შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფლების კონტრაქტი (თავი I)


17-08-2020, 23:05
ავტორი Fallen Inquisitor
ნანახია 972

თავი 1
ცერა თითით არათითის ფრჩხილს ვეთამაშები. რამდენიმე სამეცნიერო ხარისხის მქონე პიროვნება, დოქტორი შპიგელი, ჩემ პირდაპირ ზის და, როგორც მისი პროფესიის ადამიანებს სჩვევიათ, მშვიდად მიყურებს, მელოდება. ჩემი ცხოვრება იმგვარად მიედინება, იშვიათად მელოდება ვინმე, იშვიათად თუ მოუნდება ვინმეს მარტივად გააჩეროს თავისი ცხოვრება, რათა შემდეგ ჩემთან ერთად განაგრძოს სვლა. თუმცა ამაში ვერავის გაამტყუნებ. დოქტორი შპიგელი კი მელოდება. ეს სასიამოვნოა, თუმცა, ვიცი, ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ჩემზე გული შესტკივა, არამედ იმიტომ, რომ ამაში სოლიდურ თანხას იღებს. საერთოდაც, როგორ შეიძლება უარი თქვა მანჰეტენის წამყვანი იურიდიული ფირმის კორპორატიულ ფინანსისტ-ადვოკატის ხელფასის 10%-ზე? და რამდენადაც დიდია მისი სამსახურებრივი ანაზღაურება, იმდენად დიდი შრომა აწევს კისერზე. აი, უკვე მერამდენედ, უბრალოდ, უნდა იჯდეს და მელოდოს. მაინც სასიამოვნოა. მელოდება. მერე რა, თუ ამას ანგარებით აკეთებს.
დოქტორი შპიგელის შესახებ ჩემთვის არავის მოუყოლია და არც ვინმეს გაუწევია რეკომენდაცია. არც რომელიმე საგაზეთო სტატიაში შემხვედრია. უბრალოდ, დამჭირდა და პირველივე შემხვედრი, ეს გერმანული აქცენტით მოსაუბრე მეცნიერ-რაღაცა აღმოჩნდა. მასთან სიარულის ბენეფიტების შესახებ მას შემდეგ გავიგე მხოლოდ, რაც უშუალოდ პირველად მივედი მასთან. პირველივე წინადადება იყო - გვერდით გამოსაცვლელი ოთახია, თუ გნებავთ გამოიცვალეთ თქვენი ყოველდღიური რუტინისგან გაჟღენთილი სამოსი და რამე კომფორტული ჩაიცვით. იმ მომენტში არ ვენდე დაშვებას, რომ იმ ოთახში რამე ჩემი მოსაწონი, ან ზომის ან ფორმის, სამოსი დამხვდებოდა და ვარჩიე, პირდაპირ, ასე გიჟურ, ადვოკატურ ფორმაში, ქუსლიან ფეხსაცმელებსა და ჩახუტებულ-ჩაბღაუჭებული ჩანთით მყოფი გავსაუბრებოდი. იმ მომენტში ფაქტი იყო, მეტჯერ იქ მისვლას არ ვაპირებდი. არა იმიტომ, რომ არ მჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ არ ველოდი იქ თუ მივიღებდი იმას, რაც მინდოდა და დარწმუნებული ვიყავი კიდეც, რომ ჩემი სურვილები და საჭიროებები იმ წუთას სრულად იკვეთებოდა.
ყველაფერი გასულ წელს დაიწყო. სიმართლე უნდა ითქვას, რომ მსგავსი ნაბიჯი რამდენიმე თვით ადრეც უნდა გადამედგა, მაგრამ რა მაჩერებდა, არ ვიცი. რამდენიმეჯერ ნიუ-იორკის ამ პატარა ქუჩაზე მდგარ შენობაში მოსვლის შემდეგ კი მივხვდი, რომ ამ კითხვაზეც უნდა გამეცა პასუხი. ადრე თუ გვიან. და ფაქტობრივად, ჩემი მთელი ცხოვრება ეს სამი სიტყვაა - ადრე თუ გვიან.
დოქტორი შპიგელი არ გახლდათ პირი, რომელსაც ჩემი იურიდიული კონსულტაცია ესაჭიროებოდა და არც მოარული ადამიანი, რომელსაც ჩემი მეორეული პროფესიით გავუწევდი ცხოვრების გზაზე დაყენების ან გამოფხიზლების სამსახურს. ეს ყველაფერი რევერსული იყო - დოქტორ შპიგელს ფეხზე მე უნდა დავეყენებინე.
და მას შემდეგ, რაც თომასმა ოთხი ბოთლი წითელი ღვინისგან სულგამძვრალი საკუთარი სახლის კიბეზე დაგდებული მიპოვა, კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ჯერ ერთი კვირით ტყის სახლში გამიშვა, გარესამყაროსგან შორს, ხოლო შემდეგ, იმ პირობით, თუ ისევ მსურდა წარმატებული იურიდიული კარიერის გაგრძელება, ფსიქოლოგთან განუსაზღვრელი ვადით სეანსების ვალდებულება გამიწერა.
მოკლედ, დოქტორი შპიგელი ჩემი ფსიქოლოგია.

***
ამბობენ, რომ გერმანელ ადამიანებს სამართალწარმოების უნიკალური შეგნება აქვთ, რაც ხშირად მანდომებდა ამ რასის წარმომადგენელთან ურთიერთობის დაწყებას, მაგრამ არა რა თქმა უნდა ფსიქოლოგთან. ყველაზე ნაკლებად გერმანელი ფსიქოლოგი დამჭირდებოდა.
მაღვიძარა რეკავს. იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც უდიდესი მოტივაცია მქონდა დილის ექვსის ნახევარზე გამეღვიძა, უფრო მწვავე პერიოდებში მსურდა ეს დრო უფრო ადრიანი გამხდარიყო და ოთხ საათზე გაღვიძების იდეა დამდევდა ფეხდაფეხ. სამწუხაროდ, ვერც ერთი შევძელი. ვერც მაშინ, როცა ჩემი ცხოვრება თავისი განვითარების ეტაპის პიკზე იყო და განსაკუთრებით, ვერც მაშინ, როცა ყველაფერი მტკიოდა, მატერიალურიც და არამატერიალურიც. ვინაიდან, როცა რაღაც მტკივნეულად მიდის ჩემ გარშემო, ან ჩემში, მსურს, რაც შეიძლება მეტი მეძინოს, რაც შეიძლება დიდხანს ვიყო მარტო, რაც შეიძლება მეტი ღვინო ვსვა. ახლა კი, როცა მთლად ვერც არეული და ვერც დალაგებული ვარ, ჩემი გაღვიძება პირველ ჯერზე იმ საშინელ ხელსაწყოს უწევს, მაღვიძარას რომ ეძახიან ადამიანთა რასაში, ხოლო მეორე ჯერზე, და ეს ჯერი ყოველთვის დგება, ჩემს მოსამსახურეს, რომელიც ფაქტობრივად ჩემი ერთადერთი ოჯახია.
კატრინი მაშინ დავიქირავე, როცა საკუთარ სახლშივე არსებულმა სუნმა შემაწუხა. ეს დაახლოებით მაშინ მოხდა, როცა ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, ცალკე გადასვლიდან მესამე დღეს. რეალურად კი სუნი შემაწუხებელი იმიტომ კი არ იყო, რომ არაჰიგიენური ვარ. არა. ეს ფაქტობრივად ყველაზე მეტად გამორიცხული ვარიანტია. იმდენად ვიციკლები ჰიგიენასა და სასიამოვნო სურნელზე, რომ შეიძლება გადამწყვეტი საქმე არც კი გავაკეთო იქ, სადაც არეულობა და ჩემთვის არასასიამოვნო სუნია. თუმცა, მქონია შემთხვევაც, როცა ყველაფერი იდეალურად იყო და არც არაფერი მიქნია.
მოკლედ, კატრინის დაქირავების მიზანი ის არასასიამოვნო სუნი იყო, რომელსაც ალკოჰოლი ტოვებდა სახლში. დედამიწის ზურგზე, მგონი, ეს ერთადერთი არომატია, რომელსაც ვერაფერს ვშველი და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყველაზე მეტად მეზიზღება. თუმცა, ყავის შემდეგ, ჩემს ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა ყველაზე მეტია. რაც ოდნავადაც არაა საამაყო, მაგრამ ცხოვრებაში, რაც კი ხარისხიანი გამიკეთებია, ეს ან თრობის ქვეშ იყო, ან თრობის ქვეშ, რომელიც ღამით დავიმართე. მოკლედ, მიმაჩნდა, რომ შავი ღვინო ის საწვავი იყო, რომელიც ჩემს რობოტ ძრავას შესავსებად ესაჭიროებოდა.
საძინებელში კატრინი შემოდის. ყავის სმა იშვიათად მომწონს ნამდვილი ჭიქებით. ყველაზე მეტად ქაღალდის ერთჯერადი ჭიქებით ვსვამ, რომელიც ძალიან მაგონებს ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნების ახდენის ფაქტს. მაშინ, როცა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, და რეალურად, არც არაფერს ვსწავლობდი კარგად, მუდამ შევდიოდი ლავაცას კაფეში და ყავას ვყიდულობდი. ჩემი იმდროინდელი ფინანსური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, არ მაძლევდა გასაქანს ყოველდღე ყავა ასე მესვა, თუმცა რამდენჯერაც იმ ჭიქას ვიჭერდი ხელში, ვიცოდი, რომ ოდესღაც ასეთ და კიდევ უფრო ძვირფას ყავის ჭიქებს დღეში რამდენჯერმე ვიყიდდი, რადგან იმდენად მდიდარი ვიქნებოდი, სული გამძვრებოდა შემოსავლის ხარჯვაში. თუმცა, საკვირველია, რატომ არასდროს ვეცადე უნივერსიტეტში სწავლის დროს ან შემოსავალი მქონოდა, ან, სხვა თუ არაფერი, საუკეთესოდ თუ არა, ნორმალურად მაინც მესწავლა. ის ყავის ჭიქები და ჩემი სხეული შემოსილი ბიუჯეტური კლასიკური სმოკინგით, მაძლევდა ფიქრის უფლებას, რომ ვიღაცებზე მაღლა ვიდექი, მაგარი ვიყავი და რომ ახლა თუ ეს გააზრება რაღაც მხრივ მოჩვენებითი იყო, წლების შემდეგ იგი აუცილებლად გახდებოდა სინამდვილე. მეორე მხრივ, ალბათ გონებაში ვუშვებდი კიდეც, რომ შეიძლებოდა ჩემი ამ სიზარმაცის ფონზე ვერც ვერასდროს გავმხდარიყავი ასეთი მაღალი დონის და მუდამ ოჯახის კისერზე ყოფნა მომიწევდა და ამ ყავის ჭიქით ვცდილობდი ოდნავ მაინც მეგრძნო რას ნიშნავს იყო წარმატებული და იყო მდიდარი. ეს ალბათ ყველაზე მიამიტური მეტაფორა იყო, რაც კი ოდესმე გამომიყენებია, მაგრამ ნამდვილად ვგრძნობდი თავს უკეთ. ნამდვილად სხვანაირი ვიყავი და როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ახალი მე, ის ნამდვილად იყო ისეთი, როგორიც უნდა გავხმდარიყავი და მოვმკვდარიყავი ორმოცდათხუთმეტი წლის ასაკისთვის.
თუმცა, ამ პიროვნება-იდეალისთვის მისაღწევად არც არაფერს ვაკეთებდი, არ ვსწავლობდი ჩემი მაქსიმუმით, თავის გამოჩენა არასდროს მინდებოდა ან მიცდია და არც არასდროს გამიბედავს რისკებზე წასვლა. არასდროს შევასრულე ვარჯიშის პროგრამა და წონაშიც ვერასდროს დავიკელი, ვერც მაშინ, როცა ეს მინდოდა და ვერც მაშინ, როცა მჭირდებოდა. ვიცოდი, რომ ჩემს იდეალურ პიროვნებას რომ მივწვდომოდი, მარტო ცხოვრება უნდა მესწავლა და თავი დამენებებინა იდეალური სასიყვარულო ურთიერთობების ძიებისთვის. და ნეტავ ისე მეცადა სწავლაც, როგორადაც პარტნიორების შენარჩუნებას ვცდილობდი. სულელი მე. ასე და ამგვარად, ახლა უფრო საკმაოდ რთულია ჩამოვაყალიბო იმ მიამიტი გოგოდან აქამდე როგორ მოვედი. ხშირად ვიყურები სარკეში და მეც ვერ ვიჯერებ. მერე კი უბრალოდ ძვირიან ღვინოს ვიღებ და ვსვამ ჩემი დიდი ტელევიზორის წინ, რომელიც გაუჩერებლად და ბოლო ხმაზე მისრულებს მძიმე მეტალის კომპოზიციებს.
- დღეს რამე მნიშვნელოვანი საქმე ხომ არ გაქვთ, მის დი, ან ვახშმად რამე განსაკუთრებულს ხომ არ ინებებთ? - ნაზი, მზრუნველი ხმით მეკითხება კატრინი.
- არა, რამე მსუბუქი მხოლოდ. მადლობა.
ყავა ნახევრამდე მაქვს დალეული, როცა კართან მანქანა ჩერდება, ხოლო ადამიანი, ვინც ამას აკეთებს, აგერ უკვე მეხუთე წელია, საიმონია, ჩემი პირადი მძღოლი, რომელმაც დღის მანძილზე ორი რამ იცის - დილით ის, თუ რამხელა მოტივაციით მივდივარ კომპანიაში, ხოლო ღამით ის, თუ როგორი დაღლილი და ცხოვრებაზე ფილოსოფიურად გაბრაზებული ვარ.
თითქმის უკვე ცხრა საათია და კომპანიის შენობაში შევდივარ. დღეს ორი საქმე მაქვს, ახალ კლიენტს დავაჯერო, რომ თუ მართლა უნდა ვინმემ მის გამო პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით დინოზავრი შეჭამოს, მე უნდა ამიყვანოს და დავასრულო ჩემი პირველი საქმე, რომელიც რაღაც სასწაულის მეშვეობით უკვე მეშვიდე წელია თან მომდევს. ერთადერთი სიკეთე, რაც ამ საქმემ გათენებული ღამეებისა და გადაჭმული მოწინააღმდეგეების ხარჯზე მომცა, სოლიდური შემოსავალია. ვერაფერს დაუწუნებ, მშვენიერია. თუმცა დღემდე საინტერესოა რატომ გადაწყვიტა ჩემმა უფროსმა, ჯერ კიდევ უმცროსი პარტნიორისთვის, მიეცა ამხელა მნიშვნელობის საქმე. სიმართლე უნდა ითქვას, რომ საკუთარ თავში ვერც შვიდი წლის წინ და ვერც ახლა ვერ ვხედავ ამხელა ძალას, რომ რაღაც დიდი ხორცის ნაჭერი დამიდონ და ჯერ მისგან პროპორციული ნაჭრები გამოვიყვანო და შემდეგ - მოვამზადო. მე კი ვიტყოდი, რომ ეს პირველი საქმე ერთდროულად ხორცის ჭრა და მომზადება და ასევე დიდი ცხოველისგან ამ ხორცის გამონაწევრებაც იყო. მოკლედ, პირველივე წელს კი არა, პირველივე დღეს კომპანიამ უზარმაზარი ნადირი მომიგდო და პირდაპირი მნიშვნელობით დამევალა მისი მოგერიება. თითქოს ტყეში ვიყო, თუმცა ყველა იურისტის ცხოვრება ესეთია, ერთმანეთს ზუსტად სანადირო ხორცებივით ვექცევით და ეს მოგვწონს კიდეც, უფრო სწორად, ესაა ჩვენი საქმე.
მაშინ, როცა ახალგაზრდა ვიყავი, არ მქონია მოტივაცია, რომ ჩემი პროფესიით სამყარო უკეთეს ადგილად მექცია. საკმაოდ ბევრი ცუდი მქონდა ნანახი და განცდილი, რომ მცოდნოდა, ამ სამყაროს გამოჯანმრთელება შეუძლებელი იყო. ამიტომ გადავწყვიტე, საკუთარ თავზე მემუშავა მხოლოდ. ჩემი ფინანსები იყო ერთადერთი, რაც მადარდებდა. თავიდან, პირველი მიზანი ცალკე ცხოვრება იყო. დამოუკიდებლობა მუდამ მინდოდა, ეს სურვილი კი ჩემი ოციანი წლების ასაკის დასაწყისში უმწვავესი გახდა. ამ ასაკში აანალიზებ, რომ შენ გარშემო ადამიანები გასართობ კლუბებში დადიან, შენ - არა, სექსი აქვთ, შენ - არა, უცხო ქალაქებში მოგზაურობენ მეგობრებთან ერთად, შენ -არა, მეგობრებთან სახლში რჩებიან, შენ - არა. და კიდევ მრავალი სხვა. ამას დამატებული ჩემი არც ისე სასიამოვნო ბავშვობა და მივხვდი, რომ ყველაფერი ტოქსიკურად მექცა გარშემო. მსურდა შეცდომები დამეშვა, რომლებზეც ჭკუას ვისწავლიდი. მინდოდა გამესინჯა მწარე გემო, რომელიც სამყაროს გაჩენის დღიდან აქვს, რათა მცოდნოდა სადამდე შეუძლია სამყაროს ჩემ წინაშე შეტოპოს და შემდეგ მომეფიქრებინა, როგორ ვუშველიდი ამ ყველაფერს. მინდოდა გამოცდილი მქონოდა ყველაფერი, რათა გამოსავალი მქონოდა, რადგან რაც უფრო ვფიქრდებოდი, რომ ცხოვრებაში პრობლემები მაკლდა, უფრო და უფრო მეგონა, რომ როგორცკი იგი გამოჩნდებოდა ჩემ გარშემო, მე მას ვერ დავძლევდი და სრულად მომიცავდა. ესეც რომ არა, მივხვდი, რომ ოდესმე თუ გონება მომიტრიალდებოდა და შვილის ყოლას გადავწყვეტდი, მას ვერანაირ ისტორიას ვერ მოვუყვებოდი ჩემი ცხოვრებიდან. ვერ მოვუყვებოდი, რომ დედამისიც, მიუხედავად იურიდიული ნადირობისა, ჩვეულებრივი მოკვდავი იყო, შეცდომებიანად და ვერ ვასწავლიდი ვერაფერს, რადგან თავად არც ნანახი და არც ნასწავლი არ მქონდა. მინდოდა მქონოდა ისტორიები ნაბახუსევზე, მეგობრის დაბადების დღეებზე, შუა ღამის მოგზაურობებზე და უამრავ მხიარულ თავდაგასავალზე, ჩემი ცხოვრება კი ნაცვლად ამისა, უფრო და უფრო დავიწროვდა და მე და განათლება ერთმანეთს დავეჯახეთ. სწორედ ამიტომ მინდოდა დამოუკიდებელი ცხოვრება და ერთდროულად არაფერს და თან ყველაფერს ვითხოვდი. და რადგან ჩემ წინ მხოლოდ განათლების მიღების შესაძლებლობა იყო, მივხვდი, რომ თუ მას ბოლომდე პროფესიონალურად მოვიხმარდი, შევძლებდი ოცნებების ახდენას. აი, ეს გადაწყვეტილება უკვე ხსნის, თუ როგორ აღმოვჩნდი მანჰეტენზე, რა უნდა მოსამსახურეს ჩემ სახლში, ან პირად მძღოლს დილის ცხრის ნახევარზე ჩემი სახლის წინ, ან საერთოდ რატომაა ჩემი სახლი ამხელა და ასეთი ელეგანტური. თუმცა ეს ბოლომდე ვერ ხსნის, როგორ აღმოვჩნდი დოქტორ შპიგელთან, მაგრამ ყველაზე მთავარი ნაწილი მაინც ჩემს პირველ საქმეს უკავშირდება, რომლის დასრულებასაც უკვე ასე ვლამობდი. დასასრული ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა და ამას მოყვა რამდენიმე ბოთლი ღვინო, ჩემი გაშვება ტყის აგარაკში და ეს კაცი, რომლის წინაშეც, როგორც უკვე გითხარით საკუთარი არათითის ფრჩხილს ვეფერები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent