შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 3


12-01-2021, 02:53
ავტორი ემილიანე
ნანახია 1 514

სასიამოვნო სექტემბრის დილა გათენდა. ხუთშაბათი იყო. დილის 8-ის ნახევარი. გადმოწეულ მუქ ფარდაშიც რომ იგრძნობოდა როგორ ცდილობდნენ თბილი მზის სხივები მისწვდომოდნენ ჩემს კანს და მთელი სხეული ერთიანად გაეთბოთ. უჩვეულოდ კარგ განწყობაზე ვიყავი, დიდი ხანია ასე აღარ ვყოფილვარ.
სწრაფად გავემზადე. ზოგადად, ფანჯრის წინ ტრიალი არასდროს მხიბლავდა. მაკიაჟს მე არ ვიკეთებდი და არც გარდერობში მომეპოვებოდა დიდი არჩევანი 1 საათი რომ უაზროდ კარადის წინ ვმდგარიყავი. რა თქმა უნდა, შავებში გამოვეწყვე. სხვანაირად როგორ?
ნელა ვისაუზმე. ჩაცმისგან განსხვავებით, ეს ჩემთვის ნამდვილი რიტუალია. ჭამა ლამის ხელოვნების დონეზე მყავს აყვანილი, ეს ის პროცესია როცა სრულიად მშვიდი უნდა იყო და არსად გეჩქარებოდეს. რამდენჯერაც გინდათ, არ მიჭამია მხოლოდ იმის გამო, რომ „ჩემს გემოზე“ ვერ მოვახერხებდი და აზრი არ ჰქონდა. განა ბევრს ვჭამ? უბრალოდ რასაც ვჭამ ბოლომდე ვირგებ.
დედა ჩემზე ადრე გავიდა სახლიდან. მე პირველი ლექცია 10 საათზე მქონდა. გასვლამდე მარიმ შემომირბინა, ყავის დალევაც მოვასწარით.
- ემიკო, - მხოლოდ ის მეძახდა ასე. ერთადერთია, ვისაც ამის უფლებას ვაძლევდი. დანარჩენები თუ ოდესმე სახელს შემიმოკლებდნენ, ათასნაირი ვარიაციით, ყოველთვის შენიშვნას ვაძლევდი, სრული სახელი დამიძახეთ-მეთქი. მამამ დამარქვა. იშვიათი სახელია. ძალიან მომწონს, ყურს ლამაზად ხვდება. ისტორია კი ცოტა სასაცილოც აქვს. ჩვეულებრივი ქართული სახელებიდან, რაღაც უცხო აეწყო. დედას ნესტანი ჰქვია, მამას - ემზარი. ილია კი მამას საყვარელი სახელი იყო, ვაჟი თუ მეყოლა აუცილებლად დავარქმევო, ამბობდა. ასე აეწყო ჩემი სახელი „-ემ-ილია-ნე“. - გუშინ ისეთი „მსუყე“ ამბებით მოხვედი, არ გაპატიებ მინიმუმ იგივენაირად რომ არ დაბრუნდე. - გამაფრთხილა წინასწარ.
- უბრალოდ სიმშვიდე და წყნარ გარემოში განათლების მიღება მინდა, მარი. ყოველ დღე რომ ისეთები დამემართოს რაც გუშინ, შეიძლება საგიჟეში წასაყვანი გავხდე - გაგვეცინა ორივეს. - შენი ამბებიც არანაკლებია ქალბატონო. საჭორაო არასდროს გამოგველევა, ხომ იცი.
- ოჰ, კარგი ერთი. სერიოზული არაფერი ხდება და მაგის შორიდან წამწამების ფახფახი არაფერია - აიქნია ხელი. ერთ თავის კურსელთან აქვს ფლირტის მსგავსი და ვუმტკიცებდი ეგ ბიჭი გიჟდება შენზე-მეთქი, მაგრამ ვერ შევაგნებინე. დროთა განმავლობაში გამოჩნდება, მართალი რომ ვიყავი. - მარის უკვე ეჩქარებოდა. გავემზადეთ და მეტროს სადგურამდე ერთად მივედით. ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ და სხვადასხვა მხარეს წავედით. მე ჯერ დრო კიდევ მქონდა, მაგრამ მერჩივნა ბარემ მარისთან ერთად გავსულიყავი სახლიდან.
შინაგანად მაინც ვღელავდი, არ მინდოდა სადმე „ბატონი აისბერგი“ გადამყროდა. დარწმუნებული ვიყავი ვერასდროს გაიგებდა იმ ფურცლის ავტორი მე რომ ვიყავი, მაგრამ მაინც უსიამოვნო შეგრძნება მქონდა. 10-ის ნახევარი იყო რომ მივედი. გადავწყვიტე ეზოში დავმჯდარიყავი. ისეთი სასიამოვნო ამინდი იყო, დერეფანში ლოდინს მერჩივნა გარეთ ვყოფილიყავი.
ხატვა მიყვარს, პროფესიონალურად ვერ ვხატავ, მაგრამ ხანდახან მუზა მომდის ხოლმე. ჩემი საყვარელი ბლოკნოტი ამოვიღე და შავი კალმით ხატვა დავიწყე.
- კარგად ხატავ - იმდენად არ ველოდი, უცებ შევხტი. ავხედე და ვიღაც ქერა ბიჭი იყო. - ემილიანე ხომ? - უკითხავად მომიჯდა გვერდით. ამრეზით გავხედე.
- დაჯდომის ნება არ მომიცია.
- ემილიანე, ხომ? - ჩემმა პასუხმა გააღიზიანა და თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა. თითქოს არც გაუგია, კითხვა გაიმეორა.
- კი - უხეშად ვუპასუხე და ხატვა გავაგრძელე.
- უცხო სახელია, მგონი არც არავის ჰქვია.
- მე მქვია - გამოვცერი ცივად, ისე რომ თავი არც ამიწევია. ჯიუტად ვაგრძელებდი ხატვას.
- ეგ თავისთავად, ვიგულისხმე მეტს არავის ჰქვია-მეთქი - უპასუხოდ დავტოვე. თუმცა მან მაინც გააგრძელა - მე შენი კურსელი ვარ.
- არ მახსენდები.
- შეგიძლია თავი ასწიო და ისე მალაპარაკო?
- უფრო მნიშვნელოვანი საქმე მაქვს - თავი ისევ არ ამიწევია. როგორც გითხარით, სახეებს საშინლად ვიმახსოვრებ და არც კი მახსოვდა რომ გუშინ ერთ აუდიტორიაში ვისხედით.
- გუშინვე შეგატყვე, რომ მარტივი ხასიათი არ გქონდა, მაგრამ ასეთსაც არ ველოდი.
- შეგიძლია ადგე და წახვიდე - ისევ მშვიდად ვუპასუხე და წარბის კონტურის მოხაზვა გავაგრძელე.
- უბრალოდ, დამეგობრებას ვცდილობ. ასე თუ მოიქცევი უნივერსიტეტს ისე დაამთავრებ ერთ მეგობარსაც ვერ შეიძენ.
- შენ მაგაზე არ იდარდო .. - დავაპაუზე, სახელი არ ვიცოდი - რა გქვია?
- გიგი.
- შენ მაგაზე არ იდარდო, გაგი - რახან თავად არ დგებოდა, ავდექი და მე წამოვედი. პასუხს აღარ დავლოდებივარ.
- გიგი ! - მომაძახა შორიდან. სმენას არ ვუჩივი, უბრალოდ სახელი განზრახ შევუცვალე, წამოეგო კიდეც.
- სულ ერთია ! - მივაძახე თავის შეუტრიალებლად. ვერ ვიტან არამკითხე მოამბეებს. მხედავდა ვხატავდი, რა საჭირო იყო თავზე დადგომა და თავის მობეზრება?
კაფეტერიაში შევედი და ჩამოვჯექი. იმდენად მინდოდა ამ პატარა პორტრეტის დასრულება, ვერ შევწყვეტდი. თანაც 20 წუთი ჯერ კიდევ წინ მქონდა. უცებ ნაცნობი ხმა მომესმა.
- ორმაგი ამერიკანო, თუ შეიძლება - ავხედე და დახლთან „ბატონი აისბერგი“ იდგა. - შაქარი საერთოდ არ დაუმატოთ. - დიდი კაფეტერია იყო, მაგრამ მე თავში ვიჯექი. თმები ჩამოვიყარე და ხატვა უგულოდ გავაგრძელე, იქნებ ვერ დამინახოს-მეთქი. რაღა ახლა შემოვიდა, იმედი მქონდა თავის შემდეგ ლექციამდე ვერ ვნახავდი. თან, ყავაც როგორი მოითხოვა? თავისნაირი მწარე. თავი არ ამიწევია. არ მინდოდა შემთხვევით თვალი მოეკრა. უცებ, ღრჭიალით სკამი გამოიწია და პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა. არ ველოდი, გაოცებისგან გავშრი. თუმცა, არ მინდოდა სახეზე დამტყობოდა. მაქსიმალურად მშვიდად ავხედე.
- არა მგონია ახლა თქვენი ლექცია მქონდეს - არც ვაციე, არც ვაცხელე და პირდაპირ მივახალე. გაგიკვირდებათ და გაეღიმა.
- შენც დილა მშვიდობისა, გელოვანო. - რა გასაკვირია, ჩემი სახელი თუ გამოიძია ავტომატურად გვარიც იცის. - კარგად ხატავ - თქვა და მშვიდად მოსვა ყავა. ეს ფრაზა უკვე მეორედ მესმის, რა ჯანდაბაა? ოღონდ თქვენ შემეშვით და ჩემი ოთახის იქეთ აღარსად დავხატავ!
- გმადლობთ, ვიცი.
- ალბათ, გაგიკვირვა ჩემმა საქციელმა, მაგრამ ჩემი ყურადღება ერთმა დეტალმა მიიპყრო.
- რას გულისხმობთ? - დავიბენი. საფულიდან ოთხად გადაკეცილი ფურცელი ამოიღო, გადაშალა და წინ დამიდო. სადაც ჩემი ბლოკნოტის ფურცელი და საკუთარი კალიგრაფია ვიცანი..
„ ზებრა ქვეითისაა ! “ - ენა ჩამივარდა, საიდან გაიგო? მგონი პირველად ცხოვრებაში ხმა ვერ ამოვიღე და თვალებგაფართოებული დავყურებდი ფურცელს.
- გაგიკვირდა ხომ? მეც. ვიდეოთვალის მასალების მოძიებას ვაპირებდი, მაინტერესებდა ეს ვინ გააკეთა. თუმცა, იმაზე იოლად ვიპოვე, ვიდრე ვიფიქრებდი. ასეთი მკვეთრი ფერის ბლოკნოტები გიყვარს? - მიუხედავად იმისა, რომ შავი ჩემი საყვარელი ფერია, ეს მხოლოდ ტანისამოსში გამოიხატება, ბლოკნოტები, კალმები, დღიურები ბავშვობიდანვე სულ ფერადი მქონდა. ჩემს ახლანდელ ბლოკნოტს ღია ვარდისფერი ფურცლები ჰქონდა. თითქოს იმის დასტურად, რომ ჩემში ჯერ კიდევ სადღაც ბავშვი ცხოვრობს. ეს ბლოკნოტი მარიმ ამირჩია და მაჩუქა უნივერსიტეტის პირველი დღისთვის. ძალიან მომეწონა, თანაც მისი ნაჩუქარი რომ იყო, ორმაგად შემიყვარდა და ზუსტად პირველივე ფურცელზე მარის პორტრეტის დახატვას ვცდილობდი დილიდან, მაგრამ სამწუხაროდ, არავინ მაცადა. უკაცრავად, მეორეზე. პირველი ფურცლის ამოხევა მომიწია, ზოგიერთის თავზეხელაღებული საქციელის გამო. უარყოფას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მე მაინც გავიბრძოლე.
- ასეთი ბლოკნოტი მხოლოდ მე მაქვს?
- არა მგონია ეს ბავშვური რაღაც კიდევ ვინმეს მოსწონდეს, თანაც ამ უნივერსიტეტში.
- ჯერ ერთი, ეს „რაღაც“ ჩემი საყვარელი ბლოკნოტია და რა უფლება გაქვთ ეგრე რომ მოიხსენიებთ? - გავცეცხლდი ასე აგდებულად რომ მოიხსენია. თანაც რა მხედველობა აქვს ასეთი, შორიდან რომ ზუსტად მიამსგავსა ფურცლები? ეს კაცი ყველანაირად უცნაურია ! აღარ უარვყავი, საერთოდ არ მრცხვენოდა საკუთარი საქციელის. - ზუსტადაც, ჩემი დაწერილია. ღმერთს მადლობა, რომ ახლა აქ ვზივარ და არა მორგში, სადაც დედაჩემი ჩემი გვამის ამოცნობაზე იქნებოდა დაბარებული. არ უნდა იცოდეთ, რომ ზებრაზე ქვეითს უნდა დაუთმოთ? რატომ გაქვთ მართვის მოწმობა საერთოდ? მე წარმოდგენა არ მქონდა, თქვენ რომ იყავით მანქანის პატრონი, ახლა გავიგე. თორემ არც გავაკეთებდი ამას. განა იმიტომ, რომ ჩემი ლექტორი ხართ და მოგერიდებოდით? ყველამ თანაბრად უნდა მიიღოს საკუთარი დანაშაულისთვის. უბრალოდ, თქვენთან ზედმეტ კონტაქტს ავირიდებდი თავიდან. მართალია, ამ სემესტრში სტიპენდიის დანიშვნა მინდოდა, მაგრამ სულ რომ საგანი ჩამიტოვოთ, ან საერთოდ გამრიცხოთ კიდეც არ მაინტერესებს, ვაღიარებ და არც ვნანობ. - მივაყარე ომახიანად. მართალია ცოტა ვიცრუე, მაგრამ არაუშავს, გამომდის მსახიობობა როცა მჭირდება. ახლა ნამდვილად არ გამიგია მისი მანქანა რომ იყო, თურმე. მაგრამ იმას ვერ ვეტყოდი სოციალურ ქსელში დაგსერჩე-თქო.
- რომ დამშვიდდე არ გინდა ? საჩხუბრად არ მოვსულვარ - მიპასუხა ოლიმპიური სიმშვიდით და ყავის შემდეგი ყლუპი მოსვა. ამ პასუხმა ცოტა გამაკვირვა. თვალები გამიფართოვდა. ველოდი მთელ უნივერსიტეტს შეყრის-მეთქი. - იმიტომ მინდოდა გარკვევა ვინ იყავი, რომ მოვსულიყავი და ბოდიში მომეხადა.
- რა გექნაათ? - უნებურად წამომცდა გაოცებისგან. გაეცინა.
- დიახ, ბოდიშს გიხდი. თუ ეს რამეს შეცვლის. მახსოვს, ეგ მომენტი. იმ წამსვე გავაცნობიერე რაც გავაკეთე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ძალიან აღელვებული ვიყავი და როცა ვბრაზდები თავს ვეღარ ვაკონტროლებ - მითხრა გულახდილად.
- მაგ თქვენს უკონტროლობას შეიძლება ვინმე ემსხვერპლოს, ხვდებით? - ვუთხარი მკაცრად. ვიცი რომ დავტუქსე, მაგრამ ეკუთვნოდა.
- ეგ შენ უკვე აღარ გეხება. - დაუბრუნდა თავისი „აისბერგის“ იმიჯი და სასწრაფოდ ადგა სკამიდან. კაფეტერია დატოვა. სახტად დამტოვა. თითქოს ბოდიში მომიხადა, მაგრამ ბოლოს მაინც გააფუჭა. საათს დავხედე, უკვე 5 აკლდა. წამოვდექი და აუდიტორიისკენ გავეშურე. ოთახში შესვლისას თაკო დავინახე, გამიღიმა. მეც წავედი და მასთან დავჯექი. თითქოს გუშინდელი გამოვასწორე.
- როგორ ხარ, ემილიანე? - გულწრფელად გაუხარდა ჩემი დანახვა.
- უკეთესადაც ვყოფილვარ, შენ ?
- მე კარგად. - კარგია, რომ ლექტორიც შემოვიდა და საუბარი აღარ გაგრძელებულა. ჯერ კიდევ აღელვებული და გაოგნებული ვიყავი ამ ინციდენტის შემდგომ. თუმცა, მაქსიმალური ყურადღება მოვიკრიბე და ლექტორის მოსმენა დავიწყე. ყურადღების გაფანტვა ნამდვილად არ მაწყობდა. ყველა ლექტორი, ვინც კი გავიცანი ასეა თუ ისე მომწონდა. ყველას ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა სტუდენტების მიმართ, მაგრამ ვიბლიანივით დესპოტი არც ერთი არ იყო. ლექციის მოსმენაში იმდენად გავერთე, რომ როგორ გავიდა დრო ვერც გავიგე. როცა დასრულდა ჩემთან ისევ გიგი მოვიდა.
- მაჩვენებ ნახატის საბოლოო ვერსიას? - რამდენი აბეზარია ამ კურსზე, კი მაგრამ?
- არ დამისრულებია. - მოვუჭერი მოკლედ.
- თაკო, ეს გოგო ყოველთვის ასეთი ცივია ? - მიმართ ჩემ გვერდით მდგომს.
- ამ გოგოს სახელი აქვს და იცის ვისთან როგორ უნდა მოიქცეს - შევუბღვირე და ისე გავიარე მხარი საკმაოდ ძლიერად გავკარი.
- კარგად უთხარი - ხითხითებდა თაკო. ის დღე მასთან ერთად გავატარე. გიგი კიდევ კარგი აღარ მომკარებია. როგორც ჩანს, მისმა თავმოყვარეობამ გაიღვიძა. ლექციების შემდგომ თაკომ შემომთავაზა, თუ არ გეჩქარება გავისეირნოთო. უარი ვეღარ ვუთხარი. თან მეც საქმე არაფერი მქონდა და დავთანხმდი. ძირითადად თავის თავზე საუბრობდა, მე ასე მარტივად არავისთან ვიხსნები, თუმცა ვცდილობდი ლაპარაკში ავყოლოდი. უნივერსიტეტის ეზო მე და ვიბლიანმა ერთად დავტოვეთ. მანქანით ჩაგვიქროლა და ვიგრძენი როგორ მიყურებდა გამჭოლი მზერით, მეც არ ჩამოვრჩი და საპასუხოდ ცივი მზერა დავუბრუნე. ასე, კმაყოფილმა გავაგრძელე წინ სვლა...



№1  offline წევრი OKI ME

კარგი თავი იყო. თუმცა, ჯგუფელებთან მთლად ასეთი ურთიერთობა, თაკო როგორსაც იჭერს არ მომწონს. მარტივი ხასიათის არ ჩანს ემილიანე. ))

წინა თავებიდან მახსოვს, სამსახურის შესახებ და იქაც თუ ვიბლიანი დახვდა :დდდ

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

ზედმეტი მოსდის ამ გოგოს ეს რთული ხასიათი კი არა ეს ზემოდან ყურებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent