შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარილისი |9|


16-12-2020, 13:38
ავტორი Âme
ნანახია 457

ეილინ ნისი ძალიან ბედნიერი ბავშვი იყო. არც მშობლების სიყვარული აკლდა და არც -მათგან განებივრება, თანატოლებსაც უყვარდათ. იმდენი ლექსი იცოდა, შეეძლო მთელი დღე ეჭიკჭიკა თავისი ტკბილი ხმით. ცხოვრებამ ლეონ სოლვე გამოუგზავნა და ხელი რომ ჩასჭიდეს, არც გაუშვიათ. იმდენი სამომავლო გეგმები ჰქონდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ , უნდოდათ სწავლა გაეგრძელებინათ, საზღვარგარეთ წასულიყვნენ . ძალიან ბევრი ემოგზაურათ. თითქოს ყველაფერი ასეც მიდიოდა, მაგრამ ცხოვრებამ , რაღაც გაურკვეველ, მინორულ რელსებზე გადაინაცვლა. იყო დიაგნოზი, გადაფასება, ბრძოლა გამარჯვება. თითქოს, ყველაფერი დაუბრუნდა კალაპოტს. ძალა მოიკრიბა, რეალიზდა, წარმატებული გახდა. მერე ანარა დევინე გამოჩნდა, მისი დედობის შანსი. ბედნიერება, ბედნიერება , ბედნიერება და ისევ დიაგნოზი. ეს იყო ეილინის ისტორია. ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაც მეტს იფიქრებენ სანუგეშებლად სათქმელ სიტყვებზე , რაც მეტს იტყვიან , მით უკეთ გამოუვათ. არადა , დიაგნოზზე მეტად, ზოგჯერ ერთი და იმავეს მოსმენა გაღიზიანებს. იჯდა ეილინი და ახლა ყველაზე მეტად „ყველაფერი კარგად იქნება“-ს გაგონება არ უნდოდა. ლეონმაც კარგად იცოდა, ამ შემთხვევაში სიტყვები დიდი ვერაფერი შეღავათი იყო. ისევ ზარივით ჩაესმოდა ყურში მისი ხმა და რამდენიმე წუთის წინ წარმოთქმული წინადადება . ნელა მიუახლოვდა ოთახის ბოლოში დადგმულ დივანს და ფრთხილად ჩამოჯდა ეილინის გვერდით . ის ისევ ფანჯარაში იყურებოდა. კარგა ხანს ისხდნენ ასე , ჩუმად. შემდეგ ნელა შემობრუნდა ეილინი და მის წინ მჯდომ, თავდახრილ ლეონს გახედა. არ იცოდა რა გაეკეთებინა, გაებედა მისთვის თვალის გასწორება , თუ ყოფილიყო ასე, თავდახრილი. ბოლოს მაინც გასწორდა და ძლივს გადააბა ერთმანეთს ორი სიტყვა.
-ერთად მოვერევით, ხომ?- ეილინს პასუხი არ გაუცია. უცებ გაშალა ხელები და მაგრად ჩაეხუტა. გულისცემას მის მკერდზე გრძნობდა. ისხდნენ და სხვა ვერაფრის თქმას ბედავდა. იგრძნო, როგორ დაუსველდა მხარი. ნეტავ ისევ პატარები იყვნენ, მხოლოდ ნატკენი მუხლის და თამაშში ვერ გამარჯვების გამო რომ ტიროდნენ. მაშინ იცოდა რაც უნდა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო. ზუსტად იცოდა რომელ ხუმრობაზე გაეცინებოდა. ისიც ზუსტად იცოდა, რამდენ ხანში მოურჩებოდა მუხლები. ახლა? ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო . ამ დიაგნოზს რამე კონკრეტულზე მეტად სიტყვა „ქაოსი“ უხდებოდა. მოულოდნელი, უპროგნოზო ქაოსი.
-ერთად მოვერევით,- კიდევ ერთხელ გაიმეორა და ზურგზე დაუსვა ხელები. ეილინმა საპასუხოდ მხოლოდ თავი დააქნია . ერთადერთი იყო, ვის წინაშეც შეეძლო ბოლომდე გამოეხატა საკუთარი გრძნობები. ზოჯერ, ლეონს საკუთარ თავზე მეტადაც ენდობოდა. ხელები დაუშვა და ტანსაცმლის მკლავებით შეიმშრალა ცრემლები.
-არ მინდა ვინმეს ვუთხრათ,- მთელი დამაჯერებლობით თქვა და მაგიდიდან ხელსახოცი აიღო.
-კი მაგრამ, შენ მშობლებსაც უნდა დავუმალოთ?
-ხომ იცი, როგორი მგრძნობიარეები არიან, ტყუილად უნდა ინერვიულონ. მხოლოდ მე, შენ და ანარას გვეცოდინება.
-ანარას? მისთვის თქმას რა აზრი აქვს.
-უკვე იცის. მასთან ვიყავი ბოდიშის მოსახდელად. ანალიზების პასუხები რომ გამომიგზავნეს, მინდოდა ვინმე სხვას ენახა, ვერ გავბედე თავად გამეხსნა. პირველი ვინც გამახსენდა, ანარა იყო.
-ამიტომაც მთხოვა დღეს ნიკოლა მასთან დარჩენილიყო.
- შენთვისაც არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ გადავიტან. ასე, მარტო ძალა არ მეყოფა.
-გაგიჟდი? ჩემგან რატომ უნდა დაგემალა.
-აღარ შემიძლია და იმიტომ. შენი ცხოვრება გაქვს. წადი , ვინმე გაიცანი, სამსახურშიც იმდენი საქმე გაქვს . შეგიძლია წინ წახვიდე, განვითარდე. შემომხედე, მომაკვდავი ქალის გვერდით არ უნდა ატარებდე მთელ შენს დროს.
-ჯერ ერთი, მომაკვდავი არა, განათლებული, ჭკვიანი, საქმიანი ქალი ხარ. დანარჩენზე არაფერს გიპასუხებ ლინი. არ ვაპირებ, რაღაც თავის მართლების მსგავსი ტექსტების საუბარს. ცხოვრების ყველა ეტაპზე შენს გვერდით დგომა, ყოველ ჯერზე, ჩემი არჩევანი იყო. ვიცი რომ აღელვებული ხარ და მაგიტომ ამბობ. ჩემთვის ყველაფერი ხარ, გესმის?-მისი სახე ხელებს შორის მოიქცია და თვალებში ჩახედა,- გაიხსენე, რამდენი რამ გამოვიარეთ. მე რომ მიჭრდა მაშინ სად იყავი? ჩემს გვერდით. რამე როცა მჭირდებოდა , პირველი ვინ მორბოდა დასახმარებლად?- ეილინი. განა , მარტო ცოლ-ქმრობა არსებობდა ჩვენს შორის? როგორ შეიძლება, შენ ჩემი ცხოვრების ტვირთი გახდე. ისეთი ძვირფასი ხარ ლინი, ვერც კი წარმოიდგენ. აღარც მახსოვს საკუთარი თავი, ოდესმე თუ ვყოფილვარ შენს გარეშე,-უნებურად გაახსენდა ლეონს ბავშვობის კადრები,- მაშინ არ მიმიტოვებიხარ ჩემი საყვარელი ველოსიპედი რომ დამიმტვრიე და იმის შემდეგ, გგონია ახლა წავალ?
-თან როგორ, ძალით გავტეხე. მეგონა, ჩემზე მეტად გიყვარდა. რაც გიყიდეს, იმის შემდეგ სულ მაგით ერთობოდი და ჩემთან თამაშის დრო აღარ გქონდა. -ეილინსაც გაეცინა და ლეონის ხელებს გარედან შემოაწყო თითები.
-ერთად გადავლახავთ, კარგი?
-ერთად გადავლახავთ,-გაიმეორა მისი ნათქვამი. ლეონმა შუბლზე თბილად აკოცა ეილინს და გულზე მიიხუტა.
ყოველდღიურობაში ისე გარბის დრო, იმდენად მნიშვნელოვნად გვეჩვენება პრიმიტიული წვრილმანები, ვიკარგებით. ვეღარ ვიგებთ სად ვართ, ვინ ვართ. ზიხარ კულისებში,ამ დროს, არავინ იცის როდის დარეკავს მესამე ზარი, სხვა ცხოვრების მთავარ სცენაზე გასვლის წინ. დღეს ხარ და უცებ, ხვალ-აღარ. რა დარჩება ჩვენგან, მოგონებები? რამე უფრო რეალური? საყვარელი ადამიანების გულში რომ მუდამ ვიცოცხლებთ, ეს გასაგები და უკვე კარგად გაცვეთილია. მაგრამ, რეალურად რა დარჩება ჩვენგან? ალბათ, შვილებში გრძელდებიან მშობლები. მათი თითოეული საქციელის ანარეკლად იქცევიან, უნებურად. ეილინისგან რა დარჩებოდა, თუ ახლა მოუწევდა წასვლა. შეძლებდა საერთოდ მისი შვილის ნახვას? წლების წინ , რემისია რომ დადგა , ეგონა აღარასოდეს მოუწვდა იმავეს გამოვლა. მაშინ ბევრად პატარა იყო, ყველაფერს სხვაგვარად უყურებდა. გაუჭირდა, მაგრამ შეძლო და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ახლა, როდესაც , თითქოს ყველაფერი დალაგდა, ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, ისევ მოვიდა. თავისი მკაცრი , დაუნდობელი წესებით შეახსენა, რომ მომავალი მხოლოდ აბსტრაქციაა და ბედნიერება დღევანდელ დღეს, ყოველ გავლილ წუთში უნდა გეძებნა. ხშირად დაფიქრებულა, ნუთუ რა დაუშავა სამყაროს ასეთი , ასე რომ მოიძულა და თავისთან ვეღარ აჩერებს . ნუთუ, ასე ეჩქარება მისი სხვაგან გასტუმრება.
***
ანარა მთელი დღე ცდილობდა ნიკოლას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, მაგრამ ფიქრებით ეილინთან იყო. მთელი გული და გონება მას გააყოლა. წარმოდგენაც არ უნდოდა, ახლა როგორ გრძნობდა თავს. ზოგჯერ, არაა საჭირო ყველაფერი თავად გადაგვხვდეს. რამის გასააზრებლად, ხანდახან,სხვისი გრძნობების გაზიარებაც საკმარისია. პირველად დაფიქრდა, რას გააკეთებდა, დღეს რომ მისი ბოლო დღე ყოფილიყო? და მიხვდა, არ იცოდა. რა დარჩებოდა მისგან? საერთოდაც, რა რჩება ადამიანებისგან როდესაც მიდიან? მცირე ხნით დარდი, ცრემლი. მერე, ისიც გაივლის. ნეტავ, დედას მშობლები რას გრძნობდნენ, თუ იციან რომ გარდაიცვალა. ოდესმე უკითხავთ საერთოდ მისი ამბავი? ნიკოლას გვერდზე იწვა და ვერაფრით წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ასე მოეძულებინა, მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ცხოვრების მეგზური არ მოსწონდათ. განა, შვილის ბედნიერება საკუთარი არ არის? დადგება კი დღე მის ცხოვრებაში, როცა მათ პირდად ნახავს. ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ ,რას ეტყვის მათ, უნდა კი საერთოდ მათ გადაეყაროს? ცივმა ჟრჟოლამ დაუარა ტანში. მის მკლავზე ჩაძინებულ ბავშვს მოეხვია და თავადაც დახუჭა თვალები. რძისფერ სიზმარში გაღვიძებამ გაურკვეველი სიმშვიდე მოჰგვარა. ღია ვარდისფერი, მოატმისფრო კაბა ეცვა. რაღაც, ბამბასავით რბილზე დადიოდა. თბილი სიო უფრიალებდა თმებს. მზე არც მწველი იყო, არც-ცივი. ხელში პატარა გოგონა ეჭირა. თოვლის ფიფქივით თეთრი, ქარვისფერი თვალებით. საოცარი სუნი ასდიოდა, ყვავილების, სიგრილის, უცოდველობის. ისეთი ბედნიერების შეგრძნება დაეუფლა, ისეთი სიმსუბუქე, ეგონა, სადაცაა ჰაერში აიჭრებოდა. ჰორიზონტზე ეილინი , ლეონი და ნიკოლა ჩანდნენ. ძირს ცისფერი ქსოვილი გაეშალათ, იწვნენ, ცას აკვირდებოდნენ და ხმამაღლა კისკისებდნენ. ანარას რომ შეხედეს წამოიშალნენ, პატარას ჩასაწოლად იქვე დადგმულ კალათაში ღია ფერის, ფუმფულა ზედსახური ჩაეფინათ. ეილინმა ბავშვი გამოართვა, შუბლზე აკოცა და ნელა დაარწია. ყველანი ისეთი ბედნიერები იყვნენ, ისეთი ლაღები. იმ ცისფერ ქსოვილზე, ერთმანეთის მიყოლებით ალაგებდნენ პატარა თეფშებს და ჭიქის ნამცხვრებს. ნიკოლას წყუროდა. როგორც ჩანს, წყლის წამოღება დავიწყებიათ. ირგვლივ მიმოიხედა, ცარელი ჭურჭელი აიღო და ფეხზე წამოდგა. ერთ მხარეს უზარმაზარი, მწვანე ნაძვნარი იშლებოდა. ჰაერი წიწვების სუნით იყო გაჟღენთილი. შორი-ახლოს წყლის ხმა გაიგო და იმას გაჰყვა . წკრიალა წყარო ხის ფესვებს შორის გამოდიოდა. დაიხარა და სწრაფად აავსო. მაგრამ ის-ის იყო უკან გამობრუნებას აპირებდა, ამინდი შეიცვალა. უცებ თითქოს არსაიდან მოქანდნენ ღრუბლები და მზე გადაფარეს. ანარას მუცელი ატკივდა და წყლის ჭურჭელი ხელიდან გაუვარდა . შორიდან ბავშვის ტირილი ისმოდა. ტკივილი იმდენად გაძლიერდა, წელში მოხარა. ძლივს მისწვდა გატეხილ მინას, წყარომდე ბორძიკით მივიდა. რამდენზეც შეეძლო ისევ აავსო და იქეთ წავიდა, საითაც მისიანები ეგულებოდა. სიუჟეტები და გარემო ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდა. ბოლოს, პატარა ბავშის წინ აღმოჩნდა. . თურმე, მისი ტირილი ესმოდა. იქ არც ლეონი იყო, არც-ნიკოლა , არც-ეილინი. საჭმელი ისევ ხელუხლებელი ელაგა. პატარა კი ტიროდა და მანამ არ გაჩუმდა, სანამ ანარამ ხელში არ აიყვნა.
ისეთმა შეშინებულმა გაიღვიძა, ინსტიქტურად მუცელზე მოიკიდა ხელი. თითქოს სიზმრიდან გამოყოლოდა ტკივილის შეგრძნება. ფრთხილად გამოაცურა ხელი , ისე ნიკოლას რომ არ გაღვიძებოდა და სამზარეულოში გავიდა. ონკანი გახსნდა და სველი თითები კისერზე მოისვა .
-ყველაფერი კარგად იქნება პატარავ, შენი დედიკო კარგად იქნება,-თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა, რამდენჯერმე გაიმეორა ჩუმად და სკამზე ჩამოჯდა.
***
იმ დღეს გაახსენდა, ლეონმა ექიმთან რომ წაიყვანა. გრაფიკის მიხედვით,ფსიქოლოგის ვიზიტი ჰქონდათ ჩანიშნული. სასიამოვნო ქალი ჩანდა. დასაჯდომად მის წინ მდგომ სავარძელზე მიუთითა. თავიდან, ზოგადად გამოკითხა. თავს როგორ გრძნობდა. მერე ჰკითხა ბავშის მიმართ რას გრძნობდა. მანამდე ამაზე არასოდეს დაფიქრებულა. დაამშვიდა , ეს ნორმალურია, ალბათ ჯერ რომ მის მოძრაობას ვერ შეიგრძნობთ, ვერ აანალიზებთ, რომ ის ცოცხალი არსებაა და თქვენში იზრდებაო.
მართალი იყო. ხანდახან ავიწყდებოდა კიდეც, რომ მუცლით სხვა ადამიანს დაატარებდა. მაშინ, დიდად ვერც ჰორმონალურ ცვლილებებს გრძნობდა, რომელთაც ხასიათზე უნდა ემოქმედათ.
ახლა, თითქოს უფრო აცნობიერებდა, რამდენი რამ იყო მასზე დამოკიდებული. ერთ შეცდომას შესაძლოა გადაეწყვიტა პატარას სიცოცხლისუნარიანობა. მთავარი იყო ის ზღვარი არ გადაელახა რაც დაუწესეს. ყოველ წუთს ჩაესმოდა ყურში ექიმის სიტყვები. მთავარია, არ დაივიწყო, რომ ამ ბავშვისთვის , დაბადების შემდეგ, არაფერს წარმოადგენ. შესაძლოა, მშობლებმა კონტაქტი აგიკრძალონ და ამისთვისაც უნდა იყო მზად. ახლა ამას ვერ მიხვდები, მაგრამ მშობიარობის წინ კიდევ ვისაუბრებთ. ქალში, იმ დროისთვის უზარმაზარი გადატრიალება ხდება. ეს ჰორმონალური ქარიშხალი. თქვენი სხეული მთელი რესურსით მოემზადება დედობისთვის და მარტივი არ იქნება , როდესაც ამ რესურსის რეციპიენტის გარეშე დარჩებით. დამერწმუნეთ, შევძლებთ ერთად თქვენი სხეულისა და ფსიქიკის ნორმალურ მდგომარეობაში ჩაყენებას. აი წარმოიდგინეთ, ამ ბავშვისთვის ხართ ნივთი, სათავსო, ტემპერატურის შემანარჩუნებელი. აი, როგორც მაცივარი,ან-სათბური.
ღმერთო, ამაზე ამაზრზენი მანამდე არაფერი მოუსმენია. და ამ ქალს ეგონა, რომ ფსიქოლოგი იყო და დაამშვიდა? ისე ცუდად გახდა. სკამიდან წამოხტა და საპირფარეშომდე ძლივს მიასწრო, პირველად აერია გული. ეს ქალი ისე ლაპარაკობდა, უცებ, თითქოს, რაღაც უსულო საგნად იქცა და თითქოს მართლა მაცივარი იყო და თუ გაითიშებოდა, პროდუქტი გაფუჭდებოდა. ნუთუ, მეტს არაფერს ნიშნავს ადამიანი. ლეონი დერეფანში უცდიდა, ოთახიდან გამოქცეული რომ დაინახა, შეეშინდა და უკან გაეკიდა. თავიდან კართან იდგა, მაგრამ, მერე ვეღარ მოითმინდა და შიგნით შევიდა. ანარა საპირფარეშოს კედელს მიყრდნობოდა და თავს ვეღარ იკავებდა.
-კარგად ხარ ? რა დაგემართა?- აღელვებულმა იკითხა და ხელი შეაშველა. იმის ნიშნად რომ ყველაფერი კარგად იყო, თავი დაუქნია და ჩასარეცხ ღილაკს დააჭირა თითი. ღებინებისგან ხელები აუკანკალდა. ლეონმა ონკანი გახსნდა და სახეზე სველი ხელი ჩამოუსვა.
-სულ გაფითრდი. ექიმთან ხომ არ შევიდეთ?
-არა, არ არის საჭირო,ფიზიოლოგიურია. ჯობია წავიდეთ.- მკლავზე მოეჭიდა და ეცადა წონასწორობა შეენარჩუნებინა .
-დარწმუნებული ხარ?
-აჰამ,- კიდევ ერთხელ დაუქნია თავი.
-როცა მზად იქნები, წავიდეთ.
-თითქოს, ცოტათი თავბრუ მეხვევა, მაგრამ არაუშავს, წავიდეთ,-სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა გაფერმკრთალებული სახე.
-დამეყრდენი,-ლეონმა მოულოდნელად წელზე შემოხვია ხელი ანარას და მოკლე ნაბიჯებით , ნელა დატოვა შენობა.
ნიკოლა პილისთან ჰყავდათ დატოვებული, შეეცოდა მთელი დღით კლინიკაში გამოსაკეტად. ეგონა, ბავშვს წამოიყვანდნენ და პირდაპირ სახლში წავიდოდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, გეგმები შეიცვალა.
-შენთვის არ მითქვამს, მშობლებს ვესაუბრე ჩემზე, ეილინზე ,შენზე და ნიკოლაზე.
-მართლა? რა თქვეს?
-ძალიან გაუხარდათ. შვილიშვილის მოლოდინში ჩავარდნენ და დაფაცურდნენ, როგორც ჩვევიათ ხოლმე ამ დროს ბებია-ბაბუებს,-გაეცინა ლეონს და მის გვერდით მჯდომს გადახედა.
-ჩემზე რა თქვეს? იმედია, ცუდად არ არიან განწყობილი,- ორჭოფით თქვა ანარამ და თითზე ბეჭედი შეაბრუნ-შემოაბრუნა.
-არა, ცუდად რატომ? უბრალოდ, თქვენი გაცნობა უნდათ.
-ბუნებრივია, მეც დამაინტერესებდა.
-დღეს მათთან უნდა მივიდე და ვფიქრობ, კარგი იქნება შენ და ნიკოლაც თუ წამოხვალთ. თანაც დედამ ვახშმად გემრიელი კერძები მოამზადა და დღევანდელის შემდეგ, მგონი, კარგი იქნება რამეს თუ შეჭამ . რას იტყვი?
-მე უნდა გადავწყვიტო?
-თუ არ გინდა, არ დაგაძალებ. ანუ, თუ სახლში უკეთ იგრძნობ თავს , იქ დაგტოვებთ.
-არა, წავიდეთ. უხერხულია, რას იფიქრებენ. თანაც , აინტერესებთ მათი შვილიშვილის ბედი. მოხარული ვიქნებოდი, ჩვენი ბედითაც ასე რომ დაინტერესებულიყვნენ უფროსები,- მტკივნეულად გაეღიმა და ფანჯარა ჩამოწია ჰაერი რომ ღრმად ჩაესუნთქა.
პილის წინასწარ დაურეკა და მისვლისას , ნიკოლასთან ერთად უკვე ჭიშკართან იცდიდა. სახლში შეიპატიჟა , მაგრამ აბა , როგორ დარჩებოდა. მოუბოდიშა, დაპირდა ამ დღეებში აუცილებლად გამოგივლიო, ბავშვი მანქანაში ჩასვა და ლეონის მშობლების შესახვედრად მოემზადა. ნიკოლას ისე გაუხარდა , ახლა ბებო და ბაბუც მეყოლებაო, მთელი გზა იკრიჭებოდა. ბავშს ცოტა ხნის წინ არავინ ჰყავდა, ახლა კი, თავბრუ დაეხვია მისითვის ამდენ ყურადღებასა და კეთილგანწყობას.
-ქალბატონი ეილინი არ მოვა? ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ,-ჩუმად ჩაიბუტყუნა ანარამ და ლეონს ახედა.
-ქალბატონმა ეილინმა გამომიცხადა, დღეს სამსახურში ვარ გვიანობამდე და ვერ მოვალო. მაგრამ, შენ რა განერვიულებს. შენი ბიჭი აქ არ არის? შენს თავს არავის დააჩაგვრინებს. ჯერ არ დამვიწყებია , რა ამბებიც დაატრიალა, შენი გულისთვის,- სიცილით გახედა ნიკოლას და ეზოს კარი შეაღო.
ლეონის მშობლების კოხტა სახლი ეზოს შუაგულში აღმართულიყო და არემარეს საოცარ სიმყუდროვეს ანიჭებდა. კარში ღიმილიანი სახით იდგა ქალი და ეტყობოდა, მოუთმენლად ელოდა მათ გამოჩენას.
-გამარჯობა, მე შარლოტა ვარ, მაგრამ ყველა ჩარლის მეძახის. თქვენ, ალბათ, ანარა , ეს პატარა ონავარი კი-ნიკოლა. გამარჯობა პატარავ,-მის სიმაღლეზე დაიხარა და ანარასთან მისალმების შემდეგ, ნიკოლას გაუწოდა ხელი.
-გამარჯობა,-მანაც არ დააყოვნა და პატარა ხელი მიაგება.
-შევიდეთ,- შეიპატიჟა ქალმა და მეუღლეს დაუძახა, სტუმრების მოსვლა აცნობა. მოსაცმელები იქვე დატოვეს და ლეონი მისაღები ოთახისკენ გაუძღვათ. ეტყობოდათ, ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ. თავიდან, უკვირდა ამდენი მომღიმარი სახის დანახვა. ახლა, უკვე შეეჩვია და რამდენჯერმე საკუთარი თავიც გამოიჭირა. თითქოს, სხვა სამყაროს გაცნობა დაიწყო. თავს ძალიან კარგად გრძნობდა სიყვარულით სავსე ატმოსფეროში.
***
კარზე კაკუნი რომ გაიგო, სწრაფად შეიბნია საყურე და ოთახიდან-ოთახში გაირბინა.
-აჰ, რა კარგია რომ მოხვედი.
-მზად ხარ ?- იკითხა ლეონმა და კარი ჩაკეტა.
- კი, ამწუთას მოვრჩი . მივასწრებთ ხომ ?
- მივასწრებთ,-თქვა მაჯის საათზე დროის გადამოწმების შემდეგ და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო,- ანუ, საბოლოოდ გადაწყვიტე, რომ არაფერი უთხრა .
-კი, ასე გადავწყვიტე. ტყუილად უნდა ინერვიულონ.
-და რას ეუბნები, ისიც მოიფიქრე?
-ვეტყვი, რომ სამსახურიდან მივლინებით მიშვებენ.
-ამდენი ხნით?
-მოვიფიქრებ მერე რამეს..
-მაინც მგონია, რომ უფლება აქვთ იცოდნენ.
-ლეონ, როგორ წარმოგიდგენია. ქორწინების იუბილე ჰქონდათ, იმოგზაურეს, ისეთი ბედნიერები არიან. არა, ახლა ამის სათქმელად ნამდვილად არასწორი დროა. თანაც, რით დამეხმარებიან? მათი ნერვიულობა წამლის ეფექტურობას არ გაზრდის . კიდევ რა, რამდენიმე საკითხი მაქვს მოსაგვარებელი,- აქეთ-იქეთ დადიოდა და თან ლაპარაკობდა,- ისე უნდათ ანარას გაცნობა. წასვლამდე აუცილებლად შევახვედრებ. რამე გემრიელს მოვამზადებ და ერთად ვივახშმოთ.
- მეც უნდა მოვიფიქრო რამე...
-შენ ?-უცებ შეჩერდა და გაკვირვებულმა იკითხა ,-შენც მიდიხარ სადმე ?
-სადმე? შენთან ერთად მოვდივარ ეილინ.
-არავითარ შემთხვევაში, გაგიჟდი?
-მოიცა, მარტო გინდა წასვლა ?
-ანარას და ნიკოლას ვინ მიხედავს. გინდა, გოგო მარტო დავტოვოთ? მე რომ მკურნალობამ არ მიშველოს, ჩვენი შვილი ასე მარტო უდნა დატოვო ხოლმე?
-ნუ ამბობ ასეთ საშინელებებს , გთხოვ ,-სახე დაემანჭა ლეონს. ეილინს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. მამაკაცს მიუახლოვდა და თითები გულმკერდზე დააწყო.
-უფრო მშვიდად ვიქნები, თუ მეცოდინება, რომ ისინი საიმედო ხელში არიან და საერთოდაც, ნუ ეკამათები კიბოიან ქალს,- ისევ გაეცინა და მოსაცმლის ასაღებად ოთახში გაბრუნდა.
-ეილინ, ასეთ საშინელებებს ნუ ამბობ და საერტოდაც არ ხარ ეს კიბოიანი ქალი..
-ვარ , ვარ... მოდი წავიდეთ, თორემ დავაგვიანებთ,- მკლავზე მოსაცმელგადაკიდებული კართან დადგა და ლეონს თავით ანიშნა, სახლიდან გასვლის დრო დამდგარიყო.
ეილინის მშობლებმა მოგზაურობისას გაიგეს ანარას მათ ცხოვრებაში შემოსვლის ამბავი და ერთი სული ჰქონდათ როდის გაიცნობდნენ. მართალია, ქორწინების ოცდაათი წლისთავის აღსანიშნავად იყვნენ წასულები, მაგრამ, პატარა ბავშვებივით აცეტდნენ , რომ გაიგეს შვილიშვილი უნდა ჰყოლოდათ. რენე იმ დღესვე გავარდა და მაღაზიიდან პატარა ფეხსაცმელები მოიტანა . ისეთი აღფრთოვანებული აჩვენებდა ელენას. რომ არ დაემშვიდებინა, ალბათ იმავე წუთში გაბრუნდებოდა და მთელ მაღაზიას წამოიღებდა.
იდგა ეილინი და თვალების ცეცებით ელოდა კარში მათ გამოჩენას. ცდილობდა პოზიტიური განწყობა შეენარჩუნებინა და თავი არ გაეცა. და აი ისინიც, როგორც იქნა ჩამოვიდნენ. არ უნდოდა, მაგრამ საკუთარ თავთან მაინც უნდა გამტყდარიყო, იმ წუთას დედის ჩახუტება ყველაფერს ერჩივნა.
-როგორ მომენატრეთ,- უცებ დაიძახა და სანამ ლეონი ესალმებოდა და ჩემოდნებს ართმევდა მაგრად ჩაეკრა.
-მეც მომენატრე დედი. ნახე რენე, სულ მეწუწუნება და ახლა რამდენიმე კვირა ვერ დავუთმივარ.
-დედა, არ გრცხვენია? ხომ იცი როგორ მიყვარხარ ,- წელზე ხელი მოხვია ქალს და გვერდით დაუდგა.
-მე არ მოგენატრე მამა?- საუბარში ჩაერთო რენე და ქალიშვილს შუბლზე აკოცა.
-აბა, რა ლაპარაკია. ორივე მომენატრეთ. ეს რამდენი რამეა, თვითმფრინავის მთელი საბარგული თქვენი ჩემოდნებით იყო სავსე?
-მადლობა მითხარი, რომ მხოლოდ ესენია. მამაშენი, რომ გაიგო შვილიშვილი გვეყოლებოდა, მაღაზიებიდან ვეღარ გამომყავდა.
-ჩემი ტკბილი ბიჭი,-ლოყაზე უჩქმიტა და მოწყვეტით აკოცა.
-როდის გაგვაცნობ ანარას? რაც მალე, მით-უკეთესი.
-ხვალ რამეს მოვამზადებ, ლეონის მშობლებიც დავპატიჟოთ და ერთად ვივახშმოთ, რა აზრის ხართ?
-ძალიან კარგი.
-და არის კიდევ ერთი რაღაც. მე და ლეონმა გადავწყვიტეთ ბავშვი ვიშვილოთ.
-ბავშვი იშვილოთ?- გაოცებისგან ადგილზე გაჩერდა ელენა.
-მოდი, მანქანაში ჩავსხდეთ და ყველაფერს მოგიყვებით.
მანქანაში ჩააწყვეს თუარა ბარგი, ლეონმა ძრავი დაქოქა და მანქანა სახლისკენ წასასვლელი გზისაკენ მოაბრუნა.

***
სარკის წინ რამდენჯერმე იცვალა მხარი, ეილინის ნაყიდ კაბაში თავს ცოტა უხერხულად გრძნობდა. არა, ლამაზი კი იყო, უბრალოდ, მის ტანზე ეუცნაურებოდა მსგავსი სამოსი. ოთახში შემოსვლისას ნიკოლას სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა.
-როგორი ლამაზი ხარ დედა,- აღფრთოვანებით წამოიძახა და პირზე ხელები აიფარა.
-შენც ძალიან კარგად გამოიყურები, აბა დატრიალდი, კარგად დამენახე,- ნიკოლამაც არ დააყოვნა , ხელები გაშალა და ორი ბრუნი გააკეთა.
-კარგი, საკმარისია, თავბრუ დაგეხვევა ,- გაეცინა ანარას და თმა აუჩეჩა. ეზოს მხარეს, ფანჯრებიდან შემომავალმა შუქმა კედლებს გადაურბინა და კუთხეში გაუჩინარდა . ეილინი მოსულიყო და ქვემოთ იცდიდა. ანარამ ნიკოლას გასძახა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა მათი გამოსახულებები სარკეში, კარი დაკეტა და ბავშს ხელი ჩასჭიდა და კიბეებზე დაეშვა . ეილინი საკმაოდ მხიარულად გამოიყურებოდა, ანარას კი, ნერვიულობისგან თითები ახლართვოდა ერთმანეთში. სახლთან რომ მივიდნენ, სუნთქვა და გულისცემა გაუხშირდა. ერთი შეხედვით, არაფერი იყო სანერვიულო. ლეონის და ეილინის მშობლები ელოდებოდნენ, მაგრამ რაღაც გაუცნობიერებელი ღელვა დაუდიოდა სხეულში. ნიკოლაზეც ფიქრობდა. ნეტავ, როგორ მიიღებდნენ მათ ცხოვრებაში ახალი წევრის შემოსვლის იდეას? თუმცა , რთული იყო, ნიკოლა გაგეცნოთ და არ შეგყვარებოდათ. კარზე დააკაკუნა და დაელოდა, როდის გაუღებდნენ. პირველი ეილინის დედა გამოჩნდა. სასიმოვნო გარეგნობის ქალბატონი იყო, კეთილი თვალებით. გვერდზე გაიწია და სტუმრებს შემოსასვლელად გზა დაუთმო. ისე თბილად მიესალმა, წამიერად გადაავიწყდა ფორიაქი. მოსაცმელები იქვე, საკიდზე დატოვა და ეილინს გაჰყვა.
-როგორ ხართ, იმდენი ხანია აღარ შევხვედრივართ,- დიდი სიყვარულით მიეგება ეილინი ლეონის მშობლებლებს. ანარა კი, ნიკოლასთან ერთად ოთახის ბოლოში იდგა და ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა.
-გაიცანით, ეს არის ჩვენი ძვირფასი ანარა და უსაყვარლესი ნიკოლა. ესენი კი: დედაჩემი- ელენი, მამაჩემი ,ლეონის მშობლებს უკვე იცნობ. შემოდით, დასხედით , რაღას უცდით,- ღიმილიანი სახით წარადგინა დღევანდელი დღის სტუმრები ეილინმა და დასასხდომად დივნისკენ მიუთითა. თავის დაკვრით, მორიდებულად მიესალმა ოთახში მყოფებს. ნიკოლამ კი ფართე ღიმილით გადახედა ყველას და ხმამაღლა მიესალმა.
-ანუ , შენ ხარ ის პატარა ონავარი, შენზე ბევრი მსმენია, მოდი ჩვენთან ჩამოჯექი,- ენერგიული ხმით გასძახა რენემ და პატარას თავისთან მიუხმო. ანარამ ხელი გაუშვა ბიჭს და თავით ანიშნა, შეეძლო მათთან მისულიყო.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?- უცებ მიუბრუნდა ეილინს და დახმარება შესთავაზა. თუმცა , ცხადი იყო მას დღეს იქ არავინ არაფერს დაავალებდა.
-არაფრით საყვარელო, მიდი ჩამოჯექი და დაისვენე ,-სწარაფად უპასუხა ეილინმა და თავად სამზარეულოში გავიდა.
-მოდი შვილო, აქამდე ვერ მოვახერხეთ შენი გაცნობა. მე და რენე გუშინ ჩამოვედით. ჩვენთვის რომ გეკითხათ, მაშინვე გვინდოდა შენთან გამოქცევა, მაგრამ ეილინმა ნება არ მოგვცა ღამე შეგვეწუხებინეთ.
-ეილინი ძალიან მზრუნველია ,- დაადასტურა ანარამაც და იქვე , სკამზე ჩამოჯდა.
-კი, ასეა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ . შეიძლება ჯერ კიდევ არ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემი შვილისთვის.
-რას ამბობთ. ქალბატონი ეილინი და ბატონი ლეონი მოვალეობაზე ბევრად მეტს აკეთებენ ჩემთვის, სამადლობელი არაფერია.
-როგორ არ არის, არის ,- საუბარში ჩაერთო რენე,- ზოგს თავისი შვილის გაჩენის ეშინია. შენ კი, სხვისი შვილის მუცლით ტარებას დათანხმდი. იცი, რამდენმა თქვა უარი ეილინის სამედიცინო მდგომარეობის გამო ?
-დიახ, ვიცი და ძალიან სამწუხაროა. ვფიქრობ, ისინი ძალიან კარგი მშობლები იქნებიან,-გულწრფელად წარმოთქვა ანარამ მისი მოსაზრება და მორიდებულად გაიღიმა.
- ფაქტობრივად ჩვენი ოჯახის წევრი გახდი. გაგვიხარდება, თუ ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ. რა გიყვართ, დროს როგორ ატარებთ.
-გუშინ, მე და ქალბატონმა შარლოტამ ვისაუბრეთ. ალბათ, თქვენც იცით, მე და ნიკოლა ობოლთა თავშესაფრიდან ვართ. ახლახანს დავტოვეთ იქაურობა და ფაქტობრივად, თავიდან ვიწყებთ ცხოვრებას. თითქოს ახლიდან დავიბადე, ნელ-ნელა ვეცნობი ამ სამყაროს. არ დავფიქრებულვარ რა მიყვარს, ან-არ მიყვარს. იქ ამის საშუალება არ გვქონდა. რასაც ჩვენთვის გაიმეტებდნენ, ის უნდა გვყვარებოდა.
-ალბათ როგორი რთულია, წარმოდგენაც არ მინდა,- მხრებზე დაისვა ხელი ელენმა.
-დიახ, ნამდვილად რთულია,-უხერხულად გაიღიმა ანარამ და მუხლებზე დადებულ პატარა ჩანთას ხელი მოუჭირა.
-დაფიქრდი რა გიყვარს. მთელი ცხრა თვე სახლში ხომ არ იჯდები, ცოდო ხარ. გაგაგიჟებს ეს ოთხ კედელში გამოკეტვა . თუ არ იცი, მე და ელენი დაგეხმარებით რამე საინტერესოს აღმოჩენაში.
-მართალი ხართ, გუშინ ბატონმა ტომასმა სასწავლო კურსები შემომთავაზა. ისეთი გახარებული ვარ. აქამდე , ამაზე ალბათ ვერც ვიოცნებებდი.
-მართლა? ძალიან კარგად მოგიფიქრებია ტომი. მაგრამ , მხოლოდ სწავლა რატომ? რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ.
-თქვენ ნამდვილად მოახერხებთ, რამე საინტერესოს აღმოჩენას. დამიჯერე ანა, ამათთან არასოდეს მოიწყენ- გამოეხმაურა ეილინი ქალბატონებს და სამზარეულოდან ცხელი კერძი გამოიტანა. ლეონი სამსახურის შემდეგ შემოუერთდათ. საოცრად თბილი,ოჯახური და მყუდრო გარემო იყო. ნელ-ნელა მოეხსნა დაძაბულობა. ნიკოლაც კარგად გრძნობდა თავს. რამდენადაც მისთვის უცხო და ახალი იყო ეს ყველაფერი, იმდენად უხაროდა, რომ მათი გაცნობის შანსი მიეცა. თითოეულ საქციელში კარგად ჩანდა, როგორ ცდილობდნენ მათი შვილების მხარდაჭერას. ისეთი გულწრფელი კისკისი ისმოდა. იდაყვებით დაყრდნობოდა მაგიდას, ნიკაპი ერთმანეთში გადაჭდობილ თითებზე დაებჯინა, უყურებდა და უხაროდა, თურმე ასეთი ადამიანებიც არსებობენ ამქვეყნად. თავს არ დაზოგავდა, ნიკოლასთვის ასეთი ოჯახი რომ გამხდარიყო.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან კარგი, ცხოვრებისეული ისტორია და ყოველთვის გელოდები.

 


№2  offline წევრი Âme

სტუმარი მანანა
ძალიან კარგი, ცხოვრებისეული ისტორია და ყოველთვის გელოდები.

რომ იცოდეთ, როგორ ძალიან მიხარებს გულს თქვენი კომენტარი... heart_eyes innocent

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

vaime vgijdebi am iatoriazee. sul metirebaaa. moutmenlad gelodebit.berti periodi rom shecyvitwt cera ise mecyinaaa. mixaria eom isev aq xart. carmatebwbi

 


№4  offline წევრი Âme

Qeti qimucadze
vaime vgijdebi am iatoriazee. sul metirebaaa. moutmenlad gelodebit.berti periodi rom shecyvitwt cera ise mecyinaaa. mixaria eom isev aq xart. carmatebwbi

ძალიან დიდი მადლობა innocent relaxed heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent