ნანო #5
მარიამმა ბიძამისის მონახულება გადაწყვიტა. რაკი კომპანიაში მივიდა, უყურადღებობა იქნებოდა მისი მხრიდან აქედან უნახავად წასვლა. პირმცინარი სახით შევიდა ომარის კაბინეტში დაკაკუნების გარეშე და მაშინვე თბილად გადაეხვია. - როგორ არის ჩემი ყველაზე ფუმფულა ბიძია? - გოგომ პატარა ბავშვივით მოსქო ლოყები დაუწელა სავარძელში მჯდარ კაცს. - ოხ, შე მაიმუნო გოგოვ, როგორ ვერ გადაეჩვიე ამას? - გულიანად გაეცინა ომარს და მონატრებული ძმისშვილი გულში ჩაიკრა. სამსახურის გადამკიდე ვერც ახერხებდა ვინმეს ნორმალურად ნახვას. - შენი ბრალია. უფრო სწორად, ნანა ბიცოლამ ისე გამათამამა, რა უნდა გეთქვა ეგრე რომ გეთამაშებოდი? დაგიბრიალებდა თვალებს იმ წამს. - მომიყევი, შენ როგორ ხარ? აქ რამ მოგიყვანა, შვილო? რამე ხომ არ გჭირდება? - გიგას ვჭირდებოდი, დავეხმარე და შენ უნახავად ხომ არ წავიდოდი? - გიგას? თვითონ დაგირეკა? - გაიკვირვა შვილის ამბავი ომარმა. - მეც ეგეთი რეაქცია მქონდა, - გაეცინა მარიამს. - კი, თვითონ დამირეკა და, სხვათა შორის, შვიდი საოცრების სიას უნდა შევმატო მერვე საოცრებად ჩემს ტელეფონზე მაგის ზარი. - გამაგიჟებს ეგ ბიჭი, რა! სულ შეიცვალა, აღარც ვიცი, რა ვიფიქრო. სულ ვდარდობ, კიდევ უარესი არ მოხდეს რამე ასე ხასიათის უცაბედი შეცვლით. - ეჰ, ბიძაჩემო, ცუდზე კი არა, იმაზე იფიქრე მალე პატარა შვილიშვილები როგორ გაიტანტალებენ შენს სახლში და, როგორც იქნება, გამოცოცხლდება ყველაფერი. მაგაზე დიდი ნატვრა შენ არ გაქვს და რა გედარდება? დაუჯერე შენს საყვარელ ძმისშვილს, მალე ისეთი რამ მოხდება, მთელ ქალაქს გააოცებს. - ნეტა, შვილო, ნეტა! ეგ რომ მოხდეს, მეშინია სიხარულისგან ინსულტი არ მომივიდეს. ნანას ნატვრა იყო. ნანა რაც აღარ არის, მისი ნატვრებიც მე შემრჩა. უმისობას ვერ ვუმკლავდები, მივდივარ მის სანახავად და, ისეთი სიცივეა, მტერს არ ვუსურვებ! ამხელა კაცი ხომ არ დავდგები და ვიტირებ? გული მაქვს ჩაწყვეტილი. მე როგორ უნდა ვიყო ნანა გიგასთვის? ღმერთის საჩუქარი იყო ის ქალი და მანვე წამართვა. ალბათ, ჩემი ნანაც იგრძნობს ჩვენი შვილის სიხარულს, მჯერა. ვლოცულობ, რომ დამესიზმროს და რამე მითხრას. მისი ხმა და ყველაფერი მენატრება. ახლა აქ რომ იყოს, გიგას რას გაუჭირვებდა? მე კიდევ ახლოსაც არ მიკარებს ეგ ბედოვლათი. თუ ვინმე მაგ სიკეთეს იზამს და სააქაოს მოგვიბრუნებს, ჩემი თავი შემოევლოს იმას! მეც მიგრძნობს გული, რომ ჩემი შვილი თავის ბედნიერებას საცაა იპოვის. რა არის მამის გული, არა? ოხერია! და მიუხედავად ამისა, ნანას გული მაინც სულ სხვა იყო... - სევდიანი ღიმილით ლაპარაკობდა კაცი მთელი დრო გარდაცვლილი ცოლის მოგონებისას. ნანა იყო მისი შეჭმარიტება და მათი სიყვარული იმიტომაც უყვარდა ყველას, რომ ვერ იტევდნენ და სხვებსაც აბედნიერებდნენ. - შენ ნუ იდარდებ, კარგი? - გოგომ ბიძას ხელზე ხელი დაადო და მიეფერა. - ყველაფერი კარგად იქნება! აი, ნახავ. შენი, ჩვენი, ყველასთვის განსაკუთრებული ნანა ახლა იქ გრძნობს, რომ გიგა უკვე შეიცვალა და სულ მალე თავის გრძნობებშიც გამოტყდება იმ გოგოსთან. მან უკვე იპოვა თავისი ბედნიერება, ბიძია. - ეს იმ გოგოზე საუბრობ, არა? - გაეღიმა კაცს. თვითონაც გაგებული ჰქონდა უკვე კომპანიაში უცებ ტყვიასავით გავარდნილი ამბები. - კი, მაგ გოგოზე. დღეს მეც ვნახე. ისეთი ლამაზია, ისეთი კეთილი თვალები და თბილი მზერა აქვს, გადავირიე! ჩვენი ყინულიც კი მოალბო! ეს კი ყველამ ვიცით, რასაც ნიშნავს. - ლიამ აიყვანა და ასე მითხრა, აუცილებლად გაამართლებს იმედებსო. უკვე კმაყოფილია მისი მუშაობით, წარმატებით გაურთმევია თავი პირველი დავალებისთვის. არასდროს ცდება ლია, მაგას კი მივხვდი უკვე და თვალდახუჭული ვენდობი. გოგომ პირველივე სამუშაო დღეს გამოიყვანა გიგა თავისი კაბინეტიდან, ქვემოთ სართულებზე ჩამოიყვანა და ჩემს შვილსაც უარი არ უთქვამს მისთვის. არ ვიცი, ეგ როგორ შეძლო და ვინ არის ასეთი ის ცქრიალა, მაგრამ ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად დასრულდეს! მერე მეც ვნახე, მის მზერაშიც კი შეატყობ როგორი სუფთა სულის ადამიანია. ყველა გაიცნო, ყველას დაუმეგობრდა და ეს ისეთ მცირე დროში მოასწრო, გაოგნებული ვარ! ნებისმიერ თანამშრომელს რამე რომ ჰკითხო მასზე, კარგს გიპასუხებს. სულ ცდილობს, რომ ყველა გაახაროს. გიჟივით დარბის წინ და უკან, მაგის გაჩერება ხომ არ იქნება. ყველას უზიარებს თავის ენერგიას. ნანას მაგონებს. ასეთი იყო ისიც. ალბათ, გიგამაც ის იპოვა მასში, რაც მე ნანაში თავის დროზე. ვამაყობ ამით! - ყოჩაღ, ყოჩაღ! გიგამ ყვავილები მიმატანინა მისთვის, იცი? მაგისთვის მომიყვანა აქ. - გიგამ? ყვავილები? - კიდევ ერთხელ გამოესახა გაკვირვება სახეზე კაცს. - გეფიცები! სიხარულისგან ლამის კივილი დავიწყე. მასზე რომ ზრუნავს, ეგ უკვე კარგია. გეუბნები მე შენ, მოემზადე შვილიშვილების სატანტალოდ - მეთქი. - აკისკისდა გოგო. - ამ სიბერეში რას არ მოვისმენ, ჰა? ეხ, ნანა, ნანა, შენი წასვლა იქნებოდა და ჩემი აქ დარჩენა? - ისევ დანაღვლიანდა ომარი. არც ერთ წუთს ავიწყდებოდა თავისი ცოლი. მერე რა, რომ მის გვერდით არ იყო. ასე გამოხატავდა თავის დაუვიწყარ, წრფელ სიყვარულს, რომელიც ნანას გარდაცვალების შემდეგ უფრო გაღვივდა და უსაშველო მონატრებად იქცა. - იცოდე, თუ რამე სიახლე იქნება, არ გამომაპარო, კარგი? - აბა, რას კითხულობ, შვილო? სხვას ვის ვეტყვი შენზე უკეთესს? მე, ხომ იცი, არ ვეკითხები გიგას არაფერს. არ მინდა გაღიზიანდეს, არც პატარა ბიჭია. თუ საჭიროდ ჩათვლის, მოვა და დამელაპარაკება. ბოლოს და ბოლოს, იმხელა კაცია და ჩემთან საუბრის პრობლემა არც არასდროს ჰქონია. რასაც კომპანიაში თანამშრომლებისგან მოვისმენ, ეგ იქნება ჩემთვისაც სიახლე. - მაშინ ახლა წავედი მე, შენს საქმესაც არ მოგაცდენ. მეც უნივერსიტეტში უნდა მივიდე. რა ძნელი ყოფილა ეს მაგისტრატურა მაინც! ერთი ისეთი კარგი ლექტორი მყავს, მაგის ხათრით ვერ გავურბივარ სწავლას. - გაეცინა გოგოს, ფეხზე წამოდგა და კვლავ გადაეხვია ბიძას. - კარგი, შვილო. აბა, შენ იცი! - კარამდე მიჰყვა ძმისშვილს ომარი. - ნურაფერზე იდარდებ, დამიჯერე! იყავი, არ მინდა გაცილება, წავალ ჩემით. - ჭკვიანად! მომიკითხე ჩემი ძმა და უთხარი გამომიაროს, ნუ დამივიწყა სულ. - კარგი, უფროსო, ეგრე იყოს! შენც გამოგვიარე. მშვიდობიანი დღე! - ლოყები კიდევ ერთხელ დაუწელა მარიამმა ბიძას და სიცილით გაიარა გრძელი დერეფანი. - შენც, ჩემო გოგო! - თბილი მზერა გააყოლა ლიფტამდე ძმისშვილს ომარმა, მერე ოთახში დაბრუნდა და თავის სავარძელში ადგილი დაიკავა. ისევ ცოლზე ფიქრებმა წაიღო. თუ კი რამ აზრი ჰქონდა თავში, ხმამაღლა ლაპარაკობდა თავისთვის. სჯეროდა, რომ ნანა მართლა უსმენდა მას. გიგას უკეთესობისკენ შეცვლის ამბავს გულში როგორ დაიტოვებდა? არც ეგ დარჩენია უთქმელი. დღემდე სანუკვარი იყო ნანა ომარისთვის და კაცს არასდროს მოეშორებინა გულის ჯიბიდან ქალის სურათი. ლამაზი იყო ნანა, მისი ნაკვთები გამოჰყვა გიგას და რამდენჯერაც შეხედავდა მამამისი, იმდენჯერ თვალწინ აღუდგებოდა თავისი ცოლი, ერთადერთი საფიცარი. ყოველთვის იმას ნატრობდა ომარი, შვილიშვილებსაც გამოჰყოლოდა ნანას სილამაზე და ეშხი. -#-#-#-#-#-#- ხელში ღვინის ბოთლი და ჭიქა ეჭირა, ქვიან ბილიკზე სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა. მძღოლი ახლდა თან. ნასვამი რომ არ დამჯდარიყო, დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი წამოიყოლა. ჩაჟანგული რკინის კარი ჭრიალით გამოაღო და საფლავებს შორის გზა გაიკვლია. ვიწრო გასასვლელებით მოკლეზე გადაჭრა და დედის საფლავს უკან მხრიდან მიადგა. წრეზე შემოუარა, ჩაკეტილი კარი გამოხსნა და შიგნით შევიდა. ცივ ქვას მიუახლოვდა. შავ-თეთრში დახატულ ქალს შუბლზე აკოცა და პატარა, დაბალ ხის სკამზე ჩამოჯდა. - ნანა, მომენატრე, - მძიმედ ამოიხვნეშა და ღვინის ბოთლს თავი მოხსნა, ჭიქაში ჩამოისხა. - შენთან სალაპარაკოდ მოვედი. ხომ მომისმენ? - ძირს დადებული პარკში გახვეული სანთლებიდან ერთი ცალი ამოიღო და ქვის წინ ასანთით დაანთო. ყვითელმა შუქმა გაანათა ქალის ლამაზი სახე. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა შვილი მას. - გახსოვს რომ მეუბნებოდი, როცა შეგიყვარდება, აუცილებლად შეიცვლებიო? მართალი ყოფილხარ. შეყვარებული ვარ, ნანა. არ ვიცი როდის მოვასწარი, არც ის ვიცი, რა დამემართა, მაგრამ... - სიტყვა გაწყვიტა და პირველი ჭიქა სულ ჩაცალა. - ამ ჭიქით მას გაუმარჯოს, კარგი? ახლა, ალბათ, ჩაის სვამს, ან ალუბლის მურაბას ჭამს. იცი რა ლამაზია, დედა? ყველაზე სუფთაა, ხელშეუხებელია. ისეთია, დედა, ანგელოზი გეგონება. ძალიან ლამაზი კანის ფერი აქვს და სულ დაჭორფლილი სახე. მისი თვალები ერთდროულად იმხელა ტკივილს და სითბოს იტევს, გაგიჟდები. მჯერა, რომ გვხედავ. ნანა, შენ მე არასდროს მტოვებდი. მითხარი, ხომ კარგია? - ისევ გაავსო ჭიქა გიგამ ღვინით. - მინდა დაველაპარაკო. ამას ფხიზელ ტვინზე ვერ ვიზამ, არ შემიძლია. ისეთი უსიტყვო ვარ... არადა, შენი ერთი გამოხედვა და ხელის მხარზე დაკვრა “შენ ისედაც იცი, რაც უნდა ქნა, ჩემო ბიჭოო” ყველაფერს მირჩევნია. წუთით რომ გნახო და გავიგონო რომ ჩემი ბედნიერებით შენც ბედნიერი ხარ, ძალიან ბევრს დავთმობ სამაგისოდ. გაგაცნობ, დედა. აუცილებლად მოგიყვან აქ. იმის ფიქრი ვერ მოვიშორე, ნეტავ მოესწრო შენი გაცნობა - მეთქი. ალბათ, ასე იყო საჭირო. უშენობას თუ ვინმე შემივსებდა, არ მეგონა. ნანო მთელი სამყაროა, ნანა. სულ რამდენიმე დღეში შეიცვალა ყველაფერი. მგონია, რომ აქამდე მეძინა. შენ რომ დაგკარგე, მის მერე აზრიც დავკარგე და ნანომ დამიბრუნა. იცი რას ნიშნავს ეს? - ემოციებს ვერ იკავებდა ნიშნიანიძე. სიმართლე ითქვას, არც უნდოდა. უნდა ელაპარაკა, რომ დაცლილიყო. გულიდან ამოჰქონდა ყველა სიტყვა, რაც დაუგროვდა და ყველა ახალ ჭიქაზე უფრო და უფრო ემატებოდა გრძნობები. - ნანოს თითებიც კი ლამაზი აქვს, დედა. მას ისეთი რაღაცები აბედნიერებს, რაც შენ. შენი და მამას სიყვარული მახსენდება, რამდენჯერაც შევხედავ. დღეს ყვავილები ვაჩუქე და ჩამეხუტა. არ ვიცი, როგორი სმენა აქვს, მაგრამ ჩემს გულთან ძალიან ახლოს იყო და დარწმუნებული ვარ, მაინც იგრძნო როგორ ამიჩქარდა გული. შენ რომ აქ იყო... შენ რომ აქ იყო, ნანა, პირველივე დღეს გაგაცნობდი. როგორც კი დავინახე, უკვე ყველაფერში დარწმუნებული ვიყავი. შენ მასწავლე, რომ ამ სამყაროში უმიზეზოდ არაფერი ხდება, - ნახევარი ბოთლი უკვე ჩაცლილი ჰქონდა ბიჭს. იმდენს ლაპარაკობდა, ვინმეს რომ დაენახა, არც კი დაიჯერებდა, რომ გიგა იყო. - უკვე მზერა ამერია. ახლა იცი რატომ ვსვამ, დედა? რომ გავბედო, რომ გავბედო და ვუთხრა როგორი ლამაზია, როგორი თბილი, როგორ მოიცავს მთელ სამყაროს და როგორ მინდა სულ ჩემ გვერდით იყოს. ნანა, თუ დამიჯერებ, მასთან თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. დიდი ხანია, ასეთი აღარ ვყოფილვარ. პირველად მინდა, რომ მისთვის ყველაფრის ჩუქება შემეძლოს. იმსახურებს, დედა. საუკეთესოა თავისი სიყვარულის გამო. მას, როგორც შენ, ყველა უყვარს. სულერთია სულიერი თუ უსულო, ყველას ეფერება, სითბოს ჩუქნის. ერთ დღეში მოახერხა და თავი შეაყვარა ყველას, ვინც კი მისი გაცნობა მოასწრო. მე ასეთი უანგარო მარტო შენ მახსოვდი და, ნანა, პირველად ვნატრობ, რომ... არა, მეშინია, რომ ღმერთი მის თავს წამართმევს. ასე მგონია, არ ვიმსახურებ. ისეთი კარგია, მას არავინ იმსახურებს, დედა. მიუწვდომელია, სანატრელია, საფიცარია. გესმის? შენს თვალებში რასაც ვხედავდი, მასთანაც იმას ვხედავ. ფიქრობ რომ, როგორც მამა გიყურებდა შენ, ისე ვუყურებ მე მას? ნანოს რაღაც უზარმაზარი ტკივილი აქვს გამოვლილი, ეს მის თვალებში ჩანს. თითქოს იმ უწყვეტი ენერგიით და ყველასადმი სიყვარულით ცდილობს თავის თავს ცუდზე ფიქრის საშუალება არ მისცეს და, რაც აქვს, იმით ტკბება. ისე მინდა მივიდე და ვუთხრა რომ მე ვყავარ, არაფრის შეეშინდეს და არ ინერვიულოს. ნანა, მინდა ყველაზე ბედნიერ ქალად ვაქციო და შეუძლებელიც შევძლო მისთვის. მინდა ვუთხრა რომ შეუძლია მომიყვეს, რაც სტკივა და აწუხებს და ჩემი იმედი სულ ჰქონდეს. როცა ადამიანი გეიმედება, ეს ყველაფერს ნიშნავს. მისი იმედი რომ ვიყო, გავგიჟდები, დედა. მინდა თავისი ოცნებები გამანდოს და ავუსრულო, რასაც ნატრობს. იმდენი “მინდაა” და ყველა მას რომ უკავშირდება, ნორმალურია? ახლა ვიცი, რასაც გრძნობს მამა. მხოლოდ ახლა შემიძლია ჩამოვუჯდე და ვუთხრა რომ მე მას ვყავარ, რადგან უშენობა ყველაზე ძალიან თურმე იმ კაცს სტკივა. მე რომ ნანო დავკარგო, თავს არ ვიცოცხლებ, მგონი. რომც ვიცოცხლო, მკვდარი ვიქნები. მამას ენატრები, ნანა, - ერთი ჭიქა ღვინოც კი აღარ იყო დარჩენილი, ისე სწრაფად დალია გიგამ. ბოლო რამდენიმე ყლუპი გადაჰკრა და ღვინის ბოთლი იქვე დადო, კუთხეში. - ახლა კარგად ვარ, იცი? შენ რომ გელაპარაკე, ამოვისუნთქე. ხომ იცი, პირველს შენ მოგიყვებოდი ყველაფერს, როგორც ყოველთვის. ახლა შენი ქმარი უნდა ვნახო. იმ სახლში უნდა მივიდე, სადაც შენ ცხოვრობდი და შენი ყველაფერი იქ დარჩა. მეშინოდა ამის, მაგრამ ახლა ვიცი რომ ვჭირდები. ნანომ იმდენი რამ მასწავლა, დედა, ისე ამიხილა თვალები... მჯერა, რომ ეს მხოლოდ სასწაულ ადამიანებს შეუძლიათ. წავედი, ნანა. შემდეგში მას მოგიყვან და გაგაცნობ, მოგეწონება. აქ სულ მეგულები, დედა. - მზერაარეული ბიჭი ფეხზე წამოდგა, ქალის სურათს კიდევ ერთხელ აკოცა და მანქანისკენ წავიდა. ნაბიჯები არ ერეოდა, არც იმდენად მთვრალი იყო სამაგისოდ. მხოლოდ შეზარხოშდა. თუნდაც ერთ ბოთლ ღვინოსთან ერთად ბევრად უფრო მარტივია საუბარი, ვიდრე ფხიზელ ტვინზე. მამამისი უნდა ენახა და წლების დაგროვილი უნდა ეთქვა, ამისთვის ძალისხმევას იკრებდა, თან ნანოზე ფიქრობდა. გრძნობდა, რომ უკვე ენატრებოდა. - ომართან წამიყვანე, მისამართი ხომ იცი? - საჭესთან მჯდომ მძღოლს ჰკითხა მას შემდეგ, რაც თვითონ უკან დაიკავა ადგილი. - დიახ, ბატონო გიგა. პასუხის მერე ძრავი აამუშავა კაცმა და იქაურობა დატოვეს. # ომარი მისაღებ ოთახში ტელევიზორს უყურებდა, როცა კარზე ზარის ხმა გაიგონა. არც არავის ელოდა და გაუკვირდა ვინ უნდა იყოსო. კარი რომ გააღო და ზღურბლზე მზერაარეული და თვალებში ტკივილჩამდგარი შვილი დაინახა, გულმა დაარტყა კაცს ლამის. რამდენი ხანი ელოდა ამ მომენტს და რამდენჯერ უნატრია გიგას აქ მოსვლა. - შვილო? - გაოცებული ხმით იკითხა უფროსმა ნიშნიანიძემ. - ჰო, მამა, მე ვარ. - ხომ არაფერი გიჭირს? მოდი, შემოდი, რას გავშეშდით მანდ ორივე, კაცო. - გვერდზე მიიწია ომარი და შვილი სახლში შემოატარა. - შენთან სალაპარაკოდ მოვედი. - ოხ, შენ რა უცნაური ვიღაცა ხარ, ჩემო ბიჭო... ვერ გაგიგებს ადამიანი, თუ შენ არ მოინდომებ. - ჩამოჯექი, მამა. - დივანზე ჩამოჯდა გიგა და მამამისსაც ანიშნა გვერდით მომიჯექიო. - რა ხდება, გიგა? გამისკდა გული, კაცო! - ნანასთან ვიყავი. - ჰო, ნანასთან მეც ვიყავი დღეს. - სევდიანად გაეღიმა ომარს. - თურმე, უმისობა ყველაზე მეტად შენ გტკივა. - მხარზე ხელი დაჰკრა მამას გიგამ. - ეჰ, შვილო, რაღა დროს ეს არის, ჰა? შენ ის მითხარი, აქ რამ მოგიყვანა ამდენი ხნის მერე? ხომ მითხარი რომ იქ, სადაც ნანა დარჩა, ვერ ვიქნები და გამიჭირდება ყოფნაო? ოთახს თვალი მოავლო ბიჭმა. არაფერი შეცვლილიყო. გაეღიმა ბავშვობის გახსენებაზე, დედის სურნელზე, რომელიც კედლებს შებჟნოდა ან ასე ეჩვენებოდა უსაშველო მონატრებისგან. - არაფერი შეგიცვლია, არა? - დედაშენის მერე ერთფეროვნება ჩვეულებად იქცა, ჩემო ბიჭო. ვის შევუცვალო? ან რატომ? - ნანა ახლა აქ რომ იყოს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. - ღმერთს ყოველთვის იმას ვთხოვდი ნანა არ წამართვა - მეთქი, მაგრამ ისე აგიხდა ყველაფერი... - ყველას ჩვენებურად გვიჭირს მის გარეშე, მაგრამ შენსავით არავის. ამას ახლა მივხვდი, მამა. - მე რამდენიმე ადამიანი მომაკლდა დედაშენის წასვლით, ჩემო ბიჭო. რა უნდა ვქნა? შენ ხარ ჩემი იმედი, თორემ მის გარეშე თავსაც არ ვიცოცხლებდი ერთ წუთს. მერე როგორ გავქცეოდი იქ, ზემოთ ნანას კითხვას ჩვენს ბიჭს რა უყავიო? - ცოლი რომ მოვიყვანო, გაგიხარდება? - უცებ იკითხა გიგამ. არც კი უფიქრია ამ კითხვის დასმაზე, ფიქრი მომენტალურად ხმამაღლა გააჟღერა. - ჩემო ბიჭო, შენ შეგიყვარდეს და გამიხარდება, აბა, რა იქნება?! მერე მიხვდები, ვინც იყო ნანა ჩემთვის. როცა შენი მეორე ნახევარი შენი კედელია, მისთვის მთების გადადგმაც შეგიძლია. არ არსებობს ნატვრა, რომელსაც ვერ აუხდენ და, შვილო, შენს თვალებში ყველაზე დიდი სურვილი, რაც ჩანს, მისი გაბედნიერებაა. - ღიმილით თქვა ომარმა, თავზე ხელი გადაუსვა ბიჭს პატარა ბავშვივით. იმ დისტანციის ფონზე, რაც მამა-შვილს შორის იყო ჩამოყალიბებული, ეს ჟესტი უზომო მონატრების გამომხატველი იყო კაცის მხრიდან. - შეყვარებული ვარ, მამა. დედას მოვუყევი უკვე. დარწმუნებული ვარ, ბედნიერია. - კარგი არჩევანია, ჩემო ბიჭო! სირცხვილი იქნებოდა შენი, ის გოგო რომ ხელიდან გაგეშვა. მისი თვალები ყველაფერს ამბობს, დამიჯერე. ჩემს ცოლს მაგონებს. ნანაც ზუსტად ასეთი იყო მის ასაკში. ლამაზი, ბუნებრივი, თავისი სინაზით გამორჩეული, მუდმივად აქტიური, ენერგიის წყარო... შენ ყველაფერი ჩემზე უკეთ იცი, გიგა. შენზე უკეთ ვერავინ შეძლებს დაინახოს როგორია ის. - მართალი ხარ, მამა. ნანასაც ეგ ვუთხარი. ნანო ჩემი ახალი სამყაროა. ისაა, ვის გამოც სიცოცხლის დათმობაც კი შემიძლია. მინდოდა მეთქვა შენთვის, რომ ამდენწლიანი უჩემობა მაპატიო. ეგოისტი, პატარა ბავშვივით მოვიქეცი. გამოვიკეტე და მე, რომელსაც შენთვის უნდა გამეგო, აქეთ გაგება მოვთხოვე. თან რა უნამუსოდ. ახლა მივხვდი, რომ მარტო მე არ მტკიოდა. - წარსული წარსულია, ჩემო ბიჭო. ის, რაც მოხდა, ალბათ, საჭიროც კი იყო. მთავარია, ახლა ხომ მიხვდი. - მაპატიე, მამა... - გიგა გადაეხვია კაცს, ომარმა კი ზურგზე რამდენჯერმე ხელი დაჰკრა. - ნუ ინერვიულებ, ჩემო ბიჭო! იცოდე, რომ ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. მე შენზე ძვირფასი არავინ მყავს ამ ქვეყნად. ერთ ხანს ასე ისხდნენ მამა-შვილი, ერთმანეთს გადახვეულნი. და ამ ჩახუტებაში გამოიხატებოდა ის ყოველი სიტყვა, რომელიც ერთსაც და მეორესაც უთქმელი დარჩა. -#-#-#-#-#-#- - ნანო, მე ვარ. - ვინ შენ? აა, გიგას ვესაუბრები? ჰო, გამახსენდი, უჟმურაძე. - ჩემი სათქმელი რომ გაგანდო და, “ვითომ” უცნობ ადამიანს ჩემი სიხარული გაგიზიარო, მოსულა? - მოიცა, მოიცა, როგორ? - დაიბნა ქანთარია, ლამის ტელეფონში გამოჰყო თავი. - ჰო, რა, რა იყო? მარტო შენთვის შეიძლება ეგ? სულ ორ სიტყვას გეტყვი, კარგი? - არ დანებდა ნიშნიანიძე, ისევ “ორ სიტყვას” უნდა ეშველა მისთვის. - ვაიმე, გიგა, შემომაკვდები! რას იგონებ, ჰა? როდის მერეა ასეთი ხარ შენ? ან ტელეფონზე რატომ მირეკავ? ან რომელი საათია? საერთოდ სად ხარ? - შენს ბინასთან ვარ, მანქანაში ვზივარ. არ ვიცი, რომელ სართულზე ცხოვრობ. დამენახები? - ფანჯარა ჩამოწია გიგამ და კორპუსს ახედა. - გამაგიჟებ შენ მე! რა გინდა აქ, ნიშნიანიძე? მე რომ გთხოვ რამეს, მაშინ ხომ უნდა გახდე უჟმურაძე და რამ მოგიყვანა ახლა? მეხუთეზე ვარ. მოიცა, დაგენახო ფანჯრიდან. - გოგომ ფანჯარა გამოაღო და გაიხედა, ხელი დაუქნია გიგას. გული ამოუვარდა თან. არ ელოდა, მართლა იქ თუ იქნებოდა. ეგონა, რაღაცას ატყუებდა ბიჭი. - ორი სიტყვა მინდა გითხრა. ცოტა ნასვამი ვარ. - მითხარი, ჰო, მიდი. - სამსახურში ახალი გოგო აიყვანეს, აქამდე არავინ მინახავს მისი მსგავსი. - გიგა, მოიცადე, რას ამბობ შენ? - ნანო, გაჩუმდი ცოტა ხანი და დამაცადე! - მანქანიდან გადმოვიდა ბიჭი. ზურგით მიეყრდნო კარს და გოგოს უყურებდა ფანჯარაში, რომლის არეულ მზერას და აჩქარებულ გულისცემას იქიდანაც კი გრძნობდა. - იმ ახალ გოგოს იღბლიანი დღე ჰქონდა და, არც კი ვიცი რა მოხდა და როგორ, მაგრამ მე და ის შევხვდით. - მერე? - ხმაჩაწყვეტით იკითხა ნანომ. - მერე ის, რომ იმ გოგოს ახლა ვუყურებ და ვგრძნობ, რომ არ უნდა გავუშვა და ჩვენ აუცილებლად უნდა გამოგვივიდეს. - გიგა... - თვითონ არ ვიცი რას გრძნობს, მაგრამ მგონი იგივეს, რასაც მე და ჩავთვლი, რომ მართლა ღმერთის საჩუქარია. - ნიშნიანიძე... - ჩემი ყველა სამომავლო გეგმა იმ იღბლიან გოგოს უკავშირდება და ამას აუცილებლად ავუხსნი მას. - შენ იყავი ის? - ხმა აუკანკალდა ქანთარიას. - მე ვიყავი, ნანო. - რატომ არ მითხარი? - უნდა დავრწმუნებულიყავი. - ჩემი გულისცემა მესმის... - ჩამოხვალ? - გიგა... - ჩშშ! ჩამოდი, მიდი, გაკოცებ და წავალ. - ჰო. მოდიოდა გოგო კიბეებზე და ფეხები უკან რჩებოდა. ნერვიულობისგან, როგორც ჩვეოდა, თითებს იმტვრებდა და ტუჩებს იჭამდა. კორპუსიდან გიგას მანქანამდე გზა გაწელა. გული ამოვარდნას ჰქონდა. - ქანთარია, მალე მოდი, ნუ ღელავ. - შორიდან დაუძახა გიგამ. - მოვდივარ, ჰო. - მოდი. - მოვედი. - უკვე წინ ედგა ნანო ბიჭს. წამითაც არ შეყოვნებულა გიგა, მაშინვე მკლავები შემოჰხვია სუსტ, აკანკალებულ სხეულს და გულში ჩაიკრა. - რა განერვიულებს, ნანო? - უცებ იკითხა ნიშნიანიძემ. გოგო ლამის იქვე ჩაიკეცა, როცა გიგას სიახლოვე იგრძნო. - მე შენთან არ ვარ? შენი აზრით, ჩემნაირი არსება ვინმეს ყვავილებს ისე და უბრალოდ უყიდდა? ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, ნანო, შენ ჩემზე უკეთ იცი ეგ, - შუბლზე აკოცა გიგამ და ცხვირის წვერით მთელი სახე შემოიარა, კანის სურნელს ისუნთქავდა. - შენ ყველაზე საოცნებო გოგო ხარ მთელ სამყაროში, ქანთარია! - უჟმურო, შენ რანაირი ყოფილხარ?! - ამოიკნავლა ნანომ და თვითონაც კისერზე ძლიერად შემოჰხვია წვრილი მკლავები ბიჭს. სამყარო ისევ გაჩუმდა და პირველმა პირველობის განსაკუთრებულობა ჭეშმარიტად იგრძნო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.