შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 32)


2-03-2021, 17:59
ავტორი Impermeable
ნანახია 2 165

32 თავი

ღილაკი SOSი გააქტიურებული იყო. ახლა ისღა დამრჩენოდა დავლოდებოდი, როდის მიხსნიდა დავუდი ამ განსაცდელისგან. უცნაური დეჟავიუს შეგრძნებისგან მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ალბათ მსოფლიოში თუ არა საქართველოში მაინც პირველ ადგილზე ვიქნებოდი ერთ სულ მოსახლეზე ყოფილი ან პოტენციური პარტნიორებისგან გატაცების რაოდენობით, თუ არაბეთის ნახევარკუნძულზე დავუდი ლიდერობდა, კავკასიაში ალესანდრო არ თმობს პოზიციებს. არა, მგონი ნამდვილად ვგიჟდები, საკუთარ თავს დავცინი უმწეო მდგომარეობაში, ასეთი თავდაცვის მექანიზმიც კი მეტისმეტია. ხან მსურს ბოლო ხმაზე ვიქვითინო, ხან კი ვიხარხარო. ამასობაში ისევ ჯაყ-ჯაყი და ოღროჩოღრო გზა... მოთმინების უკანასკნელმა სიმმა ერთი საწყალობლად ამოიკვნესა და გაწყდა.
- ეს უკვე მეტისმეტია სან. ფანტაზია მაინც ჩაგერთო, მერამდენედ მიტაცებ და სადღაც კოტეჯში მიგყავარ, ამას უკვე დეჟავიუც აღარ ჰქვია, გაფუჭებული ფირივით ერთი და იგივე მაგიურ წრეზე ვტრიალებთ.
სანდრომ გაკვირვებისგან წარბები აზიდა:
- ყველაფერს მოველოდი შენგან ლეა, კივილს, ყვირილს თხოვნას, მაგრამ არა ამ ცინიკურ მზერასა და დამცინავ ტონს. - მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გაბრაზებული ვიყავი სანდროზე, მაინც გული მომიკლა მისმა გატეხილმა ხმამ. - არა რა, ხანდახან მართლა მგონია რომ ჩემი საყვარელი ლეა ეგვიპტეში ნამდვილად მომტაცეს და მის ადგილას ჩინური პატენტი ჩაანაცვლეს, რომ სამყაროს თითოეული ჩემი წინაპრის ცოდვისთვის ასე მოეზღო სამაგიერო.
- ნამდვილად არ ვაპირებ სასოწარკვეთილი თვითგვემას. ჩვენ ჩიხში ვართ სან, ჩიხში საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. რაც უფრო მალე გააცნობიერებ რომ მე შენი ლეა არ ვარ და “ჩვენ” აღარ არსებობს, მით უფრო მალე გათავისუფლდები თავადაც.
ავტომობილიდან პასუხგაუცემლად გადავიდა და სანამ კოტეჯში მარტონი არ შევედით, ხმა არ ამოუღია.
- სათქმელად ადვილია,ლეა, შენ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ და მე ისევ ბრიყვივით შენზე შეყვარებული, მიუხედავად იმისა, რომ შენი ღალატით ფეხქვეშ გათელე ჩემი ღირსება, კაცობა და თავმოყვარეობა. რატომ ლეა, რატომ, ასე რატომ მომექეცი? მე ხომ გულწრფელად მიყვარხარ? ამას ვიმსახურებდი შენგან?
ხმა ვერ ამოვიღე. ან რა მეთქვა? საოცრად დიდი სევდა და იმედგაცრუება გამეფებულიყო მის ღრმა ჭაობისფერ თვალებში, თითქოს სწორედ მისი თვალები მთხოვდა პასუხს და სიტყვები ზედმეტიც კი იყო, განა შეიძლებოდა მე დამვიწყებოდა როგორი სიყვარულით მიმზერდა ეს თვალები? Როგორ მენდობოდა, პატივს მცემდა, თვალები, რომელსაც ჩემს მეგობრად მივიჩნევდი? მისი თითოეული სიტყვა ისევ ისეთივე მტკივნეული იყო და ამ ტკივილში ყველაზე რთული იმის გაცნობიერება იყო, რომ მე ვიყავი მისი გამომწვევი მიზეზი. მოწყვეტით დავეშვი იქვე სავარძელზე და ჟურნალების მაგიდაზე გადაშლილი “დიდი სახლის პატარა დიასახლისმა” მიიპყრო ჩემი ყურადღება. უნებურად ხელში ავიღე და სწორედ იმ ადგილს შევეჩეხე პაოლა ფორესტი არჩევანს რომ ვერ აკეთებს ორ საყვარელ ადამიანს შორის და სიცოცხლეს სუიციდით ასრულებს. ჯანდაბა, ნუთუ ალესანდრომ ესეც გათვალა და სპეციალურად გადაშალა ამ გვერდზე? მახსოვს, რომ იქ, ლეჩხუმში დაჟინებით მთხოვდა მის წაკითხვას, თითქოს ამით პარალელს ავლებდა ჩვენს სასიყვარულო სამკუთხედსა და ფორესტების საბედისწერო სამკუთხედს შორის.
- შენ აქ, ეს სპეციალურად გადაშალე? - ძლივს ამოვილუღლუღე.
- მე უბრალოდ მსურდა გაგეცნობიერებინა, რომ არც პირველი წყვილი ვართ და არც უკანასკნელი ვინც ამგვარი განსაცდელის წინაშე დადგა. იცი, ლეა, შუაზე ვიხლიჩები ამ სიტყვებს რომ ვამბობ, საკუთარ სიამაყეს ჯანდაბაში ვუშვებ, მაგრამ ვიცი, გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ვერ ამომშალე ბოლომდე გულიდან, ვიცი ახლა დავუდით აღფრთოვანებული ხარ. ის არ ჰგავს, ერთფეროვან, რუტინულ ალესანდროს, კარგად გიცნობ ლეა, ვიცი, რომ შინაგანად თავგადასავლების მოყვარული ხარ, ვერ კმაყოფილდები ურბანული უღიმღამო ცხოვრებით, რომლის ყოველი დღეც ერთმანეთს ჰგავს, დავუდმა ის სამყარო გადაგიშალა, რომელიც შენთვის მიუწვდომელი იყო, რომელზეც მხოლოდ ჯადოსნური ზღაპრებიდან და წიგნებიდან გსმენოდა ყურმოკვრით. ბევრი ვიფიქრე, ფსიქოლოგთან თერაპიამ ბევრი რამ გადამააზრებინა და უკანასკნელი თხოვნა იქნება, ბოლომდე მომისმინო. მე შემიძლია გაგიშვა, შემიძლია, მაგრამ ეგოისტურად მეშინია, რომ რამე დაგიშავდება. Აღმოსავლური სამყარო სასტიკია ლეა, შენ ჯერ კიდევ ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ხედავ, ახლა გგონია, რომ შენი მთავარი მტერი მე ვარ, მაგრამ მეშინია, რომ ვერ გაუძლებ, ვერ გაუძლებ წნეხს, მათ ტრადიციებს, შეზღუდვებს და ჩაქრები. Იცი, მირჩევნია გძულდე, მირჩევნია მე მადანაშაულებდე, რომ საყვარელ ადამიანს გაშორებ და შენი თვალები ანათებდეს, ანათებდეს მომავლის იმედით. მე მზად ვარ ეს სიყვარული მარტოც ვზიდო, მაგრამ შენს იმედგაცრუებას ვერ დავუშვებ.

Თვალები ცრემლებით ამევსო. Რა ეგოისტი ვარ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად საშინელი დამცირებისა, ალესანდრო მაინც მიფრთხილდება, თითქოს ჩემს შინაგან შიშებს აშიშვლებს, შიშებს რომლებსაც გონება მუდმივად უარყოფს და ქვეცნობიერის გამოძახილად მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში მევლინება.
მაპატიე, მაპატიე, რომ ისე ვერ შეგიყვარე, როგორც იმსახურებ. Საან შენ საუკეთესო ადამიანი ხარ და მინდა რომ ბედნიერი იყო. სამწუხაროდ მე ვარ მიზეზი შენი ტკივილის. Ეს მე დაგაჯერე, რომ მიყვარდი, შენ იმითაც კმაყოფილი იყავი, რომ შორიდან მეტრფოდი. Მე გადავდგი შენსკენ ნაბიჯი და მევე უარი ვთქვი იმ დროს, როცა წესით ბედნიერები უნდა ვყოფილიყავით. Ეს შენ ხარ უნაკლო, შენ ხარ დიკ ფორესტი, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია უპირობოდ, თავდავიწყებით უყვარდეს, მაგრამ რა ვქნა, რომ სულაც არ ვარ პაოლა ფორესტი, რა ვქნა, რომ დამპალი ეგოისტი ვარ, რომელსაც არც სიყვარული ეთმობა და არც ძველი შესისხლორცებული ურთიერთობა და ცხოვრების მეგობარი. Ის, რომ ჩემთვის უახლოესი ადამიანი ხარ, რომელიც ძალიან ძვირფასია და ჩემი სულის ნაწილად ვთვლი, არ შეცვლილა, მიუხედავად იმ ტკივილისა, რაც ერთმანეთს მივაყენეთ. Მიყვარხარ, როგორც ძმა, რომელიც არასდროს მყოლია, მეგობარი, რომელიც უჩუმრად ხვდება ჩემის სულის ყველაზე დაფარულ შფოთვებს, მე არ მინდა შენი დაკარგვა. Ვიცი ახლაც უკანასკნელი ადამიანივით ვიქცევი, მაგრამ გთხოვ, ვცადოთ მეგობრებად დარჩენა. Ბოლო სიტყვებზე ორივეს ჩაგვეცინა, მაგრამ ეს სიმწრის სიცილი უფრო იყო, რომ გულიდან ამოსული სიტყვები სერიალისეული ბანალური ფრაზით დავაბოლოვე.
- Მინდა ამოგშალო ჩემი ცხოვრებიდან, მინდა ამოგიგლიჯო, შენ გგონია არ მინდა? Მაგრამ ვერ შევძელი. Ცხოვრებაში თუ აღმაფრენა მიგრძვნია, თუ ერთ პეპელას მაინც გაუფარფატია ჩემს მუცელში, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ, ლეა. Რომ მცოდნოდა, როგორ განვითარდებოდა ჩვენი ისტორია, მაინც ამ გზას ავირჩევდი, რადგან ეს ღირს ყოველივე იმად, რაც შენს გვერდით თუნდაც ალუზიურად ან ილუზიურად განვიცადე. Ვერ დაგპირდები, რომ მხოლოდ მეგობარი ვიქნები, მაგრამ შემიძლია დაგპირდე რომ შენდამი სიყვარულს აი აქ გულში გამოვკეტავ და გასაღებს გადმოგცემ, მხოლოდ შენ შეგეძლება მისი ისევ გახსნა, ან სამუდამოდ ჩარაზული დარჩება, სანამ ის იქ იქნება გამოკეტილი, შეგიძლია მიიღო ჩემი მხარდაჭერა, როგორც კეთილისმსურველის, როგორც ადამიანის, რომელიც არასოდეს დაგტოვებს გასაჭირში.
- Მადლობა, მადლობა, რომ ასეთი ხარ. Მალე აქ დავუდი გაჩნდება, არ მინდა რომ პრობლემა შეგექმნას. Გთხოვ წადი და აქ დამტოვე, წუთი წუთზე აქ იქნება. - ჩემს სიტყვებზე სევდიანად ჩაეღიმა.
- Ნება მომეცი, უკანასკნელად ჩაგეხუტო.
Და მე ჩავეხუტე, ჩავეხუტე და ავტირდი, თითქოს ამ ცრემლებით გამოვეთხოვე ჩემს წარსულს, ჩემს მოგონებებს, ალესანდროს, გამოვეთხოვე და მოვუბოდიშე. Ახლა მისი მკლავები, რომელსაც ძალუმად ვყავდი მისკენ მიზიდული, სულაც არ იყო სექსუალური ლტოლვის ობიექტის მკლავები, ახლა ეს ის მკლავები იყო, სადაც მშობლიურ სურნელს ვგრძნობდი, ძალიან ახლობლის და მას ვემშვიდობებოდი. Ის ის იყო ერთმანეთზე ხელის გაშვებას ვაპირებდით, რომ კარის შემოგლეჯა და არაამქვეყნიური ღრიალი ერთი იყო.
- Შეიტან, შე , როგორ გაბედე და ლეას ეხები. -გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ დავინახე, როგორ იფეთქა სანდროს ტუჩიდან სისხლმა. Სასოწარკვეთილი დავუდს მკერდზე ვეძგერე.
- Დავუდ, რას აკეთებ გაგიჟდი? Ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვემშვიდობებოდით,
- Და ეს ის არ არის რაც მე მგონია? - ისე დაიყვირა, რომ წამით მეგონა მის ადგილას დაჭრილი მხეცი მძვინვარებდა. Ხელი ჩამჭიდა და მაშინვე კართან მდგარი ავტომობილისკენ გამაქანა.
- Გაჩერდი, დავუდ, მტკივა. - ხელის გათავისუფლება ვცადე. Უკან მოხედვა მინდოდა, რომ გამეგო ალესანდრო როგორ იყო, მაგრამ მანქანა ელვის სისწრაფით დაიძრა. Დავუდს მრისხანებისგან სხეულის ყოველი ძარღვი დაჭიმვოდა. Შიშისგან ხმას ვერ ვიღებდი, არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა მისთვის. Ჯერ დახმარება ვთხოვე, გაგიჟებული გამოვაქციე და მერე ყოფილ ქმართან ჩახუტებული მნახა. Გადავწყვიტე, რაც არ უნდა ეთქვა, არ ავყოლოდი, დამეცადა, სანამ განრისხება ოდნავ მაინც გადაუვლიდა და მერე გვეცადა საუბარი. Არც თვითონ გამოუჩენია ინიციატივა საუბრის. Უხმოდვე გადმოვედი მანქანიდან და მაშინვე საძინებელში ჩავიკეტე. Რატომ ხდება, რომ როცა მგონია უკვე მთავარი განსაცდელი დავძლიე, ისევ ახალი ჩნდება?

Ტირილში ჩამეძინა. Რატომ ვტიროდი? Პირველი საღამო იყო ჩვენი თანაცხოვრების, როდესაც დავუდი იმდენად გაბრაზებული იყო, რომ ძილის წინაც კი არ შემოვიდა ჩემთან. Თითქოს აღარც ვარსებობ. Არც მე მაძლევდა თავმოყვარეობა იმის უფლებას, რომ მე გავსულიყავი და საუბარი წამომეწყო. Საკუთარ თავთან და დავუდთანაც მართალი ვიყავი. Გონებაში ჯერ კიდევ მიტივტივებდა ალესანდროს გაფრთხილება. Მტკიცედ უნდა ვყოფილიყავი, თუ ეხლა შემატყობდა დათმობას, სისუსტეს ვინ იცის, აღმოსავლეთში რომ გადავცხოვრდებით იქ რეების დათმენა მომიწევს?

Დილით გავიღვიძე და ისევ მარტო ვიყავი, არც წითელი ვარდი დამხვდა ტუმბოზე. Ნუთუ ეს იმის ნიშანია, რომ დავუდმა არ მაპატია? Მაგრამ რა უნდა ეპატიებინა, მე ხომ არაფერი დამიშავებია? Ნუთუ ძნელია იმის გაგება, რომ ალესანდროს მეგობრულად, ცივილიზებულად დავემშვიდობე? Ალბათ ერჩივნა დუელი გამართულიყო და ბრძოლის ველად ექცია იქაურობა. Არა, ასე არ გამოვა. Გაწიწმატებული წამოვხტი საწოლიდან. Არც სასტუმრო ოთახში დამხვდა. Დივანიც ხელუხლებელი იყო, ჩანს ღამე სახლში არ გაუთევია. Მთელი დღე ოთახში ბოლთის ცემაში გავატარე, ნერვები უკვე წკიპზე მქონდა. Საღამოს ვერ მოვითმინე და შეტყობინება მივწერე, თუმცა ამაოდ, დავურეკე და ტელეფონი გათიშული ჰქონდა. Მაშინვე კობას დავურეკე, მითხრა, რომ არაფერი იცოდა, ეჭვებმა უარესად შემიპყრო.
9 ხდებოდა, რომ კარზე კაკუნი გაისმა, მაშინვე გამოვაღე და უკვე ჩხუბის დაწყებას ვაპირებდი, რომ ხელში კურიერი შემრჩა პროდუქტების კალათით და ჩაბარებაზე ხელის მოწერას მთხოვდა. Ეს რას ნიშნავს, ჯანდაბა ნუთუ ღამე სახლში არ მოვა? Პროდუქტები გამომიგზავნა, რომ არ მეშიმშილა? Ვითარება იმაზე უფრო სერიოზული იყო, ვიდრე მე წარმომედგინა. Ოღონდ დაბრუნდეს, და მზად ვარ უკან წავიღო ჩემი პრინციპები.

Სამი დღე გავიდა და დავუდისგან ისევ არაფერი ისმის. Სამი აუტანელი დღე. Სამი დღე, სადაც თითოეული საათი, წუთი და წამის საუკუნო მარადისობად გაწელილა. Გულს ვერაფერს ვუდებ, ვეღარც ვსვამ, ვეღარც ვჭამ, მთელი დღე პიჟამოთი ფანჯარასთან ვდგავარ და ჰორიზონტს შუშის თვალებით გავსცქერი, იქნებ როგორმე მისი ავტომობილი გამოჩნდეს. Ტელეფონის ზარების ლოდინს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ გავთიშე. Სათვალავიც ამერია, მერამდენედ ვითვლი კორპუსის პარკინგზე არსებულ ყვითელ ზოლებს, მაგრამ გონებაგაფანტულობის წყალობით ვერცერთხელ დავამთვხიე ერთი და იგივე რიცხვი. Აი, კიდევ ერთხელ დავიწყე თვლა, რომ ლამის კარი ჩამოიღეს ბრახუნით.
Გავაღე თუ არა თინა შემოიჭრა და ხელების ქნევა დაიწყო. Სამი დღე სრულ იზოლაციაში ყოფნის მერე რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ გამერჩია, რას ქოთქოთებდა.
- Გოგო სულ გაგიჟდი? Რა აღარ ვიფიქრე, იმ შენს შეშლილ ყოფილ ქმარსაც კი დავურეკე. Ბოლოს ისევ დავუდმა მითხრა, რომ აქ ბრძანდები საღ-სალამათი, ახლავე მეტყვი რა ჯადაბა ხდება და სახე რატომ გაქვს ქუჩის ბომჟივით.
Ყველაზე ნაკლებად ახლა თინასთან კამათის ნერვები მქონდა. Ამიტომ იძულებული გავხდი ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მომეყოლა. Პირველად მომისმინა ისე, რომ საუბარი არ გამაწყვეტინა, მაგრამ სახის მიმიკით ვხვდებოდი, როდის იყო აღშფოთებული, როდის შეშფოთებული, და როდის უბრალოდ გაშფოთებული. “Გაშფოთებული” ჩვენი საერთო ტერმინია და ერთდროულად გაგიჟებას და შეშფოთებას ნიშნავს.

-Შეაყარე კედელს ცერცვი. Რამდენი გიხსენი, ხან ჩხუბით, ხან ტკბილი სიტყვით, რომ სანდრო ურთმელიძე ერთი მანიპულატორია. Ახლაც შემთხვევით ისარგებლა და უაზრო ეჭვებში ჩაგაგდო, გონებაც გამოგიჭედა სტერეოტიპებითა და ცრურწმენებით არაბებზე და აღმოსავლეთზე. Კარგი რა, მართლა და მართლა. Ხანდახან მართლა მგონია, რომ ეს დავუდი გაიზარდა ცივილიზებულ სამყაროში, თქვენ ორნი კი შუა საუკუნეებში ჩარჩით. Იცოდე ამ ოქრო ბიჭს არ აწყენინო, ყველაფერი აუხსენი ისე, როგორც იყო, ლეა, ურთიერთობაში მთავარი გულწრფელობაა. Თუ არ იტყვი რა გაწუხებს, რა შიშები გაქვს და რა მოლოდინები, როგორ შეძლებს დავუდი შენი მოლოდინების გამართლებას? Მაგრამ პრობლემაც სწორედ ისაა, რომ ეს შენ თვითონ არ გაქვს იდენტიფიცირებული შენივე მოლოდინები.
-Არვიცი, თინა, აღარაფერი ვიცი. Ფაქტია, დავუდი ნაწყენია, ძალიან ნაწყენი. Ისე, რომ სამი დღეა მასზე არაფერი ვიცი. Კობამ მითხრა, რომ ვაცადო და თავად შემეხმიანება. Შეიძლება ასე უთქმელად წასვლა? Გაურკვევლობამ გამაგიჟა.
Კიდევ ბევრი ვისაუბრეთ იმ საღამოს მე და თინამ. Თინა იყო ჩემი ფსიქოლოგიც, ფსიქოთერაპევტიც, მეგობარიც და უბრალოდ მხარდამჭერიც, რომელიც ძალზედ საჭიროა ასეთ ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციებში. Გადაწყვიტა ჩემთან გადმოსულიყო მანამ, სანამ დავუდი არ დაბრუნდებოდა და დედის, დედამთილის, ბებიის და რავიცი რისი ფუნქცია აღარ შეითავსა, რომ “გონზე მოვეყვანე” და “მოვხოდილიყავი”.

Ერთი კვირა გავიდა. Და დავუდი ისევ არ ჩანს. Ერთიანად ჩავქრი. Თითქოს ჩემი გული საუკუნეების წინანდელი სისხლიანი ბაკქანალიას – „ალქაჯებზე ნადირობის“ მთავარი სამიზნე იყო და ყოველდღე თავიდან და თავიდან წვავდნენ კოცონზე. Ერთი კვირის მანძილზე ერთადერთხელ გავედი გარეთ იუსტიციის სახლში განქორწინების საბუთზე ხელმოსაწერად. Როგორც ველოდი, ალესანდრომ პირობა შეასრულა და განქორწინებაზე თანხმობა განაცხადა. Მიუხედავად იმისა, რომ თინა ბოლო წუთებამდე რაღაც ცუდს და მოულოდნელს ელოდა, საღამოს შინ განქორწინების საბუთით ხელში დავბრუნდი. Როგორ ვოცნებობდით ამ დღეზე მე და დავუდი. Ისიც კი დაგეგმილი გვქონდა, როგორ აღვნიშნავდით ჩემს გათავისუფლებას და ახალი ცხოვრების დაწყებას. Ახლა კი სულ მარტო ვარ და ახლად დამკვიდრებული ტრადიციისამებრ პიჟამოთი და თმადაუვარცხნელი ისევ ჰორიზონტს გავსცქერი ფანჯრიდან მანამ, სანამ თვალები დაუხამხამებლობისგან კიდევ ერთხელ არ ამეწვება. Ძალიან ცუდად ვარ. Მეორე დღეს Ალესანდროს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ერთადერთი სიტყვა მივწერე “მადლობა”. Ადვოკატისგან ვიცოდი, რომ დავუდიც ინფორმირებული იყო ჩემი განქორწინების თაობაზე, მაგრამ მისგან ისევ არსაით ხმა, არსით ძახილი იყო. Ჩემს შეტყობინებაზე პასუხად ალესანდრომ ღიმილის სმაილი და "ბედნიერებას გისურვებ" მოიწერა. Საღამოს თინამაც მომწერა, რომ სამწუხაროდ ვეღარ ახერხებდა ჩემთან გამოსვლას, სასწრაფო მივლინებაზე გაგზავნეს ერთ-ერთ რეგიონში. Როგორც წინა დღეებში, მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა ფიქრებით დაღლილს.

Ძილბურანში სახეზე უცნაური სითბო და ნათება შევნიშნე. Ნელ-ნელა გავახილე თვალები და მაშინვე შემოიჭრა ფანჯრიდან მოლიცლიცე მზის სხივების ათინათები. Ზუსტად მახსოვს, რომ ფარდები ჩამოვაფარე. Დაღლილობისა თუ უჭმელობისგან Ყველა კუნთი მტკიოდა, წამოდგომის თავიც არ მქონდა, ერთხანს ისევ ძილის შებრუნება დავაპირე, მაგრამ მზის ჯიუტი სხივები არ წყვეტდნენ ჩემს სახეზე დაჭერობანას თამაშს, ამიტომ იძულებული გავხდი, რომ ავმდგრავიყავი და ფარდები ჩამომეფარებინა. Გვერდზე გავაბრუნდი, თუ არა თვალებს არ დავუჯერე. Რამდენიმეჯერ დავახამხამე, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ არ მეჩვენებოდა. Ის იყო, წითელი ჩინური ვარდი ტუმბოზე, ჩვენი სიყვარულის სიმბოლო. Და იქვე აკურატულად ორად გაკეცილი ქაღალდი.
Სასწრაფოდ გავშალე თაბახის ფურცელი და კალმით საგულდაგულოდ გამოყვანილი ასოების კითხვა დავიწყე, ზუსტად ისე გულმოდგინედ იყო თითოეული ასო დაწერილი, როგორც სუფთა წერის გაკვეთილზე გვავალებდნენ ხოლმე ღრმა ბავშვობაში. Ვიცანი, ეს ხომ ჩემი დავუდის ხელწერაა.

“Შენმა მაჯნუნმა მთა ბარისგან ვერ გაარჩია,
Შენი სიყვარულით გაგიჟებულმა თავი და ბოლო ვერ გაარჩია,
Ყველამ, ვინც გზა იპოვა შენამდე, თავი დაკარგა
Მან ვინც შეგიცნო, საკუთარი თავის ცნობა დაკარგა.”



№1  offline წევრი ირო

ნახევარზე მეტი არ გახსნა და ვერ წავიკითხე????????????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ირო
ნახევარზე მეტი არ გახსნა და ვერ წავიკითხე????????????

ანდროიდიდან არც ჩემთან გახსნა და კომპიუტერიდამ ჩვეულებრივად წავიკითხე

 


№3 სტუმარი ეკა

არ მეყო,კიდევ მინდოდა მეკითხა დაუსრულებლად❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

აუუ ნახევარზე მეტი არ ჩანს ასოები. მხოლოდ ჩემთანაა ასე? ????????

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

ჩემთან ჩევულებრივად გახსნა და დამიჯერეთ არაფერი ისეთი არ მომხდარა.

 


№6  offline წევრი Impermeable

ეკა
არ მეყო,კიდევ მინდოდა მეკითხა დაუსრულებლად❤

დიდი მადლობა <3 მალე დავდებ შემდეგ თავსაც <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინო

იქნებ ეს თავი დამილინკოთ რომ წავიკითხო...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent