ფშაური კაფია [თავი 4]
მტანჯველი სიდინჯით ეწაფებოდა ბაგეებს. ვერა და ვერ შეელია ბადაგის გემოსა და თაფლის მათრობელა სურნელს. ვნებამ აიტანა, ერთიანად აივსო ქალით, ნეტარების ბურუსში შეცურდა. კოცნიდა თავდავიწყებით, კოცნიდა მანამ, სანამ ცრემლის სიმლაშე შეერია ტუჩების სიტკბოს. შეცბა, გული აუდუღდა. დაეხსნა. მხრებჩამოყრილი იდგა ნინო, სახეალეწილი, მუშტები შეეკრა. უკუნი დაადგა ქალის თვალებს, მზერას სიმწარე, სიძულვილი შეერია. ბიჭმა სამყაროს რისხვა იგრძნო, შეიძრა. - არაკაცი ხარ, უნამუსო და ნაძირალა. უტიფრად მიუჯექი მამაჩემის სუფრას, დედაჩემს შვილად გაეცანი, ძმას ძმად შეეფიცე და მერე ასე, ასე უსირცხვილოდ შეურაცხყავი სტუმარ-მასპინძლობის ადათი. გულში აზვირთებული ბრაზი მხოლოდ ამონთხევას ჩამძახის, ჩემი ერთი სიტყვა და ამ კარის ზღურბლს მრთელი ვერ გადააბიჯებ. მხოლოდ მამაჩემის სიყვარულისა და პატივისცემის გამო ვჩუმდები, არ მინდა მის გულში მეგობრის ხატება, შენი გამოჩენით გამკრთალი სიხარული გავახუნო. მაგრამ, გპირდები, კიდევ ერთი მოახლოება, კიდევ ერთი ურცხვი მზერა და იცოდე, უძილაური თადიაურის სისხლს დაღვრის. ლექსო შებარბაცდა. ნინო ავსებულ დოქს დასწვდა, მტკიცე ნაბიჯებით აიარა მაღლობი და სახლში შევიდა. უდარდელი მზერა აიკრა სახეზე, დედას გაეხუმრა. მერე დაღლილობა მოიმიზეზა, სტუმრებს ბოდიში მოუხადა, გოგოებს დაემშვიდობა და საკუთარ ოთახს შეაფარა თავი. გაუხდელად მოიკუნტა საწოლზე, თვალები დახუჭა... არა, აღარასოდეს იფიქრებდა ბიჭზე, მის სახელსაც კი არ გაიხსენებდა, გულს არ გაიკარებდა. გუშინდელიდან მოყოლებული ვერ იცილებდა თადიაურის გამოჩენით გამოწვეულ უცხო მღელვარებას, თან შიში რომ შერეოდა. ახსოვდა, როგორ არ ახსოვდა... ახლაც თვალწინ ედგა ცხენზე ყინჩად ჩამომჯდარი, კუშტი, ამაყი მზერით სოფლის წყაროსთან რომ ჩაიარა. მიხვდა ეს უხასიათო ბიჭი უნდა ყოფილიყო მამის საუკეთესო მეგობრის ვაჟი, ქალაქიდან რომ ამოსულიყო. წინ გადაუდგა და ბავშვური გულუბრყვილობით შესცინა. ვაი როგორ ჩაწყდა გული, როცა მან ზედაც არ შეხედა, მეტიც, მოურიდებლად შეთქარუნდა წყალში და გოგოს ახალთახალ, ატმისფერ კაბას ჭანჭრობის ლაფი დაამჩნია. ქალმა მოგონებას გაუღიმა, ცრემლმა დაუნამა სახე. ჯერ კიდევ გრძნობდა ლექსოს ტუჩების სითბოს, სიგარეტის მოტკბო გემოს ჟიპიტაურის სიმწარე შერეოდა. აუტანლად ეწვოდა ყელზე ვაჟის შენახები ადგილი. გული მოეწურა, აქვითინდა. იცოდა იმსახურებდა, თუმცა მაინც საშინლად სტკიოდა საკუთარ ბაგეს დაცდენილი სიტყვები. ვერ იცილებდა ბიჭის ცოცხალ-მკვდარ სახეს, მთელი არსებით იგრძნო როგორ ატკინა. ნეტავი შეძლებოდა ისევ ისე მოეოხებინა გული როგორც პატარა ნინოს, ლექსოს გასისხლული სახის დანახვაზე ქვეყანა რომ შეძრა. კარზე კაკუნი გაისმა. ქალმა სწრაფად შეიმშრალა სახე. გაეპასუხა. - ნინო, შვილო, უკვე გვიანია, სტუმრების მოსვენების დროა. მინდიას ძმაკაცებს ქვემოთ გავუშლი, გთხოვ, ქისტაური, გიო და ლექსო შენ დააბინავე. სასტუმრო საძინებლები გაუმზადე. - კარგი დედა, ახლავე - წყნარად გაეპასუხა - გოგოები გააცილა მინდიამ? - არ იდარდო, ლექსომ დაარიგა სახლებში. მამაშენი და შენი ძმა ისეთი მთვრალები არიან აზრი არ მოეკითხებათ - გაეცინა ქალს. - აა, დაბრუნდა უკვე? - ვინ? ლექსო? არა არ დაბრუნებულა. დამიბარა ცოტას გავივლი და გიოს მიმიხედეო. უნდა ნახო ხელაშვილი რა დღეშია, ძვლივს დააკავა ლექსომ გოგოებს მუხამბაზი უნდა ვუმღეროო. მგონი ელენე მოეწონა. - ღმერთო, რა ღამეა - ჩაილაპარაკა ქალმა - კარგი, დედა საძინებლებს მივხედავ, მერე ჩამოვალ და სუფრის ალაგებაში დაგეხმარები. სულ ძალით დააწვინეს ნინომ და დედამისმა გაჯიუტებული ზურა და მინდია. მერე სტუმრებიც დააბინავეს და ჭურჭელი დარეცხეს. პირველი საათი გამხდარიყო ლექსო კი არ ჩანდა. თამარი ანერვიულდა, მღელვარება გოგოსაც გადაედო. -დაურეკე დედა, იქნებ რა უჭირს - ჩუმად ამოთქვა ქალმა ლექსოს ნომერი აკრიფა. საბედნიეროდ, ბიჭი მალევე გამოეპასუხა, დაამშვიდა, გზად ნაცნობი შემომეყარაო, მოიბოდიშა ცოტა კიდევ შემაგვიანდებაო. - მაფიცა, დაწექით არ დამელოდოთო. საძინებლის კარი შეღებული დატოვეთ, თავს თავად მივხედავო. არა, რა დაემართა ამ ბიჭს აღარ ვიცი, რაიმე ხომ არ ეწყინა ნეტავი. ისე უხასიათოდ შეიქნა, რომ... - უხასიათო ადამიანია ეტყობა. ვერ ხედავ როგორი პირქუშია. გეგონება მთელს სამყაროს მაგისი მართებდეს რაიმე - რას ამბობ, შვილო, განა ადვილია ისეთ ასაკში ორივე მშობლის ერთდროულად დაკარგვა, მერე უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში გადახვეწა. ბიძაც გარდაეცვალა, სულ მარტო დარჩა. მამაშენმა არ გაგიგოს ასეთი საუბარი, თორემ ეწყინება იცოდე. -ცუდი არაფერი მითქვამს - მხრები აიჩეჩა ნინომ - რაც შეეხება უცხო ქვეყანას არა მგონია ცუდად ეგრძნო თავი. განა არ გესმოდა მთელი საღამო უკრაინელ გოგონებზე რომ ექილიკებოდა ხელაშვილიცა და ქისტაურიც?! - ეგ რაღა შუაშია? - აენთო თამარი - ანდა რა შენი საქმეა თადიაურის გოგოები? - უბრალოდ, განუწყვეტლივ მაგაზე საუბრობდნენ და ისე გამახსენდა - წამოწითლდა გოგო - კარგი, წავალ დავწვები, შენც დაიძინე. იუხერხულებს ის ბიჭი ფეხზე რომ დახვდე - უსაყვედურა დედას, ოთახში გააცილა და მერე თავადაც საძინებლისაკენ გაემართა. ვერაფრით დაიძინა. მოუსვენრობა მოდებოდა სხეულს, თვალები დაეღალა. გზაზე ულმობელი წყვდიადი ჩამოწოლილიყო, სადღაც ტყისპირისკენ მგლები ყმუოდნენ. უკვე შუაღამე იყო გადასული, როცა ფანჯრის რაფაზე თავმიდებულსა და მთვლემარეს მანქანის ფარების შუქმა თვალი მოჭრა. გული საშინლად აუძგერდა, ფარდას ამოეფარა და გახედა. ლექსომ მანქანა ეზოში შემოაყენა, გადმოვიდა და იქვე დაბმულ ძაღლებს გაეთამაშა. თვალს არ აცილებდა ქალი... ბიჭმა კიდევ დიდი ხანი იბორგა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. მერე ფეხაკრეფით ამოუყვა კიბეებს და საძინებლისაკენ გაემართა. გვერდითა ოთახიდან გაიგონა გოგომ მისი ჩუმი ნაბიჯების ხმა, მიაყურადა. ტახტის ჭრაჭუნის ხმა მოესმა, მიხვდა რომ როგორც იქნა დაწვა. დამშვიდდა. თავადაც საწოლში შეცურდა და დაძინება სცადა. *** თერთმეტი საათი სრულდებოდა რომ გაიღვიძა. უძინარსა და ნანერვიულებს საფეთქლები დამძიმებოდა. გათენებული ღამის კვალი სახეზე ცხადად დასტყობოდა - სახე გაფითრებული, ხოლო უპეები შეშუპებული, ამოშავებული ჰქონდა. ამოიოხრა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. როგორ შეხვდებოდა ლექსო ან თავად როგორ დაეჭირა თავი?! მამას რომ რამე შეემჩნია ან მინდიას?! ლამის იყო იყო სიკვდილი ენატრა. ერთი სული ჰქონდა სწავლა როდის დაეწყებოდა, მერე იქნებ აღარ გასჭირვებოდა თადიაურისათვის თავის არიდება. მანამდე? მანამდე რა ექნა? იქნებ დეიდამისს სტუმრებოდა მეზობელ სოფელში?! ჭოჭმანობდა. ქალმა ძვლივს ჩაათრია ფეხები დაბლა. სახლში სიჩუმე გამეფებულიყო, გაოცდა. მერე სამზარეულოსკენ გაემართა, სადაც დედამისი ფუსფუსებდა. -რა დაგემართა შვილო, ამდენი ხანი არასდროს გიძინია. ცუდად ხომ არა ხარ შემოგევლოს დედა? -კარგად ვარ, დედი, კარგად. უბრალოდ ძილი გამიტყდა ცოტა. სახლში არავინაა? -არავინაა, მამაშენი და მინდია თადიაურს გაყვნენ მიწის სანახავად. -რომელი მიწის დედა? -ქისტაურის ნაკვეთი ჰქონია შეგულებული ლექსოს, სასტუმროს აშენება უნდა. ამ დილით ისაუბრეს. მამაშენსა და შენს ძმას დახმარება სთხოვა, მინდიას შესთავაზა ჩემთან დაიწყეო მუშაობა, სანდო კაცი მჭირდებაო. -მერე რა უთხრა მინდიამ - აღელვებულ ნინოს ლამის ბურთი გაეჩხირა ყელში - ვიფიქრებო უთხრა, მაგრამ დასთანხმდება ალბათ. ბევრ საქმესაა შეჭიდებული, ისეთი გეგმები აქვს რომ.. ღმერთმა ხელი მოუმართოს, ნაწილის გაკეთებაც რომ მოახერხოს ეგებ ფშავსაც ეშველოს რამე. მამაშენი ისეთი გახარებულია, ისეთი გაამაყებული. ნინოს თავზარი დაეცა - ღმერთო, რა გზას დავადგეო - ამოიჩურჩულა, მერე დედას გახედა - არ უთქვამთ როდის დაბრუნდებიან? - აბა, რა ვიცი შვილო. მამაშენს უნდოდა შენი წაყვანაც, მაგრამ ლექსომ არ დაანება, ცოდოა არ გააღვიძოო. მოდი ახლა, ისაუზმე ცოტა, ისედაც დააგვიანე ადგომა, მოშიებული იქნები. გოგომ ძვლის გადაყლაპა რამოდენიმე ლუკმა. ნერვიულობისგან გული ერეოდა. ლანდივით დაბორიალობდა სახლში და ხელებს იმტვრევდა, თამარი სულ გააგიჟა. მერე სახლის დალაგება მოიმიზეზა და ლექსოს საძინებლის კარი შეაღო. საწოლი გასწორებული, ოთახი გაუკაცრიელებული იყო. ქალმა იცნო კედლებს შერჩენილი ბიჭის სუნი, თავბრუსხვევა იგრძნო. საწოლზე ჩამოჯდა და მზერა გაუსწორა ტუმბოზე დატოვებულ სიგარეტის კოლოფსა და ვერცხლისფერ, პრიალა სანთებელას. ცრემლი დაეკიდა წამწამებს. ვერაფერი გაეგო, საკუთარ თავს ვეღარ სცნობდა. ლექსოს ბალიშში ჩარგო თავი და მწარედ ატირდა. კარგა ხნის შემდგომ მანქანის ხმამ გამოაფხიზლა. წამოხტა და კიბესთან კედელს ამოეფარა. სახლში ჯერ მამა შემოვიდა, მერე ძმამაც შემოაბიჯა. თადიაური არსად ჩანდა. ნინომ დაბლა ჩასვლა გაბედა, ცეცხლთან მიიყუჟა და ძმას გაუღიმა. მინდია აღელვებული ჩანდა, ზურას ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ქალი ცნობისმოყვარეობისა და მოუთმენლობისაგან აცახცახდა, თუმცა ენა ვერ დაძრა. სამაგიეროდ ოთახში შემოსული თამარი აქაქანდა: -აბა რა ქენით? ლექსო რა უყავით, რატომ არ წამოიყოლეთ? -მოიწონა თადიაურმა მიწის ნაკვეთი. რამოდენიმე ადგილას ჰქონია ქისტაურს აღებული მიწები და ლექსომაც ყველას ყიდვა გადაწყვიტა. თბილისში წავიდნენ ნასყიდობის გასაფორმებლად. ქარხანაზეც საბოლოოდ შეთანხმდენ, მთხოვა კიდევ გაიკითხე ვინმე ხომ არ ყიდის დასამუშავებელ მიწასო. ჭკვიანი ბიჭია, ფრთხილობს, იაზრებს ყველა ნაბიჯს, ზუსტად იცის რაც უნდა. მამამისი როგორ იამაყებდა მისით.. - მე ხვალ ვაპირებ თბილისში წასვლას - ჩაერთო მინდია - დუშეთში გავივლი სასმსახურიდან გავეთავისუფლები. გადავწყვიტე, ლექსოსთან ვიწყებ მუშაობას. -კარგია, შვილო, კარგად მოქცეულხარ. თუ რამე შეგვიძლია ყველანაირად უნდა დავუდგეთ გვერდით. მერე რა უნდა გააკეთო შვილო? - ლექსომ შუაფხოში ქარხნის ამუშავებაზე პასუხისმგებლობას თუ იტვირთავთო მე და მამას გვითხრა. საქონლის შეძენასაც აპირებს, მოსახლეობისაგან რძის ჩაბარებას თავისთავად. რა თქმა უნდა, სანდო ხალხიც დასჭირდება ფერმაში სამუშაოდ. იქეთ ხელაშვილმა სასტუმროს მშენებლობის საქმეს უნდა მიხედოს. აღარ მჯეროდა, ამ ყველასაგან მიტოვებულ მხარეს პატრონი თუ გამოუჩნდებოდა. - ღმერთი გაახარებს, ღმერთი გაახარებს. თვითონ? თვითონ როდის ჩამოვა შვილო, გვესტუმრება ალბათ. -არა მგონია, კარგად ხანს მოახერხოს ამოსვლა. ქისტაურთან საქმეს რომ მოაგვარებს, უკრაინაში წასვლას აპირებს. მეტალურგიულ კომპანიაში წილი ჰქონია, აქციების გაყიდვა უნდა, კაპიტალი სჭირდება. მერე გერმანიაში წავა ალბათ ქარხნისათვის დანადგარების ჩამოსატანად, თან გერმანელ ფერმერებთან უნდა თანამშრომლობა. იქნებ ერთი ხანი აქაც ჩამოვიყვანო ვინმე კონსულტანტადო, საქმის აწყობაში დამეხმარებაო. -ვიცოდი, ნანას ძმა, ცხონებული ზაზა უკრაინაში სერიოზულ საქმეს რომ ატრიალდებდა, მაგრამ ლექსოს გაქანებას მაინც ვერ წარმოვიდგენდი. აღარც მეგონა ოდესმე აქეთკენ პირს თუ იზამდა, ახლა კი ამდენი რამის გაკეთება უნდა ფშავისთვის - აღტაცებას ვერ მალავდა ზურა. კიდევ დიდხანს ილაპარაკეს, მანამ სანამ ღუმელში ცეცხლი არ ჩაინავლა და ფშავის მთებზე ღამის უკუნეთი ჩამოწვა. იჯდა ნინო, იჯდა და გაფაციცებული უგდებდა ყურს მამის დუდუნა ხმას, გულში სითბო ეღვრებოდა. გრძნობდა ლექსოს გამგზავრებამ ერთის მხრივ შვება მოჰგვარა, თუმცა ურჩი გული მაინც ეჩურჩულებოდა გულსაკლავად: ის რომ წავიდა, ისე წავიდა სიტყვაც არ უთქვამს, არც კი დამშვიდობებია. გოგომ თავი ჩახარა, თვალები ჩაუქრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.