აბრეშუმის თავშალი (სრულად)
ჩვენს შორის მანძილი დაახლოებით ცხრა ნაბიჯს ითვლის.განსაკუთრებულ სიტუაციას ვერ ვუწოდებ ამჟამინდელ მომენტს,შუაგულ ბაღში ერთმანეთის პირისპირ მსხდომი მამაკაცები და ქალბატონები ჩვენს გარეშეც მრავლად არიან,თუმცა მათ შორის ერთმანეთისადმი ინტერესის არავითარი ნაპერწკალი არ ღვივის...მე კი თითქოს გულზე უხილავი თითები შემეხო და თავბრუსხვევის გრძნობით გამჟღინთა,მერე კი გულს თავს დანებებულმა ამ თითებმა ეს არ იკმარეს და თვალებზეც დამწვდნენ,უხილავ მუჭში ჩემი მზერა ჩაიმწყვდიეს და მომისაჯეს რომ მეყურებინა ჩემთვისდა სრულიად უცხო,ამ წითური გოგონასთვის. რაც უფრო დიდხანს ვაკვირდები,სულ უფრო ვამსგავსებ ოსტატურად გამოქანდაკებულ,ცვილის ფიგურას.ზედმეტად ჩვეულებრივია და სწორედ ეს ჩვეულებრივობაა ის რაც განუზომელ შესანიშნავობას სძენს მას.ამ ალისფერთმიანმა ჯადოქარმა თითქოს სული გამომგლიჯა და თავისთან წაიყვანა...ვფიქრობ მე ვერც კი მამჩნევს,საერთოდაც მგონია ისე ღრმადაა ჩაძირული საკუთარი წარმოსახვის ნეტარებაში,რომ აქაურობაც კი მთლიანად ბურუსშია ჩაფლული მისთვის...ეს წუთია უნებართვოდ ჩამოეშალა მზის სხივებით გასხივოსნებული თმები,სწორედ ამან აიძულა გამოძრავებულიყო.სწრაფი მოძრაობით გადაიყარა ცეცხლის ენები ზურგზე,ისე თითქოს გაუჯავრდა და დატუქსა.მკლავი იქვე შეაჩერა,ხელის მტევანი საკუთარი სახისთვის საყრდენად დატოვა და კვლავ წარმოსახვის ბურუსში შეცურა-ალბათ! ჩემს გუგებში მოქცეულმა კადრმა,სადღაციდან თითქოს დიდი,მტაცებელი ფრინველი მოიხმო,ზურგზე დამცა და უხეში კლანჭებით ჩემი ძლიერი შენჯღრევა უბრძანა,მერე კი ამ კმაყოფილმა კადრმა,საბოლოო ფრაზა გონებისთვისაც მიანდერძა,თითქოს ჩამძახა "არავითარი უფება არ გაქვს მასზე" მერე იგივე ფრინველმა საბოლოო გაფრენამდე,კისერში ჩამავლო,რამდენიმე წუთით ალისფერთმიანის საქორწილო ბეჭდის,ოქროსფერი რგოლის თვალთვალის ნება დამრთო და გამარჯვებული ჰაერში გაუჩინარდა.არადა უკვე ვაპირებდი ამებურდა ეს ცხრა ნაბიჯი და წინასწარ დაუგეგმავი დიალოგით დამერღვია მისთვის სიმყუდროვე...ჩვენში როგორც ეძახიან,ბედისთვის მიმენდო ყოველივე.თუმცა ჰო...ერთი დიდი თუმცა!ალბათ ჩემს ასეთ განსხვავებულობას და მის ასეთ უსაზღვრო ინტერესით აღვსილ აურას,მსგავსი გაცვეთილი,უბრალო დასაწყისი ვერ მოგვერგებოდა. და მაინც,მსგავსი სიტუაცისს გათვალისწინებით როგორი დასაწყისი მოგვიხდებოდა ჩვენ ორს? სიუჟეტის ნაფლეთები გონებაში უკვე ფორმირებას იწყებენ... ნისლიანი ამინდი გარეთ ხეტიალის სურვილს გამიღვივებდა. ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი წვიმა ჩემი ნაბიჯების მეგზური იქნებოდა,ჩემსავე სხეულს კი თავის იმ სურნელს შეთავაზებდა რომელიც მიწაში ჩაღვრის შემდეგ შეატოვა ქალაქს.ჩემს წილ გზაზე გადაღლილი განწყობით ნაბიჯების თვლაში გავერთობოდი...სწორედ ამ დროს გამოჩნდებოდა "ის" თავისი ალისფერი თმებით,ნაცრად ქცეულ ჩემს შინაგან სამყაროს სიცოცხლის სულს შთაბერავდა,დაფშვნილ ნაკვერჩხლებს ააკოწიწებდა მწველ,ძლიერ სფეროდ და სამყარო ჩვენი შეხვედრის წუთს სამარადისოდ ჩაინიშნავდა მეხსიერების იმ წიგნში,რომლიდანაც არასდროს არაფერი არ ქრება. ყველაფერი მარტივად და უბრალოდ დაიწყებოდა. მალევე გავხდებოდით ერთი მთლიანი. მერე გავიდოდა ხოლმე საუკუნის ტოლი კვირეები "ის" თავს დააღწევდა ჩვენს შორის მდგომ,დამაბრკოლებელ ურთიერთობას და მოგვეცემოდა საშუალება მივცემოდით თავდავიწყებას.მისი თხელი,დაჭორფლილი სახე,ჩემთვის წარუშლელი კადრი გახდებოდა.დაძინების ჟამს,მარტო მყოფი წარმოსახვაში მის ხატებას გავაცოცხლებდი და ვიდრე ზმანება ჩამითრევდა,კვლავ მისი სახის დაზეპირებაში გავირთობდი თავს.კიდევ რამდენიმე საუკუნის ტოლი დღეებისა და კვირეების გასვლამდე,კვლავ შეხვედრამდე მე და ფიქრები,მე და წარმოსახვა,საუკეთესო მეგობრები გავხდებოდით,ისინი ჩემთან ალისფერი თმების სურნელს მოიტანდნენ ხოლმე და მე იმდენად ღრმად ჩავიძირებიდი მასში,იმდენად ამევსებოდა მთელი არსება მისით,რომ ამ თმების გულზე ჩამოშლასაც ნათლად ვიხილავდი და უხილავი თითების გაცოცხლებასაც ცხადად შევიგრძნობდი ღაწვებზე. მაგრამ სიბრაზე-ჰო,მე ეს გრძნობა ერთ დღესაც გონებას დამიბინდავდა.როგორია გიყვარდეს ქალი რომელსაც სხვისი ჰქვია?! ჩვენი ყოფა დაგვაყენებდა იმ რეალობის წინაშე სადაც მე მას შევთავაზებდი ჩემთან ერთად ყოფნას,არა ასე მალულად,არამედ ღიად,თუნდაც გავქცეულიყავით ყველაფრისგან შორს,გავქცეულიყავით სადმე ცარიელ ადგილას და გვესწავლა ერთმანეთით,ერთმანეთთან ყოფნა და ყოველივე ის რაც სულთამხუთავის როლს კისრულობდა,რაც ცხრა კი არა დაუთვლელი ნაბიჯებით გვაშორებდა ერთმანეთს,მიგვეტოვებინა ფერებ წართმეული ადამიანების სამყაროში. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ უკმაყოფილება მთელს მის სახეს,ემოციებს გადასწვდებოდა,დამდებდა ბრალს რომ ღრმად შევატოპინე,დამდებდა ბრალს ეგოისტობაში და ეს მისი რისხვით გამსჭვალული ხმა სერიოზულ ბზარს მიაყენებდა ჩვენივე სურვილით ნაგებ ურთიერთობას.ბოლოს გაქვავებული თვალებით უარის ნიშნად თავს ჯიუტად გაიქნევდა,იტყოდა რომ "ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა".დრო რომელმაც გვიან შეგვახვედრა,ისევ გამარჯვებული განაგრძობდა ჩვენი განშორების წუთების ათვლას.უღონოდ ვიდგებოდით დაზეპირებული სხეულების პირისპირ,რომელთა შორისაც გაბმული,გამაერთიანებელი სიმები,გულისწყვეტით დაიწყებდნენ ჟღარუნს.ყველაფრის მიუხედავად ისევ ვიგრძნობდით ჩვენი სხეულების სითბოს და ეს სითბო სამუდამო,სამახსოვრო საჩუქარი იქნებოდა,რომელიც ყოველთვის ყველგან შეგვახსენებდა თავს რა დროც არ უნდა გასულიყო...და როცა სიმები ერთმანეთში გადაბრწნილ თითებს დააცალკავებდნენ ჩვენი შერწყმაც უფსკრულისაკენ გადაიჩეხებოდა და სამყარო მართლაც საუკუნის ნაბადით შემოსავდა დარჩენილი სიცოცხლის ხანას-უშინაარსობის ბურუსში. გამომშვიდობების,დაშორების დღეს შევათანხმებდით და დავპირდებოდი რომ მეტჯერ აღარასდროს მოვთხოვდი შეხვედრას,გავქრებოდი ქარის პირველი ნაკადის ნაჭერივით,რომელიც ჩვენს სხეულზე გადამტვრევის შემდეგ აღარ სჩანს.მე არ დავემსგავსებოდი ქარის მომდევნო ნაკადებს,კვლავ რომ გვეძგერებიან და ყოველ ჯერზე იმ მივიწყებულ დარტყმას არ გვავიწყებენ,რომლებიც გვაჯერებენ რომ ისევ ის პირველი,ჩვენი სხეულის შემარყეველი ტალღებია...მე ისე წავიდოდი რომ მას ეცოდინებოდა,მისგან წასული სულ სხვა მხრით,სხვა გზით ვივლიდი,როგორც ის პირველი ქარის ნაკადი,რომელიც კანში გავლის მერე შენობებსა და ხეებს ევლება ჩვენი ტანისგან კი ძლიერ შორსაა. ბოლო დღე მზიანი იქნებოდა,საერთოდაც არ დაემთხვეოდა ჩვენი შინაგანი განწყობილების ჭექა-ქუხილს.ერთმანეთის მიმართ გაუცხოვებული ადამიანების ყოფას გავითამაშებდით. ის მზიანი დღე,წუთების წინ რომ ვახსენე,ბოლთის ცემისაგან დამღლიდა.გასამხნევებლად მზე თავის საკუთარ გულს შემომთავაზებდა და მეც ხარბად ავივსებდი თვალებს მისით.მეწამულისფრად იქნებოდა ზეცა გათხვრილი.სისხლის ლაქებ შესმული ღრუბლის დანაყრებული ფთილები,ჩემს ლურჯ თვალებში აირეკლებოდნენ და რაღაც დოზით იგივე სურათს ჩემშიც მოხატავდნენ-დაჭრილს! მოთმინების ფიალაში გამაგრებული რამდენიმე წვეთი,იმედს გადაწურვის საშუალებას არ მისცემდა და აი...უხმო ნაბიჯები,როგორც იქნა გაისმებოდა,მე ხომ მათი აქღმა საუკეთესოდ გამომდის,განსაკუთრებით მაშინ როცა გულზე მედგმება. რამდენი წუთი მოასწრებდა ჩემთვის ყელის გამოჭრას ვიდრე მომიახლოვდებოდა-ერთი,ორი,სამი,ოთხი...შეჩერდებოდა გულის მეოთხე დაძახილის ჟამს.მკლავები რომელთაც ჩემი წელი უნდა დაეწვათ-ვერ ვიგრძნობდი!თუმცა ჰო,ამის უფლება უკვე აღარ გვექნებოდა.მისკენ შევბრუნდებოდი,დროისგან დასერილი სხეულით.სისხლის არ გადმოღვრა სულაც არ იქნებოდა გასაკვირი,ჩემს წილსაც ხომ მზე ღვრიდა ცაზე. -მოხვედი?-მე გავბედავდი პირველ სიტყვას. -ბოლოჯერ!-მიპასუხებდა და გამეფიქრებოდა რომ კმაყოფილი იყო.თუმცა როცა ის თავს ჩაკიდებდა და ფერმკთალ თითებს ნერვიულად დაგრეხდა,მივხვდებოდი რომ საკუთარი ხმის დამუშავებაზე,კმაყოფილებით ავსებაზე ბევრი იმუშავა.წუთიერი სიბრაზე მტვრის ნაწილაკებივით წვრილად დაიფშვნებოდა და გაუჩინარდებოდა.ჩემს ყურადღებას მისი მხრები მიიპყრობდა და მომენტი-დაცურებული სარაფნის სალტი,რომელსაც თითები არ მიეშველებოდნენ შესაჩერებლად,სიტყვებს გამიქრობდა.მხოლოდ წითურის მრავალგზის ნარეპეტიციები ხმა გამომარკვევდა -თვალებში ძველებური სხივი აღარ გაქვს -რაღაცნაირი მოსასმენია როცა ამ მიზეზის გამომწვევისგან ისმენ მსგავს რამეს-გულგატეხილი კაცის კანში ბოლომდე უნდა მოვკალათდე. -ბრალს მდებ იმ დანაშაულისთვის რომელშიც შენვე მიგიძღვის ბრალი-წყენის გასაღვივებელი სიტყვები -ყველაზე არაგულწრფელი,არანამდვილი მაშინაა გრძნობა,როცა წყვილი მიზეზების ერთმანეთზე გადაბრალებას იწყებს-წუთების წინ მტვრადნაქცევ ბრაზს აღვადგენდი -წყვილი?ჩვენ არასდროს ვყოფილვართ წყვილი,დამცინი?-რაღაც ასეთს წამოიძახებდა,როგორმე კავშირი ხომ უნდა გაეწყვიტა ჩემთან,ამისთვის კი საუკეთესო მტკივნეული სიტყვების დარტყმები იქნებოდა გულისთვის...აქ კი,ბაგეებიდან ბაგეებამდე სიჩუმე მოქსოვდა ქსელებს.მომნუსხველობა ფეხს აიდგამდა და მის ბეჭებთან ჩამოჯდებოდა.ეს წყეული ყოველ ღონეს გამოიყენებდა რათა ჩემი თავშეკავებულობა აეშალა -აბა ვინ ვიყავით?- სიბრაზე აჯობებდა მაცდუნებელ ფიქრებს,რადგან ეს სიტყვები იმ წამებში ბასრ ბრჭყალებად გადაქცეულები დამიწყებდნენ გონების დაძიძგვნას-შეგიძლია ჩემო კარგო თვალი გაუსწორო რეალურ სახელს რაც ერქვა ჩვენს ურთიერთობას?-გაბოროტებული კაცის მზერით დავამატებდი შხამს. -ძალიან ხარ შეცვლილი,თითქოს სულ სხვა გამხდარხარ-მის ხმაში კიდევ ერთხელ შეყვანილი დოზას გადაჭარბებული სიბრაზე. აქ კიდევ ერთხელ ამაფორიაქებელი ორთაბრძოლა დამეწყებოდა სურვილების,ეს მისი გაბუტული იერი კი მხრებიდან მომხიბვლელობას თავისთან წაიყვანდა და ახლა იქედან გააგრძელებდა ჩემს შეცდენას,მაგრამ მე უკვე შეყვარებული კაცის ეს რომანტიკული ქმედებები უნდა განმეგდო.ცოტა სიცივე საქციელში,სუსხით დაორთქლილი ფრაზები... -ამ სიტყვების თქმის შემდეგ,გგონია მიცნობ?გამიცანი? -მე სულაც არ მინდოდა ყველაფერი ასე მომხდარიყო -ასე როგორ?ჩემს მიტოვებას გულისხმობ თუ ჩვენი ურთიერთობის დასაწყისს? -დასაწყისს! სიჩუმიდან ხმებამდე,მომნუსხველობა კვლავ დროს იხელთებდა,ამჯერად გრილ სიოს ჩაეხლართებოდა და მის კაბას დაუწყებდა თამაშს.ამას იმის ნიშნად მივიღებდი რომ ამინდიც კი დამცინოდა,თითქოს ჩემს მკლავებს აჯავრებდა,რომ მე მსგავსად მოქცევას ვეღარასდროს შევძლებდი მასთან. უკვე დროა! იტყოდა ჩემი გონებაც საბოლოო სიტყვას,ბრაზი გამოცდილი ალპინისტივით მოიკიდებდა ფეხს ჩემი ალესილი ხასიათის კლდოვან წანაზარდებზე და სხეულიდან ტკივილთან შეზიარებული გამოვიდოდა სიტყვების აცმად...მე ხომ საყვარელი ქალი უნდა დამეკარგა! -როცა პირველად დაგინახე,მე თვალი კი არა გონება მომტაცა შენმა ხატებამ.გავაცნობიერე რომ შენში მეტად საინტერესო პიროვნება ცხოვრობდა,ძალიან მომნუსხველი შინაარსის მატარებელი სულით.არ გეტყვი რომ ყველაფერში შევცდითქო,მე ხომ ამ მცირე დროის მანძილზე შენში ის შენი ნამდვილი სახე ამოვიცანი რომლის პირისპირაც თავად როდის იდექი ბოლოს აღარც კი გახსოვს...ყველაფერში შეგიძლია დამადანაშაულო,იმაშიც რომ მე ჩაგითრიე ამ ყველაფერში,მიწოდე ის რაც გინდა,მოიხსენი შენ ყოველივე პასუხისმგებლობა და ლაფში მე ამიმსვარე,მაგრამ შენც ხომ იცი,შენც ხომ იცი რომ ნამდვილი სიყვარული ჩემი წყალობით გამოსცადე.ახლა ჩემს წინ დგახარ,რაც შენში გამბედაობაა ერთად შემოგიკრებია და ცდილობ დამარწმუნო რომ ყველაფერი შეცდომა იყო.შენ იქ,წლების წინ როცა არჩევანი გააკეთე,შენივე პირადი ინტერესების გამო,შეცდომა სწორედ ეგ იყო.სიყვარული მოიტყუე.ახლაც იტყუები,ოღონდ იმ განსხვავებით რომ ახლა არსებული გრძნობის არარსებობას ცრუობ.როგორც გინდა,თუ ყველაფერი რაც ჩვენ შორის იყო არ უნდა დაწყებულიყო,თუ ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია-გიშვებ.აღარასდროს გადაგეღობები წინ! დავასრულებდი ამ სიტყვებით და გავჩუმდებოდი,საკუთარი გულის ცემის მოსმენაში დავიხშობდი სმენას.ვიგრძნობდი სფეროსებრი ნაკვერჩხლების თანმიყოლებით ქრობას,კვლავ ნაცრად გარდაქმნის პროცესს.თვალებით კი მაინც იმ ხიბლის ბოლოჯერ შეგრძნება და დანახვა მომინდებოდა,წუთების წინ წესიერად სუნთქვის საშუალებას რომ არ მაძლევდა.დავაკვირდებოდი დაჭორფლილ სახეს,რომელზედაც ხიბლის იერი უკვე შეცვლილი იქნებოდა,თითქოს ამ გრძნობის სულიც ჩემს გვერდით იჯდა იმედგაცრუებული,იჯდა და ისიც თავისი ღრმა და პატარა გულის ცემას ისმენდა,რომელიც სადაც იყო გაუჩინარდებოდა,გაუჩინარდებოდა ჩვენ ორისთვის და წავიდოდა მერე სხვასთან,სხვა ორის საპოვნელად,საუკუნის ტოლ დღეებს გადაივლიდა რადგან აღარ შემცდარიყო და ჭეშმარიტი,ხანგრძლივი გრძნობის არსებობა გაეჩაღებინა და არა ასეთი ყალბი. ბოლო რასაც გავაკეთებდი ეს იქნებოდა მის ყელზე შემოხვეული აბრეშუბის თავშალის შეხსნა...აუჩქარებლად გავხსნიდი კვანძებს,მერე ბაგეებზე დავაფენდი და ფრთხილად,ძალიან ნაზად შევეხებოდი,ისე თითქოს უკვდავების მომნიჭებელი ამბორი უნდა შემესრულებინა...და მაინც ეს "უკვდავება" ხელიდან გამისხლტებოდა და წავიდოდა.მე თითებს შორის გადაფენილი მის სურნელ შეტოვებული თავშალი შემრჩებოდა,თავშალი რომელზეც მისი ტუჩების უფერული ანაბეჭდი კიდევ საუკუნეებს გაძლებდა და წარუშლელ კვალად იარსებებდა ჩემთან ჩემში. წარმოსახვაში ზედმეტად შორს შევტოპე,გონს სიოს უხეშმა ხელისგულებმა მომიყვანა.ჩემს წინ წითური ჯადოქარი მარტო აღარ იყო,გვერდს მომხიბვლელი ახალგაზრდა მამაკაცი უმშვენებდა...კიდევ რამდენიმე წუთი დაყვეს,მერე წელზე ხელებით დასწვდნენ ერთმანეთს და გზას გაუყვნენ. ხომ არაფერი მაგრამ,სადღაც ღრმად გულში,მაინც ისეთი განცდა დამეუფლა რომ მან მართლაც ჩემი საკუთარი სიყვარული წაიყვანა. ცაზე მზეს ჭრილობები შეუხორცებია,ჩემში კი პირი სწორედ ახლა გადაიხსნეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.