შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სულის მელოდია (პირველი თავი)


23-12-2020, 01:13
ავტორი არტემიდე
ნანახია 8 951

თავი პირველი. დასაწყისი.

“მაისის ღამის ხმამაღალ დუმილს,
წყლის მელოდია ნაზად არღვევდა,
მოლურჯო ზეცა, ვარსკვლავჭედილი,
ვერცხლისფერ სხივებს ხმელეთს აფენდა,

იასამანი, ლითონის ჭიშკარს
გადაჭდობილი, იმალებოდა,
საკუთარ სუნთქვას ატანდა ნიავს,
და სხვებს ამგვარად ესალმებოდა…”
ათასჯერ წამღერებული სიტყვები გავიმეორე გონებაში და თვალი პატარა ბავშვებს შევავლე, რომლებიც სკოლისკენ მიიჩქაროდნენ. ნეტავ ვიცოდე, სად მოვისმინე ეს სიმღერა?! ან იმის თქმა მაინც შემეძლოს, მისი გახსენებისას ასეთი სევდა რატომ მეუფლება?! ერთხელ მომეჩვენა რომ მას სკოლის დერეფანში მღეროდა ვიღაც, ქალის ხმა იყო. ძალიან ნაზი და ლამაზი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ეს სიტყვები საკუთარი გონების გარეთ მოვისმინე, მაგრამ ხმის მფლობელი ვერსად ვნახე.
მეგობრებს რაც შეეხეებათ, არც ისე ბევრი მეგობარი მყავს. უფრო სწორედ მხოლოდ ერთი. რატომ? როგორ გითხრათ... თითქმის ყველა უცნაურს მეძახდა სკოლაში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ნახეს როგორ ვიჯექი პეპლებით გარშემორტყმული სპორტის გაკვეთილზე. ეს ლამაზი ქმნიებანი ხელებსა და თავზე მასხდებოდნენ და წარმოდგენა არ მაქვს, რატომ უნდოდათ იმ უბადრუკი სამი დღიდან, რაც გააჩნიათ, რამდენიმე საათის ჩემთან გატარება. ბავშვების დამცინავ დამოკიდებულებას კი ჩემი თმის ფერიც ემატებოდა.
არა, წითური არ ვარ!
არც ოქროსფერი კულულები მაქვს!
რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ლურჯი თმა მაქვს... უფრო სწორედ ჩემი თმა შავია და ლურჯი ფერი დაჰკრავს, უფრო მეტად კი მზეზე...
ერთ დღესაც, ასე პეპლების გარემოცვაში, სკოლის ეზოში მარტო ვიჯექი და სულ ტყუილად ვცდილობდი მათ მოშორებას. ამ დროს ჩემთან პირველ კლასელი ბიჭი მოვიდა და გვერდით მომიჯდა. მისი საქციელი ძალიან გამიკვირდა, რადგან ცოტა თუ მესაუბრებოდა ხოლმე მთელი დღის განმავლობაში.
–პეპლები ძალიან გიხდება–მითხრა, ფართოდ გამიღიმა და თაფლისფერი თვალები შემომანათა.
–მადლობა.
–რა გქვია?
– ანაბელი. შენ?
–მე ნიკოლასი–არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული. ზუსტად ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა და მას შემდეგ 11 წელია საუკეთესო მეგობრები ვართ. ნიკოლასმა თავის დად მიმიღო, მე კი ის ჩემ ძმად ჩავთვალე. ჩვენი მეგობრობა ჩემთვის მზის სხივივით იყო, უკუნით სიბნელეში. ალი, რომელიც გამყინავი მარტოობისგან გიცავს და ჩაქრობის უფლებას არ გაძლევს. ერთადერთია, ვინც მუდამ მხარში მიდგას, არ დამცინის და არ გამსჯის.
მახსოვს, წლების წინ სპორტი ერთად გვიტარდებოდა და მე და ნიკოლასი, როგორც ყოველთვის, განცალკევებით ვისხედით. შექსპირის 66-ე სონეტს კითხულობდა ხმამაღლა, მე კი ვუსმენდი. ამ დროს ჩემი ერთი კლასელი, თეკლა, მოგვიახლოვდა დაქალთან ერთად და გამოგვიცხადა:
–ხვალ ჩემი დაბადების დღეა და თქვენს გარდა ყველა დავპატიჟე. არ მინდა რომ მოხვიდეთ.
–არც კი ვიცოდით რომ დაბადების დღე გაქვს–მობეზრებით უპასუხა ნიკამ.
–სერიოზულად? მხოლოდ ამის სათქმელად მოხვედი?–გამეცინა და თვალებმოჭუტულმა გავხედე, რადგან მზე ანათებდა–რომ დაგეპატიჟებინე, მაინც არ მოვიდოდი. საღამოს მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
–ჩემს დაბადების დღეზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?–სერიოზულად გაიკვირვა.
–მაგალითად კბილების გახეხვა–ჩემს სათქმელს ნიკა ამბობს და ერთდროულად სიცილს ვიწყებთ. თეკლა გაბრაზებული გვიყურებს, მერე ერთ ნაბიჯს უკან დგამს და შემთხვევით ფეხი უცდება. ტანისამოსი ტალახში ესვრება.
–ინანებთ! ამას განანებთ–მხოლოდ ეს თქვა ამოკნავლებით და გაგვშორდა.
–ვერ ვხვდები, რატომ გადაგვეკიდა?!–წიგნს ვართმევ და უაზროდ ვფურცლავ.
–მას შენი შურს, მე კი უბრალოდ შენთან ვმეგობრობ.
–ჩემი? შურს?!–უხმოდ თავს მიქნევს–საინტერესოა, რა მაქვს მისი შესაშური? დედამიწაზე ერთადერთი მეგობარი რომ მყავს? სკოლაში უმრავლესობა უცნაურს რომ მეძახის? თუ ის, გამზრდელი ბებიის გარდა ნათესავი რომ არ მაბადია?
–შენ ის გაქვს, რაც მას უნდა რომ ჰქონდეს. ლამაზი ხარ და ამაში მხოლოდ გარეგნობა არ იგულისხმება, მეგობრობა იცი და ყურადღება შეგიძლია მიიქციო მაშინაც კი როცა ამისთვის არაფერს აკეთებ–ღიმილით შემომყურებს.
–მართლა ასე ფიქრობ?
–ტყუილი ოდესმე მითქვამს?–უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ.
–საუკეთესო მეგობარი ხარ დედამიწის ზურგზე!–ხმამაღლა ვამბობ და ვეხუტები–ნეტა რისთვის დაგიმსახურე?
–ჩვენ ორნი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ–ამბობს და ხელს მიწვდის.
–ჩვენ ორნი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ–ვიმეორებ და ხელს ვკიდებ.
* * * * *
ჩაბნელებულ ქუჩას ვუყურებ ფანჯრიდან. მაღლიდან ჭიანჭველებივით რომ მოჩანს, იმ ლამპიონებს ვუცქერ და თან ახალ წელზე ვფიქრობ, რომელიც სულ რაღაც 5 დღეში შემოაბიჯებს.
–არ მოთოვს, ანაბელ, არა! ტყუილად ელოდები! თბილისი და თოვლი ერთმანეთისთვის არ არიან შექმნილნი–საკუთარ თავს ხმამაღლა ვუთხარი.
სიცივისგან გათოშილი ხელები ერთმანეთს გავუხახუნე და როცა დავრწმუნდი, ცხვირი ჩრდილოეთ პოლუსის ტემპერატურის მქონდა, ფანჯარა დავკეტე და სამზარეულოსკენ გათოშილი გავემართე. აკივებული ჩაიდანი ცეცხლს მოვაშორე და ცხელი სითხე უშველებელ ფინჯანში ჩავასხი. საათს კიდევ ერთხელ შევხედე. სავარძელზე გადაკიდებული შავი ყელიანი სვიტერი ავიღე და ზემოდან გადავიცვი. გათბობის მიზნით თითები ფინჯანს მოვუჭირე და მეორე ხელით მაგიდაზე დადებულ გადაშლილ წიგნს დავწვდი. „ოსტატი და მარგარიტა“ სათაური ხმამაღლა წარმოვთქვი და სანიშნით შესაფერისი გვერდი მოვძებნე. ცოტახანში კარზე ზარის ხმა გაისმა და მეც კარებისკენ გავწიე. გაღებისთანავე გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ზღურბლს იქით ჩემი ერთადერთი მეგობარი დავინახე. კარებთან გვერდულად დავდექი, რათა მას შემოსვლა შეძლებოდა და შემდეგ შევეკითხე:
–ახლა კარნავალზე არ უნდა იყო?!
–მე იქ უნდა ვიყო, როდესაც შენ აქ მარტო ხარ და თავს კითხვით ირთობ?!-კითხვაზე კითხვით მპასუხობს და თითით გადაშლილ წიგნზე მიმანიშნებს.
–ხელში რა გიჭირავს? ან ჯეიმს ბონდივით რატომ გაცვია თუ კარნავალზე წასვლას არ აპირებ?-ვეკითხები დაეჭვებით.
–არ მითქვამს, რომ კარნავალზე არ წავალთ!
–ნიკა, წამოსვლა არ მინდა! ამაზე ხომ ვისაუბრეთ უკვე?!
– აბა თუ მიხვდები რამდენიმე წუთის წინ ვინ დაჩექინდა ამ კარნავალზე და ვისთან ერთად?-მეკითხება და მობილურს სახესთან მიფრიალებს.
–არ არსებობს!!! ბაჩო იქ არის! ვაიმე რა ჩავიცვა? არაფერი მაქვს!-ვამბობ და კარადაში ვიქექები.
–რაო ? მოგინდა, ჩიტო, წამოსვლა?-ამბობს და ხარხარებს.
–ოჰ... თითქოს შენ თათიას გამო არ მოდიოდე–ვამბობ უდარდელად.
–ვინ? თათია? ვინ არის თათია?-ბრინჯივით დაიბნა და მზერა ამარიდა.
–რადგან მასზე ხმას არ ვიღებ და ველოდები შენ როდის მეტყვი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ ვხედავ როგორ უყურებ შორიდან!- თავდაჯერებული ტონით ვეუბნები და ლოგინზე დასვენებულ ტყავის შავ ჩასადებს ვაშტერდები, რომელშიც სავარაუდოდ ტანისამოსი უნდა იყოს.
– ამდენი ხანია იცი და თავს მაჩვენებ თითქოს აზრზეც არ ხარ?
–ეს ჩემთვისაა?-ისე ვამბობ თითქოს მისი ნათქვამი არც კი გამიგია და ტყავის ჩასადებს ხელში ვიღებ–ოღონდ მითხარი რომ ჩემი კოსტიუმიც ისეთივე მაგარია, როგორც ეგ ჯაშუშური ტანსაცმელი– ვეუბნები და მის უნიფორმაზე მივანიშნებ.
–ვიცი, რომ მოგეწონება!-სარკეში თმას ისწორებს. ჩასადები ელვა ჯერ ნახევრად არ მაქვს გახსნილი, რომ სიხარულისგან ვყვირი, შავი ფერის მოსასხამზე ჰოგვორტსის გერბს რომ ვხედავ.
–ვაიმე... ნიკოლას!!! როგორ მიყვარხარ არ იცი! სად იშოვე? ძვირი ღირდა?-ვეკითხები და სიურპრიზით აღფრთოვანებული სასწრაფოდ ვიღებ ტანისამოსს და შირმის იქეთ გავდივარ გამოსაცვლელად.
–დაგავიწყდა, რომ დეიდაჩემი მკერავია? მან გააკეთა ეს და ჩემი ფორმაც.
ქვედაბოლოსა და გეტრებს ვირგებ, პულოვერსაც ვიცვამ. კაშნეს ვიკეთებ და მოსასხამს მხრებზე ვიცვამ.
–ამის ჩაცმა სკოლაში რომ შეიძლებოდეს, სულ ასე ვივლიდი!-ვამბობ გულდაწყვეტით და სარკის წინ ვტრიალებ.
–კიბატონო, ჩაიცვი... ისედაც უცნაურად გთვლიან მთელი სკოლის ბავშვები და ეგღა გაკლია!-მთელი ხმით ხარხარებს და ჩემს ნასროლ ბალიშს იცილებს.
–ჰე, მზად ვარ ! წავიდეთ!
–მგონი რაღაც გავიწყდება, ჯადოქარო?!- მეუბნება და ხის ჯოხს ჩემკენ იშვერს– ესპექტო პატრონუმ!
–ამ შელოცვის წარმოთქმა არ შეიძლება. მიუტევებელია!- მეც ვყვები თამაშში და ჯოხს ვართმევ-ჰერმიონის ჯოხი! ზუსტად ისეთია! ახლა გული გამისკდება სიხარულისგან, ნიკააააა!
–ეს პირადად მე გავაკეთე- ამაყად ამბობს ჩემი მეგობარი. გასასვლელთან ჩექმას ვიცვამ და ჯოხს მის ყელში ვათავსებ.
–ასე უფრო კომფორტულია–ახლა თბილ ქურთუკს ვიღებ და გასასვლელად ვემზადები, ნიკა რომ მეკითხება:
–ლანა სად არის?
–სამსახურშია. დღეს გვიან დაბრუნდება–ვამბობ და ხელში გასაღებს ვიღებ.
–მერე არ უნდა გააფრთხილო, რომ კარნავალზე მიდიხარ?
–არ გამიშვებს. ღამეაო ასე იტყვის-თვალებს ვატრიალებ უკმაყოფილების ნიშნად-ვინ მომიტაცებს ერთი გამაგებინა?!
–რომ გაიგოს დაგსჯის!
–ხოდა არ უნდა გაიგოს! მთავარია 12-მდე დავბრუნდეთ!
–ჩექმებიანი კონკია–ბოლო ხმაზე ხარხარებს.
–ხო...ხო... ძალიან სასაცილოა!
კარებს ვკეტავ და სახლიდან გავდივარ. ლიფტით პირველ სართულზე ჩავდივართ და ტაქსს ველოდებით.
დანიშნულების ადგილს მალე ვაღწევთ. ტაქსი ჩერდება და მეც კარს ვაღებ. ნიკა ფულს იხდის და მერე ისიც ჩემთან ერთად დგება. მუსიკებისა და ჟრიამულის ხმა გაჩერებაზეც კი ისმის.
–დავაგვიანეთ!-ვამბობ უკმაყოფილოდ.
–გეუბნები ბროლის ფეხსაცმელი და ნიღაბი უნდა მომეტანა შენთვის და მაგ ჯოხით უნდა მოვფრენილიყავი, როგორც ფერია ნათლია! - სიცილს განაგრძობს ნიკა.
–თქვენი ბილეთები-გვაჩერებს დაცვა. ნიკა ბილეთებს აწვდის და ის-ის არის უნდა შევიდეთ, რომ ისევ გაგვაჩერა შავებში ჩაცმულმა ზორბა კაცმა–ნიღბები აიღეთ! უნიღბოდ ვერ შეგიშვებთ.
თავს უხმოდ ვუქნევთ და შიგნით შევდივართ. შესვლისთანავე დახლს ვხედავ სადაც უამრავი ნიღაბია. ქალისა და მამაკაცის ცალკე. შავ დახვეწილ ნიღაბს ვიღებ და სახეს ვიფარავ. ნიკაც შავ ნიღაბს იღებს, სხვა სტილისას. დერეფანს გავდივართ და უფრო და უფრო ვუახლოვდებით ხმაურსა და ჟრიამულს. შუქები ჩამქრალია. მხოლოდ ლაზერებია ირგვლივ. ხმამაღალი მუსიკის გარდა არაფერი ისმის და ახლა უკვე თვალნათლივ ვხედავ ადამიანებს, რომლებიც მუსიკაში ჩაძირულები საოცარ მოძრაობებს აკეთებენ. თავიანთ სტიქიაში არიან და ირგვლივ ვერავის ამჩნევენ, იმათ გარდა ვისაც ეცეკვებიან. უმრავლესობას ნიღაბი მოხსნილი აქვს და ისე აგრძელებს გართობას. დიჯეი შემაღლებულ ადგილას დგას. ხო.... ახლა დროა დარბაზში ჩავიდე! ნაბიჯს წინ ვდგავ და რაღაცას ვედები. დინამიკების შესაერთებელი დენცქვიტადან ეძრობა, მე კი წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებ.მუსიკა წყდება, ჩემი წყალობით. წამიერი სიჩუმე ისადგურებს. თითქოს იქ 300 კაცი სულაც არ იყოს. სრული სიბნელეა და უცბად პროჟექტორს მანათებს ვიღაც. თვალებს ვჭუტავ და დაბნეული ფიქრებში ვიბურდები. ყველა მე მიყურებს! ახლა მთელი 300 წყვილი თვალი ჩემზეა მოჩერებული. რა ბედნიერებაა ნიღაბი, რომ მიკეთია! მადლობა ზორბას! თუ აქედან ცოცხალმა გავაღწიე მადლობას აუცილებლად გადავუხდი! ნაბიჯს გაუბედავად ვადგამ წინ. მუხლები მიკანკალებს და ორი ნაბიჯი არ მაქვს გადადგმული, რომ რასაც ჰქვია თავპირისმტვრევით ვეშვები დაბლა. რატომ არ მითხრეს აქ კიბე თუ იყო?!
უსამართლობაა! ჩემი პირველი კარნავალია და ისიც ასე დაიწყო! კიბეებზე "მოხდენილად" ვეშვები და პირდაპირი მნიშვნელობით ვიღაცას ვეკიდები კისერზე. ის ვიღაცა სწრაფად მიჭერს და შეკავების მიზნით ხელებს წელზე მხვევს. წამწამები ერთმანეთზე მაქვს შეწებებული შიშისგან და გულაჩქარებული მთელი ძალით ვეკრობი იმ ვიღაცას. გადავრჩი?! ცოცხალი ვარ! როცა სიტუაციას ვაანალიზებ, თვალებს ვახელ და ცხვირწინ უცნობის სახე მეფეთება. თვალებში ვუყურე. უფროსწორედ იმდენად ახლოს მაქვს სახე მიტანილი მის სახესთან, რომ თვალების მეტს ვერაფერს ვხედავ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაცამ დენი დამარტყა. ამას თავში ვგრძნობ. უცნაურია, თუმცა მგონია უცნობსაც იგივე შეგრძნება ჰქონდა. შავი თვალები აქვს. ხელები კისრიდან ჩამომაქვს და ვცდილობ მისი ხელებიც წელიდან მოვიშორო. არაფერი რომ არ გამომდის ვეუბნები:
–დამსვი!-თუმცა ამას იმდენად ჩუმად ვამბობ, რომ ეჭვი მეპარება ჩემ გარდა სხვას გაეგო ეს ამოხავლებული სიტყვა.
–ახლავე მომაშორე ხელები! -უკვე გარკვევით ვამბობ სიტყვებს. როგორც კი ბგერები მის სასმენ ორგანომდე აღწევენ ფხიზლდება და წამისმეასედში თვალებიც უცოცხლდება. ხელს მიშვებს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იატაკზე ვვარდები.
თავხედი! როგორ გაბედა!
-ვაიმე, წელი! მგონი დავინვალიდდი-ვამბობ საწყლად და თავის წამოწევას ვცდილობ. სიჩუმე სიცილში გადადის და ახლა ყველა ჩემზე იცინის.
–ერთუჯრედიანო! ყველაფერი პირდაპირ კი არ უნდა გაიგო!-ახლა უკვე მისი სახის სხვა ნაკვთებსაც ვხედავ. დიჯეი რაღაცას ამბობს მიკროფონით და მუსიკა ისევ ირთვება.
–მითხარი ხელი გამიშვიო. მეც ასე მოვიქეცი-ამბობს კმაყოფილი.
-კარგად ხარ?-მზერა უცნობიდან ნიკაზე გადამაქვს, რომელიც ჩემს წამოყენებას ცდილობს. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და უკან მოუხედავად წინ მივიწევთ. საცეკვაო მოედანს ვცილდები.
-რა უბედურებაა! ისე ვერ გამივლია ფეხი რომ არ გადამიბრუნდეს–ვამბობ უკმაყოფილო.
-რა გინდა? ეფექტურად შემოხვედი. ყველამ დაინახა და გაიგო, რომ აქ ხარ-იცინის ნიკოლასი და ცდილობს მეც გამომიკეთოს გუნება.
წელის ტკივილს უმნიშვნელოდ ვგრძნობ და აქეთ-იქით ვიხედები.
-ბაჩოს ხედავ?-ვეკითხები ნიკას და ირგვლივ ვიყურები.
-ვერა. შენ ხედავ თათის?-ახლა ის მეკითხება.
-ვერა!-ვამბობ და მაშინვე ბელის კაბაში გამოწყობილ თათიას ვამჩნევ,(ურჩხული და ლამაზმანიდან) რომელიც ცოტა მოშორებით დგას და ვიღაცას ესაუბრება. ხელში ხელოვნური ვარდი უჭირავს.
–დავინახე, ნიკოლას!-თათიაზე ვანიშნე და მანაც მაშინვე იქით გაიხედა. აქ ასე ცხელა თუ მე დამცხა? ახლა ვხვდები ნიღბები მოხსნილი რატომ აქვთ! მეც ვიხსნი ნიღაბს და სახეზე მაგიდიდან აღებულ ხელსახოცს ვისვამ. ცოტახანში მუსიკები წყდება და შემაღლებულ ადგილზე, რომელიც სცენად მოიაზრება ერთი გოგო ადის მიკროფონით ხელში.
–როგორც ვხედავ ცოტა გახურდით. ახლა კარნავალის სახალისო ნაწილზე გადავდივართ. პირველი თამაშისთვის ძალიან ბევრნი ხართ, ამიტომ კენჭისყრას გთავაზობთ. რიგში ჩადგებით, გოგონები ერთ მწკრივად, ხოლო ბიჭები მეორე მწკრივში მოთავსდებით. სცენასთან ახლოს ორი შუშის ყუთია. თქვენს ბილეთებს დაბლა მარჯვენა კუთხეში ციფრები აწერიათ. ყუთთან პატარა ფურცლები დევს. ფურცელზე თქვენს ციფრს დაწერთ და შემდეგ ყუთში ჩააგდებთ. ბოლოს კი შემთხვევითობის პრინციპით ავარჩევთ 5 წყვილს. თითო გუნდში ორი ადამიანი იქნება. ერთი გოგონა და მეორე ბიჭი. თითოეულ გუნდს დავალებას მოგცემენ და შემდეგ ამ შესრულებულს ჩვენი ჟიური შეაფასებს.- გოგონა იღიმის და ყველანი რიგში ვდგებით.
–შენც გინდა თამაში?–მეკითხება ნიკოლასი.
–რატომაც არა?! აბა რისთვის მოვედით?–ვამბობ და ნაბიჯს წინ ვდგავ. რადგან ჩემს უკან მდგომებმაც შეძლონ წინ ჩამოწევა. ასე მივიწევ წინ მანამდე სანამ ჩემს ციფრს დავწერ ფურცელზე და ყუთში ვაგდებ.
–ესეც ასე!-ამბობს ნიკოლასი-ნეტავ თუ გამიმართლებს? თუ ასე იქნება მაშინ მინდა მე და თათია ერთად მოვხვდეთ!
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს!-ვამბობ და ენას ვუყოთ.
-რა გიხარია? ვერც შენ მოხვდები ბაჩოსთან ერთად!-ისიც მაჯავრებს.
-სანამ კენჭისყრა დამთავრდება მანამდე დასალევი ხომ არ მოვიტანო?
-კი რა! ატმის წვენი მინდა!-ვეუბნები და ნიკაც ხალხის მასაში იკარგება. ნიკას საქციელზე მეღიმება. სულ ასე ვართ, არ მახსოვს რამეზე სერიოზულად გვეჩხუბოს. თავს ღიმილით ვატრიალებ და ბედნიერებისგან თვალები შუბლზე კი არა, არ ვიცი სად ამდის. წამწამები ზევით მიფრინავენ, როდესაც იმ ადამიანს ვხედავ, ვისთვისაც აქ მოვედი. დებილივით მონუსხული ვაშტერდები და ვცდილობ სუნთქვა არ დამავიწყდეს. ჩემგან არც ისე შორს დგას და საუბრობს. ვუყურებ და ვხვდები, რომ შესაძლოა მხოლოდ ამითაც იყო ბედნიერი, როდესაც ხედავ იმ ადამიანის ღიმილს, რომელიც შენზე ასე მოქმედებს. ნუ... შეიძლება უნებლიეთ, მაგრამ მაინც!
–იმ ბიჭს სახეზე რამე უსვია?-მეკითხება უცნობის უკვე ნაცნობი ხმა და მეც ჩემი ფიქრებიდან და იმ ღრუბლებიდან, რომელზეც ახლახანს დავფრინავდი, დედამიწაზე ვბრუნდები. ვერ ვიტან როდესაც ფიქრს მაწყვეტინებენ!
–ვის გულისხმობ?–"აზრზე არ ვარ" სახეს ვიღებ.
–დარტანიანზე გეუბნები!–განგრძობს ის.
–მაინც ვერ ჩავწვდი შენი შეკითხვის აზრს! სახეზე რამე უნდა ესვას?
–ისე მიშტერებიხარ, ცოტაც და დორბლი წამოგივიდოდა!–ამბობს და ხარხარებს. როგორ შეიძლება ასეთ უხეშ, თავხედ ადამიანს ლამაზი ღიმილი ჰქონდეს? ეს საერთოდ შესაძლებელია? ალბათ, კი! რადგან ახლა სწორედ ამას ვხედავ. ვაიმე, ანაბელ, რაზე ფიქრობ?!
–სანამ ჯამრთელი და საღსალამათი ხარ გამცილდი თორემ...– წინადადებას არ მასრულებინებს და მეუბნება:
–თორემ რა,ჯადოქარო? საკუთარი ჯოხისთვისაც კი ვერ მოგივლია–მეუბნება და ცხვირთან ჩემს ხის ჯოხს მიფრიალებს. მგონი კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ დაბდურობა ვარ ხომ?
–მომეცი–ჯოხს ვართმევ.
–ესეც ასე, ახლა შევარჩიოთ წყვილები!–ისმის გოგონას ხმა დინამიკებიდან–და ჩვენი თამაშის პირველი წყვილია ნომრები გოგონებისგან 173-ე და ბიჭებიდან კი, 56.
ჩემს ბილეთს დავყურებ და შემდეგ ხმამაღლა ვამბობ.
–გამიმართლა! ნეტავ ჩემი პარტნიორი ვინაა?-თვალს ვავლებ ხალხის მასას. მერე მას ვუყურებ და ვხედავ, როგორ უჩნდება სახეზე თავხედური ღიმილი, თვალებში კი ნაპერწკლები.
–ახლა სწორედ მას უყურებ–ამბობს და წარბებს მიამიტურად ათამაშებს.
–მაჩვენე!–არ მჯერა რომ ახლახანს სამყარომ ყველაზე ბოროტულად დამცინა. ბილეთს კლანჭებით ვაფრინდები და ნომრის სისწორეში ვრწმუნდები.
ქალი მიკროფონში ჩვენს ნომრებს კიდევ ერთხელ ჩაჰყვირის და სცენაზე ასასვლელად გვიხმობს.
-წავიდეთ!-მეუბნება უცნობი. თვალებს ნიკოლასს ვკიდებ, რომელიც ახლახანს მოგვიახლოვდა.
-ნიკა!-საცოდავად ვხახივარ, თითქოს ვიღაცას სასაკლაოზე მივყავარ. ნიკოლასიც დაბნეული თვალებით შემოგვცქერის. წინადადების დამთავრებას აზრი არ აქვს, რადგან უკვე მისი აზრი ნათლად ჩანს. მე დახმარებას ვითხოვ. ჩემს მეწყვილეს ისევ ეცინება ჩემს რეაქციაზე და მიმეორებს:
-წამოდი!-ხელს ხელზე მკიდებს და სცენისკენ მივყავარ.
-გამიშვი!-უკვე ვიღრინები და ხელს ვითავისუფლებ.
-კისრის მოტეხვას გადაგარჩინე და მადლობის გადახდის მაგივრად მთელი ეს დრო მეუხეშები. უცნაური ხარ!–თვალებს ვატრიალებ და სცენაზე ავდივარ. ხალხი ტაშით და ყვირილით გვეგებება.
–დიახ! ჩვენი თამაშის პირველი წყვილიც სცენაზეა. ახლა გვითხარით თქვენი სახელები და შემდეგ კი ის თუ დღეს ვის ანსახიერებთ?-მიკროფონს ჯერ ჩემკენ იშვერს.
–ჩემი სახელია ანაბელი–ვამბობ ენის ბორძიკით–კოსტიუმი კი ჰერმიონ გრეინჯერის მაცვია.
–ალექსანდრე. კაპიტან კაუჭას ვანსახიერებ–ამბობს უჩვეულო ხმის ტემბრით.
–შესანიშნავია–ჩაჰყვირის მიკროფონს კრუელას კოსტიუმში გამოწყობილი და განაგრძობს–ჰერმიონის გონიერება და კაუჭას სიეშმაკე. ვნახოთ რით გაგვაოცებს ეს წყვილი. ან იქნებ ისევე დაასრულონ თამაში, როგორც ანაბელმა დაასრულა კიბეებთან–ამბობს და იცინის–ის ხომ დაეცა!
მიყუჩებული დარბაზის გამხიარულებას ცდილობს და გამოსდის კიდეც. ამ სიტყვებზე ვბრაზობ! გაუზრდელი! ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს სხეულში სისხლის ნაცვლად ტალღები მოძრაობენ და ხმაურით ეხეთქებიან არტერიის კედლებს. ამ დროს შენობაში შუქი ციმციმს იწყებს, მეც ყურადღება ამაზე გადამაქვს და ბრაზიც მიქრება. ნათურები ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებიან. ალექსანდრეს მზერას ვიჭერ, რომელიც ჩემზეა მომართული და უკვე მობეზრებით ვეკითხები:
–ახლა რაღა გინდა?
–არაფერი–ჩუმად ამბობს და მზერა კრუელაზე გადააქვს. მისი ასეთი პასუხი მეუცნაურა. წამყვანი დანარჩენ 4 წყვილსაც ასახელებს.
–ხოლო პატივსაცემ ჟიურიში სხედან: ბატონი გიორგი ლიპარტაშვილი, ქალბატონი თინა ლობჟანიძე და ბატონი თამაზ სულაბერიძე. წესები ასეთია: გაქვთ რამდენიმე წუთი იმისთვის, რომ მოიფიქროთ რას გააკეთებთ და რით გააოცებთ ჟიურის წევრებს. არჩევანში შეზღუდულები არ ხართ! შეგიძლიათ იცეკვოთ, იმღეროთ, ანეგდოტები თქვათ. მთავარია შთაბეჭდილება მოახდინოთ ჟიურიზე. გამარჯვებული საჩუქრად უფასო აბონიმეტს მიიღებს თბილისი მოლის ნებისმიერ მაღაზიაში.
წამზომი ჩაირთო.
–აბა, ბელს,რა არის შენი ფარული ნიჭი?–მეკითხება ისეთი ინტონაციით თითქოს კარგი ძმაკაცები ვიყოთ. ბელს? ვინ მისცა ამას ჩემი სახელის შემოკლებით უფლება?!
–ანაბელი–ვუსწორებ და ვეუბნები–რა ფარული ნიჭი? არ შეიძლება უბრალოდ ვიმღეროთ ან ვიცეკვოთ?
–ძალიან ბანალური იქნება. ჩვენ კი რამე ორიგინალური და არაორდინალური გვინდა–ოჰ გამომივიდა იდეების გენერატორი. კრეატიულობის მამა!
–როგორც ჩანს პროფესიონალი ხარ იდეების მოფიქრებაში!მთელი ყურადღებით გისმენ!
–თუნდაც ლეკვი გავწვრთნათ–წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაარტყა?!
–ამმ... ცხოველებს კარგად ვუგებ, მაგრამ აქ ვის ეყოლება ცხოველი?–ვპასუხობ ცოტა დაბნეული, რადგან ვერ ვხვდები 1000 ნიჭიდან რა მაინცდამაინც ის თქვა, რაც საკმაოდ კარგად გამომდის. კმაყოფილი მიყურებს და თვალს ჟიურის მაგიდისკენ აპარებს. მეც იქით ვიხედები და უკვე მთელი კმაყოფილებით ვამბობ:
–შენ რა გგონია ის ქალი თავის ლეკვს გათხოვებს?-პასუხს არ მცემს, მხოლოდ თვალებში მიყურებს რამდენიმე წამის განმავლობაში ღიმილით და მერე ჟიურის მაგიდისკენ მიიწევს. თვალს არ ვაშორებ და ჩემს აზრში დარწმუნებული ველი როდის გამობრუნდება ალექსანდრე იმედგაცრუებული. ის ჩემგან ზურგით დგას, მაგრამ იმ ქალბატონის სახეს მშვენივრად ვხედავ. სადღაც 21 წლის იქნება. გვერდში ჩიხუახუას ჯიშის ლეკვი ჰყავს. საუბარს იწყებენ და ის გოგოც ღიმილით პასუხობს. მერე პირზე ხელს იფარებს და კეკლუცურად იცინის. ალექსანდრე ბრუნდება და ჩემზე ანიშნებს რაღაცას. გოგონაც თვალებში უყურებს მას და ცოტახანში ლეკვს აწვდის. მაგრამ მას კი არა, მე მიცრუვდება იმედი, როდესაც სცენისკენ მომავალ ალექსანდრეს ვხედავ, რომელსაც ხელში ის თეთრი არსება უჭირავს და ბედნიერი სახით მოემართება ჩემკენ.
–ასეთი რა უთხარი?
–შენით ვერ მიხვდები?
–მოდი ვნახოთ! თავში მხოლოდ 2 რამ მომდის. ან თავი შეაცოდე ან მოაბეზრე. ალბათ, უფრო მეორე, ეგ უკანასკნელი ხომ შენი მოწოდებაა!
კრუელა ისევ ჩაჰყვირის მიკროფონს. მემგონი აქედან პირდაპირ ყურის ექიმთან მომიწევს წასვლა! წამყვანი სათითაოდ ასახელებს წყვილებს თავიდან და შემდეგ ამბობს ვინ როგორ აპირებს ჟიურის გაოცებას. მერე კი ნახევარ საათსა და ცალკე ადგილებს გვაძლევენ ნომრის დასამუშავებლად,რათა ხელი არ შეგვეშალოს. ალექსანდრე ლეკვს მაწვდის და მეც ხელს ვუსვამ თეთრ ბეწვზე.
–გამარჯობა, პატარა–ვეუბნები და თვალებში ვუყურებ ცხოველს.
–თინამ თქვა ძალიან ჭირვეულია და არავის ემორჩილებაო. მასთან საერთო ენა რომ გამონახო მეეჭვება–მეუბნება და სავარძელში კომფორტულად თავსდება.
–რა ჰქვია?–ისე ვეკითხები რომ ძაღლს თვალს არ ვაშორებ და თავზე ვეფერები.
–თინა–მპასუხობს სწრაფად.
–ლეკვზე გეკითხები, ჭკუის კოლოფო!
–არ ვიცი, მოიცადე ახლავე გავიგებ–ამბობს და მობილურს იღებს. სენსორზე თითს ასრიალებს და ყურთან მიაქვს. ცოტა მოშორებით გადის და საუბარს იწყებს. არა! არ მჯერა! ვითომ ახლა ამან ნომრის გამორთმევაც მოასწრო?! შანსი არაა! ვფიქრობ და ოთახიდან ჩუმად გავდივარ. კულისებიდან ვიპარები და ჟიურის მაგიდისკენ ვიხედები. ქალბატონი მართლაც მობილურზე საუბრობს. ვითომ ალექსანდრეს ესაუბრება? არა? თუ კი! ანდა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს?ვისაც უნდა იმას ესაუბროს! ჯიუტად ვამბობ და ოთახში ფეხაკრეფით შევდივარ.
–ლილი ჰქვია–მეუბნება და მობილურს ჯიბეში იბრუნებს.
–ესეიგი ლილი...–მოშორებით ვდგები და ვეძახი–ლილი... ლილი, მოდი ჩემთან, პატარავ!–ლეკვი მიყურებს და არც კი ტოკდება.
–ლილი!–ისევ ვიმეორებ, თუმცა უშედეგოდ. ალექსანდრე ფხუკუნებს. მას ყურადღებას არ ვაქცევ და ლეკვს ვაკვირდები. ყელზე საგულდაგულოდ შეკრულ ბაბთას იწვალებს. მას ვუახლოვდები და ვეუბნები.
–დაგღალა არა ბაბთებმა და მოსართავებმა? პატრონის ერთგული ძაღლი ხარ, მაგრამ არ გაფასებენ? ჭირვეულს გეძახიან ხომ ასეა?- ვეკითხები და თავზე ხელს ვუსვამ. ბაბთას ვხსნი.
–არადა როგორი კარგი ძაღლი ხარ!–ვამბობ და ლეკვი კუდის ქიცინს იწყებს.
–მართალია, ასეთი ხარ!–ვამატებ და მოშორებით ვდგები.
–აბა, ლილი მოდი ჩემთან!–ლეკვი ერთხანს მიყურებს და მერე მხიარული ყეფით მორბის ჩემკენ. როგორც კი მიახლოვდება მაშინვე ვეუბნები:
–გაჩერდი! კარგი გოგო ხარ!ახლა დაჯექი! ყოჩაღ!თათი მომეცი!–ასე ვაგრძელებ ლეკვის გაწვრთნას და ნომერსაც ვამუშავებთ. დრო რომ იწურება ოთახიდან გავდივართ და ალექსანდრე მეუბნება:
-მართლაც კარგად გამოგდის. არ უნდა დამეცინა!
შეჯიბრზე ერთი გუნდი მღერის, მეორე ცეკვავს, მესამე კიდევ რაღაც თეატრალურ დადგმას უჩვენებს ჟიურის. ბოლოს კი ჩვენ ვემზადებით და ლილიც იმას აკეთებს რასაც ვეუბნები. ბოლოს კი ლეკვის ცარცის ფხვნილით სავსე თასს ვუდგამ. თათს შიგნით ყოფს და დაფასთან ჩვენს გრაფას (გაგვიმართლა, რომ ჩვენ ბოლოს დაგვწერეს) თათს ადებს და ერთხელ ყეფს. ხალხის ტაშიც არ აყოვნებს.
სცენიდან ჩამოვდივართ და ნიკოლასი გვეგებება.
–ანაბელ, თითქმის თერთმეტი საათია! დროა სახლში წაგიყვანო!
–კარგი წავიდეთ.
–ასე ადრე რატომ მიდიხართ? წვეულება ჯერ ახლა დაიწყო–გვეკითხება ალექანდრე.
–სახლში თუ არ დავაბრუნე, გოგრად გადაიქცევა–იცინის ნიკა.
–და როდის უნდა შევხვდეთ?–ახლა მე მიყურებს ვაჟბატონი.
–მოიცადე, შეხვედრას შეგპირდი და მე არ მახსოვს?-ცინიკურად ვპასუხობ და თვალს თვალში ვუყრი.
–არც მე ვარ აღფრთოვანებული იმით, რომ შენს სახეს კიდევ დავინახავ, მაგრამ ბიულეტენი ერთია და სხვაგვარად ვერ გავიყოფთ თუ სავაჭრო ცენტრში არ წავალთ–თან გასასვლელისკენ მივდივართ და ისე ვსაუბრობთ. გასასვლელთან ვარდების ბაღია. იხრება და ერთ წყვეტს:
–აუ!–ვამბობ და ხელით ფეხს ვიზელ.
–რა მოხდა?–მეკითხება ნიკა.
–არ ვიცი! ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაცამ ფეხზე მიჩმიტა. კარგი დაივიწყე–ვამბობ და ახლა ალექსანდრეს ვუბრუნდები.
–ვარდები არ მიყვარს!
–ვინ გითხრა, რომ ეს შენთისაა?
–უი, არ ვიცოდი არატრადიციული ორიენტაციის თუ იყავი! საბედნიეროდ, ნიკოლასს ქალები იზიდავს, შენსავით ავადმყოფი არ არის!-ვსისინებ გველივით და ყველაფერს ვამბობ რაც კი თავში მომდის.
–ჩემდასაბედნიეროდ ეს თინასთვისაა, ბელსს! ხვალ 4 საათზე თბილისი მოლში შეგხვდები და მოგებულს გაგიყოფ–მეუბნება და ტრიალდება. უკან შედის.
გამიყოფს! გეგონება მისი დაამსახურებით გავიმარჯვეთ. თავხედიიი!



№1  offline წევრი ნანუკააა

Lamazi siujetia dzalian momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent