შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 12


8-02-2021, 03:14
ავტორი ემილიანე
ნანახია 1 471

ოფისი დახურა და სახლში წამიყვანა. რაღაცნაირად, ბედნიერი ვიყავი ასე კარგად რომ გამოვიდა ყველაფერი. მე ბევრი არაფერი გამიკეთებია, თუმცა ჩემი წვლილის გამო რომ ოჯახი დანგრევას გადარჩა, ძალიან მაბედნიერებდა. ირაკლის მთელი გზა ჩემი ხელი ხელში ჰქონდა მოქცეული. თავიდან კი ცოტა ვიუარე, მაგრამ შეწინააღმდეგებას არც აზრი ჰქონდა და არც სურვილი გამაჩნდა. დამშვიდობებისას, გადავიწიე და უბრალოდ გადავკოცნე. მან კი უკვე ტრადიციად აქცია, ის რომ ლოყაზე გემრიელად კოცნით მემშვიდობებოდა.
კიბეებზე მომღიმარი ავდიოდი. სახლში შევედი და დედას მივესალმე. ნაღვლიანი ხმით მომესალმა.
- რა მოხდა დედა ? - სამზარეულოში გავედი და წინ დავუჯექი.
- არ მინდოდა, შენთვის მეთქვა, მაგრამ ძალიან გამოუვალ სიტუაციაში ვართ. ბინის მეპატრონე ფულს მთხოვს, ისედაც 2 თვის გადახდილი არ გვაქვს. მამაშენი რომ გარდაიცვალა, გაიგო ჩვენი მდგომარეობა და ამდენი ხანი არ მოუთხოვია, მაგრამ ეხლა მანაც რა ქნას. თუ 3 დღეში არ გავუსტუმრებთ, ბინის დაცლა მოგვიწევს.
- ვიშოვით დედა მაგ ფულს. ნუ ნერვიულობ.
- არ ვიცი, ემილიანე. როგორ ? 50 ლარი არ არის ვინმეს რომ ვესესხო. - დედაჩემი ძალიან ამაყი ქალია, ბინას დაცლიდა და ამხელა თანხას არავის გამოართმევდა. დიდი სანათესაო წრე ისედაც არ გვყავდა და არც იმ დოზით გადასდიოდა ვინმეს თავზე, რომ ეს თანხა გამოგვერთმია. - ჩემი ხელფასი, თითქმის სესხებში წავიდა. მოსწავლეები საკმაოდ მყავს და რამეს მოვახერხებთ, მაგრამ წინასწარ ფული ყველას რომ გამოვართვა, 3 თვის ქირას მაინც არ ეყოფა. - გული დამიმძიმდა. ვერ ვეგუებოდი დედას ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავდი.
- ნუ გეშინია, დედა. რამეს მოვახერხებ. ვმუშაობ. ავანსს ავიღებ.
- ჯერ ხომ პირველი თვეა, ავანსს როგორ მოგცემენ ?
- მომცემენ. შენ არ იდარდო. - შუბლზე ვაკოცე და ჩემს ოთახში გავედი.
- არ ივახშმებ ?
- არ მშია, სამსახურში ვჭამე - ვიცრუე. მთელი დღე არაფერი მიჭამია, უბრალოდ მადა ახლა ნამდვილად არ მქონდა. ის ღამე ფიქრებში გავათიე, ისედაც წინა ღამის უძილოს, ეს ჩემთვის კატასტროფა იყო, მაგრამ რა მექნა ? ძილი არაფრით არ მეკარებოდა. წარმოვიდგენდი, როგორ ვთხოვდი ირაკლის ავანსს და მიწა მისკდებოდა. სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა, თორემ ამას ყველაფერი მერჩივნა. ირინას სიტყვები მამშვიდებდა, ავანსს უპრობლემოდ მაძლევს ყოველთვისო.
დილით თვალებჩაშავებული ავდექი. საშინლად გამოვიყურებოდი. ხელში რაც მომხვდა ის ჩავიცვი და უნივერსიტეტში წავედი. სისხამ დილით გავედი სახლიდან. დედას ჯერ კიდევ ეძინა. არ მინდოდა ლაპარაკი, ვერ ვუძლებდი მის ასეთ დანაღვლიანებულ სახეს. ირაკლის დავურეკე.
- დილა მშვიდობის, ემილიანე. გამაკვირვა და ძალიან გამახარა შენმა ზარმა, თანაც ამ დროს. - საათს რომ დავხედე, 9 მხოლოდ ახლა დაწყებულიყო.
- გაწუხებ, მაგრამ შეგიძლია მნახო ? ლექცია 10-მდე არ მაქვს.
- რას ნიშნავს მაწუხებ ? ახლავე გამოვდივარ. - სანამ ირაკლი მოვიდოდა, მანამდე უგზო-უკვლოდ ვსეირნობდი. ჩემთან დაახლოებით 15 წუთში გაჩნდა და მანქანა პირდაპირ ფეხებთან გამიჩერა. ეგრევე გადმოვიდა.
- კარგად ხარ ? - დაზაფრულმა შემომხედა და ჩამეხუტა. არაფერი მითქვამს, პირდაპირ მანქანაში ჩავჯექი, თვითონაც ჩაჯდა და ინტერესით მომაჩერდა.
- რა მოხდა, ემილიანე ? სახეზე ფერი არ გადევს.
- ირაკლი, რაღაც უნდა გთხოვო.
- მთხოვე ნებისმიერი რამ.
- როგორც უფროსს, ისე გთხოვ. ავანსი მჭირდება, თან სასწრაფოდ. - დაიბნა, ამას არ ელოდა.
- ემილიანე, ჯერ შტატში ჩასმული არ ხარ, პირველი თვეა. ოფიციალურად ავანსს ვერ მოგცემ. თუმცა, რა მნიშვენლობა აქვს ამას ? მე მითხარი რამდენი გჭირდება ? - ცოტა მაკლდა ტირილამდე. ველოდი ამ პასუხს, თუმცა იმედი მაინც მქონდა.
- არ აქვს მნიშვნელობა. დაივიწყე. - მანქანიდან გადასვლა დავაპირე, მაგრამ კარები ჩამიკეტა და არ გადამიშვა.
- შენ რა გგონია ეხლა, რომ ასე გაგიშვებ ? ოფიციალურად ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ მე შენს გვერდით არ ვარ ? რა მნიშვნელობა აქვს მე მოგცემ ჩემი პირადი ანგარიშიდან, თუ კომპანიის ანგარიშიდან მოვხსნი ?
- ჩემთვის აქვს ირაკლი ! შენ ვერ გამოგართმევ.
- ემილიანე, ნუ გამაგიჟებ ეხლა გთხოვ ! - წყობიდან გამოვიდა. - ის მაინც მითხარი რა მოხდა ?
- არ მინდა, ირაკლი ამაზე ლაპარაკი - უკვე ხმა მღალატობდა. - როგორც უფროსს რაღაც გთხოვე, არ გამოვიდა? კარგი. აღარაფერი მაქვს სათქმელი. გამიღე კარი, უნდა გადავიდე. - უკვე ვიგრძენი, რომ ცრემლები მომდიოდა.
- ჩემი საყვარელი ქალი ისეთი რამის გამო ტირის, რისი მოგვარება ფულითაც შეიძლება და მე ვერ ვშველი ? ახლა ჭკუიდან გადავალ. უბრალოდ, მიზეზი მაინც მითხარი ხომ შეიძლება ? - ჯინიანობა აღარ დამიწყია.
- 3 თვის ქირა გვაქვს გადასახდელი მე და დედას. მამაჩემის მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდებოდა და სახლი გავყიდეთ. 4 წელია ქირით ვცხოვრობთ. ამომწურავი პასუხი იყო ?
- ემილიანე, რატომ არ შეიძლება რომ დაგეხმარო ?
- ტყუილად მოცემული ფული არ მჭირდება.
- მოიცა აბა, რას მეუბნები ? ქალს, რომელიც სამყაროს მირჩევნია, ფული ვასესხო ? და შემდეგ უკან დავაბრუნებინო ?
- თუნდაც. ხელფასიდან ავტომატურად მომაჭერი გარკვეული თანხა, ყოველ თვე. იგივე ავანსის მოცემა გამოდის.
- შენ მე გამაგიჟებ !
- თუ თანახმა არ ხარ, ვეცდები სხვანაირად მოვძებნო გზა.
- თანახმა ვარ - რამდენიმე წამის შემდეგ მითხრა. სანამ შენ ლექციებს მორჩები, მე ფულს გამოვიტან და ოფისში მოგცემ.
- მადლობა - გულწრფელად მადლიერი ვიყავი. დედას ვეტყოდი, რომ ავანსი მომცეს. კი ხვდებოდა, თავადაც რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ რამეს მოვიფიქრებდი. უნივერსიტეტში დამტოვა. უხმოდ ვმგზავრობდით, ის ცალკე იყო გაბუსული, მე - ცალკე.
- მადლობა - ვუთხარი როცა გადასვლის დრო მოვიდა.
- ემილიანე, არაფერზე ინერვიულო, გთხოვ.
- ვეცდები - თბილად გამიღიმა. ლექციამდე ჯერ კიდევ 1 საათი მქონდა, სასადილოში შევედი ყავის დასალევად. ისეთი დაღლილი და გამოუძინებელი ვიყავი ფეხზე ძლივს ვიდექი. მთელი საათი გაშეშებული ვიჯექი და ერთ წერტილს მივშტერებოდი. მესმოდა ირაკლის. ის რომ ეთქვა გასესხებ და დამიბრუნეო, ალბათ ესეც არ მომეწონებოდა, მაგრამ ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს. საერთოდ ვინ მოიგონა ეს ფული ? არ უნდა წყვეტდეს ამდენ რამეს ცხოვრებაში.
ლექციებმა ისე გაიარა გადაბმულად ერთი წინადადებაც ვერ დავიმახსოვრე. ძალიან ვღელავდი, თითქოს სანერვიულო აღარაფერი მქონდა, მაგრამ მაინც დაძაბული ვიყავი. წარმოდგენაც არ მინდოდა, როგორ ვართმევდი ირაკლის ფულს. ლამის ტირილი მივარდებოდა ფიქრის დროსაც, კი.
ლექციები დამთავრდა და სამსახურის გზას დავადექი. ცოტა ხანს ფეხით გავლა და სუფთა ჰაერზე ყოფნა მინდოდა. უფრო სწორად, რომ ვთქვა დროს ვწელავდი ოფისში მისვლამდე. საშინელი შეგრძნება მქონდა. ტელეფონის ვიბრაციამ გამომაფხიზლა, დედა მირეკავდა. გაგონებაც არ მინდოდა, არ ვიცოდი რა უნდა ეთქვა ან რა მეპასუხა.
- გისმენ, დედა - გაბზარული ხმით ვუპასუხე.
- ემილიანე, დე კარგი ამბავი მაქვს - სიხარულით ცას ეწეოდა დედა. მომენტალურად მეც გამეღიმა. ყველაფერს ველოდი ასეთი ბედნიერი ხმის გარდა.
- რა მოხდა ?
- არ დაიჯერებ რაც მოხდა. ახალი მოსწავლე მყავს, ვერ წარმოიდგენ ვინ არის. შენი უფროსი. - ძალიან დავიბენი. ვერაფერი გავიგე.
- რას ჰქვია ჩემი უფროსი დედა ? ბატონი ირაკლი როგორაა შენი მოსწავლე ?
- კარზე ზარი იყო და მითხრა, რომ სალაპარაკო ფრანგულის სწავლა უნდა, მაქსიმალურად სწრაფად, 2 თვეში. 500 $ იხდის და წინასწარ დამიტოვა. ვიუარე, ნახევარი დატოვეთ-თქო მაგრამ ასე მირჩევნიაო. საერთოდ არ იცოდა დედაშენი რომ ვიყავი, საუბარში გავარკვიეთ და ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ასე როგორ დაემთხვა წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მისი თავი ღმერთმა გამოგვიგზავნა. საუკეთესო ადამიანია. პირველი გაკვეთილიც ჩავუტარე და ძალიან ნიჭიერია, უცებ აითვისა ყველაფერი.
- დედა, ძალიან მიხარია და მართლა გამიკვირდა. ახლა სამსახურში მივდივარ, საღამოს ვილაპარაკოთ.
- კარგი, დე. აღარაფერზე ინერვიულო. ბინის პატრონის სანახავად მივდივარ ახლა. - ტელეფონი გავთიშე და ღაპა-ღუპით გადმომცვივდა ცრემლები. ნუთუ, ასეთ ადამიანს შევუყვარდი მართლა ? რით დავიმსახურე ამხელა ჯილდო ღმერთისგან არ ვიცი, თუმცა უზომოდ მადლიერი ვიყავი. ცრემლები სასწრაფოდ მოვიწმინდე და მეტროს სადგურს მივაშურე. დროზე მინდოდა სამსახურში მისვლა. დედაჩემი ძალიან მიამიტი ქალი არის, რასაც ეტყვიან ძირითადად ყველაფრის სჯერა. ყველა კეთილი და მართალი ჰგონია, როგორიც თვითონ არის. ირაკლის კარგი სპექტაკლი დაუდგამს, მაგრამ დედას საერთოდ არ შეუტანია ეჭვი იმაში, რომ ეს ფარსი იყო. არც დაეჭვებულა ამდენი დამთხვევა როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო.
როგორც იქნა ოფისამდე მივედი, ირინას უცებ მივესალმე და ჩქარი ნაბიჯებით ირაკლის კაბინეტში შევედი. ჩემგან ზურგით იდგა და ფანჯარაში იყურებოდა, ხმაურზე სასწრაფოდ მოიხედა უკან. კარი ხმაურიანად მივაჯახუნე და გადავკეტე. არ ვიცი რას ელოდა ჩემგან, მაგრამ ჩანთა იქვე სკამზე დავაგდე და მისკენ წავედი. ხელები მჭიდროდ შემოვხვიე და ტირილი ამივარდა. ისიც მაგრად ჩამეხუტა და თავზე მოფერება დამიწყო.
- ნუ ტირი, ემილიანე. შენს ცრემლებს ვერ ვუძლებ.
- ეს მწუხარების ცრემლები არ არის. ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმით, რომ შენნაირი ადამიანი მყავს გვერდით - თვალებში ჩავხედე. ის სათითაოდ მწმენდდა ცრემლებს. - ძალიან მიყვარხარ, ირაკლი. - ამას არ ელოდა, მზერა გაუშეშდა და რამდენიმე წამი თითქოს სუნთქვაც კი შეწყვიტა. დაზაფრული მივჩერებოდი. მალევე გონს მოეგო და ბორძიკით მკითხა.
- რა მითხარი ? გაიმეორე..
- მიყვარხარ - გავუღიმე.
- მესიზმრება ?
- არ გესიზმრება. სინამდვილეა. შენ ყველაზე დიდი სინამდვილე ხარ ჩემს ცხოვრებაში. - არ ვიცი, ეს ჩაკეტილი ემილიანე სიყვარულის ახსნისას ასე როგორ გაიხსნა. ღრმად ამოისუნთქა და თვალისმომჭრელად გამიღიმა.
- შენ მე ყველაზე ბედნიერ კაცად მაქციე ამ წამს - მითხრა და ჰაერში ამიტაცა. რამდენჯერ დამატრიალა, აღარ ვიცი.
- ირაკლი, დამსვი გთხოვ. - ვემუდარებოდი. მომენტალურად დამსვა და შუბლით შუბლზე მომეყრდნო. თვალები დახუჭა და გრძნობებს მივენდეთ. მაკოცა.. ეს იყო ჩემი პირველი კოცნა. ირაკლი კი ჩემი პირველი და უკანასკნელი კოცნის ავტორი. არ მეგონა ასეთი სიყვარული თუ შემეძლო. არ მჯეროდა, ასეთი ბედნიერი ოდესმე თუ შეიძლებოდა ვყოფილიყავი.
- ამ დღეს მე და შენ ყოველ წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, გპირდები, ემილიანე. - ჩამჩურჩულა.
- მჯერა.
- დღეს მე და შენ ვისვენებთ.
- მოიცა, ასე როგორ შეიძლება ?
- შეიძლება. უფროსი აქ მე ვარ. - სასწრაფოდ ხელი ჩამჭიდა და გარეთ ასე გავედით. ირინას დაემშვიდობა და ოფისის კარი გამომიღო. გაოცებული ვიყავი. მანქანაში ჩავსხედით და შოკირებულმა ვკითხე.
- ირაკლი, რას აკეთებ ?
- რა მოხდა ? რამეს არასწორად ვაკეთებ ?
- აუცილებელი იყო ირინას ასე დავენახეთ ?
- და რა აუცილებელი იყო არ დავენახეთ ? - კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა.
- ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ ყველამ ყველაფერი იცოდეს.
- ერთადერთი ვისაც მოვერიდები ჩემი საყვარელი ნესტან მასწავლებელია. დანარჩენს არავის - თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. მანქანა დაძრა. ისევ არ მიკითხავს სად მივდიოდით. აზრი არ ჰქონდა. ეს კაცი ყოველთვის თავის ამოჩემებულ ადგილებში დამატარებდა. თავს ძალიან მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობდი. მინა ჩამოვწიე და სახე შემოდგომის თბილ ქარს შევუშვირე, რომელიც სახეზე მელამუნებოდა და თმას მიფრიალებდა. ხანდახან ირაკლის გადავხედავდი ხოლმე, რომელიც თბილად მიღიმოდა და ხელის ზურგზე მკოცნიდა.
ერთ-ერთი მარკეტის წინ გააჩერა მანქანა.
- გადავიდეთ, რაღაცები ვიყიდოთ.
- რისთვის ?
- რამდენი ხანია წესიერად არ გიჭამია ? სახეზე ფერი არ გადევს. ჩვენ მოვამზადოთ რამე. - ეს იდეა ძალიან მომეწონა. მარკეტში შევედით, მე არაფერს არ ვადებდი ხელს და თვალებს მიქაჩავდა მაქსიმალურად წყნარად, რაც შენ მოგწონს აიღეო. საბოლოოდ იქედან დატვირთული პარკებით გამოვიდა.
- ემილიანე, ნერვებს რატომ მიშლი ? - მანქანაში ჯუჯღური დამიწყო.
- რასთან დაკავშირებით ? - გავიოცე, ვითომ არ ვიცოდი.
- შენს გამო მინდა ყველაფერი და რატომ ჯიუტობ ყოველთვის ? ეს მორცხვობა და უხერხულობა არ მინდა ჩვენს შორის რომ იყოს.
- ფულის საკითხში ყოველთვის ასე იქნება.
- სამართლის სტუდენტს ახლა გასწავლო, რომ ცოლ-ქმრის ქონება საერთოა ? - თვალი ჩამიკრა.
- მანდ გაჩერდი ირაკლი ვიბლიანო. ქორწინებას ჯერ ვინ ახსენებს საერთოდ ?
- მე. არ მინდა დაგაფრთხო, მაგრამ შეეგუე რომ არ დააგვიანდება დიდხანს.
- იოცნებე. ასეთი გამბედავი როგორ ხარ ? ჯერ სულ ახლახანს გამიცანი, იქნებ მანიაკი ვარ ? კარგად ვმსახიობობ და სინამდვილეში შენი მოკვლა მინდა ? - საკუთარ სცენარზე, მე თვითონ გამეცინა.
- იმდენ ადამიანთან მქონია ცხოვრებაში შეხება, მათი ცნობა უკვე აღარ მეშლება. განსაკუთრებით ქალის. - ალმაცერად გადმომხედა.
- მოიცა, ბევრ ქალთან გქონია შეხება ?
- დაკონკრეტება საჭირო არ არის - ხითხითი ატეხა.
- შე დამპალო ! არიქა, მეთქი ლიზას მერე არავის გაჰკარებიათქო და ეს რა დღეშია ?
- ჰო, ემილიანე. 11 წლის ასაკში რომ მიმატოვეს , მის მერე იმას მივსტირი და 27 წლის ვაჟიშვილი ვარ. მართლა გჯერა ამის ?
- მინდოდა დამეჯერებინა - ვითომ გავიბუტე და სახე გვერდზე გავატრიალე.
- ღმერთო, მართლა ბავშვი ხარ. პატარა ბავშვი. ვგიჟდები შენს გულუბრყვილობაზე.
- სად მივდივართ ?
- ჩემს ბინაში.
- მოიცა, ვერ გავიგე ?! შენი ოჯახის წევრები უნდა გამაცნო ? - შევიცხადე.
- არაა, ემილიანე - სიცილი დამაყარა - საკუთარი ბინა მაქვს ცალკე, ხშირად ვრჩები იქეთაც, მაგრამ ძირითადად მაინც ოჯახთან ერთად ვარ. თუმცა, მაგისთვისაც მოემზადე ფსიქოლოგიურად, ახლო მომავალში ეგ მომენტიც დადგება. - ხმაურიანად ამოვიხვნეშე. კორპუსს მივუახლოვდით და მანქანა გააჩერა. უშველებელი პარკები გადმოზიდა და სადარბაზოში შევედით.
- მიდი ლიფტი გამოიძახე. ხელები დაკავებული მაქვს.
- რომელი სართულია ?
- მე-14.
- ერთი სამწუხარო ამბავი მაქვს.
- რა მოხდა ?
- ლიფტის საშინლად მეშინია და მე შიგნით ვერ შემოვალ. - სახე შეეცვალა, თუმცა არ შეიმჩნია.
- კარგი, წავედით ფეხით.
- არა, შენ თუ გინდა ადი ლიფტით და დამელოდე. რატომ უნდა იწვალო ? - ნიშნისმოგებით ვუთხარი. რას ქვია მარტოს გამიშვებდა, მანდ ნახავდა რა კლანჭებიც აქვს ემილიანეს.
- არა, წავედით ერთად. მე-14 სართული ვერ შემაშინებს. ლამის მთელი ცხოვრებაა ვვარჯიშობ. – 6 სართული მხნედ გავიარეთ. მე ნელ-ნელა ვიღლებოდი, ირაკლი კი არაფერს იმჩნევდა. თან პარალელურად ამხელა პარკები მოჰქონდა. ვუთხარი გამოგართმევ-თქო, მაგრამ თვალები დამიბრიალა. არც შევწინააღმდეგებივარ, ისედაც 2 ღამის უძილარი ძლივს ვიდექი ფეხზე. მე-9 სართულზე უკვე აღარ შემეძლო და იქვე კიბეზე ჩამოვჯექი.
- მოიცა, ირაკლი. მართლა ძალიან ცუდად ვარ. - გვერდით მომიჯდა.
- რომ გიყურებ ასე მგონია დედამიწაზე არაფრის გეშინია და ლიფტი რატომ გაშინებს ასე ?
- ყოველ წამს მგონია რომ იქ გავიჭედები, ან ჩავვარდები. ამიტომ, არასდროს შევდივარ. ძალიან მეშინია, მირჩევნია თავი გავიწამო და ფეხით ავიდე, ვიდრე ლიფტით.
- ადექი ერთი წამით - წამომაყენა და წამიერად ხელში ამიტაცა.
- მოიცა, ასე უნდა აიარო 5 სართული კიდევ ?
- კი და თუ საჭირო გახდება მეტიც. ლიფტის შიშს კი ჩემთან ერთად დაძლევ.
- არა მგონია.
- ვნახოთ. - ისე ამიყვანა მე-14 სართულზე, ერთხელაც არ დაუწუწუნია. მე კი ძალიან მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობდი თავს მის მკლავებში მოკალათებული. კარი გააღო და ულამაზეს ბინაში ამოვყავი თავი. ყველაფერი თითქმის სპილოსძვლისფერში იყო გადაწყვეტილი. ეტყობოდა რომ მის დიზაინზე გემოვნებიანი ადამიანი მუშაობდა.
- შენ სახლი დაათვალიერე და მე მანამდე პარკებს ამოვიტან.
- კარგი.
დიდ კედელზე დედამისის დახატული პორტრეტი ეკიდა. ფოტო რომ მქონდა ნანახი, თორემ ვიფიქრებდი რომ ერთ-ერთი მხატვრის იდეალური ნამუშევარი იყო. ძალიან მომეწონა, მართლა იშვიათი სილამაზის ქალი იყო. ქალიც მშვენიერი იყო და შემსრულებელიც. ირაკლი დედას თვალებით ჰგავდა. მასაც მწვანე, ღრმა თვალები ჰქონდა. მონუსხულივით ვუყურებდი. ამასობაში ირაკლიც მოვიდა.
- დედას პორტრეტს უყურებ?
-გამომაფხიზლა ხმამ.
- კი. ძალიან მომეწონა.
- მამამ აჩუქა სიცოცხლეში. მისი დახატულია.
- მართლა? საოცრად ხატავს.
- კი, მეც გამომყვა ნიჭი, მაგრამ არასდროს ვხატავ. მამამ ეს ნახატი, რომელიც ჩვენს სახლში საპატიო ადგილს იკავებდა, ჩამოხსნა. კარგა ხანს შენახული იყო. ჩემი ბინა, რომ ვიყიდე აქეთ გადმოვიტანე.
- უზომოდ მომწონს. - კიდევ არ ვაცილებდი თვალს.
- მეც - ტკივილარევი ღიმილით გამიღიმა, თუმცა თემა მალევე შეცვალა - აბა რა გავაკეთოთ?
- ცეზარს გავაკეთებ, ძალიან მიყვარს.
- ეგ მეც მომწონს. ერთად გავაკეთოთ. - სამზარეულოში გავედით და პროდუქტები ამოვალაგეთ. ირაკლი ხორცის მოხარშვას შეუდგა, მე პროდუქტების დაჭრას.
- აქ როგორც მივხვდი, ხშირად არ რჩები ხომ? - წამოვიწყე საუბარი.
- თითქმის ყოველ დღე მოვდივარ, მაგრამ ღამით იშვიათად ვრჩები აქ. ძირითადად სულ ჩემებთან ვარ. დაქორწინების მერე აქ ვაპირებ ცხოვრებას. მანამდე არა. ამიამიმ არ მინდა იქ მარტო იგრძნოს თავი და ამიტომ ვრჩები. ის რომ აქ გადმოვიდეს მერე მამა რჩება მარტო და ეს არ მომწონს.
- მარიამი შეყვარებულია?
- არა. საშინლად წუნია და პრეტენზიულია. მაგის მოსაწონი ბიჭი არ დადის მგონი. ერთი დავდივარ და ეგეც მისი ძმაა.
- ირაკლი, როგორი ყეყეჩი ხარ ხანდახან - გამეცინა.
- მოიცა, ეს დასაწყისია. უი, ის საწყალი ბიჭი როგორ არის? კარგად რომ გაასულელეთ გუშინ?
- საწყალი სულაც არ არის რა. მაგ “გასულელების” გამო ლამის შეყვარებულები არიან. ეს ჩემი რქიანი დაქალი გამოუტყდება და ეგაა.
- შენ ვის რქებზე ლაპარაკობ?
- რა გინდა? ხომ აღარ მაქვს რქები.
- გაჩუმდი, თვალი არ გეცეს. ჯერ კიდევ არ მჯერა.
- ირაკლი, რამ მოგაფიქრა დღეს ასეთი რამ? მართლა გაოცებული ვარ შენი საქციელით.
- დედაშენზე ისედაც ვიცოდი. რომ გითხრა ფრანგულის სწავლის ინტერესი მკლავდა-თქო, არა მაგრამ ახლა უნდა ვისწავლო. სხვა გზა არ არის - ჩაეცინა.
- დედაჩემის პროფესიაზე მე არ მითქვამს.
- მე ყველაფერი ვიცი შენზე ემილიანე, რისი ცოდნაც შეიძლება.
- FBI ხარ?
- როცა რამე მაინტერესებს, მაშინ კი.
- დედაჩემისთვის მოგიწონებია თავი.
- კი, ვეცადე მაქსიმალურად. ოროსანი მოსწავლე არ მინდა რომ ვიყო, სამომავლო ურთიერთობები კიდევ წინაა და არ მინდა ვაფიქრებინო ზარმაცი სიძე მყავსო. - ხმამაღლა გამეცინა. - კვირაში სამჯერ შენთან ვივლი სახლში. საღამოს საათები დავნიშნეთ. მასაც რომ ეცალოს, შენც და მეც.
- ჩემი მოცლა რად გინდა?
- შენც მინდა იქ რომ იყო. ხანდახან მაინც ხომ მოგკრავ თვალს.
- ირაკლი, უნივერსიტეტში შენ, სამსახურში შენ. ახლა სახლშიც უნდა წამომიჯდე? დამასვენე. - ვუთხარი სიცილნარევი ტონით.
- მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში დაისვენებ ჩემგან. - ამის ხსენებაზე სახე შემეცვალა და მოვიღუშე. სასწრაფოდ ავდექი და ზურგიდან ჩავეხუტე.
- ეგ მეტჯერ აღარ თქვა. - წამოდგა და მაგრად ჩამეხუტა.
- ნუ გეშინია, ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები.
- მპირდები?
- კი. - ლოყაზე ვაკოცე.
- ვგიჟდები ასე ლამაზად რომ მიყურებ.
- ირაკლი, ახლა ისეთი ჩაცვენილი მაქვს თვალები ახლა თუ გელამაზები, მგონი მართლა გიყვარვარ - ვუთხარი სიცილით.
- მაგ თვალებს ეშველებათ. ჩემთვის ნებისმიერ მდგომარეობაში ყოველთვის ლამაზი იქნები - სადილი დიდი სიცილ-კისკისით მოვამზადეთ. ისე ზედმიწევნით ზუსტად ჭრიდა ყველაფერს, სიცილს ვერ ვიკავებდი.
- არ უნდა ამდენი თან გადაყოლა ირაკლი.
- თუ სალათი უშნოა, ვერ ვჭამ. გაითვალისწინე სამომავლოდ.
- ვაი ჩემი ცოდვა, შენს ხელში.
- არა, ვიტყუები. შენი მომზადებული ყველაფერი მომეწონება.
- ჰო შეეგუე მაგას. მაგდენი ნერვები არ მაქვს ლარებში სწორად გავჭრა ყველაფერი.
გემრიელად ვისადილეთ. ძალიან მომეწონა საერთო ნახელავი. შემდეგ გადავწყვიტეთ ფილმისთვის გვეყურებინა და ყველასთვის საყვარელი რომანტიკა “The Notebook” ავარჩიეთ. დივანზე თავიდან დავჯექი, თუმცა იმდენად დაღლილი ვიყავი 10 წუთში წამოვწექი. ირაკლიმაც იგივე გაიმეორა და ცოტა არ იყოს გავბრაზდი.
- ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით. ზედმეტად თითს არ დაგაკარებ. - ჩემი სახე მისთვის სასაცილო აღმოჩნდა.
- გაბედე და მიიღებ პასუხს.
- ძალიან რომანტიკული ხარ ემილიანე, პირდაპირ შოკში ვარ. რად მინდოდა ეს მელოდრამა რომ ჩამირთე აქ. მოგეძებნა რამე მისტიკა, თრილერი. შენი ხასიათის შესაბამისი. - მისი ხმით მივბაძე და უკმაყოფილოდ წამოვწექი.
- დადუმდი, საინტერესო მომენტია. - გაეცინა და თავზე მაკოცა. უკნიდან იყო ჩახუტებული და ხელით მუცელზე მეხვეოდა. ირაკლის კი წარბი ავუწიე, მაგრამ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს ასე. მეგონა ყველაზე ბედნიერი და დაცული ადამიანი ვიყავი დედამიწის ზურგზე. ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანში, მაგრამ მალევე ჩამეძინა. ისე ტკბილად მეძინა, ალბათ ასე ბოლოს ჩვილობაში გამოვიძინე. თვალი გავახილე თუ არა პირდაპირ ირაკლის სახეს შევხედე. ძილში მისკენ გადავტრიალებულვარ. პლედი გვეფარა. ასე ჩუმად როგორ ადგა და მოიტანა, რომ ვერ გავიგე არ ვიცი. მასაც ჩასძინებოდა. პატარა ბავშვივით მშვიდად ეძინა. მისი სახის თითოეულ წერტილს ვაკვირდებოდი. სრულყოფილი მეჩვენებოდა. თითებით თმაზე მოვეფერე. ეგრევე გაახილა თვალები და თვალისმომჭრელად გამიღიმა.
- სამოთხეში ვარ?
- რა იუმორი გაქვს. ფილმს მაგრად ვუყურეთ. - საათს დავხედე, უკვე 6 ხდებოდა. ესეიგი 3 საათს მეძინა. ისეთი უძილარი ვიყავი, არ მიკვირს რომ გავითიშე.
- ფილმი არაა ჩვენი ცხოვრებაც? რად მინდა მაგათი რომანტიკა? - მივხვდი, რომ ირაკლი მელოდრამებს არ სწყალობდა მაინცდამაინც. გამეცინა. საპასუხოდ ლოყაზე მაკოცა და მიმიხუტა.
- ირაკლი, წასვლის დროა.
- მოიცა რა ცოტა ხნით, გთხოვ.
- მხოლოდ 15 წუთი.
- კარგი, თანახმა ვარ. - იმდენად მსიამოვნებდა მასთან ასე ყოფნა, ალბათ ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო არასდროს ავდგებოდი იქედან.
- ხვალ ირინას რას ვეუბნებით?
- არაფერს. იციან რომ ზედმეტ კითხვებს ვერ ვიტან. ისედაც ნათელია ყველაფერი. შენ ჩემი შეყვარებული ხარ. - ამის გაგონებაზე ჟრუანტელმა დამიარა. - მე იმას უფრო ვდარდობ დედაშენთან როგორ არ შევიმჩნიო.
- ირაკლი, ჩემი ხელით მოკვდები რამე რომ იეჭვოს.
- ვეცდები, მაგრამ კარგი მსახიობი არ ვარ.
- მოგიწევს გახდე. ჯერ ასე მალე ყველაფრის დედასთვის თქმა არ მინდა. ისე ძალიან მეცინება ფრანგულად რომ უნდა ალაპარაკდე ახლა.
- ჰო ძალიან სასაცილოა - მითხრა უკმეხად.
- როგორც შევთანხმდით დილით, მოქცეულიყავი ისე და არ მოგიწევდა.
- როგორც დილით შევთანხმდით ეგრე მოქცევას, მირჩევნია 7 ენა ვისწავლო. - ცოტა ხანი თვალებში გაღიმებული ვუყურებდი.
- ძალიან მიყვარხარ. შენნაირი საოცარი ადამიანი მეორე თუ დადის არ მეგულება. - ყელში ვაკოცე, ვიგრძენი როგორ დაეჭიმა მთელი სხეული.
- ემილიანე, ეგრე არ მოიქცე თორემ შედეგზე პასუხს არ ვაგებ. - გამეცინა და სასწრაფოდ წამოვდექი.
- წასვლის დროა. - იქაურობა მოწესრიგებული დავტოვეთ და ქვემოთ დავიძარით. ჩასვლისას კიბეები ისე ჩავირბინე ვერც გავიგე, ამოსვლა კი ძალიან გამიჭირდა. თან ახლა ენერგიაზე ვიყავი. რამდენიმე საათიანი გამოძინება ნამდვილად მჭირდებოდა. მანქანაში ჩავსხედით და მუსიკა ჩართო. რითმებს ავყევი და ცეკვა დავიწყე. გაღიმებული მიყურებდა.
- როგორ გიხდება ღიმილი. - მითხრა როცა “ცეკვას” მოვრჩი.
- შენც და არ დაივიწყო ეგ.
- რაც შენს გვერდით ვარ მგონი არც მომიცილებია სახიდან,ჩემი და მატყობს უკვე. მალე მინდა გავაცნო ჩემი ღიმილის მიზეზი.-ავფორიაქდი.
- ძალიან ჩქარობ-მეთქი ვიბლიანო, გეუბნები.
- ეს შენ ხარ ნორჩი, თორემ მე დავბერდი გენაცვალე უკვე. ასაკში ვარ, მეჩქარება - ამბობდა და თან სიცილით იგუდებოდა.- ნეტავ დედაშენი ჩემზე რას გეტყვის?
- ტელეფონში რაც მითხრა საკმაოდ კარგად დაგახასიათა. იგივეს გაიმეორებს ეხლაც. მასზე შთაბეჭდილება მოახდინე, ნამდვილად. ადამიანები იშვიათად მოსწონს.
- ძალიან მიხარია - სიამაყით გაიბღინძა.
- მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. საუკეთესო ხარ. - ვუთხარი მადლიერი მზერით, ღიმილით გადმომხედა.
- ჩემსა და შენს შორის სამადლობელი არაფერი არ არის. უფრო მეტად გამიხარდება თუ რამე დაგჭირდება და პირდაპირ, ზედმეტი ცერემონიის გარეშე მთხოვ. არ უნდა მჭირდებოდეს შემოვლითი გზების ძებნა, როცა ძალიან მარტივად შემიძლია დაგეხმარო. თუმცა, შენიც მესმის და გაფასებ ამის გამო. - გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. ამასობაში სახლშიც მიმიყვანა. მასთან დამშვიდობება არ მინდოდა, თუმცა სხვა გზა არ იყო. მანქანა რომ გააჩერა, ეგრევე არ გადავსულვარ.
- მადლობა დღევანდელი დღისთვის. შენი გულწრფელობისთვის. სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ ყველაზე ბედნიერ კაცად მაქციე. - არაფრის თქმა არ მინდოდა. ამ დროს სიტყვები უკვე ზედმეტი იყო. გადავიწიე და ვაკოცე… მეორე კოცნის ინიციატორი, ამჯერად მე ვიყავი…



№1  offline წევრი OKI ME

ვაშაა დაიდოო ❤️❤️ წავედი აბა წავიკითხო ❤️

ვაიი, როგორ მიყვარს მე ეს ორი ❤️❤️❤️❤️ ირაკლი არის კაცი, პიროვნება, ადამიანი, საოცრება ❤️❤️ მეტი ირაკლის ნაირი მსოფლიოს :დდდ ემილიანემ, სასიამოვნოდ გამაოცაა. ❤️ არ ვიცი, მეტი რა დავწერო. სიტყვებს ვერ ვპოულობ უბრალოდ ❤️❤️ საოცრება იყო ❤️ მთელი თავი გაღიმებულმა ჩავიკითხე ❤️

 


№2  offline წევრი Marikagogolqdze

რა კაცია ეს ვიბლიანი.ნეტა ცხოვრებაშიც ბევრი იყოს ასეთი.სუფთა კარგი.,განათლებული და სუფთა ადამიანი.ნამდვილი კაცი

 


№3 სტუმარი ატბ

როდის დადებ?

 


№4  offline წევრი მ.თ

ვაიმე ვიბლიანი მიყვარს.ესეთები არიან ნეტა კიდე რრალურ სამყაროში?როდის დაიდება ახალი თავი.სულმოუთქმელად ველოდები

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო საინტერესო მომეწონა ძალიან საოცარი სიყვარულით უმაგრესი წყვილებით .მადლობა წარმატებები ????

ველოდები მოუთმენლად

 


№6  offline წევრი მ.თ

როდის დადებთ მომდევნო თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent