შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 5)


12-02-2021, 23:28
ავტორი Melice
ნანახია 2 867

ჰაერის უკმარისობამ გამაღვიძა და საწოლზე ხველებით წამოვჯექი. ნერწყვის გადაყლაპვისას ყელში მწარე ზოლი გამიჩნდა.
- ოღონდ ეს არა!.. - ამოვიდუდღუნე და საკუთარმა ხრინწიანმა ხმამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
გაბრუებული წავედი სამზარეულოში და ჩაის მომზადებას შევუდექი. ვფიქრობდი, რა მომეხერხებინა ჩამწყდარი ხმისთვის, მაგრამ კვერცხის გულის მეტი აზრად არაფერი მომდიოდა, უკანასკნელ აზრზე ზიზღით გამაჟრჟოლა.
აწკრიალებულმა მობილურმა ნერვიული აზრებიდან გამომაბრუნა და ისევ საძინებელს მივაშურე.
- დილა მშვიდობისა. - მივესალმე საბას, ხმის ჩასაწმენდად ჩავახველე, მაგრამ ხველება სპაზმებში გადამეზარდა და მხოლოდ ორმა ყლუპმა წყალმა მიშველა.
- კარგად ხარ?
- მგონი, გავცივდი... - წყლის ჭიქა ტუმბოზე დავაბრუნე და საწოლზე უღონოდ დავეშვი.
- კონკრეტულად რა გტკივა? - კარის მიჯახუნების ხმა მკვეთრად მომესმა.
- ყელი და ოდნავ თავიც. - ხმა უარესად ჩამიწყდა. გაბმული წუილის ხმამ მიმახვედრა, რომ გამითიშა, მაგრამ გაბრაზების ძალა აღარ გამაჩნდა, ფეხის თრევით ისევ სამზარეულოს მივაშურე.
ფინჯანში ცხელი სითხე ჩავასხი და მისაღები ოთახის დივანზე გადავწექი. თვალები მიხურდა, ალბათ სიცხეც მქონდა. ჩაის რამოდენიმე ყლუპის შემდეგ დაძინება გადავწყვიტე, მაგრამ თვალი ვერაფრით მოვხუჭე.
კარზე აჩქარებული კაკუნის ხმა შემომესმა და ვინატრე, რომ მეზობლის სტუმარი ყოფილიყო. მესამე ჯერზე უკვე ვინებე წამოდგომა, ხალათი შევისწორე და კარის ცივი სახელური ჩამოვწიე. ისეთი სასიამოვნო იყო, ლამის მთელი სხეულით ავეკარი.
დაბინდული თვალებიდან ნაცნობი სილუეტი დავლანდე.
- საბა... - დამხრჩვალივით ამოვიხავლე. - რატომ მოხვედი, გადაგედება.
- ისე გამოიყურები, მაქსიმუმ ცოფი გადამდო. - ცინიკური პასუხისთვის სრულიად შეუსაბამო გამომეტყველებით შემათვალიერა და სამზარეულოსკენ გაემართა. თვალი გავაყოლე და ორივე ხელში ჩაბღუჯული ცელოფნის პარკები შევნიშნე.
- მშვიდობაა? - ფეხის თრევით ავედევნე.
- ისეთ ბულიონს გავაკეთებ, პირველივე ლუკმაზე შეგიყვარდები! - პროდუქტები აუჩქარებლად გადმოაწყო მაგიდაზე.
- მეჩვენები?
- მოჩვენებას ვგავარ? - თეატრალურად გაიკვირვა და ჭურჭლის დახლიდან მოზრდილი ქვაბი გადმოიღო. - წინსაფარი გაქვს?
- გაზქურასთანაა... - დაბნეულმა ჩავილაპარაკე. - მე როგორ დაგეხმარო?
- დაისვენე და მაცადე.
- არავითარ შემთხვევაში, მწვანილს მაინც დავჭრი... - ეჭვის თვალით დავაკვირდი თუ როგორ ანაწევრებდა საცოდავ ქათამს.
- წვრილად დაჭრა შეგიძლია? - საქმიანი გამომეტყველება გამისწორა.
პასუხად თვალები ავატრიალე და ორ კონად შეკრული მწვანილი წყლის ნაკადს მივანდე.
ჩემს საქმეს მოვრჩი და ყვავილებიან წინსაფარში გამოწყობილ საბას გავხედე. სერიოზული სახით დაჭრა სტაფილო და ხახვის გარჩევისას თვალები აუწითლდა.
- ორად გაჭერი და წვნიანში ჩააგდე. - საკუთარ სამზარეულოში უფროსობას ვერავინ დამიშლიდა.
- არ გიყვარს?
- არა... - გაუაზრებლად ვიცრუე.
ვინაიდან ჩემი საქმე ამოვწურე, ტანსაცმლის გამოცვლა გადავწყვიტე და საძინებლისკენ წავჩანჩალდი. სპორტული ორეული გადავიცვი და თმა თითებით ჩამოვივარცხნე.
- შეიძლება? - საბას მოგუდული ხმა კარს მიღმა ისმოდა.
- შემოდი. - არეულ საწოლზე მიგდებული ხალათი კარადაში შევკიდე.
- მოიხარშება და მზად იქნება. - ოთახში ჯერ მხოლოდ თავი გამოჩნდა, მერე კი მთლიანად შემოცურდა.
- გმადლობ, არ მეგონა თუ ასეთი იყავი.
- კარგი კულინარი? - თვალებში ვარსკვლავები აუციმციმდა.
- მზრუნველი. - ვიგრძენი როგორ გამითბა მთელი სხეული.
საძინებელს თვალი მოავლო და მზერა ტუმბოზე შემოდებულ სურათზე გაუშეშდა.
- უფროსი და გყავს? - ჩარჩო აიღო და ახლოდან დააცქერდა.
- არა, დედაჩემია...
- ასეთი ახალგაზრდა? - წარბაწეულმა გამომხედა.
- არასდროს დაბერდება. - ხმა უარესად ჩამიწყდა და მისი დაბნეული თვალების დანახვისას მივხვდი, რომ გაუგებრად ვსაუბრობდი. - თერთმეტი წლის წინ გარდაიცვალა.
- არ გითქვამს... - მზერა ამარიდა და ჩარჩო ტუმბოს დაუბრუნა.
- არაფერია სათქმელი. - მხრები ავიჩეჩე და საბანი დავფერთხე.
- ძალიან გავხარ, როგორ გარდაიცვალა?
- ავტობუსს ელოდა... - ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ახლად გასწორებულ საწოლზე ჩამოვჯექი. - ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და მერე ინერციით მისი მიმართულებით წამოვიდნენ, დაზიანებები სასიკვდილო არ ჰქონდა, თუმცა სანამ სასწრაფო მივიდა, სისხლისგან დაიცალა.
- ვინმეს რომ სწრაფად ემოქმედა, გადარჩებოდა? - გვერდით მომიჯდა და თანაგრძნობით სავსე ზღვები გამისწორა.
- ეს არავინ იცის, მაგრამ ალბათ გადარჩებოდა.
- წარმომიდგენია, როგორ გინდა იმ ადამიანების მოძიება, ვის გამოც ავარია მოხდა. - სახე დაეძაბა და წამით უსასტიკეს მტაცებელს დაემსგავსა.
- ვიცნობ იმ ხალხს... ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ერთადერთი რასაც ვერც იმ მძღოლებს და ვერც უბრალო გამვლელებს ვპატიობ, არის გულგრილობა. - თვალები სითხით გამევსო და თითებით სწრაფად გავიწმინდე მხედველობა. - იმ ამბიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, ერთი გოგო მოვიდა ჩემთან, ერთ-ერთი მძღოლის შვილი იყო. პატიება მთხოვა მამამისის გამო, ჩემზე ერთი წლით უფროსი იქნებოდა, მაგრამ ისეთი დარდიანი...
- აპატიე? - გაოცებული ბგერები მომესმა.
- ის ოჯახიც გაუბედურდა, არაა აუცილებელი ვინმე მოკვდეს, დანაშაულის შეგრძნებაც აუბედურებს ადამიანს. - ჩავარდნილი ხმის მიუხედავად, მტკიცე იყო ჩემი სიტყვები. - თამუნა ჰქვია იმ გოგოს და ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარია.
- დავიწყება როგორ მოახერხე?
- არ დამვიწყებია, წარსულთან ერთად ცხოვრება ვისწავლე.
- მართლა არ მესმის... - ფეხზე წამოდგა და კარადაზე მიკრულ სარკეში თავის ორეულს დააკვირდა. - შენი უბედურება როგორ აპატიე?
- მაშინ ბავშვი ვიყავი და მხოლოდ ის მესმოდა, რომ ყველაფერი უფლის ნება იყო. - მომეჩვენა, თითქოს თავს ვიმართლებდი. - ვფიქრობდი, რომ ეს წინასწარ გაწერილი ბედისწერა იყო და... როცა ჭადრაკში ერთი პაიკი მეორეს კლავს, ვინაა მკვლელი?
- ვინც თამაშობს. - ისე შემომხედა, როგორც შეშლილს.
- მე ღმერთს ვაპატიე...
სანამ საუბარი უფრო შორს წაგვიყვანდა, წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. ადრეული შუადღის სხივებს იატაკის თეთრი ფილები ყვითელი შუქით აევსოთ. ჩანგლით ქათმის ხორცი შევამოწმე, უკვე მოხარშული იყო. მწვანილი და მარილი ჩავამატე.
- ჩემი კერძის მითვისებას ცდილობ? - საბა თავზე წამომადგა და ღრმა თეფშები გადმოიღო.
- აღარ შევეხები. - ხელები დანებების ნიშნად ავწიე და მაგიდასთან ჩამოვჯექი. თეფში გადაავსო და შესამჩნევი გრაციოზულობით წვეთის დაუღვრელად მომიტანა.
- გემრიელად მიირთვით. - ბულიონის არომატული ორთქლი შევისუნთქე და ნერწყვი მომადგა. წვნიანი თავისთვისაც გადმოიღო და მოპირდაპირედ ჩამოჯდა.
ცხელმა სითხემ ყელზე მოდებული მწველი ნაკაწრები დამიამა, ბოლო ლუკმაც მოვხრიპე და დარჩენილი ლაქა პურის ნაჭრით ჩამოვწმინდე.
- ძალიან გემრიელი იყო... - ბოლომდე დანაყრებულმა ამოვთქვი და საშინლად მომეძინა.
- ახლა დაწექი და დაიძინე. - ორივე თეფში აიღო და წყლის ნიჟარაში ჩააწყო.
- თავისუფალ ნებას ნუ მიზღუდავ, თუ შეიძლება.
- ხვალ ხომ მუშაობ, არ გინდა ეგ ლამაზი ხმა მალე დაგიბრუნდეს? - ნიშნის მოგებით გამომხედა. - მე უნდა წავიდე და საღამოს შემოგივლი.
უხმოდ შევყურებდი მის ბუნებრივ მოძრაობებს. მოქნილად გარეცხა ჭურჭელი და წინსაფარი გაზქურის სეხელურზე დააბრუნა.
როგორც კი წავიდა, საძინებელში შევეხეტე და საწოლზე ჩავემხე. თითქოს ყველაფერმა გამიარა, მხოლოდ დამძიმებულ ქუთუთოებს ვერ ვშველოდი.

აუტანელმა სიცხემ გამაღვიძა და თვალის გახელისთანავე შუბლი შევიმოწმე, სიმხურვალე სულ ოდნავ ვიგრძენი. ოთახი მთლიანად ჩაბნელებულიყო, მუცელი კი მშიერი მგელივით ყმუოდა.
წვნიანი შევათბე, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე ლუკმას გავუძელი.
კარზე კაკუნის ხმამ ისე გამახარა, თითქმის სირბილით მივედი და გამოვაღე.
- აბა, როგორ არის პაციენტი? - წყნარი სფეროებით დამაცქერდა. ტანსაცმელი გამოეცვალა და პიტნის გამაბრუებელმა სურნელებამ შეგრძნება დაქვეითებულ ნესტოებშიც შემოაღწიეს. მხარს უკან ჩიხოლში გახვეული გიტარა შემოეგდო.
- ეგ ჩემია? - გვერდით გავიწიე და უკეთ შევათვალიერე.
- ბარში გავიარე და წამოგიღე, თან გავაფრთხილე, რომ ეს დღეები ვერ მიხვალ. - პირდაპირ მისაღებ ოთახში შეაბიჯა და ინსტრუმენტი სავარძელზე გადააწვინა.
- ხვალ არ ვიცი, მაგრამ ზეგ უკვე შევძლებ სიმღერას.
- წინასწარ არ ვიცით...
- მე ვიცი! ორი დღით ვცივდები ხოლმე. - არსაიდან მოსული კმაყოფილებით ვახარე. - სწრაფი რეგენერაციის უნარი მაქვს.
- წინა ცხოვრებაში ზღვის ვარსკვლავი იყავი? - ისევ ის დამცინავი ტონი.
თვალი ავარიდე და ჩაის მოსამზადებლად თავი სამზარეულოს შევაფარე. შაქარი ორივე ჭიქაში თანაბრად ჩავყარე, ლიმონიც ბლომად ჩავაწურე და მისაღებ ოთახს დავუბრუნდი. საბა უკვე დივანზე წამოწოლილიყო.
- როგორ გაშინაურებულხარ. - თვალი შევავლე და ჩაის ფინჯანი წინ დავუდგი.
- ნუ იკბინები და მოდი, რამე ვითამაშოთ.
- რა? - მაშინვე გამოვცოცხლდი და ჩემში აზარტულმა ქვეცნობიერმა ზმორებით გაიღვიძა.
- „ მე არასდროს“. - ეშმაკურად გამიღიმა და ჩაის ერთი ყლუპი მოსვა. - სასმელიც გვაქვს და ერთმანეთსაც უკეთ გავიცნობთ.
- კარგი, შენ დაიწყე. - მის გვერდით მოვკალათდი და ინტერესით გავხედე.
- მე არასდროს მიმღერია. - წარბი აზიდა და ზღვებში ვარსკვლავები დავინახე.
- უსამართლობაა... - ამოვიბურტუნე, ჩაის ერთი ყლუპი მოვსვი და დავფიქრდი. - მე არასდროს მიცემია ადამიანი.
- მიკვირს. - გაეცინა, თუმცა მალევე დასერიოზულდა და ერთი ყლუპი მოსვა. - მე არასდროს მყოლია შინაური ცხოველი.
- არც მე. - გვერდულად გავხედე. - მე არასდროს დამილევია გათიშვამდე.
- ლოთი გგონივარ? - წარბი შეკრა, თუმცა ჩაისთვის ხელი არ უხლია. - მე არასდროს მიფიქრია, რომ ზედმეტი ვარ.
შევკრთი და ერთი ყლუპი ხმაურიანად მოვსვი, ფრთხილად გავხედე. თვალებში სევდა ჩასდგომოდა,მზერა ამარიდა და თვითონაც დალია.
- მე არასდროს მქონია შურისძიების სურვილი. - შერბილებული ხმით ამოვიჩურჩულე და დილის საუბარი გამახსენდა. ასეც ვიცოდი! დალია...
- მე არასდროს მიკოცნია გრძნობის გარეშე. - სრულიად სერიოზული სფეროები გამისწორა და მთელ სხეულში ელექტროდენებმა დამიარეს.
- მე არასდროს გავქცეულვარ ურთიერთობიდან. - მკაცრად გავხედე, გაეღიმა და ორი ყლუპი მოსვა.
- მე არასდროს მიტირია ზღვის სანაპიროზე. - ყურადღებით დამაკვირდა, უსიტყვოდ მოვსვი რამოდენიმე ყლუპი.
- მე არასდროს მქონია დიდი საიდუმლო. - საკუთარ უინტერესო ცხოვრებაზე ჩავფიქრდი, საბამ ნელა მოსვა ერთი ყლუპი.
- მე არასდროს შემყვარებია ადამიანი, რომელიც მანქანის უკანა სავარძელზე გავიცანი. - ვიგრძენი როგორ დამიმრგვალდა თვალები და გულის ცემის ხმამ ყურის ბარაბნები დამიხეთქა. თითებს შორის მოქცეულ ჩაის ჭიქას დავაცქერდი, ლაჟვარდოვან თვალებს გავუსწორდი და ფინჯანში დარჩენილი სითხე უკანასკნელ წვეთამდე დავცალე. ჩემზე თვალის მოუშორებლად გაიმეორა იგივე.
- მგონი, დამთავრდა ჩვენი თამაში. - ცარიელი ფინჯანი მაგიდაზე გადავდე და დაბნეულობისგან ხმა ამიკანკალდა.
- ან, იქნებ ახლა დაიწყო? - მსუბუქად მოიწია და ჩემი სახე მტევნებს შორის მოაქცია. არარეალური ფერის ტალღები გამეტებით აწყდებოდნენ ერთმანეთს, მისი სუნთქვაზე ზღვიდან მონაბერი ქარი გამახსენდა, ის ცოცხალი სახლი იყო... ყველა ფერი რაც ოდესმე მყვარებია. ცივი ტუჩების შეგრძნებამ ყველა ემოცია სუსტი ღრუბელივით გაფანტა და ვიგრძენი, რომ ყველაფრისგან შორს, მაგრამ მაინც სახლში ვიყავი.

ორმა დღემ თვალის დახამხამებაში ჩაიარა, საბა გამუდმებით მიდიოდა და ბრუნდებოდა. თავით გადავეშვი ჩემთვის სრულიად უცნობ სამყაროში, არაფერი ვიცოდი, ვერაფერს ვცნობდი, მაგრამ მომწონდა. მისი შემოხვეული მკლავები და ბავშვობის მოგონებები მიყვარდა, საათობით შემეძლო მის სახეზე ემოციების ცვლილებას დავკვირვებოდი. მაოცებდა და მაშინებდა ფაქტი, რომ ის ასეთი მნიშვნელოვანი იყო.
მესამე დღეს ბარში წასვლა გადავწყვიტე და წინასწარვე შევუთანხმდი გიგას. ხმა დამიბრუნდა და აუდიოტორიაც საშინლად მენატრებოდა.
საბა დამპირდა რომ ბარში დამხვდებოდა, თუმცა ლურჯად შეღებილ ატმოსფეროში ვერ შევნიშნე.
- როგორც იქნა! - გიომ დარბაზის ბოლოდან იყვირა.
- როგორ ხართ? - მუსიკოსების მაგიდას სწრაფად მივუახლოვდი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ბოლოს საუკუნის წინ ვიმღერე.
- ჩვენ არაფერი გვიჭირს, შენი ხმა „ხოდზეა“? - მართამ სიტყვებს თამბაქოს კვამლი ამოაყოლა.
- კი. - გამეცინა და დარბაზი ისევ მოვათვალიერე, თუმცა სასურველი სილუეტი არსად იყო.

საღამომ ზედმეტად უგემურად ჩაიარა, სიმღერებს გული ვერაფრით დავუდე, გიტარა მხარზე გულწასული მეგობარივით გადავიკიდე და სახლისკენ მიმავალმა საბასთან დარეკვა რამოდენიმეჯერ უშედეგოდ ვცადე.
არ მინდოდა მეფიქრა, რომ ისევ გაქრა, რადგან თუ ასე იყო, ვერ ვაპატიებდი.
სადარბაზოს სიბნელეში გასროლილი ისარივით სწორხაზოვნად შევვარდი, მაგრამ ეჭვებით სავსე აურა თან გამომყვა.
- ლიტა! - საბას ხმამ მკვეთრად გამაჩერა. - დამელოდე...
- ასე უნდა დაიკარგო? - ლიფტის გამოძახების ღილაკს თითი მივაბჯინე და წამის წინ მოსულს გამკიცხავად ავხედე.
- შეიძლება, რომ დღეს შენთან დავრჩე? - სრულიად წაშლილი გამომეტყველება ჰქონდა.
- მოხდა რამე?
- არ მინდა ამაზე საუბარი. - თვალი ამარიდა. - თუ უხერხულობას გიქმნი, სხვაგან დავრჩები.
- რას სულელობ, შედი!.. - თავით ღია კაბინისკენ ვანიშნე.
სახლში სასიამოვნო სითბო დაგვხვდა, ქურთუკები შესასვლელთან ჩამოვკიდეთ და ფეხსაცმელიც იქვე დავტოვეთ.
- შენი ზომა არაფერი მაქვს... - წინდების ამარა დარჩენილ ტერფებზე დავხედე.
- არაუშავს. მადლობა, რომ დამტოვე. - მკლავები მომხვია და გულში ჩამიკრა.
- ეჭვი გეპარებოდა? - ხარბად ჩავისუნთქე სასიამოვნო სურნელი.
- არა...
ვახშმისთვის არაფერი მქონდა, ამიტომ მაცივრიდან შავი დღისთვის გადანახული პელმენი გამოვიღე და მოსახარშად ანთებულ გაზქურაზე შემოვდგი.
საბა აივანზე იყო, უქურთუკოდ.
- არ გცივა? - კარი ოდნავ შევაღე და გაუბედავად შევათვალიერე. თითებს შორის სიგარეტის ღერი მოექცია. პირველად ვნახე, რომ ეწეოდა.
- მალე შემოვალ. - ძლივსშესამჩნევად გამიღიმა.
- მეც მინდა ერთი ღერი. - ნოემბრისთვის უჩვეულოდ თბილი საღამო იყო, სარწეველა სკამიდან სიგარეტის კოლოფი ავიღე. ღერი ტუჩებს შორის მოვიქციე და სანთებელას ანთება რამოდენიმეჯერ ვცადე.
- მომეცი. - ღიმილით მომეშველა. ათიოდე წამის შემდეგ უკვე ღრმა ნაფაზისგან სუნთქვა მეკვროდა და უმოწყალოდ ვახველებდი.
თავი გავაქნიე და მის დამცინავ მზერას მოვერიდე. ნამწვი თუნუქის პატარა თავსახურზე დადო და თითებიდან ჩემი მტანჯველი ამაცალა.
- არ ვიცოდი, თუ ეწეოდი... - ვხვდებოდი, რომ რაღაც სერიოზულს ებრძოდა.
- მხოლოდ ხანდახან. - თითის წვერები ფრთხილად შემახო ღაწვზე. წართმეული ღერიდან ისე ძლიერად მოქაჩა, ორივე ლოყა შეეკუმშა, მერე კი დაიხარა და ჩემთან მოსულ ბაგეს შევეგებე. შემოღწეული თბილი აირი ვიგრძენი, ოდნავ მომშორდა და უნებურად დახუჭული თვალები გავახილე. მხოლოდ რამოდენიმე მილიმეტრი გვაშორებდა, ბნელი მზერით შემომყურებდა და მთელი სახე დაძაბულობისგან გაქვავებოდა.
- რა გაწუხებს? - საკუთარი ხმა ძლივს გავიგონე.
- მინდა, რომ ყველაფერი ისე მოგაწოდო, როგორც ეს კვამლი. სიტყვებად კი არა, ფიქრების სახით. დავიგუბო და ერთიანად მოგცე. იმიტომ, რომ როცა სათქმელს სიტყვებად ვაყალიბებ, მიღებული აზრები საშინლად მაფრთხობს.
- სწორად გაგება შემიძლია...
- ვიცი. სახლში მოგვივიდა შელაპარაკება და დღეს იქ დარჩენა არ შემეძლო. - დაზეპირებულივით ჩაილაპარაკა.
საიდანღაც პელმენები გამახსენდა და გველნაკბენივით წამოვვარდი.
უკვე მზად იყო, ამიტომ დიდ თეფშზე გადმოვყარე, შავი წიწაკისა და არაჟნის თანხლებით სუფრა გავაწყვე.
- შემოდი, ვჭამოთ. - ხმამაღლა გავძახე და სასალფეთქე მაგიდის ცენტრისკენ მივწიე.
სრულ სიჩუმეში ვივახშმეთ. ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, ამიტომ მის პირად სივრცეს პატივი ვეცი და ზედმეტი კითხვებით თავი აღარ შევაწყინე.
როგორც კი მოვრჩით, მე ჭურჭელი გავრიცხე, საბამ - ტილოს დახმარებით გაამშრალა და მისაღებ ოთახში გადავინაცვლეთ.
- ფილმს ვუყუროთ? - ხასიათის გამოსაკეთებლად შევთავაზე.
- შეგიძლია, რომ მიმღერო? - სევდიანად გამიღიმა.
- კი, თან დიდი ხანია, რაც არ მოგისმენია. - მაშინვე გამოვიტანე გიტარა და მის გვერდით მოვკალათდი.
თავში მხოლოდ ერთი მელოდა მიტრიალებდა, აკვიატებული ნოტებივით. არეულ ზღვებს შევხედე და ჯრუანტელმაც არ დააყოვნა.
- „ მოდი ჩემთან შენი ძნელი ქუჩით,
მოდი ჩემთან შენი გრძელი გზით,
მოდი ჩემთან სანამ ღრუბელს ბოლო უჩანს
და ოცნება გამინათე მზით.
ისტორიას დარჩება ჩვენი შეხება,
ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა,
ისტორიას დარჩება ის, რაც ვიპოვეთ ჩვენ
მე და შენ,
მე და შენ...“

გაგრძელებას ვაპირებდი, როცა სწრაფად მომიახლოვდა და ტუჩებზე დამაცხრა, თითები სიმებში ამეხლართა და სიმღერა კი არა, ყველაფერი დამავიწყდა. ვიგრძენი როგორ ამიდუღდა სისხლი და ჩვენს შორის გაჩრილი სანტიმეტრები კილომეტრებად მომეჩვენა.
- ასე ვერ ვიმღერებ... - ამოვილუღლუღე, როგორც კი ოდნავ მომშორდა.
- ვერ მოვითმინე. - ლაღად გაეცინა და დავმშვიდდი, რადგან ისეთი სევდიანი აღარ იყო.
დაძინებამდე წყალი გადავივლე და საღამურები სააბაზანოშივე ჩავიცვი. ყველა სათავსო გადავქექე, მაგრამ პლედი ვერსად ვიპოვე, არც ზედმეტი საბანი მქონდა.
- ტანსაცმლით დავიძინებ და არ შემცივდება. - მეათასედ გამიმეორა.
- თბილი ხალათი მაქვს. - ჩემი რბილი სიმდიდრე გავუწოდე და გული მომეწურა.
- საკმარისია, მართლა... - გამომართვა და საძინებლიდან გასვლამდე, შუქი ჩააქრო. - ძილინებისა.
- ძილინებისა. - ავტომატურად გავიმეორე და ერთისთვის ზედმეტად დიდ საწოლში შევსრიალდი.
ნისლივით ჩამოწოლილ ფიქრებს დაღლილობამ სძლია.
რაღაც მძიმე მასის დავარდნის ხმამ გამაღვიძა და სანამ გამახსენდებოდა, თუ ვის ეძინა ჩემს დივანზე, უკვე მისაღებ ოთახში ვიყავი. საბა ამაოდ ცდილობდა ხალათის პროპორციულად გადაფარებას.
- ჩამოვარდი? - სიცილის შესაკავებლად პირზე ხელი ავიფარე.
- არა, თავმოყვარეობა დამივარდა. - აშკარად ნაწყენი იყო.
- წამოდი, საწოლში დაწექი.
- კარგად ვარ აქ. - იმდენად საწყალი სახით თქვა, ყველაზე გულუბრყვილო ბავშვიც არ დაუჯერებდა.
თავზე დავადექი, ხალათი წავართვი და მისი გალურჯებული ტუჩების დანახვაზე გული გამეყინა.
- მიდი, მალე!
- ამორძალივით თუ არ იძალადებ, თანახმა ვარ. - წამოდგა და საძინებლისკენ გაემართა. მისაღები ოთახი ისევ ჩავაბნელე და კვალდაკვალ გავყევი. საწოლის კიდესთან წელზევით შიშველი იდგა და ქამარს იხსნიდა. ელდა მეცა და სანამ ჩემს შეშფოთებულ გამომეტყველებას შეამჩნევდა, შუქი ჩავაქრე.
- საბანი პატარაა და ძალიანაც ნუ გაშიშვლდები. - ერთი წინადადების თქმისას ხმა ორჯერ ჩამიწყდა.
პასუხად მხოლოდ ჩუმი ჩაცინება მომესმა. საწოლში ჩემს პარალელურად, თუმცა მოპირდაპირე მხარეს დაწვა.
- დივანზე ლამის გავიყინე. - ჩურჩულით აღიარა და თავი ჩემს სახესთან სულ ახლოს დადო.
- სითბოს მხოლოდ მაშინ ვაფასებთ, როცა გვცივა. - შეთქმულების თეორიასავით ვუჩურჩულე.
- იცი, რა მიხარია ყველაზე მეტად? - თმა სახიდან გადამიწია, თუმცა არ შემხებია.
- ერთ საწოლში რომ ხარ, სასწაულივით გოგოსთან ერთად. - წავიმეტრიჩე.
- ნამდვილად აღსანიშნი ფაქტია. - გამხიარულდა და წამიერმა დუმილმა ყური მატკინა. - მაგრამ, ის უფრო მიხარია, რომ დილით შენთან ერთად გავიღვიძებ.
- დედა ძილის წინ მიმღეროდა, გინდა გიმღერო?
- უპირობოდ... - საბანი მჭიდროდ შემოიკრა და სმენად იქცა.
მოგონებებში ჩავიკარგე და გავიხსენე იავნანა, რომელსაც ობლობის პირველ წლებში საკუთარ თავს ვუმღეროდი, მერე კი სრულიად მივივიწყე.
- „ შენი ტკბილი ნანა ქარმა მოიტანა,
მთებმა გამახსენა შენი იავნანა,
თითქოს მეძახიან შენი სიმღერები,
ნისლმაც შენი სახე ცაზე მომიხატა.
მომენატრე ისე, არ მასვენებს ფიქრი,
სიზმრად მაინც მოდი, იცი, როგორ გიცდი?
იცი, როგორ მჯერა ჩვენი შეხვედრების,
მთიდან მეძახიან შენი სიმღერები...“

ჩასასუნთქად გაჩრილი პაუზა საბას საოცრად ჟღერადმა ხმამ ნაზად გაკვეთა და გაოცებისგან პირი დავაღე.

- „ ისე ტკბილად მღერი, თითქოს ცამდე ახვალ,
შენი სიმღერები როგორ მომენატრა,
ამ გოლიათ მთებში როგორ ჩაკარგულან,
შენი სიმღერები, ჩემო თვალხატულავ.
მომენატრე ისე, არ მასვენებს დარდი,
ნეტა ასე ძლიერ როდის შემიყვარდი,
ნახე, როგორ მღერის ამ სიმღერას ქარი,
როგორ შემიყვარდი, როგორ შემიყვარდი...“

- და შენ ამბობ, რომ არასდროს გიმღერია? - ვკითხე, როგორც კი მეტყველების უნარი დამიბრუნდა.
- გულში ვმღეროდი ხოლმე, ითვლება?
- ითვლება და ერთი ყლუპი ჩაი გაქვს ვალი. - მაშინვე მოვუფიქრე სასჯელი. - ძალიან კარგი ხმა გაქვს, სმენაზე აღარაფერს ვამბობ.
- სამსახურს მთავაზობ? - ხელი ჩემს წელსა და საწოლს შორის ფრთხილად შეაცურა და მისი ტუჩები ჩემს შუბლს მიეკრო. - ეს ჩვენი სიმღერა იყოს, რას იტყვი?
- როგორი რომანტიკული ბიჭი ყოფილხართ, ბატონო ცინიზმო. - მისი კანის სურნელით ვტკბებოდი.
ვიგრძენი თანდათან როგორ გადაეშვა წარმოსახვით სამყაროში. სუნთქვა დაულაგდა და გაუთანაბრდა. მთვარის შუქი უნათებდა მოდუნებულ სახის ნაკვთებს, მონუსხულივით დავყურებდი და ვცდილობდი ზედაპირულად მესუნთქა, რომ არ გაღვიძებოდა.
ზღვა მთლიანად შავი იყო და მასთან მისასვლელად ცხელ ქვიშაზე მივაბიჯებდი. ნაცნობი სილუეტი ზურგშექცევით იდგა, ორი ნაბიჯის დაშორებით გავჩერდი და ისიც მაშინვე შემობრუნდა. თვალები მიწასავით შავი ჰქონდა. სხივებს ვეძებდი, მაგრამ თითქოს ვიღაცამ სინათლე გაუმტარი საღებავებით შეღებაო, მისი მზერისგან მხოლოდ სიბნელე იღვრებოდა.
- ვერ გამოასწორე... - იმედგაცრუებული ჩანდა, მაგრამ იმდენად სასტიკი და ცივი ხმა ჰქონდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ როდესმე რაიმე იმედი ჰქონდა.
- სად არის შენი ფერები? - ვუყურებდი და მეშინოდა.
- მე არასდროს მქონია ფერები... ეგ მხოლოდ შენი უბადრუკი ილუზიაა. - სახე დამცინავად მოეღრიცა და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
- შენ... - უკან დავიხიე. - პარალელური სამყაროდან ხარ, მე შენ არ გიცნობ...
- მართლა? - გადაიხარხარა და მისგან წამოსული ყოველი ბგერა ფიზიკური სიცხადით მეტკინა. - თვალები გაახილე...



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აი ყველაზეეეეე ყველააააზეეე საოცარი თავი იყო, ჯერ ჯერობით მთელიიი ისტორიის განმავლობაში.

ერთხელ უკვე ვთქვი მაგრამ კიდევ მილიონჯერ მინდა რომ გავიმეორო, ულამაზესი, უნაზესი და უზუსტესი დეტალები გაქვს. აი იცი როგორია?! ნაზი შეხებასავითაა, გეხება და გათბობს, ხან გამძიმებს და ამას ერთი "ნაზი შეხებით" აკეთებს.. აი ასე ვხედავ მე შენს ლამაზ დეტალებს ამ ისტორიაში ^-^

"..როცა ჭადრაკში ერთი პაიკი მეორეს კლავს, ვინაა მკვლელი?
- ვინც თამაშობს." <3

მიყვაარს საბა, ძალიან მომწონს მაგრამ ამავე დოზით მაშინებს მისი საიდუმლო :(


"შენი ტკბილი ნანა ქარმა მოიტანა,
მთებმა გამახსენა შენი იავნანა,
თითქოს მეძახიან შენი სიმღერები,
ნისლმაც შენი სახე ცაზე მომიხატა.
მომენატრე ისე, არ მასვენებს ფიქრი,
სიზმრად მაინც მოდი, იცი, როგორ გიცდი?
იცი, როგორ მჯერა ჩვენი შეხვედრების,
მთიდან მეძახიან შენი სიმღერები...“

ჩასასუნთქად გაჩრილი პაუზა საბას საოცრად ჟღერადმა ხმამ ნაზად გაკვეთა და გაოცებისგან პირი დავაღე.

- „ ისე ტკბილად მღერი, თითქოს ცამდე ახვალ,
შენი სიმღერები როგორ მომენატრა,
ამ გოლიათ მთებში როგორ ჩაკარგულან,
შენი სიმღერები, ჩემო თვალხატულავ.
მომენატრე ისე, არ მასვენებს დარდი,
ნეტა ასე ძლიერ როდის შემიყვარდი,
ნახე, როგორ მღერის ამ სიმღერას ქარი,
როგორ შემიყვარდი, როგორ შემიყვარდი...“

ჩემი ფავორიტია დღეიდან ეს მომენტი ^-^
საბაც მღერის, ღმერთო საოცარი დუეტი იქნება^-^

ისეთი სასიამოვნო თავი იყო, მაგრამ ყოველთვის მაწუხებს ის ფაქტი რომ რაღაც რიგზე ვერაა.
ველი საბას ისტორია სუნთქვაშეკრული.

"
სხივებს ვეძებდი, მაგრამ თითქოს ვიღაცამ სინათლე გაუმტარი საღებავებით შეღებაო, მისი მზერისგან მხოლოდ სიბნელე იღვრებოდა.
- ვერ გამოასწორე... - იმედგაცრუებული ჩანდა, მაგრამ იმდენად სასტიკი და ცივი ხმა ჰქონდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ როდესმე რაიმე იმედი ჰქონდა.
- სად არის შენი ფერები? - ვუყურებდი და მეშინოდა.
- მე არასდროს მქონია ფერები... ეგ მხოლოდ შენი უბადრუკი ილუზიაა. - სახე დამცინავად მოეღრიცა და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
- შენ... - უკან დავიხიე. - პარალელური სამყაროდან ხარ, მე შენ არ გიცნობ...
- მართლა? - გადაიხარხარა და მისგან წამოსული ყოველი ბგერა ფიზიკური სიცხადით მეტკინა. - თვალები გაახილე..."

წინა სიზმარს ისე არ შევუშინებივარ, როგორც ამან შემძრა.. :(
ლიტა საბას გამოასწორებს და ეს გამოუვა, ამის გარდა არაფერს არ დავიჯერებ!

Უდიდესი მოლოდინებᲘთ ველი შემდეგ თავს ^-^

და ძალიან მიყვარხარ შენ ასეთი მსუყე და ემოციური თავისთვის როგორიც ეს იყო ^-^

 


№2  offline წევრი Melice

სტუმარი ანი
აი ყველაზეეეეე ყველააააზეეე საოცარი თავი იყო, ჯერ ჯერობით მთელიიი ისტორიის განმავლობაში.

ერთხელ უკვე ვთქვი მაგრამ კიდევ მილიონჯერ მინდა რომ გავიმეორო, ულამაზესი, უნაზესი და უზუსტესი დეტალები გაქვს. აი იცი როგორია?! ნაზი შეხებასავითაა, გეხება და გათბობს, ხან გამძიმებს და ამას ერთი "ნაზი შეხებით" აკეთებს.. აი ასე ვხედავ მე შენს ლამაზ დეტალებს ამ ისტორიაში ^-^

"..როცა ჭადრაკში ერთი პაიკი მეორეს კლავს, ვინაა მკვლელი?
- ვინც თამაშობს." <3

მიყვაარს საბა, ძალიან მომწონს მაგრამ ამავე დოზით მაშინებს მისი საიდუმლო :(


"შენი ტკბილი ნანა ქარმა მოიტანა,
მთებმა გამახსენა შენი იავნანა,
თითქოს მეძახიან შენი სიმღერები,
ნისლმაც შენი სახე ცაზე მომიხატა.
მომენატრე ისე, არ მასვენებს ფიქრი,
სიზმრად მაინც მოდი, იცი, როგორ გიცდი?
იცი, როგორ მჯერა ჩვენი შეხვედრების,
მთიდან მეძახიან შენი სიმღერები...“

ჩასასუნთქად გაჩრილი პაუზა საბას საოცრად ჟღერადმა ხმამ ნაზად გაკვეთა და გაოცებისგან პირი დავაღე.

- „ ისე ტკბილად მღერი, თითქოს ცამდე ახვალ,
შენი სიმღერები როგორ მომენატრა,
ამ გოლიათ მთებში როგორ ჩაკარგულან,
შენი სიმღერები, ჩემო თვალხატულავ.
მომენატრე ისე, არ მასვენებს დარდი,
ნეტა ასე ძლიერ როდის შემიყვარდი,
ნახე, როგორ მღერის ამ სიმღერას ქარი,
როგორ შემიყვარდი, როგორ შემიყვარდი...“

ჩემი ფავორიტია დღეიდან ეს მომენტი ^-^
საბაც მღერის, ღმერთო საოცარი დუეტი იქნება^-^

ისეთი სასიამოვნო თავი იყო, მაგრამ ყოველთვის მაწუხებს ის ფაქტი რომ რაღაც რიგზე ვერაა.
ველი საბას ისტორია სუნთქვაშეკრული.

"
სხივებს ვეძებდი, მაგრამ თითქოს ვიღაცამ სინათლე გაუმტარი საღებავებით შეღებაო, მისი მზერისგან მხოლოდ სიბნელე იღვრებოდა.
- ვერ გამოასწორე... - იმედგაცრუებული ჩანდა, მაგრამ იმდენად სასტიკი და ცივი ხმა ჰქონდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ როდესმე რაიმე იმედი ჰქონდა.
- სად არის შენი ფერები? - ვუყურებდი და მეშინოდა.
- მე არასდროს მქონია ფერები... ეგ მხოლოდ შენი უბადრუკი ილუზიაა. - სახე დამცინავად მოეღრიცა და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
- შენ... - უკან დავიხიე. - პარალელური სამყაროდან ხარ, მე შენ არ გიცნობ...
- მართლა? - გადაიხარხარა და მისგან წამოსული ყოველი ბგერა ფიზიკური სიცხადით მეტკინა. - თვალები გაახილე..."

წინა სიზმარს ისე არ შევუშინებივარ, როგორც ამან შემძრა.. :(
ლიტა საბას გამოასწორებს და ეს გამოუვა, ამის გარდა არაფერს არ დავიჯერებ!

Უდიდესი მოლოდინებᲘთ ველი შემდეგ თავს ^-^

და ძალიან მიყვარხარ შენ ასეთი მსუყე და ემოციური თავისთვის როგორიც ეს იყო ^-^

ამ კომენტარის ძილის წინ ნახვა ერთი სიამოვნებაა ❤️
თქვენნაირი მკითხველი მაძლევს უდიდეს სტიმულს ❤️
ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ❤️❣️

 


№3  offline წევრი OKI ME

ეს რა საინტერესო თავი იყო?

ჯერ ჯერობით ამ ორ შორის მაინც არის რაღაც უხილავი კედელი. აი, როგორ ვთქვა, თითქოს ერთმანეთთან ბოლომდე თავისუფლად ვერ არიან. ეს ორივეს ეხება. საბას ოჯახის ამბებმაც დამაინტერესა, ამ თავიდან გამომდინარე მით უმეტეს.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავს, რომ უზომოოდ მაინტერესებს საბას საიდუმლო. )))) ალბად ეს დამალული საიდუმლო აფერხებს მათ ურთიერთობას.

აი ლიტას სიზმრები მაშინებს ცოტა. ძალიან არ მინდა რეალობად იქცეს, ყველაფერი.

მოუთმენლად ველი ახალ თავს ❤️❤️❤️ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ისტორია ❤️❤️

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

zaiamn zalian magariaa. paiki paiks rom klavs visi bralia. motamashiss. gmerts vapatiee. au arminda eom sabam shuri litaze izioss. moutmenlad geli. agvianebbbbbb

 


№5 სტუმარი ანუ

აუ როდის დადებ?
ვეღარ ვითმენ ^-^

 


№6  offline წევრი Melice

მადლობა ყველას დადებითი აურისთვის. ❣️
ამაღამ აიტვირთება ახალი თავი ❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ანო

Melice
მადლობა ყველას დადებითი აურისთვის. ❣️
ამაღამ აიტვირთება ახალი თავი ❤️

იმედია მალე დადებენ ^-^

 


№8 სტუმარი one

saocrad wer, sruli samotkhea sheni nawarmoebis kitkhva, gadacharbebis gareshe!!! imdenad azrianad gadmoscem yvela-fers))) madloba ❤️
rom veli akhals eg ra sakhsenebelia)))

 


№9 სტუმარი სტუმარი ანი

დღეს არ იქნება ახალი თავი? :(

 


№10  offline წევრი Melice

one
saocrad wer, sruli samotkhea sheni nawarmoebis kitkhva, gadacharbebis gareshe!!! imdenad azrianad gadmoscem yvela-fers))) madloba ❤️
rom veli akhals eg ra sakhsenebelia)))

უღრმესი მადლობა, სიტყვები არ მყოფნის რომ გადმოგცეთ, როგორ მახარებს თქვენი თითოეული სიტყვა ❤️

სტუმარი ანი
დღეს არ იქნება ახალი თავი? :(

გუშინ ვეღარ მოვასწარი, მაგრამ დღეს აუცილებლად იქნება. ბეჭდვის პროცესში ვარ ❣️

 


№11  offline წევრი Daldoni Daldoni

სტუმარი ანი
აი ყველაზეეეეე ყველააააზეეე საოცარი თავი იყო, ჯერ ჯერობით მთელიიი ისტორიის განმავლობაში.

ერთხელ უკვე ვთქვი მაგრამ კიდევ მილიონჯერ მინდა რომ გავიმეორო, ულამაზესი, უნაზესი და უზუსტესი დეტალები გაქვს. აი იცი როგორია?! ნაზი შეხებასავითაა, გეხება და გათბობს, ხან გამძიმებს და ამას ერთი "ნაზი შეხებით" აკეთებს.. აი ასე ვხედავ მე შენს ლამაზ დეტალებს ამ ისტორიაში ^-^

"..როცა ჭადრაკში ერთი პაიკი მეორეს კლავს, ვინაა მკვლელი?
- ვინც თამაშობს." <3

მიყვაარს საბა, ძალიან მომწონს მაგრამ ამავე დოზით მაშინებს მისი საიდუმლო :(


"შენი ტკბილი ნანა ქარმა მოიტანა,
მთებმა გამახსენა შენი იავნანა,
თითქოს მეძახიან შენი სიმღერები,
ნისლმაც შენი სახე ცაზე მომიხატა.
მომენატრე ისე, არ მასვენებს ფიქრი,
სიზმრად მაინც მოდი, იცი, როგორ გიცდი?
იცი, როგორ მჯერა ჩვენი შეხვედრების,
მთიდან მეძახიან შენი სიმღერები...“

ჩასასუნთქად გაჩრილი პაუზა საბას საოცრად ჟღერადმა ხმამ ნაზად გაკვეთა და გაოცებისგან პირი დავაღე.

- „ ისე ტკბილად მღერი, თითქოს ცამდე ახვალ,
შენი სიმღერები როგორ მომენატრა,
ამ გოლიათ მთებში როგორ ჩაკარგულან,
შენი სიმღერები, ჩემო თვალხატულავ.
მომენატრე ისე, არ მასვენებს დარდი,
ნეტა ასე ძლიერ როდის შემიყვარდი,
ნახე, როგორ მღერის ამ სიმღერას ქარი,
როგორ შემიყვარდი, როგორ შემიყვარდი...“

ჩემი ფავორიტია დღეიდან ეს მომენტი ^-^
საბაც მღერის, ღმერთო საოცარი დუეტი იქნება^-^

ისეთი სასიამოვნო თავი იყო, მაგრამ ყოველთვის მაწუხებს ის ფაქტი რომ რაღაც რიგზე ვერაა.
ველი საბას ისტორია სუნთქვაშეკრული.

"
სხივებს ვეძებდი, მაგრამ თითქოს ვიღაცამ სინათლე გაუმტარი საღებავებით შეღებაო, მისი მზერისგან მხოლოდ სიბნელე იღვრებოდა.
- ვერ გამოასწორე... - იმედგაცრუებული ჩანდა, მაგრამ იმდენად სასტიკი და ცივი ხმა ჰქონდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ როდესმე რაიმე იმედი ჰქონდა.
- სად არის შენი ფერები? - ვუყურებდი და მეშინოდა.
- მე არასდროს მქონია ფერები... ეგ მხოლოდ შენი უბადრუკი ილუზიაა. - სახე დამცინავად მოეღრიცა და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
- შენ... - უკან დავიხიე. - პარალელური სამყაროდან ხარ, მე შენ არ გიცნობ...
- მართლა? - გადაიხარხარა და მისგან წამოსული ყოველი ბგერა ფიზიკური სიცხადით მეტკინა. - თვალები გაახილე..."

წინა სიზმარს ისე არ შევუშინებივარ, როგორც ამან შემძრა.. :(
ლიტა საბას გამოასწორებს და ეს გამოუვა, ამის გარდა არაფერს არ დავიჯერებ!

Უდიდესი მოლოდინებᲘთ ველი შემდეგ თავს ^-^

და ძალიან მიყვარხარ შენ ასეთი მსუყე და ემოციური თავისთვის როგორიც ეს იყო ^-^

გეთანხმები საოცარი საინტერესო ისტორიაა ძალიან და შენი შეფასება და ანალიზი ისეთი სასიამოვნო წასაკითხიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent