ფშაური კაფია [თავი 2]
სიმღერა სიმღერას ცვლიდა, სადღეგრძელო სადღეგრძელოს, ლექსო სუნთქვაშეკრული იჯდა. არც კი უცდია მზერა მოეცილებინა მისი შავი, სქელი, გრძელი თმებისათვის, მაღალ მკერდსა და თეთრს ყელს რომ შემოხვეოდა. გოგო ორ დიდრონ, შავ თვალს სასაცილოდ აბრიალებდა, სიცივისგან სახე ერთიანად აღუებოდა, სიცილისას კი სქელი წითელი ტუჩების მიღმა ბროლივით კბილები უჩანდა. ლექსომ გაიფიქრა, რომ არასდროს უნახავს ქალი, ვისაც ღიმილი ასე შვენოდა. ხელები მომუჭა, მუხლებზე დაილაგა, თითები უთრთოდა შეხების სურვილით, ჟიპიტაურმა სულ გაახელა. -ნინო ჰქვია, ზურას გოგოა, ნაბოლარა - უჩურჩულა გიომ - ცოტა თავი შეიკავე, შენებურად ნუ გაგიჟდები რა. ლექსომ ისევ გახედა, იგრძნო გოგო დაჟინებულ მზერას აეწრიალებინა.თავი ჩახარა. ალბათ სხვა სიტუაციაში ქალს ჯიქურ მიეჭრებოდა, მოსვენებას დაუკარგავდა და თავადაც არ მოისვენებდა სანამ არ დაისაკუთრებდა. მაგრამ ახლა, პირველად სიცოცხლეში, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. უკრაინელ ქალებს მოსწონდათ მისი უხეში პირდაპირობა, მამაკაცური ჟინი და სიჯიუტე, იოლად ნებდებოდნენ. ქართველ გოგონებზე კი მხოლოდ ის იცოდა, რომ ისინი სლავ ქალებთან შედარებით რთულად მოსაპოვებლები იყვნენ; ხელაშვილს დასცინოდა ხან ერთის კართან რომ ატუზულიყო ვარდებით ხელში და ხან კი მეორესთან შოკოლადის კოლოფით. არა, ახლა მაგის დრო არ იყო, არც ივარგებდა. დაინახა თუ არა იგრძნო ზურას მამის სუნი უდიოდა და არ უნდოდა მშობლის ხსოვნისათვის ჩრდილი მიეყენებინა, უძილაური რითიმე გაენაწყენებინა. თვალები დახუჭა. ყურებში ჯერ კიდევ ხმაურობდა გოგოს სიცილი, მის სახეს ვერაფრით იცილებდა. წამოდგა. - გიო, წავიდეთ. გაგახსენო ხვალისათვის რამდენი საქმე გვაქვს. წამოდი ძმაო, აღარ შემიძლია რა -ბიჭო, გაგიჟდი, ახლა აქ ამოსულები სადღა უნდა წავიდეთ. არ გამიტეხო რა, ჩემთან დავრჩეთ. ქისტაურზეც გავიკითხავ საითკენ არის. აქაურობაც მოვათვალიეროთ, სასტუმროსათვის ადგილები შევიგულოთ. ძვლივს ფშავს ჩამოსულხარ და რა დაგემართა, საით გარბიხარ. -მერე რა ძმაო, მერე - არა, ახლა მაგრად ახურებ რა. სუფრაზე არ გინდა დარჩენა ნუ გინდა, ჩემთან წავიდეთ-მეთქი გეუბნები, რა დაგემართა, რა ბზიკმა გიკბინა. ლექსოს გაეცინა. იცოდა ხელაშვილი სიჯიუტით არ ჩამოუვარდებოდა. ის იყო სუფრას გასცილდნენ, რომ ჩოჩქოლი ატყდა. ესეც ფშაური ღრეობა - გაიფიქრა. მერე მიბრუნებულ, მობანცალე გიოს მოჰკრა თვალი, რომელიც პირდაპირ ახუვლებული ბრბოსკენ მიიწევდა და მიხვდა ჩხუბი არ ასცდებოდა. არყით სისხლგაცხელებული ახალგაზრდები ერთმანეთს დაუზოგავად ურტყამდნენ მუშტებს. ხელაშვილს ჯემპრი მორღვეოდა, წარბი გახეთქოდა და ცხვირიდან სისხლი სდიოდა. ლექსომ მეგობრის გამოთრევა სცადა, თუმცა ძლიერმა დარტყმამ ყვრიმალი აუწვა. ღრმად ჩაისუნთქა, თვალებში ცეცხლი ჩაუდგა, ბეჭები გაშალა და მეტოქეს გახედა. დაბალი ბიჭი იყო, ჯმუხი, მოელვარე თვალები ხშირ თმა-წვერში ჩაემალა, მუშტები შეეკრა და თადიაურს ღვარძლიან მზერას არ აშორებდა. ჯიქურ გამოიწია, თუმცა ლექსომ დააასწო, მის წიხლს ძლიერი მუშტი შეაგება. ერთი, ორი, სამი... ქვეშ მოიქცია. მერე მხარზე ძლიერი ხელის მოჭიდება იგრძნო და გაჩერდა. - შეეშვი. ასე მოკლავ და არ ღირს, მამაშენის შვილს არ გეკადრება წაქცეულის ცემა ლექსომ ზურას ახედა, თავი დაუქნია და წამოდგა. უძილაურმა გაუღიმა და გადაეხვია. -წამოდი, შენი ძმაკაცი და ჩემი მინდია ჩემს მანქანაში სხედან - კაცი ბიჭის მკლავს ძლიერად ჩააფრინდა და წაიყოლა. ხელაშვილს თავს ნინო დასტრიალებდა, თადიაურმა შორიდანვე შენიშნა და გული აუძგერდა. გიოს გვერდით მჯდომი კი ერთი შეხედვით იცნო, ზურას ჰგავდა, თუმცა ბევრად მხიარული და გულღია ეჩვენა. გიორგიმ მეგობარს შეხედა და გადაიხარხარა: -რაო ლომო, ჩხუბიდან უსისხლოდ გამოძვერი, ბალეტს ცეკვავდი ? - რას ქვია უსისხლოდ, ხოსიაური ლამის მოკლა, ძვლივს მოვაცილე - ზურას ხმაში საყვედურმა გაიჟღერა. მინდიამ ლექსოს უცნაურად შეხედა. -კი მაგრამ ხოსიაურს შენთან რა დარჩენია? ლექსომ მხრები აიჩეჩა - არ ვიცი, დღეს პირველად ვნახე -ჩვენც პირველად გნახეთ. აბა, გიო, გაგვაცანი შენი ძმაკაცი ხელაშვილმა წამოიწია, თუმცა უძილაურმა აღარ დააცადა: - შვილებო, ეს ბიჭი ჩვენთვის, თქვენთვის უცხო არ არის. ლექსოა, ჩემი ძმის, გაბრიელ თადიაურის შვილი. ალბათ აღარ გახსოვთ, მაგრამ პატარაობისას გინახავთ ერთმანეთი. დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა. ასე არ არის? -ჰო, მშობლების გარდაცვალების შემდგომ ბიძასთან ვცხოვრობდი, კიევში - მძიმედ დასცდა სიტყვები ლექსოს ბაგეებს. მინდია წამოდგა და გადაეხვია. კარგი ბიჭი ჩანდა. ლექსოს გულში სითბო ჩაეღვარა, ესიამოვნა. -სამწუხაროა არ მახსოვხართ, მაგრამ მიხარია თქვენი გაცნობა და ისიც სამშობლოს რომ დაუბრუნდით - ნინომ ლექსოს ხელი გაუწოდა და სიწითლე შეეპარა. თადიაურმა ქალის ნაზ ხელს საკუთარი სულმოუთქმელად მიაგება; მისმა მტევანმა თლილი, თეთრი თითები ერთიანად დაფარა. გოგოს ხელი გაჰყინვოდა, ბიჭმა ვეღარ მოითმინა და ცერა თითით შეუმჩნევლად მიეფერა. ახედა. ნინოს ლამაზი წარბები შეეკრა და კბილებით სავსე ტუჩებს ჩაფრენოდა. ლამის ძალით გამოსტაცა ხელი. ლექსოს გაეცინა, მიხვდა გააბრაზა, თუმცა არ უდარდია. ბიჭმა როგორღაც იგრძნო, რომ აწი ამ პატარა ქალისათვის სულერთი ვეღარ იქნებოდა. - ნინო, შვილო, დავიჯერო მართლა სულ არ გახსოვს ლექსო?! -უძილაური წყვილს დაჟინებით შესცქეროდა - საიდან ემახსოვრება, განა ყველა ბიჭი ახსოვს, ვისთვისაც კი თავი გაუტეხია - მინდია ახარხარდა - რა? - ნინო შეცბა და ლექსოს ახედა. თადიაური იღიმოდა, მზერას არ აცილებდა გაოგნებულს. -ხო, მერე ლამის მთელი თვე ძვლივს იძინებდი, შეშინებულს ტირილით გეღვიძებოდა, როგორ არ გახსოვს - გაკვირვებული მინდია დას მიუბრუნდა -ასე განერვიულე? - ლექსოს თვალები აუციმციმდა - არაფერი მახსოვს - არ გატყდა ქალი - მაშინ ალბათ სულ პატარა ვიყავი -ხო, ხუთი წლის ძვლივს იქნებოდი. ლექსო კი მგონი თერთმეტის. მერე აღრიალებული ცხენზე შემოგისვა და სახლში მიგიყვანა, ნანასთან და გაბრიელთან. ეჰ, რა კარგი დრო იყო - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ზურამ - ოჰო, ნინო, რა მაგარი ნიშანი დაგიდია ჩვენი ლექსოსთვის. ამ ჩვენმა ჟოფრეიმ კი მაგ შრამის წყალობით მთელი კლასის გოგოები დაკერა - ხელაშვილმა ხმამაღლა გადაიხარხარა - ყოყლოჩინობდა, ხელჩართულ ჩხუბში დავიჭერიო -ჰო, მაშინ მაგრად გამომადგა გატეხილი თავი - ლექსომ მეგობარს გახედა და გულიანად გაიცინა. სიცილისას სახე ეცვლებოდა, თვალები უთბებოდა. - გაბროს როგორ გავხარ - უძილაური მეგობრის შვილს მზერით მიეფერა, მერე მხრებზე ხელი გადახვია და უთხრა - უარი არ მიიღება, უნდა მესტუმრო, ჩემს თამარასაც გაუხარდება. იმდენი რამის გაგება მინდა შენზე, ისე მტკიოდა გული რომ დამეკარგე. დაგინახე თუ არა მაშინვე გიცანი. ბედის მუხთლობა რო არა ნათლია ვიქნებოდი შენი, ბიჭო. - ვიცი, მამამ მომიყვა - გაიღიმა თადიაურმა - იმ ნათლისღებას ისე მოუთოვია, რომ გზები ჩაკეტილა. დედაჩემის მეჯვარემ მომნათლა. მეც გიცანი, შეხედვისთანავე, ფოტოებიდან -ჰო, მამაჩემი ისევ ოცი წლის ბიჭს გავს, რა დააბერებს - გაიცინა მინდიამ - ჰე, წავიდეთ ახლა მგონი ამდენი მუშტების ქნევამ ერთიანად გამომაფხიზლა და ნაბახუსევი დამეწყო. ვკვდები, ისე მშია. წამოდით ბიჭებო, ჩვენი ქალების მოხვეული ხინკალი გაჭამოთ. ისეთია თითებს ჩაატანთ. ხელაშვილმა ლექსოს გადახედა. თადიაურმა თავი დაუქნია და მერე ზურას მიუბრუნდა. -ჩვენ ამაღამ გიოს ბებოსთან დავრჩებით, მაგრამ ხვალ აუცილებლად გესტუმრებით. - კარგი, თუ ასე გირჩევნიათ აღარ დაგაძალებთ, დაისვენეთ და ხვალ მეწვიეთ. არ დამაღალატოთ იცოდეთ. - განა მასე გვიცნობ ძია ზურა - აზუზუნდა ხელაშვილი - ყურით მოგითრევ თადიაურს, ჩემი იმედი გქონდეთ -არა, არა, არც კი გაიფიქროთ, აღარ დავიკარგები - გაიცინა ლექსომაც უძილაურები მანქანაში ჩასხდნენ და მაღაროსკარისკენ დაიძრნენ. თადიაურმა კი გიოსთან ერთად ახადს გასწია. *** ცას გამოკიდებულიყო ახადი, მთელი არაგვის ხეობა ხელისგულივით მოჩანდა; თუმცაკი ერთიანად გაუკაცრიელებულიყო. ნასახლარებით მოფენილი სოფლიდან მარტოოდენ ერთგან, ხელაშვილის მამა-პაპისეული სახლიდანღა ბოლავდა კვამლი. გული მოუკვდა თადიაურს, გიომაც ამოიოხრა. ვერ გაამტყუნებო აქაურებს - ამოიბუტბუტა - გზა აქ არაა და კვალი. აი მეც ყოველ ცისმარე დღეს ამ მოხუცის დარდი მკლავს, ვაიდა რამე დაემართოს, გგონია ექიმი მოაღწევს აქამდე?! რა ვქნა რომ არ მიჯერებს, ამბობს სული მეხუთებაო ქალაქში. - რა გასაკვირია. აქაურობას შეჩვეულისთვის ძნელია თბილისის ბუღის, ხმაურისა და უჰაერობის ატანა. ხშირად მიფიქრია, იქნებ ვაჟაც ჩარგალს რომ აეყვანათ... იქნებ მართლაც ქალაქმა მოადნო... -ვინ იცის?!.. გული კი უგრძნობდა. მთის არწივის სიკვდილი ოთხკედელს გამომწყვდეულის, ქალაქის პაპანაქებაში, მეც მენანება. აბა, ვინ იცის როგორ ნატრობდა ფშავის ჰაერს... -ჰოო - ფიქრიანად ამოთქვა ლექსომ. სოფელს გადახედა და მეგობარს მიუბრუნდა -მიხარია, რომ ამომიყვანე. მაგრად დავიქანცეთ, თუმცა ღირდა -შენ არ იცი მე როგორ მიხარია. რომ იცოდე, როგორი ჯიგარი ხარ თადიაურო, აი, ახლა ნახე ჩემი მოხუცის სიხარული. კიდევ კარგი სანოვაგე წამოვიღე, გული მიგრძნობდა წამომყვებოდი ლექსოს კმაყოფილს გაეღიმა და მეგობარს ეზოში ჩაჰყვა. ჭიშკარში ჩასვლისთანავე ბიჭებს გარს ძაღლები შემოეხვივნენ უნდო ყეფით; მანამ არ მოისვენეს, სანამ სახლის ზღრუბლზე გიოს ბებო, ერთიანად დაჩიავებული, შავითმოსილი ქალი არ დალანდეს. მათი დანახვისას სიხარულით ცას ეწია მარტომყოფი მოხუცი. ჯერ შვილიშვილს ეფერა, მერე კი სტუმარს დაუკოცნა ხელები. ადამიანს ვარ დანატრებულიო - დაიჩივლა. ბევრი დაუშალეს, ეხვეწეს ცალკე შვილიშვილმა, ცალკე ლექსომ, მაგრამ ვერაფერი შეასმინეს. თეკლემ მაინც გაუშალა ბიჭებს სახელდახელო სუფრა - ხავიწი ჩამოდგა, ხაჭო-ერბო, ყველი და პური, ჟიპიტაური მიართვა გაყინულებს. მერე კი ცეცხლისპირას ჩამომჯდარმა დაიწყო თხრობა ძველი ამბების, ხან მთისა მოყვა და ხან კიდე ბარისა. მოშუაღამდა, თუმცა ვერც მოხუცი და ვეღარც სტუმრები ეშვებოდნენ ერთმანეთს. თეკლემ იცოდა შეიძლება თვეები გასულიყო და შვილიშვილი ვერ ენახა, ცალკე ბიჭებიც გრძნობდნენ მოხუცის სიხარულს და გული არ უდგებოდათ. ბოლოს, სულ ძალისძალით გააცილეს დასაძინებლად და შეშის ღუმელს შემოუსხდნენ. - გიო, აბა ჰე, დაფქვი ახლა, დღეს რა მოხდა, რა ჩხუბი აგიტყდა. ვისთან რა საქმე გქონდა? - ბიჭო, ხომ გითხარი მინდიასთან ვძმაკაცობ-მეთქი. აქ, ფშავში გავიცანი, ჩვენი გულის კაცია, ჯიგარი -ხო, მერე -მერე ეგ და ხოსიაური მტრობენ ერთმანეთს -ხოსიაური? ეგ რომელი -რომელი და დღეს რომ მიბეგვე - გადაიხარხარა ხელაშვილმა - დასანახად ვერ იტანენ ერთმანეთს -რატომ? რას ვერ იყოფენ -ხოსიაური ბავშვობიდან დასდევს ნინოს. ერთად სწავლობდნენ მაღაროსკარის სკოლაში. ლექსო ჩაფიქრდა, წარბები შეკრა. - და, იქნებ იმასაც უნდა? -ვის, ნინოს? -ჰო -აბა, რას ამბობ, ნინო ზედაც არ უყურებს -ჰმ, და უყურებს საერთოდ ვინმეს? ხელაშვილს ჩაეცინა - შენ რაში გაინტერესებს? თადიაურმა კიდევ უფრო შეკრა წარბები, გიოს მრისხანედ გადახედა, გამოსცრა - რახან გეკითხები ესე იგი მაინტერესებს. მიდი ამოღერღე -მოგეწონა არა? -გიორგი-მეთქი - ავად დაიღრინა თადიაურმა, სკამიდან წამოიწია და მეგობარს შეაჩერდა - კარგი, ჰო, კარგი - სიცილით გაეპასუხა ხელაშვილი - ნუ გაგიჟდები. არავინაც არ ყავს მაგ შენს გულის ვარდს. ნუ იბღვირები ერთი თუ ძმა ხარ -და ეგ ხოსიაური ვინ ჩემი ....ა ეგეთი მინდიამ და ზურამ ამდენხანს რომ ვერ მოაშორეს? -ერთი შარიანი კაცია, გავლენიანი ოჯახით. მამამისი პროკურორია დუშეთში, ეგეც ყელყელაობს და სულ მუშტებზე იყურება -მერე ზურა მამამისის პროკურორობას უფრთხის? -ბარემ არც უფრთხის და არც ადარდებს. ერთი ავი ძაღლია შორიდან რომ იღრინება, ნინოს სათოფეზე ვერ ეკარება, თუმცა მინდიას ფიცხი ხასიათით სარგებლობს. მოკლედ არიან ასე, ხან ის დადის დაბეგვილი, ხან კიდევ ეს თადიაური ჩაფიქრდა. არაყს გადაწვდა და სულმოუთქმელად გადაკრა. -ლექსო, ხომ იცი გაგიჭირდება. ნინო იმ ქალებს არ ჰგავს აქამდე ვისაც იცნობდი -ჰო, მაგას მაშინ მივხვდი, სრულიად უმიზეზოდ თავი რომ გამიტეხა გიორგის გაეცინა. -იცოდე ზურა გიჟდება ქალიშვილზე, არაფერს გაპატიებს. - არც მე ვაპატიებ საკუთარ თავს მას რომ რამე ვაწყენინო. -ასე გაები ბიჭო? ლექსომ გახედა, ერთხანს მიჩუმდა, მერე ამოიოხრა. - ჰო, მგონი ასეა. ხელაშვილი წამოდგა. მეგობარს მიუხლოვდა და მხარზე ხელით ჩაეჭიდა. -ხომ იცი ბოლომდე შენთან ვარ, ყველაფერში. ბიჭი არ ვიყო ეგ შენი ნინო პატარძლად თუ არ დაგისვა და მე მეჯვარედ არ დაგისკუპდე. სიტყვას გაძლევ ძმაო ლექსომ ერთხანს უყურა სახეგაბადრულ მეგობარს და მერე დამცინავად ჩაიფრუტუნა. - იცოდე შვილს შენ არ მოგანათლინებ -აბა ჩემზე უკეთესს ვის მოანათლინებ, შე ....ო, ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე. წამოდი, წამო დავიძინოთ. ხვალ შენს ტურფას უძინარი, დასიებული თვალებით ხო არ მიადგები. წამო, თეკლემ დაბლა გაგვიშალა საწოლი. გრძელი დღე იყო, მაგრად დავიქანცე ლექსომ კიდევ ერთხელ გადაკრა არაყი. გაშლილი სუფრა მიალაგა და იქვე ტახტზე წამოწვა. დარწმუნებით იცოდა, რომ ხვალ მისთვის ახალი, უკეთესი დღე გათენდებოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.