შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 6


15-01-2021, 03:29
ავტორი ემილიანე
ნანახია 1 653

კიბეებზე ბუზღუნ-ბუზღუნით ავდიოდი. ვერ ვიტყვი, რომ ამ დღით უკმაყოფილო ვიყავი, იმაზე კარგი სიტუაცია დამხვდა ვიდრე ვიბლიანისგან მოველოდი. მგონი, უნდა შევეგუო იმ ფაქტს რომ ამ კაცთან არ ღირს დაპირისპირება. გადავწყვიტე, მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით მესაუბრა. ასე მეც ავირიდებდი თავიდან ნერვების შლას და მასაც არ გავაფუჭებინებდი ქულებს. სახლის კარი რომ გავაღე დედა ლამის იქვე მელოდებოდა, გამეცინა. ერთი სული ჰქონდა როდის მოისმენდა ჩემს ამბებს.
- დედი, აბა როგორ ჩაიარა პირველმა დღემ ?
- ნორმალურად. კარგი სიტუაციაა, ჯერჯერობით რაც შევატყვე. არა მგონია მუშაობა გამიჭირდეს. ჩემი უფროსი ჩემივე ლექტორი აღმოჩნდა.
- მართლა ? - გაიოცა დედამ. - რა კარგია, ნაცნობი რომ აღმოჩნდა. უფრო მეტად მოგაქცევს ხოლმე ყურადღებას. - გავუღიმე და თავი დავუქნიე. არ მინდოდა ენერვიულა ვიბლიანთან დაკავშირებით, ამიტომ არც ვუყვებოდი ჩვენი დაძაბულობის შესახებ. დაე, ეგონოს რომ კარგი უფროსი მყავს. მოკლედ მოვუყევი იმის შესახებ, თუ რა მევალებოდა და ჩემს ოთახში გავედი.
- დე, ყველაფერი გამზადებული მაქვს. შენ რომ გიყვარს ისეთ ხაჭაპურს გიცხობ - უცებ კუჭზე საშინელი სიმძიმე ვიგრძენი, რომ წარმოვიდგინე კიდევ ხაჭაპური უნდა მეჭამა, მაგრამ ისეთი სიხარულით მიკეთებდა, უარი ვერ ვუთხარი.
- რა კარგია, დედა. ძალიან მშიოდა. - ტელეფონი ამოვიღე და მარის დავურეკე. ეგრევე გამითიშა და ზუსტად 3 წამში ჩემს კარზე კაკუნი გაისმა.
- ჩქარი ხარ, მარი - სიცილით შევხვდი კარებში.
- საღამო მშვიდობის, ნესტ - მიესალმა დედაჩემს. შემოკლებულად ეძახის სახელს. ეგრევე ჩემს ოთახში გამაქანა.
- აბა დაიწყე, სასწრაფოდ შესვლის წამიდან გამოსვლის წამამდე დეტალურად მაინტერესებს ყველაფერი.
- აბა, გამოიცანი ვინაა ჩემი უფროსი ?
- ოოოჰ, შენც არ თქვა ეხლა ვიბლიანიაო, რა - აიქნია ხელი. თავისი ჭკუით ყველაზე შეუძლებელი ვერსია დამისახელა.
- ეგაა - ჩავილაპარაკე.
- არ მჯერა ! მატყუებ, ხომ? - წამოიყვირა.
- ნეტავ გატყუებდე, მარი. მთელი დღეა შოკში ვარ.
- ეს მერამდენე დამთხვევაა უკვე, ვეღარც კი ვითვლი.
- თვითონ დიდი გაოცება ამასთან დაკავშირებით არ გამოუხატავს. ჩვეულებრივად შეხვდა ამ ამბავს და როგორც კი მომესალმა, ეგრევე ბრძანებების გაცემა დაიწყო. ნეტავ, იცოდე როგორ რაღაცეებს ჭამს. დარწმუნებული ვარ ზოგის სახელიც კი არ ვიცი.
- მოიცა, მაგის კვებაც შენ გევალება ?
- სამწუხაროდ, კი. თან ნეტავ იცოდე რა წუნიაა. გეკითხები პომიდორს კანს ვინ აცლის ? ვინ ჭამს სიმეტრიულად დაჭრილ საჭმელს ?
- კვებაში უპრეტენზიო რომ იყოს ის უფრო გამიკვირდებოდა - გადაიკისკისა მარიმ.
- ჰო, ჯანსაღ კვებაზეა და მისმა დამხმარემ მაცივარი რომ გამოაღო, ბაღნარი გადამეშალა წინ. არაფერს ცხიმიანს და კალორიულს არ ჭამს.
- იმიტომაც აქვს იმხელა კუნთები.
- თუმცა მე რისი ემილიანე ვარ - ეშმაკურად ჩავიცინე.
- გამოტყდი რა გაუკეთე ? სკამზე დააბი და ძალით აჭამე ? - სულს ვერ ითქვამდა მარი.
- შენ წარმოიდგინე, არა. თავისი ფეხით მობრძანდა. ხაჭაპური გამომიძახა და მე მარტო იმას რას შევჭამდი, დამეწვიეთ-მეთქი, მოლბა და ერთად ვჭამეთ. წარმოიდგინე, 3 წელია არ მიჭამიაო.
- ბატონოო? - გაოცებისგან შეიყვირა მარიმ. - რანაირი ადამიანია ? კარგი რა, დაილოცოს ქართული სუფრა, ამ სიამოვნებას როგორ იკლებს ? - როგორც მიხვდით, მარი ჭამის საკითხში ჩემნაირია, ორივეს გემრიელად ჭამა გვიყვარს.
- ყველაზე შოკი ისაა, თეფშებს კი არ მარეცხინებდა. გეფიცები, მასში ორი ადამიანი ცხოვრობს - სიცილით ვუყვებოდი.
- არ არსებობს, ვიბლიანისგან ამას ვერ ვიჯერებ. - კიდევ ბევრი რამე ვერ დაიჯერა ჩემი მონაყოლიდან. ყველაფერი დეტალებში გამომკითხა. რომ მიხვდებოდა გარკვეულ საკითხზე ლაპარაკი არ ეყო, კიდევ თავიდან მიუბრუნდებოდა. ემოციების ზღვა ჰქონდა. არ მიკვირს, მეც ასე ვიყავი, მაგრამ საღამომდე გადამიარა ეიფორიამ და მარის ახლა დაეწყო. სახლში მომიყვანა-მეთქი რომ ვუთხარი ისეთი ისტერიკა დაემართა ძლივს პირზე ხელი ავაფარე დედაჩემი გადაირევა-მეთქი. ვისაც გყავთ ასეთი ახლო დაქალები, მიმიხვდებით რამდენად ემოციებში შედიხარ, როცა დაქალი შოკ ამბებს გიყვება. ამასობაში დედამ ხაჭაპური დააცხო და ოთახში შემოგვიტანა.
- მიირთვით გოგოებო, სანამ ცხელია. - გაგვიცინა და დაგვტოვა.
- მარი, გთხოვ რაც შეიძლება ბევრი ჭამე. ჩემ მაგივრადაც. ახლა რომ მე კიდევ ხაჭაპური შევჭამო შეიძლება მოვკვდე.
- შენ მაგაზე არ იდარდო , ემიკო. არ დაგზარდები. - ჯერ ერთი თეფშიდან ჭამა, მერე მეორედან. ორივე დასვრილი რომ ყოფილიყო. მე სიცილით ვიხრჩობოდი, ისეთი სასაცილო იყო ამ დროს.
