შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 2


11-01-2021, 00:37
ავტორი ემილიანე
ნანახია 1 613

დამთხვევების მჯერა. ერთ წამს და ერთ მომენტს შეუძლია უბრალო დამთხვევა გამოიწვიოს, რასაც ადამიანები ხშირად ბედისწერას აწერენ ხოლმე. თუმცა, ასეთი დამთხვევის პრეცედენტი მე ჯერ ცხოვრებაში არ მქონია. ვერ ვიაზრებდი, რომ სულ რამდენიმე წუთის უკან საკუთარ ლექტორს განზრახ ფეხი დავაბიჯე და გამარჯვებულის ღიმილით გავეცალე. (ვერ უარვყოფ, არ ვნანობ. დაიმსახურა და საკადრისი პასუხიც მიიღო).
ვერ ვხვდები, ასეთი უტაქტო როგორ უნდა იყო. იმას კი კარგად მიხვდა, რომ "პინგვინი" ვიყავი და რომ დამხმარებოდა, ორსიტყვიანი პასუხი მოეცა, რა მოუვიდოდა? ვერ ვიტყვი, რომ თავად ვარ ჰუმანურობის განსახიერება, მაგრამ ეს ზედმეტი იყო, ძალიან ზედმეტი! უხეში!
მინდოდა აუდიტორიიდან უბრალოდ ავორთქლებულიყავი. თუმცა, ეს შეუძლებელი იყო. ემილიანე, უნდა გაუძლო. სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს. სხვა არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, პირდაპირ საქმეზე გადავიდა და სამოქალაქო სამართალზე დაიწყო საუბარი. ცოტათი ამოვისუნთქე. ჩემი დაბნეული სახის დანახვისას, მიხვდებოდა რომ არ ვიცოდი ლექტორი თუ იყო. საკადრის პასუხს მაინც გავცემდი, რომც მცოდნოდა, უბრალოდ მეტ ტაქტს გამოვიჩენდი.
მაქსიმალურად ვეცადე, გონება მომეკრიბა და არც ერთი სიტყვა არ გამომრჩენოდა რასაც ამბობდა. ძალიან კატეგორიული საუბარი ჰქონდა, თავისი "ქცევის კოდექსი" გაგვაცნო,სადაც 1-ლი მუხლის საპატიო წოდებას შემდეგი იკავებდა :
" გაფრთხილებთ, ვერ ვიტან დაგვიანებას. 1 წუთითაც რომ დაგაგვიანდეთ, უბრალოდ აღარც დააკაკუნოთ" - იქნებ გზაში რა დამემართა? ზუსტად ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და თავად გაუღო.
- შეიძლება შემოვიდე? - მორიდებით იკითხა ერთმა სიფრიფანა გოგონამ.
- არა. სხვა დროს აღარ დაიგვიანო-მიახალა და კარი მიუხურა. გავცეცხლდი. პირველივე დღეს შეიძლება ასე მოექცე სტუდენტს? სახეზე კმაყოფილება გადაეფინა, იმის დასტურად რომ ვიბლიანთან ნორმებს, ნამდვილად თავისი სანქციებიც მოჰყვება. ამაში ნამდვილად პირველივე წუთებში დაგვარწმუნა.
- დავიჯერო, ასეთი რთულია აუდიტორიის მოგნება? - რიტორიკულად იკითხა და მე გადმომხედა. იმ გოგონასაც და მეც "გვიკბინა" და კიდევ ერთხელ კმაყოფილების ღიმილმა გადაჰკრა სახეზე.
თავისი უაზრო კანონები გაგვაცნო. რომ არ უნდა დავიგვიანოთ, ლექციაზე არავითარ შემთხვევაში არ გადავულაპარაკოთ ერთმანეთს, არავითარი ტექნიკა არ გამოვიყენოთ, სემესტრში მხოლოდ 3 გაცდენის უფლება მოგვცა და ა. შ. უბრალოდ, ვეება ჩამონათვალია.
შემდეგ კი თავის საგანზე საუბარი დაიწყო. უცბად კი ჩემი სახელი გაისმა.
- ემილიანე, შეგიძლიათ მითხრათ თქვენი აზრი, რას ემსახურება სამოქალაქო სამართალი? - ჩემი სახელი საიდან იცოდა? ნუთუ იმიტომ დაიგვიანა რომ სიაში მოვეძებნე და უკვე ჩემი გაგდების მზაკვრულ გეგმას სახავდა? თავში ათასმა ფიქრმა გამიელვა, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე და გონებაში პასუხი დავალაგე. სამოქალაქო სამართალს სკოლაშიც ვსწავლობდი და მადლობა ღმერთს ზუსტად კოდექსის ენაზე მახსოვდა პასუხი.
- სამოქალაქო სამართალი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. - ნიშნისმოგებით ვუპასუხე. სახეზე მეწერა როგორ კმაყოფილებას ვგრძნობდი, იმის გამო რომ ზუსტი პასუხი გავეცი. - რაც იმას ნიშნავს, რომ თანასწორობას დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენი ქმედება არც მორალურად და არც სამართლებრივად სწორი არ არის. თუ ლექტორი ობიექტური მიზეზების გამო იგვიანებს, ასეთივე ობიექტური მიზეზი შეიძლება სტუდენტსაც ჰქონდეს და სრულიად ლოგიკურია გონივრული დროით დაგვიანებული სტუდენტი ლექციაზე დაუშვათ. - დავამატე ამაყად. არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა, თუმცა თუნდაც ლექციიდან გავეგდე, მიღირდა. ამ კაცისგან ყველაფერს მოველოდი, მაგრამ არა იმას რაც გააკეთა. ნირი წაუხდა, როცა ჩემი პასუხი მოისმინა,თავი ძლივს შესამჩნევად დააქნია და ცივი თვალებით ქვევიდან ამომხედა. აუდიტორიის კარი გააღო და გარეთ გაიხედა.
- შეგიძლია შემოხვიდე. - თქვა და მასთან ერთად ის სიფრიფანა გოგონაც შემოვიდა, რომელსაც ლექტორის უხეშმა პასუხმა არც წინ და არც უკან წასვლის საშუალება აღარ მისცა და იქვე კედელთან ატუზულიყო. სასწრაფოდ დაჯდა შემხვედრ თავისუფალ სკამზე და გაიტრუნა.
- ეს იქნება პირველი და ბოლო შემთხვევა, როცა დაგვიანებული სტუდენტი ლექციაზე დავუშვი. კარგად დაიმახსოვრეთ, ასეთ ფაქტს მეტჯერ ადგილი არ ექნება. - გავიმარჯვე. გაჯობე ვიბლიანო. ხომ მაინც დაგავიწყებინე ეგ შენი ქედმაღლობა, თუნდაც წამიერად? ძალიან ამაყი ვიყავი საკუთარი თავით. ბატონს კი კიდევ ერთი მიზეზი მიეცა ჩემს შესაძულებლად.
- შენ კი, ამისთვის ემილიანეს გადაუხადე მადლობა - მიმართა სიფრიფანა გოგონას. მეტჯერ იმ ლექციაზე აღარ შევუწუხებივარ. შიგადაშიგ გამჭოლ მზერა მესროდა ხოლმე. ისაუბრა და სამეცადინოც მოგვცა. გასვლისას არ მინდოდა პირდაპირ თვალში გავჩხეროდი, ამიტომ შეუმჩნევლად გავედი აუდიტორიიდან. კიდევ ერთი ლექცია მქონდა. აუდიტორია ამჯერად მარტივად ვიპოვნე, ისევ უკანა რიგს მივაშურე. დავინახე, ის სიფრიფანა გოგონა ჩემსკენ რომ მოდიოდა და გვერდით დამიჯდა. ღმერთო, ამ გოგოს სახელი უნდა გავიგო, რამდენჯერ მოვიხსენიე "სიფრიფანა გოგონათი?"
- ემილიანე შენ ხარ ხომ? - მომმართა ღიმილით. დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე.
- როგორც სხვებისგან გავიგე შენ დამიცავი და მადლობა ამისთვის.
- არაფერია, ყველა ასე მოიქცეოდა.
- არა, ამხელა გამბედაობას ყველა ვერ გამოიჩენდა.
- ეგ რა არის, უარესიც გამოვიჩინე - ჩავილაპარაკე და ჩამეცინა.
- რას გულისხმობ? - ჩამეძია.
- მოდი შენზე მესაუბრე. რა გქვია?
- თაკო
- სასიამოვნოა, თაკო. პირველი ხარ ვისი სახელიც გავიგე ამ კურსზე.
- მგონია რომ გავუგებთ ერთმანეთს. - გამიცინა. მეც პასუხად ხელები ცაში აღვაპყრე, რაშიც პირდაპირ იმას ვგულისხმობდი ღმერთმა იცის-მეთქი. მარტივად არავის ვუახლოვდები. ერთადერთი ახლო მეგობარი ვინც მყავს, ეს მარიამია. 4 წელია რაც ამ ბინაში ქირით ვცხოვრობთ და ჩემი კარის მეზობელია. თავიდან დიდად არ მოგვწონდა ერთმანეთი, მაგრამ ახლა ძალიან მიყვარს და ყველაზე მეტი მან იცის ჩემზე. ლექტორიც შემოვიდა და გაგვეცნო. სასიამოვნო, შუა ხნის ქალი იყო, წინასგან განსხვავებით, რომელსაც უკვე ჩემს გონებაში მინიმუმ ასი სალანძღავი ეპითეტი მოვუფიქრე. ლექციაზე ყურადღებით ვიყავი და მთელი გულით ვუსმენდი. როგორც კი დამთავრდა, სახლში წამოსვლას ვაპირებდი. მეტი ლექცია აღარ გვქონდა. არც დარჩენას და ბავშვებთან ერთად საუბარს ვაპირებდი. დროზე მინდოდა გავცლოდი აქაურობას. თაკო გამომყვა, არ გინდა გავისეირნოთ სადმე ყავა დავლიოთო. წამით ვინანე კიდეც მგონი ეს გოგო, რომ "ვიხსენი".
- თაკო, სხვა დროს იყოს. დღეს დავიღალე.-მწუხარების გამოსახატად ტუჩები მოკუმა და საწყალი სახე მიიღო. თაკო, ემილიანე ასეთ რამეებზე არ ლბება, უკაცრავად. დავემშვიდობე და წამოვედი. არავისთან საუბარი არ მინდოდა. ზოგადად, საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ. ის რომ ბევრთან არ ვდაქალობ, არ ნიშნავს რომ დამეგობრება არ შემიძლია, მაგრამ განწყობა თუ არ მაქვს, ვაღიარებ ცოტა უხეშიც ვარ. მამას გარდაცვალების შემდეგ, ძალიან შემეცვალა ხასიათი. დრო მჭირდება იმისთვის, რომ ნამდვილ ემილიანეს დავუბრუნდე. ყურსასმენები გავიკეთე და გეზი მეტროს სადგურისკენ ავიღე. ფეხით გავლა ძალიან მჭირდებოდა. ზოგადად, სეირნობა ძალიან მეხმარება სტრესისგან გათავისუფლებაში. ვერ ვიტყვი, რომ იოლი პირველი დღე მქონდა. მანქანების დასაპარკინგებელ ადგილს გავუარე გვერდი, ბავშვობიდან ჩვევად მაქვს მანქანის ნომრებს ვაკვირდები და ვიმახსოვრებ. ერთგვარი გასართობია ჩემთვის და ასე მომენტალურად ნაცნობი ნომერი დავინახე.
"KI-007-NG".
ეს ხომ იმ გიჟის მანქანაა ზებრაზე, რომ ლამის მომკლა? ძალიან მინდოდა დამენახა ვინ იყო მძღოლი, მაგრამ აქ ნამდვილად ვერ დავდგებოდი და ვერ დაველოდებოდი. ვინატრე, ჩანთაში ერთი პომადა მქონოდა და როგორც ბანალურ ფილმებშია რამე მიმეწერა. თუმცა, გამოსავალი მაინც ვიპოვე. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ბლოკნოტის ფურცელი ამოვხიე და დიდი ასოებით დავწერე
"ზებრა ქვეითისაა!!" - მანქანის საქარე მინაზე დავტოვე. შეიძლება ვერც მიმხვდარიყო ვინ ვიყავი, დარწმუნებული ვარ ეგეთ საშინელ მძღოლს ყოველ გასვლაზე ემართება მსგავსი ინციდენტები, თუმცა საკუთარი ეგო დავიკმაყოფილე და გახარებული გამოვბრუნდი იქედან.
მეტროს სადგურამდე მალევე ჩავედი და სახლს მივაშურე. დედა ჯერ სკოლიდან დაბრუნებული არ იყო. საჩქაროდ ვჭამე და მარის კარზე დავაკაკუნე. დედამისმა მითხრა, რომ ჯერ სახლში არ მოსულიყო. გული დამწყდა, ეს ყველაფერი მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად მომეყოლა მისთვის. ის უკვე მესამე კურსელია. ძალიან მგავს ხასიათით და ეს მახარებს. სანამ დედა დაბრუნდებოდა, ვიფიქრე ვიბლიანის მასალას ვნახავ რამდენი მაქვს სასწავლითქო. ონლაინ ბიბლიოთეკას მივაშურე და ვნახე რომ 71 გვერდი მქონდა ჩასაბარებელი. შეტევა კინაღამ მივიღე.
"მისგან უკეთესს რას უნდა ელოდო?" - გავიფიქრე წარბშეკრულმა. გადავწყვიტე სოციალურ სივრცეში მეპოვა. მაინტერესებდა როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა ბატონი აისბერგი. ფოტოები დავათვალიერე. მხოლოდ ახლა დავაკვირდი რა სიმპათიური ყოფილა. დღეს ეგ არც კი შემიმჩნევია. მაღალი, ეტყობა რომ ნავარჯიშებიც იქნება. შავგვრემანი, მწვანე თვალებით. თუმცა ამ მიმზიდველი გარეგნობის უკან, ნამდვილი დესპოტი იმალება. ასაკიც შევამოწმე. 27 წლის ყოფილა. არადა ნაკლები მეგონა. ბოლოსდაბოლოს, მე ხომ ის სტუდენტად ჩავთვალე. საკუთარ თავზე გავბრაზდი, როგორ ვერ მივხვდი ლექტორი რომ იყო? თუმცა, რა ჩემი ბრალია? თუ რაიმე სერიალი ან ფილმი მაქვს ნანახი ყველგან შუახნის ან ასაკის ლექტორები არიან. მარისგანაც რაც მსმენია, სულ წუწუნებდა მოხუცი ლექტორები მყავსო. ჩვენ ერთი და იმავე უნივერსიტეტებში არ ვსწავლობთ, სამწუხაროდ. სულ რამდენიმე ფოტო ედო. თუმცა, ერთმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება, მანქანასთან გადაღებული იყო. ნომერს დავაკვირდი, ისევე როგორც ყოველთვის.
"KI-007-NG". ვიგრძენი როგორ გაიზარდა ჩემი გულისცემა, პულსი ამიჩქარდა,ცივმა ოფლმა დამასხა. ნუთუ? ნუთუ ის საშინელი მძღოლი ჩემი ლექტორი იყო? ღმერთო, რატომ მცდი? ის ფურცელი მაინც არ დამეტოვებინა იქ. წამში ათასი იდეა მომივიდა თავში. უკვე იმდენი დრო იყო გასული, აუცილებლად მივიდოდა მანქანასთან და ნანახიც ექნებოდა. აზრი აღარ ჰქონდა უკან გაბრუნებას და ფურცლის აღებას. სიმართლე რომ ვთქვა, რამდენიმე წუთში დავწყნარდი. ცუდი არაფერი დამიწერია. ის, რომ ზებრა ქვეითისაა უნდა იცოდეს. ამიტომ, არც მინანია. ნახოს და გაითვალისწინოს. სიჩქარეს მოუკლოს. ვერც გაიგებს ვინ დაუწერა, დაე ინტერესმა მოკლას. მასალა გადავიკითხე, ისე მსიამოვნებდა კითხვა ვერც წარმოიდგენთ. მე ხომ იმ საქმეს შევუდექი რაც ამდენი წელი მთელი გულით მინდოდა. მეცადინეობაში ისე გავერთე, ვერც გავიგე დედა როგორ მოვიდა. პირდაპირ ჩემს ოთახში შემოვიდა და პირველი დღის ამბები გამომკითხა. რომ დავფიქრდი, ვერაფერი მოვუყევი, მხოლოდ თაკო ვახსენე. ისიც შეკვეცილად.გაცნობის რეალური მიზეზი არ დამისახელებია. არ მინდოდა ენერვიულა, ამიტომ არც მომიყოლია დღევანდელი ამბები სრულად. არ მინდოდა სცოდნოდა, რომ ლექტორთან უკვე დაპირისპირება მაქვს და პირველივე დღეს შარი ავიკიდე. მისაყვედურა, თაკოსთან ერთად გაგესეირნაო. თუმცა იცის ჩემი ხასიათი. თავისი ამბებიც მომიყვა, გადაწყვიტა კერძო მოსწავლეებიც აეყვანა. აქამდე მამას ავადმყოფობის გამო დედას ამდენი დრო არ ჰქონდა, ახლა კი დამატებითი შემოსავალი ნამდვილად გვჭირდებოდა. მეც მოვუწონე გადაწყვეტილება. მეცადინეობაში ხელი აღარ შემიშალა და ოთახიდან გავიდა. ისე გავიდა მეცადინეობაში დრო, ვერც გავიგე. ამასობაში, კარზე კაკუნი გაისმა და მივხვდი მარი იქნებოდა. ქარბორბალასავით დამაცხრა და ყველაფერი წვრილად მომაყოლა. იმდენი იცინა, სულს ძლივს ითქვამდა.
- მარიამ, იცოდე შენთან დაქალობას ვწყვეტ- მარიამით მხოლოდ მაშინ მივმართავდი, როცა ვბრაზდებოდი.
- არაუშავს, მე არ ვწყვეტ. აი ვგიჟდები შენზე, რა კარგად გაეცი პასუხი. თავისი მიიღო. მაგრამ ფეხის დაბიჯების ინციდენტზე ძალიან მეცინება - თან ცრემლებს იწმენდდა.
- ნუ იცინი. - პატარა ბავშვივით გავიბუტე - იმაზე ვღელავ, არ გაიგოს ფურცელი მე რომ დავუტოვე.
- საიდან გაიგებს, კარგი რა. თანაც თუნდაც გაიგოს არასწორი დაუწერე რაიმე, თუ? - ხომ ვთქვი ჩემნაირიამეთქი? თუმცა მაინც ვღელავდი თავისებურად. ბევრი ვოჭორავეთ, თავისი ამბებიც მომიყვა და გვიან ღამით გავაცილე. კარებში გასვლისას, თვალი თვალში გამიყარა და ცივი ხმით მითხრა :
- არ გაბედო და თაკოს არ შეხვდე უნივერსიტეტის იქეთ. - ისეთი სახე მიიღო ვინმე იფიქრებდა მართლა ამბობსო.
- ეჭვიანო - სიცილით მივაძახე და კარი მივხურე. ძალიამ გაუხარდება, ვინმე ნორმალურს თუ დავუმეგობრდები, მაგრამ "წაიეჭვიანა".
მაშინვე დასაძინებლად დავწექი, წამებში გავითიშე. რთული დღე იყო, ვიცოდი აწი უარესები მელოდა.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან მაგარია,, საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია, ყოველთვის განსხვავებულია ლექტორის და სტუდენტის ურთიერთობა, მითუმეტეს თუ ის კამათით იწყება

 


№2  offline წევრი OKI ME

რა გამოლევს მაგის მსგავს ლექტორებს :დდ ვნახოთ აბა როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა :P

საინტერესო ისტორიაა ვეჭვობ განვითარებაც საინტერესო უნდა ქონდეს. ამ ვიბლიანის მანქანის ნომერი არ მომწონს :D ეს ki007ng რა მეტიჩრობაა, ამხელა ლექტორი კაცისგან :დდდ

 


№3  offline წევრი Qeti18

ყოჩაღ კარგი ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent