შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეანსი [სრულად]


26-01-2021, 18:24
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 3 806

კისრისტეხით გავრბოდი სამსახურში რიგით სეანსზე. ამ ბოლო დროს შესვენების გარეშე ვმუშაობდი და ვგრძნობდი - ცოტაც და ვეღარ გავუძლებდი ამგვარ რეჟიმს.
მწვანე ბანკნოტებს ჩემს ჯანმრთელობას ვახარჯავდი, რათა შემდეგ ჯანმრთელობის აღსადგენად ბანკნოტებივე გამომეყენებინა… ტიპური ადამიანის ქცევა, რომელიც უკანმოუხედავად მირბის. მირბის თავქუდმოგლეჯილი რაღაცისკენ, წამითაც არ ჩერდება და ბოლოს, როცა უზარმაზარ კედელს ეჯახება და ცხვირი უტყდება, ხოლო უკან მოხედვისას კითხვის ნიშნებს გვერდს ვერ უვლის. რატომ? რისთვის?
იმ დღეს ჩემთან ქალბატონი როზა მოვიდა. კოხტად და მკაცრად, კლასიკურ სტილში ეცვა, მანერები კი დიდებულებისთვის დამახასიათებელი ჰქონდა. თავიდან ცოტათი ხელოვნური მეჩვენა, თუმცა როგორც კი საუბარი დაიწყო, ხელოვნურობის მოჩვენებითი შეგრძნება გაქრა და მისი ადგილი აღფრთოვანებამ დაიკავა.
ოფისში შევვარდი, შემოსასვლელში მჯდარ გოგოს უგემური გამარჯობა მივუგდე და ჩემი კაბინეტისკენ გავწიე. როგორც კი მეორე სართულს მივაღწიე, ჩემეული აურა შემომეხვია და ოდნავ დავმშვიდდი.
ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემი გემოვნებით ამერჩია ინტერიერი საოცნებო სამსახურში და ეს ოცნებაც, გასაკვირია, თუმცა ამიხდა.
კედლები იისფრად შევღებე და იასამნის ყვავილებით მოვრთე. რბილი ლურჯი ერთ და ორადგილიანი დივნები მოყავისფრო კომოდებთან ერთად კანტიკუნტად იწონებდნენ თავს. ძირითადად, მარტოსული ადამიანები მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან, ამიტომაც საოჯახო დივნის აუცილებლობა არ არსებობდა. გაცნობითაც ერთმანეთს ვერ გაიცნობდნენ, სეანსები სხვადასხვა დროს მქონდა ჩანიშნული ისე, რომ მათი გზების გადაკვეთის შესაძლებლობა მიზერული იყო. ყოველი შემთხვევისთვის, აქ, ჩემს ოფისში.
ჰო, ცოტათი ვიეგოისტე. ყველა ჩემი კლიენტი მსურდა, რომ მხოლოდ ჩემი ყოფილიყო. მათი ემოციები ჩემი საკვები იყო, ამიტომაც ვერ დავუშვებდი, რომ მათი მდგომარეობა სხვების ჩარევით შეცვლილიყო. გეთანხმები, ფანატიზმი გამოკრთოდა ჩემს დამოკიდებულებაში, თუმცა არაფერს ვუშავებდი მათ. პირიქით, ვეხმარებოდი და რა მნიშვნელობა აქვს, თუ მათი დახმარებით მე უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებდი?!
- ქალბატონო ლილი! ახალი პაციენტი უკვე კაბინეტში გელოდებათ! - მომიგო თანაშემწემ, რომელიც უკიდურესად უბრალოდ იყო ჩაცმული და არანორმალურად მსიამოვნებდა ბუნებრივი, კომფორტული აურა, რომელსაც მისგან ვგრძნობდი.
- გმადლობ, ანნა! მშვენივრად გამოიყურები! - ვუთხარი და ტყვიასავით შევვარდი კაბინეტში. წარმოვიდგინე როგორ უფართოვდებოდა თვალები, როდესაც კომპლიმენტს ვეუბნებოდი და მეცინებოდა. რა ცოტაა საჭირო, რომ ადამიანს ლოყები შეუფაკლო და დააბნიო.
კაბინეტში კი ის დამხვდა... მხრებში გამართული იჯდა სავარძელში, გადაჯვარედინებული ხელები მუხლებზე დაეწყო და სუნთქვას აკონტროლებდა. ფიტული, თოჯინა, მარიონეტი, რა ჯანდაბაც გინდათ დაარქვით!
ოოჰ, როგორ გავღიზიანდი! ის რა, ჩემთან მოვიდა იმისთვის, რომ ეს ხელოვნური ნიღაბი მაჩვენოს, რომელსაც მთელი ცხოვრებაც არაა, რაც ატარებს? შეზრდილიც კი არ აქვს, ხელის ერთი მოსმით ზედ შემოეხევა. მე კი საკუთარი თავის იმედი არ მაქვს, რომ ზედ სახის კანსაც არ ავაცლი და გავაშიშვლებ!
თამაში ასე დაიწყო და ვინ ვიყავი მე, რომ მისი წესებით არ მეთამაშა. ან თავი არ მომეჩვენებინა, თითქოს, მისი წესებით ვთამაშობდი. ძალზედ საინტერესო იყო ჩემთვის, როცა გასართობად მსტუმრობდნენ. არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც ისინი ნეკნებდაუთვლელად მიდიოდნენ ჩემგან. მათ გახსნას და სულში ქექვას ყოველთვის ვახერხებდი. თუმცა როზა…
აქ შევცდი. ის არ თამაშობდა. ის დამფრთხალი შველი იყო, რომელიც როგორც თვითონ ამბობდა გარემოებებმა ხან ერთ ნაპირს მიახეთქეს, ხან მეორეს.
- გამარჯობა. - მივესალმე და ტყავის ზურგჩანთა მაგიდაზე ნაჩქარევად დავდე. შავი ბლოკნოტი და კალამი მაგიდიდანვე ავიღე და ქალბატონის წინ სავარძელში დავჯექი.
- გამარჯობა. - ტუჩები მოკუმა და უარესად დაიძაბა. ინტერესით შევათვალიერე და თავი ოდნავ მარცხნივ გადავწიე. ასე ვაკეთებდი მაშინ, როდესაც რაღაც უცნაურად და საინტერესოდ მეჩვენებოდა.
- როზამუნდი, ჰო? - თავი მოვაჩვენე, თითქოს, არაფერი შემიმჩნევია და ბლოკნოტში მის მონაცემებს ვკითხულობდი. სინამდვილეში კი ნახევრად მძინარე ვიყავი, როდესაც ანნამ დამირეკა და მითხრა დილაადრიან სერიოზული პაციენტია, რომელიც დილის შვიდი საათისთვის ჩემთან შესახვედრად სეანსში სამმაგს იხდიდა. მოგატყუებ, რომ გითხრა ფულმა გამაგიჟა-მეთქი. არა. ის ფაქტი, რომ მისთვის ფული არაფერი იყო და დილაუთენია ადგომა არ ეზარებოდა, რათა შემხვედროდა - ბევრად საინტერესო მეჩვენებოდა.
- დიახ, როზამუნდი.
- როზა. - მომენტალურად გავუშინაურდი და მისი სუნთქვის აჩქარება დავაფიქსირე. - ანნამ მომაწოდა ინფორმაცია, რომ სასწრაფოდ გსურდათ ჩემთან შეხვედრა. თან ისე, რომ არავის არაფერი სცოდნოდა, შემთხვევით გამვლელსაც კი.
- დიახ. - თავშეკავებას არ ღალატობდა და პოზასაც ინარჩუნებდა ქანდაკებასავით.
- აქ მოკლე პასუხების გასაცემად მეწვიე? - თქვენობითი ფორმა მოვიშორე, მაღიზიანებდა.
- მე აქ პროფესიონალთან სალაპარაკოდ მოვედი. - მტკიცედ მომიგო და ჩემი ირონიაც დაიმსახურა.
- რა სფეროში პროფესიონალს გულისხმობ?
- ცნობილი ფსიქოლოგი ბრძანდებით, ამიტომაც გეწვიეთ. - ღიზიანდებოდა.
- და რა არის ფსიქოლოგია? - სავარძელში გემრიელად ჩავეფალი და ფეხი ფეხზე გადავიდე.
- ფსიქოლოგია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის შემსწავლელი მეცნიერებაა. - თავდაჯერებულობას არ კარგავდა, ან სურდა, რომ ასე მეფიქრა.
ოცდათოთხმეტი წლის იყო, ქერა, ბრჭყვიალა თაფლისფერი თვალებით. თვალებთან ნაოჭები ელეგანტურობას სძენდა, სქელი ტუჩები კი მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. სულ ოდნავ მომრგვალებული ფორმები ტანზე მომდგარ კაბაში ფანტასტიურ მიზიდულობას ჰბადებდა მასსა და მოსაუბრეს შორის, სქესისდა მიუხედავად. გულს მირევდა, რომ ამ ენერგეტიკის მფლობელი ქალი ჩემ წინ ასე ურცხვად ირგებდა იმ სამოსს, რომელიც არც თავად მოსწონდა და არც უხდებოდა მის ხასიათს. ადამიანები, რომლებიც ნიღაბს ირგებენ, მეტისმეტად სასაცილოდ გამოიყურებიან ე.წ. "მკითხველების" თვალში.
- და რაზეა დამოკიდებული ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა? - ვაგრძელებდი მის წვალებას.
- რატომ მისვამთ ამ კითხვებს ? - აღელდა, თუმცა არ გატოკებულა.
- მიპასუხე, როზა. - გავუღიმე და თვალი თვალში გავუყარე. მისი იმედგაცრუებული აურა, რომელსაც მთელი თავისი არსებით აფრქვევდა, სასტიკად მართობდა. ღმერთმანი, საოცრად მეტყობა, რომ ალიონის ფრინველი არ ვარ, თუმცა არაპროფესიონალიზმს ნუ დამწამებთ. ხანდახან ვერთობი.
ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ, მიპასუხა.
- გარემო ფაქტორებზე, არაცნობიერზე, სოციუმზე და ა.შ.
- და რა არის სოციუმი, გარემო ფაქტორი, არაცნობიერი? - ხმის ტონს დავუწიე და მასთან ახლოს მივიწიე.
- ც-ცხოვრება. - ზუსტად ის პასუხი მომცა, რომელიც მჭირდებოდა.
- განა, შეიძლება, რომ ადამიანი ცხოვრების პროფესიონალი იყოს? - ამჯერად ხმა გავყინე და თავი მაღლა ავწიე.
- შეუძლებელია… - თავი დახარა და სხეულიც მოადუნა. ეს ის იყო, რაც მჭირდებოდა. მეტისმეტად სწრაფად გატყდა, თუმცა ფანტასტიურ შედეგს მივაღწიე.
- როზა… - დავიწყე, მაგრამ გამაწყვეტინა.
- მე… მე საშინელი ადამიანი ვარ. - თავი ასწია და აცრემლებული თვალები შემომანათა. იმდენად გულწრფელი და სულშიჩამწვდომი მზერა ჰქონდა, გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. მას სჯეროდა, რომ საშინელი ადამიანი იყო. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ ამქვეყნად ყველაზე ამაზრზენი ადამიანი იყო და ამ ფაქტმა ბრაზისგან ყბის ძვლები დამაჭიმინა.
- რას ნიშნავს საშინელი ადამიანი შენთვის? - თავს ძალა დავატანე და გავაგრძელე. მიჭირდა, რადგან ერთადერთი რისი სურვილიც გამიჩნდა, იყო ჩავხუტებოდი მას და მეგრძნობინებინა - ადამიანი, რომელიც ასეთი მზერით უყურებს სამყაროს, შეუძლებელია იყოს საშინელი.
- მე საშინელი, საზიზღარი, ამაზრზენი ადამიანი ვარ, ქალბატონო ლილი! - აღმოხდა და გული ამოუჯდა. ტიროდა, ტიროდა და ტიროდა… თითოეული მისი ცრემლი მტკიოდა, მაგრამ მას უნდა ეტირა. დიდხანს მალავდა თავის გრძნობებს, კლავდა არაცნობიერის ბნელ გამოქვაბულებში, ახლა კი ვერ გაუძლო. ამოხეთქა.
რაც უფრო მეტს ვითმენთ, ამოფრქვევას ერთიათად უფრო ძლიერად შევიგრძნობთ. ასეთია ადამიანური ბუნება. ზოგი ითმენს და ფეთქდება, ზოგიც არ ითმენს და თავს უკეთ გრძნობს. ჩვენივე ფსიქიკისთვის უკეთესია არ მოვითმინოთ, არ შევინახოთ, არ ჩავალპოთ ჩვენ შიგნით გრძნობები, რომელთაც სიცოცხლის ფასადაც კი სურთ - გათავისუფლდნენ. სიმშვიდეს მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ, როდესაც საკუთარ თავებთან ბრძოლას შევწყვეტთ და დავუმეგობრდებით. შინაგან ჰარმონიაზე ოცნებობენ ორ ფეხზე მოსიარულენი, თუმცაღა თავადვე ამბობენ უარს მასზე, როცა საქმე საქმეზე მიდის. უცნაურია, მაშ!
და შემდეგ, ის ალაპარაკდა. სლუკუნს შორის უჭირდა სიტყვების ქარგვა, მაგრამ თითქმის ყველაფერი დაფქვა. ეშმაკმაც დალახვროს, თითქმის ყველაფერი, თითქმის...

ჩვიდმეტი წლისა დაფეხმძიმდა. გართობა, წამლები, მოწევა, სექსი და შედეგიც - ფეხმძიმობა.
ქმარი არასდროს ჰყვარებია, ან რა სიყვარული უნდა მოესწრო? რამდენიმე საათის გაცნობილი ჰყავდა. კონდომი? ჯიბეგაფხეკილ, ჰორმონებმოძალებულ ღლაპებს კონდომის არც ფული, არც სურვილი ჰქონდათ. ან, ჰქონდათ და სხვა ნივთიერებებში ხარჯავდნენ. ეშმაკმაც დალახვროს! ალკოჰოლით გაჟღენთილ სისხლი, რომელიც ნეირონებსაც კი არყის წვრილ ძაფებად გადააქცევდა და მათი დახმარებით ტვინში პირდაპირი გზით ეს წყეული სითხე შეჰყავდა, ტვინის ღარები კი სხვადასხვა ფერის ტაბლეტებით იყვნენ დახშობილნი და გარესამყაროს კოსმიურ მტვრად აღიქვამდნენ… ამ მდგომარეობაში რეზინი კი არა, საკუთარი სახელები ავიწყდებათ.
თუმცა, რა აზრი აქვს ამ დეტალების მოყოლას. რა აზრი აქვს იმის თქმას, რომ ჯერ ჩამოუყალიბებელ ადამიანს აძლევენ საშუალებას ფსიქოაქტიური ნივთიერება მოიხმაროს? რა აზრი აქვს იმის თქმას, რომ მშობლებს შვილები ზოგჯერ ფეხებზე ჰკიდიათ? რა აზრი აქვს იმის თქმას, რომ თუ მშობელი ვერ ახერხებს აღზარდოს შვილი ფიზიკური ძალადობის გარეშე, ამ საქმეში უნდა ჩაერიოს სხვა სამსახური?! რა აზრი აქვს იმის თქმას, რომ უსამართლობაა, როდესაც ბავშვს ბავშვი უჩნდება, უშვილო ქალი კი შვილს სთხოვს ღმერთს ცხარე ცრემლით და ეს უსამართლობაა, რადგან ღმერთი მას არ უპასუხებს? მიპასუხე, რა აზრი აქვს?!
იყვირე რამდენიც გინდა, იკივლე, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს, აძაგე ყველა, ვინც ასე იქცევა და არც კი გაბედო თითის განძრევა, რომ რაღაც შეიცვალოს! გაიგე?!
ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც ადრე. ტვინგამორეცხილი იდიოტები ლექსიკონში არსებულ ყველა ჭკვიან სიტყვას ერთად უყრიან თავს და პრესას "პრესავენ". არგუმენტები, კამათი, საუბრის გადადება, სიტყვები, ფრაზები, წინადადებები, დისერტაციები და მაინც - მხოლოდ სიტყვები. წყეული სიტყვები, მარცვლები საქმის ნაცვლად.
ადამიანი ზარმაცი არსებაა. ენა კი უძვლო აქვს. არაფერი ახალი არ გაიჟღერებს მომავალში, რადგან ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.
მაგრამ მაინც…
...
როზას ცოლად მოყვანა ჯეიმის მოუწია. ცხოვრობდნენ ჩვეულებრივ, როგორც მათ ოჯახს შეეფერებოდა. ბიჭს გოგო ფეხზე ჰკ.იდია და აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რიტმში, როზა კი…
ბავშვი, ბავშვი, ბავშვი და ისევ ბავშვი. ვერ აღიქვამდა საკუთარ თავს დედად. საკუთარმა კი მასზე უარი თქვა. ჰაჰ, უფრო სწორად მამამ თქვა და დედას "სხვა გზა არ დარჩა" და კაცს დაემორჩილა.
პატარა, უცოდველი არსება, რომელიც ერთი კვირა იყო, რაც მოევლინა სამყაროს, დაბადებიდანვე მარტო დარჩა. არა, იგი დედის მუცელშივე იყო მარტო. არავის სურდა მისი არსებობა, რადგან ერთიც და მეორეც, ალბათ, ოვერდოზით სიკვდილს არჩევდა, ვიდრე მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზისგან ჩამოყალიბებული დეპრესიის დროს სპონტანური სუიციდით.
ე.წ. "ლომკა" და როზა ადამიანს არ ჰგავდა. ავიწყდებოდა ყველა და ყველაფერი, გარდა იმ მოლეკულების, რომელიც დამსკდარ ვენებში უნდა შეეშვა და სამყაროს მოწყვეტილიყო. შვილი? ღმერთს მადლობა, რომ საკეისრო გაიკეთა, თორემ… თორემ. ეგოისტი ნაბი'ჭვარი ქალი და მისი შესაფერისი მამაკაცი, რომელიც ცემა-ტყეპის გარდა, არაფერს აკეთებდა. მუდმივი დალურჯებები, დაბეჟილობები, წივილ-კივილი. ჯამ-ჭურჭლის ტეხა და ჯანდაბა, ამის დედაც! ორი თეფში გაქვს დარჩენილი, იმ ბოლოსაც ტეხ, რათა ჯავრი იყარო იმაზე, რომ "ბარიგამ" გადაგაგდო. რადგან ფული ბავშვის საფენებში დახარჯე და ათიოდე დოლარი შემოგაკლდა.
ბავშვი ცოცხალი მხოლოდ მეზობელი ქალის დახმარებით გადარჩა, რომელიც რამდენიმე დღეში ერთხელ სტუმრად შედიოდა ნარკობუნაგში ცისფერთვალება ანგელოზის გამო. რძე მიჰქონდა და აჭმევდა.
კვამლი, არეულობა, ნაგავი, სიბინძურე, ჭუჭყი… დავიწყებული ბავშვი, რომელიც თავისივე განავალში ბანაობს და გულისგამაწვრილებლად კივის.

"მიშველე დედა! მიშველე მამა! მე არაფერი დამიშავებია! მე დავიბადე! მე ჰომ უბრალოდ...დავიბადე. დავიბადე, გესმით? მე ეს არ მსურდა, მე აქ ყოფნა არ მსურდა. მე არ მსურდა იმ ქალის მუცელში ყოფნა! რა დავაშავე? რატომ გამაჩინეთ აქ? რა ცოდვა მიმიძღვის, სამართლიანო ღმერთო? მიშველეთ! ხმა გაიღეთ! არნაცხოვრები ცხოვრება მტკივა!"

აზრი აქვს იმის თქმას, რომ აზრი არ აქვს სოც. სამსახურებში დარეკვას? პოლიცია? თავად გაერკვევიან, ოჯახურ დრამაში არ ჩავერევით! აზრი აქვს იმის თქმას, რომ შვილმკვდარ დედაზე მეტს, არავის ადარდებდა კედელს იქით რა ხდებოდა?
როგორც კი მეზობელ ქალს ბავშვის თავისთან წაყვანა სურდა, როცა სიტუაცია იძაბებოდა, ჯეიმი ეგრევე თავს აცხრებოდა და მთელი კვარტლის გასაგონად ბღაოდა, შვილს მართმევენო.
რატომ? ინსტინქტია, მამაკაცების კვერცხებში ჩადებული ინსტინქტი, რომ გამრავლდნენ და მემკვიდრეობა დაიცვან. ადამიანი ცხოველია, მეტი არავინ და არაფერი.
რას აკეთებდა როზა ამ დროს? სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო გამართული მის შიგნით.
დედა და ბავშვი ებრძოდნენ ერთმანეთს. თავისუფლება და მონობა, როგორც ის აღიქვამდა ამას.
თუ ვიქნები დედა, ვეღარ შევძლებ თავისუფლად წავიდე იქ, სადაც მსურს. ვერ წავალ მეგობრებთან კლუბში, რადგან ბავშვი სახლში დამელოდება, მე კი მას მარტო ვერ დავტოვებ. თუ პასუხისმგებლობას ავიღებ ბოლომდე უნდა მივდიო, თუ არადა უნდა მოვიშორო და ყველაფერი დამთავრდება.
ბავშვი, თავისუფლება, ბავშვი, თავისუფლება…
უცოდველი, "კაიფის" დროს ჩასახული ბავშვი, რომელსაც არაფერი დაუშავებია, რომელიც განწირულია იცხოვროს უდედოდ, უმამოდ, უბებიოდ და, და, და…
თავისუფლება!
ბევრჯერ მისულა მძინარესთან და საათობით უცქერდა. ზოგჯერ უვლიდა კიდეც, აჭმევდა, უცვლიდა, ეფერებოდა, მაგრამ როგორც კი შვილს შეატყობდა, რომ იგი ბედნიერი იყო, როგორც კი ბავშვი დედის ხელში გაიცინებდა, გადაიკისკისებდა და სიხარულისგან თვალები ბრჭყვიალებით ევსებოდა - ბოღმის ჭია ღრღნას უწყებდა ქალის ნახშირივით ჩაშავებულ გულს, რომელსაც ერთადერთი თეთრი წერტილი ჰქონდა დარჩენილი ზედ.
თავს ანებებდა და სმას იწყებდა. ალკოჰოლი მისი "წამალი" იყო. როდესაც სიმთვრალეს აძლევდა საშუალებას, რომ მის სხეულში ვნების ალები აენთო, მამაკაცების მოყვანასაც არ ერიდებოდა სახლში.
და აბა, თუ გამოიცნობთ რა ხდებოდა შემდეგ ?
ჯეიმი "კაიფში" შემოუსწრებდა ზუსტად გაველურებული სექსის დროს და იწყებოდა ჯოჯოხეთი. არამარტო შვილისთვის, როზასთვის და უცნობი ბიჭისთვის, მთელი კვარტალი ფეხზე იდგა ხოლმე. პოლიცია, სასწრაფო დახმარება, დაჭერობანას თამაში, მარტო დარჩენილი ჩვილი და მეზობლის ქალი ლარა…

- ჩემგან რისი მიღება გინდა? - ვკითხე და თვალი თვალში გავუყარე. მეტისმეტად შესამჩნევი გახდა დაბერილი ძარღვი ჩემს კისერზე, რომელიც იმდენად დამეძაბა, თითოეულ მყესს დაითვლიდით ზედ.
- არ ვიცი… - ვეღარ ვიმჩნევდი მის ღაპაღუპით მდინარე ცრემლებს, რომელიც საცრემლე ღარში უკვე ვეღარ ეტეოდნენ და წარღვნასავით ატყდებოდნენ როზას დასიებულ სახეს.
- ახლა? - ჩემს კითხვაზე შეკრთა.
- რა ახლა?
- ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
- ჯეიმის გავეყარე და სწავლას მივყე ხელი. კაზინოში დავიწყე მუშაობა და გენერალურ დირექტორის მოადგილემდე დავწინაურდი.
- მოსაწყენია. - ეგრევე მივახალე. იაფფასიანი. შენ იცი, რა კითხვაც დაგისვი და თავს არიდებ პასუხს. რატომ?
- მე…
- ახლა უკვე აღარ მაინტერესებს, წინა კითხვის პასუხი. - გავაწყვეტინე. - რატომ არიდებ თავს კითხვაზე პასუხს ? - ავდექი და მისი სავარძლის სახელურებს დავეყრდენი. თვალი თვალში გავუყარე და გაქცევის ყველა გზა მოვუჭერი.
- წინა კითხვაზე პასუხი, ამბობს იმას, რომ მე საშინელი ადამიანი ვარ. - სუნთქვა შეეკრა და თვალი ამარიდა.
- აქ მოხვედი იმისთვის, რომ გელაპარაკა, რჩევა მიგეღო, საკუთარ თავში გარკვეულიყავი, ან, ან, და კიდევ ბევრი ან. რატომ დუმხარ?
- საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდები. საკუთარმა თავმა შემიძულა, საკუთარმა მემ ცოცხლად დამღრღნა და მხოლოდ ძვლები დატოვა ჩემგან. უპატიებელია ის, რის გამოც აქ მოვედი. მაგრამ ხმამაღლა ამის თქმა, ჩემს ძალებს აღემატება. - ცარიელი იყო მისი თვალები. არ მიყურებდა, მაგრამ მე ამას ვგრძნობდი. ვგრძნობდი რაოდენ ძლიერი ტკივილი იმალებოდა ამ სიცარიელის უკან, მაგრამ კითხვის დასმა ვერ გავბედე. ვიფიქრე, შემდეგისთვის გადავდებ ამაზე საუბარს-მეთქი, მაგრამ აქაც შევცდი. ამ ქალთან საუბარი - ჩემი შეცდომა იყო.

წავიდა და წავიდა სამუდამოდ. არ გამოჩნდა ერთი, ორი, ოთხი თვე… მე კი მასზე ფიქრი შფოთვაში გადამივიდა. ღერს ღერზე ვეწეოდი და ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მექნა, რათა კვლავ შევხვედროდი. ვხვდებოდი, რომ მას ვჭირდებოდი. ვჭირდებოდი, მე კი გავუშვი. გავუშვი იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ… იქ, სადღაც სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს საუბარი პირველი და უკანასკნელი იყო.
თუმცა… შფოთვამ და ფიქრებმა მაიძულეს უფრო ღრმად ჩავსულიყავი. ანნას მთელი ქალაქი ავაოხრებინე, რათა მისი ასავალ-დასავალი მეპოვა და ფეხზე მეკ.იდა, რომ ეს პროფესიული ეთიკის დარღვევა იქნებოდა. მაგრამ, ერთადერთი, რაც ვიპოვე - მისი ძველი მისამართი იყო.
ფარატინა ფურცლის ნაგლეჯზე გაკრული ხელით მიწერილი მისამართი, რომელმაც იქ მიმიყვანა, სადაც არ უნდა მივსულიყავი. ჯანდაბაშიც წასულა, ეს "უნდა", მაგრამ…

- გამარჯობა, მე როზამუნდ სმითს ვეძებ, ამ მისამართზე გამომიშვეს. - ღიმილით მივესალმე ხანშიშესულ ქალბატონს, რომელიც ძლივძლივობით ადიოდა კიბეებზე. ერთხანს სახეში ჩამაკვირდა და თავით ფეხებამდე ამათვალიერა.
- რისთვის გნებავთ, მასთან ვიზიტი, ქალბატონო? - ეჭვის თვალით მიყურებდა.
- დიდი ხნის მეგობრები ვართ, მის მოსანახულებლად მოვედი. - მოვიტყუე და ვინანე.
- წამობრძანდით. - ზედაც არ შემომხედა ისე მითხრა.
მეოთხე სართულზე ამიყვანა და თავის ბინაში შევედით. ვცქმუტავდი, მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად მენახა როზა, მაგრამ ამ ქალის დუმილი ჭკუიდან მშლიდა.
- თქვენ დიდი ხანია, რაც იცნობთ? - საუბარში დრო სწრაფად გადის-მეთქი ვიფიქრე.
- როზა მოკვდა. - უეცრად თქვა, როდესაც ჭიქაში ჩაის ასხამდა. ხმაც კი არ შეცვლია. გულგრილად, ცივად წარმოთქვა და ჩემ წინ დაჯდა.
- ბატონო? - შოკირებული მდგომარეობიდან ორიოდე წუთის შემდეგ გამოვედი.
- როზამუნდ სმითი მოკვდა. - თვალი თვალში გამიყარა და ტანში გამცრა.
- როგორ ? - ხელები ჩამოვუშვი და საზურგეს მივეყრდენი.
- თავი ჩამოიხრჩო. - ამ ქალის ყინულივით ცივი ხმა და უემოციობა ბოლოა მიღებდა.
- როდის?
- ოთხი თვის წინ, 26 აპრილს.
ოღონდ ეს არა!
გაგიჟებული წამოვხტი და გააფთრებული ვეძებდი წიგნაკს, სადაც ჩანიშნული მქონდა ვიზიტები. ხელის კანკალით ვფურცლავდი და გული ბარტყივით მიფართხალებდა საგულეში.
არ მჯეროდა. არ მჯეროდა არაფრის დიდებით. სეანსის შემდეგ უბრალოდ ადგა და თავი ჩამოიხრჩო? ჩემი ბრალია?
უღონოდ მივესვენე სკამზე, მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი და თავი ხელისგულებში ჩავრგე.
- წერილი, ბარათი, წინასასიკვდ…
- არაფერი. - გამაწყვეტინა და ვგრძნობდი მის მზერას. მესმოდა მისი ხმა, რომელშიც ერთი წვეთი თანაგრძნობისა არ იყო.
- თქვენ ?
- ცამეტი წლის წინ აქ ცხოვრობდა, თავის ქმართან ერთად. - თავი ავწიე და სახეში ჩავაკვირდი.
- თქვენი სახელი? - ოღონდ ეს არა-მეთქი ვფიქრობდი.
- ლარა. - გავქვავდი. უნდა მეკითხა, მინდოდა კითხვა დამესვა, აუცილებლად, აუცილებლად, ჯანდაბა… ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ღრმად ამოვისუნთქე. თვალზე ცრემლი მომადგა და თავი ვერ შევიკავე.
- ქალბატონო ლარა…
- გისმენ.
- რატომ უნდა ჩამოეხრჩო როზას თავი?
- რიტორიკული კითხვები არ მიყვარს. ჩაიში შაქარი ჩაგიყარო?
- ბავშვი, როზას ბავშვი… - ხმა ვეღარ ამოვიღე, როდესაც მის სახეს შევეჩეხე. თვით სატანა ვერ იქნებოდა ასეთი ცივსისხლიანი, როგორიც ლარა იყო იმ მომენტში. თვალები მომენტალურად ჩაუსისხლიანდა და წამოდგა. მრისხანებას აფრქვევდა მთელი თავისი რაობით. სხვა ოთახში გავიდა და ზუსტად ერთ წუთში დაბრუნდა.
სამზარეულოს მაგიდაზე გაზეთის ერთადერთი გვერდი დამიდო და სახლიდან გავიდა.

დედ-მამას ღვიძლი შვილის მკვლელობისთვის ასამართლებენ!



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ცოტას გავშლიდი, მაგალითად, სეანსის ეპიზოდს და უკეთესად გამოვაჩენდი ამ სახიზღარი და ჩემი აზრით, არაპროფესიონალი ფსიქოლოგის დამოკიდებულებას პაციენტის მიმართ. როზასგანაც ცოტა მეტს მოვისმენდი.
როგორი გამაღიზიანებელი ქალია ლილი. ვერ ვიტყვი, იმედია ეს საქმე ჭკუის სასწავლებელი იქნებოდა მისთვისთქო, რადგან ჯობია, ფსიქოლოგობას შეეშვას და თავის იდიოტ ეგოს მიხედოს. (ბოდიში, პერსონაჟი მიგილანძღე :დდ)
გამართლი ტექსტია და სასიამოვნოდ იკითხება. შინაარსობრივადაც კარგია, თუმცა მასალა გქონდა და ოდნავ მეტის მოთხრობაც შეიძლებოდა.
წარმატებები ❤️

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

პირველ რიგში, გმადლობ, რომ წაიკითხე. ლილის გალანძღვა იზ ნოთ მაი ჯობ ასე ვთქვათ. პერსონაჟის მოწონება-არმოწონება მკითხველზეა. არ მსურდა ლილიზე და მის სხვა მხარეებზე საუბარი. მისი შემდგომი თხრობის მანერა უკვე მეტყველებს იმაზე - ვინ არის და რას წარმოადგენს. თუმცა სხვა მომენტების გაშლაზე ვფიქრობდი დიდხანს, ვფიქრობდი, მაგრამ არ მესიამოვნა დანარჩენის წერა. საზრდოდ ესეც მეყო.
გმადლობ, რომ წაიკითხე და შეფასება არ დაიზარე. ^-^

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

განსხვავებული იყო.მომეწონა.

 


№4  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი nancho
განსხვავებული იყო.მომეწონა.

გმადლობ შეფასებისთვის^-^

 


№5  offline წევრი Hilalli

ძაან კარგად გაქვს გადმოცემული ადამიანის მანკიერებები❤️ მე მომეწონა

 


№6  offline მოდერი Catherine Di Perso

Hilalli
ძაან კარგად გაქვს გადმოცემული ადამიანის მანკიერებები❤️ მე მომეწონა

უიჰ, გმადლობ, ძალიან გამიხარდი დილიდან ❤️ (რაღა დილაა, მაგრამ მაინც :დ )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent