BPD - Charles
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩემს წამლებს აღარ ვიღებ, ჩარლზ. ან რამდენიმე წელი, სიმართლე გითხრა, არ მახსოვს ზუსტად… ერთიანად შევწყვიტე მათი მიღება. ხუმრობა ჰომ არ არის - ცამეტი ტაბლეტი დღეში. მათი სახელების დავიწყება მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. თითქოს, ჩემი ტვინის ხვეულებზე ამოიტვიფრა თითოეული ასო, რომელიც მათ დასახელებაში შედის. ჰო, ჩემ წყეულ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს. ნეირონები მტკივა. მერე, რა, რომ მათ არ აქვთ ტკივილის განცდის უნარი?! საკუთარ დაავადებას კისრისტეხით გამოვექეცი. სუნთქვას ვერ ვიმორჩილებ და გამუდმებით უკან ვიხედები, ჰომ, არ მომდევს-მეთქი… ის დგას, ჩარლზ. ერთ ადგილზე დგას, მაგრამ ჩვენ შორის მანძილი არა და არ მცირდება. რამდენი ტყე-ღრეც არ უნდა გადავიარო გულამოვარდნილმა, ის ყოველთვის იგივე მანძილზე რჩება. ერთი ხელის გაწვდენა და დამთავრდება ჩემი რბოლა, გეფიცები. ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რათა გავეცალო, გავშორდე! ის კი რა დონის ცინიკოსია, ღმერთმანი! მე მგონია, რომ მიჭერს, ჩარლზ. ხანდახან მეტისმეტად ნათლად ვგრძნობ მის არარსებულ ხელებს, რომელნიც გაშმაგებით მიჭერენ კისერზე და სუნთქვას მიხშობენ… მაგრამ, ეს მხოლოდ მგონია. ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია, ვიცი. სინამდვილეში კარგა ხანია ჩემი არსებობის ხის ქვეშ სორო აქვს მოწყობილი და ფესვებს მიღრღნის. უბრალოდ, სულელი მღრღნელია, ჩარლზ. ეს ყველაფერი კი არავის ესმის. არა, არ მსურს, რომ ესმოდეთ. არ მსურს, რომ ისინიც ჩემებრ იტანჯებოდნენ, ჩარლზ. ეს სიცარიელე, ეს შიში, ეს შფოთვა, ეს მუდმივ ზღვარზე ყოფნა საშინელებაა. ზოგი კი იბრალებს, ღმერთო ჩემო! იბრალებს! გამოჩნდე განსხვავებული და ამიტომ დაიბრალო ეს ამაზრზენი აშლილობა. ნეტავ, წუთით მაინც განიცადოთ ის, რასაც ჩვენ განვიცდით ყოველწამს. ნეტავ, აჭიკჭიკდებით მას შემდეგ ისე, როგორც აქამდე? *** ადრე მეგონა, რომ ადამიანები პასუხისმგებლობას გაურბოდნენ, როდესაც დაავადებას აბრალებდნენ საკუთარ ქცევას. არა, არ გეუბნები, რომ ასე არ არის, ჩარლზ. უბრალოდ, არა ყოველთვის, ხვდები? ებრძვი. ცდილობ, იყო ადეკვატური და ცდილობ, არ მოახვიო თავს ეს ყველაფერი სხვებს და მერე? მერე ფეთქდები, ჩარლზ. შეცდომა გეპარება და კარტის უსუსური სახლივით ჩამოგეშლება თავზე შენი წვალებით ნაშენები მოთმინება, რომლის შეკოწიწიებასაც ცრემლების ყლაპვით ცდილობდი. ერთი გინება და უმანკო ქალის იმიჯი ნაცარტუტად იქცევა, ამის დედას შე'ვეცი! - ეს ყველაფერი უნდა მიიღო და განიცადო. - ამის მიღება ბოლოს მიღებს. - რატომ გგონია ასე? - შენ, რა, თვლი, რომ უბრალოდ მგონია? - გეცინება? - შენი გულუბრყვილობა მაცინებს. - მაგრამ, წამლები გეხმარება. - ნუთუ, არ მეტყობა, როგორც მეხმარება? ენას პირში ძლივს ვატრიალებ! - წინა სეანსებთან შედარებით, უკეთ გამოიყურები. მეუბნება და გაცეცხლებისგან ფეხზე წამომხტარი, სავარძელში მოწყვეტით ვეშვები. თვალს თვალში ვუყრი და არ მჯერა, როცა ვიაზრებ, რომ მათ მართლა სჯერათ იმის, რაც ბაგეს რამდენიმე წამის წინ მოსწყდა. სიცარიელის ტალღასავით მოვარდნილი შეგრძნება გულისრევაში ირევა და მე უკვე თავს ვეღარ ვიკავებ… *** … და იცი, რა, ჩარლზ? რაც უფრო მეტად ვებრძვი, მით უკეთ გამოვიყურები. რაც უფრო არაადეკვატური სიგიჟე თარეშობს ჩემში, მით უკეთ ვჩანვარ სხვებში. ნიღაბი რომც არ გქონდეს, თუ ხალხს არ სურს დაინახოს ის, თუ რა ტრიალებს შენში, თავად შეგიკერავს სტანდარტულ ნიღაბს, რომელიც სახეზე მაინც არ მოგერგება, რადგან სტანდარტებს არ ცნობ. შენს სისხლში ერითრო-ლეიკო-თრომბოციტების ნაცვლად, სიტყვა "თავისუფლება" დაძრწის უმისამართოდ. *** რატომ ჰგონიათ, რომ გადაშლილი წიგნი ვარ? რატომ, როცა წარმოდგენა არ აქვთ, არათუ ჩემ შიგნით რა ხდება, არა, ჩარლზ! (სისულელეა, ვინმეს წარმოდგენა შეუქმნა - შენს შიგნით რა ხდება. ისინი მაინც თავისებურ განმარტებას გაუკეთებენ, თავისებურად აღიქვამენ და ამაში საწყენი არაფერია) არამედ გარეგნულადაც ვერ ამჩნევენ ცვლილებებს? ისინი ფიზიკური ფაქტების ცოდნის გარეშე ამტკიცებენ ვინ ხარ, როგორი ხარ და რა იქნება შენთვის უკეთესი. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, არა, ჩარლზ? რატომ უნდა ვიტეხო თავი ამაზე ფიქრით და კიდევ უფრო გავიუარესო ჩემი მდგომარეობა? განა, ჩემი არ მყოფნის? მე შემიძლია შემოვძვრე თქვენს ტყავში. უბრალო სიტყვით მივხვდე, რომ რაღაც ხდება თქვენთან და თქვენში. აღგიქვათ ისე, როგორც გსურთ. დავინახო თქვენი ფერი, ვიგრძნო გემო და სუნი, რომელიც ყველას თავისი აქვს და მიგიღოთ ისეთები, როგორიც ხართ. ჩემთვის კი - ასე უკეთესია. - ვაზვიადებ, ვაბუქებ, ვადრამატიზირებ! - ბრაზობ. - რა თქმა უნდა, ვბრაზობ! - შენ თვლი, რომ ასე არაა? - დიახ, ვთვლი! - მაგრამ ისინი გულით არიან შენკენ. - ეშმაკმა დალახვროს! თუ ვერ მიხვდნენ, რომ ჩემთვის ინფორმაციის მოწოდების ფორმას აქვს მნიშვნელობა, სალაპარაკო რა დარჩა? - გაწყვეტ ურთიერთობას? - არ შემიძლია. - რატომ? - იმიტომ, რომ ბოლომდე ვებღაუჭები ხავსს. იმიტომ, რომ ბოლომდე მაქვს იმედი. - იმედი იმისა, რომ… - ასე აგდებით არ მოეპყრობიან იმას, რაც ჩემთვის ძვირფასია. მიატოვო მანამ, სანამ ისინი იზამენ ამას… თითქოს, მიმსუბუქებს მდგომარეობას, მაგრამ ეს ჰომ მხოლოდ ილუზიაა, ჩარლზ? ბოლო მაინც იგივეა, მარტო ვრჩები საკუთარ ფიქრებთან, შიშებთან და ტკივილებთან. ისინი ხორცს ისხამენ და როდესაც ტელეფონს გაშტერებით ვუმზერ, როდესაც რამეს გაფაციცებით ველი, ტკივილი ხელზე ხელს მადებს, მეორეთი ყბებს მიჭერს და შიშს, რომელსაც ციცინათელას ფორმა მიუღია, გზას უთავისუფლებს. პატარა მწერი კი, რომელიც ჩემი თვალებიდან მდინარესავით ადიდებული და მკვდარი ზღვასავით მლაშე სითხის გადმოდინების მიზეზია, პირში მიძვრება და შხამივით ედება ყველა მოლეკულას. მაშ, რა აზრი აქვს იმას, რასაც მე ვაკეთებ, მითხარი. ამიხსენი, გთხოვ. *** ჩარლზ, იცი, რას მივხვდი? ურთიერთობაში მთავარი პატივისცემაა. რა ბანალურ თემას შევეხე, არა? კითხვა არ შეწყვიტო, იცოდე! როცა პატივს სცემ, ნდობაც მოდის, ხვდები? რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრიადა არ გტენი ამას. უპატივცემულობის გამო ჭაობში მოგისვრი იცოდე და გულიდან სამუდამოდ ამოგგლეჯ. მერე ფილტვებით მეყვარები, მაგრამ ეგ უკვე სხვა საკითხია. *** ჩარლზ, არ მესმის რატომ არ ჩანს ჩემი რაციონალიზმი. ალბათ, მეტყვი, რომ არც მაქვს და რაღაც აბსტრაქტულს ვეპოტინები, მაგრამ ცდები. ემოციების მონობა არ გამორიცხავს რაციონალიზმს. რომ არა ეს უკანასკნელი, შენ მე ცოცხლად ვეღარ მიხილავდი. რა ბედნიერებაა, რომ ამ სხეულში არავინ მაკავებს. ბედნიერებაა, როცა ვიაზრებ, რომ თამაშიდან გამოსვლა შემიძლია. მაგრამ სანამ ტრ'აკი მაქვს, ჩარლზ, აფთიაქის ყუთებს ვიშოვი და სასიცოცხლო ენერგიას აღვიდგენ! *** მეტისმეტად სულელური რამეა ემპათია, ადამიანებს კი ეს სისულელე გვჭირდება. ოდესმე სრულ აპათიას შეუპყრიხარ, ჩარლზ? ბევრს ვფიქრობდი მორალზე და ამორალურობაზე. აპათია ზე-ამორალური რამეა. ცალ ფეხზე გკიდია სხვისი ემოციები. შენში დარჩენილია მხოლოდ ცხოველური ინსტინქტები და ცივი აზროვნება. არაამქვეყნიური ცინიზმი იღვიძებს შენში და ნიჰილიზმში ცურავ. კაცმა არ იცის, რა მოიმოქმედებ და ეშინიათ. მე ვიყავი ასეთი, ჩარლზ. სხვებისგან შეუმჩნევლად, მალულად ვიყავი. მათ კი წარმოდგენა არ ჰქონდათ ამაზე. სასაცილოა, ვხარხარებ! ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი, ჩარლზ. ასე პირისპირ ვერასოდეს დაგელაპარაკები. შენ? მესაუბრე რამდენიც გსურს, მაგრამ მე ზემოთ თქმულს ხმამაღლა ვერ გავაჟღერებ. მბგერი იოგები გამიწყდება. ვერალური კომუნიკაცია ყოველთვის მიჭირდა. ადამიანთა შორის ყოფნა… დერეფანში რომ გავდივარ, იქ იმდენი ხალხია, ჩარლზ. ძალიან, ძალიან ბევრნი არიან. მინდა ყველა სათითაოდ მოვკლა. წამებით მსურს სული ამოვხადო, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი თვალთახედვის არეალში ხვდებიან, ეშმაკმაც დალახვროს! მომშორდით, დამტოვეთ მარტო, ნუ მეხებით. არც მხარი გამკრათ შემთხვევით, გაფრთხილებთ! *** თეთრი ოთახში მარტო ვზივარ, ჩარლზ. თმა ისევ გრძელი მაქვს, ისევ მბზინვარე წაბლისფერი. თითებს თმაში ვიცურებ და მთელი ძალით ვქაჩავ. ერთ ადგილას წინ და უკან ვირწევი და გაფართოებული თვალებიდან მარილიანი წყალი იღვრება. ვერ ვხვდები - ვინ ვარ, სად და რატომ. მხოლოდ შენ მახსოვხარ, ჩარლზ. შენი გაბურძგნული წვერი მახსოვს და მოხრილი მხრები. რატომ, ჩარლზ? რატომ მტოვებენ ისინი მარტო? ვერაფერს ვხვდები. სად ვუშვებ შეცდომას… წუთის წინ, მათი მოშორება არ მინდოდა? ახლა ვდარდობ, რომ მიმატოვებენ. ეს რა არის, ჩარლზ? დავცარიელდი და აღარაფერს წარმოვადგენ. ისინი მიდიან იმიტომ, რომ მე ცარიელი ვარ. მხოლოდ მაშინ ვჭირდები მათ, როცა სავსე ვარ. რა სისულელეა, ასე არ არის. ასე არ ხდება, ასევე მომექცევიან… ასე იქცევიან, ჩარლზ. არავის იმედი უნდა გქონდეს. ვერცერთში იქნები ბოლომდე დარწმუნებული. მერე, რა, რომ მე ახლა მოსიარულე გვამი ვარ. მთავარია, რომ ადამიანური ურთიერთობებისგან ვარ თავისუფალი. მე ხელახლა დავიბადე, მაგრამ დავიბადე მკვდარი, ჩარლზ. - ახლა რას გრძნობ? - არაფერს. - მაგრამ ტირი. - ალბათ, ვიცი, რომ უნდა ვიგრძნო. - მაგრამ… - მაგრამ სრულიად ინერტული ვარ. ეს სხეული ცარიელია. შიგნით ორგანოებიც კი არაა. მე მოვკვდი, ჩარლზ. თქვენ მე მომკალით. მაგრამ, დაიცადე ცოტაც და აღვდგები მკვდრეთით. *** ბევრი ვილაპარაკე. გადავიკითხე და მაინც მეცოტავა. თითქოს, კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზების აჯაფსანდალი იყოს. მაგრამ დამეფიცება, ერთი ამოსუნთქვით ვწერე. რა უცნაურია წერის ფენომენი. წლების წინ მეგობარს რომ არ ეჩვენებინა თავისი შემოქმედება, ახლაც წერას ვერ მოვახერხებდი, ჩარლზ. ჰო, არც შენ დაგჭირდებიდა ამ *ლეობის კითხვა, გეთანხმები. თავი მოგაბეზრე, ამიტომ, შეგიძლია კითხვა შეწყვიტო. წერა პირველ ასოდან შემიყვარდა. ყოველი ნაწარმოები სიგიჟემდე მიყვარს. მერე, რა, რომ ზოგი სულელურია. არა, ვგრძნობ, რომ მათზე საუბარი არ მინდა. გავაგრესიულდი. უეცარი აფექტი მომასკდა, მე კი მშვიდი სახით შემოვიპატიჟე იგი სახლში. დიდი ხანია, რაც შევეშვი მასთან ხელჩართულ ბრძოლას. აზრი არ აქვს. უნდა ამოინთხეს და თავისით წავა. ნერვებს მიშლის, მაგრამ მაინც. *** ახლა სიგარეტს ვაბოლებ და ყბების ამჟავებას ვგრძნობ. დღეში ორი კოლოფი? დღევანდელი ფასით? შევიშალე და ეგაა. მენთოლიანს ნუ მთავაზობ, თავს მატკიებს. და არა, წითელი მალბორო ფილტვებს არ დამიხვრეტს. კარგი, ერთ ალვეოლს შევინახავ შენთვის. როგორღაც ჰომ უნდა მიყვარდე, გაბურძგნულო. P.S. მოკლედ, ვქექე და ვქექე ძველი ნაწერები ეს პერიოდია. ჰოდა, გადავაწყდი ჩარლზს. მძაგს ფურცელზე დაწერილის გადატანა ვორდში, მაგრამ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.