- ახლა რაზე ვფიქრობ იცი? - დაიწყო საუბარი სერიოზული სახით, თან ხაჭაპურს გემრიელად ილუკმებოდა.
- აბა, რაზე?
- როგორ მოვხვდე მაგ კომპანიაში ? რა სტატუსით შემოვძვრე ? ჩემი თვალით მინდა ეს ყველაფერი რომ ვნახო, ემიკო- მითხრა ვითომ ტირილნარევი ხმით. რაღაც სერიოზულს ველოდი და ასეთ პასუხზე გემრიელად გამეცინა. - გოგო, ლუკასთან ხელი რო მოვაწერო 1 დღით, მერე ვიბლიანს მივაკითხო და გაყრის საკითხები მოგვივარე-თქო რომ ვუთხრა, დაშავდება რამე ?
- შენ ლუკასთან ხელი თუ მოაწერე, არა მგონია მერე რამე ძალამ დაგშალოთ - ლუკა მისი კურსელია, რომლებსაც შორით სიყვარულით ტრფობა და დაგვა სჭირთ. თავი ვერ მოაბა ჯერ რომელიმემ სათქმელს.
- ჰო, ეგეცაა. ერთ დღეს რამეს მოვიფიქრებ. ეს რომ ჩემი თვალით არ ვნახო, მოვკვდები.
- ახალი გადაწყვეტილება მივიღე.
- აბა ბრძანე.
- გადავწყვიტე, ვიბლიანთან ომს დროებით შევეშვა, მხოლოდ საქმის ირგვლივ საკითხებით შემოვიფარგლები და მაინტერესებს, ეს ტაქტიკა რა შედეგს გამოიღებს.
- ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ! რამდენი ხანია მე მაგას რომ ვიძახი ?
- კი, მაგრამ რომ წარმომიდგენია მისი დამპალი რეპლიკები უპასუხოდ უნდა დავტოვო, ცუდად ვხდები - ავნერვიულდი და ხაჭაპურს ვეცი.
- ემიკო, ჩემთან ერთად ნაჭამი ხაჭაპური უფრო გემრიელია, თუ იკოსთან ?
- რა იკო, გოგო ? - უცებ ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა. თურმე ირაკლი ვიბლიანსაც შეუმოკლა სახელი. ეგ ჰობად აქვს, ჩვეულებრივად.
- ემიკო და იკო. ვაიმე ! იდეალურია ! ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილები. - ლამის ხტუნვა დაიწყო სიხარულისგან.
- გოგო, დადუმდი. ეგ არც გაიმეორო მეტჯერ. - წამიერად ამის გაგონებაზეც კი, შემრცხვა კიდეც. რა სისულელე დაახეთქა-თქო, ვიფიქრე.
- მოიცა რა. მე თუ ლუკასთან წეღან ხელი მოვაწერე, თქვენ თუ წარმოგიდგინეთ ერთად დიდი ამბავი. მაგასთან 3 წელია არ მაქვს იმხელა ურთიერთობა, რაც თქვენ 3 დღეში. - იმ საღამოს კიდევ ბევრი ვიცინეთ. შეატყობდით, რამდენად განსხვავებული ვარ ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად. შორიდან ყველას ცივი და ამპარტავანი ვგონივარ, მაგრამ როგორც ზემოთ გითხარით, ჩემში ჯერ კიდევ ცოცხლობს ბავშვი და ეს ბავშვი დღის შუქზე, მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებთან გამოდის. მარი რომ წავიდა, ცოტა ხანი მუსიკას მოვუსმინე და სამეცადინოდ დავჯექი. მეორე დღისთვის სემინარები მქონდა სამართალმცოდნეობასა და საკონსტიტუციო სამართალში. შაბათ-კვირას კიდევ კარგი, საქმე წინ წავიგდე თორემ ესენი რომ ახლა მქონოდა სასწავლი, შეიძლება გული წამსვლოდა. დასაძინებლად ღამის პირველზე დავწექი, დედას ჩემთან ერთად არ ეძინა, ძალიან ნერვიულობდა ჩემს გრაფიკზე, თუმცა მე მაქსიმალურად ვაწყნარებდი. არაფერი იყო ისეთი, რასაც ვერ შევძლებდი. სანამ ძილის მორევში ჩავიძირებოდი, კიდევ ერთხელ დავფიქრდი ყველაფერზე. კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მომენტებს. უცებ თავში „ ემიკო და იკო“ ამომიტივტივდა. კიდევ ერთხელ გამეცინა, რამდენად შეუძლებელი რამ დაახეთქა მარიამმა.
დილა ადრიანად დავიწყე. მასალას გადავხედე, გემრიელად ვისაუზმე და სახლიდან გავედი. ამჯერად, კრემისფერი ბლუზა და არც თუ ისე მოკლე შავი კაბა ჩავიცვი. თმა გავიშალე და მხოლოდ ერთი, წინა ნაწილი ავიწიე ჩემი საყვარელი თმის სამაგრით, რომელიც დედამ წლების წინ მიყიდა და დღემდე სათუთად ვინახავდი. არ მინდოდა ვიბლიანი გამეღიზიანებინა. დაე, შავების აკრძალვასაც დავთანხმდები. მაინტერესებს, ეს ყველაფერი რა შედეგს გამოიღებს. უნივერსიტეტშიც ასე წავედი, სახლში შემოსარბენად და გამოსაცვლელად დრო რომ არ დამეკარგა. იქ, თაკო შემომეგება.
- ემილიანე, როგორ გიხდება კლასიკური სტილი. აწი სულ ასე ჩაიცვი ხოლმე.
- მადლობა, თაკო. თუმცა დიდად ასე თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. - ამ საუბარში თავზე გიგი დაგვადგა.
- ვაუ, ემილიანე. ანათებ - შეიძლება არსებობს გოგონების კატეგორია, ვისაც ასეთი კომპლიმენტები უხარია, თუმცა მე ნამდვილად არა. მაღიზიანებს კიდეც, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს. - ძალიან გიხდება.
- ზუსტად ეს ვუთხარი მეც - საუბარში თაკო ჩაერთო.
- ერთმანეთს კარგად უგებთ მგონი, მე დაგტოვებთ - გავეცალე. ნამდვილად არ მქონდა საუბრის თავი. წინ იმდენად რთული დღე მელოდა, ჭორაობის განწყობაზე არ ვიყავი. არ ამიხსნია რატომ გამოვიყურებოდი ასე. რატომღაც, არ მინდოდა უნივერსიტეტში ვინმეს სცოდნოდა ვიბლიანის დამხმარე რომ ვიყავი. ამას თავისი ოვაციები მოჰყვებოდა, სწორედ ამის თავიდან არიდებას ვცდილობდი. აუდიტორიაში ადგილი მოვძებნე და სემინარისთვის განვეწყვე.
სემინარებმა კარგად ჩაიარა, ორივე ლექტორმა 3/3 დამიწერა. როგორც კი უნივერსიტეტიდან გამოვედი, სამსახურში გავქანდი. იქ უკვე ნინო მელოდებოდა და ჩემი დანახვისთანავე გულწრფელად გამიღიმა.
- აბა, როგორი იყო პირველი სამუშაო დღე, ემილიანე ?
- ნორმალური. კი ძალიან დავიღალე ამდენი რამის დამახსოვრებით, მაგრამ ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს.
- შენ და ბატონმა ირაკლიმ გაუგეთ ერთმანეთს ?
- ნუ, შეძლებისდაგვარად. სადილზე საყვედური არ უთქვამს, ანუ შენ როგორც მითხარი, თუ საყვედური არ უთქვამს, ესე იგი კარგია - ერთდროულად გაგვეცინა.
- დღეისთვის ქათმის ფილესგან უნდა მოუმზადო სალათი. სამზარეულოში გავიდეთ და გასწავლი რაც უნდა გაუკეთო. - ყველაფერი მიმითითა. ფილე საყინულედან გამოვიღეთ, სანამ სადილს გავუმზადებდი, ყინული რომ დამდნარიყო. ისეთი რეცეპტი იყო, მეც დამაინტერესა და ჩემთვის ჩავილაპარაკე.
- გემრიელი იქნება.
- შეგიძლია ორი ულუფა მოამზადო და შენც შეჭამ.
- ალბათ ეგრეც მოვიქცევი. მერიდება გუშინ ჩემ გამო რომ გამოგაძახებინა საჭმელი.
- მესმის, მაგრამ არ მოგერიდოს. ბატონი ირაკლი ეგეთია. კომპანიის ანგარიშზე სულ არის ხარჯები გათვლილი სტაფის კვებისთვის. ეხლა ორსულად რომ ვარ, დღეში რამდენჯერმე მიმეორებდა თუ რამე მოგინდეს გამოიძახეო. ბარემ გასწავლი, როგორც უნდა გამოიძახო. - ჩემს მომავალ კაბინეტში შევედით და არსებულ კომპიუტერში ამიხსნა ყველაფერი. საჭმელი მე თვითონ არასდროს გამომიძახებია, არ ვმეგობრობ მსგავს სისტემასთან. ჩემი კაბინეტი დეტალურად შემასწავლა. როგორ უნდა დავაკავშირო, შემომავალი ზარი ბატონი ირაკლის ტელეფონზე და ა.შ. ძალიან მომეწონა აქაურობა, რომ წარმოვიდგენდი ამ კაბინეტში როგორ ვსაქმიანობდი დამოუკიდებლად, აჟიტირება მეწყებოდა. ამასობაში, ბატონი ირაკლიც მოვიდა. მინის კედლიდან დავინახეთ, რომ თავის კაბინეტში შემოვიდა. თავი მოსალმების ნიშნად დაგვიქნია. მე ავტომატურად, სამზარეულოსკენ წავედი და როგორც მითხრა, მოსვლისთანავე ყავა შემომიტანეო, ასეც მოვიქეცი. ყავის აპარატით ორმაგი ამერიკანო გავუკეთე და შევუტანე.
- გემრიელად მიირთვით - წარბი აზიდა, როგორც ჩანს ჩემგან ასეთ ზუსტ მოქმედებას არ ელოდა.
- მადლობა.
- რაიმე სხვას დამავალებთ ?
- სადილის მომზადება დაიწყე, ისე რომ ნახევარ საათში მზად იყოს. თქვენთვისაც, თუ რამე გინდათ გამოიძახე უკვე, მოტანას დრო ხომ უნდა. - მითხრა და ყავის პირველი ყლუპი მოსვა, არაფერი უთქვამს. ანუ მოეწონა.
- არ არის საჭირო, დღევანდელი თქვენი რაციონი მომწონს და იმავეს მივირთმევ.
- როგორც გინდა, თუმცა ვალდებული არ ხარ - თქვა ისე, რომ კომპიუტერის ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია. გასვლას ვაპირებდი, რომ შემაჩერა.
- ნინოს უთხარი ჩემთან შემოვიდეს.
- კარგით. - ნინოს მისი სიტყვები გადავეცი და მე სამზარეულოში წავედი. დრო დავინიშნე, არ მინდოდა გადამეცილებინა. გუშინდელივით კატეგორიულად არ განუსაზღვრავს 30 წუთი, თუმცა მაინც. კიდევ კარგი, დედაჩემმა ბავშვობიდანვე მასწავლა საჭმელების გაკეთება და ვიბლიანის სალათები ელემენტარული იყო ჩემთვის, თორემ ალბათ გავგიჟდებოდი ესეც რომ სასწავლი მქონოდა. სამზარეულოში ნინო შემოვიდა და დამემშვიდობა.
- ბატონმა ირაკლიმ დღეისთვის გამათავისუფლა. ჩაიბარა დღეს რაც ისწავლე. აწი ყველაფერი შენზეა. წარმატებები.
- მადლობა ნინო. ხვალამდე - გავუღიმე და საქმიანობა გავაგრძელე. სიმეტრიები შეძლებისდაგვარად დავიცავი. კეთება რომ დავასრულე, მაინც გავსინჯე როგორი გამოვიდა.
- რა აჭმევს ამ უმარილო საჭმელს - უსიამოვნოდ დავიჭყანე.
- სხვათა შორის, - იმდენად არ ველოდი ვიბლიანის ხმას, ჩანგალი ხელიდან გამივარდა. ორივე თითქმის ერთდროულად დავიხარეთ, თუმცა აღება დამასწრო და ნიჟარაში ჩადო. ამის შემდეგ კი საუბარი გააგრძელა - ძალიან კარგია თუ მაგ საკითხში მომბაძავ. თავიდანაა რთული, თორემ მერე მიეჩვევი.
- ამ საკითხში ერთ აზრზე არ ვართ. მირჩევნია სიცოცხლე მსგავსი რამეებით არ გავიმწარო.
- ოდესღაც, ალბათ მეც ეგრე ვფიქრობდი.
- სადილი მზადაა და კაბინეტში შემოგიტანთ.
- იყოს, რადგან აქ მოვედი, აქ შევჭამ. თუ შენ არ შეგიქმნი დისკომფორტს - რა დისკომფორტზე იყო საუბარი, გუშინ პირველივე დღეს ხაჭაპური გადავიკეცე ამ კაცთან ერთად, სალათს ვეღარ შევჭამდი ?
- არა, ჩემთვის პრობლემა არაა. - სალათი ორ თეფშზე გავანაწილე, ალუბლის წვენი ჭიქებში დავასხი და სასადილოდ დავსხედით. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. არ მინდოდა მასთან ზედმეტ კომუნიკაციაში შესვლა, ეგ ყოველთვის პრობლემებს იწვევდა. სამარილე ავიღე და სალათს მარილი კაი გვარიანად დავაყარე. გაფართოებული თვალებით მიყურებდა. ამის მიუხედავად, სალათს მაინც საშინელი გემო ქონდა. ორი-სამი ლუკმის შემდეგ ჭამას თავი მივანებე. თან მერიდებოდა ვიბლიანის თვალწინ, პირდაპირ ნაგავში რომ ჩამეყარა. ალუბლის წვენი მთლიანად დავცალე, ის საშინელი გემო რომ გაენეიტრალებინა.
- არ მოგეწონა, ხომ? - მკითხა მან.
- არა, კარგია. უბრალოდ, არ მშია - ვიცრუე. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.
- პიცა გიყვარს ?
- რატომ მეკითხებით ?
- გეკითხები, პიცა გიყვარს-მეთქი ?
- კი.
- რა არომატით ?
- ბეკონით. - სადღაც გადარეკა და საშუალო ზომის, ბეკონის პიცა შეუკვეთა, თავისი კოლათი.
- კოლა ოღონდ ზერო იყოს - დაუკონკრეტა და გაუთიშა. თვითონაც ამრეზით გასწია თეფში.
- არც თქვენ მოგეწონათ ? - შევშფოთდი. - ცუდად გავაკეთე?
- გუშინდელი ხაჭაპურის შემდეგ, რთულია დაუბრუნდე ისევ ასეთ კვებას. შენ არაფერ შუაში ხარ. სამწუხაროდ, სწორი კვება ერთხელ თუ დავარღვიე, მერე მიჭირს იგივე ფორმაში ჩადგომა. ეს გამოიწვია შენმა გუშინდელმა ხაჭაპურმა. - მოვიღუშე. თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
- ემილიანე, რა გჭირს? ვიხუმრე უბრალოდ. - საოცარი იუმორის გრძნობა გაქვთ, ბატონო ირაკლი. პირდაპირ საოცარი ! სიცილით მოვკვდი.
- ალბათ, აჯობებს მე აქ საერთოდ არ ვისადილო, თორემ ვატყობ თქვენი წონის მატებასაც მე დამაბრალებთ.
- ეგეთი დესპოტი ვარ ? - გაეღიმა. პასუხი არ გავეცი. ისედაც მისახვედრი იყო, რა წარმოდგენაც მქონდა მასზე. - რეალურად, სულ ასე ცოტას ნამდვილად არ ვჭამ, უბრალოდ ვცდილობ, რომ როცა ოფისში ვარ, მსუბუქი და ამასთანავე ჯანსაღი საკვები მივირთვა. საუზმე და ვახშამი ამასთან შედარებით, ნოყიერი მაქვს.
- გასაგებია. - წამოვდექი და ეს სალათი მთლიანად ნაგავში გადავუძახე. თეფშები და ჭიქები გავრეცხე. დაძაბულად ვგრძნობდი თავს, ვერ ვხვდებოდი რატომ არ გადიოდა სამზარეულოდან.
- რამე პრობლემა გაქვს ? - მკითხა, როცა ჭურჭლის რეცხვას მოვრჩი.
- არა, რატომ მეკითხებით ?
- დღეს, არაბუნებრივად მშვიდი ხარ. მაოცებს შენი ასეთი მდგომარეობა.
- ჩემმა უფროსმა გუშინ გასაგებად ამიხსნა, რომ მე უბრალოდ მის დაქვემდებარებაში მყოფი პირი ვარ და ზედმეტი საუბრის, საკუთარი აზრის ქონის უფლება არ მაქვს. ეს სამსახური ამ ეტაპზე ძალიან მჭირდება და მიწევს ჩემი თავი არ ვიყო. გასაგებად ავხსენი ? - ჩემი დაძაბულობა პიკს აღწევდა.
- კარგი ემილიანე, გასაგებია. მართალი ხარ, სწორად იქცევი. - ვერ გავიგე რა უნდა ? როცა როგორც საჭირო იყო ისე ვექცეოდი, არ მოსწონდა, როგორ მიბედავო ? როცა ზუსტად ისე ვიქცეოდი, როგორც მას უნდოდა, არც ეს მოსწონდა. დიდი დაუდგენელი ადამიანია. - სანამ შეკვეთა მოვა, კაბინეტში გავიდეთ, დრო რომ არ დავკარგოთ.
- როგორც გნებავთ - ვუპასუხე ამრეზით და გავყევი. მთელი კარადა დამაზეპირებინა ლამის. ყველანაირი საბუთი ალფავიტის მიხედვით ეწყო. ამიხსნა, როგორ უნდა მეპოვა როცა რაიმეს დამავალებდა, ან როგორ დამელაგებინა როცა შესანახად მომცემდა, შემდეგ მარტივად რომ მომეძებნა. ამასობაში შეკვეთაც მოვიდა. კურიერს გამოვართვი და პირდაპირ სამზარეულოში წავიღე. საოცარი სურნელი ტრიალებდა, ამან ნამდვილად მომიყვანა ხასიათზე. ყველაფერი გავამზადე და ვიბლიანთან შევედი.
- მზადაა, შეგიძლიათ წამოხვიდეთ.
- მოვდივარ. - საბუთებს თავი მიანება და გამომყვა. ეს რესტორანი რაღაც საოცარ კერძებს აკეთებდა. ნამდვილად უგემრიელესი იყო. აქ მუშაობა მე ვატყობ, გამასუქებდა. კმაყოფილება მასაც სახეზე ეტყობოდა. მომწყურდა, კოლას თავი მოვხსენი და ორივეს ჭიქებში დავასხი.
- ეს დიეტური კოლა, რატომ შეუკვეთეთ ? - ვკითხე. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, უბრალოდ დავინტერესდი. თან სიჩუმეს ვერ ვიტან, როცა ვინმესთან ერთად ვარ.
- ნაკლები შაქარი აქვს, თან რაღაც რომ იყოს დიეტური ამ მაგიდაზე ამიტომ. - სიცილი ვერ შევიკავე. ჯერ ამხელა პიცას ჭამს და დიეტურ კოლას აყოლებს ზედ, ამით კი თავს იწყნარებს. რომ შემძლებოდა გემრიელად გადავიხარხარებდი, თუმცა ამ ჩაცინებაზეც ინტერესით ავხედე. ამაზეც არ გაბრაზდეს-თქო, ჩემდა გასაკვირად სიცილში თვითონაც ამყვა. უკვე მეორედ გაიცინა ჩემთან ერთად, ასე გულიანად. ვაღიარებ, უზომოდ უხდებოდა სიცილი.
- რატომ შემომხედე ასე, გეგონა გავბრაზდებოდი, რომ გაგეცინა ?
- რაღა დაგიმალოთ და კი - მეც გულწრფელად ვუპასუხე.
- რაღაც საშინელება გგონივარ. არ მიცნობ და მაგიტომ. არ ვარ ისეთი, როგორსაც შენ ფიქრობ.
- მე რა ფაქტებიდან გამომდინარეც გიცნობთ, აქედან მაქვს თქვენზე შექმნილი წარმოდგენა. ბევრი რამ შეიძლებოდა მეთქვა თქვენთვის, რაც არ მომწონს. თუმცა, თქვენ ხომ ზედმეტ საუბარს ვერ იტანთ და მეც უბრალოდ გავჩუმდი.
- ირაკლის რას ეტყოდი ? - მოულოდნელობისგან პიცა გადამცდა, ლამის დავიხრჩვი. სასწრაფოდ კოლა დამისხა.
- კარგად ხარ? - შემეკითხა დაზაფრულმა.
- უკვე კი.
- შეგიძლია კითხვაზე პასუხი გამცე?
- რას გულისხმობთ ამ კითხვაში ?
- არა როგორც ბატონ ირაკლის, უბრალოდ ირაკლის, რას ეტყოდი ?
- ვფიქრობ, რომ ირაკლი , ბატონი ირაკლისგან ბევრად უფრო განსხვავებულია. - ამის თქმის საშუალება ნინოს მონათხრობმა მომცა. თუნდაც ის, რასაც ნინოს ოჯახისთვის აკეთებს - თქვენი წესები გაქვთ, ეს მესმის. ვერ იქნებოდით სხვანაირად. არაა მარტივი ახალგაზრდა ასაკში ამდენ რამეს მიაღწიო, თუ კი ამისთვის განსაზღვრულ გზას და პრინციპებს არ მიჰყვები. თუმცა, ცხოვრება დიდი მოულოდნელობებითაა სავსე. როდის რა დაგემართება , არ იცი. დღეს ხარ, ხვალ შეიძლება აღარ იყო. ამიტომ, არ მიყვარს წესებით ცხოვრება. რა თქმა უნდა, ჩემი პრინციპები მაქვს, ისევე როგორც ყველა ადამიანს, თუმცა წესებით არ ვცხოვრობ. არ მინდა ვიცოდე და წინასწარ მქონდეს განსაზღვრული როდის რას გავაკეთებ. როდის გავიღვიძებ, როდის დავიძინებ, როდის და რომელ წუთზე მივირთმევ საჭმელს, რომელ საათზე შევხვდები მეგობარს და ზუსტად რომელ საათზე წამოვალ იქედან. ცხოვრებაში ყველაფერი ლოგიკას არ უნდა ექვემდებარებოდეს, უნდა მოეშვა ხანდახან და მოხდეს, რაც მოსახდენია. თუნდაც, მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ. ვიცი რომ მარილი ჯანმრთელობისთვის ცუდია, თუმცა მე მასზე უარის თქმა არ შემიძლია და იცით? არც მინდა. სანამ ვცოცხლობ, მინდა ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო და არ დავხარჯო დრო ყველაფერზე ფიქრში. ფიქრი ძალიან კარგია, ვერ ვიტან ისეთ ადამიანებს ვინც არ ფიქრობენ. ცხოვრებაში არაფერს უფიქრდებიან და სისულელეებს აკეთებენ, თუმცა ლოგიკურ ქმედებებსაც თავისი საზღვარი აქვს, ისევე როგორც ყველაფერს ამ სამყაროში. იცით? - წამიერად შევყოვნდი, ვხვდებოდი როგორ ვეხებოდი ჩემთვის ყველაზე პირადულ თემას. - საოცარი მამა მყავდა. ჩემ გვერდით ყოველთვის ჩემი ასაკის ხდებოდა. ბოლო 4 წელი ებრძოდა დაავადებას, სიმსივნე ჰქონდა. თუმცა, რამდენჯერაც გინდათ, ქიმიიდან მოსულა და როცა მართლა არ შეეძლო და დასვენების მეტი არაფერი უნდოდა, ჩემთან მოდიოდა და ათას სისულელეს ვაკეთებდით ერთად. მაგალითად, დედას ვუშლიდით ნერვებს, კექსს რომ აკეთებდა კვერცხებს ვუმალავდით, მაცივრიდან ახალს გამოიღებდა და იმავეს ვიმეორებდით, ბოლოს მიხვდებოდა და კარგ საყვედურსაც მოგვარტყამდა, თუმცა სამივეს ისეთი სიცილი აგვიტყდებოდა , სულს ძლივს ვითქვამდით. მეც ვიცი, რომ არასწორია და დედას ასე არ უნდა მოვექცე, ეს არალოგიკურია, თუმცა იმ მომენტში არ ვფიქრობდით ეს ლოგიკას შეესაბამებოდა, თუ არა. ჩვენ ამ წვრილმანებით ვბედნიერდებოდით. ასეთი უამრავი შემიძლია გავიხსენო ჩემი ცხოვრებიდან - ვყვებოდი და თან ვგრძნობდი როგორ მევსებოდა თვალები ცრემლებით, თუმცა ეს მწუხარების ცრემლები არ ყოფილა. პირიქით, ბედნიერი ვიყავი რომ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში იყო. მე, ადამიანს რომელსაც ტირილი არ შემიძლია, პირდაპირ ირაკლი ვიბლიანის თვალწინ ჩამომდიოდა ღვარა-ღვარა ცრემლები. - მიხარია, რომ ასეთი მამა მყავდა და შემიძლია უამრავი მოგონება გავიხსენო მასზე. ჩვენ რომ ლოგიკაზე ბევრი გვეფიქრა, მე არ დამიგროვდებოდა ისეთი მომენტები მასთან, როგორიც მქონდა და ჩვეულებრივი, სტანდარტული მამა-შვილი ვიქნებოდით. დღეს, ჩემთვის იმაზე მძიმეა მისი არყოფნა ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ამიტომ, ადამიანებმა უნდა ვაჩუქოთ ერთმანეთს ისეთი ბევრი კარგი მომენტი, რომ ვინმეს ჩვენი ხსენებისას უბრალოდ სახე გაებადროს და გულში სითბო ჩაეღვაროს. იმდენი რამ მასწავლა მისი დარიგებები ალბათ მთელი ცხოვრება მეყოფა.- უკვე ხედვაც მიჭირდა, ისეთი ნაკადი წამომივიდა ცრემლების, ალბათ ცოტა მაკლდა სლუკუნამდე. იმასაც ვეღარ ვხედავდი რა ემოცია ჰქონდა აღბეჭდილი სახეზე ვიბლიანს.
- ბოდიში, ჩემი ემოციებისთვის - ვთქვი და წამოვდექი, ცოტაც და ისტერიკა დამემართებოდა. ის რაც, ამდენი ხანი ვერ ვიტირე ერთიანად მომაწვა. საპირფარეშოში მინდოდა გასვლა, თავი რო მომეწესრიგებინა. როგორ მივაღწევ იქამდე, არ ვიცი. სულ ორი ნაბიჯი მქონდა გადადგმული რომ მკლავზე ძლიერი შეხება ვიგრძენი და წამის მეასედში ირაკლი ვიბლიანის გულ-მკერდზე ჩახუტებული აღმოვჩნდი, ძლიერად მომხვია მკლავები. არ ვიცი, რა დამემართა იმ მომენტში, მაგრამ მეც ჩავეხუტე. ადამიანურმა მხარდაჭერამ ალბათ უფრო იმოქმედა ჩემზე და უფრო მეტად ვუმატე ტირილს.
- იტირე, ემილიანე. გულზე მოგეშვება. მე მესმის შენი, მე იმაზე უკეთ მესმის შენი, ვიდრე გგონია. - როცა სასადილოდ დავსხედით, წამითაც ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი დასასრული შეიძლება მოჰყოლოდა. არ ვიცი, როგორ გავიხსენი ამ ადამიანთან ამ დონეზე. მამაჩემი სხვისი თანდასწრებით კი არა, მატოც ვერ ვიტირე. თითქოს გაქვავებული ვიყავი. ყველანაირ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვტიროდი. ახლა კი, მთელი ამ დროის განმავლობაში დაგროვებული ემოცია ამოვუშვი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბატონმა ირაკლიმ მითხრა „იტირე“ და არა „დამშვიდდი“.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექით ასე, თუმცა რაღაც დროის შემდეგ ჩემს თავს დავუბრუნდი. ჯიბიდან თავისი ხელსახოცი ამოიღო და თავად მომწმინდა ცრემლები, მერე კი მე მომაწოდა.
- მადლობა - ვუპასუხე და გამოვართვი. მისი სახე რომ შევათვალიერე, მასაც ჩასწითლებოდა თვალები. მივხვდი, რომ ჩემთან ერთად ტიროდა.
- სუფთა ჰაერზე გავიდეთ. - არ შევწინააღმდეგებივარ, ეს ნამდვილად მინდოდა. აქაურობას, სამივე სართულს თავისი ვერანდა ჰქონდა. ნინომ, შენობის დათვალიერებისას მანახა. ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამოვსხედით. თავიდან ხმას არც ერთი არ ვიღებდით. ვგრძნობდი, რამხელა ლოდი მომეხსნა გულიდან. არ ვიცი, სამომავლოდ ვინანებდი თუ არა ჩემი ემოციების დემონსტრირებას, მაგრამ ამ მომენტში კმაყოფილი ვიყავი.
- დედაჩემი - მძიმედ დაიწყო საუბარი ვიბლიანმა - მაშინ გარდაიცვალა, როცა მე 11 წლის ვიყავი. ძალიან გარკვევით მახსოვს ეს დღე. მთელი ოჯახი ვისხედით მანქანაში. საჭეს მამა მართავდა. წვიმიანი ამინდი იყო, ბნელოდა. უცებ მამამ საჭე ვერ დაიმორჩილა და მაღალი სისწრაფით მომავალი მანქანა დაგვეჯახა. დედა ადგილზე გარდაიცვალა. მამა მძიმედ დაშავდა. დიდი ხანი კომაში იყო. მე და ჩემი და გადავრჩით, უკან რომ ვისხედით, ამის გამო ჩვენი დაზიანებები ნაკლები იყო. თუმცა, ჩემმა დამ ფეხზე ტრავმა მიიღო და უმნიშვნელოდ, თუმცა დღემდე კოჭლობს. სამუდამო დაღი დაასვა ამ დღემ, ჩვენს ოჯახს. პატარა არ ვიყავი, თუმცა ბოლომდე ვერ ვიაზრებდი რა მოხდა. იმ მომენტში გონება დავკარგე, თუმცა როცა გონს მოვედი, ტვინის შერყევა მქონდა მიღებული. ღმერთმა გადამარჩინა. მხოლოდ, მე გადავრჩი ყველაზე მსუბუქი ფორმით. როცა ცნობიერება დამიბრუნდა, ძლივს მითხრეს რაც მოხდა. ისტერიკა დამემართა. დედა განსაკუთრებულად მიყვარდა ყოველთვის. დღემდე ასეა - დედის ხსენებისას თვალები გაუნათდა. - ერთადერთი რაც დედას პანაშვიდებიდან მახსოვს, ეს შავი ფერია. ძალიან ბევრი, შავებში გამოწყობილი ადამიანი. ბებია ცდილობდა, მე ეს ყველაფერი არ დამენახა და მაქსიმალურად მარიდებდა იქაურ სიტუაციას, თუმცა მაინც მახსოვს. მითხრეს, რომ დედა გარდაიცვალა. მაგრამ ვერც მამას ვხედავდი და ვერც ჩემს დას. ორივე საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მამა დაახლოებით 3 თვე კომიდან ვერც გამოვიდა. მე ამ პერიოდში ასეა თუ ისე, არსებულ რეალობას შევეგუე. ამასობაში, ჩემი დაც გამოწერეს. მე მასზე უფროსი ვარ და ვცდილობდი ის ტკივილი რაც მე გადავიტანე, მას ნაკლებად ეგრძნო. ყოველ დღე, აბსოლუტურად ყოველ დღე მქონდა იმის ფიქრი, რომ ნეტავ მე მოვმკვდარიყავი და დედა ცოცხალი იყოს-მეთქი, ნეტავ მე დამმართნოდა ფეხზე ტრავმა და არა ჩემს დას-მეთქი. ნეტავ მე ვიწვე ახლა მამაჩემის ადგილას და ის ოჯახის გვერდით იყოს-თქო. თავს ვიდანაშაულებდი იმაში, რომ მე კარგად ვიყავი.
როცა მამა გონს მოვიდა, ყველას გვიხაროდა. რაღაც იმედის ნაპერწკალი გაჩნდა. რეაბილიტაციას, რა თქმა უნდა, დრო დასჭირდა. თავიდან ვერც უთხრეს რა მოხდა. სახლში რომ გამოწერეს და ასეთი სიტუაცია დახვდა, გაქვავდა. 15 წელზე მეტი გავიდა უკვე, იმ ავარიიდან, თუმცა მამაჩემი დღემდე თავის თავს მიიჩნევს დამნაშავედ. მე უნდა დამემორჩილებინა საჭე და ეს ყველაფერი არ მოხდებოდაო. ვინც დაგვეჯახა, მძღოლი იჯდა მხოლოდ, ისიც გარდაიცვალა.
ჩვენი ბედნიერი ცხოვრება წამში დამთავრდა. უზომოდ უყვარდა დედაჩემი. მის მერე არავისკენ გაუხედავს. არც ერთი წამით არ უცდია ბედნიერი ყოფილიყო. სრულ აგონიაში ჩავარდა. ძალიან ბევრს მუშაობდა, მთელი თავისი ცხოვრება შრომას მიუძღვნა, გვიან ღამით მოდიოდა სახლში. შვილებს თითქმის არც კი გვეკონტაქტებოდა. ჩემს დას განსაკუთრებით. არ შეეძლო მისი ყურება. როცა, ყველაზე მეტად უნდა გვეგრძნო მამის მზრუნველობა, მაშინ დაგვაკლდა. წლებთან ერთად ცოტა გონს მოვიდა, მაგრამ დღემდე ძალიან დისტანციური ურთიერთობა გვაქვს მამასთან. ერთადერთი მიზეზი, ვის გამოც ვცხოვრობ ჯერ კიდევ მასთან, ჩემი დაა. თორემ, აქამდე დიდი ხნის გადასული ვიქნებოდი ცალკე. სასწავლებლად ორივე საზღვარგარეთ გაგვიშვა. მართალია, ეს ჩვენს კარიერასაც აწყობდა, თუმცა თვალსაწიერიდან მოგვიშორა. ვერ ვიტყვი , რომ არ ვუყვარვართ. თუმცა, ჩვენ წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ დედა აღარ გვყავს. ყოველთვის გვთხოვდა, იმას რომ უზომოდ ბევრი გვეშრომა, კარიერისთვის მიგვეხედა. მე ყველაზე რთული პერიოდი, გარდატეხის ასაკი, მშობლების გარეშე გავიარე. ამ გარემოებებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და ცივ ადამიანად ჩამოვყალიბდი. ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი, რომ ჩემი გრაფიკი გაწერილი ყოფილიყო. ესეც მამას იდეა იყო. ათასნაირ წრეზე დავყავდი, მინდოდა თუ არა ეს მე. უნდოდა, ძლიერ პიროვნებებად ჩამოვყალიბებულიყავით, ცხოვრებაში არაფრის რომ არ შეგვშინებოდა. გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს სიძლიერე იმაზე მეტიცაა ვიდრე მჭირდება. - საუბარი დაასრულა და მე გადმომხედა. სულგანაბული ვუსმენდი, ისიც კი გადამავიწყდა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ გაუჩერებლად ვტიროდი. - ვიცი, რომ მძიმე ისტორიის მოსმენა მოგიხდა. ეს ისტორია არასდროს მომიყოლია. რთული იყო ჩემთვის. თუმცა, მიხარია რომ ვიღაცას გავანდე.
- ახლა ძალიან ბევრ კითხვას გავეცი პასუხი და ძალიან კარგად მესმის შენი. უკაცრავად, თქვენი - უცებ გადავასწორე. ჩაეღიმა. იმხელა სიახლოვე ვიგრძენი ამ ადამიანთან, ისიც კი დამავიწყდა მომენტალურად, რომ უფროსი და თანაშემწე ვიყავით. - არაა იოლი, ამხელა ტრაგედია გქონდეს გადატანილი და გულღია იყო. მაგრამ, როგორ ფიქრობთ, დედათქვენს ენდომებოდა რომ ეს ყველაფერი ასე წარმართულიყო ? - შეცბა. ამას არ მოელოდა. - ახლა თქვენ გვერდით, რომ იყოს მოეწონებოდა თქვენი ცხოვრების წესი ? ვხვდები, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხართ გულის სიღრმეში, მაგრამ ამ ყველაფერს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევთ. თითქოს, გეშინიათ. არა და, ეს ყველაფერი პირიქით უნდა იყოს. ნუ მისცემთ ამ ტრაგედიას საშუალებას ჩაგკეტოთ, თავის ნაჭუჭში მოგაქციოთ. სცადეთ, გაიღიმეთ. ცხოვრებას თვალი გაუსწორეთ. ვიცი, რომ ძნელია. არ გამტყუნებთ. ახლა ძალიან კარგად მესმის თქვენი, მაგრამ დროა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი. ნუ იქნებით ცივი. ჯერ თქვენ დაიწყეთ შეცვლა და მიხვდებით როგორ შეიცვლება სამყარო თქვენს გარშემო, ავტომატურად. მე მჯერა, გულით მჯერა იმის რომ მამაჩემი მხედავს. უყურებს ჩემს ყოველ ნაბიჯს და ერთ დღეს, სადღაც აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და მინდა მის წინაშე წელგამართული ვიდგე. მინდა, იმ სამყაროში ამაყობდეს ჩემი სწორი ნაბიჯებით. გაიხაროს ჩემი ბედნიერებით. ჯერ ჩემი ჭრილობა ჯერ კიდევ ძალიან ახალია და ბევრი რამე მიჭირს, თუმცა ვიცი რომ დავძლევ და ამას მამაჩემი გამო გავაკეთებ. თქვენც დამიჯერეთ ასე მოიქეცით და ირწმუნეთ იმის, რომ დედათქვენი თქვენს ბედნიერებას ელის თავის სამყაროში. - ბატონ ირაკლის ხმა არ ამოუღია, თუმცა მისი თვალები და მზერა ყველაფერს მეუბნებოდა. მათში ვხედავდი სევდასაც, სიხარულს, იმედს და რაც მთავარია ნაპერწკალს, რომელიც აქამდე არ დამინახავს. ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ მან წამოიწყო საუბარი.
- აქაურობა მივალაგოთ და სახლში წაგიყვან. - ჯერ ადრე იყო, თუმცა ასეთი ემოციური საუბრის შემდეგ არც ერთი აღარ ვიყავით ოფისის განწყობაზე. თავი დავუქნიე და წამოვდექი. სანამ მე სამზარეულოს ვალაგებდი, თავად ჭურჭელი დარეცხა. ვუთხარი მე გავაკეთებ-თქო, მაგრამ თავი გაიგიჟა არაო. ჩემი ნივთები ჩანთაში ჩავყარე და სანამ ბატონმა ირაკლიმ ყველაფერი დაკეტა, მე მანქანაში ველოდებოდი. ძალიან დაღლილი ვიყავი ემოციურად. სახლში მისვლა და დაძინება მსურდა. უხმოდ ვმგზავრობდით, როცა ბინასთან მიმიყვანა და მანქანა გააჩერა, საუბარი თვითონ წამოიწყო.
- დღეს ორივესთვის განსაკუთრებული დღე იყო, ემილიანე. მადლობას გიხდი იმისთვის, რომ მომისმინე. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენი საუბარი მომხდარს არ შეცვლის, მაგრამ ვგრძნობ რომ ამ ლოდისგან ცოტათი მაინც გავთავისუფლდი.
- მეც იგივე შემიძლია ვთქვა. დღეს ორივემ სხვა რაკურსით დავინახეთ ერთმანეთის პიროვნებები. მიხარია, რომ ეს საუბარი ჩვენ შორის შედგა და მადლიერი ვარ ამის გამო. - ღვედი შევიხსენი და მანქანის კარი გავაღე.
- შეხვედრამდე, ემილიანე.
- ნახვამდის, ბატონო ირაკლი.



№1  offline წევრი EllaTriss

როგორი ემოციებით დატვირთული თავი იყო )) <3
ველოდი, ვიბლიანისგან მსგავს იატორიას, თავიდანვე ჩანდა, რომ რაღაც მძიმე და დიდი ჰქონდა გადატანილი..
დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ერთამანეთს შეავსებენ<3

პ.ს ახალი თავის დანახვა, პოზიტივით მავსებს - ხოლმე. დღევანდელ ჩემს განწყობასაც უშველა. მადლობა შენ ამისთვის<33❤❤
????

 


№2  offline წევრი ემილიანე

EllaTriss
როგორი ემოციებით დატვირთული თავი იყო )) <3
ველოდი, ვიბლიანისგან მსგავს იატორიას, თავიდანვე ჩანდა, რომ რაღაც მძიმე და დიდი ჰქონდა გადატანილი..
დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ერთამანეთს შეავსებენ<3

პ.ს ახალი თავის დანახვა, პოზიტივით მავსებს - ხოლმე. დღევანდელ ჩემს განწყობასაც უშველა. მადლობა შენ ამისთვის<33❤❤
????

<3 <3 <3

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

მიხარია რომ კითხვა დავიწყე
ნამდვილად კარგად წერთ
სასიამოვნოდ იკითხება
პერსონაკებიც მომწონს
დაველოდები მომდევნო თავს ♡♡♡

 


№4  offline წევრი ემილიანე

sameone crazy girl
მიხარია რომ კითხვა დავიწყე
ნამდვილად კარგად წერთ
სასიამოვნოდ იკითხება
პერსონაკებიც მომწონს
დაველოდები მომდევნო თავს ♡♡♡

დიდი მადლობა ❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

უჰ კარგია ძაალიან. მიხარია რომ აღმოგაჩინე. ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა.

 


№6  offline წევრი ემილიანე

სტუმარი ქეთა
უჰ კარგია ძაალიან. მიხარია რომ აღმოგაჩინე. ეს თავი განსაკუთრებით მომეწონა.

მადლობა შენ ????

 


№7  offline წევრი OKI ME

რა კარგი თავი იყო ❤️❤️❤️ თავიდანვე კი მომწონდა ირაკლი მაგრამ ახლა უფრო მეტად ❤️❤️

ნუ, მარის და ემილიანეს მეგობრობა საოცრებაა ❤️❤️ კარგია, როდესაც ისეთი მეგობარი გყავს, ვისთანაც ბოლომდე გაიხსნები ❤️

 


№8  offline წევრი ემილიანე

მიხარია, რომ მათი მეგობრობის ხაზი უყურადღებოდ არ დატოვე ❤️❤️ მადლობა ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა კარგი იყო ეს თავი სულ სხვანაირი ირაკლი ვიხილეთ აეწყობათ ამათ აწი კარგი ურთიერთობა მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent