შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემზე უნდა დაგელაპარაკო... (თავი2)


29-01-2021, 14:48
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 045

17 იანვარი, 2021

ძვირფასო ნიკ,

მხოლოდ ახლა შევძელი დაგლაპარაკებოდი. ხუთშაბათს, ლეოს შევხვდი. ისევ ვიგრძენი, რომ მიყვარს. როგორ მინდა ეს ვუთხრა, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ თუ ვიტყვი, გაქრება. ეს სიტყვა იმდენი ემოციითაა გატენილი და ისეა მიმართული ზარბაზნის ლულასავით ლეოსკენ, რომ როცა გავისვრი, მასაც გაიყოლებს, მგონია. არასოდეს მყოფნის, მინდა რომ დაუსრულებლად ვიყოთ ერთად, მაგრამ ისევე უსაფრთხოდ და მალულად, როგორც ეს სიტყვა იმალება ჩემში. მისი ნახვის შემდეგ, ვერ შევძელი შენთვის წერილის მოწერა.

წინა წერილში, გითხარი, რომ ლეოზე დაგელაპარაკებოდი და ასეც მოვიქცევი. ყველაფერს თავიდან დავიწყებ.

ლეო


მე და ლეო, თითქმის ტყუპები ვართ. ორივენი, ერთსა და იმავე წელს, 5 აგვისტოს დავიბადეთ. ის უფრო გვიან, მე უფრო ადრე. მე მთვარის ქვეშ დავიბადე - ღამით. ის მზის ქვეშ -შუადღეს, როცა მზე პირდაპირ შუაში დგას. შენ ახლა გაბრაზდები, ვიცი. ირონიული სიცილი აგითამაშდება სახეზე, რადგან მსგავს შედარებებს ჩემგან შენს თავზე ხარ ჩვეული და ვერ აიტან.
ჩემი და ლეოს ამბავი, ჩვენი ბავშვობიდან მოდის. სკოლაში, ჩემს მერხთან, ყოველ დღე მხვდებოდა წერილები. ზოგს, უბრალოდ ჩემი სახელი ეწერა, ზოგში „ყველაზე ლამაზი ხარ“, ზოგში „მ+ლ“ და ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ჩემმა კლასელმა არ წაიჭირა, წერილის დატოვებისას. მერე, საკლასო ოთახის კართან გაამაგრა სამმა ბიჭმა, მე კიდევ ამავე რაოდენობის გოგონამ შემიპყრო და სულ ძალით წამათრიეს ლეოსთან. „დამპყრობლები“ ჩუმად ქირქილობდნენ. მე და ლეო კი, ერთმანეთის გარდა, ყველაფერს ვუყურებდით. სახეზე ალმური მედო, არც ის იყო კარგ დღეში. როცა ზარის ხმა გაისმა და ირგვლივ ყველა შემოგვეცალა, მან მითხრა: „მიყვარხარ“ და თავქუდმოგლეჯილი ავარდა კიბეზე. იმ დღიდან მოყოლებული, ის ჩემი შეყვარებული იყო, მე მისი. თუმცა ჩვენი ურთიერთობა უფრო კატა-თაგვობანას წააგავდა, ვიდრე შეყვარებულობანას.
იმ ზაფხულს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა და მთელს მსოფლიოშიც და ჩვენს უბანშიც, მთავარი სალაპარაკო და განსახილველი თემაც ეგ იყო. არც მე და არც ლეოს, ფეხბურთი არ გვაინტერესებს, მაგრამ ერთმანეთის ჯიბრზე, ორივე სხვადასხვა ქვეყნებს ვგულშემატკივრობდით. ნერვები ეშლებოდა, ბექჰემი რომ მომწონდა და წიგნებსა და რვეულებში, მისი სტიკერები რომ მქონდა ჩაკრული. დამცინოდა და მეც ერთხელ ვერ მოვითმინე, იმ გრძელ და შავ, ტაღოვან თმებში ჩავაფრინდი. ძლივს გამაშვებინა, გაბრაზებული გავარდა სახლში და ერთი კვირა არ მენახვებოდა. ერთი კვირის შემდეგ, ჩემს დაქალს სთხოვა, რომ ჩუმად მივეყვანე სკოლის უკან. მანაც, მორჩილად აასრულა ლეოს დანაბარები და დანიშნულების ადგილზე მიმიტყუა.
-რა ხდება, აქ რა გვინდა? -შევაჩერდი თამთას.
თამთას ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და უცებ, უკან დაიხია, ჩემს ზურგს უკან გაიხედა. მე მშვენივრადაც ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ლეოს ოინები იყო. თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ამას როგორ შევიმჩნევდი?! უკან მოვიხედე და, კედელთან ატუზული ლეო დავინახე. შავი თმის გრძელი კულული, აქა-იქ დაჭორფლილ შოკოლადისფერ ცხვირზე გადაჰფენოდა და შავი თვალებით მიყურებდა, ქვევიდან. მაშინვე გამეცინა. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი ნიკ, ჩხუბის მერე, შერიგების დროს, სულ ხმამაღლა გადამეკისკისება, ხოლმე. მხოლოდ შენთან არ მემართებოდა ეს.
ლეოსაც გაეცინა და კედელს მიეყრდნო ცალი ბეჭით. ხელში რვეული ეჭირა და ალმაცერად მიყურებდა. მე დოინჯი შემოვირტყი და რვეულს დავხედე.
-ნახე, რა მაქვს. -ნიშნისმოგებით მითხრა.
-რა არის? -იგივე ტონით ვკითხე და რვეულისკენ გავაქანე ხელები.
ლეო სწრაფად დაიხია უკან და რვეული ზურგს უკან გააქანა.
-ჩემით გაჩვენებ. -მომაძახა ხუთი ნაბიჯის მოშორებით და რვეული გადაშალა.
რონალდინიოს სტიკერებით გადატენილი რვეული რომ დავინახე, მაშინვე გავცხარდი და ლეოსკენ გავექანე.
-მაშო, მაშო. -უკან გავიგონე თამთას აქოშინებული ხმა, რომელიც თანდათან სუსტდებოდა.
ლეო გარბოდა, მე მას მივსდევდი, თან ვუყვიროდი „ახლავე გაჩერდი!“-მეთქი. ლეო სადღაც მიიმალა. ირგვლივ, მხოლოდ დიდ ლოდებსა და სკოლის ცარიელ შენობას ვხედავდი. აქა-იქ, ნაძვებიც მიმოფანტულიყო სკოლის ეზოში, მაგრამ იმ ხეების უკან ვერ დამემალებოდა, რადგან ადვილად შევამჩნევდი. თამთა რამოდენიმე წუთში დამეწია, მე ყურადღებას არ ვაქცევდი, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და ლეოს ვეძებდი.
-მგონი, ნანგრევებში შეძვრა. -ჩუმად ჩამჩურჩულა თამთამ.
სკოლის შენობას უკან მოვუარეთ და შენობის მოშორებით, განცალკავებით მდგარ, სკოლის ძველ შენობაში შევიჭყიტეთ, უფრო სწორედ რაც მისგან დარჩა.
იქ შესვლა სულ მეშინოდა, ბავშვებისგან უამრავი ამბავი მქონდა მოსმენილი. ზოგი ამბობდა, ღამით აქ სულები დადიანო. ზოგი ამბობდა, მანიაკი ცხოვრობს და თუ შენობას მარტო ჩაუვლი, აუცილებლად გაგიტაცებსო. ჩვენს სკოლაში, ერთი განდეგილი სწავლობდა, რომელსაც ყველა „ბოხორას“ ეძახდა. განდეგილი იმიტომ ვთქვი, რომ არავისთან მეგობრობდა. სახე მუდამ უპრიალებდა, ცხიმიანი პონჩიკების ჭამისგან. ისეთი მსუქანი იყო, ძლივს დადიოდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ქოშინებდა. განსაკუთრებით საშიში იყო მისი ყურება, მაშინ როცა იცინოდა. გაიბერებოდა, გაწითლდებოდა და ხმა არსაიდან ისმოდა. მხოლოდ რამოდენიმე წამის შემდეგ, ხმამაღლა რომ ამოიგმენდა, მაშინ ვხვდებოდით რომ მანამდე იცინოდა. ბოხორაზე ამბობდნენ, სახლი არ აქვს და ამ დანგრეულ შენობაში ცხოვრობსო. იმიტომ არ ყავს მეგობარი, რომ სულებთან მეგობრობსო.
თამთას დამრგვალებული თვალებით გავხედე და იგივენაირ მზერას რომ გადავაწყდი, თავი გადავაქნიე.
-აქ ვერ შევიდოდა. -ჩავილაპარაკე.
-აქეთ წამოვიდა, დავინახე. -ჯიუტად აგრძელებდა თამთა.
რამოდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი და შენობის შესასვლელს მივუახლოვდი. წელში მოხრილი, ნელა მივიწევდი წინ და თამთაც ერთი ნაბიჯის მოშორებით, უკან მომყვებოდა.
-ხმა გაიგონე? -მკითხა თამთამ.
-თამთა, ნუ მაშინებ, ისედაც...
-სიცოცხლე მოგბეზრდათ? -დაიყვირა უკნიდან ლეომ და თამთას ისეთი განწირული კივილი გავიგონე, ჩემი შიშები შიშისგან გამეცალნენ.
უკან რომ მოვიხედე, ლეო ხმამაღლა იცინოდა და თამთასკენ იშვერდა თითს, მე კი მოულოდნელად ლეოსკენ გავქანდი და რვეული წავგლიჯე.
ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ვერც გავიაზრე როგორ მოვახერხე, სამი, თუ ოთხი ფურცლის ამოხევა და დაფხრეწა. ირგვლივ რონალდინიოს დაქუცმაცებული გამოსახულებები მიმოიფანტა. თამთამ პირი დააღო და ლეოს შეაჩერდა. მეც ლეოს ვუყურებდი უტეხად, რომელსაც ბრაზისგან ნესტოები დაჰბერვოდა და ისეთი გამომეტყველებით მიყურებდა, მეგონა საცაა თმაში მწვდება-მეთქი. შემდეგ კი, გაბრუნდა და ერთი თვე, თვალით აღარ მინახავს.

მე და ლეო გვერდიგვერდ კორპუსებში ვცხოვრობდით. კორპუსებს შორის, გარაჟები იყო და ერთ დღესაც, გარაჟზე მიწერილი „ბრაზილია“, რომ დავინახე, სასწრაფოდ ავიღე ქვა და გადავხაზე. ქვევით, „ინგლისი“ მივუწერე. მეორე დღეს, გადახაზული „ინგლისის“ ქვეშ, „ბრაზილია“ დავინახე და ისევ იგივე გავიმეორე, რაც წინა დღეს. რამოდენიმე დღეში, გარაჟის ერთი მხარე, თითქმის სულ დაიფხაჭა.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, იტალიამ მოიგო.

მე და ლეო, რუსულზე ერთად დავდიოდით და ჩვენი რუსულის წიგნები გავცვალეთ. რატომღაც, რომანტიული ჟესტი გვეჩვენა, ერთმანეთის წიგნები რომ გვქონდა სახლში. მერე კიდევ, რაღაცაზე ვიჩხუბეთ, ზუსტად აღარ მახსოვს. მე ჩემი რუსულის წიგნის დაბრუნება მოვთხოვე. ხომ იცი, ნიკ... როცა ვბრაზდები, უცნაური შურისძიებები მახასიათებს. ლეოს რუსულის წიგნი სულ დავუჩხაპნე და ისე ჩავაბარე. თავი ყოვლისშემძლე მეგონა და თვითკმაყოფილი ვიყავი, მაგრამ როცა ჩემი წიგნი გადავშალე და ისიც იმავე მდგომარეობაში დამხვდა, ეს უკანასკნელი წვეთი იყო. სამუდამოდ დავშორდი ლეოს! ორი წელი კიდევ კარგად გავქაჩეთ.

სკოლა ისე დავამთავრეთ, გამარჯობას არ ვეუბნებოდით ერთმანეთს. მეტიც, მტრებად ვიქეცით და შანსს არ ვუშვებდით ხელიდან, რომ ერთმანეთი ვინმესთან კარგად არ გამოგველანძღა. რუსულზეც აღარ დადიოდა... მიუხედავად ამისა, მთელი უბანი მაინც იმაზე ლაპარაკობდა, რომ ლეოს მაშო უყვარს და თუკი მაშო მოინდომებს, ერთ დაძახებაზე ლეო მასთან გაიქცევა.
სკოლაში, ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და ჩვენს უბანს გარეთაც. თუმცა, თუ ვინმე ჩემთან დალაპარაკებას ეცდებოდა, საქმეში ლეო ერთვებოდა და ეს ჩემი თაყვანისმცემლები სადღაც ქრებოდნენ, აღარ მეკარებოდნენ. მეზიზღებოდა ლეო!
ჩემი სკოლის მაგიდაზე, რომ საშინელი წარწერების დაწერა დაიწყო, ვეღარ მოვითმინე და დედას მოვუყევი ყველაფერი. სულს ვერ ვიბრუნებდი, ისე გაცხარებით ვუყვებოდი და ვაბუქებდი ყველაფერს, რომ ლეო ეცემა. ერთ დღესაც, უბანში შემთხვევით გადაეყარა ლეოს და შანსი ხელიდან არ გაუშვა, სასტიკად აუკრძალა ჩემს მერხზე „შტერი“, „დებილი“, „უტვინო“ მაშოს დაწერა. მასწავლებელმა კი, ის დაჩხაპნილი მერხი მე გამაწმენდინა. მეზიზღებოდა ლეო!
სკოლის დამთავრების შემდეგ, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავედით და სამუდამოდ მოვიშორე ეს აბეზარი! სამეტი წელი აღარ გვინახავს ერთმანეთი.

ნიკ, შენ გახსოვს ლეო? ის არის, ჩემი კლასელის ქორწილში, თვალს რომ არ მაშორებდა. სანამ მე და შენ დავშორდებოდით, რამოდენიმე თვით ადრე, ჩემი კლასელის ქორწილში რომ ვიყავით, ზუსტად ჩემს წინ იჯდა. გრძელი, შავი კულულები აღარ ჰქონდა. დაბალზე შეჭრილ თმაში, წინ შუბლთან ოდნავ სიმელოტეც კი შეჰპარვოდა და აღარც მე მქონდა თვალებში ჩამოყრილი ჩოლკები. სადაც წავიდოდი, უკან მომყვებოდა, შორიახლოს ჯდებოდა და მიყურებდა. შენ მკითხე კიდეც, „ვინ არისო?“ იეჭვიანე, მაგრამ არაფერს იმჩნევდი. ჩემი და შენი ურთიერთობა მაგ დროს იმდენად დამახინჯებული იყო, რომ ორ თვეში დასრულდა. იმ დღეს, ლეოს მზერაში იცი რა დავინახე, ნიკ? დავინახე, რომ იმ წლების მანძილზე, ყოველ სისაძაგლეში, რასაც ჩემზე ამბობდა, ყოველ უხეშ ქმედებაში სიყვარულს გუდავდა. ოცნებად ვყავდი ქცეული და რაც უფრო მეტად მიუწვდომელი ვიყავი, უფრო იზრდებოდა მისი სურვილი ოცნებისკენ სწრაფვის. რაღაცნაირად, შემშურდა მისი. მეც მინდოდა იგივე მეგრძნო, რასაც ის გრძნობდა ჩემს მიმართ. ოღონდ, არ ვიცოდი ვისკენ მინდოდა ამ გრძნობის გაშვება... შემშურდა და, შემეშინდა კიდეც მისი, ნიკ! გახსოვს, როგორ მიყურებდა? მე და შენ, ფანჯარასთან ვიდექით. ლეო გამოგვყვა და შორიახლოს, სავარძელში ღრმად ჩაჯდა. წამით გავაპარე მისკენ თვალი და სიგარეტის კვამლში, მისი კუპრივით შავი თვალებიდან ზიზღივით ცხელი სევდა მოდიოდა. ან ზიზღივით მწარე სურვილი, რაღაცის დაუფლების. ყველაფერი ეს ერთად იყო, იმ კვამლში გაბურულ შავ ბურთში.

ლეო, სკოლის მერე არასოდეს გამხსენებია და ქორწილის შემდეგაც, ის კადრიც ისე უცებ გადამავიწყდა, თითქოს არც ყოფილა.
შემდეგი რამოდენიმე თვე, საშინლად მეწვის, ნიკ. ახლაც იგივენაირად მეწვის, როგორც მაშინ, როცა ჩემგან წახვედი. ზუსტად იგივენაირად მეწვის, როცა იმ თვალების დანახვისას, ჩემი თავი რომ ვერ დავინახე შიგნით. შენი მომწვანო, ჭაობისფერი თვალები მე რომ აღარ მირეკლავდა, ახლაც იგივენაირად მეტკინა. იცი, ლეოზე რომ გიყვებოდი, ისეთი ხალისი დაბრუნდა ჩემთან. ბავშვობა დამიბრუნდა, თითქოს და გავხალისდი. მე წარსულის ადამიანი ვარ, ნიკ. ეს შენც ხომ იცი, მომავალი მაშინებს. მამას გარდაცვალების შემდეგ, სულ უფრო და უფრო მეტად...

ჩვენი დაშორებიდან, ორი წლის შემდეგ, ლეო მესიზმრა. მოკლე, ვარდისფერი კაბა მეცვა, წელზე მჭიდროდ მომდგარი. ჩემი ქერა თმა, დატალღული ეფინა მხრებზე. გვერდს ლეო მიმშვენებდა, ისეთი ლამაზი ვიყავი, როგორიც ლეოს ოცნება იყო. ყველაფერი ბრწყინავდა ირგვლივ და ის ამაყად შემომყურებდა. ყველა ჩვენ შემოგვციცინებდა და თვალებს არ უჯერებდნენ, თითქოს. ეს სიზმარი ლეოს ახდენილ ოცნებას ჰგავდა, მე კი ნამდვილი დედოფალი ვიყავი. სიზმარმა, ცხადლივ მაჩვენა ლეოს ოცნება და მე ეს ოცნება შემიყვარდა. საკუთარი თავი შემიყვარდა და მომინდა რომ რეალობად ქცეულიყო.
მე მას ოქროს ლანგარით მივართვი თავისი ოცნება და მეგონა, რომ ვეღარ გაუძლებდა. ბედნიერება გადაწვავდა, მეგონა... ამის შემდეგ, როცა ერთმანეთს შევხვდით, ბევრჯერ უთქვამს, „იმ დღემდე, სანამ არ დაგინახე, ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი იყავიო.“ მანქანაში, მის გვერდით მჯდომარეს, თვალს არ მაშორებდა. რამოდენიმეჯერ, შემეშინდა კიდეც, რამეს არ შეეჯახოს-მეთქი. თვეები დასჭირდა, რომ დაერეჯებინა. ეიფორიის თვეები ჯადოსნური იყო, მე ნამდვილი დედოფალი ვიყავი. ბრილიანტივით კაშკაშა იყო ყველაფერი, ჩვენს ურთიერთობაში.
როცა დაიჯერა, ჩემს სევდებთან გამკლავება გაუჭირდა. მე ხომ დედოფალი ვიყავი. დედოფალი კი სულ უნდა ანათებდეს, სულ უნდა იღიმოდეს...

ოცნებას ერთი ნაკლი აქვს - არ აქვს მნიშვნელობა, რაზე ოცნებობ. ერთ დღესაც, შენ მიიღებ ამას და შემდეგ უკვე, სხვა რამ გინდა. ოცნება არასოდესაა კონკრეტული, ის უბრალოდ შენშია და შენი ახდენილი ოცნებებით იკვებება. დანაყრდება თუ არა, სხვა საჭმელს მოგთხოვს.
დაიწყო პრობლემები... მას არ ესმოდა ჩემი დარდების, ჩემი ხასიათის უმიზეზო ცვლის. არ ესმოდა, რატომ ვადრამატულებ ყოველთვის ყველაფერს, არ ესმოდა რატომ ვყვირი, არ ესმოდა რატომ ვტირი და დანებდა... ამიტომ გგავს შენ, ნიკ. უბრალოდ, შენ უფრო დიდხანს იბრძოლე.
ლეო დაიღალა... ლეოს უკვე სხვა ოცნება ჰქონდა, ეს აქედან წასვლა იყო. მე კი, მას არ გავყევი. მე დაჟინებით ვთხოვდი, ისევ ძველ სიზმარში ვყოფილიყავი და ისევ დედოფლად მეგრძნო თავი. ნუთუ, ბევრს ვითხოვ, ნიკ? ხომ შეიძლება, ვიღაც ჩემი ბედნიერებისთვის ცხოვრობდეს?! არ შეიძლება ვინმე მხოლოდ მე მეკუთვნოდეს? მხოლოდ ჩემთვის ცხოვრობდეს... ეგოისტი ვარ, არა? არა, ეს ჩემი ოცნებაა და ოცნებები ყოველთვის უნდა ახდეს. ეს ბუნების კანონია.
დამთავრდა ჩემი და ლეოს სიზმარი, ნიკ. მე განადგურებული ვიყავი! თითქმის იგივენაირად, როგორც მაშინ, შენ რომ წახვედი... ტკივილს იმუნიტეტი არ აქვს.
დაკლებულ ხუთ კილოს, იმდენი დარდი გავაყოლე, აღარ მეგონა ისევ შევძლებდი თუ არა დარდს... მაინც, როგორ შემიძლია ისევ ვიცინო, ისევ მიხაროდეს სიცოცხლე და ისევ მიყვარდეს ლამაზი, ფერად-ფერადი კაბები ზაფხულის ცხელ ამინდებში?! როგორ გიყვარდა ჩემი ეს მხარე, ნიკ... მეც ხომ შენი ოცნებებიდან მოვდივარ?! გახსოვს, ჩვენს პირველ შეხვედრას რომ აღწერდი?! „დაგინახე თუ არა, მივხვდი რომ შენ იყავი ჩემი ოცნებებიდან გადმოსული გოგონაო.“ ეს ბევრჯერ გითქვამს, ყველას ამას ეუბნებოდი, როცა გკითხავდნენ, „მაშო როგორ გაიცანიო?“
ლეოსთან დაშორება რთული იყო. ისეთივე ცივი და აუტანელი, როგორიც ზამთარი. უფრო იმასთან განშორება მიჭირდა, რომ ვინმეს ოცნებას აღარ წარმოვადგენდი. თითქოს, ჩემი მზე ჩაესვენა და სადღაც, გაიყინა.

შვიდი თვის შემდეგ, შევრიგდით. შევრიგდით და დღემდე მოვდივართ... ძალიან მეშინია მისი დაკარგვის, ნიკ. მე ის შენნაირად მივლის. არა, მე შენ აღარ მიყვარხარ. უკვე დიდი ხანია აღარ მიყვარხარ, ისე როგორც მიყვარდი ჩვენი ერთად ყოფნის პირველ წლებში. მაგრამ, ყოვეთვის შენთან მინდება ლაპარაკი. ჩემზე, ყოველთვის მინდა რომ, შენ დაგელაპარაკო...
ლეოს უამრავი ყოფითი პრობლემა აქვს. რთულია ცხოვრება, რთულია უმამო ბავშვობა და მარტოდ დარჩენილი, ახალგაზრდა დედის აკანკალებულ მკლავებქვეშ ცხოვრება. მას არ აქვს ფუფუნება, რომ მხოლოდ უყვარდეს. უყვარდეს და მხოლოდ სიყვარულში ჩადოს მთელი მისი რესურსი. მე მისი მესმის, მაგრამ რა ვუყო ჩემს თავს, ნიკ? მაშინებს მომავალი მასთან და მაშინებს მომავალი მის გარეშე.
დედას არ მოსწონს ლეო. ფიქრობს, რომ მე ხელის შეწყობა მჭირდება. ფიქრობს, რომ მე არ ვარ ძლიერი და ვერ შევძლებ იმ კაცის გვერდით ცხოვრებას, ვისაც ყველაფერი თავიდან აქვს დასაწყები. მას უყვარს თომა. ფიქრობს, რომ თომას გვერდით ვიქნები ბედნიერი. დედას არ ესმის, დედას ჩემი შეგრძნებების არასოდეს ესმოდა. ისევე, როგორც არ ესმოდა, რატომ ვინახავდი მამას ოფლით გაჟღენთილ მაისურს. ისევე, როგორც არ ესმის, რატომ ვტიროდი დაუღალავად, როცა ის მაისური გამირეცხა. ის ვერც იმას გაიგებს, რატომ მჭირდება ლეო... მე ისიც არ ვიცი ნიკ, შენ გამიგებ, თუ არა ახლა... შენი ეგოიზმი დაგიბინდავს გონებას, თუ მართლა შეძლებ ძველებურად ჩამხედო სულში და მითხრა, რომ მე ამ პლანეტას არ ვეკუთვნი.

თომა ძალიან მიყვარს. ის კარგი მეგობარია, ზოგჯერ მეც ვხედავ მომავალს მასთან, მაგრამ ლეო... თამბაქოს კვამლში გახვეული შავი ბურთი სხვა რამეს მეუბნება. არ მინდა ეს მზერა ოდესმე ისე გაქრეს, როგორც შენი ჭაობისფერი თვალებიდან გავქრი, ოდესღაც...

ამ წიგნს დღეს მოვრჩები, კვირა დღეა და არსად გასვლას არ ვაპირებ. მაინც, რატომ არის ამერიკული ლიტერატურა ასეთი ცოცხალი, ასეთი მჩქეფარე?! მოდუნების საშუალებას არ მაძლევს, ფიქრებისგანაც მასვენებს, თითქოს.

თომაზე შემდეგ წერილში მოგიყვები, ნიკ.

მაშო



№1 სტუმარი სტუმარი keti

ეს ნამდვილი ისტორიაა? ძალიან გავს ნამდვილს და ბავშვობის სიყვარული ყველაზე წრფელია. არაჩვეულებრივად აღწერ ყველაფერს და ემოციები ზუსტად მოგაქვს. წარმატებები

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

სტუმარი keti
ეს ნამდვილი ისტორიაა? ძალიან გავს ნამდვილს და ბავშვობის სიყვარული ყველაზე წრფელია. არაჩვეულებრივად აღწერ ყველაფერს და ემოციები ზუსტად მოგაქვს. წარმატებები

ცოტ-ცოტა ყველაფერია. მადლობა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent