შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 29)


21-12-2020, 02:37
ავტორი Impermeable
ნანახია 2 362

თავი 29

დავუდი

იმისთვის, რომ ბედნიერების ნაყოფი მიიღო, ალბათ მართლაც უნდა დაითმინო და გაუმკლავდე შეიტანის ხრიკებსა და ეშმაკის მანქანებს. და აი დრო დადგა მეც მივიღო ნაყოფი იგი კეთილი, დავტკბე ლეასთან ყოფნის თითოეული წამით, დავიცვა და გავუფრთხილდე, გავიხადო ამქვეყნიური ცხოვრების თანამეინახედ. მას შემდეგ რაც ლეა აქ გადმოვიდა, ყოველდღე ვხედავ, როგორ ემატება სამყაროს ახალი ფერები, როგორ კიაფობს მომწვანო მოთაფლისფერო ქამელეონებში ცისკრის ვარსკვლავები. ლეა ჩემთვის პირველი დანახვისთანავე სამოთხისეული მშვენიერების სახება იყო, თუმცა ამ ვარკვლავების აკიაფების შემდგომ ქალის პირველქმნილი სრულყოფილება მთელი სიცხადით წარმოჩინდა. ვერასდროს წარმომედგინა ელემენტარულ ყოველდღიურ წვრილმანებსაც კი თუ შეეძლო ამგვარი აღმაფრენა მოეტანათ: ლეას თითოეული გამოხედვა, თითოეული მიმიკა და ჟესტი, თითოეული ზრუნვის წამი არაამქვეყნიური ბედნიერების განცდას მიჩენდა და თავს მეც აღმატებულად მაგრძნობინებდა, თითქოს გამორჩეულად მომმადლა ალაჰმა. თუმცაღა ამ ბედნიერებას სულ მცირედ გასდევდა ფერდაკარგული ჩრდილი ამოუცნობი განცდისა. კარგა ხნის ფიქრისა და განსჯის შემდეგ ამ განცდამ ფორმა და სახელიც შეიძინა. იგი სხვა არაფერი იყო, თუ არა შიში, შიში ბედნიერების დაკარგვისა, შიში, რომ ეს ნეტარება ერთხელაც დასრულდებოდა.

ვგრძნობდი, როგორ ვსურდი ლეას და მის თვალებში ამოკითხული ვნების შემდეგ ასჯერ უფრო მეტად მინდოდა შემეგრძნო მისი სხეულის სიტკბო, ერთად გვეგემა სიყვარულით ტკბობის მწიფე ნაყოფი, თუმცა სწორედ ამ შიშის განცდის გამო თავს ვერ ვაძლევდი უფლებას ეს ნაბიჯი გადამედგა. ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე, რომ სექსი მხოლოდ მაშინ გვექნებოდა, როცა ყველა დაბრკოლებასა და საფრთხეს მოვაშორებდი ლეას. ამისთვის კი პირველ რიგში, საჭირო იყო აქედან რაც შეიძლება შორს წავსულიყავით, და განქორწინების პროცესიც როგორმე დაგვეჩქარებინა. მერე კი თავისუფლად შევძლებდით დიდი ხნის სურვილის ახდენას.
ჩვენი სიყვარულის მთავარი მტერი სანდრო ურთმელიძეც არ იჯდა გულხელ დაკრეფილი. გაცეცხლებული დაგვეძებდა ყველგან, კობამ შეძლო და მარტივად აურია კვალი. ჯემალის ბათუმში გამოჩენამ აფიქრებინა, რომ იქ ვიმალებოდით და აჭარის მაღალმთიანეთში გვეძებს კარდაკარ. მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ასე დიდხანს ვერ დავიმალებით. ბოლოს და ბოლოს თავადაც დაზვერვაშია და ნდობით აღჭურვილი პირების მთელი კასკადი ჰყავს. ყველას მოსყიდვას მეც კი ვერ შევძლებ. ეს ანჟელაც ნერვებს მიშლის, როგორც კი მარტო დამიგულებს, ცდილობს გამომიწვიოს, ვხედავ ლეასაც არ ასვენებს, სულ ცოტაღა დარჩა საბუთების მოწესრიგებამდე და იმედია გავუმკლავდებით ამ წნეხს, ყოველი მხრიდან რომ გვიტევს.
ამ ფიქრებში ჩაფლული ოთახში სურნელოვან სანთლებს ვანთებდი რომანტიული გარემოს მოსაწყობად, რომ კარი ისე შემოგლიჯეს, თითქოს ტორნადო დაგვატყდა. ტორნადოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ლეა ისეთი გაცეცხლებული სახით შემოვარდა, აშკარად რაღაც სერიოზული ხდებოდა.
- ახლავე ამიხსნი, რა ჯანდაბას აკეთებდა ჩემი კლასელი თიკა შენს კალთაში, მაშინ როცა მე ორი კვირაა მხოლოდ კოცნას ვჯერდები და შენი სურვილით ვიწვი.
- რააა, რა თიკა, რას იძახი ლეა? - გაოცებული ვერ მოვდიოდი აზრზე. ამ დროს სახეში ამაფარა ფოტო. გაოგნებულმა და ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა დავხედე ფოტოსურათს რომ გავრკვეულიყავი, ასე რამ გააგიჟა.
- მეღადავები ლეა? ეს რა თამაშია? ან ეს ფოტო სადღა იპოვე? როდინდელია არც მახსოვს.
- ეს უკვე მეტისმეტია დავუდ. სანამ მე სანდროს კაცმა არ იცის სად გადაკარგულში ვყავდი გატაცებული, სანამ შენი მონატრებით ვიტანჯებოდი, სანამ ყველაზე და ყველაფერზე უარს ვამბობდი შენს გამო, ჩანს დროს არ კარგავდი და კარგად ერთობოდი.
- ლეა ეს ის არაა, რაც შენ გგონია.
- არ გაბედო, გესმის, არ გაბედო ამ ბანალური მიზეზებით თავის მართლება. გული მერევა.
- ლეა ახლა მაბრაზებ. წესიერად მაინც შეხედე ფოტოს, სულ სხვა ვარცხნილობა მაქვს, თმა მოზრდილია. ეს ფოტო ორი წლის წინაა გადაღებული, აქ რომ ვიყავი ჩამოსული. იმედია არ ფიქრობ, რომ ვაჟიშვილი ვარ. ვაღიარებ, რომ ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ მრავლად იყვნენ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. მერე რა, რომ ვიღაც შენი ნაცნობი აღმოჩნდა. ამ ტონით საუბარს კი ჩემთან არ გირჩევ. საკუთარ თავს ეცი პატივი და ისტერიკებს ნუ მართავ.
- კიდევ მე ვმართავ ისტერიკებს? მართლა ორი წლის წინ იყო? მაშინ ანჟელამ რატომ მითხრა სანამ აქ მოხვიდოდიო?
- ხომ გაგაფრთხილე მაგ ქალისგან თავი შორს დაიჭირემეთქი.
- ვერ ვხვდები რაში ჭირდება ტყუილი. ისიც მითხრა, მისთვის რიგითი გასართობი ხარო.
- ლეა, გეყოს. უკვე აგიხსენი და ამ თემაზე მეტ განმარტებას არ ვაპირებ.
- იქნებ ისიც მითხრა, შეეგუე, რომ ჩემს ცხოვრებაში ქალები არიანო. იქნებ მრავალცოლიანობაც გააპრავო.
- ლეა! მე შენ მიგიღე შენი წარსულით. გგონია ჩემთვის მარტივი იყო იმასთან შეგუება, რომ სხვა გეხებოდა? რომ შენთვის პირველი არ ვიქნები? გთხოვ, შენც მი... დასრულება არ მაცადა რომ... სახე ამეწვა. ეს ლეასგან გაწნული სილა იყო. ტირილით გავარდა ოთახიდან.
ვერ მივხვდი რა მოუვიდა. ან სახეში რატომ გამარტყა. ნუთუ ეჭვიანობს? გულის სიღრმეში გამიხარდა კიდეც, რომ ეჭვიანობს, თუმცა ვფიქრობ, რომ ზედმეტად ფეთქებადია. მე კი გავუგებ, მაგრამ მეშინია. მეშინია, რომ ბაღდადში დაბრუნების მერე ვერ გაუძლებს იქაური ცხოვრების წესს, წარმოდგენაც არ მინდა, მსგავსი რამ სახლში რომ მოაწყოს, რა მოყვება. ვიცი, რომ ბოლო სიტყვები არ უნდა მეთქვა, გული ვატკინე. იმედია ნელ-ნელა ორივე შევისწავლით ერთმანეთს და მოვუფრთხილდებით ერთმანეთის გრძნობებს. ჯობია ცოტა ხანს ორივე დავფიქრდეთ, თან მეც ვაღიარებ, რომ მეწყინა, გული ჩამწყდა. არ მეგონა, თუ ლეა ხელს ასე მარტივად აღმართავდა. მე ხომ ჩემს ფიქრებში ის კვარცხლბეკზე ავიყვანე, საიდანაც ისე უცებ გადმოხტა, მეშინია ეს დაშვება მისთვისვე არ იყოს მტკივნეული და დროულად მოვახერხო ხელის შეშველება და აღმატებულ პოზიციაზე დაბრუნება.

ოთახიდან გამოვედი. მართალია ვკოჭლობდი, მაგრამ რაც თაბაშირი მომხსნეს, ამოვისუნთქე. მისაღებში გავედი თუ არა ანჟელას კმაყოფილი სახე შემომეფეთა. მტკიცე ნაბიჯებით მივუახლოვდი, რამდენადაც ეს კოჭლობით იყო შესაძლებელი. სახე ახლოს მივუტანე, რაზეც მაშინვე აემღვრა თვალები და გამომწვევი, დაბნედილი მზერით ამომხედა, მისი გახშირებული გულისცემაც ყურთასმენას ახშობდა. არვიცი რას ელოდა, მაგრამ ჩემმა მკაცრად ნათქვამმა სიტყვებმა ადგილზე ქანდაკებასავით გააშეშა. იმედია ჭკუას ისწავლის.
- მე გაგაფრთხილე, რომ ლეასგან თავი შორს დაგეჭირა. ისიც გაგაფრთხილე, რომ თუ კობას შენარჩუნება გინდოდა, წესიერად მოქცევა გესწავლა. კახპა ხარ და კახპად დარჩები. ამიერიდან რაც მოხდება, შენს თავს დააბრალე.

არეულ ფიქრებს ზამთრის ბაღში გავექეცი. ხეივანში სეირნობისას ყურადღება მიიქცია სუსხისგან გათოშილი ბეღურას ობლად დარჩენილი ბარტყივით მობუზულმა არსებამ საქანელაზე, რომელსაც თვალები ჰორიზონტისთვის გაეშტერებინა ისე, რომ მხოლოდ სიცივისგან ათრთოლებულ სხეულზე მიხვდებოდით, რომ ჩემს წინაშე ცოცხალი არსება იჯდა და არა ქანდაკება. გულმა არ მომითმინა. სახლში შევბრუნდი, პლედი ავიღე და კოჭლობით გავემართე, ვიმედოვნებდი რომ ისევ იქ დამხვდებოდა. არც შევმცდარვარ. იგივე პოზაში იყო გაშეშებული.
პლედი მოვაფარე თუ არა, შეკრთა. ხელები ზურგიდან მოვხვიე, თმები გადავუწიე და როგორც მიყვარდა, თავი მის ყელში ჩავრგავი, სადაც ჩემს საყვარელ სურნელს და აბრეშუმივით ნაზ კანს დავუწყე შეგრძნობა. ისევ ისე თრთოდა. ხმას არ იღებდა. სულ გათოშილიყო, იმდენად ცივი მეჩვენა მეგონა საყვარელ ქალს კი არა მის ყინულის ქანდაკებას ვეხებოდი. საოცრად უსუსური და დაუცველი იყო, როგორც ბეღურას მიტოვებული ბარტყი. მივხვდი, რომ მე მიმიძღოდა ბრალი მის ამ მდგომარეობამდე მისვლაში. მზერაც კი გაყინული ჰქონდა, ჩამქრალი თვალები სრულიად შეუსაბამო იყო ირისების ფერთა გამისთვის, მას ხომ ასე ძალიან უხდებოდა გაცისკროვნება. კარგა ხანს მყავდა ასე მიხუტებული და ამაოდ ვცდილობდი ჩემი სითბო მისთვისაც მეწილადებინა, მეგრძნობინებინა, რომ მე მის გვერდით ვიყავი, ვიცავდი და ჩემთან, ჩემს მკლავებში, საკუთარ ბუდეში შეეძლო მშვიდად ყოფილიყო.
- ლეა, მაპატიე.- ხმაჩამწყდარმა ვუთხარი ქართულად. დარწმუნებული ვარ მხოლოდ მშობლიურ ენაზე შევძლებდი მასთან ჩემი გრძნობებისა და განცდების გულწრფელად გამოხატვას. ინგლისური ზედმეტად ხელოვნური მეჩვენა. დავინახე, როგორ ჩამოუგორდა თვალიდან ეული ცრემლი, ხელით მოვწმინდე. ზუსტად ვიცი, მის გაყინულ სახეს ცხელი ცრემლი წვავდა და ჩემი გულიც იწვოდა მასთან ერთად. წინა მხრიდან დავუდექი, აკანკალებული თითები ჩემს ხელისგულებში მოვიქციე და ფრთხილად შევახე ბაგეები, თან სინანულის ტკივილნარევი მზერა მივაპყრე. როგორ ვნანობდი ნათქვამ სიტყვებს. იქნებ რამდენი არდასახული ოცნება ჩაუკლა ჩემმა დაუფიქრებელმა ნათქვამმა. ახლა გავაცნობიერე, რომ მისთვის ეს თემა მტკივნეული იყო. უხმოდ მიყურა, მერე ისევ ცრემლები წამოსცვივდა.
- შენ მართალი ხარ დავუდ. ჩვენ სხვადასხვა სამყარო ვართ. როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს უჭირთ ერთმანეთის გაგება და ჰარმონიული თანაარსებობა, ჩვენც მათი შვილები ვართ. ქართულ მენტალიტეტშიც კი ჯერ კიდევაა შემორჩენილი, რომ ქალისთვის ქმარი ცხოვრებაში ერთადერთი სექსუალური პარტნიორი უნდა იყოს და ქალწული ჩაბარდეს, რა გასაკვირია, რომ შენც იგივეზე ოცნებობდი, ახლა კი მთელ სამყაროს, საკუთარ რწმენას და ოცნებებს უნდა შეეწინააღმდეგო. დარწმუნებული ვარ შენი ოჯახიც არ მიმიღებს, ჩემს წარსულს თუ გაიგებს. ჯერ კიდევ შეგვიძლია უკანდახევა. ჯერ კიდევ შეგვიძლია ახლახანს აგიზგიზებული კოცონის ჩაქრობა, სანამ უკონტროლო გახდება და ირგვლივ ყველას და ყველაფერს შთანთქავს.
- ჩუ, ჩუ, მეორედ აღარ თქვა ეგ სისულელე. შენ ჩემი ხარ, ჩემი ლეა, ჩემი ალ ჯანათი, შეიტანსაც კი დავუპირისპირდები შენს გამო. ნუ გავიწყდება, რომ აღმოსავლეთში გავიზარდე. აღმოსავლეთი კი მხოლოდ შარიათი არ არის, ის აღმოსავლური სიბრძნისა და ჭეშმარიტი სიყვარულის წიაღიცაა. და მეც სხვათა მსგავსად მზად ვარ სიამოვნებაც მივიღო სიყვარულით მოპოვებული ტანჯვისგან, ოღონდაც კი ისევ აკიაფდეს ცისკრის ვარსკვლავი შენს თვალებში, მზად ვარ გავაიდეალო ტანჯვამდე აყვანილი სიყვარული,ტანჯვაში მოვიპოვო კმაყოფილება. იცი, თინეიჯერობაში ჩემი საყვარელი არაბული პოეზია მუტრანისეული პოეზია იყო, თუმცა მისეული ხედვა სიყვარულის ლამაზ ილუზიად და არარსებულ ფანტაზიად მეჩვენებოდა. აღმოსავლური გაგებით, სიყვარული მით უფრო დიდია და სრულყოფილი, რაც უფრო დიდ ტანჯვაშია გამოვლილი. გაიხსენე ვეფხისტყაოსანი. იგივე სულისკვეთებაა, იგივე ხედვა, რომელსაც ჟამთასვლამ ჩვენს აღქმაში ვერაფერი დააკლო. აი ამიტომ უსიტყვოდ, ერთგვარი სიხარულითაც კი მივიღებ ნებისმიერ განსაცდელს. „მე მიყვარს, მე მსურს ჩავიფერფლო,მე მიყვარს და მსურს ვიტანჯო“ .-კოცნით შევუმშრალე ცრემლიანი ლოყები. გულში ჩავიკარი და ვეცადე ჩემი სითბო მისთვისაც გამეზიარებინა. - გპირდები მალე ყველაფერი ისეთი შორეული და ბუნდოვანი გახდება, როგორც ოდესღაც ნანახი ცუდი სიზმარი, რომელსაც ქვეცნობიერის სანაგვეზე მოვისვრით ხოლმე.
- მიყვარხარ, დავუდ.
ლეამ პირველად მითხრა სიტყვა, რომელსაც მის თითოეულ მზერასა და ქმედებაში ისედაც ვგრძნობდი. მაგრამ თითქოს ახლაღა გავიაზრე მთელი სიცხადით და ერთდროულად ათასი ფრთა შემესხა. ვეცადე ხელში ამეტაცა და შემაჩერა, სულ დამავიწყდა, რომ ფეხი მოტეხილი მქონდა.
- მიყვარხარ, ლეაააა. - ბოლო ხმაზე ვიღრიალე. უხერხულად ამაფარა ტუჩებზე ხელი, სირცხვილიაო.
- დავუდი ლეას გარეშე იგივეა, რაც თევზი წყ.ლის გარეშე.
- ლეა კი დავუდის გარეშე ის ჩიტია, რომელიც გალიაში გაიზარდა, ფრენა ასწავლეს, მას მერე კი რაც ღრუბლებში ფრენას ეზიარა, ფრთები დააჭრეს.
- თუ ლეა არ იქნება, არც დავუდი იქნება.
- თუ დავუდი არ იქნება, არც ლეა იარსებებს.

***

ლეა

დღემ, რომელმაც მატკინა, ამავდროულად უფრო შემაყვარა, ამასთან დავუდისეულ სიყვარულის გაგებასა და აღქმასთანაც მაზიარა. დავუდისეული სიყვარული დაცლილია გრძნობის უარყოფითი მოვლენებისგან. მისთვის უცხოა შური, სიძულვილი, მტრობა. აქ რაც გადმოვედი დღიურის წერა დავიწყე, ის დღე კი დღიურში მხოლოდ ის სიტყვები შევიტანე, რითაც ჩვენი შერიგება დავაგვირგვინეთ: „თუ ლეა არ იქნება, არც დავუდი იქნება. თუ დავუდი არ იქნება, არც ლეა იარსებებს.“

იმავე საღამოს კურიერმა მიკითხა. გამიკვირდა და შემეშინდა კიდეც, ფრთხილად გამოვართვი წითელი ხავერდის ყუთი და ოთახში შევიტანე. ერთი ვიფიქრე დავუდს ხომ არ ვუთხრამეთქი, მეშინოდა ალესანდროსგან არ ყოფილიყო რაიმე, ნუთუ მომაგნო? რატომ არ მცალდება ბედნიერების ხანმოკლე განცდა? ამ ფიქრებში გართულმა მერე გავაცნობიერე, რომ თითებს უკვე დაეწყოთ ოქროსფერი ლენტის შეხსნა და ხავერდის ყუთის გახსნა. ყუთში წითელი ჩინური ვარდი და ქართულად ნათარგმნი არაბული პოეზიის კრებული იყო წარწერით, რომელიც დღიურში დავიტანე. ბედნიერებისგან გული ამიჩუყდა. მას შემდეგ ეს წიგნი ძილისწინა წუთების სასიამოვნოდ გატარების საშუალებად იქცა. ვეცნობოდი არაბულ პოეზიას და თითქოს დავუდის სულის სიმებს ვეხებოდი. მართლაც ვეფხიტყაოსნისეული მიჯნურობა გამახსენა წაკითხულმა ტაეპებმა. გამიკვირდა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ლექსი პირდაპირ ან ირიბად ეხმიანებოდა ქალთა ემანსიპაციასაც. როგორც დავუდმა ამიხსნა, კრებულში თავმოყრილი პოეზია ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნების გამორჩეულ წარმომადგენლებს აერთიანებდა, ერთგვარ განმანათლებლებს, რომელთათვისაც სწორედ სიტყვა და ლიტერატურა იქცა დემოკრატიული იდეალებისა და ქალთა გათავისუფლების ბრძოლის მთავარ იარაღად. გასაკვირია, მაგრამ პოეზიაში სწორედ სიყვარული ეხმარებოდა ქალს ბრძოლაში. თითქოს სიყვარული ყოვლისშემძლე ძალაა, ცხოვრებაზე უფრო ძლიერი ძალა, რომლის წინაშე ყოველივე ფერმკრთალდება. ახლაღა გავაცნობიერე, რატომ მაჩუქა დავუდმა ეს წიგნი. გარდა იმისა, რომ ზოგადად გავცნობოდი მისეულ აღქმას, წიგნში მოყოლილი ისტორიები ძალას მმატებდნენ, თავდაჯერებულობას მიმაღლებდნენ, მარწმუნებდნენ, რომ ყოველთვის ღირს ბრძოლა. ალბათ ეშინოდა და გრძნობდა ჩემს შინაგან ორჭოფობას, დაბნეულობას.
ამ ერთმა კვირამ შინაგანი გარდატეხა მოახდინა ჩემში. მიუხედავად იმისა, რომ დავუდის გულზე ვაცილებდი ყოველ დღეს და ვეგებებოდი ალიონს, ვისწავლე საკუთარ სურვილებთან თანაარსებობა ისე, რომ თავი არ დამეტანჯა. სექსი ისევ არ გვქონდა, თუმცა უკვე მიზეზი მესმოდა და იმდენად აღარ განვიცდიდი. დავუდთან თანაცხოვრება ჩემთვის ერთგვარი სკოლა აღმოჩნდა, სადაც ყოველდღიურად შემოდის ახალ-ახალი საგნები, ხოლო მასწავლებელი კი ერთიყოვლისმცოდნე დამრიგებელია, რომელიც ცხოვრებისეულ გზებს მთელი გულმოდგინებით მიხსნის და მასწავლის. ვაღიარებ, ეს პროცესი საოცრად მომწონს და აღმაგზნებს, ისევე, როგორც ყოველ დილით ტრადიციულად ტუმბოზე მომლოდინე წითელი ჩინური ვარდი. და აი მეც მთელი სიცხადით გავისიგრძეგანე, რომ სიყვარული არის ცხოვრების პრინციპი, საშუალება განწმენდისა ამქვეყნიური ცოდვებისაგან ან წარსულში გადადგმული არასასურველი ნაბიჯებისგან, გასაღები ბედნიერებისა და, რაც მთავარია, მამოძრავებელი ძალა ადამიანის აღმაფრენის. და აი მეც შევისხი ფრთები და მზად ვარ ირაო შევკრა აღმაფრენისგან.

საღამოს როგორც ყოველთვის ზამთრის ბაღში ვსეირნობდით, როცა დავუდმა მიჩურჩულა:
- ლეა, უნდა ვილაპარაკოთ. - ხმაში აღელვება ეტყობოდა.
- გისმენ, დავუდ. -თბილი მზერა შევაგებე, რომ დაძაბულობა მეც არ გადმომდებოდა.
- 2 კვირაში ბაღდადში ვბრუნდებით. თითქმის ყველაფერი მოვაგვარე.
- ბაღდადში? მე მეგონა სადმე სხვაგან წავიდოდით. იქ უნდა ვიცხოვროთ?
- ლეა, იქ ჩემი სახლია, ჩემი ოჯახი. რა თქმა უნდა, ძირითად დროს იქ გავატარებთ. უბრალოდ მინდა, რომ ნელ-ნელა შენც შეემზადო. მესმის, შეიძლება თავიდან გაგიჭირდეს კიდეც ახალ გარემოსთან შეგუება. მე შენს გვერდით ვიქნები, ნილაი და მერიემიც დაგეხმარებიან. - ხმა ებზარებოდა. აშკარად ჩემი მოსალოდნელი რეაქცია აშინებდა.
- იცი, დავუდ, ეს ჩემთვის ცოტა არ იყოს მოულოდნელია. რომ ვერ შევეგუო? რომ არ მიმიღონ? ძალიან მეშინია. მე მეგონა სადმე ევროპაში წავიდოდით დროებით, არც კი ვიცი რისი იმედი მქონდა. თან ასე უცებ. ყველაზე მეტად კი ის მაფიქრებს , რომ ჩემთვის ბუნდოვანია, რა სტატუსი მექნება იქ. - და აი ჩემთვის მტკივნეულ თემას შევეხე, მე ჯერ კიდევ ალესანდროზე ვარ ოფიციალურად დაქორწინებული.
- ვერ დაგპირდები, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება. მცირე დაბრკოლებები გვექნება, მაგრამ მემგონი ეს დრო შენთვის საკმარისი იყო აღმოგეჩინა შინაგანი ძალები, შინაგანი ლეა, რომელსაც სიყვარული მთებს გადაადგმევინებს. მე შენი მჯერა. აი, რაც შეეხება სტატუსს პირველი სასამართლო მოსმენა ხვალ არის. თუ გინდა დაესწარი, მაგრამ სარისკოა. ადვოკატი ყველაფერს მოაგვარებს. თუ გაგვიძალიანდება მეორე მოსმენაზე უკვე ბაღდადიდან დისტანციურად ჩავერთვებით და იქ რა თქმა უნდა ჩემი საცოლის სტატუსით წარსდგები.
- საცოლის? - თვალები გამიფართოვდა.
- რა თქმა უნდა ჯერ საცოლის, მერე კი ცოლის.
- ხვდები, რომ ეხლა ცოლობას მთხოვ? რატომღაც უფრო რომანტიულად წარმომედგინა. - გამეცინა.
- ჰო მეც, უბრალოდ მინდა მენდობოდე და ჩემი გჯეროდეს, ერთი წამითაც არ გაივლო რომ ხარჭა იქნები, ეს ჩემთვის მიუღებელია. ცოტა სწავლაც მოგიწევს. მინდა ყველაფერმა წესისამებრ ჩაიაროს, ყველა რიტუალი შევასრულოთ.
- დავუდ, ხვდები, ხომ ერთ დღეში ზედმეტად ბევრი ინფორმაციაა ჩემთვის გადასახარში? რა რიტუალებზე საუბრობ ვერ ვხვდები? ისე არ იფიქრო, რომ ცოლობაზე უარს ვამბობ. უბრალოდ, ხომ გესმის, ჩვენ სხვადასხვა რელიგია გვაქვს, ამიტომ მხოლოდ სამოქალაქო ქორწინება შეგვიძლია..
- ლეა, ვერ ვხვდები ასე რატომ დაფრთხი. მე რა უფლება მაქვს შენს რწმენას შევეხო. ჩვენი რწმენა ჩვენი გაცნობიერებული არჩევანია. უბრალოდ მინდა ყველაფერი ჩვენი ტრადიციისამებრ შევასრულოთ, რაც თავის თავში ძალიან მნიშვნელოვან რიტუალებს მოიცავს და ნაკლებად აქვს კავშირი რელიგიასთან. ჯერ მინდა, რომ ყველაფერს გაეცნო და მერე მიიღო გადაწყვეტილება.
- მემგონი დღეისთვის საკმარისად ვისაუბრეთ. ორივეს გვჭირდება გააზრება. თან აცივდა, დროა სახლში დავბრუნდეთ.

აფორიაქებისგან მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. აწი რა იქნება? ვხვდებოდი, რომ ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შემოტრიალდებოდა. ვიყავი კი მზად ამ ცვლილებებისთვის? მეც არ ვიყავი დარწმუნებული. ამდენი ფიქრი აღარ შემეძლო, არც ეს კედლები და ანჟელას ინტრიგები. სასწრაფოდ მჭირდებოდა ყურადღების გადატანა. გარდერობის დალაგება დავიწყე. აქსესუარების დახარისხებისას ისევ წავაწყდი ზურმუხტისფერ თმის სარჭს, რომლის წყალობითაც დავიბრუნე დავუდი და აი, გენიალურმა აზრმაც გამიელვა თავში.
- დავუდ, დავუდ. სირბილით გავემართე კაბინეტში, სადაც დავუდი ლეპტოპში მუშაობდა, ჩემს დანახვაზე კი უცებ ჩახურა. - ეს თმის სარჭი, იცი ამის ისტორია?
- კი, გითხარი კიდეც, რომ დაუდ ფაშამ ნილაი სულთანს აჩუქა და მისგან მხოლოდ ეს რელიქვია დაგვრჩა. ამიტომ იყო ჩემთვის ასეთი ძვირფასი და მასთან ერთად ჩემი სულის ნაწილი გაჩუქე. რატომ მეკითხები? ეს ხომ ისედაც იცი.
- და საიდან ჰქონდა ეს თავსამკაული დაუდ ფაშას?
- არვიცი. ასე რატომ დაინტერესდი?
- იცი? თბილისში რომ დავბრუნდი, მოკლევადიან სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში ჩავერთე და უმცროს მკვლევარად ამიყვანეს ისტორიულ წყაროებზე მომუშავეთა ჯგუფში. ბედისწერაა ალბათ ნამდვილად, რომ დაუდ ფაშას წყაროებზე მუშაობა დამევალა. ეროვნულ არქივში ორბელიანების დოკუმენტებს ვათვალიერებდი, სწორედ მათი ყმა იყო დაუდ ფაშას ოჯახი გამოსყიდვამდე. ერთ-ერთი დოკუმენტის მეორე გვერდზე კი სწორედ ამ თავსამკაულის ხელით შექმნილი ესკიზი აღმოვაჩინე. ძალიან გამიკვირდა.
- რას ამბობ ლეა? ეს შესანიშნავია. ნეტავ საიდან აღმოჩნდა?
- მზად ხარ თავგადასავლებისთვის? ჯობია დარჩენილი ორი კვირა ნაყოფიერად გამოვიყენოთ.
- რას მთავაზობ? - წარბები აწია და თავისკენ მიმიზიდა.
- საციციანოში მივდივართ. დროა შენი წინაპართა ფესვები და ისტორია მოვიძიოთ. შენ შენი წინაპრების ისტორიის მხოლოდ აღმოსავლური მხარე იცი, რაც მედლის მხოლოდ ერთი ნაწილია, დროა ქართული ნაწილიც აღმოვაჩინოთ, გული მიგრძნობს ამაში ეს თავსამკაული დამეხმარება. - ხელში შევათამაშე ზურმუხტისპეპლიანი თმის სარჭი. დავუდმა კი გაცისკროვნებული მზერით გამომართვა და თმაში ჩამიმაგრა, თან ჩვეულებისამებრ ყელში მაკოცა მერე კი ნაზი ფერებამ ხანგრძლივი და ვნებიანი კოცნით დავაგვირგვინეთ.
- გამოწვევა მიღებულია, ლეა. ხვალვე გავდივართ. ოღონდ გახსოვდეს, სიფრთხილის მაქსიმალური ზომები უნდა მივიღოთ.

ფლეშბექი.

ბაღდადი, 1825 წელი

დაუდფაშას სასახლე ნილაის ბაღიდან მოტანილი ათასფერი ყვავილებით მოერთოთ. კიბეებსა და შიდა ტერასებზე შინდისფერი ხავერდი უზარმაზარი ქსოვილები დაეფინათ. სასახლეში მსახურები სწრაფად მიმოდიოდნენ და ერთმანეთს აკონტროლებდნენ ბრძანებების აღსრულებაში. ჰარამხანის საჭვრეტელიდან ჰარემის მშვენიერი ქმნილებები რიგრიგობით იცქირებოდნენ ცალთვალმოჭუტულნი და დროდადრო სასახლის უზარმაზარ ეზოში გეომეტრიული სიზუსტით განლაგებულ, არაბულ რაშებზე ამხედრებულ გვარდიელებს მოავლებდნენ თავიანთ მომნუსხველ მზერას. ეს გურჯთა გვარდია იყო, დაუდ ფაშას საამაყო გურჯთა გვარდია. უკვე რამდენიმე ათეული წელია ეს შეიარაღებული რაზმი, დღიდან მისი ჩასახვისა ბაღდადის ფაშათა საიმედო საყრდენ ძალადაა ქცეული. დაუდ ფაშამ კი შეძლო და მათი რაოდენობა რვაასიდან სამი ათასამდე კაცამდე გაზარდა. სამი ათასი რჩეული ვაჟკაცი, სამი ათასი მამლუქი მამულიდან შორს, შუამდინარეთში იცავდნენ თანამემამულის ბაბილოვანის ხელმწიფის ღირსებას. და აი გაისმა დაფდაფების ხმა, რომელსაც ჰარმონიულად მოჰყვა ცხრა ზურნის ერთბაშად აჟღერებული ხმა, რომელიც მთელ ბაღდადს აცნობდა, რომ დიდ ფაშას, სახელოვანი ბაბილოვანის სამეფოს ბედნიერ ხელმწიფეს ზეიმი გამოეცხადებინა.
და აი ნელ-ნელა სვლა იწყეს ევროპის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ეტლებმაც. სასახლის აღა მოწიწებით ესალმებოდა თითოეულ მათგანს და შემაღლებული კვარცხლბეკისკენ მიაცილებდა, სადაც ტახტრევანში მედიდურად ჩაბრძანებულიყო დიდი ფაშა და გული სიამაყით ევსებოდა. სულ მალე მის სიტყვას სულგანაბულნი აღტაცებით შესცქეროდნენ ელჩები და კონსულები, ვაჭრები და სასულიერო ორდენის წევრები. დაუდ ფაშამ სიამაყით წარადგინა ბოლო ათი წლის მიღწევები: სავაჭრო მონოპოლია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე; პირველი საფეიქრო მრეწველობა; განვითარებული მელიორაცია: დიახ, სწორედ ეს მიღწევა ყველაზე თვალსაჩინო იყო წყლის რესურსებით მწირ ახლო აღმოსავლეთში. დიახ, სწორედ მან შეძლო და გაიყვანა ოსმალეთთან შეთანხმების გარეშე, სრულიად დამოუკიდებლად თავისი სახელობის არხი „დაუდიე“, რომელიც ჰავრიას წყალს აერთებდა ხარკთან და ქმნიდა ერთიან სარწყავ სისტემას; არც სამომავლო გეგმები დავიწყებია: ერაყში პირველი ქაღალდის ფაბრიკის აშენება და პირველი სტამბის გახსნა, რომლის ასაწყობადაც შორეულ ტიფლისში გაეგზავნა მოწვევა განთქმული პოლიგრაფების მოსაწვევად, რომელთაც უკვე შეძლეს და გამოსცეს გურჯთა საგანძური ვეფხისტყაოსანი; ფაშას სიტყვას აღტკინება მოჰყვა მსმენელებში. უხაროდათ და შურდათ ფაშას ცოდნა და გამჭრიახობა. მიღება ბაღდადში საზეიმო სვლით გაგრძელდა, სადაც დაათვალიერეს ყველანაირი კომფორტით აღჭურვილი დიდი ბაზარი, აბანოები; ხიდები, სასახლეები, მეჩეთებთან არსებული ბიბლიოთეკები და მედრესეები.
თვალებგაფართოებული ათვალიერებდა ფრანგი კონსული ფონტანიე. არ სჯეროდა თუ ბარბაროსული ბაღდადის მოკირწყლული ქუჩების სურნელი მართლაც ასეთი მიმზიდველი იქნებოდა ფეკალური მასებით გაჟღენთილი პარიზის ატალახებულ ქუჩებთან შედარებით. აბანოთა და სანიტარულ წერტილთა სიმრავლე ხომ საერთოდ წარმოუდგენელი იყო. წარმოუდგენელი სურვილი გაუჩნდა აივნებიდან მალულად მომზირალი ჩარდიანი ქალების მშვენიერება ეხილა, ეს ნამდვილად ზღაპარი იყო, აღმოსავლური არაკი. გაოცება გაასმაგდა საღამოს გამართულ ნადიმზე. იმავე საღამოს სასწრაფოდ გაამზადა წერილი ფრანგთა მეფისადმი:

„მერმეთ და მერმეთ გაოცებულ ვარ ფაშას მეფური დახვედრისგან. ხოტბას ვასხამ გურჯთა რაზმს, ეს ქართველები ჩინებულად ჩაცმულ–შეიარაღებულნი, ძლიერ ვაჟკაცური გამომეტყველებისანი არიან და საუკეთესოდ მორთულ–შეკაზმულ, მშვენიერ ბედაურებზე შემსხდარან, ჩემის მოკრძალებულის აზრით ისინი მსოფლიოში საუკეთესო მხედრები არიან. იქნებ შევჰკადრო ბაბილოვანის სამეფოს ხელმწიფეს და მათგან ერთი ორი ჩვენის რაზმის გასაწვრთნელად გამოუშვას.“

ნადიმი კიდევ ორ დღეს გაგრძელდა. ამჟამად ფაშა ფრანგულად ემუსაიფებოდა აღტაცებულ კონსულსა და დელეგაციის წევრებს. დე ოშუამ გაოცებულმა გადაულაპარაკა ფონტანიეს:
- დაუდ ფაშა, გამორჩეული ხიბლით, ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ჰგავს, ვიდრე აღმოსავლეთის მბრძანებელს,
- ნუთუ არ იცი, რომ ის გურჯი მამლუქია. გურჯთაგან მოსდგამს სიბრძნე და შესახედაობა.
- გურჯი? ვფიქრობ ჩემს ქონებას მაშვინ ერთი ათასად ვაქცევ.
- ფრთხილად, სიხარბებ თავი არ დაგატოვებინოს მეფის გელიოტინაზე.
მომხიბვლავი ქალწულების აღმოსავლური ცეკვისა დაფდაფების დაკვრის დასრულების შემდგომ თავის დაკვრითა და რევერანსებით მიუახლოვდა დე ოშუა დიდ ფაშას. წინ ორი ახმახი აღა გადაუდგა. შეშინებულმა უკანდახევა დააპირა, მუხლები აუკანკალდა და ლამის ბუნებრივმა მოთხოვნილებებმაც შეაწუხა, მაგრამ ფაშამ ხელით ანიშნა, მომიახლოვდიო.
- დიდო ხელწიფევ, აღმოსავლეთის მბრძანებელო. ნება მომეცით შეგკადროთ და გაჩვენოთ ერთი ფრიად შესანიშნავი ნივთი, რომელიც შორეული გურჯისტანიდან წამოვიღე. თქვენი საკადრისი არ არის, მაგრამ ვიმედოვნებ ჰარემის მკვიდრთ უთუოდ გაახარებთ.
- ახლავე მამცნე რა საგანია. - მკაცრად დასჭექა ფაშას ხმამ, რაზეც დე ოშუამ ერთი წყება გაიფიქრა, ხომ არ გავქრე ან ჩემი ხელით გავითხარო საფლავიო. იმავე წამს ამოაძვრინა ხავერდის ქისა, რომლიდანაც ზურმუხტის პეპლიანი თავსამკაული მომნუსხველად აფრქვევდა თავის ბრწყინვალებას. სახეში შეხედვას ვერ ჰბედავდა, ეკრძალებოდა, თუმცა რომ შეეხედა, უთუოდ შეამჩნევდა, ფაშის გამომეტყველების ცვლილებას. თითქოს მოგონებებმა ერთბაშად მოისროლეს შორეულ ბავშობაში, საიდანაც მხოლოდ ფრაგმენტებად შემორჩენოდა განსაკუთრებული წამები. და აი, მის წინ გაცოცხლდა წამი და ჩალისფერ კულულებში მოელვარე ზურმუხტის პეპლიანი თავსამკაული.
- დიდად გმადლობთ ბატონო დე ოშუა. მადლიერი დაგრჩებით, თუ ამ თავსამკაულს თქვენგან ძღვნად მივიღებ.
- ნება თქვენია, დიდო მბრძანებელო.
იმავე დღეს ფრანგი დე ოშუა ორი ეტლი ოქრო ვერცხლითა და თვალ-ალმასით დახუნძლული გააცილეს სასახლიდან.



№1 სტუმარი სტუმარი ნინე

ცუდად არ წერ,თუმცა ძალიან გაწელილია სიუჟეტი და ძალიან აგვიანებ დადებას,რამაც მე პირადად ინტერესი დამიკარგა.

 


№2 სტუმარი სტუმარი სალო

როგორი გემრიელი თავი იყო. ძალიან სასიამოვნო წასაკითხი ფლეშბექი ხომ საერთოდ. შეძელი და მკითხველი დროში ამოგზაურე.

 


№3  offline წევრი Impermeable

სტუმარი ნინე
ცუდად არ წერ,თუმცა ძალიან გაწელილია სიუჟეტი და ძალიან აგვიანებ დადებას,რამაც მე პირადად ინტერესი დამიკარგა.

მადლობა მოსაზრების გაზიარებისთვის. ეს ისტორია წიგნად იყო თავიდან ჩაფიქრებული და არა საიტზე განსათავსებლად ამიტომაც შეიძლება სიუჟეტური ხაზი მოგეჩვენოს გაწელილი. შესაბამისად მიწევს რაღაც ნაწილების რედაქტირება და თუ უფრო დეტალურად მოიწერები, კონკრეტულად რა მიგაჩნია გაწელილად დამეხმარები heart_eyes

 


№4  offline წევრი თამოთამო25

ძალიან კარგად წერთ, ისტორიაც მომწონს, დასრულების შემდეგ ვისურვებდი სრულად წამეკითხა.. რაც მომწონს იმის ნაწილ-ნაწილ წაკითხვა არ მიყვარს. ამიტომ დაველოდები დასასრულს. წარმატებები ????

 


№5  offline წევრი Impermeable

თამოთამო25
ძალიან კარგად წერთ, ისტორიაც მომწონს, დასრულების შემდეგ ვისურვებდი სრულად წამეკითხა.. რაც მომწონს იმის ნაწილ-ნაწილ წაკითხვა არ მიყვარს. ამიტომ დაველოდები დასასრულს. წარმატებები ????

დიდი მადლობა ძალიან ცოტა დარჩა დასრულებამდეც სულ რამდენიმე თავი <3

 


№6  offline წევრი Impermeable

სტუმარი სალო
როგორი გემრიელი თავი იყო. ძალიან სასიამოვნო წასაკითხი ფლეშბექი ხომ საერთოდ. შეძელი და მკითხველი დროში ამოგზაურე.

დიდი მადლობა. ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს შენი კომენტარები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent