ფშაური კაფია [თავი 8]
იისფერად ირიჟრაჟა ფშავში. მთების კალთებიდან ღამეული ნისლი აიკრიფა და შეყვარებულთა სახეებზე მზემ ათინათი ააციალა. შეიშმუშნა ლექსო, ძვლივს აამოძრავა დაბუჟებული მარცხენა. გულზე ეწვინა გოგო, მიხვდა, აივანზე ჩასძინებოდათ. ფრთხილი მზერა მოავლო საყვარელ სახეს - ნინოს ნახშირივით გრძელი წამწამები ფერმკრთალ უპეებზე დაფენოდა, ხელი მისი პერანგისთვის ჩაევლო და მშვიდად ეძინა. ქალის სურნელი ნესტოებში შეუძვრა, აშლილი თმები, თბილი სუნთქვა აულიცლიცდა ბაგეებზე. გააჟრჟოლა. -ნინო, გაიღვიძე - ჩასჩურჩულა, ცხელი ტუჩებით შეეხო ტუჩებს -გაიღვიძე, უკვე გათენდა. შეირხა გოგო, ნახევრად მძინარმა მოჭუტული თვალებით ახედა. -ღმერთო, აქ ჩაგვძინებია. ლექსო, ალბათ როგორ გაგაწვალე, გეძინა კი საერთოდ? - მგონი ყველაზე კარგად. შენ კი ისე ტკბილად, დამენანე გასაღვიძებლად. აღარ მეთმობი, არც კი ვიცი, როგორ გავძლებ შენთან ასე ახლოს ასე მოზომილი მზერით, ასე უთქმელად - ამოიხვნეშა ბიჭმა, წასასვლელად მომართულ ქალს მაჯა დაუჭირა და სევდაშეპარული, ჩუმი ხმით ჰკითხა: - დღეს წამოხვალ, წამომყვები მათურას? პირველი აღდგომაა ამდენი წლის მერე, დედ-მამის საფლავებზე... -რათქმაუნდა წამოვალ ლექსო, ქვეყნის დასალიერშიც წამოგყვები - უპასუხა ნინომ, თმებში შეუცურა ხელი, შუბლზე დამჩნეულ ნაიარევს მიეფერა. ლექსომ ჯვარცმა შეიხსნა, მასთან შეკიდული, ტოპაზებითა და ცირკონებით მოოჭვილი ბეჭედი ნინოს ხელისგულზე დაუდო. -ნინო, ძალიან მინდა ჩემი მშობლების საფლავზე წამომყვე, თუმცა არა როგორც უძილაურების ქალი, არამედ როგორც თადიაურების სარძლო. ეს დედაჩემის ქორწინების ბეჭედია; გეფიცები, გეფიცები, რომ ერთ დღესაც გაგიკეთებ ზურას თვალწინ, საყდარში, ხატ-ჯვრების წინაშე, მაგრამ მანამდე მინდა რომ გქონდეს, როგორც ნიშანი; ნიშანი ჩემი შენდამი სიყვარულისა და ერთგულების. მინდა რომ ატარო... ცრემლი აუკიაფდა გოგოს წამწამებზე, თითები აუთრთოლდა. - გპირდები, რომ სულ თან მექნება ახლაც და მერეც, არასოდეს მოვიცილებ სიცოცხლის ბოლომდე. გაუღიმა ბიჭმა, ცხელი კოცნით დაუშანთა ხელისგული, ღვინისფერ ბაგეებზე დაეწაფა; ხელიდან გამსხლტარი კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში. უმძიმდათ განშორება, ვერაფრით ეხსნებოდნენ ერთმანეთს... ალერსში გართულებს მამლის ყივილმა კიდევ ერთხელ შეახსენათ განთიადის მოახლოება - მალე უძილაურებიც აიშლებოდნენ. ორივენი ფეხაკრეფით შეიპარნენ თავთავიანთ ოთახებში - ახალი დღე თენდებოდა, უნდა მომზადებულიყვნენ. უფსკრულის თავზე გაწოლილიყო მათურას სასაფლაო, ფშაურ ფარდაგს წააგავდა აჭრელებული - ფერდობს აქა-იქ შეფენოდნენ შემთვრალი ჭირისუფლები, სუფრა ზედ საფლავებზე გაეშალათ. ძველისძველ ლოდებს ხავსი მორეოდათ, ყოჩივარდებს, ლურჯთვალა იებსა და მორცხვ ფურისულებს შეემკოთ სამარეთა ფიქალი ქვები. მაჩიტებს კდემით დაეხარათ თავი, ყელყელაობდნენ ჩიტისთვალები და ნაირფერი შროშანები. მძიმედ მიაბიჯებდა ლექსო მშობლების საფლავებისკენ, წინწასულს ხელი ნინოსთვის ჩაეჭიდა. მიჰყვებოდა ქალიც, მიჰყვებოდა და არ ერიდებოდა უცხოთა მზერას, ნაცნობთა ენას. - დედა, მამა, აი ისევ ამოვედი, მოგიკითხეთ მიტოვებულები, მაპატიეთ - ამოიჩურჩულა თავჩახრილმა. მერე ნინოს გადახედა და საფლავის ქვაზე გამოსახული დედის სახეს გაუღიმა. -დედი, ნახე ვინ მოგიყვანე, ეს მტირალა გოგო გახსოვს?! შენსავით ლამაზია, მშვიდი, შენსავით საოცრად მღერის და ისეთივე გემრიელ ხინკალს ახვევს შენ რომ მიკეთებდი ბავშვობაში. ნეტა იცოდე როგორი ბედნიერი ვარ, და ახლა, სწორედ ახლა მინდა გვერდით მყავდე, ყველაზე მეტად ვიდრე ოდესმე... ცრემლი მოერია ქალს, ბიჭს მკლავზე მიეკრო. გზადაგზა შეკრული მინდვრის ყვავილებით შეამკო საფლავები, სანთლები დაანთო. მერე სუფრა გაშალა, შეღებილი კვერცხები, პასქა, ქადა-პურები, საკლავის წილობები ამოალაგა. -მადლობა, ნინო, მადლობა რომ აქ ხარ, რომ წამომყევი. - დედა, მამაც და მინდიაც ამოვლენ. მაღაროსკარში ბებია-პაპას საფლავებზე გავლენ და მერე ამოვლენ. გიო სადღა გაქრა? -აქვეა, მეგობრის საფლავზეა გასული და მოვა. ვთხოვე, რომ მარტო დავეტოვებინეთ. პირველად შენთან ერთად მინდოდა მოსვლა - მზერით მიეფერა თადიაური - შენ როგორ დაითანხმე ზურა, როგორ გამოგიშვა? მე ძალიან მერიდებოდა თხოვნა. - დედას ვუთხარი სუფრის გაშლაში დავეხმარები-თქო. ისედაც არ აპირებდნენ მარტო შენს აქ გამოშვებას, დაიჟინე პირდაპირ მათურას მინდაო წასვლა და მამაც იძულებული გახდა - გაუღიმა გოგომ - აჰა, აი შენი მეგობარიც მოდის. -ჰო- უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა ლექსომ და გიოს გახედა. ბიჭს შეშფოთება გადაჰკროდა სახეზე, წარბები შეეჭმუხნა, ფართო ნაბიჯებით მოიჩქაროდა. - რა იყო ბიჭო, რა დაგემართა, რას დაბღვერილხარ? მოდი, მოდი შესანდობარი დავლიოთ - ჭიქით ხელში შეეგება თადიაური ძმაკაცს. გადაკრა თუ არა არაყი ხელაშვილმა მეგობარს მიუბრუნდა: - ლექსო, არც კი ვიცი როგორ გითხრა -რა იყო, ბიჭო, რა დაგემართა? ხომ იცი არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული, როგორ უნდა მითხრა?! პირდაპირ მითხარი - გაიცინა - აქ ერთი ახლგაზრდა კაცია დასაფლავებული ბაჩიაშვილი, შენ არ იცი, შარშან გარდაიცვალა - შორიდან მოუარა გიომ -ღმერთმა აცხონოს, მერე? -მერე ბიჭები არიან საფლავზე შეკრებილები - ფრთხილად ამოილაპარაკა ხელაშვილმა, ნინოს შეხედა. ქალი გაფითრებულიყო. -მერე? ამოღერღე ბოლოსდაბოლოს - მოთმინება დაელია თადიაურს -მაღაროსკაროელები არიან, ხოსიაურიცაა მათ შორის. დაგინახეს შენცა და ნინოც, რომ ამოდიოდით ხელჩაკიდებულები. დათამაც დაგინახა და სხვებმაც შეგამჩნიეს. - ეგ ახვარი, ჩანს მალე მოშუშებია ჭრილობები- ავად დაიღრინა და მთელი სხეულით დაიძაბა. მუშტები შეკრა. -გემუდარები, ლექსო, ძალიან მეშინია. გთხოვ წავიდეთ, ოღონდ ახლა წავიდეთ - ამოიტირა ქალმა -აბა რას ამბობ, ნინო. ნუთუ ეგრე მიცნობ?! გინდა რომ გავიქცე?! მშობლების საფლავებიდან გავიქცე ასე ლაჩარივით?! მე არ ვიკადრებ შესანდობარ სუფრაზე აყალმაყალის ატეხას, მაგრამ ვინმე თუ საჩხუბრად მომიხტება პასუხს ნამდვილად გავცემ. - ღმერთო - ამოილაპარაკა ერთიანად ფერწასულმა ქალმა. - გიო, არავინ იცი იმ ბიჭებიდან ისეთი სანდო ნინო რომ გავატანოთ მაღაროსკარში? თუგინდ ჩვენი მანქანით გავუშვათ, ოღონდ მთავარია გავარიდოთ აქაურობას. - არ ვიცი, ძმაო კია ერთი გიგი გოდერძაული, ლევან ლაშქარაშვილიც ძმასავითაა მინდიასთვისაც, მეც კარგად ვიცნობ. - რას ამბობ ლექსო! - აღშფოთებით წამოიძახა ნინომ - იცოდე, აქედან უშენოდ ფეხს არ მოვიცვლი! -ნინო, გთხოვ, უბრალოდ არ მინდა ინერვიულო, მინდა უსაფრთხოდ იყო. - არავითარ შემთხვევაში! მოვკვდები და აქედან უშენოდ არსად წავალ! - გთხოვ, ნინო! - ამოთქვა ქალის წინაამღდეგობით გაკვირვებულმა ლექსომ, არ ელოდა - შენი აქ ყოფნა მასუსტებს, მხოლოდ შენზე ვფიქრობ, ვნერვიულობ. - ჩემთან ერთად ვერ გაბედავს ხოსიაური ჩხუბის ატეხას - ნუ სულელობ, ნინო, ნუღარც ჯიუტობ. შენი აქ ყოფნა ვერ შეამაგარებს ხოასიაურს. მანერვიულებ, როგორ ვერ ხვდები? -ახლა აქედან წასვლა და შენი დატოვება არ შემიძლია - აცრემლდა გოგო - შენ თვითონ რატომ არ გესმის? დათა მარტო არ იქნება იქ... -იქნებ არც არაფერი მოხდეს - ჩაერია ხელაშვილი - ხოსიაურის მეგობრების გარდა, ჩემი, მინდიას ძმაკაცებიც არიან. მე უფრო იმაზე ვდარდობ, რომ თქვენი ამბავი აღარ დაიმალება. - არც ვაპირებდი მალვას - ამოიბრდღვინა ლექსომ - უბრალოდ... -ღმერთო, როგორც იქნა, ჩემები მოდიან - შეაწყვეტინა თადიაურს გახარებულმა ქალმა, სასწრაფოდ სახე შეიმშრალა. იმედით გახედა მათკენ მომავალ ზურას და მინდიას. კაცებს უკან თამარიც მოყვებოდათ. დაიჩოქა ზურამ მეგობრის საფლავზე, ამოწვერილ ბალახს მიეფერა, მალულად მოიწმინდა მომდგარი ცრემლი. აავსეს ბიჭებმა რქის ყანწები ჟიპიტაურით, დაილოცა უძილაურმაც, ახსენა მათურას მთავარანგელოზი, კოპალას წმ. გიორგი. წამი-წამს მიყვებოდა, წუთი-წუთს, სადღეგრძელო-საღეგრძელოს, იხსენებდნენ მეგობრები გაბრიელ თადიაურს, სუფრას იქაური ფშავლებიც შემოერთებოდნენ. შეთვრნენ კაცები, ეკლებზე იჯდა ნინო, გული აღარ ედგა საგულეს. გადმოხედავდა თადიაური ალერსიანი მზერით გოგოს, მის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა ამაოდ... მოსაღამოვდა. თადიაურის სუფრამ აშლა დაიწყო. ის იყო ნინომ და თამარმა ალაგება იწყეს, რომ ჩოჩქოლიც ატყდა. სტუმრების გასაცილებლად გასულ ლექსოს და მინდიას წინ ახალგაზრდების ჯგუფი გადასდგომოდა. ნინომ იოლად იცნო დათას ღვარძლიანი მზერა, ცუდმა წინათგრძნობამ ხანჯალივით დაუსერა გული. თადიაურისაკენ გაიქცა და უკან ამოუდგა. ხოსიაურმა მაშინვე ჰკიდა თვალი გულამოვარდილ გოგოს, ავმა ღიმილმა გაუპო ბაგე. - ერთი მინდიას დამიხედეთ, აქაურებს რომ აღარ გვკადრულობს. რაო თადიაურისა და მისი სტუმრების იქეთ აღარ იხედები? ასეთი რა გმართებს მისი, რა სამსახური მოგიგდო, რა ფული გაძლია, რომ ეგ შენი აგრერიგად საფიცარი და ამ ვიღაც ორი დღის ჩამოთრეულს მკლავებში ჩაუგდე. - რაო, რას ამბობ? - გაგიჟდა უძილაური - შენ ბიჭო, ხომ არ გაჟრიალებს, რას ბოდიალობ, რას ბოდავ? -რაო ვტყუივარ? ჩემი თუ არ გჯერა, აგერ ბიჭებს ჰკითხე, დღეს ყველამ ჩვენი თვალით ვნახეთ ეგ შენი კდემამოსილი ნინო როგორ ეხუტებოდა თადიაურს. -რაო? ნინო რას ამბობს ეს ახვარი?! - ახლა დას მიუბრუნდა გაოგნებული. შებარბაცდა ქალი, აცრემლდა; ხმის ამოღება სცადა, თუმცა აღარ დასცალდა. გაფითრებულ გოგოს ლექსო გადაეფარა, ჯერ მინდიას გასუწორა თვალი, შემდეგ კი ხოასიაურს მიაპყრო აალებული მზერა. - იმ დღეს უნდა მომეკალი, იქ სასტუმროში, როცა გაბედე და ჩემს საყვარელ ქალზე ძალადობა სცადე. დღეიდან მოსისხლე მტრები ვართ, იცოდე. არ გაპატიებ დღევანდელს, არ გაპატიებ ნინოს შეურაცხყოფას, მის ცრემლებს, მისი სახელის გასვრას, უდიერად ხსენებას. შემირცხვენია შენი კაცობა, შენი სიყვარული, შენნაირ ნაგავს არც მტრობა შეუძლია, აღარც მეტოქეობა. - წაგართმევ მაგ გოგოს, ჩემად გავიხდი. ჯერ ღორივით გამოგჭრი ყელს, მერე კი მაგ შენ საყვარელ ქალს ცოლად დავისვამ. დათა არ ვიყო შენ თუ აქ ჩამოთრევა არ განანებინო - გამოსცრა ხოსიაურმა, მერე გაოგნებულ მინდიას დამცინავად, ამრეზით ახედა და ამფოსნებთან ერთად იქაურობას გაეცალა. სასაფლაოზე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მინდია ერთიანად დაძაგრულიყო, სახე მოღუშოდა, განრისხებულ მზერას ცვლიდა ქალ-ვაჟის სახეებზე, თამარი შეშფოთებული, გაოცებული მისჩერებოდა ქალიშვილს, ზურასაც შეჭმუხნოდა წარბები. თადიაური მშვიდი სახით, აუღელვებლად მიუბრუნდა აკანკალებულ გოგოს, ხელი ჩასჭიდა. -ნინოს ცუდი და საძრახი არაფერი ჩაუდენია - წარმოთქვა მტკიცედ -და შენ? შენ თვითონ რა ჩაიდინე - აფეთქდა მინდია - ძმად მიგიჩნიე, უახლოეს ადამიანად, სახლში შემოგიშვი და შენ, შენ.. -რა? რა ჩავიდინე ცუდი?! მიყვარს ნინო, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. -მე შენ გაჩვენებ სიყვარულს - გამწარდა უძილაური, ძლიერი მუშტი აგემა ლექსოს, ყელში წვდა და ზემოდან მოექცა. -ძმაო, არა, არ გინდა გთხოვ - იკივლა ნინომ - მამა, გემუდარები! - ცრემლი წასკდა შეშინებულს თადიაურს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ხელიც არ გაუნძრევია. ხელაშვილიღა მივარდა მოჩხუბრებს, ძვლივს მოაშორა გაცოფებული ბიჭი მეგობარს, ვერ აოკებდა. - მინდია გაჩერდი! აქ გასარჩევი საქმე არაა ეს - მძიმედ წარმოთქვა ზურამ- არ დავუშვებ ჩემი მეგობრის საფლავზე ჩვენმა შვილებმა ერთმანეთი დახოცონ. სახლში წავალთ და იქ ვილაპარაკებთ მშვიდად. -არავითარ შემთხვევაში! მე ამ უნამუსოს სახლში არ შემოვუშვებ -შენი გადასაწყვეტი არ არის ვინ შემოვა და ვინ არა უძილაურების სახლში, შვილო. ჯერ კიდევ მე ვარ ამ ოჯახის უფროსი. და ჰო, სანამ მუშტების ქნევას და ყვირილს მოყვები იქნებ დაფიქრებულიყავი თუ რატომ გახდა შენი და თადიაურის დასაცავი, მაშინ, როცა ჩვენ ორიოდე მეტრის მოშორებით უქმად ვისხედით. სულ არ გრცხვენია? - მინდიამ თავი დახარა. - წამოდით - მიუბრუნდა ზურა ლექსოსა და ხელაშვილს, მერე ნინოს და თამარს მოჰხვია ხელი, მაღაროსკარისკენ გაემართა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.