ნანო #4
ექვსის ნახევარი იყო, რომ გაიღვიძა. სწრაფადვე ადგა. იცოდა, წინ საქმე ელოდა და რა დააძინებდა? მით უმეტეს, მიჩვეული იყო ისედაც ადრე გაღვიძებას. ღამით რაც დაგეგმა, დილით ყველაფერი შეასრულა ჩაის დალევით დაწყებული ყვავილების მოვლით დამთავრებული. ცოტა მაინც ციოდა გარეთ, დილის სუსხი რომ იგრძნო, ერთი კი შეაკანკალა გარეთ გამოსულს და მკლავებზე ხელები ჩამოისვა. გზას ფეხით გაუყვა, თან გულში ფიქრობდა იქნებ ამ მერიამ მეც გამითვალისწინოს და ტრანსპორტმა ადრე დაიწყოს მუშაობაო, მაგრამ თავის თავთან ლაპარაკში ისე გალია გზა, ვერც გაიგო როდის მივიდა ასე სწრაფად კომპანიამდე. დაცვას მიესალმა და მეთვრამეტეზე სწრაფად ავიდა. დილიდან ენერგიით იყო სავსე. როგორც კი საქმეს მორჩებოდა და ლიას გადაუგზავნიდა გრაფიკს, ისევ პირველი სართულიდან უნდა დაეწყო ყვავილების მოვლა, რა თქმა უნდა, გიგასთან ერთად. სულ სხვადასხვა დროს მოდიოდა ნიშნიანიძე სამსახურში. ეს ალბათ იმიტომ, რომ ვარჯიშს ხან მეტ ხანს ანდომებდა და ხან - ნაკლებს. გამწარებული ანგარიშობდა ნანო. ციფრებს ხან სად ინიშნავდა და ხან სად. თმები ფანქრით ჰქონდა აწეული და აქა-იქ ჩამოჰყროდა მხრებზე. ზეპირად როცა ითვლიდა, კალმიან ხელს აქეთ-იქით იქნევდა და ცალ წარბს ასწევდა ხოლმე ჩაფიქრების ნიშნად. წინ გაშლილ ლეპტოპში სამჯერ გადამოწმების შემდეგ შეჰქონდა მონაცემები და პარალელურად ტუჩებს იკვნეტდა ნერვიულობისგან, რამე რომ არ გამოჰპარვოდა, თორემ ერთი ციფრიც კი ყველაფრის გადამწყვეტი იყო. - ვინც ეს ექსელი, ვორდი და მისთანანი მოიგონა ჩემ საწვალებლად, ვერასდროს გაიხარებს! აიღე ეს დალოცვილი თაბახის ფურცელი, ჩამოწერე ზედ ყველაფერი კოხტად, სუფთად და მიაწოდე, რა. რა პრობლემაა, ვერ გავიგე, - ამოიფრუტუნა გოგომ, გაგზავნის ღილაკს ხელი დააჭირა და სკამზე მიესვენა. - კიდევ კარგი, ყველაფერი კარგად ვქენი, ეს უჯრები ხომ ცალკე სტრესია, რომელიმე გრაფა რომ არ უნდა აგერიოს. ღმერთო, ილოცე ჩემთვის, რომ ლია კმაყოფილი დარჩეს, კარგი? - სახეზე ხელის გულები ჩამოისვა, ფეხზე წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა, თან მწვანე სარწყავიც ხელს გააყოლა. თავისთან ინახავდა. შესვენებაზე ორანჟერეაში უნდა გასულიყო, თავისი ოთახისთვისაც რომ ეყიდა ყვავილები, რაც უნდოდა. ისე ვერაფრით გაჩერდებოდა. მეტისმეტად ცარიელი ეჩვენებოდა სივრცე მცენარეების გარეშე. რა თქმა უნდა, მზიან მხარეს მდებარეობდა მისი კაბინეტი. ჯერ იმიტომ, რომ ყვავილებს სჭირდებოდა და მერე - თვითონაც. მზე ავსებდა მას, ეს ყვითელი ბურთი მთლიანად ენერგიის წყარო იყო ქანთარიასთვის. ცუდ ამინდში ცუდ ხასიათზე დგებოდა, შესაბამისად, არც ზამთარი უყვარდა. გაზაფხულის და ზაფხულის გოგო იყო ნანო, სითბოს, მზის და მცენარეების მოყვარული. კიბეები ჩამოირბინა. პირველ სართულზე საპირფარეშოში შევიდა და სარწყავი წყლით აავსო. ყვავილებს სათითაოდ ჩამოუარა და ისევ ფერება დაუწყო. - არ გეზარება? - არა, მიყვარს. - სილუეტს ქვემოდან თვალი შეავლო. ელოდა კიდეც, რომ ზუსტად დაემთხვეოდა მისი ჩასვლა და ნიშნიანიძის მოსვლა ერთმანეთს. - დილამშვიდობის, ნანო. - ბედნიერი დღე, გიგა. - მოასწარი გადაგზავნა? - იმ დროს გამოვედი სახლიდან, მანიაკები რომ დაძრწიან გარეთ და აბა, ვერ მოვასწრებდი? - რა დროს დადიან? - გაეცინა ბიჭს. - აი, დილის შვიდი სანამ შესრულდება. - შენ რა იცი? - რა ვიცი, მაგ დროს ისეთი სიჩუმეა, თუ ჭკვიანი მკვლელი ხარ, კი უნდა გამოიყენო. - ჩაიხითხითა გოგომ და მხრები აიჩეჩა. - რა სულელი ხარ! - პირველად გაეცინა ხმამაღლა გიგას. გოგომ თვალებაელვარებულმა შეხედა, იმდენად უცხოდ, მაგრამ სასიამოვნოდ მოხვდა ეს სიცილი მის ყურს. - აჰ, თურმე იცინი კიდეც. - ჰო, ცოცხალი ადამიანი ვარ შენსავით. - ჩემსავით კი არა, უჟმური ხარ, - ყველა ყვავილი მორწყა ნანომ და წელში გაიმართა. - წამოდი ზემოთ, გავაგრძელოთ. - ეს მართლა გაბედნიერებს? - მხრით მიყრდნობილი კედელს მოშორდა და გოგოს უკან გაჰყვა კიბეებზე. - რატომ არ გჯერა? - წარბისაწევით იკითხა ნანომ. - რა ვიცი, უცნაურია. პირველად გავიცანი გოგო, რომელსაც მინიმალური რაღაცები აბედნიერებს. - შენზე რატომ არ მიყვები? - ჩემზე? რისი ცოდნა გინდა? - მაგალითად, აქ როგორ მოხვდი? - მამაჩემის წყალობით. - რატომ არ გიყვარს ადამიანები? - პირველი ადამიანი იქნები, ვისაც ცნობისმოყვარეობა მოკლავს. - გაეცინა გიგას. - მერე რა? მიდი, მითხარი, მაინტერესებს. - ბევრს ლაპარაკობენ. - ჩემზე მეტს ვინ ლაპარაკობს? - თავისსავე კითხვაზე გაეცინა ქანთარიას. - არც არავინ და მაინცდამაინც შენ რატომ გადაგეყარე, ეგ ჯერ ვერ გავიგე. - და დავიჯერო, არავის უცდია შენი ალაპარაკება? - კი, მაგრამ არ გამოსდით. - გამოდის, რომ მე გამომდის, ხომ? - კმაყოფილი სახე მიიღო გოგომ. - კი, ნანო. - შესვენებაზე გცალია? - კი. - გიგას თითქმის არც არასდროს უსარგებლია შესვენებით, მაგრამ ახლა ვერც თავის სურვილს და ვერც ნანოს ვერ გაექცეოდა. - ჰოდა, წამომყვები. - სად? - ყვავილები უნდა ვიყიდო. - რისთვის? მაგის მეტი აქ რა არის? - გაუკვირდა ბიჭს. - ჩემი ოთახისთვის. - და აგეღო ნებისმიერი სართულიდან, რომელიც შენ გენდომებოდა. - არა, ეგრე არ მინდა. აქ ყველა საჭიროა, მეც უნდა შევმატო რამე. - კარგი, ჰო. - დღეს ნათიასთან შესვლაც უნდა მოვასწრო. ხომ გახსოვს ეგ ვინაა? მეხუთეზე, არქივიდან. - მაგას რაღა უნდა? - ვაიმე, უნდა ვილაპარაკოთ. ეგ მაცნობს მთელი კომპანიის შიდა სამზარეულოს. ყველაფერი იცის გოგომ, გამაგიჟა. თვითონ ხომ ქვედა სართულზეა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. პირველი იგებს ნებისმიერ ინფორმაციას. რაღაცა საიდუმლო კავშირები აქვს, მგონი. - კარგი, რა! მოცლილია და ასე კარგად სამსახურეობრივ მოვალეობას თუ ასრულებს, ეგ არ გითხრა? - გიგა, ნუ ხარ უჟმური! გოგონები ყოველთვის ასე ვჭორაობთ, პირველად გაიგე? აუფ, დაიქცა ქვეყანა! - შეუღრინა ნანომ. - აბა, თუ მოცლილი და უსაქმური არაა ადამიანი, სხვისი პირადი ცხოვრება რატომ უნდა აინტერესებდეს? - მერე რა? იმას ის უყვარს, ამას იმან აკოცა, იმას ყვავილები მოართვეს, ესენი თვალებს უჟუჟუნებენ ერთმანეთს და აჰა, ამაზე კარგი რა უნდა იყოს? ბედნიერებას პოულობენ ადამიანები ამ კომპანიაში. - ყველაფერში დადებითს როგორ ხედავ? - რა ვიცი, აბა. რა მოხდა, თუ ვინმეს ვინმე შეუყვარდა და დანარჩენებმა მათი სიხარული გაიზიარეს? პირიქით, სხვისი ბედნიერება შენც უნდა გმუხტავდეს და თვითონაც იგივეს უნდა ეძებდე. - გჯერა, რომ შეიძლება აქ იყოს ვინმე შენებური? - რატომაც არა? არასდროს არავინ იცის სად არის მისი ბედნიერების საწყისი. - რა ყვავილები გინდა, რომ იყიდო? - არ ვიცი, მაგრამ ფერადები მინდა იყოს. იქ ავარჩევ. - კარგი, ნანო. მაშინ მე წავალ ახლა, მივხედავ ჩემს საქმეს. - შავ კარს არ გამოცვლი? - რას ერჩი? - მთელი კომპანია თეთრია და ეგ ერთი ცალი შავი კარი რაღა გახდა? - არა, ასე მომწონს. - უჟმური! ამოგივლი შესვენებაზე, წავიდეთ. - კარგი. - მარტო დატოვა გიგამ გოგო და თვითონ ზემოთ წავიდა. სამუშაო მაგიდას რომ მიუჯდა, გაახსენდა, რომ გასაკეთებელი არაფერი ჰქონდა და ძველი რაღაცების ჩიჩქვნა დაიწყო. ათი საათის შესრულებას პირველად ელოდა ასე. "ფრიდა" ამ დროს იხსნებოდა და ნანოსთვის ყვავილების შეკვეთა გადაეწყვიტა. მარიამისთვის უნდა ეთხოვა, თავისი ბიძაშვილისთვის, რომელიც ბოლოს თვეების წინ მოიკითხა. უფრო სწორად, მარიამმა დაურეკა, თორემ გიგა ტელეფონს ნაკლებად იყენებდა, თან ვინმესთვის დასარეკად. - როგორ ხარ? - ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, ისევ ბოხი და ცივი. - ოჰ, ამას ვის გავახსენდი? რამე ხდება? ხომ კარგად ხარ? ბიძია როგორაა? - წკრიალა ხმით იკითხა ტელეფონს იქიდან გოგომ. - კარგად ვარ, მარიამ. ომარიც კარგადაა. შენი დახმარება მჭირდება. - რაში? რამე გამოვტოვე? არა, პრინციპში შენ როდის მიყვები რამეს, რომ გამომეტოვებინა. - ყვავილები მინდა იყიდო და კომპანიაში მომიტანო. - მოკლედ უთხრა გიგამ სათქმელი. - სერიოზულად ამბობ? გიგა, მითხარი რა ხდება, არ დამიმალო. - მარიამ, თუ არ გცალია, სხვას ვეტყვი. - ხუთ წუთში გავდივარ, ვსო. ვიყიდი და მოვალ შენთან. - ჰო, ოღონდ მე არ შევუტან, შენ უნდა დამეხმარო მაგაშიც. - აუ, გავგიჟდი, რა! მომიყვები ყველაფერს, იცოდე. ნეტავ მაცოდინა, ვინაა ეგეთი, რომ შენ ვიღაცა სულიერს ყვავილებს ყიდულობ და უგზავნი. - გაოცებული ხმა ჰქონდა მარიამს, მართლა ვერ იჯერებდა, რაც მის ყურს ესმოდა. - დამშვიდდი, მარიამ. არაფერია ისეთი. - როგორ არაფერი? მთელი ოცდაორი წლის განმავლობაში პირველად მთხოვ რაღაცას. თან რას? კომპანიაში მოსვლას, შენს სართულზე ფეხის ამოდგმას და შენს სივრცეში თვალის შემოჭყეტის უფლებას მაძლევ. - ზოგჯერ რაღაცები უნდა დათმო, თუ გინდა რომ ბედნიერი იყო. - შენ ლაპარაკობ ბედნიერებაზე, გიგა? აი, ღმერთო, მიწა გამისკდეს, რა! ვერ ვიჯერებ. ასე მგონია, ვიღაცა სხვა მელაპარაკება. - შენ და ის ერთმანეთს გაუგებთ. რამდენს ლაპარაკობ? - ვაიმე, ბიძაშვილო, ოღონდაც შენ ეგ მკვდარი ცხოვრების სტილი შეიცვალო, სიცოცხლეს გიხაროდეს და თუ გინდა, ფეხქვეშ გაგეგები. - ჩაიხითხითა გოგომ. - გელოდები. და ეცადე, რომ ფერადები იყოს. - ბოლო სიტყვები უთხრა ბიჭმა და ტელეფონი გაუთიშა. პირველად ნერვიულობდა. პირველად გრძნობდა რაღაც სხვას. პირველად არ იცოდა, თუ მოეწონებოდა ნანოს ყვავილები, როცა ასე გაგიჟებით უყვარდა გოგოს ისინი. პირველად ელოდა პასუხს. პირველად ერეოდა გრძნობები და თავისი სურვილების საწინააღმდეგოდ იქცეოდა. პირველად უნდოდა ქვემოთ ჩასვლა მხოლოდ ქანთარიას გამო. ყველაფერი პირველი იყო, რასაც იმ წუთას ფიქრობდა და განიცდიდა. -#-#-#-#-#-#- შუადღე იყო უკვე, ორი საათი, როცა ყავისფერთმიანმა, ჭაობისფერთვალებიანმა გოგომ, ყვავილების რამდენიმე ქოთანი ხელში რომ ეჭირა, კომპანიაში შეაბიჯა. ლიფტის ღილაკს ხელი მიაჭირა და კარის გაღების შემდეგ შიგნით შევიდა. “ოცდამეხუთე” გამწვანდა. ერთი სული ჰქონდა, ყველაფერი გაეგო და ადგილზე ცქმუტავდა. ფეხსაცმლის კაკუნით გამოვიდა ლიფტიდან და შავი კარი პირდაპირ შეაღო. არც დაუკაკუნებია. რაკი გიგა ამდენად შეიცვალა, ჩათვალა რომ ეს არც იყო საჭირო. - აჰა, მოვედი და მოგიტანე. - წინ დაულაგა გოგომ ქოთნები ბიჭს. მერე მივიდა და გადაკოცნა. - ვახ, მოეწონება ვითომ? - თუ ყვავილები ზოგადად უყვარს, კი. ვეცადე, რომ უცხო ჯიშები ამერჩია. - უნდა მოეწონოს, სხვაგვარად შეუძლებელია. - მომიყევი ახლა ყველაფერი. ვინაა, როგორ გაიცანი, რა მოგეწონა. რა გიქნა ასეთი, ჰა? თვალებშიც კი გეტყობა, რომ სულ შეგცვალა. - არაფერი, მარიამ. მოსაყოლი არაფერი მაქვს. მომწონს და მხოლოდ ეს არის. - რატომ მოგწონს? - ინტერესიანი სახე ჰქონდა გოგოს. ეტყობოდა, კითხვები კიდევ ჰქონდა. - არ ვიცი. ნანო ჰქვია. არ იცის, ვინც ვარ. ანუ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი რომ ვარ, ეგ არ იცის. - ხუმრობ, ხომ? აბა, როგორ გაგიცნო? - შემთხვევით გადავეყარეთ. მთელი კომპანიის ყვავილებს უვლის და ყოველთვის ადრიანად მოდის. მეც ადრე მოვდივარ და შემეჩეხა. იმის მერე ისე გამოვიდა, რომ თითქოს დათქმულ დროს ვხვდებით. არადა, ისევ ვემთხვევით უბრალოდ. გამოწერილივით არის. არც თვითონ მეშვება. ისეთი ნაზია, უბრალო, არ აინტერესებს გრანდიოზული რაღაცები, მინიმუმიც კი აბედნიერებს და ყველგან სიყვარულს ეძებს. უცნაური გოგოა. უცნაურად მოსაწონი. - ყურებს ვერ ვუჯერებ. ერთი მიჩქმიტე, რა. - პირდაღებული იჯდა მარიამი. - მერე რაღაც შემთხვევაც მოხდა, ანუ ჩვენ პირველ შეხვედრამდე. ზოგჯერ მგონია, რომ მეჩვენება, ან მე გამოვიგონე. წარმოუდგენლად ლამაზია. - გიგა, ნუ მაგიჟებ ახლა! დავყარე თვალები გაოცებისგან ძირს. - ათ წუთში შესვენება იწყება, ახლა წადი და მიუტანე ესენი. უთხარი, რომ ჩემგან არის. - მოიცა, მოიცა. ის მითხარი ჯერ, რატომ არ ეუბნები, ვინც ხარ? - მალე გაიგებს. იქნებ, დღესვე. - შენ ხომ ღმერთიც ვერ გაგიგებს, რა, - დასკვნა გამოიტანა მარიამმა და ქოთნებს ხელი დაავლო. - რომელი სართული? - მეთვრამეტე, მიხვდები რომელი კარიცაა. სტიკერები მიაკრა. - გაეცინა გიგას გახსენებაზე. - იცინი კიდეც. ერთი იმას მაინც დავსტყუო რამე. აბა, შენ ხომ ვერაფერი გათქმევინე ნორმალურად. - დაიწუწუნა გოგომ და ყვავილებიანად გავიდა კაბინეტიდან. - შენც კი დაგღლის, იმდენს ლაპარაკობს. - ისევ გაეცინა ნიშნიანიძეს. საერთოდ მთელი საუბრის დროს ღიმილი არ მოშორებია სახიდან და ეს მხოლოდ მაშინ იგრძნო, როცა ოთახში მარტო დარჩა და სახის კუნთები უძრაობისგან დაეჭიმა. მერე ჩაფიქრდა, ანერვიულდა და ნანოს პასუხის მოლოდინში თაბახის ფურცლების ნახაზებით მოხატვა დაიწყო. იცოდა, რომ აუცილებად მოაკითხავდა გოგო. ქანთარია მარტო იჯდა კაბინეტში. ლია კმაყოფილი იყო მისი პირველივე შესრულებული დავალებით და ახალი დავალებაც მისცა. ისევ თავზე ეყარა საბუთები. იცოდა, ამას უკვე ვეღარ გაექცეოდა, მაგრამ ერთიც კი არ დაიწუწუნია, იმდენად კმაყოფილი იყო სამსახურით. ამაზე უკეთესს ფიქრადაც კი ვერ გაივლებდა. ციფრებით ტვინარეულს კარზე კაკუნის ხმა რომ შემოესმა, იფიქრა ვიღაცა მხსნელად მომევლინა და მეშველა ცოტა ხნითო. ოთახში უცხო გოგომ რომ შემოაბიჯა, კი გაუკვირდა. თან ყვავილები რომ ეჭირა ხელში, უფრო გაუფართოვდა თვალები. - ნანო, მარიამი მქვია. - ხელი გაუწოდა გოგომ ქანთარიას. - სასიამოვნოა, მაგრამ ეს ყვავილები ვისია? - შენია, გიგამ გამომატანა შენთვის. - ხუმრობ, ხომ? - ისეთი სახე ჰქონდა ნანოს, მარიამი მიხვდა, რომ გოგოსაც გაუკვირდა მისი ბიძაშვილის ასეთი ქცევა. - არა, მართლა შენია. შენთვის მაყიდინა. მეც გაკვირვებული ვარ. - და რაო, ნანოს მიუტანეო გითხრა? - კი. - თვითონ რატომ არ მოვიდა? - ქოთნები ლამაზად დაალაგა ქანთარიამ ოთახში მაშინვე. - ოო, ეგ უკვე აღარ ვიცი. ალბათ, გელოდება. - მოვკლავ მაგას! ერთად უნდა გვეყიდა. - ჰო? ასეთი გიგა არასდროს მინახავს. - შენ ვინ ხარ მისი? - ინტერესით იკითხა ნანომ. - ბიძაშვილი. ჩამოჯექი ერთი, მომიყევი, რა უქენი იმას? სულ შეცვლილია, გეფიცები. - გამაგიჟა მაგან! თურმე, აქ არავის იცნობს იცი? ერთ დღეში მთელი კომპანია შევისწავლე, ხალხი გავიცანი და ეგ ასე უჟმურივით სულ თავის კაბინეტში იყო გამოკეტილი. ჰოდა, მეთქი - რამე პრობლემა აქვს. თვითონ არ მიყვება, ძალით თუ ამოვგლეჯ სიტყვებს. - სულ ეგეთი იყო, ნანო. დღეს რომ დამირეკა, ტელეფონს დავშტერებოდი ცოტა ხანს ხომ არ მეჩვენება - მეთქი. ძალიან ასოციალური გახდა ბიცოლას დაღუპვის შემდეგ. პირველი ადამიანი ხარ, ვინც შეძლო გამოფხიზლებინა და დაენახებინა, რომ იმ კაბინეტს და ფურცლებს იქით ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც აინტერესებთ მისი აწმყოც და მომავალიც. ბიძია მოკვდება მაგაზე ჯავრით. დღე და ღამ ელოდა, რომ რამე შეიცვლებოდა მასში. დარწმუნებული ვარ, როცა გაიგო ქვემოთ სართულებზე თანამშრომლებში გამოჩენის ამბავი, გაგიჟდებოდა. - აი, სანამ გიგას გავიცნობდი, ვერაფრით წარმომედგინა ეგეთი ადამიანის არსებობა. ვცდილობ, რომ რამე იგრძნოს. აშკარაა, რაღაც პრობლემა აქვს. არ მიყვება და ველოდები. - ახლა, რაც გააკეთა, ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს, ნანო. დაუჯერებელიც კია. - ვიცი, კი. უზომოდ ბედნიერი ვარ. გჯერა, რომ ჩემთვის მოინდომა ეგ? - გიგამ იცის, რომ შენში რაღაც უსაშველოდ კარგია. - ეს ცუდია? - არა, დაეხმარები. გეჭიდება. იმედი არ უნდა გაუცრუვდეს. თუ დანებდა, დაიკარგება. ახლა მე დაგტოვებ. მიხარია შენი გაცნობა. ჩემს ნომერს ფურცელზე დაგიწერ და, თუ რამე დაგჭირდება, გქონდეს ჩემი იმედი, კარგი? - მადლობა, მარიამ. - ნანომ გააცილა გოგო და კვლავ მარტო დარჩა. ყვავილებთან მივიდა. ფერად ფურცლებს თითებით მიეფერა. გული სითბოთი აევსო. მანაც პირველად იგრძნო ის, რაც ნიშნიანიძემ. პირველები იყვნენ ერთმანეთისთვის. არც ერთმა იცოდა, რა იქნებოდა ამის შემდეგ, მაგრამ ორივე გრძნობდა მათი სიახლოვის აუცილებლობას. ქანთარია საყრდენს ეძებდა. ნიშნიანიძე - იმედს. მოკლე დროში ისე აეწყო ყველაფერი, თითქოს ბედის ხაზის მწერალი დროის შემქმნელსაც კი არ უცდიდა და თვითონვე ჩქარობდა ყველაფერს. ნანოს თვალები ცრემლებით აევსო. აღუწერელი ბედნიერების განცდა დაეუფლა. წლების შემდეგ პირველად იგრძნო, რომ ვიღაცას სჭირდებოდა და ეს ვიღაცა მის გაბედნიერებას ცდილობდა. არც კი იცოდა, რით დაიმსახურა ეს ყოველივე. მუჭით შეიმშრალა ცრემლები და გიგასკენ გასწია. აუცილებლად უნდა ამოეხეთქა ის, რასაც გრძნობდა. ნიშნიანიძეც ისე ელოდა, ლამის გული გაუსკდებოდა მალე. ხაზვა კი არა, ისიც არ იცოდა, რამდენი ნაბიჯი გადადგა კაბინეტში გოგოს ლოდინში. კარზე კაკუნი რომ გაიგონა, გიჟივით ეცა სახელურს და მორცხვად მდგარი ნანო შიგნით შემოატარა. - გიგა, მოვედი. - ისეთი ხმით თქვა ქანთარიამ, ეტყობოდა ცოტა ხნის წინ რომ ქსუტუნებდა. - გხედავ, ნანო. მოგეწონა? - არ მეტყობა? - მარიამი გააცილე და მერე იტირე, არა? - ჰო, აბა, გოგოს ხომ არ ვაჩვენებდი რა დღეშიც ჩამაგდე? - გითხრა რამე? - კი, შენთვისააო. - და ვისგანააო? - გიგასგანო. კიდევ ერთხელ გადაამოწმა გიგამ, რომ მის გვარზე ისევ არ გაეგო ნანოს. - ისე, მინდოდა ერთად გვეყიდა. - საწუწუნოს ხომ სულ ნახულობ, რა. - გაეცინა ნიშნიანიძეს. - მადლობა, გიგა. - ჩუმი, მინავლული ხმით თქვა გოგომ. - ნათიამ ჩემზე არაფერი გითხრა? - არქივის ნათიამ? - ჰო, მაგან. - რა უნდა ეთქვა? - გიგა ნიშნიანიძე ვარ, ნანო. ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. სიჩუმე ჩამოვარდა. ქანთარიას მზერა აებნა და გაკვირვებული გამომეტყველება ჰქონდა. - რატომ აქამდე არ მითხარი? - რამე შეიცვალა? - არა, მაგრამ უნდა გეთქვა. მე უბრალო თანამშრომელი ვარ და მეტისმეტი ხომ არ “გაგიბედე”? - ნუ ღელავ, ნანო. ყველაფერი ისე იქნება, როგორც აქამდე იყო. ახლა ჩემი გვარიც იცი და შეგიძლია მიყვირო. - ნიშნიანიძე, ჩემი წერა გახდები! - ფეხზე წამოხტა მოულოდნელად გოგო და გიგას ჩაეხუტა. თავისი წვრილი მკლავები შემოჰხვია ბიჭს. - მადლობა, კარგი? უნდა მცოდნოდა აქამდეც. იცოდე, ერთი ალუბლის ნამცხვარი გმართებს. - უცებვე მოშორდა გიგას და კარისკენ წავიდა. - ოღონდ პირობა მომეცი, რომ შეჭამ. - შევჭამ. - მოიცადე, - კართან მდგარს მიუახლოვდა ნიშნიანიძე. ცხელი, გავარვარებული ტუჩები დაჭორფლილ შუბლზე მიაკრო გოგოს. - ახლა წადი. ქანთარია ლოყებაწითლებული და დაბნეული გავიდა კაბინეტიდან, სახეაშლილი ვიცე-პრეზიდენტი მარტო დატოვა. - გამოგვივა, ნანო, - ცარიელ ოთახში ექოდ გაისმა გიგას ხმა, რომელსაც გოგოს სურნელი ჯერ კიდევ შერჩენოდა და ხარბად ისუნთქავდა. არც ჰქონდა გააზრებული რას აკეთებდა. - დღეს მე დავლევ და დაგირეკავ. უნდა მიცნო “ორი სიტყვით”. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.