შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერებასთან ახლოს


10-03-2021, 20:07
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 15 952

არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს წვიმა. ხშირად მირბენია ფეხშიშველს ბედნიერების განცდით თავსხმა წვიმაში. არაფრად ვაგდებდი ცხონებული დედაჩემის აღშფოთებულ აკრძალვებს, ხშირ შემთხვევაში არც გაციებას და სანამ გულს არ ვიოხებდი ჩემი გიჟური ახირებით, მანამდე არ შევდიოდი სახლში. ხანდახან მე თვითონვე მაკვირვებდა ჩემი ეს სიგიჟისკენ გადახრა, თუმცა ხანდახან... დღეს კი, დღეს ისეთი ვიყავი დანა პირს არ მიხსნიდა. დაბოღმილი ვიდექი ფანჯარასთან და უკმაყოფილო სახით შევყურებდი შავად მოქუფრულ ცას იმ იმედით, იქნებ როგორმე გამოედარა. თუმცა ამაოდ, მარტო დღეს კი არა, მგონი ამ კვირაში საერთოდ არ აპირებდა გამოდარებას.
დღევანდელმა წვიმამ ერთი კვირის წინ საგულდაგულოდ დაწყობილი ჩემი გეგმები თავდაყირა დააყენა. არა და, რამდენი რამის გადატანა მომიხდა, რამდენ დაბრკოლებას გავუძელი და რისთვის? თავს ვიკავებდი თორემ ახლა ყველაზე მეტად პატარა ბავშვივით ხმამაღალი ღრიალი მინდოდა. თან ისეთი ღრიალი, გულს რომ მოიოხებ და ცრემლებს გაატან ყველა შენს დარდსა და ბოღმას, შენს ტკივილს, შენს უმწეობას...
_აუ, რა ჩამოასხა ამანაც რაა._წუწუნით ჩაილაპარაკა ვანდამ და რეალობაში დამაბრუნა მისმა ბავშვურმა ხმამ.
_მართლაც რაა!_მხარი აუბა კატომ._მთელი კვირა მშვენიერი ამინდი იყო და რაღა დღეს მოუნდა ეს თქეში?
_უეჭველი დირექტორმა გაგვთვალა._სერიოზულად ჩაილაპარაკა კლასში ყველაზე ენაკვიმატმა ბიჭმა._ჯერ იყო და უარზე იყო, რა ღაშქრობა აგიტყდათ ამ ყინვა-ყიამათშიო. მერე, მოულოდნელად დაგვთანხმდა და რად გინდა?.. გეუბნებით, მაგის ოინებია.
_კარგი რა გოგლა, შენ სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ უნდა იყო?_შეუბღვირა ვანდამ და კალამი ესროლა.
_აბა, შენსავით ტირილს ხომ არ დავიწყებ?_კალამი მოხერხებულად აიცდინა და კმაყოფილი იერით გადახედა ბოლო მერხზე მჯდარ მართლაც აცრემლებულ გოგონას.
_ბიჭებო და გოგოებო, არ გინდათ დღეს ვინმესთან მოვსხდეთ და გემოზე ვიქეიფოთ?_მოულოდნელად თავისი აზრი გამოთქვა ნიკამ.
_ვაა, რა მაგარი აზრია._მოეწონა გიგას და მკვირცხლად წამოხტა._აბა ვინ არის თანახმა ხელი ასწიოს.
_მართლაც რომ საქეიფო ამინდია._კვერი დაუკრა ზუკამ._რას იტყვით გოგოებო, დღევანდელი პიკნიკი მაინც გაგვემაზა და არ გინდათ ნატალისთან ვიქეიფოთ?
_ვითომ და ნატალისთან რატომო?_ახლა ნატალი წამოხტა გაწიწმატებული._თქვენ დრო ატაროთ და მე სახლი დასალაგებელი დამიტოვოთ არა?
_იმიტომ, ძვირფასო, რომ შენთან არავინ შეგვაწუხებს._არ დაიბნა ზუკა ._თან, შენ და შენი ძმა სიმღერით გაგვართობთ. ქეიფის დასასრულს კი ყველანი სინქრონში დაგილაგებთ იმ შენს არეულ სახლს.
_ხარჯი კი გვაქვს, რა გინდა სულო და გულო._აღტაცებას ვერ მალავდა ნიკა._გოგოები დაფაცურდებიან, სუფრას გააწყობენ და მერე კი წავიდა ქეიფი... აბა ვინ არის თანახმა?
_ლილე მას, თქვენც ხომ წამოხვალთ?_დაინტერესდა აქამდე ჩუმად მჯდარი ნინა.
_მაგას რაღა კითხვა უნდა?_ჩემს მაგივრად უპასუხა ვანდამ.
გულწრფელად გამეღიმა.
_არ გეწყინოთ ბავშვებო, მაგრამ ვერ წამოვალ. თქვენც გირჩევთ, რომ დირექტორს ზედმეტად არ მოხვდეთ თვალში და არ გააბრაზოთ...
_დირექტორს არც კი გავაგებინებთ მას._ფეხზე წამოხტა გოგლა._თუ არა და, დღეს ხომ მაინც ლაშქრობაზე უნდა წავსულიყავით და იქ მოგვეწყო პიკნიკი? მაგისთვის რა მნიშვნელობა აქვს ბუნებაში ვიქეიფებთ თუ ნატალისთან სახლში?
ვერაფერი ვუთხარი, ან რა უნდა მეთქვა? სადღაც მართალი იყო ეს ბიჭი. უსიტყვოდ გავუღიმე და ჩემს მაგიდას მივუჯექი.
_ლილე მას, გთხოვთ, თქვენც წამოდით რა._ ხვეწნაზე გადავიდა ნინა.
სიმართლე ვთქვა, მართლაც რომ კარგი იქნებოდა ახლა ჩემი ამ ბავშვებთან ერთად სადმე წასვლა და გართობა, მითუმეტეს რომ დღეს სახლში მისვლა არ მინდოდა, მაგრამ მაინც უარი ვუთხარი რატომღაც.
ბევრი მეხვეწეს და მემუდარეს, რა პირობა აღარ დამიდეს სამომავლოდ, მაგრამ მტკიცე იყო ჩემი უარი და ვერანაირად ვერ დამიყოლიეს. ბოლოს, უხალისოდ დამემშვიდობნენ და დერეფანში ხმაურით გავიდნენ.
_ლილე მას, მიყვარხარ._გასვლის წინ მოულოდნელად ჩამეხუტა ყველაზე ჩუმი და უწყინარი შავგვრემანი გოგონა.
დავიბენი. გულში საამოდ ჩამეღვარა უცნაური სითბო. წელზე მოვხვიე ხელი, ლოყაზე ვაკოცე და წავჩურჩულე._მეც ძალიან მიყვარხარ ნუციკო.
ცოტა ხანს ასე ვიყავით ჩახუტებულები, ბოლოს დამემშვიდობა და დერეფანში ნარნარით გავიდა.
კიდევ კარგა ხანს დავრჩი კლასში. უაზროდ ვფურცლე ჟურნალი და ვათვალიერე რვეულები. ბოლოს, რომ მომწყინდა, ზანტად ავდექი. უხალისოდ მოვიცვი ჩემი საყვარელი ქურთუკი, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად მემსახურებოდა ცივ ამინდში, კარები საგულდაგულოდ ჩავრაზე და ახლა დერეფანში გავჩერდი ფანჯარასთან.
დღეს მართლაც რომ არ მინდოდა სახლში მისვლა. მიზეზი კი ჩემი დიასახლისის შვილიშვილი იყო, რომელიც წუხელ გვიან ღამით ესტუმრა ბებიას საკმაოდ ნასვამი და შეზარხოშებული. ზუსტად მასთან შეხვედრას გავურბოდი. სიმართლე ვთქვა, ნანახი არ მყავდა და არც მქონდა სურვილი რომ მენახა. მართალია, თეო ბებო ძალიან მოწადინებულია ჩვენი შეხვედრა-გაცნობით, მაგრამ მე ფეხს ვითრევ ყველანაირად. არ მინდა და რა ვქნა? მდიდარი, განებივრებული და თავქარიანი ვაჟის გაცნობა რა დიდი ბედენაა ვითომ?
კიდევ კარგა ხანს ვიბოდიალე სკოლაში უაზროდ. ძალიან გვიან აღმოვაჩინე, რომ მარტო მე დავრჩი ცარიელ შენობაში და მეტი რა გზა მქონდა? უხალისოდ გავედი ეზოში.
ისევ ისე წვიმდა.
ჩქარი ნაბიჯით ავიარე აღმართი. ყურადღება არ მიმიქცევია ჭადრის ხესთან შეჩერებული მანქანქანისთვის, სადაც ახარხარებული ბიჭები ისხდნენ შიგ. სიფრთხილით გადავირბინე პატარა ხიდი და შესახვევში უშველებელ გუბესაც მივადექი.
ესეც შენი სოფელი!
შორი გზიდან მოვლას ისევ სიფრთხილით გავლა ვამჯობინე. ამ სიკეთის ჟამს კი ტელეფონმაც დამირეკა და შემაკრთო.
მანჩო იყო.
_რა იყო?_ უხალისოდ გავეპასუხე მეგობარს.
_სად ხარ, გელოდები, არ წავიდეთ?
ახლაღა გამახსენდა, რომ მანქანით მას უნდა გამოვეყვანე ჩემს საცხოვრებელ სახლამდე.
_იყოს, წავედი უკვე. მადლობა.
_გაგიჟდი? ამ წვიმაში რა მიგარბენინებდა, ხომ გითხარი, რომ მაქეთ საქმე მქონდა და მე მიგიყვანდი?!_თვალწინ დამიდგა მისი აღშფოთებული სახე და გამეღიმა.
_სად ხარ მითხარი და ახლავე მოვდივარ._არ ისვენებდა მანჩო.
_იყოს, არ გინდა, სახლში ვარ უკვე._უნიჭოდ ვიცრუე და სანამ კიდევ რამეს მეტყოდა, ტელეფონიც გავუთიშე.
ის-ის იყო, რის ვაივაგლახით გადავლახე ტალახიანი დაბრკოლება. უკვე სამშვიდობოსაც კი დავიგულე თავი, რომ მოულოდნელად ფეხი ამისრიალდა. სასოწარკვეთილი სასაცილოდ ავფართხალდი. ყველანაირად ვეცადე წონასწორობის შენარჩუნებას, მაგრამ ამაოდ. მივხვდი, რომ წაქცევა და ტალახში ჩურჩხელასავით ამოვლება გარდაუვალი იყო. რომ იტყვიან, ბედს მივენდე და მხოლოდ იმასღა ვფიქრობდი, როგორ შევსულიყავი სახლში ისე, რომ თეო ბებოს და მის შვილიშვილს არ დავენახე.
ჩემდა ბედად მოულოდნელად ვიღაცამ შემაშველა ზურგიდან თავისი ძლიერი მკლავები. ისე შევკრთი, ტელეფონი ხელიდან გამეშვა და პირდაპირ მოზრდილ ქვას დაენარცხა ეკრანით. ცოტა არ იყოს შემრცხვა. სასწრაფოდ გავინთავისუფლე თავი და ჩემს მოულოდნელ მშველელს შევხედე. შევხედე და გავშრი. ახოვანი, საკმაოდ სიმპატიური ვაჟი იდგა ჩემს წინ და რაღაც არაამქვეყნიური მომაჯადოებელი ღიმილით მიმზერდა. თეთრი, ერთად მიჯრილი ლამაზი კბილები მოუჩანდა ოდნავგაპობილი ბაგეებიდან. მისი კუნაპეტივით შავი თვალები კი მთელ სხეულს მიწვავდა. წვიმის მიუხედავად სველი არ იყო, ეტყობოდა რომ ახლო მანძილიდან იყო გამოსული. როდის ამედევნა, ფეხის ხმა არ გამიგია.
კარგა ხანს ვუმზერდით ერთმანეთს ხმისამოუღებლად. დროის შეგრძნება საერთოდ დავკარგე. გული ისე გამალებით მიცემდა, თითქოს საგულედან ამოხტომას ლამობდა. რაღაც უცნაური გრძნობა მეუფლებოდა. აი ისეთი, თითქოს მუცელში პეპლები დაფრინავენო. ასეთი რამ ნამდვილად არ მიგრძვნია არასდროს. ნუთუ, ეს იყო ის ერთი ნახვით შეყვარება, რომელსაც ცინიკურად და ღიმილით ვუყურებდი ყოველთვის?.. არ მწამდა ასეთი რაღაცეების არასდროს. ადამიანი თუ კარგად არ გაიცანი, არ ჩასწვდი მის ბუნებას და აზროვნებას, რანაირად უნდა შეგიყვარდეს? გამოდის, რომ ვიზუალური მხარე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სულიერი... მაგრამ იმ წუთებში რა მემართებოდა ვერ ვხვდებოდი.
სასიამოვნო ბურუსიდან ტელეფონის ზარმა გამომარკვია.
უცნობის ტელეფონი იყო.
დახდა თუ არა ნომერს, შუბლი შეეჭმუხნა. ვაღიარებ რომ ეს მიმიკაც საოცრად მოუხდა.
_ახლა რაღა მოხდა?_ ისეთი არასასიამოვნო ჩახლეჩილი ხმით გაეპასუხა ვიღაცას, რომ იტყვიან პირი ღია დამრჩა._რას ამბობ, მართლა?_ მოულოდნელად შეშფოთება დაეტყო სახეზე._ მერე?... და ახლა სად ხართ?.. ახლავე გამოვდივარ!_ აღელვებულმა გათიშა ტელეფონი და ჯიბეში ჩაიცურა. ჩემს გატეხილ ტელეფონს დასწვდა, სინანულიდ დახედა და ნაძალადევი ღიმილით გამომიწოდა._მგონი ჩემი ბრალია, მაპატიე.
დარცხვენილმა ხმისამოუღებლად გამოვართვი და ჩანთაში ჩავიდე. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ისევ დაურეკა ვიღაცამ. არც კი უპასუხია, მაშინვე გატრიალდა და მოხდენილი ჩქარი ნაბიჯებით გაუჩინარდა.
რამდენ ხანს ვიდექი გაშეშებული არ მახსოვს. ძვალსა და რბილში რომ გამიარა სიცივემ, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს. სინანულით გავიქნიე თავი, თითქოს აბეზარი ფიქრების მოშორება მინდოდა, გულიანად ამოვიოხრე და ახლა უკვე მართლა სირბილით განვაგრძე გზა. დიდი სიფრთხილიდ შევხსენი ჭიშკარი. შორიდანვე დავზვერე ეზო. ტატოს მანქანა არსად ჩანდა და გულწრფელად გამიხარდა.
სად იყო სად არა, მოზრდილი ლაბრადორი შემომეგება მხიარული ყეფით. ისეთი ინერციით დამეტაკა, შემაბარბაცა.
_იქნებ წამაქციო როგორმე._ გამეცინა და სიყვარულით მივეფერე გონიერ ცხოველს.
_რა დღეში ხარ ჩარლი?_მკაცრად დატუქსა თეო ბებომ და ოთახიდან გამოსვლა დააპირა.
სანამ ის გამოვიდოდა, მე შევედი კიდეც.
_უიმე, როგორ დასველებულხარ?!_დამინახა თუ არა, აშკარად შეწუხდა სათნო მოხუცი._არ გაცივდე და ცუდად არ გახდე. გამოიცვალე, გენაცვალოს ჩემი თავი, და ჩამოდი, ცხელ ჩაის დაგალევინებ.
_ნუ შეწუხდები თეო ბებო, არაფერია...
_არაფერსაც არ შევწუხდები, რაც გითხარი შენ ის გააკეთე._ ისეთი მკაცრი და შეუვალი ტონი ქონდა, ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც.
სულმოუთქმელად ავირბინე მოჩუქურთმებული ხის მოხვეული კიბე და ჩემს ოთახს მივაშურე. აცახცახებულმა ძლივს დავიცვალე სველი ტანსაცმელი. მივხვდი, რომ ცხელი ჩაი მართლაც არ მაწყენდა და თეო ბებოს ჩავაკითხე.
ღვთისნიერი მოხუცი სამზარეულოში ფუსფუსებდა უკვე.
_მოდი შვილო, მოდი._გულთბილად შემიპატიჟა.
გამათბობელთან მოვკალათდი. სიამოვნებით მოვწრუპე ცხელი და სურნელოვანი სითხე. სინდისის ქენჯნა კი ვიგრძენი, ასე რომ ავაფორიაქე ჩემი დიასახლისი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამაღამ სიცხე გარანტირებული მქონდა და რაღაც მაინც ხომ უნდა მეწამლა?
_აღარა და აღარ გადაიღო ამ დალოცვილმაც. ზამთარს თოვლი უხდება და არა ეს წვიმა... რა ყველაფერი გადაგვარდა._თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა კეთილი მოხუცი._მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში, იმხელა თოვლი მოდიოდა, გარეთ ვერ გავდიოდით. ახლა რაა, ოდნავ თუ წამოფერფლა, იმას ვეძახით თოვლს... ისე, თქვენთან კი იცის დიდი თოვლი, არა?
_კი, იცის. საბადურზე ახლაც დიდი თოვლი ყოფილა... თუმცა, წლებია იქით აღარ ავსულვარ._სინანულით ჩავილაპარაკე.
_რატო შვილო, არავინ გყავს ახლობელი?
_როგორ არა? ბებია, ბიძა, ბიძაშვილები, ბიძაშვილისშვილები, მაგრამ რაც დედა გარდამეცვალა მას მერე დეიდამ წამომიყვანა და მასთან ვცხოვრობ. ვეღარ ვახერხებ წასვლას.
_ცუდია... შენი კუთხე თუ გაქვს იქ?
_კი, მამაჩემის სახლი, მაგრამ უპატრონობით და უყურადღებობით მგონი ინგრევა კიდეც._ცრემლი მომერია თვალზე.
_ შენს კერას არაფერი ჯობია შვილო. სადაც დაიბადე, სადაც გაიზარდე, სადაც დედისა და მამის ნაცნობი სურნელი ტრიალებს...
გული ამიჩუყდა, ნერვებმაც მიმტყუნა და ავქვითინდი. ალბათ, მთელი დღის დაგროვილ ბოღმას დედ-მამის მოგონება ეკლდა ბოლო წვეთად.
_დაწყნარდი საყვარელო._ ნაზად გადამისვა თავისი დამჭკნარი და დაჩამიჩებული ხელი თავზე,_ნუ ტირი... თუმცა არა, ჯობია იტირო და გულიდან ამოიღო ჯავრი... ტირილი სულაც არ არის სასირცხვილო. ძლიერ ადამიანსაც სჭირდება ზოგჯერ ცრემლების გადმოღვრა, რომ შიგნიდან არ მოახრჩოს...
კარგა ხანს ვიჯექი ჩემს დიასახლისთან. მოვიტირე უდროოდ წასული დედ-მამა, ჩემი უღიმღამო ბავშვობა, ჩემი წარსული და ცრემლებმა მართლაც მომცა შვება. მერე, ბოდიშის მოხდით ავედი ჩემს ოთახში.
ახალი შებინდებული იყო, მაგრამ მაინც ძალიან მეძინებოდა და დავწექი. მალევე ჩამეძინა. ძილ-ღვიძილში გავატარე ღამე. ხან მცხელოდა, ხან მციოდა, ვბორგავდი და ვერ ვისვენებდი. დილით კი კარზე კაკუნმა გამაღვიძა. მთლად ოფლში ვცურავდი.
_ცუდად ხარ ხომ?_თეო ბებოს აღელვება ეტყობოდა ხმაში.
_არც ისე._უნდილად გავიღრიჭე და წამოდგომა დავაპირე, თუმცა თავი ისე მქონდა დამძიმებული, ვერ შევძელი.
_დღეს იწექი შვილო, ტატოს ვეტყვი, რომ ექიმი მოგიყვანოს. გაგსინჯოს, რა იცი რა ხდება.
_არ არის საჭირო!_უმალ გავაპროტესტე მისი ნათქვამი ექიმის თაობაზე._ ნამდვილად არ მინდა ექიმი. უბრალოდ, გუშინ წვიმაში რომ მოვყევი, ცოტა გავცივდი. გამივლის, არაფერია. მთიელ ქალს ასე ადვილად ვერ შემაშინებს გაციება.
გამიღიმა და უთქმელად დამტოვა. ვიფიქრე, ცოტას კიდევ წავუძინებდი, მაგრამ თეო ბებო მალევე დაბრუნდა ლანგრით ხელში.
_არ დაიწყო ახლა შენებურები._ წინდაწინ გამაფრთხილა მკაცრად._სანამ ამ ბულიონს არ შეჭამ, არ მოგეშვები ხომ იცი? ჭამე და ანტიბიოტიკიც დალიე. რახან ექიმი არ გინდა, მე ვიქნები შენი ექიმი. მერე, ცოტას გამოიძინებ კიდევ და ხვალ უკვე ჩიტივით იქნები.
დამჯერი ბავშვივით მივირთვი ჩემთვის განკუთვნილი ულუფა, თეო ბებოს მოტანილი წამლებიც უთქმელად დავლიე და დიდი მადლობა მოვუხადე კეთილ მოხუცს.
ოთახიდან გასული ეტყობა რომ ტატოს გადააწყდა დერეფანში.
_შენ სადღა დადიხარ?_სიმკაცრე გაურია ხმაში._ გადამიყოლა შენზე ნერვიულობამ. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, გელოდებოდი. სახლი არ გაქვს?
_კარგი რა ბები, პატარა ხომ არ ვარ დავიკარგო?_ ისეთი სასიამოვნო ხმა ქონდა, ლამის გამოვშტერდი._რას მელოდებოდი, ვერ მოვიდოდი სახლში?
_შენ ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნები და გინდა არ გინდა, ვინერვიულებ შენზე.
_ჩემი საყვარელი ბებიკუნა._კოცნის ხმა გავიგონე, ალბათ შუბლზე აკოცა მოხუცს._შენ ის მითხარი, შენი მდგმური როგორ არის?_ ახლა ჩემით დაინტერესდა ტატო.
_უკეთესად.
_ძალიანაც კარგი. შეიძლება ვნახო?
გულმა რეჩხი მიყო. საბანი პირამდე ავიფარე.
_რას ლაპარაკობ, საწოლში მწოლიარე ქალთან შეგიშვებ როგორ ფიქრობ?_თეო ბებოს ნათქვამმა ცოტა დამამშვიდა. თუმცა, საბანი მაინც არ ჩამომიწევია.
_ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი თბილი ხელები?_მოულოდნელად ხუმრობის ხასიათზე დადგა ტატო.
_იმიტომ რომ მოგცხო, როცა გამაბრაზებ._ არ დააყოვნა მკაცრმა პასუხმა.
_ბებია, ბებია, რატომ გაქვს ასეთი სიყვარულით სავსე თვალები?
ხელმეორედ გავიგონე კოცნის ხმა და გამეღიმა. ეტყობა ბებიასაც მოულბა ცოტათი გული.
_არ გშია?_ უკვე ალერსი იგრძნობოდა მის ხმაში.
_თანაც როგორ?!_ეშმაკურად მიუგო შვილიშვილმა._ გამოვიცვლი და ახლავე ჩამოვალ.
თეო ბებო ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა კიბისკენ. ტატომ კი ჩემს ოთახს სიმღერით ჩაუარა და თავის ოთახში ენერგიულად შეხსნა კარი. ყური დავუგდე, რაღაც სასწაული ხმით მღეროდა მთელი გრძნობით.
,,მომენატრე, ისევ გული ამითრთოლე,
ეს რა ტკბილი მოგონება დამიტოვე,
უნებურად ვფიქრობ შენზე გენაცვალე,
დამენახე ან შენი ხმა გამაგონე..."
გული დამწყდა მალევე რომ გამოვიდა ოთახიდან და დაბლა ჩავიდა. აქამდე, ბუხრის გვერდით დაკიდებულ ფანდურს ოჯახის რელიქვიად მივიჩნევდი, თავის მოსაწონებლად რომ ჰქონდა გამომზეურებული ბობოლა ხალხს. მხოლოდ ახლა მივხვდი მის დანიშნულებას ტატოს ხელში...
გადავწყვიტე, ცოტა კიდევ დამეძინა და შუადღის მერე უკვე მხნედ ავმდგარიყავი, მაგრამ ნურას უკაცრავადო, წამითაც ვერ მოვხუჭე თვალი. რატომღაც, იმის იმედი მქონდა, რომ ტატო ისევ სიმღერით ჩაივლიდა ჩემი ოთახის წინ და სულგანაბული ვუცდიდი. ალბათ, ამაზეა ნათქვამი, ხმით დაატყვევა ადამიანიო. რაღაც უხილავი ძაფები იბმებოდა ჩემსა და ტატოს შორის. ეს რომ გავიაზრე, გავბრაზდი საკუთარ თავზე. მერე, ჩემს გუშინდელ მოულოდნელ მშველელზე დავიწყე ფიქრი: ნეტავ ვინ იყო??? სადაური იყო??? სად მიდიოდა??? უცოლო თუ იყო??? მოკლეთ, ათასი პასუხგაუცემელი კითხვა დამებადა თავში. ეს ტელეფონიც ეხლა გამიფუჭდა ჩემ ბედზე, ახლა ხომ მანჩოს დავურეკავდი და წავეჭორავებდი ცოტას?
ვიწრიალე, ვიწრიალე საწოლში და ავდექი. ქვემოთ დავაპირე ჩასვლა. თუმცა, ბოლო წუთს გადავიფიქრე. მოულოდნელად წიგნის კითხვა გადავწყვიტე. კარადიდან ალალბედზე შარლოტა ბრონტეს ,,ჯეინ ეარი" ავიღე და ისეთი მონდომებით დავიწყე კითხვა, თითქოს არასდროს წამეკითხოს.
შუადღე გადასული იქნებოდა, თეო ბებომ რომ ამომაკითხა. არც ჭამის სურვილი მქონდა და მითუმეტეს, არც დაბლა ჩასვლის, ამიტომ თავი მოვიმძინარე. თბილი ხელის შეხება ვიგრძენი შუბლზე, ალბათ მამოწმებდა ისევ მქონდა თუ არა სიცხე. გულახდილად ვიტყვი, მესიამოვნა ასეთი ყურადღება, თუმცა მაინც არ ,,გამიღვიძია". ფრთხილად აიღო საწოლზე გაშლილი წიგნი, მაგიდაზე დადო და დიდი სიფრთხილით გაიხურა კარი.
უკვე ოთხი თვე იყო, რაც მასთან ვცხოვრობდი მდგმურად და სულ ასე თბილად და ყურადღებით მეპყრობოდა. არ მახსოვს ოდესმე საკუთარ ბებიას ეზრუნოს ასე. პირიქით, სულ იმას ცდილობდა ეჩხუბა და გული მოეკლა ჩემთვის. მიზეზი დედაჩემი იყო. თავიდანვე არ მოსწონდა სარძლოდ. თუმცა, მამაჩემმა მაინც თავისი გაიტანა და მასზე დაქორწინდა. მერე მე დავიბადე შვიდთვიანი და ბებიაჩემმა მეც შემიძულა, ჩემი შვილიშვილი არ არისო. მამაჩემის ხათრით ბევრს ითმენდა საწყალი დედაჩემი. ხშირად მესმოდა როგორ ტიროდა ღამის სიჩუმეში. მამაჩემის სიყვარული აძლებინებდა ალბათ... მერე კი, მამაჩემიც დაიღუპა უბედური შემთხვევით და უარესი დღეებიც დაიწყო...
ხანდახან მგონია, რომ ჩემი კეთილი დიასახლისი საკუთარ შვილიშვილებში არ მარჩევს. შეიძლება, ვინმეს ცოტა გადამეტებული და ხმამაღალი ნათქვამი ეგონოს ეს, მაგრამ მე მაინც ამ აზრზე ვარ. აქ მოსვლის დღიდან, მართლაც რომ თავს მევლება და მეალერსება ეს სათნო და კეთილი მოხუცი. ახლობლების მისვლა-მოსვლით დიდად განებივრებული არ არის, მაგრამ არც უმაგისობას უჩივის. ორ თვეში ერთხელ გარბენით შემოსულ საყვარელ შვილიშვილს წამიერადაც რომ მოჰკრას თვალი, უზომოდ ბედნიერია.
რა ცოტა ყოფნის თურმე ადამიანს ბედნიერებისთვის!
მოსვლის დღიდან გამაფრთხილა, ისე მოიქეცი, როგორც საკუთარ სახლში საკუთარ ბებიასთანო. საკუთარ ბებიასთან მხოლოდ ცუდი მოგონებები მაკავშირებდა, მაგრამ მაინც საყვარელ ბებიასავით მივიღე და შევიყვარე ეს სათნო და კეთილი მოხუცი. თვითონაც ყოველთვის იმას ცდილობდა, რა მესიამოვნებოდა და რით გაეხარებინა ჩემთვის გული. ცოტა უჩვეულოდაც კი მეჩვენებოდა მისი ეს დამოკიდებულება ჩემდამი, რომელიც ახირება უფრო იყო მონატრებული შვილიშვილების ხარჯზე. ძალიან მეუხერხულებოდა უჩემოდ რომ არ სადილობდა და არ ვახშმობდა, მაგრამ სხვაგვარად არ იქცეოდა. სიმართლე ვთქვა, ამის მიზეზსაც ვხვდებოდი: ძალიან უნდოდა, რომ თავისი საყვარელი შვილიშვილი გამეცნო და მომწონებოდა. იქნებ, დავქორწინებულიყავით კიდეც.
*******************
ახალი ჩაძინებული ვიყავი, დერეფნიდან ხმაური რომ შემომესმა და შეშინებულს გამეღვიძა. სანამ აზრზე მოვიდოდი, ოთახში გრიგალივით შემოიჭრა მანჩო, ჩამრთველი ააჩხაკუნა და პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა.
_რა დაგემართა გოგო, რა გული გამიხეთქე? ტელეფონიც გათიშული გაქვს, ასე როგორ შეიძლება?_შეშფოთებულმა სხაპასხუპით მომაყარა და საწოლზე ჩამომიჯდა.
სინათლემ თვალი მომჭრა და უკმაყოფილომ მოვჭუტე თვალები.
_სიცხე კიდევ გაქვს?_გაყინული ხელი დამადო შუბლზე.
_არა, დაწყნარდი არაფერია. _შევეცადე დამემშვიდებინა აფორიაქებული მეგობარი._შენ როგორ ხარ?
_არამიშავს, მაგრამ გამიხეთქე გული. ტელეფონი რაღატო გაქვს გამორთული?
_დამივარდა და გამიტყდა.
_ოხ, ვერ მოახერხებდი თუ?.._ სულაც არ გაჰკვირვებია ჩემი პასუხი._ კიდევაც დიდხანს გაგიძლო მაგ საცოდავმა.
_სხვა რა ხდება სკოლაში?_სიტყვა ბანზე ავუგდე.
_რა უნდა ხდებოდეს? საახალწლო არდადეგები მოახლოვდა და შენც კარგად იცი, რომ მოსწავლეების უმეტესობა აღარ დადის. ვსხედვართ დაცარიელებულ კლასებში მასწავლებლები და ბუზებს ვითვლით. ზეგ ბოლო დღეა და უეჭველი გამოცხადდითო დირექტორმა. ხომ შეძლებ წამოსვლას?
_ალბათ, მაშ რას ვიზავ?_ბალიში ავიწიე და წამოვჯექი._ისევ წვიმს?_დავინტერესდი რატომღაც.
_კი, თანაც როგორ?
_რა ჩემ ბედზე მოვიდა ეს წვიმაც._უკმაყოფილო სახით გავიხედე ფანჯრისკენ._არ შეიძლებოდა ცოტა კიდევ დაეცადა, წავსულიყავით ლაშქრობაზე და მერე ეწვიმა რამდენიც უნდოდა?
_შენც ატყდი უხეიროდ! ამ სიცივეში რა ბუნებაში გავლა მოგინდა?_დამტუქსა მანჩომ._ ცოტაც მოიცადე გაზადხულამდე, აყვავდება და გალამაზდება ბუნება და მერე წადით. ახლა რა არის სანახავი? გადამრევ რაა, გაძარცვული და შიშველია არემარე...
მართლაც და, რამ გადამრია ეს 25 წლის ქალი არ ვიცი. ჯერ ერთი, საშინლად ცივა და, ახლა, მანჩოც მართალია, რა არის სანახავი? მაგრამ ეშმაკი რომ შეუჩნდება ადამიანს...
_შენ ეგ მითხარი, თქვენი ჯვრისწერის საქმე როდემდე გადაიდო?_მოულოდნელად თემა შევცვალე.
_ოხ, ნუღარ მახსენებ რა!_თავი სასაცილოდ გააქნია გაბრაზებულმა._ამ ტატოსაც ჩემს ჯინაზე მოუნდა აქეთ-იქით წანწალი. ახლა, ეს მარხვებიო და ცოდვაში მაცხოვრებს პატიოსან ქალს. სად ბრძანდება ახლა ამ გახსენებაზე?
_არ ვიცი._მხრები ავიჩეჩე._დილით მესმოდა მისი ხმა. ახლა კი ნამდვილად არ ვიცი.
_მაგისას რას გაიგებს კაცი? არ გამიკვირდება ახლა თვითმფრინავში რომ იჯდეს და სადმე შორი რეისით მიემგზავრებოდეს... მე, უბედური, თბილისში ვერ ჩავსულვარ და ეს კიდევ დაჰქრის აქეთ-იქით._მოჩვენებითი სიბრაზით ბრაზობდა მეუღლის მომავალ მეჯვარეზე._მარხვა ჩაივლის და უეჭველი ვიწერთ ჯვარს. მაგრამ ახლა შენ არ გამომიტეხო რამე, თორემ არ ვიცი რას გიზავ რაა!_თვალების ბრიალით დამემუქრა და მეტი დამაჯერებლობისთვის მუშტიც კი მომიღერა.
გამეცინა.
_რა გაცინებს?_ცოტა არ იყოს ეწყინა._მე სერიოზულად გეუბნები.
_მეც სერიოზულად გეუბნები. ნუ გეშინია, ჩაიაროს ამ მარხვამ, დაგწერთ შენ და შენს ძვირფას მახოს ჯვარს და აღარ მოგიწევთ სიძვაში ცხოვრება.
_ამას უყურეთ ერთი, მასხარადაც მიგდებს?!_ გულიანად გადაიკისკისა მანჩომ._შენი დროც მოვა ქალბატონო, შეგიყვარდება ვინმე. მოგინდება თბილი კერის შექმნა და ვნახოთ ერთი როგორ იჭიკჭიკებ მაშინ.
გამეცინა.
_დიდხანს მოგიწევს ლოდინი.
_ვითომ რატო, შენი მოსაწონი კაცი ჯერ არ დაბადებულა?
_როგორ არ დაბადებულა, მაგრამ ჯერ არ შემხვედრია._უსინდისოდ ვიცრუე და თვალი მოვარიდე დაჟინებით მომზირალ დაქალს.
_ნეტა, იმ დროს შემასწრო, შენ ვინმე შეგიყვარდებოდეს, მასზე ფიქრსა და ოცნებებში ათენებდე ღამეებს და მერე გეტყვი როგორ უნდა მასხრად აგდება. ძლიერია ვითომ ქალი, სიყვარული ვერ დააჩოქებს._სასაცილოდ გამომაჯავრა._გნახავ ატირებულს ერთ დროსაც. მოგინდება მის გვერდით ცხოვრება, ღამეები რომ ვერ დაიძინებ მის გარეშე...
_არ არსებობს, მე მარტოს უფრო კარგად მძინავს._გავიცინე და მუჯლუგუნი წავარტყი.
_ეხლა ლაპარაკობ მასე, თორემ გამოჩნდეს შენი საწოლის მოზიარე, განა მაშინაც მასე იჭიკჭიკებ? იქნებ, საწყალ კაცს აღარც კი აყენებდე ლოგინიდან.
_ფუუ, რა საზიზღარი ხარ, რა აზრები გიტრიალებს თავში?_ უარესად ავხარხარდი და მანჩოც ამყვა.
კარგა ხანს ვიცინეთ უაზროდ. ერთმანეთის შეხედვაზეც კი ვბჟირდებოდით უკვე. ბოლოს, გაახსენდა მანქანაში მომლოდინე ქმარი.
_მგონი დაიღალა ის საცოდავი ჩემი ლოდინით. წავედი ახლა, თორემ გამიგიჟდება._დაიხარა და შუბლზე მაკოცა._მალე გამოჯანმრთელდი, უშენოდ მოწყენილობაა სკოლაში. ზეგ გამოგივლი და ერთად წავიდეთ.
_კაი._ დავეთანხმე და წამოვდექი გასაცილებლად
_არ მინდა, იყავი, გზას მეც გავიგნებ როგორმე._კარებში მისულმა ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და ქუსლების კაკუნით გაემართა კიბისკენ.
პოზიტიური, მხიარული და საყვარელი გოგოა ეს ჩვენი ხელოვნების მასწავლებელი. მასთან არასდროს მოიწყენ. რა დარდი უნდა გაწუხებდეს ადამიანს, რომ ამან არ გაგიქარვოს და ხასიეთზე არ მოგიყვანოს? მოსვლის დღიდან დავმეგობრდით. სკოლაშიც უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ და თეო ბებოსთანაც ხშირად მაკითხავს. ისეთია, გინდა არ გინდა, შეგაყვარებს თავს.
მანჩოს წასვლის შემდეგ თეო ბებომაც შემოხსნა კარი, ჩამოხვალ თუ ვახშამი აქ ამოგიტანოვო. ასე როგორ შევაწუხებდი მოხუცს და ამიტომ ჩასვლაზე დავთანხმდი.
თეო ბებოს სუფრა გაეწყო უკვე და მე მელოდებოდა.
_ეს ბიჭიც რომ აღარ მოდის სახლში._თან თავისთვის ბრაზობდა მოხუცი._მაგის დედ-მამას ჩემთან გონია და იმედიანად არიან. ზოგი მე მკითხონ, მიჯერებს რამეს? მომკლა მაგის ნერვიულობამ. ცოლი მაინც მოეყვანა, რომ იქნებ აღარ ევლო ასე ირაოდ._თან მე გადმომხედა მრავლისმთქმელი თვალებით.
კაი, ბებიაა და ღელავს თავის შვილიშვილზე, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამ ბოლო დროს მის დაოჯახებაზე ჩემთან გადაკრულ ლაპარაკს რომ მოუხშირა, ცოტა არ იყოს, მაღიზიანებდა უკვე. რამდენჯერმე პირდაპირ მითხრა, შენისთანა კარგი გოგო მოუხდებოდა ჩემს ტატოსო.
ნეტა რაში მჭირდება მაგის უპასუხისმგებლო და თავქარიანი შვილიშვილი? ზოგიერთვისთვის, დარწმუნებული ვარ, კარგი კანდიდატურა იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არა.
ჯერ ერთი, თავის თავში დარწმუნებული იდიოტი მგონია თითქმის ყველა მდიდარი კაცი, და არც ტატოა გამონაკლისი. მამიკოს ფულებით გაბლატავებულიები, რომც არაფერს წარმოადგენდნენ, მაინც ყურადღების ცენტრში იქნებიან ტუტუცი და სულელი გოგოების წყალობით. პასუხისმგებლობის გრძნობა ასიდან ერთს თუ ექნება ჩამოყალიბებული. ხშირ შემთხვევაში, თავხედებიც არიან. ადვილად მოსაპოვებელი გონიათ ყველა ქალი. ვისაც მოიპოვებენ კი, გაერთობიან, მოსწყინდებათ და მიაგდებენ...
ასე, ჩემი წარსულის გამო ვლაპარაკობ უფრო. იმ ჩემი ბნელი წარსულის გამო, რომლის დავიწყებასაც ყოველთვის ვცდილობ და რომელიც ცალკე ისტორიაა... მაშინ, მხოლოდ თოთხმეტი წლის ვიყავი, ჩვენი მეზობლის ბიჭმა რომ იძალადა ჩემზე. მამამისმა ფულები ჩაყარა, ციხეში რომ არ გაეშვათ თავისი გაზულუქებულ-გნებივრებული შვილი. ნათესაობის უმრავლესობამ ზურგი მაქცია. დაიჯერეს, ვითომ ჩემი ნებით მოხდა ყველაფერი. საწყალი დედაჩემი ამ ამბავს გადაჰყვა. ბებიაჩემმა უარესად შემიძულა. ისევ დედაჩემის დამ მომაკითხა და წამომიყვანა თავისთან. გამზარდა, მასწავლა და დამაყენა გზაზე. ახლა მყარად რომ ვდგავარ ფეხზე, დეიდაჩემის დამსახურებაა...
აი, ამიტომ არ მიყვარს მდიდარი და გაზულუქებული ხალხი. გონიათ, რახან ფული აქვთ, ყველაფერი შეიძლება მათთვის. მართალია, ფულით ბევრ რამეს იყიდი, მაგრამ ნამდვილ, წრფელ სიყვარულს ვერა. მადლობა უფალს, რომ ფულზე ძვირფასი ფასეულობებიც არსებობს ჯერ კიდევ ამ სამყაროში.
ზოგიერთს კი გონია, რომ ფულის გამო შეიძლება ყველაფერზე დახუჭოს ადამიანმა თვალი. თუ ფული გაქვს, ყველაფერი გეპატიება--ეს ლოგიკა ვერ ჯდება ჩემში. თავქარიანი, ამპარტავანი და გათამამებული ქმარი სიმდიდრის გამო რატო უნდა აიტანოს ქალმა? რა სისულელეა, სულაც არ მჭირდება ისეთი მდიდარი ქმარი, თუ არ ვეყვარები, პატივს არ მცემს და ჩემი გაგება გაუჭირდება... მართალია, ტატოს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ვხედავდი, რომ დღე და ღამ სახლში არ შემოდიოდა, ვინ იცის სად დაეხეტებოდა და რას აკეთებდა? ცოლის მოყვანა გამოასწორებდა ვითომ? რაღაც არ მგონია. საწყალი მაგის ცოლი, წარმოვიდგინე როგორ ელოდებოდა მთელი ღამეები მოუთმენლად და შემებრალა.
ამ საღამოსაც არ ინება ვაჟბატონმა მობრძანება. კიდევ კარგი ბებიას დაურეკა და ის მაინც ამცნო, რომ ვერ მოვიდოდა სახლში. თეო ბებომ მაინც შვილიშვილის გამართლება სცადა ჩემს თვალში._სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და თბილისში წავიდაო... საწყალი ბიჭი, მოსვენება აღარ აქვსო.
მაგის სასწრაფო საქმე ძალიან კარგად ვიცი მე: ან რესტორანი ან ქალები, შუაღამეზე სხვა რა საქმე უნდა ქონოდა ფულიან მამაკაცს?
დიდხანს ვისხედით მე და თეო ბებო პირისპირ და ვსაუბრობდით ათას წვრილმანსა თუ საჭირბოროტო საკითხზე. ისე გახდა პირველი საათი, ვერც კი შევამჩნიეთ. მთქნარება რომ დამაწყებინა, მაშინღა მივხვდი რომ უკვე ძალიან გვიანი იყო.
რა დრო გასულაო, გულწრფელად გაიოცა თეო ბებომ და დასაძინებლად გაემზადა. მეც მას მივბაძე. სიცხე აღარ მქონდა, თუმცა მისი მოცემული ანტიბიოტიკი მაინც დავლიე ყოველიშემთხვევისთვის. ზეგ ხომ სკოლაში უნდა წავსულიყავი და თავი დავიზღვიე წინასწარ.
საწოლში ჩაწოლილს ძილი აღარ მომეკარა რატომღაც. ეს ჩარლიც ცალკე მიშლიდა ნერვებს თავისი გაბმული ყეფით. ეტყობოდა, კატას ხედავდა სადმე და იმას უყეფდა ასე გამწარებული.
მოკლეთ, მთელი ღამე თეთრად გავათენე წიგნის კითხვაში. მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა და მაშინაც რაღაც არეული სიზმარი ვნახე. მართალია, აზრი ვერ გამოვიტანე, მაგრამ მაინც შეშინებულს გამეღვიძა.
ისევ წვიმდა.
უკვე მოსაბეზრებელი და ნერვების მომშლელი იყო ეს ამინდიც. სადღაც გამქრალიყო ჩემი ესოდენ დიდი სიყვარული მის მიმართ. უხალისოდ ჩავიცვი ტანსაცმელი და დაბლა ჩავედი. თეო ბებო ვერ ვნახე ვერსად. ყავა მოვიდუღე და მისაღებ ოთახში ტელევიზორის წინ სავარძელში მოვკალათდი. ლამის ყველა არხზე სერიალი გადიოდა. ვერ დავუდე გული ვერცერთს და ისევ გამოვრთე. ნებიერად მოვწრუპე სურნელოვანი და მაცოცხლებელი სითხე და ვიგრძენი, როგორ ნელ-ნელა ჩამეღვარა სხეულში სიხალისე და ენერგია. მართლაც რომ გამომაცოცხლა ამ დალოცვილმა. ფანდურს შევხედე, თითქოს მტვერი დასდებოდა. დიდი მოწიწებით ჩამოვხსენი კედლიდან, ფრთხილად გადავუსვი ხელსახოცი და ისევ თავის ადგილს დავუბრუნე. წარმოვიდგინე, როგორ უკრავდა და მღეროდა ტატო. თითქოს, ცხადშიაც კი ჩამესმა მისი არაჩვეულებრივი ხმა და წამიერად გავირინდე. ერთი პლიუსი როგორც იქნა აღმოვაჩინე ამ მდიდარ და განებივრებულ ბიჭში...
თეო ბებო მეზობელთან ყოფილიყო გადასული ამ დილით და წვიმას მოესწრო. გამოდარებას ელოდებოდა თურმე, ამიტომაც შეაგვიანდა. მომიბოდიშა, რამდენი ხანი შემოვრჩიო. წუხელ მეზობლის ლეკვი გადმოსულა ჩვენთან და იმას უყეფდა ჩარლი ასე გამეტებითო.
_ კართან დამხვდა ტალახში ამოსვრილი საცოდავი წკმუტუნით. დავინახე თუ არა, ვიცანი გურამას ბიჭების ლეკვი, დავიჭირე და გავუყვანე. უნდა გენახა ერთი როგორ გაიხარეს ბავშვებმა._აღფრთოვანებას ვერ მალავდა თეო ბებო._საწ....ბს, ცოცხალიც კი აღარ ეგონათ თურმე.
_კიდევ კარგი ჩარლი დაბმული იყო, თორემ მართლა ხომ შეიწირავდა?_ ამის წარმოდგენაზე გამაკანკალა და თმები ყალყზე დამიდგა.
_ვერ ვაგებინებ ამ ბიჭს, რომ ძაღლი დაბმული უნდა იყოს. ესეც ისე გავირდა, ტატოს დაინახავს თუ არა, აშვებას ითხოვს უკვე. გუშინ დილით ძლივს დავაბმევინე. თითქოს ძაღლი ამის გარდა არავის ყავდეს._მოჩვენებითი სიბრაზით ბრაზობდა შვილიშვილზე.
ვუსმენდი და გუნებაში მეცინებოდა, ცდილობდა, რომ მოეწონებინა ჩემთვის თავისი ტატო და თან, ვითომ ჩხუბობდა მასზე. მართლაც რომ საოცარი ქალია ეს ჩემი დიასახლისი. აშკარაა, რომ შვილიშვილზე ამოსდის მზე და მთვარე და მასზე ცუდს არავის ათქმევინებს. თუმცა, ხანდახან, თავს აძლევს იმის უფლებას, რომ ჩემთან მაინც ამოთქვას მის მიმართ ვითომ და სიბრაზე...
მთელი დღე ქვემოთ ვიყავი მისაღებ ოთახში და შემაჯამებელ ნაწერებს ვამოწმებდი. უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ დამქანცველი და მომაბეზრებელი სამუშაოა ეს პირადად ჩემთვის. თეო ბებოც გრძნობდა ჩემს დამოკიდებულებას ამ საქმის მიმართ და ამიტომ ფეხაკრებით დადიოდა ოთახიდან ოთახში. შებინდებისას როგორც იქნა მოვრჩი და გამოვიხედე კიდეც თვალებიდან. ვახშამზე უარი ვთქვი, რატომღაც არ მქონდა ჭამის სურვილი და დასაძინებლად მივაშურე ჩემს ოთახს. შუქი რომ ჩავაქრე და დავწექი, გავიგე როგორ გახსნა ტატომ ჭიშკარი და შემოიყვანა მანქანა.
დღეს სასწაული მოხდა და ადრე მობრძანდა ვაჟბატონი, სამაგიეროდ მე დავწექი ადრე და კიდევ ვერ მოხერხდა ჩვენი გაცნობა. თითქოს ბედის ირონიააო, ასე მონდომებით ცდილობდა თეო ბებო ჩვენს გაცნობას და ხან ჩემი და ხანაც მისი შვილიშვილის მიზეზით ვერა და ვერ ხერხდებოდა. დარწმუნებული იყო რატომღაც, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვეწონებოდა. მე კი მეცინებოდა გუნებაში. ჯერ ერთი, ხომ შეიძლებოდა, რომ ერთმანეთის გემოვნებაში არ ჩავმჯდარიყავით? და მეორე, რაღაც არ მგონია რომ 30 წლის კაცს ვინმე არ ყავდეს სადმე.
გავისუსე და ყური მივუგდე. დიდი სურვილი მქონდა კვლავ მომესმინა ტატოს სიმღერა, მაგრამ ამაოდ, ეტყობა ბებია და შვილიშვილი სამზარეულოში იყვნენ, რადგან ჩამი-ჩუმიც კი არ ისმოდა დაბლიდან. ტატოს მოლოდინში ისე ჩამეძინა ვერც კი გავიგე. თანაც ისე კარგად მეძინა, რომ დილით გაღვიძება დამაგვიანდა. ფეთიანივით წამოვხტი საწოლიდან და სამხედრო სისწრაფით ჩავიცვი ტანსაცმელი. დერეფანში უჩუმრად გამოვიძურწე. რატომღაც ტატოს ოთახისკენ გავაპარე მზერა. კარები ფართოდ ქონდა გაღებული, თუმცა ოთახიდან ხმა არ ისმოდა. მანჩო მოსულიყო უკვე და გაბმით მისიგნალებდა. თავპირისმტვრევით ჩავირბინე კიბის საფეხურები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ბოლო ორი საფეხური მქონდა დარჩენილი, რომ მოულოდნელად ფეხი დამიცდა, თავი ვეღარ შევიმაგრე და ოლიმპიური სიმშვენიერით გადავეშვი ძირს. მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კინოკადრებივით ჩამირბინა თვალწინ. წამიერად ვიღაცის სილუეტს მოვკარი თვალი და გამეტებით შევასკდი კიდეც თავით. წაბარბაცდა, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება შეძლო და მოხერხებულად მომიმწყვდია მკლავებში.
_ფრთხილად არ შეგიძლია?_ტატოს სასიამოვნო ხმა ვიცანი და უკმაყოფილო ტონიც დავიჭირე.
გავბრაზდი, უფრო ჩემს თავზე, სად ჯანდაბაში მიმეჩქარებოდა ნეტავი? ვერ მოვასწრებდი იმ სკოლაში მისვლას თუ პირველად ვალოდინებდი მანჩოს? დარცხვენილმა და გაბრაზებულმა გავინთავისუფლე თავი მისი ძლიერი მკლავებიდან და მალულად ავხედე. ელდა მეცა, ჩემს წინ ჩემი მაშინდელი მშველელი იდგა უკმაყოფილო სახით. ტუჩი გახეთქოდა და სისხლი მოსდიოდა. დამინახა თუ არა დაიბნა. ხმაურზე თეო ბებომაც გამოგვხედა სამზარეულოდან:
_ლილე? ტატო? რა მოხდა?_გაოცებულმა სათვალე შეისწორა._კარგად ხართ?
_შენი მდგმური გააფთრებულ ავაზასავით დამესხა თავს._ჩაიცინა ტატომ და მტკივან ტუჩზე ხელი მოისვა.
მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე ის მერჩივნა.
_ბოდიში._ძლივს ამოვილუღლუღე და ეზოში ელდანაკრავივით გავვარდი.
ეტყობა სახეზე ფერი აღარ მედო, რადგან მანქანაში ჩავჯექი თუ არა, მანჩო აქოთქოთდა:
_რა ხდება, ხომ მშვიდობაა?
_ხო, ხო, წავედით._ სხაპასხუპით მივაყარე და აღელვებული შევეცადე ღვედის შეკვრას.
_არ მეტყვი რა ხდება?_ შეშფოთებულმა მანჩომ შუბლზე ჩამოშლილი თმა გადამიწია._და ეს რა არის, სისხლია?
_ალბათ._ჩავილუღლუღე და ჯიბეში უშედეგოდ დავუწყე ხელსახოცს ძებნა.
_გოგო ნუ მაშინებ, რა მოხდა?_არ მეშვებოდა ჩემზე უარესად გაფითრებული მანჩო.
_ტატოს ტუჩი გავუხეთქე მგონი.
_რაო?_იმხელა შეჰყვირა, გვარიანად შევხტი.
_კიბიდან გადმოვვარდი და შემთხვევით დავარტყი თავი, ძალათი არ მინდოდა._საცოდავი ხმით ვიმართლე თავი.
წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა. ალბათ, სანამ გაანალიზებდა მანჩო ჩემს ნათქვამს და მერე კი მოულოდნელად ახარხარდა.
_რაო, რაო? კიბიდან გადმოვარდი და ტატოს თავით დაეტაკე?_სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა უკვე._მერე, ტატომ რაო?
_რაო და ნელა იარეო._წავიბურტყუნე და სველი ხელსახოცით ტატოს სისხლი მოვიშორე შუბლიდან.
_ყველა სასაცილო ისტორია შენ როგორ უნდა გადაგხდეს თავს?_ვერ ჩერდებოდა მანჩო._აფსუს, რა სანახაობა გამოვტოვე...
_დაქოქე და წავიდეთ რაა._ხვეწნაზე გადავედი უკვე.
_წავიდეთ, წავიდეთ. მაგრამ... როგორ მინდა ტუჩგახეთქილი ტატოს ნახვა.
_ოღონდ ახლა არა._ისეთი სასოწარკვეთილი ხმა მქონდა, მე თვითონვე შემეცოდა საკუთარი თავი.
_კაი, ოღონდ დამპირდი, რომ დღის ბოლოს მე დამელოდები და ერთად წამოვალთ. ძალიან მინდა ტატოს ნახვა და ამ შანსს ხელიდან ნუ გამაშვებინებ.
_გპირდები._ალალად ვთქვი და აფორიაქებული გულის დამშვიდებას შევეცადე რიტმული სუნთქვით.
_უი, მართლა, სულ დამავიწყდა._ რაღაც პატარა ყუთი გამომიწოდა მანჩომ._სანამ შენს ტელეფონს გააკეთებ ეს იხმარე, მაინც ისე გვიდევს სახლში.
_რას ამბობ?_გაოცებულმა შევხედე._არ მინდა, ესეც რომ გამიფუჭდეს?
_გაგიფუჭდება და თან გაგაყოლებ. _გულიანად გადაიკისკისა და მანქანა გიჟივით მოსწყვიტა ადგილს.
მთელი დღე აფორიაქებული ვიყავი. ყველაზე მეტად კი ის მაოცებდა, რომ ჩემი მაშინდელი უცნობი მშველელი და ტატო ერთი და იგივე პიროვნება აღმოჩნდა. ტატოს მიმართაც მთლად გულგრილი აღარ ვიყავი, რაც მისი ნამღერი მოვისმინე და ახლა, ხომ მთლად ამერია თავგზა. ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, გულსაც ვერ ვუდებდი ვერაფერს. ფიქრებით სულ ტატოსთან ვიყავი, ასე უხერხულ სიტუაციაში რომ გავაცანი თავი. მგონი, როგორ ვატკინე ტუჩი საცოდავს. თან, ჩემს თავზე ვბრაზობდი, ასეთი ფეთიანი და მოუხერხებელი რომ ვიყავი. ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა გაკვეთილები, რომ სახლში წავსულიყავი.
_ლილე მას, შეიძლება თქვენთან ერთად სელფი გადავიღო და ფეისბუქზე ავტვირთო?_ მოულოდნელად შუა გაკვეთილზე ტელეფონით ხელში მომიახლოვდა ვანდა. პასუხს არც დალოდებია, საყვარლად გამობუშტა ტუჩები და ფოტოც გადაიღო.
არ მიყვარდა სურათების გადაღება, მაგრამ სანამ გავაპროტესტებდი, ლოყაზე მაკოცა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
_მაჩვენე მაინც როგორ გამოვიყურები._საწყალობელი ხმით შევეხვეწე.
_როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად მას._არც ამოუხედია ტელეფონიდან, ისე დამამშვიდა._ მოიცათ, ავტვირთავ და მერე გაჩვენებთ.
_მას, თქვენ რატომ არ გაქვთ ფეისბუქი?_დაინტერესდა ნუცა.
_რა ვიცი._მხრები ავიჩეჩე._ალბათ იმიტომ რომ არ მინდა...ან, უფრო, ეშმაკის მოგონილი მგონია და იმიტომ._ვუთხარი და მართლაც ეშმაკურად მოვჭუტე თვალები.
_რას ამბობთ მას, ბებერ ჟუჟუნას და მისნაირებს უნდა ქონდეთ და თქვენ არა?_ვანდა ისევ წამოხტა და მომიახლოვდა._მათხოვეთ თქვენი ტელეფონი და მე შეგიქმნით ახლავე გვერდს.
_რომ მაქვს უკვე?_ეშმაკური გამომეტყველება არ მომიშორებია სახიდან._ოღონდ, ფოტოები არ მიდევს._თან საწყალობლად გავუღიმე.
_მართლა? როგორ მოგძებნოთ მას?_აღარ მომეშვა აღტაცებული გოგო.
_მარტო სახელი მიწერია ქართული შრიფტით._ვაღიარე როგორც იქნა.
_აჰა..._ კმაყოფილმა გაიღიმა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
_თქვენ ის მითხარით, როგორი დრო გაატარეთ ნატალისთან._ცოტა გავმხიარულდი მეც.
_უმაღლესი მასწავლებელო, უმაღლესი. სამწუხაროა თქვენ რომ არ იყავით იქ. ფოტოებს და ვიდეოებს გაჩვენებთ აი._ისევ ხალისით წამოხტა ვანდა და თავისი ტელეფონი მომირბენინა.
მართლაც რომ შესანიშნავი დრო გაეტარებინათ. გული დამწყდა, რომ არ წავედი მათთან ერთად. იმ წვიმაშიც ხომ აღარ გავცივდებოდი? იქნებ, სხვანაირადაც წარმართულიყო იმ დღის მერე მოვლენები? ვინ იცის, იქნებ ტატოსაც აღარ დავტაკებოდი თავით?
ისევ ტატო, ისევ ტატო... რა მჭირდავერ ვხვდებოდი. რატომ ვერ ვიგდებდი ამ დედისერთა განებივრებულ ბიჭს თავიდან ნეტა? ყოველ მის გახსენებაზე გულიც ისე საამურად მიძგერდებოდა, ალბათ ვგიჟდებოდი უკვე.
****************************
მანჩომ მართლაც შეასრულა თავისი პირობა და სახლში მანქანით მიმიყვანა. ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებ ტუჩგახეთქილი ტატო არ ვნახოვო და ყავის დასალევადაც შემომყვა. ჩემს ჯინაზე ტატო მისაღებ ოთახში დაგვიხვდა. შევედი თუ არა მალულად შევხედე. ქვედა ტუჩი ცოტათი შესიებოდა, თუმცა უხდებოდა კიდეც. ჩემი მზერა მალევე დაიჭირა და ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა. სახეზე ალმურმა ამკრა, მივხვდი რომ გავწითლდი.
_უი, ბიჭო, ეგ რა მოგსვლია?_ ვითომ არ იცოდა ისე შეიცხადა მანჩომ.
პასუხს არ დავლოდებივარ, პირდაპირ სამზარეულოს მივაშურე ყავის მოსადუღებლად, თუმცა გულისფანცქალით ველოდებოდი რას ეტყოდა.
_ისეთი არაფერი, ფეხი ამიცდა და კიბის მოაჯირს ჩამოვარტყი._რატომღაც იცრუა და უფრო შემრცხვა.
_უი, შე საწყალო, მგონი როგორ გეტკინა არა?_უარესად შეიცხადა მანჩომ და გვერდით მიუჯდა.
_ამაზე საშინელი ტკივილი ცხოვრებაში არ გამომიცდია._გაეცინა ტატოს.
_კიდევ გტკივა?_არ ეშვებოდა მანჩო.
_ძალიან. ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება.
_ვაა, რანაირად დაგიცდა ეგ ფეხი?
_არ იცი, რა მოუხერხებელიც ვარ? შენ ის მითხარი, მახო რას შვრება?_მოულოდნელად თემა შეცვალა ტატომ.
_მუშაობს და არის... არ ვიცი, გითხრა თუ არა, საქმე მაქვს და უნდა ვნახოვო.
_კი, დამირეკა, საღამოს გადმოვალ, ასე რომ ხარჯი მოამზადე._გაეცინა ტატოს.
_შენ მოსვლა ინებე და ხარჯს რას დაგახვედრებ და რას არა, ეგ უკვე ჩემი საქმეა._არც მანჩო დარჩა ვალში და მანაც გულიანად გადაიკისკისა.
ამასობაში ყავის მოდუღებასაც მოვრჩი. ხელის კანკალით ჩამოვასხი ფინჯნებში და მისაღებში სიფრთხილით გავედი.
_ჩემი უშაქროა ხომ?_ჩამეკითხა მანჩო.
_კი._თავი დავუქნიე და ტატოს პირისპირ მომიწია ჩამოჯდომა.
_ამ საახალწლოდ რა გეგმები გაქვს?_მოულოდნელად მკითხა მანჩომ.
რატომღაც მზერა ტატოსკენ გამექცა, რომელიც დაუფარავი ინტერესით მომჩერებოდა.
_ჯერ არ გადამიწყვეტია._თავჩაქინდრულმა მივუგე და მღელვარების დასაფარავად ყავის ფინჯანს გადავწვდი.
_ხო და ძალიანაც კარგი._გაუხარდა მანჩოს._ახალ წელს მინდა რომ ჩემი მეკვლე იყო. დარჩი და მერე წადი დეიდაშენთან.
_არ ვიცი, ვნახოთ, ვერაფერს შეგპირდები._მორცხვად ჩავილაპარაკე ჩემთვის.
_ოო, კარგი რაა!_არ მომეშვა მეგობარი._რა მოხდება ვითომ რომ დარჩე? საპატიო სტუმრის რანგში გეპატიჟები და მაშ შენ ნამუსი გექნება, უარი რომ მითხრა?
გამეცინა.
_აი ასე რა, სულაც არ გიხდება მოღუშული სახე._კმაყოფილმა ხმაურით მოხვრიპა ცხელი ყავა და მოულოდნელად შეჰყვირა._რით ვეღარ გაცივდა ეს ოხერი, ჩამწვა გულ-მუცელი!
სამივეს გულიანად გაგვეცინა და კარგა ხანს ვიცინეთ.მერე, ჯვრისწერის გეგმებზე ჩამოაგდო მანჩომ ლაპარაკი და უფრო გავმხიარულდი. დაძაბულობაც მომეხსნა თითქოს. თუმცა, ხანდახან ტატოს ფარულ მზერას რომ ვგრძნობდი, მაინც ვღელავდი.
_ესე იგი, შევთანხმდით._ბოლოს წამოდგა და გასასვლელად მოემზადა მანჩო._პირველში უეჭველი გელოდები. იმ ფეხგასახმობ მარეხიმ არ მოგასწროს მოსვლა, თორემ მოგკლავ იცოდე.
_დილაუთენია რომ დაგადები თავზე, მერე ვილაპარაკოთ._გავუღიმე და კარისკენ გავყევი გასაცილებლად.
_ისე, ტატო, ამან ცრუ დაპირებები ბევრი იცის და შენ გაბარებ იცოდე ჩემს მეკვლეს._ახლა ტატოს მიუბრუნდა მანჩო._გადმომიყვანე უეჭველი.
_კარგი, კარგი, არ ინერვიულო._ხალისით დაეთანხმა ტატოც.
_მაგისთვის რომ არ გეთქვა მე თვითონ ვერ წამოვიდოდი?_ეზოში გასვლისთანავე შევუტიე მეგობარს.
_მერე რა?_ეჭვის თვალით შემომხედა.
_არაფერი, უბრალოდ უხერხულია.
_არაფერი უხერხულიც არ არის. ვერ დაინახე, ბიჭმა დაგინდო, არაფერი თქვა შენზე, მე წავიქეციო...
_ვითომ ვერ მიხვდა რომ იცოდი?_ეჭვით მოვჭუტე თვალები.
_შენ ეგ ასე ძალიან რატო გაღელვებს?_ უარესად დაეჭვდა მანჩო.
_კი არ მაღელვებს, მრცხვენია._ ვაღიარე გულწრფელად.
_მოგცლია რა._მაკოცა და მანქანაში ჩაჯდა. თან, ხელი დამიქნია კარგად იყავიო.
სახლში შესულს ტატო ისევ მისაღებში დამხვდა. ყავის ფინჯნები წამოვკრიფე და სამზარეულოში დავაპირე გასვლა.
_ბებიამ, ვახშამს თუ მოამზადებს, კარგი გოგო იქნებაო._მოულოდნელად თავისი მომაჯადოებელი ღიმილით შემომღიმა და შემაკრთო.
დავიბენი. თუმცა უარი არ მითქვია. თეო ბებოს ვერ გავუტეხე ხათრი, თორემ ჩემს ოთახში ასვლა და იქ გამოკეტვა ყველაფერს მერჩივნა.
ვახშმის მომზადება დასრულებული მქონდა და სუფრას ვშლიდი უკვე, თეო ბებო რომ შემოვიდა სამზარეულოში.
_რატომ არ გამაღვიძეთ?_აფუსფუსდა მოხუცი._ამ ალერგიის წამლის დალევა და ჩემი ძილქუში ერთია. არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან მაინც მიწევს დალევა... როგორ გიცქრიალია ქალს._შემაქო და მომეხუტა._შენს ხელებს ვენაცვალე შვილო... ბედნიერი ის, ვინც შენ წაგიყვანს.
_განსაკუთრებული არაფერი მომიმზადებია._დავიმორცხვე და მალულად ტატოს გავხედე სამზარეულოს ზღურბლთან რომ იდგა._მე არ მშია, თქვენ მიირთვით გემრიელად._ვთქვი და გასასვლელად გავიწიე, მაგრამ ტატო არ დაძრულა ადგილიდან, იდგა და ღიმილით მომჩერებოდა.
_შეიძლება გავიარო?_როგორც იქნა გავუბედე თქმა.
უთქმელად დაიხია უკან და გზა გამინთავისუფლა.
_რას ამბობ შვილო, რატო არ გშია?_გაუკვირდა თეო ბებოს.
_სკოლაში, ბუფეტში ვჭამეთ გოგოებმა და აღარ მინდა, მადლობა._ვიცრუე და უკანმოუხედავად ავირბინე კიბის საფეხურები. აღელვებული შევედი ჩემს ოთახში. თან კარი საგულდაგულოდ ჩავრაზე შიგნიდან.
რა მემართებოდა ნეტა, ვერვხვდებოდი. ასე რატო მაბნევდა ტატოს გვერდით ყოფნა?.. რატომ მიფორიაქებდა გულს მისი ღიმილი?.. მისი ხმის გაგონებაც კი საკმარისი იყო, რომ მთელ სხეულში სიამოვნების ჟრუანტელს დაევლო ელექტროშოკივით... ნუთუ მიყვარდა?..
_არა!!! არა!!! არა!!!_თავი გამწარებულმა გავიქნიე აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად და სიბნელეში ხელების ცეცებით ძლივს მივაგენი საწოლს. გულაღმა გადავწექი._დავიჯერო, მართლა შემიყვარდა?..
ისევ ავდექი. მანჩოს მოცემულ ტელეფონში ჩემი სიმბარათი ჩავდე და ჩავრთე. უმრავლესობა მანჩოს ნარეკი და ერთიც დეიდაჩემისა იყო. დეიდას ხვალ დავურეკავ,_გავიფიქრე და ფეისბუქში შევძვერი.
ჩემი სადამრიგებლო კლასის თითქმის ყველა ბავშვი დამეგობრებას მთხოვდა. გამეღიმა და ყველა დავიმატე. ვანდას ატვირთულ ფოტოს ჩემთან ერთად უამრავი მოწონება ქონდა. "ჩემს ძვირფას ლილე მასწავლებელთან ერთად," ეწერა ფოტოზე.
ფოტო მართლაც არაჩვეულებრივი იყო. ზოგადად, ფოტოგენური არ ვარ, მაგრამ იმ ფოტოში, მართლაც რომ კარგად გამოვიყურებოდი...
დილით ისევ გადაუღებლად წვიმდა. თუმცა, უკვე აღარ მაღიზიანებდა. უფრო მეტიც, სიამოვნებითაც კი ვუსმენდი მის წკაპუნს ფანჯრის მინებზე.
მთელი დღე ჩემს დიასახლისს ვეხმარებოდი საახალწლო სამზადისში. ტატოც მთელ დღეს სახლში იყო და ბედნიერების განცდით ვფუსფუსებდი. თან, მალულად ვუმზერდი. გული საამოდ მიძგერდა. ოდნავ წამოზრდილი შავი წვერი თითქოს უფრო უხდებოდა, უფრო მიმზიდველს და სიმპატიურს ხდიდა. რამდენჯერმე ჩემი მზერა დაიჭირა და შემრცხვა. ერთი-ორჯერ კარებშიც კი შევეჩეხეთ ერთმანეთს "შემთხვევით". ისეთი აღელვებული და დაბნეული ვიყავი, ლამის ყველაფერი ხელიდან მიცვივდებოდა.
_შეგიძლია ყავა მომიდუღო?_მოულოდნელად მკითხა თავისი სასიამოვნო ხმით.
_კი._თავი დავუქნიე.
_ისე, ჩვენც რომ დაგველია ცუდი არ იქნებოდა , თან ცოტას დავისვენებდით._მითხრა თეო ბებომ და ტკბილეული მისაღებში გაიტანა.
ყავა მოვადუღე და მეც მისაღებში გავედი.
_მანჩოსთან რა დროს აპირებ გასვლას?_რატომღაც დაინტერესდა ტატო.
_არ ვიცი._შევეცადე მისი მზერისთვის თვალი გამესწორებინა._ალბათ, 8-9 საათისთვის.
_მერე, იმ ფეხგასახმობ მარეხიმ რომ მიგასწროს მისვლა?_გამიღიმა.
გულიანად გამეცინა.
_თორმეტის მერე ჩვენი მეკვლე მოვა, ცოტახანს გაჩერდება და თუ გინდა მერე გადაგიყვან.
_კარგი._ფარული სიხარულით დავთანხმდი.
_ესე იგი, ჩვენი ლუკა გვესტუმრება?_გაუხარდა თეო ბებოს.
_თუ არ დაეძინაო მარიეტამ, მირჩევნია ღამე გადმოვიდეთო.
_მერე, მეკვლესთვის საჩუქარი რომ არ გამიმზადებია?_აშკარად შეწუხდა მოხუცი.
_შენ მაგაზე არ ინერვიულო, მაგ საქმეს მე მოვაგვარებ._მხარზე ხელი მოხვია ტატომ, მიიზიდა და შუბლზე აკოცა.
ლამაზი სანახავები იყვნენ ჩახუტებული ბებია და შვილიშვილი. თვალი ვეღარ მოვწყვიტე. თეო ბებოს ხომ უყვარდა და უყვარდა ტატო, მაგრამ აშკარა იყო, რომ ტატოსაც არანაკლებ უყვარდა ბებია. არ ვიცი, სანამ პირადად გავიცნობდი, რატომ მქონდა მასე ცუდი წარმოდგენა? თუ, უბრალოდ, ახლა დამიბრმავდა თვალები და ვეღარ ვხედავდი ვეღარაფერს? ნათქვამია: შეყვარებამდე უნდა გაახილო თვალები, თორემ მერე მარტო ის და მისი ძაღლი კი არა, მეზობლის ნაგაზიც კი საყვარელიაო...
ყავის სმას რომ მოვრჩით, ისევ საქმეს დავუბრუნდი. გვიანობამდე ვტრიალებდი სამზარეულოში ხალისით. საერთოდ, ძალიან მიყვარს კულინარია. თავს არ ვიქებ, მაგრამ ძალიან კარგად გამომდის ყველაფერი. თეო ბებოც ხაზგასმით აღნიშნავდა ამას ტატოს თანდასწრებით და მეც, უზომოდ ბედნიერი, ღრუბლებში დავფრინავდი.
**********************************
ღამე ძილი აღარა და აღარ მომეკარა. დავხუჭავდი თუ არა თვალებს, ტატოს მომაჯადოებელ ღიმილს და მის მწველ თვალებს ვხედავდი. საკუთარ თავთან გამოტყდომა მიჭირდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ შეყვარებული ვიყავი ყურებამდე.
დილით კი უჩვეულო სითეთრემ მომჭრა თვალი. პატარა ბავშვივით გახარებული წამოვხტი და პიჟამის ამარა მივირბინე ფანჯარასთან. ჩემი მოლოდინი გამართლდა, ბარაქიანად ბარდნიდა და კარგადაც დაედო უკვე. ჩარლი ბაღჩაში დარბოდა მხიარული ყეფით. იქვე ტატოსაც მოვკარი თვალი და გული სიამით ამიძგერდა. ალბათ ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო და მოულოდნელად ამომხედა. შემრცხვა. მაშინვე ფარდას ამოვეფარე და ცოტახანს ასე ვიყავი გასუსული. საკუთარ გულის ცემას ვუსმენდი. მერე, ტანსაცმელი ჩავიცვი და კიბეზე ხალისით დავეშვი.
ჩემზე არანაკლებ გახარებული დამხვდა თეო ბებოც.
_როგორც იქნა გვეღირსა ზამთარი._ფანჯრიდან იყურებოდა მომღიმარი სახით და შვილიშვილს თვალს არ აშორებდა._ამხელა თოვლი კარგა ხანია არ ყოფილა. ტატო რომ დაიბადა იმ წელიწადს იყო და მას მერე აღარ მოსულა...
ყურები ვცქვიტე, ესე იგი, ტატოს ზამთარში ქონდა დაბადების დღე? რატომღაც ძალიან გამიხარდა.
_ბებია, მანქანის გასაღები და ჩემი ქურთუკი მომაწოდე რა!_შემოიძახა ტატომ.
_მიდი შვილო, შენ გაურბენინე, პატარა ხარ._ მომიბრუნდა თეო ბებო.
ეზოში გასულს ტატო იქ აღარ დამხვდა. დაძახებას ვაპირებდი უკვე, რომ მოულოდნელად გუნდა მომხვდა კისერში. ტატო კი შორიახლოს იდგა და მიღიმოდა. მანქანის გასაღები და ქურთუკი იქვე მივაგდე, თოვლს დავწვდი, საკმაოდ მოზრდილი გუნდა გავაკეთე და ტატოს გამოვეკიდე.
კარგა ხანს ვიგუნდავეთ მხიარულად. კისერშიც კი ჩავაყარე თოვლი. ჩვენი სიცილი არემარეს იკლებდა. ასე ბავშვობის მერე არ მიხალისია მგონი. მერე, ფეხი ამისრიალდა თოვლზე და წავბარბაცდი. უმალვე შემაშველა თავისი ძლიერი, დაკუნთული მკლავები. მჭიდროდ მიმიკრა გულზე. გავირინდე. მისი გულის ცემა მესმოდა და მსიამოვნებდა. თვალებში რომ შევხედე, დაჟინებით მიმზერდა. სურვილი, ნდომა და ვნება ერთნაირად იკითხებოდა მის შავ თვალებში. შემრცხვა, თავი გავინთავისუფლე და ოთახისკენ უკანმოუხედავად გავიქეცი.
_უნდა გავიდე. ალბათ საღამომდე ვერ მოვალ და ბებიას უთხარი._გზაში დამაწია თავისი სასიამოვნო ხმა.
ოთახში შესულმა კარები მივიხურე თუ არა, ზურგით მივეყუდე. გული ისე გამალებით მიცემდა, თითქოს საგულედან ამოხტომას ლამობდა. სახე მთლიანად მეწვოდა, სავარაუდოდ აწითლებული ვიყავი. ცოტა რომ დავმშვიდდი, სამზარეულოში შევედი. კმაყოფილი სახით შემომხედა თეო ბებომ. "მგონი დაგვინახა",_გავიფიქრე და უარესად გავწითლდი.
ისევ საქმეს მივუბრუნდი და დროც შეუმჩნევლად გაიპარა. დაღლას სულ ვერ ვგრძნობდი. ან რა დამღლიდა? უზომოდ ბედნიერი ვიყავი.
შებინდებისას კი ტატოც დაბრუნდა, თან ვიღაც ორი ბიჭი მოიყვანა. სუფრის გაშლა თეო ბებომ მე არ დამანება, შენ მოწესრიგდი, ამაღამ მეკვლეს უნდა დავხვდეთ ხომ იციო და მეც ხმისამოუღებლად მივაშურე აბაზანას.
შხაპი მართლაც მესიამოვნა, კარგა ხანს დავყავი იქ. დიდად არ გამოვპრანჭულვარ. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, სუნამო- ჟასმინის არომატით, უხვად მივისხურე და ისე ჩავედი ქვემოთ.
თეო ბებო სუფრასთან მიეწვიათ და მის სადღეგრძელოს სვამდნენ. ბიჭებმა რომ დამინახეს, მეც იქ მიმიპატიჟეს.
_ეს ლამაზი არსება ვინ არის არ გამაცნობთ?_მუშტრის თვალით შემათვალიერა უკვე კარგად შეზარხოშებულმა ერთ-ერთმა ქერა ბიჭმა.
_ეს ჩვენი ახლობელია._ისეთი ტონით უთხრა ტატომ, ზედმეტი არაფერი მოგივიდესო აგრძნობინა.
ცოტახანს კიდევ ვიჯექი სუფრასთან. შევამჩნიე, რომ ტატო არ სვამდა. იმ ორს კი, ეტყობა, თავიდანვე ნასვამები იყვნენ და ამიტომ მოეკიდათ ასე ძალიან. აზრი არ ქონდა მათთან ერთად ჯდომას, თეო ბებო ადგა თუ არა, მეც ავდექი და სამზარეულოში გავედი. როდის-როდის ჯიჯღინ-ჯიჯღინით გააცილა ტატომ სტუმრები.
ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც ორი საათი რჩებოდა, მოულოდნელად ტატოს ტყუპი მამიდაშვილები, ევა და გეგა რომ გვესტუმრნენ. ტატოსგან განსხვავებით მათ ადრევე ვიცნობდი. ევასთან კარგი ურთიერთობაც მქონდა. ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა.
_შენ აქ ხარ? არ ვიცოდი._გულთბილად გადამეხვია და კარგახანი მკოცნა.
ანაკლებ გაუხარდა თეო ბებოსაც მათი დანახვა.
_გენაცვალოთ ბებია, როგორ გამახარეთ,_ორივეს რიგრიგობით კოცნიდა და თან ცრემლებს ვერ მალავდა._რატომ არ მითხარით თუ კი ჩამოსვლას აპირებდით?
_სიურპრიზის მოწყობა გვინდოდა და იმიტომ._კისკისებდა ევა.
_კარგი სიურპრიზი გამოგივიდათ ღმერთმანი.
სუფრა განვაახლეთ და მხიარულად მივუსხედით. ნებით თუ უნებლიეთ ტატოს პირისპირ აღმოვჩნდი. ევა გვერდით მომიჯდა.
_ხომ დალევ ძვირფასო?_პასუხს არ დალოდებია ისე შემივსო შამპანურით ფეხიანი ბოკალი.
_არა, არ ვსვამ.
_რატო? ცუდი სიმთვრალე გაქვს?_გამიღიმა და თან ფერდში წამიღუტუნა._ერთი ჭიქა მაინც უნდა დალიო ჩემი ხათრით, არ ვიცი მე!
ერთ ჭიქაზე მეტი მართლაც არ დამილევია. თუმცა, ისიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ გავთამამებულიყავი. ტატოს მზერაც აღარ მაბნევდა უკვე, თვალსაც გაბედულად ვუსწორებდი. კარგად გავხალისდი. ახალ წელს მხიარულად შევხვდით. ასეთი მხიარული და ბედნიერი ახალი წელი ბავშვობის მერე ნამდვილად არ მქონია.
შუა მხიარულობაში ვიყავით, რომ სამიოდე წლის ბიჭი მორიდებით შემოვიდა ოთახში და თან ენის ჩლიქინით რაღაცას ბუტბუტებდა. ისეთი საყვარელი და დაბნეული იყო, მასთან მივედი და ჩავიცუცქე.
_ტატო ნათლია სად არის?_შემომანათა თავისი დიდრონი თაფლისფერი თვალები.
_ტატო ნათლია?_გავიკვირვე._არ ვიცი, წეღან აქ იყო და სად წავიდა ნეტავი?
ევაც ჩემს გვერდით ჩაიცუცქა და პატარას გაბუშტული ლოყები მადიანად ჩაუკოცნა.
_ტატო ნათლია!_როგორც იქნა თვალი მოჰკრა ბავშვმა ნათლიას და მაშინვე მასთან გაიქცა._აი, დედიკომ რა მიყიდა._შარვლის ტოტი აიწია და თეთრი ბოტასები დაანახა._ნახე როგორ ანათებს._თან ფეხი გამეტებით დაარტყა ძირს.
_ვაა, რა კაცური ბოტასებია!_მოუწონა ტატომ._მარტო მოხვედი?
_არა, დედიკომ მომიყვანა, გარეთ მელოდება._გაიქცა და დედამისს კარი გაუღო.
მაღალი, შავებში ჩაცმული ძალიან ლამაზი ქერა ქალი შემოვიდა ოთახში. ყველა სათითაოდ გადაკოცნა და მიულოცა ახალი წელი.
_ეს, თეო ბებოს მდგმურია?_ჯერი ჩემზე რომ მიდგა, დასაზუსტებლად იკითხა და ისე ჩამომართვა ხელი. ზრდილობის გულისთვის მეც გადამკოცნა.
ტატომ უშველებელი მანქანა გამოუტანა ლუკას და მასთან ერთად ჩაიცუცქა.
_ეს სანტამ გამომატანა შენთან, წელს კარგად იქცეოდაო.
ბავშვს სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა. ნათლიას ჩაეხუტა და კარგა ხანს კოცნა. მერე თავისი საჩუქარი გახსნა და იქვე დაიწყო თამაში.
ჩვენ ისევ სუფრას მივუსხედით. მარიეტამ იმდენი ქნა, ტატოს მიუჯდა გვერდით. არ ვიცი, მართლა თამამად და გამომწვევად იქცეოდა ეს ქალი, თუ მე მაბრმავებდა უკვე ეჭვიანობა. სასმელსაც კარგად მიეძალა. ის სიხალისე, ბედნიერება და სილაღე, რომელიც მის მოსვლამდე მქონდა, სადღაც გამქრალიყო. აშკარა იყო, საშინლად ვეჭვიანობდი მასზე.
_შენი ბულბულის ხმა გაგვაგონო იქნებ?_მოგვიანებით მარიეტამ ტატო სკამიდან წამოაგდო და იქვე ახლოს მდგარ სავარძელში ჩასვა. მერე ფანდური ჩამოხსნა რის ვაივაგლახით კედლიდან._იცოდე, უარს არ მივიღებ._თან გამომწვევად უღიმოდა.
დამყოლი ბავშვივით გამოართვა ტატომ ფანდური, სიმებს მოხდენილად ჩამოჰკრა თითები და ამღერდა:
"რა ლამაზი ხარ ქალაუ, დალალებ გშვენის წელზედა,
ქალავ სწადიხარ ჩემს გულსა, ფიქრს ვერ ვიშორებ შენზედა"...
თვალებდახუჭული მღეროდა ტატო მთელი გულით, მთელი გრძნობით. კიდევ ერთხელ დამატყვევა მისმა ხმამ. სულგანაბული ვუსმენდი და შევყურებდი გრძნობამორეულს. მოულოდნელად თვალები გაახილა და მე შემომხედა:
"ვნატრობ რომ ჩაგიხუტებდე და აგავსებდე კოცნითა"...
გულისნადები სიმღერით გადმომცა. იყო ამაში რაღაც ძალიან ამაღელვებელი და ძალიან რომანტიკული. გული სიამით ამევსო, თუმცა ბედნიერების მეცხრე ციდან უმალვე ჩამომსვა მარიეტას საქციელმა: ტატოს თმებში შეუცურა თავისი ნატიფი თითები, დაიხარა და შუბლზე აკოცა, თან სავარძლის საზურგეზე ჩამოუჯდა.
ისე გავბრაზდი, წამოვხტი და გარეთ გავვარდი. თითქოს, ჩემად ვიგულებდი უკვე და მის გვერდით სხვა ქალის დანახვამ, გამაცოფა. მაინც, რა უტიფრად და გამომწვევად იქცევოდა ეს ქალი? ან, ტატოს სად ქონდა ტვინი, რომ შვილიან ქალს დასდევდა? შუა ეზომდე ისე გავედი, არ მახსოვს. ხმამაღალი ტირილი მინდოდა...
ისევ ბარაქიანად თოვდა. მისმა საოცარმა შრიალმა თითქოს დამამშვიდა ცოტათი. ტატოს ხმა აღარ მესმოდა ოთახიდან. ვიდექი და უაზროდ შევყურებდი ცას. ფიფქები სახეზე მელამუნებოდა. მსიამოვნებდა გახურებულ სახეზე რომ მადნებოდნენ. ზურგს უკან ფრთხილი ნაბიჯების ხმა რომ გავიგონე, ვიფიქრე, ევა იყო და არ შემოვბრუნებულვარ.
_აქ რას აკეთებ, არ გცივა?_მხრებზე მომხვია ხელი და თავისკენ შემომაბრუნა ტატომ.
_არა... შემეშვი._ხელიდან დავუსხლტი და სახლისკენ გამოვიწიე.
ჩემდა ბედად რაღაცას წამოვედე, ისევ ტატომ შემაშველა მკლავები. მჭიდროდ მიმიკრა გულზე და ასე ვიდექით კარგა ხანს. გავისუსე. ტანში საამო ჟრუანტელმა დამიარა. მისი კოცნის სურვილი გამიჩნდა რატომღაც. თუმცა მალევე მოვეგე გონს და ჩემი ზრახვების მე თვითონვე შემრცხვა. ბოლოს კი, იმედი საბოლოოდ რომ გადამეწურა, ზუსტად მაშინ მოძებნა მისმა ათრატოლებულმა ტუჩებმა ჩემი ტუჩები ღამის სიბნელეში და სუნთქვა შემიგუბა. ხელ-ფეხი წამერთვა. უწონობის მდგომარეობაში აღმოვჩნდი. თითქოს, ჰაერში დავცურავდი... მერე გონს მოვეგე, დავუსხლტი ხელიდან და გამეტებით შემოვულაწუნე.
_რამდენს ბედავ?_არადამაჯერებლად გაბრაზებულმა შევყვირე და სახლში გამოვიქეცი.
ევა, მარიეტა და გეგა ერთ ამბავში იყვნენ, რას ცეკვავდნენ მგონი თვითონაც არ იცოდნენ. თეო ბებო პატარა ლუკას ეთამაშებოდა. არ მინდოდა ვინმეს შეემჩნია ჩემი მღელვარება და პირდაპირ სამზარეულოში გავედი. ტატოს ტუჩების შეხებას ისევ ნათლად ვგრძნობდი და სასიამოვნოდ აფორიაქებულ გულს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს.
გავიგე, ვიღაც შემოვიდა სამზარეულოში. შევტრიალდი და ტატოს თვალებს წავაწყდი. მარცხენა ლოყაზე ნათლად ეტყობოდა ჩემი ხელის ანაბეჭდი.
რა მაგრად გამირტყია, საწყალი, შემეცოდა.
_ბოდიში, შენი წყენინება არ მინდოდა._დარცხვენილმა მითხრა.
_არ გინდოდა, მაგრამ გამოგივიდა!_ ვითომ ძალიან გაბრაზებულმა მივახალე პირში და მოცეკვავეებთან გავედი. მღელვარების დასაფარავად მეც ცეკვა დავიწყე. ნაძალადევი მხიარულება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მეტი რა გზა მქონდა?
ვერ ვხვდებოდი რა თამაშს თამაშობდა ტატო და ეს მაგიჟებდა. თუ მარიეტასთან იყო, ჩემგან რაღა უნდოდა, რის მიღწევას ცდილობდა? ფიქრებდამძიმებულ თავს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს. კიდევ კარგი ჩემი მისვლიდან მალე დაიღალნენ ცეკვით და ისევ ადგილებს დაუბრუნდნენ, თორემ მეტს ვეღარ გავქაჩავდი რატომღაც. მარიეტამ აშკარად ტატოს დაუწყო თვალებით ძებნა. ბოლოს, იკითხა კიდეც. მხრები ავიჩეჩე, ვითომ არ ვიცოდი სად იყო. გეგამ სასმისები შეავსო. მეც შემივსო. თავპატიჟი აღარ დამიწყია და მეგობრობის სადღეგრძელო სულმოუთქმელად დავცალე. ჩემი ფიქრები ისევ ტატოსთან იყო. სამზარეულოდან არ გამოსულა. ან, გამოვიდა და ვერ დავინახე. ერთ სასმელს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ცოტა დავწყნარდი. ტატო სულ რომ გადამავიწყდა, ზუსტად მაშინ გამოვიდა ლანგრით ხელში სამზარეულოდან. ყავა მოედუღებინა. ჩემი წინსაფარი აეფარებინა და შეკვეთების დარიგებას მჰოყვა.
_ეს თქვენი ტკბილი ყავა._გეგას დაუდგა ფინჯანი.
_ეს, ლამაზ ქალბატონს მეზობელი მაგიდიდან._ევას შოკოლადის ფილაც დაუდო წინ.
_ჩემთვის არაფერია?_გამომწვევად აკისკისდა მარიეტა.
_მაცადეთ, თქვენამდეც მოვალ ქალბატონო._მოხერხებულად შემოტრიალდა._ ესეც თქვენ, ნახევრად უშაქრო. გემრიელად მიირთვითო.
_ეს თქვენ._მე შემომხედა ღიმილით._არ ვიცი როგორს მიირთმევს და ჩემი გემოვნებითო. თუ არ მოეწონა, დიდი ბოდიშიო... ეს კი მე, შეკვეთები მგონი არ ამირევია._გულღიად გაიცინა, წინსაფარი და ლანგარი იქვე სავარძელზე მიაგდო და მაგიდას დაუბრუნდა.
_რა დროული იყო ახლა ეს ყავა._სიამოვნებით მოწრუპა მარიეტამ და ტატოს მადლიერი თვალებით შეხედა.
ევამ შოკოლადი გახსნა, დაამტვრია და პირველი ნაჭერი მე ჩამტენა პირში მხიარული სიცილით.
თეო ბებომ, ლუკას ეძინება და ჩემს ოთახში დავაწვენო, შესთავაზა მარიეტას, მაგრამ მარიეტამ იუარა.
_არა, ბარემ წავალთ... ხომ გაგვაცილებ ტატო?
_თქვენი ხმალი და ჩემი კისერი._არტისტულად მიუგო ტატომ. ყავის ფინჯანი ბოლომდე გამოცალა და ლუკას მიუბრუნდა._აბა ვაჟკაც, მზად ხართ გასაფრენად?_ და ახითხითებული ბავშვი კისერზე შემოისვა.
მარიეტა ყველას დაგვემშვიდობა და თეძოების გამომწვევი რხევით გავიდა გარეთ.
გულში რაღაც ჩამწყდა. თვალწინ დამიდგა ტატოს მიხუტებული ქალი და გამაჟრჟოლა.
ევამ ცარიელი თეფშები წამოკრიფა სახელდახელოდ, სუფრა განაახლა და გვერდით მომიჯდა.
_ხომ არ გეძინება?
საათს დავხედე, სამი იყო უკვე. მანჩოსთან წასვლას აზრი აღარ ქონდა. არ მეძინებოდა. თუმცა, ჩემს ოთახში ასვლა ვამჯობინე და ევას მოვატყუე, რომ საშინლად მეძინებოდა.
_რა გაეწყობა, ბიძაშვილს დაველოდები და გავაგრძელებთ დალევას._ბავშვური მიამიტობით შემომხედა და გამიღიმა.
_რა დალევა უნდა გააგრძელოთ, არ გეყოთ?_გაუკვირდა თეო ბებოს._ან არ გეძინებათ?_კიბეზე ასულს დამეწია მისი უკმაყოფილო ხმა, შეზარხოშებულ შვილიშვილს რომ ტუქსავდა.
ტატო როდის მოვიდა არ გამიგია. ან, მოვიდა საერთოდ? ჩემგან განსხვავებით მარიეტა უარს არაფერზე ეტყოდა. პირიქით, საკუთარი ნებითაც კი ჩამოეკიდებოდა კისერზე. ამის გაფიქრებაზე უარესად გავბრაზდი ჩემზეც, მარიეტაზეც და ტატოზეც...
კარგა ხანს მესმოდა დაბლიდან მუსიკების ხმა და ევას გულიანი სიცილი. როდის დაიშალნენ არ ვიცი. დილის რვა საათი იქნებოდა რომ ავდექი, გამოვიპრანჭე და მანჩოსთან წასვლა დავაპირე.
თეო ბებო ამდგარიყო უკვე.
_რა ადრე ამდგარხარ?_გაუკვირდა.
_მანჩოსთან უნდა გადავიდე მეკვლეთ.
_აა, სულ დამავიწყდა. უთხარი ტატოს და გაგიყვანს.
_არა, იყოს, ფეხით გავლა მირჩევნია, განა ხვალაც იქნება თოვლი?_გავუღიმე და მისაღებში გავედი.
ტატო სავარძელში გადაწოლილიყო და მშვიდად ეძინა. თეო ბებოს პლედი მიეფარებინა მისთვის. ბუხარში ტკაცუნით იწვოდა შეშა. ალის ანარეკლი სახეზე ლამაზად დასთამაშებდა. სურვილი გამიჩნდა მივსულიყავი და შუბლზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადამეწია. ვიდექი და მოჯადიებულივით შევცქეროდი.
"ნეტა წუხელ რა დროს მოვიდა?"_გუნებაში გამიელვა ამ აზრმა და ისევ გავბრაზდი. გული რომ მასთან სიახლოვეს ითხოვდა, გონება ეწინააღმდეგებოდა. სასწრაფოდ გამოვედი სახლიდან და გაუაზრებლად წავედი მანჩოსთან. ჩარლიც ამედევნა. წინააღმდეგობა არ გამიწევია. ან როგორ დავიმორჩილებდი ამხელა ძაღლს? ისე კი მიჯერებდა, შორს წასულს რომ ვეძახდი, იჯდა და მონდომებით მელოდებოდა სანამ მიუახლოვდებოდი.
მსიამოვნებდა თოვლში სიარული. რამოდენიმე ლამაზ ადგილას ფოტოსესიაც კი მოვიწყეთ მე და ჩარლიმ. კარგად გავხალისდი. მანჩოსთან მისულს უკვე აღარც ტატო მახსოვდა და აღარც მარიეტა. ეზოში მანჩოს დედამთილი დამხვდა.
_შენ უკვე მოხვედი და ის ძილისგუდები ჯერ არ ამდგარან._შემომღიმა ქალბატონმა თამილამ. ჩარლი რომ დაინახა, ცოტა შეცბა._ეს ვიღასია, საიდან მოვიდა?
_ტატოსია, მე გამომყვა და ვეღარ მივაბრუნე._თავი ვიმართლე._შეიძლება აქ იყოს? მეშინია არ დაიკარგოს. ჭკვიანი ძაღლია, არ იკბინება.
მანჩოც ამდგარიყო უკვე და ხალათისამარა გამომეგება.
_გეღირსა მობრძანება? წუხელვე გელოდებოდი, სად იყავი?
_ევა და გეგა მოვიდნენ._თავი ვიმართლე და ოთახში მარჯვენა ფეხით შევედი.
მახო ნამძინარევი სახით იდგა აგუზგუზებულ ღუმელთან და თბებოდა.
_ბოდიში, დილაუთენია დაგადექით.
_რაღა დილაა?_გაეცინა._ჩვენ ავდექით გვიან.
_ისევ აქ ხარ?_მახოს შეხედა და გაუბრაზდა მანჩო._ჩქარა, ვერ გაიგე, მაყალი დაანთე!_თან ტაში მიაყოლა.
_დაანებე ერთი თავი, რას აწვალებ, რა მაყალი მოგინდა?_გავუბრაზდი.
_რას ლაპარაკობ, მთიელ ქალს კახეთში მწვადი არ გაჭამო, ხომ მომეჭრა თავი? თან, შენზე კარგი ვინ უნდა მესტუმროს ნეტა?
სასწრაფო წესით გამოიცვალა ტანსაცმელი და სუფრის გაწყობას შეუდგა.
არ მეგონა თუ ასე კარგად მოვილხენდი. ალბათ, ალკოჰოლის ბრალი იყო ჩემი გამხიარულება. მახოს ძმა და მისი ცოლიც შემოგვიერთდნენ. ლამის თავზე დავიმხეთ სახლი. ვითომ, ცოტახნით ვაპირებდი დარჩენას, ბევრი-ბევრი ორ საათს ვფიქრობდი და კი შემოვრჩი საღამომდე. კონიაკმაც თავისი ქნა, ისეთი ლაღი და ბედნიერი ვიყავი, ვიღას ახსოვდა ან ტატო და ან მასზე სუროსავით შემოხვეული გაპრანჭული მარიეტა? ბედნიერი ვიყავი მეგობრების წრეში.
_აბა, წავიდა თუხთუხი!_შემოსძახა მახომ, თავის სკამს დასწვდა და იმასთან დაიწყო ვალსის ცეკვა.
მოულოდნელად მანჩომ ფეხი დაუდო მოცეკვავე ქმარს და შუა ოთახში თავის სკამიანად წააქცია. შემეცოდა საწყალი, მაგრამ ისე სასაცილოდ გაგორდა, თავი ვეღარ შევიკავე და გულიანად ავხარხარდი. იმდენი ვიცინე, მუცელი ხელით მეჭირა უკვე. მერე, მანჩო თავის მაზლის ცოლს დაეჭიდა. კარგა ხანს იძუნძულეს და ისევ მარეხიმ შეძლო მანჩოს წაქცევა. მანჩომ იხტიბარი არ გაიტეხა, დიდი რძალია და დავუთმეო.
სანამ კიდევ სუფრას მივუსხდებოდით, ეზოში გავედი სუფთა ჰაერზე გამოსაფხიზლებლად. ვატყობდი, რომ მაგარი მთვრალი ვიყავი. ახალი შებინდებული იყო. აღარ თოვდა. მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდა. კარგად ყინავდა. მესიამოვნა სიგრილე. თუმცა ირგვლივ მაინც ყველაფერი ტრიალებდა.
_რა ჯანდაბამ დამალევინა ამდენი?_ გავბრაზდი საკუთარ თავზე.
ჩარლი ყეფითა და კუდის ქიცინით მომვარდა. ეს სულ გადამავიწყდა, რომ აქ იყო. ჩავიმუხლე, გადავეხვიე და კოცნა დავუწყე. მოულოდნელად ხელიდან გამისხლტა და ყეფით გაიქცა. წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ვერ შევძელი, უარესად დატრიალდა ყველაფერი.
_ცეცხლი დალიე და ღველფი!_მადიანად მივაწყევლე საკუთარ თავს.
ვიღაცამ წელზე მომხვია ხელი და წამომაყენა.
_ცუდად ხარ?_ნაცნობი არასასიამოვნო ჩახლეჩილი ხმა ჩამესმა და შევცბი.
_რას მატყობ?_ჯიქურ შევხედე._მარტო ხარ? მარიეტა სად არის?_ვითომ ძალიან გავიოცე.
შევატყე კმაყოფილს ჩაეღიმა.
_შენ რა, ეჭვიანობ?_დაჟინებით მომაშტერდა.
_ვეჭვიანობ? მე? რა სისულელეა._ გადავიხარხარე ნაძალადევად._ვითომ რატომ უნდა ვეჭვიანობდე?
ხმისამოუღებლად მომჩერებოდა თავისი მომაჯადოებელი ღიმილით. მერე კი, ოთახში შესვლა რომ დავაპირე, მოულოდნელად დამიჭირა და შემაჩერა.
_ჩემსა და მარიეტას შორის არაფერი ხდება. ჩემი მეგობრის ქვრივია. თან, მისი ბავშვის ნათლია ვარ. დიდად მორწმუნე არ ვარ, მაგრამ არც ისეთი ურჩხული ვარ, ნათელმირონობა შევბღალო._სრული სერიოზულობით მითხრა და მხოლოდ ამის შემდეგ გამიშვა ხელი.
_ტატოც მოსულა!_გაუხარდა ეზოში გამოსულ მანჩოს._ სად ხარ აქამდე? შედი, შედი!_ოთახისკენ უბიძგა._მახო მოინახულე, ვერ გვყავს რაღაც კარგად.
_რა მოგივიდა?_ტახტზე მწოლიარე მახოს დანახვაზე შეცბა ტატო.
_ოხ, ამას ხმაზე ეტყობა, რომ განგრეული პახმელიაა._წამჩურჩულა მანჩომ და ლამის ძალით შემაგდო ოთახში.
ტატოს დანახვაზე მახო სიხარულით წამოხტა.
_აბა, დედაკაცო, სუფრა განაახლე, ქეიფს ვიწყებთ ისევ.
_ოღონდაც, დედაკაცს ნუ მეძახი და რაც გინდა ის დამიძახე._გაიბუტა მანჩო.
_ჩემო სიხარულო... ჩემო გულის კოკობო... ჩემო ოცნებავ... ჩემო სულო და გულო..._საალერსო სიტყვები რომ შემოელია მახოს, მე გადმომხედა საწყალობლად, მომეშველეო.
_ჩემო ბედნიერებავ._ მივაშველე ჩურჩულით. თუმცა, იმ მომენტში მე ტატოს ვგულისხმობდი...
**************************************
შუაღამე გადასული იყო, სუფრიდან რომ ავიშალენით. ვატყობდი გვარიანად ვიყავი გამომთვრალი და ფეხიც მერეოდა. ტატოს მანქანაში არ ჩავუჯექი, ფეხით მინდა-მეთქი გავლა. დიდად არ გაჰკვირებია, მანქანა მახოს ჩააბარა და თვითონაც ფეხით გამომყვა. ხმისამოუღებლად მივდიოდით ღამის სიჩუმეში. მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა და ჩარლის ყეფა არღვევდა სიჩუმეს.
სახლში ყველას ეძინა უკვე. ჩუმად შევიპარე, რომ არავის გაეგო. კიბესთან მისული კი შევბარბაცდი, ასვლა გამიჭირდა.
_ოხ, შე ლოთო._წამჩურჩულა ტატომ, ხელში ბუმბულივით მსუბუქად ამიტაცა და სიფრთხილით აირბინა კიბის საფეხურები. ფეხით შეაღო ჩემი ოთახის კარი, საწოლზე დამაწვინა, ფეხსაცმელები გამხადა და იქვე მიაწყო. ქუდი და კაშნეც მომაძრო. მესიამოვნა მზრუნველობა. ეშმაკი შემიჩნდა და მოულოდნელად კისერზე მოვხვიე ხელები, ჩემსკენ მოვიზიდე. წამიერად გაირინდა. მის ანთებულ თვალებს ვხედავდი სიბნელეში.
_არასდროს მისარგებლია ქალის სიმთვრალით._მითხრა და ჩემი მკლავები ფრთხილად მოიშორა კისრიდან. საბანი მზრუნველად ამომიგო და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.
გავბრაზდი. ქალური თავმოყვარეობა შემელახა. უფრო, ჩემს თავზე გავცოფდი, რამ გამასულელა და გამატუტუცა ამხელა ქალი? დილით სირცხვილით როგორ უნდა შემეხედა სახეში? მთელი ღამე ვიბორგე და ვიწრიალე. სიმთვრალემაც გამიარა და ფხიზელი თვალით უფრო საშინელი მეჩვენებოდა ჩემი მდგომარეობა.
გამთენიისას ჩამეძინა ალბათ. რამდენ ხანს მეძინა არ ვიცი. ევა და მანჩო მხიარული სიცილით დამადგნენ საწოლში.
_თუ დალევა არ შეგეძლო რას ვარდებოდი ბურნასავით?_ ვითომ და მტუქსავდა მანჩო._ადექი ახლა, ერთი-ორი ჭიქა არაყი და გამოხვალ პახმელიაზე.
_არ მინდა რა._საწყალობელი ხმით ვეხვეწებოდი გოგოებს, მაგრამ მათ ჩემი არც ერთი სიტყვა არ ესმოდათ.
ძალით წამომაგდეს საწოლიდან. მაიძულეს ტანსაცმელი გამომეცვალა და ყურაწეული ბავშვივიჩთ ჩამიყვანეს მისაღებ ოთახში. ტატო, გეგა და მახო სუფრას მისხდომოდნენ უკვე. იძულებით დამსვა მანჩომ რატომღაც მაინცდამაინც ტატოს წინ. სირცხვილისგან ვიწვოდი, თვალს ვერ ვუსწორებდი.
_შე ორჭიქიანო შენა._მასხრად მიგდებდა მანჩო და თან არყით მივსებდა ჭიქას._აჰა, დალიე და მოგეშვება.
_არ მინდა, შემეშვი.
_სანამ წრუწუნასავით ჩაგასხი, დალიე._მკაცრად დამიბრიალა თვალები.
_მართლა არ მინდა._ფეხზე წამოვხტი._ ყავას მოვადუღებ, ის მირჩევნია._ვთქვი და სამზარეულოში გავედი.
მანჩოც უკან მომყვა ტუსტუსით.
_თქვენ შორის რა ხდება?_ ეჭვით შემომხედა და უშველებელი მწვანე ვაშლი მადიანად ჩაკბიჩა, რომელიც ვეებერთელა ბროლის ვაზიდან აიღო.
_ვინ ჩვენ შორის?_ვითომ ვერ მივხვდი.
_შენ და ტატოს შორის._დამიზუსტა ეჭვით მომზირალმა.
_არაფერი, რა უნდა ხდებოდეს?_გავიოცე და მის მზერას თვალი მოვარიდე.
_იცი რას გეტყვი, ჩემი ხუთი თითივით გიცნობ და ვერაფერს გამომაპარებ. წუხელ რამე მოხდა თქვენს შორის?
_არაფერი, გეფიცები._ ვუთხარი და ყავის მოდუღებას შევუდექი.
_კარგი, თუ არ გინდა თქმა, ნუ იტყვი, არ დაგაძალებ, მაგრამ რაღაც რომ ხდება აშკარაა._არ დამიჯერა მანჩომ._ის არის და ყველგან შენ გეძებს აღფრთოვანებული თვალებით. შენა ხარ და ჭარხალივით წითლდები და თვალს ვერ უსწორებ. სულელი გგონივარ?
_მართლა არაფერი მომხდარა და ტყუილი გითხრა?_უკვე მაღიზიანებდა მანჩოს გამოძიება.
_მაინც და მაინც სექსს არ ვგულისხმობ._უკვე ჩურჩულზე გადავიდა მანჩო._ტანსაცმლით იწექი, არაფერი მოხდებოდა, დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, რაღაც ხდება თქვენს შორის.
"ამას ხომ ვერაფერს გამოაპარებს კაცი?"_ გავიფიქრე და მაინც ვიუარე ყველაფერი.
_დაგელოდები, თვითონ მოგინდება ჩემთან ყველაფრის დაფქვა._დარწმუნებით ჩაილაპარაკა და მისაღებში გავიდა.
ყავა სუფრის წევრებისთვისაც მოვადუღე და მეც გავედი.
ჩემს გარდა ყველა კარგ დროს ატარებდა. ტატოს მზერას ხშირად ვგრძნობდი, თუმცა, მე არ შემიხედია ერთხელაც კი. ჩემთვის ვიჯექი დარცხვენილი.
_წუხანდელი ფოტოები და ვიდეოები ვის გინდათ განახოთ._სიტყვით გამოვიდა მანჩო.
_მე მინდა._გახალისდა ევა და გვერდით მიუცუცქდა.
_ამას უყურე ერთი, როგორი მოლხენა სცოდნია და აქ კი ზის მოჟამული სახით._შემომცინა ევამ.
_გაუშვი, პახმელიაა, გაუვლის და მოვა ხასიათზე._სიტყვა შემაშველა მანჩომ.
_ოღონდაც, აქ რა სადღეგრძელოს ამბობს სკამზე რომ დგას?
შევკრთი. როდის ვიდექი სკამზე არ მახსოვს, ან რა სადღეგრძელო ვთქვი? გონება დავძაბე.
_ჩემს სადღეგრძელოს ძვირფასო._ გაიცინა მანჩომ.
გამახსენდა, მე კი არა, მახო იდგა სკამზე და ცოტა შვებით ამოვისუნთქე.
დიდგანს ათვალიერეს ევამ და მანჩომ ფოტოები და გულიანადაც იცინეს. მერე, გეგაც მიუცუცქდათ.
წუხანდელი ჩემი სიგიჟე თავიდან არ ამომდიოდა და სირცხვილით ვიწვოდი. ტატო, მართლაც, რომ ვაჟკაცურად მოიქცა, თითი არ დამაკარა მთვრალ და ვნებააშლილ ქალს. თუმცა, მისი უარიც მაცოფებდა, აბა მარიეტა ყოფილიყო, მასაც უარს ეტყოდა ვითომ? სიბრაზით შევხედე. ტელეფონში ვიღაცას ემესიჯებოდა, ჩემთვის არ ეცალა.
ეჭვიანობით დაბრმავებულს ეშმაკი შემიჩნდა, უდიდესი სურვილი გამიჩნდა გამეგო ვის სწერდა ასე გამწარებული. ავდექი, ვითომ, სხვათაშორის ზურგიდან შემოვუარე და თვალი მისი ტელეფონისკენ გავაპარე. რა თქმა უნდა მარიეტა იყო. უარესად გავცოფდი. მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე, დეიდასთან წავსულიყავი და სანამ სწავლა არ დაიწყებოდა იქ დავრჩენილიყავი. მანამდე ტატოც წავიდოდა თბილისში და ცხოვრება ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა. სასწრაფო წესით ავედი ჩემს ოთახში და საჭირო ნივთები ზურგჩანთაში ჩავილაგე. მინდოდა წასვლა მომესწრო ცხელ გულზე, სანამ გადავიფიქრებდი. მხოლოდ იმას ვფიქრონდი, რითი გამემართლებინა ჩემი დღევანდელი მოულოდნელი გამგზავრება.
დაბლა ჩასულს კი ტატო აღარ დამიხვდა სახლში. "დაიბარა ქალბატონმა და ესეც თავპირისმტვრევით გაქანდა."_ გავიფიქრე სინანულით და ძალიან გამიხარდა, რომ წასვლა გადავწყვიტე.
მანჩომ გაოცებით შემომხედა.
_სად მიემგზავრები?
_დეიდასთან._წავიბურტყუნე ჩემთვის.
_რა საჩქაროა, ხვალ წასულიყავი, ახლა მგზავრობა იქნება?_არანაკლებ გაოცდა ევაც.
_დამირეკეს, დეიდა ყოფილა შეუძლოდ და აუცილებლად უნდა წავიდე._ვიცრუე.
_ტატოს დავურეკავ და წაგიყვანს._შემომთავაზა თეო ბებომ.
_არ მინდა._ისეთი ხმით ვთქვი, ჩემი ხმის თვითონვე შემეშინდა.
_გაგაცილებ მაინც._წამოხტა მანჩო.
_არ მინდა, ნურავინ შეწუხდებით, პირველად არ უნდა ვიმგზავრო.
გაოცებული მანჩო ეზომდე გამომყვა.
_რა მოგივიდა არ იტყვი?
_ახლა არა რა, ძალიან გთხოვ._ცრემლის შეკავება ძლივს შევძელი.
_კარგი._ადვილად დამთანხმდა._ იყოს, როგორც შენ გინდა, ოღონდ ამაზე უეჭველი ვილაპატაკებთ._გადამეხვია და გადამკოცნა, მერე კი ოთახში შებრუნდა.
კარგა ხანს მომიწია გაჩერებაზე დგომა. მგზავრობა მართლაც რომ არ იყო. ჩემს ჯიბრზე არც ტაქსის გამოუვლია. გვარიანად გავიყინე. უკან დაბრუნება არ მინდოდა. გადაწყვეტილი მქონდა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მაინც წავსულიყავი დეიდაჩემთან, სულაც ფეხითაც რომ მევლო.
მოულოდნელად ჩემს წინ მანქანამ დაამუხრუჭა.
ტატო იყო, წინ მარიეტა ეჯდა. გაოცებული გადმოვიდა და წინ ამესვეტა.
_სად მიდიხარ?
_დეიდასთან._ისე ვუთხარი, სახეში არ შემიხედია.
_მეც რაიონში მივდივარ და წაგიყვან.
_არ მინდა, მადლობა, ნუ შეწუხდები._გესლი გავურიე ხმაში და თან მარიეტას გავხედე სარკეში წითელ პომადას რომ ისვამდა.
_ნუ ბავშვობ._ხელი მომკიდა და ლამის ძალით ჩამსვა მანქანაში.
არ გავძალიანებულვარ. ჩემთვის მივიყუჟე კუთხეში და მთელი გზა ასე ხმისამოუღებლად ვიჯექი. მარიეტამ ეჭვით შემათვალიეტა თავიდან, მერე კი ენა აღარ გაუჩერებია, ხან რას უყვებოდა ტატოს სიცილით და ხან რას. მაღიზიანებდა უკვე მისი ეს თამამი და გამომწვევი სიცილი. სარკეში რამდენჯერმე ტატოს თვალებს წავაწყდი. უარესად დავიგრუზე. ეს გზაც საშინლად გაიწელა. ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთი სალონის წინ გაჩერდა და მარიეტა ჩამოსვა.
შურით გავაყოლე თვალი ლამაზად ჩაცმულ ქალს, თეძოების გამომწვევი რხევით რომ მიაბიჯებდა მოხდენილად. ნებისმიერ მამაკაცს აურევდა თავგზას...
ბოლო წუთს მეც ჩასვლა დავაპირე, მაგრამ ისეთი სიმკაცრით მითხრა ტატომ იყავიო, ვეღარ გავბედე გადასვლა. უსიტყვოდ განვაგრძეთ გზა. უაზროდ ვიყურებოდი ფანჯრიდან და ვათვალიერებდი ქუჩებს, სადაც საახალწლო განწყობა სუფევდა. როგორც იქნა შევჩერდით.
_კაფეში შევიდეთ, დავსხდეთ, სალაპარაკო მაქვს._სერიოზული სახით შემომიბრუნდა ტატო.
წინააღმდეგობა არ გამიწევია. მართლაც და ბავშვი ხომ არ ვიყავი? ხმისამოუღებლად გადავედი მანქანიდან და კაფეში შევყევი. სანამ შევიდოდით, კაფის ვიტრინაში ჩემს ორეულს მოვკარი თვალი: პომპონებიანი ქუდი, ყელიანი სვიტერი, კაპიუშონიანი ქურთუკი, ჯინსის შარვალი, სამხედრო სტილის შავი ბათინკები, სად მე და სად მარიეტა? ქალისა მართლაც რომ არაფერი მეცხო...
უხმოდ მივუსხედით მაგიდას და სანამ ტატო შეკვეთას აძლევდა, ფანჯრიდან ვითომ და ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი ქუჩაში მოსიარულე ხალხს. ცოტა ხანს უხმოდ ვისხედით. მერე, ისევ ტატომ დაარღვია დუმილი.
_გატყობ, იმ ღამის მერე დაძაბული ხარ და თვალს ვერ მისწორებ.
დარცხვენილმა ძლივს გავბედე და შევხედე შავად მოციმციმე თვალებში.
_მოდი, დავივიწყოთ ყველაფერი, სიმთვრალეში ათას სისულელეს იტყვის და გააკეთებს კაცი, არ ღირს მაგაზე მთელი ცხოვრება ჯავრი. მითუმეტეს, რომ მე არაფრად ჩამიგდია შენი საქციელი სიმთვრალის გამო.
_ბოდიში, არ ვიცი რა დამემართა._ძლივს წავილუღლუღე._ზოგადად ასეთი არ ვარ.
_ვიცი._გამიღიმა და მაგიდაზე დადებულ ჩემ ხელს ხელით შეეხო._არ მოგატყუებ და გეტყვი, რომ სულერთი არ ხარ ჩემთვის, დანახვისთანავე ჩამივარდი გულში. მაგრამ არც არაფერს დაგაძალებ... არც შენი სისუსტით ვისარგებლებ არასდროს... მარიეტაზე კი საეჭვიანო მართლა არაფერი გაქვს, ჩვენ ერთად არ ვართ...
შეკვეთამ დროულად მოგვისწრო. მიმტანის მოსვლისთანავე გაჩუმდა. მერე, კი, ამ თემას აღარც დაბრუნებია.
გულზე მომეშვა. იმდენად აღარ მრცხვენოდა მისი შეხედვის და მასთან საუბრის. კი მიფორიაქებდა გულს მისი მზერა და ღიმილი, მაგრამ ჩემს უგუნურ საქციელს იმდენად აღარ განვიცდიდი.
კარგა ხანს დავყავით კაფეში. მერე დეიდაჩემის კორპუსთან ღიმილით დამემშვიდობა.
_ვინ იყო?_სადარბაზოში შემეფეთა ჩემი დეიდაშვილი მარი.
_ჩემი დიასახლისის შვილიშვილი._სხვათაშორის ვთქვი, გადავკოცნე და კიბე სულმოუთქმელად ავირბინე.
_მართლა?_გაოცდა._რა პატარაა ეს სამყარო.
ეჭვით შევხედე.
_ახალ წლამდე ორი თუ სამი დღით ადრე საავადმყოფოში იყო, მაგის ახლობელი იწვა და ღამე იქ გაატარა. ექიმებიან-ექთნებიან-სანიტრებიანად ყველა დაშოკა. რა მაგარი ტიპია._აღტაცების დამალვა არც უცდია .
_რაო, რა თქვი, საავადმყოფოში რა უნდოდაო?_გავჩერდი და მარიც შევაჩერე.
_როგორც ვიცი მაგის ახლობელი ავარიაში მოყვა და ერთი ღამე თავზე ედგა. ეტყობა კარგი მაყუთა ჩანს, მკურნალობის ხარჯები მაგან დაუფარა.
გამახსენდა, ჩვენი პირველი შეხვედრისას წვიმაში ტელეფონმა რომ დაურეკა და შეშფოთებულმა ჰკითხა, ახლა როგორ ხართო. ის ღამე იყო ზუსტად სახლშიც რომ არ მოვიდა და თეო ბებო გაუბრაზდა. რატომ არ თქვა ნეტა არაფერი?
_აუ, გამაცანი რაა!_ფიქრებიდან მარის მუდარამ გამომარკვია.
_მეც ვერ ვიცნობ წესიერად, ახლახანს გავიცანი. თბილისში ცხოვრობს და იშვიათად ჩამოდის სოფელში.
_რა მაგარი ბიჭია!_არ ჩერდებოდა მარი.
_კაი, ხო, შენ ის მითხარი, დეიდა სად არის?_გამოსაფხიზლებლად ქეჩოში წამოვარტყი.
_ამაღამ მორიგეა, დილაზე მოვა სახლში.
_ბიძია?
_ისიც. ასე, რომ მარტოები ვართ სახლში._ეშმაკურად ჩამიკრა თვალი და ბინაში შემიძღვა.
_შენ როგორ მოერგე სოფელს?
_ვითომ სოფლელი არ ვარ არა?_კითხვას კითხვით ვუპასუხე და საწოლზე მადიანად გავიშხლართე._ როგორ დავიღალე რომ იცოდე.
_კაი ხო, მარტო დარჩენა გინდა._მიმიხვდა და უხალისოდ გაემართა კარისკენ._ცნობისთვის, ეს ჩემი ოთახიცაა.
ბალიში ვესროლე, თუმცა აიცდინა და კარში სიცილით გამასწრო.
გემოზე გამოვიძინე დამშვიდებულმა. საღამოთი კი მარის მივაკითხე ტელევიზორის წინ დივანზე რომ იწვა. გვერდით მივუჯექი და კალთაში ჩავიდე მისი თავი. მომნატრებია ეს გიჟი.შუბლზე თმა გადავუწიე და ვაკოცე. გაირინდა. კატასავით აკრუტუნდა სიამოვნებისგან. გამეცინა და ცხვირზე წკიპურტი წავარტყი.
_რას შვრები, როგორ ხარ არ იტყვი? როგორ მიდის შენი პრაქტიკის საქმეები, დამღლელია?
_დამღლელი კია, მაგრამ სახალისოც არის. იმდენ საინტერესო ხალხს ვეცნობი, მოსაწყენად არ მცალია... თუმცა, ზოგი ისეთიც მოდის, შეგეცოდება. ამასწინათ, ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოიყვანეს, რაღაც აფეთქებია ხელში. სამი თითის ამპუტაცია გაუკეთეს, ლამის გული წამივიდა... რამდენი სიფრთხილე მართებს ადამიანს. ახლა ვიწყებ ჩემი სიცოცხლის დაფასებას.
დავიხარე და ისევ ვაკოცე.
_ტელევიზორში რა ხდება, რა არის ახალი? რამდენი ხანია აღარ მომისმენია.
_რაღაც ვირუსი გავრცელებულა ჩინეთში, ჰაერწვეთოვანი გზით გადადისო. მოკლეთ, პანიკაშია ხალხი. სხვა რა გითხრა? სერიალებს შენ არ უყურებ და შოუებს.
_ვინმე კარგ ხელოსანს იცნობ, ხვალ რომ გამყვე? ტელეფონი გამიფუჭდა და გაკეთება მინდა._მოულოდნელად თემა შევცვალე.
_მე რომ ვიცნობ, შენ რა?_ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
_დამეხმარე და მეც არ დაგრჩები ვალში.
_ნომერს მეტყვი ტელეფონისას?_ გამოცოცხლდა უცბად.
_რა ნომერს?_ვერ მივუხვდი ჩანაფიქრს.
_იმ შენი დიასახლისის შვილიშვილისას, ტატო ქვია მგონი._მუდარით სავსე თვალებით შემომხედა.
_ნომერი რომ მართლა არ ვიცი? თან, რად გინდა, საშენო არ არის.
_კარგი რა, ნუ ხარ დეიდაშენივით კომუნისტი. უბრალოდ მომეწონა და მსუბუქი ფლირტი რა მოხდა ვითომ? არიქა და მასზე გათხოვებას კი არ ვაპირებ?
_კარგი, შევეცდები გაგიგო._დავაიმედე ტატოთი აღტაცებული ჩემი დეიდაშვილი და სამზარეულოში გავედი._ არ ვჭამოთ რამე? მომშივდა.
მარიც უკან მომყვა ღიღინით.
**********************************
დილაუთენია ხელოსანთან წავედით.
_რა მოუვიდა, მეორე მსოფლიო ომში მოყვა._ ჩემი ტელეფონი დაინახა თუ არა, ხუმრობის ხასიათზე დადგა ხელოსნის დამხმარე ახალგაზრდა ბიჭი.
_შენ ის თქვი, გაკეთდება თუ არა._ მკაცრად შეუტია მარიმ.
_გაკეთდება კი, მაგრამ ცოტა ძვირი დაჯდება._დასერიოზულდა ბიჭი.
_მაინც რამდენი?_ დავინტერესდი.
_ასე, სადღაც 100-150 ლარი.
_კარგი, მოვიფიქრებთ და მოგაკითხავთ._ ხელკავი გამომდო მარიმ და გარეთ გამომიყვანა._მაგ თანხაში ხომ ახალსაც იყიდი, ეგ ხომ არ გაგიჟებულა? წამოდი, ჩემი მეგობარი მუშაობს ტელეფონების მაღაზიაში, განვადებას გაგიკეთებს, თვეში 45-50 ლარიც რომ იხადო, ცუდი იქნება ვითომ?
მარის იდეა მომეწონა და ყოყმანის გარეშე გავყევი მაღაზიაში. დიდხანს ათვალიერა ვიტრინაში გამოფენილი ტელეფონები. ბოლოს ხუთასი ლარის ფარგლებში შემირჩია. მომეწონა, მონაცემებიც და ფასიც მისაღები იყო ჩემთვის.
_ფერი უკვე შენზე იყოს._დათმობაზე წავიდა მარი.
არჩევანი რომ მართლაც დიდი იყო: შავი, თეთრი, ლურჯი მწვანე და წითელი. ყოყმანის გარეშე წითელი ავიღე, ჩემი საყვარელი ფერი.
განვადების გაფორმებას რაღაც პროცედურები და ცოტა დრო დასჭირდა. მერე, კი, უკვე ბედნიერი გამოვედი მაღაზიიდან.
_წამოდი, ბარემ ბრონიც დავაკრათ._ხელკავი გამომდო მარიმ და მეც სიხარულით გავყევი.
იქვე ახლოს სულ სხვა ხელოსანთან მიმიყვანა. ტელეფონი დახლზე დაუდო და, ბრონი და სილიკონი თუ გაქვთ ამ ტელეფონისთვისო, ჰკითხა.
_კი, ორივე გვაქვს._გამახარა მისმა პასუხმა._სილიკონი ფერებში გვაქვს, რომელი მოგართვათ.
_რა თქმა უნდა გამჭვირვალე._არ დამაცადა პირის გაღება მარიმ.
ეს სიამოვნება 20 ლარი დამიჯდა. განვადება თვეში 47 ლარი. ცუდი არ იყო. რაღაც ჩემი თავისთვისაც რომ შევიძინე ახალი და სხვისი გამონაცვალი არ მქონდა, მიხაროდა ფრთებშესხმული დავბრუნდი სახლში.
დეიდაჩემი მორიგეობიდან დაბრუნებულიყო დაღლილ-დაქანცული და უძილო. ოთახში შესვლისთანავე გადავეხვიე, ცრემლების შეკავება არც მიცდია. ეს უკვე ბედნიერების და სიყვარულის ცრემლები იყო. მართალს ამბობენ: დეიდას დედის სუნი უდისო...
_ჩემო გოგო, როგორ ხარ?_გული ამოუჯდა დეიდაჩემსაც.
_ეს გულისამაჩუყებელი სცენები რა საჭიროა?_აბუზღუნდა მარი და სამზარეულოში გავიდა._თქვენ არ გშიათ? მე ძალიან. არ ვისადილოთ?
_როგორ შეეწყვე იქაურობას, ხომ არ გაგიჭირდა?_დეიდაჩემი ისევ მე მეხუტებოდა.
_არა დეიდა, ყველაფერი ძალიან კარგადაა. ჩემი მოხუცი დიასახლისი კეთილი ქალია, სულ თავს მევლება._მხრებზე ხელი მოვხვიე და ჩვენც სამზარეულოში გავედით._მარტოხელას ძალიან გაუხარდა ჩემი მისვლა, ხმის გამცემი მეყოლებაო. ვართ ჩვენთვის "სკუჩნად".
_ვნერვიულობდი, უცხო გარემოს როგორ შეეჩვეოდი.
_სანერვიულო არაფერია, მართლა კარგად მოვეწყვე._შუბლზე ჩამოშლილი უკვე ჭაღარაშერეული თმა გადავუწიე და ვაკოცე._სკოლაშიც კარგი სიტუციაა, ასე, რომ არ ღირს ნერვიულობა.
მარის გაწყობილ სუფრას მივუსხედით და გემრიელად შევექეცით სადილს. თითო ჭიქა არაყიც დავლიეთ. სადილს რომ მოვრჩით, დეიდა მოსასვენებლად გავიდა საძინებელში, მე და მარიმ კი სამზარეულო მივალაგეთ ჩუმი სიცილ-კისკისით.
_წამოდი ახლა, შენს ტელეფონსაც მივხედოთ, გასწავლო ცოტა რაღაც-რუღაცეები._ჩვენს ოთახში გამიძღვა ვაცივით.
მონდომებით მიხსნიდა მის ფუნქციებს. მეც ინტერესით ვუსმენდი და ვიმახსოვრებდი შეძლებისდაგვარად. თან, მიკვირდა, ამდენი საიდან იცოდა.
_ესეც ასე, ყველა ის აპლიკაცია ჩაგიწერე, რაც უეჭველი გჭირდება. თუ რამე ვერ გაიგე, საღამოს აქ ვიქნები და მკითხე, ახლა მეგობრებთან უნდა წავიდე თქვენის ნებართვით.
ჩემი ახალი ტელეფონის გაგება დიდად არ გამჭირვებია. მანჩოს ტელეფონიდან ყველა ნომერი თუ ფოტო უკლებლივ გადავიტანე. ჩარლისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს რომ წავაწყდი, გული სიამით ამევსო. მშვენიერი ფოტოები იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი. ერთ-ერთი შევარჩიე და ჩემს ფეისბუქ გვერდზეც ავტვირთე.
ადრე, რატომღაც, არ მინდოდა სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოების გამოჩენა. ჩემი წარსულის გამო თავს ვიკავებდი, არ მინდოდა იქაურებს მოვხვედროდი თვალში და ახალი ჭორები აეგორებინათ. ახლა კი, რაც ტატოს შევხვდი, ცხოვრებას სულ სხვა თვალით დავუწყე ყურება. ყველაფრის ინტერესიც გამიჩნდა და ხალისიც. მეც თანამედროვე გოგო გავხდი და ფეხი ავუწყე მის რიტმს.
ჩემი და ჩარლის ფოტომ უმალ პოვა უამრავი მოწონება თუ კომენტარი. ვაღიარებ, ეს ძალიან მომეწონა. ევასაც აეტვირთა ახალი წლის ღამის ფოტოები. ჩემგან მონიშვნის თანხმობას ელოდებოდა. გადავავლე თვალი. ფოტოებზე ტატოს ხილვამაც გამახარა. მისი კოცნა გამახსენდა და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. უეჭველი შეყვარებული ვარ! იმის გააზრებამ, რომ არც თვითონ იყო ჩემს მიმართ გულგრილი, ბედნიერებით ამავსო.
საღამოს ბიძაჩემიც მოვიდა სამსახურიდან. დიდად არ გახარებია ჩემი დანახვა. თუმცა, მიჩვეული ვიყავი უკვე მისგან გულგრილ დამოკიდებულებას და არ მწყენია. სუფრა გავუწყე, ივახშმა და ტელევიზორის წინ დივანზე გადაინაცვლა. დეიდასაც გაეღვიძა და გამოვიდა საძინებლიდან. მაშინვე შვილი მოიკითხა ქმრის უჩუმრად. ჩემი პასუხი რომ გაიგო, უკმაყოფილომ დაურეკა და სახლში მოსვლა სთხოვა, მამაშენი მოვიდაო.
ზუსტად ათ წუთში მოვიდა მარი ლაღი და მხიარული.
_მამიკო!_გვერდით მიუჯდა მოღუშულ კაცს და მიეხუტა._დაიღალე?
_მაშ რა მომივიდოდა?_კითხვას კითხვითვე უპასუხა და ხელი მოხვია გოგონას.
_ჩემი მშრომელი მამიკო._უფრო მიეკრა მარი.
არ ვიცი, მართლა უყვარდა თუ არა ეს მკაცრი გამომეტყველების კაცი. იქნებ, რომ არ გაბრაზებოდა იმიტომაც ელაქუცებოდა ასე ძალიან. თუ ეს უკანასკნელი იყო მიზეზი, ვაღიარებ, რომ მსახიობობის ნიჭითაც ყოფილა დაჯილდოვებული ჩემი დეიდაშვილი.
_აკი არ ვიცნობო?_ჩვენს ოთახში გასვლისთანავე მისაყვედურა მარიმ.
ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და გაოცებულმა შევხედე.
_არ გინდა რა მიამიტურად მაგ შენი ცისფერი თვალების ფახული._უკმაყოფილო სახით მითხრა და ტატოსთან ერთად გადაღებული ევას ფოტოები მაჩვენა თავის ტელეფონში.
_მართლა არ ვიცნობ წესიერად. რა დაგიფიცო რომ დამიჯერო? მის მამიდაშვილებს კარგად ვიცნობ, ხშირად მოდიან ბებიასთან. ეგ იშვიათად ჩამოდის. რაც იქ ვარ, არ შემხვედრია, ახალი წლის წინა დღეს ჩამოვიდა და მაშინ გავიცანი.
არ ვიცი დამიჯერა თუ არა მარიმ, მაგრამ ფაქტია, რომ ხმა აღარ გაუცია ჩემთვის, ყურსასმენები მოირგო და საწოლზე წამოგორდა.
************************************
იმ დღეს აღელვებულმა დამირეკა მანჩომ, აქეთ ვარ და შეიძლება შემოგიაროვო? რა თქმა უნდა მეთქი, დავთანხმდი. მარიც სახლში იყო მანჩო რომ მოვიდა. თავიდან თითქოს იკავებდა თავს, არ უნდოდა მისი თანდასწრებით ლაპარაკი მანჩოს, მაგრამ მერე კი ამოთქვა.
_გადამრევს ეს ბიჭი.
_ვინ?_გაოცებულმა შევხედე.
_ვინ და ტატო.
გულმა რეჩხი მიყო.
_რა მოხდა?_შევეცადე მღელვარება დამეფარა.
_რა მოხდა და მახოსთვის უარი უთქვია წუხელ მეჯვარეობაზე.
_რას ლაპარაკობ?_შევიცხადე.
_აქამდე ვიცოდით რომ ეგ უნდა ყოფილიყო და რატომღაც ბოლო წუთს უარი განაცხადა.
_მერე, მახომ რაო?
_მახომ რაო და არაფერიო, ამართლებს ბიჭს, ალბათ საპატიო მიზეზი აქვს, თორემ ეგ მასე არ მოიქცეოდაო.
_რა მიზეზი უნდა ქონდეს ნეტავ?_საგონებელში ჩავვარდი,_მერე, თქვენ რას შვრებით ახლა?_შიშით შევეკითხე მანჩოს, დღე-დღეზე მოსული ქორწილი და ჯვრისწერა ხომ არ ჩაეშლებოდათ?
_თვითონვე გამონახა კანდიდატურა, ლევანი იქნებაო._აღშფოთებას ვერ მალავდა მანჩო.
მარი გულისყურით გვისმენდა ორივეს და ხმას არ იღებდა.
_რაც არის ეგ არის, ტატოს გულისთვის ახლა მე დაგეგმილ ქორწილს არ ჩავშლი. არ უნდა და ნუ უნდა, თავშიც ქვა უხლია და მუცელში სამართებელი. თავად, მაგის ბრალია ასე რომ გაგვიჯანჯლდა. მოუნდა ბიჭს საფრანგეთისა და გერმანიის მოვლა._არ ცხრებოდა მანჩო._ აქამდე ხომ დავიწყებულიც უნდა მქონოდა ჩემი ქორწილის ციებ-ცხელება?
_და ქორწილი როდის გაქვთ?_დაინტერესდა აქამდე ჩუმად მჯდარი მარი.
_თერთმეტში.
_შენ იცოდი?_ მომიბრუნდა გაოცებული.
_კი._ძალიან მშვიდად მივუგე.
_მერე და არ უნდა თქვა? გამზადება არ გვინდა?
_რა გამზადება გვინდა?_ჩემ მხრივ გავიოცე მეც.
_როგორ თუ რა გამზადება, კაბა არ გინდა?
_რა კაბა, ნუ გადამრევ, მე კი არ ვთხოვდები?
_აბა, ამას უყურე!_ახლა მანჩო მომდგა გაოცებული._პატარძლის მერე მეჯვარეს ათვალიერებს ყველა მუშტრის თვალით. შენი აზრით, არ მინდა რომ ლამაზი მეჯვარე მყავდეს?
_ნეტა კაბა რად უნდა?_გამომაჯავრა მარიმ._ ამას თავისი დახეული ჯინსები ჩააცვი და ისე ატარე.
_ამ სიცივეში კაბას რა ჩამაცმევს?_გამიკვირდა.
_ნუ გეშინია, აქედან მანქანით მიგაბრძანებთ. რესტორანში ეთბილება და ჯვრის წერის დროს ეკლესიაში კი, გაძლებ როგორმე._დამამშვიდა მანჩომ.
აქამდე კაბაზე მართლაც არ მიფიქრია. ჩემს გარდერობს გონების თვალი მოვავლე. მარი მართალი იყო, იქიდან არაფერი გამოდგებოდა: ჯინსები, ბრიჯები, შორტები და აიღე დაიღე სარაფანი?... გვარიანად შევფიქრიანდი, მართლაც და რა უნდა ჩამეცვა?
მარიმ პირობა დაუდო მანჩოს, რომ ჩემზე აუცილებლად იზრუნებდა და ჩემი დარდი არ ქონოდა.
_კარგი._გახალისდა მანჩოც._მე ეს დღეები თბილისში უნდა ვიყო. კაბა, მაკიაჟი და ათასი წვრილმანი მაქვს მოსაგვარებელი. ეკლესიაშიც იქიდანვე მომიწევს მისვა, სოფელში აღარც დავბრუნდები. თქვენს ტრანსპორტირებაზე ვიზრუნებ, გამოგიყოფთ მძღოლს._მხიარულად და მარის იმედად დაგვემშვიდობა მანჩო.
***********************************
ისეთი დამღლელი აღმოჩნდა ჩემთვის კაბის შერჩევა, ვერ აღვწერ. მთელი დღე მაღაზიიდან მაღაზიაში სირბილისგან ქანცი გამძვრა. გასახდელში შესვლა და უამრავი კაბის მოზომვა უკვე აღარ მინდოდა. მარი კი დანებების საშუალებას არ მაძლევდა, ხან ჩხუბით და ხანაც მოფერებით მამხნევებდა.
დღის ბოლოს კი, როგორც იქნა, შევარჩიეთ კაბა. ვაღიარებ, ძალიან მომეწონა: კრემისფერი, ოდნავ მუხლს ზემოთ, არც ისე ვიწრო და სწორი, იდაყვამდე მკლავებით, უბრალო და სადა, თუმცა ძალიან მოხდენილი კაბა იყო. ცოტა, თითქოს ჩემთვის, მომეტებულად მეჩვენა მკერდი მოშიშვლებული, მაგრამ მარიმ მაინც თავისი გაიტანა. ამ ფერის ფეხსაცმელები მე მაქვს და გათხოვებო, კმაყოფილმა წამჩურჩულა. სარკეში მეც კმაყოფილი ვუყურებდი ჩემს ანარეკლს. თურმე კაბა ძალიან მიხდებოდა.
მეორე დღე წარბების კორექციისა და მანიკურის იყო. ამ ხარჯებს ჩემს თავზე ვიღებო მარიმ და ვერც გადავათქმევინე. საღამოს კი, უკვე ცეკვისა და მაღალ ქუსლებზე დგომის გაკვეთილები გვქონდა. მიუჩვეველი ძლივს დავდიოდი, რომელ ცეკვაზე იყო საუბარი? დავიღალე კი არა, გადავიღალე. მგონი, მანჩო არ ღელავდა ასე თავის ქორწილზე, როგორც მე. არ მინდოდა რამე შემშლოდა და ცუდად გამოსულიყო.
ქორწილის დღეს კი დილაუთენია ვიყავით ვარცხნილობაზე და მაკიაჟზე. მაკიაჟი ოდნავშესამჩნევი ვისურვე. ვარცხნილობა კი, მარის შერჩევით. ნახევრად ჩამოშლილი ჩემი ვარდისფერი კულულები ასე არასდროს მომწონებია. სარკეში ჩემს ორეულს კმაყოფილი ვუყურებდი. მარიეტაზე არანაკლებ მოხდენილი და სასურველი ქალი ვიყავი.
როცა მანქანამ მოგვაკითხა, თითქმის მზათ ვიყავით უკვე. მარიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა შავ, ელეგანტურ გრძელ კაბაში.
კიბეებზე რის ვაი ვაგლახით ჩავედი. "არ არის ჩემი სტილი ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ძალია?"_თან ვბუტბუტებდი და თან ძლივს მივლახლახებდი. ეზოში გასულმა უკვე წითელი ლენტებით მორთული ტატოს მანქანა რომ დავინახე, გული ამიჩქარდა. მაგრამ მძღოლი გეგა აღმოჩნდა.
_ვიქტორია სეკრეტის ანგელოზებს გავხართ._გაგვიღიმა გეგამ და ზრდილობიანად გაგვიღო მანქანის კარი.
მთელი სამეზობლო აივნებსა და ფანჯრებს იყო ცნობისმოყვარე მზერით მომწყდარი. ბიძაჩემმა მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვა და ჩვენც დავიძარით ადგილიდან.
თავიდან მეშინოდა გეგას მძღოლობისა, თუმცა სულ ტყუილად, გამოცდილი მძღოლი გამოდგა. თბილისამდე ძალიან უსაფრთხოდ გვატარა. მერე კი, ქორწილის ხალხს და გადამღებ ჯგუფს რომ შევუერთდით, დაიწყო გიჟური რბოლა.
_თავი ჯეტიაში მგონია!_ უხაროდა მარის და ჭკუაზე აღარ იყო.
მე თვალებს ვხუჭავდი შეშინებული და მხოლოდ იმას ვნატრობდი, არაფერი მოგვსვლოდა.
გადამღების მანქანამ გადაგვისწრო, სადაც ლუქიდან ამოსული ოპერატორი ჩვენს გიჟურ რბოლას იღებდა.
_ლუქი გახსენი რა._გეგას შეეხვეწა მარი.
მანაც არ დააყოვნა და გაუღო. მარი მოხერხებულად შეხტა სავარძელზე და ლუქში ლამის მთელი ტანით ავიდა.
_რას შვრები გოგო!_შევყვირე და კაბაზე მოვქაჩე.
მარი კი ღიმილით აფრიალებდა ბუშტებს და ყველას ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა.
სახიფათო, მაგრამ ძალიან ლამაზი სანახავი იყო ყველაფერი. ამინდიც ხელს გვიწყობდა: მზიანი და თბილი იყო.
ჯვრის მონასტერთან რომ გადავუხვიეთ, მარი გეგას დავუტოვე და მე მანჩოსთან გადავედი.
უმშვენიერესი პატარძალი იყო მანჩო, თვალი ვერ მოვწყვიტე.
_კარგად უმუშავია შენს დეიდაშვილს._დამინახა თუ არა, კმაყოფილმა გამიღიმა თვითონაც._მაკიაჟის გაფუჭების მეშინია, თორემ მადიანად ჩაგკოცნიდი.
მარი ისევ ლუქიდან იყო ამოსული და წინ მიგვიძღოდა მათი მანქანა.
_თქვენც რომ ახვიდეთ გადასაღებად, ცუდი არ იქნებოდა._თავისი აზრი გამოთქვა ლევანმა.
მახოსაც მოეწონა ეს იდეა და ცოლ-ქმარი ძლივს აეტია ღია ლუქში.
მართლა მშვენიერი და კარგი იყო ყველაფერი. ერთადერთი, რაც უკმარისობის შეგრძნებას მიტოვებდა, ტატოს არყოფნა იყო. მანჩოსაც ვერაფერს ვეკითხებოდი, ასე მეგონა მიმიხვდებოდა ყველაფერს.
მონასტერში, ჯვრისწერის ცერემონიალზე, ცოტა არ იყოს შემცივდა. ფეხსაცმელების გამო ფეხებიც საშინლად მტკიოდა და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ბავშვივით არ მეღრიალა. თურმე, რამდენი რამის ატანა და გაძლება უწევთ ქალებს, ლამაზად რომ გამოიყურებოდნენ! მე ამ ყველაფერს მიუჩვეველი ვიყავი და ამიტომ კატასტროფად მეჩვენებოდა ყველაფერი.
ჯვრისწერაზეც და მას მერე, მონასტრის ეზოშიც, დიდხანს მოგვიწია პოზიორობა ფოტოების გადასაღებად. ყოჩაღ ფოტომოდელებსაც, მთელი დღე საშინელ პირობებში რომ უწევთ მუშაობა. მხურვალე აპლოდისმენტები ჩემგან. უდაოდ, ჯილდოს იმსახურებენ.
და როგორც იქნა, დასრულდა ყველაფერი... მონასტრის ეზოდან მანქანამდე დაღმართზე ფრთხილად დავეშვი. მარის ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. მანჩო და მახო წინ წასულიყვნენ უკვე. საცოდავად ნელ-ნელა მივკანკალებდი.
_ნეტა რა თავს იკლავთ ეს ქალები ამხელა ქუსლებზე?_ მოულოდნელად წელზე ხელი მომხვია ტატომ და სიარულში მომეხმარა.
შევკრთი. სად იყო, როდის მოვიდა რატო ვერ დავინახე?
ერთი კი შევღიმე და შორიახლოს ჩემთან ზურგით მდგარ მარის მოვკარი თვალი, გეგას ელაპარაკებოდა მხიარულად. პირდაპირ მათთან მივედით.
_მალმალე ლუქიდან რომ არ ამოხტე არ შეიძლება?_გვარიანად დავტუქსე.
შემცბარი შემომიბრუნდა. ჩემს გვერდით ტატო რომ დაინახა დაიბნა.
_შეენ?_გაოცება ვერ დამალა ტატომაც მის დანახვაზე._ შენ ის პრაქტიკანტი არ ხარ?
_დიახ._ეშმაკურად გაუღიმა მარიმ.
_გამიხარდა შენი ნახვა._გულწრფელად გაუღიმა ტატომ._მერე გეგას მიუბრუნდა._ნელა იარო ხომ შეგიძლია, ჩაბარებული გყავს გოგო.
_თვითონ მაქეზებს, ყველას გადაუსწარიო და მე რა ვქნა?_მხრები აიჩეჩა გეგამ.
_ეს იზავს მაგას და შენ აუცილებელი არ არის რომ დაუჯერო._ვუთხარი ცოტათი დარცხვენილ გეგას და პატარძლის მანქანას მივაშურე.
რესტორანში მყუდრო გარემო სუფევდა. ყველაფერი მშვენივრად და იდეალურად იყო გაწყობილ-გაფორმებული. სიძე-პატარძლისა და მეჯვარეების ცეკვასაც გავუძელი როგორღაც და ძლივს მეღირსა პატარძლის მაგიდასთან დაჯდომა. მართლა და რა სისულელეა ჩემისთანა ქალისთვის ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები? რა თავს ვიკლავ ნეტა. გავიხადე და მაგიდის ქვეშ დავმალე ფეხებიც და ფეხსაცმელებიც.
მშვიდობიანად და ძალიან ლამაზად მიმდინარეობდა ყველაფერი. მარი ჩემი თვალთახედვის არეში იჯდა გეგასთან და კარგად მხიარულობდნენ ორივენი. ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს სტუმრების დაჟინებულ მზერაზე. მანჩომ რამოდენიმე ჭიქა შამპანური დაძალებით დამალევინა სიმხნევისთვის და უხერხულობაც სადღაც გაქრა. კარგად გავხალისდი. მოშორებით მჯდარ ტატოს თვალებსაც ვაწყდებოდი ხშირად და ჩემზე ბედნიერი ქალი არავინ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე.
მთიულური დაუკრეს და გეგამ საცეკვაოდ გამიწვია. ახალი წლის ღამიდან იცოდა რომ კარგად ვცეკვავდი და თავპატიჟი არ დამიწყია. ჩემი ფეხსაცმელები მაგიდის ქვეშ დავტოვე და ფეხშიშველი გადავედი საცეკვაოდ.
ყველა იქ მყოფის ყურადღება მივიქციეთ. აღტაცებული შეძახილებითა და ტაშით გვამხნევებდნენ. გვიღებდნენ ფოტოებსა თუ ვიდეობს. შუა ცეკვაში ვიყავით, რომ მოულოდნელად ტატომ ჩაუჭრა მოხდენილად და ახლა მე და მან განვაგრძეთ ცეკვა. გარშემო ვეღარავის ვხედავდი მის გარდა. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. აქამდე ეჭვი მეპარებოდა, ახლა კი დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ მიყვარდა მთელი გულით, მთელი არსებით და უიმისოდ სიცოცხლე აღარ შემეძლო უკვე...
მუსიკა რომ დამთავრდა, მეწყინა, მინდოდა ბედნიერი წუთები სამუდამოდ გაგრძელებულიყო.
გამიღიმა, ჩემი რჩევა გაგითვალისწინებიაო, ფეხებზე მანიშნა. მერე დაიხარა და წამჩურჩულა:_არასდროს შეიცვალო, ყოველთვის ისეთი იყავი როგორიც ხარ. მე ასეთი მომწონხარ.
სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა, რაც მისმა ჩურჩულმა მაგრძნობინა იმ წუთებში. სასიამოვნოდ გაბრუებული დავუბრუნდი მაგიდას.
_მშვენიერები იყავით._არ დამალა აღფრთოვანება მანჩომ და გულიანად ჩამკოცნა._ეტყობა, ურთიერთობა დაგილაგდათ. არ მითხრა ახლა რომ კიდევ არაფერი ხდება თქვენს შორის, მაინც არ დაგიჯერებ.
უარყოფას აზრი არ ქონდა, მაინც სახეზე სახეზე მეწერა ყველაფერი. ჩემი წილი ბედნიერება მეც მერგო და უზომოდ მადლიერი ვიყავი უფლის.
*******************************
ქორწილმა მშვიდობიანად ჩაიარა. ჩემი და მარის სახლში მიყვანა ისევ გეგას ხვდა წილად. მთელი დღის შთაბეჭდილებებს მხიარულად გვიზიარებდა უკვე გაშინაურებული და წინა სავარძელზე წამოსკუპებული მარი. ისეთი თამამი, ლაღი და თავისებური იყო, ლამის შემშურდა კიდეც.
შუაღამე გადასული იყო, სახლში რომ მივედით. დეიდას არ ეძინა და გველოდებოდა. შემეცოდა, მორიგეობის დროს არ ყოფნის ძილის გატეხვა, რომ ახლა ჩვენს გამო ფხიზლობდა? სახლში მშვიდობიანად მისულები რომ დაგვიგულა, მალევე დაწვა და დაიძინა.
_იცი, დღემდე ვფიქრობდი, რომ პატარძლის ან სიძის მხრიდან მოსწონდა ტატოს ვინმე და იმიტომ თქვა მეჯვარეობაზე უარი._ოთახში შესვლისთანავე მითხრა მარიმ.
_და დღეს რა შეიცვალა?_გავიკვირვე.
_ნეტა რას მალავ, სახეზე გაწერიათ ორივეს ერთმანეთის სურვილით რომ კვდებით.
_ნუ ბოდიალობ რაღაცას რა!_შევუბღვირე და აბაზანაში გავედი მაკიაჟის მოსაშორებლად. ოთახში დაბრუნებულს კი მარი უკვე დაწოლილი დამხვდა.
_მოდი რა გაჩვენო?_თავისი ტელეფონით გადაღებული ფოტოებიდან ერთ ერთი გაადიდა და თვალწინ ამიფრიალა._ნახე რა თვალებით გიყურებს და კიდევ მეტყვი რომ ვბოდიალობ რაღაცეებს?
_აზვიადებ რაღაცას._შუქი ჩავაქრე და დავწექი._დაიძინე ახლა, საცაა გათენდება, შენი ხმა არ გავიგონო._გავაფრთხილე მკაცრად.
მე დამიჯერა, თუ მართლა დაღლილი იყო, ხმა აღარ ამოუღია და აღარაფერი უთქვია ჩემთვის.
მარი მართალი იყო, ტატოს მიმართ ძლიერ ლტოლვას განვიცდიდი. მახსენდებოდა თუ არა მისი მთრთოლვარე ტუჩების შეხება, მთელ სხეულში რაღაც სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. მისი მომაჯადოებელი ღიმილი და კუპრივით შავი თვალები მოსვენებას მიკარგავდნენ.
სწავლის დაწყებამდე დღეები ძლივს გადავაგორე და მერე, როგორც გალიიდან გამოშვებულმა ჩიტმა, ისე დავტოვე დეიდის სახლი და სოფელს მივაშურე. ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა: დავდიოდი სამსახურში, სადაც გულს ვაყოლებდი ბავშვებთან ურთიერთობას. თეო ბებოს ვეხმარებოდი, როცა ამის საჭიროება მოითხოვდა. ტატოსაც დაეწყო მოუცლელობის პიკი და ბებიას ვეღარ სტუმრობდა. ქორწილის მერე აღარ მენახა და მართლა გიჟს ვგავდი უკვე. ერთი კვირა ერთ საუკუნედ მეჩვენებოდა.
კვირა დილით თეო ბებო ევასთან და გეგასთან წავიდა სანახავად. საღამოს შეაგვიანდა და დამირეკა, ვეღარ მიხერხდება ჩამოსვლა და ამაღამ აქ ვრჩებიო. ცოტა არ იყოს შემეშინდა ამხელა სახლში მარტო დარჩენის, მაგრამ არაფერი მითქვია. ჩარლი ავუშვი, ასე უფრო იმედიანად ვიგრძნობდი თავს. დარწმუნებული ვიყავი, რომ უცხოს არ გააჭაჭანებდა ეზოში. უხალისოდ ვივახშმე და შხაპი მივიღე. აბაზანიდან გამოსულს ტელევიზორი ჩართული რომ დამხვდა, ცოტა მეუცხოვა, თითქოს ისე მახსოვდა რომ გამოვრთე. თეო ბებოს ოთახში შევიხედე, იქნებ მოვიდა-მეთქი, მაგრამ არსად ჩანდა.
_ამ ბოლო დროს სკლეროზის ნიშნებიც დამეწყო._სინანულით ჩავილაპატაკე, ტელევიზორი გამოვრთე და ჩემს ოთახში ავედი.
აქამდე ჩემს ჩაცმულობაზე რომ არ ვზრუნავდი, ახლა კარგა ხანს ვარჩიე სადილაოდ ტანსაცმელი. როგორც იქნა შევარჩიე და დავაუთოვე კიდეც. დასაწოლად რომ მოვამზადე, მაშინ გამახსენდა, რომ ტელეფონი აბაზანაში დამრჩა. პერანგისამარა ჩავირბინე კიბეზე. აბაზანის კარებს ხელი წავატანე თუ არა, გაიღო. იქიდან ტატო გამოვიდა. წელს ზემოთ შიშველი იყო. შევკრთი. პირსაწმენდით თმას იმშრალებდა. მარჯვენა მხარზე აბლაბუდის დიდი ტატუ ჰქონდა და ძალიან უხდებოდა. სიამოვნებით შევავლე მის უზადო სხეულს თვალი. რომ დამინახა გამჭვირვალე მოკლე პერანგში, თვითონაც შეცბა წამიერად.
_ტელეფონი დამრჩა._წავილუღლუღე საცოდავად და თვალი მოვარიდე.
_აა, აი._ჯიბიდან ამოიღო და გამომიწოდა._ბებია სად არის?_ ისე მკითხა, თითქოს არ იცოდა სად იყო.
_მამიდაშენთან და ჯერ არ მოსულა._ისე ვუთხარი, აღარ შემიხედია მისთვის. მაშინვე კიბეს მივაშურე.
რაღაც ანდამატივით მიზიდავდა მისი სხეული და თავის დაღწევა მინდოდა. ფეხები ისე დამმძიმებოდა, ძლივს ავიარე საფეხურები. დერეფანში ჩემს ოთახს რომ გავცდი გაუცნობიერებლად, მერე აღმოვაჩინე, რომ ტატოს ოთახისკენ მივდიოდი. შევჩერდი, აქ რას ვაკეთებ?_შიშით გავიფიქრე და შემოვბრუნდი. იქ კი, არანაკლებ აღელვებულ ტატოს გადავაწყდი. კიდევ ერთხელ შევავლე სიამოვნებით თვალი თითოეულ მის კუნთს, ოდნავ მოძრაობაზეც რომ კრთოდა და ღრმად ვსუნთქავდი, თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა. გამჭვირვალე პერანგში მეც ნათლად მიჩანდა სხეულის ყველა ნაკვთი და ვგრძნობდი როგორ დაჟინებით მიმზერდა ტატო. მერე, კედელთან მიმიმწყვდია. საკუთარი გულისცემა მესმოდა. მთლიანი სხეული მიხურდა. ფრთხილად დაიხარა და მაკოცა. იმ წამს დავკარგე თავი, კოცნას კოცნითვე ვუპასუხე და წელზე მჭიდროდ მოვხვიე ხელები. ეს ჩემი თანხმობა იყო. ვნებამორეულმა ხელში აყვანილი შემიყვანა თავის საძინებელში.
*******************************
მზე უკვე ამოსული იყო, დილით რომ გამეღვიძა. მის მკერდზე მედო თავი და გულის რიტმულ ფეთქვას სიამოვნებით ვუსმენდი. მისი მშვიდი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა. ალბათ, დიდხანს დავრჩებოდი ასე, სამსახურში წასასვლელი რომ არ ვყოფილიყავი. ფრთხილად ავდექი და ფეხაკრებით გამოვიპარე ოთახიდან. უზომოდ, უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ტანსაცმელი ჩავიცვი, სამზარეულოში ჩავედი. წუხანდელი ბობოქარი ვნების ბურანში ვიყავი ისევ. იმ ძალადობის მერე პირველად ვიყავი მამაკაცთან ჩემი ნებით და ვაღიარებ რომ სიამოვნებითაც.
სკოლაში ისე წავედი, არ გაუგია. ყველა მატყობდა, რომ დღეს განსაკუთრებული დღე იყო ჩემთვის. ბედნიერებისგან კი არ დავდიოდი, დავფრინავდი. მანჩოც ეჭვის თვალით მიყურებდა, თუმცა ვერაფერს ვუყვებოდი. როგორ მომეყოლა ის, რაც წუხელ მოხდა? ბავშვები თვის ბოლოს ამინდის გაუმჯობესებაზე ლაპარაკობდნენ და ჩაშლილ ლაშქრობას თავიდან გეგმავდნენ. მე მათთან არ ვიყავი, ღრუბლებში დავფრინავდი და ინსტიქტურად ვუქნევდი ყველაფერზე თავს.
დღის ბოლოს მანჩომ შემომიარა. მარტო ვიჯექი კლასში.
_სახლში აღარ აპირებ წასვლას?
_როგორ არა._შევღიმე ბედნიერმა.
_ეს მოციმციმე თვალები ნეტა რას უნდა უკავშირდებოდეს?_მაგიდაზე ჩამომიჯდა და ინტერესით მომაჩერდა._ნუთუ ჩვენ ყინულის დედოფალს ვიღაცამ გაულღო გული?
_რა სისულელეებს ლაპარაკობ._შემრცხვა და აქეთ შევუტიე მეგობარს.
_გათხოვილი ქალი ვარ და ალღო მკარნახობს, რომ წუხანდელი ღამე...
_მორჩი სისულელეების ლაპარაკს._მკაცრად შევაწყვეტინე._თუ გამიყვან სახლში კარგი, თუ არა და ფეხითაც წავალ.
_კარგი, კარგი._დათმობაზე წავიდა.
მანქანაშიც ხმა არ ამოგვიღია. თუმცა მრავლისმთქმელ მზერას არ მაშორებდა. ისე დავემშვიდობე, სახლში არ შემომიპატიჟებია.
თეო ბებო გეგას მოეყვანა და ისიც იქ დამხვდა. ტატო თბილისში წასულიყო უკვე და გული დამწყდა. საღამოს გეგამაც დაგვტოვა. დავრჩით ისევ მე და ჩემი ტკბილი დიასახლისი მარტოები.
ვახშმობისას უცხო ნომრიდან შეტყობინება მომივიდა.
"დილით რომ გავიღვიძე და არ დამხვდი, ტკბილი სიზმარი მეგონე..."
გული ამიფორიაქდა. ღიმილმორეულმა დავუბრუნე პასუხი.
"მერე?.."
"მერე, ჩემს ბალიშს შენი სურნელი ასდიოდა..."
სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა მთელს ტანში.
"მომენატრე..."
"ჩემი ნომერი საიდან გაქვს?"_თემის შეცვლა გადავწყვიტე.
"აბაზანიდან."
გამეცინა. თეო ბებოს რომ შევხედე, რომელიც ინტერესით მიმზერდა, შემრცხვა. პასუხი აღარ მიმიწერია და ვახშმობა განვაგრძე.
შუაღამეს ჩემს ოთახში ფრთხილი ნაბიჯების ხმამ გამაღვიძა. არ შემშინებია. უფრო მეტიც, სიხარულით და გულის ფანცქალით ველოდებოდი როდის მომიახლოვდებოდა. საბანი ოდნავ გადაწია და ფრთხილად შემომიცურდა საწოლში.
_უშენოდ ვერ დავიძინე.
_და ამდენი კილომეტრი ჩემს სანახავად გამოიარე ამ შუაღამისას?_გამეღიმა.
_შენ როგორ ფიქრობ?_ვნებამორეულმა წამჩურჩულა, თავისკენ გადმომაბრუნა და ტუჩებზე მოწყურებულივით დამეწაფა.
*********************************
ბედნიერებას ყველა თავისი საზომით ზომავს. ზოგს მილიონები არ ყოფნის, ზოგი მცირედიდაც კმაყოფილია. მეც ამ უკანასკნელის კატეგორიაში მოვყევი. ბედნიერი ვიყავი მისი შეტყობინებებით, კვირაში ერთი-ორჯერ თეო ბებოს მალულად შემოპარულს ჩემს ოთახში დიდი სიყვარულით და სიხარულით ვხვდებოდი. არაფერს დამპირებია. არც ვფიქრობდი მომავალში რა იქნებოდა, არ მაინტერესებდა. დღევანდელი დღით უზომოდ ბედნიერი ვიყავი და არაფრის შეცვლას არ ვაპირებდი.
მანჩოს დიდხანს ვუმალე ჩვენი ურთიერთობის შესახებ. არც ვაპირებდი არაფრის თქმას, სანამ თვითონ არ დაგვადგა ეზოს კუთხეში ჩახუტებულებს.
ჩაახველა და გვაგრძნობინა მეც აქ ვარო.
შემრცხვა.
ტატომაც მორიდებით გამიშვა ხელი და ოთახში შევიდა.
_რომ გითხრა გამიკვირდა მეთქი, მოგატყუებ. დიდი ხანია ეჭვი მქონდა, მაგრამ ასე მალულად როდემდე უნდა ხვდებოდეთ ერთმანეთს? არ ჯობია სერიოზული სახე მისცეთ თქვენს ურთიერთობას?
ხმა არ გამიცია. მაგაზე არც არასდროს მიფიქრია. არ მქონია იმის ამბიცია, რომ გინდა თუ არა, მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი. არც ტატო ლაპატაკობდა ამის შესახებ. მოგვწონდა ერთად ყოფნა და სხვა არაფერზე აღარ ვფიქრობდით.
***********************************
საგაზაფხულო არდადეგების პირველ დღეს დეკემბერში ჩაშლილი ჩვენი ლაშქრობა გადავწყვიტეთ. ბავშვებმა თავისი სურვილით გადაწყვიტეს ხელოვნების მასწავლებლის წამოყვანაც. დილაუთენია გავუდექით გზას. ნუში და ტყემალი თეთრად იყო გადაპენტილი. ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა. ჩიტებიც სასიამოვნოდ ჭიკჭიკებდნენ. მხიარული ყიჟინით შევუყევით აღმართს. ზურგჩანთებით ყველას საგზალი მიგვქონდა საპიკნიკედ. ნატალის თავისი გიტარაც წამოეღო და ბავშვები რიგრიგობით ატარებდნენ.
_რამდენი ხანია ფეხით ამდენი არ მივლია._ძლივს სუნთქავდა აქოშინებული მანჩო.
_თუ მაგარი ხარ დამეწიე აბა._ვუთხარი და გავიქეცი.
_შენც ამ ბავშვების ჭკუისა ხარ, არასოდეს გაიზრდები._მომაძახა და იქვე მოზრდილ ქვაზე ჩამოჯდა.
შემეცოდა. ისევ მასთან დავბრუნდი. გვერდით მივუჯექი სანამ ცოტას დაისვენებდა.
_რა გჭირს, ბოლო დროს გაფითრებული ხარ და ყველაფერზე წუწუნებ, რაღაც არ მომწონხარ.
_შენი ნათლული მაბრაზებს._შემომღიმა.
_ვინ ჩემი ნათლული?_ვერ მივხვდი.
ჩემი ხელი მუცელზე დაიდო.
_რაა??? მართლა???_სიხარულისგან იმხელა ვიყვირე, წინ წასული ბავშვები შეჩერდნენ და შემოგვხედეს.
_კაი ეხლა, ქვეყანას კი ნუ შემიყრი._ დაიმორცხვა და ფრთხილად წამოდგა.
_რატო არ თქვი? ამხელა გზაზე ფეხით ხომ აღარ წამოგიყვანდი? არაფერი მოგივიდეს.
_ნუ გეშინია, არაფერი მოგვივა, უბრალოდ მალე ვიღლები.
_მამიკომ რაო?
_ისე უხარია, ჭკუაზე აღარ არის.
_მე გამიხარდა და იმას არ გაუხარდებოდა?.. ფრთხილად რა..._ხელი შევაშველე წაბორძიკებულს.
_მთლად დავრდომილივითაც ნუ მექცევი._ეწყინა და ხელი გამაშვებინა.
ვუყურებდი ჩემს წინ მიმავალ მანჩოს და გული სითბოთი მევსებოდა. სულ სხვა მანჩო მიაბიჯებდა დიდი სიფრთხილით თავდაჯერებული და ამაყი.
_ლილე მას, ამ ჩრდილში დავისვენოთ ცოტა, თორემ არაქათი გამომელია._გოგლამ ზურგჩანთა მოიხსნა და ხის ძირში მოკალათდა.
_ცოტაღა დაგვრჩა და ბარემ რომ ავსულიყავით?_გზა გააგრძელა ვანდამ. კატოც მას მიყვა.
_შანსი არ არი, დავიღალე._ზუკაც გოგლას მიუჯდა.
ბავშვების ჯგუფი ორად გაიყო: ზოგს გზის გაგრძელება უნდოდა, ზოგსაც დასვენება.
_ჯობია შევისვენოთ, მანჩო მასწავლებელიც ვეღარ მოგვყვება._ვთქვი და მეც ჩრდილში მოვკალათდი._აბა, ამ გიტარას რომ ასე სიფრთხილით ატარებთ რიგრიგობით, არ მოვიდა დრო, რომ იმღეროთ რამე?
ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაუჯდათ. ყველანი ხის ჩრდილში მოქუჩდნენ. ნატალიმ გიტარა მოიმარჯვა და ამღერდა.
მღეროდა ნაზად და ლამაზად მთელი გრძნობით. ნიავი წაბლისფერ ურჩ კულულებს უწეწავდა და ძალიან, ძალიან საყვარელი იყო. სიმღერის დასასრულს კი მხურვალე აპლოდისმენტებით დავაჯილდოვეს თანაკლასელებმა. ერთ სიმღერას მეორე მოყვა, მეორეს მესამე და კარგადაც დავისვენეთ.
ისევ განვაგრძეთ გზა. ბოლოს, როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილსაც.
_ახლა გამოჩნდება თქვენი ცოდნა და თქვენი სიყვარული მშობლიური სოფლის მიმართ, ვინ რას მეტყვის აბა?_ბავშვებს მოვავლე თვალი.
_საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ახლოს მაღალ მთაზე გაშენებული იყო ციხესიმაგრე, რომელსაც სოფლის სახელწოდებიდან გამომდინარე დაერქვა სახელი მანავის ციხე._მორცხვად და გაუბედავად წამოიწყო ნუცამ._აქ იყო ფეოდალური კახეთის უკანასკნელი ერთ-ერთი ცენტრი. მეთვრამეტე საუკუნეში იყო სასახლე, სადაც კახეთის რეზიდენცია თელავიდან აქ გადმოიტანეს. თეიმურაზ მეორეს აქ დიდხანს უცხოვრია. თურმე, ერეკლე მეორეც აქ იზრდებოდა.
_ყოჩაღ ნატალი._შეაქო მანჩომ._კარგია შენი სოფლის ისტორია რომ იცი._მართალია, ახლა მარტო ნანგრევებს ვხედავთ, მაგრამ ხომ გეამაყებათ რომ ისტორიული წარსულის ნანგრევებია ეს?
დიდხანს და დაკვირვებით ვათვალიერეთ ციხის ნანგრევები, რომელსაც რესტავრაციას უკეთებდნენ. სამი დარბაზული ეკლესიაც მოვინახულეთ. ციხის შემაღლებული ადგილიდან სოფელსაც გადმოვხედეთ. მშვენიერი იყო ირგვლივ ყველაფერი. ფოტოების გადაღებითაც ვიჯერეთ გული და მერე კი პიკნიკის მოსაწყობად ადგილი შევარჩიეთ. ხარჯი სანუკვარი გვქონდა: შემწვარი თუ მოხარშული ქათმები... კიტრი, პამიდორი... ცხვრისა და ძროხის ყველი... ხაჭაპურები და ლობიანები... მოკლეთ, დამშეულ ხალხს რაღა გვინდოდა და მადიანად გავაჩაღეთ ქეიფი. ღვინოც კი ქონდათ წამოღებული.
_ეს მე და პაპას დაყენებული ალადასტურია._თავი მოიწონა გიგამ.
მანჩოსაც კი არ უთქვია სასმელზე უარი და ერთი ჭიქა მანაც დალია.
_მე ეს ერთი ჭიქა უნდა დავლიო ბავშვებო და ამ ჭიქაში მინდა მოვაქციო ყველაფერი._სიტყვით გამოვიდა მანჩო და ღიმილით მოავლო ბავშვებს თვალი._მოდით, სიყვარულს გაუმარჯოს, ყველანაირ სიყვარულს. იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რა სიყვარულმაც აქ ამოგიყვანათ თქვენ და ეს ნანგრევები გაჩვენათ... იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რა სიყვარულმაც გამოგაცილათ სახლიდან... იმ სიყვარულსაც გაუმარჯოს, რა სიყვარულითაც ხართ ახლა ერთმანეთის გვერდით...
_მანჩო მას, შეყვარებულის სიყვარულიც ხომ შეიძლება დავამატოთ?_გაიცინა გოგლამ.
_და იცი შენ, შეყვარებულის სიყვარული როგორია?_გამეღიმა.
_აი, ისეთია, გულის სასიამოვნო ტკივილები რომ იცის._უცბად დასერიოზულდა ანცი ბიჭი და ფარულად ნუცას გადახედა._ისეთია, თითქოს მის დანახვაზე დენი რომ გარტყავს... გვერდით რომ გიზის და მაინც რომ გენატრება... მისი ხმა რომ გესმის და ტანზე ჭიანჭველები დაგდიან.
_შენ რა ძალიან დამწვარი ყოფილხარ._გაუღიმა ჩაფიქრებულმა მანჩომ.
_ვერ ყოფილა შენი საქმე კარგად ძმაო._მეგობრულად მოუთათუნა ნიკამ მხრებზე ხელი.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა გოგლას ნათქვამზე ფიქრობდა. ნუციკო კი აწითლებული იჯდა და უხერხულად იშმუშნებოდა.
სიტუაცია ნატალიმ განმუხტა, გიტარა მოიმარჯვა და ამღერდა.
ახალი შებინდებული იყო სახლში რომ დავბრუნდით. უაღრესად კმაკოფილი დღევანდელი დღის შთაბეჭდილებებს თეო ბებოს ვუზიარებდი, ტატო რომ მოვიდა. გამახსენდა გოგლას ნათქვამი, მის დანახვაზე დენი გარტყავსო. გამეღიმა. მართალი იყო ის ბიჭი...
გვიანობამდე ვისხედით მისაღებში და ტელევიზორს ვუსმენდით. რაღაც ვირუსზე საუბრობდნენ. პანდემიის გავრცელების საშიშროებაზე. პანიკის სახე უფრო ქონდა ამ ყველაფერს. ტატოს გვერდით ბედნიერი ვიყავი და სერიოზულადაც კი ვერ აღვიქვავდი ვერანაირ საფრთხეს.
***********************************
შუაღამეზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ამ დროს ვინ რეკავსო, უკმაყოფილოდ შეიშმუშნა ტატო და ტელეფონს დასწვდა. მარიეტა იყო. გული საშინლად მომეწურა.
_რა მოხდა?_შეშფოთებულმა გააგონა.
ღამის სიჩუმეში მკაფიოდ გავიგონე მარიეტას ტირილნარევი ხმა.
_ლუკა ძალიან ცუდადაა.
_რა მოუვიდა?_საწოლში წამოჯდა ტატო.
_არ ვიცი, ძალიან მაღალი სიცხე აქვს.
_ახლავე გამოვალ._უთხრა და წამოხტა საწოლიდან.
_შენთან დარეკვას სასწრაფოში დაერეკა._უკმაყოფილომ წავიბუტბუტე.
_ბავშვზეა ლაპარაკი გესმის?_გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში და უკანმოუხედავად გავიდა თავის ოთახში.
ვიგრძენი, როგორ გაჩნდა პირველი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში და ეს მე ძალიან, ძალიან მეტკინა. მთელი ღამე ვეღარ დავიძინე. ტატო აღარ დაბრუნებულა სახლში. დილით მოვიდა უძილო, თვალებჩაწითლებული, ნერვებმოშლილი. ხმა არ გამიცია. ან რას ვეტყოდი თეო ბებოს თანდასწრებით? კისერზე მკრთალად, მაგრამ მაინც ემჩნეოდა წითელი პომადის კვალი, ისეთი მარიეტა რომ ხმარობდა.
თეო ბებო ოთახიდან რომ გავიდა, ტატომაც დრო იხელთა, წელზე მომხვია ხელები და მიმიზიდა. არ გავტოკებულვარ. ერთ ადგილს მივჩერებოდი სინანულით თუ სიბრაზით მეც ვერ გამეგო.
_რა გჭირს?_ნიკაპზე ორი თითი ამომდო, სახე ამაწევინა და თვალებში ჩამხედა._შენი ეჭვიანობა უკვე გამაღიზიანებელია. ერთხელ უკვე გითხარი, რომ ჩვენს შორის არაფერი ხდება და აღარ ვაპირებ ამაზე თავის მართლებას._თეო ბებოს ნაბიჯების ხმა გაიგო თუ არა, ხელი გამიშვა.
ჩემს ოთახში ავედი. ტატო ისე წავიდა თბილისში, არც კი ამოსულა და არ ვუნახივარ. გული ამომიჯდა. მივეცი ცრემლებს გასაქანი და ჩუმი ხმით ბალიშზე დამხობილმა ვიქვითინე.
თვითონ კი მეუბნება, არაფერი ხდებაო, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებდნენ. მეგობრულად აკოცა ვითომ კისერზე? ან ღამე სად გაათია?
მანჩოს დავურეკე.
_რა თქვი, ექიმთან როდის მიდიხარ კონსულტაციაზე?
_შუადღის მერე, რა იყო?_გაუკვირდა.
_არაფერი, მეც გამოგყვები, დეიდასთან წამოვალ.
_კარგი, ორი საათისთვის გამოგივლი.
ჩემი ნივთები ჩავალაგე. ოთახი მივალაგე და მისაღებში ჩავედი. მანჩოს მოლოდინში უაზროდ ვცემდი ბოლთას.
_ყავას თუ დამალევინებ კარგი იქნება, ჯერ მაინც ადრეა._მოსვლითანავე გამომიცხადა დაქალმა.
სამზარეულოში გავედი. მანჩოც უკან მომყვა.
_დეიდაშენი ნავსაყუდელია შტორმის დროს თუ რა ხდება?_ეჭვით შემათვალიერა._ყოველთვის, როცა აქ იძაბება სიტუაცია, იქ გარბიხარ.
_არ ვიცი... შენ როგორ ეგუები იმას, მახო რომ მთელი დღე გასულია? არ ეჭვიანობ?
_თურმე რაში ყოფილა საქმე._ცოტა დამშვიდდა და გამიღიმა._მე ჩემი მეთოდები მაქვს გენაცვალე. კაცი სახლიდან სავსე კუჭით და ცარიელი კვერცხებით უნდა გაუშვა._ჩურჩულზე გადავიდა ბოლოში.
_მეგონა სერიოზულს მეტყოდი რამეს._ნაწყენმა შევხედე.
_ამაზე სერიოზული რა გითხრა?_გაოცებულმა შემომხედა.
ყავა დავლიეთ და წავედით. მანჩო ექიმთან და მე კი დეიდასთან. მანჩოსი არ იყოს, დეიდაჩემი ქარიან ამინდში მყუდრო ნავსაყუდელი მეგონა. თან, ეს ერთი კვირა არდადეგები რისთვის ვმჯდარიყავი სოფელში? ტატოც კვირაში ერთხელ ჩამოდიოდა, მაგის გამო მაინც რომ დავრჩენილიყავი...
მარი კორპუსის წინ ეზოში მეგობრებთან დამხვდა. დეიდა როგორც ყოველთვის მორიგე იყო. არც ბიძაჩემი იყო სახლში. მარის ბინის გასაღები გამოვართვი და მარტო ავედი. ის იყო შევედი და ბარგი დავაწყე, რომ უცხო ნომერმა დამირეკა.
_გისმენთ.
_ლილე, შორენა ვარ.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ბიძაშვილის ცოლი ხმაზე ვიცანი, რომც არ ეთქვა, მაინც მივხვდებოდი ვინ იყო. წლებია ჩემი სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა და ახლა რა შეიცვალა ნეტა?
_ზეზვას ცოლი, ვერ მიცანი?_დამიკონკრეტა.
_გიცანი._ცივად მივუგე.
_ბებიაა ცუდად.
_მერე მე ექიმი ვარ?_უკმეხად მივახალე და ტელეფონის გათიშვა დავაპირე.
_სიმსივნის ბოლო სტადია აქვს, დღეს თუ ხვალ მოკვდება. ვიფიქრე გენდომებოდა ნახვა.
_შეცდი, არავის ნახვა არ მინდა._გავუთიშე ტელეფონი და საწოლზე გამწარებულმა მივაგდე.
დღემდე არავის გავხსენებივარ... არავის ვუხსენებივარ, რომ ვარსებობდი და ახლა, მომაკვდავი ქალის ნახვას მთხოვენ? თან, იმ ქალის, რომელმაც კარგი არ მანახა ბავშვობაში? რომელმაც დედაჩემი არ გაახარა სიცოცხლის მანძილზე? ბოლო სტადია აქვს და გულს ამიჩუყებენ ამით?
ისევ დარეკა ტელეფონმა. არ ვუპასუხე. მეორედ რომ დარეკა გაბრაზებული დავწვდი, მაგრამ მანჩო შემრჩა ხელთ.
_იცი, ნათლია, გოგო ვარო?_ენის ჩლიქინით მახარა.
ეს ამბავი ისე გამიხარდა, წამიერათ დავმუნჯდი.
_აქ ხარ გოგო, რა მოგივიდა?_შეშფოთება დაეტყო ხმაში.
_გამიხარდა._ძლივს ვუპასუხე და ბედნიერების და სიხარულის ცრემლები ჩამომიგორდა ლოყაზე. ძლივს კარგი ამბავი გავიგე დღეს.
მეორე დღეს ისევ დამირეკა შორენამ. არ ვაპირებდი პასუხს, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე.
_აღარ დამირეკო, როგორც აქამდე არ ვარსებობდით ერთმანეთისთვის, ახლაც ასე დავტოვოთ._პირდაპირ მივახალე გამწარებულმა.
_შენს ნახვას ითხოვს, სიკვდილის წინ იქნებ გენახა...
_რისთვის? მე ხომ შვილიშვილად არ მთვლის?_გავუთიშე და ავტირდი.
დეიდაჩემი გაოცებული მიყურებდა, რა მოხდაო.
_თინა ყოფილა ცუდად,_სახელით მოვიხსენიე ბებიაჩემი._სიკვდილის წინ სდომებია ჩემი ნახვა.
ცოტა ხანს უთქმელად მიყურა.
_მერე?_ შიშნარევი ხმით მკითხა.
_რა მერე, არ მინდა და არ ვნახავ.
_ვერაფერს გეტყვი, ეგ შენი გადასაწყვეტია. ძალიან არ მინდა წახვიდე, მაგრამ თუ წასვლას გადაწყვეტ, მე ვერ დაგიშლი. რაც არ უნდა იყოს, მამაშენის დედაა... სიკვდილის წინ რახან მოითხოვა შენი ნახვა, ალბათ ნანობს ჩადენილს.
ორი დღე გაურკვევლობაში ვიყავი. ზარები არ წყდებოდა თიანეთიდან, თინა ძალიან მძიმდებოდა და ჩემს ნახვას ითხოვდა.
საღამოს ტატოს შევხვდი. კაფეში დავსხედით.
_ცუდად ხარ, რა გჭირს?_შემეკითხა შეშფოთებული ჩემი მოჟამული სახის დანახვაზე.
_ისეთი არაფერი.
_არაფრის გულისთვის მასეთი სახით არ დადიან. ბოლო დროს რაღაც ხდება შენს თავს და არ მეუბნები. პრობლემები გაქვს?
გულახდილათ უნდა მომეყოლა ბებიაჩემის ამბავი, რომ კაფეში მარიეტა შემოვიდა და პირდაპირ ჩვენს მაგიდასთან გამოეშურა თეძოების გამომწვევი რხევით.
"ყველგან ეს ქალი როგორ უნდა მიშლიდეს ნერვებს?"_გავიფიქრე ჩემთვის და ტატოს შევხედე გაბრაზებულმა. ეტყობა ერთად იყვნენ აქ, თორემ ასე პირდაპირ ვერ დაგვადგებოდა თავზე.
_შორიდან მოგკარით თვალი._თითქოს ჩემს ფიქრებს უპასუხა და სიცილით ჩამოჯდა._თუ სოფელში აპირებ წასვლას, გამოგყვები._ტატოს შესცინა.
წუთიერი დუმილი ჩამოწვა.
_ხელი ხომ არ შეგიშალეთ?_ვითომ შეწუხდა.
_არა, თეო ბებოს დანაბარები გადმომცა და მივდიოდი უკვე._ვთქვი და წამოვდექი._ნახვამდის.
ტატო არ გამომკიდებია. მინის ანარეკლში ვხედავდი როგორ მიყურებდა მშვიდად. უკანმოუხედავად დავტოვე კაფე და გარეთ გამოსულს უკვე ცრემლები წამსკდა. ბოლო დროს ძალიან გულჩვილი გავხდი. ეჭვიანი ისედაც ვიყავი, მაგრამ უარესად გავვეჭვიანდი.
ქუჩაში ხეტიალისას ახლა თებემ დამირეკა, ჩემმა კლასელმა.
_თინა ბებოს დავალებით გირეკავ, ორი დღის სიცოცხლე დამრჩენია და ისე ნუ მომკლავს, შენდობა არ ვთხოვოვო.
_მართლა მასე ცუდად არის?_ცოტა შევფიქრიანდი.
_კი, დღე დღეზე სულის ამოსვლას ელოდებიან.
გამაკანკალა.
_ვიცი, უფლება არ მაქვს რამე გთხოვო, მაგრამ იქნებ ჩამოხვიდე? შენი სიჯიუტე მერე მთელი ცხოვრება არ მოგასვენებს. გამოცდილი მაქვს და არ მინდა ჩემსავით სანანებელი გაგიხდეს.
_არ ვიცი, ვერაფერს დაგპირდები. თუ გადავწყვიტე, შეგატყობინებ._მხოლოდ ესვუთხარი და ყელში მობჯენილი ცრემლებისშეკავება ძლივს შევძელი.
მთელი ღამე ფიქრში გავატარე, გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა. მაგრამ თებე მართალი იყო, მთელი ცხოვრება სინანულის გრძნობით ვერ ვიცხოვრებდი. დილით ჩემი გადაწყვეტილება დეიდას რომ ვუთხარი, არ ესიამოვნა, მაგრამ არ დაუჭერივარ.
_ორი დღით ჩავალ, ვნახავ და დავბრუნდები._უფრო ჩემი თავის დასამშვიდებლად ვთქვი და ბარგის ჩალაგებას შევუდექი.
თბილისში ჩავედი. იქიდან თიანეთის მარშუტკაში გადავჯექი და გავეშურე ჩემი ტკბილ-მწარე ბავშვობის მოგონებებისკენ.
საათნახევარი თვალდახუჭული ვიჯექი და ყურსასმენებში მუსიკებს ბოლო ხმაზე ვუსმენდი. არ მინდოდა ვინმეს ხმა გამეგო. არც ფანჯრიდან გახედვა მინდოდა ნაცნობ გარემოს დანახვაზე მოგონებები რომ არ ამშლოდა. ტატოსთვის არ მითქვია. არ ჩავთვალე საჭიროდ. ცოლ-ქმარი ხომ არ ვიყავით, რომ ანგარიში ჩამებარებინა? თვითონ სადაც დადიოდა, მე ვიცი ყველაფერი?..
სადგურში რომ ჩავედი, შუადღე გადასული იყო. გვარიანად ციოდა. აქ ჯერ ისევ თოვლი იდო. შორიახლოს ზეზვა დავინახე, ჩემი ბიძაშვილი. ჭაღარა მორეოდა, მხრებშიც მოხრილიყო, შუბლზე ნაოჭები გასჩენოდა. ამ ათ წელიწადში კარგად მოტეხილიყო. დავინახე და გული ამიჩუყდა. ინსტიქტურად გადავდგი ნაბიჯი და ჩავეხუტე. თვითონაც მომხვია ათრთოლებული ხელები და ავტირდი.
_კარგი ხო, სირცხვილია._მამშვიდებდა თვითონაც ტილირნარევი ხმით.
გული რომ ვიჯერეთ, შორიახლოს მდგარ ნივისკენ გამიძღვა. ჩემი ბარგი საბარგულში ჩადო და დავიძარით ადგილიდან.
ხმისამოუღებლად ვიმგზავრეთ. ლაპარაკის თავი არ მქონდა და ზეზვაც ჩუმად მართავდა მანქანას. მხოლოდ ის ვუთხარი, მამაჩემის სახლში მიმიყვანე, მე იქ დავრჩები მეთქი. გაუკვირდა, იქ როგორ დარჩებიო, დავრჩები-მეთქი მკაცრად რომ ვუთხარი, აღარ შემწინააღმდეგებია.
მამაჩემის სახლის დანახვაზე გული ამიჩუყდა, თუმცა შევძელი თავის შეკავება და ცრემლები არ გადმომიყრია. უხმოდ ავიარეთ სიძველისგან მორყეული კიბე. ოთახიდან შმორის და ნესტის სუნი გამოვიდა. თუმცა, მე აქ დარჩენა მერჩივნა ბებიაჩემის სახლში დარჩენას.
_მოვწესრიგდები და გამოვალ._ვუთხარი ზეზვას და ავფუსფუსდი.
სახელდახელოდ მოვიწყე ღამის გასათევად ადგილი და ბებიაჩემის სახლში გულისკანკალით გადავედი.
_როგორ ხარ?_ზრდილობის გულისთვის მომიკითხა ზეზვას ცოლმა შორენამ.
_კარგად._ცივად დავუბრუნე პასუხი და ბებიაჩემის ოთახში შევედი.
მთლად გადათეთრებული, სახეგაფითრებული, გამხდარი და დაჩიავებული ქალი ძლივს ჩანდა საწოლში. ერთ დროს ქვეყანას აზანზარებდა და ახლა საცოდავად მისავათებული იწვა. დამინახა და ცრემლი გადმოუგორდა ლოყაზე.
_ლილე, შვილო, მოხვედი?
"ნეტა როდის გავხდი ამისთვის შვილი?"_მწატედ გამკრა გულში. ახლო მისვლა ვერ გავბედე და შორიახლოს გავჩერდი.
_მაპატიე შვილო.
თითქოს გულწრფელი იყო მისი სიტყვები. ყელში რაღაც ბურთი მომებჯინა და საცაა დამახრჩობდა.
_ვიცი, პატიებას არ უნდა ველოდო შენგან, მაგრამ მართლა გულით ვნანობ...
_ცოტა გვიანი ხომ არ არის?_წავილუღლუღე ჩემთვის.
_ცოტა კი არა, კარგა გვიანია..._აქვითინდა და მეც მომაწვა ცრემლები. თუმცა შევძელი და შევიკავე.
_არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან ბოდიში არ მოგიხადო... ვიცი ბოდიში წამალი არ არის... ჩემი ბოდიში ვერ დაგიბრუნებს ბავშვობის წლებს... ვიცი, ვერ გაგიმთელებ გატეხილ გულს, მაგრამ მაინც ბოდიში... შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოს, მაგრამ მიყვარხარ...
გამოვტრიალდი და გამოვედი მისი ოთახიდან. ყელში გაჩრილი ბურთი ისევ მახრჩობდა.
შორიახლოს 5-6 წლის გოგონა ფარდას ამოფარებულიყო და ისე მიმზერდა გაოცებული ცისფერი თვალებით.
_შენ ვინ ხარ?_ბოლოს გაბედა და მკითხა.
დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა.
_ეგ შენი ლილე მამიდაა._ზეზვამ გასცა პასუხი.
_მამიდა?_გაოცებისგან უარესად გაუფართოვდა თვალები. მერე მოულოდნელად გამოიქცა და მომეხუტა.
ცრემლების შეკავება ვეღარ შევძელი. ჩავიმუხლე და ავქვითინდი.
_რა გატირებს მამიდა, გტკივა რამე?_ მეკითხებოდა გაოცებული გოგონა და უფრო მჭიდროდ მეხუტებოდა.
იმ მომენტში მართლა მტკიოდა გული...
ზეზვას და დემური ბიძიასაც ცრემლი უბრწყინავდათ თვალზე. შორენა შორიახლოს იდგა და ისე მოგვჩერებოდა ცივი გამომეტყველებით.
_კარგი, მოასვენე ქალი._შვილს გაუწყრა ბოლოს.
გოგონამაც მაშინვე შემიშვა ხელი და დედასთან გაიქცა.
_აქ დარჩენილიყავი, ოთახი მოგიმზადეთ._ზეზვამ თხოვნა გაურია ხმაში.
_მადლობა, ჩემს სახლში მირჩევნია. დავიღალე, წავალ დავისვენებ და დილაზე გამოვალ.
_პური გვეჭამა._ნაძალადევად მიმიპატიჟა სუფრაზე.
_მადლობა, არ მშია._ვთქვი და გარეთ გამოვედი.
_შეშას მაინც წამოგიღებ ღუმლის დასანთებად._ურიკაზე დაყარა შეშა და უკან გამომყვა.
მართლაც ციოდა. ზეზვამ შეშა აივანზე ამომიზიდა და ღუმელი დამინთო.
_მარტოს არ შეგეშინდება?
_რისა უნდა შემეშინდეს, ბავშვი კი არ ვარ._ვითაკილე.
_კარგი მაშინ და მე წავედი._ჩაილაპარაკა ჩუმად და ოთახიდან გავიდა.
იმ დღეს, როცა ზვიადიმ ჩემზე იძალადა, მახსოვს ზეზვას რეაქცია, მის მოსაკლავად გარბოდა, მაგრამ შინაურებმა დაიჭირეს, არ გაუშვეს, დარწმუნებული ხარ რომ იძალადა, იქნებ ამის ნებასურვილით მოხდა ყველაფერიო. შეძახილმა ხე გაახმოვო, იმდენი ეჩიჩინეს, დააჯერეს კიდეც ჩემს დამნაშავეობაში. მტერს არ ვუსურვებ იმ დღეებს, რაც მე გამომატარეს და ახლა პატიებას მთხოვდნენ?
...დედისა და მამის მონატრებამ, ბავშვობის გახსენებამ თავისი ქნა და გულიანად ვიღრიალე პატარა ბავშვივით...
დილით ზეზვამ მომაკითხა, მგონი სულს ლევს თინაო. დაფეთებული გავვარდი. ხმამაღლა სუნთქავდა, თუმცა ისევ გონზე იყო. ანიშნათ ყველანი გასულიყვნენ და მე დავრჩენილიყავი. ასეც მოიქცნენ. მარტონი რომ დავრჩით, ძლივსგასაგონი ხმით მიმიხმო თავისთან.
ფრთხილად მივუახლოვდი. სიბრალულის გრძნობა დამეუფლა რატომღაც. ხელზე მოვკიდე ხელი და სასთუმალთან ჩამოვუჯექი.
_არ მინდა ისე მოვკვდე, რაღაც მაინც არ გავაკეთო შენთვის... თქვენს ბაღჩაში, ვაშლის ძირას რაღაც მაქვს დამარხული.
_შენგან არაფერი მინდა...
_ნუ მაწყვეტინებ. მინდა რომ მარტომ მოთხარო და მერე შენ გადაწყვიტე რასაც უზავ. კიდევ ერთხელ გთხოვ პატიებას... უფალმა დაგლოცოს შვილო..._ეს შვილო რაღაც არაადამიანური ხმით მითხრა და ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე._ ახლა გადი, არ მინდა სულის ამოსვლის დროს მნახო...
უთქმელად გამოვედი ოთახიდან. მივხვდი, რომ დიდი ხნის წინ ვაპატიე ამ ქალს თავისი ცოდვები, უბრალოდ თავს არ ვუტყდებოდი ამაში. საკუთარი თავის ღალატი მეგონა მისთვის პატიება...
მალევე დალია სული. ცარიელი ჭურჭელივით ვიყავი გრძნობების გარეშე. ერთი ცრემლი არ ჩამომგორებია. დაკრძალვის ცერემონიალმაც ისე ჩაიარა, თითქოს მე კი არა, სხვა უცხოს ხდებოდა ეს ყველაფერი თავს.
დასაფლავებისას მზიანი და თბილი დღე დაადგა. ხალხი ბევრი არ მოსულა. ახალი კორონა ვირუსის გამო პანიკა იყო ატეხილი. მეზობლები იმასაც ლაპარაკობდნენ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდაო. კომენდანტის საათიც დაუწესებია მთავრობას და საღამოს ცხრის მერე ხალხი სახლიდან გარეთ არ გამოდისო. რატომღაც, სერიოზულად არ აღვიქვავდი ამ ამბავს, გადამეტებული მეგონა ეს ყველაფერი. თუმცა, სულ ტყუილად. ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები იყო დაწესებული. სპეციალური საშვის გარეშე ვერც შეხვიდოდი და ვერც გამოხვიდოდი ოთხ დიდ ქალაქში. სწავლაც შეწყვეტილი იყო სკოლებში. რაღა ბევრი გავაგრძელო და კარგა ხანს ჩავრჩი ჩემს ტკბილ-მწარე მშობლიურ თიანეთში.
სანამ მიცვალებული სახლში გვესვენა და დავასაფლავებდით, ტელეფონი გათიშული მქონდა. არავისთან ლაპარაკის სურვილი არ მქონდა. ყველაფერმა რომ ჩაიარა და ჩავრთე, გადაჭედილი იყო ტელეფონი მანჩოს, მარის და დეიდაჩემის ნარეკებით და შეტყობინებებით. ტატოს შეტყობინებებს დავუწყე ძებნა, მაგრამ არ იყო... გული დამწყდა. რაღაც ჩამწყდა თითქოს. უარესად დავიცალე გრძნობებისგან... არ ვჭირდებოდი და არც მე შევახსენებდი თავს... ჩვენს ურთიერთობას მაინც არ ქონდა მომავალი. რა აზრი აქვს იმის დაბღაუჭებას, რაც იცი რომ შენი არასდროს იქნება?
***********************************
საკმარისი ტანსაცმელი თუ საჭირო ნივთები არ წამომიღია როცა წამოვედი, ამიტომ ცოტა გამიჭირდა. სავაჭრო ცენტრებიც, სასურსათო მაღაზიისა და აფთიაქის გარდა, ყველა დახურული იყო პანდემიის საშიშროების გამო. ხალხი პირბადეებითა და რეზინის ხელთათმანებით დადიოდა ქუჩაში. ერთმანეთს წესიერად არც კი ელაპარაკებოდნენ. ისედაც გაუცხოებული ხალხი უარესად გაუცხოვდა და გაბოროტდა.
თებე ლამის ყოველდღე მსტუმრობდა და მეხმარებოდა რითიც შეეძლო. თბილი ტანსაცმელიც მან მომცა. შორენამაც გადააბიჯა თავის თავმოყვარეობას და ხანდახან ისიც მსტუმრობდა ჩემს ძველ, მამაჩემის დანატოვარ სახლში. რძეს, მაწონს, ყველს, კვერცხს თუ კარტოფილს ზეზვა მიწილადებდა ყოველთვის. ზურაბიც, ზეზვას ძმა, არ მაკლებდა ყურადღებას, ნანადირევით მავსებდა. მზრუნველობას არ მაკლებდა მამაჩემის ძმა დემური ბიძიაც, შეშა მოჰქონდა და მიჩეხავდა. წარსულის აჩრდილები თითქოს უფერულდებოდნენ და ნელ-ნელა ქრებოდნენ კიდეც.
აკადემიური წლის გამოცხადებას ონლაინ რეჟიმში სწავლება არჩია განათლების სამინისტრომ. ამისთვის ლეპტოპი მჭირდებოდა და ისიც შორენამ გამიხერხა როგორღაც და ახლობელისგან მაყიდინა. მოკლედ, კარგად მოვეწყე, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მქონდა. მხოლოდ ის მიკლავდა გულს, ტატოს ამბავს რომ არ ვგებულობდი. მე სიამაყის გამო არ ვეკითხებოდი მანჩოს მის ამბავს და ისიც არაფერს მიყვებოდა.
************************************
_მამიდა!!! მამიდა!!!_ ყვირილით ამოირბინა პატარა მაშომ ხის კიბეები და ოთახში გიჟივით შემოვარდა._ნახე, ნამდვილი გაზაფხული მოვიდა._ტალახიანი ხელებით იის კონა გამომიწოდა._შენთვის მოვკრიფე ბუჩქებში.
_რა ლამაზია!_აღფრთოვანება ვერ დავმალე და გულში ჩავიხუტე ბიძაშვილის შვილი.
_ტალახიანი ვარ, არ დაგსვარო._დაიმორცხვა და ხელიდან დამისხლტა._ მამიდა, შენ ბანაობა არ გიყვარს?_მერე უცბად დასერიოზულდა და ისე მკითხა.
გამეცინა. ვიფიქრე, თვითონ არ უყვარდა, ისევ ჩავიხუტე და ვუთხარი.
_ბანაობა ყველას უყვარს. აბა, ჭუჭყიანები ხომ არ ივლიან?
_აბა, დედიკომ რატო თქვა შენზე, იმ ტალახს ვერასდროს ჩამოირეცხავსო?
გული მომეწურა. რამდენი დროც არ უნდა გასულიყო და რაც არ უნდა მომხდარიყო, ხალხი მაინც ეჭვის თვალით დამიწყებდა ყურებას. ყოველთვის უკან მდევდა ჩემი წარსულის, თოთხმეტი წლის უმწეო და უსუსური გოგონას აჩრდილი, რომელიც მოძალადე მამაკაცის მსხვერპლი გახდა.
არაფერი მითქვია მოხუტებული ბავშვისთვის. ან რა მეთქვა? ამას რა ბრალი მიუძღოდა? გულს მითბობდა მისი ტიკტიკი, მისი ჩახუტება, უდარდელი და გულიანი სიცილი... მის გვერდით მავიწყდებოდა ქვეყნად ყველა და ყველაფერი. თვითონაც ვეღარ ძლებდა უჩემოდ და ღამეც კი ჩემთან რჩებოდა. დავდიოდით ახლო-მახლო ტყეში და ვერთობოდით. ფურუსულებსა და იებს ვთხრიდით და ჩემი სახლის ეზოში ბაღნარს ვაშენებდით. დღისით ცხოვრების ხალისი და აზრი მქონდა, საღამოს კი... საღამოს ტატოს მონატრება მკლავდა. მისი ამბის გაუგებრობა მაგიჟებდა, თუმცა თავს ვერეოდი და არ ვურეკავდი, ძალათი არ ვეკიდებოდი.
ერთ საღამოს, თინა ბებოს ნათქვამი გამახსენდა, ბაღჩაში ვაშლის ქვეშ რაღაც მაქვს დამარხულიო. უფრო ინტერესის გამო წამოვავლე ბარს ხელი და ჩავედი ბოლოში. დიდი თხრა არ დამჭირვებია. ჩემი სათამაშო პლასტმასის ზარდახშა მალევე ვიპოვე. ხელის კანკალით ამოვიღე, გავწმინდე მიწისგან, მაგრამ გახსნა ვერ გავბედე, გულში ჩახუტებული წამოვიღე სახლში. მაგიდაზე დავდე და შორიახლოდან ვუმზერდი. ბოლოს, როგორც იქნა გავხსენი. ზემოდან წერილი ედო.
"შვილო ლილე. არ დამიჯერებ ვიცი, მაგრამ ჩემთვის უძვირფასესი ხარ. ძალიან გვიან მივხვდი და გვიან ვაღიარებ ამას, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. ესენი დედაშენის ნივთებია, რომლებიც მე თვალებდაბრმავებულმა და გაბრაზებულმა წავართვი. ყველაფერს შენთვის ვინახავდი. შენ გეკუთვნის და სხვას არავის. თვითონ გადაწყვიტე და რაც გინდა ის უყავი."
კარგა ხანს წერილით ხელში ვიჯექი. მერე ზარდახშიდან ნაჭრის ქისა ამოვიღე და მაგიდაზე წამოვყარე. ოქროს საათი, საყურეები, სამაჯური, ნიშნობის კალიცო, 8 ბეჭედი, ღვთიშობლის კულონი თავისი ცეფით, ჩემი ჭიამაია საყურეები, ჩემი ნათლობის ჯვარი თავისი ცეფით... ვიჯექი და გაოგნებული დავყურებდი ამ ავლა-დიდებას. ხელის მოკიდებას ვერც კი ვბედავდი.
კიბეზე ფეხის ხმა რომ შემომესმა, სასწრაფოდ გადავმალე ყველაფერი.
_ლილე!_შემეხმიანა თებე და კარზე მომიკაკუნა.
_მოდი._გავძახე და კარების გასაღებად გავეშურე.
აღელვებული ჩანდა, რაღაცის თქმას აპირებდა და ვერ ბედავდა.
_რამე მოხდა?_შევშფოთდი.
_შენი შეშინება არ მინდა, მაგრამ...
_რა მაგრამ? მითხარი, გულს უარესად ნუღარ მიხეთქავ!_ ვუთხარი და მკლავზე გამწარებით მოვუჭირე ხელი.
_ზვიადი გამოსულა ციხიდან._ძლივს ამოღერღა.
დავიბენი. მე ისიც კი არ ვიცოდი ციხეში თუ იყო.
_ვიფიქრე უნდა გცოდნოდა.
წუთიერი დუმილი ჩამოწვა. გამახსენდა მისი არაადამიანური და ცხოველური საქციელი. გამაკანკალა.
_რისთვის იჯდა?_ძლივს დავარღვიე დუმილი.
_ბავშვის გაუპატიურებაზე...
მწარედ ჩამეცინა. სანამ სხვა შემთხვევა არ მოხდა, მანამ ვერ დაიჯერეს სოფლელებმა ჩემი სიმართლე?
_მერე მე რა, ისევ ბავშვი ვარ რომ შემაშინოს და დამჩაგროს?_მკაცრად ვკითხე თებეს და დაჟინებით მივაშტერდი.
_არ ვიცი... მინდოდა რომ გცოდნოდა._დაიბმა და უმწეოდ ააფახულა თვალები.
_არაფერია... მადლობა რომ მითხარი._მხრებზე მოვხვიე ხელი და ძველისძველ დივანზე ჩამოვსხედით._გახსოვს, ტყეში რომ დავიკარგეთ?_რატომღაც გამახსენდა სოკოზე წასულებს გზა რომ აგვებნა და გავხალისდი.
_კიდევ კარგი ყურშა წავიყვანეთ._გამოცოცხლდა თებეც._შენ კიდევ არ გინდოდა მისი წაყვანა. იმას რომ არ გამოეგნო გზა, ღამე ტყეში დავრჩებოდით.
_თუ გადავაწყდებოდით დათვს ან მგელს?_ გულიანად გამეცინა.
_ის თუ გახსოვს, ტბაზე რომ გავიპარენით და დედაჩემმა ჭინჭრით გვცემა?
_მაგას რა დამავიწყებს? დღემდე მიხურს ერთი ადგილი.
გულიანად ავხარხარდით. გვიანობამდე ვისხედით და ვიხსენებდით ჩვენს გიჟობებს. თებე რომ წავიდა, უკვე ბნელოდა. საგულდაგულოდ ჩავრაზე ყველა ფანჯარა და კარები. აქამდე ფიქრად არ მქონია, ზვიადის თუ გადავეყრებოდი სადმე, რა რეაქცია მექნებოდა. თებეს ნათქვამმა დამაფიქრა და ცოტა შიშიც გამიჩინა. პატარა დაფაჩუნებაზეც კი ვკრთოდი. მაინც თავს ვაიძულებდი, რომ ძლიერი ვყოფილიყავი და გულს ვიმაგრებდი.
ამ ამბიდან, მესამე დღეს კი, ჩვენი უბნის ორღობეში გადამეყარა მაღაზიიდან მომავალს. ირონიული ღიმილით მომჩერებოდა. ზიზღით შევხედე, ამაყად ავუარე გვერდი. გამოვცდი თუ არა და თვალს მიეფარა, მაღებინა. ლამის დედის ხსენი არ შემრჩა. თავი მოვიწესრიგე და სირბილით მივაშურე სახლს. შიში, ზიზღი, ტკივილი, უსუსურობა, უმწეობა, სიბრაზე და სიმტკიცე მომყვებოდა უკან.
არ ვიცი, ალბათ, ზვიადის დანახვამ იმოქმედა ჩემზე, იმ დღეს მგონი სამჯერ მაღებინა. საჭმელსაც ზიზღით ვუყურებდი. შორენაც შეესწრო ამ ამბავს და ცოტა შეშფოთდა, ნამდვილად სოკომ გაწყინაო.
_ზურაბს არასოდეს ეშლება სოკოს ცნობა და ეს როგორ მოუვიდა?_ უკვირდა.
_ერთი ალილუია მღვდელსაც შეეშლებაო._ გავუღიმე._გადავიტან როგორმე, არაფერი მომივა.
საღამოს მანჩომ დამირეკა მესენჯერში ვიდეოზარით. გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა. მუცელი ოდნავ წამოზრდოდა უკვე და უფრო ლამაზი და საყვარელი იყო. სახეც შევსებოდა თითქოს. თვალებშიც რაღაც სხივი გასჩენოდა. ვუყურებდი მეგობარს და გული სიამით მევსებოდა.
_მაქეთ მასე ცივა?_ სვიტერით რომ დამინახა, გაუკვირდა.
_რა გასაკვირია, ზღვის დონიდან 1000-1100 მეტრით მაღლა ვართ?_გამეცინა მის მიამიტობაზე.
_ჩვენთან უკვე ნამდვილი გაზაფხულია._კამერა შემოატარა და ეზოში აყვავებული იასამანი და ფერად-ფერადი ზამბახები დამანახა._სადაცაა ვარდებიც აყვავდება.
_რა სილამაზეა?!_აღფრთოვანებული შევყურებდი აყვავებულ ბაღ-ნარს.
_ერთ კვირაში გზები გაიხსნება და ჩამოხვალ ალბათ არა?
_ალბათ... შენ ის მითხარი, სხვა როგორ ხარ?
_ნელ-ნელა. ვიბერები და ძლივსძლიობით დავგორავ._გადაიკისკისა გულიანად._რა გაუძლებს კიდევ ხუთ თვეს?
_გაუძლებ, გაუძლებ, მაგარი ხარ._გავამხნევე.
_მამიდა ვინ არის?_მომიახლოვდა მაშო და კალთაში ჩამიჯდა._შეიძლება ხელი დავუქნიო?_დაინტერესდა.
_პირწავარდნილი მამიდაა, როგორ გგავს?_გაოცდა მანჩო._ზოგს საკუთარი შვილი არ ემგვანება ასე და შენ ბიძაშვილის შვილი როგორ დაგემგვანა?.. ღმერთო, რა საყვარელია?
მაშომაც მოილხინა მხიარული მანჩოს დანახვაზე და გაუბა დიდი ქალივით ჭორაობა. უყვებოდა როგორ მეხმარებოდა სახლის საქმეებში. როგორ დამყვებოდა მაღაზიაში. როგორ დავდიოდით ტყეში და ვკრეფდით ენძელებს. როგორ შეგვაშინა ღობეში გაბმულმა ჩიტმა და როგორ გადავარჩინეთ დახრჩობას არხში ჩავარდნილი საცოდავი ლეკვი.
_ტატოს ამბავს რატომ არ კითხულობ?_მაშო რომ წავიდა მოულოდნელად მკითხა მანჩომ.
_არ ვიცი..._მხრები ავიჩეჩე
_გუშინ გამოწერეს საავადმყოფოდან.
თითქოს მდუღარე გადაასხესო, ისე გამაკანკალა.
_საავადმყოფოდან? რა სჭირს?_არაადამიანური ხმით ვიბღავლე.
_არ იცოდი?_გაუკვირდა და დაიბნა._ავარიაში მოყვა.
_მერე?_პასუხის მოლოდინში დავიძაბე. შემეშინდა.
_ძალიან მძიმედ იყო. არავის ეგონა თუ გადარჩებოდა. ლამის თავიდან ააწყეს...
_ახლა?_გულის კანკალით ვკითხე.
_უფლის წყალობით კარგად არის.
_არ მომატყუო._ხვეწნაზე გადავედი.
_არ გატყუებ, მართლა კარგად არის.
მთელი ღამე ვერ მოვისვენე. ცალკე თავბრუსხვევა და ღებინება მკლავდა, ცალკე ტატოზე ფიქრი. დილაუთენია მარის დავურეკე.
_იცოდი ტატო რომ ავარიაში მოყვა?_მაშინვე ის ვკითხე.
_კი.
_მერე რატო არ მითხარი?_გავუბრაზდი.
_შენ თვითონ ამიკრძალე მასზე საუბარი და რა მექნა?_აქეთ შემომიტია.
_რა მოხდა იცი?
_არ ვიცი. დედამ თქვა, ისეთი დამტვრეული მოიყვანეს საავადმყოფოში, მკვდარი ეგონათო. თბილისში გადაუყვანიათ მაშინვე რეანომობილით.
_როდის მოხდა იცი?
_მგონი, შენ რომ წახვედი იმ დღეებში.
მარისთან ლაპარაკს რომ მოვრჩი ბევრი ყოყმანის შემდეგ გავბედე და დავურეკე ტატოს. ტელეფონი გამორთული ქონდა. შეტყობინება დავუტოვე: "ახლა გავიგე შენი ამბავი... მინდოდა გამეგო როგორ ხარ... არ მოკვდე გესმის? ვერ გადავიტან!"_ტირილნარევი ხმით ძლივს მოვაბი სათქმელს თავი.
უაზროდ ვცემდი ბოლთას ოთახში. ადგილს ვერ ვპოულობდი. ტატოსთან ყოფნის სურვილი მკლავდა. ჩემ ჭირად აირია ყველაფერი. იქნებ, ჯობდა არ გამეგო მისი ამბავი?... ერთ კვირაში შეზღუდვები მოიხსნებაო... "აქ რაღა გამაჩერებს? უკანმოუხედავად წავალ."_მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე და ცოტა მომეშვა გულზე.
ეზოში უაზროდ მობოდიალემ თებესთან გადავწყვიტე გასვლა, დრო მინდოდა გამეყვანა როგორმე. თებე ბაღჩაში ტრიალებდა, ბოსტნეულს თესავდა. დამინახა თუ არა, თოხი ხეზე მიაყუდა და სიხარულით გამომეგება. აივანზე დავსხედით. თავის უფროს გოგოს, ლელას, ყავის მოდუღება დაავალა. უმცროსმა ნიამ კი ტკბილეული გამოგვიტანა ვაზით და პატარა მაგიდაზე დაგვიდგა. ყავის სუნზე წამომაზიდა ისევ.
თებემ დაეჭვებულმა შემომხედა.
_რა გჭირს?
_ალბათ რაღაცამ მაწყინა, სერიოზული არაფერია.
_იცი, ვერ გიბედავ თქმას, მაგრამ...
გაკვირვებულმა შევხედე, რას ვერ მიბედავ-მეთქი.
_ორსულად ხარ?_ჩურჩულით მკითხა, რომ ეზოში ჩასულ გოგოებს არ გაეგოთ.
დავიბენი.
_ორი ორსულობა გამოვიარე და სიმპტომები მეცნობა: ბოლო დროს ძალიან გაფითრებული ხარ. გულჩვილიც გახდი, ყველაფერი ადვილად გაღიზიანებს. უძილობა, ეს თავბრუს ხვევა და ღებინებაც...
_არა, რა სისულელეა?_უფრო ჩემი თავის დასაჯერებლად ვთქვი.
_შენი საქმეა და მე არავის ვეტყვი... იმან იცის?
_ვინ იმან?_უარესად დავიბენი.
_ბავშვის მამამ.
თავი გავიქნიე.
_არ უნდა?
_არ ვიცი, ამაზე არ გვილაპარაკია._ვთქვი და ავტირდი.
გვერდით მომიჯდა და ჩამიხუტა.
_დაშორდით?
პასუხი არ გამიცია. დაზუსტებით მეც არ ვიცოდი ორსულად ვიყავი თუ არა. აქამდე ტატოს არ ვურეკავდი, ერთხელაც არ მომიკითხია და ახლა ვუთხრა, ორსულად ვარ-მეთქი?
თებესიდან მალევე წამოვედი. შეშინებული და ამავე დროს გახარებული ვიყავი დღევანდელი მოულოდნელი ამბით. ნუთუ, მართლა ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ვატარებდი მუცლით? ეს აზრი არ მშორდებოდა და ბედნიერებით მავსებდა. მის მოშორებაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. ტატოს თუ არ ენდომებოდა, მე გავზრდიდი მარტო იმ ბედნიერი დღეების გასახსენებლად, რაც მასთან მაკავშირებდა.
********************
დღეებს თითებზე ვითვლიდი და ვემზადებოდი დეიდასთან დასაბრუნებლად. წასვლამდე ერთი დღით ადრე თებესთან ვიყავი გასული, თავისი ნივთები დავუბრუნე რაც მართლა არ დამჭირდებოდა და თან ვერ წავიღებდი. იქიდან დაბრუნებულს კი ზვიადი ამედევნა ორღობეში. შემეშინდა, მაგრამ არ შემიმჩნევია, ფეხს ავუჩქარე.
_რას გარბიხარ? არ გინდა დავილაპარაკოთ?
_შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს._შევჩერდი და მოზრდილ ქვას დავწვდი._არ მომეკარო თორემ, გეფიცები, თავს გაგიხეთქავ!
_ეს რა ბრაზიანი გამხდარხარ?_ცოტა შეცბა. შეეშინდა. ალბათ სახეზე მეწერა, რომ მართლა ვიყავი ჩემი მუქარის შემსრულებელი.
_კარგი, დაწყნარდი, მივდივარ._შეტრიალდა და წავიდა.
ორღობეში მაშო გამომეგება სირბილით.
_მამიდა, ვიღაც ძია გკითხულობს.
გული ამიჩქარდა. ფეხს ავუჩქარე, ჩვენს უბანში გავუხვიე. შორიდანვე მოვკარი თვალი ჩემსკენ ზურგით მდგარ ტატოს. ფეხები მომეკვეთა. ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა.
_აი, მამიდაც მოვიყვანე._მაშოს აღტაცებულ შეძახილზე ტატო შემობრუნდა.
შუბლზე ნაიარევი ეტყობოდა. ხელჯოხს დაყრდნობილმა ბორძიკით გადმოდგა ნაბიჯი. ერთ ადგილზე გავქვავდი. მერე მოულოდნელად გავიქეცი და მთელი ძალით ჩავეხუტე აცრემლებული. თავისუფალი ხელი მანაც მომხვია და კარგა ხანს ვიდექით ასე.
_რამე რომ მოგსვლოდა ვერ გადავიტანდი._ ძლივს ამოვილუღლუღე ცრემლების ყლაპვით.
_მამიდა, ეს ძია ვინ არის?_არ ისვენებდა მაშო.
_ჩემი ბედნიერებაა და არასდროს დავთმობ ბავშვურ სისულელეების გამო..._ტატოს გასაგონად ჩავილაპარაკე.
_ნაწყენი ვიყავი ეს დღეები რომ არ მკითხულობდი... მაგრამ შეტყობინებაში ისეთი ხმა გქონდა, შემეშინდა._წამჩურჩულა ტატომ._შენს წასაყვანად მოვედი.
_როგორ მომაგენი?_გამიკვირდა.
_მარი დამეხმარა._შუბლზე ჩამოშლილი თმა გადამიწია და თვალებში ჩამხედა._წამომყვები?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
_ ტაქსს დავურეკავ მაშინ._ხელი გამიშვა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან.
შორიახლოს მდგარ შორენას მოვკარი თვალი ეჭვით რომ გვიმზერდა ორივეს. არ მომრიდებია, პირიქით მეამაყებოდა კიდეც ჩემს გვერდით ჩემი ოცნების მამაკაცი რომ იდგა.
ნახევარ საათში მოგვაკითხა ტაქსმა. ახლობლებს დავემშვიდობე და ტატოს გამოვყევი. არ ვიცოდი სად მივდიოდით, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი. მასთან ერთად ქვეყნის დასალიერშიც კი წავიდოდი დაუფიქრებლად. ჩემს მხარზე ედო თავი და მთელი გზა ასე ვიმგზავრეთ, ხმა არცერთს ამოგვიღია.
თავის ბინაში მიმიყვანა.
ხელჯოხი დივანზე მიაყუდა და დიდი სიფრთხილით დაჯდა.
_პატარა ბავშვივით ახლა ვიწყებ სიარულს და ცოტა მიჭირს._სიმწრით გაიღიმა.
მის წინ ჩავიმუხლე, შუბლზე ჩამოშლილი თმა გადავუწიე და ნაიარევზე ფრთხილად გადავუსვი თითები. თან ქვემოდან შევყურებდი თვალებში, რომელშიც ტკივილი ჩაბუდებულიყო.
_შენ თავიდან უნდა გენახა რა იყო, ახლა ისეთი საშინელი აღარაა._შემომღიმა.
_მართლა არ ვიცოდი შენი ამბავი._ცრემლები თავისთავად ჩამომცვივდა._მეგონა, აღარ გჭირდებოდი და არ გახსენებდი თავს.
_მე შენ ყოველთვის მჭირდები._ ხელი მომხვია, მიმიზიდა და შუბლზე მაკოცა._მართალია, თავიდან სერიოზულად არ ვუყურებდი ჩვენს ურთიერთობას, როგორც სხვა შემთხვებები, ესეც გატაცება მეგონა, მაგრამ სიკვდილს რომ ჩავხედე თვალებში, მაშინ მივხვდი, რომ მჭირდები... მივხვდი, რომ უშენოდ ვერ ვიცოცხლებ...
ფეხებზე მოვეხვიე და თავი მუხლებზე ჩამოვადე.
_ანგელოზი არ ვარ. მეც მაქვს ჩემი ბნელი წარსული... ტყუილად არ ეჭვიანობდი მარიეტაზე. სანამ ლაშას ცოლი გახდებოდა, ერთად ვიყავით... სიყვარული არ ეთქმის ჩვენს ურთიერთობას, ხშირად ვჩხუბობდით, ვერ ვუგებდით ერთმანეთს. უბრალოდ, საწოლში მოგვწონდა ერთმანეთი. მერე, მოულოდნელად ჩემს ძმაკაცს მისთხოვდა. მას მერე თითი არ დამიკარებია. ძმაკაცს როგორ ვუღალატებდი? ყოველთვის ცდილობდა ისევ ჩემს საწოლში შეტყუებას, მაგრამ მე ჩემი სიამაყე მაქვს, ლუკა ჩემი ნათლულია... მერე, ლაშამაც დაგვტოვა და მის ხსოვნას მართლა არასდროს წავბილწავ.
გაჩუმდა. ვატყობდი, უჭირდა ჩემთან ამაზე გულწრფელი საუბარი.
_არ ვიცი, იმ დღეს სად იყო, საიდან დაგვინახა კაფეში რომ ვისხედით. შენი წასვლის მერე მაგრად ვიჩხუბეთ. იქ დავტოვე და წამოვედი. გაბრაზებულმა სიჩქარე ვერ გავაკონტროლე, მანქანა ვეღარ დავიმორჩილე და მოსახვევში რამდენჯერმე ამოვტრიალდი. მარტო იმის გაფიქრება მოვასწარი, მორჩა აქ დამთავრდა ყველაფერი და ლილეს ვეღარ ვნახავ-მეთქი.
_ვერ გადავიტანდი, შენ რომ მართლა რამე მოგსვლოდა._ძლივს ამოვიჩურჩულე.
გამიღიმა.
_იცი? დანახვისთანავე ამიფორიაქე გული... მე გარეთ გეძებდი, შენ კი თურმე ჩემს სახლში ყოფილხარ._წამომაყენა, გვერდით მიმისვა და თავი თავზე მომადო._კოცნა იმიტომ გაგიბედე, ვხვდებოდი, შენც გინდოდა, მაგრამ შენმა სილამ ცოტა დამაფრთხო. იმ ღამეს, კი კისერზე რომ მომხვიე ხელები, არ მოგატყუებ და თავი ძლივს შევიკავე... რამდენი ქალი მყოლია, მაგრამ შენ განსაკუთრებული ხარ... შენთან თავს ბედნიერად ვგრძნობ... თუ აიტან ჩემისთანა ცოდვილს და ხეიბარს, მინდა ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიყოთ.
მოულოდნელობისგან და სიხარულისგან დამუნჯებულმა ხმა ვეღარ ამოვიღე.
_არ გინდა ოფიციალური სახე მივცეთ ჩვენს ურთიერთობას?_ცოტა შეშფოთებულმა ჩამხედა თვალებში პასუხი რომ არ დავუბრუნე.
_ რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად._ბედნიერმა ვუთხარი და უფრო მაგრად მივეხუტე.
დიდხანს ვისხედით ჩუმად.
_არ გშია?_ ბოლოს დუმილი ტატომ დაარღვია.
თავი დავუქნიე.
_შევუკვეთოთ რამე, თუ რაც გვაქვს მაცივარში მოამზადებ?_შემომღიმა.
_მოვამზადებ._ხალისით წამოვხტი და სამზარეულოში გავედი.
კიტრი, პამიდორი, ყველი, კვერცხი, მეტი რა გვინდოდა? ხალისით ვფუსფუსებდი, ჩემს საყვარელ მამაკაცს ვახშამს ვუმზადებდი და ამით უზომოდ ბედნიერი ვიყავი.
ტატო ხელჯოხის გარეშე დიდი სიფრთხილით ნელ-ნელა გამოვიდა სამზარეულოში. შუბლზე ოფლის წვეთები შევნიშნე და გული მომეწურა. დაჯდომაში მივეხმარე და მეც გვერდით მივუჯექი.
_პირველი ვახშამი ჩემს საყვარელ ცოლთან._მითხრა და გამიღიმა.
მესიამოვნა ცოლი რომ მიწოდა. ვუყურებდი როგორ მადიანად მიირთმევდა საჭმელს და უზომოდ ბედნიერი ვიყავი.
შუა ვახშმობისას ისევ წამომაზიდა. საპირფარეშოში ძლივს მოვასწარი შესვლა. სახე რომ მოვიბანე და ჩემს ორეულს შევხედე სარკეში, ბედნიერმა შევღიმე, მივხვდი, რომ მართლა ორსულად ვიყავი.
იქიდან გამოსულს ტატოსთვის მაინც არ მითქვია არაფერი. არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა და იმიტომ.
ვახშმობას რომ მოვრჩით და მაგიდის ალაგება დავიწყე, ტატომ, დავწვები თორემ ძალიან დავიღალეო. სამზარეულო მოვაწესრიგე და მეც საძინებელში შევედი. თვალი შევავლე მის იარებით სავსე სხეულს და გული მომიკვდა. მხრიდან ლავიწის ძვლის გასწვრივ სიგრძეზე ეტყობოდა ნაიარევი. მუხლიდან ლამის მეჯამდეც ირიბი ნაიარევი ქონდა. ფერდზეც კარგად მოზრდილი. შუბლზე ხომ ადრევე შევნიშნე. საწყალი, მართლა თავიდან აუწყიათ ექიმებს.
ფრთხილად შევუწექი საწოლში, მკერდზე დავადე თავი და მთელი ღამე ასე ვიწექით. მის გულისცემას ვუსმენდი, თითებით ნაზად ვეფერებოდი სახეზე და ამით უზომოდ ბედნიერი ვიყავი.
დილით ისევ ღებინებამ გამაღვიძა. ნელა ავდექი საწოლიდან, ტატო რომ არ გამეღვიძებინა და გავიქეცი, მაგრამ იქიდან დაბრუნებულს მაინც გაღვიძებული დამხვდა და გაკვირვებული მიყურებდა.
_რა გჭირს?
_არ ვიცი._ ისევ გვერდით მივუწექი._ მგონი ორსულად ვარ?_ზერელედ ვუთხარი და მისი რეაქციის მოლოდინში გავისუსე.
_რა?_გაოცებისგან გაუფარდოვდა თვალები.
_ორსულად ვარ.
წამით სიჩუმე ჩამოწვა.
_დარწმუნებული ხარ?_წამოიწია და მუცელზე დამხედა.
მორცხვად დავუქნიე თავი.
გადმობრუნდა, ტუჩები დამადო მუცელზე და ისე ამომხედა ღიმილით.
_მართლა? მამა გავხდები?.. რა ბედნიერებაა!
_ვიფიქრე, არ გაგიხარდებოდა._ჩავილაპარაკე ჩურჩულით.
_რა სისულელეა._მუცელზე თან მკოცნიდა და თან მეფერებოდა გახარებული ტატო._ყოველთვის მინდოდა შვილები... თან, ახლა საყვარელი ქალისგან...
_შენები რას იტყვიან?_შევაპარე შიშით.
_შენს გაცნობამდე ბებია სულ იმას მეჩიჩინებოდა, კარგი გოგოა და ცოლად მოიყვანეო, ახლა შეიცვლებოდა ვითომ რამე?_გამიღიმა.
_მშობლებს ვგულისხმობ.
_მამაჩემმა იცის ბებიამ რომ კარგი გოგო შემირჩია._წამოიწია და ნაზად მაკოცა._დედაჩემთან, კი, ცოტა რთულადაა საქმე.
შევკრთი. შეშფოთებულმა შევხედე. მოჩვენებითი სერიოზულობით მიყურებდა. ბოლოს, თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა. გავბრაზდი, ღუტუნი დავუწყე. ფრთხილად მტკივაო, მემუდარებოდა, მაგრამ მე არ ვინდობდი და მთელ სხეულზე ვუღუტუნებდი. საცოდავად იკლაკნებოდა, თან ჩემს მოგერიებას ცდილობდა გულიანად ახარხარებული.
************************************
ქორწილი არ გვქონია ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. მცირე წრეში დავიწერეთ ჯვარი ალავერდის მონასტერში. სიღნაღის ქორწინების სახლში მოვაწერეთ ხელი და მის ქუჩებში ფაეტონით ვისეირნეთ. უნდა ვთქვა, ძალიან რომანტიკული იყო ეს ჩემთვის. ტატოს დედა, ქალბატონი მარინე, ანუ ჩემი დედამთილი, დიდად აღფრთოვანებული არ ყოფილა ჩემით, თუმცა, შვილის არჩევანს პატივს სცემდა და მეც პატივისცემით მეპყრობოდა. ჩემმა მამამთილმა, ბატონმა გიორგიმ, შვილივით მიმიღო და შემიყვარა. თეო ბებო ხომ უზომოდ ბედნიერი იყო ჩვენი დაოჯახებით.
პატარ-პატარა შეკამათებები და გაბუტვები, როგორც ყველა ცოლ-ქმარს, ჩვენც გვქონდა, თუმცა მალევე ვრიგდებოდით. მთელი ორსულობის პერიოდში ტოქსიკოზი მქონდა. ძალიან შევიცვალე. ადვილად ვღიზიანდებოდი ყველაფერზე და ვიბუტებოდი. ხშირად ვტიროდი უმიზეზოდ. თვითონვე ვგრძნობდი, ძალიან აუტანელი რომ ვიყავი, მაგრამ ტატო დიდი სიყვარულით მითმენდა.
ოქტომბრის ბოლოს, მუცელი რომ ამტკივდა, შეშფოთებულმა გამაქცია სამშობიაროში. ექიმმა, მამას შეუძლია დაესწროს მშობიარობასო, რომ თქვა, მე სასტიკი წინააღმდეგი წავედი. არ მესმის, რატომ უნდა დაესწროს ქმარი ცოლის მშობიარობას? რატომ უნდა უყურებდეს მას იმ საშინელ მდგომარეობაში? რა საჭიროა ყველაფერს თავისი თვალით ხედავდეს?
სამი საათი გაგრძელდა ჩემი ტკივილები და ტანჯვა. ბოლოს, ექიმის ხელში ატირებულ ბავშვს რომ შევხედე, გული სიყვარულით და უდიდესი ბედნიერებით ამევსო.
_ მამას გავს, დიდრონ შავ თვალებს აბრიალებს._გამიღიმა ექთანმა და ბავშვი გულზე დამაწვინა.
ტკივილებით დაღლილ-დაქანცულს უდიდესი ნეტარება მომგვარა ამ ციცქნა არსების შეხებამ. მანაც იგრძნო თუ არა ჩემი სიახლოვე და ჩემი სუნი, გაჩუმდა და საყვარლად აკრუტუნდა, თან ძუძუს დაუწყო ძებნა. სიტყვით ვერ აღვწერ იმ განცდას, რაც მაშინ დამეუფლა. იმ წამს დამავიწყდა ტკივილები, ჯერ კიდევ გამოუცდელი სიყვარულით ამევსო გული და მის გარდა აღარავინ და აღარაფერი მახსოვდა.
პირველად რომ აიყვანა ტატომ თავისი შვილი ხელში დიდი სიფრთხილიდ, თვალები ბედნიერების ცრემლებით აევსო. მასთან ერთად მეც.
პატარას გიორგი დავარქვით. პაპის მოსახელე სიგიჟემდე უყვარდა პაპას. იძახდა, შვილი გულში მიყვარს, შვილიშვილი გულის წვერშიო.
ოთხი წლის მერე, ტატოს დაბადების დღეს, ტყუპი ქალ-ვაჟი მარიამი და გაბრიელიც შეგვეძინა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ბედნიერზე ბედნიერი ქალი ვარ დედამიწის ზურგზე.
არ ვიცი, წარსულში, ის საშინელება რომ არ გადამხდენოდა თავს, ის ტანჯვა -წამება არ გამომეარა, თვითმკვლელობაზე არ მეფიქრა, კოშმარებს რომ არ დავეტანჯე, ხალხის დამცირება და უნდობლობა რომ არ ამეტანა, ჩემი მშობლიური სოფლიდან რომ არ გამოვქცეულიყავი, დეიდაჩემს არ შევეფარებინე და საკუთარი შვილივით არ გავეზარდე, რანაირად წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება. არ ვიცი და არც მინდა ვიფიქრო ამაზე. უფლის უზომოდ მადლიერი ვარ, რომ არ მომცა დანებების და ხელის ჩაქნევის საშუალება, ძალა მომცა იმისა, რომ ფეხზე წამოვმდგარიყავი და ცხოვრება გამეგრძელებინა. როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ის მაინც მშვენიერია და არ მეორდება. ამიტომ, წვრილმანებშიც კი უნდა ვეძებოთ ჩვენი წილი ბედნიერება. ყველა ადამიანს ხომ თავისი წილი ბედნიერება აქვს ღვთითბოძებული? ამ ბედნიერებას კი დანახვა, დაფასება და მოფრთხილება ჭირდება...
(დასასრული)



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

იმედია მალე დადებთ

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები

იმედია მალე დადებთ

მადლობა შეფასებისთვის. კი, ვეცდები რომ მალე დავდო.
--------------------
მშვილდოსანი

 


№3 სტუმარი Ნინო

Საოცრად წერთ მიყვარს ყველა თქვენი ისტორია❤

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

Ნინო
Საოცრად წერთ მიყვარს ყველა თქვენი ისტორია❤

მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№5 სტუმარი ლიანა ჯავაშვილი

ყველა თქვენი ნოველა არაჩვეულებრივია ველოდები ახალს❤❤❤

 


№6 სტუმარი ლალი გორგოძე

ძალიან კარგი იყო. სასიამოვნო წასაკითხი.მადლობა.წარმატებრბი

 


№7  offline წევრი ელეო ნორა

ლიანა ჯავაშვილი
ყველა თქვენი ნოველა არაჩვეულებრივია ველოდები ახალს❤❤❤

მადლობა. მალევე შემოგთავაზებთ ახალსაც.

ლალი გორგოძე
ძალიან კარგი იყო. სასიამოვნო წასაკითხი.მადლობა.წარმატებრბი

გაიხარეთ.
--------------------
მშვილდოსანი

 


№8 სტუმარი ირინა ჩიქოვანი

სასიამოვნო წასაკითხია. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.????????❤❤❤

 


№9  offline წევრი ელეო ნორა

ირინა ჩიქოვანი
სასიამოვნო წასაკითხია. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.????????❤❤❤

გაიხარეთ, დიდი მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

საოცრებაა ❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი Ana-maria

თქვენი ყველა ისტორია მომწონს
კარგად იკითხება და ძალიან საინტერესოა. თბილი, ტკბილი, სევდიანი და სიყვარულით სავსე ისტორიებია. ველი ახალს.

 


№12  offline წევრი ელეო ნორა

Ana-maria
თქვენი ყველა ისტორია მომწონს
კარგად იკითხება და ძალიან საინტერესოა. თბილი, ტკბილი, სევდიანი და სიყვარულით სავსე ისტორიებია. ველი ახალს.

გაიხარეთ
--------------------
მშვილდოსანი

 


№13 სტუმარი სტუმარი ლია

უკარგესი ისტორიაა მომეწონა ძალიან.

,,კარების შეხსნა,, რატომ წერ ,,კარების გაღება,, არ გაგიგია? წერე ყველასთვის მისაღებ ენაზე. ვიღაც დეგენერატი რაღაც სისულელეს დაწერს და თქვენც იმეორებთ.
ნუ აუფასურებ ამ გემრიელ ისტორიას.

 


№14  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ლია
უკარგესი ისტორიაა მომეწონა ძალიან.

,,კარების შეხსნა,, რატომ წერ ,,კარების გაღება,, არ გაგიგია? წერე ყველასთვის მისაღებ ენაზე. ვიღაც დეგენერატი რაღაც სისულელეს დაწერს და თქვენც იმეორებთ.
ნუ აუფასურებ ამ გემრიელ ისტორიას.

ალბათ, კუთხური გამონათქვამები მაინც ღრმად არის გამჯდარი ჩემში და იმიტომაც ვუშვებ შეცდომებს. შევეცდები გამოვასწორო.
--------------------
მშვილდოსანი

 


№15  offline წევრი manana lomidze

არ ვიცი როგორ გადმოვცე მთელი ეს ემოცია რაც კითხვის პროცეში მქონდა ყოჩაღ ავტორს ძალიან ნიჭიერი ხარ მაგ.გული მწყდება ახალს რომ ვერაფერს ვპოულობ შენს შემოქმედებაში.რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო არ მომწყინდება მაგ.ახალი კარგი იქნებოდა.უსასრულოდ დაგელოდები.დროდადრო ამათი კითხვით დავკმაყოფილდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent