შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდვრის ყვავილები


2-10-2020, 23:34
ავტორი Maltuza71
ნანახია 1 395

III ნაწილი
თვალები გავახილე თუ არა, ყველაფერი გამახსენდა. თავი აღარ მტკიოდა, ოთახში ბნელოდა, როგორც სჩანს, რამდენიმე საათი მეძინა და ამასობაში შებინდებულიყო. საწოლიდან წამოვდექი და კარზე ძლიერი ბრახუნი ავტეხე. სულ იმ უცნობის ხმა მიტრიალებდა თავში -"აქ იცხოვრებ". ეს რა ხუმრობა იყო ვერ გამეგო. ჩაკეტილ სივრცეს ისედაც ვერ ვიტანდი და ახლა უფრო მეტად, სული მეხუთებოდა. თუ ცოტა ხანს გარეთ, ჰაერზე არ გავიდოდი, გონებას ისევ დავკარგავდი ვგრძნობდი. გულმოსული უფრო და უფრო ძლიერად ვაბრახუნებდი და ვცდილობდი წონასწორობა ბოლომდე არ დამეკარგა. ფეხის ხმა გავიგონე და გავყუჩდი. შემდეგ საკეტმაც გაიწკრიალა და კარი გაიღო. ოთახში შავებში ჩაცმული მოხუცი ქალბატონი შემოვიდა, გრძელი თეთრი თმა ერთ ნაწნავად შეეკრა და ცდილობდა შავ მოსახვევში ჩაემალა. სახე სულ დანაოჭებოდა და მის თვალებში რაღაც საოცარი სითბო იგრძნობოდა. გამახსენდა, მისი თვალები ძალიან ჰგავდა იმ უცნობი მამაკაცის თვალებს. უცებ გავიფიქრე, რომ შესაძლოა ეს დედამისი ყოფილიყო. გულში ცოტა გამიხარდა ამ ქალის დანახვა, რაღაც საოცარი სხივი მოდიოდა თითქოს მისგან. მე ბავშვობიდან გამოვირჩეოდი ადამიანების გამოცნობით. ვგრძნობდი როგორები უნდა ყოფილიყვნენ. ახლაც გული თითქოს მეუბნებოდა რომ ცუდი არაფერი მემუქრებოდა, მაგრამ გონება მხოლოდ ერთ საკითხს უტრიალებდა. რას ვაკეთებდი აქ.
- ვინ ხართ და აქ რატომ მომიყვანეთ? ვეცადე ისე მეკითხა აღელვება არ შემემჩნია, თუ ცუდი რამ მელოდა სისუსტე არ უნდა გამომეჩინა, ასე გადავწყვიტე იმ წუთას.
-თქვენ, ჩემმა შვილმა მოგიყვანათ აქ, ბოდიშს გიხდით. აკანკალებული ხმით მიპასუხა, მივხვდი თავადაც როგორ ღელავდა. ვფიქრობდი მისთვისაც მოულოდნელი უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი.
-გასაგებია, ახლა უნდა წავიდე. მკაცრი ხმით დავაყოლე და კარისკენ გავიწიე. იმ წუთას არაფრის გაგება არ მსურდა, როგორ ან რატომ მოვხვდი აქ. ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი, ცხელი შხაპი მიმეღო, საწოლში ჩავწოლილიყავი და გამომეძინა. რატომღაც მთელი სხეული მიბჟუოდა. მხოლოდ ახლა ვიგრძენი.
-თქვენ აქ დარჩებით და როცა დრო მოვა მე თავად დაგეხმარებით აქედან წასვლაში, მკლავზე ხელის ძლიერი მოჭერა ვიგრძენი და შემდეგ ის უცნობიც დავინახე. დედა, შენ გადი ოთახიდან, მშვიდი და სინაზით სავსე ხმით მიმართა ქალბატონს.
-ტირილი მომინდა, ისეთი უსუსურად ვიგრძენი თავი იმ წამს, მაგრამ ასეთ სისუსტეს ახლა ვერ გამოვიჩენდი.
- ამას რატომ აკეთებთ? მხოლოდ ესღა ვკითხე.
-შეემზადეთ რომ ცოტა ხანს აქ იცხოვრებთ, ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა. ცივად შეტრიალდა და კარისკენ გაემართა.
-ძალიან ცდებით თუ ფიქრობთ რომ ჩემი აქ გამოკეტვის უფლება გაქვთ. ხმაში ირონია გამოვურიე და არც ზიზღი დავაკელი.
-ვახშამი მაგიდაზეა, ესღა მომაძახა და კარს იქით გაუჩინარდა.
იმ საღამოს შემდეგ ყველაფერი აირია. სამი დღე ოთახიდან არ გამოვსულვარ, არც საჭმელი მიჭამია. მხოლოდ ცოტა წყალი დავლიე, რომელიც ჭიქით საწოლის მაგიდაზე დამხვდა.
ძალიან დასუსტებული ვიყავი, უჭმელობას ვერსადროს ვიტანდი და თან ზედ სტრესიც დაერთო. ვერაფრით ვხსნიდი ჩემს მდგომარეობას. ყველაფერი მეზიზღებოდა, ეს ოთახი, ეს ხალხი, მხოლოდ ქრიზანთემები მიხალისებდა ოდნავ გულს, რომელიც ყოველ დილას მაგიდაზე ვაზაში მხვდებოდა.
ერთი კვირის შემდეგ, ნაშუადღევს ძლიერმა კანკალმა გამაღვიძა, შუბლზე სისველეს ვგრძნობდი, და თვალთ მიბნელდებოდა. ალბათ მაღალი სიცხე თუ მექნებოდა. ხელი გავწიე წყლის ჭიქისკენ , თუმცა გამივარდა იატაკზე ნამსხვრევები მიმოიფანტა. კარი გაიღო და ოთახში ის ქალბატონი შემოვიდა.
-გაგა, შიშნარევით ხმით დაიძახა და რაღაც ანიშნა.
-გამიშვით, გთხოვთ, ვბოდავდი სიცხიანი და ადგომას ვცდილობდი.
-მარიამ, ცოტაც მოითმინე შვილო, მალე ყველაფერს მოგიყვება და აქედან წახვალ, ყურში ჩამჩურჩულა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
მეორე დილას დასვენებულს გამეღვიძა. სიცხე აღარ მქონდა. თავს უფრო მხნედ ვგრძნობდი. სავარძელში ის ქალბატონი იჯდა და მე მაკვირდებოდა. -
-რა მოხდა? ვკითხე
-გაგა ექიმია შვილო, მან გადასხმა დაგიდგა წუხელ და კარგად იქნები, არ ინერვიულო. მან შენთვის რამის თქმა ამიკრძალა, მაგრამ იცოდე რომ ის არასდროს არაფერს დაგიშავებს. ისეთი სითბოთი და სიყვარულით ლაპარაკობდა თავის ბიჭზე, სიმშვიდე ვიგრძენი. ამ დროს ოთახში გაგაც შემოვიდა.
-თავს როგორ გრძნობ მარიამ? მის ხმაში ის სიცივე და სიმკაცრე აღარ იგრძნობოდა, რაც წინა დღეების განმავლობაში და მისი თვალებიც უფრო თბილი იყო.
-როგორც შენი ტყვე. ისე ვუპასუხე, არ დამიფარავს ზიზღი.
-გასაგებია. უკეთ იქნები. მე ერთი კვირით სოფელში მივდივარ, წამლები უნდა დავარიგო, მიუტრიალდა დედამისს. შენ გტოვებ მასთან, მიხედე და აუხსენი რომ გარეთ არ გავიდეს, მისთვის ეს ძალიან საშიშია. თუ რამე დაგჭირდეს, სოფლის ექიმის ტელეფონზე დამირეკე. ნომერი მაგიდაზე დავტოვე. თავს და ერთმანეთს გაუფრთხილდით დააყოლა და შეტრიალდა.
წადი, წადი და აღარ დაბრუნდე დიდხანს, ვთქვი გულში და გემგების დალაგებას შევუდექი, როგორ უნდა გავსულიყავი ამ სახლიდან.



№1 სტუმარი Life is beautiful

რა აჟიოტაჟიაა? ♥️♥️მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent