შუაში ვარ მის სატრფოს თუ შემთხვევით ბექარი ჰქვია? არადა,მშვენიერი სახელია. უცხო და თან სახელს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანია კარგი. აბა, აფციაურს კი ჰქვია თორნიკე,მაგრამ რა ხეირი?! მოკლედ, ნელ-ნელა შევნიშნე,რომ საქმე სულაც არ მიდიოდა ისე,როგორც დავგეგმე. აფციაურმა ჭურჭლის მაღაზიაში ბოდიშივით რაღაც კი ამოთქვა,მაგრამ მაინც ეგოისტურად მინდოდა მის ნერვებზე მეთამაშა და გაჩერებას საერთოდ არ ვაპირებდი. მართობდა ეს სიტუაცია და ჩემი დამოკიდებულება კულინარიული სკოლის მიმართ. ახალი ხალხი გავიცანი,მეგობრები შევიძინე, თან შესაძლებლობა მქონდა საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი და გამოცდილი მზარეულის ნერვებზე მეთამაშა და რატომ არ უნდა გამომეყენებინა შანსი? საღამოს სკოლაში ირაკლიმ მიმიყვანა და დამიბარა უკანაც მე წამოგიყვანო. ბედნიერი და ამავე დროს ბოროტული ღიმილით შევედი ჩვენს სამზარეულოში და კუთვნილი ადგილი დავიკავე. ნელ-ნელა ყველა შემომიერთდა. ამჯერად თეო აგვიანებდა და როცა აფციაური შემოვიდა ოთახში, ახსნა თანაშემწის გარეშე დაიწყო. -ბავშვებო,დღეს შედარებით მარტივი დღე გვექნება და ფრანგულ ტოსტს მოვამზადებთ კრემ-ბრიულეთი. დღევანდელი დღის მოხალისე კი - ლიკა იქნება. ლიკა მხიარულად გავიდა და თორნიკეს მიუდგა გვერდით. -პირველ რიგში, ჯამში მოათავსეთ საჭირო ინგრედიენტები და მომზადება დაიწყეთ. მშვიდად ვაკეთებდით ყველა ჩვენს საქმეს. ყველაფერი წესების მიხედვით შევასრულე და კრემის მასაც რაღაცას დაემსგავსა. კარი თეომ შემოაღო და დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა, ამ დროს თორნიკემ დრო იხელთა, ლიკა მას გადააბარა და თვითონ მაგიდებს შორის დაიწყო ჩამოვლა ჩვენი ნახელავის შესამოწმებლად. ჩემს მაგიდასთან შეყოვნდა, ჩემი კრემი შეათვალიერა და მერე ღიმილით ჩუმად მითხრა: -ეგ ჭურჭელი ძალიან მარტივად მსხვრევადია, ხომ იცი? ჭურჭლის მაღაზიაში მომხდარი ინციდენტი გამახსენდა და სირცხვილისგან ისევ გადამკრა სიცხემ სახეზე. -ანუ, რას მეუბნებით, რომ გესროლოთ თქვენამდე ვერ მოაღწევს? -გავუღიმე ირონიულად. თორნიკეს გაეცინა და განაგრძო: -ნუ,საშინელი მზარეულო რომ ხარ, ეგ უკვე დავადგინეთ, მოუხერხებლობაც მესმის, მაგრამ აგრესიულობა რაღა საჭიროა? აგრესიულობას განახებ-მეთქი,გავიფიქრე. მიქსერი ისევ ჩავრთე,მერე ჯამიდან სწრაფი მოძრაობით ამოვიღე და პირდაპირ აფციაურის მიმართულებით მივმართე. აპარატი რამდენჯერმე დატრიალდა და ზედ შერჩენილი კრემი თორნიკეს თეთრ ფორმასა და სახეზე აღმოჩნდა. -ვაიმე, რა მოუხერხებელი ვარ. მაპატიეთ რა! - აღმომხდა თეატრალურად და მიქსერი თავის ადგილას დავაბრუნე გამარჯვებული სახით. თორნიკემ სიმწრით ამოიგმინა, ბრაზით ამომხედა და შემდეგ მაგიდაზე ხელსახოცების გროვას დაავლო ხელი. -ამას რომ თავხედობა ჰქვია, იცი? - მკითხა ღრენით. -კეთების პროცესში, მზარეულის ნერვებზე თამაშსაც თავხედობა ჰქვია. - არც აქ დავრჩენილვარ ვალში. აფციაურმა კრემის მასა სახიდან მოიშორა და ხელები გადაიბანა. -გავაგრძელოთ,მეგობრებო. ისეთი არაფერი მომხდარა. -ამაზე მერე ვილაპარაკებთ! - გადმომხედა ისევ იმ „კრუელა“ სახით და ამჯერად ლიკასთან მიიჭრა. მთელი საღამო თვალებით მბურღავდა. ისე მაბნევდა მისი „ვერსად დამემალები,ამაზე პასუხს მაინც მოგთხოვ მზერა“,რომ ყველაფერი გამიფუჭდა,რისი კეთებაც დავიწყე. კრემი ორჯერ ამეჭრა და ბრიოშიც ცოტა დამეწვა. მოკლედ,ასე თუ ისე, ჩემს დესერტს საბოლოო სახე მივეცი. ამჯერად თორნიკეს მაგივრად თეომ გასინჯა და მითხრა,არაუშავსო. ნუ,რას ვიზამთ, როგორც გამომდის, ეს არის. ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას ნუ მომთხოვთ რა! როცა ყველაფერი დავამთავრეთ,ისე სწრაფად ავორთქლდი იქიდან, თორნიკეს ჩემი ძებნა კარგა ხანს მოუწევდა. კართან ირაკლი დამხვდა და ამასობაში ჩემი „კოლეგებიც“ გამოვიდნენ შენობიდან. აფციაური არსად ჩანდა, ცოტა მომეშვა. მანქანაში ვჯდებოდი, რომ შევნიშნე ირაკლი გაფაციცებით ათვალიერებდა ვიღაცას. -ეე, ტუგადუმო, ის გოგო ვინ არის? - მანიშნა ლიკაზე. -ჩემი ჯგუფელია - ლიკა, რა იყო? -გამაცანი რა! -გამეკრიჭა ირაკლი. -კარგი გოგოა, შენთვის არ მემეტება. -უნამუსო ვიყო, დედას ვეტყვი, რომ უთო შენ გაუფუჭე! - დამემუქრა ირაკლი. -ღმერთო, რა „შპილკა“ ხარ? ბავშვობაშიც ეგეთი იყავი, ენაზე არაფერი გიჩერდებოდა! -ლანა,ეგ შენ იყავი! მთელი ბავშვობა ყველგან მაბეზღებდი. - მობეზრებული ტონით მითხრა ირაკლიმ. -უი, ხო, ეგეც მართალია. -როდის გამაცნობ? -ვაიმე, შემდეგზე რომ მოხვალ,გაგაცნობ, ახლა უკან ხომ არ გავეკიდები?! -შენც უცბად არ დაეწიო რა! -ახარხარდა ჩემი ძმა და მანქანაში ჩაჯდა. * * * ორი კვირა ისე გაილია, რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. ნუ, იმას თუ არ ჩავთვლით,რომ მთელ ჩემს ფანტაზიასა და ძალებს ვიყენებდი თორნიკეს ნერვების მოსაშლელად. ხან „შემთხვევით“ მეყრებოდა მთელი ქილა მარილი ჩემს მომზადებულ კერძში და მისი დაგემოვნების დროს თორნიკეს სახეებზე ვხალისობდი. ხანაც, ჩემდა უნებურად მივარდებოდა ჭიქა ხელიდან და წყალიც მართლა შემთხვევით ესხმებოდა თორნიკეს მოვლილ ფეხსაცმელებს. ერთხელ გაჭ....ტილი პომიდორიც გაუაზრებლად შევასხი შეფს ფორმაზე. ძალიან მომწონდა ეს თამაში, თორნიკესთან ურთიერთობა. თუ შეიძლება საერთოდ ამას ურთიერთობა დაერქვას. მესამე კვირა ახალი დაწყებული იყო. მეორე სამუშაო დღეს ჩემივე ქარაფშუტობის გამო, კულინარიულ სკოლაში მთელი ნახევარი საათით დამაგვიანდა. თავიდან ვფიქრობდი, საერთოდ აღარ მივალ,რაღა აზრი აქვს-მეთქი, მაგრამ მერე მისვლის და თორნიკესთვის ზედმეტი კითხვების დასმისა და თავის მობეზრების იდეამ იჩინა თავი და რთული გამოსაცნობი არ არის რომელი ავირჩიე. ოთახში შესვლისთანავე, თორნიკემ საყვედურნარევი მზერა მომაპყრო, ჩემი ბოდიშისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მეც ჩემი ადგილი დავიკავე. -დაგვიანება რომელ დისციპლინარულ წესებში წერია, ლანა? -მკითხა ირონიით. -ბოდიში,შეფ, მეტად აღარ განმეორდება. - მსუბუქად გავუღიმე და წინსაფარი გავიკეთე. რამდენიმე წამში ჩემთან თეო გაჩნდა, კერძის მომზადების წესები და პრინციპი ამიხსნა და ის ნაბიჯებიც, რაც გამოვტოვე ჩემ მაგივრად გააკეთა. მადლიერების სანაცვლოდ გავუღიმე და ჩემი საქმე გავაგრძელე. თუმცა, იმდენად კარგ ხასიათზე ვიყავი, რომ ჩემ გვერდით მდგომი ლიკაც ავიყოლიე და ერთად ვღლაბუცობდით. აფციაურმა რამდენჯერმე გამაფრთხილებელი ტონით გამომხედა და მზერითაც მაგრძნობინა, ეს ამბავი კარგად არ დაგიმთავრდებაო, მაგრამ მე რისი მე ვიყავი, დროულად რამეზე შევჩერებულიყავი. მალე ჩვენი კისკისი მთელ ჯგუფს გადაედო და თორნიკემაც თავი ვეღარ შეიკავა, იფეთქა. -ლანა, გამოდი და ლაშას მაგივრად კერძი დაასრულე. -დასჭექა შეფმა და მის ხმაზე ყველა გაიყურსა. ალბათ ელოდებით, რომ ვიტყვი ღიმილი სახეზე შემეყინა და ძალიან გავწბილდი-მეთქი, მაგრამ არაფერიც, მხიარულად გავედი და ლაშას დავუდექი გვერდით. -აბა შენ იცი! -გამამხნევა ბიჭმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ლაშას დატოვებულ რეცეპტს დავავლე ხელი, საქმის ნახევარი გაკეთებული ჰქონდა, რაღა რჩებოდა? აფციაური ხელებში მეცა და ფურცელი გამომგლიჯა. -წესით, ეს რეცეპტი უკვე აღარ უნდა გჭირდებოდეს,ისე დაასრულე კერძი. -მითხრა ცივად. -ისე რანაირად დავასრულო? -გავიოცე მე და ფურცლისკენ წავიწიე, მაგრამ ამ უკანასკნელმა ურნაში ამოყო თავი სხვადასხვა გაფუჭებულ ინგრედიენტებთან. -არ მახსოვს რაღაც შტრიხები. -სიცილსა და კისკისს, ჯობდა კარგად გარკვეულიყავი რეცეპტში, სანამ კერძის მომზადებას დაიწყებდი. თუ არ იცი, როგორ დაასრულო კერძი, მიბრძანდი და როცა სერიოზულად იქნები განწყობილი კულინარიული სკოლისთვის, შემდეგ შეგიძლია დაბრუნდე. -მომახალა მკვახედ და შემდეგ ჯგუფს მიუბრუნდა. - იმედია გამეორება აღარ დამჭირდება, რომ აქ ღლიცინის ადგილი არ არის. სერიოზულად მიუდექით საქმეს, თუ არ გინდათ, რომ ლანას მიჰყვეთ. ადგილზე გავიყინე. ძალიან შემრცხვა. ვიგრძენი როგორ დამიარა ბრაზის ალებმა სახეზე და სიწითლემ წამომიარა, თუმცა არ მინდოდა შემმჩნეოდა. მშვიდად მოვიხსენი წინსაფარი და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე გასასვლელისკენ. ოთახი რომ დავტოვე და ქუჩაში გამოვედი, მაშინ ვიგრძენი მძაფრად გაბრაზება. სკოლაში ბავშვები რომ ძალიან გამაბრაზებენ ხოლმე და გარეთ „გასასეირნებლად“ ვუშვებ, ზუსტად ისე გამომაგდო აფციაურმა ოთახიდან, თან ყველას თვალწინ. თავი ძალიან დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვიგრძენი. შეშლილი სახით გავაჩერე ტაქსი და სახლში მისულს არავისთვის ხმა არ გამიცია. -რა ბზიკმა გიკბინა? - ირაკლიმ ოთახში შემომაკითხა და ორცხობილებით სავსე თეფში გამომიწოდა. -არაფერი, ნერვები მაქვს მოშლილი. - მივუგდე მკვახედ და თეფშიდან ერთ ცალ ორცხობილას დავწვდი. -ჰა, დაფქვი ახლა, თორემ გცემ! -შემეშვი რა, არ ვარ შენს ხასიათზე! -მართლა გეკითხები, რამე მოხდა? ხომ იცი, რომ ყველაფერი შეგიძლია მითხრა. -ირაკლიმ თავზე გადამისვა ხელი და მიმიხუტა. - გაწყენინა ვინმემ? იმ მომენტში ძალიან მომინდა მისთვის ყველაფერი მომეყოლა. ვიცოდი, გემრიელად წამითაქებდა თავში და კარგადაც გამომლანძღავდა,მაგრამ ამან ვერ დამაფრთხო და აფციაურის ნახვიდან ამ მომენტამდე, ჩემი გეგმის ჩათვლით, ყველაფერი მოვუყევი. ირაკლი ერთხანს გაოცებული იყურებოდა, ვერაფერს მივხვდი მისი რეაქციიდან, მერე უცბად სახე შეეშალა და აყვირდა. -გოგო, შენ გააფრინე? რითი ერთობი ამხელა გოგო? ხმა არ ამომიღია, გაბუსხული მივშტერებოდი ერთ ადგილს და ვუცდიდი როდის დაამთავრებდა ჩემი ძმა ისტერიკას. -ლანა, შენ გელაპარაკები-მეთქი! -რა გინდა, რა? -რას ნიშნავს,რა მინდა? რა სისულელე გაგიკეთებია, გვერდში შენზე ორი გრამით მეტი ტვინის მქონდე არავინ გყავდა, რომ გაეჩერებინე? ან საიდან გაარკვიე ამდენი რამე მასზე? - აგრძელებდა ირაკლი. თვალები ოდნავ მოვჭუტე და ტუჩის კუთხეებში ღიმილი შემეპარა. ირაკლის გაეცინა. -ამიკოს დაურეკე, ხო? თავი დავუქნიე. -მოეშვი,ლანა, მაგ სისულელეს. დროსაც ტყუილად ხარჯავ და ვერ ხედავ, რომ ნერვებიც გეშლება? -ეს ერთხელ იყო, მეტად აღარ განმეორდება. მაგას ვაჩვენებ სეირს! - გავიჭაჭე მე. -რაც მომიყევი, სულ შენ ხარ გაბრაზებული და ნაწყენი და იმას როგორ უშლი ნერვებს? - გაეცინა ირაკლის და თავში ოდნავ წამომარტყა. - მაქედან წამოდი,ლანა, იცოდე რამე შარს არ გადაეყარო. მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, კარგაც იცოდა, რომ მაინც არ გადავიდოდი ჩემს სიტყვას და ისე მოვიქცეოდი, როგორც მე მინდოდა. ასე რომ, ოთახიდან გავაბუნძულე და ახალი გეგმის მოფიქრებისას, თუ როგორ გამომეყვანა აფციაურ წყობიდან, ტკბილად ჩამეძინა. * * * მეორე დღეს სკოლაში პირველი მივედი და სანამ სხვები მოგროვდებოდნენ უკვე მზად ვიყავი, ფიზიკურადაც და მორალურადაც. ძალიან სასაცილო სანახავი ვიყავი ალბათ. უფროს კლასელებს მშობელთა კრებიდან დაბრუნებული მშობლები რომ სჯიან, ის კი მეორე დღეს კარგად იქცევა, ზუსტად ასე ვიყავი მეც. რამდენიმე წუთში ყველა შემოგვიერთდა და აფციაურმაც ისე დაიწყო ახალ კერძზე საუბარი, ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს. -მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო დღე გვაქვს. ყველასთვის ცნობილ და გემრიელ ფრანგულ მაკარონს მოვამზადებთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან გიყვართ ეს დესერტი და თუ ყურადღებით მომყვებით, უგემრიელესი გამოგივათ! -თორნიკეს ოდნავ გაეღიმა და მერე განაგრძო. - ერთი პატარა დეტალია, ზოგადად, მაკარონი ნუშის ფქვილით კეთდება, მაგრამ ამ ეტაპზე შევცვალოთ, ყველა საჭირო ინგრედიენტი რეცეპტში წერია, მოხალისედ ნათია გამოვიდეს და დავიწყოთ! თავში იდეა მომივიდა. ხომ თქვა ნუშის ფქვილი არ გამოიყენოთო, რა მოხდებოდა ზუსტადაც რომ ეს ინგრედიენტი გამომეყენებინა? დარწმუნებული ვარ, ვერაფერსაც ვერ მიხვდებოდა, მე კი საჭირო დროს წამოვაძახებდი ინგრედიენტების გარჩევა არ იცით და რატომ აგვიკრძალეთ მისი ხმარება-მეთქი. ვიცი, რომ სულელური გეგმა გგონიათ, მაგრამ მენდეთ, როცა რაღაცას გულით ვინდომებ, ყოველთვის ვაღწევ მიზანს. მთელი გულისყურით შევუდექი საქმეს, ორივე შეფს ყურადღების ვუსმენდი და ისე ვაკეთებდი, როგორც ამბობდნენ, ნუ იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ნუშის ფქვილი გამოვიყენე და მასა იმდენად კარგად ავურიე, რომ ვერავის ვერაფერი შეემჩნია. თორნიკე რიგებს შორის დადიოდა და ჩვენს ნახელავს ამოწმებდა, ჩემთან რომ მოვიდა, სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაჰკრა და გესლიანად მითხრა: -მგონი გუშინდელი დღე შენთვის კარგი გაკვეთილი იყო, კარგად გამოიყურება. საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე და საქმე გავაგრძელე. როცა ცომმა დასვენება მოასწრო და გამოსაცხობად უკვე მზად იყო,ღუმელი გავახურეთ და სულ რაღაც 15 წუთში ჩემი მაკარონებიც გამზადდა. თორნიკემ ნახელავი ყველას შეუქო და დასაგემოვნებლად დაიძრა. რამდენიმე შენიშვნა მისცა ბავშვებს, მაგრამ უმეტესწილად დესერტები მოეწონა და მაშ ასე, ჯერი ჩემზე მოდგა. თორნიკემ ერთი ცალი ჩაკბიჩა და ის იყო გამარჯვება უნდა მეზეიმა, რომ წარბები შეკრა და უცნაური გამომეტყველებით მომაშტერდა. -უცხო გემო აქვს, თან ნაცნობი. -მითხრა და უცბად წარბები შეკრა. - რამე დაუმატე? ჯანდაბა შენ თავს, შე გაბღენძილო, პროფესიონალო იდიოტო! -დიახ, მე... ლაპარაკი ვეღარ გავაგრძელე, თორნიკემ, რომელიც თავისი შეფის ფორმას კისერთან იხსნიდა და მაგიდაზე ხელებს აქეთ-იქით აფათურებდა, ძალიან დამაბნია. -რა... რა გჭირთ? - ვკითხე გაოგნებულმა. -შიგნით რა ... რა ჯანდაბა იყო მანდ? - ძლივს ამოიხავლა. -ნუშის ფქვილით გააკეთე? -ჰო, მე უბრალოდ განსხვავებულობა მინდოდა. -ვიცრუე მე და მთლიანად აწითლებულ თორნიკეს მივაჩერდი, ჯერაც ვერ გამეგო, რა ხდებოდა. -ჯანდაბა, თეო სასწრაფოში დარეკე! - ამოიგმინა თორნიკემ, ხელებით მაგიდის კიდეს მოეჭიდა და უცაბედად ჩაიკეცა. -თორნიკე! -აღმომხდა მე. ოთახში პანიკა ატყდა, აფციაურს ხელი შევაშველე და თავი კალთაში დავადებინე. მომენტალურად თეო გაჩნდა ჩვენთან, ცალ ხელში ტელეფონი ეჭირა და სასწრაფოში რეკავდა. ბავშვები გაოცებულები იყურებოდნენ და მე კი ჯერაც ვერ მოვსულიყავი გონს. -თეო, რა მოხდა, რა მოუვიდა? - ამოივკნავლე საცოდავად. -ნუშზე ალერგია აქვს! -მომახალა თეომ და თორნიკესკენ დაიხარა. * * * საავადმყოფოში მოუსვენრად ვცემდი ბოლთას და თან ცრემლები მცვიოდა. თეო სკამზე იჯდა და ნერვულად აბაკუნებდა ფეხებს. შეიძლება ადამიანი ასეთი სულელი და უიღბლო იყოს ერთდროულად? კინაღამ ადამიანი მოვკალი. ჩემი უაზრო და ინტრიგნული თამაშის გამო თორნიკეს რომ რამე მოსვლოდა, მერე რა ჯანდაბა უნდა მექნა? საავადმყოფოში ირაკლი და ქეთო შემოცვივდნენ. -ლან, რა მოხდა? ისეთი ხმით დამირეკე, მეგონა შენ გჭირდა რამე. - ქოშინით მითხრა ქეთომ და ჩამეხუტა. -ამას სჯობდა მე დამმართნოდა! -ამოვიკნავლე საცოდავად. -გოგო, აღარ იტყვი რა მოხდა? - იყვირა ირაკლიმ. -აფციაურმა გაგვაფრთხილა ცომში ნუშის ფქვილს ნუ გამოიყენებთო, მე კი სპეციალურად ის ვიხმარე, ალერგია ჰქონია და ახლა პალატაშია, ექიმს ველოდებით. ორივე გაოცებული მომაჩერდა, ნერვიულობისგან ფრჩხილები საერთოდ აღარ შემრჩენოდა და ახლა ესენიც რომ ჯალათებივით მიყურებდნენ, გული მომეწურა. -მითხარით რა რამე! -გოგო, შენ სულ გარეკე? - გამოერკვა ირაკლი. - ვერაფერი გასართობი ნახე და კაცს კლავდი? -ლანა, ეს უკვე მეტისმეტია! - აღმოხდა ქეთოს. -თქვენ რომ არ მითხრათ, არ ვიცი? ოღონდ არაფერი მოუვიდეს და მეტს არაფერს ვიზამ, სულ გავეცლები. - ამოვიტირე და პალატისკენ გამექცა მზერა. ამასობაში ექიმი გამოვიდა და ჩვენკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა. მასთან მე და თეო მივიჭერით და მომლოდინე სახეებით მივაცქერდით თორნიკეს მკურნალს. -ექიმო, ხომ კარგადაა? სერიოზული ხომ არ არის რამე? -საშიში არაფერია, პაციენტის გადმოყვანა დროულად მოხერხდა და საჭირო მედიკამენტებიც გავუკეთეთ. ხვალ უკვე კარგად იქნება და გავწერთ, გონზეა და ისვენებს. -შეიძლება ვნახო? - წამომცდა და საცოდავად მივაჩერდი ექიმსა და თეოს. -რა თქმა უნდა, უბრალოდ, ზედმეტად ნუ გადაღლით პაციენტს. ექიმისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია და პალატას ვეცი. ფრთხილი დაკაკუნების მერე თორნიკეს ხმა გავიგე და კარი ნელა შევაღე. დამინახა და ცივი მზერა აეკრო სახეზე. სახე ოდნავ შესიებოდა, დასუსტებული და ფერმკრთალი იყო,მაგრამ მაინც უღმერთოდ სიმპატიური. -თუ ჩემი შემოსვლა არ გენდომება, გაგიგებ. - დავიწყე არეულად. - უბრალოდ მინდოდა გამეგო როგორ ხარ. -დაწყებულის დასამთავრებლად მოხვედი? -მკითხა მკვახედ, მერე კი უემოციოდ დააყოლა. -შემოდი. მის წინ, სკამზე ჩამოვჯექი. -შენ რა ხათაბალა ვინმე ხარ?! -დაიწყო თორნიკემ. -არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ბოდიშს თუ აქვს აზრი,ეგეც კი არ ვიცი. -ვხვდებოდი როგორ მეტირებოდა. -წარმოდგენა არ მქონდა, მე უბრალოდ... -შენ უბრალოდ ყველაფრის უკუღმა გაკეთება გიყვარს. -თორნიკე, ბოდიში ყველაფრისთვის. ყველაფერს მე გადავიხდი, ამ არეულობასაც გამოვასწორებ და საერთოდ გავქრები სკოლიდან, ოღონდ გამოჯანმრთელდი. -ეს რომ მცოდნოდა, აქამდე შევჭამდი ნუშს. -მითხრა ნიშნისმოგებით. რაღაცნაირად მეწყინა და თვალები ისევ ამიწყლიანდა, ამჯერად ტირილი ვეღარ შევიკავე. -შენ რა, ტირი? -გაეცინა. - კარგი, რა გატირებს? ვიცი, რომ სპეციალურად არ გინდოდა. ძალიან ჯიუტი ხარ და ისიც არ ვიცი, ასე რატომ გადამეკიდე, მაგრამ ცუდი განზრახვა რომ არ გქონია ვხვდები და არ ვბრაზობ შენზე. -მართლა არ ბრაზობ? - ცოტას ვბრაზობ და ამისთვის სამაგიეროს გადაგიხდი. -გაეცინა აფციაურს. გული ისე ამომიჯდა,ტირილს ვეღარ ვწყვეტდი, თორნიკესთვის თვალებში შეხედვისაც კი მრცხვენოდა. მთელი ცხოვრებაა,რომ სისულელეები მემართება გასაგებია,მაგრამ მართლა პირველად ჩავაყენე ვიღაცის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ და გულწრფელად ვწუხდი ამის გამო. თან არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი მსხვერპლი ეს უღმერთოდ სიმპატიური და არც ისეთი ცუდი ბიჭი იყო, როგორადაც თავიდან აღვიქვი. -ნუ ტირი-მეთქი,ხომ გთხოვე? ისე ძალიან მაინტერესებს,რას მერჩი,რა გინდა ჩემგან? -ახლა ამას ნუ მომაყოლებ, დაისვენე, კარგი? -ლეკვის თვალებით მივაჩერდი და ოთახიდან გასასვლელად მოვემზადე. მოულოდნელად კარი თეომ შემოაღო, შეწუხებული და სევდიანი სახე ჰქონდა. -თორნიკე, ხომ კარგად ხარ? რამე ხომ არ გჭირდება.. -არა,თეო, უკეთ ვარ. ექიმსაც ველაპარაკე და ხვალ დილითვე გამწერენ. -გაუღიმა თორნიკემ. -თორნიკე, მე უნდა გავიქცე, პროექტზე რაღაც დეტალებია გასარკვევი და უკვე ერთი საათია მირეკავენ. რადგან კარგად ხარ და თან დედაშენიც მოვა, აღარ ვინერვიულებ და მშვიდად წავალ, კარგი? -გაუღიმა თეომ. -წადი, თეო,რა პრობლემაა! -მოიცა, ნანა ხომ ნამდვილად მოვა? -ჰკითხა ეჭვით. -არ მითქვამს მისთვის, ქალაქგარეთ არიან და მისი ნერვიულობა არ მინდა. -უპასუხა მშვიდად. -რას ამბობ, ნანამ თუ არაფერი იცის, სად წავალ? მარტო ხომ არ დარჩები. -მე ვიქნები მასთან. -წამოვიყვირე მე. -ეს სულ მცირეა,რისი გაკეთებაც შემიძლია. შენ მშვიდად წადი,ყურადღებას მივაქცევ. -არავის დარჩენა არ არის საჭირო, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? -ლანა,ნამდვილად მიხედავ? -ეჭვის თვალით შემათვალიერა თეომ. -ვაღიარებ, ცოტა დაუფიქრებელი ვარ, მაგრამ ჩემს დანაშაულს ვიაზრებ და გეფიცები, ცივ ნიავს არ მივაკარებ. -დავპირდი თეოს და თვალსაჩინოებისთვის თორნიკეს გადასაფარებელი შევუსწორე. აფციაური დაბღვერილი მომაშტერდა, მერე თვალები გადაატრიალა და შედარებით ხმამაღალი ტონით თქვა: -თქვენ აქ ვერ მხედავთ, თუ როგორ არის საქმე? არ მჭირდება-მეთქი არავინ, ძილს ვაპირებ და დილით უკვე სახლში წავალ. -მე წაგიყვან ჰოდა, ტაქსით ხომ არ ივლი საავადმყოფოდან ახალგამოსული? -გავეკრიჭე აფციაურს, თეოსთან მივიჭერი და მას შემდეგ რაც დავპირდი, რომ ყველაფერს შევატყობინებდი თორნიკეს მდგომარეობის შესახებ და ნერვიულობის საბაბი არ ჰქონდა, დამშვიდდა და კარი გაიხურა. თორნიკე კიდევ იბღვირებოდა, შედარებით დაწყნარებული ჩამოვუჯექი თავთან და მობილური ამოვიღე. ვიცოდი, ქეთო და ირაკლი დერეფანში მელოდებოდნენ, რადგანაც იმ ღამეს თორნიკეს ძიძობა მევალებოდა, შეტყობინება მივწერე და ვთხოვე სახლში ჩემ გარეშე დაბრუნებულიყვნენ. ქეთომ ზრდილობიანად გადმომცა ირაკლის მუქარა. ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანმა თავის გატეხვის დაპირება შელამაზებულად აღწერო, მაგრამ ფაქტია, რომ ქეთოს ასეთი რაღაცები ყველაზე კარგად გამოსდის. ასეა თუ ისე, თორნიკემ მობეზრებული ტონით ამომხედა და მერე გვერდი იცვალა. -იძინებ? -თუ დამაცდი, დიდი სურვილი მაქვს. -რა დროს ძილია, ათი საათიც არ არის ჯერ. რა იყო, ბაბილინა დამთავრდა? -გამეცინა და სავარძელში კომფორტულად მოვკალათდი. აფციაური ისეთი სახით მოტრიალდა ჩემკენ, გეგონება ის ნუშიანი მაკარონი მეორედ ვაჭამე. -ჩემს ნერვებზე თუ აპირებ თამაშს, გარეთ გაგაგდებ! -შემიღრინა. -კარგი,ნუ მებუზღუნები. -მისი გულგრილობა ცოტა მეწყინა და ცხადია,გუნებაზეც დამეტყო. -რატომ დარჩი? არაფერში ხარ ვალდებული. -ჯერ ერთი, ძალიანაც ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ვალდებულების გამო არ გამიკეთებია, მართლა ძალიან ვნერვიულობდი შენზე. და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩემი დაუფიქრებლობის გამო, ამ სიტუაციაში აღმოჩნდი. თითქოს ოდნავ გაეღიმა თორნიკეს, რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ კარი ექთანმა შემოაღო და აფციაურს სიტყვა შუაზე გაუწყდა. -პაციენტს დამამშვიდებელი უნდა გავუკეთო, რომ დასვენება შეძლოს. -მოგვახსენა ახალგაზრდა სასიამოვნო აღნაგობის გოგომ. თორნიკეს კათეტერში რაღაც სითხე მშვიდად შეიყვანა, პაციენტს მშვიდობიანი ღამე უსურვა და კარისკენ დაიძრა. -უკაცრავად, მე რომ აქ დავრჩე, რამე პრობლემა ხომ არ იქნება? -ზოგადად, ღამით არავის ვტოვებთ ხოლმე, მაგრამ ბატონი თორნიკეს შემთხვევაში გამონაკლისს დავუშვებთ. -გამიღიმა გოგომ. -თუ რამე დაგჭირდეთ, დღეს მორიგე ექთანი მე ვარ და დამიძახეთ. ექთანი გასული არ იყო, თორნიკეს თვალები უკვე დაეხუჭა. გამეღიმა, ბევრად უვნებელი იყო ასეთი,უწყინარი და ძალიან საყვარელი. ვიცი ახლა რასაც ფიქრობთ! რა თავხედია ეს გოგო და რა უფლებით ამბობს საყვედურს აფციაურზეო. მართალიც ხართ. იმ დროსაც კი, როცა თორნიკე სიკვდილს ძლივს გადაურჩა ჩემ გამო, მის მავნებლობაზე ვწუწუნებდი. რა ვქნა, ეს მართლა არ არის ჩემი ბრალი. პირდაპირ სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა არ შემიძლია. ბავშვობიდან ასეთი ვარ, მირჩევნია აგრესიით გამოვხატო გრძნობები, ეს უფრო მემარტივება. წლების განმავლობაში კი, ჩემი უახლოესი მეგობრები და ოჯახი ამ ამბავს შეეგუვნენ და აღარავის უჩნდება პრეტენზია. მაგალითად, ირაკლი აღარ წუწუნებს, რომ დღე და ღამე თავს დავჩხავი და ხანდახან უშვერი სიტყვებით ვლანძღავ. ამით რწმუნდება ხოლმე, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს. აღარც დედაჩემს სწყინს, რომ მის მოფერებას ვუძალიანდები და მე თვითონ ტირილამდე ვუღუტუნებ. მამაჩემიც შეეჩვია, რომ ჩემი სიყვარულის გამოხატულება მასთან ერთად პოლიტიკური გადაცემების და ფეხბურთის უინტერესო მატჩების ყურებაა. ქეთო, თურმე, პირველი კლასიდან მიტანს. საწყალს, ყოველ გაკვეთილზე თმებს ვწიწკნიდი და გვერდებზე ვჩქმეტდი, ისიც მასწავლებლის შიშით ხმას ვერ იღებდა და ასე საცოდავად უძლებდა ჩემს შემოტევებს. მოკლედ, ამდენი იმიტომ ვიბოდიალე, რომ თქვენთვის რაღაც ნიშნები მომეცა. ამას ისეც მიხვდებოდით, ვიცი, მკითხველს დასკვნების გამოტანა ყოველთვის ყველაზე კარგად შეუძლია. დიდი იმედი მაქვს, ქეთოსთან და ირაკლისთან არ დამაბეზღებთ და საშუალებას არ მისცემთ, იღადაონ, რომ თორნიკე აფციაურის გამწარების გეგმები წყალში ჩამეყარა და აქეთ აღმოვჩნდი მახეში გაბმული. ამ სულელურ ფიქრებში ვერც შევნიშნე, ისე ჩამეძინა. * * * მეორე დილით, შემოწმების შემდეგ ექიმმა თორნიკე სახლში გაწერა. დილიდანვე შევუთანხმდი ირაკლის,რომ მოსულიყო და აფციაური სახლში მიგვეცილებინა. თორნიკე შედარებით უკეთეს ხასიათზე იყო, მშვიდად მოაწერა საბუთებს ხელი და ერთად დავტოვეთ საავადმყოფო. ჯერ კიდევ მისაღები ოთახის ფანჯრიდან დავლანდე ირაკლი,რომელიც მგონი ნერვიულობისგან სცემდა ბოლთას. გარეთ რომ გავედით,აქეთ-იქით სიარული შეწყვიტა და ჩვენკენ დაიძრა. -დილა მშვიდობის, როგორ ხართ? -ჰკითხა ირაკლიმ გაკვირვებულ აფციაურს, რომელიც ჯერაც გაუგებრობაში იყო. -მადლობა,უკეთ ვარ. -მიუგო თორნიკემ და კითხვის ნიშნიანი მზერა ჩემკენ გადმოიტანა. -თორნიკე, ეს ჩემი ძმაა - ირაკლი. ჩვენს წასაყვანად მოვიდა. -თავი ვიმართლე და თორნიკეს გაბრაზებულ სახეს თვალი ავარიდე. -რა საჭირო იყო? -კბილებში გამოსცრა და ირაკლის ხელი ჩამოართვა. -ლანას დაუფიქრებლობისთვის მეც გიხდი ბოდიშს, ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა. -აიწურა ირაკლი. -არაფერია, სალაპარაკოდაც არ ღირს, მე და ლანამ ერთმანეთში გავარკვიეთ და აღარ არის საჭირო ამის განხილვა. -მაშინ წავიდეთ! თორნიკემ თითქმის შეუმჩნევლად გაიღიმა და მანქანაში წინა სავარძელზე მოთავსდა. ასე ჩუმად და უხერხულად ცხოვრებაში არასდროს გვიმგზავრია. ირაკლი სარკიდან აპარებდა ჩემკენ თვალს და ტუჩების მოძრაობაზე ვატყობდი, ახლა მთელი ხმით ხარხარი ყველაფერს ერჩივნა. ძალიან ართობდა ეს სიტუაცია, მე კი სირცხვილისგან თავი სად წამეღო,ისიც არ ვიცოდი. მას შემდეგ, რაც თორნიკემ ირაკლის მისამართი ზუსტად აღუწერა, ძალიან ლამაზ და გამწვანებულ უბანში ამოვყავით თავი. ორ ვიწრო ქუჩას შორის, პატარა ჩიხში ასევე პატარა და კომფორტული კერძო სახლი იდგა დიდი ეზოთი. -მოვედით. -თქვა თორნიკემ. -ხომ არ შემოხვალთ, ყავით გაგიმასპინძლდებოდით. -ისეც ბევრი პრობლემა შეგიქმენით,სხვა დროს იყოს. -გაეცინა ირაკლის და თორნიკეს ხელი კიდევ ერთხელ ჩამოართვა. აფციაურს გაეცინა და ღიმილით გადავიდა მანქანიდან, მზერა ჩემზე შეაჩერა, როგორც იქნა მეც ვიკადრე და მას მივყევი. -ხომ კარგად იქნები? -კარგად ვიქნები, თან დედაჩემიც მალე მოვა. -გამიღიმა და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები. -მაშინ კარგი, კიდევ ერთხელ ბოდიში ამ ყველაფრის გამო და წარამატებები! -მეც ძალიან გულწრფელად გავუღიმე,თან სასაცილოდ ავიწურე. -რას მემშვიდობები? -სიცილი აუტყდა აფციაურს. -ჩვეულებრივ, ხვალ სკოლაში შევხვდებით. არ დაიგვიანო და შენი ხათაბალა ბედი, კარს უკან დატოვე. -თვალი ჩამიკრა, ირაკლის ხელის აწევით დაემშვიდობა და ეზოში შევიდა. * * * ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ თორნიკეს მითითებას დავუჯერე. კულინარიულ სკოლაში სიარული გავაგრძელე,ოღონდ ამჯერად მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი საქმეს. სასაცილო სანახავი ვიყავი ალბათ, თორნიკეს ყველა მოძრაობას გულისყურით რომ ვაკვირდებოდი და მერე ვცდილობდი ეს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად შემესრულებინა. აფციაური სხვა მოსწავლეებისგან არ მარჩევდა. ზუსტად ისე მექცეოდა, როგორც მათ და ცოტა მწყინდა კიდეც. არ ვიცი, რას ველოდი, ან რისი იმედი მქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სულელი ბიჭი შემომეწონა და ახლა საკუთარ დაგებულ მახეში, თავით ვიყავი აბლანდული. კულინარიული სკოლის დაწყებიდან ერთი თვე იყო გასული. ჩემი დარდი და გაჭირვება მქონდა, სულ თორნიკეზე მეფიქრებოდა და ზოგჯერ ისე ურცხვად მივაშტერდებოდი ხოლმე კერძების კეთების დროს, რომ ჩემი საქმე სულ მავიწყდებოდა. ჩემს მზერას ხშირად იჭერდა, ზოგჯერ ეცინებოდა, ზოგჯერ არ იმჩნევდა და ეს ყველაფერი უარესად მაბნევდა. პარასკევს სახლში მოსულს, შაბათ-კვირის მადლით დატკბობას ვაპირებდი, მაგრამ ვინ გაცადა. ქეთო მომივარდა და ეშმაკივით შემიჩნდა. ხადას ხეობაში ტურით მივდივართ მე და ბექა და გინდა, თუ არა, შენც ჩვენთან ერთად მოდიხარო. რითი არ ვცადე გამოძრომა, მაგრამ ქეთო იქამდე არ მომეშვა, სანამ ტურის საფასური ჩემივე ხელებით არ გადავრიცხე. ტანსაცმელი თვითონვე გამიმზადა და თავისთან წამიღო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რომელი მოგზაური,მოლაშქრე და მთამსვლელი მე მნახა? გასაგებია, რომ ბავშვობაში ცოტა ქაჯი ბავშვი ვიყავი და ხშირად ვხვდებოდი საავადმყოფოებში, მაგრამ ახლა კლდეებზე ცოცვის თავი ნამდვილად არ მქონდა. მეორე დღეს, დილის შვიდ საათზე ჩაცმულ-გამზადებულები კოლმეურნეობის მოედანზე ვიდექით და ისე მეძინებოდა, მზად ვიყავი ყველა და ყველაფერი შიშველი ხელებით გამენადგურებინა. -ლანა, ეგეთი სახით ნუ იყურები. უკვე მეშინია! -ამოიკნავლა ქეთომ. -ბექარ, გაიტანე აქედან შენი ტურფა და მაცადეთ ვიგლოვო ჩემი საწყალი ძილი. -ქეთო, მოდი იქით დავდგეთ, მეშინია რამე არ გამოისროლოს. -ბექას ხუმრობის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ჩემს სახეს წააწყდა და მაშინვე დასერიოზულდა. ქეთო და ბექა გვერდით მომისხდნენ. ხალხმა ნელ-ნელა მოგროვება დაიწყო, მალევე ავტობუსი მოვიდა დანიშნულების ადგილას და მეც ცოტა გულზე მომეშვა, რადგან ტრანსპორტი ძალიან კომფორტული ჩანდა, გემრიელად დავიძინებდი გზაში და იქნებ ხასიათიც გამომკეთებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ხადას ხეობიდან მარტო დავბრუნებულიყავი და ქეთოს და ბექას საფლავები ვეღარავის ეპოვა უკანასკნელი 2 საუკუნის განმავლობაში. საერთოდ არ ვხუმრობ! ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, რაც ამ სამყაროში ღმერთს გამოუგონია, ეს ძილია და ამ ორმა უსუსურმა არსებამ, ვითომ ჩემი გამხიარულების მიზნით, ეს სიამოვნება თვალსა და ხელს შუა ამწაპნა. გასაკვირი საერთოდ არ არის, რომ მშიერი მგელივით ვიჯექი ახლა კოლმეურნეობის მოედანზე და რომელიმეს შეცდომას ველოდი, რომ საბოლოოდ მეძიებინა შური. ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ტურლიდერიც გამოჩნდა. -2 კაციღა გვაკლია, ისინი რომ მოვლენ, დავიძრებით. ტურის გეგმას კი, ავტობუსში გაგაცნობთ. სად დაკარგა ამ ხალხმა პუნქტუალურობა? ლანძღვის დაწყებას ვაპირებდი, როცა ვიღაცამ ტურლიდერს გასძახა დარჩენილებიც მოვიდნენო და მეც ფეხზე წამოვდექი. ჩანთა და დარჩენილი ნივთები წამოვკრიფე, როცა ქეთოს საცოდვმა მიკნავლებამ შემაფხიზლა. -ვაიმე! ამას აქ რა უნდა? ავიხედე და ვინ შემრჩა ხელთ? არც მეტი, არც ნაკლები თორნიკე, მის გვერდით კი გაკრეჭილი თეო მოდიოდა, რომელსაც ჩემი შემჩნევა უკვე მოესწრო. თქვენ რა, დამცინით? თუ რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს? მაღლა ვინმემ დაწერა, დღეს ლანა კანდელაკის ხასიათს გამოკეთება არ უწერიაო? რა უნდა პროფესიონალ კულინარს ტურზე? რას დახეტიალობს, საქმე გამოელია? -ქეთო, თუ გინდა, რომ იცოცხლო, მითხარი, რომ ესენი ჩვენთან ერთად არ მოდიან! -ძალიანაც არ მინდა სიკვდილი, მაგრამ, მაგას მართლა ვერ გეტყვი. -ნაძალადევ ღიმილსა და დაბნეულობას შორის გაჭედილმა ქეთომ ძლივს მოაბა რამდენიმე სიტყვას თავი და დროულად ჩამომეცალა, რომ მისთვის ის ლამაზი კბილები სათითაოდ არ ჩამომეღო. სანამ თეო ჩვენკენ მოდიოდა, თორნიკეს შეთვალიერება მოვასწარი. უჩვეულოდ სხვანაირ ფორმაში იყო. შავი ჰუდი და ნაცრისფერი სპორტული შარვალი ეცვა. ამავე ფერის ბოტასები კოხტად შეეხამებინა „ლუქისთვის“ და ისე თავხედურად სიმპატიური იყო, მასზე ახალგაღვიძებულის სტატუსიც არ მოქმედებდა, როცა ჩემი დანახვისას შეიძლება ადამიანს მინი ინფარქტი მიეღო. -ლანა, აქ ნამდვილად არ გელოდი! -გამეკრიჭა თეო და თბილად ჩამეხუტა. -თეო, მეც ყველაზე ნაკლებად წარმოვიდგენდი შენი და თორნიკეს აქ ნახვას. -უხერხულად შევიშმუშნე და თმის წვალება დავიწყე. -ძალიან გამიხარდა შენი ნახვა სკოლის გარეთაც, ხადა ძალიან ლამაზია და თან კარგად გავერთობით. -თეო ნამდვილად გულწრფელი იყო და მასთან ურთიერთობა მეც ძალიან მსიამოვნებდა. მე უბრალოდ თორნიკესგან თავის შორს დაჭერა მინდოდა, იქამდე მაინც, სანამ საკუთარი გრძნობებისგან დაბნეულს, თავს რამეს არ ვუშველიდი. თორნიკეს ჯერაც ვერ შევემჩნიე, იდგა და ტურლიდერს რაღაცაზე გაღიმებული ელაპარაკებოდა. რა ენაღცვლება?! ისეთ ფორმაშია, უნდა იდგეს და გოგოებს ეფლირტაოს. სხვა რა საქმე აქვს. -ლანა, თუ ასე უხერხულად გრძნობ თავს, შეგვიძლია უკან გავბრუნდეთ! -ბექამ ყურში ვითომ შეუმჩნევლად მიჩურჩულა, არადა იმხელა ხმა აქვს, ლამის მთელმა ავტობუსმა გამოყო ფანჯრებიდან თავი. -ჰო, ბექარ. ბარემ პირდაპირ ხომ არ ვუთხრათ თორნიკეს, ლანას უხერხულში აგდებ და ტურზე წამოსვლა გადავიფიქრეთო? -კარგი, ნუ იღრინები. არ შემჭამო! -გაეცინა ბექას და ჩანთა გამომართვა. ქეთო სასაცილოდ მიბრიალებდა თვალებს. -რატომ მიყურებ ბუსავით? -რა ვიცი, მგონია, რომ კარგად გავერთობით. -ქეთო, გახსოვს მეშვიდე კლასში შოკოლადის ნამცხვრის ბოლო ნაჭერი რომ შემიჭამე, რა მოხდა? ქეთოს უსიამოვნებისგან ეკალმა დააყარა და სახე მოეღუშა. -მაგას რა დამავიწყდებს, მარილიანი მაწონი მაჭამე ძალით. -ჰოდა, ენას თუ არ გააჩერებ, ეგ მონაგონი იქნება! ქეთომ უკმაყოფილო სახით წამომარტყა თავში და გამეცალა. ავტობუსში ასვლის წინ, ფეხსაცმლის თასმას ვისწორებდი და როცა წელში გავსწორდი და წინ მომღიმარი თორნიკე დამიხვდა, კინაღამ სტენოკარდიული შეტევა მივიღე. -ხომ არ შეგაშინე? -ღიმილიც რა მაცდური აქვს, ღმერთებო?! -შემაშინე, აბა რა ქენი! -გამიკვირდა შენი აქ ნახვა. -გამიცინა. -რატო ვითომ? -რა ვიცი, მოლაშქრედ ვერ წარმომიდგენიხარ. -ძალიანაც მაგარი მოლაშქრე ვარ რა! -ცხვირი ავიბზუე და გვერდი ავუარე აფციაურს. -ჩემი დანახვისას „სწერვობის“ ღილაკი ავტომატურად რატომ გიაქტიურდება? -მკითხა ღიმილით. -სამზარეულოში არ ვართ, შეგიძლია გამორთო ეგ ფუნქცია. ძალიანაც ვეცადე სერიოზული სახე შემენარჩუნებინა, მაგრამ მაინც გამეცინა. -სიცილი უფრო გიხდება, ვიდრე ის მოღუშული სიფათი, წეღან რომ გქონდა. წამოდი, ყველა ავიდა ავტობუსში ჩვენ გარდა. -მითხრა და ავტობუსისკენ დაიძრა. -სიცილი იფრი გიხდიბი! -გამოვაჯავრე და მეც უკან მივყევი. გვრიტებს მათ გვერდით ადგილი დაეკავებინათ ჩემთვის. მეც გვერდით მივუჯექი, ყურსასმენები გავიკეთე და როგორც კი ქეთოს მხარზე თავი დავდე, მაშინვე გავითიშე. ქეთომ რომ შემაღვიძა, უკვე გავჩერებულიყავით და ხალხი ჩოჩქოლით ჩადიოდა ავტობუსიდან. გიჟივით წამოვფრინდი ფეხზე. -რა მოხდა, გოგო! -შეხტა ბექა. -ყურადღება არ მიაქციო, ეს ასე ექსტრემალურად იღვიძებს ბავშვობიდან. -ხელი ჩაიქნია ქეთომ და ჩანთას დასტაცა ხელი. -ლანა, მარცხენა ლოყაზე სიდენია გახატია. -სიცილი აუტყდა ბექას. -მადლობა, ბექარ, ინფორმაციისთვის. შენ რომ ჩემი მარჯვენა ხელი დაგეხატოს, რა აზრის ხარ? -ქეთო, ეს გამოძინებულიც ასეთი ყოფილა. -მოიღუშა ბექა და ქეთოს წამოეწია. - დამელოდე, ამასთან მარტო არ დამტოვო! ბოროტული სიცილით ჩავედი ავტობუსიდან და ხალხის ნაკადს მივყევი. თორნიკეს ვეძებდი თვალებით, მაგრამ ვერაფრით შევამჩნიე. არადა, თეო წინ მიდიოდა ტურლიდერთან ერთად. ქეთო და ბექა ხელიხელჩაკიდებულები მიუყვებოდნენ ჩანჩქერისკენ მიმავალ გზას, მე კიდევ თვალები მქონდა დათხრას, ეს ბიჭი კი - არა და არ ჩანდა. -გამოიძინე? -უკნიდან ნაცნობი ხმა წამომეწია და წამებში თორნიკე ამომიდგა გვერდით. -კი, გამოძინებულზე ბევრად ლამაზია სამყარო. -გულწრფელად გავუღიმე. -შენს მარცხენა ლოყასაც ეტყობა, რომ კარგად გძინებია. -გამიცინა და საჩვენებელი თითი ლოყაზე მომისვა. ხელებს რატომ მიფათურებ, ახალგაზრდავ? ამას ახლა ჩემი თავგზის აბნევა თუ სურს.... გამოუვიდა. ბრინჯივით დავიბენი და ისე უხერხულად გავეკრიჭე, თავი საშინელებათა ფილმში მეგონა წამით. თორნიკეს ტუჩის კუთხე ჩაუტყდა და ჰუდის „კაპიუშონი“ წამოიფარა. -მე თეოსთან მივალ და მერე გნახავ, ლანა! -თვალი ჩამიკრა და სწრაფი ნაბიჯით წამოეწია თეოს. ხო, მიდი. არსად დაგეკარგოს თეო და ტურლიდერი. თეოს არაფერს ვერჩი, ვიცი რომ საუკეთესო მეგობრები არიან. თანაც თეოს ძალიან კარგი ქმარი ჰყავს. საიდან ვიცი? კარგი ახლა, აღიარეთ, ცხოვრებაში ერთხელ ყველას გვიშერლოკჰოლმსია. რა ჩემი საქმეა, ვისაც უნდა იმას დაელაპარაკება და გაეფლირტავება. მე ვინ მკითხავს? საერთოდ არ არის ეს უაზრო „დაქრაშვები“ და მერე ეჭვიანობები ჩემი სტილი, გეშლებათ. ღმერთო!!! რა უბადრუკი ვარ? საკუთარ უნიკალურ გეგმაში ასე საცოდავად ებმებოდეს ადამიანი, სადმე გინახავთ? მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მშვიდად მივუყვებოდი პირველი ჩანჩქერისკენ მიმავალ გზას. მალევე მივედით კიდეც. ცოტა ხანს გავჩერდით, სურათები გადავიღეთ და გზა განვაგრძეთ. თორნიკე სულ აღარ მახსოვდა, ბექას და ქეთოს ნერვებზე თამაშით ვირთობდი თავს და ისე გულიანად ვიცინოდი, ჩემი კაკანი იმ ნახვერად დაცარიელებულ სოფლებშიც გაიგეს ალბათ. ბექა სამჯერ დამემუქრა, ჩანჩქერთან რომ მივალთ, შიგნით თავს შეგაყოფინებო, მაგრამ მართლა ხომ ვერ გამიმეტებს? თუ გამიმატებს? ნახევარ საათიანი სიარულის შემდეგ, ერთ-ერთ სოფელს მივადექით. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. უზარმაზარ მდელოზე ცხენების რემა გადაგვეშალა თვალწინ, ამ ყველაფერს პაწაწინა, ფერადი ყვავილების სურათი კიდევ უფრო ალამაზებდა, და მეც საოცარმა სურვილმა შემიპყრო, ძალიან ბევრი ლამაზი ფოტო გადამეღო ამ საოცარი სანახაობისთვის. არც გამხსენებია ტურლიდერის გაფრთხილება, გუნდს ნუ ჩამოშორდებით, თორემ თუ ამ ტერიტორიაზე გზები არ იცით, მარტივად დაიკარგებითო. ყვავილებს ვაგროვებდი, ცხენებს სურათებს ვუღებდი და თან ბედნიერი ვღიღინებდი. ჩემი ნახელავით კმაყოფილი დავრჩი და გზისკენ დავბრუნდი, მაგრამ უკანასკნელი ადამიანიც მოჰფარვოდა თვალს. არა უშავს, შორს ვერ წავიდოდნენ-მეთქი გავიფიქრე და გზას გავუყევი, თუმცა, რაც მეტად ვჩქარობდი, სავარაუდოდ, მით მეტად ვცდილდებოდი მთავარ გზას. ტელეფონს დავუწყე ძებნა და იქ გამახსენდა, რომ ჩანთა ბექას მივეცი. ვიდექი ჩემი ფოტოაპარატის ამარა შუა გზაზე და დაბნეული აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. ტირილს სულ ცოტაღა მაკლდა, როცა შორიდან მაღალი სილუეტი დავლანდე. ცოტა რომ მომიახლოვდა, ჰუდით ვიცანი და მომეშვა. თორნიკე გაბრაზებული სახით მოდიოდა ჩემკენ, მე კი სიხარულისგან პირი მეხეოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ დაკარგული, მგელმა არ შემჭამა და მეორე, ჩემი მხსნელი ის აღმოჩნდა. -შენ არ გითხრეს გუნდს არ მოშორდეო? რას დაბოდიალობ? -წამებში ისე დამტუქსა,ღიმილი სახეზე შემეყინა. -ბოდიში, დედა, სურათების გადაღებას შევყევი. -ირონიულად დავეჯღანე. გაეცინა და ხელი მომკიდა. -წამოდი, შენი ნდობა არ შეიძლება. კიდევ სადმე დაიკარგები. ისე საყვარლად მიმაპორწიალებდა, განაბულს, ხმაც არ ამომიღია. შევამჩნიე, რომ სხვა გზიდან მივყავდი და ინტერესი დავიკმაყოფილე. -სხვებიც აქედან წავიდნენ? -არა, ეს მოკლე გზაა. მალე დავეწევით დანარჩენებს. -მიპასუხა მშვიდად. -ნამყოფი ხარ ხადაში? -არა. -აბა რა იცი, რომ მოკლე გზაა? -თვალები შუბლზე ამივიდა. -რადგან გეუბნები, ესე იგი, ვიცი. -ისევ ჩვეული სიმშვიდით მპასუხობდა. -ჰმ, ჭკვიანო, ეს სპაგეტის მოხარშვა კი არ არის, უცხო გზებია, რომ დავიკარგოთ? -არ დავიკარგებით, გაჩუმდი და მომყევი! მისი თავდაჯერებულობა უკვე ნერვებს მიშლიდა, ამიტომაც უკნიდან დავეჯღანე. -ზურგიდანაც ძალიან არასასიამოვნოა შენი დაჯღანული სახის ყურება. -ღიმილნარევი ტონით გამომძახა და ის დაჯღანული სახეც ზედ მიმეყინა. დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ, მაგრამ ვერც ჯგუფს ვხედავდი სადმე და ვერც მთავარ გზას. -თორნიკე, დავიკარგეთ? -ერთი მხრივ მიხაროდა, რომ ეს თავდაჯერებული იდიოტი მართალი არ აღმოჩნდა, მეორე მხრივ კი შემეშინდა სრულიად უცხო ადგილას გადაკარგვის. -გაჩუმდი ცოტა ხანს და იარე! -თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა. -რას მაჩუმებ ვერ გავიგე, შენი ბრალია, აბა გზები ვიციო? გაკვირვებულმა გამიშვა ხელი და ნიშნის მოგებით მომიტრიალდა. -შენ რა,მეკაიფები? რაღა ახლა მომინდომე სურათების გადაღება და რომანტიკოსობა? -რას მომყვებოდი მერე უკან, ვინ დაგავალა? -არ შევეპუე მეც. -ღმერთო, ხომ ხარ ღირსი მგლებს შეეჭამე? -ახლა რომ ვარ შენთან ერთად, მგლები გცნობენ თუ საპატიო საშვი გაქვს და არ გეკარებიან? -წამოვიყვირე გამწარებულმა. თორნიკეს სიცილი აუტყდა. -მხოლოდ შენ შეგიძლია ასეთ დროს ისეთი რამე თქვა, რომ გულწრფელად გამაცინო. რაღაცნაირად მესიამოვნა. ბიჭი რომ ამას გეტყვის, ესე იგი კარგის ნიშანია, ხო? ღმერთო, რა დროს ეს არის? -ტელეფონი თან გაქვს? -ვკითხე თორნიკეს. -მაქვს, მაგრამ არ იჭერს. -ამოიოხრა აფციაურმა. შეწუხებულს ხავილი ამომხდა, რამაც თორნიკეს ყურადღება მიიქცია და მგონი, საბოლოოდ გადაუსვა ჩემში ქალს ხაზი. -ნუ გეშინია, არ დავკარგულვართ. აქ სადღაც ერთი სოფელია, იქ რომ მივალთ, გზასაც მიგვასწავლიან და ჯგუფსაც დავეწევით. -დამამშვიდა ღიმილით. მეც გავიყურსე. ისეთი სანდომიანი ღიმილით მითხრა ყველაფერი, წინ რომ მართლა მგლების ხროვა მდგარიყო, მგონი რეაქცია აღარ მექნებოდა. თორნიკეს დავუჯერე, გზა გავაგრძელეთ და მალე მართლა მივადექით პატარა სოფელს. -იეს, მაგარია, მგლებს დღესაც არ გაუმართლათ! -წამოვიკივლე და გახარებული თორნიკეს შევაფრინდი. რამდენიმე წამში, მისმა სუნამოს სურნელმა რომ შემიღიტინა ცხვირზე, მივხვდი, ქაჯივით გამომივიდა და წინ ისეთი სისწრაფით წავედი, თორნიკეს ჩუმი სიცილისთვისაც აღარ მიმიქცევია ყურადღება. პირველ სახლს ჩავუარეთ, ჩემი ყურადღება კი გარეთ, კართან გაწოლილმა ხარმა მიიქცია, რომელიც ავად გვიყურებდა ხან მე, ხან თორნიკეს და თან რაღაცას მდორედ ღეჭავდა. -რას მიყურებ, დებილო? -ისე დავუყვავე, თითქოს ჩემი ესმოდა და დარცხვენილი დახრიდა თავს. -რას აკეთებ? -მკითხა გაოცებულმა თორნიკემ. -ველაპარაკები! -გაგიჟდი? თავი გაანებე, ვერ ხედავ რანაირად იყურება? არ დაგვერიოს! მოიცა, მოიცა! მომეჩვენა, თუ ახლა თორნიკე აფციაურის ხმაში შიშმა გაიჟღერა? -თორნიკე, ახლა არ მითხრა, რომ ამ საყვარელი ცხოველის გეშინია! -საყვარელის რა შეატყვე? -ვაიმე, ხარის გეშინია ამხელა კაცს? -სიცილი ამიტყდა. -რა სექსიზმია? რადგან კაცი ვარ, ხარის არ უნდა მეშინოდეს? -გაიოცა მან. -ხარის საერთოდ რატომ უნდა გეშინოდეს? -ალბათ იმიტომ, რომ ორი დიდი რქა აქვს. -ისე მიპასუხა, გეგონება რაღაც ძალიან მიუხვედრელს ვეკითხებოდი. სანამ იმაზე ვლაზღანდარობდი, რომ თორნიკეს ამ სასაცილო, შტერი ცხოველის ლამაზი რქები აფრთხობდა, ჩემი ჭკუით ზლაზნია ხარი მკვირცხლად წამოდგა ფეხზე და ისევ ავად ჩაგვაშტერდა გზაარეულებს. -რას აკეთებს? -პანიკური ხმით ვიკითხე. ასეა მეგობრებო, ნუ დასცინი სხვაო, ხომ გაგიგიათ? -აი, ხომ შეგეძლო უბრალოდ გამომყოლოდი? -დაიღრინა თორნიკემ და საცოდავად წაიწია უკან. -ასეთი სახით რატომ იყურება? -ხარია, ლანა, სხვანაირად როგორ უნდა შემოგხედოს? არ გაინძრე! -დაბმული ხარი მიყურებს ეშმაკივით და როგორ არ გავინძრე? -სიმწრით ამოვიგმინე. -შენ რა იცი ეშმაკი როგორ იყურება? -მომიტრიალდა თორნიკე. -შენი წყალობით ეგეც ვისწავლე. -სხვათა შორის, ეგ ხარი თუ რაც არის, დაბმული სულაც არ არის და აქედან თუ არ დავტყდებით, ორივეს დაგვლეწავს. -რამენაირად მივხვდი, რომ ამხელა ცხოველთან ხუმრობა არ შეიძლება. -სახე ამერია მე და თორნიკეს ჩამოვეკიდე მკლავზე. -ნელ-ნელა დაიხიე უკან, კარგი? თვალებში არ უყურო. თორნიკეს დავემორჩილე, მაგრამ რამდენიმე წამში მზერა მაინც ხარისკენ გამექცა და ცხოველმა ისეთ საშიშ ხმაზე დაიღრინა, ძარღვებში სისხლი გამეყინა. -ღმერთო შენ მიშველე! თორნიკემ იქაურობას მოავლო თვალი, შემდეგ მისკენ ახლოს მიმწია და მითხრა. -შენგან მარცხნივ პატარა შემოღობილი სახლი რომ დგას,ხომ ხედავ? ოღონდ ისე გაიხედე, რომ მკვეთრად არ მიტრიალდე. ისე მოვიქეცი, როგორც მეუბნებოდა. -კი, დავინახე. -სამამდე დავითვლი, ორივე გავიქცევით. ჯერ შენ გადაგახტუნებ, მერე მე გადმოვხტები. გასაგებია? -მოვასწრებთ? -ამოვიკნავლე. თორნიკემ თავი დამიქნია და ათვლა დაიწყო. სამ თვლაზე ერთდროულად გავიქეცით სახლისკენ, თორნიკემ სრწაფად ამწია, ღობეზე გადამსვა და წამებში თვითონაც მომყვა. გააფთრებულ ხარს ერთი ნაბიჯით შემოვასწარით სახლში. აქოშინებულები ვეყარეთ ძირს და უეცრად თორნიკემ ისეთი ხარხარი ატეხა, რომ მეც მალევე ამიყოლია. -გეფიცები, შენნაირი ხათაბალა ვინმე, ცხოვრებაში არავინ შემხვედრია. -გადმომხედა და სიცილი ღიმილით ჩაანაცვლა. მეც მეღიმებოდა. ერთი თვის წინ ალბათ სულაც ვერ წარმოვიდგენდი, ჩემს „მტერთან“ სადღაც, მიტოვებულ სახლში თუ ვეგდებოდი ბალახზე და ხარისგან დამალვას შევეცდებოდი, მაგრამ ამიტომაა ცხოვრება საინტერესო. არასდროს იცი წინ რა გელის. -ახლა რა ვქნათ? -ხარის წასვლას დაველოდოთ, სხვა რა გზაა. მანამდე იქნებ, პატრონიც გამოჩნდეს და გზა მიგვასწავლოს. -მიპასუხა თორნიკემ. -თორნიკე, მაპატიე, ისევ შარში გაგხვიე. -გულწრფელად მოვუბოდიშე აფციაურს. -კარგი რა, ლანა! ეს ყველაფერი ნამდვილად მირჩევნია ნუშის ფქვილით მოწამვლას. -გამიცინა. -შენს გვერდით არასდროს მწყინდება,საინტერესო ადამიანი ხარ. გულწრფელად გამეღიმა. დაახლოებით 15 წუთი მშვიდად ვისხედით,სანამ მასთან ლაპარაკის სურვილმა ისევ არ ამირია თავგზა. -კულინარობა რატომ გადაწყვიტე? -დედაჩემი აკეთებდა საშინელ კერძებს და მთელი ბავშვობა მიწევდა ჭამა. -რა საზიზღარი ხარ. -აღმომხდა გაოცებულს. -საზიზღარი რატომ ვარ? ხომ არ მოვიტყუები. -გამიღიმა. -იქნებ შენ გაქვს რაღაცნაირი გემოვნება. -კარგი, ჭინჭრის სუპს და კარაქიან ბორშს შენ გაჭმევ და ვნახოთ როგორ მოგეწონება! -სახე ზიზღით აევსო და პატარა ბავშვივით აყვირდა. -რას გერჩოდა? -ახლა მეც გამეცინა. -მამაჩემის საყვარლებზე გაბოროტებული, მე მიხდიდა სამაგიეროს. -თქვა და სახე დაუნაღვლიანდა. სიცილი სახეზე შემეყინა, უცბად წარმოვიდგინე ერთმანეთზე გაბოროტებული მშობლები და მათ შორის მოყოლილი საცოდავი აფციაური, მერე თორნიკეს ტუჩის კუთხე რომ ჩაუტყდა და თვალებში ეშმაკუნები აუთამაშდნენ, მივხვდი მორიგ მახეში გამაბა. -შენი აზრით ეს სასაცილოა? იქნებ ვიღაცის მამას მართლა ჰყავდა საყვარელი? ამჯერად თორნიკეს დაუსერიოზულდა სახე. შევნიშნე როგორ დაიბნა და თვალები სასაცილოდ ჭყიტა. სიცილი ვეღარ შევიკავე. -მარტო შენ კი არ გაქვს იუმორის გრძნობა! -ღმერთო,შეშლილი ხარ! -სიცილი აუტყდა. მერე ფეხზე მშვიდად წამოდგა და ღობიდან გადაიხედა. -ხარი წასულა, შეგვიძლია გავიდეთ. ღობეზე ისევ ისე გადმომსვა, როგორც შესვლისას და თვითონაც უკან მომყვა. -საით წავიდეთ? -რა ვიცი,აქედან არ მოვედით? -თქვა და მარჯვენა შესახვევისკენ მანიშნა. -კარგი, რა საჭიროა, ხახვის ფურცლებს მივყვეთ. -რას მივყვეთ? -„ასფურცელა“ არ წაგიკითხავს? დაბლა დაიხედე, ხახვის ფურცლები დავყარე გზა რომ აღარ აგვბნეოდა. თორნიკემ გაოცებული სახით დაიხედა ძირს, ისევ ამიტყდა სიცილი და წინ წავედი. -არ მჯერა, რომ მართლა დაიხედე. -ისევ მეცინებოდა. -შენნაირი არანორმალურისგან ეგეც არ გამიკვრიდებოდა, მაგიტომაც დავიხედე. -თავის გამართლება სცადა აფციაურმა. ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ გზად ვიღაცას მოვკარით თვალი. აქოშინებულები მივცვივდით საცოდავ მოხუცს და მესამე ჩანჩქერის ადგილმდებარეობა ვკითხეთ. კაცმაც დაუზარელად მიგვაცილა მთავარ გზამდე და დაახლოებით ოც წუთში უკვე ჯგუფის ნაწილს მოვკარით თვალი. შორიდანაც ჩანდა ქეთოს გაფითრებული სახე, რომელმაც აღარ იცოდა, რა ექნა. თვალი რომ მომკრა, კივილით გამოქანდა ჩემკენ და ისეთი ძალით შემაფრინდა, თორნიკეს რომ არ დავეჭირე, ორივე მიწას ვიქნებოდით ჩახუტებულები. -სად ჯანდაბაში წახვედი? იცი, როგორ ვინერვიულე? ხომ კარგად ხარ? შე ხიფათა იდიოტო, მეორედ ასე აღარ ქნა, თორემ ისე დაგბეგვავ, პატრონმა ვერ გიცნოს! -მომაყარა ქეთომ და გამწარებულმა მუშტი გვერდშიც მითავაზა. ქეთო ძლივს დავამშვიდე და ბექა მოვიკითხე, რომელსაც თვალი ვერსად მოვკარი. -ვაიმე, თქვენს მოსაძებნად წამოვიდა. დავურეკავ და ვეტყვი მოვიდეს. -თქვა და მოშორებით გავიდა, რომ სატრფოსთვის გადაერეკა. თორნიკე ისევ ჩემ გვერდით იდგა. -შეგიძლია მეგობრებს დაუბრუნდე, თორნიკე, აღარ დავიკარგები. -გამეცინა მე. -შენ არ ინერვიულო, რამდენჯერაც გინდა დაიკარგე,ისევ მოგძებნი. -თვალი ჩამიკრა, საჩვენებელი თითი ცხვირზე დამკრა და მერე ღიმილით ჩამომშორდა. შტერივით ვიდექი ერთ ადგილზე და საერთოდ ვერ ვამჩნევდი ვერაფერს ირგვლივ, სანამ ბექა არ მოვიდა და ქეთოსთან ერთად, კიდევ ერთხელ მომიხდა გამაფრთხილებელი ლექციების მოსმენა. * * * მეორე დილას, მე და ქეთო ვისხედით სამზარეულოს მაგიდასთან და რძიან ყავას ვსვამდით ორცხობილებთან ერთად. ქეთო რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ ნახევარი არ მესმოდა. ჩემი გონება გუშინდელ თავგადასავლთან ქროდა. ჰო, არ მოგესმათ. იმ თავგადასავალთან, თორნიკესთან ერთად რომ გადამხდა. მისი სიტყვებიც არ დამვიწყებია, რამდენჯერაც გინდა დაიკარგე, მაინც მოგძებნიო. ღმერთო, ნუთუ პარანოია დამეწყო? -რას იკრიჭები? -ქეთოს ხმამ შემაფხიზლა. -სად დაქრიხარ,ლანა, რაზე ფიქრობ? -ჰაა, რაა? -თორნიკეზე ფიქრობ ხომ? -ქეთოს ეშაკური სიცილი მოეფინა სახეზე და წარბები სასაცილოდ ამითამაშა. -საიდან მოიტანე? -დავიბენი. -ვაიმე, ლანა, ეგ ბიჭი მოგწონს! -რას ბოდავ! -რას ვბოდავ და ასეთი უწყინარი აბიტურიენტობის მერე არ მინახიხარ. მაშინ, თედო მაჭავარიანი მოგწონდა და რამეს რომ გეკითხებოდი ხოლმე, ისე ინაბებოდი, სილა რომ გამერტყა, ხელის შემბრუნებელი არ იყავი. მოიცა, აბა ახლა ვცადოთ. -ქეთომ ისეთი ძალით მომიქნია სილა მარცხელა ლოყაზე, მულტფილმებში რომ ჩიტები დასტრიალებენ ხოლმე თავზე მთავარ გმირს, აი ზუსტად ეგ დამემართა. -გოგო, ნორმალური ხარ? -შოკისგან ლამის ხმა წამსვლოდა. -ვაიმე, ლანა! -ამოიკნავლა ქეთომ. -მოგწონს და გიყვარს კიდევაც, მგონი! -ქეთო, თავს თუ არ დამანებებ ახლა, მაგრად გცემ იცოდე. -ვაიმეეე, პაწაწუნა რატატუი შვილები რომ გეყოლებათ, მე მომანათლინებთ, ხო? -რა რატატუი შვილები, გოგო, გააფრინე? -სიცილი ამიტყდა. -გავაფრინე, აბა რა ვქენი, სულ შენი ბრალია! შენ რომ წყნარ ხასიათზე ხარ, ეს შენი ჯადო ენერგეტიკა სულ ჩემკენ მოდის და პირს ვერ ვაჩერებ მერე! -გაბრაზდა ქეთო. -გოგო, ეგ კი არა, მგონი მართლა მომწონს მე ის იდიოტი. -გამეღიმა ყურებამდე და ქეთოს ნასროლი მზესუმზირის მარცვლისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. * * * რაც სკოლებში სწავლა დაიწყო, ძალიან მიჭირდა დროის გამონახვა და კურსებზე სიარული. ორშაბათსაც პედსაბჭოს გამო შემაგვიანდა და ბოლოს გუნებაწახდარმა წასვლა სულ გადავიფიქრე. ვიჯექი ოთახში ნევრბმოშლილი და უაზროდ ვსქროლავდი ფეისბუქს, როცა მოულოდნელად შეტყობინება ამოხტა და გული სიხარულით ამიფანცქალდა, ჩატზე Tornike Aptsiauri რომ წავიკითხე. „შენ არ იცი, რომ გაცდენებში არები იწერება? : )) „ გამეღიმა. „ცნობა რომ მოვიტანო, მიშველის? : ))“ „ცნობა რად მინდა? განვლილ მასალას უნდა დაეწიო.“ -მწერდა თორნიკე. „ხომ იცი რა ნიჭიერი ვარ, არ გამიჭირდება. ^^“ „კი, შენი ნიჭი დაამტკიცე უკვე ბევჯერ. : )))“ „რით ვერ დაივიწყე ის ნუშის ფქვილის ამბავი?! :დდდ “ „ეგ იქით იყოს და ხვალ სკოლის მერე ყავაზე დაგპატიჟებ თუ გცალია. : ))“ „ჰაჰ, მოსწავლეებთან პაემნებზე სიარულის უფლება გაქვთ,შეფ? :დდდ“ „პაემანი რომ არ მიხსენებია?“ ჭკუათხელი იდიოტი, მაინც გამომიჭირა. დიდხანს ვფიქრობდი პასუხზე, მაგრამ ისევ თორნიკემ დამასწრო. „კარგი, ნუ დაიბენი. :დდ და კი, „სტუდენტებთან“ პაემანზე სიარულის უფლება მაქვს, მგონი. ზუსტად არ ვიცი, ეს პირველია. :დდ“ „ახლა ამით ჩემი გული მოიგე?“ „გამოვიდა? “ „არ ვიცი, ხვალ ყავაზე გეტყვი. : ))“ „ძილინებისა, ხათაბალა. “ „ძილინებისა.“ ერთი ყურიდან მეორე ყურამდე გაბმული ღიმილი გქონიათ? აი, ნელ-ნელა რომ ატყობ, რომ პირი გეხევა. აი ზუსტად ასე, ხუაკინ ფენიქსის ჯოკერივით ჩამეძინა იმ ღამეს. * * * მეორე დღეს ქეთო თავისი სამი ჩემოდნით შემომივარდა სახლში. რომ ვკითხე მანდ რა გიდევს-მეთქი, ცოტა კოსმეტიკა და რამდენიმე კაბა წამოგიღეო. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ ჩემი გარდერობიდან ავარჩევდი რამეს და მაკიაჟიც არ მჭირდებოდა, მაგრამ იმდენი იწივლა, ოთახში შემოვარდნილმა ახალგაღვიძებულმა და დაფეთებულმ ირაკლიმ, თავისი ხელებით ამოაწყო ქეთოს ფუნჯები ჩანთიდან და თვალები ისე დამიბრიალა, დანებების ნიშნად გავიყურსე. მსუბუქი მაკიაჟი მართლაც მომიხდა, ქეთო თავისი ნახელავით ისეთი კმაყოფილი იყო, გეგონება „ვერსაჩეს“ ჩვენებისთვის მამზადებდა და წუთი-წუთზე უნდა გავსულიყავი კულისებიდან პოდიუმზე. სანამ კულინარიულ სკოლაში მივიდოდი, ზუსტად 10 წუთი მიხსნიდა პაემანზე მოქცევის წესებს. ჩემს წასვლამდე ოჯახმა გამომიცხადა, რომ სოფელში მიდიოდნენ რამდენიმე დღით და ბოლოს წამს გაახსენდათ, რომ მათთან ერთად წასვლას მე ვერ შევძლებდი. სხვა რა გზა მქონდა, ბედს შევეგუე, დავუბარე, თუ რამენაირად მოვახერხე, ჩამოგაკითხავთ-მეთქი. სკოლაში ბოლო მივედი, შეფებიც მოსულები დამხვდნენ, მაგრამ საბედნიეროდ გაკვეთილი ჯერ არ იყო დაწყებული და დაგვიანებას გადავრჩი. სანამ თორნიკე ახალი რეცეპტის ახსნას დაიწყებდა, ლიკამ სიტყვით გამოსვლა ითხოვა და ყველა საგულდაგულოდ გაგვაჩუმა. -დღეს ჩემი ოქროს დაბადების დღეა, ასე რომ საღამოს მინდა, რომ ყველა ბარში წამოხვიდეთ. ჩემი მეგობარია მისი მფლობელი და ძალიან გავერთობით. უარი არ მიიღება, შეფებო, ეს თქვენც გეხებათ! -ლიკამ სიტყვა აჟიტირებული ხმით დაამთავრა და ყველას გულთბილად შემოგვცინა. გარს შემოვეხვიეთ, სანამ ყველამ სათითაოდ გადაკოცნა და ისე მიულოცა მისი დღე, მეც გავიაზრე რომ მე და თორნიკეს პირველი პაემანი ჩაგვეშალა. მოწყენილმა გავიხედე მისკენ და პირდაპირ მის მზერას შევეჩეხე. მასაც ჩემსავით გაურკვევლობაში მყოფი სახე ჰქონდა, მოწყენით აიჩეჩა მხრები და მერე თვალი ჩამიკრა. მივხვდი ამაზე გულის დაწყვეტა არ ღირდა. საღამო მალე მიილია. 8 საათი რომ შესრულდა, ყველა ერთად გამოვედით სკოლიდან და ლიკას ბარისკენ ავიღეთ გეზი. ბარში მართლაც სასიამოვნო სიტუაცია დაგვხვდა. ბევრი ხალხი იყო,თუმცა ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია. ლიკას მეგობრებს უკვე დაეკავებინათ ერთი მაგიდა. მაგიდებზე რამდენიმე სახის საჭმელი და სასმლით სავსე ჭიქები ეწყო. იუბილარმა თავისი მეგობრები გაგვაცნო და ყველა ერთად მივუსხედით „სუფრას.“ სიტუაცია მომწონდა. კამპანია მართლაც კარგი იყო, საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით და ვიცინოდით. თორნიკე ერთ ხანს იჯდა ჩვენკენ, მერე კი ბოდიში მოიხადა და ბარისკენ გადაინაცვლა. დიდხანს ვუყურებდი შორიდან, მერე კი სასმლისკენ შეზარხოშებული მისკენ სიხარულით წავედი. -სად გაიპარე, აღარ გვკადრულობ? -ბატონო? -ღიმილით ჩამომხედა აფციაურმა. ჩამომხედა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ბარის მაღალ სკამზე იყო წამოსკუპებული და ზემოდან დამცქეროდა. სასმლისგან გაორებული თვალებით ამხელა სიმაღლეზე რომ ვიხედებოდი და პლიუს თორნიკე მიღიმოდა თავისი მომაჯადოებელი ღიმილით, ზედმეტი იყო უკვე და თავში ყველაფერი ამერია. -ვერ გაძ... ვერ გაძელი ჩვენთან? -ენის დაბმა სასაცილოდ გამოვასწორე მე და ბარის სკამზე აფოფხება ვცადე. ჰოპ, მოვახერხე ! ასეა, ქალებო, ყველა სიტუაციაში უნდა შეძლოთ თავის კონტროლი. -მგონი ძალაინ დათვერი. -თორნიკე რაღაც ლურჯ სასმელს სვამდა, თან გულისგამაწვრილებლად მიტეხავდა ტუჩის კუთხეს. -ეს რა არის, რა „პეროობას“ სვამ? -ხელიდან სასმელი გამოვგლიჯე და სამი თუ ოთხი ყლუპი მიყოლებით ჩავყლაპე. ისე ამეწვა ყელი და მუცელი, თვალებიდან ლამის ნაპერწკლეპი ვყარე.თორნიკემ სახე დაჯღანა და ხელიდან გამომგლიჯა ნახევრად ჩაცლილი ჭიქა. -არ ხარ შენ ნორმალური, რამ დაგალევინა მიყოლებით? -არც ისეთი „პეროობა“ ყოფილა. –ამოვიბუტბუტე საცოდავად და სახე მინის დახლს დავადე. -რას აკეთებ? -ცივია და მსიამოვნებს. აქ ძალიან ცხელა. -ძლივს ვლაპარაკობდი. -მოდი, გარეთ გაგიყვან. -მითხრა თორნიკემ. -ახლა აქედან ისე როგორ ჩავიდე, რომ ტვინი იატაკზე არ დავანთხა? აფციაურმა იმხელა ხმაზე გადაიხარხარა, ლამის მუსიკის ხმა გადაიფარა და იმ ჯაგა-ჯუგის ფონზე, ნამდვილად არ იყო ეს მარტივი ამბავი. -მოიცა, მოგეხმარები. დაბლა ჩახტა, მერე წელზე მომკიდა ორივე ხელი და ძირს ჰაეროვნად დამსვა. სადაც მისი ხელები მედო, ის ადგილები ისე გამიხურდა, გეგონება რაღაცით მწვავდნენ. გამიშვა და მეც წონასწორობა დავკარგე რამდენიმე წამით, ვიღაც ახმახ ბიჭს დავეჯახე ჩემს უკან და ისიც გაბრაზებული სახით მოტრიალდა ჩემკენ. -ბოდიში, ჯიგარო! - ჩხუბისკენ დაგეშილს ხელში მე რომ შევრჩი, მგონი იმედები გაუცრუვდა და უკმაყოფილდ გატრიალდა. -ლანა, რა მთვრალი ხარ, რა ჯიგარო, რაებს ბოდავ? -იცინოდა აფციაური. -შენ... -ცოტაც და სლოკინი ამიტყდებოდა. -აი შენ, შენ ხარ ძალიან, ძალიან უცნაური ბიჭი! ვერაფერი გაგიგე... -მაინც რა ვერ გაიგე? -სიცილი ღიმილში გადაუვიდა თორნიკეს, ბარს მიყრდნობოდა ზურგით და ისე მიყურებდა. -რომ ვიცოდე, გეტყოდი, მაგრამ „დაჟე“ ეგეც ვერ გავიგე, რა ვერ გავიგე. -ყველაფერი ორდებოდა. ამდენი ძალიან, ძალიან დიდი ხანია არ დამილევია. ან უბრალოდ იმ სასმლის ბრალი იყო, „პეროობა“ რომ დავაბრალე. -წამოდი გარეთ გავიდეთ, იქნებ ჰაერმა გიშველოს. -მითხრა აფციაურმა, ხელი მომკიდა და ბრბოს შორის გაუჩინარდა, მეც ხბოსავით მივყვებოდი უკან. მალე ცივი ჰაერი პირდაპირ სახეში მეცა, მესიამოვნა. თორნიკემ იქვე ბარდიულზე ჩამომსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა. -რაო წეღან, რას ამბობდი? გამეცინა. -რა ჭორიკანა ვინმე ხარ, არაფერი გავიწყდება, არა? -რისი დამახსოვრებაც მინდა, ის რატომ უნდა დამავიწყდეს? -ისევ მიღიმოდა. ჰაჰ, კითხვა ეშლება თუ პასუხი. -ვერაფერი გაგიგე-მეთქი. -თავი მივარდებოდა, მგონი მანაც საიმედო ადგილი იპოვა და თორნიკეს მხარზე მოკალათდა. საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, თითებით ჩემი კულულა „ჩოლკა“ მოიქცია ხელებში. - ხან ძალიან მხიარული ხარ, ხან უჟმური. ხან საყვარელი ხარ, ხან აუტანელი. ჩაეცინა. -აუტანელიც ვარ ხოლმე? -თავზე ყვავივით რომ დამჩხავი, მაშინ საშინლად აუტანელი ხარ! -როგორი მთვრალი ხარ! -მიუხედავად იმისა, რომ ბოხი და ხავერდოვანი ხმა ჰქონდა ეს სიტყვები ძალიან თბილი ტონით მითხრა. -შენ ვინ გკითხავს მთვრალი ვარ, თუ არა? -თავი წამოვწიე, მაგრამ ისე მეტკინა, მაშინვე თავის ადგილას დავაბრუნე. -შენ სიმთვრალეშიც შარიანი ყოფილხარ! -ამჯერად რაღა დავაშავე? -ამჯერად არაფერი! -ჩემი თმით თამაშს არ წყვეტდა, თან სახე ძალინ ახლოს ჰქონდა ჩემთან და მის სუნთქვას ვგრძნობდი. იმედია ის ვერ გრძნობდა ჩემსას,ჩემი სიმთვრალიდან გამომდინარე, ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო. : )) -მიხარია ჩემს შესაძლებლობებს რომ აფასებ. -შენი შესაძლებლობები კი ვიცი მაგრად, კინაღამ საიქიოში რომ გამიშვი, რა დამავიწყებს? სირცხვილის ტალღამ კიდევ ერთხელ დამიარა სხეულში. -ეგ აღარასდროს გამახსენო, სიკვდილამდე მრცხვენია. ჩაეცინა თორნიკეს და მოულოდნელად შუბლზე მაკოცა. თავი ძლივს წამოვწიე. ახლა რა ჯანდაბა უნდა მეთქვა? ვიფიქრე, ვიფიქრე და ჰოი საოცრებავ! ის ვთქვი, რისი თქმაც არც ერთ ნორმალურ გოგოს ამ დროს არ მოაფიქრდება! -შუბლზე დებილებს კოცნიან? თორნიკეს ხარხარი აუტყდა, კინაღამ გადაბჟირდა. -რა სულელი გოგო ხარ! მერე თავისი ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მომასხა,სიცივეს ნამდვილად ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც მივხვდი, რა კარგი ყოფილა სითბო. თან მოსაცმელს თორნიკეს სუნამოს სურნელი ასდიოდა. -რა მაგარი სუნი აქვს, რას ისხამ? უეჭველი ბოსია, ხო? -ადექი, ადექი, გაცივდები. შიგნით შევიდეთ და მერე სახლში წაგიყვან. -აუჰ, ატრაკებ ახლა! -რას ვშვები? -ისევ გაეცინა. -აბა 14 წლის ბავშვი ვარ, სახლში ათ საათზე რომ მიგყავარ? -ავყვირდი და ფეხზე მეორე მცდელობის მერე ძლივს წამოვდექი. -შიგნით შესვლის მერე დარჩენა კიდევ თუ მოგინდება, ხმას არ ვიღებ. -აფციაურმა დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია და კარისკენ დაიძრა. -ყველაფერთან ერთად, მაგარი party pooper-ი ვინმე ყოფილხარ! თორნიკეს აღარაფერი უთქვამს. შიგნით შესულს, მუსიკის ხმა ისე ჩამესმოდა ყურებში, მეგონა ვიღაც უროს მირტყამდა თავში. საცოდავად მივტრიალდი მისკენ, ისიც მიმიხვდა და გაეცინა. -რაო,აღარ ვარ ფართი ფუფერი? აქ დამელოდეო მითხრა, მერე ჩვენს მაგიდასთან მივიდა, ლიკას რაღაც გადაულაპარაკა და სულ რამდენიმე წამში დაბრუნდა ჩემთან. მანქანამდე ფორთხვა ფორთხვით მივედი, კარის გაღება ცოტა გამიჭირდა და აქ უკვე თორნიკე დამეხმარა. მანქანაში ჩამსვა, ღვედიც თავისი ხელებით შემიკრა და კარი მიკეტა. საშინლად მეძინებოდა. -სად მიგიყვანო? -მოსკოვის პროსპექტზე, შესახვევს მე თვითონ გეტყვი. -ფანჯარას მივადე თავი და ცივი ისე მესიამოვნა, მაშინვე გავირინდე. -აუ, იცი როგორ არ მიყვარს სახლში მარტო ყოფნა? ჩემი ძმა სულ ნერვებს მიშლის, მაგრამ ახლა მინდა რომ სახლში იყოს.. -რატომ არ გიყვარს მარტო ყოფნა? სასიამოვნოა, რასაც გინდა, იმას აკეთებ. -მე ისეც სულ იმას ვაკეთებ, რაც მინდა. თანაც მარტო ყოფნა მხოლოდ შენნაირი უჟმურებისთვის არის კარგი. -მე მაინც მგონია, რომ რაღაც მიზეზი გაქვს. -ტონით მივხვდი, იღიმოდა აფციაური. -სიბნელის მეშინია ძალიან. არ დამცინო რაა... -ესე იგი სიბნელის გეშინია! -თავისთვის ჩაილაპარაკა და მანქანაში რაღაც მელოდია ჩაირთო. Finneas-Lets fall in love??? ეს ხომ ჩემი საყვარელი სიმღერაა?! დამცინის ბედი? თორნიკე აფციაურის მანქანაში ვზივარ გალეშილი მთვრალი და ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზ სიმღერას ვუსმენთ ერთად. ძილი მომერია, ისე ტკბილად მენაბებოდა თვალები, თითქოს ჩემს საწოლში ვიწექი და საყვარელ ბალიშზე მედო თავი. ვიგრძენი თორნიკემ რაღაც რომ დამაფარა, მერე კი - გავითიშე. ცხოვრებაში ასე ტკბილად არასდროს მძინებია. * * * დილით საშინელმა პირის სიმშრალემ და თავის ტკივილმა გამაღვიძა. ძლივს წამოვიწიე საწოლიდან და პირველი ვინც დავინახე, საძინებელში ჩემ წინ მჯდომი, მომღიმარი თორნიკე იყო. ჯანდაბა! -ვაიმე, ახლა არ მითხრა, რომ რომანტიკულ კომედიებში რაც ხდებდა ხოლმე, ის მოხდა. თორნიკეს გაეცინა და ახსნა დაიწყო. -გუშინ ბარიდან სახლში მიმყავდი, როცა მითხარი სახლში მარტო ვარ და სიბნელის მეშინიაო. ჩემთან წამოგიყვანე. -არ იყო საჭირო. -გავიღიმე უხერხულად და საწოლიდან წამოდგომა ვცადე, მაგრამ თავში ისეთმა ტკივილმა დამიარა, ისევ უკან დავბრუნდი. -თორნიკე, ოღონდაც მითხარი,რომ გული არ ამრევია. -რა დაბალი თვითშეფასების ყოფილხარ? -წარბები აწკიპა აფციაურმა და სავარძლიდან საწოლზე ჩამოჯდა. -მსგავსი არაფერი ყოფილა. -აბა შენი ტანსაცმელი რატომ მაცვია, შენ ჩამაცვი? -მე რატომ უნდა ჩამეცმია, ხელები არ გაქვს? -გაეცინა თორნიკეს. კითხვის მიშნებით სავსე მზერა მქონდა. თორნიკეს შევეცოდე ეტყობა და ახსნა დაიწყო. -სახლში რომ ამოგიყვანე, ცოტა გამოფხიზლდი, ფეხზე გხდიდი და საწოლზე დაგაწვინე,გაჭირვებით წამოდექი და ყვირილი დაიწყე ჩემი პიჟამოები მინდა, მის გარეშე ვერ ვიძინებო. ვინაიდან და რადგანაც შენი პიჟამოები არ გვქონდა, ჩემი მაისური და შორტი შემოგთავაზე, შენც ჩაიცვი და ჩემს საწოლზე გაიშოტე. -ღმერთო რა სირცხვილია! -მთავარი არ მითქვამს. -გაეცინა თორნიკეს. -რა მთავარი? -ელდა მეცა. -ჩემს ბალიშს ყნოსავდი 10წუთი გადაბმულად. -რააა? არ არსებობს, მატყუებ. -ვიდეოს ნახვას თუ გაუქაჩავ, ახლავე გაჩვენებ. -ჯიბიდან მობილური ამოიღო და რამდენიმე წამში ჩემკენ შემოატრიალა. -არა, არა, მოიცა. ჯერ მზად არ ვარ! ღმერთო, ასე რამ გამთიშა? -ისე მრცხვენოდა მისი, ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. -აუ, ვიდეოს ნახვა რატომ არ გინდა? საყვარლობაა. -ჩემი ამ მდგომარეობაში ნახვა, აშკარად ართობდა. -შემეშვი რა! ისეც ძალიან მრცხვენია. -უფრო შეგრცხვება, წუთი-წუთზე სახლში დედაჩემი და ნია მოვლენ, თუ ჩაიცვამ კარგი იქნება. მეხდარტყმულივით წამოვხტი ფეხზე, გიჟივით ვეცი ტანსაცმელს და მერე გამახსენდა აფციაურთან ერთად რომ ვიდექი ოთახში. -იქნებ გახვიდე,ჩავიცვამდი. -უი, ეგ გუშინ არ იყო პრობლემა. პირდაპირ ჩემს თვალწინ გამოიცვალე! პირი გამიშრა. -მეღადავები? -მაგის ვიდეოც მაქვს! -შენ რა, ტელეფონში ვიდეო გაქვს, თუ როგორ ვიცვლი ტანსაცმელს განგრეული მთვრალი შენს წინ? -მერე რა, მე არავის მოწამვლა არ მიცდია მაინც! -ჩაეცინა თორნიკეს. -ვხუმრობ, მართლა ჩემს თვალწინ გაიხადე, მაგრამ ისეთი უნამუსოც არ ვარ მეყურებინა, მით უმეტეს ვიდეო გადაეღო. ცოტა ამოვისუნთქე და მომეშვა. ამასობაში თორნიკემ ოთახი დატოვა და თავისუფლად შევძელი ტანსაცმელი ჩამეცვა. თავი საშინლად მიბრუოდა, აბაზანაში შევედი, ცივი წყალი რამდენჯერმე შევისხი იმ იმედით, რომ ცოტას გამომაფხიზლებდა. სამზარეულოში რომ შევედი, თორნიკე ყავას ამზადებდა. -უშაქრო გიყვარს? -მკითხა აფციაურმა. -უშაქრო და ბარემ მარილი ჩამიყარე შიგნით. 3 კოვზი შაქრით ვსვამ. -სითბოს და სიტკბოს დეფიციტი გაქვს ორგანიზმში? -იუმორის გრძნობა გქონია, მაგრამ სუსტი. გამოსწორებას ექვემდებარება. -აღვნიშნე ირონიულად. თორნიკემ ცხელი ყავა წინ დამიდგა და თვითონ გვერდით მომიჯდა. -Voilà, bon appétit. -გამიღიმა და ცხელ, ოხშივარავარდნილ ყავაზე მიმითითა, დალიეო. ცხელი სითხე ძალიან მესიამოვნა, თანაც რაღაც ძალიან განსხვავებული და სასიამოვნო გემო ჰქონდა, ჩვეულბრივ ყავას არ ჰგავდა. -რა დაუმატე? ძალიან გემრიელია! -აღმომხდა ნასიამოვნებს. -დარიჩინია. შეიძლება ძალიან უცნაურია,მაგრამ ნაბახუსევზე დარიჩინიანი ყავა ძალიან მშველის. -მიპასუხა მშვიდად. გული ამიჩუყდა. გუშინდელი ღამე გამახსენდა. მართლა შემთხვევით წამომცდა, სიბნელის მეშინია და სახლში მარტო ყოფნა არ მიყვარს-მეთქი, მან კი თავის სახლში მომიყვანა და მთვრალს, მომიარა კიდეც. სრულიად გაუაზრებლად წამოვდექი ფეხზე და აფციაურს ლოყაზე ვაკოცე. არც მე ვიცი რა დამემართა. ცხოვრებაში მსგავსი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ისე მიყურებდა,თავი ვეღარ შევიკავე. -ეს დარიჩინიანი ყავისთვის დავიმსახურე? -ტუჩის კუთხე ჩაუტყდა. -ყველაფრისთვის! შენ პოტენციური მკვლელს ყოველთვის ასე რომ ეხმარები. -გამეღიმა მე. -არსებობს მაგის მიზეზები, მაგრამ ახლა ამაზე არ გვინდა. -გამეკრიჭა, მე კი ისევ გაურკვევლობაში დამტოვა. -ვიცი რომ სახლში მარტო ხარ, სადმე გავისეირნოთ, თუ თავი ძალიან არ გტკივა. -არ ვიცი, ფსიქოლოგიურია, თუ შენი დარიჩინიანი ყავა მართლა მოქმედებს, მაგრამ თავი აღარ მტკივა. -მაშინ წავიდეთ. -მითხრა და საჩვენებელი თითი ცხვირზე დამკრა. -რას გადაეკიდე ჩემს ცხვირს? არაფერი უთქვამს, გაეცინა მხოლოდ. ჩემი ჩანთა მომაწოდა, მოსაცმელიც თავისი ხელებით ჩამაცვა და სახლი ერთად დავტოვეთ. მთელი დღე უაზროდ დავდიოდით. საუბარსა და სიცილში ისე გავიდა დრო, საერთოდ არც შემიმჩნევია. იმაზე საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი. ძალიან მსიამოვნებდა მასთან ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი და მომენტებში სინდისი ძალიან მაწუხებდა, მის წინააღმდეგ მთელ კამპანიას რომ ვაწყობდი. რომ მოსაღამოვდა, თორნიკემ უცნაური იდეა გააჟღერა, ჩემს საყვარელ ადგილს გაჩვენებ, ოღონდ ფრთხილად უნდა ვიყოთო. წინააღმდეგობა არ გამიწევია, ისეთი რა უნდა იყოს-მეთქი გავიფიქრე, მაგრამ ავლაბარში რომ მიმიყვანა და რომელიღაც კორპუსზე სადარბაზოში შეძრომა სამაშველო კიბით მოგვიწია, მაშინ გავიაზრე, რას გულისხმობდა ფრთხილად ყოფნაში. კიბეები რომ ავამთავრეთ, თავი სახურავზე ამოვყავით და გაოცებისგან ენა ჩამივარდა. ხუთსართულიანი კორპუსი ძველ თბილისს გადაჰყურებდა. დაბლა რომ ჩაგეხედათ, პირდაპირ მტკვარი, წინ კი განათებული ქალაქის ნაწილი და თბილისის აბრდღვიალებული ანძა, საოცარი ფერებით მოჩანდა. -ძალიან ლამაზია,შოკში ვარ! საიდან მოაგენი ამ ადგილს? -ჯერ კიდევ ბავშვობაში ვიპოვეთ მე და ჩემმა ძმაკაცმა. მას შემდეგ ძალიან ხშირად მოვდივარ ხოლმე. -მიპასუხა ჩვეული სიმშვიდით და ძირს მისი მოსაცმელი დააფინა. გვერდით მივუსკუპდი და გატრუნული ვუყურებდი ხედს. -აქ ყოფნის უფლება არ გვაქვს, არა? -გამეცინა იმის გაფიქრებაზე, რომ ორი ამხელა ვირი, ამ კორპუსში მცხოვრებ ხალხს მყუდროებას ვურღვევდით. -არ გვაქვს, მაგრამ თუ არავინ შეგვამჩნევს, პრობლემაც არაფერია. -თორნიკესაც აუტყდა სიცილი, თითქოს ფიქრებს მიმიხვდაო. -მომიყევი შენზე რამე. -მოულოდნელად მომინდა თორნიკეს ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები მცოდნოდა. ის დეტალები, რაც ძალიან ცოტამ იცოდა მის შესახებ. მცოდნოდა მისი ტკივილი, დარდი, ან განვლილი ცხოვრების უფერადესი და უბედნიერესი მომენტები. გვერდულად გამომხედა და თხრობა სერიოზული სახით დაიწყო. -მე და მყავს. რეალურად, ბიოლოგიურად სხვადასხვა მშობლები გვყავს,მაგრამ უკვე დიდი ხანია ერთ ოჯახში ვცხოვრობთ. ერთი და იმავე ადამიანებს ვეძახით დედას და მამას... საუბარი შეწყვიტა და გაეღიმა. იმდენად გულწრფელი და თბილი ღიმილით, რომ გული გამითბა და მეც გადამედო მისი სილაღე. -ყოველთვის ვოცნებობდი დედმამიშვილზე,მაგრამ მეტი ბავშვის გაჩენა არც დედაჩემმა ინდომა მძიმე მშობიარობის გამო და მამაჩემსაც არ ეცალა დიდად სამსახურის მიზეზით. ეშინოდათ, რომ ბავშვს ყურადღება მოაკლდებოდა. თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა დედაჩემმა ძიძად დაიწყო მუშაობა. ნია, ფაქტობრივად, ჩვენს სახლში იზრდებოდა. მის მშობლებს არასდროს ეცალათ, საოჯახო ბიზნესს მართავდნენ. ნია ხუთი წლის რომ გახდა, მამამისი საყვარელთან ერთად საზღვარგარეთ გაიქცა. ოჯახი მიატოვა და ფულის 90% თან წაიღო, საუბედუროდ, ყველაფერი მის სახელზე აღმოჩნდა გაფორმებული. ნია და დედამისი ყველაფრის გარეშე დატოვა. ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა. ერთი წლის მერე მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს ნიას დედას. რა აღარ გავაკეთეთ,მაგრამ ვერ ვუშველეთ. თორნიკე გაჩუმდა, ცხოვრებაში პირველად ვხედავდი ასეთ მოწყენილს. -სულ მარტო დარჩა ნია, ყველამ უარი თქვა ბავშვზე, ზედმეტი ტვირთი არავის უნდოდა. არც ბებია-ბაბუა ჰყავს, მამამისის ნათესავებმა კი – საჭიროდაც არ ჩათვალეს დაობლებულ ბავშვს საერთოდ დალაპარაკებოდნენ. დედაჩემმა იბრძოლა, მამაჩემა თავისი გავლენაც დაიხმარა და ნიას მეურვეობა ჩვენს თავზე ავიღეთ. ამ ბავშვმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, ვუყურებ და ძალიან ძლიერია. ემოციური და ხანდახან სევდიანიც, მაგრამ მოკვდება და ამას ჩვენ არ დაგვანახებს. ნანა აფრენს ნიაზე, ხანდახან მგონია, ჩემზე მეტად უყვარს. შოკირებული ვუსმენდი თორნიკეს. ერთი შეხედვით ცივს, უჟმურს და შეიძლება ცოტა თავხედსაც, საერთოდ არ ეტყობა, რომ რამეზე ასე გრძნობით ლაპარაკი შეუძლია. მონუსხული შევცქეროდი და სიტყვებს ვეძებდი, რითიც მისი და მისი ოჯახის სიკეთეს რამენაირად აღვწერდი. -საოცარი ქალია დედაშენი და ნიას ძალიან გაუმართლა, რომ შენ ჰყავხარ. -დაიბენი, არა? -შემომხედა და სახეზე უწყინარმა ღიმილმა გადაურბინა. -არ ველოდი, მაგრამ გული გამითბა. ახლა თავი ორმაგად დამნაშავედ ვიგრძენი იმ ერთი დისკის გამო ამხელა ამბავი რომ ავწიე. -კარგია რომ ასე ქენი. -რატომ? თავი შეატრიალა ისევ ღიმილიანმა და ცას გაუსწორა თვალი. -უაზრო კითხვების დასმა გიყვარს, არა? არაფერი მითქვამს, მაგრამ აფციაურმა ღიმილი თვითონვე დაარღვია ხავერდოვანი ხმით. -ძალიან დიდი ხანია თავი ასე კარგად არავისთან მიგრძვნია. -მელას თავისი მახრჩობელა უყვარსო, გაგიგია? გულიანად გაეცინა ჩემს ნათქვამს, მთელ კორპუსს ესმოდა მისი როხროხი. -ჩუმად სიცილი არ შეგიძლია? გაგვყრიან აქედან! -ცას რომ უყურებ, ისეთი შეგრძნება არ გაქვს, თითქოს შიგნით იკარგები? -შენ ჩემკენ უნდა ნახო ცა,სოფელში. ვარსკვლავებს ვერ დაითვლი. თუ კარგად მოიქცევი, ერთხელაც გაჩვენებ იქაურობას. წამოდგა და ქურთუკიდან მობილური ამოიღო, ყურსასმენები მოარგო ტელეფონს და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ამჯერად უფრო ახლოს იყო ჩემთან, ჩვენი თმა ერთმანეთს ეხებოდა, ყურსასმენის ცალი მხარე მე მომცა, მეორე თვითონ მოირგო. ყურში ჩარკვიანის „დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს“ ჩამესმა. -ჩარკვიანი? -ეს სიმღერა სხვებთან შედარებით არ უყვართ, არადა ყველაზე მაგარია. გამეღიმა, მეც ძალიან მიყვარდა. -თვალები დახუჭე, მერე სწრაფად გაახილე და მიხვდები იმას, წეღან რასაც გიხსნიდი. გამომხედა. აქამდე რომ არასდროს მენახა, იმ მზერით. ჯადოსნურობის ხომ გჯერათ? არ გაგეცინოთ, რა. არც მე მჯეროდა იმ მომენტამდე ასეთი ზღაპრულობის, სხვადასხვანაირად რომ აღწერდნენ ყველა წიგნსა და ფილმში. სულ მეცინებოდა,როგორც შეიძლება ვინმეს მზერამ პულსაცია აგიჩქაროს-მეთქი. მაგრამ იმ დროს, სახურავზე, მის გვერდით რომ ვიწექი, ღამის უღრუბლო ცა დამნათოდა თავს და ჩარკვიანის „დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს“ ჩამესმოდა სასიამოვნოდ, არაფერი მედარდებოდა ამ ქვეყნად. ქეთომ ხომ მითხრა ვინმე რომ მოგწონს საოცრად დინჯი ხდებიო. დინჯი კი არა, ბედნიერებისგან ვიყავი გაჟღენთილი და ყველაზე ნამდვილი იყო ეს, რაც აქამდე ცხოვრებაში განმიცდია. და აი ეს, ზუსტად ეს ეწერა თორნიკეს სახეზეც . იწვა, მისი თმა შუბლზე მელამუნებოდა და ცხვირის წვერით ჩემსას ეხებოდა, დინჯად ათამაშებდა მის გრძელ თითებს ჩემს სახეზე და უნებურად მეხუჭებოდა თვალები ბედნიერებისგან. მოულოდნელად მაკოცა და გულის ცემა ყელში ვიგრძენი მომენტალურად, მის თითებს მარჯვენა ლოყაზე ვგრძნობდი, მიხურდა ისიც და ტუჩებიც, აფციაურის კვალი ჯერაც რომ ეტყობოდა. ყურებამდე მეღიმებოდა, თორნიკესაც კმაყოფილების, სილაღის და ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. სუნთქვისაც კი ეშინოდა თითქოს, ხელი ჩამჭიდა ძალიან ძლიერად და ისევ ცას გაუსწორა თვალი, ის ღიმილი არ მოშორებია მხოლოდ. გაცრეცილი ღამე იყო, რაღაცნაირი. თითოეული წამი რომ რაღაც მოგონებას ატარებს. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, მხოლოდ სიმღერა და ჩვენ. და ჩვენც, ისეთი არარეალურები ვიყავით იმ მომენტში, მჯეროდა თვალებს თუ დავხუჭავ, გავქრებით-მეთქი. ეს არის ჯადოსნურობა. თუ მსგავსს იგრძნობთ რამეს, თუ კი ბედნიერებისგან თვალების დახუჭვის შეგეშინდებათ, მაშინ ეს არის ის,რაზეც მოწიწებით ლაპარაკობენ ხოლმე. ერთადერთი, რასაც დრო დაინდობს. * * * ამის მერე ყველაფერი ისე წავიდა, რომ ზოგჯერ არ მჯეროდა სიმართლე იყო, თუ სიზმარი. მე და თორნიკე ერთად ვიყავით. უკეთ გაცნობაში ვეხმარებოდით ერთმანეთს. ძალიან ბევრს, დაუსრულებლად ვლაპარაკობდით და ვიცინოდით. უაზროდ ბევრს ვსეირნობდით და ხშირად ვიპარებოდით აწ უკვე ჩვენს ადგილას. კულინარიულ სკოლაში ისევ დავდიოდი, თუმცა, გეფიცებით, ყველაფერს პროფესიონალურად ვაკეთებდი და თორნიკესთან მიმართებაშიც არ გადამიბიჯებია ზღვარს. ზოგჯერ აფციაურის უჟმურობის ატანა მიწევდა, მისი შეკრული წარბების და კიდევ შენიშვნების, მაგრამ ეს იმასთან შედარებით არაფერი იყო სრულიად უმიზეზოდ რომ ვუშარდებოდი რაღაც სისულელეებზე და მერე ვეჩხუბებოდი ხოლმე. ერთხელ, ასეთი ჩხუბის დროს ძალიან ვაწყენინე. შუა ქუჩაში უაზრობები ვუთხარი და ჩემს სანახავად მოსულს, წვიმაში ნახევარი საათი ვაცდევინე. ბოლოს მაინც არ ჩავედი და ისე გაბრაზდა, სრული სამი დღე საერთოდ არ მელაპარაკებოდა. მოგვიანებით თეოსგან გავიგე, რომ სიცხე ჰქონდა და აქ უკვე ხმამაღლა იკივლა ნამუსმა. დედაჩემის რეცეპტით მოვამზადე ქათმის ბულიონი, ჩემი სულელური სიამაყე სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე ცხოვრებაში პირველად, რაზეც მთელი ოჯახის, ბექას და ქეთოს აპლოდისმენტებიც დავიმსახურე და თორნიკეს ვესტუმრე პირდაპირ სახლში. კარი ცხვირაწითლებულმა, მოღუშულმა და თვალებდასიებულმა გამიღო. -ეე, გორდონ რემზი, რავა ხარ? -ვკითხე და სიცილი ძლივს შევიკავე. -აქ რა გინდა? -მკითხა წარბებშეკრულმა. -ეს არის ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობა? გაიწიე, სახლში შემომიშვი, ჩემი გაკეთებული წვნიანი უნდა გაჭამო. -რატო, თავის დროზე ვერ მომკალი და ახლა სხვა მეთოდებს სცდი? -თორნიკემ ირონიულად გამიცინა და განზე გადგა, რომ სახლში შესვლა შემძლებოდა. -ფაფასუა რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ ერთი წვიმა თუ მოგერეოდა, მაგას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. -რა ვიყავი? -სასაცილოდ ჭყიტა თვალები. სამზარეულოში შევალაჯე თავხედურად, წვნიანის ქვაბი გაზზე დავდე გასაცხებლად და ახლა კარადებს მივუბრუნდი, რომ შესაფერისი თეფში მეპოვა. -აბა რამე კულინარიული ტერმინი მეთქვა, ხომ გაიგებდი მაშინვე. თეფშებს სად ინახავთ? -არ მეტყვი სახლში რატომ შემომივარდი? -ხელები გულზე დაიკრიფა და კარადას მიეყრდნო. -თეოს წამოსცდა, რომ ცუდად იყავი, თანაც მარტო და ვიფიქრე დავხედავ ხომ არ მოკვდა-თქო. -ყველა საზიზღარ უფროსზე ასე ზრუნავ? -ტონი არ შეუცვლია. -ჯერ ერთიც, შენ ჩემი უფროსი არ ხარ, ეგღა მაკლია. მერე მეორეც, საჭმელების მომზადება მომეწონა, აზარტში შევედი და მირჩევნია ბოლომდე მასწავლო, რაც გევალება. -მე კი გასწავლი, მაგრამ შენ სწავლობ? -ნიშნისმოგებით მკითხა. -გასინჯე და გაიგებ. -ვალში არც მე დავრჩენილვარ. -გაგიჟებულხარ,თუ გგონია მაგას შევჭამ. -"მაგას" დედაჩემის რეცეპტით მომზადებული ქათმის ბულიონი ჰქვია, შე ბანძო! -დედაშენმა მოამზადა? -თორნიკემ რამდენჯერმე გადაბმულად დააცემინა. -არა,მე მოვამზადე. -მეც მანდ ვარ. - საჩვენებელი თითი ასწია აფციაურმა. -უკვე მაკომპლექსებ. შეფი თავის მოსწავლეებს ასე არ უნდა ექცეოდეს! -ურჩ მოსწავლეებთან შენც ხომ შენი მეთოდები გაქვს? -მითხრა და მაცივრიდან რძე გამოიღო. მაშინვე ხელებში ვწვდი. -ჯერ ერთი, ფილტვების ანთების წინა სტადია რომ გაქვს, ცივ რაღაცებს უნდა შეეშვა და მერე მეორეც, კარგ მასწავლებლებს ურჩი მოსწავლეები არ ჰყავთ. გაეცინა თორნიკეს. მგონი შევირიგე, თქვენ როგორ გგონიათ? ისე გაციებული, თავგასიებული და ცხვირწითელიც რომ ასეთი სექსუალური იქნები, აი მაშინ დაუხარჯავს ღმერთს შენზე საკმარისი დრო. : )) -კარგი, გავსინჯავ. -ურცხვი ფიქრებიდან ისევ ჩემი შეყვარებულის ხმამ გამომაფხიზლა. წვნიანი ღრმა თეფშზე ამოვიღე, გვერდით პურის ნაჭერი და დაჭრილი სალათი მივუდგი და თორნიკეს კოვზი შევაჩეჩე ხელში. პირველი ლუკმა დაჯღანული სახით გადაყლაპა, მაგრამ მერე ნელ-ნელა გაეხსნა სახე. -მარილზე რამე გსმენია? -ღმერთო, სულ მარილზე როგორ წუწუნებ? -უმარილო საჭმელი არ მიყვარს, არაფრის გემო არ აქვს. -მეწყინა მისი რეპლიკა, ამდენი ვიწვალე, სახლში გაჭირვებით მოვიტანე მთელი ქვაბი წვნიანი და ამან არაფრის გემო არ აქვსო. მიხვდა, რომ სახე მომეღუშა და წინ ამესვეტა. -ცოტა აკლია მარილი, თორემ ისე გემრიელია. -მართლა? -სულელივით გავიკრიჭე. -კი, მართლა. ცოტა ხანს ვუყურე, მაგრამ მერე მივხვდი, არაფერი გამოვიდოდა და გულწრფელ ბოდიშს მართლა იმსახურებდა ჩემგან. -ბოდიში, რომ გუშინ წინ ასე უაზროდ მოვიქეცი, არ იმსახურებდი ასეთ სისულელეზე ჩხუბს. ჩემი გამოხტომებიც მაპატიე, ვეცდები თავი ვაკონტროლო ხოლმე. -ამოვთქვი და სირცხვილისგან თავი დავხარე. გაეღიმა. -როგორ? -მკითხა ეშმაკური სიცილით. -აზრის გამოტანასთან რამე პრობლემა გაქვს? რა ვერ გაიგე? -წამებში გავკაპასდი. -ჩემი პრობლემა ხარ შენ! -მითხრა სიცილით. -გაცნობის დღიდან, გიჟივით რომ შემომივარდი ცხოვრებაში და ყველაფერი ამირიე. -ანუ პრობლემა ვარ? -ვიცოდი ამას რა ტონითაც მეუბნებოდა, მაგრამ მისგანაც ხომ უნდა გამეგო? -ყველაზე სასიამოვნო პრობლემა ხარ, რაც მქონია. ყელზე მოწყვეტით მაკოცა და მერე მოულოდნელად დაიხია უკან. სულ ეს არის? ამისთვის დავღვარე სისხლი და ოფლი??? -რას მიყურებ?! ძლივს ვსუნთქავ, რომ გაკოცო ან რაღაცას გადმოგდებ და ან კიდევ მე დავიხრჩობი. -ეს წვნიანი ბოლომდე შეჭამე, რომ გამოკეთდე! -ეგრე ძალიან გინდა კოცნა? -სიცილი აუტყდა. -კოცნა კი არა, ჭამე შე ჟღვინტიანო, ვერ ხედავ ცხვირი ნარკომანივით რომ გაქვს გასიებული? -ჰა ჰა ჰა, სასაცილოა! -გამომაჯავრა თორნიკემ და წვიანის კიდევ ერთი ლუკმა შეჭამა. * * * ჩემს სკოლაში ისტორიული სპექტაკლის გაკეთება მომაჩეჩეს ხელებში, ასე რომ დროის უქონლობის გამო კულინარიული კოლეჯიდან წამოსვლა მომიწია. გული დამწყდა. შევეჩვიე ბავშვებს, თეოს და თორნიკესაც ძალიან ხშირად ვხედავდი, თან საჭმელების კეთება გულწრფელად მომეწონა და მართლა მქონდა სურვილი რაღაცები მესწავლა. ასეა თუ ისე, ამ ყველაფერს ჩვენი ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია. დრო სწრაფად გადიოდა. კულინარიული კოლეჯის მორიგი „სეზონი“ წარმატებით ჩაამთავრეს თეომ და თორნიკემ. მეც არაჩვეულებრივად ჩავატარე სკოლაში სპექტაკლი. ერთმანეთის წარმატების მომსწრეები და ხშირად თანამონაწილეებიც ვიყავით. ქეთო მეუბნებოდა, ქვეყნად რამე თუ დააოკებდა შენს სიგიჟეს, არ მეგონაო,თუმცა სულაც არ ვთვლი, რომ ჩემი სიგიჟე სადმე წავიდა. უბრალოდ, თორნიკე იყო მშვიდი და გაწონასწორებული, ასე რომ ერთმანეთის პლიუსი და მინუსი, დამბალანსებლები და გამანეიტრალებლები ვიყავით. თორნიკემ მისი ოჯახი გამაცნო. არ ვიცი რატომ და რა მიზეზით, მაგრამ დედამისს ძალიან მოვეწონე. სულ თბილად მელაპარაკებოდა და ერთხელ მითხრა კიდეც, ჩემი შვილი ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავსო. ნია საოცრად შემიყვარდა. ჭკვიანი და მტკიცე ხასიათის ბავშვი იყო. გაგიკვირდებათ,მაგრამ თორნიკეს გავდა ქცევებით,მანერებით და ხასიათითაც კი. ძმის შემყურე, თვითონაც კულინარობას აპირებდა. თორნიკე კარგად შეეწყო ჩემს ოჯახსა და მეგობრებს. მოკლედ, ჩემი ცხოვრება იდეალურად მიდიოდა,სანამ ჩვენი ურთიერთობის მანძილზე პირველად მომიწია იმის გააზრება,რომ თორნიკესთან ბოლომდე გულწრფელი არ ვყოფილვარ. მანამდე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ამას ჩემს ბავშვურ, უწყინარ თამაშად ვთვლიდი, თუმცა, როგორც ჩანს, თორნიკესთვის ეს იმაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი. მე ქეთო, ბექა და აფციაური კაფეში ვისხედით და მშვიდად ვლაპარაკობდით,სანამ ქეთომ არ გადაწყვიტა, რომ ყველა ჩემი ბავშვობის „გრეხი“ უნდა მოეყოლა ბიჭებისთვის. -მოკლედ, მეცხრე კლასში ვიყავით, გარდატეხის ასაკი გვქონდა. ბიჭები და გოგოები ისე ვიყავით ერთმანეთს დარეულნი, ხან რომელი მხარე ვხვდებოდით სასწავლო ნაწილის კაბინეტში, ხან რომელი. -ყვებოდა ქეთო და თან სიცილისგან იჭაჭებოდა. -თანაბრად მიდიოდა ბრძოლა, სანამ ბიჭებმა ერთ ძალიან მაგარ მეთოდს არ მიაგნეს. დაგვტაცებდნენ ხოლმე ხელს და კარადაში გვტენიდნენ,ხან თავით, ხან ფეხებით. ერთ მშვენიერ დღეს ლანაც ასე ჩააგდეს შიგნით და ისე გადაწითლდა სიმწრისგან, მეშინოდა პომიდორივით არ გამსკდარიყო. ბექა და თორნიკე სიცილისგან ხაოდნენ, მე კი ქეთოს ვუბღვერდი, რომ როგორმე გამეჩუმებინა. რა აუცილებელი იყო ჩემი არანორმალური ბავშვობის განხილვა თორნიკეს თვალწინ? -ლანა რისი ლანა იყო, შური არ ეძიებინა. გაკვეთილების შემდეგ კარადების კარებებს „შურუფები“ მოხსნა და ერთხელაც, ამიკომ რომ კარი გამოხსნა, პირდაპირ სახეჩი ჩაეცა. ერთი თვე ცხვირგატეხილი დადიოდა. -ქეთომ თხრობა დაამთავრა და კიდევ ერთხელ აკაკანდა. ისე გულიანად იცინოდნენ, მეც ამიყოლიეს. -შენ რა საშიში ვინმე ყოფილხარ! -მითხრა სიცილით თორნიკემ და მიმიხუტა. -ზუსტად ეგ ისტორია გამახსენდა მაშინ, იმ დისკების მაღაზიასთან, ლანამ რომ მთხოვა შენი მანქანის ნომრები ჩამეწერა, გავიფიქრე, ამას მაგრად დაერხა-თქო. -სიცილით წამოროშა ქეთომ და რამდენიმე წამის შემდეგ, ბექამ უხერხულად რომ ჩაახველა, ღიმილი სახეზე შეეყინა. -რა? ვერ გავიგე? -თორნიკე აშკარად გაურკვევლობაში იყო. მეც ძალიან დავიბენი. ქეთო საერთოდ აღარ ეწერა ცოცხლებში და ნერვიულობისგან აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. -ლანა, რას ამბობს, ვერ გავიგე. -უხერხულად გაეცინა თორნიკეს. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, თორნიკეს ვთხოვე გამომყოლოდა და რამდენიმე წუთში გარეთ ყველაფერი მოვუყევი. -მაშინ, დისკების მაღაზიაში, შენზე ძალიან გავბრაზდი. ზოგადად, ხომ იცი, რომ სიფიცხე მახასიათებს. როცა წახვედი, ქეთოს შენი მანქანის ნომრების დამახსოვრება ვთხოვე, მერე ჩემი მეგობრის, ამიკოს დამხარებით გიპოვე და შენს კულინარიულ სკოლაში მოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ შენი გამწარება მინდოდა. -გამეცინა ჩემს სისულელეზე. თორნიკეს რომ გავხედე, გაოცებული მიყურებდა. მისი სახის გამომეტყველებით ვერაფერი გამეგო. ყველაფერი ზედ ეხატა. -მეღადავები? -ძლივს ამოთქვა. -ვიცი, რომ უაზრობაა და ცოტა სასაცილოც.. -ისევ გამეცინა. -სასაცილო? -თორნიკეს ხმა გაუმკაცრდა. -შენი აზრით, სხვის ცხოვრებაში ასე უაზროდ ჩარევა და მისი აწეწვა, სასაცილოა? იმაზე უნდა გამეცინოს, რომ რაღაც უაზრო დისკის გამო, სრულიად უცნობი ადამიანი მოძებნე და მისი ცხოვრებით თამაში გადაწყვიტე? თორნიკეს ბრაზისგან ყელზე ძარღვები დაჰბერვოდა. მისი რეაქცია იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გავშრი. ყველა სიტყვას ვიაზრებდი, რასაც მეუბნებოდა, მაგრამ ვიდექი ასე გახევებული და სიტყვები ყელში მეჩხირებოდა. -სხვისი გრძნობებით თამაში ნორმალური გგონია? ან ასე, პირად სივრცესა და ცხოვრებაში შეჭრა ვინ გასწავლა? საიდან მოგაფიქრდა? ყველაზე საოცარი ის არის, რომ შენმა მეგობრებმა ეს ამბავი იცოდნენ და ახლა ქეთო ამას ბედნიერი მიყვებოდა? თორნიკე მართლა ძალიან გაბრაზებული იყო. მაშინ პირველად გავიაზრე, რომ მის თავმოყვარეობას შევეხე, მართლა უუფლებოდ შევიჭერი მის პირად ცხოვრებაში და წამითაც არ გამიაზრებია, რომ ეს საერთოდ არ იყო ნორმალური საქციელი. -ზედმეტი არაფერი ვარგა ამ ცხოვრებაში, ლანა. არც სიგიჟე, არც თავქარიანობა და არც გადამეტებული იუმორი. მით უმეტეს, მაშინ, როცა ვიღაცის პირადს ეხები. ეს კარგად დაიმახსოვრე, რომ შემდეგში გამოგადგეს! -მითხრა ძალიან ნაწყენი ტონით თორნიკემ და უკან ისე გატრიალდა, ერთხელ აღარ შემოუხედავს. * * * ერთი კვირა იყო გასული ამ ამბიდან. თორნიკესგან არაფერი მსმენოდა. არც ჩემს ზარებს პასუხობდა და ჩემს ნახვასაც არიდებდა თავს. ვხვდებოდი და მისი კარგად მესმოდა. ჩემს დანაშაულს კარგად ვიაზრებდი. ქეთოს ვერაფერი ვუშველე მხოლოდ. იჯდა და თვითგვემას იყო მიცემული. -ქეთო, კარგი რა, შენი ბრალი არ არის. თავის დროზე უნდა გამეაზრებინა დ ყველაფერი მეთქვა, შენ რა შუაში ხარ? -რა შუაში ვარ და პირში არაფერი მიჩერდება! -ღნაოდა ქეთო. -ბექარ, რამე უშველე რა. -საცოდავად გამეცინა. ირაკლიმ ითმინა ჩემი საცოდაობა და ერთ დღეს სახლში მოსულმა ამაყად გამომიცხადა თორნიკეს ველაპარაკეო. ვიჩხუბე და ვიკივლე, შენ ვინ გკითხავდა-მეთქი, მაგრამ ჩემს ისტერიკაზე წარბიც არ შეუხრია. მშვიდად დამიჯდა წინ და ყველაფერი მითხრა, რასაც ფიქრობდა. -მე შენ თავის დროზე გითხარი, სისულელეს აკეთებ და დროულად გაჩერდი-მეთქი,მაგრამ არ დამიჯერე. შენი უაზრობის გამო კისერი წაიმტვრიე. თორნიკეს ველაპარაკე და ძალიან ნაწყენია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ აქ უნდა იჯდე გაბერილი მძ*ერივით და არაფერი გააკეთო. თუ ეგ ბიჭი მართლა გიყვარს, ასწიე და ყველაფრისთვის ბოდიში მოუხადე. იმედია არ ითაკილებ და შანსსაც სთხოვ, თორემ საერთოდ არ მხიბლავს ის იდეა, რომ ცხოვრების ბოლომდე გასათხოვარი დარჩები. გამეცინა. ცხოვრებაში მეორედ, ჰა და ჰა, მესამედ, ჩემი იდიოტი ძმა რაღაცაში მართალი იყო. დრო იყო ჩემი ხათაბალა იღბალი სადღაც ჯანდაბაში მომესროლა და ახალ,ბედნიერ ცხოვრებაზე ზრუნვა თავადვე დამეწყო. აკრუსუნებულ ქეთოს და ბექას ვთხოვე დახმარება. თორნიკეს დედასთან მივედი, რომელიც ძალიან წუხდა ჩვენი ჩხუბის გამო და სახლის გასაღები გამოვართვი. ისეთ დროს მოვხვდი სახლში, როცა თორნიკე მუშაობდა. ყველაფერი ისე მოვაწყე, როგორც საჭირო იყო, ერთ-ერთ ოთახში დავიმალე და გავიტრუნე. ერთი საათის შემდეგ სახლის კარის ხმა გავიგე. ნაბიჯებით ვიცანი, თორნიკე იყო. შორიდანვე დაიძახა. -მოვედი, სახლში ხართ? ხმა რომ არავინ გასცა მისაღებ ოთახში შევიდა და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ შენიშნა გაბანტული დისკი, რომელიც მაგიდაზე იდო წარწერასთან ერთად. ჭუჭრუტანიდან ვხედავდი, როგორ აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, თუმცა ვერავინ რომ ვერ იპოვა, სავარძელზე მოკალათდა და დისკი ჩართო. ტელევიზორში ჩემი გამოსახულება გამოჩნდა. ღმერთო, თურმე ეს ზედა მასუქებს! სულ ქეთოს ბრალია. სულელური ფიქრები მოვიშორე და საკუთარ თავს ყური დავუგდე. „თორნიკე, თუ ამ ვიდეოს უყურებ, ესე იგი ცოცხალი აღარ ვარ!“ აფციაურს სახე აელეწა და წამებში ფერები გადაუვიდა, კინაღამ სიცილი ამიტყდა, მაგრამ ისევ ჩემმა თავმა გადამარჩინა. „კარგი, რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი, ვიხუმრე. მოკლედ, ძალიან მინდოდა შენთან ლაპარაკი და რადგანაც ჩემს ნახვას თავს არიდებდი, გადავწყვიტე ასე მეთქვა შენთვის ყველაფერი, რასაც ვფიქრობ. საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი საშინლად გამომდის, შენ ეს იცი, მაგრამ ახლა დროა ეს გავაკეთო. სანამ თვალი არ ამიხილე, მანამდე წამითაც არ მიფიქრია, რა დაუფიქრებლად და სულელირად მოვიქეცი. ჩემთვის ეს ყველაფერი უჩვეულო არ არის, რადგან ბავშვობიდან თავქარიანობას ვარ მიჩვეული, იმას ვაკეთებ, რაც მინდა. ვიაზრებ და ვიცი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი და ამის გაკეთების არანაირი უფლება არ მქონდა. უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ ეს გამიზნულად არ გამიკეთებია. ჰო, თავის დროზე მართლა შენი გაბრაზება მინდოდა, მაგრამ ძალიან მალევე მივხვდი, რომ შენით აღფრთოვანებული ვიყავი. გავოცდი შენი ადამიანობით, პროფესიონალიზმით, შენი საოცარი პიროვნებით. იმ სულელური გეგმისთვის კი, ყურადღებაც აღარ მიმიქცევია. ჩავთვალე, რომ ერთი უაზრო ხუმრობა იყო, რომლითაც „ჭკუას გასწავლიდი.“ პირიქით გამოვიდა, ჭკუა აქეთ მასწავლე და ძალიან სამართლიანადაც. თორნიკე, მინდა გითხრა, რომ მართლა სრული უპასუხისმგებლობაა ჩემი საქციელი, თუმცა, ნამდვილად არ ვნანობ, იმიტომ რომ შენი გაცნობის და ჩემს ცხოვრებაში შენი შემოშვების შესაძლებლობა მომეცა. ძალიან მიყვარხარ და თუ ისევ გენდომება, ჩემნაირ არანორმალურს დაუკავშირო ცხოვრება, გეფიცები, ყველა ასეთი სისულელის გაკეთების წინ, შენს აზრს აუცილებლად ვიკითხავ! კარგი, ვხუმრობ! ასე უპასუხისგებლოდ აღარასდროს მოვიქცევი.“ ოთახი ფეხაკრეფით დავტოვე, წინასწარ გამზადებულ დარიჩინიან ყავას მოვკიდე ხელი და თორნიკესთან გავედი მისაღებ ოთახში. ჩუმად იჯდა, მაგრამ ტუჩის კუთხეში უკვე შეჰპარვოდა ღიმილი. აწურული ვიდექი მის წინ, დარცხვენილი და არ ვიცოდი, რა მექნა. -ეგ რა არის? -მკითხა და საბოლოოდ გაბედა ჩემთვის გაეღიმა. ჭიქა მოვუტრიალე, რომ წარწერის წაკითხვა შესძლებოდა. „Voilà, bon appétit!“ წარწერის დანახვაზე გაეცინა, ფეხზე წამოდგა და ძვლების ატკიებამდე ჩამეხუტა. * * * -რატომ წვალობ? -სამზარეულოში შემოსული თორნიკეს ხმა მესმის. -უნდა გაგაოცო! -რაც გაგიცანი, მის მერე მაოცებ, ახლა რას ამზადებ? -ეცინება. -ნუ დამცინი და თმა გადამიწიე. თმას მიწევს, მაგრამ ცდუნებას ვერ უძლებს და ყელში მსუბუქად მკოცნის. -არ იცი, რომ რამის მომზადებისას ბეჭედი უნდა მოიხსნა ? -რა ვქნა, არავის უსწავლებია. -ხუმრობაში ვყვები მეც. -ალბათ ურჩი მოსწავლე ხარ! -კარგ მასწავლებლებს ურჩი მოსწავლეები არ ჰყავთ-მეთქი, რამდენჯერ უნდა გითხრა? აფციაურს ისევ ეცინება და მშვიდად მკოცნის ლოყაზე. -დავამთავრე, შეგიძლია გასინჯო! -სიამაყით ვიჯგიმები. თორნიკე ჩემს გაკეთებულ კერძს სინჯავს, პირველი რამდენიმე წამი იჯღანება, მერე კი მიმიკა უსწორდება და მეუბნება: -უმარილოა,ლანა! -შენ არ მითხარი, მარილი გემოვნებით უქენიო? ჰოდა, ესაა ჩემი გემოვნება. -ჩემი გემოვნება არ უნდა გაითვალისწინო? -მეხუმრება თორნიკე და ჩანგალს ნიჟარაში ისვრის. -ცოტა ნელა, ველურო! „მასტერშეფი“ კი არ მაქვს აქ! -ვკაპასდები და გატრიალებულ თორნიკეს ზურგში ვურტყამ. -„მასტერშეფი“ რომ გვქონდეს,შენი კულინარიული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აქ ნამდვილად ვერ იდგებოდი. -მეუბნება გველური ღიმილით, მოდის და მკოცნის. მერე ხელში ავყავარ და სიცილით მეუბნება. -კულინარია არ არის შენი საქმე, სჯობს იმას მიხედო, რაც კარგად გამოგდის! -არაფრის თქმას მაცდის და ისევ მკოცნის. ესეც ასე მეგობრებო. ეს იყო ჩვენი ერთი შეხედვით დაუჯერებელი, მაგრამ სრულიად რეალური ისტორია. ვიცი, ალბათ რაღაცები დეტალურად გაინტერესებთ. მე და თორნიკე შეხვედრებიდან 2 წლის შემდეგ დავქორწინდით. აფციაურს ახლა საკუთარი რესტორანი აქვს, მე ისევ მასწავლებელი ვარ და საბავშვო სპექტაკლებს ვაწყობ სკოლებში. ირაკლიმ მაიძულა მისთვის ლიკა გამეცნო, ცოტას კი ვნანობ, რომ ლიკა ამ დღეში ჩავაგდე, მაგრამ, ვაღიარებ, ირაკლის ბედნიერება ძალიან მიხარია. ბექა და ქეთოც დაქორწინდნენ და ძალიან მალე ნათლია გავხდები. ჩვენ კი ასე, მხიარულად მივყვებით ცხოვრების რიტმს. ნელ-ნელა დავასრულებ თხრობას, თორემ ალბათ უკვე თავი შეგაწყინეთ. ერთს გეტყვით მხოლოდ. ვისაც მზარეულობა არ გამოგდით, ნუ იჯავრებთ. სულელურად ჟღერს, მაგრამ ეს შტერი გრძნობა, მეტ-ნაკლებად, ყველაფერს შველის. ცოტა ინგრედიენტები, მარილი, პილპილი, ცოტა-ცოტა სიყვარული და.... Voilà, bon appétit!!! ა ვ ტ ო რ ი ს გ ა ნ: მოგესალმებით წინასგან ცოტა განსხვავებული ისტორიით. ეს ისტორია ზუსტად 5 წუთში მოფიქრებული სიუჟეტით დაიწერა. ძალიან მომინდა რაღაც საღლიცინო, კომედიური და პაწაწინა რამ მეჩუქებინა თქვენთვის, რადგან შემდეგი ისტორია ჩემთვის ძალიან სერიოზულია და დიდი ხანი დამჭირდება ზუსტად იმ ემოციებით გადმოგცეთ, რასაც მე განვიცდი წერისას. ეს კი - უბრალოდ გართობისთვის და სიცილისთვის არის გათვლილი. შეიძლება ბევრი შეცდომა იყოს, ან რაიმე უზუსტობას წააყწდეთ, მაგრამ, მაინც მგონია, რომ თქვენს გაღიმებას და გამხიარულებას წამით მაინც შევძლებ. შემდეგი ისტორია სხვანაირი იქნება. ცრემლებით, ცოტა კრიმინალით და მეგობრობის ძლიერი ხაზით, სიყვარულით. მანამდე ეს იყოს თქვენთან... P.S თვალსაჩინოებისთვის ჩემეულ ლანას და თორნიკეს გაჩვენებთ, თქვენც რომ ნახოთ,როგორია ავტორის თვალით დანახული პერსონაჟები. სიყვარულით, GoneWithDreams. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.