შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ?! (II თავი)


6-01-2021, 15:41
ავტორი ირი ...
ნანახია 1 563

II
„პირველი სიყვარული“... რამდენ გრძნობას, ემოციას, ღიმილს და ცრემლს იწვევს ეს ორი , თითქოს უწყინარი სიტყვა. ზოგისთვის ბედნიერი დასასრულით, ზოგისთვის კი გატეხილი გულით და უამრავი ცრემლით სრულდება ხოლმე.
მე ამაშიც უცნაური ვიყავი, ვერც ის გავიგე, როდის მოვიდა და ვერც ის-როგორ წავიდა.
ყოველთვის ცელქი ბავშვი ვიყავი, დედაჩემი ყოველ მეორე, თუ არა-მესამე კვირას სკოლაში იჯდა საყვედურების მოსასმენად. ძირითადად უფრო ბიჭებზე ძალადობას მდებდნენ ხოლმე ბრალად.
კარგად მახსოვს, მესამე კლასში ვიყავით, კარგად ჩაპუნტულებული , ბუთქუჩა გახლდით. მშობლები 50 თეთრს მაძლევნენ ხოლმე და მეც მაყვალა ბებოს ბუფეტში დასვენებაზე ორ-ორ კიბეს ვახტებოდი და ისე მივრბოდი გამხმარი „ბულკის“ საყიდნად. ისეთი ხმელი იყო, რომ ვყლაპავდი, ყელი მეკაწრებოდა, მაგრამ გულს მაინც უხაროდა. ქოშინ-ქოშინით ვბრუნდებოდი ხოლმე კლასში და მერხთან კარგად მოკალათებული გემრიელად გეახლებოდით ორი კვირის დაძველების „ბულკს“. ერთ-ერთი ასეთი დღე იყო, გაკვეთილის დასრულებამდე წუთებიღა იყო დარჩენილი და მეც სტარტზე ვიდექი, რომ ზარის პირველივე წკრიალის გაგონებაზე ბუფეტისკენ ამეღო გეზი. მასწავლებელი წამოდგა და კარისკენ აიღო გეზი, რაც იმის მაუწყებელი იყო , რომ გაკვეთილი მთვრდებოდა, დატოვა საკლასო ოთახი და ის იყო, გაისმა სასტვენის ხმა და მეც წარმატებულად განვახორციელე სტარტი, რომ კარი გარედან ვიღაცამ გააღო და თავით შევასკდი მაღალ ტიპს. ბოლომდე ავაყოლე მზერა, ცინიკური სახე ჰქონდა, წელში იყო მოხრილი და კისერზე არ ვიცი რატომ, მაგრამ ცხვირსახოცი ჰქონდა შემოხვეული.
-აბა, ცოტახნით კლასში დაბრუნდი ბაჭია.- გამიღიმა, მე კი სახე მომეღრიცა „ბაჭიას“ გაგონებისას. ის ოთახში შემოვიდა ვითაც თავისნაირთან ერთად, არა უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი-შემოიზლაზნენთქო, ისე იყვნენ წელში მოხრილები, ხელები სავარაუდოდ მუხლებამდე მისწვდებოდათ, მაგრამ ორივეს შარვლის ჯიბეში ჰონდათ ჩაწყობილი და ადგილზე ქანაობდნენ. მაშინ კი არ ვიცოდი, რა სჭირდათ, არა, პრინციპში არც დღეს ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით, რაღაც იმიჯი იყო ეგეთი-მისტიური. იმ ასაკშიც კი „ვაი, თქვენს პატრონს“-გამომეტყველებით ვუყურებდი. თვითონ წინ გადადგეს რამდენიმე ნაბიჯი, მე კი მეტი საქმე არ მქონდა ჩემს ფუნთუშაზე უარი მეთქვა, ბოლოსდაბოლოს ისე ველოდებოდი ხოლმე დასვენებას, როგორც -ახალ წელს. ყურადღება არ მივაქციე სტუმრებს, კარი გავაღე და გასვლა დავაპირე , მაგრამ ვიგრძენი, როგორ გავჩნდი ჰაერში, უკან მივიხედე და დავინახე, რომ ჩემთან მოსაუბრეს ქეჩოში ჰქონდა ჩემთვის ხელი ჩაბღუჯული და ასე ვეჭირე ჰაერში, თან ისევ მიღიმოდა. წამის მეასედში შემომაბრუნა და ერთ რიგად მოწყობილ კლასელებთან ჩამაყენა მეც. უკვე ვბრაზობდი. მერწმუნეთ, მშიერ მოსწავლეზე საშიში არაფერია, თან თუ იცის, რომ საჭმელზე ძალით ათქმევინეს უარი.
-აბა, პატარებო, მე და ამ ბიძიას ხურდები გვაკლდება სიგარეტის საყიდლად და ხომ ვერ დაგვეხმარებოდით?! -წაიღიღინა და ადგილზე დაიწყო რწევა.
-მე ჩამოვივლი ყველასთან და ვისაც რისი საშუალება გაქვთ, ის მომეცით.-საუბარი მეორემ განაგძო და დაიწყო კიდეც ფულის აგროვება. ზოგს 10 თეთრი ქონდა. ზოგი ბევრად მდირარი იყო და მთელი 1 ლარი ჰქონდა. როცა ჩემი რიგი მოვიდა, უკვე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, სიმწრიგან ადგილზე ვცქმუტავდი.
-რატომ იბღვირები ბაჭი?! აბა, შენ რამდენს გვაძლევ?- გამიღიმა მეორემ და ხელი გამომიწოდა. მე სიბრაზისგან მომუწული ტუჩებით ავხედე და თვალებით გავაცამტვერე.
-მე არაფრსაც არ გაძლევთ.-ვუთხარი ნიშნისმოგებით და რაც შემეძლო წელში გავიჯგიმე, რომ როგორმე სიმაღლეში გავთანაბრებოდი.
-რატომ ბაჭი?! არ გაქვს ფული?-მკითხა დანანებით.
-მე შენი ბაჭია არ ვარ, ფული მაქვს, აი.-ჯიბიდან სიამაყით ამოვაძვრინე პატარა, ოქროსფერი 50 თეთრიანი და ამაყად დავანახე. სტუმრებს გაოცებისგან სახე მოეღრიცათ.
-აბა რატომ არ გვაძლევ?-მკითხა პირველმა, მაგრამ აღარ იღიმოდა.
-იმიტომ , რომ ჩემმა დედიკომ და მამიკომ ეგ ფული მომცეს მე, რომ ბულკი მეყიდა და თქვენ რატომ უნდა მოგცეთ? -ვუპასუხე სრულიად მშვიდად და მივხვდი, რომ ჩემს სიტყვებს კარგი არაფერი მოყვებოდა. პირველს ბრაზისგან სახე დაემანჭა და ჩემკენ გადმოდგა ერთი ნაბიჯი, ისე მიახლოვრებოდა, როგორც ვეფხვი-ნადავლს, ნელ-ნელა, თითქოს დროს მაძლევდა გასაქცევად და თავის საშველად, მაგრამ ეგ ჩემს პრინციპს და თავმოყვარეობას შელახავდა, ამიტომ ვიდექი ადგილზე და თვალს არ ვაშორებდი მის მტაცებლურ მზერას. ის იყო, მომიახლოვდა და კიდევ ქეჩოში დააპირა ხელის წავლება, რომ კარი გაიღო და მაღალი, გამხდარი, შავგვრემანი ბიჭი შემოვიდა.
-შორენა მას... -დაიძახა ხმამაღლა, მაგრამ მასწავლებელი ჯერ შემოსული არ იყო კლასში და პასუხი არავინ გასცა.
-ბავშვებო, მასწავლებელი არ მოსულა ჯერ?!-გვკითხა მან და კლასი კიდევ ერთხელ მოათვალიერა, ბოლოს კი მზერა ჩემზე და იმ ორ ნეანდერტალელზე შეაჩერა.
-არა, არ მოსულა ჯერ. -უპასუხა ჩემმა კლასელმა, მაგრამ ეჭვი მეპარება, მისი სიტყვები გაეგონა.
-აქ რა ხდება? -იკითხა გაბრაზებულმა და ჩემკენ და იმ აყლაყისკენ დაიძრა, ქეჩოში რომ ჰქონდა ხელი წავლებული.
-არფერი ივან, მშვიდობაა.-უპასუხა მეორემ, მაგრამ მისი სიტყვებიც დააიგნორა.
-რა ხდება მეთქი? გასაგებად არ ვიკითხე?-ბრაზისგან ყბები დაეჭიმა და ჩემი კისრიდან ხელი უხეშად ააწევინა.
-არაფერი ტო, სიგარეტზე ფული გვაკლდებოდა და ბავშვები გვეხმარებიან, არა ბავშვებო? -უპასუხა პირველმა და წელში გასწორდა, მაგრამ მაინც ბევრად დაბალი იყო ახალმოსულზე.
-სიგარეტი, კი არა გამოეთრიეთ გარეთ ორივე დროზე. -შეუღრინა შავგვრემანმა და ისინიც, დამჯერი ბავშვებივით თავჩაქინდრულები წავიდნენ წინ. კარში გასვლის დროს კეფაში ისე წამოარტყა პირველს, რომ რამდენიმე ნაბიჯი ინერციით გადადგა წინ. -მომინდომეს სიგარეტი. აქ დაეტიეთ და ფეხი არსად გაადგათ, თორემ ორივეს ძირში მოგატეხავთ. გასაგებია?- კიდევ ერთხელ შეუღრინა უკვე კლასის გარეთ ბიჭებს და მათაც მორჩილად დაუქნიეს თავები. რამდენიმე წამში უკან შემობრუნდა და ის ფული დაუბრუნა ბავშვებს, რაც იმ ბატებმა წაართვეს.
-შენ რატომ გეჩხუბებოდა?-ამჯერად მე მომიტრიალდა უცნობი.
-იმიტომ, რომ მე ფული არ მივეცი. -ჩავიბურდღუნე და უფრო მეტად შევკარი წარბები.
-რატომ არ მიეცი?
-იმიტომ, რომ დედიკომ და მამიკომ ეგ ფული მე მომცეს ბულკისთვის, და ეგენი ვინ არიან, არც კი ვიცნობ. თან საჭმელი კი არ უნდოდათ, ესე თქვეს სიგარეტიო, მამიკო კიდევ მეუბნება, რომ ვინც ეწევა, არ არის კარგიო და ავად ხდებაო. თან კი არ გვთხოვეს, გვართმევდნენ ფულს, მე ჩემს კლასელებს სულ ვაძლევ ხოლმე ფულს, როცა ბუფეტში აკლდებათ, მაგრამ ეგენი ბოროტები არიან. მე კიდევ ბულკის ყიდვა ვერ მოვასწარი, მაგათ გამო.- როცა გავიაზრე, რომ იმ დღეს ჩემი საყვარელი ფუნთუშის გარეშე დავრჩი, ბრაზი გულისაჩუყებამ შეცვალა, თვალები ამიწყლიანდა და ტუჩი სატირლად დამებრიცა. უცნობს გაეღიმა.
-მეორე დასვენებაზე რომ ჩახვიდე?
-არა, მერე აღარ იქნება. მერე მარტო „ენა“ ექნება დარჩენილი მაყვალა ბებოს, მე კიდევ მეზიზღება ეგ.-ვუპასუხე ტუჩებგაბუშტულმა და მუშტით მოვიწმინდა აწყლიანებული თვალი.
-რა ექნება დარჩენილი?-მკითხა გაოცებულმა.
-ენა.
-რა ენა კაცო?- აშკარად დაიბნა.
-აი ენა არ იცი? ესეთი გრძელია , ხრაშუნა პურივითაა და ზედ შაქარი აყრია, სულ იფხვნება და რომ ჭამ სულ ისვრები, მაგიტომაც მეზიზღება.-სულ დამავიწყდა ჩემი სასოწარკვეთა, ისე ვუხსნიდი უცნობს, ჩვენი ბუფეტის ერთ-ერთ მთავარ დელიკატესს.
-აჰ.. გასაგებია. ამის მერე მეცოდინება. -გაეცინა მას და თავი გვერდზე გადმოხარა. -ანუ დღეს ფუნთუშის გარეშე დარჩი?-მკითხა დანანებით.
-აუუ... ჩემი ბულკი ..-ამოვიოხრე მე და ამასობაში ზარის ხმაც გაისმა, რასაც მასწავლებლის შემოსვლა მოჰყვა.
-უი, გიო, რა ხდება? -მიმართა უცნობს შემოსვლისთანავე.
-არაფერი მას, რაღაც უნდა მეკითხა, მაგრამ მერე იყოს. -უპასუხა მან და დაემშვიდობა. მერე მე მომიბრუნდა მზრუნველად გამიღიმა და ნელი ნაბიჯებით ოთახიდან გავიდა.
მთელი გაკვეთილი მოწყენილი ვიჯექი, ადვილი არ იყო, ჩემს ბულკზე უარის თქმა. ფიქრებში გართულმა ვერც გავიგე, როდის შემოუაღო უცნობმა ოთახის კარი.
-გიო, ისევ შენ ხარ? -მიმართა მასწავლებელმა კარში თავშემოყოფილს.
-დიახ მას. ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ, ეს ბავშვი რომ გამოუშვათ ერთი წუთით შეიძლება? -მიუთითა ჩემზე.
-კი რა პრობლემაა. -უპასუხა მასწავლებელმა და თვითონ გაკვეთილის ახსნა განაგრძო. მე კი გაკვირვებული წავედი უცნობისკენ, რომელსაც როგორც აღმოჩნდა გიორგი ერქვა.
-აი ეს შენ.- გამომიწოდა შავი პარკი, როგორც კი გარეთ გავედი. -მე თავიდან პარკს არ ვართმევდი, უბრალოდ ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, რა გამეკეთებინა. -მიდი, მიდი, ნუ გერიდება.- მითხრა უცნობმა და პარკი ხელებში მომაჩეჩა. მე ნელა გავხსენი ის და შიგნით დიდი ფუნთუშა იდო, მაგრამ ჩვენი ბუფეტისას ნამდვილად არ ჰგავდა, ისეთ სასიამოვნო სურელს აფრქვევდა, მუცელმა გამიჭრიალა, რაზეც უცნობს გულიანად გაეცინა. ფუნთუშა პარკიდან ამოვიღე. თბილი და რბილი იყო.
-ეს ჩვენი ბუფეტიდან არაა!-ვთქვი დაზუსტებით, ისე რომ ფუნთუშისთვის თვალი არ მომიშორებია.
-მართალი ხარ, სხვაგან გიყიდე.-მითხრა მან და ცალ ხელში ჩაბღუჯული პარკი გამომართვა.
-რატომ მიყიდე?-ვკითხე გაოცებულმა,
-სიმამაცისთვის. ჩათვალე ჯილდოა.-ღიმილს არ წყვეტდა ის.
-ვერ გამოგართმევ.-ვუთხარი გულდაწყვეტილმა და ფუნთუშა უკან გავუწოდე.
-რატომ?-აშკარად არ ელოდა, ჩემგან ასეთ პასუხს.
-ბულკით რომ შევიდე მასწავლებელი გამიბრაზდება და სხვა ბავშვებიც ცოდოები არიან, რომ არ შეხვდათ.-ამოვიბურტყუნე მე და თან საოცებო ფუნთუშას თვალს ვერ ვწყვეტდი.
-აქვე შეჭამე და ისე შედი. -გადაწყვიტა უცებ.
-მერე სხვა ბავშვებს რომ არ შეხვდათ?
-ისინი ენას შეჭამენ.-მიპასუხა სიცილით და ფუნთუშა უკან გამომიწოდა. მე ფუნთუშა გამოვართვი და შუაზე გავყავი.
-აი ეს შენ. -გავუწოდე ფუნთუშის ნაჭერი ჩემი ბუთქუჩა თითებით და პირველად გავუღიმე.
-არა, შენ გიყიდე, მე არ მინდა.-გაეღიმა უცნობს.
-არა, მე მინდა რომ გამომართვა, ჯილდოა.-ვუთხარი მე და ამჯერად მე გავუღიმე.
-ჯილდო რისთვის?-მკითხა ღიმილით და ფუნთუშა გამომართვა.
-იმ ბოროტი ბიჭებისგან რომ დამიცავი.
-არ არიან ბოროტები, უბრალოდ ვერ ხვდებიან, რა არის სწორი და რა არა.- მე ვერაფერი ვერ გავიგე, ჩემთვის ყველა ბოროტი იყო ვინც ფუნთუშის ფულს წამართმევდა.
-რა გემრიელია..-ვთქვი აღფრთოვანებით, როცა პირველი ლუკმა მოვკბიჩე.
-მართლა? აბა გავსინჯო.-თქვა მან და ფუნთუშას შეექცა. -დიდი მადლობა, მართლა გემრიელია.
-მადლობა შენ, შენი ნაყიდია.
-ძალიან შეგეშინდა?-მკითხა რამდენიმე წამი შემდეგ სერიოუზული სახით.
-რისი?
-იმ ბიჭების.
-არა კაცო, რატომ უნდა შემშინდებოდა, რას მიზამდნენ. მე იმის შემეშინდა, ბულკი რომ აღარ შემხვდებოდა.-ვუპასუხე პირგამოტენილმა და ფუნთუშის ბოლო ლუკმაც დავაგემოვნე.
-სხვა დროს, მსგავს სიტუაციაში რომ ჩავარდე, კარგი იქნება თუ შეგეშინდება.- შეიძლება სხვა დროს ვერ დაგეხმარონ და ცუდი შედეგი მიიღო.
-არაფერიც, მე მშიშარა არ ვარ, არავის არაფერს ვუშავებ, მაგრამ თუ თვითონ მაბრაზებენ მეც არ შემეშინდება.-ვუთხარი ამაყად.
-მათე ბიჭო. -გაეცინა უცნობს და თმა პატარა ბავშვივით ამიწეწა. არა, მაშინ ვიყავი კიდეც ბავშვი.
-ვინა? ეგ ვინაა?- ვკითხე გაკვირვებულმა.
-არავინ, რომ გაიზრდები გაიგებ. გავიქეცი ახლა, თორემ ძალიან დავაგვიანე. მაგრამ სანამ წავიდოდე, შემპირდი, რომ სხვა დროს ფრთხილად იქნები.
-გპირდები.-ვუთხარი დაუსრულებლად და კიდევ ერთხელ მივუშვირე თავი დიდ ხელს, რომელმაც ისევ ამიბურდა თმა.
-დროებით აბა..-მომაძახა უკვე კიბიდან და სწრაფად დაეშვა პირველ სართულზე.
ეგ იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა პირობა დავარღვიე. პრინციპში, მაშინ ვერც გავიაზრე, რას გულისხმობდა სიფრთხილეში. ყოველკვირა მუხლებგადატყავებული დავდიოდი, მუდვმივად ვცდილობდი, რომ ვიღაც დამეცვა და რაც მთავარია, არასდროს არაფრის მეშინოდა. ახლა ვხვდები, რომ ქვეცნობიერად, ისევ მქონდა იმედი, რომ ის დამიცავდა, მაგრამ იმის მერე აღარც გვილაპარაკია. მეც მალე დამავიწყდა თავს გადამხდარი და ალბათ იმასაც, დავდიოდით სკოლაში, მაგრამ ზედ არ ვუყურებდით ერთმანეთ. არა, განა იმიტომ, რომ თვალს ვარიდებდით. უბრალოდ ის ჩემზე ბევრად უფროსი იყო და სკოლაში მესამე კლასელს და უფროსკლასელს თავიანთი ცხოვრება აქვთ....
მაგრამ როგორც დასაწყისში ავღნიშნე, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე...
..........

-რა იქნება, რომ არავინ შემხვდეს და ისე მოვახერხო სკოლაში შეპარვა?!-ვფიქრობდი ჩემთვის და მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებით მივიწევდი ჩემი კაბინეტისკენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც აქ გამიმართლა, პირველიდან მეხუთე სართულამდე სულ ცოტა 30 ადამიანი შემხვდა და არც ერთს არ დაეზარა კითხვის დასმა, რატომ მეცვა ცალ-ცალი ფეხსაცმელი. კიდევ კარგი, რომ ჩემი სამსახური ძაალიან მიყვარდა, თორემ სხვა დროს აუცილებლად დავფიქრებოდი, მიღირდა, თუ არა ასეთი სირცხვილის მერე, იქ გაჩერება. მეოთხე წელი მთავრდებოდა, რაც სკოლაში დავიწყე მუშაობა, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე შემომთავაზეს სკოლის ფსიქოლოგის ადგილი, მეც არ დამიყოვნებია, ბავშვების დიდი სიყვარულის გამო და ჩემი პროფესიის უკეთ შესწავლის სურვილით შევაღე ჩემი კარი და იქ შეიცვალა ჩემი სამყარო. დღემდე ვამბობ, რომ იქ კი არ ვმუშაობდი, არამედ ვცხოვრობდი, არ ვიცი ხელფასს რატომ მიხდიდნენ, დაახლოებით ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში. ენერგიას არ ვზოგავდი და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვდებდი ჩემს საქმეში, შედეგიც არ აყოვნებდა, ბავშვებისთვისაც და მშობლებისთვისაც მალევე გავხდი საყვარელი ფსიქოლოგი. მალე ერთი დაწყებითი კლასი მომაბარეს და მათ დამრიგებლად დამნიშნეს. აი მაშინ დაიწყო კიდევ ერთი გამოწვევა. კლასში 16 მოსწავლე იყო და თექვსმეტივე იმაზე მეტად ცელქი და არანორმალური, ვიდრე მე ვიყავი. ხალისი და კარგი განწყობა არასდროს მაკლდა. თუმცა, ნერვილობა და ემოციებიც არანაკლები იყო.
როგორც იქნა, მივაღწიე ჩემს კაბინეტამდე და კარი საგულდაგულოდ ჩავკეტე, რომ ჩემი ძმის მოსვლამდე აღარავინ მენახა. სავარძელში მოკალათებულმა ფიქრებს მივეცი თავი. -არა, მაინც როგორ აუშვა იმხელა ძაღლი რაა? მომინდომა ბიჭმა სირბილი.-გაბრაზებას ჯერ კიდევ არ გადაევლო ჩემთვის. ისე ვიყავი დაქანცული, ერთადერთი რაც მინდოდა, სახლში ყოფნა და ძილი იყო. -აუ, ჯანდაბა, დღეს გამოცდაც მაქვს, ათამდე ვერ მივაღწევ სახლში. -ამოვიოხრე და მაგიდაზე გროვად დაწყობილ კონსპექტებს შეშფოთებულმა გადავხედე. ეგ კიდევ ერთი სატკივარი ავიკიდე, სამსახური არ მყოფნიდა, მაგისტრატურაზე სწავლა განვიზრახე და დილით 8 საათზე სახლიდან გამოსული 10-11 -მდე ვერ ვბრუნდებოდი უკან. - აი, გამოცდა თუ ცუდად დავწერე, სულ იმ ვიგინდარას ბრალი იქნება, მოვძებნი სადაც არ უნდა იყოს და პასუხს ვაგებინებ. მეც ვიყიდი ძაღლს და ვაკბენინებ. -ვიმუქრებოდი მე და ძლივს გავიგე კარზე კაკუნის ხმა. სწრაფად წამოვდექი და კარიდან ისე გავყავი თავი, რომ ფეხები არ გამომჩენოდა.
-დილამშვიდობის ოთო.-მივესალმე სკოლის დაცვას, რომელიც ღიმილიანი სახით მომჩერებოდა. -რამ შეგაწუხა?
-დილამშვიდობის ირი, შენმა ძმამ რაღაც დაგიტოვა და დაგიბარა, რომ თვითონ ლექციაზე აგვიანდებოდა. -მითხრა მან და პარკი გამომიწოდა.
-აუ რა კარგია, დიდი მადლობა ოთო.-პარკი სწრაფად გამოვართვი და ისე რომ არც დავმშვიდობებივარ კარი მივხურე. -ოთოსო, არ გეწყინოს, ძალიან მეჩქარება რა. -დახურულ კარს მიღმა მივაძახე და პარკში ჩავყავი ხელი. მაგრამ ფეხსაცმლის ნაცვლად, ჩემი საბანკეტო, ფრიალა კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი დამხვდა, რომელიც ცალკე დადებულიც კი ჩემზე მაღალი იყო. გაოცებულმა ამოვიღე ნივთები პარკიდან და არანორმალური სურ ვილი გამიჩნდა ჩემი ძმა თმით მეთრია.
-დათოოოოოოოოოოოო.............. -ვიყვირე ხმამაღლა და სულ არ გამხსენებია, რომ სამსახურში ვიყავი. თითქოს ჩემს კივილს ელოდებოდაო, ხითხითით შემოაღო ჩემმა ძმამ კარი და გამწარებული რომ დამინახა ფრიალა კაბით ხელში, უარესად ახითხითდა.
-რა არის ბიჭო ეეს.?!-შევუღრინე მე.
-კაბა. -მიპასუხა ისე, თითქოს ვერ ვხედავდი, რა მეჭირა ხელში.
-ჰოდა, ამ კაბას ჩამოგაცვამ თავზე. -ვუყვირე მე და ერთ ნახტომში მის წინნ გავჩნდი. ის სიცილს ვერ წყვეტდა და ისე ცდილობდა ჩემ მოგერიებას, მე კი გამწარებული არ ვეშვებოდი და მისთვის კაბის თავზე ჩამოცმას ვლამობდი. სულ გავიწეწე, მაგრამ მაინც არ ვყრიდი ფარხმალს, ის იყო ზურგზე შემოვახტი და ისე განვაგრძე დაწყებული საქმე, რომ სულ დავიწყებულმა მშობელმა შემოაღო კარი, რომელიც წესით 9 ზე მყავდა დაბარებული, მისი შვილის ცუდი ყოფაქცევის განსახილველად.
-რამდენჯერმე დავაკაკუნე, მაგრამ ისეთი ყვირილის ხმა გამოდიოდა, შემეშინდა, ხომ კარგად არისთქო და შემოვედი.-მითხრა მაღალმა, თმაშევერცხლილმა კაცმა და კართან უხერხულად აიტუზა. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. დათომ ძირს ჩამომსვა და ოთახიდან გაპარვა დააპირა, მაგრამ უკნიდან ქამარში წავავლე ხელი და უკან დავაბრუნე. მან ზემოდან დამხედა და კიდევ ერთხელ ჩაიფხუკუნა, მერე კი ჩუმად მანიშნა თმაზე. ხელი სწრაფად გადავისვი და გული შემიწუხდა, ისე მქონდა აბურდული, წარმოდგენაც არ მინდოდა, როგორ გამოვიყურებოდი, იმ კაცის თვალში, რომელიც შვილის ცუდი ქცევის გამო დასატუქსად მყავდა დაბარებული. -შენ ვის რა უნდა ასწავლო, შე უბედურო. -ვფიქრობდი და მერჩივნა გავმქრალიყავი საერთოდ.
-უკაცრავად, ასეთი სანახაობის მომსწრე რომ გახდით. ეს ჩემი ძმაა, არ იფიქროთ, მართლა ვჩხუბობდით, ასე ვხუმრობთ ხოლმე.-ღმერთო, გამაჩუმე მაინც, რა სისულელეებს მალაპარაკებ. ვფიქრობდი სასოწარკვეთილი და სისულელეს სისულელეზე ვახეთქებდი. ცოტახანს სერიოზულად მიყურა სტუმარმა, მაგრამ ბოლოს თავი ვერ შეიკავა და გულიანად გაიცინა.
-ბოდიშს გიხდით, თავი ვეღარ შევიკავე. მე და ჩემი დაც ზუსტად ასე ვჩხუბობდით ხოლმე და ის გამახსენდა.-გვითხრა მან, ნაბიჯი დათოსკენ გადადგა და ხელი ჩამოართვა.-ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
-ჩემთვისაც.-გაუღიმა ჩემმა ძმამ, მერე კი თავით მანიშნა გარეთ გამოდიო.
-ერთ წუთს დაგტოვებთ თქვენი ნებართვით, ცოტას მოვწესრიგდები და დაგიბრუნდებით.-ვუთხარი მე და მორიდებულად გავუღიმე.
-დიახ, რა პრობლემაა. -მამაკაცს თავი დავუკარი და ოთახიდან გავიპარე.
-რა გინდა.-შევუღრინე ჩემს ძმას.
-აჰა, მართლა ხო არ გაგამაიმუნებდი.-მითხრა ხითხით და პარკი გამომიწოდა, რომ ჩავიხედე, შავი კედის წყვილი იყო.
-აუ, რა მასხარა ხარ რა.. აბა ოთომ მითხრა ლექციაზე წავიდაო?!
-არა, მე ვთხოვე ეგრე ეთქვა, აქ გელოდებოდი და კივილი რომ გავიგე შემოვედი კიდეც.
-მაგაზე სახლში მოგთხოვ პასუხს, გაქრი ახლა აქედან. - გავუცინე მე საპირფარეშოში შევედი, რამდენიმე წამში კი მოწესრიგებული უკან დავბრუნდი.
მშობელთან საუბარი საკმაოდ სასიამოვნოდ წარიმართა. გულმოდგინებით მისმენდა და ჩემს რჩევებს პატარა ბლოკნოტში ინიშნავდა. ამასობაში ზარის ხმაც გაისმა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ გაკვეთი დამთავრდა და ჩემს არანორმალურ ბავშვებთან უნდა წავსულიყავი, რომ სულ მინიმუმ-სკოლისთვის ხანძარი არ გაეჩინათ. მშობელს დავემშვიდობე და სწრაფი ნაბიჯით დავიძარი საკლასო ოთახისკენ,მაგრამ უცებ ფეხებში რაღაც ამებლანდა და სანამ რამეს გავიაზრებდი, იატაკზე გავიშხლართე. გონზე მოსულმა ჩემს ფეხებთან გაღიმებულ ანდრიას მოვკარი თვალი.
-მას, მიყვარხართ მას..-ტრადიციული მლიქვნელური ღიმილით მითხრა და ჩემთან ჩახუტება სცადა.
-დროზე ახლა კლასში შემასწარი და ბავშვები გააფრთხილე, რომ მოვდივარ. -ვუთხარი ძლივსშეკავებული სიცილით და როგორც იქნა წამოვდექი. ანდრიამ ისე, რომ პასუხი არ გამცა კლასისკენ მოკურცხლა და კარი მთელი ძალით მოაჯახუნა. -გამაგიჟებს ეს მე.-გავიფიქრე და თავი გავაქნიე.
-ბავშვებოოო... მასწავლებელი მოდიიის....-მესმოდა კარს მიღმა ანდრიას კივილი და რამდენიმე წამში უკვე ყველა ერთად ყაყანებდა. -ირინა მოდის, ვერ გაიგეთ? დაჯექი დროზე? მასწავლებელს ეწყინება, დაჯექი დროზე, არ გახსოვს გუშინაც როგორ ეწყინა ზუკასთან რომ იჩხუბე? დღეს კარგად მოიქეცი, რომ გაახარო. -მე კარს მიღმა ვიდექი, რამდენიმე წუთი ველოდებოდი, სანამ მოწესრიგდებოდნენ და თან სიამოვნებისგან ვიღვენთებოდი, როცა მათგან ასეთ მზრუნველობას ვგრძნობდი. რამდენიმე წამი კიდევ დავაყოვნე და როცა კლასში სრული სიჩუმე ჩამოვარდა, მეც შევედი.
-დილამშვიდობის, ირი, მასს.... -მომცვივდა 16 -ვე ერთად და ჩამეხუტა.
-მოიცა, რას აკეთებთ, გავიგუდე.-ვითომ სერიოზული სახე მივიღე, რამდენიმე წამი გაჩერდნენ, მაგრამ როგორც კი ანდრიამ ჩემი შეპარული ღიმილი დაინახა, ბავშვებს მიმართა.
-ეცინება ბავშვებო, ყველა ერთად ვეხუტებიით.-ამის თქმა იყო და 16 ჭინკა მთელი ძალით მებღაუჭებოდა. დამთვრდა იქ ჩემი ცუდი განწყობა.. დავიმუხტე ენერგიით.
-ირი, მას, ნახეთ რა მოგიტანეთ.-მითხრა ზუკამ და ორი ცალი მარილიანი ჩხირი გამომიწოდა.
-აუ, რა საყვარელი ხარ ზუკი. დიდი მადლობა. -მე ზუკას ჩავეხუტე და მერე ყველას ადგილების დაკავებისკენ მოვუწოდე.
-ბავშვებო, ხომ გაქხსოვთ, ხვალ დილით ექსპედიციის იმიტაციას გავაკეთებთ, უნივერსიტეტს ვესტუმრებით, სადაც გვასწავლიან, როგორ ტარდება ექსპედიცია, როგორც მითხრეს, რაღაც ნივთები იქნება ქვიშაში ჩამალული და თქვენ გათხრების საშუალებით უნდა მიაგნოთ.
-ირიი...-შემაწყვეტინა ანდრიამ საუბარი და ტუჩები ისე მომუწა, ვიცოდი, მაიმუნობის ხასიათზე იყო და ბავშვების აყოლიებასაც შეეცდებოდა.
-რა იყო ანდრი?-ვუპასუხე მშვიდად.
-ირი, სუპი სუნთქავს? -მე ფარხმალი დავყარე, ანდრიას კითხვამ ისე დამაბნია, სანამ სათქმელს თავს მოვუყრიდი, თამარმა უპასუხა.
-რა სულელი ხარ, აბა შენ არ ისუნთქო, მოგეწონება?!-მთელ კლასში სიცილი ატყდა, მეც ვეღარ შევიკავე თავი და გულიანად ავკისკისდი.
-რაა მაას?! მართლა სუნთქავს მას, გუშინ ძიაჩემმა სუპი დამისხა და ბუყბუყებდა, ისეთი ხმა ქონდა, მამას რომ სძინავს და ხვრინავს ხოლმე.-ღმერთოო.. როგორ გინდა ასეთ დროს თავი ხელში აიყვანო და არ გაგეცინოს.
-ანდრია, დაჯექი თუ შეიძლება. სუპი იმიტომ თუხთუხებდა, რომ დუღდა და ალბათ, დუღილის პროცესშივე გადმოგიღეს თეფშზე.
-მას, ანუ მამაჩემიც დუღს და მაგიტომ ხვრინავს ხოლმე?-მკითხა სერიოზული სახით და აქ მართლა ვეღარ შევიკავე თავი, გულიანად ვიცინეთ მეც და ბავშვებმაც, მაგრამ კომეტარი არ გამიკეთებია.
-ანუ შევთანხმდით ბავშვებო ხომ? გამოსაცვლელი მაისურები წამოიღეთ, შეიძლება დაისვაროთ და მშობლები ყველამ გააფრთხილეთ. -მე ჩემს საუბარს განვაგრძნობდი, მაგრამ ანდრიამ კიდევ შემაწყვეტინა.
-ირიი... მაას... -ისევ ისეთი ეშმაკური სახით მიყურებდა, ვიცოდი, კიდევ ააყაყანებდა მთელ კლასს და სანამ დაიწყებდა იქამდე შევაჩერე.
-ვაიმე ანდრია გაჩუმდი, თორემ ხვალ იმ გათხრებზე შენი პოვნა მოუწევთ ბავშებს.- ამჯერად ჩემმა ნათქვამმა გამოიწვია აჟიოტაჟი და იმდენი იცინეს, ზოგი იატაკზე გაწვა მუცელზე ხელებმიჭერილი, ზოგს კი ცრემლები სდიოდა.

ის დღე როგორ იქნა დასასრულს უახლოვდებოდა. საბედნიეროდ, გამოცდაც კარგად დავწერე და უნივერსიტეტიდან ღამის 10 საათზე გამოვედი. წყნარად მივუყვებოდი ჩაბნელებულ ქუჩას გაჩერებამდე, როცა რამდენიმე მეტრის მოშორებით ჩაბნელებულ კუთხეში ორი კაცის ლანდი დავინახე. არასდროს შემშინებია იმ ქუჩაზე გავლის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ საშიშად გამოიყურებოდა და ყველამ იცოდა, რომ ნორკომანების თავშეყრის ადგილი იყო ის კუთხე, ამაზე მეტყველებდა დილაობით ნანახი აუარებელი შპრიცები. მე ამ ტერიტორიაზე არავინ შემხვედრია, ისეთი ვინც შიშს გამოიწვევდა ჩემში.
მაგრამ იმ ღამით შემეშინდა, ძალიან შემეშინდა. შევეცადე, სწრაფად ამევლო მათთვის გვერდი, ის იყო, ორი ნაბიჯით ჩამოვშორდი კიდეც, რომ ერთ-ერთის ხმა გავიგე.
-რომელი საათია?-მე უკან არ მივბრუნებულვარ, ისე გავარძელე სიარული, თუმცა გული ცუდს მიგრძნობდა. არც შევმცდარვარ.
-შენ გოგო, რაღაცას რომ გეკითხებიან, არ იცი, რომ პასუხი უნდა გასცე?-მკლავში ჩამაფრინდა ერთ-ერთი და წინ გადამიდგა. მე მკლავი ძალით გამოვგლიჯე ხელიდან და უკან მივიხედე, ვფიქრობდი უკან უნივერსიტეტამდე მივირბენდი, მაგრამ უკან მეორე დამხვდა.
-მისმინე, არ გინდა შენი საფულე გვაჩუქო?
-რატომ, სიგარეტისთვის ფული გაკლდება?-ვკითხე სარკასტულად და ვიგრძენი, როგორ მომეხსნა შიშის გრძნობა. სკოლის ამბავი გამახსენდა მომენტალურად და ქვეცნობიერმა ისევ გამომიგზავნა იმედის იმპულსი, რომ „ის“ დამიცავდა... თუმცა ვინ „ის“, რეალურად არც მახსოვდა.
-ვერ გავიგე?-მკითხა დაბნეულმა ჩემ წინ მდგომმა.
-რა ვერ გაიგე? საფულე რატომ უნდა მოგცე, სიგარეტი გინდა და ფული არ გაქვს საკმარისითქო? -ვუპასუხე ზიზღნარევი კილოთი.
-სიგარეტი არა, რაღაც უფრო ძლიერი და ძვირიანი.-ამჯერად ჩემ უკან მდგომმა ამოიღო ხმა.
-უი, უკაცრავად, როგორ ვერ მივხვდი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საფულეში ქეში ნამდვილად არ მაქვს, სულ ორი ლარი მაქვს, რომელიც მეტროსთვის მჭირდება და ვერ მოგვვემთ, რადგან არ მინდა ღამე ქუჩაში გავატარო. მეორე ვაარიანტია-ბარათი. მაგრამ მანდაც არ გაგიმართლათ, ორი გზაა. ან მე გადავალ მოპირდაპირე ქუჩაზე, მივალ ბანკომატთან, ფულს გამოვიტან, მერე უკან დავბრუნდები და თქვენ ჩაგაბარებთ ჩემს სიმწრით მოპოვებულ ხელფასს. რაც სამივემ კარგად ვიცით, რომ არ მოხდება, რადგან რამდენიმე ნაბიჯითაც კი თუ მოგშორდებით, ან პატრულს დავურეკავ, ან გავიქცევი და მეორე ვარიანტი-თქვენც გამომყვეთ ბანკომატთან, რომ გამორიცხოთ ჩემი გაქცევის, ან პატრულთან დარეკვის შანსი, გამოვიტანო ფული მოგცეთ და თქვენ გაიქცეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დაახლოებით 10 ნაბიჯის მოშორებით უკვე ყველგან ანთია ლამპიონი და ყოველ ნახევარ მეტრში კამერაა, მათ შორის თავად ბანკომატზეც. მე რათქმა უნდა , მაშინვე დავრეკავ პატრულში მოვუყვები მომხდარის შესახებ და სამწუხაროდ, იურისპრუდენციაში ვერ ვერკვევი კარგად, მაგრამ ყაჩაღობაზე და ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებაზე წაგიყენებენ ბრალს, მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდეთ თქვენ მოსაძებნად. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, რომელი ვარიანტი გირჩევნიათ და ისე მოვიქცეთ. -ჩამოვურაკრაკე ღიმილით და პასუხის მოლოდინში ხელები გადავიჯვარედინე. ორივე გაოცებული მიყურებდა, აშკარა იყო, რომ ნახევარზე მეტი ვერ გაიაზრეს ჩემი ნათქვამიდან.
-აუ კაიფიდან გამომიყვანა ტოო.. რამდენს ბაზრობს.-თქვა ჩემ უკან მდგომმა და საფეთქლებზე მიიჭირა ორივე ხელი.
-მე მესამე ვარიანტიც მაქვს.-მითხრა ჩემ წინ მდგომმა და ცხვირწინ დანა გააჩინა. -აი, მაშინ ნადმვილად შემეშინდა, პირველაც ჩემს ცხოვრებაში -ძალიან შემეშინდა. ქვეცნობიერიც კი დადუმდა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში იმპულსებს აგზავნიდა ჩემს ტვინში, რომ „ის“ ყოვეთვის დამიცავდა... მაგრამ ვინ იყო ის? და რატომ მყავდა ასე ძალიან თავში ჩაბეჭდილი. წამიერად საღად აზროვნების უნარი დავკარგე და პანიკამ მომიცვა. რაც უფრო მეტად ვაძალებდი თავს კონცენტრირებას და გამოსავლის პოვნას, მით უფრო მერეოდა თავგზა. მაგრამ ბურუსიდან ნაცნობმა ხმამ გამომიყვანა.
-გახსოვს, ადრე შემპირდი, რომ ფრთხილად იქნებოდი, პირობა კი აუცილებლად უნდა შეასრულო. -მომიახლოვდა უცნობი, მაგრამ უკვე ნაცნობი, ხელი მაჯაში მომკიდა და თავის ზურგს უკან დამიყენა. ისე დაცულად, ისე მყუდროდ არასდროს მიგრძვნია თავი.
-ისევ შენ?!-აღმომხდა ხრინწიანი ხმა და ადგილზე მივიყინე.
-ისევ მე!-მიპასუხა მშვიდად, ისე რომ ჩემკენ არც შემობრუნებულა. “bleu de chanel”-ის საოცარმა სურნელმა კი, რომელიც ჰარმონიულად ერწყმოდა გაზაფხულის ღამის გრილ სურნელს , თავბრუ დამახვია და ისევ მომწყვიტა რეალობას...



№1  offline წევრი თიკოია

ძალიან მაგარიაა მომწოონს იმედია მალე დადებ მომდევნო თაავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ვაჟა

საუკეთესოა! მოუთმენლად ველოდები მე 3 თავს????????❤

 


№3  offline წევრი Margo Tokyo

ძალიან მომწონს.
ცოტა პატარა თავებია, მაგრამ ისტორია უდავოდ სახალისო და საინტერესოა.
მაინტერესებს გაგრძელება. გელოდებიიი heart_eyes

 


№4  offline წევრი ლაქლაქა

რა სისაყვარლეა ჩემი დედამიწა????

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო იყო საიდან ამდენი გამბედაობა ამ გოგოს კიდევ უცნობის იმედი აქვს მადლობააა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent