რა წერია რუისის საფლავის ქვებზე
სოფელ რუისში თუ ბერბიჭას საფლავს მიუახლოვდებით პატარა ლოდს დაინახავთ, რომელზეც წვრილად წერია: “მოკვდა უპატრონოდ და არც ვინმე დარჩენია. გვიგულე შენს ჭირისუფლად!“ სასაფლაო ლამის კილომეტრეა გაწელილი და ეს წარწერა ერთადერთია, რომელმაც შეიძლება წამკითხველში სევდა გამოიწვიოს. რუისელები იმას არ სჯერდებიან, რომ საფლავის მნახველს მიცვალებულის სიცოცხლის წლები, სახელი, გვარი, მამის სახელი ამცნონ და ცდილობენ ხასიათის დეტალები თუ არა, შეძლებისდაგვარად ის მაინც ამოტფიფრონ ქვაზე ვისი შეკვეთით დამზადდა ეპიტაფია და რა მიზეზით გარდაიცვალა საფლავის პატრონი. ეს ტექსტები ხან გარითმულიცაა და მერე როგორ? ჯვარედინი რითმებით, პარალელური რითმებით, გვხვდება ალიტერაციები და ტრიოლეტის ნიშნებიც კი. თუნდაც უნიჭოდ მაგრამ გულწფელად აუცილებელია მიცვალებულის სიკვდილის ამბის მოთხრობა: მა, კაცი რო მოვა, როგორ უნდა თქვას, როგორ უნდა მაიგონოს აქაური მკვდარი? – ფიქრობენ რუისელები და წერენ ტექსტებს: “ჩაიდანს ატყდა ემალი – გემშვიდობებათ ჯემალი”, “რას მერჩოდი ტრაქტორო ბუჩქის ძირას მეძინა”, “მოწყენილი ვარ შენ არ მყავხარ ჩემო მეურლევ, ამდენი ხანი როგორ კარგად, მაგრა იუღლე. მოწყენილი ვარ ჩემო მეუღლევ”... თითქოს დიდი არაფერი, გაიღიმებ და გაივლი, მაგრამ აბა კი! ეს წარწერები ისეთ ინტერესს გიღძრავენ, რაც უფრო მეტს კითხულობ მით უფრო გიჩნდება სურვილი სოფელში შეირბინო და იკითხო: რა ჩაიდანი, რის ემალი? ან თუნდაც ის მოწყენილი ქალი ნახო საფლავის ქვაზე ვაი-ვიში და ეს რა დავკარგე რომ არ ატეხა და მსუბუქ მოწყენილობას დასჯერდა... ხედავ შენ, რა კარგად მოიფიქრეს ამ ქართლელმა რუისელებმა, თან ცნობისმოყვარე სტუმარს შეიტყუებენ სოფელში, თან სასაფლაოც გაახალისეს და ტრაგიკულობა შეუმსუბუქეს... მათი სასაფლაო, მე თუ მითხავთ, ორიგინალური, საინტერესო და შინაარსობლივად დატვირთულია. ალბათ ცოტა თეატრალურიც არის, სადაც ტრაგედია და კომედია ერთმანეთში ირევა... სოფელში შევედი. რუისელები მშვიდი ხალხია. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. აი, პაპაც ჯოხს დაყრდნობია და მიწას უყურებს. კარგია მოხუცი რომ შემხვდა. ამას ეცოდინება ისტორიები თუ ეცოდინება. კი იქნება ასე 80-ის. - პაპა, იქ საფლავის ქვაზე ტრაქტორი და ბუჩქის ძირიო და რა იყო? როგორ მოხდა, მომიყვებით? - ან გამარჯობა თქვი, ან ცოცხლები მოიკითხე, მკვდრებიდან რო დაიწყე ბალღო! - შემიღრინა პაპამ. - გამარჯობა! – ვთქვი მე და თავი დავხარე. - ჰოდა, მაგარი ძილი იცოდა რომანამა ... დაჯე შვილო, დაჯე! – მიმიპატიჟა პაპამ ხის მოგრძო სკამზე დასაჯდომად, ისე რომ თხრობა არ შეუწყვეტია.. - რომანა რო დაიძინებდა გინდა სახლი დაგენგრია ვერ გააღვიძებდი, არადა როგორ უყვარდა სახლის ყარაულობა. ერთხელ ხმა გავარდა ქურდების პატარა ჯგუფები დარბიან სოფელ-სოფელ და ყველაფერი გააქვთ სახლებიდანო. “რას ქვია გააქვთო?!” – გადაირია რომანა. დიდი გული კი ჰქონდა მაგ ცხონებულს. “მე ვუყარაულებ სოფელსაო!” ამდგარა ხალხიც და რომანას იმედად წასულა გვერდით სოფელში ქოწილში. ამ რომანასა კიდე ჩასძინებია, რო დაბრუნებულან მეზობლები დაუნახავთ გაძარცვული სახლები, რომანას ეზოსთვის ჭიშკარიც კი იყო შემოცლილი, ეს ძილისგუდა კიდე კაკლის ძირში ხვრინავდა. გამოენთო სოფელი ურტყეს და ურტყეს: „არ დაგინახოს ჩვენმა თვალებმაო!“ რამდენიმე დღე მართლა იმალებოდა თურმე რომანა, ხან სად ათენებდა ღამეს, ხან სად. ჰოდა, ერთ დილას ტრაქტორმა არ გადაუარა ჭალაში და მოკლა ცხონებული. რომანა რო დამარხეს, მისი საფლავის ქვაზე მთელი ამ ამბის მიწერას აპირებდა სოფელი, მარა მერე იფიქრეს ჩვენ არ დაგვბრალდეს მაგის სიკვდილი, არ შევრცხვთო და ორ სიტყვას დაჯერდნენ: “რას მერჩოდი ტრაქტორო ბუჩქის ძირას მეძინა”. - ბერბიჭას ამბავი როგორ იყო? - ვკითხე მე ისე, რომ სულის მოთქმა არ ვაცადე. პაპამაც იმ წამსვე დაიწყო... ხომ იცით, მოხუცებს უყვართ „ჭორაობა“ და რაც მათთვის ჭორია ჩვენთვის ისტორიაა. ჰოდა, ასე თქვა პაპამ: - ერთი ბერი გვყავდა სოფლის ეკლესიაში. ხალხს ისე უყვარდა თვალში რომ ჩავარდნოდა თითს არავინ ამოისვამდა. მოვიდა მისი სიკვდილის დროც. თვლი დახუჭა თუა არა გაისმა ბავშვის ტირილის ხმა: - ბიჭია, ბიჭიო... აყვირდა ბებიაქალი... ჩოჩიტაშვილებს მესამე ბიჭი შეეძინათ. დედამისმა თქვა: - რახან ბერის სიკვდილს დაემთხვა ჩემი შვილის დაბადება, ალბათ მისი სული გადმოვიდა ყრმაში, ბერბიჭა დაარქვით და მონასტერს მიაბარეთო. - თქვა თუ არა და ქალმაც დალია სული. მიცვალებულის დანაბარებს ჩვენთან როგორ არ შეასრულებდნენ და მიაბარეს ბერბიჭა მონასტერს. ის ბერი არ გამხდარა, მაგრამ მორწმუნე კაცი კი იყო. ეხლა რო წარწერებია საფლავის ქვებზე, ბერბიჭას დროს კი ვერ ბედავდნენ: ეგ წარმართულია თქვე ოხრებოო! – ჩხუბობდა ბერბიჭა - თუ მიცვალებულს გინდათ პატივი სცეთ, ჯვარი დაადგით საფლავს, საკურთხი გაუკეთეთ, ნაწილი ეკესიაში დატოვეთ ნაწილი ღარიბებს მიეცითო. თვითონ კეთილი იყო და მხიარული. მთელი ქონება ლამის სოფელს მოახმარა... მარა ცოლი ჩამოიყვანა საიდანღაც თარსი თვალის პატრონი. რაზეც იტყოდა: - უი, რა ლამაზიაო! – ფუჭდებოდა. დილით რო კაცს შეხვედროდა უბედურებას მოიწევდა ის ადამიანი. იმასც ამბობდნენ ორი ქალი მოალოგინა და ორივემ მკვდარი ბავშვი დაბადაო. არადა უყვარდა ბერბიჭას, უყვარდა და თავზე ევლებოდა. სოფელი კიდევ აუხირდა, მოგვაშორე ეგ შენი ცოლი აქედანო. საწყალ ქალს ბევრი უტირია და ბოლოს სახლიდან გაპარულა. მას შემდეგ ღიმილი არ უნახავს არავის ბერბიჭას სახეზე. ორმოცის იყო ბავშვი რო გამაიყვანა ადიდებული მდინარიდან, თვითონ კი წაიღო ტალღამ და დილას გამორიყა სოფლის ჭალაზე. ეხლაც გლოვობს ბერბიჭას სოფელი, ეგ იყოო ჩვენი პატრონი! - ჰო, საფლავის წარწერაც სიყვარულითაა სავსე! - ვთქვი მე და ლამის ცრემლები წამომივიდა. - და ისა პაპა, “ჩაიდანს ატყდა ემალი გემშვიდობებათ ჯემალიო”... ჩაიდანი ჩაარტყეს თავში თუ რა მოხდა?.. - ეგ ჯემალა თავისი სიკვდილით მოკვდა. 80-ის გახდა რო დამარხეს. თვითონ დაიბარა ჩემი საფლავის ქვაზე ლექსად წააწერეთ რამე ისეთი, ვითომდა ჩხუბში გარდავიცვალეო, ჰოდა ადგნენ და ესეთი რითმა მოუგონეს შვილებმა. - ოჰ, ნამეტანი ნიჭიერი შვილები ჰყოლია მაგ ცხონებულს! - ვთქვი მე და ჩამეცინა. - ეგრეა პაპა გენაცვალოს არავის იმედად არ უნდა დარჩეს ადამიანი. გინდა გითხრა მე რას ვიბარებ ჩემს ეპიტაფიად? „შენ ნადირობას შეეწირე დიდო რაინდო, მამაცი გული სიკვდილმაც კი არ დაინდო!”აბა, როგორია? მე მონადირე ვიყავი და ტყვიას ტყვიაში ვაჯენდი. სულ კისრამდე თეთრი წვერი და კანზე მიყრილი ნაოჭები კი არ მქონდა. ჰოდა, წაიკითხავს ვინმე ამ წარწერას და გაიფიქრებს: ოჰო, რა დიდი კაცი ყოფილა აქ დამარხულიო!?. - შენმა შვილებმა თუ იციან ამ ტექსტის ამბავი? - ღიმილით ვკითხე მე. - არა, ჯერ არა, სიკვდილის წინ ვტყვი. - მითხრა პაპამ და ამოიოხრა. - ნეტავ რა იცის ამ კაცმა სად და როდის მოკვდება? - გავიფიქრე და წამოვედი. გზად გასვენება შემხვდა. ჭირისუფალი კი მოსთქვამდა, მარა სხვებს დიდ არ ეტყობოდათ მწუხარება. ალბათ ჯემალის ან რომანას მსგავსი მკვდარია, - გავიფიქრე და... უი, იმ წარწერაზე, რომ არაფერი მიკითხავს... მოწყენილი ქალბატონი.... მეუღლის გარეშე?.. გავიქეცი. ერთი-ორი შესახვევი შემეშალა, ძლივს მივაგენი პაპას, პაპას რა სკამი იდგა და ზედ ჯოხი იყო მიყუდებული. მივიხედ-მოვიხედე... - ეჰ, მოკვდა პაპა! - თქვა ვიღაც კაცმა და თვალი აეცრემლა. - ვიზიარებ! - ვუთხარი მე და ხელი ჩამოვართვი. პაპამ ალბათ ვერ მოასწრო შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის ან თუნდაც შვილთაშვილებისთვის მაინც დაებარებინა საკუთარი ეპიტაფიის ტექსტი, რადგან მის საფლავზე 7 დღის შემდეგ ასეთი სიტყვები ამოვიკითხე: “გარდაიცვალა თავის სიკვდილით. ღმერთმა აცხონოს!” თეთრი კორექტორი გავხსენი და ქვემოთ მივაწერე: “დიდი მონადირე!” მერე პაპას სურათს შევხედე, მომეჩვენა რომ გაიღიმა და ისევ მისაყვედურა: “გამარჯობის თქმას როდის ისწავლიო”?.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.