შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემზე უნდა დაგელაპარაკო... (თავი3)


30-01-2021, 17:54
ავტორი MoonDaughter
ნანახია 918

21.01.2021

ძვირფასო ნიკ,

ხელები მიკანკალებს. საკუთარი გულის ცემა ისეთი ხმამაღალი და ძლიერია, რომ მგონია უკუსვლით ითვლის, რომ 00:00 წამზე ავფეთქდე. ახლა, საღამოს ექვსი საათია, შვიდი დაიწყო. სამსახურს მოვრჩი და სახლში მივდივარ. მანქანის უკანა სავარძელზე ვზივარ და წერილს ვწერ შენთვის.
სანამ წერას დავიწყებდი, ჩემმა ძმამ დამირეკა. რა კარგი მეგობრები იყავით, ნიკ. ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ოდესმე ერთმანეთს დაშორდებოდით. ჩვენი დაშორების შემდეგ, რამოდენიმეჯერ, წყენითაც მითხარი, „გიო საერთოდ აღარ მეკონტაქტება, თავს შორს იჭერს ჩემგანო.“ მე და გიოს ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, მას შემდეგ, რაც თოთხმეტ წელს გადავაბიჯეთ და მშობლებმა ცალ-ცალკე ოთახებში გადაგვანაწილეს. ზოგჯერ მგონია, რომ ყველაზე უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვინც უყვარს. არცერთ სიტუაციაში არ მამართლებს და მიაჩნია, რომ გატუტუცებული ეგოისტი ვარ. თუმცა, გადამწყვეტ მომენტში, ის ერთადერთია, ვინც ყველაზე დიდ სიყვარულს და თანადგომას იჩენს ჩემს მიმართ.
დღეს, სამსახურიდან გამოსვლისთანავე, როცა მანქანაში ჩავჯექი და სახლის გზას დავადექი, გიომ დამირეკა. სანამ ზარს ვუპასუხებდი, უამრავმა საშინელმა აზრმა გამიელვა გონებაში. მოსაკითხად არასოდეს მირეკავს, ხოლმე. სხვა ქალაქში ცხოვრობს, მამას დედ-მამასთან ახლოს. მათ ხშირად ჩაურბენს ხოლმე და შეძლებისდაგვარად, ზრუნავს კიდეც მათზე. აკანკალებულმა, შიშისგან ოდნავ ხმამაღლა ვუპასუხე და მომეჩვენა, რომ მასაც ანერვიულებული ხმა ჰქონდა. თვალებზე ბინდი გადამეკრა, თითქმის დავრწმუნდი, რომ ან ბაბუა დავკარგე, ან ბებია. ღონე სულ გამომეცალა და სხეული დამიპატარავდა, წელში მოვიხარე. „სად ხარ?“ „მაშო, სად ხარ?“ ისტერიული მეჩვენა ეს შეკითხვები. საბოლოოდ, გაირკვა რომ დედასთან საუბარი უნდოდა და ის ტელეფონს არ პასუხობდა. ეს ახალი არაა, დედა არასოდეს პასუხობს ტელეფონს. ყველა მიჩვეულია ამას და იუმორით უყურებენ. თუმცა, მე ვერ მივეჩვიე. ყოველთვის, როცა არ მპასუხობს, საშინლად მცივა. კანკალი ამიტანს და მერე ერთბაშად მახურებს, ცეცხლივით მცხელა.
გიოსთან საუბარი დავასრულე თუ არა, ღონემიხდილი მივეფინე სავარძლის საზურგეს. კანკალმა ამიტანა, გული გამალებით მიცემდა. უცბად, მომინდა რომ შენ დაგლაპარაკებოდი, ნიკ.
წინა წერილის გამო, ნაწყენი ხომ არ ხარ ჩემზე? თუმცა, რა უფლება გაქვს, ნაწყენი იყო?!..
დედამ რომ გაიგოს, წერილებს გწერ, აუცილებლად გამიბრაზდება. შენზე სულ დაეკარგა წარმოდგენა, თუმცა მხოლოდ დედას არა - მეგობრებსაც. მარტო მე ვხვდები, რატომ გაიღვიძა შენში იმან, ვისაც ვერ ვიტანდი ვერასდროს შენში...
წინა წერილში გითხარი, რომ თომაზე მოგიყვებოდი... მასზე საუბარი რთულია, რადგან თავადაც არ ვიცი, რა უნდა მოვყვე.
ვეცდები...
თომა[/b][center][/center]
თომა ლურჯია. მე ვეუბნები, ლურჯი ხარ-მეთქი. თავად, ეცინება ამაზე და გიჟივით მომაყრის ხოლმე შეკითხვებს, პასუხებში კითხვებით მეჭრება და ცდილობს უფრო დავაკონკრეტო, თუ რას ვგულისხმობ. ლურჯი არ იტყუება, მაგრამ არც სიმართლეს ამბობს. ის სოციალურია, მაგრამ საკუთარ თავს მალავს მასში, რეალურ სახეს არასოდეს აჩენს. არც ექმნება ამის საჭიროება. ლურჯი ისეთ წრეს ირჩევს, სადაც არავის აინტერესებს, თუ ვინ ხარ სინამდვილეში. თომა კარიერისტია, ყოველი ჟესტი და ქმედება წინასწარ აქვს განსაზღვრული, რომელიც მიბმულია მის მომავალზე და საკუთარ გეგმებში ისეა ახლართული, რომ არც კი იცის როგორ მოუსმინოს ბავშვს, რომელიც მისი განვითარების რომელიღაც საფეხურზე დატოვა. ამ ბავშვის ხმა ერთხელ მე გავიგონე, მის საუბარში. აღარ მახსოვს ზუსტად როდის, მაგრამ მის ხელოვნურ საუბარში გავიგონე სევდიანი ხმა, კიბის რომელიღაც საფეხურზე, უიმედოდ რომ გაჰყვიროდა. მას შემდეგ, ეს ბავშვი აღარ მომშორებია, რადგან მხოლოდ მე მესმის მისი.

თომა ბევრი წლის წინ გავიცანი, შენამდე. ვიცოდი, რომ ყოველთვის ქალი ვიყავი მისთვის და არა უბრალოდ მეგობარი. თუმცა, მაშინ ყველაფერი უფერული იყო, ძალიან მკრთალი, გახსენებად არც ღირს. ყველაფერი გასახსენებელი ჩვენი დაშორების შემდეგ დაიწყო ჩემსა და თომას შორის. უფრო კონკრეტულად, რამოდენიმე თვეში.
ის ჩუმად მეპარებოდა, როგორც ლომები ეპარებიან ზებრებს. მე კი, ყოველთვის ვახერხებდი მისგან თავის დაღწევას. ერთხელ, ზუსტად ორი საათი მელოდებოდა, ჩემი მაშინდელი სამსახურის შემოსასვლელში. იტალიაში მიდიოდა და ჩემთან გამომშვიდობება სურდა, მაშინ მისთვის უბრალოდ ლამაზი თოჯინა ვიყავი და მეტი არაფერი. თავადაც ვერ ხვდებოდა, რა საჭიროა ამდენი ლოდინი ერთი თოჯინასთვის, როცა სხვაგან ურიგოდაც შეიძლება. ისე წავიდა, რომ არ ვნახე. ძალიან მაღიზიანებს თომა, როცა იმ ბავშვის ხმას ფარავს მისი გაზრდილი ვარიანტი.
იტალიიდან რომ ჩამოვიდა, ბრილიანტის საყურეები ჩამომიტანა. ეს ნამდვილად მეტისმეტი იყო და არასოდეს გამიკეთებია, დედა ინახავს. თომას ყოველთვის აგვიანდება. თუკი სახლთან არ მაკითხავს, ყოველთვის კაფეში ველოდები. ყველაზე ძვირიან კაფეში, რაც ახლომახლო შემხვდება, რადგან ეს მისი სურვილია. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემთან დაცულად იგრძნო თავი. პირველად მოხდა ეს მის ცხოვრებაში, ნიკ. როცა შეეძლო უნიღბოდ ყოფილიყო და სახე დაესვენებინა.

მასთან მეც ნამდვილი ვარ, ყველაზე ნამდვილი და კომფორტული, რადგან ჩემი სამყარო მას საშინლად ელამაზება. ჩემი ტანჯვები სავსე მთვარის ქვეშ, მისი ღიმილის და სიყვარულის მიზეზი გახდა, ნიკ. შენ ჩემი ღიმილი შეგიყვარდა, მას კი ცრემლები ჩემი. ეს დაუჯერებელია და შეიძლება სწორედ ამიტომ ვერ შევძელი მისი შეყვარება. მისი სიყვარული ყოველთვის ზიზღს იწვევდა ჩემში და თავადაც ვერ ვხვდები, რატომ?
მე ან დედოფლად უნდა ვიგრძნო თავი, ან იმ ბავშვად, რომელიც სავსე მთვარეს შიშით შეჰყურებს, როგორც მკაცრ მამას, რომელსაც მისი დასჯა სურს. შენ და ლეო მუდამ დედოფლად მაგრძნობინებდით თავს, თომა კიდევ ჩემს სევდებს აცოცხლებს. ჩემში მცხოვრები პატარა გოგონა, მასში მცხოვრებ, კიბის საფეხურზე მარტოდ დარჩენილი ბიჭის თავშესაფარია და ის მე თავს არ მანებებს. ყოველთვის იმ ბავშვს აცოცხლებს ჩემში, რომელიც დედოფალს გვირგვინს ართმევს და თითისქნევით ეუბნება, რომ ეს სულელური თავის მოტყუებაა.

თომას ჩახუტება უყვარს, ხელს ჩამჭიდებს და მაიძულებს რომ ჩავეხუტო, როცა მე არ მინდა. მას არ აინტერესებს ჩემი სურვილები, ის დაჟინებით მთხოვს რომ მოვეფერო და სანაცვლოდ მთელს სამყაროს მაჩუქებს. იმ ოქროს გვირგვინს დამადგამს თავზე, რომელსაც მერე ჩემითვე გადავაგდებ, რადგან ჩემში არსებული გოგონა ისევ დამიქნევს თითს. მძულს ეს პროცესი, ნიკ. მძულს, რომ მაძალებს მოვუსმინო, მძულს რომ უსაფრთხოდ გრძნობს ჩემთან თავს და მძულს რომ ერთ სიტყვაში შეუძლია გული ამიჩუყოს.

თომას ეგოისტურად ვუყვარვარ, ზუსტად იგივენაირად როგორც მე მიყვარდი ოდესღაც, ზუსტად იგივენაირად როგორც ლეოს ვთხოვ, რომ ვუყვარდე. წინა წერილში გკითხე, რატომ არ შეიძლება ვინმე მხოლოდ ჩემთვის არსებობდეს-მეთქი? სწორედ ასე, მხოლოდ მისთვის ვუნდივარ თომას, რომ მთელი ცხოვრება ჩემი ხელი ეჭიროს და ჩახუტება მიბრძანოს, როგორც ეს ბავშვებმა იციან.
თომას ყველაფერი აქვს, ყველაფერი აქვს ჩემი გულის გარდა. ის ფიქრობს, რომ ამ გულის ყიდვასაც შეძლებს, რადგან ბევრი ფული აქვს. არ ვიცი მეტი რა მინდა, ნიკ? მას ხომ შეუძლია მთელი სამყარო ფეხქვეშ გამიგოს?! მას მე ყველაზე ლამაზი ვგონივარ გარეგნულადაც და შინაგანადაც, მე მისთვის იმედი ვარ.
ის ვერავის აჩვენებს მის ნამდვილ სახეს, ჩემს გარდა. მე მისთვის გადარჩენა ვარ, ნიკ და ეჭვიც არასდროს შეჰპარვია, რომ ოდესმე დამკარგავდა, იმ დღის გარდა...
ეს მოხდა იქამდე, სანამ ლეო დამესიზმრებოდა...
თომას ვუთხარი, რომ სხვა მიყვარს... არ მომიტყუებია, ნიკ. მე მართლაც ვიყავი შეყვარებული მაშინ, ისე როგორც არასდროს... მე მთის შვილი მიყვარდა, თუმცა ამაზე მერე... თომამ მაშინ პირველად იგრძნო ჩემი დაკარგვის საფრთხე და ყოველ დღე, სახლთან საათობით მელოდებოდა რომ დამლაპარაკებოდა. მეშინოდა მასთან ლაპარაკის, ნიკ. ახლა ვხვდები, რომ მეც იგივენაირად მეშინოდა იმ ბავშვის დაკარგვის, ვინც მასში დაკარგულიყო. ვისაც მხოლოდ მე ვხედავდი და ვისი მფარველობაც ჩემი მოვალეობა მეგონა.
ბოლოს გავედი...
თვალები ასწითლებოდა, საჭეზე ედო თავი და არ იცოდა, საიდან დაეწყო.
-ვეჭვიიანობ. -დაიწყო მან. -პირველად ვეჭვიანობ შენზე.
მე ხმას ვერ ვიღებდი.
-იცი, შენ სხვანაირი ხარ. -განაგრძნო მან. -ზოგჯერ მგონია, რომ ყვავილი ხარ, რომელსაც ყოველ დღე თუ არ მორწყავ, დაჭკნება. შენ ბევრს მოეწონები, მაგრამ იმ ბევრს შენ მხოლოდ აქსესუარად უნდიხარ.
მე წარბებშეკვრით გახედე და მანაც მაშინვე შემომხედა.
-მათ შეილება ცოლადაც უნდოდე, მაგრამ არ ეცოდინებათ, რომ სავსე მთვარის დროს ხასიათი გეცლვება. არ ეცოდინებათ, რომ საღამოობით ზოგჯერ უმიზეზოდ ბრაზდები, დილით კი უმიზეზოდ კარგ ხასიათზე ხარ. ამის გამო, ისინი აუცილებლად დაუშვებენ შეცდომას და შენ ისევ ჩემთან მოხვალ, რადგან ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც შენში მცხოვრებ ყველა არსებაზეა შეყვარებული. პირველად ვამბობ ამ სიტყვას ჩემს სიცოცხლეში. პირველად ვამბობ, რომ მიყვარხარ!
მე მინდოდა რომ გაჩუმებულიყო, მინდოდა ხმა გაეკმინდა! ნიკ, ის მოძალადეა. თომა ჩემს სისუსტეებზე ისე დახტის, როგორც ბატუტზე. გულს მიჩუყებს და ვერ ვაღწევ თავს მისგან, თუმცა მის ნათქვამში იყო დიდი საიდუმლო, რომელიც მე ცხადია დავინახე.

ის ბიჭებიც, რომლებსაც მისი აზრით, აქსესუარად ვუნდივარ, თავად თომა იყო იმ დღემდე, სანამ არ იგრძნო რომ მკარგავს. ხოლო, გაიაზრა თუ არა ეს, უმალვე იმ ადამიანად იქცა, ვისაც თურმე შევყვარებოდი, ჩემი სული შეჰყვარებოდა. მე სახლი ვარ მისთვის, ის სიმყუდროვე, რომელიც ოდესღაც ჰქონდა. ღრმა ბავშვობაში, როცა ზამთარში, ბუხართან, ბაბუის კალთაში ტკბილ ძილბურანში გახვეული, მის ნაამბობებს ისმენდა. ყველაფერი ხომ, ბავშვობიდან მოდის, ნიკ. ჩვენი ყველაზე ღრმა ემოციები, რომლის არსში გარკვევა მუდამ გვიჭირს და რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებენ ჩვენზე, სწორედ იქ დაიბადა - ღრმა ბავშვობაში. ზოგჯერ ეს ემოციები ბოლომდე მოგვყვება, ზოგჯერ კი რომელიღაც საფეხურზე გაიჭედება და ზუსტად იგივენაირად დაიწყებს სევდიან სტვენას, როგორც ეს თომას შემთხვევაში მოხდა. მერე კი, ერთ დღესაც ვიპოვით ადამიანს, რომელიც ამ ხმას გაიგონებს და ვეღარასოდეს მოვშორდებით მას.
თომას ყოველთვის ჰქონდა ურთიერთობები სხვადასხვა ქალებთან, ეს უბრალოდ მისი ლურჯი ცხოვრების წესი იყო, თუმცა რამდენჯერაც მთის შვილი ამატირებდა, იმდენჯერ მას ვურეკავდი და ის ჩემთან გამორბოდა რომ დავემშვიდებინე.
საბოლოოდ, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ -მითხრა თომამ და მეც გავეცალე. ზედმეტად შორს ვიყავით ერთმანეთისგან. ის მთის მწვერვალი იყო, მე კი მის კენწეროზე, თოვლში ჩაფლულ პატარა ქოხში გამომწყვდეული პრინცესა, რომელმაც არ იცის თავი როგორ გაართვას დათოვლილ მთებს, არ იცის როგორ გადაურჩეს ზვავს და ამიტომ, არასოდეს გამოდიოდა იმ ქოხიდან. თუმცა, მე არასოდეს მყვარებია ისე ძლიერად, როგორც სადარა.
მთის თვალით, ბარი შორი და დაბალია, ამიტომ თავი მასზე მაღალი ჰგონია. ბარი კი ვერ სწვდება მთის კენწეროს და მის სილამაზესაც ვერ ამჩნევს. ორივე მშვენიერია, მაგრამ ერთმანეთის სილამაზეებს ისინი ვერ ხედავენ.

მაშ, სწორია - „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს.“
არ ვიცი, ღირს კი მოგიყვე სადარას შესახებ?
მანქანა გაჩერდა, სახლში ავდივარ. დედა ძალიან მომენატრა, მინდა რომ ჩავეხუტო. საჩქაროდ ავირბენ საფეხურებს და გადავეხვევი. ზოგჯერ განსაკუთრებით ძლიერ მიყვარს დედა.
სადარას ამბავი სევდიანია, ნიკ... ცრემლების გარეშე მიჭირს მასზე საუბარი და არ ვიცი, შევძლებ თუ არა, მომდევნო წერილში მასზე დაგელაპარაკო...

მამშვიდებს შენთან საუბარი, ნიკ.
[b]
[right][/right]მაშო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent